← განმარტების დასაწყისი

 

თავი 5

მხ. 1-3. ‘ისმინეთ ეს სიტყვა, რომელსაც ვამბობ თქვენზე როგორც საგოდებელს, ისრაელის სახლო! დაეცა, ვეღარ დგება ისრაელის ქალწული; მიწაზეა განრთხმული, არავინაა მისი წამომყენებელი! რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ქალაქს, ათასის გამომყვანს, ასიღა შერჩა და ასის გამომყვანს ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან" .

წინასწარმეტყელი მსმენელს ისრაელის სამეფოს დაცემის მიზეზით წარმოთქმული გოდების მოსასმენად იხმობს. მიუხედავად იმისა, რომ იერობოამ II-ის დროს ჩრდილოეთის სახელმწიფომ დიდების მწვერვალს მიაღწია, ამოსი მასზე ახლო მომავალში მოწევნად უბედურებას სულიერი თვალით განჭვრეტს და წინასწარ იწყებს თანატომელთა გამოტირებას. მოსმენილი სიტყვები მსმენელებზე შემაძრწუნებელ გავლენას ახდენდა, მათ ვერ გაეგოთ, რატომ მწუხარებდა მეზობელი სამეფოდან სტუმრად მოსული პიროვნება, როდესაც, ერთი შეხედვით, თითქოს ამის არანაირი მიზეზი არ არსებობდა.

სამგლოვიარო გოდება, რასაც სიმღერის სახით გამოთქვამდნენ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ებრაელებისთვის. მას მიმართავდნენ ნათესავის, მეგობრის გარდაცვალებისას. მეფე დავითი, შეიტყობს რა საულისა და იონათანის გარდაცვალებას, უდიდესი მწუხარებით დაიტირებს მამა-შვილს: ‘საულ და იონათან, საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან, არწივზე უსწრაფესნი, ლომზე უძლიერესნი".

პავლე იუნგეროვი: ამოსი ისრაელის მოსახლეობას ქალწულს ადარებს. წინასწარმეტყველი, დარწმუნებულია რა ხსენებული ქალწულის დაცემაში, ამჯერად განსაცდელის გარეშეუქცეველობაზე მიუთითებს. ნეტარი იერონიმეს სიტყვით, ‘ქალწულად იუდეველი ერი იწოდება არა იმიტომ, რომ ზნეობრივ სიწმინდეს იცავდა იგი, არამედ, მსგავსად ქალწულისა, ღმერთთან ოდესღაც წინდობით იყო დაკავშირებული. და ამოსს მითითება ეძლევა, რომ გოდებდეს მისთვის, რადგან ვერასოდეს დაუბრუნდება საკუთარ ქალწულებრივ მდგომარეობას". შემდეგ წინასწარმეტყველი მოკლედ გადმოქვცემს, თუ როგორი იქნება ისრაელის დაცემა: ქალაქი, რომელიც ბრძოლაში ათას მეომარს აგზავნიდა, ასზე მეტს ვეღარ მიავლენს, ხოლო ასის წარმვლენი ოდენ ათ მეომარს შეკრებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ისრაელის მოსახლეობა ათჯერ შემცირდება. აღნიშნული მოვლენა სალმანასარის მიერ სამარიის დაპყრობის შედეგად განხორციელდა, როდესაც მოსახლეობის სიმცირის გამო ყოფილ ისრაელის სამეფოში მტაცებელი ცხოველები გამრავლდნენ).

მხ. 4-6. ‘რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით! ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბერშებაში ნუ დაიარებით; რადგან დატყვევდება გილგალი და ბეთელი გაცამტვერდება. ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით, რომ ცეცხლივით არ წაეკიდოს იოსების სახლს შთასანთქმელად, რადგან არავინ იქნება ჩამქრობი ბეთელში".

პავლე იუნგეროვი: ღვთის წინაშე ისრაელის უკეთური საქციელის შესახებ საუბრისას ამოსი ბეთილში, გილგალსა და ბერსაბეში სიარულზე მიუთითებს. ბეთილისა და გილგალის თაობაზე ადრეც ითქვა. რაც შეეხება ბერსაბეს, იგი პალესტინის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა, იუდეის სამეფოს ეკუთვნოდა და მამამთავართა სახელებს, აბრაამს, იოსებსა და იაკობს, მათდამი ღვთის გამოცხადებას უკავშირდებოდა. მაგრამ ხსენებულ წმინდა ადგილზე უკანონო საკურთხევლები - სიმაღლეები აღემართათ, რომლებიც შემდგომში იუდეის ერთ-ერთმა უღირსეულესმა მეფე იოშიამ გაანადგურა. ბერსაბეში მისასვლელად ისრაელის მკვიდრებს მთელი იუდეა უნდა გაევლოთ და მიუხედავად ამგვარი გულმოდგინებისა, საღვთო რისხვა მათ მაინც ვერ დააცხრეს. შედეგად, ე. წ. სამლოცველო ადგილები დამხობილი იქნება: გილგალის მკვიდრებს ტყვედ წაასხამენ, ხოლო ბეთილი არარაობად იქცევა. ბერსაბეზე, როგორც იუდეის სამეფოს კუთვნილი ქალაქის შესახებ, წინასწარმეტყველი არაფერს ამბობს. მაგრამ ისრაელის მკვიდრებმა ბეთილისა და გილგალის აღმოფხვრის შესახებ ცნობა მხოლოდ ამ ორი ქალაქის განდგურების თაობაზე უწყებად რომ არ მიიღონ და თვითნებური ღვთისმსახურებისთვის მათ მაგივრად სხვა ქალაქები არ შეარჩიონ, ამოსი მთელი ისრაელის სამეფოს დაღუპვას იუწყება: განრისხებული ღმერთი თითქოსდა ცეცხლით გადაწვავს იოსების სახლს).

მხ. 18-20. ‘ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი. როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში" .

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამოსის მიერ არაერთგზის გაჟღერებული მუქარის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ისრაელიცა და იუდაც განადგურდება, მოსახლეობა ამ დღის დადგომას ნატრულობდა და ამბობდა, რომ ძალუძთ, ნებისმიერ მტერს გასცენ საკადრისი პასუხი, რომ არ არსებობს განსაცდელი, რისი გადალახვაც მათთვის შეუძლებელია, თუმცა ამოსი მსმენელს აფრთხილებს, რომ ეს დღე არათუ ნათელი იქნება იუდეველთათვის, არამედ მათ ყოფას უმძიმესი განსაცდელებით დააბნელებს).

ნეტარი იერონიმე: იუდეველნი ტყვეობის დღეს ნატრულობდნენ, ამბობდნენ: ნეტავ მალე დადგებოდეს ჟამი, რაზეც წინასწარმეტყველები მიუთითებენ. ამ ადამიანებმა, უგუნურების მიზეზით, საღვთო ჭეშმარიტებასთან ნაზიარებ მოღვაწეთა მიერ გამოთქმული მანუგეშებელი სიტყვები, სადაც მომავალში განსახორციელებელი მესიანური მოვლენების შესახებ იყო საუბარი და ადამიანის სულიერ კეთილდღეობას, ცოდვის, სიკვდილის მონობისგან გამოხსნას იუწყებოდა, მატერიალური სიკეთის გარანტად აღიქვეს და საკუთრივ ტყვეობის შემდგომ პერიოდს დაუკავშირეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუკი ღმერთი იუდეველ ხალხს ესოდენ წყალობას ჰპირდება, მცირეოდენი განსაცდელის დათმენას წინ არაფერი უდგას, ცოტას გავიჭირვებთ და მერე არხეინად ვიცხოვრებთ. შესაბამისად, ამოსი მსმენელებს განუმარტავს, რომ უფლის დღე, რასაც ხალხი სიხარულით შეჰნატრის, ბნელი იქნება და არა ნათელი, რადგან ტყვეობის შემდგომი პერიოდი, რომელსაც მოსახლეობა ყალბი წარმოდგენებით ასე მოელის, სინამდვილეში დიდი ტკივილისა და განსაცდელების მიმნიჭებელი აღმოჩნდება, რაც იუდეველთა შემდგომმა ისტორიამ ცხადად დაადასტურა).

პავლე იუნგეროვი: იუდეველებს დიდად ეწადათ წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები უფლის დღის დადგომა და ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამ ჟამს მიჰმადლებდა მათ უფალი ძლევასა და ბატონობას ყველა სხვა ხალხებზე და, ამასთანავე, ქვეყნიურ საბოძვარსაც არასოდეს მოაკლებდა. მუსრავს ამოსი ასეთ ცრუ შეხედულებებს და მსმენელს არწმუნებს, რომ ცოდვილი ისრაიტელებისთვის უბედურების მეტს არაფერს მოიტანს ხსენებული დღე. უფლის მსჯავრის დადგომისას ისრაელის მოსახლეობა მრავალი მომაკვდინებელი განსაცდელით გარემოიზღუდება, მსგავსად ადამიანისა, რომელიც ველად გავიდა, ლომს გადაეყარა და გაექცა მას, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად დათვი შემოეგება, რომელსაც ასევე დაუსხლტა, სახლში მისული და კედელს მიყრდნობილი კი გველმა დაგესლა).

იღუმენი არსენი: გამოთქმა უფლის დღე, რომელიც ხშირად გვხვდება საწინასწარმეტყველო წიგნებში და ყველა იუდეველის მიერ შემეცნებული იყო როგორც გამარჯვების ნათელი დღესასწაული, უეცრად ამოსთან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით წარმოჩნდება – ვითარცა ტკივილის, გლოვისა და სიბნელის დღე.

რა გახდა შინაარსის ამგვარი ცვალებადობის მიზეზი? უფლის დღე (ებრ. Iოიმ Iაჰვე) უაღრესად მნიშვნელოვანი გამოთქმაა საწინასწარმეტყველო მოძღვრებაში და სწორედ ამოსის წიგნში ვხვდებით მას პირველად. თეკოიელი მწყემსი იყენებს შესიტყვებას, რომელიც თანამედროვეთა შორის საყოველთაოდ იყო ცნობილი და, ერთი შეხედვით, აღნიშნულ ტერმინს არ სჭირდებოდა რაიმე განმარტება, რადგან რიგით მსმენელებსა და მკითხველებს მშვენივრად ესმოდათ, რას შეეხებოდა მსჯელობა. თანამედროვე ბიბლეისტიკაში, გერმანელი მეცნიერის, გერხარდ ფონრადის სტატიით დაწყებული, მიღებულია მოსაზრება, რომ უფლის დღე განიმარტოს როგორც სამხედრო ტერმინი, ვითარცა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობა ‘წმინდა ომის" კონცეფციისა. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ისრაელის ომს თავად უფალი აწარმოებს, ტრადიციულია ბიბლიისთვის. სახალხო წარმოდგენაში უფლის დღე ეს იყო ისრაელის გარშემომზღუდავ მტრებზე ღვთის გამარჯვება, ხოლო ესქატოლოგიური მნიშვნელობით – ყველა მტრის დამარცხება. საუკეთესო მოლოდინებს უკავშირებდა ერი უფლის დღეს, მაგრამ წინასწარმეტყველი ილუზიას განაქარვებს, ის მთლიანად ცვლის გულუბრყვილო შეხედულებას და მწარე ირონიას მიმართავს. არ უნდა ტყუვდებოდნენ ისრაიტელნი საკუთარ მტერზე ტრიუმფის ამაო მოლოდინში, - ამბობს ამოსი, - რადგან არათუ ნათელი იქნება უფლის დღე მათთვის, არამედ ბნელი. რატომ? იმიტომ, რომ ამიერიდან განა ისრაელის მხარეს იბრძოლებს ღმერთი, არამედ პირიქით – საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მათი მტრების მხარდამხარ. ამრიგად, ამოსი უფლის დღეში ხალხში საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების სრულიად საპირისპირო მნიშვნელობას მოიაზრებს. მაშ, როგორ უნდა გვესმოდეს უფლის დღე? ნათელია იგი თუ ბნელი? პასუხი აღნიშნული დღის მომლოდინეთა ზნეობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და თუკი ვითარება იერობოამ II-ის მეფობის დროინდელი ისრაელის მსგავსია, ასეთებისთვის ბნელია იგი და არა ნათელი. ამოსის კვალად უფლის დღეში ნეგატიურ მნიშვნელობას ხედავენ წინასწარმეტყველები სოფონია და იოელი: ‘უფლის რისხვის დღე" (სოფ. 2.2), ‘უფლის შურისგების დღეს" (სოფ. 2.3) და ა. შ. ‘ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან" (იოელ. 1.15), ‘ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება. დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში" (იოელ. 2. 1-2) და ა. შ. სოფონიასა და იოელისთვის უფლის დღე ახალბაბილონური იმპერიის მათ სამშობლოზე, იუდეაზე, გამარჯვების დღეა, როგორც საუკუნეებით უწინარეს ამოსისთვის იყო იგივე ტერმინი ისრაელის ასურელთაგან დამონების მაუწყებელი. ბოლო დროის წინასწარმეტყველთაგან ზაქარია იყენებს ხსენებულ შესიტყვებას, რაშიც იერუსალიმზე მომავალ უბედურებებს მოიაზრებს. ესპანელი ღვთისმეტყველები ალონსო შოკელი და სირკე დიასი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამოსი უფლის დღეში რომელიმე იუდაურ სატაძრო დღესასწაულს მოიაზრებდა.

‘როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს…", - ცხოველთა ხსენებული სამი სახეობით, რომლებთანაც შეხვერდა ადამიანისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა, წინასწარმეტყველი უფლის დღის გარდაუვალ დადგომას მიუთითებს. შეუძლებელია ლომს გაექცე, მგრამ რომც მოხდეს ასე, სულაც არ ნიშნავს გადარჩენას – დაღუპვა უეჭველად დათვის ხელით აღესრულება, ვთქვათ, მასაც გაერიდე, ერთი შეხედვით, სამშვიდობოს მისულს, სახლში, გველის გესლი მოგაკვდინებს. ასე რომ, ვერ გადაურჩება ისრაელი უბედურებას.

ოდესღაც პალესტინასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში ლომები და დათვები ბინადრობდნენ. როგორც წმინდა წერილით, ასევე გარდამოცემის გზით საკმაოდ ხშირად ვგებულობთ ამის შესახებ. ხსენებული ცხოველები ყველაზე სახიფათონი იყვნენ აღთქმულ მიწაზე. მათი განადგურება, დაახლოებით, ათასი წლის წინ მოხდა. ისრაელში მცხოვრები სიძველეთა მკვლევარი და ბრწყინვალე გიდი - ელენე ხალფენი ვარაუდობს, რომ პალესტინაში მობინადრე უკანასკნელი ლომები და დათვები ჯვაროსანთა შუბებითა და მახვილით განადგურდნენ. რაინდთა სამოსში გამოწყობილებსა და დიდი ჟინით შეპყრობილებს, მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, ქალბატონების წინაშე საკუთარი სიმამაცე მოკლული მხეცების ტყავით დაემოწმებინათ. დღესდღეისობით ხსენებული სამი სახეობიდან აღთქმულ მიწაზე მხოლოდ გველებია დარჩენილი).

მხ. 25-27. ‘განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო? დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთების ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს. ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი" .
მითითებული მუხლები ‘საქმე მოციქულთას" წიგნში გვხვდება . ამოსი წარმოდგენილი სიტყვებით ცდილობს, მსმენელებში კიდევ ერთი გაუკუღმართება აღმოფხვრას. კერძოდ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ უფლის წინაშე მხოლოდ შესაწირის მიტანაა საკმარისი და ღმერთი ადამიანს ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს. აღნიშნული საკითხის განსამარტად წინასწარმეტყველი იუდეველი ერის წარსულს იგონებს, თუ როგორ განეკუთვნათ მათ სასჯელად უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა. თხრობის მთავარი არსი ისაა, რომ მიუხედავად უდაბნოში აღსრულრბული მსხვერპლშეწირვებისა, ეს სასჯელი (ორმოცწლიანი მოგზაურობა) მაინც არ გაუქმებულა. თუ ცალკე აღებული ლიტურგიკული ქმედება საკმარისია იმისთვის, რომ საღვთო მსჯავრი აღიხოცოს, მაშინ იუდეველები უდაბნოში აღვლენილი მსხვერპლის წილ ქანააში გაცილებით ადრე უნდა შესულიყვნენ... აქვე შეგვიძლია კაენისა და აბელის შესაწირი გავიხსენოთ. უფალმა მათგან მხოლოდ ერთი შეიწყნარა, რითიც ნათლად წარმოჩინდა, რომ ცალკე აღებული ლიტურგიკული ქმედება, მასში მონაწილე ადამიანის პიროვნული მოღვაწეობის გარეშე, ნაკლულია და მხოლოდ იგი ვერ გახდება ადამიანისთვის მადლის მიმნიჭებელი.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წარმოდგენილ მუხლებში საუბარია იუდეველთა არაბეთის უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობის შესახებ. ამოსის ბაგეებით უზენაესი მსმენელს უცხადებს, რომ სინასთან მიღებული მცნება მსხვერპლთა შეწირვის თაობაზე რჩეული ერის აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრების შემდეგ უნდა შესულიყო ძალაში. რაც შეეხება უდაბნოში აღვლენილ მსხვერპლს, ეს იუდეველთა ნება-სურვილით ხდებოდა და არა რჯულდებითად. უფალი ამით იუწყება, რომ მსხვერპლშეწირვა, როგორც ებრაელებს მიაჩნდათ, არასაკმარისია და გაცილებით მეტია საჭირო ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის დასამყარებლად.

ამოსი მსმენელს ასევე ახსენებს უდაბნოში მათ წინაპართა მიერ გამოვლენილ კერპმსახურებას - „მოლოქისა და ქიუნის კერპები". რომელ კერპებზეა აქ საუბარი? მას შემდეგ, რაც მოსე და ისუ ნავესი მთაზე ადიან, აარონის ხელმძღვანელობით დარჩენილი ხალხი ამ უკანასკნელს კერპის აღმართვას მოსთხოვს . აარონი ოქროს ხბოს ჩამოასხამს, მაგრამ გარდა ამ კერპისა იუდეველებმა სხვა კერპებიც გაიმზადეს. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, თუ საიდან ჩანს ყოველივე ეს? მთიდან ჩამოსული მოსე ჯერ აარონს უსაყვედურებს, შემდეგ კი უფლისკენ მიიქცევა და ამბობს: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა". ჩამოსხმული იყო ხბო, მაგრამ მოსემ კარგად იცოდა, რომ მისმა ხალხმა სხვა „ღმერთებიც" აღმართა. იგივეს გვამცნობს სტეფანე პირველმოწამეც . აქედან ცხადია, რომ იუდეველებმა უდაბნოში მოლოქის კარავი აღმართეს, მასში კერპი განათავსეს და მოლოქი უწოდეს. ის მოაბიტური კერპი იყო, რომელსაც შუბლის ზედა ნაწილში ძვირფასი ქვა ჰქონდა ჩამაგრებული. აღნიშნული სახელი ითარგმანება როგორც ‘მათი მეფე". თავად ეს კერპი დილის ვარსკვლავის სახეს წარმოადგენდა. რაც შეეხება მეორე სახელს - რემფა, იგი შინაარსობრივად დაბრმავებას ნიშნავს. ამოსის წიგნის ებრაულ ტექსტში, შესაბამის ადგილზე გვხვდება ტერმინი ქიუნი. მისი წარმომავლობა უცნობია და მხოლოდ ამოსთანაა გამოყენებული. 70-თა თარგმანში იმავე ადგილას ზემოთმითითებულ რემფას ვკითხულობთ, როგორც ჩანს რემფაცა და ქიუნიც ერთი და იმავე კერპის განსხვავებული სახელებია).

ნეტარი იერონიმე: წინამდებარე ადგილი გვატყობინებს, რომ მსხვერპლი და ძღვენი, რასაც იუდეველნი უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობისას აღავლენდნენ, ეკუთვნოდა არა ღმერთს, არამედ მოლოქს, რომლის კარავსაც ისინი დაატარებდნენ. თუ როგორი გამოსახულება ჰქონდა აღნიშნულ კერპს, ამას შემდეგი სიტყვები ცხადყოფს: ‘თქვენი ღმერთების ვარსკვლავს". ხაზგასმული სიტყვის ადგილზე ბიბლიის ებრაულ ტექსტში გვხვდება ტერმინი ცოცჰაბ, რაც ლუციფერს ანუ დილის ვარსკვლავს ნიშნავს).

პავლე იუნგეროვი: ამოსის წიგნი, მასში აღნუსხული მრავალი უწყებითურთ, ერთი კონკრეტული თავისებურებითაც გამოირჩევა. კერძოდ, წინასწარმეტყველი მთელ რიგ ისეთ მოვლენებს გვაუწყებს, რაც ძველი აღთქმის სხვა წიგნებში არსად დაფიქსირებულა. მაგალითად, ისრაელის სამეფო საწმინდართა ორგიებითა და სიმთვრალით შეურაცხყოფის შესახებ უწყებას მხოლოდ ამოსთან ვხვდებით და არც ერთ წინასწარმეტყველს ისრაელისა და იუდას არსებობის მანძილზე მსგავსი დანაშაულის თაობაზე არაფერი უთქვამს. მექრთამეობა, ღარიბ მოსახლეობაზე ძალადობა, დაბალი სოციალური ფენის დაუნდობელი ჩაგვრა მხოლოდ ამოსის წიგნშია ნაუწყები შთამბეჭდავი სახით. კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა: იუდეველი ერის მიერ ორმოცწლიანი მოგზაურობისას მოლოქის კერპისა და რემფა ვარსკვლავის ტარების შესახებ ცნობაც წმინდა წერილის ერთადერთ წიგნში, ამოსთან მოგვეპოვება...

წინასწარმეტყველი იმ მიზეზით ამხელს იუდეველებს, რომ ისინი ჯერ კიდევ უდაბნოში მოგზაურობისას, ღვთისგან გაჟღერებული მცნებების მსმენელნი, მანათობელ ქმნილებებს სცემდნენ თაყვანს, მათ სახელზე კერპებს აგებდნენ კარვებითურთ, სადაც ამ კერპებს ათავსებდნენ და ასე მოგზაურობდნენ უდაბნოში, მსგავსად ლევიტელებისა, რომლებსაც აღთქმის კიდობანი და კარავი დაჰქონდათ. იუდეველებს ვარსკვლავური კულტის შეთვისება ეგვიპტელთაგან ძალუძდათ, რომლებიც უძველესი დროიდან მისდევდნენ ამგვარ კერპმსახურებას. ჰეროდოტე და დიოდორე სიცილიელი ეგვიპტელთა შორის მზის, მთვარისა და ვარსკვლავების თაყვანისცემის ფართოდ დამკვიდრებული ტრადიციის შესახებ გვამცნობენ. ისინი კარვებსა და გადასატან კიდობნებს ამზადებდნენ და სადღესასწაულო პროცესიისას სხვადასხვა ღმერთის კერპებს დაატარებდნენ. ასე რომ, ამოსის თანამედროვე იუდეველთა სისხლში, ჯერ კიდევ შორეული წინაპრების კვალად, ღვთისადმი ურწმუნოებისა და წარმართობისკენ სწრაფვის ვნება ბობოქრობდა).

მღვდ. იოანე პობედინსკი: მოსეს არსად უხსენებია უდაბნოში მოლოქისა და რემფასადმი იუდეველი ერის მსახურების შესახებ, ამიტომაც ზოგიერთები აღნიშნულ ბიბლიურ წინადადებას ასე თარგმნიან: ‘თქვენ ორმოცი წლის მანძილზე მოქგონდათ ჩემთან მსხვერპლი და შესაწირავი, მაგრამ ამჯერად მოლოქის კარავი გიტვირთავთ … ამიტომაც გადაგასახლებთ დამასკოს იქით". თუმცა ასეთი თარგმანი შეუსაბამოა ებრაულ ტექსტთან, რადგან 1. მასში წინადადება კითხვითი სახითაა წარმოდგენილი. 2. ამოსის დროინდელ ისრაელის სამეფოში მოლოქისა და რემფას კერპების არსებობა ისტორიულადაც დაუდასტურებელი მოვლენაა. 3. პირველმოწამე სტეფანე კერპმსახურებაში არა ამოსის, არამედ მოსეს თანამედროვეებს ამხელს . მოსე ხუთწიგნეულის მრავალ ადგილზე ადასტურებს, რომ იუდეველები სინასთან მიღებულ რჯულს არცთუ დიდი გულმოდგინებით იცავდნენ. იგი თანატომელებს განსჯის, რადგან უდაბნოში, სადაც სურდა მავანს, იქ სწირავდა მსხვერპლს ,მაშინ როდესაც რჯულის თანახმად მხოლოდ კარავთან უნდა მომხდარიყო მსხვერპლის მიტანა . სხვაგან აშკარად ამხელს იმავე ხალხს კერპმსახურებაში . იმავე უკეთურებაში სდებს ბრალს ამოსის თანამედროვე ებრაელებს ეზეკიელი . ეგვიპტიდან გამოსული იუდეველების შეცოდებებზე მოსე დეტალურად არ საუბრობს, როგორც ღვთისაგან უკვე განსჯილ თაობაზე. და საერთოდ, სინას მთიდან განშორების შემდგომი მოვლენების თაობაზე ხუთწიგნეულში მხოლოდ მცირედი რამაა თქმული).

თავი 6

მხ. 1-6. ‘ვაი უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე, სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები? ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს ან დააჩქარო მძლავრობის მეუფება? განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი. სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება" .

წინასწარმეტყველი მითითებულ ადგილზე ისრაელის სამეფოს წარჩინებულებს იოსების ძმებს ადარებს,ხოლო ჩაგრულ ხალხს თავად იოსებს. წინასწარმეტყველთა სიტყვაში ხშირად ვხვდებით წარსული ისტორიული მოვლენების ფონზე აწმყოში მიმდინარე პროცესების განხილვას. როგორც ოდესღაც ძმები განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ იოსებს, ასევე მოქმედებენ წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველნი. ამოსი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულქვაობის წარმოსაჩენად ბიბლიური თხრობიდან შესაბამის ამბავს იგონებს, რასაც თავის მხრივ საოცარი გამომსახველობით აღწერს რჯულმდებელი მოსე: მას შემდეგ, რაც ძმებმა იოსები ჭაში ჩააგდეს, წერილი მათ სულიერ მდგომარეობას ერთი წინადადებით წარმოაჩენს: ‘დასხდნენ ისინი პურის საჭმელად" . თუმცა ძმების სისასტიკე მომდევნო მუხლებში უფრო მძაფრადაა ნაჩვენები, ისინი იოსების ცხვრის სისხლში გასვრილ ჭრელ შესამოსელს თავიანთ მამას, იაკობს, გაუგზავნიან და შეუთვლიან: ‘ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?"

წინასწარმეტყველები ხშირად იმეორებენ სასჯელის გარდაუვალობას. საქმე ისაა, რომ ისინი ზრუნავენ ერზე, საზოგადოებაზე, ადამიანზე, იქნებ ვინმე, თუნდაც ერთი ადამიანი, გამოფხიზლდეს, მოიქცეს და ჭეშმარიტების გზა ირჩიოს.

თავი 7

იუნგეროვი: წინამდებარე თავიდან ამოსის მიერ ნანახი ხუთი ხილვის აღწერა იწყება. პირველი ოთხი ხილვის დასაწყისი ასეთია: ‘ასე მახილვინა უფალმა" და მათში ისრაელზე მოწევნადი მძიმე სასჯელების შესახებაა უწყება, ხოლო ბოლო, მეხუთე გამოცხადებისას ამოსი ამბობს: ‘ვიხილე უფალი" და იგი ისრაელის დაცემისა და შემდგომი ამაღლების თაობაზე გვამცნობს. განმმარტებლებს გარკვეული განსხვავება პირველ ოთხ ხილვაშიც შემოაქვთ. პირველი ორის თანახმად წინასწარმეტყველის ლოცვის შემდეგ ისრაელს წყალობის შესახებ ეუწყება და მათი დანიშნულება იუდეველთა დამდაბლება და ღვთისაკენ მიქცევა იყო, ხოლო შემდგომი ორის მიხედვით ამგვარი წყალობა რჩეულ ერს აღარ მიემადლება და ისრაელი დაღუპვისთვისაა განწირული. ბოლო, მეხუთე ხილვა კი საღვთო განგებულებას წარმოაჩენს ისრაელისა და მთელი კაცობრიობის გამოხსნის თაობაზე).

მეშვიდე თავიდან წინასწარმეტყველი ხუთი გამოცხადების თაობაზე მოგვითხრობს.

მხ. 1-3. ‘ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ. როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი. გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა".

ამოსი აღგვიწერს, რომ სამეფო თიბვების შემდეგ, გვიანი ბალახის ამოზრდისას, მან იხილა, თუ როგორ შეესია სამეფოს კალიების საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა წინასწარმეტყველის ვედრებით ეს საფრთხე ისრაელისგან გარემიიქცა. პალესტინაში ბალახი საკამოდ სწრაფად იზრდებოდა და თიბვა რამდენჯერმე ხდებოდა. მეფეს ჰქონდა უფლება, პირველი თიბვის შედეგად შეგროვებული ბალახი, ჯარის საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედროებისთვის გადაეცა. სწორედ ამას ეწოდებოდა ‘სამეფო თიბვები", ხოლო ამის შემდეგ ამოზრდილი მცენარით მოსახლეობა სარგებლობდა.

კალიების შემოსევაში ეკლესიის მამები ისრაელზე მომავალ საფრთხეს ხედავენ, თუმცა აქვეა ნაჩვენები ლოცვის ძალა, ამოსის ვედრება მართალთა ლოცვას განასახიერებს. სწორედ მართალთა ღაღადი იყო მიზეზი იმისა, რომ ისრაელი გაცილებით ადრე არ დაემხო, თუმცა იქ, სადაც ერის უდიდესი ნაწილი ცოდვისკენაა მიდრეკილი, ხშირ შემთხვევაში, მართალთა ლოცვაც უძლურია და შედეგიც - შესაბამისი, ვინაიდან თავად ამ ხალხის არჩევანია ამგვარი.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი წინასწარმეტყველს უცხადებს, რომ ისრაელს დიდი განსაცდელი ელის წინ. ამოსი ხილვას ისეთი სახით ხედავს, რაც მისთვის კარგადაა ნაცნობი: დიდი ოდენობით კალიის შემოსევისას ბალახი პირწმინდად ნადგურდებოდა და, შესაბამისად, მთელს სახელმწიფოს წინ ძლიერი შიმშილი ელოდა. კალიებში ასურელები მოიაზრებიან. კერძოდ, მეფე სენნახირიმი, რომელიც უდიდესი არმიით შეიჭრა იუდეის სამეფში. ასურელებს გარდა სამი ქალაქისა მთელი იუდეა დაეპყროთ. მაგრამ ამოსი ამბობს, რომ ის ღმერთს შეევედრა, რათა ეს მძიმე განსაცდელი მის სამშობლოს არიდებოდა. აქვე უნდა გავიხსენოთ სენნახირიმის სასწაულებრივი მარცხი. ასურელებმა ერთ ღამეში 185 000 მეომარი დაკარგეს, დამარცხებულმა მეფემ კი ნინევს მიაშურა).

პავლე იუნგეროვი: უფალმა წინასწარმეტყველს ისრაელის სამეფოზე მოწევნადი განსაცდელი გამოუცხადა: სამეფო თიბვების შემდეგ აღმოცენებულ ბალახს კალიები შეესია. გაზაფხულის წვიმების დასრულებისას პირველად ამოზრდილ ბალახს ისრაელის მეფეები საკუთარი ცხენების, ვირებისა და ჯორების გამოსაკვებად ისაკუთრებდნენ და მხოლოდ ამის მერე, მორედ აღმოცენებულ ბალახს იყენებდა რიგითი მოსახლეობა პირადი საჭიროებისთვის, ხოლო ამ დროს კალიების გამოჩენა მოსახლეობას პირუტყვის გამოკვების შესაძლებლობას უზღუდავდა. ამასთანავე, მსგავს ვითარებაში შესაძლოა, არა მარტო ბალახი, არამედ ყველა სახის მცენარე განადგურებულიყო, რაც სახელწიფოს გარდაუვალ კატასტროფას ნიშნავდა. ყოველივეს მხილველი ამოსი ვედრებით მიმართავს ღმერთს და ისრაელის სამეფოს შეწევნას გამოითხოვს. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და სასჯელი აღიღო. თანამედროვე განმმარტებელთა უდიდესი ნაწილი წარმოდგენილ ხილვას პირდაპირი მნიშვნელობით გებულობს, მაგრამ ადრეულ პერიოდში მოღვაწე ეკლესიის მოძღვრები, მაგალითად, წმინდა ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე, ნეტარი იერონიმე, ზემოხსენებულ გამოცხადებას ალეგორიულად განმარტვადნენ და მტრების გამანადგურებელი თავდასხმის შესახებ უწყებას ხედავდნენ მასში).

მხ. 4-6. ‘ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი. გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა".

ამოსი მეორე ხილვაში ხედავს, თუ როგორ ნთქავს ცეცხლი სამეფოს. ეს განსაცდელიც წინასწარმეტყველის ვედრების შედეგად გადაივლის.

პავლე იუნგეროვი: კალიების შემოსევის სახით გაცხადებული სასჯელის უკუმიქცევის შემდეგ უფალი ამოსს მეორე, უფრო მძიმე უბედურების თაობაზე აუწყებს: დასასჯელად გამოგზავნილი ცეცხლი. ისეთი ძლიერი იყო იგი, რომ უფსკრული და იაკობის კუთვნილი მიწების კი შთანთქა. თუმცა წინასწარმეტყველის ლოცვით ეს განსაცდელიც აღიღი ღმერთმა.

ხილვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ძნელია რაიმეს თქმა. რა იგულისხმება ტერმინ უფსკრულში? დაბადების წიგნის თანახმად უფსკრულში განუზომლად დიდი ოდენობის სივრცე მოიაზრება და, მოცემულ შემთხვევაში, ეკლესიის მამათა განმარტებით, მასში წარმართული კაცობრიობა იგულისხმება, ხოლო ყანებში - იუდეველი ერი, ცეცხლი კი ღვთის რისხვის სახეა. თუმცა, როგორც ზემოთაც შევნიშნავდით, პირველი ორი ხილვა იუდეველთა დასამდაბლებლად და ღვთისაკენ მიქცევის მიზეზით ეუწყა ამოსს. აღნიშნული ხილვით ნაჩვენებია შემდეგი რამ: რომ არა საღვთო წყალობა, მთელი კაცობრიობა დაღუპვისთვისაა განწირული. აქვე შევნიშნავთ, რომ პირველი ხილვა საკუთრივ იუდეველებს უკავშირდება, ხოლო მეორე იუდეველებთან ერთად მთელს წარმართულ სამყაროს მოიცავს.

ამოსისთვის გაცხადებული პირველი ორი ხილვა ისრაელსა და წარმართულ სახელმწიფოებზე მოწევნადი განსაცდელების შესახებ წინასწარმეტყველებებს გვაუწყებს. პირველი ხილვა უშუალოდ ისრაელს უკავშირდება, მეორე ამოსის მიერ პირველ და მეორე თავში გადმოცემული მოვლენების გამეორებაა (სადაც წარმართული და იუდაური სახელმწიფოების ცეცხლით გადაწვის შესახებ იყო ნაუწყები), მხოლოდ შემჭიდროვებული ფორმით. რაც შეეხება ხილვებში გაცხადებული მოვლენების აღსრულებას, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, რადგან მათი მიზანი ისრაელის გაფრთხილება იყო: ‘აი, როგორი სასჯელები გეკუთვნის შენ, ისრაელო, შენი შეცოდებების წილ. შეინანე, უარყავი ისინი და ღმერთს სასჯელის არიდებისთვის ევედრე", ასეთია ხილვებში წარმოდგენილი მოვლენების დამმოძღვრელობითი შინაარსი).

ნეტარი იერონიმე: მოცემულ ხილვაში ნაბუქოდონოსორის თავდასხმა იგულისხმება იუდეის სამეფოზე).

ფრიდრიხ რუჟემონტი: ამოსმა პირველი ხილვა ისრაელის მოსახლეობას აუწყა, თუმცა არავინ შეისმინა მისი. ამიტომაც წინასწარმეტყველი მეორე გამოცხადებას ღებულობს: ცეცხლი დიდ უფსკრულს მოედა, სრულად მოიცვა იგი და გარშემო არსებულ ველს დაემუქრა განადგურებით. უფსკრლში პირველ ორ თავში ნახსენები წარმართთა ექვსი ტომი მოიაზრება, ხოლო ველში – ისრაელი, რომელიც მსგავსად წარმართებისა უნდა განადგურდეს, მაგრამ ამოსის ვედრებით შეიწყალა უფალმა რჩეული ერის წარმომადგენელნი. და მართლაც, სადღა არიან ედომელნი, ამონელნი, ფილისტიმელნი... მთლიანად ამოიძირკვა მათი მოდგმა, ათტომიანი სამეფოს შვილები კი კვლავაც ინარჩუნებენ არსებობას).

მხ. 7-8. ‘ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში. მითხრა უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას. გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ".

მესამე ხილვაში ამოსი ხედავს კედელზე მდგომ უფალს შვეულით ხელში. და ამ შვეულს იგი თავისი ერის შუაგულში დებს.

ნეტარი იერონიმე: კედელი, რომელზეც უფალი დგას, ძველი აღთქმის რჩეული ერია, ვისაც რჯული უნდა ეტვირთა. უფლის კედელზე დგომა შვეულით ხელში ნიშნავს იმას, რომ რჩეული ერის წარმმართველი და გზების განმამზადებელი უფალია. შვეულის დადება ერის შუაგულში მომასწავლებელია იმისა, რომ უზენაესი წყვეტს ამ ხალხის წინამძღვრობას, მათ სულიერ აღმშენებლობას და ხსენებულ მისიას თავად ამ ერს გადასცემს, ვინაიდან მათ არ ინდომეს ერთობა ღმერთში).

პავლე იუნგეროვი: შვეულში განმმარტებელთა ნაწილი ასურელებს, კერძოდ, მათ მეფე სალმანასარს მოიაზრებს, ხოლო მისი (შვეულის) ისრაელის ერის შუაგულში დადება ასურელთაგან ჩრდილოეთის სამეფოზე მოწეულ განსაცდელებს გულისხმობს, ანუ უფალმა ასურეთი ჩრდილოეთის სამეფოს წინააღმდეგ მიუშვა, რათა საღვთო მსჯავრი აღსრულებულიყო).

მხ. 10-12. ‘შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა, იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში; მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან. უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე".

ამოსი წინასწარმეტყველებას სახალხოდ ამბობდა, რამაც ბეთილელი მღვდლის (ქურუმის) ამაციას აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან მხილების ერთ-ერთი ობიექტი ისიც იყო სხვა ქურუმებთან ერთად. ქურუმი მეფე იერობოამ II-თან მიდის და ამოსის შესახებ საჩივრით მიმართავს. იერობოამმა ამაციას დასმენა ყურადღების გარეშე დატოვა. განმმარტებელთა ვარაუდით, ისრაელის სამეფოს ძლევამოსილი მეფე, ვისაც მეზობელი სახელმწიფოები ხარკს უხდიდნენ და სრულ მორჩილებას უცხადებდნენ, თეკოიიდან ჩამოსული უცნობი მწყემსის სიტყვას მოსმენის ღირსადაც არ მიიჩნევს.

პავლე იუნგეროვი: ამოსის მამხილებელი სიტყვები და წინასწარმეტყველება, რომელიც ხშირად ბეთილში აგებულ უკანონო სამსხვერლოს უკავშირდებოდა, ადამიანთა იმ ნაწილს აღიზიანებდა, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა წარმართულ რიტუალთან. ესენი, ბუნებრივია, ადგილობრივი ქურუმები იყვნენ. და აი, ერთი მათგანი, შესაძლოა, თანამდებობრივად სხვებზე აღმატებული, ანაც ყველაზე მეტად ვერცხლისმოყვარე, ანთუ უკეთური და ფანატიკოსი, სახელად ამაცია, ყველა ღონეს ხმარობს ამოსის განსადევნად. ქურუმი მეფე იერობოამს მიმართავს, თითქოს თეკოიელი მწყემსი ისრაელის მოსახლეობას უმხედრებდეს მას და წინასწარმეტყველს სამეფო ხელისუფლების მტრად წარმოაჩენს, რომელიც იერარქიას საკუთარი სამშობლოს დაღუპვას სდებს ბრალად. თუმცა მეფეს არაფერი უმოქმედია, რადგან, სავარაუდოდ, მოსმენილი უწყება პასუხისა და დროის დაკარგვის ღირსადაც არ მიიჩნია).

მხ. 13-14. ‘ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი. მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი. წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო. ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან"

ამოსი ბეთილელ ქურუმს პასუხობს, რომ იგი არაა პროფესიონალი წინასწარმეტყველი. აღნიშნულ ტერმინში მოიზრებიან ის ადამიანები, რომლებიც სამუელის ეპოქიდან მოყოლებული პალესტინაში დაარსებულ საწინასწარმეტყველო სკოლებში განისწავლებოდნენ. აღნიშნული სკოლების ხელმძღვანელებს ‘მამებს" უწოდებდმნენ, მათ მოწაფეებს კი ‘წინასწარმეტყველთა ძეებად" მოიხსენიებდნენ.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამოსი პასუხად ამაციას მიუგებს, რომ ის არც წინასწარმეტყველია და არც წინასწარმეტყველის ძე, არამედ მწყემსია და ლეღვის მკრეფავი. ამოსის პასუხი ამაციას მიმართვის შესაბამისია. ბეთილელი ქურუმი ამოსს მისანს ცრუ მოღვაწის მნიშვნელობით უწოდებს და ავალდებულებს მას, რომ იუდაში განაგრძოს ყალბი მოძღვრების ქადაგება. ამოსის პასუხი სწორედ ამითაა განპირობებული. ის ამბობს, რომ მე არა ვარ ცრუ წინასწარმეტყველი, არც ცრუ მოძღვრების მქადაგებლის ძე. ხოლო ამის შემდეგ ამაციასა და ისრაელის მძიმე ბედს იუწყება).

წმ. ეფრემ ასური: ბეთილელმა ქურუმმა იხილა რა, რომ მისი ჩანაფიქრი ამოსის მოკვდინების თაობაზე მეფე იერობოამის უდარდელობის მიზეზით აღარ აღსრულდა, თავად მიდის წინასწარმეტყველთან და ეუბნება მას: რატომ იუდეის სამეფოში არ ეძებ ადგილს, სადაც მომგებიანია მოღვაწეობა და შეგიძლია პურიც მოიპოვე წინასწარმეტყველებების გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავლის მაუწყებელნი, განსაკუთრებით იუდას ტომში, ხალხის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. ის კი მიუგებდა: მე მწყემსი ვარ, ლეღვის მკრეფავი. აი, როგორ პასუხობდა ამოსი, ჭეშმარიტი ღმერთის კეთილკრძალული მსახური, ქურუმს, რომელიც საკუთარი ‘ღმერთების" საწმინდარს ძარცვავდა: მე, ლეღუსულელის ნაყოფით გამოზრდილი, უნარს წინასწარმეტყველებისა განა როგორც რამ ხელობას დავეუფლე, ვითარცა შენ გგონია).

თავი 8

წინამდებარე თავში ამოსი ახალ, რიგით მეოთხე, ხილვას წარმოგვიდგენს:

მხ. 1-2. ‘ასე მახილვინა უფალმა. ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა. მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ" .

მწიფე ხილში ეკლესიის მამები ისრაელის სამეფოს დასასრულის შესახებ უწყებას ხედავენ. როგორც მწიფე ხილი იკრიფება ხიდან, ასე აღმოიფხვრება ჩრდილოეთის სამეფო.

მხ. 3-6. ‘მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ. ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო. რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო, რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო, ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?"

პავლე იუნგეროვი: ამოსი მომავალი უბედურების მიზეზებს უთითებს. იგი მამხილებელ სიტყვებს ისრაელის სამეფოში დასაქმებული ვაჭრებისკენ მიმართავს, რომლებიც დღემუდან ქონების გამრავლებისთვის ზრუნავდნენ. გამდიდრებაზე მოფიქრალი ხსენებული ადამიანები სადღესასწაულო დღეებში უკმაყოფილონი იყვენენ, რადგან ამ დროს, რჯულის თანახმად, ყველანაირი საქმიანობა იკრძალებოდა. ისინი დიდი გულმოდგინებით მოელოდნენ სადაგ დღეებს, რომ თავისუფლად შესძლებოდათ ვაჭრობა და მყიდველების მოტყუება, რითიც ასევე ირღვეოდა რჯული . ამგვარი უსამართლო ვაჭრობების შედეგად მდიდარი საქმოსნები ღარიბ მოსახლეობას მცირეოდენი ვალის გადაუხდელობისას მონად იყენებდნენ. ‘მშიერი ღატაკები, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - საკუთარ თავს სხვათა მსახურებისთვის ჰყიდიდნენ". ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოსის მიერ ადრე წარმოთქმულ მსგავს მხილებებს (შდრ. ამოს. 2. 6-7), სადაც ისრაელის სამეფოს მოსამართლეებისა და მმართველების უპოვართა წინააღმდეგ გამოვლენილი უსამართლობა იგმობოდა, ხოლო ამჯერად იმავე სამეფოს მდიდარი მოვაჭრეები განიკითხებიან, რომლებიც მოსახლეობის იმავე დაფალ სოციალურ ფენას ერჩიან. ამასთანავე, ერთი ინტერესის მქონე ადამიანები ურთიერთს დახმარების ხელს უწვდიდნენ. ასე რომ, ამოსის სიტყვებში მოსახლეობის სხვადასხვა კლასის მიერ მომოქმედებული უკეთურებანი ერთიანდება)

მხ. 7-10. ‘დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, თუკი ოდესმე დავივიწყოო ერთი მათი ნამოქმედარიც კი. ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად ნილოსივით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით. იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!"

პავლე იუნგეროვი: განმმარტებელთა ვარაუდი, რომ მოცემულ უწყებაში ძვ. წ. აღ-ის 784 წლის 9 თებერვალს მომხადრი მზის დაბნელება მოიაზრება, არამართებულია, რადგან მზის ჩვეულებრივი დაბნელებისას მანათობელი სხეული კვლავაც ჰორიზონტზეა, ხოლო ტექტში შუადღისას მზის ჩასვლის შესახებაა უწყება. კომენტატორთა მეორე ნაწილის მოსაზრება, რომ ამოსის სიტყვები მხოლოდ მეტაფორაა, სადაც, მათი თქმით, იუდეველი ერის ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრების უეცარ ცვალებადობაზეა საუბარი, არცთუ სამართლიანი უნდა იყოს. ამოსი ხშირად მიუთითებს ფიზიკური განსაცდელების შესახებ, როგორიცაა მიწისძვრა, მტრის თავსდასხმა და სახელმწიფოს იავარყოფა და ა. შ. და ყველა აღნიშნული უწყება განმმარტებელთაგან პირდაპირი მნიშვნელობით აღიქმება. ამიტომაც წინამდებარე წინასწარმეტყველებაც ბუკვალურად უნდა გვესმოდეს. ამოსი უწინაც იუწყებოდა, რომ უფალს დღის ღამედ გარდაქმნა ძალუძს და რომ ისრაელზე საღვთო მსჯავრის აღსრულებისას სიბნელე იქნება (შდრ. ამოს. 5. 8, 18). შესაძლოა, ამავე მოვლენაზე მიუთითებდა მაცხოვარი, რაჟამს მზის დაბნელების შესახებ საუბრობდა . ამასთანავე, ეკლესიის მამები ამოსის სიტყვების აღსრულებას ჯვარცმის დღეს უკავშირებენ, როდესაც მეექვსე ჟამიდან, ანუ შუადღისთვის, ბნელი ჩამოდგა, ამოსის თქმისებრ, მეცხრე ჟამამდე. ხოლო მეათე მუხლში გადმოცემული წინასწარმეტყველება იუდეველი ერის ისტორიაში მრავალგზის აღსრულებულა).

მხ. 11-12. ‘აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისგან. სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ცოცხალია შენი ღმერთი დანი, ცოცხალია ბერშებას გზაო, დაეცემიან და ვეღარ ადგებიან".

პავლე იუნგეროვი: მომავალ განსაცდელებს შორის ამოსი მორწმუნე ისრაელისთვის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი და მგრძნობიარე პრობლემის შესახებ საუბრობს: ეს ღვთის სიტყვის მოსმენის შეუძლებლობა იქნება. არცთუ ისე ძნელია, ამბობს წინასწარმეტყველი, ცხელ ქვეყანაში წყლისა და პურის უკმარისობა დაითმინო ადამიანმა, ვიდრე საღვთო სიტყვისა და ზეგარდამო გამოცხადებას ყოვლითურთ მოაკლდე. ამ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ისრაელმა, რაიმე ნუგეში რომ მიიღოს, დედამიწის ზურგზე ხეტიალი მოუწევს, ერთი ზღვიდან მეორემდე, ერთი სახელმწიფოდან სხვა ქვეყნამდე. თუმცა ღვთის სიტყვას ვერსად იპოვის, რადგან დადუმდება მათთვის იგი...

აღნიშნული წინასწარმეტყველება ამოსის წიგნში ჩამოთვლილ მრავალ მუქარათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესია. მოსეს უწყების თანახმად, ყველა სხვა ხალხისგან ისრაელის არსებითი განმასხვავებელი მათ წიაღში წინასწარმეტყველთა არსებობა იქნება, რომლებიც ერს საღვთო ნებას განუცხადებენ. წარმართებს კი, ბრძანებდა მოსე, მომავლის მაუწყებელი და აწმყოს საიდუმლოს განმმარტებელი მრავალი მოგვი და ჯადოქარი ჰყვათ. მაგრამ სხვაგვარადაა ისრაელში: მის წიაღში ღმერთი წინასწარმეტყველებს აღმართავს და მათ ბაგეებს საუფლო სიტყვას განუკუთვნებს . სწორედ ამ სიტყვის მოკლებაზე მიუთითებს ამოსი, რაც უგულისხმობისა და ცრუ წარმოდგენების შედეგად დადგება.

ამოსის სიტყის აღსრულების თაობაზე ისრაელის სამეფოს ისტორია ცხადყოფს. ოსიას შემდეგ სხვა წინასწარმეტყველი და გამოცხადება მათ აღარ მიუღიათ. ‘არ გამოჩენილა მათში არც წინასწარმეტყველი, არც მასწავლებელი, ვინც მოსეს რჯულსა და წერილის საიდუმლოს განმარტავდა. ქრისტესაც მოაკლდნენ ისინი, რომელიც ჭეშმარიტი პურია, ზეციდან გარდამოსული, ადამიანთა წყურვილის სულიერად დამარწყულებელი ღვთის მადლიც დაკარგეს". ასე განმარტავს წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამოსის სიტყვებს. მეტი სარწმუნოებრივი განწყობის მქონე ებრაელები იუდეის სამეფოსა და მის აღთქმებს შეუერთდნენ. სხვები მრავალგზის მესიას მოელოდნენ და მუდამ ცდებოდნენ მოლოდინში).

თავი 9

ბოლო თავში რიგით მეხუთე, უკანასკნელი ხილვაა აღწერილი.

მხ. 1-6. ‘ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა:დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას. ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან. ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ. ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა სასიკეთოდ. უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით. ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია მისი სახელი" .

განმმარტებელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ რომელი ტაძრის საკურთხეველი მოიაზრება მოცემულ შემთხვევაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იერუსალიმის ტაძარია, რადგან სხვა საკურთხეველში უფალი წინასწარმეტყველს არ გამოეცხადებოდა. მეორენი თვლიან, რომ წარმართული ბეთილის სამსხვერპლო იგულისხმება, ვინაიდან ამოსი ისრაელის სამეფოში მოღვაწეობს და, შესაბამისად, უფალი მას სწორედ ამ სამეფოს დაქცევის შესახებ ამცნობს.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხილვის არსი ისაა, რომ უზენაესი ისრაელში არსებულ წარმართულ ბომონებს დამხობას ჰპირდება,თუმცა იგივე მოვლენა ახალი აღთქმის ეპოქაში იუდეველთა ეკლესიაზე მოწეულ მძიმე ბედსაც გვაუწყებს, რასაც საუკუნეების მანძილზე მიმდინარე მღვდელმოქმედების საბოლოო შეწეყვეტა მოჰყვა იძულების წესით).

პავლე იუნგეროვი:ხილვის შინაარსის თანახმად ამოსი იუდეველი მოქალაქეებით სავსე ტაძარში იმყოფება.როგორც ოდესღაც სამსონმა დაგონის ბომონს ბოძები გამოაცალა და მრავალი ფილისტიმელი იმსხვერპლა ,ასევე უფალი მოუწოდებს ამოსს, რომ ტაძრის ბუღაურები დალეწოს,შედეგად მთლიანად ტაძარი და მასში მყოფი ხალხი დაიღუპება, ხოლო ვინც სიკვდილს გადაურჩება,ასეთი თავად უფლისგან შეიმუსრება. ყველაზე ფეხმარდიც კი ვერსად გაიქცევა,რაც არ უნდა მოიმოქმედონ, საღვთო ხელი ყველგან მიწვდება და შურს იძიებს მათზე.ტაძართან დაკავშირებით განმმარტებელთა მიერ მრავალი მოსაზრება გამოითქვა...მოცემულ შემთხვევაში ტაძარი წარმოდგენილია როგორც იუდეველი ერის უკანასკნელი ნუგეში, სადაც უნებლიე კანონდამრღვევნი აფარებდნენ თავს, შურისმაძიებელთაგან პასუხი რომ არ მოჰკითხოდათ. და აი,სწორედ აქ,ამბობს უფალი, ისრაელი არათუ გადარჩება,არამედ დაიღუპება. შესაბამისი ზეგარდამო მითითება ბუღაურების შემუსვრის თაობაზე,სავარაუდოდ, ანგელოზს ეძლევა.ბუღაურები ტაძრის საყრდენი სვეტებია,რომელთა დალეწვა თავად მასზე დამყარებული ნაგებობის განადგურებას ნიშნავს.

წინასწარმეტყველი რომ ღვთის მსჯავრის შესახებ საკუთრივ ისრაელის სამეფოსთან მიმართებით საუბრობს, ეს თავად ტექსტიდან ჩანს კარგად. წინარე ხილვათა ადრესატებიც ისრაელიანები იყვნენ და მსჯელობა ლოგიკურად გრძელდება. იუდეის სამეფოს შესახებ ამოსს არაფერი უთქვამს (თუ არ ჩავთვლით მე-2 თავში ნაუწყებ ცნობას), ამიტომაც ბოლო ხილვის მათთან დაკავშირება კონტექსტიდან იქნებოდა ამოვარდნილი. საბოლოო დასკვნა ასეთია: ისრაელის სამეფოს მკვიდრებმა, თუნდაც რომ იერუსალიმის რჯულისმიერ აღშენებულ ტაძარში იარონ, საღვთო რისხვას მაინც ვერ გადაურჩებიან).

მხ. 7-9. ‘განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? აჰა,უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას პირისაგან მიწისა,ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი. რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში,რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას"

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველთა შეხედულებების წინააღმდეგ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ უზენაესი მხოლოდ მათზე ზრუნავს და სხვა ხალხი, სხვა ერი არ აინტერესებს, ამოსი მსმენელებს უცხადებს, როგორც ისრაელი გამოვიდა ღვთის ხელით ეგვიპტიდან და ქანაანის ქვეყანა დაიმკვიდრა, იგივე უფალი წინამძღვრობდა ფილისტიმელებს კაბადოკიიდან გამოსვლისას და იუდეის სამხრეთ-დასავლეთით დაასახლა ისინი, ხოლო სირიელები (არამელნი) კირინეიდან გამოიყვანა და ახალი მიწა უწყალობა. იუდეველთა წარმოდგენა, რომ ისინი აბრაამის შთამომავალნი არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი, წინასწარმეტყველთა მხრიდან ხშირი მხილების საგნად იქცა).

პავლე იუნგეროვი: წინამდებარე უწყება ასე შეიძლება გვესმოდეს: ამაოდ იქადის ისრაელი თარას ხარანიდან და იუდეველთა ეგვიპტიდან გამოსვლით, რადგან აღნიშნულ მოვლენას წარმართთა შემთხვევაშიც გააჩნია სრული ანალოგი. თარას ურიდან გამოსვლა ხარანის გავლით ისტორიულ-გეოგრაფიულ პარალელს ავლენს იმავე ხარანიდან და, შესაძლოა, იმავდროულად, არამელთა გამოხმობასთან. იუდეველთა ეგვიპტიდან გამოყვანის ისტორიულ-გეოგრაფიული პარალელი ფილისტიმელთა კაფტორის გავლით იმავე ეგვიპტიდან გამოყვანას ედრება. ასე რომ, ისრაელის უახლოესი მეზობლები, ჩრდილოეთით სირია, სამხრეთი-დასავლეთით ფილისტიმელნი, უძველეს დროს ერთსა და იმავე ქვეყნაში (ხარანსა და ეგვიპტეში) ბინადრობდნენ. ასევე ერთნაირად მოხდა მათი გამოყვანა და ისრაელის მეზობლად დასახლება. შესაბამისად, ყველა მათგანზე საუფლო ზრუნვის შედეგია ზემოაღწერილი მოვლენები და არა მხოლოდ ერთი ერის განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. ‘წინასწარმეტყველი, - ამბობს წმინდა კირილე ალექსანდრიელი, - ღვთივრჩეულობითა და თავიანთი მამამთავრების სათნოებებით მოტრაბახე ადამიანებს ამდაბლებს, რომლებიც გაამპარტავდნენ და ღმრთის წყალობას განაშორეს საკუთარი თავი").

მხ. 11-12. მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი".

აღნიშნული ადგილი პირდაპირ კავშირშია ახალ აღთქმასთან, რასაც ‘საქმე მოციქულთას" წიგნი ადასტურებს. მოციქულთა კრებაზე პეტრე მოციქულის შემდეგ სიტყვით იაკობი გამოდის და ამბობს: ’კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი" . გამოთქმა დაცემული კარავი წმინდა წერილში სხვაგან არსად გვხვდება.

ფრიდრიხ რუჟემონტი: წინასწარმეტყველი ამაყი და უკეთური ერის სამხილებლად მიავლინა უფალმა. ათტომიანი სამეფოს მკვიდრებს აბრაამისთვის გაცხადებულ აღთქმებში უმნიშვნელო წილი ერგებათ. ამიტომაც არ არის ამოსის წიგნში მესიანური ხასიათის უწყებების სიმრავლე და მეცხრე თავში გადმოცემული ერთადერთი ცნობაც საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა როგორი მოკლე და შეკვეცილიც არ უნდა იყოს ის, ახალი აღთქმის წიგნში მაინც აისახა და იაკობ მოციქულმა სწორედ მისი საშუალებით განუცხადა მსმენელებს, რომ ქრისტე ღმერთის მიერ დაარსებული ეკლესიის წიაღში იუდეველებთან ერთად წარმართებსაც ძალუძდათ დამკვიდრება. ფრიად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული წუთი, რადგან ფარისეველთა სექტიდან ახალი აღმსარებლობის გამზიარებელი ადამიანების ნაწილმა ქრისტეს სამწყსოს ირგვლივ მოსეს ძველი რჯულის აღმართვა განიზრახა, თუმცა ამოსის სიტყვა დაუპირისპირა მათ იაკობმა, სიმცდარეზე მიუთითა და ჭეშმარიტება დაამოწმა).

წმ. იოანე ოქროპირი: დავითის დაცემული კარავი აღდგა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე მოევლინა წუთისოფელს).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინარე მუხლებში გაჟღერებული სასჯელის შემდეგ უზენაესი იუწყება, რომ დავითის კარავი ანუ იუდეველი ხალხი კვლავ აღიმართება, რაც მათ ბაბილონის ტყვეობიდან გამოსვლას, ტაძრის აღდგენას, ძველ რჯულზე დაბრუნებას ნიშნავს. ასეთია ამ სიტყვების ისტორიული რეალობა. რაც შეეხება სულიერ განმარტებას, დავითის დამხობილ კარავში მესამე დღეს კაცობრივი ბუნებით მკვდრეთით აღდგომილი უფალი იესო ქრისტე მოიაზრება და სწორედ ამის სიმბოლოა აღმართული კარავი, ხოლო ის ჟამი (‘მას ჟამსა შინა") ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დროა).

ნეტარი იერონიმე: დაცემული კარვის აღმართვა ქრისტეს ეკლესიაში დღემდე აღესრულება, რადგან ცოდვის გზით დაცემულს სინანულის მიერ კვლავ ზეაღმართვის შესაძლებლობა ეძლებვა).

წმ. ეფრემ ასური: წინასახეობრივად აღესრულა ხსებული წინასწარმეტყველება, რაჟამს იუდეველნი ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო ჭეშმარიტად მაცხოვრის ჯვარცმის დღეს განხორციელდა იგი. დავითის კარავს ამოსი მთელს კაცობრივ მოდგმას უწოდებს, რომელიც მცნების გარდასვლის მიზეზით ქვედაიდრიკა, ხოლო ქრისტეს მიერ დაცემულობიდან იქნა ზეაღმართული).

პავლე იუნგეროვი: დავითის სახლს გამოყოფილი ისრაელის სამეფო, რომელმაც იერობოამ II-ის დროს განსაკუთრებულ ძლევამოსილებას მიაღწია, თვლიდა, რომ მესიანურმა აღთქმებმა იუდეიდან ისრაელში გადმოინაცვლა. ამოსი ამგვარი შეხედულების უსარგებლობაზე მიუთითებს: ‘გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო").

ზემოთ მოხმობილი განმარტებების შედეგად ცხადად გამოჩნდა, რომ დაცემულ კარავში მაცხოვრის კაცობრივი ბუნება, მისი სხეული მოიაზრება. საინტერესო ცნობას ვხვდებით აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ნოსელის ‚მოსეს ცხოვრებაში", სადაც ნისიის ეპისკოპოსი შემდეგს გვაუწყებს: სინას მთაზე ამაღლებულმა მოსემ საღვთო გამოცხადება მიიღო, რომელშიც მარავალი რამ ეუწყა მას. ხილვის ერთ-ერთი არსებითი მხარე ძველი აღთქმის მოძრავი კარვის აგებულებას უცხადებდა წინასწარმეტყველს. წმინდა გრიგოლ ნოსელის თქმით, მთაზე სულიერად ნანახი კარავი განკაცებული ღმერთის წინასახეა, როგორც ხსენებული კარავია უხილავი და უნივთო, მაგრამ მოიხილავს რა მას წინასწარმეტყველი, ამით მისი მისტიკური სახით შენივთებამდე არსებობა დასტურდება, ასევე ხორციელ თვალთაგან განუჭვრეტელი ძე ღვთისა, მიუხედავად ფიზიკური უხილავობისა, მამასთან ერთად თანამყოფობს. მოსე მთიდან ჩამოდის, ბესელიელისა და სხვათა ხელით კარავი ნივთიერ ფორმას ღებულობს და ამიერიდან ნებისმიერს ძალუძს მისი დანახვა. წმინდა გრიგოლის თქმით, მატერიალური კარავი ამჯერად განკაცებული ღმერთის სიმბოლოა. ესე იგი, კარავი ძე ღვთისას ორი ბუნების გამომსახველია: შენივთებამდე განუკაცებელი ძე ღვთისას, მისი ღვთაებრივი ჰიპოსტასის საიდუმლოს გაგვიმხელს, ხოლო ბესელიელისგან აღგების შემდეგ ღმერთ-კაცს,მის ადამიანურ ბუნებას განასახიერებს.

მხ. 13-15.აჰა, დადგება დრო,ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს;ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან. დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს,ისრაელს; ააშენებენ გაუკაცრიელებულ ქალაქებს და დასახლდებიან, ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ,ამბობს უფალი, შენი ღმერთი".

ეფრემ ასური: მოცემულ შემთხვევაში მთებად წინასწარმეტყველი ქრისტეს ეკლესიას მოიხსენიებს, ხოლო მათგან გადმომდინარე ბადაგს ეკლესიის წიაღში დაუნჯებულ მაცხოვნებელ სწავლებას უწოდებს, გორაკებად კი განდეგილთა და მონაზონთა საცხოვრისებს სახელდებს, რომლებიც განცალკევებით, ადამინთაგან მოშორებით აიგება და შემოკრებილ მოღვაწეებს ღვთისმადიდებლობაში განსწავლის)

ნახვა: 477

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters