ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულ დროს ხდება, ამ დროის დადგენაში ისტორიკოსს ეხმარება ქრონოლოგია.

      ქრონოლოგია მათემატიკურ და ისტორიულ ქრონოლოგიად იყოფა. მათემატიკური ქრონოლოგია ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.

      კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა.

დრო და დროის საზომი ერთეულები.

      ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი".

      განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია".

      ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმართული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.

      ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეულებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული.

      ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპირველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.

      შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღეღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორმეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს თორმეტი წარმოადგენს.

      ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე, 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია. მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60 კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.

      დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად, წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითადად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.

      უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით 3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა. პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის მიწურულს გაჩნდა.

      ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვარეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს უდრიდა.

      მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 დღით განისაზღვრა.

      მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა. ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახევარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო მომცრო ნაწილებად — კვირებად დაყოფას.

      სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასეთი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელიწადი.

      მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრონომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 354/55 დღით განსაზღვრეს.

      სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.

      თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.

      მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365 დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48 წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა.

კვირა და კვირის დღეები.

      უძველესი დროიდან ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა. შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრონომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.

      სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მათ "მოხეტიალე" უწოდა. პლანეტების აღმნიშვნელი ძველქართული სიტყვა "ცთომილია", რაც აგრეთვე, მათ "მცდარ მოძრაობას" უკავშირდება.

      ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები: მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა. სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

      ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინარეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლენით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ. ამას, უპირველეს ყოვლისა, "ძველი აღთქმა" მოწმობს, რომლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ. ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესების შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას "შაბბათ" ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა დაისვენა, ებრაელებმა "შაბათი", ანუ დასვენების დღე უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ა.შ.

      კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.

      ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის, მათი გამოთქმით "შამბეჰის" შემდგომ დღეებს იექ(ერთი)შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.

      კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.

      შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცელდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვენებდეს.

      ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმართული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად "საბბატუსი" ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს "საბბატუს"-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელებისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული, ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული მეშვიდე დასვენების, იმავე "უფლის დღის" წინა, მეექვსე დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან "პარასეკო" მოდის და სიტყვასიტყვით "მომზადებას", ანუ "საუფლო დღისათვის" — შაბათისათვის მომზადებას ნიშნავს.

      პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, "უფლის", ანუ დასვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.

      325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრისტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულრომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით, შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის დღეს ლათინურად "დომინიკუს", ბერძნულად კი კვირიაკე ეწოდა, რაც ამ ენებზე "ღვთის, უფლის დღეს" ნიშნავს. ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდარში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს, რომელსაც "დომინიკუს", ანუ უფლის დღე ეწოდა. ამიტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც ძველი წარმართული სახელები დარჩათ.

      გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთრივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.) ებრაული "შაბათი" არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობრივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები ეწოდებათ.

საუკუნე და ათასწლეული.

      დროთა განმავლობაში ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული — საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუკუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს ნიშნავს.

კალენდარი.

      დროის დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი ეწოდება.

      უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, მთვარის კალენდარი იყო.

      მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში ანაცვლებდა.

      ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.

      იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც ძველი ბერძნები "ემბოლისმურ", ანუ "ჩამატებულ თვეს" უწოდებდნენ.

      ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.

      ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენდარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრაელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიოდულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცამეტე — "ემბოლისმური თვე" ემატება.

      რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედროვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი. თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩენილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად, მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრილისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ მოიაზრებოდა.

      აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელთა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი) ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი — მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.

      ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე — იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი) დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის — იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ, ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ, 28 დღეს ითვლიდა.

      ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.

      მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე, როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენდარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ, წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახადებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.

      ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელიწადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბამისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.

      ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე მოდიოდა.

      იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: "ძველი რომაელი მხედართმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება".

      ძველეგვიპტური კალენდარი.

      თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი, 360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელიწადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად ყოფდნენ.

      მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ, რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.

      ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა, რომელსაც ისინი "სოტის" ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდების დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.

      თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.

      ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრონომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე გადასვლა აფიქრებინა.

      მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში 360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშველიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.

      ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვილებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა. თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად იქცნენ.

      ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვარის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.

      როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემატება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრონომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაულები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.

      ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.

      ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტელებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით განაგრძობდნენ.

      მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა, ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი დაედო.

      იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიოპელები და კოპტები დღესაც იყენებენ.

      იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის კალენდარს ეფუძნებოდა.

      ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.

      სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.

      იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა 365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი რომაული სახელები დარჩათ.

      ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.

      რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.

      იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.

      ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.

      რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვისტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.

      325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.

      ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.

      გრიგორიანული კალენდარი.

      იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღეღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.

      კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს.

      მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

      კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.

      1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომისიას მისმა ძმამ წარუდგინა.

      ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.

      მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.

      გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.

      ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.

      ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსახლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: "უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს შევუერთდეთ". უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას, ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.

      პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა.

      ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლისელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს ყვირილით: "დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე" — ხვდებოდნენ.

      ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18 აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა.

      თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მართლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატრიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.

      ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7 იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.

      ძველი სპარსული კალენდარი.

      სპარსეთის კალენდარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართველობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენდარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზოროასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწადში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ.

      მუსლიმური კალენდარი.

      მუსლიმური კალენდარი არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.

      არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე სურის 36-37 "აიიებში" — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეების დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.

      ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ — ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმარიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ალაჰმა 360-დღიანი წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან".

      მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს და — პირიქით.

მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.

      XI საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.

      ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.

      ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს.

      მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ!

      საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენდარი დაუდო.

ერა ანუ წელთაღრიცხვა.

      ისტორიული დროის აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს დრომდე.

      თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას იღებდნენ.

      1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის საწყისი წლის გამოყენება.

      ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძველი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში, ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათარიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.

      ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა. მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.

      ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლიდან იღებს სათავეს.

      ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმწიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახელების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც იყვნენ პასუხისმგებელნი.

      რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლიდნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის ხანაში დაუკარგავს.

      ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ. წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის — "ლიმუ"-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა.

      2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიჩნევა.

      ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის, ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების, სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზოგადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამოყენება.

      ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგორიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილონში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც "ბაბილონის ტყვეობის" სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.

      ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა, რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმპიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს შეესაბამება.

      ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერატორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთაღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყენებოდა.

      ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა. კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800 წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის 1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.

      3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.

      ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.

      ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.

      დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინდელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზაციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტიკურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.

      ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობდა, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრეთვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.

      მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?

      ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა. აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინდელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღდებოდა.

      თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონიკების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრონიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად, თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზღვრა.

      ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონოლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა. ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ "დასაბამითგან" აითვლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.

      ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: "...ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე".

      ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: "არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე".

      როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.

      იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრონოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატებული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები, ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება. ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ "დასაბამითგანს" იყენებს ძველი ავტორი, ფრიად მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.

      ბიზანტიური, იგივე ბერძნული "დასაბამითგან".

      "დასაბამითგან" წელთაღრიცხვების განსხვავებულობის გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი "დასაბამითგანის" შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასილი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა, რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთაღრიცხვად 5508 წლიანი "დასაბამითგან" აღიარა. ეს "დასაბამითგან" ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთაღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას "ბიზანტიური", ქართულ წყაროებში კი — "ბერძნული" ეწოდება.

      ქართული "დასაბამითგან”.

      ქართველები უძველეს ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც "დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის შედეგად, საქართველოში ბიზანტიური "დასაბამითგანიც" გავრცელდა.

      როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები "დასაბამითგან" წელთაღრიცხვით?

      1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ 5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება: "ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან 5185 წ.", ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 = ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 = ძვ. წ. 323 წ.

      2. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად, მას "დასაბამითგან" თარიღი, მაგალითად, 5508 ან ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართული წყარო გვეუბნება, რომ: "მუჰამედი დასაბამითგან 6236 წ. გარდაიცვალა". შესაბამისად, 6236-5604=632 წ.

      ისმის კითხვა: რა მასალის, თუ ისტორიული წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება?

      ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგებით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ მეფემდე და ა. შ.

      5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გადმოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები, მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა. თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი. ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე, რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხების ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.

      რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?

      მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული, ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები, მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად, თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.

      ისტორიული მოვლენების დათარიღება.

      ვინაიდან, როგორც დავრწმუნდით, "დასაბამითგან" წლების გამოთვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ.

      ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგრაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმწერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ გამართვას ეძღვნებოდა.

      მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს აფრიკანელი და ევსევი კესარიელი.

      იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.

      იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა, ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინასტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპიადების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები და "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლოგიური ბადე.

      მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც "დასაბამითგანის" თავისი, იულიუს აფრიკანელისგან განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რომელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა ნაშრომები დაეფუძნა.

      ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი, ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლოგიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.

      ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს ქრონოლოგიის დასადგენად "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.

      რა არის "ქორონიკონი" და როგორ წარმოიშვა წელთაღრიცხვის ეს სისტემა?

      "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომარეობდა. "დასაბამითგან" მოყოლებული ისტორიული დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — "ქორონიკონებად", ანუ "მოქცევებად".

      ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღრიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს უწოდებდნენ.

      ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთაღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამითგანსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით აითვლის.

      საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქართულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ. საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოიყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონიკონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულსაც კი უწოდებს.

      ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს 532-წლიანი ციკლი?

ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრისტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტიანებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრისტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეებისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომელიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგენილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზებიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება. შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა მის გადანაცვლებას განაპირობებს.

      ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ, ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული, ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგარიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენდრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდენობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლივობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესასწაულების არასინქრონულობას იწვევდა.

სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინდებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა. ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.

      200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552 წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხური წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის 10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავასარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.

      სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრილების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხოლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლესია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის პასკალური ცხრილებით ადგენდა.

      სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა.

532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი.

      სომხებისაგან განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვილების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზანტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძრაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532 წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია, როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორდება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევრობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.

      ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონასტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ "დასაბამითგანიდან", ანუ 5604 წლიდან აითვალეს.

      თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის "სიკეთეც" აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული "წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლების გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამიტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდა.

      ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384; 6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: "მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხვლ (6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა".

      შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით 1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და 1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.

      1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონიკონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და 2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.

      როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით წელთაღრიცხვის შემთხვევაში?

      მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312 წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ, ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.

      ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის, ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება. ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა.

      ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეულებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდათანობით "ქრისტიანული ერა" ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

      საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.

      ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზულებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ ვნებიდან ეწოდება.

      ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა დააკანონა.

      ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გამოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარიღებლად კვლავაც "დასაბამითგან" წელთაღრიცხვას იყენებდნენ.

      ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ), ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D, რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the Year of Our Lord).

      ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრისტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთაღრიცხვით (ძვ. წ.) ეწოდება.

      დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.

      ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება. რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით. ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი ერა კი უარყოფით რიცხვებს.

      წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით, ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ, ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახელწოდება მიიღო.

      არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით, ანუ "ჰიჯრით" ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა "გაქცევიდან" წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა, 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში.

წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში
წიგნი I

თბილისი
2013

ტეგები: Qwelly, ისტორია, კალენდარი, მსოფლიო_ისტორია, ქველი

ნახვა: 2069

გამოხმაურებები!

ჰიჯრიდან ათვლა იქნება საინტერესო 13.. წლებში ყოფნა საინტერესო უნდა იყოს, მათი ქცევები კი არ უნდა გვიკვირდეს! )

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters