ლეპანტო  1571 – თურქული ფლოტის განადგურება

დიდმა საზღვაო შეტაკებამ ლეპანტოსთან დაასამარა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიიდან ქრისტიანთა ფლოტილიების განდევნის გეგმა, რომელიც თურქეთის სულთან სელიმ II- ჰქონდა დასახული.

როდესაც ევროპა რეფორმაციისა და მის შედეგად წარმოშობილი რელიგიური ომების შედეგად დასუსტდა, თურქეთის სულთანმა სელიმ II-მ მიზნად დაისახა, კონსტანტინოპოლის დაპყრობა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიიდან ქრისტიანული ფლოტილიების განდევნით დაეგვირგვინებინა, რაც იტალიაზე გასალაშქრავად და შესაძლოა, თვით რომის დასაპყრობადაც გაუხსნიდა გზას.

პირველი ნაბიჯი კვიპროსში შეჭრა იყო, რომელიც მაშინ ვენეციის სამფლობელოს წარმოადგენდა. 1570 წლის 9 სექტემბერს სულთანმა ნიკოზია დაიკავა და შემდეგ ფამაგუსტას შემოეწყო. ვენეციამ დახმარება პაპ პიუს V-ეს სთხოვა, რომელმაც თავის მხრივ, ევროპაში ყველაზე მტკიცე კათოლიკურ ქვეყანას – ესპანეთს მიმართა. ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის სახელზე გაგზავნილ წერილში ის წერდა: «ჩვენმა მტრებმა, თურქებმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად შექმნეს უპრეცედენტოდ დიდი ფლოტი და არმია, რომელიც ძალზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს». მიიჩნეოდა, რომ იმ დროს თურქული ფლოტი უდიდესი იყო მსოფლიოში. 

ესპანეთისა და სხვა საზღვაო სახელმწიფოების ვენეციისა და გენუის გაერთიანებული ძალების მოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი, ძლიერი თურქული საზღვაო ფლოტისთვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ.

პაპმა და ესპანეთმა ვენეციასა და იტალიურ სახელმწიფო გენუასთან ერთად, «წმინდა ლიგა» (კავშირი) ჩამოაყალიბეს. როგორც ვენეცია, ასევე გენუაც საზღვაო სახელმწიფო იყო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიის ჩაკეტვა მისთვის ძალზე წამგებიანი იქნებოდა. ფილიპემ ფლოტის მეთაურად თავისი ნახევარძმა, ავსტრიელი დონ ხუანი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 25 წლის იყო, დონ ხუანს უკვე მოესწრო ხმელთაშუა ზღვაში მოქმედი მავრი მეკობრეებისა და გრანადაში არაბული წარმოშობის ქრისტიანების – მორისკების წინააღმდეგ ბრძოლისას თავის გამოჩენა. მან შექმნა ფლოტი, რომელიც სელიმისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ამ ფლოტს სწრაფმავალი სამანძიანი ვენეციური გალერები შეემატა, რომლებიც კარგი შენაძენი აღმოჩნდა. როგორც ნიჩბიანი, ისე იალქნიანი გალერები აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც არა მარტო წინ, არამედ გვერდებიდანაც ისროდა. გარდა ამისა, მოკავშირეთა ფლოტში სწრაფი ფრეგატები, ბრიგანტინები (დაზვერვისთვის იყენებდნენ) და მძიმე გალერები (ნიჩბოსნური გემები) შედიოდა.

თურქეთის ფლოტს ალექსანდრიის მმართველი მოჰამედ საულაკი, იგივე სიროკო, სტრატეგიის დიდოსტატი ალი ფაშა და ალჟირის დეი (მმართველი) ულუჯ ალი სარდლობდნენ. ულუჯი იტალიელი ავანტიურისტი გახლდათ, წარსულში – ბერმონაზონი და მეთევზე; ისლამის მიღების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის მეკობრეთა ბანდას ედგა სათავეში.

კვიპროსზე შეჭრის შემდეგ თურქებმა ადრიატიკის ზღვაში შეცურეს და კორფუს აღებას შეეცადნენ. ამ მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, პატრასისა და კორინთოს ყურეებს შორის უსაფრთხო წყლებში შევიდნენ და საბერძნეთში, ლეპანტოს (ახლანდელი ნავპაკტოსი) მახლობლად ჩაუშვეს ღუზა. 1571 წლის 15 სექტემბერს დონ ხუანის ფლოტი კორფუს დასაცავად გაეშურა. ცოტა ხნის შემდეგ, თურქების ფლოტთან შესაბმელად 4 ესკადრა გაიგზავნა.

ქრისტიანთა გემების მეომრები მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი მენიჩბე წერდა: «ჩვენ, პაპის მებრძოლები, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სიხარულით ვართ აღვსილნი. თითოეული მზადაა, მისი უწმინდესობისა და ჩვენი რწმენის დასაცავად სიცოცხლე გასწიროს. ჩვენ საბრძოლველად მივცურავთ და გავიმარჯვებთ». ამ სტრიქონების ავტორი მსჯავრდადებული იყო და მანამდე კატორღაზე იხდიდა სასჯელს.

1571 წლის 7 ოქტომბრის დილას, დონ ხუანმა თავისი ფლოტი შეამოწმა. გემების გასწვრივ ცურვისას, მას სპილოს ძვლისგან დამზადებული ჯვარცმა ეპყრა ხელთ. ჯარს ასე მიმართა: «ალესეთ თქვენი ბრჭყალები. ეს (თურქული) იარაღი საკმაოდ მაგარია. მძიმე დღე გველის».

თურქები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ. ალი ფაშამ თავის არმიას სისასტიკისკენ მოუწოდა. «ქრისტიანები აქ იმისთვის მოვიდნენ, რომ ცოცხლად შეიჭამონ», – თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ თურქული ფლოტი არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ერთ სხვა ფლოტს, რომელთანაც ქრისტიანებს მანამდე უბრძოლიათ, მაინც ჰქონდა რამდენიმე სისუსტე. დონ ხუანის მეზღვაურები ჯავშნით იყვნენ აღჭურვილნი, ხოლო თურქებს გაცილებით სუსტი დამცავი საშუალებები ჰქონდათ. ქრისტიანთა გემებზე განლაგებული ქვემეხების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა თურქებისას. მეორე სისუსტე თვით გემების ეკიპაჟში იყო ჩამალული: მათ გალერებზე მყოფ დამონებულ, მძიმე შრომაში ჩაბმულ უამრავ ტყვე ქრისტიანს თურქთა გამარჯვება არაფერში აძლევდათ ხელს.

ქრისტიანთა ფლოტის გემები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმართული ხაზის გასწვრივ ჩამწკრივდა. 53 ვენეციური გალერა ბარბარინგოს მეთაურობით, ჩრდილო კიდეზე, სანაპიროსთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა. ცენტრში დონ ხუანის მეთაურობით, 62 გალერა, მარჯვნივ კი, სამხრეთით, ჯან-ანდრეა დორიას მეთაურობით, 45 გალერა განლაგდა. ქრისტიანთა წამყვანი ძალა ვენეციელთა მსუბუქი გალერები იყო. 78 გალერა მთავარი ხაზის უკან, რეზერვში განლაგდა, ხოლო 8-ს სადაზვერვო დანიშნულება ჰქონდა. მათ ბრძოლის ადგილიდან მოშორებით მდებარე რამდენიმე პატარა კუნძული დაზვერეს, მაგრამ ამ დროს მუსლიმთა ფლოტი ვერ შენიშნეს.

თურქთა წყობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ მოიპოვება. 54 გალერას და ორ მსუბუქ იალქნიან გალიოტს, მათი ხაზის ჩრდილოეთ ნაწილში, მარჯვნივ, სიროკო მეთაურობდა. უფრო დიდი ძალა, ალი ფაშას სარდლობით, ცენტრში განთავსდა, ხოლო მესამე ჯგუფი, ულუჯ ალის სარდლობით – სამხრეთით. რეზერვში 8 გალერა, 22 გალიოტი და 64 მომცრო გემი – ფუსტა ჰყავდათ.

მოწინააღმდეგე ფლოტილიების ერთმანეთთან მიახლოებისას დორიამ შეამჩნია, რომ ულუჯ ალის ხაზი ზედმეტად იყო გაწელილი სამხრეთისკენ. მტერს მისთვის ფლანგიდან რომ არ შემოევლო, დორიამ სამხრეთისკენ აიღო გეზი. ულუჯმა ამით ისარგებლა და სანამ დორია უკან მობრუნდებოდა, დონ ხუანის ცენტრალური დივიზიონის სამხრეთ ნაწილს შეუტია.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა მომცრო გალერებმა თურქთათვის ზიანის მიყენება მოახერხეს. მათ მტერს ქვემეხებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჩრდილოეთ მხარეს სიროკომ აიძულა

მოკავშირეები, მისკენ მობრუნებულიყვნენ, მაგრამ ამის შედეგად მოწინააღმდეგესა და ნაპირს შორის მოექცა. არტილერიის დარტყმის ქვეშ მოხვედრილ თურქებს ისღა დარჩენოდათ, მტრის გემებს დასჯახებოდნენ და მათი აბორდაჟით აღება ეცადათ. მაგრამ ამის განხორციელებას მათ ბორტზე მყოფი ქრისტიანი მენიჩბეები უშლიდნენ ხელს. ინტენსიური ბრძოლის დროს, რომელიც დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა, სიროკომ და ალი ფაშამ ქრისტიანთა ფლაგმანებზე საკუთარი რაზმების გადასხმა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, არც ერთი არ დანებდა, თუმცა ვენეციელი ადმირალი დაიღუპა. ამ შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა სიროკო. სანამ სისხლისმღვრელი ბრძოლა ორივე ფლანგზე მიმდინარეობდა, მისი ბედი ცენტრში გადაწყდა, სადაც მძიმედ შეჭურვილი მეომრები ალი ფაშას ესკადრის გემებზე გადავიდნენ, თვით ალი ფაშას ხომალდიც აბორდაჟით აიღეს, დონ ხუანის ბრძანების საწინააღმდეგოდ, მას თავი მოჰკვეთეს და ესპანური ფლაგმანის ანძის წვერზე ჩამოაცვეს. დემორალიზებულმა თურქებმა გაქცევით უშველეს თავს. ალაჰის მადიდებელი 29000 წარწერით დაფარული «საღვთო კარავი», რომელიც ალი ფაშას ფლაგმანის გემბანს ამშვენებდა, ნადავლის სახით დონ ხუანს დარჩა.

თურქებმა სულ 180 გალერა და 60 გალიოტი დაკარგეს, ხოლო 117 გალერა და 6 გალიოტი საბრძოლო მდგომარეობაში შეინარჩუნეს. ქრისტიანთა 11 გალერა განადგურდა ან იმდენად დაზიანდა, რომ ვეღარ აღდგებოდა, ხოლო ერთ ვენეციურ მსუბუქ გალერას მოწინააღმდეგე დაეპატრონა. თურქთა მსხვერპლი 30000 მეომარს შეადგენდა, ხოლო ქრისტიანთა – 9000-ს, ხოლო ამ რაოდენობაზე ორჯერ მეტი ქრისტიანი ტყვეობიდან დაიხსნეს. 16000 დაჭრილ ქრისტიან მებრძოლს შორის იმყოფებოდა მიგელ დე სერვანტესი, რომელმაც წლების შემდეგ «დონ-კიხოტით» გაითქვა სახელი. ის ხომალდ «მარკეზაზე» რიგით მეზღვაურად მსახურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ციებით იყო შეპყრობილი, უარი თქვა ტრიუმში დარჩენაზე და ბრძოლის შუაგულში ტრიალებდა. მას მკერდში ორი ტყვია მოხვდა, ხოლო მესამემ მარცხენა მკლავი დაუზიანა, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება არ ემორჩილებოდა.

ბრძოლის შემდეგ თურქებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს საკუთარი ფლოტის აღდგენას და კიდევ 6 თვის განმავლობაში ცდილობდნენ ხმელთაშუა ზღვაში უპირატესობის მოპოვებას. ლეპანტო ოსმალებზე ევროპელთა პირველი გამარჯვება იყო და მან დიდი ფსიქოლოგიური როლი შეასრულა. ამასთანავე, ევროპელთა დაქსაქსულობის გამო, მათ ოსმალებთან მოპოვებული ამ უპირატესობის განმტკიცება ვერ შეძლეს. შედეგად თურქებმა კვიპროსის დაპყრობა მაინც მოახერხეს, ხოლო შემდეგ ტუნისი აიღეს, თუმცა ხმელთაშუა ზღვის წყლებში გაბატონებას მაინც ვერ მიაღწიეს.

ოსმალები კვლავაც ცდილობდნენ ევროპის დაპყრობას, ოღონდ უკვე – ხმელეთზე, ბალკანეთის გავლით და არა – ზღვით. ამასთანავე, ასევე მუსლიმი ბერბერი მეკობრეები განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს ევროპელთა გემებს 1830 წლამდე ანუ მანამდე, ვიდრე ფრანგები ალჟირს დაიპყრობდნენ.

ტეგები: Qwelly, ევროპა, თურქეთი, ომები

ნახვა: 37

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters