თავი 6

მხ. 1. ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ, აღზევებულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს”.

რატომ საუბრობს წინასწარმეტყველი მოწოდების შესახებ მხოლოდ მე-6 თავში? ამ შეკითხვაზე განმმარტებლები განსხვავებულ პასუხს გვთავაზობენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაიას სურდა, წიგნის დასაწყისში მკითხველისთვის თანამედროვე იუდაური საზოგადოების გაუკუღმართება ეჩვენებინა და ამ ფონზე საღვთო ხმობის აუცილებლობა დაედასტურებინა. მეორენი თვლიან, რომ წინასწარმეტყველი თანატომელთა უკეთურების თანაზიარად საკუთარ თავს არ მიიჩნევდა, სანამ ღმერთი არ იხილა. სწორედ მაშინ, გააცნობიერა რა რეალობა, თქვა: ‘ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ ”. ოზიას გარდაცვალების წელს ესაია საუფლი მოწოდებით ასპარეზზე გამოდის. წმინდა ეფრემ ასურის ცნობით, ესაია ოზიას შეცოდებით[1] ძლიერ დამწუხრებულა და მეფის მიერ აღსრულებული საქციელის გამო გლოვის ნიშნად სიცოცხლის ბოლომდე ჯვალო შეუმოსავს.

ღვთის რჩეული ადამიანები უზენაესის გამოცხადებისას უმაღლეს, ენით გამოუთქმელ დიდებულებას ჭვრეტდნენ და ცდილობდნენ, ნანახი მსმენელისთვის გასაგებ ენაზე გამოეთქვათ. ისინი მიღებული გამოცხადების ფორმებსა და სომბოლოებს განა შეგნებულად თხზავდნენ, არამედ ყოველივე ეს ზიციურ, ენითგამოუთქმელ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად მათივე სულის სიღრმეში იბადებოდა.

ტაძარში განმმარტებელთა ნაწილი იერუსალიმის ტაძარს მოიაზრებს, სხვათა ვარაუდით, წარმოდგენილი მითითება არა ფიზიკურ, მატერიალურ ტაძარს უკავშირდება, არამედ ესაის ხილვის სულიერ მდგომარეობას გადმოგვცემს. წინასწარმეტყველის წარმომავლობის შესახებ მკვლევართა მიერ განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ნაწილი მას იუდას ტომს, სამეფო მოდგმას მიაკუთვნებს, მეორენი კი ლევის ტომს უკავშირებენ და აღნიშნულ მოსაზრებას სწორედ წარმოდგენილი მუხლის საფუძველზე ავითარებენ. ისინი ამბობენ, რომ ესაიამ უფალი იერუსალიმის ტაძარში იხილა. შესაბამისად, რადგან ღვთისმსახურების აღსასრულებლად ტაძარში შესვლის უფლება, რჯულის თანახმად, მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ, ესაიაც ერთ-ერთი ლევიტელია, სასულიერო პირი, მღვდელი, რომელმაც, მსგავსად ზაქარიასი, წმინდაში ყოფნისას მიიღო აღწერილი გამოცხადება.

წმ. იოანე ოქროპირი: წინასწარმეტყველი საკუთარი მოღვაწეობის აღსანიშნავად სხვა დროს მეფეთა სიცოცხლის წლებს უთითებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ოზიას გარდაცვალების წელს ახსენებს. იმას კი არ ამბობს, ოზიას დღეებში, ან ოზიას მეფობისას ვიხილეო უფალი, არამედ მეფის აღსასრულზე მიგვითითებს[2]. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ესაია არც უბრალოდ, არც შემთხვევით მიმართავს მსგავს ხერხს და ამით საიდუმლოს გაგვიმხელს, კერძოდ, იუდეველი მეფის უმძიმეს შეცოდებას ტაძარში შესვლისა და სამღვდელო მსახურების თვითნებურად აღსრულების შესახებ. ამასთანავე საუფლო მსჯავრი საღვთო რჯულის დამრღვევმა მთელმა ერმა იგემა საკუთარ თვაზე. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, თუ რაში გამოვლინდა ეს? გამოვლინდა იმაში, რომ საწინასწარმეტყველო სიტყვა დადუმდა და უფალი ხალხის დასმულ შეკითხვას არ პასუხობდა, თუმცა ამგავრი სასჯელი არა მუდმივად, არამედ მეფე ოზიას გარდაცვალების წლამდე გაგრძელდა. შემცოდე მეფის აღსასრულისას ღმერთმა საკუთარი მრისხანება დაიოკა და კვლავ განახვნა საწინასწარმეტყველო კარიბჭენი. ამიტომაც წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: @მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს^[3]. ქრისტე კი ბრძანებს: @ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გამოაცხადა^[4]. და კვლავ: @ისე კი არაა, რომ ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა^[5]. მოსესაც უთხრა ღმერთმა: @ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს^[6]. მაშ, რატომ ამბობს წინასწარმეტყველი, რომ უფალი იხილა? არავინ იფიქროს, თითქოს ესაია ქრისტეს სიტყვას ეწინააღმდეგება. სახარებაში ღვთის სრულ შემეცნებაზეა საუბარი და ქმნილებისგან შეუძლებელი სწორედ ესაა. არავის უხილავს საღვთო არსი, გარდა მხოლოდშობილისა, ხოლო წინასწარმეტყველი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში ჭვრეტდა საიდუმლოს. მას არ ძალუძდა შეეცნო, თუ ვინაა ღმერთი, არამედ სახეობრივად ხედავდა მას, ზეგარდამო იმგვარად დამდაბლებულს, რამდენადაც შემმეცნებლის უძლურებას ძალუძდა ამაღლება. ღვთაებრივი არსი, ბუნება რომ არავის უხილავს, ნათქვამიდანაც ცნაურდება: @ვიხილე მე უფალი, მჯდომარე^, მაგრამ @ჯდომა^ ღმერთისთვის ხომ უცხო რამაა, რადგან ეს სხეულებრივ მდგომარეობას გამოსახავს. ესაია ნანახის აღწერისას ადამინური ყოფისათვის მახასიათებელ ფორმებს მიმართავს, რადგან მისი სიტყვები სწორედ ადამინებისთვის არის განკუთვნილი, @საყდარზე ჯდომა^ კი საღვთო სამსჯავროს მანიშნებელია. დავითი ბრძანებს ფსალმუნში: @რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო^[7]. @ტახტზე ჯდომა^ ნიშნავს, რომ უფალი განსჯის).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ისტორიული წიგნებიდან ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოიმოქმედე იუდეის სამეფოს ერთ-ერთმა უღირსეულესმა მმართველმა ოზიამ, როდესაც საკუთარი წარმატებებით გაამპარტავნებული წმინდაში შევიდა და საკმევლის კმევა ისურვა. მეფე ამგვარი თავხედობისთვის მყისვე კეთრით დაისაჯა. მისმა ვაჟმა იოთამმა მამას იერუსალიმში ე. წ. სამკურნალო სახლი აუგო, სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა დასნეულებულმა ოზიამ.

მოსეს რჯულით დადგენილი იყო, რომ ყოველი კეთრით დასნეულებული, ვითარცა უწმინდური, საერთო საცხოვრებელ მიდამოს უნდა გასცლოდა და ცალკე, განმარტოებით ეცხოვრა. საპირისპირო შემთხვევაში, თუკი კეთროვანი ჯანმრთელ ადამინთა შორის დარჩებოდა, მის გარშემო მყოფი საზოგადოებაც უწმინდურდებოდა. ამიტომაც, იერუსალიმში მცხოვრები ოზიას მიზეზით, რჯულის თანახმად, მთელი იერუსალიმი, ასე ვთქვათ, უწმინდურების ცოდვას დაექვემდებრა. სწორედ ამგვარი ქმედების გამო უფალმა საკუთარი ნების გაცხადება შეწყვიტა და წმინდა წინასწარმეტყველები ოზიას სნეულების წლებში საღვთო მოძღვრებას აღარ იუწყებოდნენ. გარდა ამისა სასჯელი უმძიმესი მიწისძვრის სახითაც გამოვლინდა, რის შესახებაც ამოსის წიგნიდან ვგებულობთ. რაჟამს იუდეველი მეფე გარდაიცვალა, საღვთო მდუმარების ჟამი დასრულდა და ყოველთა ზედა ღმერთი კვლავ ეცხადება წმინდა ადამიანებს. ამიტომაც ამბობს ესაია: ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი”).

წმ. იოანე ოქროპირი: ძველ დროში არსებობდა კანონი: ყოველი კეთროვანი ქალაქგარეთ უნდა გაძევებულიყო… გამოვიდა მეფე ტაძრიდან კეთრით დასნეულებული, ხოლო იერუსალიმიდან არავინ განდევნა იგი, რადგან პორფირისა და სამეფო ძალაუფლების შეეშინდათ, და რჯულის საპირისპიროდ კვლავ საკუთარი თანამდებობა დაიკავა. ღმერთმა რა მოიმქმედა? იუდეველებზე განრისხებულმა, წინასწმარმეტყველები დაადუმა და სავსებით სამართლიანად. ხალხმა უზენაესის სჯული დაარღვია და გაუწმინდურებულის ქალაქიდან განდევნას შეუშინდა. შედეგად შეწყდა საღვთო ნების წმინდა ადამიანთაგან გამოჩინება, რადგან უზენაესი აღარ ეცხადებოდა მათ. ‘უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში, ხილვები არ იყო ხშირი[8]”, ე.ი. ღმერთმა შეწყვიტა მოსახლეობასთან საუბარი, ვინაიდან ცხოველმყოფელი სული აღარ მოქმედებდა გაუწმინდურებულთა შორის. თქმული რომ უფრო გასაგები გახდეს, მაგალითს მოვიხმობთ: როგორც ადამიანი, მავანისადმი უდიდესი სიყვარულის განმცდელი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მისგან ძლიერ გულნატკენი, ასე მიმართავს მწყენინებელს: მეტად აღარ შეგხვდები, აღარც გესაუბრები! მსგავსადვე მოიქცა უფალი… როდესაც მეფე გარდაიცვალა, უწმინდურობის მიზეზიც აღარ არსებობდა და შემოქმედი კვლავ განეცხადა წმინდანებს. მაგრამ რატომ ხდება ასე, მაშინ როდესაც თავად ხალხს სასიკეთო არაფერი უქნია და მხოლოდ კეთროვანი მეფე აღესრულა? ღმერთმა საკუთარი კაცთმოყვარება გამოავლინა ამით) [9].

დეკან. ალექსანდრე მენი: ესაია ასპარეზზე დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში გამოვიდა და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იღვაწა როგორც იერუსალიმის სულიერმა მამამ, მეფეთა მრჩეველმა, ერის შეუორგულებელმა სინდისმა. მართალია, წინასწარმეტყველის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ცალკეული გარდამოცემა თუ წიგნში წარმოდგენილი უწყებანი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის წმინდანის პიროვნების თაობაზე: ძლიერი ნებისყოფის მქონე, მტკიცე, მადლმოსილი ადამიანი, რომელიც უდაოდ დაჯილდოებულია წინამძღოლობის, წინამძღვრობის ნიჭით. არასოდეს ვხედავთ მის მერყეობას. მიზანმიმართულობა, რაც მას ახასიათებს, ბადალს ვერ პოულობს. უდიდესი განსაცდელებისას, საყოველთაო განგაშისა და შფოთისას მშვიდი, აუღელვებელი თავდაჯერებულად საკუთარ გზაზე სრბოლას აგრძელებს. ამასთანავე, უცხოა მისთვის ფანატიკური სიჯიუტე და აზრის შეცვლის არასოდეს ეშინია, როდესაც ხედავს, რომ გარკვეულ საკითხთან მიმართებით ჯეროვანი დამოკიდებულება არ გააჩნია.

ესაია ქალაქ იერუსალიმში დაიბადა და გარდამოცემის თანახმად, სამეფო მოდგმას მიეკუთვნებოდა. აღნიშნული ცნობა, თუნდაც რომ ლეგენდად მივიჩნიოთ, უდაოა, იგი არისტოკრატთა ოჯახიდანაა. მეფესა და მღვდელმთავართან საუბრისას ესაიას თავი ვითარცა მათ თანასწორს უჭირავს. სამეფო კარზე არსებული ვითარების, იერარქთა ყოფა-ცხოვრების საფუძვლიანი ცოდნა და, ზოგადად, ფუნქცია, რაც იერუსალიმში ეკისრებოდა წინასწარმეტყველს, მის მაღალ წარმომავლობაზე მიუთითებს.

ესაია ზუსტად გვაუწყებს, თუ როდის მიიღო მან გამოცხადება. ესაა ოზიას გარდაცვალების წელი. მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანს, ხილვისას წმინდაში იმყოფება იგი, სადაც მხოლოდ რჩეულები დაიშვებოდნენ. წარმოდგენილი გამოცხადების კითხვისას, რამაც ესაიას საწინასწამრეტყველო პატივი უბოძა, უნებურად შემდეგი კითხვები იბადება: როგორი იყო სინამდვილეში ეს ხილვა? ნუთუ ყოვლადმიუწვდომელმა ღმერთმა მართლაც საყდარზე მჯდომის გარეგნობა მიიღო, რომელსაც უსხეულო ძალები გარშესმოდგომოდნენ?

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ წინაშეა მცდელობა, გამოუთქმელი სახით ნანახი მოვლენა ხილული სიმბოლოებით გამოითქვას. როდესაც შინაგან სამყაროში ისეთი რამ ხდება, რაც ამოსის ძეს ტაძარში ყოფნისას შეემთხვა, ადამიანი ცდილობს იმგვარი სახისმეტყველება მოიშველიოს, რითიც სხვათაგან დაფარული საიდუმლო წარმოჩინდება. მას არ აქვს პრეტენზია სინამდვილის ზედმიწევნითი ასახვისა, არამედ ესაა ვიწრო ‘ხიდი”, რითიც ერთი სული მეორეს, ერთი ცნობიერება სხვას დაუკავშირდება).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი რომ ძეს მამისა და ღვთის დიდებაში ჭვრეტდა, ამაში ვერავინ შეიტანს ეჭვს, რადგან იოანე ცხადად გვაუწყებს: ‘ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს”[10]. ყურადღება იმასაც მიაქციე, თუ რაოდენ აღმატებულია იგი ყოველ ქმნილებაზე, რადგან მის წინაშე ზეციური ძალები იმყოფებიან, რომლებიც იერარქიულად ყველა უსხეულო არსებას აღემატებიან, ისინი კი გარშემო შემოსდგომიან უზენაესის ტახტს, რომ ემსახურონ და განადიდონ იგი. ‘მაღალი” და ‘აღზევებული” საყდარი კი ღვთის სასუფევლის სიდიადეს ყოველგვარ გონიერ განსჯაზე აღმატებულად წარმოგვიდგენს, ხოლო ‘ჯდომა” საღვთო სათნოებათა სიმტკიცეს, შეუძრაობას მიანიშნებს.

ესაია გვაუწყებს: ‘და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა”[11]. სანამ იუდეველი ერი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინააღმდეგ უკეთურებას მოიმოქმედებდა, ღვთის დიდება იერუსალიმში არსებულ საღვთო სახლს (ტაძარს) აღავსებდა. ხოლო რაჟამს მათ ზეგარდამო გაცხადებულ ჭეშმარიტებაზე უარი განაცხადეს, ასეთი სიტყვები მოისმინეს: ‘და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად”[12]).

მხ. 2. ‘სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ, ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ”.

წმინდა წერილში სახელწოდება სერაფიმი მხოლოდ ესაის წიგნის მე-6 თავში გვხვდება. მისი ეტიმოლოგიის შესახებ მრავალი შეხედულება გამოითქვა. უპირატესი მოსაზრებანი შემდეგია:

1. სერაფიმი მომდინარეობს ებრაული ზმნისგან სარაპჰ, რაც ითარგმნება როგორც „წვა“, „აალება“, ანუ სერაფიმები არიან არსებანი, რომლებიც ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლით განმსჭვალულნი საღვთო ბრძანებით ყოველგვარ უკეთურებას თავიანთი სიმხურვალით წვავენ და ადამიანებს განწმენდენ.

2. სერაფიმი ნაწარფმოებია არაბული სიტყვიდან სცჰარუფა და ‘მთავარს”, ‘უპირველესს” ნიშნავს, რაც ამ ანგელოზთა დასის იერარქიულობის წარმომაჩენელია.

ესაიას ხილვიდან ვიგებთ, რომ სერაფიმები მეტყველებენ, თანმიმდევრობით უგალობენ შემოქმედს, ასრულებენ უზენაესის ნებას. შესაბამისად, ისინი გონიერი, სულიერი არსებანი არიან. ფრთები მათი სამყოფელის, ზეციური სამყაროს, თაობაზე გვამცნობენ და მათთვის ღვთივბოძებულ ხელმწიფებას, ძალაუფლებას წარმოაჩენენ. ძველი ხალხები, ბაბილონელები, სპარსები, თავიანთი მეფეების გამოსახულებებს ფრთებით ამკობდნენ, რაც უზენაეს ღვთაებრივ ძალასთან თანასწორობის სიმბოლო იყო. ამასთანავე სერაფიმები ფრთებით შემოქმედის დიდების წინაშე საკუთარ თავს იფარავენ.

თუკი ებრაული სიტყვის დასასრულს ვკითხულობთ ბგერებს იმ, ეს ყოველთვის მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის მანიშნებელია, ხოლო ოტჰ დაბოლოების შემთხვევაში საქმე გვაქვს მდედრობითი სქესის მრავლობით რიცხვთან. ასე მაგალითად, სერაპჰიმ და ცჰერუბიმ მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვია, ხოლო ა შაბაოტჰ, რაც ითარგმნება როგორც ‘ძალნი” ან ‘მხედრობანი”, - მდედრობითი სქესის მრავლობითი რიცხვი.

წმ. იოანე ოქროპირი: სერაფიმი ებრაულ ენაზე ‘ცეცხლოვან ბაგეს” ნიშნავს. ესაია ფრთების აღწერით არა მარტო ანგელოზთა ამაღლებულობასა და სიმსუბუქზე მიუთითებს, არამედ სხვა რამესაც გულისხმობს. კერძოდ, მართალია, უფალმა გამოცხადებაში თავი დაიმდაბლა და შეუცნობლად, მიუწვდომლად მყოფი საცნაური გახდა, მიუხედავად დამდაბლებისა, თვით ზეციური ძალნიც უძლურნი არიან, მას უმზირონ და ნანახი დიდებულება დაიტიონ. სახისა და კიდურების დაფარვა გამოუთქმელმა ბრწყინვალებამ და გასაოცარმა ელვარებამ გამოიწვია. როგორც ჩვენ, ადამიანები, ჭექა-ქუხილისა და ელვისას შეძრწუნებულები შიშისაგან მიწაზე ვემხობით, იმავეს განიცდიდნენ ანგელოზებიც).

ნეტარი იერონიმე: ებრაული ბიბლიის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ სერაფიმები ფარავდნენ როგორც საკუთარ, ასევე ღვთის ხელებსა და ფეხებს. სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნში ვკითხულობთ: ‘ქერუბიმებზე ამხედრებული”[13]. აქედან ცხადდება, რომ ღმერთი ვითარცა ეტლზე სერაფიმებზეა ზეაღმართული. არ მახსენდება, რომ გარდა ამ ადგილისა კანონიკურ წიგნებში სადმე წამეკითხოს სერაფიმების შესახებ, რომლებზეც ნათქვამია, თუ როგორ დგანან ისინი უფლის გარშემო. შესაბამისად, ცდებიან ისინი, ვინც ლოცვებში ჩვეულებისამებრ ამბობენ: ქერუბიმთა და სერაფიმთა ზედა ამხედრებული უფალი, რასაც წერილი არ გვასწავლის… სერაფიმები ღვთის ხელებსა და ფეხებს ფარავენ, რადგან შეუძლებელია ჩვენ ვიცოდედ წარსული, რაც სამყაროს შექმნამდე იყო, და ვერც მომავალს განვჭვრეტთ, რაც სამყაროს აღსასრულის შემდეგ იქნება, მაგრამ ვიმეცნებთ იმას, რაც შუალედურია, ანუ ექვს დღეშია ღვთისაგან შექმნილი. ექვსი ფრთაც ამის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ მხოლოდ სამყაროს შესაქმის თაობაზე ვუწყით).

მხ. 3. ‘და ეძახდა ერთი მეორეს ასე: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით!”

ბიბლიის ებრაულ ტექსტში სიწმინდის აღმნიშვნელად გამოყენებულია ტერმინი კადოშ (შდრ. ‘წმინდა არს”), რაც აბსოლუტურ სიწმინდეს, ცოდვისგან სრულ გამიჯნულობას გულისხმობს და, შესაბამისად, საღვთო ბუნების არსს ზედმიწევნითი სიზუსტით ახასიათებს. ამავდროულად, სამწმინდაობის საგალობელი ყოვლადწმინდა სამების პირთა საიდუმლოს განაცხადებს[14].

ეპისკოპოსი მეთოდი ესაიას მიერ ნანახი ტაძარისა და საყდარზე დაბრძანებული უფლის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ტაძრში ბეთლემი მოიაზრება, ტახტი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიმბოლოა, ვინც საკუთარ წიაღში იტვირთა განკაცებული ძე ღვთისა, გარშემო მდგომი სერაფიმები კი მწყემსთა მიერ ნანახი ანგელოზების წინასახეა, რომლებიც ასევე დიდებისმეტყველებას აღუვლენდნენ უფალს[15].

წმ. იოანე ოქროპირი: სამწმინდაობის საგალობელს, რომელშიც წმინდა სამების ჰიპოსტასთა საიდუმლო გაცხადდა, ანგელოზები ამატებენ: ‘სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით!” აღნიშნული უწყება მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებას გვათავაზობს, როდესაც ღმერთმა განკაცების შედეგად დიდებით აღავსო ყოველი ქვეყანა, ვინაიდან თუნდაც იმ ჟამს, როდესაც ეს სიტყვები წარმოითქვა, არა მარტო მთელი ქვეყნიერება, არამედ თავად იუდეის სამეფოც უკეთურებას მოეცვა და შემოქმედს თითქმის არავინ განადიდებდა).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა ყოველ სერაფიმს. ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს, ორითაც ფრენდნენ. სერაფიმი განიმარტება როგორც აალებული, რადგან არაფერია განუხურვებელი ღვთის სიახლოვეს მყოფ ზეციურ ძალთა შორის. სერაფიმები რომ ფეხებსა და სახეს იფარავდნენ, ამით საღვთო ზრახვისა და სიტყვის სრულე შემეცნების შეუძლებლობაა მინიშნებული, რადგან ღვთაება დაუსაბამოა და დაუსრულებელი, ხოლო ჩვენ გონებით მხოლოდ იმას ვიმეცნებთ, რაც დროითი სივრცითაა შემოსაზღვრული, ანუ ჟამს, როდესაც არსებანი უმყოფობიდან მყოფობას იძენენ. უსხეულო ქმნილებები განა დაღლის მიზეზით განადიდებდნენ ღმერთს მონაცვლეობით, არამედ დიდებულ საქმეს ერთურთს უთმობენ და დროდადრო ყოველი მათგანი დიდებისმეტყველებს, რადგან მოწესრიგებულია ცათა შინა ყოველივე. სამგზის ხმობა სამების მომსაწავლებელია, ვინაიდან მამას, ძესა და სულიწმინდას ვიმეცნებთ აღნიშნული საგალობელით).

ნეტარი იერონიმე: ბევრს მიაჩნია, რომ ესაია ორი სერაფიმს ხედავდა, რადგანაც ერთი მეორეს ეძახდა (შდრ. ‘და ეძახდა ერთი მეორეს ასე“), მაგრამ გაცილებით მრავალრიცხოვან გუნდსაც ძალუძს ურთიერთს გასძახოს. ამავდროულად, ბერძნული ბიბლია გვამცნობს, რომ ანგელოზები უფლის გარშემო იდგნენ, რაც, ბუნებრივია, მათ სიმრავლეზე მიგვითითებს. მხოლოდ ორ ანგელოზზე რომ ყოფილიყო საუბარი, მაშინ უნდა თქმულიყო არა ღვთის გარშემო, არამედ ორივე მხარეს).

მხ. 4. ‘შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი საყდარზე აღზევებულ უფალ საბაოთს ჭვრეტდა, რომელსაც სერაფიმები გარშემოდგომოდნენ და შეუჩერებლად განადიდებდნენ. იქვე ითქვა, რომ სახლი ღვთის დიდებით აივსო. ამჯერად კი იგივე ესაია გვაუწყებს, თუ როგორ ამაღლდა კარის ზედა წირთხლი და კვამლით აივსო სახლი [16]. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? სანამ მხსნელის განკაცდებამდე და წუთისოფელში მოვლინებამდე იუდეველი ერი მცნებებს მისდევდა და რჯულს ყურს უგდებდა, სავსე იყო ღვთის დიდებით იერუსალიმის ცნობილი ტაძარი, რადგან სჯულიერად მსხვერპლი იწირებოდა მასში, ხოლო რაჟამს იმავე რჩეულმა ხალხმა წერილისა და წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ადამიანის ხატად ზეციდან გარდამოსული ღმერთი არ შეიწყნარა და მეტიც – მოაკვდინა ცხოვრებისა იგი მეუფე, მაშინ დაუტევა მან სახლი და სამემკვიდრო თვისი და წარმართებს მიეახლა. სწორედ ამ დროს აღივსო ქვეყანა მისი დიდებით, იუდეველთა სამშობლო კი გაუდაბურდა და განადგურდა, თავად ტაძარი დაიწვა. ამრიგად, როდესაც, სერაფიმების ხმობისამებრ, მთელი ქვეყანა უფლის დიდებამ მოიცვა, მაშინ ამაღლდა სახლის წირთხლი და ტაძარი კვამლით აივსო, რაც რომაელთაგან იეუსალიმის განადგურებას გვაუწყებს).

ნეტარი იერონიმე: აზრების როგორი დიდებული განლაგებაა! როდესაც დედამიწა უფალ ცაბაოთის დიდებით აივსო, სწორედ მაშინ დაისადგურა იუდეველთა ტაძარში წყვდიადმა და კვამლმა, რომელიც მავნეა თვალთათვის. შესაძლოა, კვამლით ტაძრის განადგურების შესახებ გვეუწყება, რადგან თავდაპირველად მთელს სამყაროს ექადაგა მხსნელის სახარება, ხოლო მოგვიანებით, მაცხოვრის ვნებიდან 42 წლის შემდეგ, მტერმა იერუსალიმი დაიპყრო და ტაძარი გადაწვა).

მხ. 5. ‘ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.

წინასწარმეტყველი ნანახით შეძრწუნებულია. უზენაესი სიწმინდის წინაშე ესაია საკუთარი დაცემული ბუნების უძლურებას განსაკუთრებული უღირსების შეგრძნებით განიცდის.

წმ. იოანე ოქროპირი: ასეთია ყველა წმინდანი. როდესაც ისინი აღმატებული პატივის შეწყნარების ღირსი ხდებიან, მეტ უბრალოებასა და სიმდაბლეს იძენენ).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოსეს მიერ გაცხადებული რჯული იუწყებოდა, რომ სიწმინდეს არ შეხებოდა უწმინდური, და ეს განჩინება იუდეველთა შორის დიდი ყურადღებით აღესრულებოდა. როდესაც ზღვაზე წარუმატებელი თევზაობის შემდეგ უფალი მოციქულებს უამრავ თევზს დააჭერინებს, საღვთო სიდიადის განმცდელი პეტრე მოციქული მაცხოვარს ასე მიმართავს: ‘განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო”[17]. მაგრამ პეტრეს განა ქრისტეს განრიდება უნდოდა, არამედ იცოდა რა რჯულის განჩინება, გულწრფელად აღიარა, რომ ცოდვილი იყო თავად, ვინაიდან წმინდასთან თანამყოფობისა ეშინოდა. იუდეველებიც სწორედ ამ მიზეზით სდებდნენ ბრალს მაცხოვარს და მეზვერეებსა და ცოდვილებთან ურთიერთობას საყვედურობდნენ. ასევე იქცევა წინასწარმეტყველი და საკუთარ თავს განიკითხავს. რადგან სერაფიმები ყოვლადწმინდა ბაგეებით აღავლენენ ქებას, შეშინდება ღვთისაგან განსწავლული ესაია, რომელმაც იცის: ‘უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი”[18]. არაწმინდა იყო ისრაელიანთა ბაგენი, ვინაიდან ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, გმობდნენ ისინი, მაგრამ წინასწარმეტყველი ამბობს რა, რომ თავადაც ასეთი ბაგეების მფლობელია, უნდა ვიცოდეთ, იგი არაფერში იყო ზიარი ხალხისა, ხოლო ბაგეუწმინდური კი საკუთარ თავს სიმდაბლით უწოდა. ამასთან, ვითარცა იუდეველი ერის შვილი, ესაია ამ ერის ნაწილად აღიქვამს თავს, ან, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის სახელითაც ამბობს ამას).

დეკან. ალექსანდრე მენი: აღნიშნული ხილვისას ძლიერ იქცევს ყურადღებას ერთი რამ: უზენაესთან წინასწამრეტყველის შეხვედრისას მისი პიროვნება ექსტაზური ოკეანის ტალღებს არ დაუნთქვს, პირიქით, ის კვლავაც სრულად აცნობიერებს საკუთარ ვინაობას, აშკარად გრძნობს და ხედავს, რომ ღვთის საყდრის წინაშე იმყოფება, მაგრამ არ მიიჩნევს თავს ამ საიდუმლოს ხილვის ღირსად და რაც უფრო უახლოვდება იგი აალებულ სამსხვერპლოს, მით მეტი უღირსების განცდა ეუფლება).

ნეტარი იერონიმე: აბრაამმა მას შემდეგ, რაც უფალი იხილა, საკუთარ თავს მტვერი და ნაცარი უწოდა. ესაია, სამოცდაათა თანახმად, განა სხვა რამ შეცოდების, არამედ არაწმინდა ბაგების გამო მწუხარებს, რაც უკეთურების მოსურნე ხალხთა შორის ცხოვრებითა და მათთან ურთიერთობით იყო განპირობებული. ებრაულში ვკითხულობთ: ვაი მე, რადგან მდუმარე ვიყავი, წინასწარმეტყველი საკუთარ თავს დასტირის, რომ სერაფიმებთან ერთად ღვთის მადიდებლობის თანაზიარი ვერ შეიქმნა. ვერ გაბედა მან უფლის დიდება, რადგან არაწმინდა ბაგენი ჰქონდა, ხოლო ამგვარი ბაგეები ცოდვილ ხალხთან ერთად ცხოვრების გამო გააჩნდა. შესაძლოა, ასეც გვესმოდეს: რადგანაც ვდუმდი მე და მეფე ოზიას უკეთურებას არ ვამხელდი, ამიტომაც მაქვს არაწმინდა ბაგენი და ვეღარ ვბედავ ანგელოზთა თანა ვუგალობა ღმერთს. ესაია არ მიიჩნევს, რომ ღვთის დიდების ღირსია იგი და ამით უდიდეს სიმდაბლეს წარმოაჩენს).

მხ. 6. ‘მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული ნაკვერცხალი ეჭირა მარწუხით”.

ეკლესიის მამათა განმარტებით, ნაკვერცხალი იესო ქრისტეს სიმბოლოა, ხოლო მარწუხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მკლავებს განასახიერებს, რომლითაც წმინდა ქალწული ღვთაებრივ ყრმას ტვირთულობდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მაშ ასე, წინასწარმეტყველის თვალთა წინაშე ქრისტეს საიდუმლო გამოისახა. ესაიასთან ერთ-ერთი სერაფიმი იგზავნება. მას ხელში მარწუხით საკურთხევლიდან აღებული ნაკვერცხალი ეჭირა, რაც სიმბოლო იყო ქრისტესი, რომელმაც ჩვენი მიზეზით საკუთარი თავი მიიტანა მამის წინაშე წმინდა, შეურყვნელ, სულიერ მსხვერპლად და კეთილსურნელოვან საყნოსელად. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ ნაკვერცხალი სამსხვერპლოდან იქნა აღებული. აუცილებელია ისიც ითქვას, თუ რა მიზეზით წარმოვადგენთ მუგუზალს მაცხოვრის სიმბოლოდ. ღვთივსულიერი წერილი ხშირად უფალს ცეცხლთან აიგივებს. სწორედ ასე განეცხადა იგი ისრაელს სინას მთასთან თავშეყრის დღეს. ნეტარმა მოსემაც, რაჟამს ცხვარს მწყემსავდა, ცეცხლის სახით იხილა მაყვლოვანში. როგორც ნაკვერცხალი თავისი ბუნებით სხვა არაფერია თუარა ხე, მაგრამ საკუთარ თავში ყოვლითურთ ცეცხლს მოიცავს და მის ძალასა და მოქმედებას ფლობს, ვფიქრობ, ასევე უნდა ვიმსჯელოთ ქრისტეს შესახებ, რადგან ‘სიტყვაA იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის”[19]… [20]. რაც შეეხება მარწუხს, რომელსაც ნაკვერცხალი ეჭირა, უნდა ითქვას, რომ ღვთის სარწმუნოებასა და ასევე ცოდნას მის შესახებ ჩვენ თითქოსდა გარკვეული რამ მარწუხებით ვეუფლებით, ანუ რჯულისმიერი განჩინებებითა და წინასწარმეტყველებების გზით. წმინდა მოციქულთა სიტყვებითაც იძენენ ისინი დასტურს, ვინაიდან სჯულიდან თუ წინასწარმეტყველთაგან მოხმობილი მოძღვრებებით მსმენელს არწმუნებენ და თითქოსდა ასე თავადაც მიაახლებენ ‘მარწუხს” მათ ბაგეებს, რომ ქრისტეს სარწმონოების აღმსარებლობისთვის განამზადონ ისინი).

მხ. 7. ‘ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა”[21].

წმ. იოანე ოქროპირი: როგორც კი წინასწარმეტყველმა საკუთარი თავი განიკითხა, საღვთო მადლით მაშინვე განიწმინდა… . ზოგიერთის თქმით, როდესაც ესაია სამსხვერპლოს, ცეცხლის, მარწუხის, ნაკვერცხლის ბაგეებზე შეხებისა და ცოდვათა შენდობის შესახებ საუბრობს, ახალი აღთქმის საიდუმლოთა სიმბოლოებს გამოსახავს. ჩვენ ამჯერად ისტორიულ ცნობებს მიმოვიხილავთ და ვიტყვით, თუ რატომ ვითარდებოდა მოვლენები ასე. წინასწარმეტყველი იუდეველ ერთან უნდა გაიგზავნოს საშიში და შემაძრწუნებელი ამბის საუწყებლად. ამიტომაც ესაიას უფალი სერაფიმებს მიუვლენს, რომ შიშითა და სიმტკიცით აღავსოს იგი, მანაც, ენაბრგვილობის მომმიზეზებელი მოსეს დარად, სიჭაბუკისა და უწმინდური ბაგეების მიზეზით ღვთისგან დავალებულ ქადაგებაზე უარი რომ არ განაცხადოს. სწორედ ამიტომ მასთან სერაფიმები იგზავნებიან ცოდვათა განწმენდის მიზნით, რისი ხელმწიფებაც მხოლოდ მამას, ძესა და სულიწმინდას გააჩნია)[22].

წმ. ბასილი დიდი: სამყაროს დასაბამიდანვე წმინდა ადამიანებთან ზეციური ძალები იგზავნებიან, რომლებიც კაცობრივი ბუნების უძლურებებს კურნავენ. ამიტომაც სერაფიმი მოევლინა ესაიას, რომ მისი ცოდვები განეწმინდა და აღმოეფხვრა. მაგრამ გამოიგზავნა მაშინ, როდესაც უფალმა ისმინა, როგორ დასტიროდა წინასწარმეტყველი პირად უძლურებებს და საკუთარ აზრისმიერ შეცოდებებს აღიარებდა. იგივეს ამბობდა მოციქული პავლე: ‘ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?” შემდეგ კი, ღვთისაგან შეწევნის მიმღები, იქვე გვაუწყებს: ‘ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ”[23]).

მითითებული ადგილი სიმბოლურად ახალი აღთქმის ეკლესიის ერთ-ერთ საიდუმლოს, ევქარისტიას, მოასწავლებს.

მხ. 8. ‘და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: @ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?^ და ვთქვი: @მე წარმგზავნე^”.

ნეტარი იერონიმეს თანახმად, ფრაზა - ‘ვინ წავა ჩვენთვის?” ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთა სიმრავლეს მიანიშნებს[24]. სხვათა აზრით, მითითებული წინადადება ღმერთსა და მის ზეციურ მხედრობას მიემართება. უფალი კითხვას ესაიაში საღვთო საქმის აღსასრულებლად მოშურნეობის აღძვრის მიზნით სვამს, რადგან ყოვლისმცოდნემ მშვენივრად უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები.

წმ. იოანე ოქროპირი: ნუთუ ყველაზე მხნე ესაიაა, თვით მოსეზე უმამაცესიც? ძალუძს კი ამის თქმა ვინმეს? რატომ ხდება, რომ ერთმა საღვთო მოწოდების უარყოფა სცადა, ხოლო მეორემ, მიუხედავად ირიბი ხმობისა, მოღვაწეობისთვის მზადყოფნა განაცხადა? ღმერთს ხომ არ უთქვამს: ‘წადი”, არამედ უბრალოდ იკითხა: ‘ვინ წარვგზავნო?” მან კი (ესაიამ) მაშინვე საკუთარი თავი შესთავაზა. ზოგიერთის თქმით, სცოდა ესაიამ, როდესაც რჯულის დამრღვევი მეფე ოზია არ ამხილა, ხოლო დანაშაულის გამოსასყიდად ღმერთს ამჯერად სრული მორჩელება აღუთქვა, რომ სათნოჰყოფოდა მას. ბაგეუწმინდურიც ამიტომ უწოდა საკუთარ თავს, ვინაიდან თამამად არ გამოთქვამდა სათქმელს. მაგარამ მე ამას ვერ დავეთანხმები, რადგან მათზე მეტად სანდო მოციქული პავლეა, რომელიც იტყვის: ‘ესაია კი თამამად ამბობს”[25]. სწორედ შეუპოვრობის გამო, როგორც მსმენია, მრავალი ტანჯვა დაითმინა მან და უჩვეულო სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ამავდროულად არც წერილი ამბობს სადმე, რომ ოზიას წმინდაში შესვლისას თითქოს ესაია იქ ყოფილიყო და არაფერი ეთქვას. ამის მაუწყებელნი მსგავს ცნობებს თავად თხზავენ. მაშ, რისი თქმა შეიძლება? უნდა აღინიშნოს, რომ მოსესა და ესაიას მდგომარეობა ერთნაირი არ ყოფილა. ერთი უცხო, ბარბაროსთა ქვეყანაში, გულმაგარ, სასტიკ ტირანთან იგზავნებოდა, ხოლო მეორეს საკუთარ სამშობლოში თვისტომთა განსწავლა დაევალა, რომლებიც რიგ შემთხვევაში ისმენდნენ და მორჩილებდნენ კიდეც მას. ამიტომაც ერთგან თუ მეორეგან განსხვავებული შემართება და სიმტკიცე იყო საჭირო სამოღვაწეოდ. სხვები სხვა მიზეზზეც მიუთითებენ. კერძოდ, როდესაც ესაიამ ღმერთს აღსარება აღუვლინა და ცოდვათა შენდობა მიიღო, სულიერი სიხარულით გაბრწყინებულმა იგივე რამ საკუთარი ერისთვისაც ისურვა და სწორედ ამის საუწყებლად დათანხმდა მოწოდებას, რადგან წმინდანები როგორც ღვთისმოყვარე, ასევე კაცთმოყვარენიც არიან. დაიმედებულმა იმით, რომ იუდეველებს განსაცდელთა არიდების გზას განუცხადებდა, სიხარულით თქვა: ‘მე წარმგზავნე”).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: რაჟამს წინასწარმეტყველის ბაგეს შეეხო ნაკვერცხალი და განწმინდა იგი, სწორედ მაშინ გებულობს ესაია საღვთო ხმას და ამჯერად არ შეშინდება, არც იმას იტყვის, რომ ბაგეუწმინდურია. პირიქით, წარსაგზავნად საკუთარ თავს თამამად სთავაზობს და ამგვარად ხმობს: ‘მე წარმგზავნე”. უფლის შეკითხვა: ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” განა უსასო ძახილია, ანთუ წარსაგზავნთა ნაკლებობით გამოთქმული გულისტკივილი, არამედ ეს ხმა ისრაელიანთა ბრალმდებელია, რომლებიც არავის მორჩილებენ და უწინარეს მივლენილთაგან არაფერს ისმენდნენ. პირიქით, მრავალგზის დასამოძღვად მოსულნი მოუკვდინებიათ. ამრიგად, უფალი დასმული შეკითხვით ხალხის მდგომარეობას წარმოაჩენს, რომ სასტიკნი, დაუნდობელნი არიან ისინი, რაც მრავალგზის საქმით დაუმოწმებიათ და რომ არა ყოველი მსურველი შეძლებდა მათთან დასამოძღვრად მისვლას, არამედ მხოლოდ ისეთი მოღვაწე, რომელსაც საღვთო სიტყვის აღსასრულებლად საკუთარი სიცოცხლის დათმობა ხელეწიფებოდა. ისრაელი რომ შეგონებისას დაუმორჩილებელი და უსმენელი იყო, ამის გაგება ყველას შეუძლია ღვთისაგან ეზეკიელისთვის გაცხადებული სიტყვებით: ‘მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები. რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან. არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ. ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი”[26]. რაჟამს ღვთაებრივი ნაკვერცხალი ჩვენც შეგვეხება, ცოდვით დაცემისგან განვიწმინდებით, გამხნევებულნი და მომზადებულნი კი წარსაგზავნად გავემზადებით, მსგავსად უფლის მოწაფეებისა. მართალია, ისინიც იუდეველები იყვნენ და ვიდრე ქრისტეს შეიყვარებდნენ, სხვებთან ერთად არაწმინდა ბაგენი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარწმუნოება შეიწყნარეს და კეთილი აღსარება აღავლინეს, მათ ბაგეებს ნაკვერცხალი შეეხო და სამოციქულოდ იქნენ მოწოდებულნი, ხმობას კი მყისვე დამორჩილდნენ).

ნეტარი იერონიმე: ბიბლიური ტექსტის მრავალი მთარგმნელისა და ჩვენ მიერ მოტანილი ნაცვალსახელი ‘ჩვენთვის” (შდრ. ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?”), რაც ებრაულად გადმოიცემა სიტყვით Iანუ, რატომღაც 70-ს უთარგმნია როგორც ამ ხალხთან (შდრ. ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ამ ხალხთან?”), რაც ებრაულში არანაირად არ იკითხება. აღნიშნული ადგილი ყოვლადწმინდა სამების პირთა სიმრავლის მადასტურებელია).

წმ. ბასილი დიდი: უფალი მოსეს არაფერს ეკითხება, არამედ როგორც მზადმყოფს მიავლენს მას ფარაონთან. რა არის ამგვარი განსხვავების მიზეზი? წმინდანების დამოკიდებულებაში არ არსებობს წინააღმდეგობა, როდესაც ისინი ერთსა და იმავე საქმეზე არჩევანის წინაშე დგანან. მაგრამ იცოდა რა მოსემ დანიშნულება, რისთვისაც უფალი აგზავნიდა მას, აყოვნებდა იგი, ვინაიდან უწყოდა ფარაონის გულის უდრეკელობა, საკუთარი ხალხის ურჩობა და მათზე წინამძღვრობის სირთულე. წინასწარმეტყველს უკვე განეცადა უმადურ იუდეველთაგან სიმწარე, როდესაც მათი მიზეზით მოუწია ეგვიპტიდან გაქცევა. ქალაქსა და ხალხთა სიმრავლელს უდაბნოში გაერიდა და სამწყემსო საქმეს შეუდგა. ამიტომაც ამბობს: ვინ ვარ მე, ფარაონთან რომ მივიდე და ერი ეგვიპტიდან გამოვიყვანო? რადგან არც ფარაონი გამოუშვებს იუდეველებს მარტივად და არც ეს ერია მორჩილი და ადვილად სამართავი, არამედ პირიქით, მარადის გადარჩენის მოსურნეს უპირისპირდებიან ისინი. ამასთანავე საქმე ისაა, რომ იქ მოსე სათნო საქმის აღსასრულებლად იგზავნება – ერის კეთილდღეობის მიზეზით, აქ კი ფრიად სამწუხარო საქმეში მოუწევს ესაიას მოღვაწეობა (რადგან უახლოესი სასჯელების შესახებ უნდა აუწყოს თანატომელებს). ამიტომაც მოსეს კურთხევა ეძლევა, ხოლო ესაიამ ნებით უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მსახურება, რადგან ჩვენ, ადამიანებს, ჩვეულება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ ნებით არჩეული საქმე ვიტვირთოთ, თუნდაც ფრიად მძიმე იყოს ის. ამიტომაც უფალს სურს, ესაია საკუთარი სურვილით შეუდგეს მოციქულობას. მართალია, ღმერთმა მოღვაწეობის აუცილებლობა უჩვენა წინასწარმეტყველს, მაგრამ ამასთანავე სურს, წარვლენილმა ადამიანმა თავისივე ნებით გამოიჩინოს კეთიგანწყობა მსახურებისადმი. ესაიამ, რაჟამს საღვთო დავალების აუცილებლობა შეიცნო, მოჭარბებული სიყვარულის მიზეზით, განსაცდელთა სიმრავლეში ისე შეაბიჯა, რომ არც კი უფიქრია, როგორ ტკივილს მიაყენებდა მას ხალხი. მაგრამ წინასწარმეტყველის სიფხიზლესა და სიფრთხილეს შეხედე, რომელმაც ორ შემოთავაზებაზე: ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?”, ერთი პასუხი მიუგო: ‘მე წარმგზავნე”, არ დაუმატებია: ‘მე წავალ”, რადგან მოციქულობის მიღება ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ წასასვლელად განმტკიცება – მასზე, ვინც განმაცხოველებელსა და განმამტკიცებელ მადლს მოუვლენს ადამიანებს. ამიტომაც რაც უშუალოდ მის ნებას ექვემდებარებოდა, ის უპასუხა: ‘მე წარმგზავნე”, ხოლო მადლის კუთვნილება, ღვთის ნებას მიანდო. მას არ მიუცია შეპირება, რომ წავიდოდა, ვინაიდან საკუთარი უძლურება ჰქონდა შემეცნებული. ესმის წინასწარმეტყველს ღვთის სიტყვა, თუმცა არაფერი ეხება ხორციელ სასმენელს, რადგან ღმერთი, ვისაც მოისურვებს, იმას აღუბეჭდავს სულში თავის უზენაეს ნებას. ვისი გონებაც წმინდაა და განუხრწნელი, რაღაც გამოუთქმელი ძალით ხატება აღებეჭდება ასეთს და თითქოს საკუთარ თავში ისმენს გახმოვანებულ ღვთის სიტყვას, თუმცა ამ ვითარებაში არც ჰაერი ირხევა და ვერც ყური აღიქვამს სულის სიღრმეში გაცხადებულ ხატებას. მსგავსად წიგნისა გამოსახავს ღმერთი წინასწარმეტყველის სულში უზენაეს ნებას და ვინც სულით საღვთო აზრს იმეცნებს, მასზე იტყვიან, რომ უფლის სიტყვას ისმენს იგი. ამიტომაც, თქვა რა: ‘მე წარმგზავნე”, შემდეგზე დაიდუმა. განა შეჰკადრა: ‘მე წავალ”, ვინაიდან დიდია ასეთი შეპირება და მის ძალებზე აღმატებული. მაგრამ რაც სიმდაბლით საკუთარ თავზე არ აიღო ესაიამ, ღვთისაგან ებოძა, რაჟამს ისმინა: ‘წადი და უთხარი მაგ ხალხს”).

მხ. 9-10. ‘თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს”.

ესაია, იმედოვნებდა რა ღვთის სიტყვის მოსმენისას ერის სინანულს, მწარე სიტყვებს გებულობს, რომ სულიერად დაბრმავებული და დაყრუებული ხალხი კვლავ იმავე მდგომარეობაში დარჩება და იქვე მიუთითებს: ‘უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს”.

ნეტარი იერონიმე: 70-თა თარგმანის მიხედვით წარმოდგენილი მუხლების მნიშვნელობა ადვილი გასაგებია და ესაია იუწყება იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს ხალხი მისი ქადაგების მოსმენისას, მაგრამ ებრაულ ტექსტში გარკვეული სირთულეები გვხვდება: რას ნიშნავს, რომ ღმერთი ხალხს მოსმენას განუჩინებს, თუმცა მსმენელი ვერაფერს გაიგებს, ხილვას განუწესებს, მაგრამ საზოგადოება ვერაფერს დაინახავს…

უპირველესად ერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რატომ მოხდა ისე, რომ მოციქულმა პავლემ, ეკამათებოდა რა იუდეველებს, აღნიშნული ადგილი არა ებრაული ბიბლიიდან მოიხმო, რომლის ჭეშმარიტებაც მშვენივრად უწყოდა, არამედ ბერძნულიდან? საეკლესიო საკითხების უძველესი მკვლევარები გვაუწყებენ, რომ მახარებელი ლუკა ფრიად კარგად ფლობდა საექიმო ხელოვნებას და ბერძნული ლიტერატურაც უკეთ იცოდა, ვიდრე ებრაული. სწორედ ამ მიზეზით სახარებისა და მოციქულთა საქმეების წერისას უმეტესად ბერძნულენოვან წიგნებს იმოწმებდა. მათე და იონე, რომელთაგან პირველმა ებრაულად, ხოლო მეორემ ბერძნულად აღწერეს სახარებები, ებრაული ბიბლიიდან ციტირებენ. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ავთენტურობასაც ამიტომ აყენებენ ეჭვქვეშ, რადგან თანატომელების მისამართით წერილის გამგზავნი პავლე იმოწმებს წინადადებებს, რომელიც დედანში არ მოგვეპოვება. თუკი ვინმე იტყვის, რომ ებრაული წიგნები მოგვიანებით იუდეველთა მიერ იქნა შერყვნილი, ასეთმა აღნიშნულ კითხვაზე ორიგენეს მიერ ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებისას მერვე წიგნში დაწერილი პასუხი მოისმინოს: უფალი და მოციქულები, რომლებიც მრავალგზის ამხელდნენ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, არასგზით არ დადუმდებოდნენ ამგვარ უკეთურებზე. შესაძლოა, ვინმემ ბიბლიური ტექსტის ცვალებადობა მაცხოვრის შემდგომ პერიოდს განუკუთვნოს, თუმცა ეს ყოვლადგამორიცხული მოვლენაა. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ იგივე ვითარებაა, რაც ფარონის გულის გასასტიკებასთან დაკავშირებით გვაუწყა მოსემ).

მხ. 11-12. ‘ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: შიშობდა წინასწარმეტყველი, სამარადჟამო გულქვაობას ხომ არ შეეპყრო მისი ერი? ამიტომაც ითხოვს, რომ განეცხადოს მას, თუ რა დროის მანძილზე გაგრძელდება ღვთისაგან ნაუწყები. პასუხად უფალი იერუსალიმისა და მთელი იუდეის განადგურების შესახებ იუწყება, რაც ტიტესა და ვესპასიანეს დროს აღსრულდა. ზოგი წარმოდგენილ სიტყვებს განსხვავებულად განმარტვას და უკეთურების მოქმედად მთელს კაცობრიობას მიიჩნევს, უფლის პასუხში კი საუკუნეთა აღსასრულს მოიაზრებს, რომ ვიდრე მეორედ მოსვლამდე არ შეწყვეტს ადამის მოდგმა ბოროტმოქმედებას).

მხ. 13. ‘კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: რომაელი დამპყრობლების ტიტესა და ვესპასიანეს დროს იუდეა მიწასთან გასწორდა, ხოლო ისრაიტელთა რაოდენობა ისე შემცირდა, რომ არ შეცდებოდა მავანი, თუკი იტყოდა, მეათედიაო დარჩენილთა რიცხვი. შემდეგ გარკვეული ჟამი მოსახლეობამ მშვიდად გაატარა, თუმცა შიშის განცდა არ განრიდებიათ, ვაი, თუ კვლავ განმეორდესო იგივე, რაც ზედმიწევნით აღსრულდა ადრიანე იმპერატორის ხელით).

ნეტარი იერონიმე: როდესაც უფალმა უთხრა ესაიას, წადი და უთხარი ამ ერს: ეს ხალხი მოისმენს და ვერაფერს გაიგებს, იხილავს და ვერაფერს დაინახავს. საკუთარი ერის გულშემატკივარი ესია ყოველივეს პასუხად უფალს დაეკითხება: როდემდე გაგრძელდება, უფლო, ასე? რაზეც პასუხს ღებულობს: მანამ არ იხილავს და არ მოისმენს, თუ როგორ განადგურდება იუდეველთა ქალაქები ვესპასიანესა და ტიტესთან ბრძოლის შედეგად და აღნიშნული ტრაგედია ისეთი მაშტაბების იქნება, რომ ქალაქთა უწინარესი სახელებიც აღარ დარჩება, ხოლო მრავალრიცხოვან იუდეველთაგან მხოლოდ მეათედი ნაწილი თუ გადარჩება. აღნიშნული ადგილი შესაძლოა ორგვარად გვესმოდეს: როგორც განთესილობაში, მთელს სამყაროზე მყოფი იუდეველების რიცხვის მეათედამდე შემცირება, ასევე თავად იუდეაში დარჩენილი ებრაელების რაოდენობის კლება. და ეს ნაწილიც უმძიმეს შედეგებს იწვნევს, რაჟამს, დახლოებით, ორმოცდაათი წლის გასვლისას ადრიანე იმპერატორი გამოჩნედება ასპარეზზე და ისე გაანადგურებს იუდეას, რომ აღთქმული მიწა უდაბნოს დაემსგავსება. ისტორიიდან ცნობილია, აღნიშნული მოვლენის შემდეგ სახალხოდ, ყველას დასანახად იქნა კანონები გამოკრული, რომლებიც იუდეველებს აღთქმულ მიწაზე შესვლას უკრძალავდა. რაც შეეხება ბოლო ჟამის იუდეველებს, თქმულა მათ შესახებ, რომ რაჟამს ეკლესიის წიაღში წარმართთა სიმრავლე გაერთიანდება, მაშინ გადარჩება მთელი ისრაელი).

თავი 7

აქაზის მეფობის დასაწყისში იერუსალიმი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა: სირიისა და ისრაელის მეფეები ცდილობდნენ, ერთიანი ძალებით იუდეაზე გადამწყვეტი იერიში მიეტანათ სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით. მტრების მოსაგერიებლად იერუსალიმში სამზადისი მიმდინარეობს. სწორედ ამ დროს გამოდის ესაია მეფე აქაზთან შესახვედრად და აუწყებს მას, რომ სირიისა და ისრაელის გაერთიანება იუდას ზიანს ვერ მიაყენებს

მხ. 1. ‘იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ოზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს”.

იოთამის ძის აქაზის მეფობისას[27] ისრაელის მეფე ფეკახი და სირიის მეფე რეცინი იუდეის სამეფოს დაუპირისპირდნენ. მათ სურდათ, იუდა ასურეთის წინააღმდეგ არსებულ კოალიციაში იძულების წესით გაეერთიანებინათ, რასაც აქაზი არ თანაუგრძნობდა, რადგან მისი პოლიტიკური სიმპატიები ასურეთისკენ იყო მიმართული. კოალიციის მხარდამჭერ მთავარ ძალას ეგვიპტე წარმოადგენდა. დამპყრობლებს უნდოდათ, რომ ტახტიდან აქაზი გაეძევებინათ და მის ნაცვლად სამეფო საყდარზე, სავარაუდოდ, თავიანთი ნების მორჩილი ერთ-ერთი სირიელი მაღალჩინოსანი აეყვანათ[28]. კოალიციური არმია აღმოსავლეთ პალესტინას გამოივლის, წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებას იდუმეასთან და ითანხმებს მას კავშირზე. ამით იუდას სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთითაც მოეკვეთა გზა. ჯარები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით მიემართებიან, შემოიწევენ ჩრდილოეთით, ისრაელის სამეფოს შუაგულისკენ, და სწორედ აქ ბანაკდებიან.

ეფრემი ისრაელის სამეფოს ათი ტომიდან ყველაზე მძლავრი და მრავალრიცხოვანი იყო. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში წმინდა წერილი ჩრდილოეთის სამეფოს ეფრემად მოიხსენიებს. აქაზი, სავარაუდოდ, ცდილობდა ასურეთის მეფეს (თეგლათ-ფალასარ III) დაკავშირებოდა.

წმ. იოანე ოქროპირი: უსამართლოდ იქცეოდა ისრაელის სამეფო. ისინი თანატომელებს დაუპირისპირდნენ, საკუთარ ძმებზე იარაღი აღმართეს, თუმცა არც ეს იკმარეს და წარმართებსა და უცხოთესლს შეეკრნენ მაშინ, როდესაც მსგავს ერებთან კავშირი ეკრძალებოდათ).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ისინი, ვინც ღვთივსულიერ წერილში გადმოცემულ ისტორიას, თითქოსდა არაფრისმთქმელ რამ მოვლენას უგულებელყოფენ, ბუნებრივად ვეღარ ხდებიან საჭიროებისამებრ გამგებნი იმისა, რასაც ესა თუ ის კონკრეტული შემთხვევა გვაუწყებს. მშვენიერია და სასარგებლო სულიერი ჭვრეტა და გონების თვალსაც დიდად განანათლებს, ჩვენ კი სიბრძნეს გვანიჭებს, მაგრამ როდესაც ბიბლიაში ისტორიული ამბავია აღწერილი, საჭიროა სწორედ მისგან მივიღოთ სარგებელი, რომ წერილი ყოველმხრივ მხსნელი და სარგებლის მომტანი გაგვიხდეს.

მაშ ასე, წინამდებარე შემთხვევაში საწინასწარმეტყველო სიტყვა აქაზის მეფობისას იუდასა და ათტომიანი სახელმწიფოს (რომელსაც ასევე ეფრემი და ისრაელი ეწოდებოდა) შესახებ გვაუწყებს… . ოზიას გარდაცვალების შემდეგ იუდას მმართველი იოთამი ხდება, რომელიც მამის კვალს მიჰყვებოდა და ასე ამბობს მასზე წერილი: ‘კეთილს იქმოდა უფლის წინაშე”. რაჟამს გარდაიცვალა იგი, მემკვიდრედ აქაზი, იოთამის ძე, გამოცხადდა. ამავდროულად ისრაელში ფეკახი, რემალიაჰუს ძე, მეფობდა, რომელმაც ბრძოლა გაუმართა იუდასა და აქაზს და ერთ დღეში 120 000 ადამიანი დაუხოცა[29], რადგან მრისხანებდა ღმერთი აქაზის უკეთურებებზე, როგორც მეფეთა მეოთხე წიგნშია დაწერილი, რომ ისრაელის მეფის იერობოამ ნაბატის ძის გზით დადიოდა იგი, რადგან უკეთური კაცი იყო და კერპებს ემსახურებოდა, ხოლო საკუთარ შვილებს ცეცხლში ატარებდა, რაჟამს დემონებს კმევას აღუსრულებდა. ასე რომ, სწორედ აქაზის მმართველობისას ისრაელის მეფე ფეკახი, რემელიას ძე და არამის, ანუ სირიის, მეფე რეცინი შეკავშირდნენ და იუდეის გასანადგურებლად გამოემართნენ. მოსალოდნელი საფრთხით შეშინებული აქაზი დიდძალ თანხას კრებს და ასურელ მეფე თეგლათ-ფალასართან ელჩობას აგზავნის, რომ ეს უკანასკნელი შეეწიოს სირიის მეფე რეცინის წინააღმდეგ, რაც სურვილისამებრ განხორციელდა. დამასკოში ჩასულმა ასურელმა მეფემ რეცინი მოაკვდინა. როდესაც ისრაელის მეფე ფეკახი გარდაიცვა, მის მაგივრად ტახტზე ჰოშეაყი ავიდა. სწორედ ამ დროს მოვიდა სამარიაში სალმანასარ ასურელი, დაიპყრო იგი, ისრაელი კი ტყვედ წაასხა. წარმოდგენილი მოვლენები საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ამჯერად მოკლედ მიმოვიხილეთ ისინი, რომ ჩვენი საუწყებელი გაურკვევლად არ დარჩენილიყო.

მაშ ასე, ‘იუდას მეფის ახაზის დროს”, ნათქვამია, რომ ‘გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს”. ყოველივე ეს ნათქვამია როგორც მოკლე აღწერილობა იმისა, რაც შემდეგშია ნაუწყები: ნაჩვენებია უცხო მეფეთა სურვილები, მცდელობა და იქვეა მითითება, რომ ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა და ვერ აიღეს იერუსალიმი).

დეკან. ალექსანდრე მენი: ორი მძლავრი იმპერია – ასურეთი და ეგვიპტე რამდენიმე წლის მანძილზე გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა. ამასთანავე, უპირატესობა აშკარად ასურეთის მხარეს იყო. მოქიშპეებს შორის პალესტინისა და სირიის სახელმწიფოები მდებარეობდა. შესაბამისად, ფარაონი მათთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, რომ ერთგვარი ბუფერული ზონა შეექმნა ასურეთის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ასურეთი ემზადებოდა წინააზიაური სახელმწიფოების სახით არსებული დაბრკოლების გადასალახად, რითიც პირდაპირ ეგვიპტისკენ იხსნებოდა გზა. ამგვარი დაპირისპირების ფონზე ორივე ებრაული სახელმწიფო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა: მათ, უროსა და გრდემლს შორის მყოფებს, საკუთარი პოზიციები უნდა დაეზუსტებინათ.

მერვე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგს ფარაონმა დიდ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია. წინააზიურ სახელმწიფოთა მმართველების შეშინებითა და კეთილი დაპირებებით მან ასურეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირი ჩამოაყალიბა, რომელსაც სათავეში თავად არ ჩაუდგა, ვინაიდან სურდა, სახიფათო საქმენი სხვისი ხელით ემოქმედა და მმართველობა ისრაელის მეფე ფეკახსა და სირიის მეფე რეცინს უბოძა. ათწლეულების მანზილზე ურთიერთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ე.წ. კავშირი აშკარა იყო, რომ თეგლათ-ფალასარის ორგანიზებულ სამხედრო ძალას წინ ვერ აღუდგებოდა. ამიტომაც იუდეველმა მეფე იოთამმა მარცხისთვის განწირულ ერთობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მეფე მელევე გარდაიცვალა და ტახტზე მის მაგივრად თორმეტი წლის ძე აქაზი აღზევდა. გავიდა გარკვული დრო. სირიისა და ისრაელის მეფეები კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად იუდეველი მეფის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახეს. შეძრწუნდა აქაზი და მთელი იუდა, თუმცა მეფე მალევე გონს მოეგო და იერუსალიმის გამაგრებას შეუდგა. ახლო წარსულში ისრაელისგან მიყენებული უდიდესი მარცხის მიზეზით ჩრდილოეთის სამეფოს ყველა ქალაქისთვის ბრძოლა შეუძლებელი იყო, ამიტომაც დასაცავად ოდენ დედაქალაქი – იერუსალიმი იქნა შერჩეული).

ნეტარი იერონიმე: ესაიას მიერ წინა თავში ჩამოთვლილ მეფეთაგან აქაზი რიგით მესამეა (ოზია, იოთამი და აქაზი), იოთამის ძე, რომელიც უკეთურ მმართველთა შორის ერთ–ერთი გამორჩეულია. მან დახურა ტაძრის კარები და ბენ–ჰიმონის ჭალაში ბაალებს ეთაყვანებოდა, საკუთარი ძეც კერპებს მიუძღვნა. ხსენებული მეფე იმდენად უკეთური იყო, რომ ტაძარში მდებარე რჯულიერი სპილენძის ზღვა გვერდზე გადადგა და მის ადგილზე წარმართული სამსხვერპლო ააგო. ამიტომაც სამართლიანად დაუტევა იგი ღმერთმა შემწეობის გარეშე და არამისა და ისრაელის მეფეების რეცინისა და ფეკახის რისხვის ობიექტი შეიქმნა. წინასწარმეტყველმა უწინარეს მომხდარი მოვლენების შესახებ დაიდუმა (თუ როგორ სძლია რეცინმა აქაზს. ისრაელის მმართვერლმა ფეკახმა ერთ დღეში 120 000 იუდას ჯარისკაცი მოაკვდინა, ხოლო 200 000 ტყვედ წაასხა) და ხსენებულ სახელმწიფოებს შორის ამჯერად მოსალოდნელი მეორე ომის შესახებ გვაუწყა, როდესაც მტურლად განწყობილმა სახელმწიფოებმა, ჰქონდათ რა იუდეის დამარცხების გამოცდილება, კვლავ მოემართებიან ორტომიანი სახელმწიფოსკენ, რომ იერუსალიმი მოინადირონ, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელდა, რადგან წყალობა მოიღო უფალმა).

მხ. 2. ‘ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა მოკლედ მოგვითხრო მოსალოდნელი მოვლენები, ამჯერად არსებული ვითარების დეტალურ განხილვას იწყებს. დავითის სახლში მეფე აქაზი იგულისხმება. ჰქონდა მეფეს შიშის მიზეზე, როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, რადგან მცერეოდენი დროის უწინარეს ოდენ ისრაელის მეფე ფეკახმა სძლია და 120 000 ადამიანი მოაკვდინა. მით უმეტეს ამჯერად არა მარტო ისრაელი, არამედ არამიც აღმდგარა იუდას წინააღმდეგ, რაც ორმაგად ამძიმებს ვითარებას. თუკი ერთმა ფეკახმა ესოდენი ზიანი მიაყენა აქაზს, ორი სამეფოს გაერთიანებით ხომ გაცილებით დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება იუდეველი მეფე, რამაც აქაზიცა და რიგითი მოსახლეობაც ძლიერ შეაშინა).

მხ. 3. ‘უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით აქაზს ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა”.

ალყის მომლოდინე იუდეველი მეფე ქალაქში შემავალ, მიწის ქვეშ განლაგებულ საიდუმლო არხებს ათვალიერებდა, რომ მტრის შემოტევისას იერუსალიმი წყლის გარეშე არ დარჩენილიყო. ქალაქგარეთ მდებარე ზემო აუზის არხი მთელს დედაქალაქს ამარაგებდა სასმელი წყლით. ზემო აუზიდან მილების საშუალებით წყალი იერუსალიმს კვეთდა და ქვემო აუზში იღვრებოდა.

ესაია საუფლო ბრძანებას ღებულობს, რომ აქაზს სწორედ ამ დროს მიეგებოს. წინასწარმეტყველმა ღვთის განჩინებით თავისი ვაჟი შეარ-იაშუბი უნდა იახლოს. ხსენებული სახელი ნიშნავს ‘ნატამალი გადარჩება”[30]. ეკლესიის მამათა განმარტებით, ესაიასა და მისი შვილის ერთობლივი მისვლა მეფის სანახავად სიმბოლური მნიშვნელობისაა: თუ აქაზი ესაიას სიტყვას მიენდობა, მას და მის სამეფოს შეარ-იაშუბის სახელში გადმოცემული შინაარსის შესაბამისი ბედი მოელის[31]. ესაიას მთავარი მოთხოვნაა, რომ აქაზმა სირიისა და ისრაელის წინააღმდეგ არ ეძებოს კავშირი ასურის მეფესთან, არამედ ღვთისაკენ მიმართოს ყურადღება და იმედი.

წმ. იოანე ოქროპირი: შიშითა და მწუხარებით შეწუხებულ მეფეს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. მთელ ქალაქში მიმოვიდოდა, გალავანს ათვალიერებდა, კარიბჭეებს ამოწმებდა, მომხდურთა შესახებ ამბებს ეცნობოდა).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ჭეშმარიტად მოწყალეა და თანალმობიერი უფალი. იგი ყოვლადბრძნული განგებით ამზადებს თითოეული ადამიანის გზას, რომ გადარჩენის საქმე შეუმსუბუქოს, რისი დანახვაც კონკრეტული მოვლენიდანაც ძალგვიძს: აქაზი კერპმსახური, თავხედი და უკეთური პიროვნება იყო, მაგრამ ვინაიდან გადაულახავ განსაცდელს მოეცვა იგი, ყოვლადმოწყალე კი, ხედავს რა მწუხარებაში დანთქმულს, მყისვე საკუთარი თავიდან მომდინარე ხსნის შესახებ განუცხადებს მას და შეწევნას ჰპირდება იმ პირობით, რომ კერპმსახურებაზე უარს იტყვის, ძველი ცხოვრების წესს დაუტევებს და ღვთის შემეცნებას შეუდგება იუდეველი მეფე. ესაია შეარ-იაშუბთან ერთად მიდის აქაზის შესახვედრად. შვილის სახელი სიმბოლური მნიშვნელობისაა და მაუწყებელია იმისა, რომ ღვთის ერთგულების დამცველი ნატამალი გადარჩება. თავად წინასწარმეტყველი უზენაეს ღმერთს განასახიერებს და დაეჭვების გარეშე, სრული რწმუნებით შეწევნას ჰპირდება მეფეს ზემო აუზის არხთან, რადგან საბანელი (აუზი) წმინდა ნათლისღების სიმბოლოა).

ნეტარი იერონიმე: ესაია განჩინებას ღებულობს, რომ საკუთარ ძესთან, შეარ–იაშუბთან, ერთად მეფე აქაზს შეხვდეს ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა ბილიკზე, სადაც მეფე ეზეკიას დროს, რის შესახებაც მოგვიანებით ვიტყვით, სენნახირიმის მიერ გამოგზავნილი რაბშაკე იმყოფებოდა და ასურელი ხელისუფლის დავალებით მოლაპარაკებისას რჩეულ ერს შისის ზარს სცემდა. ესაია მეფეს აუწყებს, რომ მშვიდად იყოს).

წმ. ბასილი დიდი: რადგანაც იასუბი ითარგმნება როგორც ‘მომქცევი” (ანუ ის, ვინც რაღაცისგან გარემიიქცევა), ამიტომაც ყველა ჩვენთაგანს, მსურველს სინანულის გზით ხორციელ ვნებებს დააღწიოს თავი, წერილი გვიჩვენებს, რომ თუკი წინასწარმეტყველთან ერთად ვიქნებით, შევძლებთ გამოსვლა აღვასრულოთ).

დეკან. ალექსანდრე მენი: სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში მიიღო პირველად გადაწყვეტილება ესაიამ, რომ ზეგავლენა მოეხდინა მეფეზე. საუკეთესო დროა შერჩეული აშკარად. ახალგაზრდა მონარქი დიდად იყო შეშფოთებული: საშიშროება მის სახლს ემუქრებოდა, თავად მეფეს კი არ ჰქონდა ორ ძლიერ იერარქთან გამკლავების იმედი. ესაიას სურდა, აქაზის გული ღვთისაკენ მოექცია. წინასწარმეტყველი შვილის თანხლებით იმ ადგილისკენ მიემართება, სადაც მეფე ქალაქის გასამაგრებელ სამუშაოებს ადევნებს თვალყურს და ზემო აუზის არხთან ხვდება მას).

მხ. 4. ‘მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიაჰუს ძის სიბრაზე”.

უფალი ესაიას ავალებს, რომ იუდას მეფე მათ წინააღმდეგ გამოსული კოალიციური ჯარის უძლურების შესახებ გააფრთხილოს, რადგან სირიისა და ისრაელის მეფეებს არ ძალუძთ, იუდას რაიმე ზიანი მიაყენონ. ორი წლის შემდეგ, 732 წელს, ესაის სიტყვები აღსრულდა, რეცინი და ფეკახი ასურეთის მეფემ სიკვდილით დასაჯა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მუგუზალს ესაია იუდას წინააღმდეგ გამოსულ ორ მეფეს უწოდებს, ვინაიდან როგორც ცეცხლიდან გამოცალკევებული ნაკვერცხალი კვამლსა და სიმხურვალეს გამოყოფს, მაგრამ მალევე ორივე განქარდება, სწორედ იგივე ბედი ელის ისრაელისა და სირიის მეფეების განაზრახს).

მხ. 5-7. ‘რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიაჰუს ძე და თქვეს: გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბაელის ძე. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!”

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ესაია კვლავ მანუგეშებელ სიტყვებს აუწყებს მეფეს და ჰპირდება, რომ მომხვდური ვერაფერს გახდება. რემაილის ძედ ისრაელის მეფე ფეკახი იწოდება).

მხ. 8-9. ‘რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი. ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიაჰუს ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ”.

ესაია შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს: 65 წლის შემდეგ ეფრემი განადგურდება. აღნიშნული მოვლენები ქრისტეშობამდე 734 წელს ვითარდება. შესაბამისად, ისრაელის სამეფოს დაღუპვას ესაია 669 წელს უკავშირებს. აქ არ უნდა იგულისხმებოდეს ჩრდილოეთის სამეფოს მიერ ასურელთაგან განცდილი მარცხი (722 წელი), არამედ წინასწარმეტყველი დაპყრობილი სახელწიფოდან დარჩენილი მოსახლეობის ასურეთში საბოლოო გადასახლებასა და მესოპოტამიიდან უცხოტომელთა გადმოსახლებას გულისხმობს, რაც ასურელი მეფის ასარგადონის დროს აღესრულა[32].

მხ. 10-11. ‘კვლავ უთხრა უფალმა აქაზს: მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან”.

მას შემდეგ, რაც იუდას სამეფოს გადარჩენის შესახებ მოსმენილი სიტყვები აქაზმა სანდოდ არ ჩათვალა, ესაია მას ახალ წინადადებას სთავაზობს: მეფეს შეუძლია უფლისგან ნიშანი, სასწაული მოითხოვოს, რაც აღსრულების შემთხვევაში წინასწარემტყველის სიტყვათა ჭემარიტების მადასტურებელი იქნება.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ იუდეის მეფე ძველი გაუკუღმართებული რელიგიური შეხედულებებიდან ახალი, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მიდრიკოს. ვინაიდან წარმართულ მსახურებებში ჩვეულებად იყო ქცეული ცრუწინასწარმეტყველთაგან და ე.წ. ‘წმინდა ადგილებში”, ბომონებში, მომსახურე ქურუმთაგან მომავლის თაობაზე ცნობების მიღება, ესაია მეფეს მიმართავს, რომ მან ამჯერადაც მოითხოვოს სამერმისო მოვლენათა ცხადმყოფელი ნიშანი, მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებით – ამჯერად შეკითხვაზე პასუხის მიმგები თავად უზენაესი ღმერთი იქნება. აქვე მიუთითა, რომ მეფეს აქვს უფლება ეს ნიშანი მაღლა ცაში, ან დედამიწაზე, ანთუ დედამიწის დაბლა, ქვესკნელიდან ითხოვოს, რითიც ესაიასგან ნაქადაგები ღმერთის ყოვლისშემძლეობაა ნაუწყები).

ნეტარი იერონიმე: თავის დროზე მოსემაც მიიღო მიწისგან ნიშანი ბაყაყების, კალიების, ბუზებისა, ხოლო ზეციდან სეტყვის, ცეცხლის, სამდღიანი სიბნელის სახით. მეფე ეზეკიაც ზეციური სასწაულის მომსწრე შეიქმნა, რაჟამს მზე ათი საფეხურით უკან დაბრუნდა. ისუ ნავეს დროსაც მზე აღიმართა გაბაონის თავზე და ადგილიდან არ იძროდა. მრავალი ფიქრობს, რომ საულმაც დედამიწის სიღრმიდან მიიღო ნიშანი, როდესაც სამკითხაო ხელოვნების გზით სამუელის სული გამოიხმო მომავლის შესაცნობად. იონაც უფსკრულის სიღმესა და სიკვდილის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ეზიარა უდიდესი სასწაულის ძალას, რაჟამს ნაპირზე ამოანთხია იგი თევზმა).

წმ. ბასილი დიდი: როგორც წესი, საჭიროა, რომ ჩვეულებრივი გაგებით, ყოფითი ნიშანი ყოველთვის აღესრულოს და იხილვებოდეს აწმყოში, მასში გააზრებული მოვლენა კი სამი დროის კუთვნილებას წარმოადგენს: სახლიდან ამომავალი კვამლი სახლის შიგნით აწმყო დროში დანთებული ცეცხლის შესახებ გვაუწყებს. მაგრამ, მაგალითად, ღრუბლების თავმოყრით გაცხადებული ნიშანი გვარწმუნებს, რომ მომავალში წვიმა იქნება. ამავდროულად ნიშანი წარსულსაც გვამცნობს, როგორც ნაკვერჩხალის ნარჩენები ამ ადგილზე დანთებული ცეცხლის შესახებ მიგვითითებს. წერილი კი ნიშანს არაჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს, რომელიც საიდუმლო რამ სიტყვის გამოხატვას ემსახურება).

მხ. 12. ‘უთხრა აქაზმა: არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს”.

მეფე საკუთარი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში გაკერპებულიყო, ხოლო ესაიას მიერ აღსრულებული სასწაული მას სურვილის საპირისპირო ქმედებას აიძულებდა. ამიტომაც უარი თქვა ნიშანზე, რითიც ესაიას სიტყვის უტყუარობის მადასტურებელი მოვლენის არიდება სცადა. ამავდროულად აქაზის უარყოფა, ერთი შეხედვით, კეთილმა სურვილმა განაპირობა: თითქოს მას არ უნდოდა ღმერთის გამოცდა, რაც რჯულითაც იკრძალებოდა[33]. უზენაესის გამოცდაში იუდეველები საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად ნიშნებისა და სასწაულების მოთხოვნას გულისხმობდნენ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოვლენების ინიციატორი ესაია იყო და არა იუდეველი მეფე. შესაბამისად, მისი თანხმობა რჯულის დარღვევად ვერ ჩაითვლებოდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველი მეფე უარს ამბობს ნიშანზე არა საღვთო კრძალვის მიზეზით, არამედ საკუთარი დაუდევრობის გამო და ამას საკმაოდ ოსტატურად აკეთებს, თითქოს არ სურს მას უფლის გამოცდა, რისთვისაც რჯულში არსებულ უწყებას იშველიებს. მაგრამ დიდი ცბიერება მჟღავნდება მის ქმედებაში, რადგან თუკი თავად ღმერთი იძლევა უფლებას ამგვარი თხოვნისა, განა საუკეთესო გამოსავალი მისი დამორჩილება არ იქნებოდა? საქმე ისაა, რომ მეფეს მიზანი ჰქონდა, არ შეეწყნარებინა ღვთისაგან ნაუწყები სიტყვები და ამიტომაც იქცევა ასე).

დეკან. ალექსანდრე მენი: ესაია სარწმუნოებრივ გმირობას სთხოვდა მეფეს, მაგრამ აქაზმა გამოცდას ვერ გაუძლო. წინასწარმეტყველის სიტყვების მოსმენისას შინაგანად მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და შემწეობას ამაქვეყნის ძლიერთაგან მოელოდა. მეფის ბრძანებით ძვირფასი ძღვენით დატვირთული საიდუმლო ელჩობა თეგლათ-ფალასარისკენ მიიჩქაროდა. ეს უფსკრულში გადახტომის მსგავსი სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო. ‘მე მონა და ძე ვარ შენი, - წერდა აქაზი ძლევამოსილ დამპყრობელს, - მოდი და ისრაელისა და სირიის მეფეთა მძლავრებისგან დამიხსენი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ამხედერბულან”).

ნეტარი იერონიმე: განა სიმდაბლის გამო ამბობს მეფე უარს ნიშანზე, არამედ სიამაყეა ამის მიზეზი. მართალია, დაწერილია მოსესთან: ‘არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”[34], რითიც უფალმა ეშმაკს მიუგო უდაბნოში გამოცდისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიღო რა მეფემ განჩინება სასწაულის მოთხოვნისა, მორჩილების მიზეზით უნდა შეესრულებინა შეთავაზება, მით უმეტეს რომ ამის მაგალითები წმინდა წერილშიც არსებობს გედეონისა და მანოეს სახით, რომლებმაც ითხოვეს და მიიღეს კიდევაც ნიშანი[35]. ებრაული ტექსტის ორაზროვნებიდან გამომდიანრე აქაზის სიტყვები ასეც შეიძლება გვესმოდეს: არ განვადიდებ უფალს, რადგან იცოდა უკეთურმა მეფემ, რომ თუკი ნიშანს მოითხოვდა, აუსრლდებოდა, ხოლო ამით ღმერთი განდიდდებოდა. ამიტომაც, ვითარცა კერპმსახური, რომელმაც ყოველ გზაჯვარედინზე, გორაკებსა და ჭალებში აღმართა კერპები, უარს ამბობს შეთავაზებული ნიშნის მოთხოვნაზე).

მხ. 13-14. ‘და თქვა ესაიამ: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს”.

ესაია იუწყება, რომ მეფის უარის მიუხედავად ღმერთი ნიშანს მაინც გამოავლენს და ეს ნიშანი ქალწულისაგან შობილი ყრმა იქნება, რომელსაც ემანუელს უწოდებენ[36]. ბიბლიის მკვლევარნი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას გამოთქვამენ:

1. მოცემულ შემთხვევაში ესაია აქაზს ნაცნობ ქალზე მიუთითებს, რომელიც მეფისა და წინასწარმეტყველის შეხვედრისას გაუთხოვარი იყო და, შესაბამისად, – ქალწული, მაგრამ იგი მალევე დაოჯახდება, დაფეხმძიმდება, შობს ძეს, რომელსაც ემანუელს უწოდებს, და სწორედ ეს უნდა იყოს მეფისთვის ნიშანი, რომ იუდეის სამეფომ, ესაის მოთხოვნისამებრ, შეწყვიტოს კავშირი ასურეთთან[37].

2. კომენტატორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაია საკუთარი ძის შობის თაობაზე საუბრობს. წარმოდგენილი მოსაზრების არადამაჯერებლობა რამდენიმე საპირისპირო არგუმენტით დასტურდება: ა). ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველების წარმოთქმისას ესიას მეუღლეს უკვე ჰყავდა ერთი ვაჟი – შეარ-იაშუბი და, შესაბამისად, ის ქალწული ვერ იქნებოდა. ბ). ესაიას მეორე ვაჟს ერქვა მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი და არსადაა ნათქვამი, რომ მას ემანუელს უწოდებდნენ.

ბიბლიისადმი კრიტიკულად განწყობილი მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ებარული ტერმინი ალმაჰ არათუ ქალწულის, არამედ ჩვეულებრივი, გათხოვილი ქალის შინაარს მოიცავს და, შესაბამისად, წინასწამრტყველებაში არაფერია ნათქვამი ქალწულისაგან ძის შობის შესახებ.

აღნიშნულის საპირისპიროდ ეკლესიას მრავალი არგუმეტი გააჩნია[38]:

1. მათე მახარებლი ადასტურებს, რომ ესაიას სიტყვები მაცხოვრის ქალწულისგან შობას უკავშირდება[39].

2. უძველესი ბიბლიური თარგმანები, სეპტანტა და პეშიტო. პირველ მათგანში ჰაალმაჰ თარგმნილია როგორც პარქე>ნოვ[40], რაც განსხვავებული შესატყვისების გარეშე უშუალოდ ქალწულს გულისხმობს. პეშიტოს შესაბამის მუხლშიც იგივე მდგომარეობაა: ასურულ თარგმანში გამოყენებული სიტყვა, სხვა რამ ინტერპრეტაციის გამორიცხვით, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულ სახელს - ქალწულს ნიშნავს.

3. ბიბლიური ტექსტში ტერმინი ალმაჰ რამდენიმეგზის ფიქსირდება და ფიზიკურად მომწიფებულ, მაგრამ უქორწინებელი ქალს (ანუ ქალწულს) გულისხმობს[41].

წარმოდგენილი მსჯელობის ფონზე ისმის კითხვა: ესაიას მიერ ნათქვამ ნიშანს, რომელიც შვიდი საუკუნის მერე უნდა აღსრულებულიყო, როგორ უნდა ჰრწმუნებოდნენ წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველები? საქმე ისაა, რომ ესაია საღვთო მოწყალების უაღმატებულესი მოვლენის - ძე ღმერთის განკაცების შესახებ იუწყება. წინასწარმეტყველს სურს წარმოაჩინოს, რომ თუ ეგზომი საღვთო კაცთმოყვარების გამოვლენაა შესაძლებელი ადამიანთა მოდგმის მიმართ, გაცილებით ნაკლები წაყლობაა საჭირო ისრაელისა და სირიის სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად. ამიტომაც ესაიას თანამედროვეებს უნდა ჰქონდეთ ღვთის შეწევნის იმედი. ამავდროულად მესიის შობა დავითის შთამომავლობაში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გაერთიანებული ორი სამეფოს სურვილი, დაიპყრონ იუდეა, გაანადგურონ სამეფო ხელისუფლება და დავითის მოდგმას სხვა ვინმე ჩაანაცვლონ, რითიც დიდი მეფის ხაზით გვარის გამგრძელებელი თაობები არსებობას შეწყვეტდნენ, განუხორციელებელი დარჩება, რადგან სწორედ დავითის ჩამომავლობაში განკაცდება მესია.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ესაიას უწყება ქალწულისაგან ძის შობის შესახებ ორ მოვლენას აერთიანებს. ერთი მხრივ, წინასწარმეტყველება აქაზს მოწინააღმდეგის კოალიციური ძალის უძლურებას აუწყებს და ამ გაგებით ტერმინ ალმა-ში მეფის ნაცნობი ახალგაზრდა ქალი იგულისხმება, რომელიც ესაიასა და აქაზის შეხვედრისას ქალწული იყო, მოგვიანებით გათხოვდა, შვილი შეეძინა და სირია-ისრაელის კავშირის საბოლოო განადგურებისას, დაახლოებით, ორი-სამი წლის ყრმა ჰყავდა. მეორე მხრივ, იგივე უწყება, გარდა ძველ აღთქმაში აღსრულებული მოვლენისა, მეტწილად შორეულ წარსულს უკავშირდება და მესიის შობის შესახებ გვამცნობს.

წმ. იოანე ოქროპირი: ესაიას სიტყვები საკუთრივ ქალწულს რომ არ გულისხმობდეს, არც რამ ნიშანი იქნებოდა ამაში. ნიშანი მოვლენათა საერთო რიგისგან უნდა სხვაობდეს და ბუნებრივ მდგომარეობას ისე აღემატებოდეს, რომ ყოველი მხილველი თუ მსმენელი ამჩნევდეს ამას. ასეა აქაც, საუბარი ჩვეულებრივ, წესისამებრ მშობიარე დედაკაცს რომ შეჰხებოდა, რატომ უნდა დაესახელებინა ესაიას ეს, როგორც ნიშანი? სწორედ ამ მიზეზით წინასწარმეტყველი საუბრის დასაწყისშივე იმას კი არ ამბობს: აჰა, ქალწულიო (პარქე>ნოვ), არამედ წარმოდგენილ ტერმინს ჰ( არტიკლს ამატებს (ჰჟ პარქე>ნოვ), რაშიც განსაკუთრებულ, ერთადერთ ადამიანს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოიაზრებს. ეს რომ ჭეშმარიტად ასეა, ამას სახარებაც ადასტურებს. როდესაც იუდეველებმა იოანესთან ადამიანები მიავლინეს სათქმელად: ‘ვინ ხარ შენ?” არ უკითხავთ: შენ ხარ ქრისტე (Xრისტო\ჯ), არამედ \ შენ ხარ ო( Xრისტოჯ`. არ უთქვამთ: ‘წინასაწარმეტყველი (პროფჰ`ტჰჯ) ხარ?” არამედ იკითხეს: შენ ხარ ო( პროფჰ`ტჰჯ[42]. ყოველი წარმოდგენილი სახელი განსაკუთრებულ მოვლენას გულისხმობს. იმევე მიზეზით იოანეს სახარების დასაწყისში ვკითხულობთ: ‘დასაბამად იყო სიტყვა (ო( ლო`გოჯ)”[43] და არა - ‘დასაბამად იყო სიტყვა (ლო`გოჯ)”. იგივე მდგომარეობაა ესაიასთანაც.

წინასწარმეტყველი ამატებს ნაწილაკს ‘აჰა” (‘აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს”), რადგან იგი მომავალში განსახორციელებელ მოვლენას აწმყოში ხედავს და ღვთისაგან გაცხადებულის სრული რწმუნება აქვს. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: რატომ არ აღნიშნა ესაიამ, რომ ქალწულისაგან შობა სულიწმინდის ძალით მოხდებოდა? წარმოთქმული სიტყვები წინასწარმეტყველება იყო. ამიტომაც მსმენელის უგულისხმობის გამო საჭიროება მოითხოვდა, მოძღვრება საიდუმლოდ დარჩენილიყო, რომ ამ ადამიანებს, გაიგებდნენ რა ყოველივეს, წიგნები ცეცხლში არ დაეწვათ. მრავალი მაგალითი ვიცით, როგორ დაუნდობლად ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს, მით უმეტეს უდიერად მოეპყრობოდნენ მათ ნაწერებს. აღნიშნულის ჭეშმარიტებაში მარტივად დავრწმუნდებით, როდესაც იერემიას წიგნს გავეცნობით. იქ აღწერილია, როგორ დააქუცმაცა და ცეცხლს შეუკეთა იუდეველმა მეფემ წინასწარმეტყველის დაწერილი წერილი[44]).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: როდესაც აქაზმა უარი თქვა ნიშანზე და აღარ მოისურვა შეემეცნებინა ის, ვინც ჭეშმარიტად ბუნებითი ღმერთია, უზენაესმა თავად განაცხადა ზეგარდამო საიდუმლო და ამით კვლავ დაადასტურა, თუ რაოდან მოწყალეა იგი და მიუხედავად ადამიანთა მხრიდან უარყოფისა, მაინც მარადის ზრუნავს მათზე. და სწორედ ღმერთი გააცხადებს ნიშანს ამ ვითარებაში, რაც ქრისტეს წუთისოფელში მოვლინებით აღესრულება.

წმინდა წერილის ზოგიერთმა განმმარტებელმა ესაიას სიტყვები ასე გადმოგვცა: ‘აჰა, მუცლადიღებს ახალგაზრდა ქალი”. ვფიქრობ, სწორედ იუდეველბს ესაჭიროებათ, რომ ღვთის დედა ყმაწვილ ქალად მოიხსენიონ და ქალწული არ უწოდონ მას, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე შესაძლებელია საიდუმლოს ძალა მოუძლურდეს, მაგრამ მრავალი მიმართულებით იჩენს თვას მათი უგულისხმობა. უპირველეს ყოვლისა, თუკი ქალწულს ეწოდა ნორჩი ქალი, ამით მისი ქალწულება ხომ არ შეილახება?! მერე იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს აქაზის ცოლზე საუბრობდეს ესაია: ‘აჰა, მუცლადიღებს ახალგაზრდა ქალი”, და ჩვენ ამ ყრმაში ეზეკია უნდა ვიგულისხმოთ. ასე იმიტომ იქცევიან, რომ საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გამოუკვლევიათ და იმას ეჭიდებიან, რაც თავად აწყობთ და ამ ერთის იქით არსად მიდიან. თუმცა ნებისმიერს ძალუძს, უთხრას მათ: კეთილო ადამიანებო! ეზეკიას განა ვინ უწოდა ემანუელი? ან როგორ უნდა ამტკიცონ, რომ სანამ კეთილისა და ბოროტის გარჩევას ისწავლიდა (ეზეკია), ბოროტს არ დამორჩილებია და სახიერებას დაშურებია?

ასე რომ, მათი ამაოდმეტყველების უკუგდების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტი მოძღვრება გამოვიკვლიოთ და ვირწმუნოთ, რომ წინამდებარე წინასწარმეტყველების მიერ ღვთისაგან ღვთისმშობლის საიდუმლო გვეუწყა. მამისგან მაღლით გარდამოსული ძე, ერთარსი მამისა, საკუთარ თავს წარმოიცალიერებს (შდრ. ფილიპ. 2.7), ქალწულებრივ თბეს ხორციელ ბუნებად შეიწყნარებს, ამავდრულად, ქალწული განა მამაკაცის თესლის მიერ მუცლადიღებს, არამედ სულიწმინდის ძალითა და ქმედებით, ვინაიდან ასე თქმულა ნეტარი გაბრიელისგან წმინდა ქალწულისთვის: ‘სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ”[45]. მაშ ასე, შობს, ნათქვამია, ძეს. და შენ, დავითის სახლო, უწინარეს რომ უარს ამბობდი, ღმერთზე დაგემყარებინა სასოება და ნიშანი გეთხოვა მისგან, ემანუელი ეწოდება ყრმას, ხოლო მის მიერ ადამიანური ხატით გაცხადებულ ღმერთს შეიმეცნებ. რადგან რაჟამს მხოლოდშობილი ღვთის სიტყვა მსგავსად ჩვენდა გამოგვიჩნდა, სწორედ მაშინ იყო იგი ჩვენთან (ემანუელ – ჩვენთან არს ღმერთი), ვინაიდან ყოველ ქმნილებაზე აღმატებული არსი ჩვენი ხატისებრ გახდა).

ნეტარი იერონიმე: იმისთვის რომ იუდეველებს ვედავოთ და შეუპოვარ ორთაბრძოლაში არ მივცეთ მიზეზი, ჩვენს უვიცობას დასცინონ, ვიტყვით, რომ ქალწულს ებრაულად ბეტჰულა ეწოდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინი არ გვხვდება, ხოლო მის მაგივრად გამოყენებულია ალმა, რაც გარდა სამოცდაათისა ყველას უთარგმნია როგორც ყმაწვილი ქალი (ადოლესცენტულა). ებრაელებთან ალმა ორაზროვანი მნიშვნელობისაა, რადგან აღნიშნავს როგორც ყმაწვილ ქალს, ასევე დაფარულსაც (ა)პო`კრჰფოჯ). ამიტომაც მეათე ფსალმუნის ზედწერილი, სადაც ებრაულ ფსალმუნში გვხვდება ალამოტჰ, ზოგიერთებმა თარგმნეს როგორც სიყმაწვილის შესახებ, ხოლო სამოცდაათმა – საიდუმლოთა შესახებ. დაბადების წიგნშიც ვკითხულობთ, რომ იქ, სადაც რებეკას ალმა ეწოდა, აკილამ არა ყმაწვილი ქალი, არამედ დაფარული თარგმნა. იგივე მდგომარეობაა მეფეთა წიგნებში: როდესაც შუნამელმა ქალმა ელისეს გარდაცვლილი შვილის გაცოცხლება სთხოვა, წინასწარმეტყველისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: ‘თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის”[46]. ებრაულში ნაცვლად სიტყვისა ‘ღმერთმა კი დამიმალა” წერია: ეელიმ მემმენნი. მაშ ასე, სიტყვით ალმა აღინიშნება არა მარტო მოზარდი ან ყმაწვილი, არამედ დაფარული და საიდუმლო ქალწული, რომელიც არასოდეს ჩვენებია მამაკაცის მზერას და დიდი გულმოდგინებით იყო დაცული მშობელთა მიერ. ფინიკიურ ენაზეც, ამბობენ რა, რომ ებრაული ენის ფუძიდან მომდინარეობს იგი, ქალწული პირდაპირი მნიშვნელობით ალმა-დ იწოდება. ჩვენს ენაზეც ალმა წმინდას აღნიშნავს… რამდენადაც მახსოვს, ვფიქრობ, არასოდეს წამიკითხავს, რომ ალმა დაქორწინებულ ქალს ეწოდებოდეს სადმე, არამედ მხოლოდ ისეთს, ვინც ქალწულია და, ამასთან, ძალიან ახალგაზრდა, ნორჩი ქალწული…

შემდეგ: ‘…და უწოდებ სახელად ემანუელს”, ხოლო მათე მახარებელი კი წერს: ‘…და უწოდებს სახელად ემანუელს” [47], რაც ებრაულში არ გვხვდება. მაშ ასე, დავითის სახლო, ის ყრმა, რომელიც ქალწულისაგან იშვება, შენ მიერ ემანუელად იქნება სახელდებული. აქვე შევნიშნავთ, რომ ებრაული ზმნა ცარატჰი, რაც მთარგმნელებს გადმუტანიათ როგორც ‘უწოდებ”, ამავდროულად მესამე პირის მნიშვნელობითაც შეიძლება გვესმოდეს (‘უწოდებს”), ანუ ქალწული, რომელიც შობს ძეს, სახელად თავად უწოდებს მას ემანუელს. დიდი ყურადღებით უნდა შევნიშნოთ, რომ მახარებლები და მოციქულები ძველი წიგნებიდან მოხმობილი წინადადებების არა ბულკვალურ, არამედ აზრისმიერ ციტირებას გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ მათემ ნაცვლად ზმნისა მიუდგეს შემოგვთავაზა მუცლად-იღებს და ნაცვლად უწოდებ – უწოდებს. ებრაელები ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი წინასწარმეტყველება აქაზის ძეს, ეზეკიას, უკავშირდება, მაგრამ აღნიშნული მოსაზრება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან აქაზის გამეფებისას ეზეკია ცხრა წლის ყმაწვილი იყო. შესაბამისად, წარმოდგენილი წმინდა წყლის ხელოვნური მსჯელობა მხოლოდ ბრიყვთათვისაა განკუთვნილი. ზოგოერთი ჩვენთაგანი კი ამტკიცებს, რომ ესაიას ორი ძე ჰყავდა – იასუბი და ემანუელი და ემანუელი წინასწარმეტყველი ცოლისგან შობილი ძე იყო, მსგავსად ჩვენი მხსნელი უფლისა, რაც მომავალში განხორციელებული მოვლენის წინასახეა. ასე რომ, პირველი ძე იასუბი, ნატამალი გადარჩება, ღვთისაგან მიტოვებულ და შემდგომში კვალად მოხმობილ იუდეველ ერს მოასწავებს, ხოლო ემანუელი, ჩვენთან არს ღმერთი, ღვთის განკაცების შემდეგ წარმართთა საღვთო წიაღში მოხმობის სიმბოლოა).

წმ. ბასილი დიდი: იუდეველები სამოცდაათთა თარგმანს ბასრობენ და ამბობენ, რომ ებრაულში წერია არა ‘ქალწული”, არამედ ‘ყმაწვილი ქალი”. სინამდვილეში იმავე სახელით შესაძლებელია მოიხსენიო მხოლოდ მოზარდი გოგონა და არა გაუთხოვარი ქალი. მათთვის გასაცემი პასუხი საკმაოდ ხელსაყრელია და თავისთავად არის მზად. თუკი ნიშანი რაღაც გასაოცარი და კაცთა ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებული რამაა, მაშ, რაა საკვირველი, რომ მარავალ დედაკაცთაგან ერთ-ერთს, ქმართან თანამცხოვრებს, ძე შესძენოდა? ან როგორ უნდა დარქმეოდა ხორციელი გულისთქმით შობილს ემანუელი? ამიტომაც, თუკი ღვთისაგან ბოძებული ნიშანია, შობაც არაჩვეულებრივი იქნება. საპირისპირო შემთხვევაში კი ნიშანსაც ნუ დაარქმევ მას და არც ემანუელი უწოდო. ვინაიდან მშობელი რომ ქალწული არ ყოფილიყო, სასწაულის არსი რა იქნებოდა? და თუ შობა ღვთაებრივად, სხვებისგან განსხვავებულად არ აღესრულა, რატომ არის ეს ემანუელის მოსვლა?).

მხ. 15-16. ‘ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი”.

რაც შეეხება მე-15 მუხლის უწყებას დროის შესახებ (‘ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის”), დაახლოებით ორი-სამი წელია საჭირო, რომ ბავშმა კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი ისწავლოს. შესაბამისად, სწორედ მითითებული დროის მანძილზე მოუწევდა იუდას მძიმე ყოფის დათმენა, ხოლო შემდეგ სირიისა და ისრაელის მეფეთა საფრთხე არიდებული იქნებოდა.

წმ. იოანე ოქროპირი: ცხადია, რძითა და თაფლით გამოკვება არა ღვთაებრივი, არამედ კაცობრივი ბუნების მახასიათებელი თვისებაა. იგი არა ყოვლითურთ სხვაობდა ჩვენგან, არც ყველაფერი საერთო ჰქონია ჩვენი. დედაკაცისგან შობა ჩვენეულია, მაგრმა ქალწულისაგან დაბადება \ უზეშთაესი. ესაია იმასაც ამბობს, რომ სანამ ეს ყრმა ბოროტებას შეიმეცნებდეს, შობიდანვე სათნოებებით აღივსება და არასოდეს ექნება წილი ბოროტებასთან).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იმასაც მიაქციე ყურადღება, ყრმა ემანუელის საღვთო და კაცობრივ ბუნებათა წარმოსაჩენად წინასწარმეტყველი მას ღვთაებრივ და ადამიანურ თვისებებს რომ განუკუთვნებს. ჭეშმარიტ სხეულებრიობას (ე.ი. კაცობრივ ბუნებას) ისეთ საკვებზე მითითებით გვიდასტურებს, რითიც ჩვეულებრივი ყრმებიც იკვებებიან: ერბო და თაფლი. ხოლო იქმნა რა იგი ხორცად (ე.ი. განკაცდა), მიუხედავად ამისა, ყოველ ცოდვას აღემატა, ვითარცა ღმერთი. სწორედ ამას გვასწავლის ესაია, რაჟამს ამბობს: ‘რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”[48]. ვინაიდან ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ სიმწიფისა და გარკვეული ასაკისთვის, რაც თავად დროის მიზეზით კეთიგონიერებადაა შეფასებული, განა შესწევთ უნარი, ბოროტი და კეთილი გაარჩიონ ერთურთისგან? და მხოლოდ მაშინ აკეთებენ შესაბამის არჩევანს, რაჟამს დრო აწვევს ამისკენ. ღვთაებრივი და უზენაესი ბუნება, რომელიც არა ჩვენებრ, არამედ საკუთარ შესაფერის სიმაღლეზეა, არასოდეს ეზეიარება ბოროტებას და უკეთურების ნებისმიერ სახეს უარყოფს, თავად კი არავისგან გამოიცდება, არამედ პირიქით, ბუნებრივადაც და არსებითაც არასოდეს ემორჩილება უკეთურებას. მაშ ასე, საღვთო ბუნების სათნოებებში სამარადჟამო სიმტკიცეს ესაია შემდეგი სიტყვებით ცხადყოფს: ‘შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”. ჭეშმარიტად ქრისტესთან მიმართებით ითქვა ყოველივე ეს, ვინაიდან, მართალია, ხორციელად ყოვლადწმინდა ქალწულისგან იშვა იგი, მაგრამ ღმერთი იყო ბუნებით და ღვთისგან სიტყვა მოგვევლინა. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა წმინდად ჰგიეს, ხოლო განკეცებისას, ვითარცა უფალი, არაფრით დაჰკლებია სრულყოფილებას, თუმცა არც კაცება უარუყვია განგებულებით, რომ მას რწმუნებოდნენ, ვინც ჭეშმარიტად ჩვენებრ იქმნა და ამგვარად წმინდაეყო შობა ჩვენეული. სწორედ ამ ჟამს, ემანუელის შობისას, ‘გაუდაბურდება ეს მიწა”, რადგან ყრმის მოვლინებისას წმინდა მიწა და ქალაქი, რაშიც ეკლესია მოიაზრება, ყველა მტერს გაუსწორდება, რომლებიც იხილავენ რა მის ძლიერებას, დაუტევებენ ღვთისაგან დაცულს, რადგან ‘მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში”[49]).

ესიამ აღნიშნული წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ-ის 734 წელს წარმოთქვა. 732 წელს თეგლათ-ფალასარ III სირია-ისრაელის კოალიციური არმია დაამარცხა, დაიპყრო და დაარბია ქალაქი დამასკო. აქაზი სირიის დედაქალაქში ესტუმრა ასურელ მონარქს და დიდძალი სიმდიდრე მიართვა. დამასკოში ნანახი სილამაზით ძლიერ მოხიბლულმა იუდეველმა მეფემ წარმართულ ქალაქში აგებული სამსხვერპლოს ზუსტი ასლის შექმნა და იერუსალიმის ტაძარში განთავსება ბრძანა, რითიც ძლიერ განარისხა შემოქმედი. მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მარცხმა იუდას საბოლოო განსვენება მაინც არ მოუტანა. ამჯერად ახალ დაბრკოლებად თავად ასურეთი აღიმართა, თუმცა აქაზმა დიდძალი სიმდიდრის გადახდის შედეგად საფრთხეს თავი დააღწია.

ნეტარი იერონიმე: ასეთია წარმოდგენილი უწყების შინაარსი: დავითის სახლო! შენ, ვისაც ღვთის სიტყვით დაგევალა ყრმისთვის ემანუელი გეწოდებინა, გულისხმობს, რომ განსაცდელისას სწორედ მის სახელს უნდა მოუხმო და ნუ გაგიკვირდება მოვლენის სიახლე, თუკი ქალწული ესოდენ ხელმწიფების მქონე ღმერთს შობს. ვინც მომავალში, მრავალი დროის შემდეგ უნდა დაიბადოს, ამჯერად მისდამი ლოცვების გზით გამოგიხსნის, რადგან სწორედ ის უფალია, რომელიც აბრაამს ეცხადებოდა და მოსეს ესაუბრებოდა. ამასთან უფრო გსაოცარ რამესაც ვიტყვი, შენ რომ არ გეფიქრა, თითქოს მოჩვენებითად იშვება იგი, ამიტომაც ყრმის საკვებს გამოიყენებს და ერბოსა და თაფლს შეჭამს. მართალია, მრავალი წლის შემდეგ მახარებელი გვიმოწმებს, რომ ‘იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე”[50], მაგრამ აღნიშნული ცნობა ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნების მადასტურებელია, თუმცა ჯერ კიდევ სახვეველებში შემოსილსა და ერბოსა და თაფლის მიმღებს ეცოდინება ბოროტისა და კეთილის გარჩევა და ბორტის უარმყოფელი მარადის სიკეთეს აირჩევს.

სამარია ასურელებმა ეზეკიას მეფობის მეექვსე წელს აიღეს, ხოლო ხსენებული იუდეველი მეფე ოცდათერთმეტი წლის იყო ამ დროს. შესაბამისად, თუკი მოცემულ შემთხვევაში იუდველთა თქმით ესიას წინასწარმეტყველება ეზეკიას შესახებ იუწყებოდა, რომ თითქოს სირია და სამარია მანამ განადგურდება, სანამ ხსენებული ყრმა სიყმაწვილის წლებს გასცდებოდეს, გვიპასუხონ იუდეველებმა, როგორ უნდა მოვიაზროთ აქ ოცდათერთმეტი წლის იუდეველი მეფე, რომელიც თითქოს კვლავ ერბოთი და თაფლით იკვებება და ბოროტისა და კეთილის არჩევა ვერ უსწავლია? ხოლო თუკი იმავე ცნობას უფალს განვუკუთვნებთ, ყველაფერი გასაგები გახდება, რადგან სწორედ მისი შემწეობით გათავისუფლდება იუდეველთა მიწა ორი დამპყრობლის, სირიისა და ისრაელისგან, დავითის მოდგმა კი - ორი მეფის, რეცინისა და ფეკახისაგან).

წმ. ბასილი დიდი: ემანუელი საბავშვო საკვებს, ერბოსა და თაფლს, გამოიყენებს. თუმცა ჯერ კიდევ ყრმობის წლებში მყოფი, მასში არსებული სათნოებების ძალით, სრულყოფილ ასაკამდე უარყოფს უკეთურებას და სათნოებას აირჩვეს. ჩვენს ბუნებას ორივესკენ თანაბარი სწრაფვა გააჩნია და მსგავსად სასწორისა არაიშვიათად ბოროტებისკენ, რიგ შემთხვევაში კი სათნოებისკენ მიიდრიკება, რადგანაც სული ხან ვნებას ესწრაფვის, ზოგჯერაც გონიერებით უკეთესისკენ სრბოლობს. მაგრამ განა ასეა ღმართი?! პირიქით, ის შობიდანვე სიკეთესთან იყო ზიარი. რას ვკითხულობთ? ‘რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი”, მაგრამ რაჟამს დაბადების წიგნში აღწერილს მივუბრუნდებით, ‘კეთილისა და ბოროტის შეცნობის”[51] შესახებ, აქ ადამის ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობასთან აღმოაჩენ ამჟამად ნაუწყების სიახლოვეს, რადგან არც ადამს ჰქონდა გამოცდილი ბოროტი. ამიტომაც უფალი ყრმობის წლებიდანვე ცოდვით დაუზიანებელი ადამის თვისებებს ავლენდა).

დეკან. ალექსანდრე მენი: აქაზს, უეჭველია, სმენოდა ესაიას შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ იოთამის დროს მოიხვეჭა დიდად სახელი. ყოველ შემთხვევაში, მეფემ კარგად უწყოდა, რომ მის წინაშე ღვთისაგან წარმოგზავნილი ადამიანია, წინასწარმეტყველი, ვისთვისაც მრავალი საიდუმლოა საცნაური. ესაიას სიტყვები ღრმა დარწმუნებულობითა და ძალით იყო აღსავსე. ‘მშვიდად იყავი და არ აღელვდე, ნუ შეშინდები!” - ეუბნება წინასწარმეტყველი აქაზს, თუმცა გაგონილმა მეფეზე ზეგავლენა ვერ იქონია, ვინაიდან იგი იარაღის ძალას მეტად ენდობოდა, ვიდრე ზეციურ შეწევნას. ამგვარი უგულისხმობის მხილველი ესაია აქაზს, ვითარცა დავითის შთამომავალს, მოუწოდებს, რომ ნიშანი მოითხოვოს, რითიც სიონური აღთქმა დადასტურდება. მცირედმორწმუნე მეფის უარის მიუხედავად ესაიამ იაჰვეს ნიშანი სახალხოდ ასე განაცხადა: ‘ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი”. ბერძნული ბიბლიის შემქმნელები სიტყვა ალმას როგორც წესი ყმაწვილ ქალად თარგმნიან, მაგრამ ემანუელის შესახებ წინასწარმეტყველებაში გამოყენებულია ტერმინი ‘ქალწული” (ჰჟ პარქე>ნოვ). უნდა აღინიშნოს, რომ ფილოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი თარგმანი სავსებით გამართლებულია, რადგან წმინდა წერილის რიგ ადგილებში აღნიშნული სახელით სწორედაც რომ ქალწულები იხსენიებიან[52]. წინასწარმეტყველების არსი ასეთია: ორი-სამი წლის მანძილზე, როდესაც ხსენებული ყრმა ჩაისახება, დაიბადება და პირველ შემმეცნებლობით ნაბიჯებს გადადგამს, სწორედ ამ დროისთვის დაითრგუნებიან იერუსალიმის მტრები. შვიდი საუკუნის შემდეგ მახარებელი აღნიშნულ ცნობას იხსენებს და იესო ქრისტეს შობას განუკუთვნებს მას. შესაბამისად, ბუნებრივად ისმის კითხვა: რაზე საუბრობდა ესაია – მომავალი მხსნელის თაობაზე თუ ისრაელისა და სირიის გაერთიანებული სამხედრო ძალებისგან დედაქალაქის დაცვაზე? წინასწარმეტყველება ორმაგი მნიშვნელობის იყო. იგი სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაცდელის არიდების უეჭველობასაც წარმოაჩენდა და, ამავდროულად, ესაიას მიერ წარმოთქმულ პირველ მესიანურ უწყებასაც განეკუთვნებოდა).

მხ. 17. ‘ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ორი მეფის - რეცინისა და ფეკახის გაერთიანებით შეძრწუნებულ აქაზს ყოველთა უფალი შემწეობას ჰპირდება. ხოლო სურდა რა, რწმენაში განემტკიცებინა იგი, უფლება მიანიჭა, ნიშანი მოეთხოვა მაღლა ცაში, ან დაბლა დედამიწაზე და თვით ქვესკნელშიც კი. როდესაც მეფემ უარი თქვა, მაშინ ღმერთმა თავად გამოუცხადა დავითის სახლს, რომ ქალწული მიუდგებოდა, შობდა ძეს და სახელად ემანუელი ეწოდებოდა.

როდესაც ამ ყოველივეს შესახებ სიტყვამ ძლიერი ზეგავლენა იქონია, მაშინ ესაია მომავლის თაობაზე უწყებიდან პიროვნულად კვლავ აქაზს დაუბრუნდა, რადგან საჭირო იყო, ჭეშმარიტად საჭირო იყო, რომ ქრისტესგან მომდინარე ხსნის შესახებ უწყება გაცხადებოდა დავითის სახლს. საშინელი და არასასურველი მოვლენების თაობაზე ცნობებს კი უფალი იმიტომ იუწყება, რომ იცოდნენ მათ, მართლაც საშიშია და ბოროტისმომტანი საღვთო დიდების შეურაცხყოფა, უფალთან დაპირისპირება და მისი გვერდის ავლით სხვა, არარსებული ღმერთების პატივმიგება. მაშ ასე, გარკვეულ დროში იერუსალიმი და მთელი იუდა უკიდურეს განსაცდელს დაექვემდებარება, რაზეც ესაიამ ცხადად მიუთითა.

ვინაიდან სიტყვის შინაარსი ძნელად გასაგებია, შეძლებისამებრ მის გამორკვევას შევუდგეთ. ‘ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან”. წარმოდგენილი წინადადების მნიშვნელობა ამგვარია: სოლონის ძის – რობოამის მეფობისას ეფრემი, ანუ ათი ტომისაგან შემდგარი საზოგადოება, იუდას გაერიდა, თუმცა შემდგომში მრავალი არასასურველი რამ შეემთხვა მათ: სამარია გაუდაბურდა, იუდასაც ესხმოდნენ თავს მეზობელი ხალხები – იდუმიელები, მოაბელები, ფილისტიმელები. ასე რომ, ორივე სახელმწიფომ უმძიმესი დღეები გადაიტანა. უფალი კი ამბობს, რომ ისეთი დღეები ეწევა იუდას, რომლის მსგავსიც სამეფოს გაყოფიდან მოყოლებული არ უნახავს. და მაინც, რა ჟამი და დღეები იქნება ასეთი? ‘მოგივლენს აშურის მეფეს”, იქვე უთითებს ესაია და აშურის მეფეში ნაბუქოდონოსორს გულისხმობს, რომელმაც მთელი ეირუსალიმი გააუდაბურა, იძულების წესით მთელი იუდა დაიმორჩილა, ღვთაებრივი ტაძარიც გადაწვა და რაც კი სხვა ხალხებთან უმოქმედია, იგივე ხერხები გამოიყენა რჩეულ ერთან მიმართებითაც).

წმ. ბასილი დიდი: ვფიქრობ, საწინასწარმეტყველო სიტყვა უკანასკნელ დღეებზე მიგვანიშნებს, როდესაც იერუსალიმი ალყაში მოაქციეს რომაელებმა).

მხ. 18-19. ‘იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს”.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი ნათქვამს განავრცობს და ომის დადგომას აღწერს, რომელიც მალე მოუახლოვდება იუდას მთელს მამულს და იავარყოფს მას. ბუზებად ეგვიპტეს მოიხსენიებს მათი სიმრავლის მიზეზით, ხოლო ფუტკრებს ასურელებს უწოდებს, რადგან ფუტკარი მრავალ ფერშია შემოსილი და საწერტალსაც ფლობს. ასევე შეგვიძლია დავახასიათოთ ასურელებიც, რომლებსაც ძლიერ უყვართ ფერადი სამოსი და, ამასათანავე, ბასრი შუბებით არიან შეიარაღებული. ვფიქრობ, კვლავ მეფეთა წიგნები უნდა მოვიშველიოთ. მაშ ასე, აქაზის ძე, ვისაც წინამდებარე სიტყვები მიემართება, ეზეკია იყო, ეზეკიას ძე – მანასე, ხოლო მანასეს ვაჟი – ამონი, ამ უკანასკნელს კი იოშია ეყოლა. იგი ღირსეული მეფის სახელითაა ცნობილი. იოშია ფარაონთან ბრძოლაში იქნა მოკვდინებული, რადგან გზას არ აძლევდა ეგვიპტურ ჯარს, რომ ასურეთისკენ გადაადგილებულიყვნენ და სწორედ ამას მიუთითებს საწინასწარმეტყველო სიტყვა. არც ასურელთაგან დაკლებიათ განსაცდელი იუდეველებს).

მხ. 20-25. ‘იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს. იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს. რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი. იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა…”

ესაია მეფეს აფრთხილებს, რომ ასურელი ეგრეთწოდებული კეთილისმყოფელი სამართებელი იქნება იუდასთვის. თაფლისა და რძის სიმრავლე (შდრ. ‘ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი”) არა კეთილდღეობის, არამედ უბედირების სიმბოლოა. საქმე ისაა, რომ მტრის გამალებული თავდასხმების შედეგად იუდეის დაუმუშავებელად დარჩენილ მინდორ-ველებზე ბალახი და ველური ყვავილები მომრავლდება. შესაბამისად, პირუტყვს მრავალი საკვები ექნება, მოსახკლეობა კი პურის გარეშე დარჩება. ერთადერთი საზრდო რძე, ერბო და მიტოვებულ ველებზე გამრავლებული ფუტკრების მიერ მომუშაკებული თაფლი აღმოჩნდება. აღნიშნული წინასწარმეტყველება ბაბილონელთაგან იუდეის დამორჩილებას უკავშირდება.

← წინა ნაწილი                                           გაგრძელება →



[1] იგულისხმება იუდეის მეფის ტაძრის წმიდაში შესვლა საკმევლის კმევის მიზნით, რისთვისაც ოზია კეთრით დაავადდა და თავისი მმართველობის ბოლო 11 წელი სამკურნალო სახლში გაატარა.

[2] ესაიას ასეც შეეძლო ეთქვა, რომ უფალი იოთამის გამეფების წელს იხილა, რადგან ოზიას გარდაცვალება მისი ვაჟის (იოთამის) გამეფების ჟამია.

[3] ეს. 6.1.

[4] ინ. 1.18.

[5] ინ. 6.46.

[6] გამ. 33.20.

[7] ფსალ. 9.5.

[8] 1 მეფ. 3.1.

[9] მკითხველი შენიშნავდა, რომ ოქროპირის ზემომოტანილი და ამჯერად წარმოდგენილი განმარტება, რომლებსაც წმინდა კირილე ალექსანდრიელის შესაბამისი ეგზეგეზა ჰყოფს ერთმანეთისგან, გარკვეულწილად ჰგავს ურთიერთს. საქმე ისაა, რომ პირველი მათგანი უშუალოდ ესაიას წიგნის მუხლობრივი განმარტებიდანაა მოხმობილი, ხოლო მეორე ოქროპირის მიერ ცალკე, დამოუკიდებლად წარმოთქმული ქადაგების თარგმანია. ამავე ქადაგებაში, ერთგან წმინდა მამა ოზიას წმინდაში შესვლისას განხორციელებულ ქმედებას უფრო დეტალურად აღგვიწერს: ‘არ შეისმინა მეფე ოზიამ და ამპარტავნებით გულმოცემული წმინდაში შევიდა, გახსნა წმიდათა წმიდა და საკმევლის კმევა მოისურვა” (Творение святого отца нашего Иоанна Златоуста Архиепископа Константинопольского, в руском переводе. ჩ.-Петербург, 1900, Том шестой. Ст. 413).

[10] ინ. 12.41.

[11]ებრაულსა და ბერძნულ ბიბლიებში ესაიას წიგნის მეექვსე თავის პირველი მუხლის ბოლო ნაწილი განსხვავებულად იკითხება. ებრაული: ‘და მისი კალთები ავსებდა ტაძარს” (სრული ციტატა: ‘მეფე ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ, აღზევებულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს”). სეპტუაგინტა: Kაი< ეჯგე>ნეტო ტოუ~ ეჯნიაუტოუ~, ოუ= აჯპე>ქანენ Oზიავ ოჟ ბასილეუ>ვ, ეი+დონ ტო<ნ კუ>რიონ კაქჰ>მენონ ეჯპი< ქრო>ნოუ უჟყჰლოუ~ კაი< ეჯპჰრმე>ნოუ, კაი< პლჰ>რჰვ ოჟ ოი+კოვ ტჰ~ვ დო>ხჰვ აუჯტოუ. შდრ. ‘და იყო, წელსა მას, რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა. და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა”. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ესაიას წიგნის განმარტებისას სეპტუაგინტით ხელმძღვანელობს და, შესაბამისად, განმარტავს ციტატას, რომელიც ღვთის დიდებით აღვსებული სახლის შესახებ იუწყება.

[12] მთ. 23.38.

[13] ფს. 79.2.

[14] აღნიშნული გალობის პერიფრაზი იქნება: წმინდაა მამა, წმინდაა ძე და წმინდაა სულიწმინდა. გარდა ამისა იგივე სიტყვები ამგვარადაც გაიგება: ღვთაებრივი სიწმინდე ვლინდება ზეცაში, დედამიწასა და მომავალ, მარადიულ საუკუნეში (ე. ი. წმინდაა იგი ცათა შინა, ქვეყანასა ზედა და მერმინდელ საუკუნეში). საგულისხმოა, რომ სერაფიმები ღმერთს მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერენ – წმინდაა.

[15] ‘მიგებებასავე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქმული მეთოდი ეპისკოპოსისა და მოწამისაA სიტყუაA სYმეონისთYს და ანნაAსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა”. აღნიშნული თხზულება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ერთ-ერთ გამოუქვეყნებელ მანუსკრიპტშია დაცული.

[16] ებრაულსა და ბერძნულ ბიბლიებში განსხვავებული შინაარსის წინადადებებს ვხვდებით. ებრაულის თანახმად - ‘შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი”, ხოლო ბერძნულის მიხედვით – ‘და ამაღლდა წირთხლი ხმისაგან, რომელსაც ღაღადებდნენ, და აღივსო სახლი კვამლით” (შდრ. Gრ. კაი< ეჯპჰ>რქჰ ტო< უჟპე>რქურონ აჯპო< ტჰ~ვ ფწნჰ~ვ, ჰ=ვ ეჯკე>კრაგონ, კაი< ოჟ ოი+კოვ ეჯპლჰ>სქჰ კაპნოუ~).

[17] ლკ. 5.8.

[18] სიბრძ. ზირაქ. 15.9.

[19] ინ. 1.14.

[20] წმინდა კირილეს თქმით ნაკვერცხალი საკუთარ თავში ორ განსხვავებულ - ხისა და ცეხლის ბუნებას აერთიანებს. მოცემულ შემთხვევაში ცეცხლი მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას უიგივდება (რადგან ცეცხლის სახით არაერთგზის განცხადებულა უზენაესი წმინდა წერილში), ხოლო ხე განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნების სიმბოლოა.

[21] შდრ. ძვ. ქართ. „აჰა, ესერა შეეხო ბაგეთა შენთა, უშჯულოებათა შენთა განსაწმენდს და ცოდვათა შენთა მოგიტევებს”.

[22] საეკლესიო სწავლების თანახმად, ადამინს უსხეულო ძალთა უქვემოესი დასი, ანგელოზები, ეცხადებიან, ესაიას შემთხვევაში კი განსხვავებულად ხდება, წინასწარმეტყველი სერაფიმებს, ყველაზე აღმატებული დასის არსებებს განჭვრეტს, რომ იოანე ოქროპირის სიტყვისამებრ, მეტად განმტკიცდეს მომავალი მრავალწლიანი ღვაწლის აღსასრულებლად.

[23] რომ. 7. 24-25.

[24] ‘ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” ხაზგასმული ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვშია წარმოდგენილი და სწორედ მასში მოიაზრება ყოვლადწმინდა სამება (შდრ. ‘და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ”. დაბ. 1.26; ‘მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა”. დაბ. 11.7).

[25] რომ. 10.20.

[26] ეზეკ. 3. 4-7.

[27] აქაზის მეფობა - 735-725 წწ.

[28] შდრ. ‘გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბაელის ძე” (ეს. 7. 6).

[29] გარდა ზემომითითებული უდიდესი მსხვერპლისა იუდას სამეფოდან ისრაელიანებმა 200 000 დატყევებული ქალი, ვაჟი და ასული წაასხეს, დიდძალი ნადავლითურთ, რომლებსაც მოგვიანებით ერთ-ერთი წინასწარმეტყველის რჩევით კვლავ სამშობლოში აბრუნებენ (შდრ. 2 ნეშტ. 28. 8-15).

[30]ებრაული ტექსტისგან განსხვავებით, სეპტანტის თანახმად ესაიას შვილს იასუბი ჰქვია: Eხელქე ეიჯვ სუნა>ნტჰსინ Aცაზ სუ< კაი< ოჟ კატალეიფქეი<ვ Iასოუბ ოჟ უიჟო>ვ სოუ… შდრ. ძვ. ქართ. ‘და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად ახაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი…”

[31]იგულისხმება მომდევნო მუხლებში გადმოცემული ესაიას მიმართვა მეფისადმი, რომლის თანახმად, სირიისა და ისრაელის გაერთიანებული ძალები იუდას ვერაფერს დააკლებენ. შესაბამისად, თუკი აქაზი წინასწარმეტყველის სიტყვებს შეისმენს, ნატამალი, რომელშიც იუდას სამეფოს მოსახლეობა მოიაზრება, გადარჩება. სწორედ ამ სიმბოლურ საიდუმლოს აღნიშნავს შეარ-იაშუბის თანხლება.

[32] ასარგადონი \ 681-669 წწ.

[33] შდრ. II რჯულ. 6.16.

[34] II რჯულ. 6.16.

[35] შდრ. ‘უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო” (მსაჯ. 6.13).

[36] Gრ. იჯდოუ< ჰჟ პარქე>ნოვ ეჯნ გასტრი< ე[ხეი კაი< ტე>ხეტაი უიჟო>ნ, კაი< კალე>სეივ ტო< ო]ნომა აუჯტოუ~ Eმმანოუჰლ. შდრ. ძვ. ქართ. ‘აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ”.

[37] წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ ხსენებული დედაკაცი გათხოვდა, მუცლადიღო და შვა ძე, მაგრამ ამ დროს იგი უკვე ქალწული აღარ ყოფილა, რადგან მუცლადღება და შობა ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით განხორციელდა.

[38] ებრაული ტერმინის დასაწყისში მდებრე წინდებული ჰა (შდრ. ჰა-ალმაჰ) მართლაც მიუთითებს, რომ ესაია ვიღაც განსაზღვრული, ყველასთვის ნაცნობი დედაკაცის შესახებ საუბრობდა, მაგრამ ამგავრი მსჯელობა განსხვავებული, მესიანური შინაარსის განმარტების შესაძლებლობას იძლევა.

[39] შდრ. მთ. 1. 22-23.

[40] შდრ. Gრ. იჯდოუ< ჰჟ პარქე>ნოვ ეჯნ გასტრი< ე[ხეი კაი< ტე>ხეტაი უიჟო>ნ.

[41] შდრ. ‘აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი (ალმაჰ) წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან” (დაბ. 24.43); ‘უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი (ალმაჰ) და დაუძახა ბავშვის დედას” (გამ. 2.8). ასევე იხ. ფსალ. 67.26; იგავ. 30.19; ქება ქებ. 1.2.

[42] ინ. 1.19.

[43] ინ. 1.1.

[44] შდრ. იერემ. 36.23.

[45] ლკ. 1.35.

[46] 4 მეფ. 4.27.

[47] მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმის შესახებ, რომ ებრაული ბიბლიის თანახმად ქალწულისგან ახალშობილ ყრმას დავითის სახლი უწოდებს ემანუელს (მიმართვა მეორე პირშია წარმოდგენილი: შდრ. Gრ. ...კაი< კალე>სეივ ტო< ო]ნომა აუჯტოუ~ Eმმანოუჰლ), ხოლო მახარებელმა დედნისგან განსხვავებული ფორმა წარმოგვიდგინა (სახარებაში ზმნა მესამე პირში გვხვდება: შდრ. ...კა€ კალљსოუსინ ტХ Фნომა აЩტოа ‘Eმმანოუ»ლ).

[48] მოცემულ შემთხვევაში მცხეთური ხელნაწერის ძველ ქართულ ტექსტს ვიმოწმებთ, რომელიც განსხვავდება ებრაულისგან და საპტუაგინტის ზედმიწევნით თარგმანს გვთავაზობს. წმინდა კირილესთანაც იგივე ვითარებაა, რადგან ალექსანდრიელი მღვდელმთავარი ბერძნული ბიბლიის შესაბამის წინადადებას განმარტვას.

[49] ზაქარ. 2.5.

[50] ლკ. 2.52.

[51] დაბ. 2.9.

[52] დეკანოზი ალექსანდრე მენი ზემომითითებულ ადგილს შემდეგი სახის შენიშვნას დაურთვას: ებრაულ ბიბლიაში გამოყენებულ ტერმინს ‚ალმა“ სეპტუაგინიტის შემდგენელნი ‚ქალწულად“ თარგმანიან, რადგან ბერძნულ ბიბლიაში ალმა გადატანილია ტერმინით პართენოს. თუმცა იმავე ებრაულ ენაში ქალწულის აღმნიშვნელად სხვა სპეციფიური ტერმინი ‚ბეთულა“ არსებობს (Мень Александр, История религии (Том 5) Вестники Царства Божия. 5__ტომ.ტხტ).

ტეგები: Bible, Esaia, Holy, Prophet, Qwelly, ბიბლია, განმარტება, ეგზეგეტიკა, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 832

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters