თავი 1

მხ. 1. 'ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.

ნეტერი იერონიმე: უნდა ვიცოდეთ, რომ ამოსი არ წინასწარემეტყველებს იერუსალიმის შესახებ, როგორც ბერძნულენოვანი ბიბლია გვამცნობს ამას,არამედ ისრაელის სამეფოს მომავალს გვაუწყებს, რისი დადასტურებაც ამავე წიგნიდან ძალგვიძს. ამოსი ერთგან შემდეგს ამბობს: ‘შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა,იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში;მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს" . იქვე: ‘უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი". ამოსი კი პასუხობდა: ‘მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი. წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო" . წაროდგენილი მუხლები ცხადყოფს, რომ ამოსი იგზავნება არა იუდასა და იურუსალიმში, როგორც ეს არასწორად იკითხება ბერძნებთან და ლათინებთან, არამედ ისრაელში. რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ბერძნულში ვკითხულობთ ‘აკარიმს" თეოდოტიანემ ებრაული ტერმინი ოციდიმ უცვლელად დატოვა .

მაშ ასე, ამ წიგნში წარმოდგენილია ამოსის სიტყვები. იგი მწყემსი იყო ქ. თეკოიიდან. აღნიშნულ ქალაქში ძირითადად მწყემსები ცხოვრობდნენ. ეს არის დრო, როდესაც ისრაელის სამეფოში ორი ხბოს კერპია აღმართული და ხალხი მათ მიაგებს თაყვანს. ამოსის ქადაგება საყვირის მსგავსად ხმოვანებდა, თავად თეკოიაც ხომ საყვირს ნიშნავს).

წმ. ეფრემ ასური: იუდაში ოზიას მეფობისას ამოსი უფალმა ისრაელის სამეფოში საქადაგებლად მოიხმო).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ტექსტში მითითებულია, რომ ამოსმა საწინასწარმეტყველო სიტყვები მიწისძვრამდე ორი წლით ადრე იხილა. საქმე ისაა, რომ იუდეის ერთ-ერთმა უღირსეულესმა მეფე ოზიამ საკუთარი მმართველობის მეორე ნახევარში დიდად შესცოდა: მან სამღვდელო მსახურების შეთავსებაც მოისურვა და საკმევლის საკმევად ტაძრის წმინდაში შევიდა. მეფეს წინ ლევიტელები გადაუდგნენ და გადაწყვეტილების მცდარობას შეაგონებდნენ. ოზია თავისას არ იშლიდა. მოულოდნელად წმიდაში მყოფი მეფე კეთრით დაავადდა, რაც მაშინვე საცნაური გახდა ყველასათვის. ამავდროულად ამ მოვლენას იერუსალიმში ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა და სწორედ ამის შესახებაა მითითება ამოსის წიგნის დასაწყისში).

დეკან. ალექსანდრე მენი: უცნობია ჩვენთცის, რა დროის მანძილზე ცხოვრობდა ამოსი თეკოიაში. რიგითი მოსახლეობა მას ერთ ჩვეულებრივ მწყემსად მიიჩნევდა. მისი ეს წლები მოსეს მიდიამელთა შორის გატარებულ მწყემსობის ჟამს ემსგავსება).

პავლე იუნგეროვი: სლავურ თარგმანში, მსგავსად სეპტანტისა, ნახსენებია კირიათიარიმი და იერუსალიმი: პირველი, როგორც წინასწარმეტყველის სამშობლო, ხოლო მეორე, როგორც მისი საუბრის თემა . ნეტარი იერონიმეს შენიშვნის თანახმად, სამოცდაათთა თარგმანსა და ლათინურ ტექსტში წარმოდგენილი მეტობა, რაც ებრაულ ბიბლიაში არ ფიქსირდება, მცდარია. ნეტარი თეოდორიტე ბერძნული ბიბლიის ცნობას შეცდომად არ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ამოსმა საღვთო გამოცხადება კირიათიარიმში მიიღო, ისრაელში იქნა მივლენილი და, ამავდროულად, იერუსალიმის შესახებაც იუწყებოდა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი კირიათიარიმის მაგივრად აკარიმს კითხულობდა).

ნეტარი იერონიმე: მართალია, ისრაელის სამეფოში მრავალი საკურთხეველი იყო აგებული (დანში, ბეთილში, სამარიასა და რიგ სხვა ქალაქებსა თუ დაბებში), რითიც დიდად ამაყობდა ადგილობრივი მოსახლეობა და განსაკუთრებით – ხსენებულ ბომონებში მომსახურე ‘მღვდლები", მაგრამ უცხოა მათთვის ღმერთი, რადგან მხოლოდ სიონზე მკვიდრობს იგი და სწორედ იქიდან გამოსცემს ხმას).

ფრიდრიხ რუჟემონტი: ტექსტში ხსენებულ მიწისძვრამდე ორი წლით ადრე გამოთქვა ამოსმა თავისი პირველი წინასწარმეტყველება, ხოლე თუკი IV თავში გადმოცემულ ცნობას გავითვალისწინებთ (‘დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი" მხ. 11), თეკოიელმა მწყემსმა ქადაგება ხსენებული მოვლენის შემდეგ გააგრძელა. ამრიგად, გამოდის, რომ უფალი, სანამ ძლიერი მიწისძვრით დასჯიდა ისრაელს, საკუთარი რჩეული მოღვაწის ბაგეებით მონანიებისა და სულიერი აღორძინებისკენ აწვევდა მათ).

მხ. 2. ‘თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი".

ნეტარი იერონიმე: უფალი სიონიდან და იერუსალიმიდან იგრგვინებს ანუ სწორედ იერუსალიმში, სიონის მთაზე გაშენებულ ტაძარში მკვიდრობს უზენაესი და არა ბეთილში. ამოსი ამით მსმენელს უცხადებს, რომ წარმართული საკერპო ბომონები, რომლებიც ისრაელის სამეფოში მრავლად აეგოთ, ფუჭია და ამაო, ხოლო უფლის ხმა, ანუ საღვთო მოძღვრება, ისმის იქიდან, სადაც ღვთივდადგენილი მსახურება აღესრულება).

დეკან. ალექსანდრე მენი: თუკი უწინარეს ეპოქაში მცხოვრები მრავალი იუდეველი ‘მამათა ღმერთს" ვითარცა ისრაელის მეუფეს უყურებდა, რომელიც თავისი ძალმოსილებით სხვა ღმერთებზე აღმატებულია, ამოსი ძირეულად უარყოფს ამგვარ არქაულ შეხედულებას და მიუთითებს, რომ სწორედ იუდეველთა უფალია ერთადერთი უზენაესი).

მხ. 3. 'სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.

ამოსი წარმართი ერების, ქვეყნების, ქალაქების მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებას სირიის დედაქალაქით - დამასკოთი იწყებს. წინასწარმეტყველი დამასკოს განადგურების მიზეზს ამ უკანასკნელის მიერ გალაადის მიმართ გამოჩენილ სისასტიკეში ხედავს. ‘სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ", - ასეთი ფრაზები წიგნში მრავლად გვხვდება, რითიც წინასწარმეტყველი დანაშაულთა სიმრავლეზე მიუთითებს. ამავდროულად, ეს მშობლიური, თეკოიური ანდაზა იყო, რასაც ამოსი მოცემულ შემთხვევაში ხალხთან ურთიერთობისას წარმატებით იყენებს.

ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილ ციტატაში იგულისხმება, რომ საღვთო მოთმინების საწყაული აღვსებულია და შურისგების დრო დგება. იგივე ადგილი (უწყება ოთხი დანაშაულის შესახებ) შემდეგნაირადაც განიმარტება: პირველი ცოდვა უკეთურ ჩანაფიქრს გულისხმობს. მეორე - ცოდვიანი ზრახვის შეწყნარებას, თანხმობას. მესამე ცოდვაში, წინარეთაგან განსხვავებით, გულისთქმის საქმეში გარდასახვა მოიზრება. თუკი უწინდელი სამი მოქმედების გამო უფალი პატიებას პირდება მსმენელებს, მეოთხე აღსრულებული უკეთურება შეუნანებლობასა და მისდამი შეგუებას ნიშნავს, რისთვისაც დაისჯება ადამიანი.

წინასწარმეტყველების წარმოთქმისას სირიის მეფე ხაზაელია. იგი სასტიკად ექცეოდა ისრაელის სამეფოს. მას შემდეგ, რაც მან მეფე აქაბი დაამარცხა, უკიდურესად შეავიწროვა გალაადის რამოთი, რომელიც განაწილებისას მანასეს ტომის ნახევარს ხვდა წილად. ამის შესახებ მეფეთა წიგნი მოგვითხრობს ).

გალაადი ისრაელის სამეფოს იორდანის მიღმა ანუ მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაა, სადაც, მოსე წინასწარმეტყველის ნებართვით, თავის დროზე იუდეველთა ორი, რუბენისა და გადის, ტომი და მანასეს ტომის ნახევარი დამკვიდრდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველები ღმერთს სასტიკ მსაჯულად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ მამათა ცოდვები შვილებს მოეკითხებათ მესამე და მეოთხე თაობაში, რომ მამათა ჭამეს კაწახი, კბილები კი შვილებს მოეკვეთა... ამგვარი შეხედულების საპირისპიროდ უფალი მიუთითებს, რომ ის სამ დანაშაულს აპატიებს დამასკოს, რითიც ებრაელთა შორის გაბატონებული შეხედულების საპირისპიროდ ღვთაებრივ გულმოწყალებას წარმოაჩენს. რიცხვი სამი სიმბოლურია და შეცოდებათა სიმრავლეს აღნიშნავს. მაგრამ დამასკოს დასჯის მიზეზი მათ მიერ გალაადის რკინის უროებით დანაყვაა. გალაადი ისრაელის სამეფოს იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია).

პავლე იუნგეროვი: დამასკოს მკვიდრთა სისატიკე გალაადის მოსახლეობისადმი, სავარაუდოდ, სირიის მეფის, ხაზაელის მიერ ისრაელის სამეფოს ტრანსიორდანიაში მდებარე მიწების დაპყრობისას გამოვლინდა . წმინდა ისტორიის აღმწერი შენიშნავს, რომ ხაზაელმა იეჰუს გალაადი და იორდანეს მიღმა მდებარე სხვა კუთვნილი ტერიტორიებიც წაართვა, ხოლო ისრაელის ჯარი ‘მიწის მტვერივით გასათელი გახადა" . სწორედ ხსენებული ომისას შეეძლო ხაზაელს, რკინის უროებით გასწორებოდა იუდაურ მოსახლეობას, როგორც თავის დროზე დავითი უსწორდებოდა ამონელებს ).

მხ. 4. 'ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს.

ხაზაელი და ბენ-ჰადადი - ისინი სირიის მეფეები იყვნენ. სწორედ მათი მმართველობის დროს გამშვენდა და გალამაზდა ქალაქი დამასკო და იმჟამინდელი მსოფლიოს საუკეთესო პოლისად გარდაიქმნა. ამოსი ხაზაელისა და ბენ-ჰადადის ხსენებით მსმენელებში წინასწარმეტყველების არსს ამძაფრებს, ვინაიდან მოხმობილი მეფეების სახელთა გაგონებისას ადამიანები ულამაზესი ქალაქის დაღუპვას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამდნენ.

პავლე იუნგეროვი: ცეცხლის გარდამოვლინების შესახებ უწყება შეიძლება გვესმოდეს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც. ნეტარი თეოდორიტეს შენიშვნით, ძველ დამპყრობლებს დამორჩილებული ქალაქების ცეხლით გადაწვისა და განადგურების ჩვეულება ჰქონდათ. იგივე ბედი გაიზიარა იერუსალიმმაც. ამასთანავე, ცეცხლი სიმბოლურად საღვთო რისხვის სიმბოლოა).

მხ. 5. ‘დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში".

პავლე იუნგეროვი: ურდულებში სირიის სამეფოს გამაგრებული ქალაქები იგულისხმება, რასაც ეგზომ სასოებდნენ დამასკოს მკვიდრნი. კვერთხის მპყრობელთა მოხსენიება დამასკოს მოსახლეობის უმდაბლესი ფენიდან უმაღლესი იერარქიის ჩათვლით განადგურებას ნიშნავს).

ამოსის წინასწარმეტყველება აშურის მეფის თეგლათ-ფალასარის დროს აღსრულდა. იგი ძვ. წ. აღ.-ის 732 წელს შეიჭრა დამასკოში, მოკლა მეფე რეცინი, ხოლო ქალაქის მცხოვრებნი საკუთარი იმპერიის პროვინციებში გადაასახლა. შემორჩენილია ასურთა მეფის ბრძანებით დამასკოზე ლაშქრობის შემდეგ ამოკვეთილი შემდეგი წარწერა: ვბრძანე, სირიელთა უდიდესი რაოდენობისთვის თავები მოეკვეთათ. ადარას, რეცინის მამის, სასახლე, რომელიც მიუვალ კლდეზე იყო აგებული, ალყაში მოვაქციე და დავიპყარი. რვა ათასი ადამიანი ტყვედ წავასხი. ხუთასი ქალაქი დამასკოს ქვეყნისა ნაგვის გროვად ვაქციე.

მხ. 6-8. 'ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა. ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს. ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, ამბობს უფალი&ქუოტ; .

ამოსის მორიგი უწყება ქალაქ ღაზას უკავშირდება. ღაზა ფილისტიმელთა ხუთი სამეფო ქალაქიდან ერთ-ერთია. ფილისტიმელთა მიწა პალესტინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეოდა. იუდეველებს აღთქმულ ქვეყანაში მისვლის დღიდან მტრობა ჰქონდათ ფილისტიმელებთან, რასაც ნათლად გვიდასტურებს ძველი აღთქმის წიგნები. ფილისტიმელებს ბრალად დატყვევებული იუდეველების გაყიდვა ედებათ. აქვეა მითითებული ფილისტიმელთა კიდევ რამდენიმე ქალაქი: აზოტი, ასკალონი და აკკარონი (მეხუთე ქალაქი - გეთი არ სახელდება).

ამოსის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ძვ. წ. აღ.-ის მე-8 საუკუნეშივე აღსრულდა, როდესაც ასურელებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებნი დაიმორჩილეს, ხოლო საბოლოოდ კი მაკაბელთა ეპოქაში (ძვ. წ. აღ. 168-134 წწ.).

მხ. 9. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს&ქუოტ; .

მომდევნო ქვეყანა - ტვიროსი. ბრალდება იგივეა, რაც ფილისტიმელთა შემთხვევაში.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი წინასწარმეტყველება ტვიროსს მიემართება. ტვიროსელები იუდეველებს აპატიმრებდნენ და ედომელებზე ჰყიდდნენ. თავის მხრივ, ედომელნი მონად შესყიდულ იუდეველებს უსასტიკესად ექცეოდნენ და მათ ელინური კანონებით ცხოვრებას აიძულებდნენ. ამოსი ტვიროსსა და იუდეველებს შორის დადებულ ძმურ აღთქმას იხსენებს. საქმე ისაა, რომ თავის დროზე ტვიროსის მეფე ხირამი საუკეთესო ურთიერთობაში იყო ჯერ დავითთან და მერე მის ძესთან - სოლომონთან. ტაძრის შენებისას სწორედ ტვიროსელი ხელმწიფე ამარაგებდა სოლომონს, თუმცა თავად არანაკლებ ძღვენს ღებულობდა იუდეველი მეფისგან. სწორედ მათ დროს დაიდო ძმური აღთქმა, აღთქმა ერთობისა, მეგობრობისა, მაგრამ მომდევნო თაობებმა ყველაფერი დაივიწყეს და სამკვდროდ გადაეკიდნენ იუდეველებს).

პავლე იუნგეროვი: ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ ძველ დროში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, და ზოგიერთი ეთნოსებიც კი, მამაკაცებს კასტრაციისა და დედაკაცებს სამეძაო სახლებში განთავსების მიზანდასახულობით ყიდულობდნენ. არაფერია გასაკვირი, თუკი საკუთარი სიბრძნითა და მრავალ ქვეყანაში სავაჭრო გამოცდილებით განთქმული იდუმიელებიც, ამავდროულად ადამიანთა ყიდვა-გაყიდვის საქმითაც რომ ყოფილიყვნენ დაკავებულნი...

სეპტუაგინტაში განსხვავებით ებრაული ბიბლიისაგან ვკითხულობთ (წარმოვადგენთ შესაბამის ძველ ქართულ თარგმანს, ი. ო.): ‘ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა". განმმარტებელთა შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია წინადადების ხაზგასმულმა ნაწილმა (‘ტყუეობაჲ სალმონისი"). წმინდა კირილე ალექსანდრიელის აზრით, სოლომონის ტყვეობაში იუდეველთა მეზობელი სახელმწიფოების კუთვნილი და შემდეგ მეფე სოლომონის მიერ აღშენებული ქალაქები მოიაზრება, რომლებიც შემდეგში ფილისტიმელებმა დაიპყრეს, თუმცა მსგავსი ცნობები დაპყრობითი ქმედებების შესახებ წმინდა წერილში არსად ფიქსირდება. იერონიმეს მიაჩნია, რომ ხაზგასმული ფრაზა სოლომონის სამეფო სახლის, ანუ იუდეველი მეფეების ფილისტიმელთაგან დატყვევების თაობაზე გვამცნობს, მაგრამ არც ამის შესახებაა ბიბლიაში რაიმე მითითება).

ტვიროსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ.-ის 332 წელს აღესრულა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ხსენებული ქალაქი შვიდთვიანი ალყის შედეგად დაიმორჩილა. ისტორიული წყაროების თანახმად, ტვიროსის დაპყრობის დღეს 6 000 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო მოგვიანებით 2 000 კაცი ჯვარზე გააკრეს, 30 000 კი მონად გაყიდეს.

მხ. 11. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში&ქუოტ; .

წინამდებარე მუხლში გვხვდება უწყება ედომის შესახებ. ედომი პალესტინის სამხრეთით განლაგებული სახელმწიფოა, დედაქალაქით პეტრა. ედომის თაობაზე წინასწარმეტყველებას აბდიასთანაც ვხვდებით. როგორც ირკვევა, იუდეველებსა და ედომელებს შორის დაპირისპირება საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი მუქარა ედომელთა მისამართით გამოითქვა. ისინი ესავის შთამომავლები არიან. მათ შორის პირველი კავშირი რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლისას შედგა, როდესაც იუდეველებმა ედომის გავლით აღთქმული ქვეყნისკენ გზის გახსნა ითხოვეს, თუმცა ედომელებმა მოძმენი უარით გაისტუმრეს . ხსენებული ორი სახელმწიფოს დაპირისპირება თითქოს სახეა იაკობისა და ესავის გართულებული ურთიერთობისა, მაგრამ ძმების შემთხვევაში სახლში დაბრუნებულ იაკობს ესავი ცრემლებითა და მონატრებით ხვდება, ხოლო ცრემლი დიდი სიხარულის მანიშნებელია. განსხვავებულად იქცევა ედომი. ის, ამოსის სიტყვით: ‘მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში")..

მხ. 12. ‘ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს".

პავლე იუნგეროვი: თემანი იერონიმეს მტკიცებით ედომის სამხრეთ ნაწილს, სეირის მთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონს ეწოდებოდა, ხოლო ბოსორი იდუმეის დედაქალაქი იყო).

მხ. 13-14. 'ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები. ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს&ქუოტ; .
ამონეველთა დასჯის მიზეზად მათ მიერ გამოჩენილი სისასტიკე სახელდება: ისინი ფეხმძიმე იუდეველ ქალებს ფატრავდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელი ისტორიული შემთხვევა იგულისხმება, უცნობია.

წმ. ეფრემ ასური: ისრაელისა და იუდეის სამეფოს მკვიდრნი ჩამოთვლილი წარმართული სახელმწიფოების ძლიერებისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზეზს ამ სახელმწიფოებში არსებული კერპების დამსახურებად მიიჩნევდნენ და თავადაც გააჩდათ სურვილი, ეს კერპები თავიანთ სამეფოებში შემოეტანათ. უფალს აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულებით სურს დაანახოს, რომ იუდეველთა მიერ განდიდებული კერპები რისხვის დღეს ვერავის შეეწევიან).

მხ. 15. ‘ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი".

პავლე იუნგეროვი: მსაჯულთა წიგნიდან აშკარად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამონელებს რჩეული ერისამდი , რადგან აღთქმული ქვეყნის დაპყრობისას იუდეველების მიერ მისაკუთრებულ იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მიწებზე გააჩნდათ პრეტენზია. როგორც კი ისრაელის ხელისუფლების სათავეში სუსტი მმართველები აღმოჩნდებოდნენ, ამონელები მაშინვე თავს ესხმოდნენ ხსენებულ რეგიონს. იერემიას დროისთვის ლოთის ჩამომავლები გადის ტომის კუთვნილი მიწების სრულუფლებიან მესაკუთრეებად მიიჩნევდნენ თავს. ცალკეული შეტაკებების დროს ამონელები უსასტიკესად ექცეოდნენ იუდეველებს. შესაძლებელია, ამოსის უწყება ამონელების ქმედებების შესახებ მცირე დროით უწინარეს ხაზაელისა და ბენჰადადის ისრაელის სამეფოზე თავდასხმას უკავშირდება, რის შესახებაც ელისე წინასწარმეტყველი იუწყებოდა . ეზეკიელის სიტყვებით, ამონელები უდიდესი სიხარულით ხვდებოდნენ იუდეველთა უმძიმეს განსაცდელს...

ამონელი მეფის, მისი დიდებულების დაკავებისა და ტყვეობის შესახებ და, ზოგადად, აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულების თაობაზე ჩვენთვის არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, იუდეველებთან ერთად ძლევამოსილმა ქალდეველმა მეფე ნაბუქოდონოსორმა ამონელებიც შემუსრა. შემდეგ, როდესაც მათ სული მოითქვეს, რეპატრიანტ იუდეველებს არაერთი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა მოგვიანებით სხვა აზიურ ეთნოსებს შეერივნენ. იუსტინე ფილოსოფოსის დროს მათი რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი (პოლუ პლიქოჯ) იყო, მაგრამ ორიგენეს მოღვაწეობისას ამონელები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ).

 

თავი 2

მხ. 1-3. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი&ქუოტ;.

წინამდებარე მუხლებში მოაბის დასჯის მიზეზებია ნაჩვენები.

წმ. ეფრემ ასური: იდუმიელებმა ერთ-ერთი თავიანთი მეფის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი გააკერპეს და საკუთარ სამშობლოში თაყვანისცემის ობიექტად აქციეს. სწორედ ეს ცხედარი გაიტაცეს მოაბეელებმა და საკუთარ ღვთაებას შესწირეს, ყოვლადდასაწველ მსხვერპლად მიიტანეს. მოცემულ შემთხვევაში წარმოჩენილია საღვთო მზრუნველობა მიცვალებული ადამიანის ცხედარზე, რითიც გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომაზეა გამახვილებული ყურადღება).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: სიტყვა მოაბის წინააღმდეგაა, რომელსაც ედომელთა მეფის დაწვაში ედება ბრალი. თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, შევეცდებით მოკლედ გამოვთქვათ: აქაბის შვილის აქაზის გარდაცვალების შემდეგ ისრაელის სამეფო ტახტზე აქაბის მეორე შვილი იორამი ადის. იორამი, იუდეის მეფე იოშაფათი და ედომის მეფე ერთად მოაბზე გაილაშქრებენ და სძლევენ მას . მოაბელები ბრაზით აივსნენ და, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, ედომზე შური იძიეს: მათ მოკლეს ედომელთა მეფე, ხოლო მისი სხეული შეურაცხყოფის მიზნით ცეცხლში დაწვეს).

დეკან. ალექსანდრე მენი: რაში ადანაშაულებს უფალი ამოსის საშუალებით წარმართებს? ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ არა ცრუ სარწმუნოების აღმსარებლობის გამო. მათი ცოდვა უპირველესად ადამინთა წინააღმდეგ მიმართული სისატიკეა. შესაძლოა, ძველი აღთქმის სულიერი რეალობიდან გამომდინარე ღმერთთან მიმართებით ისინი მცდარ არჩევანს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტებისგან სიკეთის გარჩევა ყველას ხელეწიფება. სწორედ ამას უწოდებს მოციქული წარმართთა შორის ბუნებით რჯულს. ამიტომაც, ყველა დაუნდობელი ქმედება მოიკითხება უზენაესისგან).

პავლე იუნგეროვი: ამოსის მიერ წარმართული სახელმწიფოების შესახებ გამოთქმული მოძღვრება ყველა სხვა მიზეზთან ერთად შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენის განმაცხადებელია: ღვთისაგან ხმობილი წინასწამრეტყველის მსახურება არა მხოლოდ იუდაური ეთნოსის კუთვნილებაა, არამედ მთელს კაცობრიობაზე განივრცობა).

წმ. ეფრემ ასური: ამოსს წარმართულ სახელმწიფოებზე საუბრის ოთხი მიზეზი გააჩნდა: 1. ე. წ. წინასწარმეტყველების (ცრუ მისანთა) მხილება, რომლებსაც უახლოესი და თითქმის კარსმომდაგრი განსაცდელების უწყებაც არ ძალუძდათ საკუთარი ხალხისთვის. 2. ჩვენება იმისა, რომ ხსენებული სახელმწიფოები დანაშაულებების გამო განიკითხებიან. 3. მომავალი უბედურებების შესახებ საუბრისას მოსახლეობაში ერთგვარი შიშის გაჩენა, რომ საკუთარი თავისადმი ყურადღებიანი გამხდარიყვნენ ადამიანები და სინანულის სურვილი აღძვროდათ. 4. შეეგონებინა მეზობელი ხალხები, რომ მტრებზე, წარმართ ერებზე, თავად უზენაესი ღმერთი იძიებს შურს).

პავლე იუნგეროვი: მეორე თავის მესამე მუხლით სრულდება ამოსის წინასწარმეტყველება წარმართული სახელმწიფოების შესახებ. თეკოიელი მწყემსი არ შეჰხებია ცალკეული ძლევამოსილი სახელმწიფოების, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის და ა. შ., ბედს (რასაც მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული წინასწარმეტყველები იუწყებოდნენ). ამოსი ისრაელთან ახლო ურთიერთობაში მყოფი წარმართული ქვეყნების თაობაზე საუბრობს: სირია, ფინიკია, ფილისტიმელები, იდუმეა, ამონელები და მოაბელები. მათი დანაშაული, რაც ღვთის რისხვას იწვევდა, ძირითადად ვერცხლისმოყვარეობას უკავშირდებოდა, და ამ ვნებით შეპყრობილი ხალხები დაუნდობლად ექცეოდნენ სხვა ადამიანებს. სწორედ ხსენებული ვნება იყო ამონელთა მიერ გალაადის მიწების დაკავების მიზეზი, რომ საკუთარი სამფლობელოები გაეფართოვებინათ. ვერცხლისმოყვარეობით ხელმძღვანელობდნენ ფილისტიმელნი და ფინიკიელები, როდესაც დატყვევებულ იუდეველებს ედომელებზე ყიდდნენ… ასე რომ, წარმართთა მიერ აღსრულებული დანაშაულები მხოლოდ ფორმით განსხვავდებოდა, ხოლო არსობრივად ერთი მიზეზი, ვერცხლისმოყვარეობა და სიძულვილი, ამოძრავებდა მოძალადეებს. მათთვის გაცხადებული სასჯელებიც ერთნაირი შინაარსისაა: დედაქალაქების გადაწვა, მეფეების დამხობა, ხალხების გადასახლება.

ამოსის მიერ უცხო სახელმწიფოების თაობაზე გამოთქმული უწყებანი იმავდროულად მიუთითებენ, რომ ღვთის წინასწარმეტყველის მსახურება არა გეოგრაფიული არეალით შემოსაზღვრული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ოდენ იუდაური წიაღისკენ არის მიმართული, არამედ საყოველთაო სახალხო მაშტაბებს მოიცავს. თეკოიიდან ბეთილში ჩასული მწყემსი მოძღვრების გადაცემას ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის – იაჰვეს სახელით იწყებს. ამასთანავე იგი წარმართი სახელმწიფოების დანაშაულებებს სასტიკი მსაჯულის დარად განსჯის, თითქოსდა ზეგარდამო მსჯავრის მაუწყებელი მთავარანგელოზი საყვირით ხელში, ხალხებს ზნეობრივი სიკვდილიდან გამოღვიძებისკენ მოუწოდებს. ყოფილი მწყემსის მიერ გაჟღერებული მოძღვრების ამგვარ დასაწყისს მსმენელებზე ძლიერი შინაგანი გავლენა უნდა მოეხდინა, რადგან ისრაელის მკვიდრნი ამოსში წარმართი ხალხების განსაკითხავად ღვთისაგან მოვლენილ, ჭეშმარიტების მღაღადებელ მოძღვარს ხედავდნენ და ამგვარი მქადაგებლის სიტყვა ნებსით თუ უნებლიედ უნდა მოესმინა ისრაელს და, როგორც საღვთო უწყებას, მინდობოდა მას. ამასთან, მხოლოდ ასეთი, ქუხილის მსგავსი ქადაგება თუ იმოქმედებდა ამოსის თანამედროვე ამპარტავან, თავნება, თვითდაჯერებულ და გულზვიად საზოგადოებაზე. წარმოთქმულ სიტყვებს, მსგავსად მიწისძვრასა, უნდა შეერყია უდარდელი ისრაელი. სხვაგვარად, ბეთილში ჩასულ წინასწარმეტყველს მოღვაწეობის დასაწყისში მშვიდი და წყალობით აღსავსე მოძღვრება რომ გამოეთქვა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას. მსგავსად მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული ნათლისმცემლისა, რომელიც იუდეველებს იქედნეთა ნაშობებს უწოდებდა , საფუძვლიანი მხილების შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი, ნეტარების შესახებაც თქმულიყო რამ , რადგან პირველის გარეშე არც მეორე იქნებოდა საცნაური).

მხ. 4-5. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა. ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს&ქუოტ; .

ამოსი წარმართული სახელმწიფოების შემდეგ იუდეის სამეფოს მომავალს იუწყება. იუდას დაქცევის მიზეზად ამ სამეფოს მოსახლეობის კერპებისკენ ლტოლვაა დასახელებული.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წარმართი სახელმწიფოების რიგში იუდაა აყვანილი, რითიც მინიშნებულია მისი მძიმე ზნეობრივი მდგომარეობა. მაშინ როდესაც იუდეა და იერუსალიმი სულიერი მარილი უნდა ყოფილიყო მთელი კაცობრიობისთვის, ვითარცა ჭეშმარიტი სჯულის მფლობელი და უზენაესისადმი პატივმიმგები, იგი არაფმით სხვაობს წარმართული სახელმწიფოებისგან).

პავლე იუნგეროვი: ებრაელთა მონათესავე წარმართი სახელმწიფოების შემდეგ ამოსი მამხილებელ სიტყვას ისრაელის სამეფოში მცხოვრები მოსახლეობის სისხლითმონათესავე იუდეის სამეფოს მკვიდრებისკენ მიმართავს. ზემოხსენებული წარმართი ერების დანაშაული ყველასათვის ცნობილი ბუნებითი რჯულის თანახმად განისაზღვრება, ხოლო იუდას შეცოდებანი ღვთისაგან მონიჭებული კანონმდებლობის მიხედვით განიხილება. სწორედ ეს ღვთივგამოჩინებული რჯული უარყვო რჩეულმა ერმა, როგორც უვარგისი და არაფრის მომცემი რამ. უძველესი დროიდან მოყოლებული პირველი მცნების დარღვევამ, რაც წარმართთა ‘ღმერთების" თაყვანისცემას კრძალავდა, გზა სხვა მცენებების უგულებელყოფასაც გაუხსნა, რამაც რჩეული ხალხი ყველა სახის ცოდვასა და უპატიობას აზიარა. რადგან ღვთის მცნებათაგან განდგომილი იუდეველნი ცხოვრების წესით წარმართებს მიემსგავსნენ, მათაც იგივე სახის განსაცდელები მოელით, რაც უცხოტომელებთან დაკავშირებით იყო გაცხადებული: იერუსალიმი ქალდეველების, რომაელების და მრავალი სხვა რჯულის დამპყრობლის ხელით მრავალგზის გადამწვარა).

მხ. 6. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად".

მორიგი ქვეყანა - ისრაელის სამეფო. ამოსის მიმართვის ძირითადი თემატიკა სოციალური უსამართლობის მხილებას მოიცავს. ამასთანავე წინასწარმეტყველი ამხელს გარყვნილი ცხოვრების წესსა და რელიგიურ გაუკუღმართებას.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იგივე მდგომარეობაა ისრაელთან მიმართებაში. ისიც წარმართული ერების გვერდითაა განხილული. მართალი ადამინების ოქროზე გაყიდვა ედება ბრალად მათ. აქვეა მითითება, რომ მართალ ადამიანს ორ წყვილ ფეხსაცმელზე ცვლიდნენ. წარმოდგენილი მსჯელობით ნაჩვენებია, თუ როგორ არ ფასობდა ჩრდილოეთის სამეფოში სიმართლე და რაგვარი უდიერი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს მისდამი. კიდევ ერთი ბრალდება: მისი მკვიდრნი, „მამა და შვილი ერთ ქალთან შედიან უზენაესის სახელის შესალახავად". აღნიშნულში იგულისხმება, რომ ისრაელში საკმაოდ ხშირად ხდებოდა სისხლის აღრევა. მამა საკუთარი შვილის ცოლთან სცოდავდა, შვილი კი - მამის ხარჭასთან).
პავლე იუნგეროვი: ამოსის მიერ წარმართი ერების შესახებ მითითებული დანაშაულებანი საყოველთაოდ ცნობილი საღვთო დადგენილებების დარღვევაა, რაც თავად წარმართულმა სამყარომაც მშვენივრად უწყოდა. ამიტომაც ზნეობრივი განვითარებისამებრ განიკითხებიან ისინი: დამონებული იუდეველების მტრებისთვის მიყიდვის, ძმური კავშირის დარღვევის, ორსული ქალების გამოფატრვის და მრავალი მსგავსი მიზეზის გამო. ცხადია, ესაა საყოველთაო, ადამიანთა შორის ცნობილი ნორმების, ზნეობრივი დადგენილებების გადაცდენა.

იუდეველი ერის დანაშაული მისთვის აუცილებელი და კარგად ცნობილი საღვთო რჯულის გადაცდომას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში ამოსი გამოცხადებით მინიჭებულ კანონმდებლობაზე მყარად მდგომი იაჰვეს წარმომადგენელია, რომელიც სწორედ სინაური კოდექსით ხელმძღვანელობს. იუდას დამოკიდებულება საღვთო კანონებისადმი ისეთივეა, როგორც წარმართებისა - თანდაყოლილი ბუნებითი რჯულისადმი. ამიტომაც განა შეწყალებული იქნება იუდა, რადგან ზეგარდამო მოძღვრების მფლობელია, არამედ როგორც წარმართ ერებს შორის რიგით მეშვიდე, ამ უკანასკნელების შესაბამის ხვედრს გაიზიარებს.

ისრაელი? აქამდე არსებულ ჩამონათვალში მისი არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა იგი. პირიქით, ყველა სხვა ხსენებულ ერზე მეტად დამნაშავეა და ამიტომაც იგზავნება მასთან საღვთო მსჯავრის მაუწყებელი ამოსი. თუკი სხვა ერები ღვთის რისხვასა და სამსჯავროს მოუხმობენ, უნდა უწყოდეს ისრაელმა, რომ მისი დანაშაული გაცილებით მძიმეა. უპირველესად ამოსი მოსამართლეთა უსამართლობას ამხელს, რომლებიც ღარიბსა და უპოვარ ადამიანს ჩაგრავენ. ამიტომაც მდიდრები თავისუფლად, განცხრომით გრძნობენ თავს. ამგვარი უკეთურებისთვის წინასწარმეტყველი ისრაელის სამეფოს საშინელ განსაცდელს აუწყებს, რასაც ვერავინ გადაურჩება: ვერც მკვირცხლი, ვერც ძლიერი, ვერც მამაცი, ყველანი დაიღუპებიან. აღნიშნული მსჯელობა ისრაელის სამეფოს შესახებ მომავალში გამოთქმული მოძღვრებების ერთგავირი შესავალია...

მეექვსე მუხლიდან მოყოლებული წიგნის დასასრულამდე წინასწარმეტყველი საკუთარ სიტყვას ისრაელის სამეფოსკენ მიმართავს, რადგან თავად უფალმა ღმერთმა სამხილებლად და საქადაგებლად სწორედ იქ წარავლინა იგი. ამიტომაც ამიერიდან წვრილმანებში მოგვითხრობს ისრაელის დანაშაულისა და მომავალი მსჯავრის შესახებ.).

მხ. 8. ‘დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში".

ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების დაგირავების საკითხს იუდეველთა შორის კანონი არეგულირებდა. მაგ,. რჯულში ნათქვამია: ‘არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი" , რადგან სწორედ მითითებულ ნივთზე იყო დამოკიდებული ოჯახის წევრების დღიური გამოკვება. ასევე ღარიბი ადამიანისგან ნათხოვი ტანსაცმელი აუცილებლად იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე უნდა დაბრუნებოდა პატრონს . მიუხედავად ამგვარი აკრძალვებისა, ამოსის თქმით, ‘დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში". სამსხვერპლოში დანისა და ბეთილის კერპები იგულისხმებიან. შესაბამისად, წინასწარმეტყველი რჯულის დარღვევის ორმაგ მხარეზე მიუთითებს: კერპთაყვანისცემა და გირაოს შესახებ კანონის დარღვევა.

წარმართებზე საუბრისას ბოლო, უმთავრესი ცოდვა სახელდება, ხოლო ისრაელზე წინასწარმეტყველებისას სახელდობრ შვიდი ცოდვაა ჩამოთვლილი.

წმ. ბასილი დიდი: წმინდა წერილში მრავალი გაუკუღმართების შესახებაა მითითება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი უკეთურება მოუხსენიებლად იქნა დატევებული, რომ ბიბლიური წიგნების სიწმინდე არ შერყვნილიყო).

თეოდორიტე კვირელი: წარმართები, ხედავდნენ რა რჩეული ერის უშჯულოებას, ყოველთა ღმერთის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი უკეთურებების დამნერგავია იგი, ანაც ენითგამოუთქმელი სისაძაგლეს ითმენს დაუბრკოლებლად).
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი სამ დანაშაულში ამხელს ისრაელს: 1. ღარიბთა უფლებების დარღვევა. 2. ზნეობრივი კანონების უგულებელყოფა. 3. ღვთისმსახურების საყოველთაოდ აღიარებული ადგილების შეურაცხყოფა. მოსამართლენი საკუთარ სამართალს ვერცხლად ჰყიდიდნენ და ადვილად ადანაშაულებდნენ უდანაშაულოს, თუკი თანხას გადაიხდიდა მავანი. ქრთამს, მოსეს სიტყვებით , ძალუძდა დაებრმავებინა მოსამართლე და ამოსის თანამედროვეებსაც ახუჭინებდა თვალს სიმართლეზე. შეძლებული ოჯახები ღატაკ იუდეველს მცირედი გასესხებული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოსეს რჯულის საპირისპიროდ იმონებდნენ , მოსამართლენი კი მსგავს განჩინებებს მშვიდად აწესებდნენ. ცხოვრებისეული სიამეების მაძიებელი მდიდარი საზოგადოება ღარიბებს სტაცებდა ყოველივეს, ხოლო ჩაგრული მოსახლეობის უფლება, ღირსება და საკუთრება დაუკითხვად ფეხქვეშ ითელებოდა. უსამართლოდ შეძენილ ქონებას მისი არაჯეროვანი განკარგვა სდევდა თან. ზნეობრივი დაცემულობა, გრძნობისმიერი თავშეუკავებლობა და მრუშობა იქამდეც კი აღწევდა, რომ მამა და შვილი ერთ მეძავთან დადიოდნენ, რითიც გარდა სიძვა-მრუშობისა, სისხლის აღრევის ცოდვასაც ეზიარებოდნენ. ამგვარ გაუკუღმართებას წარმართული კერპებისადმი ლტოლვა უწყობდა ხელს. წმინდა ეფრემ ასური შენიშნავს: ‚ვინაიდან ყველა ქალაქში წარმართული სამსხვერპლოები იყო აღმართული, სადაც მეძავებიც იმყოფებოდნენ, მათი მხილველი იუდეველი მამები შვილებთან ერთად ეძლეოდნენ გარყვნილებას" . რჯულის თანახმად მსგავსი ცოდვის მოქმედი ქვებით უნდა ჩაქოლილიყო , მაგრამ ამოსის თანამედროვე იუდეველნი მშვიდად უცქერდენენ ყოველივეს. ურჯულონი კი თავისუფლად მოქმედებდნენ უკეთურებას და ღვთის სახელს შეურაცხყოფდნენ, რითიც წმინდა ერს უწმინდურებას აზიარებდნენ და წარმართთა შორის გმობასა და განკითხვას უწყობდნენ ხელს. ‚ესოდენ უმსგავსობის მხილველმა წარმართებმა, - ამბობს თეოდორიტე კვირელი, - როგორც ამგვარი უკეთურების რჯულმდებლის, ანაც ხალხის ურჯულოებათა დამთმენი უზენაესი ღმერთის წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა").

მხ. 9-10. ‘გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი მუქარა ამორეველთა მისამართითაა. მოცემულ მუხლში კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ განადგურდებიან ამორეველნი, არაფერია ნათქვამი. ამორეველები იებუსეველებთან, გერგესეველებთან ერთად ქანაანურ ტომს წარმოადგენდნენ. ეს იყო ხალხი, რომელიც ქანაანის მიწაზე მცხოვრებ ყველა ტომს აღემატებოდა უკეთურებასა და ურჯულოებაში. სწორედ მათგან იყვენ გამოსულნი სოდომ-გომორის მკვიდრნი. ამორეველთა სახით მთელი ქანაანური წარმართობა მოიაზრება).

მხ. 11-16. 'შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი. თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო! აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს. მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი&ქუოტ; .

ამოსი ცდილობს, იუდეველებს რჩეულობა შეახსენოს და ორ მოვლენას ასახელებს: რომ იუდეველთაგან არიან წინასწარმეტყველნი და მათი (იუდეველების) ხვედრია მოწმინდარობა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: უზენაესი უცხადებს იუდეველებს, რომ ძვ. აღთქმის ხალხებს შორის სწორედ ისინი გამოირჩნენ და მიეცათ სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მათ წიაღში აღმოცენდნენ წინასწარმეტყველნი და მოწმინდარნი, მაგრამ იუდეველთა უკეთურებას საზღვარი არ ჰქონია, ისინი მოწმინდარებს ღვინოს ასმევდნენ, ხოლო წინასწარმეტყველთ სიტყვის თქმას უკრძალავდნენ.

ბოლო მოხლებში უზენაესი იუწყება, თუ რა მოუვა მის განმარისხებელს; რომ დადგება ჟამი, როდესაც ვერც ფეხმარდი, ვერც ძლიერი მხედარი, არც „გულმაგარი მამაცთა შორის" გახდება რამეს და „შიშველი გაიქცევა იმ დღეს", რითიც მითითებულია, თუ როგორი მძიმე განსაცდელი დაატყდება თავს ისრაელსა და იუდას ასურეთისა და ბაბილონის მხრიდან).

პავლე იუნგეროვი: ოდენ ებრაელი ერის წიაღში იმყოფებოდნენ წინასწარმეტყველები და ნაზორეველნი, რითიც იუდეველი ეთნოსის ღვთივრჩეულობა დასტურდებოდა. გამორჩეულ ადამიანებს წინასწარმეტყველების ნიჭი ერის სულიერი წინამძღვრობის მიზანდასახულობით მიემადლებოდა ღვთისაგან. მათი მოღვაწეობით წარმართულ სახელმწიფოებში მყოფი ჯადოქრებისა და ჯადოქრობის საფრთხეც უნდა აღმოფხვრილიყო . ამასთანავე, კავშირი იაჰვესა და მის ერს შორის სწორედ ამ ადამიანთა შუამავლობით ხორციელდებოდა. მართალია, ნაზორეველები, მსგავსად წინასწარმეტყველებისა, ღმერთისა და ხალხის ურთიერთობას არ აწესრიგებდნენ, მაგრამ ერში მათი გამოჩენა ღვთისაგან განსაკუთრებული გამორჩევის შედეგად ხდებოდა...

როგორ პასუხობდა ამ ყოველივეს იუდეველი ერი? სრულიად საპირისპიროდ: წინასწარმეტყველებს საკუთარი პატივმოყვარეობის შემლახავი საღვთო ნების გაცხადებას უკრძალავდა, ხოლო ნაზორეველებს კი ღვინოს ასმევდა და დადებული აღთქმების დარღვევას აიძულებდა...

ასე დასრულდა მეორე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველებები იუდეისა და ისრაელის სამეფოების შესახებ წარმართული ქვეყნებითურთ. ორივე სამეფოში მცხოვრებმა ხალხმა ღვთის მსჯავრი და რისხვა დაიმსახურა. უცხოტომელებთან შედარებით განსხვავებულია მათი დანაშაულებანი, რადგან იუდეისა და ისრაელის შეცოდებები თეოკრატიულ სულს ეწინააღმდეგება. რჩეული ერის შესახებ საუბრისას ამოსი წარმართული კერპების თაყვანისცემას, საღვთო რჯულისა და მცნებების უარყოფას და მსგავს ქმედებებს ამხელს).

 

თავი 3

მხ. 1-2. ‘ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს".

ამოსი კიდევ ერთხელ შეახსენებს იუდეველებს, რომ სიტყვები, რომლითაც იგი საზოგადოებას მიმართავს, უზენაესს ეკუთვნის და ეს სწორედ ის ღმერთია, ვინც რჩეული ერი სასწაულებრივად გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.

პავლე იუნგეროვი: ამოსი იუდეველი ერის გამორჩევასა და მონობიდან გამოხსნას იხსენებს და ამაში საკუთარი ბაგეებით წარმოთქმული უმკაცრესი სასჯელების გამართლებას ხედავს. უფალმა ისინი ყველა სხვა ერს შორის გამოარჩია, ეგვიპტის კირთებიდან დაიხსნა, ყველანაირი საღვთო წყალობა უბოძა, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც განუკუთვნა. ასე ‘შეიცნო" უზენაესმა იუდეველი ერი და საკუთარი თავის შესახებ ცოდნა განუცხადა მას, მაგრამ ამავდროულად შესაბამისი მოთხოვნებიც წაუყენა, ხოლო საკუთარი ბატონის ნების მცოდნესა და უარმყოფელს მეტი სასჯელი ეკუთვნის, ვიდრე იმას, ვინც ამის შესახებ არაფერი უწყის.

წინასწარმეტყველი თორმეტივე ტომს ერთობლივად მიმართავს და ამით იუდეის სამეფოს შეაგონებს: თუ იუდას მოსახლეობაც საღვთო რჯულს არარად შერაცხავს, ისეთივე სიმკაცრით დაისჯება, როგორც მეზობელი ისრაელი. ეგვიპტიდან თორმეტივე ტომი გამოვიდა და ყველამ ერთად აღუთქვა შემოქმედს ერთგულება. ამიტომაც პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება).

მხ. 3-4. ’აბა თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი?"

წმ. კირილე ალექსანდრიელი: აღნიშნული მუხლი საკმაოდ რთული გასაგებია. თუმცა შევეცდებით ვთქვათ ის, რაც შესაძლებელია. ამოსი იუდეველებს ადანაშაულებს, რომ ისინი არ აძლევდნენ წინასწარმეტყველებს სიტყვის თქმის უფლებას, რადგან ყველა ასეთი მოძღვრება სასჯელების შესახებ იუწყებოდა. საწინასწარმეტყველო წიგნებში, მომავლის გაცხადებისას, ჩვენ ვერ შევხვდებით სწავლებას ხორციელი, მატერიალური, ამქვეყნიური კეთილდღეობის თაობაზე. ამ საკითხს ისინი უბრალოდ არ განიხილავენ, ვინაიდან ამასოფელში ადამიანის უზრუნველყოფილი ცხოვრება საღვთო სწავლების განხილვის თემის მიღმაა. მსმენელს მსგავსი დამოკიდებულება აღიზიანებდა და ამიტომაც უპირისპირდებოდა ჭეშმარიტების მქადაგებლებს. უზენაესი იუდეველებს მიმართავს და ეუბნება, რომ ასეთი ადამიანების მორჩილება, თანამოღვაწეობა საღვთო გზაზე სრბოლას ნიშნავს. ამიტომაც, ღვთის სიტყვის თანახმად, თუ მათ დაუჯერებთ, ჭეშმარიტებას შეიმეცნებთ, ხოლო დაპირისპირების შემთხვევაში თქვენზე წინასწარმეტყველთა მიერ გაჟღერებული ყველა მუქარა აღესრულება. თუკი უზენაეს მოძღვრებას არ შეისმენთ, ‘უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი" ).

ეფრემ ასური: თუკი არასოდეს მოხდება ისე, რომ ორი ადამიანი მუდმივად ერთად ივლის რაიმე საერთო მიზნის გარეშე, ამბობს ამოსი, განა გიწინასწარმეტყველებდით მე, ოსია, ესაია და სხვანი, თავად საღვთო სიტყვა რომ არ აღგვძრავდეს ამისკენ?!).

პავლე იუნგეროვი: წინამდებარე მუხლში გადმოცემული მოძღვრება ასე შეიძლება გვესმოდეს: განა იტყოდა ამოსი ისრაელის დასჯის შესახებ ასეთ მრისხანე სიტყვებს, ღვთისგან რომ არ ჰქონოდა ნაუწყები დროის ახლო მონაკვეთში მასზე მოწევნადი ზეგარდამო მსჯავრის თაობაზე? ლომის შემაძრწუნებელ ღრიალს მყისიერად მისი ნახტომი სდევს მსხვერპლის მიმართულებით. ლომი არასოდეს ბრდღვინავს, თუკი მსხვერპლი არ იხილა, და საშინელი შეძახილსთანავე უმალ ესხმის მას თავს. როგორც ლომის ხმის მოსმენისას სისხლი ეყინება მსხვერპლს და ადგილიდან ვერ იძვრის, ამგვარადვე არ ხელეწიფებათ ისრაელის სამეფოს მკვიდრებს მოახლოებული საღვთო მსჯავრის გარემიქცევა. ‘არასოდეს ბრდღვინავს ლომი, თუკი ნადავლი არ იმყოფება მის წინაშე, არც უფალი იღაღადებს, მისგან ნაქადაგებს აღსრულება რომ არ ეწეროს", განგვიმარტვას წმინდა ეფრემ ასური).

მხ. 5. ‘აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული?"

პავლე იუნგეროვი: ამოსი იმის შესახებ მიუთითებს, რომ ისრაელის მოსახლეობამ საკუთარი ქმედებებით ღთის სამსჯავრო გაიმზადა. როგორც მახეში გაბმული ჩიტი კარგავს თავისუფლებას, ასევე ისრაელის სამეფოს მკვიდრნი საკუთარი შეცოდებების გამოისობით გარდაუვალ სასჯელს ექვემდებარებიან. განა მოხდებოდა ასე, უფალი რომ არ ხედავდეს დასჯის აუცილებლობას და როგორც მახე იხურება მხოლოდ მაშინ, რაჟამს ჩიტი გაებმება მასში, ასევე არ დასრულდება სასჯელი მანამ, ვიდრე შედეგი არ დაგება).

მხ. 6. ‘აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?"

პავლე იუნგეროვი: როგორც საომარი საყვირი იწვევს ქალაქში განგაშს, შფოთსა და მღელვარებას და თავდაცვისკენ უხმობს მოსახლეობას, ასევე წინასწარმეტყველის მიერ მომავალი სამსჯავროს შესახებ გაჟღერებულმა შემაძრწუნებელმა სიტყვებმა ზნეობრივი ძილისა და უდარდელობისგან უნდა გამოაღვიძოს ისრაელი, სულიერ მღვიძარებასა და სინანულში შეეწიოს მას, რომ კარს მომდგარი უბედურებიდან გამოხსნის გზები ეძებოს).

მხ. 7. ‘რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ".

პავლე იუნგეროვი: მომდევნო მუხლებში ამოსი საკუთარ აზრს ყოველგვარი მაგალითებისა და სიმბოლოების გარეშე, დაუფარავად გამოთქვამს: ყველანაირი განსაცდელი დედამიწაზე ღმერთის მიერ იგზავნება და მათ შესახებ წინასწარმეტყველთა ბაგეებით წინდაწინ იუწყება უფალი. შესაბამისად, ამოსიც იმიტომ მიუთითებს მსჯავრის შესახებ, რომ ეს ღვთისგან აქვს გაცხადებული, ხოლო საღვთო ნების აღსრულებას ვერაფერი დაუდგება წინ, რადგან ‘ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება? უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება?" (მხ. 8) ასევე, მართალია, ამოსისთვის მძიმეა, მაგრამ აუცილებელი, რომ თანატომელთა მსჯავრის შესახებ ისაუბროს. საღვთო ნების უგულებელყოფის მიზეზით წარსულ დროში იუდეველი წინასწამრმეტყველი ლომმა დაგლიჯა . ამჯერადაც ყველა წინასწარმეტყველს, ვინც უზენაესის სურვილის აღსრულებას განუდგება, შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს . წარმოდგენილი მსჯელობის დასასრულს ნეტარ თეოდორიტეს სიტყვებს მოვიხმობთ: ‘იცით რა ყოველივე ზემოთქმული, მოსმენილი უწყებები როგორც ჭეშმარიტება მიიღეთ, რადგან ჩვენც (ამოსი და სხვა ღვთივსულიერი წინასწარმეტყველნი) ძრწოლით გატყობინებთ ამას, რადგან თუკი მბრდღვინავი ლომი მსმენელებს შიშირს ზარს სცემს, მით აღმატებული კრძალვით ვწინასწარმეტყველებთ ჩვენ საღვთო ხმობის შედეგად").

მხ. 9-10. ‘გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში! არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში".

პავლე იუნგეროვი: უფალი წინასწარმეტყველთა და განსაკუთრებული მაცნეების შუამავლობით სამარიაში უხმობს ფილისტიმელებსა და ეგვიპტელებს, რომ ადგილობრივთა ქცევას დააკვირდნენ. ისინი ისრაელის დედქალაქში სიმართლის რჯულის დარღვევასა და სრულ ანარქიას, ღარიბთა ჩაგვრასა და უკანონოდ გამდიდრების მოსურნე ადამიანებს იხილავენ. ამოსმა საუბარი წარმართული სახელმწიფოებით დაიწყო და კაცთა მიმართ გამოვლენილ უსიყვარულობაში ამხელდა მათ. ამჯერად კვლავ წარმართებს მიმართავს, რომ ისრაელის მოსახლეობის ქმედებათა მოწმენი და მოსამართლენი იყონ ისინი. უცხოტომელთა გასაკვირად უმძიმესი ვითარებაა აქაც. წმინდა ეფრემ ასური ხატოვან გამოთქმას მიმართავს: ‘მოდით, სახლების ერთმა ნაწილმა მეორეს წინააღმდეგ დაამოწმოს. მოდით, აზოტისა და ეგვიპტის სახლის წირთხლებმა გვითხრან, ასევე სავსე არიან ისინი ნატაცებითა და ნაძარცვით, როგორც თქვენი სახლები?").

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლებში გადმოცემული ცნობები მომავალში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამოსის თანამედროვე იუდას მეფის ოზიას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე იოთამი ადის, იოთამს ახაზი ჩაენაცვლება, ახაზი ეზეკიას დაუთმობს მეფობას, ეზეკია - მანასეს, მანასე - ამოსს, ამოსი - იოშიას. იოშია იუდეის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი უღირსეულესი მეფე იყო. ის ეგვიპტური ჯარის პირისპირ ბრძოლისას დაიღუპა. როდესაც ფარაონი ნეხაო ბაბილონელთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად საზღვაო ფლოტით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა, რომ იქიდან ევფრატისკენ დაძრულიყო, იოშია საკუთარ სამეფოში ჯარით შეეგება მომხდურს. მეფე ფიქრობდა, ეგვიპტელები იუდას გვერდს არ აუვლიდნენ და მათი მოგერიება განიზრახა, მაგრამ შეტაკებისას დაიღუპა. მორიგი მეფე - იოშიას ძე იოაქაზი. მან სამი თვე იმეფა და ნეხაოს მიერ დატყვევებული ეგვიპტეში აღმოჩნდა. შემდეგი მეფე - იოშიას უფროსო ძე იოაკიმე. ამ ადამიანმა უმძიმესი გადასახადები დაუწესა საკუთარ მოსახლეობას და ძლიერ აჭირვებდა მათ. სწორედ იოაკიმეს დროს ილაშქრა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში (605 წ.), დიდძალი სიმდიდრე და მძევლები მიითვალა და სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ეს არ ყოფილა ერთადერთი განსაცდელი, ყაჩაღური ჯგუფები ყველა მეზობელი სახელმწიფოებიდან (სირიიდან, ტვიროსიდან, აზოტიდან, იდუმეიდან, მოაბიდან) თავს ესხმოდნენ და იუდეის მიწას ანადგურებდნენ).

მხ. 11-12. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე".

პავლე იუნგეროვი: თანამედროვე გაამაყებული ისრაელის სამეფოს მოსახლეობიდან, რომელიც დიდი ზომის საცხოვრისებში მკვიდრობს და გასაოცარი სინატიფით აგებულ დამასკურ სარეცლზე ნებივრობს, უმნიშვნელო და გასაცოდავებული რაოდენობა დარჩება. როგორც მამაცი მწყემსი ზოგჯერ გატაცებული ცხვრის ყურსა თუ ფეხის ნაწილს გამოაცლის ლომს ხახიდან, ასევე ისრაელიანთა შორის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩება. მტერი თითქოს მათ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ეპატრონება და იმაში, ვინც ალყაში მოაქცევს ირაელის სამეფოს, ბიბლიური ისტორიის თანახმად, ასურეთის იმპერია მოიაზრება. ასურელები საკუთარი უზარმაზარი სამფლობელოებით ამოსის მოღვაწეობისას არც თუ ისე შორს იყვნენ ისრაელის საზღვრებიდან და თითქმის ყოველი მხრიდან გარემოიცავდნენ მას. ხოლო რაჟამს დადგა დრო ამოსის წინასწამრეტყველების აღსრულებისა, მტერმა ყველა ქალაქი დაიმორჩილა, სამარიას გარშემოადგა, სამწლიანი ალყა წარმატებით დაასრულა და სამუდამოდ დაამხო დიდება და პატივი ისრაელისა.

სირიის დედაქალაქ დამასკოში მცხოვრები ხელოსნების ნაკეთობანი მაღალი ხარისხით იყო განთქმული აღმოსავლეთის ხალხებში. იუდეის მეფე აქაზი, რომელიც ამოსის ასპარეზზე გამოსვლიდან მცირე დროის შემდეგ სამხრეთის სამეფოს ხელისუფალი ხდება, დამასკური ხელოვნებით აგებული სამსხვერპლოთი მოიხიბლა და ზუსტად ასეთივე სამსხვერპლო ააგებინა სოლომონის ტაძარში . სირიის დედაქალაქი მდიდართა სახლების მოსართავი ადგილობრივი წარმოების ხალიჩებით, ლითონისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობებით, დღევანდელ დღემდე ‘დამასკურით" ცნობილი ხანჯლებითა და მრავალი სხვა გემოვნებიანი ნივთებით იყო განთქმული. შესაძლოა, ამოსი სიტყვებში: ‘როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე", დამასკოში უმაღლესი ხელოვნებით სპილოს ძვლისაგან დამზადებულ საწოლებს გულისხმობს, რომლებიც მრავლად შეეძინათ სამარიის შეძლებულ ოჯახებს. ამასთან, სირიის დედაქალაქის სავაჭრო მნიშვნელობასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან იქ ნაყიდი, თუნდაც სხვა ქვეყნაში დამზადებული ნაკეთობაც, სავარაუდოა, რომ იმავე ქალაქის სახელით, დამასკურით, ყოფილიყო ცნობილი).

მხ. 13-15. ‘ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი. რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი".

პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი კვლავ აზოტისა და ეგვიპტის მკვიდრებს, და მათთან ერთად ყველა წარმართს მიმართავს. ისრაელის უკეთურება მრავლ ადგილზე იერობოამ I-ის ბრძანებით სამსხვერპლოების აგებას, მეფეთა და მაღალ იერარქთა მიერ სპილოს ძვლით მოკაზმული ზამთრისა და ზაფხულის სასახლეების მშენებლობას უკავშირდება. სასჯელი იმაში გამოვლინდება, რომ ბეთილის სამსხვერპლოს რქები მოეკვეთება და ხალხის თვალში განმწმენდელ ძალას დაკარგავს. ამასთანავე, მრავალი გამშვენებული სახლი დაემხობა და განადგურდება.

ზამთრისა და ზაფხულის სახლები, შესაძლოა, ერთი და იმავე სახლის გარეთა და შიგნითა განყოფილებები ყოფილიყო. საცხოვრისის საზამთრო ნაწილი, სავარაუდოდ, ზედა სართულზე ეწყობოდა. იგი დახურული გალერეებით შემოისაზღვრებოდა, სადაც ბუხრები და ღუმელები მდებარეობდა, ხოლო საზაფხულო სართული სახლის ქვედა ნაწილში თავსდებოდა, რომ გაუსაძლისი სიცხისგან თავდასაცავად მეტი სიგრილე ყოფილიყო. სამარიაში სპილოს ძვლით გამშვენებული სახლების აგება მეფე აქაბმა დაიწყო. ასეთი სახლები ამოსის დროისთვის მრავლად იყო ისრაელის ქალაქებში და სწორედ მათი დაქცევის შესახებ იუწყება თეკოიელი მწყემსი).

წინამდებარე თავში გადმოცემული მოძღვრება იუდეველთა მცდარ შეხედულებებს უკავშირდება: იაკობის შთამომავალებს უფლისმიერმა რჩეულობამ დიდი წარმოდგენები შეუქმნა საკუთარ თავზე. წინასწარმეტყველი ცდილობს, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება ამხილოს, რადგან ასეთი მიდგომით შეუძლებელია ადამიანმა, საზოგადოებამ, ერმა, გადამწყვეტ დროს სწორი არჩევანი გააკეთოს, რაც სრული სიცხადით ახდა იუდეველი ერის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც ისინი ყველაზე აღმატებული მოვლენის წინაშე აღმოჩნდნენ: ან უნდა მიეღოთ მესია, ან უარი უნდა ეთქვათ მასზე.

 

თავი 4

მხ. 1-3. 'ისმინეთ ეს სიტყვა, ბასანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო! დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით. ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ბასანი ტრანსიორდანიაში, გენესარეთის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობდა. იგი საძოვრებით მდიდარი მხარე იყო, სადაც დიდძალი საქონლის ჯოგი დაბრკოლების გარეშე ღებულობდა საზრდოს. ამოსი ასეთი სახით მსმენელს ოდენ მატერიალური კეთილდღეობით დაინტერესების გამო მიმართავს).

პავლე იუნგეროვი: ამოსი ისრაელთან დაკავშირებით წინა თავში დაწყებული მამხილებელი მოძღვრების წარმოთქმას კვლავ აგრძელებს. წინასწარმეტყველი ხელისუფლებაში მყოფი მამაკაცების შეცოდებათა მხილების შემდეგ, ამჯერად დედაკაცთა უკეთურების განქიქებას იწყებს, რომლებიც, იყვნენ რა დაჩვეულნი სიმდიდრეს, დროსტარებსა და, ზოგადად, საკუთარი ვნებების დაოკებას, ქმრებს ბოროტების აღსასრულებლად უბიძგებდნენ და სხვათა დაჩაგვრის გზით იკმაყოფილებდნენ მოთხოვნილებებს. ისინი ურცხვი, უკეთური და უწმინდური ცხოვრების მრავალფეროვნებით ბასანის განთქმულ საძოვრებზე ნაბალახებ პირუტყვებს არიან მიმსგავსებულნი, რადგან საკუთარ ცხოვრებას სოციალურად დაბალი ფენის კიდევ უფრო მეტად გაღატაკების ხარჯზე წარმართავდნენ.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ხშირად მიმართავდნენ მრისხანე სიტყვებით იუდეველ დედაკაცებს, რადგან მამაკაცთაგან მომოქმედებული ბოროტმოქმედების მიზეზი არაიშვიათად სწორედ ისინი გამხდარან).

მხ. 4-5. ‘წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები. შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი".

პავლე იუნგეროვი: შესაძლოა, ბეთილსა და გილგალში საკულტო მსახურებების დაწესება იუდეველი ერის ადრეულ ისტორიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს. უდაბნოში მოგზაურობის შემდეგ სწორედ გილგალში აღესრულა პირველი წინადაცვეთა. იქვე იზეიმეს აღთქმულ მიწაზე პირველი პასექი. გილგალში აირჩიეს მეფედ საული. გილგალში ცხოვრობდნენ ელია და ელისე საკუთარ მოწაფეებთან ერთად. მაგრამ იმავე მიდამოში ამოსის თანამედროვეთა მიერ აღსრულებულ ღვთისმსახურებას არაფერი ჰქონდა საერთო ჭეშმარიტების მადიდებელ ადამიანთა უწინდელ ქმედებებთან).

 

 გაგრძელება →

 

ნახვა: 574

გამოხმაურებები!

ძალიან დიდი მადლობა Kakha

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters