ვიკსბურგი. 1863 – გარდატეხა აშშ-ის სამოქალაქო ომში

სამოკავშირეო ძალებს ვიკსბურგის აღება რომ მოეხერხებინათ, მისისიპის აუზის გაკონტროლებასა და კონფედერაციის ორად გახლეჩას შეძლებდნენ. მაგრამ ჩრდილოეთიდან შეტევა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ სამოკავშირეო ჯარს მდინარე უნდა გადაელახა და მოწინააღმდეგეს ზურგიდან მისდგომოდა.

ამერიკის სამოქალაქო ომში ორივე მხარე – სამოკავშირეო ჯარიცა და კონფედერატების არმიაც ვიკსბურგს (მისისიპის შტატი) როგორც ომში გამარჯვების გასაღებს, ისე განიხილავდა. ვიკსბურგი მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს; შუა გზაზე, ჩრდილოეთით – მემფისისგან (ტენესი), ხოლო სამხრეთით – ახალი ორლეანისგან (ლუიზიანა). 1862 წლის გაზაფხულზე ორივე ეს ქალაქი, ფორტ ჰენრისა და ფორტ დონელსონთან ერთად, სამოკავშირეო ჯარმა დაიკავა და შედეგად, კონფედერატების ხელში დარჩენილ ერთადერთ გამაგრებულ ადგილად მდინარეზე ვიკსბურგი დარჩა. ამგვარად, მისი დაცემის შემთხვევაში, მისისიპი მთლიანად სამოკავშირეო ჯარის ხელში აღმოჩნდებოდა და კონფედერაციაც ორ ნაწილად გაიხლიჩებოდა.

ამასთან, ვიკსბურგს თავდაცვისთვის საუცხოო მდებარეობა ჰქონდა. ის მაღალ ციცაბო კლდეზე, მდინარის თავზე იყო გაშენებული, ჩრდილოეთ მხრიდან კი მისისიპის დაჭაობებული ტოტები ესაზღვრებოდა. კონფედერატთა არტილერიას კლდიდან, სამოკავშირეო ჯარების გემების დაბომბვა შეეძლო. 1862 წლის მაის-ივნისში მოწინააღმდეგის ჯავშნოსანი ხომალდების შემოტევაც კი მოიგერიეს.

ვიკსბურგის ალყის დროს მისი კონფედერატი დამცველები გააფთრებით იბრძოდნენ და მტერს ქალაქში შესვლის ყველა გზას უჭრიდნენ. მაგრამ შიმშილისა და სნეულებათა გავრცელების შედეგად, საბოლოოდ მაინც გატყდნენ. საბრძოლო მასალების გამოლევის შემდეგ კი იძულებული გახდნენ, მოწინააღმდეგეს დანებებოდნენ.

1862 წლის ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, გენერალ-მაიორი ულისე ს. გრანტი, მაშინ ტენესის ჯარის სარდალი, ვიკსბურგის აღებას რამდენიმეჯერ შეეცადა. დეკემბერში იერიში ჩრდილოეთ მხრიდან, მდინარის მოსაზღვრე დაჭაობებული ტოტებიდან განახორციელა და დიდი ზარალიც ნახა, ხოლო 1863 წლის თებერვალ-მარტში ვიკსბურგის გარშემო არხის გაჭრასა და ამით მდინარის კალაპოტის შეცვლასაც კი შეეცადა, მაგრამ ამჯერადაც გაწბილდა.

საბოლოოდ, გრანტმა დაასკვნა, რომ წარმატების მისაღწევად, ქალაქისთვის ერთდროულად, სამხრეთ და აღმოსავლეთ მხრიდან უნდა შეეტია. ამისთვის ჯარი მისისიპის დასავლეთ სანაპიროთი უნდა გაეტარებინა, შემდეგ მდინარე გადაელახა და ქალაქს ზურგიდან მოქცეოდა. მაგრამ სამხრეთით, პორტ ჰადსონთან (ლუიზიანა) განლაგებულმა კონფედერაციის ქვემეხებმა ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალა და საშუალება არ მისცა მის ხომალდებს, ბატონ-რუჟიდან და ახალი ორლეანიდან მდინარით დინების საწინააღმდეგოდ გამოეცურათ. ამის გამო მეორე ნაპირზე ჯარისკაცების გადასაყვანად საჭირო გემები ჩრდილოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, სადაც ადმირალ დევიდ დ. პორტერის მეთაურობით სამოკავშირეო ფლოტი იმყოფებოდა. მათ ვიკსბურგიდან გამოსროლილი ჭურვების ცეცხლის ქვეშ უნდა ემოძრავათ. ამასთანავე, როდესაც სამოკავშირეო ძალები აღმოსავლეთ ნაპირზე გადავიდოდნენ, კონფედერატების ორი ჯარის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ: ერთი – გენერალ ჯოზეფ ი.

ჯონსტონის მეთაურობით, ჯექსონში (მისისიპი) იყო დაბანაკებული, ხოლო მეორე – გენერალ ჯონ ს. პემბერტონის მეთაურობით, ვიკსბურგის გარნიზონში იდგა.

გრანტმა თავისი ძალების გადაჯგუფების შედეგად, 4 კორპუსი ჩამოაყალიბა, გენერლების: ჯონ ა. მაქკლერნანდის, უილიამ ტ. შერმანის, ჯეიმს ბ. მაკფერსონისა და სტივენ ა. ჰერლბატის მეთაურობით, თუმცა ჰერლბატის კორპუსი შეტევის დაწყებამდე ახალ ორლეანში გადაიყვანეს. ამავე დროს, შედარებით მცირერიცხოვანი შენაერთები გენერალ ნათანიელ პ. ბენქსის მეთაურობით, ლუიზიანაში, წითელ მდინარესთან უნდა ამოქმედებულიყო.

 

მაქკლერნანდი და მაკფერსონი, ვიკსბურგიდან ჩრდილო-დასავლეთით, მილიკენს-ბენდთან და პროვიდენსის ტბასთან იდგნენ და ბრძანებას ელოდნენ. 29 და 30 მარტს ისინი სამხრეთისკენ დაიძრნენ. გზა უვარგისი იყო და მათ ახალ კართაგენამდე (ლუიზიანა) სამხედრო გზის აშენება მოუხდათ. იქიდან ჰარდ-ტაიმსის სამხრეთით (ლუიზიანა) უნდა გადასულიყვნენ. ეს სოფელი დასავლეთ ნაპირზე, ბრუინსბურგის (მისისიპი) მოპირდაპირედ მდებარეობდა. თავიდან გრანტი ნაწილების როდნიში (მისისიპი) გადმოსხმას გეგმავდა, მაგრამ ადგილობრივმა მონამ ურჩია, ამის მაგივრად ბრუინსბურგთან დაეწყო შეტევა.

16 აპრილის ღამეს პორტერმა 12 გემით ვიკსბურგის ქვემეხების ბატარეას ჩაუარა. კონფედერატების ცეცხლს მხოლოდ ერთი ხომალდი შეეწირა. მეორე დღეს სამოკავშირეო არმიის მხედრობის ესკადრონი ბრიგადის გენერლის, ბენჯამინ ჰ. გრირსონის მეთაურობით, ლა-გრანჟიდან (ტენესი) წამოვიდა და 16 დღეში მივიდა ბატონ-რუჟამდე. კონფედერატებმა ვიკსბურგიდან რამდენიმე ძლიერი შენაერთი გამოიყვანეს და მას კვალში ჩაუდგნენ. 22 აპრილის ღამეს, წინა კვირას მცირე დანაკარგებით გათამამებულმა პორტერმა, ამჯერად უფრო დიდი ფლოტილიით ჩაუარა ვიკსბურგის ბატარეებს.

დაკპორტში, არხზე მშენებლობით დაკავებულმა ჯარისკაცებმა სამუშაო იარაღები დაყარეს, ხელში თოფები აიღეს და იაზუს მდინარეზე, ვიკსბურგის ჩრდილო-აღმოსავლეთით

გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაებნენ. 29 და 30 აპრილს მათ დრამგოულდის და ჰეინესის კლდეებზე განლაგებულ კონფედერატთა პოზიციებზე მოწინააღმდეგის თვალის ასახვევი შეტევები განახორციელეს, რამაც პემბერტონს ვიკსბურგის სამხრეთით დაკავებული პოზიციები დაატოვებინა.

29 აპრილს, მაქკლერნანდისა და მაკფერსონის შენაერთებმა ჰარდ-ტაიმსამდე მიაღწიეს. იმავე დღეს გრანდ-გულფში, რომელიც დინების მიმართულებით ვიკსბურგიდან 30 მილის დაშორებითა და დინების საპირისპიროდ ბრუინსბურგიდან 9 მილის დაშორებით მდებარეობს, კონფედერატების ბატარეებს პორტერის ფლოტმა შეუტია. ამის გამო, ვიკსბურგის დამცველთა რიგებში მყოფი პემბერტონის შენაერთები კიდევ უფრო შეთხელდა.

30 აპრილს, მაქკლერნანდისა და მაკფერსონის შენაერთები პორტერმა მდინარეზე გადაიყვანა. მომხდარის შესახებ გრანტმა ჩრდილოეთში მყოფ შერმანს აცნობა. მეორე დღეს, სამოკავშირეო ძალები პორტ გიბსონში (მისისიპი) კონფედერატთა ტერიტორიაზე 10 მილით შეიჭრნენ. თუმცა ვიკსბურგსა და მის შემოგარენს პემბერტონის სარდლობით მოქმედი 40000 ჯარისკაცი იცავდა, ეს ძალები ამ დროს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ მიმოფანტულები, ნაწილი კი გრირსონის დევნასაც განაგრძობდა. მცირერიცხოვანი შენაერთი პორტ გიბსონშიც იყო დარჩენილი და ამიტომაც ის ფედერალებმა ძალზე იოლად აიღეს.

გრანტმა ჩრდილო-აღმოსავლეთით წაიწია, 8 მაისს კი მას შერმანი შეუერთდა. 12 მაისს მათ რეიმონდი (მისისიპი) აიღეს და ამით პემბერტონის ძალები ჯონსტონს ჩამოაშორეს. ორი დღის შემდეგ ჯექსონიც აიღეს და შედეგად, ჯონსტონი მოჭრეს. გრანტმა შერმანს ჯექსონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მძიმე მრეწველობის განადგურება დაავალა, თავად დასავლეთისკენ დაიძრა და 16 მაისს ჩემპიონ-ჰილზე, მთავარ ბრძოლაში, პემბერტონი დაამარცხა.

მეორე დღეს კონფედერატები, დროის მოგების მიზნით, ბიგ-ბლეკ-რივერის ხიდზე შეებნენ მოწინააღმდეგეს. მეორე ნაპირზე გადასვლისთანავე, ხიდი ააფეთქეს. სამოკავშირეო ჯარებმა ახალი ხიდი ააშენეს და 18 მაისისთვის აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან გრანტის 3 კორპუსი, ვიკსბურგის გარე თავდაცვით ზოლს მიადგა.

შერმანმა ჩრდილოეთისკენ, მდინარე იაზუს თავზე მდებარე მაღლობის დასაკავებლად წაიწია. ამ ბორცვების აღებით სამოკავშირეო ძალები ჩრდილოეთიდან დახმარებისა და მომარაგების მიღებას შეძლებდნენ. შემდეგ გრანტმა უკვე ქალაქზე მიიტანა იერიში. მას პორტერი მდინარიდან საარტილერიო ცეცხლით უბამდა მხარს. პირველი შეტევა ჩაფლავდა. მეორე, ფართომასშტაბიანი იერიში 22 მაისს დილის 10 საათზე დაიწყო. თუმცა გრანტის შენაერთებმა თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს, კონფედერატებმა მალევე შეძლეს მისი აღდგენა. სამოკავშირეო

ჯარმა 3199, ხოლო პემბერტონმა 500 კაცზე ნაკლები დაკარგეს. ეს საკმარისი აღმოჩნდა გრანტისთვის, რომ დაესკვნა: ქალაქის აღმოსავლეთით რამდენიმე მილზე გაჭიმული თავდაცვითი ზღუდეების გადალახვა უკიდურესად გაძნელდებოდა, ამიტომ თავის ინჟინრებს საალყო ნაგებობების აგება დაავალა.

ხანგრძლივი ალყის დროს, სხვადასხვა ავადმყოფობითა და შიმშილით დატანჯული, პემბერტონის 30000-კაციანი გარნიზონი შეთხელდა, ხოლო ქალაქის მოსახლეობამ, არტილერიისგან თავდასაცავად, გარშემო მდებარე ბორცვებს, გამოქვაბულებსა და მდგრად ნაგებობებს შეაფარა თავი. ვიკსბურგი პორტერის გემებზე განლაგებული ქვემეხებისა და გრანტის არტილერიის ყოველდღიური დაბომბვის ობიექტად იქცა. საბრძოლო მასალების ნაკლებობამ და შიმშილმა პემბერტონი აიძულა, 3 ივლისს დანებების პირობებით დაინტერესებულიყო. გრანტმა მას უპირობოდ დანებება შესთავაზა. მეორე დღეს პემბერტონმა ეს მოთხოვნა შეასრულა. ამასთანავე, გრანტმა გარნიზონის უდიდესი ნაწილი დიდსულოვნად გაათავისუფლა. მათი უმრავლესობა შემდგომ, ჩატა-ნუგასთან ბრძოლაში მონაწილეობდა. ვიკსბურგის დაცემისა და წინადღეს გეტისბერგში სამოკავშირეო არმიის გამარჯვების შემდეგ, სამხრეთმა როგორც სამხედრო ძალამ არსებობა შეწყვიტა.

ტეგები: Qwelly, ამერიკა, ისტორია

ნახვა: 24

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters