აზენკური. 1415 – ინგლისური მშვილდის გამარჯვება

აზენკურში ინგლისელთა გამარჯვებამ ჰენრი V ეროვნულ გმირად აქცია. მას საფრანგეთის მეფის ქალიშვილს ატანდნენ ცოლად და გამჩენს მისთვის ხანგრძლივი ცხოვრება რომ ერგუნა, როგორც საფრანგეთის, ასევე ინგლისის ტახტზე ასვლას ეღირსებოდა.

კრესისთან ინგლისელმა მშვილდოსნებმა ცხენზე ამხედრებული რაინდები აშკარად დაჯაბნეს. აზენკურში მათ ფრანგ ქვეით რაინდებს იმაზე უფრო მეტყველი გაკვეთილი ჩაუტარეს. ინგლისურმა მშვილდმა კვლავ დაადასტურა თავისი უპირატესობა, ამასთანავე, ინგლისელმა ქვეითებმა ისიც გვიჩვენეს, თუ რაოდენ ეფექტიანი შეიძლება იყოს ხმალი და ცული მსუბუქად შეჭურვილი მეომრის ხელში.

ჰენრი V, რომელიც 1413 წლის 21 მარტს ინგლისის ტახტზე ავიდა, მის წინააღმდეგ მოწყობილი დიდი აჯანყებისა და მკვლელობის მცდელობის ობიექტად იქცა, მაგრამ ერთსაც და მეორესაც ძალზე სწრაფად გაუმკლავდა. იმისთვის, რომ ინგლისელთა ყურადღება საშინაო

პრობლემებიდან სხვა ობიექტზე გადაეტანა, მან საფრანგეთის წინააღმდეგ 100 წლის წინ დამთავრებული ომი განაახლა. ედვარდ III-ისა და შავი პრინცის მიერ წარსულში მოპოვებული ტერიტორიები დაკარგული იყო და ჰენრი აკვიტანიისა და იმ მიწების დაბრუნებას მოითხოვდა, რომლებიც ინგლისს კალეში დადებული 1360 წლის ხელშეკრულებით გადაეცა. 1415 წელს მან საფრანგეთის მეფეს, შარლ VI-ეს მისი ქალიშვილის, ეკატერინე ვალუას ხელი სთხოვა და მზითვის სახით, წარსულში პლანტაგენეტთა სამფლობელო – ნორმანდია და ანჟუ მოითხოვა. შარლისგან უარის მიღების შემდეგ, ჰენრიმ მას ომი გამოუცხადა და უკვე საფრანგეთის ტახტის დაპატრონება დაისახა მიზნად.

1415 წლის აგვისტოში ჰენრიმ 11000 ჯარისკაცი გადმოსხა ნორმანდიის ნაპირებზე და მომდევნო თვეს ჰარფლერი აიღო. ამასთან, ამ დროისთვის მან მეომრების თითქმის ნახევარი დაკარგა, ძირითადად – სნეულებების შედეგად. ჰენრიმ ჯარი კალესკენ დაძრა იმ იმედით, რომ იქიდან ინგლისში დაბრუნებას შეძლებდა. მაგრამ მას საფრანგეთის კონსტებლის, შარლ I დ’ალბრეს სარდლობით წამოსულმა ჯარმა გადაუკეტა გზა. თავდაპირველად ინგლისელები თავიდან იცილებდნენ მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეხვედრას, მაგრამ მრავალრიცხოვანმა ფრანგულმა ჯარმა საბოლოოდ ამის შესაძლებლობა მოუსპო.

საშინელი ამინდი იყო, ჰენრის მრავალი მეომარი დიზენტერიით იტანჯებოდა. ინგლისური

არმიის სავალალო მდგომარეობამ და ფრანგების რიცხობრივმა უპირატესობამ ფრანგები ზედმეტად ოპტიმისტურად განაწყო. მათ კრესის გაკვეთილი ვერ შეირგეს. გამარჯვებაში დარწმუნებულებმა პა-დე-კალეში, სოფელ აჟანკურთან (დღევანდელი დასახელება – აზენკური) ინგლისელებს გზა გადაუკეთეს.

1415 წლის 25 ოქტომბერს გარიჟრაჟამდე მოწინააღმდეგე ჯარები საბრძოლველად დაეწყვნენ. ჰენრის დაახლოებით 5000 მშვილდოსანი და 900 მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი ჰყავდა, ფრანგული არმია 20000-დან 30000-მდე მეომარს მოითვლიდა. რაინდული წესების თანახმად, არც ერთ ჯარს არ უნდა ეცადა ბრძოლის ველზე მისთვის ხელსაყრელი ადგილის შერჩევა, მაგრამ ფრანგებმა საკუთარი ნებით, მათთვის წამგებიანი ადგილი აირჩიეს, რომელიც ერთმანეთისგან 1000 იარდით დაშორებულ ორ ტყეს შუა იყო მოქცეული. ეს ადგილი ფრანგების დიდ არმიას საშუალებას არ აძლევდა, ეფექტიანი მანევრის ან ინგლისელთა მცირერიცხოვან ძალებზე ფლანგებიდან იერიშის განხორციელებას.

მოწინააღმდეგენი აზენკურსა და ტრამკურს შორის, ერთმანეთისგან 1000 იარდის დაშორებით განლაგდნენ. მათ ერთმანეთისგან გადაუღებელი წვიმებისგან სრულიად ატალახებული მინდორი ყოფდათ. ამასთან, ის ცოტათი დამრეცი იყო, რაც ორივე არმიას ერთმანეთის კარგად დანახვის საშუალებას აძლევდა.

ჰენრი ცალკე მწკრივად დაწყობილ მძიმედ შეიარაღებულ ცხენოსნებს ჩაუდგა სათავეში.

ისინი სამ ჯგუფად დაიყვნენ – ავანგარდი, ძირითადი ბირთვი და არიერგარდი. თითოეული მათგანი ოთხ რიგად დადგა. მარცხენა ფლანგს ლორდი კამუსი მეთაურობდა, მარჯვენას – იორკის ჰერცოგი, ხოლო თავად ჰენრი ცენტრს სარდლობდა. რეზერვი არ ჰყავდათ. მშვილდოსნები ფრთებზე სოლის ფორმით დაეწყვნენ, წინა ნაწილში მახვილი კუთხით, რათა ფლანგებიდან სროლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ისინი 8 ფუტის სიგრძის წვეტიანი სარების ტევრით იყვნენ დაცულები, რომლებიც მათ წინ, მიწაში, წვეტებით საპირისპირო მხარეს იყო ჩარჭობილი. მათზე იერიშით წამოსული ფრანგი ცხენოსნები ამ სარებს უნდა შეეჩერებინა.

არსებობს ვარაუდი, რომ ინგლისელ მშვილდოსანთა მომცრო რაზმმა ტრამკურის ტყეს შემოუარა და ფრანგთა ჯარის ზურგს მიადგა. თუ ეს სიმართლეა, ფრანგებს ბრძოლის ველიდან ჯარის ნაწილის გადასროლა მოუხდებოდათ. თუმცა ასეთი მოქმედება იმდროინდელ რაინდულ წესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ინგლისელი მემატიანეები კატეგორიულად უარყოფენ.

ჩრდილოეთ მხარეს მძიმედ შეჭურვილი ფრანგი მეომრები სამ რიგად განლაგდნენ. პირველი ორი შუბებით შეიარაღებულ ქვეითებს ეკავათ, ბოლო რიგი მხედრებმა დაიკავეს. მათ შორის,

მშვილდოსნები და არბალეტებით შეიარაღებული მეომრები უნდა განლაგებულიყვნენ. მაგრამ ყველა ფრანგი დიდგვაროვანი, საკუთარი საბრძოლო დროშის წარმოჩენას ლამობდა და წინა ხაზისკენ მიიწევდა, რამაც მათ შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია და საბოლოოდ, მშვილდოსნები ფლანგებზე გადაიყვანეს, ხოლო მძიმედ შეჭურვილთა პირველი და მეორე რიგები, ფაქტობრივად, ერთმანეთში აირივნენ.

მსუბუქი კავალერია ფლანგებზე დაეწყო – 800 მხედარი, კლიჟან-დე-ბრებანის მეთაურობით, მარჯვნივ, ხოლო 1600, ვანდომის გრაფის მეთაურობით – მარცხნივ. ფლანგებზე ფრანგებს ასევე ჰყავდათ მცირე არტილერია, მაგრამ მას, რამდენიმე გასროლის გარდა, ბრძოლაში წვლილი არ შეუტანია.

ორივე ჯარი დაახლოებით დილის 7 საათისთვის დაეწყო, მაგრამ იერიშზე გადასვლას არც ერთი არ ჩქარობდა. დ’ალბრეს სურდა, რომ ინგლისელებს დაეწყოთ, რადგან ეს, რიცხობრივი უპირატესობის წყალობით, მას მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. ზოგი ფრანგი სარდალი კი იმასაც ამბობდა, – მტერთან შებმა სულაც არ დაგვჭირდება, რადგან ფაქტობრივად ხაფანგში მოქცეული ინგლისელები მალე შიმშილისგან დაიხოცებიანო. რაინდები ამას არ ეთანხმებოდნენ – მათ ბრძოლის ველზე სახელის მოხვეჭა სწყუროდათ. ჯარები მთელი 5 საათი უძრავად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ფრანგები ამ ხნის მანძილზე უმეტესად ადგილისთვის

კინკლაობაში, ერთმანეთთან ძველი ანგარიშების სწორებასა და ინგლისელების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკების სროლაში ატარებდნენ. უმრავლესობა მიწაზე ერთი წუთითაც არ დამჯდარა, რადგან მორთულობის ტალახში ამოსვრას ერიდებოდა.

ჰენრიც ადგილიდან არ იძვროდა, რადგან იცოდა, რომ შეტევაზე გადასვლა ძვირად დაუჯდებოდა. თუმცა მისთვის ცხადი იყო, რომ ბრძოლა იმ დღესვე უნდა გადაეტანა: ინგლისელებს საკვების მარაგიც ელეოდათ, ამდენად საქმის გადადება ყოველმხრივ, მხოლოდ დაასუსტებდათ. ბოლოს, მან წინ წაწევისა და ფრანგების წინა ხაზთან 300 იარდის მანძილამდე მიახლოების ბრძანება გასცა. მშვილდოსნებმა დამცავი სარები ახალ პოზიციაზე გადაიტანეს. ამას სულ ათიოდე წუთი დასჭირდებოდა. ფრანგებს ამ დროს რომ შეეტიათ, ინგლისელების იოლად დამარცხებას შეძლებდნენ. მაგრამ ისინი კვლავაც თავიანთ პოზიციებზე რჩებოდნენ.

ფრანგები ინგლისელი მშვილდოსნებისგან სასროლი მანძილის ზღვარზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ჰენრიმ მაინც გასროლის ბრძანება გასცა. თუმცა დისტანცია ხელსაყრელი არ იყო, ფრანგთა ჯავშნებზე ისრების მოხვედრისას გამოცემულმა ხმაურმა ელდის ეფექტი მოახდინა. კარგად გაწვრთნილი ინგლისელი მშვილდოსნები წუთში ათ ისარს ისროდნენ, ამდენად, ვიდრე პირველი ისარი მიზანს მოხვდებოდა, მეორე უკვე ჰაერში იჭრებოდა.

მცირერიცხოვანი მსხვერპლი, რომელიც ფრანგებმა ამის შედეგად განიცადეს, მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფლანგებზე მდგარი კავალერია იერიშზე გადასულიყო. ბრძანების მიღებისთანავე, დ’ალბრემაც არ დააყოვნა და ქვეითები ატალახებული მინდვრისკენ დაიძრნენ.

ბრძოლის მოლოდინში მხედრობის ნაწილი მიმოფანტულიყო და მოიერიშეებს ჩამორჩა. ინგლისელ მშვილდოსნებს 40 წამში 6 ისარი უნდა გაესროლათ, რადგან სწორედ ეს დრო ესაჭიროებოდა ფრანგ მხედრებს ინგლისელთა რიგებამდე მისაღწევად. თითოეული გასროლა, ფრანგების წინ წაწევის კვალობაზე, უფრო და უფრო ზუსტი ხდებოდა. ტყე ხელს უშლიდა ფლანგებიდან შემოვლას, ამიტომ ფრანგი ცხენოსნები იძულებული იყვნენ, მხოლოდ ფრონტალურად ემოქმედათ და ამის გამო მხედრები მათ წინ მყოფ ქვეითებს ეჯახებოდნენ და მათ ინგლისელთა სარებზე აგდებდნენ.

აზენკურის ბრძოლის ველზე ფრანგი არისტოკრატიის ნაღები იმისთვის გასულა, რომ ინგლისელთა

ისრებით განგმირული დაცემულიყო. ცხენზე ამხედრებულ რაინდთა დიდების მზე საბოლოოდ ჩასვენებულიყო.

ინგლისელთა ისრების სეტყვაში მოქცეული ფრანგი ცხენოსნები შემობრუნდნენ და დ’ალბრესა და მისი ქვეითების პირისპირ აღმოჩნდნენ, რომლებიც კავალერიის მიერ გადათელილ მიწაზე გაჭირვებით მიიწევდნენ წინ. ჯარები ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ინგლისელ მშვილდოსნებს საშუალება მიეცათ, უკვე მოწინააღმდეგის ფლანგებისთვის დაეშინათ ისრები, რომლებიც ე.წ. «ბოდკინის თავებით» (სპეციალური რკინის წაწვეტებული დაბოლოება) იყო აღჭურვილი და იოლად ჭრიდა ჯავშანს.

ფრანგმა რაინდებმა ინგლისელ მშვილდოსნებს ვერაფერი დაუპირისპირეს. საერთოდ, რაინდები მათ ქედმაღლურად უყურებდნენ და მათთვის უღირს მოწინააღმდეგეებად მიიჩნევდნენ. ამასთან, მშვილდოსნები გამოსყიდვის უფლებით არ სარგებლობდნენ: მათგან განსხვავებით, ინგლისელი არისტოკრატისთვის, ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, ფრანგ რაინდს გამოსასყიდის აღება შეეძლო. ინგლისელთა პოზიციებზე წინ წაწევის პროცესში, ფრანგებმა უნებლიედ, საკუთარი ფრონტი 150 იარდამდე შეკუმშეს. ამასთანავე, ინგლისელი მშვილდოსნების ისრების სეტყვამ ფრანგთა ფლანგებიც საფუძვლიანად შეათხელა. შედეგად, იმ

მომენტისთვის, როდესაც დ’ალბრეს მეომრები ინგლისელთა პოზიციებს მიუახლოვდნენ, მათ ხელის განძრევის შესაძლებლობა აღარ მიეცათ.

ფრანგებმა უკანასკნელი იარდები გაიარეს და მტრისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება სცადეს. მეომართა ჯგრო ერთიმეორეს ზურგიდან აწვებოდა და ამით ინგლისელებს უკან დახევას აიძულებდა. მაგრამ მეტი პრობლემა თავად ფრანგებს შეექმნათ. მეომრებიდან ზოგი ჭყლეტაში მოყვა, ზოგი მტრის ხელით დაიხოცა, ზოგი კი ტალახში ჩავარდა და მძიმედ შეჭურვილებმა გადათელეს.

როცა ჯარები ერთმანეთს უშუალოდ შეებნენ, ბრძოლაში ჩაბმის საშუალება აღარ ჰქონდათ ფრანგების არტილერიასა და მშვილდოსნებს. სამაგიეროდ, ინგლისელი მშვილდოსნები კვლავაც ახერხებდნენ ფლანგებზე მყოფი ფრანგი რაინდების «დასეტყვას». ინგლისელი მემატიანე წერდა: «ჭყლეტის შედეგად გაცილებით მეტი ფრანგი დაიღუპა, ვიდრე ჩვენს ჯარს შეეძლო მოეკლა».

ჰენრის ბრძანებით, ინგლისელმა მეომრებმა მშვილდები დაყარეს და ფრანგ რაინდებს ხმლებითა და ცულებით ეკვეთნენ. ბევრმა ინგლისელმა ფრანგების დაგდებული იარაღი გამოიყენა. მძიმედ შეჭურვილი რაინდები ტალახში ძლივს იმაგრებდნენ თავს და მსუბუქად შეიარაღებულ ინგლისელთა თავდასხმებს ვერაფერს უპირისპირებდნენ.

წაქცეული რაინდის მოკვლა კი, მის მუზარადსა და ჯავშანს შორის არსებულ ნაპრალში ხმლის ან პატარა დანის – მიზერიკორდის ჩაცემით, სიძნელეს აღარ წარმოადგენდა.

ინგლისელთა რიგები ცენტრში შეირხა, თუმცა მალევე ისევ დაეწყო. არც ერთი მხარე გზას არ თმობდა და ჰენრიც ბრძოლის შუაგულში ტრიალებდა. ბევრ ფრანგ რაინდს ჰქონდა დაფიცებული, რომ მას სიცოცხლეს გამოასალმებდა, ამიტომ ორი ინგლისელი მეომარი მეფის სამოსში გამოაწყვეს. მუქარა რეალური აღმოჩნდა – ორივე გადაცმული ბრძოლის ველზე დაეცა. ფრანგების საბრძოლო ცულით დაზიანებული ჩაჩქანი, რომელიც ჰენრის აზენკურში ეხურა, დღეს ვესტმინსტერის სააბატოშია დაცული.

ფრანგთა პირველი ორი რიგი თითქმის პირწმინდად განადგურდა. ზოგი დახოცეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს. ალანსონის ჰერცოგის სარდლობით მოქმედი მხედართა მესამე რიგი იერიშზე გადასვლის ბრძანებას არ დაემორჩილა. ჰერცოგი მეომრების გასწვრივ ცხენით მიმოდიოდა და მათ შეტევაზე გადასვლისკენ მოუწოდებდა. ბოლოს თავად, ბრძოლის შუაგულში შეიჭრა და ჰენრიმდეც მიაღწია. მას დანებებისკენ მოუწოდა, მაგრამ როგორც კი ხმალი აღმართა, ინგლისელმა მეომარმა მას ცულის დარტყმით გააფრთხობინა სული.

ინგლისელთა გამარჯვება უკვე ეჭვს აღარ იწვევდა. მაგრამ ამასთანავე, პრობლემებმაც იმატა.

შუადღისთვის ტყვედ აყვანილთა რიცხვმა ინგლისელთა მთელი არმიის რაოდენობას გადააჭარბა, არადა, ბრძოლა გრძელდებოდა. სამი რაინდი და გლეხების რაზმი, აზენკურის ლორდის მეთაურობით, ინგლისელთა ზურგში განლაგებულ სატვირთო ქარავანს დაესხა თავს. მას ძალზე მცირერიცხოვანი რაზმი იცავდა, რომელიც ფრანგებმა მყისიერად გაანადგურეს და ნადავლით ხელდამშვენებულები, მათ შორის – ჰენრის ერთ-ერთი სამეფო გვირგვინით, გაიქცნენ.

ამავე დროს, მარლის და ფოკემბერგესის გრაფებმა ცხენზე ამხედრებული 600 რაინდი წაიყვანეს იერიშზე. ჰენრი შიშობდა, რომ ტყვეები ზურგში არეულობის მოწყობას შეეცდებოდნენ, ამიტომ მათი განადგურების ბრძანება გასცა. ამ უღირსი ბრძანების შესრულებაზე ინგლისელმა რაინდებმა უარი თქვეს. გარდა ამისა, მათ ფრანგი წარჩინებულებისთვის გამოსასყიდის მიღების იმედი ჰქონდათ. ჰენრიმ 200 მშვილდოსანი – მრავლისმხილველი ჯარისკაცები შეარჩია და ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოხრჩობით დაემუქრა. რამდენიმე წუთში ათასობით ფრანგი მეომარი გაჟუჟეს. თანამედროვე მეცნიერები ჰენრის ამისთვის სასტიკად ჰკიცხავენ, თუმცა იმდროინდელი ფრანგი მემატიანეები უფრო მეტად, საკუთარ რაინდებს აკრიტიკებენ, რომლებმაც ჰენრი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, როცა მას სხვა არჩევანი არ დარჩენოდა.

ფრანგები ახალ შეტევას აღარ იწყებდნენ, თუმცა დაახლოებით 2000 ტყვე უკვე მკვდარი იყო, ხოლო 10000 ფრანგი ბრძოლის ველზე იწვა. დ’ალბერი, ასევე ალანსონი და კიდევ 10 ფრანგი წარჩინებულიც დაიღუპნენ, ხოლო მარშალი ბუსიკო, ბურბონის და ორლეანის ჰერცოგები, იოს, რიშმონის და ვანდომის გრაფები ბეწვზე გადაურჩნენ ტყვედ ჩავარდნას. ინგლისელებმა სულ, 450-ზე ნაკლები მეომარი დაკარგეს.

აზენკურის შემდეგ ჰენრიმ ახალ გამარჯვებებს მიაღწია. 1416 წლის აგვისტოში, სენის ბრძოლის მოგების შედეგად, ინგლისური არხის (ანუ ლა-მანშის) ბატონ-პატრონად იქცა, ხოლო 1419 წლისთვის ნორმანდია, პიკარდი და ციხესიმაგრე ილ-დე-ფრანსი დაიპყრო.

1420 წლის მაისში შარლ VI იძულებული გახდა, ტრუას ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ჰენრის, მის მიერ ადრე წაყენებული პირობებით, ეკატერინე გაატანეს და 2 ივნისს ცოლად შეირთო. როგორც შარლის სიძე, ის საფრანგეთის რეგენტიც გახდა. ამგვარად, შარლმა, ღვიძლი შვილი უგვირგვინოდ დატოვა და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ ჰენრი გამოაცხადა. მაგრამ ჰენრი დიზენტერიით დაავადდა და 1422 წლის 31 აგვისტოს ვენსენის სასახლეში გარდაიცვალა. სულ ორი თვით მეტი რომ ეცოცხლა, ის ორი სახელმწიფოს – როგორც ინგლისის, ასევე საფრანგეთის მეფე გახდებოდა.

ტეგები: Qwelly, ბრძოლა, ისტორია

ნახვა: 43

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters