სევასტოპოლი  1854-55 – ყირიმის ომის დამაგვირგვინებელი ალყა

ყირიმის ომით, თურქეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეეცადნენ, სამხრეთში რუსეთის ექსპანსია შეეჩერებინათ. წარმატების გასაღებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკვანძო პორტის სევასტოპოლის აღება წარმოადგენდა.

რუსეთი 1600-ანი წლებიდან მოყოლებული, ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე სამხრეთში საკუთარ სამფლობელოთა გაფართოებას ცდილობდა. ამას თურქეთთან ომების მთელი სერია მოჰყვა. 1853 წელს რუსეთს კვლავ ექსპანსიონისტური მადა გაეხსნა. მეფემ ოსმალეთის იმპერიას მისი ქვეშევრდომი მართლმადიდებელი ქრისტიანების დაცვა მოსთხოვა. მას აგრეთვე კონფლიქტი მოუვიდა საფრანგეთთან, პალესტინის საღვთო მიწაზე რუსეთის მართლმადიდებელი და რომის კათოლიკური ეკლესიების უფლებების საკითხთან დაკავშირებით.

 

ყირიმის ომში კავალერიის შეტევები ჭარბობდა. ნამდვილ ლეგენდად დარჩა «მსუბუქი ბრიგადის» წარუმატებელი იერიში, მაშინ, როდესაც მასზე ბევრად წარმატებული «მძიმე ბრიგადის» იერიში ფაქტობრივად, მივიწყებას მიეცა.

1853 წლის ივლისში რუსეთმა მდინარე დუნაის აუზში არსებული, ოსმალეთის იმპერიის პროვინციები დაიპყრო (დღეს რუმინეთის ტერიტორია). ბრიტანელებმა თურქებს დაუჭირეს

მხარი, რადგან ავღანეთსა და ინდოეთში რუსეთის ექსპანსიას უფრთხოდნენ, ამიტომ ფლოტი კონსტანტინოპოლისკენ დაძრეს (დღევანდელი სტამბოლი). 1853 წლის 4 ოქტომბერს თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. 1854 წლის 28 მარტს მას ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიჰბაძეს. რუსებმა დუნაის პროვინციები დატოვეს და იქ ავსტრია შეიჭრა. მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა, რადგან მორიგი ევროპული ომი უკვე გაჩაღებულიყო. ამ ომში ერთ მხარეს თურქეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი იდგნენ, ხოლო მეორე მხარეს – რუსეთი.

1854 წლის 14 სექტემბერს 50000 ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი გადავიდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც 1783 წლიდან რუსეთს ეკუთვნოდა. მათი მიზანი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკვანძო პორტის – ქალაქ სევასტოპოლის აღება იყო.

რუსებმა, ალექსანდრე მენშიკოვის მეთაურობით, მდინარე ალმას სათავესთან მდებარე მაღლობი დაიკავეს და სევასტოპოლისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. 20 სექტემბერს ბრიტანელებმა და ფრანგებმა, ლორდ რეგლენისა და მარშალ არმან დე სენტ-არნოს სარდლობით, მათზე შეტევა განახორციელეს. რუსულმა არმიამ პირველი იერიში მოიგერია, მაგრამ შემდეგ არტილერია უკან გადაისროლა. როდესაც მოკავშირეები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ, მას სევასტოპოლისკენ უკან დახევამ მოუწია. მოკავშირეებმა ეს ბრძოლა მოიგეს, მაგრამ შედეგად 3000 მეომარი დაკარგეს. ამასთან, წინსვლაც არ გაუგრძელებიათ და ქალაქის

აღებაც არ უცდიათ, თუმცა ის იმ დროს საკმაოდ ცუდად იყო დაცული. ამის ნაცვლად, ბრიტანელებმა 7 მილის მოშორებით მდებარე პორტი ბალაკლავა და სევასტოპოლის თავზე მდებარე მაღლობები აიღეს, ხოლო ფრანგებმა კამიშის ყურესთან დასცეს ბანაკი. ჯარში ქოლერა გავრცელდა, სენტ-არნო დაავადდა და საფრანგეთში დაბრუნდა.

10 ოქტომბერს ბრიტანელებმა სევასტოპოლის გარშემო სანგრების გათხრა დაიწყეს და იზოლაციაში მოაქციეს პატარა ნახევარკუნძული, რომელზეც ქალაქი დგას. რუსეთის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა, ამიტომ ერთი კვირის შემდეგ მოკავშირეებმაც საარტილერიო დანადგარები მოზიდეს. მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ ქალაქის იოლად აღების შანსი. რუსმა სამხედრო ინჟინერმა, პოლკოვნიკმა ედუარდ ტოტლებენმა კარგად დაცული სანგრები გაათხრევინა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება მოასწრო. ასე დაიწყო სევასტოპოლის თერთმეტთვიანი ალყა.

25 ოქტომბერს რუსები ალყის გარღვევას შეეცადნენ. მათ ე.წ. ვორონცოვის ქედზე განლაგებულ მოწინააღმდეგეს შეუტიეს, მას სევასტოპოლისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს და კინაღამ ბალაკლავაც დაიბრუნეს. თურქები, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. მაგრამ ამით რუსებმა დაიცვეს ქალაქი აღებისგან, რასაც გენერალი, სერ ჯეიმს სკარლეტი (რომელსაც ე.წ. «მძიმე ბრიგადის» სათავეში განხორციელებული, XIX

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხედრული ოპერაცია ეკუთვნოდა) და 93-ე «მთიელთა» შენაერთის მეთაური, სერ კოლინ კემპბელი (არანაკლებ ცნობილი, «წვრილი წითელი ზოლის» ავტორი) ცდილობდნენ. მაგრამ თურქების უკუქცევის შემდეგ, 150 იარდი სიგანის ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მხოლოდ ბრიტანელთა 550-კაციანი შენაერთი დარჩა.

 

93-ის მეომრები, რომლებსაც რუსი ჰუსარები ჩორთით უახლოვდებოდნენ, კარეში არ დამდგარან, რაც კავალერიის საწინააღმდეგო ტრადიციულ წყობას წარმოადგენდა, არამედ – მათთვის ჩვეულ «წვრილ წითელ ზოლად», თან ერთმანეთისგან შორიშორ განლაგდნენ და ამასთანავე, მუშკეტებმომარჯვებულებმა, ორი მწკრივი შექმნეს.

«მებრძოლებო, უკან დასახევი გზა არ გვაქვს, – მიმართა კემპბელმა ჯარისკაცებს, – უნდა დავეცეთ იქ, სადაც ვდგავართ».

«არის, სერ კოლინ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ ამას შევასრულებთ», – მიუგო რიგითმა ჯონ სკოტმა.

შოტლანდიელთა ნაწილი იმასაც ითხოვდა, რომ რუსების მოახლოებას არ დალოდებოდნენ და თავად გადასულიყვნენ იერიშზე.

«ოთხმოცდამეცამეტე, ოთხმოცდამეცამეტე... წყეულიმც იყოს ეს თავგანწირვა!» – ჩაიბურტყუნა კემპბელმა.

როდესაც ჰუსარები იერიშზე გადავიდნენ, 93-ემ მუშკეტების ერთიანი ზალპით უპასუხა და შემდეგ მშვიდად გადატენა იარაღი. მეორე ზალპის შემდეგ 250 იარდზე მყოფი ჰუსარები ცხენებიდან გადმოცვივდნენ, გადარჩენილებმა კი გეზი იცვალეს, მაგრამ მათ მესამე ზალპი წამოეწიათ, რის შემდეგაც უკანმოუხედავად გაჰქუსლეს.

სევასტოპოლის თავზე მდებარე მაღლობიდან ამ შეტაკების ცქერისას, ლორდმა რეგლენმა დაინახა, რომ ვორონცოვის ქედზე მყოფმა რუსებმა საარტილერიო დანადგარების გატანა

დაიწყეს. მან ე.წ. «მსუბუქი ბრიგადის» მეთაურს, ავანტიურისტ-ჯენტლმენს, ლორდ კარდიგანს რუსების შეჩერება დაავალა. მაგრამ მაღლობზე მყოფ რუსებზე იერიშის ნაცვლად, ის ველისკენ დაეშვა და იქ განლაგებულ რუსულ ბატარეებს დაერია, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა. კითხვა, თუ სახელდობრ რა მოხდა, დღემდე უპასუხოდ რჩება და დავა-კამათის საგანს წარმოადგენს. როგორც ვარაუდობენ, გაუგებრობა ბრძანების გაცემა-მიღების დროს მოხდა. ასე იყო თუ ისე, იმ 673 კაციდან, რომელიც ქვემოთ დაეშვა და რუსულ ზარბაზნებს დაეძგერა, 387 დაიღუპა; ინგლისელებმა 520 ცხენიც დაკარგეს. თუმცა ეს პირველადი, სახელდახელო მონაცემებია, რომელშიც გადარჩენილი და პოზიციებზე მოგვიანებით დაბრუნებული მეომრების რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

გენერალ ბოსკეს, რომელიც მაღლობზე მოწყობილი ფრანგთა სათვალთვალო პუნქტიდან ადევნებდა თვალს ბრძოლას, უთქვამს: C’est magnifique mais ce n’est pas la guerre... («ეს დიდებულია, ოღონდ ომთან საერთო არაფერი აქვს...»). მაგრამ იშვიათად მოჰყავთ ციტატის დასკვნითი ნაწილი: ... C’est de la folie («...ეს სიგიჟეა»).

რუსებს უფიქრიათ, რომ ბრიტანელები მთვრალები იყვნენ. რუსმა გენერალმა ლიპანდიმ ტყვედ ჩავარდნილ ერთ-ერთ ბრიტანელს ჰკითხა, – ასეთი რა დაგალევინეს, რომ მსგავს იერიშზე წასვლა გაბედეთო? მეომარმა უპასუხა: «ღმერთო ჩემო, ერთი კასრის ასავსები სასმელი რომ გვქონდეს, ნახევარ რუსეთს დავიპყრობდით».

არსებითად, ეს იერიში მაინც წარმატებით დაგვირგვინდა. ბრიტანელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ზარბაზნები, დახოცეს არტილერისტები და მათ უკან მყოფ კავალერიაშიც შეიჭრნენ. მაგრამ ლორდ რეგლენის მიერ დაპირებული ქვეითთა დახმარება არ ეღირსათ და იძულებული გახდნენ, რუსული კავალერიის დევნის ქვეშ, მთელი ველი გადაეჭრათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ბოსკემ მათ დასახმარებლად და მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, «აფრიკელ მონადირეთა» მეოთხე რაზმი გაგზავნა. რეგლენმა მომხდარი კარდიგანს გადააბრალა, რომელმაც, მისი თქმით, ბრძანების არსი ვერ გაიგო. კარდიგანმა სცადა, გადარჩენილები დაერწმუნებინა, რომ მომხდარში ბრალი არ მიუძღოდა, რასაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შეკითხვა შეაგება: «კიდევ ხომ არ წავიდეთ, ჩემო ბატონო?»

ბალაკლავა მოკავშირეთა წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ «მსუბუქი ბრიგადის» იერიში ისტორიაში როგორც სამხედრო უგუნურობა, ისე შევიდა. ცნობილმა პოეტმა ალფრედმა, ლორდმა ტენისონმა ამ ბრძოლას ორი ლექსი მიუძღვნა: პირველი – «მძიმე ბრიგადის იერიში» წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ თითქმის უმალ დავიწყებას მიეცა; მეორე – «მსუბუქი ბრიგადის იერიში» კი საზოგადოების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.

მეორე დღეს რუსებმა ბრიტანელთა მარჯვენა ფლანგს 5000-კაციანი ჯარით შეუტიეს. დივიზიამ სერ დე ლესი ევანსის მეთაურობით, ისინი უკუაქცია და 500 კაციც მოუკლა.

საშინელი ყინვის მიუხედავად, ბრიტანელები და ფრანგები სანგრების თხრას განაგრძობდნენ. ამასთან, გამოირკვა, რომ მათი ქვემეხები დატვირთვას ვერ უძლებდა, განსხვავებით რუსული არტილერიისგან, რომელსაც არც ყინვა და არც სროლისას გადახურება არაფერს აკლებდა. ამასთანვე, ყირიმის ომი პირველი იყო, რომლის დროსაც მასობრივად იყენებდნენ თოფებს და შენაერთებს შორის სხვადასხვა მასშტაბის ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.

მართალია, მოკავშირეებს მოწინააღმდეგე სევასტოპოლში ჰყავდა გამოკეტილი, მაგრამ თავადაც აღმოჩნდნენ ბლოკირებული რუსების მიერ აღმოსავლეთით: თუმცა მათ ზღვიდან მომარაგების საშუალება ჰქონდათ, ზამთრის დადგომის კვალობაზე მაინც მალე შეიქმნა დეფიციტი, განსაკუთრებით – შეშის. ჯარი პერიოდულად, გარკვეული ხნით, რაციონის ნახევარს იღებდა. 1854 წლის შობის დღეს კი, პოლკოვნიკ ბელის შენაერთს საკვები საერთოდ არ მიაწოდეს. როდესაც ჯარისკაცებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მცირეოდენი ხორცი მისცეს, მაგრამ შეშის უქონლობის გამო, კერძს ვერ ამზადებდნენ. ჩვეულებრივ, ჯარისკაცები დაშაშხული ხორცითა და ორცხობილათი იკვებებოდნენ. მებრძოლები სურავანდით დაავადდნენ, თუმცა პორტ ბალაკლავაში სამეფო საზღვაო ფლოტის გემებზე ამ სნეულებისგან დამცავი ლიმონის წვენი ბევრი იყო. მათ ასევე უმ, მწვანე ყავის მარცვალს აძლევდნენ. ზოგი ამას შეურაცხყოფად მიიჩნევდა და ცხენისთვის ქერის დაყრას ადარებდა. ზოგი მეტ გამომგონებლობას იჩენდა: დაშაშხულ ხორცს წვრილ ნაჭრებად ჭრიდა, ზედ მარცვლებს აყრიდა და მერე საზარბაზნე ჭურვებით ბეგვავდა.

 

ინკერმანთან ბრძოლისას ფრანგებთან ერთად მებრძოლი ჩრდილოეთაფრიკელი ზუავები ბრიტანელთა დასახმარებლად მოემართებიან.

ჯარისკაცები არა მხოლოდ საკვების, არამედ თბილი სამოსის დეფიციტსაც განიცდიდნენ.

განსაკუთრებით, ჩექმა გაჭირდა. 55-ე პოლკი ტალახის მასად ქცეულ ბრძოლის ველზე ტლაპოში იმდენად ჩაეფლო, რომ ჩექმები დაკარგა და წინდის ამარა აგრძელებდა ბრძოლას.

ჯარისკაცთა გასაჭირის შესახებ მათ სამშობლოში, მსოფლიოში პირველი სამხედრო კორესპონდენტის, უილიამ რასელის მიერ ბრიტანულ გაზეთ «ტაიმსისთვის» მიწოდებული რეპორტაჟებიდან შეიტყვეს. ის წერდა:

რამდენიმე ზარბაზანი თავიდანვე სწორად რომ განელაგებინათ, ეს უზარმაზარ წვალებასა და შრომას აგვარიდებდა, რადგან მაშინ რუსებს არ ჰქონდათ მოწყობილი სანგრები და ფორტიფიკაციები და სევასტოპოლი ფაქტობრივად, დაუცველი იყო. სწორედ ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა.

მოგვიანებით რასელს მსოფლიოს პირველი სამხედრო ფოტოგრაფი როჯერ ფენტონი შეუერთდა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ იმისთვის გაგზავნა, რომ რასელის მეტისმეტად მწარე რეპორტაჟები ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა. ამასობაში, დაჭრილებსა და სნეულებს გარკვეული შვება მოჰგვარა სამხედრო ნაწილებში პირველი მოწყალების დების – ფლორენს

ნაინტინგეილისა და წარმოშობით იამაიკელი მერი სიკოულის გამოჩენამ. მაგრამ როგორც გაზეთ «ტაიმსში» რასელი წერდა: «ჩინოსნები სამედიცინო მუშაკების მიმართ უპატივცემულობასა და გულგრილობას იჩენდნენ».

5 ნოემბერს თავადმა მენშიკოვმა 60000 ჯარისკაცსა და 234 ზარბაზანს მოუყარა თავი და ე.წ. კაზაკთა მაღლობზე ინგლისურ-ფრანგული ჯარის დაახლოებით 10000-კაციან შენაერთს შეუტია. ბრძოლა მდინარე ჩორნაიას სათავესთან მდებარე პატარა სოფელ ინკერმანთან ძლიერი ნისლის პირობებში წარიმართა და რუსებმა ვერ განსაზღვრეს, თუ რამდენად დიდ უპირატესობას ფლობდნენ.

იერიში სევასტოპოლში ზარების რეკით დაიწყო, რომლის შემდეგაც ტომსკის ბატალიონის რაზმი შელის მთაზე ავიდა და იქ მყოფი ბრიტანელთა გუშაგები შეიპყრო. შემდეგ რუსებმა ბრიტანელთა მეორე დივიზიას შეუტიეს, რომელსაც ბრიგადის გენერალი პენეფათერი მეთაურობდა. როდესაც გენერალმა, სერ ჯორჯ კეტკარტმა მას ჰკითხა, ყველაზე მეტად რომელ მონაკვეთზე სჭირდებოდა მეოთხე დივიზიის დახმარება, პენეფათერმა უპასუხა: «ყველგან».

მიუხედავად ამისა, ბოსკეს შეთავაზებაზე, დახმარებოდა, კეტკარტმაც და სხვა ბრიტანელმა სარდლებმაც უარი თქვეს, რადგან ისინი პირენეის ნახევარკუნძულის ომების ვეტერანები იყვნენ და ფრანგებს კვლავაც მტრებად აღიქვამდნენ.

ბურუსში გახვეულმა კოლდსტრიმის გვარდიის მებრძოლებმა სერ ჩარლზ რასელს გასძახეს: «თუ რომელიმე ოფიცერი მეთაურად დაგვიდგება, შეტევაზე გადავალთ».

მან უპასუხა: «მოდით, ბიჭებო! აბა, ვინ გამომყვება?»

რასელი ამ შეტაკებაში კინაღამ დაიღუპა. ერთ-ერთი მისი მეომარი სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების ამსახველი სურათის გადმოსაცემად წერდა:

მე ხიშტი რუს ჯარისკაცს მკერდში ვატაკე. ის მკვდარი დაეცა. მერე ვიღაცამ პირში რაღაც დიდი ძალით ჩამარჭო, რის გამოც უკან დავიხიე და მეორე და მერე მესამე რუსიც მოვკალი. შემდეგ ჩემკენ მეოთხე და მეხუთეც წამოვიდნენ და მარჯვენა მხრიდან დამარტყეს. წავიქეცი, მაგრამ ერთი მაინც მოვიყოლე. გავაოცე იგი, რადგან მაშინ დავარტყი, როდესაც ხიშტს მისიანს ვუღერებდი. უფროსმა სერჟანტმა ელჯერმა დამიძახა, დაცემულ კაცს არ უნდა დაარტყაო, მაგრამ ის ფეხებში მექაჩებოდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. მის სხეულს ამოფარებული, სხვას ვებრძოდი. როცა ნაწილში დავბრუნდი, პირიდან ჩალეწილი კბილები გადმოვაფურთხე. მხოლოდ ორიღა შემრჩა.

სენდბეგის ბატარეასთან 100 გვარდიელი 3 რუსული ბატალიონის ალყაში მოექცა. ამ საბედისწერო მომენტში გენერალმა კეტკარტმა ტიპური ბრიტანელის სიდარბაისლით თქვა: «გასაჭირში ვართ». სერჟანტმა უპასუხა: «ნამდვილი სასწაული იქნება, თუ აქედან გავაღწევთ». სწორედ ეს სასწაული მოხდა. ქირურგის თანაშემწე უოლსლი დაჭრილთათვის დახმარების გაწევის შემდეგ სამედიცინო ნაწილში ბრუნდებოდა, როდესაც ბილიკზე რუსები დაინახა. მან სახელდახელოდ რამდენიმე გვარდიელს მოუყარა თავი.

«იქ ამ დროს ერთადერთი ოფიცერი ვიყავი, – ჰყვებოდა შემდგომ, – ამიტომ გავეცი ბრძანება: მომართეთ თოფები, მოიმარჯვეთ ხიშტები და ბორცვის მწვერვალისკენ დაიძარით! ჩვენები იერიშზე გადავიდნენ, რომლის დროსაც მგონი, მებრძოლთა ნახევარი დავკარგეთ».

რუსებს ეგონათ, რომ ეს ძირითადი შენაერთის ავანგარდი იყო და მოჰკურცხლეს. კაპიტანი ბერნაბი, რომელმაც არანაკლებ გაბედული შეტევა განახორციელა 20 გრენადერ გვარდიელთან ერთად, შედეგად, 700 რუსი ჯარისკაცი უკუაქცია. ამ გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთისთვის ბრძოლა იმდენად შეუპოვარი იყო, რომ გენერალმა ბოსკემ შენიშნა: Quel abattoir («რა საშინელი ხოცვა-ჟლეტაა!»)

უთანასწორო ბრძოლისას ბრიტანელები საკუთარი დანაყოფების ტრადიციებს ეყრდნობოდნენ.

57-ეს («შეუპოვრები») ოფიცრებმა თავიანთ მებრძოლებს ასე მიმართეს: «გახსოვდეთ ალბუერა!» (ესპანეთის ქალაქი, სადაც მათ 1811 წელს ფრანგებს სძლიეს); მე-20 ბატალიონის წევრებმა კი «მინდენის შეძახილი» გაიხსენეს, რომლითაც შვიდწლიანი ომის დროს, 1759 წელს ვესტფალიაში, მინდენის ბრძოლისას გარეკეს იაკუსკების ბატალიონი.

ბრძოლა 8 საათს გრძელდებოდა. რუსებმა ბოლოს და ბოლოს, უკან დაიხიეს, როდესაც გენერალმა ბოსკემ ბრიტანელთა დასახმარებლად 2000 ჩრდილოაფრიკელი ზუავი გაგზავნა.

Au nom d’Anglettere, je vous remercie («ინგლისის სახელით, მადლობას გიხდით»), – თქვა რეგლენმა.

რუსებმა 45000-დან 11000 ჯარისკაცი დაკარგეს. ასევე დიდი იყო მოკავშირეთა ზარალი. 1300 გვარდიელიდან, რომლებიც სენდბაგის ბატარეაზე იბრძოდნენ, მხოლოდ 200 გადარჩა.

თავისი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, რასელი გაოცებას ვერ ფარავდა ინკერმანთან ბრძოლისას მეომართა მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო. ის წერდა:

როგორც

ვარაუდობენ, ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მეფის კოლონების გააფთრებულ შემოტევას იგერიებდნენ, 3 ბრიტანული დივიზიის გადარჩენილ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომელთა რაოდენობა გაჭირვებით თუ აღწევდა 8500 კაცს; ისინი ნაშიმშილარი იყვნენ და სველი ტანსაცმელი ემოსათ; მათ რიგს მიეკუთვნებოდნენ, ვისაც შვიდიდან წინა ოთხი ღამე მაინც ისე ჰქონდათ გატარებული, რომ საწოლი არ ღირსებიათ; სნეულებებისგანაც იტანჯებოდნენ და ზოგჯერ თითქმის შეუსვენებლივ, დღეღამური კატორღული შრომისგანაც იყვნენ დაუძლურებულნი. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ, მცირედი შესვენებით, 44 საათი გაეტარებინათ სანგრებში, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩვენს ჯარს, იმ დროიდან, რაც მსოფლიოში სახელი მოიხვეჭა, ასეთი განსაკუთრებული ბრძოლა მთელი მისი ისტორიის მანძილზე არ გადაუხდია.

გენერალმა პენეფატერმა კი აღნიშნა: «ჩვენ მათ კუდით ქვა ვასროლინეთ».

ალყა ტაატით გაგრძელდა. ჯარისკაცებს მხოლოდ ღამღამობით საკუთარი სანგრების დაცვა და დროდადრო ხანმოკლე ორმხრივ სროლაში მონაწილება უწევდათ. რუსებმა ეს დროებითი მშვიდობა სევასტოპოლის გარშემო დამატებითი ფორტიფიკაციების ასაგებად გამოიყენეს. ამასობაში, მდინარე ჩორნაიას ორივე ნაპირიდან საარტილერიო ცეცხლი გრძელ დებოდა.

1856 წლის 2 იანვრისთვის ბრიტანელებს 3500 სნეული მებრძოლი ჰყავდათ. რუსებმა ახალი წლის დადგომა ძველი, იულიუსის კალენდრით, 12 იანვარს აღნიშნეს, თან, არა ზარების რეკით, არამედ ინტენსიური კანონადით. მერე, კაზაკების ავანგარდით, იერიშზე გადავიდნენ. ისინი ბრიტანულ კავალერიას ტოლს არ უდებდნენ, აი, ქვეითებს კი უკან დახევა მოუხდათ. აქედან გამომდინარე, საქმეში საკმარისი ძალები რომ ჩაბმულიყო, ქალაქი უთუოდ დაეცემოდა.

1-ლი დეკემბრიდან 20 იანვრამდე დაახლოებით 8000-მდე ავადმყოფი და დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს, მაგრამ ფრანგებს, რომლებიც დამატებითი ძალებით რეგულარულად ძლიერდებოდნენ, ფრონტის ხაზი მაინც ეკავათ. 26 იანვარს ბრძოლაში თავისი 10000 ჯარისკაცით, სარდინია-პიემონტი შეუერთდა.

რუსები ყოველღამე მცირემასშტაბიან ხანმოკლე იერიშებს ახორციელებდნენ და თითქოს უთვალავ ჭურვებსა და ტყვია-წამალს იყენებდნენ. ამასთანავე, მათი საფორტიფიკაციო ნაგებობები თითქოს ნებისმიერ დაბომბვას უძლებდა. აღმოსავლეთით კი, მოკავშირეთა ზურგში, კიდევ 35000 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. მეომრების სულისკვეთების ასამაღლებლად, გაზაფხულზე ბრიტანელებმა დოღი და კრიკეტის შეჯიბრებები მოაწყვეს.

22 მაისს ბრიტანელებმა მეორედ შეუტიეს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქერჩს,

რომლის აღების პირველი მცდელობა ჩავარდა. ამჯერად ბრიტანელებმა ფორტი აიღეს. რუსებმა იარაღის საცავები ააფეთქეს, მაგრამ ზარბაზნები და ტყვია-წამლის დიდი მარაგი ბრიტანელებს ჩაუვარდათ ხელთ. ქერჩის აღება იმას ნიშნავდა, რომ სამეფო საზღვაო ფლოტს სრუტიდან აზოვის ზღვაში შესვლის შესაძლებლობა უჩნდებოდა, სადაც მან საბრძოლო მასალებითა და სასურსათო მარაგით სავსე მოწინააღმდეგის 245 გემი ჩაძირა.

1855 წლის 18 ივნისს მოკავშირეებმა სევასტოპოლზე გადამწყვეტი იერიშის განხორციელება სცადეს, მაგრამ – წარუმატებლად. 10 დღის შემდეგ ლორდი რეგლენი ქოლერით დაავადდა და ის გენერალმა ჯეიმს სიმპსონმა შეცვალა.

16 აგვისტოს მდინარე ჩორნაიას მიდამოებში იტალიური ჯარი გადავიდა იერიშზე. 8 სექტემბერს ზუავებმა, პატრის მაკმაჰონის მეთაურობით, ფორტ მალახოვში კარგად დაცულ სანგრებზე მიიტანეს იერიში. ბრიტანელებმა მეორე გამაგრებულ წერტილს – გრანდ-რედანს შეუტიეს. მათ მარცხნიდან სარდინიელები ეხმარებოდნენ. ამავდროულად, მიუხედავად ზღვის ღელვისა, სამეფო საზღვაო ფლოტმა ფორტიფიკაციები დაბომბა.

რუსები ადგილ-ადგილ კონტრშეტევაზე გადადიოდნენ, თუმცა ძირითადად, თავდაცვას მისდევდნენ. ფრანგებმა ფორტი მალახოვი აიღეს და იქიდან ფეხს აღარ იცვლიდნენ. ფრანგების

მეთაურმა, ამაბლ პელისიემ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც შემდგომ ყველასთვის ცნობილი გახდა: J’y suis, j’y reste («აქ ვარ და აქ დავრჩები»).

ბოლოს და ბოლოს, რუსები დანებდნენ და 11 სექტემბერს სევასტოპოლის ალყა დასრულდა.

«ღამე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო, – წერდა პელისიე. – ყველა მხრიდან ცეცხლი მოჩანდა. ნაღმები ფეთქდებოდა, ტყვია-წამლის მარაგი ჰაერში იჭრებოდა და სევასტოპოლის ცეცხლოვანი სანახაობა, რომელიც რუსებმა მოაწყვეს, როგორც ომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სევდიანი წარმოდგენა, ისე გაიშალა არმიის თვალწინ».

რუსებმა თავიანთი საფორტიფიკაციო ნაგებობები ააფეთქეს, პორტში საკუთარი გემები ჩაძირეს და სევასტოპოლის ევაკუაცია განახორციელეს. საბოლოოდ, ქალაქის აღებით კმაყოფილი მოკავშირეები მათ აღარ დაედევნნენ.

1856 წლის დასაწყისში ავსტრიელები რუსეთს, მოკავშირეებთან გაერთიანებით დაემუქრნენ. 1-ელ თებერვალს პარიზში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო 30 მარტს ზავს მოაწერეს ხელი. ამ ომში თითოეულმა მხარემ დაახლოებით 250000 ადამიანი დაკარგა.

ტეგები: Qwelly, ისტორია, ომი, ყირიმი

ნახვა: 31

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters