თავი 1

მხ. 2-4. ‘ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს. ოი, შემცოდავო ერო, ხალხო დამძიმებულო ურჯულოებით, თესლო ბოროტმოქმედთა, დამღუპველო ძენო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!”

პირველ თავში გადმოცემული მოძღვრება, მკვლევართა აზრით, ახაზის მეფობის დროსაა წარმოთქმული. შესავალ ნაწილში შევნიშნავდით, რომ ესაიას მიერ დასახელებული ოთხი მეფიდან განსაკუთრებული უკეთურებით სწორედ ახაზი გამოირჩეოდა. იგი კერპებს სცემდა თაყვანს. ამიტომაც წინასწარმეტყველი მკაცრი მამხილებელი სიტყვებით მიმართავს მსმენელს: ღვთისაგან წარგზავნილი ესაია ტაძრის ეზოში მიდის, რომ იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს მოსეს რჯულის მუდმივად დარღვევის გამო რჩეული ერისთვის განკუთვნილი საღვთო მსჯავრი აუწყოს. ესაია ხალხის განდგომის დასამოწმებლად ზეცასა და ქვეყანას მოუხმობს. იგი უფლის სახელით სდებს ბრალს შემცოდე თანატომელებს და იმავე სახელით სთავაზობს არჩევანს: სრული მიტვება ყველას, ვინც შეინანებს, ან მკაცრი მსჯავრი, ვინც ცოდვასა და უკეთურებაში გაკერპებულა[1].

ღმერთი იუდეველებს საკუთარ შვილებად იხსენიებს, რომლებიც აღზარდა, აღამაღლა, მრავალი წყალობა მიაგო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ისინი კეთილისმყოფელს დაუპირისპირდნენ და მისგან მოვლენილთა სიტყვები არად ჩააგდეს. ისრაელი[2] პირუტყვზე უგუნური აღმოჩნდა, რადგან ხარი ბაგას სცნობს, ვირი კი - საკუთარ პატრონს, ხოლო გასასტიკებულ ხალხს საკუთარი შემოქმედი ვერ უცნია.

„დამღუპველნო ძენო!“ წინასწარმეტყველი მიუთითებს, რომ მისი თანატომელნი ხსნის მაგივრად დაღუპვისაკენ უძღვიან ადამიანებს.

მხ. 5-7. ‘სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ”.

წინასწამრტყველი მეტაფორას მიმართვას: ადამიანური სხეული, რომელზეც მთელი ადგილი აღარ დარჩენილა, იმდროინდელ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას წარმოაჩენს, თუ როგორ დაესხა სირია-ისრაელის ერთიანი სამხედრო ძალა იუდას[3]. იგივე ცნობა შესაძლოა, ისრაელში 722 წელს განვითარებულ მოვლებსაც განეკუთვნოს და ამავდროულად შორეულ 586 წელს იუდაში დატრიალებულ უბედურებას უკავშირდებოდეს.

მხ. 10. ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!”

იუდა სოდომისა და გომორის ქალაქებს უდარდება. იერემია სოდომის შესახებ ამბობს, რომ ის აღსავსე იყო ამპარტავნებით, ნაყროვანებით, ყოველგვარი უსამართლობით. იმავე ცოდვებში ჰქონდათ წილი იუდეველებსაც.

მხ. 11-13. ‘რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? ნუღარ მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობას და შაბათს, სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან...”

ღმერთი შესაწირს არა აუცილებლობის გამო თხოულობს, არამედ იუდეველების კერპთმსახურებისგან დაცვის მიზეზით, რადგან რომ არა სინას მთაზე მიღებული უწყება მსხვერპლშეწირვის თაობაზე, იუდეველნიც, მსგავსად წარმართებისა, უეჭველად რომელიმე რიტუალურ ქმედებას მიმართავდნენ და ამით ჭეშმარიტებასთან წილნაყარობას ვერასოდეს ჰპოვებდნენ. ნეტარი იერონიმეს თანახმად, მსხვერპლშეწირვა ამავდროულად იუდეველთათვის მეწინამძღვრე უნდა ყოფილიყო ღვთის შემეცნებაში, რადგან დარწმუნდებოდა რა ადამიანი ნივთიერი, მატერიალური მსხვერპლის უძლურებაში[4], აღმატებულის ძიებას დაიწყებდა და ჭეშმარიტების შემეცნებაში გაიზრდებოდა, ხორციელის წილ სულიერი შესაწირის აღმატებულებაზე დაფიქრდებოდა და დიდი მეფსალმუნის სიტყვებს გულისხმაყოფდა: ‘მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს”[5]. როდესაც მეფე დავითი მიხვდა, რომ გარეგნული მსხვერპლშეწირვა არაა საკმარისი, რომ ყოვლადდასაწველ მსხვერპლს არ ძალუძს, პიროვნებაში თავით თვისით რაიმე შესცვალოს და უფლის სათნოყოფის გზების ძიება დაიწყო, სწორედ ამგვარად მაძიებელს განეცხადა ზემოთ წარმოდგენილი საღვთო ჭეშმარიტება.

მხ.18. ‘მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა”.

ტექსტში ნახსენები ყირმიზი და ჭიაფერი წითელი ფერის საღებავთა სახელებია[6], რომლებსაც ლოკოკინას ნიჟარიდან ამზადებდნენ. მათი გამოყენებით შეღებილი ნაჭერი გარეცხვის შემდეგაც არ კარგავდა სიწითლეს. მოცემულ შემთხვევაში ერთიცა და მეორეც იუდეველთა უმძიმესი ცოდვებით სისხლისფრად შესვარულ სულს განასახიერებს, რისი აღხოცვაც მხოლოდ უზენაესისთვისაა შესაძლებელი. ამავდროულად მითითებული მუხლი საღვთო კაცთმოყვარების უზომო სიდიადეს წარმოაჩენს.

მხ. 21-23. ‘როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან. ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ”.

იერუსალიმში სამართლის მკვიდრობის ჟამად ესაია დავითის მეფობას და სოლომონის მმართველობის დასაწყის წლებს გულისხმობს, მაგრამ დროება შეიცვალა და ღვთის ერთგული ქალაქი მეძავად გადაიქცა. წმინდა წერილის ავტორები ხშირად მიმართავენ მსგავს ალეგორიას, განსაკუთრებით – იერემია და ოსია.

თავი 2

ეკლესიის მამათა განმარტებით, 2, 3, 4, 5 თავებში გადმოცემული უწყება ესაიას მიერ იუდაში იოთამის მეფობისასაა გამოთქმული. ამგვარი ვარაუდი შესაძლებელია სამხრეთის სამეფოში ოქროსა და ვერცხლის სიმრავლის თაობაზე მითითებით, უდიდესი საზღვაო ვაჭრობის წარმართვის, სახელმწიფოში მიმდინარე დიდი მშენებლობების შესახებ ცნობებით. მსგავსი ვითარება იუდეის სამეფოში იოთამის მეფობისას იყო, რადგან ხსენებული მეფის შემდეგ სახელმწიფო უმძიმეს ყოფაში აღმოჩნდა.

მხ. 2. ‘უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას”.

მთა უფლის სახლისა - მორია, სადაც სოლომონის ტაძარი აიგო თავის დროზე, ქრისტეს ეკლესიის წინასახე იყო. შესაბამისად, წინასწარმეტყველი ახალი აღთქმის ეკლესიის ძლიერებას, მის ყოვლისშემმუსვრელ ძალას განჭვრეტს (შდრ. ‘აღიმართება მწვერვალებზე მაღლა”). ამასთანავე ესაია ხედავს, რომ უფლის სახლი არ იქნება რომელიმე კონკრეტული ერის კუთვნილება, რომ მის წიაღში მსოფლიო ხალხები შეაფარებენ თავს და ყველას განურჩევლად შეეძლება, მისკენ ისწრაფოს…

მხ. 6. ‘მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, ’რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და მისნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; უცხოტომელთა შვილებით კმაყოფილდებიან”.

წმ. ბასილი დიდი: ესაია ამბობს: ’მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი”. ყველაზე მძიმე სასჯელი ღვთისაგან მიტოვებულობაა. თუ რატომ დაუტევებს მავანს ხელი ღვთისა, ამას შემდეგი სიტყვები ცხადყოფს: ’რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და მისნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად”. ხედავ, როგორი უკეთურებაა მკითხაობა? იგი ღვთის მზრუნველობის მიღმა აყენებს მასზე მინდობილს. ბევრ ქრისტიანს კი მიაჩნია, რომ უბოროტო საქმეა მისი ყურისგდება, ნიშნების შემოკრება და ამ ნიშნების განმმარტებელთა მოსმენა. თუკი ვინმემ სიტყვის წარმოთქმისას დააცემინა, ასე იტყვიან: @ამასაც აქვს მნიშვნელობა^. ვიღაცამ უკნიდან სახელით მომმართა, გამოსვლისას ფეხი დამიცურდა, ტანსაცმელი გამოედო რაიმეს - მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს დაბრკოლებაა. დიდად ცნობილი ადამიანებიც კი, რომლებიც მსაჯულს ზეციდან მოელიან, ცივსისხლიანად შთაეკვეთებიან ამ უკეთურ ცოდვაში. მაგრამ ისმინე: უკუგდებულია ხალხი, ვინც ამგვარად მოქმედებს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, მოსეს რჯულის თანახმად, ჯადოქრობა, მისნობა, შემლოცველობა, ფრინველთმკითხაობა უარყოფილია, ვითარცა დემონის შემოქმედება[7]. ჩიტი, რომელმაც არაფერი უწყის თვალწინ არსებული საფრთხის შესახებ, ნუთუ შენ მომავალს გატყობინებს? ბუდიდან ბარტყებისთვის საკვების მოსაპოვებლად ამოფრენილი, იგი ხშირად უკან ცარიელი ბრუნდება, შენთვის კი უტყუარი წინარემაუწყებელი გამხდარა და მისი ამაო მოძრაობა მომავლის გამცხადებლად ქცეულა! როდესაც დემონის ქმედებით ჩიტები შენი გაბრიყვებისთვის დაფრინავენ, ნუ დაჯდები და პირდაღებული არ უმზირო დემონურ სანახაობას, ეშმაკის გავლენის ქვეშ ნუ აღმოჩნდები, რადგან თუკი მან ერთგზის შეიპყრო სული, დაღუპვისთვის ადვილად წარტაცებული, არათუ ხელიდან გაუშვებს მას, არამედ ყოველ ბოროტ საქმეში გამოიყენებს. ასევე ყვავის ჩხავილი და ზეცაში მიმომფრენი არწივი შიშს აღძრავს ცრუმორწმუნე გულებში. მტერი იმ დონემდე ამასხრებს ადამიანს, რომ თუ კატა შემოხვდება, ძაღლი გამოხედავს, ან დილით ადამიანი შემოეგებება, თუნდაც კეთილგანწყობილი, მაგრამ დაზიანებული მარჯვენა თვალით ან ბარძაყით, ის მყისვე განზე გადგება, შეტრიალდება და არაერთხელ დახუჭავს თვალებს. განა არის რამე ამისთანა ცხოვრებაზე უბადრუკი - ყველაფრისადმი ეჭვიანობა, ყოველივეში წინააღმდეგობის დანახვა მაშინ, როდესაც მისი სული ყველაფერმა ზეცად უნდა აღამაღლოს? როდესაც ცაში მიმომფრენ ჩიტებს იხილავ, ნუ დააკვირდები, ფრთებით ჩვენს თავს ზემოთ წრეს შემოსაზღვრავენ თუ არა, ან ჩვენსკენ მოემართებიან, ანთუ უკნიდან გვიახლოვდებიან, ანაც გზას გასწვრივ გვიკვეთავენ. ეს დაუტევე და შემოქმედის სიბრძნითა და განგებულებით განკვირდი, თუ როგორ ახერხებს სიმძიმის მქონე არსება ზეცაში ნავარდს; ჰაერის ფაქიზი ბუნება როგორ ქცევია ფრთებს ეტლად; გაშლილი ფრთებით რაგვარად მიმოცურავენ ჰაერში, ხოლო კუდით, ვითარცა საჭით, ფრენისას მიმართულებას განსაზღვრავენ).

თავი 3

წინასწარმეტყველი იუწყება, რომ წინა თავში მითითებული იუდაური სახელწიფოს სიმდიდრე მალე არარად იქცევა. ახლოსაა ჟამი, როდესაც იუდას კარგი მმართველის ხელი მოაკლდება და მოსახლეობა მძიმე დღეში აღმოჩნდება.

თავი 4

საკმაოდ მოკლე თავია, 6 მუხლისგან შედგება და ცენტრალური სწავლება მესიაანური ხასიათისაა: „იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად...“ უფლის ყლორტში ეკლესიის მამები მხსნელს მოიაზრებენ.

თავი 5

იგავი, რომელიც ცნობილია სახელით ‘საგალობელი ვენახის შესახებ”, ესაიამ, სავარაუდოდ, ტაძარში შეკრებილი ადამიანების წინაშე წარმოთქვა. საგალობელში, ძველი აღთქმის წიგნთა შორის აღწერილი იგავების გათვალისწინებით, უფალი მიწისმუშაკის სახით პირველადაა წარმოდგენილი. წინასწარმეტყველი მოძღვრების გადმოსაცემად ებრაული ენისთვის დამახასიათებელ პოეტურ ფორმას იყენებს. ჰიმნის შინაარსის თანახმად, მიწის მუშაკმა ვენახი გააშენა ნაყოფიერ გორაკზე, დიდი მონდომებით უვლიდა და ყველა პირობა შექმნა კეთილი ნაყოფის მისაღებად. ასევე ააგო მან კოშკი, საწნახელიც ამოკვეთა, მაგრამ ვენახმა ველური ნაყოფი მოისხა. ესაია ვენახის პატრონის მაგივრად სვამს კითხვას: რა უნდა მექნა მე, კარგი და ნაყოფიერი ყურძნის მომლოდინეს? მსმენელებს პასუხი უნდა გაეცათ, მაგრამ ხვდებოდნენ რა, რომ ნათქვამი მათ უკავშირდებოდა, დუმდნენ. შესაბამისად, ესაიას ბაგეებით ვენახის უფალი იუწყება მსჯავრს ვაზის შესახებ: ‘ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე”. საუკუნეების შემდეგ მაცხოვარი ვენახისა და მისი პატრონის თაობაზე მსგავს იგავს წარმოთქვამს, რასაც მახარებლები აღწერენ.

წმ. იოანე ოქროპირი: რატომ ხდება, რომ ხალხის შეგონების მოსურნე წინასწარმეტყველი, მამხილებელ მოძღვრებას საგალობელს უწოდებს? სამართლიანად მოიქცნენ მოსე და მარიამი, როდესაც გამარჯვების წილ გალობა აღუვლინეს უზენაესს[8]. გასაოცარი ძლევის შემდეგ დებორამაც შეადგინა სამადლობელი ჰიმნი და შემოქმედს მიუძღვნა[9]. ესაია კი, რომელიც მკაცრი, განმაქიქებელი სიტყვების წარმოთქმას აპირებს, საკუთარ მამხილებელ მიმართვას საგალობელს არქმევს. საქმე ისაა, რომ წინასწარმეტყველი ზეგარდამო სიბრძნით ხელმძღვანელობს და ცდილობს, მსმენელის სულს დიდი სარგებელი შესძინოს, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი, ადამიანს მუდამ საკუთარი ცოდვები ახსოვდეს. ამ საქმეში კი ფრიად შეეწევა გალობა. კაცთა მოდგმას ბუნებრივად ახასიათებს მისდამი (გალობისადმი) ტრფიალი. ამიტომაც ბრძენმა მოძღვარმა ისეთი ჰიმნი შექმა, რომ მსმენელს ადვილად დაემახსოვრებინა და მომავალშიც მუდმივად ეღიღინა, რითიც საკუთარი სულის მდგომარეობაზე დაფიქრების შესაძლებლობა მიეცემოდა. ბევრმა წმინდა წერილის ამა თუ იმ წიგნის სახელი არ იცის, მაგრამ დავითის სიტყვებს დაუბრკოლებლად ფსალმუნებს. ესაიას მიზანიც სწორედ ესაა, რაც შეიძლება გასაგებ, მარტივ ენაზე გამოთქვას სათქმელი, რომ ქმედებამ მიზანს მიაღწიოს).

მხ. 1. ‘ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს”.

ვენახი წმინდა წერილის თანახმად, რიგ შემთხვევაში იუდეველ ერს განასახიერებს. ვაზი საუკეთესო ნიადაგზე, გორაკზე იყო გაშენებული, სადაც მზის სხივი დაუბრკოლებლად აღწევდა და ასაზრდოებდა მას. ნიადაგში მთა-გორიანი პალესტინა მოიაზრება, რომელიც უძველეს დროს დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. კლდოვანზეც კი საუკეთესო ხარისხის მოსავალი მოდიოდა და ველური ფუტკრების სიმრავლის მიზეზით თაფლი ღვარად მოედინებოდა.

წმ. ბასილი დიდი: ვინაა შეყვარებული, რომელსაც ესაიამ უნდა უმღეროს? რა თქმა უნდა, მხოლოდშობილი ძე, სრულყოფილი სახიერება, ვისაც ყოველი ესწრაფვის და ვისდამი სიყვარულიც ბუნებრივადაა დანერგილი გონიერ არსებათა სულებში. ვენახს წინასწამრტყველი იუდეველ ერს უწოდებს, რადგან თქმულა: ‘ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის”[10]. იერემიასთანაც იგივე ხალხი ასე განიკითხება: ‘მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე?!”[11]

არსებობს ასეთი გარდამოცემა, რომელიც ეკლესიას დაუწერელი სახით შემორჩა, რომ თითქოს სამოთხიდან გამოძევებული ადამი იუდეაში დასახლდა. ამიტომაც სწორედ ხსენებულმა მიწამ განიკუთვნა პირველად ადამიანის ცხედარი, რაჟამს ღვთის მსჯავრი აღესრულა და ჩვენი პირველმშპობელი გარდაიცვალა. იმავე იუდეაში მცხოვრებ ადამიანებს თვალწინ გადაშლილი სანახაობა დიდად ეუცნაურათ, როდესაც თავის ქალა გარშემო მდებარე რბილი ქსოვილებისგან განიძარცვა. მათ ქალა იქვე განათავსეს და ‘თხემის ადგილი” უწოდეს. სავარაუდოდ, არც ნოესთვის იქნებოდა უცხო პირველმშობლის საფლავი, რომელმაც წარღვნის შემდეგ გაავრცელა ეს ხმა. განკაცებულმა უფალმა ადამიანის მოკვდავობის პირველსაწყისი მოიძია და ვნება სწორედ ე. წ. თხემის ადგილზე მიიღო, რადგან იქ, სადაც კაცის ხრწნილებას დაედო დასაბამი, სამეუფო ცხოვრება დაწყებულიყო და ადამში განძლიერებულ სიკვდილს ქრისტეს გარდაცვალებით დაეკარგა საკუთარი ძალმოსილება. ამიტომაც გორაკზე, ვითარცა მტრისგან თავდაცვის მქონე ადგილზე, აღიმართა ქრისტეს ჯვარი, და - ნაყოფიერ ნიადაგზე, რომელსაც მზისქვეშეთში სამოთხის შემდეგ ყველაზე აღმატებული პატივი მიენიჭა).

მხ. 2. ‘დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა რჩეული ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა, მაგრამ ხენეში ნაყოფი მოისხა”.

აღთქმულ მიწაზე იუდეველი ერის დამკვიდრებამდე ბოროტების უკიდურეს ზღვარს მიღწეული წარმართი ტომები, ქანაანელები, სახლობდნენ. მსგავსად ნიადაგზე მიმოფენილი ქვებისა და სარეველასი, მათ რჩეული ვენახის ნაყოფმსხმოიარობის შეფერხება ან დაღუპვაც კი ძალუძდათ, მაგრამ უზენაესმა თავისი ძლიერი მკლავით გაათვისუფლა და ნაყოფიერი გახადა მიწა. რჩეული ვაზი - ებრაულ ბიბლიაში ხაზგასმული სიტყვის ადგილზე გამოყენებულია ტერმინი სორექ, რაც სეპტანტაშიც უთარგმენლად აისახა[12]. იგი ნაყოფიერებით განთქმული, საუკეთესო ხარისხის ვაზის სახელწოდებაა. მისი მტევანი მცირე ზომის, მაგრამ სიტკბოთი გამორჩეულ მარცვლებს ისხამდა, მოწითალო ცისფერი სითხით. უძველეს დროს პალესტინის ერთ-ერთ ხევს სორექი ეწოდებოდა, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ყურძნის ხსენებული სახეობა ხარობდა[13].

ვენახის შუაგულს ჩადგმულ კოშკში ქვისგან ნაგები მაღალი შენობა მოიაზრება, საიდანაც ბაღის მცველები ყურადღებით აკვირდებოდნენ, რომ მხეცებსა და საქონელს ვენახი არ გაეჩანაგებინათ. სიმბოლურად კი იმავე კოშკში იუდეველი მეფეების სამკვიდრებელი ქ. იერუსალიმი იგულისხმება, სიონის ციხე-სიმაგრით[14].

სავენახეში კოშკთან ერთად ქვის საწნახელსაც აშენებდნენ. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ზედა სართულზე, რომელსაც ებრაულად ეწოდებოდა გაშ, ყურძნის მტევნები თავსდებოდა, საიდანაც სადინრების საშუალებით დაწურული წვენი საწნახელის ქვედა ნაწილში ჩამოედინებოდა, ხოლო შემდგომ შესაბამის ჭურჭლებში გადაჰქონდათ. საწნახელი სიმბოლურად ძველი აღთქმის ტაძარს განასახიერებს, სადაც რჩეულ ერს ღმერთის წინაშე შემუსვრილი სული, დამდაბლებული გული უნდა შეეწირა და ზეციური სიკეთეებით აღვსებულიყო.

წმ. ბასილი დიდი: საუკეთესო ვენახვის დარგვისა და ესოდენ შრომის შემდეგ ჯეროვანი იქნებოდა, ვაზს კეთილი ნაყოფი გამოეღო, რადგან აბრაამის ძეთაგან აბრაამის საქმეებს მოიძიებენ. თუმცა ნაცვლად მოსალოდნელი სახიერი მოსავლისა, ხენეში ნაყოფი მოისხა მან).

მხ. 3-6. შემდგომ მუხლებში აღწერიალია, თუ რა შეემთხვევა უნაყო სავენახეს, როგორ განადგურდება იგი საბოლოოდ.

მხ. 7. ‘რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი – ახალნერგი შეყვარებული. და ესავდა ის სამართალს აჰა - ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა - ღაღადი”.

წმ. ბასილი დიდი: იაკობის სახელები თვადაპირველად იუადასა და ისრაელს შორის დავითის დროს გაიყო, როდესაც საულის გარდაცვალების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი საულის ძეს, ხოლო მეორე ნაწილი დავითს მიემხრო. საბოლოო განცალკევება რობოამისას მოხდა, იერობოამ ნაბატის ძეს ათი ტომი დაუახლოვდა და გაჰყვა. ახალმა მეფემ ისრაელი ცოდვას აზიარა. ამიტომაც იუდეველებს დღემდე გააჩნიათ ორი სახელი, ისრაელი და იუდა. მეოთხე მეფეთა წიგნიდან ირკვევა, რომ ისრაელი მეტად სცოდავდა, რისთვისაც ადრევე იქნა ტყვედ წაყვანილი. ეზეკიელთანაც ისრაელის ცოდვათა გამო 390 დღეა მითითებული, ხოლო იუდას ცოდვათა მიზეზით მხოლოდ 40[15]. ასე რომ, აქაც ველური ნაყოფის გამომღები ვენახი ისარელის სახლია, ხოლო ‘იუდას კაცი” არათუ ვენახია, არამედ - ‘ახალნერგი”, არა აუღორძინებლად მიტოვებული, არამედ – ‘შეყვარებული”. თუ ვინაა ეს ადამიანი, იუდადან გამოსული, ცხოვრებით აყვავებული და მართლაც ‘შეყვარებული”, ეს არაა ძნელი დასანახი იმისთვის, ვინც მსგავს ჭვრეტაში იწვრთნება).

‘და ესავდა ის სამართალს აჰა - ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა - ღაღადი”.

წმ. ბასილი დიდი: რადგან სოლომონის სიტყვისამებრ - @მართალთა ზრახვები სამართალია^ (იგავ. 12.5), გვმართებს, ყოველივე განსჯის შედეგად აღვასრულოთ და არაფერი მოვიმოქმედოთ განუსჯელად, რადგან განუსჯელ და დაუფიქრებელ ცხოვრებას უკანონობა სდევს თან. და ვინც კეთილ სწავლებას არ მიჰყვება და მონიჭებული რჯულის კანონებით არ განსჯის, თუ რა უნდა აკეთოს და რა - არა, უშჯულოებას მოქმედებს ასეთი, და განა სიმართლის აღმსრულებელია, არამედ მღელვარებაში, ამბოხსა და დაპირისპირებაში იმხილება. რატომ არის, რომ სამართლიან სასამართლოს განაჩენის მყუდროებით შემწყნარებელ ბრალდებულთა სიმშვიდე სდევს, ხოლო უსამართლო სამსჯავროს კი - მიღებული გადაწყვეტილებით განპირობებული ყვირილი და მღელვარება?).

მხ. 8-30. მიუხედავად ვენახის შესახებ იგავის დასრულებისა, ესაია თემატურად კვლავ იმავე მოვლენაზე საუბრობს და იუდეის მომავალი უბედურების თაობაზე იუწყება.

წინამდებარე ქადაგების წარმოთქმისას იუდაში იოთამი მეფოდა. იგი ღვთივსათნო მმართველი იყო, რისთვისაც უზენაესისგან მრავალი წყალობა მიიღო: გაამაგრა ქალაქი იერუსალიმი და მისი შემოგარენი, გადაიხადა რამდენიმე წარმატებული ბრძოლა, მამა-შვილმა, ოზიამ და იოთამმა, თანამმართველობისას სძლიეს ფილისტიმელებს, მოგვიანებით იმავე იოთამმა ამონიტელებიც დაიმორჩილა. თვალსაჩინო წარმატებების მიუხედავად, ესაია გულისტკივილს გამოთქვამს, რადგან იერუსალიმის ქუჩებში გამარჯვებული მეფის მისაგებებლად გამოსული ბედნიერი ხალხისგან განსხვავებით, წინასწარმეტყველს უპოვარი და მშიერი ადამიანების განწირული ღაღადი ჩაესმის. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოში ძირითად წარმატებას ესაიას მონათესავე ახალგაზრდა არისტოკრატები აღწევდნენ, რომლებიც მოგებული ომების შედეგად დიდძალ სიმდიდრეს იუნჯებდნენ. ამავდროულად ამ ადამიანების ფინანსური მდგომარეობა ხორბლის ‘ბიზნესის მონოპოლიით” უმჯობესდებოდა და მათ მთვარ საზრუნავს დიდი რაოდენობით მიწების შეძენა-დასაკუთრება წარმოადგენდა. ხსენებული მიზნით ახალგაზრდა მაღალჩინოსნები თანამოქალაქეებს სასტიკად ექცეოდნენ და მათ პირად ქონებას, მიწის ნაკვეთებს, ესაკუთრებოდნენ. მსგავსი ქმედებებით მოსეს რჯული ირღვეოდა, რომლის თანახმადაც, თითოეული იუდაური ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ აღთქმული ქვეყნის განაწილებისას მიღებული მიწა უნდა ყოფილიყო, თუმცა კანონის წინააღმდეგ მოქმედი პირები რჯულის მოთხოვნას ყურადაღებას არ აქცევდნენ. ელიტარული ფენის წარმომადგენელი იუდეველი ახალგაზრდები მთელი არსებით ასურეთს ელტვოდნენ და საკუთარ იდეალს ხედავდნენ სახელმწიფოში, რომელიც მათ თანატომელებს, ისრაელის სამეფოს, მიწის პირიდან აღმოფხვრას უქადდა. ესაია სწორედ ქვეყნიური კეთილდღეობით მოხიბლულ ადამიანებში ცდილობდა სინდისის ხმის გამოღვიძებას.

მხ. 8-10. ‘ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!”

რჯულის თანახმად სახლების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ კედელშემოზღუდულ ქალაქში იყო ნებადართული. მიწების განაწილებისას ერთ-ერთი მიზანი სოციალური თანასწორობის დამკვიდრება იყო, რომ არავის გასჩენოდა სხვისი საკუთრების დაუფლების სურვილი. თუმცა სინამდვილეში მოვლენები სხვანაირად ვითარდებოდა და სწორედ ამ რეალობას ამხელდა წინასწარმეტყველი.

მხ. 11-12. ‘ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ”.

იუდაში ვაზის სიმრავლის მიზეზით დიდი ოდენობით ღვინო იწურებოდა. სოლომონის დროიდან დამკვიდრებული მდიდრული სუფრების შემდეგ ებრაელთა შორის სასმელისადმი მიდრეკილება ჩვეულებად იქცა. ამ სენით მშვიდობიანობისას განსაკუთრებით მაღალჩინოსნები იყვნენ შეპყრობილნი. ესაიას მხილების ობიექტს მოცემულ შემთხვევაში სწორედ ხსენებული გაუკუღმართება წარმოადგენს.

მხ. 18-19. წინასწარმეტყველი საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს მთელი არსებით შეაგონებდა, ხოლო ისინი იღიმოდნენ და ამბობდნენ: რატომ უნდა ვთქვათ უარი ამაქვეყნიურ სიამოვნებებზე მომავალში, ოდესღაც მოწევნადი გაუგებარი განსაცდელის გამო?! საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულნი, ეს ადამაინები არა მარტო ესაიას, არამედ უფალსაც აბუჩად იგდებდნენ: ‘ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ”.

მხ. 21. ვაი მას, ვინც საკუთარ თავს, ვითარცა ბრძენსა და ძლიერს, ესვას, ხოლო შემოქმედი ღმერთი დაჰვიწყებია და მის რჯულს არარად მიიჩნევს.

მხ. 24-25. საშინელი იქნება ურჩობით გამოწვეული ღვთის რისხვა. მიცვალებულთა გვამებით იქნება მიმოფანტული იერუსალიმის ქუჩები.

მხ. 26-30. დადგება ჟამი, როდესაც იუდეაში დაუნდობელი მტერი შემოიჭრება შორეული ქვეყნიდან. რჩეული ერი წარმართი ხალხების, განსაკუთრებით წარმატებული ძლიერი სახელმწიფოების, ზნე-ჩვეულებას ეტრფოდა და ითვისებდა. უფალი, რომელიც მათგან ერთგულებასა და სიყვარულს მოელოდა, განდგომილების მიზეზით სწორედ ძლიერი წარმართული სახელმწიფოს ხელით დასჯის ურჩობის გამო. მოულოდნელად გამოჩენილი ძალა, რომელიც ლომს უდარდება, ისეთი შემმუსვრელი იქნება, რომ ყველასა და ყველაფერს წალეკავს საკუთარ გზაზე. ამ ძალაში ასურელები მოიაზრებიან.

გაგრძელება →



[1] მე-6 თავში გადმოცემული ცნობების თანახმად, ეასიამ იცის, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა, ერის უდიდესი ნაწილი არ შეინანებს (შდრ. ‘თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში. კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი” ეს. 6. 9-13).

[2] იგულისხმება თორმეტივე ტომი, იუდასა და ისრაელის სამეფოები.

[3] შდრ. 4 მეფ. 15.37; 16.5.

[4] ანუ იმაში, რომ ძველაღთქმისეულ ყოვლადდასაწველს არ გააჩნდა ძალა, ადამიანის დაცემული ბუნება შეეცვალა და განეახლებინა.

[5] ფსალ. 50.19.

[6] შდრ. Gრ. კაი< დეუ~ტე კაი< დიელეგცქწ~მენ, ლე>გეი კუ>რიოვ, კაი< ეჯა<ნ წ+სინ აიჟ აჟმარტი>აი უჟმწ~ნ წჟვ ფოინიკოუ~ნ, წჟვ ციო>ნა ლეუკანწ~, ეჯა<ნ დე< წ+სინ წჟვ კო>კკინონ, წჟვ ე]რიონ ლეუკანწ~.

[7] იხ. ლევ. 19.26; II რჯ. 18. 12-14.

[8] გამოს. 15.1.

[9] მსაჯ. 5.

[10] ფს. 79.9.

[11] იერ. 2.21.

[12] შდრ. …ეჯფუ>ტეუსა ა]მპელონ სწრჰც (შდრ. ძვ. ქართ. ‘…დავჰნერგე ვენაჴი სორექი”).

[13] შდრ. ‘ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა” (მსაჯ. 16.4).

[14] იერუსალიმს კოშკად (გოდოლი) მიქა წინასწარმეტყველიც იხსენიებს. შდრ. ‘შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს” (მიქ. 4.8).

[15] შდრ. ეზეკ. 4. 5-6.

ტეგები: Bible, Esaia, Holy, Prophet, Qwelly, ბიბლია, განმარტება, ეგზეგეტიკა, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 816

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters