Qwelly2024-03-28T23:26:56ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakhahttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/3820723462?profile=RESIZE_180x180&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/group/history_of_world/forum/topic/listForContributor?user=3flbzmfzti4h8&feed=yes&xn_auth=noშალონ-სიურ-მარნიtag:www.qwelly.com,2019-07-05:6506411:Topic:13936632019-07-05T11:35:30.416ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

შალონ-სიურ-მარნი. ჩვ.წ.აღ-ით 451

ატილა ჰუნის დამარცხება

თავისი სამხედრო კარიერის განმავლობაში ატილა ჰუნი მხოლოდ ერთხელ, შალონ-სიურ-მარნში დამარცხდა და ეგონა, იქვე მოკვდებოდა. პოლიტიკურად შორსმჭვრეტელმა რომაელმა მხედართმთავარმა, ფლავიუს ეციუსმა ის დაინდო, მაგრამ მალე ჰუნები როგორც…

შალონ-სიურ-მარნი. ჩვ.წ.აღ-ით 451

ატილა ჰუნის დამარცხება
თავისი სამხედრო კარიერის განმავლობაში ატილა ჰუნი მხოლოდ ერთხელ, შალონ-სიურ-მარნში დამარცხდა და ეგონა, იქვე მოკვდებოდა. პოლიტიკურად შორსმჭვრეტელმა რომაელმა მხედართმთავარმა, ფლავიუს ეციუსმა ის დაინდო, მაგრამ მალე ჰუნები როგორც სამხედრო ძალა, ისტორიის კუთვნილებად იქცნენ...

ატილა ჰუნმა, 434-449 წლებს შორის პერიოდში, აღმოსავლეთ იმპერიაზე წარმატებული თავდასხმების სერია განახორციელა. მან ალყაში მოაქცია კონსტანტინოპოლი, აიძულა იმპერატორი თეოდოსიუს II, მისთვის ხარკი გადაეხადა და ტერიტორიაც დაეთმო. მერე მზერა იმ დროს უკვე დასუსტებულ – დასავლეთ ევროპაზე გადაიტანა, რისი საბაბიც იმპერატორ ვალენტინიანის დის, ჰონორიას მიერ გამოგზავნილი ბეჭედი გახდა. ჰონორიას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის მოურავთან, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ორსულად მყოფმა, ჰუნების მეფეს ბეჭედი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. ატილამ ბეჭედი დაქორწინების შემოთავაზებად მიიღო და მზითვის სახით დასავლეთის იმპერიის ნახევარი მოითხოვა.

451 წლის გაზაფხულზე, ფრანკებთან და ვანდალებთან კავშირის შეკვრის შემდეგ, ატილა დასავლეთ ევროპის შუაგულში შეიჭრა. აპრილში, 300000-დან 700000-მდე მეომრით აიღო მეცი, იავარჰყო რაიმსი, მაინცი, სტრასბურგი, კიოლნი, ვორმსი და ტრიერი. გადმოცემის თანახმად, პარიზი წმ. ჟენევიევის წყალობით გადაურჩა, რომელიც შემდგომ, ამ ქალაქის მფარველ წმინდანად გამოაცხადეს.

ატილა ორლეანის მისადგომებთან შეაჩერეს. ალყაშემორტყმულ ქალაქს მიუახლოვდა რომაელთა არმია ფლავიუს ეციუსის სარდლობით; მასთან ერთად, ვესტგოთების მეფე, თეოდორიკ I იყო. პირველად ატილამ მოწინააღმდეგეზე თავდასხმების ტაქტიკას უღალატა და შალონ-სიურ-მარნის ველზე ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. მოსწორებულ, გაშლილ ველზე მტერთან შებმა, ნაცადი მხედრობის წყალობით, ატილას ხელს აძლევდა.

გადმოცემით, ორლეანიდან უკან დახევისას ქრისტიანი განდეგილი ატილას მიუახლოვდა და უთხრა: «შენ ხარ ღვთის რისხვა, ქრისტიანთა დასასჯელად მოვლენილი». ამ სიტყვებმა ატილას გონება დაუბინდა და მეტსახელადაც კი აიღო – მას შემდეგ თავს Flagellum Dei-ს («ღვთის რისხვას») უწოდებდა.

რომაელი ეციუსის ლაშქარში ქრისტიანული შენაერთები მართლაც იყვნენ. ვესტგოთები თეოდორიკის მეთაურობით, მარცხენა ფლანგზე განლაგდნენ, ხოლო ალანები, რომელთა ერთგულება ეჭვქვეშ იდგა, სანგიპანის სარდლობით, ცენტრში განთავსდნენ. ატილა ჰუნების ლაშქრის შუა ნაწილს ედგა სათავეში, ხოლო ოსტგოთები და მისი სხვა მოკავშირეები ფლანგებზე განლაგდნენ. ცხენოსანთა ჯარით ატილა უპირატესობას ფლობდა, სამაგიეროდ ეციუსს ქვეითი ჯარის გაშლილ ბრძოლაში გამოყენების მეტი გამოცდილება ჰქონდა. შეტაკებამდე ეციუსმა მოხდენილი მანევრით იმ პატარა მაღლობის დაკავება მოახერხა, საიდანაც ჰუნების მარცხენა ფლანგი ხელისგულივით მოჩანდა.

ჰუნები შეუდარებელი მხედრები იყვნენ, მაშინ, როდესაც რომაელთა არმიას ძირითადად ქვეითები შეადგენდნენ. ფლავიუს ეციუსის სარდლობით მოქმედ რომაელთა სრულყოფილმა ტაქტიკამ ატილას ბოლო მოუღო.

ატილამ სწრაფად გაიაზრა მაღლობის მნიშვნელობა და რომაელთა პოზიციებს სწორედ მარცხენა ფლანგიდან გაშმაგებით შეუტია. ამ ტაქტიკა გამოიყენა. შესაძლოა, არ სურდა, რომ ფლანგზე, ცენტრიდან გადმოსროლილი რამდენიმე საუკეთესო შენაერთი ჩაება ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოახერხა უპირატესი პოზიციებიდან რომაელების განდევნა.

ატილას მარჯვენა ფლანგს ვესტგოთებმა ახალი მეფის, თეოდორიკის სარდლობით შეუტიეს. ამ ბრძოლაში თეოდორიკს მისივე მხედრის მიერ ნასროლი შუბი მოხვდა. ის მოცელილივით დაეცა და სული დალია. მეფის დაკარგვის მიუხედავად, ვესტგოთები არ გატეხილან. ჯავრის ამოყრის ჟინით შეპყრობილებმა ცენტრისკენ გადაინაცვლეს, სადაც ალანები ატილას მთავარი ძალების წინააღმდეგ სისხლიან შეტაკებაში ჩაბმულიყვნენ.

ატილას მეომრებმა, ალყაში მოქცევის შიშით, ბანაკისკენ უკან დახევა დაიწყეს. ბანაკში მყოფმა მშვილდოსნებმა თავდასაცავად, სანგრები და სატვირთო ეტლები გამოიყენეს და ვესტგოთ

მხედრებს ისრები დაუშინეს. მაგრამ ეციუსმა მარჯვენა ფლანგზე ვეღარ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ღამის დადგომისას ბრძოლა გაურკვეველი შედეგით დასრულდა.

მეორე დილით ატილამ საუკეთესო მშვილდოსნები საფორტიფიკაციო ნაგებობის წინ დააყენა და გააფთრებული წინააღმდეგობის გასაწევად მოემზადა. მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰქონდა გამარჯვების იმედი. ამიტომაც მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა «ღვთის რისხვის» მოკვლით ან ცოცხლად აყვანის პატივით. მან ჰუნების მატყლის უნაგირები დაახვავებინა, ბრძოლაში მოპოვებული ნადავლიც ზედ მოათავსა, მერე თავისი ცოლები შემოსვა და სულ მაღლა, თავისთვისაც მოიტოვა ადგილი, რათა იმ შემთხვევაში, თუ მტერი იმარჯვებდა, ამ ყველაფრისთვის ცეცხლი წაეკიდა და დაეწვა.

გარიჟრაჟზე, ბრძოლის ველზე დაყრილი ცხედრების ხილვაც საკმარისი იყო იმის წარმოსადგენად, თუ რაოდენ დიდი გააფთრებით იბრძოდნენ ჰუნები. ისიც აშკარა იყო, რომ ეციუსის ჯარს არ დაურბევია ატილას ბანაკი და არც ატილას დარჩენილ ჯარს დასდევნებია, როცა ის უკუიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ეციუსი გააფთრებით იბრძოდა, ზოგს მიაჩნია, რომ მან გონივრული ტაქტიკა გამოიყენა. შესაძლოა, არ სურდა, რომ ვესტგოთებს ზედმეტად მოეწონებინათ თავი

ახალი მეფის, თეოდორიკის შვილის – თორისმუნდის მეთაურობით მიღწეული გამარჯვებით. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ვესტგოთები იყვნენ, ვინც ამ ბრძოლამდე 41 წლით ადრე – 410 წელს ალარიკის სარდლობით, რომი დალაშქრეს. ეციუსმა თორისმუნდი მის სატახტო ქალაქ აკვიტანიაში დაბრუნებაზე დაიყოლია, რითაც შესაძლოა, სერიოზული მოწინააღმდეგე და საშიში მოკავშირე მოიშორა.

ალბათ ატილა თავისი პირველი და ერთადერთი მარცხის ამბავს განიცდიდა, მაგრამ ფარხმლის დაყრას არ აპირებდა. მან ძალები გადაახალისა და მომდევნო წელს იტალიაში შეიჭრა. გადმოცემით, ატილაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა რომიდან მოსალაპარაკებლად გამოსულმა პაპმა, ლეო I-მა, რამაც რომის კარიბჭესთან მისულ ჰუნს უკან დაახევინა. იმასაც ამბობენ, მისი უკან დახევის მიზეზი რომის მიდამოებში მოდებული დაავადებები და შიმშილი იყოო. მისი მეომრები, რომლებიც მხოლოდ საკვების მოპოვებაზე ზრუნვას მოეცვა, ბრძოლას ვეღარ გააგრძელებდნენ. ასევე შესაძლებელია, რომ იმპერიის საზღვრებს მიღმა საომრად წასული რომის ლეგიონების დაბრუნების შეეშინდა.

ნადავლით ხელდამშვენებულმა ჰუნებმა ჩრდილოეთისკენ აიღეს გეზი. 47 წლის ატილა გზაში გარდაიცვალა. ამ დროს ახალი ცოლი – ილდიკო შეირთო. ერთდღიანი სმა-ჭამის შემდეგ, ახალგაზრდა დედოფალთან საქორწილო ღამის გასატარებლად განმარტოვდა. დილას კი გარდაცვლილი იპოვეს – ცხვირიდან სისხლი წასკდომოდა და მასში ჩამხრჩვალიყო.

ატილას დაღუპვის შემდეგ გერმანელი ტომები აჯანყდნენ. ქიშპმა და მტრობამ ბელადის შვილებიც დაასუსტა. ჰუნების სამხედრო ძლიერება სულ რაღაც 20 წელიწადში ისტორიის კუთვნილებად იქცა. მათი ცხენები ფართო აზიურ ველებზე ვეღარ ბალახობდნენ. როგორც სხვა ევროპელთა ჯარებს, მათაც მოუხდათ ბრძოლებში ქვეითების გამოყენება, რის გამოც ძველი უპირატესობა დაკარგეს. მარტივად რომ ვთქვათ, შალონ-სიურ-მარნის ბრძოლამ ჰუნების უძლეველობის მითი დაამსხვრია და იმ დროს ფეხზე ჯერ კიდევ მყარად მდგარი რომის სიდიადისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.

დათარიღების მეთოდებიtag:www.qwelly.com,2018-12-15:6506411:Topic:13483912018-12-15T09:09:14.285ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

დათარიღების მეთოდები

კალენდრული დათარიღება და შედარებითი ქრონოლოგია:

წრიული კალენდრის სისტემის გასაგებად უნდა წარმოვიდგინოთ

კბილანებით ურთიერთდაკავშირებული წრეები, ერთი დაყოფილი 1-დან 13-მდე, ხოლო მეორე 20 დღის აღმნიშვნელი ცალკეული სიტყვით. ღვთიური

ციკლი 260…

დათარიღების მეთოდები

კალენდრული დათარიღება და შედარებითი ქრონოლოგია:

წრიული კალენდრის სისტემის გასაგებად უნდა წარმოვიდგინოთ
კბილანებით ურთიერთდაკავშირებული წრეები, ერთი დაყოფილი 1-დან 13-მდე, ხოლო მეორე 20 დღის აღმნიშვნელი ცალკეული სიტყვით. ღვთიური
ციკლი 260 დღისგან შედგება. ამას უკავშირდება მზის წელიწადი, რომელიც 18 თვისგან შედგება, თითოეული თვე კი 20 დღისგან, პლუს 5 დამატებითი დღე. ამასთან კავშირშია ასევე 360- დღიანი ციკლი, რომლის ნაწილი ქვემოთ არის მოცემული. დღეების თანხვედრა ამ ორ წრეზე (მაგალითად 1 კან 1 პოპ) მხოლოდ 52 წელიწადში ერთხელ ხდება.

დღევანდელი და ყველასათვის ცნობილი კალენდარი ეფუძნება იულიუსის კალენდარს (ძვ. სტილი), რომელიც იულიუს კეისარმა შემოიღო ქრისტეს შობამდე 46 წელს ალექსანდრიელი ასტრონომის სოსიგენის რჩევით. ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, ხოლო დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამეა ყოველ 400 წელიწადში. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპის გრეგორი XIII-ს დროს იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრეგორიანული კალენდრით (ახ. სტილი) და 13 დღე დაუმატეს.

მეცნიერები, რომლებსაც თარიღები რადიოაქტიური მეთოდებით გამოყავთ,
საერთაშორისო სისტემას გვთავაზობენ, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კალენდართან. ისინი ათვლას იწყებენ დღევანდელობიდან უკან, თუმცა სიზუსტისთვის პირობითად აღებულია 1950 წელი. ინგლისურად ეს არის BP (Before Present), რაც დღევანდლამდე პერიოდს ნიშნავს, ან უბრალოდ ხმარობენ - ამდენი და ამდენი “წლის წინ”.

თანმიმდევრობა:

რადიოკარბონული (carbon-14 dating) დათარიღების ფუძემდებელი: ნობელის პრემიის ლაურეატი, ულიარდ ლიბი

ღრმა ზღვის ფსკერის დანალექი ქანების და მყინვარების ფენების შესწავლით დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები დგინდება. ზღვის ფსკერზე ყოველწლიურად დალექილი შრეები სხვადასხვა მოლუსკებს შეიცავს. ნიჟარების ჟანგბადის ორი იზოტოპის შეფარდებით დგინდება ზღვის ზუსტი ტემპერატურა იმ დროისათვის როცა ეს ორგანიზმები ცოცხლები იყვნენ. დღეს ჩვენ უკვე 2.3 მილიონი წლის ტემპერატურული ცვლილების მიმდევრობა გვაქვს ამ მეთოდის გამოყენებით, და შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ გამყინვარებისა, თუ დათბობის ციკლები დედამიწაზე. მყინვარებიც ანალოგიურად ასახავენ ყოველწლიურ კლიმატურ ცვლილებას,
თუმცა ამ მიმდევრობის დანახვა მხოლოდ 2000-3000 წლის განმავლობაში შექმნილ ყინულის შრეებშია შესაძლებელი.

ძვლებით დათარიღება

გამოთვლა ხდება ძვალში აზოტის, ფტორისა და ურანის შემცველობის ცვლილებით. ძვალში არსებული ცილა თანდათანობით კარგავს აზოტს. თანამედროვე ძვალში აზოტის შემცველობა არის 4 პროცენტი და ლაბორატორიულად შეიძლება იმის გამოთვლა თუ რა რაოდენობის აზოტი გამოეყო ძვალს. მეორე მხრივ, გრუნტის წყლებიდან ძვალი თანდათანობით ითვისებს ფტორსა და ურანს, რაც ასევე დათვლადია ლაბორატორიულად. თუმცა ორივე შემთხვევაში, დაკარგული აზოტის, თუ შეძენილი ფტორისა და ურანის რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ის სპეციფიკური გარემო სადაც ძვალი იყო დამარხული; მაგალითად - ნიადაგის შემცველობა წყლით, ქიმიური ნივთიერებების, თუ ბაქტერიების ზემოქმედება. თუმცა ეს მეთოდი ეფექტურია ერთი და იგივე კონტექსტში აღმოჩენილი სხვადასხვა ძვლის ნიმუშის შედარებითი ქრონოლოგიის დასადგენად. ამ მეთოდის გამოყენებით დადგინდა, რომ ე.წ. ეუანთროპუს დოუსონი ადამიანის ევოლუციაში ადრე უცნობი ახალი სახეობა კი არა, არამედ ორანგუტანის ყბისა და თანამედროვე ადამიანის თავის ქალის ხელოვნურად შეკავშირებით მიღებული ყალბი
სახეობა ყოფილა.

ობსიდიანის (ვულკანური მინის) და თიხის ნაკეთობების ასაკის დასადგენად ურანის, რომლის ატომური წონა 238-ს უდრის, ატომის ნახევარდაშლის შესწავლა გამოიყენება. ურან-238-ს ნახევარდაშლის პერიოდი უდრის 4,500 მილიონ წელს.

კალიუმ-არგონის დათარიღება ემყარება რადიოაქტიური კალიუმის, კალიუმ 40-ის დაშლას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება აირი არგონ-40. კალიუმ 40-ს ქანები შეიცავს, ამიტომ ასეთი დათარიღება გამოიყენება ისეთი ქანების თარიღის დასადგენად რომლებიც არქეოლოგიურ მასალას შეიცავს.

თერმოლუმინესცენტური დათარიღების მეთოდს მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ იყენებენ თიხის ნაკეთობების ასაკის დასადგენად. გამოწვის შემდეგ თიხაში არსებული რადიოაქტიური ელემენტები დაშლას განიცდის, თუმცა გამოყოფილი ენერგია გარეთ ვეღარ გამოდის და იქვე გროვდება. აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტის ხელმეორედ გაცხელების შედეგად ხდება დაგროვილი ენერგიის სინათლის სახით გამოყოფა. სინათლის ინტენსივობის გაზომვით მეცნიერები ადგენენ, თუ რამდენი წლის წინაა გამომწვარი თიხის ეს ნაკეთობა.

ელექტრული რეზონანსის მეთოდი თერმოლუმინესცენტურის მსგავსია, მხოლოდ ნიმუშის გაცხელების ნაცვლად ხდება დაგროვილი ენერგიის გამონთავისუფლება სინათლის სახით, ნივთის მაღალ ელექტრულ ველში მოთავსებით.

გრაფიკზე ნაჩვენებია, თუ აბსოლუტური დათარიღების რომელი მეთოდი რომელი რონოლოგიური მონაკვეთის დასათარიღებლდ გამოიყენება

ისტორიის პერიოდიზაციაtag:www.qwelly.com,2016-10-04:6506411:Topic:11987392016-10-04T07:46:51.410ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას აუცილებელია მისი პერიოდიზაცია, ანუ საზოგადოების მიერ განვლილი ცხოვრების გზის ეტაპებად — პერიოდებად დაყოფა.

ისტორიის პერიოდიზაციის კვლევისას შემდეგი საკითხია გასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტორიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო…

მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას აუცილებელია მისი პერიოდიზაცია, ანუ საზოგადოების მიერ განვლილი ცხოვრების გზის ეტაპებად — პერიოდებად დაყოფა.

ისტორიის პერიოდიზაციის კვლევისას შემდეგი საკითხია გასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტორიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიები?

დღეისათვის მსოფლიო ისტორიის მრავალი პერიოდიზაცია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის თუ ისტორიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კაცობრიობის განვლილი გზის პერიოდიზაციის განსხვავებულ პრინციპებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ.

მართლაც, კაცობრიობის წარსული ცხოვრების პერიოდიზაცია, სულ სხვადასხვა მახასიათებლებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ისტორია შეიძლება დავყოთ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, საბრძოლო და სამეურნეო იარაღის, საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობათა არქიტექტურის განვითარების მიხედვით; აგრეთვე იმ ძირითადი მასალის (მაგალითად ქვა, ლითონი და ა.შ.) მიხედვით, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამეურნეო და საბრძოლო იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ (არქეოლოგების მიერ შეთავაზებული პერიოდიზაცია) და სხვ.

ყველა მსგავსი პერიოდიზაცია წარმოდგენას გვიქმნის, ან შეგვიქმნის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ცალკეულ მხარეებზე, თუმცა სრულად ვერ ასახავს მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ამ პრობლემისადმი გამართლებულია უფრო ზოგადისტორიული მიდგომა: საჭიროა მსოფლიო ხალხების ისტორიიდან ისეთი უმთავრესი, ძირეული მომენტების გამოყოფა, რომლებიც ერთგვარ წყალგამყოფს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში.

ისტორიის ასეთი ძირეული მომენტების გამოყოფა, უმთავრესი ნიშნულების დასმა, რომლის მიხედვითაც წინაპართა მიერ განვლილი გზა პერიოდებად დაიყოფოდა, ადამიანთა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ძალზე შორეულ წარსულში დაიწყო. ამას ისტორიის სტიქიური, ანუ თავისთავადი, მეცნიერული ანალიზის გარეშე აღმოცენებული პერიოდიზაცია უნდა ეწოდოს. სტიქიურ პერიოდიზაციას საფუძვლად ის მოვლენები დაედო, რომლებიც ადამიანს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ყველაზე მეტად აღელვებდა. მაგალითად, როდის, როგორ და რა თანმიმდევრობით შექმნეს ღმერთებმა ან ღმერთმა სამყარო, დედამიწა, ცოცხალი ბუნება და ადამიანი? ასე წარმოიშვა სტიქიური პერიოდიზაციის ყველაზე ადრეული სქემა: სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ყველა ამ ტიპის პერიოდიზაციაში პირველი პერიოდი, ანუ სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე, აგრეთვე იყოფა ქვეპერიოდებად: ღმერთის (ან ღმერთების) მიერ წყლისა და ხმელეთის შექმნა, ღმერთის მიერ მცენარეული საფარის, ცხოველებისა და ფრინველების გაჩენა და ა.შ. ამ პერიოდების თანმიმდევრობა სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

უძველესი ადამიანი მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირას ცხოვრობდა, ამიტომ დიდი წყალდიდობა მისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო.

ასეთ პირობებში დედამიწის სულ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხებში გაჩნდა გადმოცემები საყოველთაო წყალდიდობის — წარღვნის შესახებ, რომლის შემდეგ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ხელახლა დაიწყო. ასე წარმოიშვა კაცობრიობის ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის დამატებითი ათვლის წერტილი: წარღვნამდელი და წარღვნის შემდგომი ხანა.

ცეცხლის დამორჩილება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ნახტომი იყო. მართლაც, ცეცხლის დამორჩილება სხვადასხვა სახით მრავალი ხალხის მითოლოგიაში აისახა. ზოგიერთმა მითმა იმ ლეგენდარული გმირების სახელებიც კი შემოგვინახა, რომლებმაც ადამიანებს ცეცხლი აჩუქეს. ძველბერძნულ თქმულებებში ასეთად პრომეთე გვევლინება. ძველი ჩინელებისთვისაც ცეცხლის დაუფლება და ცეცხლზე საჭმლის მომზადება, სახლის აგებასთან ერთად, სახელმწიფობამდელი ისტორიის ის უმთავრესი მიღწევა იყო, რომელიც საზოგადოების მეხსიერებას მითების სახით შემორჩა. ამიტომაც ცეცხლის დაუფლება სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთ ნიშნულად შეიძლება მივიჩნიოთ: ადამიანები ცეცხლის დამორჩილებამდე და ადამიანები ღმერთებისაგან ცეცხლის მოტაცების შემდეგ (ბერძნული ვერსია), ანდა ვინმე ბრძენკაცის მიერ ცეცხლის დამორჩილებისა და თანატომელებისათვის ამის სწავლების შემდეგ (ჩინური ვერსია).

თანამედროვე ადამიანიც კი, ძირითადად, წინაპართა ორ: მშობლების, და ბებია-პაპების თაობას იცნობს. ძველი ადამიანისთვის ამ თაობებზე ადრე მცხოვრები წინაპრები მხოლოდ გადმოცემებში არსებობდნენ. რაც უფრო დაშორებული იყვნენ წინაპრები მის ეპოქას, ძველი ადამიანის თვალში ისინი სულ უფრო გმირულ სამოსელში იმოსებოდნენ და ნახევარღმერთებად იქცეოდნენ. განვლილი ცხოვრების თაობებად დაყოფა სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმაა.

თანდათანობით ისტორიის თაობების მიხედვით დაყოფის პრინციპი ადამიანებმა ღმერთებზეც გაავრცელეს. ღმერთების თაობებით პერიოდიზაციის კლასიკური მოდელი ძველბერძნულ წარმართულ პანთეონში გვხვდება, სადაც ურანისა და გეას თაობა და უზენაესი მმართველობა მათი შვილების: კრონოსის და რეას და შვილიშვილების — ზევსისა და ჰერას და მათი მრავალრიცხოვანი და-ძმებისა და შვილების თაობამ და უზენაესმა მმართველობამ შეცვალა.

ადამიანს ზოგადად წარსულის იდეალიზაცია ახასიათებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც უძველესი ადამიანი იყო. მასაც, დღევანდელი ადამიანების უმეტესობის მსგავსად, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შორეული წინაპრები ბევრად უკეთესები იყვნენ და უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე მისი თაობა. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე? — არსებობდა მარტივი პასუხი: თავდაპირველად ადამიანები ღმერთებს (ან ღმერთს) უჯერებდნენ, შემდეგ კი რაღაც შესცოდეს. ასე გაჩნდა ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი ათვლის წერტილი: ადამიანის ღმერთებთან (ან ღმერთთან) ჰარმონიული ცხოვრების ხანა და ადამინის მიერ ღმერთების განაწყენების შემდგომი პერიოდი.

თაობების ცვლისა და ღმერთების განაწყენების პრინციპზე აგებული კაცობრიობის განვლილი გზის ერთერთი უადრესი პერიოდიზაცია ძველბერძენ სწავლულ ჰესიოდესთან გვხვდება. ჰესიოდემ ისტორია 5 თაობად დაჰყო, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე ოთხ: ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის ხანაში გაანაწილა. ოქროს ხანაში ადამიანები ღმერთებთან თანხმობით ცხოვრობდნენ, ამიტომ მათ არც გაჭირვება იცოდნენ და არც ავადმყოფობა. თანდათანობით ადამიანთა თაობები ღმერთებს დაშორდნენ და არ უჯერებდნენ. ამის გამო ღმერთებმა მათი ცხოვრება ავადმყოფობებითა და ომებით სულ უფრო და უფრო დაამძიმეს. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე, ჰესიოდეს აზრით, მისი ეპოქა — რკინის ხანა იყო.

ღმერთისა და ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით, კაცობრიობის ისტორიის უძველეს ხანას ბიბლია სამ დიდ პერიოდად ყოფს: 1. ადამ და ევას ღმერთისადმი ყურისგდების, სამოთხეში ცხოვრების ხანა, 2. ღმერთის განაწყენების გამო ადამიანთა მოდგმის სამოთხიდან გაძევება და 3. ადამიანთა ცოდვების გამო ღმერთის განრისხება და კაცობრიობისათვის წარღვნის მოვლენა.

ქრისტიანობამ "ახალი აღთქმის" სახით, კაცობრიობის ისტორიის ამ ნიშნით დაყოფას კიდევ ერთი პერიოდი დაუმატა: ღვთის მიერ საკუთარი ძის დედამიწაზე მოვლინებისა და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის შემდგომი ეპოქა.

სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ, ისტორიის ათვლა თავდაპირველად მეფეთა ზეობის ხანით ხდებოდა, რაც თაობებად პერიოდიზაციის თავისებურ სახეცვლილებას წარმოადგენს. ისტორიული დროის გარკვეულ მონაკვეთში სახელმწიფოს ერთი საგვარეულო, ანუ სამეფო დინასტია მართავდა, რომელსაც შემდგომში სხვა დინასტია ცვლიდა. ერთგვარი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ძველმა სწავლულებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ყოველი ახალი დინასტიის მმართველობა ძველი დინასტიის მმართველობისაგან განსხვავდებოდა (საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რეფორმები და ა.შ.). ასე ჩაეყარა საფუძველი ისტორიის პერიოდიზაციას უკვე მმართველი დინასტიების მიხედვით, სადაც ისტორიული ეპოქები დინასტიების მიხედვითაა გამოყოფილი, ხოლო თაობების ცვლა ამა თუ იმ დინასტიის მეფეთა რიგის მიხედვითაა მოცემული.

ისტორიის მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა შეიძლება ისტორიის პირველ მეცნიერულ პერიოდიზაციადაც მივიჩნიოთ, ვინაიდან ეპოქების მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა, განსწავლულობას, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის გარკვეულ უნარს, რაც მთავარია, წარსულის თავისებურ მეცნიერულ სისტემატიზაციას მოითხოვდა.

დინასტიების მიხედვით ისტორიის დაყოფის დღემდე ცნობილ უძველეს ნიმუშს ძველი ეგვიპტური პერიოდიზაცია წარმოადგენს, სადაც ღმერთებისა და ნახევრადღმერთების დინასტიების შემდეგ ეგვიპტის ფარაონთა 31 დინასტიის მეფეების რიგია მოცემული.

ისტორიის პერიოდიზაციის სტიქიური და დინასტიური პრინციპების შერწყმის პირველი ცდა წიგნთაწიგნში—ბიბლიაში გვხვდება. ბიბლიაში სტიქიური პერიოდიზაციისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნულები: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ; ადამიანის ღმერთთან ჰარმონიული თანაცხოვრების ხანა და ღმერთის განაწყენების შემდგომი პერიოდი; წარღვნამდე და წარღვნის შემდგომი ხანა, ისევე როგორც ეთნარქების თაობათა მიხედვით პერიოდიზაცია, შერწყმულია დინასტიების მიხედვით პერიოდიზაციასთან.

ბიბლიამ, უფრო ზუსტად ძველმა აღთქმამ სამყაროს ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ. რაც შეეხება, კაცობრიობის ისტორიას, ის ხუთ პერიოდად დაიყო: ადამიანთა სამოთხეში ცხოვრების ხანა, ადამიანის სამოთხიდან გამოძევებიდან წარღვნამდე პერიოდი, წარღვნა, წარღვნის შემდგომი პერიოდი, რომელშიც ბაბილონის გოდოლის შენების დაწყებაც მოიაზრება და ბაბილონის გოდოლის დარღვევის შემდგომი პერიოდი, როდესაც ბიბლიის მიხედვით იქამდე ერთენოვანი კაცობრიობა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ენების ხალხებად დაიშალა. თითოეული ამ პერიოდის შიგნით მოცემულია ეთნარქების თაობათა მონაცვლეობა, რასაც შემდგომ ებრაელი ხალხის მსაჯულებისა და მეფეების მონაცვლეობა მოსდევს.

ისტორიის მეცნიერული პერიოდიზაციის ახალ ეტაპს ბერძნული წარმოშობის რომაელმა სწავლულმა კლავდიუს პტოლემაიოსმა დაუდო სათავე, რომელმაც კაცობრიობის განვლილი გზა პირველმა, პოლიტიკური ნიშნულით ოთხი წამყვანი სამეფოს, ანუ მონარქიის მონაცვლეობის მიხედვით, ოთხ დიდ ისტორიულ პერიოდად დაყო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის [იგულისხმება აქემენიანთა იმპერია], საბერძნეთ-მაკედონიისა და რომის იმპერიის.

ისტორიის თითოეულ ამ პერიოდში არაერთი სხვა სახელმწიფოც იყო და მათ შესახებ კლავდიუს პტოლემაიოსმა, უეჭველად, იცოდა, მაგრამ ის მხოლოდ იმ სახელმწიფოებს გამოყოფს, რომლებიც, ისტორიის აღნიშნულ პერიოდებში, მისთვის ცნობილ სამყაროში მოწინავეობდნენ. კლავდიუს პტოლემაიოსისათვის, მსოფლიო სამეფოები რომის იმპერიის წარმოქმნამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომის იმპერიას კი მუდმივად უნდა ეარსება. ამის მიზეზი იოლი მისახვედრია: ის რომის იმპერიის სიძლიერის ხანაში ცხოვრობდა და იმპერიის დაცემა ვერ წარმოედგინა.

კაცობრიობის ისტორიის ოთხ მსოფლიო მონარქიად დაყოფისა და რომის სახელმწიფოს მუდმივობის პრინციპი III-IV სს-ის მიჯნაზე მიიღო და დააკანონა ქრისტიანულმა ეკლესიამ. ასე მიეცა საბოლოო სახე რომის, როგორც იმპერიის უკვდავობის იდეას, რამაც დიდი გავლენა იქონია XV საუკუნემდელი ევროპის ისტორიულ აზროვნებაზე.

ისტორიული პროცესის ასეთი გააზრების გამო, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წ.) თანამედროვეებმა ამ იმპერიის დასასრულად ვერ აღიქვეს და ევროპელ ხელმწიფეებში ყველაზე სანუკვარ პატივად კვლავაც რომის იმპერატორის გვირგვინი რჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ფრანკთა ხელმწიფე კარლოს დიდი, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან 300 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 800 წ. რომის იმპერატორად ეკურთხა. ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან თითქმის 500 წლის შემდეგ შეიქმნა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, რომელმაც ფორმალურად 1806 წლამდე იარსება.

აღმოსავლეთ რომის იმპერიამ — ბიზანტიამ არსებობა 1453 წ. შეწყვიტა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, "მესამე რომად" თავი მოსკოვის დიდმა სამთავრომ გამოაცხადა, რომლის მთავარმა ივანე IV მრისხანემ რომის კეისრის (იმპერატორის), იგივე ცეზარის — რუსული გამოთქმით ცარის ტიტული მიიღო.

ბევრად უფრო ადრე, XV ს-ის დასასრულს, როდესაც ბიზანტიამ აღმოსავლეთში თავისი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა, რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ქართველებმაც გამოაცხადეს. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს მეფემ გიორგი II-მ თავის ტიტულატურას "ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსის" ტიტულიც დაუმატა.

IV-VII სს-ში ადგილი ჰქონდა "ხალხთა დიდ გადასახლებას", რაც მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე ახალი ხალხების გამოსვლით აღინიშნა. განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების ამოძრავებამ მთლიანად წალეკა ძველი ანუ ანტიკური სამყარო, მანამდე არსებული ცხოვრების წესი და არა მარტო შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, არამედ მსოფლიოს დიდ ნაწილში მკვეთრად დასწია ცოდნის და კულტურის დონე. ყოველივე ამის გამო, მომდევნო, სულ ცოტა ხუთ საუკუნეს ევროპისათვის ცოდნისა და კულტურის განვითარების თვალსაზრისით, პირობითად, "უმეცრების ხანაც" ეწოდება. XI ს-ის მიწურულიდან მსოფლიო ისტორიაში ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობებითაა ცნობილი. ამ ლაშქრობების დროს ათიათასობით ევროპელი რაინდი გაეცნო ბიზანტიას და მახლობელ აღმოსავლეთს და მათი მეშვეობით ბერძნულ-რომაულ კულტურას ეზიარა, რომელმაც თავი სწორედ მსოფლიოს ამ რეგიონში შემოინახა.

ევროპელების მიერ ანტიკურ კულტურასთან ხელახლა ზიარებამ XII-XIII სს-ისათვის საფუძველი მოუმზადა კულტურის ისტორიის ახალ ეპოქას, რომელიც რენესანსის (აღორძინების) სახელითაა ცნობილი. ამ კულტურის შემოქმედებს ჰუმანისტებსაც უწოდებენ. ჰუმანისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც ანტიკურ ეპოქასა და მათ თანამედროვე ეპოქას შორის საუკუნეებს კაცობრიობის კულტურის უკანსვლის, სიბნელისა და უმეცრების ხანა უწოდეს. ამგვარად, მათ კაცობრიობის ისტორია სამ პერიოდად დაყვეს: ძველი, იგივე ანტიკური, შუა საუკუნეები, ანუ კაცობრიობის ისტორიის "შავბნელი ხანა" და ანტიკური კულტურული ტრადიციების აღორძინება-აღდგენის, იგივე რენესანსის, ანუ მათი თანამედროვე ეპოქა.

ამგვარად, XV საუკუნისათვის, თანდათანობით, დამკვიდრდა კაცობრიობის ისტორიის ახალი პერიოდიზაცია, რომლის უპირატესობა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის მანამდე არსებულ სისტემებთან იმაში მდგომარეობდა, რომ ის ისტორიის პერიოდებად დაყოფას საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი ზოგადი მახასიათებლით — კულტურით შეეცადა. კაცობრიობის ისტორიის ასეთ დაყოფას სამწევროვან დაყოფასაც უწოდებენ.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა "ანტიკური, ანუ ძველი" ჰუმანისტებისათვის მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიასა და კულტურას ნიშნავდა. ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო არც სხვა ძველი ქვეყნებისა და რეგიონების ისტორია და არც კაცობრიობის ისტორიის ის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც სახელმწიფოს წარმოქმნამდე არსებობდა და რომელსაც თანამედროვე მეცნიერები პირობითად წინარეისტორიულ ან სახელმწიფოებამდელ ხანას უწოდებენ.

სამწევროვანი პერიოდიზაციის აღიარებისთანავე არაერთი სირთულე იჩენს თავს. მაგალითად, ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ავიღოთ მიჯნად ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს შორის? ან რომელი ისტორიული მოვლენა თუ მოვლენები მივიჩნიოთ შუა საუკუნეების დასასრულად და მსოფლიო ისტორიის ახალი ხანის დასაწყისად? ვინაიდან ისტორიის ანტიკური პერიოდის ბოლო ოთხ საუკუნეზე მეტხანს ამ სამყაროს დიდ ნაწილს რომის იმპერია აერთიანებდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ანტიკური, ანუ ძველი ხანის დასასრული მსოფლიო ისტორიის სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ქალაქი რომის დაცემას დაუკავშირეს.

ამგვარად, პირველი თარიღი, რომელიც ისტორიის ძველ და შუა პერიოდებს შორის მიჯნად დასახელდა, გერმანელი ალარიხის მიერ ქ. რომის აღების თარიღი იყო — 410 წ.

მოგვიანებით ანტიკურობის დასასრულის თარიღმა ერთი საუკუნით გადაიწია — 313 წ. ეს თარიღი რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება. ეს უკვე ახალი ნიშნულის შემოტანას ნიშნავდა. ამავე ხანებში შუასაუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად 1453 წ. ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღი იქნა შეთავაზებული.

ორივე ეს თარიღი მსოფლიო ისტორიის უეჭველად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია. მართლაც, 313 წ. რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადება, ანტიკური სამყაროს ამ მოწინავე რეგიონში წარმართობის, როგორც ანტიკური პერიოდის იდეოლოგიის, დასასრულს მოასწავებდა. ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა როგორც ანტიკური, ანუ წარმართული საზოგადოების აზროვნების მოდელი, ისე მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი.

რაც შეეხება ათასწლოვანი ბიზანტიის დაცემას, ეს მოვლენა ქრისტიანულმა სამყარომ, მათ შორის, საქართველომაც უდიდეს ტრაგედიად აღიქვა. მით უფრო, რომ თურქ-ოსმანები საბოლოოდ გაბატონდნენ დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთთან (ინდოეთი, ჩინეთი) დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. ამან დასავლეთ ევროპას ახალი გზების ძიებისაკენ უბიძგა, რასაც შედეგად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოჰყვა.

მესამე თარიღი, რომელიც სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების მიჯნად დაასახელეს, გერმანული წარმოშობის რომაელი სარდლის ოდოაკრის მიერ რომის ბოლო იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების და რომის, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების საბოლოოდ შეწყვეტის წელია — 476 წ. დღეს ეს თარიღი აღნიშნული პერიოდიზაციის მომხრეთა შორის ყველაზე უფრო გაზიარებულია.

ბევრად უფრო რთული შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გამიჯვნა აღმოჩნდა, ვინაიდან კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ერთ-ერთი ზემოთ უკვე ნახსენები "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებია", რომელმაც დედამიწის შესახებ ახალ ცოდნას და კაცობრიობის გამთლიანებას დაუდო საფუძველი.

მსოფლიო ისტორიაში ეს იმდენად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია, რომ XVIII ს-იდან ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა ის შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ხანის დასაწყისად მიიჩნია.

ვინც ,,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს” შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად იღებს, ისტორიული პერიოდების გამიჯვნა-დახასიათებისათვის უპირატესობას პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელს ანიჭებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლად იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ მან საფუძველი დაუდო კოლონიალური იმპერიების შექმნას და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური სისტემის თანდათანობით ჩამოყალიბებას.

XVI ს-ის დასაწყისში (1517 წ.) ევროპაში დაიწყო რეფორმისტული მოძრაობა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის რეფორმას ისახავდა მიზნად. ეს შუასაუკუნეობრივი ევროპის სულიერი ცხოვრების საფუძვლის, კათოლიკური ეკლესიისათვის იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ ისტორიკოსთა ნაწილმა რეფორმაციის დასაწყისი შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად მიიჩნია.

როგორც ვხედავთ, ისტორიის ძველი, შუა და ახალი პერიოდების გამმიჯნავ თარიღებს შორის განსხვავება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ, რა მახასიათებლებს მივანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ჰუმანისტების მსგავსად, ძირითად მახასიათებლად კულტურას ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ სხვა თარიღებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, თუ მახასიათებლად რელიგია-იდეოლოგიას ავიღებთ — სხვას, თუ გეოგრაფიულ-ეკონომიკურ ფაქტორს (გეოგრაფიული აღმოჩენები, საზოგადოებაში დოვლათის დაგროვება და ა.შ.) — სხვას და თუ პოლიტიკურს (ქალაქის, ან ქვეყნის აღება-დანგრევა, ან პირიქით, აშენება-დაარსება, ქვეყნის გამთლიანება-დაშლა) — სხვას, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ერთად მივანიჭოთ უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი. ამას ძირითადი მახასიათებლის განსაზღვრა ჰქვია.

თუ ამ კუთხით ანტიკური ხანის სახელმწიფოებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ, მიუხედავად ანტიკური სახელმწიფოების გეოგრაფიულ-რეგიონალურ-ეთნიკური მრავალფეროვნებისა, რამაც, ბუნებრივია, პოლიტიკური წყობის განსხვავებული ვარიაციები მოგვცა, მაინც იკვეთება ის ძირეული საერთო ნიშნები, რომელიც მოჭარბებულად მხოლოდ ისტორიის ამ პერიოდის სოციალურეკონომიკურ სისტემას და კულტურას ახასიათებს და, რაც მას სხვა ისტორიული პერიოდებისაგან განასხვავებს.

ამის უკეთ გასაგებად, აუცილებელია კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდის მოკლე დახასიათება. მართლაც, რა წესები თუ კანონები განაპირობებდა ამ საზოგადოების ცხოვრებას? როგორი იყო მისი ტექნიკისა თუ ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების დონე? მისი ფილოსოფიური თუ რელიგიური წარმოდგენები?

ანტიკური ხანა კაცობრიობის ისტორიის ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებამ წინარეისტორიული, ანუ სახელმწიფოებამდელი მდგომარეობიდან ისტორიულ, ანუ სახელმწიფოებრივ ხანაში შეაბიჯა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა, რაც სახელმწიფოს შექმნაში გამოიხატა.

ანტიკურ საზოგადოებაში ადამიანები ორ დიდ კატეგორიად იყოფოდნენ: საზოგადოების წევრებად, ანუ თავისუფალ და საზოგადოების მიღმა მყოფ, არათავისუფალ ადამიანებად, ანუ მონებად. თავისუფლებიც უფლებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. სრულუფლებიან საზოგადოების წევრს მკვიდრი, მოქალაქე წარმოადგენდა. შეზღუდული უფლებების "თავისუფალს" არამკვიდრები და სხვადასხვა დროს მოსული ადამიანები ქმნიდნენ, რომლებიც, უმეტესად, ეთნიკურ-რელიგიურ თემებად ცხოვრობდნენ. ამ კატეგორიას განთავისუფლებული მონებიც ავსებდნენ.

კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდი, მისი მომდევნო შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით, მოქალაქეებს, ანუ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წოდებრივი ნიშნით არ ყოფდა. ბუნებრივია, ანტიკურ საზოგადოებაშიც, წარმომავლობა ადამიანებს შორის განსხვავებას ქმნიდა, მაგრამ ეს ძირითადად არა წოდებრივ პრივილეგიებში, არამედ წინაპრების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრესა და გავლენაში გამოიხატებოდა, ამიტომაც გამოჩენილი და სახელოვანი წინაპრები ანტიკური პერიოდის ადამიანისათვის უდიდესი სიამაყისა და თავმოწონების საგანი იყო. მან ზეპირად იცოდა თავისი წინაპრების ხანდახან ათეული თაობის წარმომადგენელთა სახელები და თითოეული მათგანის მიერ ჩადენილი გმირობისა და დიადი საქმეების შესახებ, დაწვრილებითა და სიამაყის გრძნობით აღვსილი, მოუთხრობდა ნაცნობებსა თუ უცნობებს.

სიმდიდრე-სიღარიბისა თუ თანამდებობრივ-იერარქიული კიბის სხვადასხვა საფეხურზე ყოფნის მიუხედავად, ანტიკური საზოგადოების მოქალაქეები კანონის წინაშე თანაბარნი იყვნენ. ამით ეს საზოგადოება საოცრად წააგავს თანამედროვეს, ოღონდ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებით — მას ახასიათებდა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების უდაბლესი დონე.

იმავდროულად, არათავისუფალი, ანუ მონა ანტიკური საზოგადოებისათვის ადამიანად არ განიხილებოდა, ის ანტიკური საზოგადოების მიღმა იდგა, მას არავითარი უფლებები არ ჰქონდა და კანონის მხოლოდ ობიექტი იყო. მონები ასრულებდნენ ყველა სახის სამუშაოს, რასაც მათ უბრძანებდნენ.

ანტიკური ცივილიზაციის წამყვან ქვეყნებში: ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში — პოლისებში და რომის სახელმწიფოში მონების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დოვლათის ძირითად მწარმოებლებადაც კი იქცნენ.

იმჟამად არსებული სოციალური ინსტიტუტებით, უფრო ზუსტად, მათი აღმნიშვნელი ტერმინებით თუ ვეცდებით მსოფლიო ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის სახელის შერქმევას, მას უფალ-მონობის ხანა შეიძლება ვუწოდოთ.

ანტიკური პერიოდი, ძირითადად, კაცობრიობის წარმართობის ხანა იყო, როდესაც ადამიანები მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ.

ისტორიის ანტიკური პერიოდი ქალაქური ცივილიზაციის ხანა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკური საზოგადოების ცხოვრების ცენტრი ქალაქი იყო, განვითარებული ხელოსნობით, ვაჭრობითა და ფულის მიმოქცევით.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ქალაქური ცხოვრებისა და ვაჭარ-ხელოსნობის განვითარების შედარებით მაღალი დონე, ეკონომიკის ბაზარზე ორიენტირებულობა, და განსაკუთრებით გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა, ისევე, როგორც ამის თანმდევი ფულის ინტენსიური ბრუნვა, არის ის უმთავრესი ნიშანი, რაც გამოარჩევს კაცობრიობის ისტორიის აღნიშნულ პერიოდს შემდგომი, შუა საუკუნეების ეპოქისაგან, განსაკუთრებით, შუა საუკენეების ადრეული ეტაპისაგან და რაც ანტიკურ სამყაროს კვლავაც თანამედროვე ეპოქას ამსგავსებს.

სხვადასხვა რეგიონებში, განსხვავებული პოლიტიკური წყობილების, თუ სხვა თავისებურების მიუხედავად, ანტიკური ქვეყნები ერთიან, შეკრულ სამყაროს ქმნიდნენ, რომელსაც მყარი პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აერთიანებდა.

ანტიკურ სახელმწიფოებს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნოლოგიური საფუძველი და რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები.

რამ განაპირობა ისტორიის ანტიკური პერიოდის დასასრული?

ზოგი ამას გარეშე ძალას უკავშირებს, რომელშიც ხალხთა დიდი გადასახლება იგულისხმება.

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: მართლაც განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ხალხების ამოძრავება გახდა მთავარი მიზეზი ძველი ცივილიზაციის დაღუპვის, თუ ეს მიზეზი უფრო ღრმად, თვით ამ საზოგადოების განვითარების თავისებურებებშია საძიებელი?

ახალი ხალხების ისტორიის ასპარეზზე გამოჩენამ ანტიკურ სამყაროს მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა. განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი, სახელმწიფოებრიობის ჯერ არმქონე ხალხების ამოძრავებამ და ამის შედეგად ძველი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში გამეფებულმა განუკითხაობამ, მსოფლიოს უმთავრეს სავაჭრო-საქარავნო გზებზე უსაფრთხოება მოშალა, რამაც ამ სავაჭრო გზებს კარგა ხნით მათი მნიშვნელობა დააკარგვინა. მსოფლიო ვაჭრობის მოშლამ ანტიკური სამყაროს ეკონომიკური უკანსვლის უკვე დაწყებული პროცესი უფრო დააჩქარა. ეკონომიკურ უკანსვლაში პირველ რიგში ვაჭრობის, ხელოსნობის და ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვნად შემცირება იგულისხმება, რასაც ანტიკური ქალაქების დაკნინება, სოფლებად გადაქცევა ან სულაც გაქრობა მოჰყვა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ანტიკური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, თვით ამ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ ანტიკური საზოგადოების დაქვეითება ახ. წ. III ს-დან დაიწყო, ხალხთა დიდი გადასახლება კი IV ს-დან. ასე რომ, ეს მოვლენა მხოლოდ დაქვეითების პროცესის დამაჩქარებლად და დამასრულებლად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მიზეზად. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა: ანტიკურ სამყაროში მოსახლეობისა და საზოგადოების მოთხოვნების ზრდა შეუსაბამობაში აღმოჩნდა იმჟამინდელი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან, რომლებიც, თავიანთი განვითარების ფრიად დაბალი დონის გამო, ამ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

რომის სახელმწიფოს შემოსავალი ვაჭრობიდან, წარმოებიდან და სოფლის მეურნეობიდან, ანუ ის გადასახადები, რასაც რომის მოქალაქეები თუ დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონები სახელმწიფოს უხდიდნენ, ვერ ფარავდა სახელმწიფოს სულ უფრო მზარდ ხარჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შემოსავლები. ტექნიკის დაბალი დონე, მონური შრომის, ანუ წარმოების გაუმჯობესების ინტერესის არმქონე მწარმოებლის ფონზე, წარმოების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზით, შემოსავლების გაზრდის საშუალებას არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების გაზრდის ორი გზა რჩებოდა: დაპყრობითი ომები ან მოსახლეობისათვის გადასახადების დამძიმება.

დაპყრობითი და, საერთოდ, ომები დიდ ხარჯებს და დიდ ადამიანურ რესურსებს მოითხოვდა. უნდა ითქვას, აგრეთვე, რომ რომის იმპერიამ ახ. წ. II საუკუნეში თავის მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. ახალი სამხედრო წარმატებები თვისობრივად ახალი ტიპის შეიარაღებას და ჯარს მოითხოვდა. ეს კი ანტიკური ცივილიზაციის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გადასახადების ზრდაც, რომელიც მეურნეობისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ სახელმწიფოს მხრივ თვითნებურად მოქალაქეებისაგან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად, მხოლოდ დროებით ეფექტს იძლეოდა. ასე უსაფუძვლოდ გაზრდილი გადასახადები ერთი-ორი წლით სახელმწიფო შემოსავალს კი ზრდიდა, მაგრამ მწარმოებელს აჩანაგებდა და შესაბამისად, მომავალში მისგან გადასახადის აკრეფას შეუძლებელს ხდიდა. ბუნებრივია, ყოველივე ეს მყისიერად არ მომხდარა, მაგრამ კრიზისი უკვე, როგორც აღვნიშნეთ, ახ. წ. III საუკუნეში დადგა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმპერიის ქალაქებში ვაჭრობა-ხელოსნობის თანდათანობით შემცირებასა და მოსახლეობის გაღარიბებაში გამოიხატა.

ასეთ ვითარებაში ქალაქის მოსახლეობამ თავის რჩენის მიზნით, ნელ-ნელა სოფელს მიაშურა, სადაც მსხვილი მიწათმფლობელების ლატიფუნდიებში — დიდ და ვრცელ მამულებში დასახლდა, მათ სამსახურში შევიდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.

ყოველივე ზემოთქმული, წარმოდგენას გვიქმნის ანტიკური ეკონომიკური წყობის ნგრევის მიზეზებზე, მაგრამ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, როდის დაიწყო შუა საუკუნეები, ზოგადად უნდა გავერკვეთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში, ანუ რა არის შუა საუკუნეების, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მონაკვეთის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები.

ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც ძველი მსოფლიო მოიცვა, არსებული ანტიკური სოციალურეკონომიკური სისტემა თანდათანობით ახალი, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემით შეცვალა. მართლაც ძველი, ანტიკური იმპერიების განადგურებამ და უზარმაზარ სივრცეზე ბარბაროსული სახელმწიფოების წარმოქმნა-გაბატონებამ, არა მარტო მკვეთრად დასცა კულტურისა და ცოდნის დონე, არამედ ჯერ კიდევ ანტიკურ იმპერიებში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქალაქების დაკნინებასა და ფულის მიმოქცევის შემცირებაში გამოიხატა, საყოველთაო და შეუქცევადი გახადა. თუ ანტიკური იმპერიები ორ ეკონომიკურ ბოძს — სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობას ეყრდნობოდნენ, შეიძლება ითქვას, ერთი ბოძი ჩამოიქცა. ფულის სიმცირემ და ქალაქში თავის შენახვის შეუძლებლობამ, ქალაქის მოსახლეობას მასიურად სოფლისაკენ უბიძგა.

ამგვარად, თუ ანტიკური ცივილიზაციის ეკონომიკური ცენტრი ქალაქი იყო, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე, ეკონომიკური ცხოვრების მთავარი საყრდენი სოფელი გახდა. ხოლო რომაელ არისტოკრატთა ლატიფუნდიები, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, საბაზროდ, ანუ გასაყიდად მოჰყავდათ და ამით ამერიკაში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მონის შრომაზე დამყარებულ პლანტაციებს მოგვაგონებდნენ, შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში თანდათანობით თვითკმარ, კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობებად გარდაიქმნენ.

რას ვგულისხმობთ გამოთქმაში: ნატურალური მეურნეობა?

ნატურალური მეურნეობა ბაზარსა და ყიდვაგაყიდვაზე ნაკლებად ორიენტირებული მეურნეობაა. მისი უმთავრესი მიზანი მიწის მუშაკისა და მიწის მეპატრონის გამოკვებაა. ასეთი მეურნეობა, ზოგადად, განუვითარებელ, ბარბაროსულ საზოგადოებებს ახასიათებთ, როგორიც იყვნენ კიდეც ისტორიის ასპარეზზე გამოსული ახალი ხალხები.

ასეთივე მეურნეობა შეიძლება მეტ-ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებაშიც წარმოიშვას, მანამდე არსებული საბაზრო ურთიერთობების მძიმე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ნგრევის გამო, რასაც, როგორც ზემოთ შევეცადეთ გვეჩვენებინა, ადგილი ჰქონდა ჩვენ მიერ მაგალითად აღებულ რომის ანტიკურ იმპერიაში.

ეკონომიკური ცხოვრების უკანსვლისა და ნგრევის მასშტაბებს მით უკეთ გავიაზრებთ, თუ დავაკვირდებით, რომ ანტიკურობისა და შუა საუკუნეების გასაყარზე ზემოთ განხილული ორივე შემთხვევის თანხვედრა მოხდა.

ვინაიდან ფული საზოგადოებაში ფრიად მცირე იყო და მისი შოვნა წარჩინებულებსაც კი უჭირდათ, ამიტომ ადამიანები აღებ-მიცემობას უმრავლეს შემთხვევაში პროდუქტის პროდუქტზე გაცვლით, ანუ ნატურით აწარმოებდნენ. მაგალითად, ხელოსანი გლეხს უმზადებდა მისთვის საჭირო იარაღს, ვთქვათ — თოხს, მისგან კი, ფულის ნაცვლად, თოხის დამზადების საფასურს ხორბლით, ან სხვა პროდუქტით იღებდა, თანაც იმ რაოდენობით, რაზედაც წინასწარ ჰქონდათ შეთანხმება.

ადრეშუასაუკუნეები ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში სწორედ ნატურალური მეურნეობის გაბატონებით დაიწყო. ნატურალური მეურნეობის ხასიათიდან და მიზნებიდან მისი კარჩაკეტილობა და თვითკმარობა თავისთავად გამომდინარეობს.

ბუნებრივია, კარჩაკეტილია ეკონომიკა, რომელიც ბაზარზე და, შესაბამისად, გარე სამყაროზე ნაკლებადაა ორიენტირებული. მართლაც, ხშირი შემოსევებისა და რბევა აწიოკების კვალდაკვალ დიდი მამულები გამაგრებულ ჯუჯა სახელმწიფოებს დაემსგავსნენ საკუთარი ლაშქრითა და მმართველობით. მსხვილი მემამულეების სასახლეები და რომაული ტიპის ვილები კი ციხე-დარბაზებად იქცნენ. თითოეული მამული, ძირითადად, თვითონ აწარმოებდა ცხოვრებისათვის საჭირო პროდუქტებს თუ ნივთებს, ამიტომ ქვეყნის სხვა მხარეებზე ნაკლებად იყო დამოკიდებული. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც მეურნეობის თვითკმარობაზე ვსაუბრობთ.

ბარბაროსთა შემოსევებმა ამგვარ სისტემას, რომის იმპერიის საზღვრებში, სახე ძირითადად იმით უცვალა, რომ ძველი რომაული არისტოკრატიის ნაცვლად ახლა გერმანელ ტომთა ბელადები და მეომრები აქცია მმართველ კლასად და მსხვილი მამულების ბატონ-პატრონად. ასეთ მამულებში ახალი წარჩინებულები თავიანთი დიდი ოჯახებითა და მთელი სახლეულით: მსახურებით, მოლაშქრეებით და ა.შ. სახლდებოდნენ.

სახლეულის ერთიან აღმნიშვნელ ძველ ქართულ ტერმინად ტაძრეული იქცა, რაც ბატონის, მთავრის, მეფის სასახლეში მცხოვრებს, ბატონის მოლაშქრე-მხლებელს აღნიშნავდა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია რუსული ტერმინი დვორიანე, რომელიც თავდაპირველად "დვორ"-ში, ანუ ეზო-სასახლეში მცხოვრებს გულისხმობდა, შემდგომ კი, ზოგადად, ფეოდალური კლასის, ანუ თავადაზნაურობის აღმნიშვნელი გახდა.

მართლაც, ფულის მიმოქცევის შემცირების ფონზე ხელისუფლებისათვის (მთავარი, მეფე და ა.შ.) ძნელი ხდებოდა ტაძრეულისათვის — სამოხელეო აპარატისა და ლაშქრისათვის — ხელფასის გაცემა, რის გამოც, ხელფასის ნაცვლად მათ გამოსაკვებად დროებით სარგებლობაში მიწას: სოფელს ან სოფლებს აძლევდა.

მიწით დაჯილდოებული პირი თავის სამფლობელოში მთელი თავისი ოჯახითა და მსახურებით სახლდებოდა, ხოლო იქ მის მისვლამდე მცხოვრები მიწის მუშაკი ახლად მოვლენილი მიწის მესაკუთრის განკარგულებაში გადადიოდა. ამის შემდეგ მიწის მუშაკისა და მიწის მესაკუთრის ურთიერთობა შემდეგნაირად ეწყობოდა: მიწის მუშაკი მესაკუთრის მიწით სარგებლობის გამო ვალდებული იყო საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის ნაწილი მესაკუთრისათვის ეწილადა, ანუ ისიც ერჩინა.

თავდაპირველად, ევროპასა და საქართველოში ფეოდალებს სამსახურის პირობით მიცემული მიწები დროებით სარგებლობაში ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, სამეფო ხელისუფლების შესუსტებისა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ გაქრობის შედეგად — მემკვიდრეობით მფლობელობაში დარჩათ.

ასე ჩაეყარა საფუძველი დასავლეთ ევროპაში ფეოდალურ სისტემას. სახელწოდება ლათინური სიტყვა "ფეოდიდან" მოდის. ასე, მემკვიდრეობით გადაცემის უფლებამინიჭებულ ბენეფიციუმს უწოდებდნენ. ფეოდიდან ტერმინი ფეოდალიზმი შეიქმნა, რაც ზოგადად შუა საუკუნეების ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი სოციალურ-ეკონომიკური სისტემების აღსანიშნავადაც გამოიყენება.

ფეოდალური საზოგადოება წოდებრივი საზოგადოება იყო. ის, რეგიონალური თავისებურებებისდა მიუხედავად, ყველგან რამდენიმე სოციალურ წოდებად იყოფოდა და ყოველ წოდებას გამოკვეთილი უფლება-მოვალეობები ჰქონდა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით ან ადათჩვევებით იყო განმტკიცებული. საკუთრივ ფეოდალები, როგორც სამხედრო-სამოხელეო ფენა, ქვეყნის მართვას და კანონიერების დაცვას უზრუნველყოფდნენ, სამღვდელოება საზოგადოების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, გლეხობა კი ამ ორ მაღალ წოდებას ემსახურებოდა. ძველი ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, არისტოკრატია ხმალს იქნევდა, სამღვდელოება ლოცულობდა, გლეხობა კი მათ გამოსაკვებად ოფლს ღვრიდა.

ნიშანდობლივია, რომ ამ გამონათქვამში ქალაქის მოსახლეობა საერთოდ არ იხსენიება, ვინაიდან ფეოდალური ეპოქის გარიჟრაჟზე ქალაქის მოსახლეობა, ანუ ვაჭარ-ხელოსნობა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს ასრულებდა.

შუა საუკუნეების მიწის მუშაკი — გლეხი, თავდაპირველად, თავისუფალი ადამიანი იყო და ფეოდალისაგან სხვაგან წასვლა შეეძლო. მისი მოვალეობებიც — ბეგარაგადასახადი, თუ მემამულის ყანაში გაწეული სამუშაო, იმ მიწით სარგებლობით იყო განპირობებული, რომლის უზენაეს მესაკუთრედ მემამულე მიიჩნეოდა.

ბუნებრივია, გლეხს სხვაგან წასვლისა და მემამულის მიწის მიტოვების შემთხვევაში, მიწის მეპატრონის მიმართ მოვალეობებიც ეხსნებოდა. მოგვიანებით, მუშახელისა და მიწის მუშაკის მიერ შესატანი ბეგარა-გადასახადების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ფეოდალებმა გლეხების ერთი ბატონისაგან მეორესთან, თუ საერთოდ სხვაგან (მაგალითად, ქალაქში) წასვლა, შეზღუდეს. ასეთ შეზღუდვებს მეფეები დროდადრო კანონის სახეს აძლევდნენ. საბოლოოდ გლეხს ბატონისაგან წასვლა აეკრძალა, გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ძებნა დაწესდა. ამას მიწის მუშაკის დაყმევება ჰქვია.

სხვადასხვა რეგიონებში თუ ქვეყნებში გაქცეული გლეხის ძებნისა და უკან დაბრუნების სხვადასხვა ვადები არსებობდა. რუსეთში გლეხს გაქცევის შემთხვევაში მუდმივად ეძებდნენ და მის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ძველ პატრონს უბრუნებდნენ. საქართველოში გლეხს ყველაზე უმეტეს ოცდაათი წელი ეძებდნენ.

გლეხის, ანუ ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევებით, შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ანტიკური ხანისაგან, სადაც მკვიდრი მიწის მუშაკი, თავისუფალი მოქალაქე იყო. რაც შეეხება მონას, ის როგორც გვახსოვს, ანტიკურ სამყაროში არა თუ მოქალაქედ, არამედ ადამიანადაც არ მოიაზრებოდა. ამ ნიშნით შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ახალი ისტორიისაგანაც, როდესაც მიწის მუშაკი კვლავ ყმობისაგან განთავისუფლებული ფერმერი ხდება.

გლეხის დაყმევებისა და იძულების ფორმები ყველგან ერთგვაროვანი არ იყო და ეს განსხვავება მხოლოდ გაქცეული გლეხის ძებნის ვადებით როდი ამოიწურებოდა.

ქართველი გლეხი, ევროპელი მიწის მუშაკის მსგავსად, საგლეხო მამულს — ფუძეს იყო მიმაგრებული, რომელიც მას მუდმივ მემკვიდრეობით მფლობელობაში წასვლისა და გაყიდვის უფლების გარეშე ჰქონდა. მიწის უზენაეს პატრონად ფეოდალი განიხილებოდა, მაგრამ გლეხი, შეიძლება ითქვას, მუდმივი მოიჯარე იყო. გლეხის გაყიდვა-გასხვისება მხოლოდ მის მთლიან სამეურნეო ერთეულთან — მამულთან ერთად იყო შესაძლებელი. ასე რომ, გაყიდვის შემთხვევაში გლეხი უბრალოდ პატრონს იცვლიდა და ახალი პატრონის მიმართ ძველი ბეგარასამსახურის შესრულებას აგრძელებდა. რაც შეეხება მის მიწამეურნეობას — ის კვლავ მის მემკვიდრეობით მფლობელობაში რჩებოდა. გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას საქართველოში კანონი კრძალავდა. იგივე წესით ხდებოდა ყმა გლეხის გაჩუქება, მზითვში მიცემა.

გლეხის დაყმევების უფრო მსუბუქი ფორმა მუსლიმურ ქვეყნებში შემუშავდა, სადაც, მაგალითად, ოსმალეთში გლეხი — რაია გადასახადს იყო მიმაგრებული და არა მიწას. შესაბამისად, მას სხვაგან წასვლა არ ეზღუდებოდა. გადასახადი რაიას — გლეხს მეპატრონისათვის უნდა გადაეხადა, ოღონდ ამას სოფელში ყოფნით მოახერხებდა თუ სხვაგან წასვლით, მისი საქმე იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაფანტულ და გაქცეულ რაიებს — გლეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეძებდნენ და პოვნის შემთხვევაში მათ კვლავაც უკან, სოფელში აბრუნებდნენ. ყველაზე უფრო მძიმე, თითქმის მონის მსგავს მდგომარეობაში რუსი გლეხი "კრესტიანინი" იმყოფებოდა. ის უშუალოდ არა მამულს, არამედ ბატონს და საცხოვრებელ ადგილს — თემს იყო მიმაგრებული.

გადასახადიც რუსეთში გლეხს და მის მამულს კი არა, თემს ჰქონდა შეწერილი. მაგალითად, თუ თემში ათი გლეხი ცხოვრობდა და თემის გადასახადი 10 რუბლი იყო, შესაბამისად, თითოეულ გლეხზე 1 რუბლი მოდიოდა. მაგრამ გლეხის გაქცევის შემთხვევაშიც თემის გადასახადი კვლავ 10 რუბლი რჩებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლა თითოეულ გლეხზე უკვე 1,11 რუბლი მოვიდოდა. ამიტომ თანამეთემეები ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, რომ შემთხვევით ვინმე არ გაქცეულიყო. ყველაზე მძიმე რუსი კრესტიანინის მდგომარეობაში, რაც მას უფლებრივად ანტიკური პერიოდის მონასთან აახლოვებდა, მიწის ნაკვეთზე მუდმივი მფლობელობის უფლების არქონა იყო. მართლაც, მიწის ნაკვეთი "კრესტიანინს" მუდმივ სარგებლობაში როდი ჰქონდა. თემი სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ მიწების ხელახალ გადანაწილებას ახდენდა და ერთი გლეხის მინდორი ახლა მეორის ხელში გადადიოდა. ამიტომ გლეხის გაყიდვის შემთხვევაში მებატონე მას, ბუნებრივია, მიწისა და მამულის გარეშე ჰყიდდა. ასე რომ, გლეხის ოჯახის დანგრევა და ცოლ-ქმრის ან შვილებისა და მშობლების ცალ-ცალკე გაყიდვა ჩვეულებრივი რამ იყო. ახალ მებატონეს ნაყიდი გლეხი საკუთარ მამულში მიჰყავდა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის სულ სხვა ბოლოში ყოფილიყო და გაყიდულ გლეხს თავის სიცოცხლეში ცოლ-შვილი ვეღარც ენახა.

საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობაც ფეოდალური ურთიერთობის საფუძველზე გაფორმდა. ეკლესია-მონასტრები მრავალ სოფელს და მამულს ფლობდნენ, რომლებიც მათ, ძირითადად, მეფე-მთავართაგან შეწირულობის გზით ჰქონდათ მიღებული.

ხშირად მთავრები ბერებს სამონასტროდ ისეთ მიწებს უბოძებდნენ, რომელზედაც ჯერ კიდევ თავისუფალი მიწის მუშაკი სახლობდა. მონასტრის აგების შემდეგ ასეთი მიწის მუშაკი მონასტრის ყმა-გლეხად იქცეოდა. ეკლესია-მონასტრებისათვის მთელი სოფლების იქ მცხოვრები ყმა-გლეხებით შეწირვაც ხომ ფეოდალური საზოგადოების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო. მართლაც, სოფლებსა და გლეხებს ფეოდალები სწირავდნენ სულის მოსახსენებლად, პარაკლისის გადასახდელად და ა. შ.

ასე თანდათან წარმოიქმნა საზოგადოება, რომლის ქვაკუთხედს მსხვილი მიწათმფლობელი და მასზე დაქვემდებარებული, მიწის ნაკვეთს, პატრონს ან გადასახადს მიმაგრებული, არათავისუფალი წვრილი მიწათმოქმედი წარმოადგენდა.

ვინაიდან ფეოდალური საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სამსახურის პრინციპზე იყო მოწყობილი, ამიტომ მისი ცხოვრების წესი ხშირი ომიანობა, თავდასხმები, ურთიერთქიშპი იყო. ასეთ ვითარებაში მცირე მამულის მფლობელი აზნაურები მთავრებში დამცველ ძალას ხედავდნენ და მათ მფარველობაში შედიოდნენ. მფარველობაში შესვლა მფარველის მიერ მიწის წყალობასაც გულისხმობდა. მფარველს ევროპაში სენიორი, სიუზერენი, ქართულად კი უფალი, პატრონი, მოგვიანებით — ბატონი ეწოდებოდა. მფარველობაში შესულს ევროპაში ვასალი, საქართველოში კი ყმა ერქვა. ასეთ ყმას, როგორც წესი, თვითონაც ჰყავდა საკუთარი ყმები — მსახურები, რომლებისთვისაც ის, თავის მხრივ, უფალი-პატრონი იყო. ამიტომ კლასიკური გაგებით ფეოდალური საზოგადოება იერარქიული კიბის პრინციპზე იყო აგებული.

ამ კიბის სათავეში მეფე იდგა, მის ქვემოთ მთავრები, ანუ ჰერცოგები, უფრო ქვემოთ გრაფები, საქართელოში დიდებული აზნაურები, ხოლო XV ს-დან თავადები; კიდევ უფრო ქვემოთ ბარონები, და რაინდები; საქართველოში — აზნაურები და მსახურები იყვნენ.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, ევროპაში და, მათ შორის, საქართველოშიც, რომელიც შუა საუკუნეებში სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურის თვალსაზრისით, ტიპოლოგიურად ყველაზე დიდ სიახლოვეს სწორედ დასავლეთ ევროპასთან ავლენს, თვით ფეოდალური საზოგადოება თავის შიგნით კიდევ წოდებებად იყოფოდა.

სოციალური კიბის ცალკეულ საფეხურზე მდგომ პირს თავისი სიუზერენი და, იმავდროულად, ვასალი ჰყავდა.

ყველა წოდებას თავისი პრივილეგია ჰქონდა, რაც სამართლით იყო დაკანონებული. ამ წოდებების თითოეული წარმომადგენლის მოკვლის თუ ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში დაწესებული სასჯელი ძალზედ განსხვავებული იყო. საზოგადოების ასეთი დანაწილება, უპირველეს ყოვლისა, კანონთა კრებულებში — სამართლის წიგნებში და სასჯელის განსხვავებულ ნორმაში — სისხლის ფასში იყო ასახული. ევროპულ სამართალში მას ვერგელდი ეწოდებოდა.

ხშირად ფეოდალურ საზოგადოებად მხოლოდ შუა საუკუნეების ისეთ საზოგადოებებსა და რეგიონებს მიიჩნევენ, სადაც სწორედ ასეთი მრავალსაფეხურიანი ვასალური სტრუქტურა ჩამოყალიბდა.

თუმცა შუა საუკუნეების მთავარი თავისებურება ანტიკურ ხანასთან შედარებით ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი ეკონომიკაა, რაც შეეხება ვასალურ-სენიორალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ეს ამ ტიპის ეკონომიკის ერთ-ერთ, მაგრამ სრულებით არასავალდებულო პირობად უნდა მივიჩნიოთ.

ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არ წარმოქმნილა და მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების თავისებურებად დარჩა. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთიან პრივილეგირებულ წოდებად ჩამოყალიბდა. მსოფლიო ისტორიამ ისეთი ქვეყნებიც იცის, მაგალითად, რუსეთი, სადაც, თავდაპირველად, ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა წარმოიშვა, მაგრამ შემდგომ მან ამ სახით არსებობა შეწყვიტა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთ წოდებად გაფორმდა.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ანტიკური პერიოდის არ იყოს, შუა საუკუნეებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდებოდა.

სქემატურად ეს ტიპოლოგიური განსხვავებები შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: მიწა-მამულის ფლობის, ძირითადად კერძო საკუთრებაზე დამყარებული სისტემები და შერეული სისტემები.

მიწა-მამულის ფლობის კერძო სისტემა ქვეყნის მმართველი სამხედრო არისტოკრატიის მიერ მამულის კერძო საკუთრებაში ქონას გულისხმობს, მისი თითქმის სრული განკარგვის, გაყიდვის, გაჩუქების და სხვ. ჩათვლით. ასეთი სისტემა ძირითადად ევროპაში და საქართველოში განვითარდა. ესაა კლასიკური გაგებით ფეოდალური სისტემა.

შუა საუკუნეების ამ ვერსიის საფუძველი, როგორც ჩანს, ფეოდალური ურთიერთობების განვითარების ადრეულ საფეხურზე მეფის თუ მთავრის ხელისუფლების დასუსტებასა და, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, საფრანგეთში, საქართველოში) ფაქტობრივ გაქრობაშია საძიებელი. მიწის ფლობის სახელმწიფო საკუთრებაზე დამყარებულ სისტემას, ვინაიდან ის მნიშვნელოვანწილად აღმოსავლეთში განვითარდა, აღმოსავლური შუა საუკუნეები შეიძლება ვუწოდოთ.

აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურება ისაა, რომ აქ, ლენის — ბენეფიციუმის (იგივე იკტის) ევროპის მსგავსად გარდაქმნა ფეოდად და შემდგომ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულად, შეფერხდა. მაგალითად, ოსმალთა იმპერიაში გარკვეული პერიოდიდან ზიამეთის და თიმარის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება კი მიიღეს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები იყო. მაგალითად, მამული მამიდან შვილზე გადაიცემოდა, შვილიშვილზე კი არა. თანაც მამიდან შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც სულთნის მხრივ, თუმცა, ფორმალური, მაგრამ მაინც თანხმობა იყო საჭირო სამხედრო არისტოკრატიას მამულების გაყიდვა და გასხვისებაც ეკრძალებოდა.

ევროპული შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურების საფუძველი, ალბათ, იმაშია საძიებელი, რომ აქ, აზიის უზარმაზარ კონტინენტზე მესაქონლე-მომთაბარეთა მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლის პროცესი დროში ფრიად გაწელილად და მიწათმოქმედი რეგიონებისთვის ფრიად მტკივნეულად მიმდინარეობდა. ერთი მომთაბარე ხალხი დამკვიდრებას და მამულების დასაკუთრებას ვერ ასწრებდა, რომ მას მეორე ცვლიდა. ასე რომ, ძველი სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანწილად ამოწყვეტა და ახლის, მოსულის მიერ მიწის პერიოდული გადანაწილება მიწის კერძო ფეოდალური მფლობელობის განვითარებას ხელს, ბუნებრივია, არ უწყობდა. მიწის ყოველი გადანაწილების შემდეგ, მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა. სახელმწიფო მიწები კი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე სახელმწიფოს მიერ სამოხელეო სამსახურის შესრულებისა და მოლაშქრეობის სანაცვლოდ გაიცემოდა, ამიტომ მიწის მფლობელობის ამ აღმოსავლურ სისტემას აღმოსავლურ, სამოხელეო ან კიდევ სახელმწიფო ფეოდალიზმსაც ეძახიან.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური შუა საუკუნეებისთვისაც უცხო როდი იყო მიწა-მამულზე კერძო საკუთრება. თვით ოსმალთა იმპერიაში ოჯახკლიკებად, ანუ სრული კერძო საკუთრების უფლებით არაერთი მამული იყო გაცემული, ვაკუფებიც — მუსლიმური სასულიერო წოდებისა და მუსლიმური ტაძრების — მეჩეთების მამულებიც სასულიერო წოდების უპირობო კერძო საკუთრებაში იყო.

გარდა ამისა, აზიის უკიდურეს აღმოსავლეთშიც — იაპონიაში მიწა-მამულის, ძირითადად, კერძო საკუთრებაზე დამყარებული, ევროპული ფეოდალური სისტემის მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური წყობა განვითარდა. იაპონია ხომ კუნძული იყო და მომთაბარე დამპყრობლების შემოსევებისაგან მნიშვნელოვნად დაცული. ამიტომ იქ, დანარჩენი აზიისაგან განსხვავებით, მიწების ხშირ გადანაწილებას არ ჰქონია ადგილი.

მესამე, შერეული სისტემის მაგალითად რუსეთი შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც კარგა ხანი ეს ორი სისტემა ერთგვარად თანაარსებობდა. მართლაც, ვოტჩინების, ანუ კერძო საკუთრებაში მყოფი მამულების გვერდით, რუსეთში მიწების დიდი ნაწილი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე პომესტიებად იყო გაცემული.

პომესტიები მემამულე-მფლობელთა კერძო საკუთრებად არ მიიჩნეოდა. მათი გათანაბრება ვოტჩინებთან ანუ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულებთან საბოლოოდ მხოლოდ XVIII ს-ის მეორე ნახევარში მოხდა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეიძლება ჩამოვთვალოთ შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები: ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარი ხასიათი და ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებულობა; ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევება, ანუ მისთვის პირადი თავისუფლების შეზღუდვა; საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურა, როდესაც ერთ წოდებას, თუ ფენას კანონით, ან პრაქტიკით განმტკიცებული ადათით, მეორესთან შედარებით მეტი ან ნაკლები უფლებები და პრივილეგიები აქვს. ყველა ამ მახასიათებელს ერთდროულად არ უჩენია თავი. უპირველესი და მთავარი, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, ბაზარზე ორიენტირებული ანტიკური ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარ ეკონომიკად გარდაქმნა და ქალაქიდან ცხოვრების ეკონომიკური ცენტრის პროვინციასა და სოფელში გადანაცვლება გახდა.

ასე რომ, 476 წელი, ანუ გერმანელი ოდოაკრის მიერ დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორის გადაყენების თარიღი, ისტორიის ძველი, ანუ ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების გასაყარზე, რომის იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე ეკონომიკური ცხოვრების წესში მიმდინარე საუკუნეებზე გაწელილი თვისობრივი ცვლილების გამოხატვის სიმბოლურ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ.

შუა საუკუნეებს ძირითადად სამ: ადრე, განვითარებულ და გვიან პერიოდებად ყოფენ. თუმცა ამ პერიოდების დაწყება-დასრულების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონები დიდ განსხვავებას გვიჩვენებენ.

ადრეშუასაუკუნეებად VI-IX სს-ებს მიიჩნევენ. ეს, ძირითადად მიწის მუშაკის დაყმევებისა და საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების ხანაა. განვითარებულ შუა საუკუნეებად მსოფლიოს მოწინავე რეგიონებისათვის X-XIII სს. განიხილება, როდესაც ფეოდალური შუა საუკუნეები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, თავისი გაფურჩქვნისა და აყვავების მწვერვალს აღწევს. ხოლო XIV ს-დან კი შუა საუკუნეების გვიან ეტაპს გამოყოფენ, როდესაც ახალი ისტორიისათვის დამახასიათებელი კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობების ჩანასახები იწყებს განვითარებას.

შუა საუკუნეების დასასრულისა და ახალი ისტორიის დასაწყისი თარიღის დადგენა, არანაკლებად რთულია. მართლაც, რითი განსხვავდება ისტორიის ახალი პერიოდი, შუა საუკუნეებისაგან და რა მოვლენებმა განაპირობა შუა საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და წარმოების წესის დასასრული?

როგორც უკვე ვნახეთ, შუა საუკუნეები ნატურალური, თვითკმარი მეურნეობის საფუძველზე წარმოიშვა და, ბუნებრივია, ამ ტიპის ეკონომიკის კრიზისმავე იმსხვერპლა. ახალი ისტორია ქალაქების ზრდაზე, ფულის მიმოქცევისა და ვაჭრობის მკვეთრად გაძლიერებაზე, ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის წარმოქმნაზე აღმოცენდა. ამით ის შუა საუკუნეების საპირისპირო და იმავდროულად, ერთი შეხედვით, ანტიკური ეპოქის მსგავსია, თუმცა ტექნიკის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებით ანტიკურ ხანას ძალზე აღემატება.

შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, მანუფაქტურული წარმოების აღმოცენება იგულისხმება. მანუფაქტურა, როგორც საწარმო, შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განვითარდა და ასევე ხელით შრომას ეფუძნებოდა, თუმცა შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განსხვავებით, ბევრად მეტ მუშახელს იყენებდა. მანუფაქტურის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ნაწარმს თავიდან ბოლომდე ერთი პირი კი არ ამზადებდა, როგორც ეს შუა საუკუნეების სახელოსნოსათვის იყო ძირითადად დამახასიათებელი, არამედ ეს პროცესი მუშებს შორის დანაწილებული იყო. თანამედროვე ტერმინოლოგიით, მანუფაქტურა ხელით შრომაზე დაფუძნებული კონვეირული ხაზი იყო, რამაც საზოგადოებას, ისტორიაში პირველად, საშუალება მისცა ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო მეტი პროდუქცია დაემზადებინა. მანუფაქტურებში ძირითადად თავისუფალი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც გაწეულ შრომაში ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

თანდათანობით ევროპის საზოგადოებაში "ახალი მდიდრები" მომრავლდნენ, რომლებიც თავიანთი წარმოშობით ფეოდალთა პრივილეგირებულ წოდებას არ მიეკუთვნებოდნენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეების, იგივე ვაჭარ-ხელოსნების და ზოგჯერ თავისუფლებანაყიდი გლეხების წრიდან გამოდიოდნენ. ქალაქს ფრანგულად — ბურჟი ერქვა, ამიტომ საზოგადოების ამ გამდიდრებულ, მაგრამ ფეოდალური წოდებებისა და პრივილეგიების არმქონე ფენის უნივერსალურ სახელწოდებად ბურჟუაზია იქცა. ბუნებრივია, ბურჟუაზია იმთავითვე წოდებების მოწინააღმდეგე და კანონის წინაშე ადამიანთა გათანაბრების მოსურნე იყო. გამდიდრებულ ბურჟუაზიას უფლებებში ძველ არისტოკრატიასთან გათანაბრება სურდა, ამისათვის კი წოდებების გაუქმება იყო საჭირო. ახალ ეპოქაში, ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფულზე, უფრო ზუსტად, ძვირფას ლითონებზე — ოქროსა და ვერცხლზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა.

მეტი ფულის ძიება მეწარმეს წარმოების გაზრდისაკენ უბიძგებდა, ამისათვის კი მეტი მუშახელი და ნედლეული იყო საჭირო. მუშახელისადმი მოთხოვნას ბატონყმური ქვეყანა, მიწას მიმაგრებული გლეხით, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფდა. ამან ევროპის მოწინავე ქვეყნებს გლეხების ბატონყმობისაგან განთავისუფლებისაკენ უბიძგა. ეს კი ფეოდალური შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმოების წესს საფუძველს აცლიდა და ისტორიის ახალი პერიოდისათვის დამახასიათებელ ფულადსასაქონლო ურთიერთობებზე და თავისუფალ მუშახელზე დამყარებულ სოციალურ-ეკონომიკურ წყობას ამკვიდრებდა.

წარმოების ახალი წესის შემოქმედები იყვნენ: ერთი მხრივ, წარმოებისათვის საჭირო ფულისა და ზოგადად წარმოების საშუალებების, ანუ კაპიტალის მფლობელი პირი, რომლის სახელად მოგვიანებით კაპიტალისტი (კაპიტალის მქონე) დამკვიდრდა და, მეორე მხრივ, თავისუფალი მწარმოებელი — მუშა, რომელიც წარმოების საშუალების არქონის გამო, თვისი თავის და ოჯახის სარჩენად, იძულებული იყო, კაპიტალისტს მიქირავებოდა და მის საწარმოში ხელფასისათვის ემუშავა.

ანტიკური და ფეოდალურ-შუასაუკუნეებრივი წესისაგან განსხვავებით, წარმოების ამ ახალ წესს კაპიტალისტური ეწოდება. წარმოების კაპიტალისტურმა წესმა თანდათანობით მთლიანად შეცვალა შუასაუკუნეობრივი ადამიანის ცხოვრება და აზროვნება.

ნედლეულის მოცულობის თვისობრივი გაზრდა მხოლოდ ნედლეულის ახალი წყაროების ხელში ჩაგდებით შეიძლებოდა. შორეული ქვეყნების ათვისების სურვილის რეალობად ქცევას კი ახალი სანაოსნო ტექნიკა უზრუნველყოფდა, რომელიც შორეული ზღვაოსნობის შესაძლებლობას იძლეოდა. ამას უკვე ზემოთ ნახსენები დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაემთხვა, რომელიც თურქ-ოსმანთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზების თურქ-ოსმალთა კონტროლქვეშ მოქცევაზე არანაკლებ, დასავლეთ ევროპის საზოგადოების ნედლეულზე მზარდმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ასე რომ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, როგორც მოვლენა ისტორიის ახალი პერიოდის დადგომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი.

ბურჟუაზია, თავიდანვე, შრომისმოყვარეობით, მომჭირნე, სადა და მოზომილი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მისთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელი იყო ფეოდალური საზოგადოების მფლანგველობა. კათოლიკური ეკლესიის წოდებრიობაზე დამყარებული იერარქია, გადამეტებული ფუფუნება და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულები, რომელიც ბურჟუაზიის თვალში დიდი ნაკლით გამოირჩეოდა — მის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს სამუშაო პროცესიდან წყვეტდა. ამან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპაში კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მომხრეთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. 1517 წელს გერმანელმა თეოლოგმა მარტინ ლუთერმა თავისი ცნობილი თეზისები გამოაქვეყნა. ლუთერის მიმდევრები პროტესტს უცხადებდნენ კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ მოწყობას და მოითხოვდნენ საეკლესიო მღვდელ-მსახურების გამარტივებას. ამიტომ ამ მოძრაობას პროტესტანტიზმი, იგივე რეფორმაცია ეწოდა.

ყოველივე ზემოთქმულს თუ დავაჯამებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეოდალური შუა საუკუნეების კვდომა და ისტორიის ახალი პერიოდის დაბადება, ისევე როგორც წინაისტორიული ეპოქების შენაცვლება, დროში გაწელილი პროცესი იყო. შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში გადასვლა მანუფაქტურების წარმოქმნასთან ერთად, უკვე XIII ს-ში დაიწყო და თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ახალი მიწების აღმოჩენამ და დედამიწის გამთლიანებამ ისევე, როგორც დედამიწის მანამდე იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხების მსოფლიო ისტორიის ფერხულში ჩაბმამ, უკვე მიმდინარე ისტორიულ პროცესს დამატებითი მუხტი შესძინა.

რაც შეეხება რეფორმაციას, ის პირველი, ბურჟუაზიული სულისკვეთებით გამსჭვალული მოძრაობა იყო, რომელიც ახალი ისტორიის მამოძრავებელი სოციალური ფენის, ბურჟუაზიის მისწრაფებებს გამოხატავდა. ამდენად, უფრო სწორი იქნება, თუ ახალი ეპოქის დადგომის სიმბოლურ თარიღად სწორედ პროტესტანტული მოძრაობის დასაწყისს — 1517 წელს მივიჩნევთ.

XVI-XVIII სს. გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ევროპას ახალი კონტინენტები, განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხები გააცნო. ევროპელ მოგზაურებს მეცნიერები მიჰყვნენ, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ კაცობრიობის პირველყოფილი პერიოდი ამ ხალხების მაგალითზე ცოცხლად შეესწავლათ. ცოდნის ასეთმა გაფართოებამ მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციაში კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი პერიოდი და ახალი მახასიათებლებიც შემოიტანა. ეს ლუის მორგანის დამსახურებაა.

ლუის მორგანმა კაცობრიობის ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო — 1. გვაროვნული საზოგადოების ხანა, რომელიც საზოგადო, თემურ საკუთრებას ეფუძნება და 2. პოლიტიკური საზოგადოების ხანა, რომელიც კერძო საკუთრებას, ტერიტორიას და სახელმწიფოებრივ მოწყობას ეფუძნება.

ამგვარად, ლუის მორგანი პირველი იყო, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის პირველყოფილი-თემური წყობილების ხანა აღმოაჩინა და მისი დახასიათება მოგვცა.

მორგანმა ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად გვარი, ანუ გვაროვნული წყობილება მიიჩნია. ასე რომ, მან ისტორიული პერიოდების გამიჯვნადახასიათებისათვის ახალი: სოციალური (გვაროვნული წყობილება) და ეკონომიკური (საკუთრების ქონა/არქონა) ფაქტორი წამოწია.

მორგანის მოღვაწეობით, ისტორიის სამწვეროვან დაყოფას კიდევ ერთი, წინარეისტორიული ხანა მიემატა, თუმცა ძველი სახელი "სამწვეროვანი" ამ პერიოდიზაციას მაინც დარჩა.

XIX ს-ის მეორე ნახევარში გერმანელმა მეცნიერებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა მორგანის შრომების გათვალისწინებით შექმნეს საზოგადოების განვითარების შესახებ ახალი მოძღვრება. მათ მოძღვრებას მარქსიზმი, ამ მოძღვრების მიმდევრებს კი მარქსისტები ეწოდებათ.

კაცობრიობის ცალკეული ისტორიული პერიოდების დახასიათებისას, ძირითად, განმასხვავებელ ნიშნებად მარქსმა და ენგელსმა წარმოების, ანუ შრომის ორგანიზაციის სხვადასხვა წესი მიიჩნიეს, რომელიც საწარმოო ძალების განვითარების დონესა და წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმას ეფუძნება. მათი აზრით, როგორიც იყო საწარმოო ძალების განვითარების დონე, ისეთი იყო მათზე საკუთრების ფორმები და შრომის ორგანიზაციის წესიც.

ამგვარად, პირველად კაცობრიობის ისტორიის პერიოდებად დაყოფისას ისტორიული ეპოქის მთავარ მახასიათებლად, საწარმოო ძალების განვითარების დონე და წარმოების ორგანიზაციის წესი გამოცხადდა, რასაც, როგორც ისტორიული ეპოქისათვის მთავარ და განმსაზღვრელ ფაქტორს, მარქსმა და ენგელსმა ბაზისი, ანუ საძირკველი უწოდეს, პოლიტიკური მოწყობის წესს, ისევე როგორც კანონმდებლობას, კულტურას, მეცნიერებას, იდეოლოგიას — კი ბაზისთან მიმართებაში ზედნაშენი, რომელიც ბაზისს ეფუძნება და, შესაბამისად, ბაზისის ცვლასთან ერთად იცვლება.

ბაზისის და ზედნაშენის ერთობლიობის, ანუ ცალკეული ისტორიული პერიოდების აღსანიშნავად მათ ტერმინი ფორმაცია შემოიღეს და კაცობრიობის ისტორია ხუთ — ოთხ არსებულ და მეხუთე სამომავლო — ფორმაციად დაჰყვეს: პირველყოფილ-თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და კომუნისტური.

აქედან პირველყოფილ-თემური ფორმაცია, იგივე მორგანისეული გვაროვნული საზოგადოებაა, სადაც წარმოების საშუალებები თემურ, ანუ საზოგადო საკუთრებაშია, რაც გამორიცხავს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მეორის ექსპლოატაციას.

მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ ფორმაციებში კი წარმოების წესი წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას ემყარება. შესაბამისად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წარმოების საშუალებებს ფლობს, წარმოების საშუალებების არმქონე ნაწილს უწევს ექსპლოატაციას. კომუნისტური ფორმაცია, მარქსიზმის მიხედვით, სამომავლო ფორმაციაა, რომელიც პირველყოფილ-თემური წყობილების მსგავსად, კვლავაც საწარმოო საშუალებებზე საზოგადო საკუთრებას დაეფუძნება.

მარქსიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის მსოფლიოს ეკონომიკურ, ისტორიულ და პოლიტიკურ აზროვნებაზე. ის ოფიციალურ მოძღვრებად იქცა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში, აგრეთვე, ევროპის, აზიის და ამერიკის რიგ ქვეყნებში.

წარმოების საშუალებების ფლობა-არფლობის მიხედვით, პირველყოფილ-თემური და სამომავლო კომუნისტური ფორმაციის გამოკლებით, დანარჩენ სამ ფორმაციაში ანუ ისტორიულ პერიოდში, მარქსისტები განასხვავებენ საზოგადოებაში ორ დაპირისპირებულ, ანტაგონისტურ კლასს. მაგალითად, ანტიკურ პერიოდში: მონათ-მფლობელი და მონა; შუა საუკუნეებში — ფეოდალი და ყმა-გლეხი, ისტორიის ახალ პერიოდში — კაპიტალისტი და მუშა. ხოლო კაცობრიობის ისტორიის მამოძრავებელ ძალად ამ დაპირისპირებულ კლასებს შორის ბრძოლას მიიჩნევენ.

მარქსისტების მიხედვით, ბოლო კომუნისტური ფორმაცია პირველყოფილი-თემურ წყობილებას იმით დაემსგავსება, რომ იმ შორეული დროისათვის გაქრება კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე და ეს საშუალებები ისევ მთელი საზოგადოების ერთიან კოლექტიურ მფლობელობაში გადავა. შესაბამისად, გაქრება დაპირისპირებული კლასებიც და მოისპობა ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლოატაცია. იმ საოცნებო ხანაში ყველა იშრომებს შესაძლებლობის მიხედვით, ანაზღაურებას კი მიიღებს მოთხოვნილების შესაბამისად.

მარქსისა და ენგელსის უტოპიური იდეების ცხოვრებაში გატარება 1917 წლის რევოლუციების შედეგად შექმნილმა რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ — საბჭოთა კავშირმა სცადა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენით სახელმწიფო და საზოგადო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა დაინერგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და მის მომიჯნავე ქვეყნების ნაწილში. კერძო საკუთრების გაუქმებამ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას საბჭოთა კავშირის დაშლა და ე. წ. სოციალისტურ ქვეყნებში კერძო საკუთრებისა და კაპიტალისტური ეკონიმიკის აღდგენა მოჰყვა.

XX ს-ში უკვე განხილულ ოთხ ისტორიულ პერიოდს: პირველყოფილ-თემური (ანუ გვაროვნული), ანტიკური, შუა საუკუნეები და ახალი, კიდევ ერთი, მეხუთე — უახლესი პერიოდი დაემატა.

მართლაც, ისტორიკოსებმა შენიშნეს, რომ მათი თანამედროვე საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ისტორიის წინა, ახალი პერიოდის საზოგადოებისაგან, ამიტომ პერიოდს XIX ს. 60-70-იან წლებიდან დღემდე ისტორიის უახლესი პერიოდი უწოდეს.

ამ შედარებით ხანმოკლე, საუკუნენახევრიან ეპოქაში უახლესი ისტორიის სპეციალისტები სამ ქვეპერიოდს გამოყოფენ: მსოფლიო ისტორია XIX ს. 60-70-იან წლებიდან 1945 წლამდე, ანუ II მსოფლიო ომის დასასრულამდე; მსოფლიო ისტორია 1946 წლიდან 1991 წლამდე — ცივი ომის პერიოდი და 1991 წლიდან დღემდე — ცივი ომის შემდგომი ხანა.

უახლესი ისტორიის დასაწყისი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენებითა და რეფორმებით აღინიშნა. მათ შორის, ბატონყმობა გადავარდა და ბურჟუაზიული რეფორმები გატარდა რუსეთის იმპერიაში, რეფორმების გზით კაპიტალისტური განვითარების გზას დაადგა იაპონია, რეფორმები დაიწყო და I კონსტიტუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიამ, სამოქალაქო ომის შედეგად მონობა გაუქმდა აშშ-ში, ინგლისში გატარდა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და სხვ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია, რაც ოფიციალურად 1991 წლის დეკემბერში გაფორმდა. ეს ისტორიის უახლესი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.

მსოფლიო ისტორიის ზემოთ განხილული პერიოდიზაციების გარდა, ისტორიის სხვადასხვა დარგების სპეციალისტები კაცობრიობის მიერ განვლილი გზის არაერთ განსხვავებულ პერიოდიზაციას გვთავაზობენ, მათ ერთ ნაწილს ისტორიის შესაბამისი დარგების გაცნობისას განვიხილავთ. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწვეროვანი პერიოდიზაცია, რომელიც, როგორც ვნახეთ, ამასობაში ხუთწევროვანადაც იქცა, დღესდღეობით ისტორიკოსებში ყველაზე უფრო მიღებულია.

წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში
წიგნი I

თბილისი
2013
ისტორიული ქრონოლოგიაtag:www.qwelly.com,2016-09-27:6506411:Topic:11968212016-09-27T14:46:11.922ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულ დროს ხდება, ამ დროის დადგენაში ისტორიკოსს ეხმარება ქრონოლოგია.

ქრონოლოგია მათემატიკურ და ისტორიულ ქრონოლოგიად იყოფა. მათემატიკური ქრონოლოგია ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.

ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულ დროს ხდება, ამ დროის დადგენაში ისტორიკოსს ეხმარება ქრონოლოგია.

ქრონოლოგია მათემატიკურ და ისტორიულ ქრონოლოგიად იყოფა. მათემატიკური ქრონოლოგია ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.

კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა.

დრო და დროის საზომი ერთეულები.

ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი".

განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია".

ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმართული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.

ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეულებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული.

ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპირველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.

შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღეღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორმეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს თორმეტი წარმოადგენს.

ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე, 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია. მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60 კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.

დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად, წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითადად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.

უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით 3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა. პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის მიწურულს გაჩნდა.

ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვარეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს უდრიდა.

მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 დღით განისაზღვრა.

მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა. ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახევარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო მომცრო ნაწილებად — კვირებად დაყოფას.

სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასეთი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელიწადი.

მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრონომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 354/55 დღით განსაზღვრეს.

სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.

თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.

მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365 დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48 წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა.

კვირა და კვირის დღეები.

უძველესი დროიდან ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა. შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრონომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.

სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მათ "მოხეტიალე" უწოდა. პლანეტების აღმნიშვნელი ძველქართული სიტყვა "ცთომილია", რაც აგრეთვე, მათ "მცდარ მოძრაობას" უკავშირდება.

ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები: მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა. სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინარეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლენით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ. ამას, უპირველეს ყოვლისა, "ძველი აღთქმა" მოწმობს, რომლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ. ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესების შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას "შაბბათ" ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა დაისვენა, ებრაელებმა "შაბათი", ანუ დასვენების დღე უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ა.შ.

კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.

ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის, მათი გამოთქმით "შამბეჰის" შემდგომ დღეებს იექ(ერთი)შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.

კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.

შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცელდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვენებდეს.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმართული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად "საბბატუსი" ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს "საბბატუს"-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელებისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული, ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული მეშვიდე დასვენების, იმავე "უფლის დღის" წინა, მეექვსე დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან "პარასეკო" მოდის და სიტყვასიტყვით "მომზადებას", ანუ "საუფლო დღისათვის" — შაბათისათვის მომზადებას ნიშნავს.

პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, "უფლის", ანუ დასვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.

325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრისტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულრომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით, შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის დღეს ლათინურად "დომინიკუს", ბერძნულად კი კვირიაკე ეწოდა, რაც ამ ენებზე "ღვთის, უფლის დღეს" ნიშნავს. ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდარში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს, რომელსაც "დომინიკუს", ანუ უფლის დღე ეწოდა. ამიტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც ძველი წარმართული სახელები დარჩათ.

გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთრივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.) ებრაული "შაბათი" არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობრივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები ეწოდებათ.

საუკუნე და ათასწლეული.

დროთა განმავლობაში ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული — საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუკუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს ნიშნავს.

კალენდარი.

დროის დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი ეწოდება.

უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, მთვარის კალენდარი იყო.

მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში ანაცვლებდა.

ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.

იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც ძველი ბერძნები "ემბოლისმურ", ანუ "ჩამატებულ თვეს" უწოდებდნენ.

ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.

ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენდარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრაელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიოდულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცამეტე — "ემბოლისმური თვე" ემატება.

რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედროვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი. თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩენილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად, მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრილისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ მოიაზრებოდა.

აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელთა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი) ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი — მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.

ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე — იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი) დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის — იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ, ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ, 28 დღეს ითვლიდა.

ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.

მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე, როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენდარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ, წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახადებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.

ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელიწადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბამისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.

ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე მოდიოდა.

იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: "ძველი რომაელი მხედართმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება".

ძველეგვიპტური კალენდარი.

თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი, 360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელიწადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად ყოფდნენ.

მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ, რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.

ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა, რომელსაც ისინი "სოტის" ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდების დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.

თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.

ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრონომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე გადასვლა აფიქრებინა.

მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში 360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშველიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.

ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვილებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა. თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად იქცნენ.

ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვარის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.

როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემატება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრონომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაულები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.

ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.

ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტელებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით განაგრძობდნენ.

მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა, ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი დაედო.

იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიოპელები და კოპტები დღესაც იყენებენ.

იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის კალენდარს ეფუძნებოდა.

ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.

სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.

იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა 365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი რომაული სახელები დარჩათ.

ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.

რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.

იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.

ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.

რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვისტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.

325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.

ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.

გრიგორიანული კალენდარი.

იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღეღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.

კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს.

მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.

1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომისიას მისმა ძმამ წარუდგინა.

ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.

გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.

ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.

ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსახლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: "უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს შევუერთდეთ". უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას, ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.

პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა.

ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლისელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს ყვირილით: "დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე" — ხვდებოდნენ.

ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18 აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა.

თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მართლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატრიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.

ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7 იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.

ძველი სპარსული კალენდარი.

სპარსეთის კალენდარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართველობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენდარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზოროასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწადში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ.

მუსლიმური კალენდარი.

მუსლიმური კალენდარი არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.

არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე სურის 36-37 "აიიებში" — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეების დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.

ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ — ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმარიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ალაჰმა 360-დღიანი წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან".

მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს და — პირიქით.

მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.

XI საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.

ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.

ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს.

მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ!

საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენდარი დაუდო.

ერა ანუ წელთაღრიცხვა.

ისტორიული დროის აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს დრომდე.

თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას იღებდნენ.

1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის საწყისი წლის გამოყენება.

ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძველი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში, ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათარიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.

ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა. მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.

ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლიდან იღებს სათავეს.

ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმწიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახელების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც იყვნენ პასუხისმგებელნი.

რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლიდნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის ხანაში დაუკარგავს.

ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ. წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის — "ლიმუ"-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა.

2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიჩნევა.

ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის, ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების, სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზოგადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამოყენება.

ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგორიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილონში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც "ბაბილონის ტყვეობის" სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.

ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა, რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმპიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს შეესაბამება.

ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერატორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთაღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყენებოდა.

ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა. კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800 წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის 1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.

3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.

ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.

ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.

დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინდელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზაციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტიკურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.

ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობდა, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრეთვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.

მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?

ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა. აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინდელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღდებოდა.

თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონიკების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრონიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად, თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზღვრა.

ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონოლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა. ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ "დასაბამითგან" აითვლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.

ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: "...ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე".

ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: "არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე".

როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.

იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრონოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატებული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები, ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება. ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ "დასაბამითგანს" იყენებს ძველი ავტორი, ფრიად მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.

ბიზანტიური, იგივე ბერძნული "დასაბამითგან".

"დასაბამითგან" წელთაღრიცხვების განსხვავებულობის გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი "დასაბამითგანის" შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასილი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა, რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთაღრიცხვად 5508 წლიანი "დასაბამითგან" აღიარა. ეს "დასაბამითგან" ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთაღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას "ბიზანტიური", ქართულ წყაროებში კი — "ბერძნული" ეწოდება.

ქართული "დასაბამითგან”.

ქართველები უძველეს ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც "დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის შედეგად, საქართველოში ბიზანტიური "დასაბამითგანიც" გავრცელდა.

როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები "დასაბამითგან" წელთაღრიცხვით?

1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ 5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება: "ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან 5185 წ.", ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 = ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 = ძვ. წ. 323 წ.

2. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად, მას "დასაბამითგან" თარიღი, მაგალითად, 5508 ან ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართული წყარო გვეუბნება, რომ: "მუჰამედი დასაბამითგან 6236 წ. გარდაიცვალა". შესაბამისად, 6236-5604=632 წ.

ისმის კითხვა: რა მასალის, თუ ისტორიული წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება?

ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგებით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ მეფემდე და ა. შ.

5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გადმოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები, მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა. თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი. ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე, რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხების ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.

რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?

მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული, ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები, მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად, თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.

ისტორიული მოვლენების დათარიღება.

ვინაიდან, როგორც დავრწმუნდით, "დასაბამითგან" წლების გამოთვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ.

ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგრაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმწერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ გამართვას ეძღვნებოდა.

მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს აფრიკანელი და ევსევი კესარიელი.

იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.

იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა, ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინასტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპიადების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები და "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლოგიური ბადე.

მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც "დასაბამითგანის" თავისი, იულიუს აფრიკანელისგან განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რომელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა ნაშრომები დაეფუძნა.

ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი, ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლოგიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.

ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს ქრონოლოგიის დასადგენად "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.

რა არის "ქორონიკონი" და როგორ წარმოიშვა წელთაღრიცხვის ეს სისტემა?

"ქორონიკონით" წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომარეობდა. "დასაბამითგან" მოყოლებული ისტორიული დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — "ქორონიკონებად", ანუ "მოქცევებად".

ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღრიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს უწოდებდნენ.

ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთაღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამითგანსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით აითვლის.

საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქართულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ. საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოიყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონიკონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულსაც კი უწოდებს.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს 532-წლიანი ციკლი?

ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრისტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტიანებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრისტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეებისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომელიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგენილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზებიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება. შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა მის გადანაცვლებას განაპირობებს.

ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ, ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული, ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგარიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენდრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდენობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლივობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესასწაულების არასინქრონულობას იწვევდა.

სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინდებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა. ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.

200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552 წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხური წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის 10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავასარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.

სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრილების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხოლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლესია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის პასკალური ცხრილებით ადგენდა.

სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა.

532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი.

სომხებისაგან განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვილების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზანტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძრაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532 წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია, როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორდება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევრობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.

ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონასტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ "დასაბამითგანიდან", ანუ 5604 წლიდან აითვალეს.

თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის "სიკეთეც" აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული "წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლების გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამიტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდა.

ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384; 6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: "მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხვლ (6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა".

შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით 1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და 1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.

1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონიკონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და 2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.

როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით წელთაღრიცხვის შემთხვევაში?

მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312 წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ, ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.

ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის, ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება. ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა.

ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეულებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდათანობით "ქრისტიანული ერა" ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.

ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზულებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ ვნებიდან ეწოდება.

ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა დააკანონა.

ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გამოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარიღებლად კვლავაც "დასაბამითგან" წელთაღრიცხვას იყენებდნენ.

ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ), ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D, რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the Year of Our Lord).

ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრისტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთაღრიცხვით (ძვ. წ.) ეწოდება.

დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.

ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება. რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით. ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი ერა კი უარყოფით რიცხვებს.

წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით, ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ, ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახელწოდება მიიღო.

არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით, ანუ "ჰიჯრით" ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა "გაქცევიდან" წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა, 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში.

წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში
წიგნი I

თბილისი
2013
პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, წყაროთმცოდნეობაtag:www.qwelly.com,2016-09-20:6506411:Topic:11939952016-09-20T12:19:45.619ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

§1. შესავალი

ისტორიის საგანი. ისტორია ძველი ბერძნული სიტყვიდან ჰისტორია წარმოდგება და გარდასულ ამბავთა თხრობას ნიშნავს. ძველი ბერძნულიდან "ჰისტორია/ისტორია" სხვა ენებშიც, მათ შორის ქართულშიც, შემოვიდა და დღესაც, როდესაც გვინდა ვინმეს წარსულის შესახებ მოვუთხროთ, ვამბობთ: "გინდა მოგიყვე ამ ოჯახის, ადამიანის, ორგანიზაციის, შენობის და ა.შ. ისტორია?"…

§1. შესავალი

ისტორიის საგანი. ისტორია ძველი ბერძნული სიტყვიდან ჰისტორია წარმოდგება და გარდასულ ამბავთა თხრობას ნიშნავს. ძველი ბერძნულიდან "ჰისტორია/ისტორია" სხვა ენებშიც, მათ შორის ქართულშიც, შემოვიდა და დღესაც, როდესაც გვინდა ვინმეს წარსულის შესახებ მოვუთხროთ, ვამბობთ: "გინდა მოგიყვე ამ ოჯახის, ადამიანის, ორგანიზაციის, შენობის და ა.შ. ისტორია?"

ჰეროდოტე
ძვ. წ. 484-425

ჰეროდოტე იყო ბერძნულ ქალაქ- სახელმწიფო ჰალიკარნასიდან, ამიტომ მას ჰეროდოტე ჰალიკარ- ნასელსაც ეძახდნენ. ბერძენ- სპარსელთა ომები ძვ. წ. 500-449. მიმდინარეობდა. ჰეროდოტემ ამ ომების მხოლოდ ძვ.წ. 500-478 წლების ისტორია დაწერა.

"ქართველთა ცხოვრებაში"

საქართველოს ისტორია გადმოცემულია უძველესი დროიდან XVII ს-ის ჩათვლით.

ძვ. წ. V ს-ის ბერძენმა სწავლულმა ჰეროდოტემ "ისტორია" თავის თხზულებას უწოდა, რომელშიც ბერძენთა და სპარსელთა გარდასული ომები აღწერა. ამგვარად, ისტორიულ თხზულებას პირველად ეწოდა "ისტორია". ეს სახელი მეცნიერების ამ დარგის აღსანიშნავად მალევე დამკვიდრდა. ამიტომ, ჰეროდოტე სამართლიანად მიიჩნევა ისტორიის მეცნიერების მამად და პირველ ისტორიკოსად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი ქართველი ისტორიკოსები თავიანთ ქმნილებებს "ისტორიას" ნაკლებად არქმევდნენ და მათ ქართულად "ამბავს", "ცხოვრებას" ან "მატიანეს" უწოდებდნენ. ამიტომაც ჰქვია ადრე შუა საუკუნეებში შექმნილ და შემდგომში (XI-XVIII სს-ში) განვრცობილ საქართველოს ისტორიის ამსახველ თხზულებას "ქართველთა ცხოვრება".

თუ ჩვენ ისტორიას, როგორც მეცნიერების დარგს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მისი კვლევის საგანი შეიძლება დავიწროვდეს ან გაფართოვდეს. ჩვენ შეიძლება შესწავლის საგნად დავისახოთ მთელი კაცობრიობის წარსული, ამას მსოფლიო ისტორია სწავლობს; ან რომელიმე კონტინენტი, თუ რეგიონი, მაგალითად, ევროპის, ან მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, რაც, ბუნებრივია, დასახელებული რეგიონის ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხების წარსულის შესწავლას გულისხმობს. ამას რეგიონალური ისტორია ეწოდება. ისტორიის ობიექტი ცალკეული ქვეყნის წარსულიცაა, მაგალითად, საქართველოს ისტორია, თურქეთის ისტორია, საფრანგეთის ისტორია და ა.შ. ზოგჯერ ისტორიკოსის კვლევის საგანს კონკრეტული ქვეყნის რომელიმე პროვინციის, ქალაქის, სოფლის, ციხე-სიმაგრის წარსული ან საზოგადოების ცალკეული ფენის, სამეფო დინასტიის, ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი საგვარეულოს წარსული წარმოადგენს.

რას ნიშნავს კაცობრიობის წარსული ცხოვრების შესწავლა?

პოლიბიოსი
ძვ. წ. 200-118

წარსულის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, მის რეკონსტრუქციას აღდგენას გულისხმობს. ისტორიკოსმა უნდა წარმოაჩინოს, თუ როგორ და რას აწარმოებდა საზოგადოება მისი წარსული ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში: როგორი შრომის იარაღები ჰქონდა; მეურნეობის რა დარგებს მისდევდა; რითი იკვებებოდა; როგორი საცხოვრებელი ჰქონდათ ადამიანებს; რითი იმოსებოდნენ; როგორი სახელმწიფო კანონები; ადათ-ჩვევები და რწმენა-წარმოდგენები წარმართავდა მათ ცხოვრებას; როგორი იყო სხვადასხვა ეპოქებში მეცნიერების განვითარების დონე: როგორ ხსნიდნენ სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებს, როგორ აღიქვამდნენ სამყაროს; როგორი იყო ადამიანების გემოვნება როგორი ხელოვნების ნიმუშები, რა ტიპის ლიტერატურული ნაწარმოებები იქმნებოდა; რა ურთიერთობები ჰქონდათ ადამიანებს მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან: როგორ ვაჭრობდნენ, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები იწვევდა ომებს თუ ამყარებდა მშვიდობას.

ისმის კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის ისტორიის, ანუ წარსულში მომხდარი ამბებისა და პროცესების ცოდნა?

ისტორიის შესწავლას ადამიანები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ვინაიდან ისტორიის ცოდნა ადამიანთა საზოგადოებისათვის მეხსიერების ქონის ტოლფასია საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა გააანალიზოს შორეულ თუ ახლო წარსულში ჩადენილი შეცდომები, ან მიღწეული წარმატებები, ამის გარეშე კი შეუძლებელია საზოგადოების წინსვლა.

წარსულის შემეცნებას, სხვა ყველა ცოდნაზე უფრო მეტად, შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს

"ჩვენთვის აუცილებელია ყველას მივმართოთ დარიგებით, შეისწავლონ და შეითვისონ ასეთი ხასიათის (იგულისხმება ისტორიული, რედ.) თხზულებები. რადგან წარსულის შემეცნებას, სხვა ყველა ცოდნაზე უფრო მეტად შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს.

... არა მარტო ესა თუ ის ისტორიკოსი ... არამედ, შეიძლება ითქვას, ყველანი იმ რწმენით იწყებენ და ასრულებენ, რომ ისტორიიდან ამოღებულ გაკვეთილებს ყველაზე უფრო მეტად მივყავართ განათლებისაკენ და გვამზადებენ საზოგადოებრივი საქმეების დაწყებისათვის. სხვა ადამიანების განცდილი არის დამაჯერებელი და ერთადერთი დარიგება, რომელიც გვასწავლის ვაჟკაცურად გადავიტანოთ ბედის ცვალებადობა. ამიტომ არავისათვის არ არის საჭირო, ყველაზე ნაკლებად კი ჩვენთვის, გავიმეოროთ ყოველივე ის, რაც სხვებმა უკვე კარგად თქვეს, იმიტომ, რომ ის გამორჩეული ამბები, რომლებზედაც ჩვენ საუბარს ვაპირებთ, თავისთავად მიიზიდავს ყველას - მოხუცია ის თუ ახალგაზრდა, ჩვენი თხრობის ყურადღებით წასაკითხად. სინამდვილეში, განა შეიძლება მოინახოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ ისურვებს გაიგოს, როგორ და რა საზოგადოებრივ დაწესებულებათა დროს თითქმის მთლიანად მოექცა ჩვენი ქვეყანა (იგულისხმება საბერძნეთი, რედ.) ერთიანი რომის ხელისუფლების ქვეშ? არასოდეს ადრე არ ყოფილა ამის მსგავსი და ნუთუ შეიძლება ვინმე, იმდენად გატაცებული იყოს სხვა სანახაობებით, ან კიდევ მეცნიერების სხვა დარგებით, რომ არ დაინტერესდეს შეთავაზებული ცნობებით?

პოლიბიოსი, მსოფლიო ისტორია

რის საფუძველზე შევისწავლით და როგორ აღვადგენთ საზოგადოების წარსულში განვლილ გზას, ანუ ისტორიას?

ილია ჭავჭავაძე
(1937 -1907)

ქართველი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე

ისტორიის წყარო. ისტორიას მეცნიერები გარკვეული მასალების საფუძველზე აღადგენენ. ასეთ მასალას ისტორიის წყარო ეწოდება. წყაროდ წარსულის ნაშთი თავისთავად არ ხდება. მას ისტორიულ წყაროდ აქცევს ადამიანი, რომელიც წარსულში მომხდარი ამბების აღდგენის, შემეცნების, თუ უკეთ გაგების მიზნით მის შესწავლა-გამოყენებას იწყებს. ისტორიული წყაროა ყველაფერი ის, რაც ადამიანის, ან ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრებიდან შემოგვრჩა და, რასაც ისტორიის რომელიმე დარგის სპეციალისტი, გარდასული ამბების შესასწავლად იყენებს. სხვაგვარად ყოველივე ამას სულიერი და მატერიალური კულტურის ნაშთებს ან ძეგლებსაც ვუწოდებთ.

საზოგადოების წარსულის შესწავლისას ისტორიის წყაროდ იქცევა მიწისქვეშ თუ მიწის ზემოთ არსებული ძველი შენობების, გზების, ხიდების და ა. შ. ნაშთები, მონეტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ შორის სამკაული, შრომის და ბრძოლის იარაღი, ხელოვნების ნიმუშები, საკრავი ინსტრუმენტები, საწერი საშუალებები და წერილობითი ძეგლები: სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი, თუ ნაბეჭდი წიგნები. მაგალითად, კანონთა კრებულები, ისტორიული, რელიგიური თუ ლიტერატურული თხზულებები; დოკუმენტები: მეფეთა თუ სხვა თანამდებობის პირთა ბრძანებები, გარიგებები, ყიდვა-გაყიდვის აქტები, დაბადებისა და გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციის აქტები, სხვადასხვა ხასიათის დავთრები; დღიურები, მემუარები (მოგონებები), ჟურნალ-გაზეთები; ხალხური ზეპირსიტყვიერება: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ანდაზები, იგავ-არაკები და ა. შ. ამა თუ იმ ენის სიტყვიერი მასალა, ანუ ლექსიკა. უახლესი ისტორიის შესწავლისას წინ იწევს ისეთი წყაროები, როგორიცაა დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები, ტელეარქივები, სხვადასხვა სახის ვიდეო და აუდიო მასალა, მასმედია.

ისტორია დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას

ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაც. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო - მომავლისა. ... ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ: "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისა"-ო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი.

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია და, თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ესეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?

... ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ... თავის დიდ ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან - ჭირია თუ ლხინია. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითით და ანდერძითა და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში. დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქებენ, ამხნევებენ, ... ერი თავის გმირების

ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს.

ილია ჭავჭავაძე, ერი და ისტორია

სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას ისტორიული წყაროს მრავალფეროვნებაზე, მოვიყვანთ ერთ მაგალითს: იმისათვის, რომ გაეგოთ, რითი იკვებებოდნენ ძველი რომაელი ლეგიონერები (ჯარისკაცები), მეცნიერებმა გათხარეს მათი ბანაკები და იქ საპირფარეშოების ადგილას დაცული მიწადქცეული ნაშთის ბიო-ქიმიური ანალიზით, დაასკვნეს, რომ ბრძოლაში გამოწრთობილი ამ პროფესიონალი მეომრების ძირითადი საკვები ყოფილა არა ხორცეული, როგორც ეს შესაძლოა წარმოგვედგინა, არამედ ხორბლეულის ფაფა.

ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ისტორიის წყაროს, კლასიფიკაციის თვალსაზრისით, ორ დიდ კატეგორიად ჰყოფენ: წერილობითი წყაროები და ადამიანის მიერ შექმნილი დანარჩენი მატერიალური თუ სულიერი კულტურის ძეგლები. ეს კატეგორიები შეიძლება შემდეგნაირად განვსაზღვროთ: წერილობითი წყარო ისტორიის ისეთი წყაროა, რომლის მეშვეობით ადამიანი თვითონ უშუალოდ გვატყობინებს ან მოგვითხრობს თავის თავზე, ან იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ის ცხოვრობს. ამავე რიგის ძეგლებს უნდა მივაკუთვნოთ დოკუმენტური ფილმები, ტელეარქივები და ვიდეო, თუ აუდიო მასალა. მატერიალური, თუ სულიერი კულტურის ძეგლები ადამიანის მიერ შექმნილი ფასეულობებია, რომლებიც მოგვითხრობენ მათ შემქმნელზე და იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ისინი შეიქმნენ.

კაცობრიობამ დღემდე რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა განვლო. წარსულში საზოგადოების ცხოვრების სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია მისი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მხარის შესწავლით. ამიტომაა, რომ საზოგადოების წარსულს ისტორიის არაერთი დარგი სწავლობს, რომელთა შესწავლის ობიექტი წარსულიდან შემორჩენილი სხვადასხვა სახის წყაროა. ისტორიის დარგებს, ტრადიციულად, ძირითად, ანუ მთავარ და დამხმარე დარგებად ჰყოფენ.

აქედან: არქეოლოგია, ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ცივილიზაციის ისტორია, ეკონომიკის ისტორია, რელიგიის ისტორია, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, ისტორიის ფილოსოფია მთავარ, წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ჰერალდიკა, გენეალოგია, ნუმიზმატიკა, ისტორიული მეტროლოგია, ისტორიული ქრონოლოგია კი ისტორიის დამხმარე დარგებადაა მიჩნეული. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი დაყოფა ფრიად პირობითია. მეცნიერთა შორის ერთი აზრი ამ საკითხის ირგვლივ სულაც არ არსებობს. ის, რასაც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დამხმარე დარგად მიიჩნევს (მაგალითად, წყაროთმცოდნეობა), სხვათა აზრით, დამხმარეს კნინობით სახელს სულაც არ იმსახურებს და ა. შ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქვემოთ ისტორიის ამ დარგების დახასიათება-განხილვისას, მათ ყოველგვარი ეპითეტის გარეშე, უბრალოდ, "ისტორიის დარგებად მოვიხსენიებთ.

§2. პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა

დამწერლობის სისტემები. ცოდნის დაგროვების გარკვეული ეტაპიდან ადამიანს გაუჩნდა საჭიროება თავისი გამოცდილება უფრო საიმედო გზით გადაეცა, ვიდრე ამის საშუალებას ზეპირსიტყვიერება იძლეოდა. ამან დამწერლობის წარმოშობა განაპირობა.

ჟან ფრანსუა შამპოლიონი
1790-1832

ჰენრი როულინსონი
(1810 – 1895)

ბრიტანელი არქეოლოგი და ლინგვისტი.

თავდაპირველად ადამიანმა უმარტივესი ხატოვანი დამწერლობა, ანუ პიქტოგრაფია შექმნა. ხატოვანი დამწერლობის განვითარებამ იეროგლიფური დამწერლობა წარმოქმნა, სადაც გარკვეული ხატოვანი გამოსახულება ერთ სიტყვას (ცნებას) შეესაბამება. იეროგლიფური დამწერლობა ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. მას იყენებდნენ ისეთი უძველესი ხალხები, როგორებიც იყვნენ, ძველი ეგვიპტელები, ჩინელები და სხვ. ჩინეთსა და იაპონიაში იეროგლიფური დამწერლობა დღემდე შემორჩა. ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებით წერდნენ როგორც ქვაზე, ისე პაპირუსზე. ეს დამწერლობა XIX ს-ის I ნახევარში დიდმა ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა გაშიფრა, რაც იმ დროს მეცნიერების უდიდეს მიღწევად იქნა მიჩნეული.

დამწერლობის განვითარების შემდგომ საფეხურს ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს. ასეთ დამწერლობას იყენებდნენ წინა აზიის ხალხები - ძველი შუმერები, ასურელები, ხეთები; ჩვენი წინაპრების სამხრეთელი მეზობლები ურარტუელები. ეს დამწერლობებიც ძირითადად XIX ს-ში გაიშიფრა. ლურსმული დამწერლობის წაკითხვაში განსაკუთრებული დამსახურება ინგლისელ ჰენრი როულინსონს (არქეოლოგი და ლინგვისტი) მიუძღვის. ლურსმულ დამწერლობაში ცალკეული ნიშნით უკვე მარცვალია გადმოცემული. ლურსმულით წერდნენ როგორც ქვაზე, ისე თიხის ფირფიტებზე. დღეს ასეთი თიხის ფირფიტების მთელი ბიბლიოთეკებია აღმოჩენილი.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთით ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ფინიკიელები სახლობდნენ. ფინიკიელები მსოფლიო ისტორიაში ცნობილი პირველი ხალხი იყო, რომელმაც დიდი საზღვაო სავაჭრო კოლონიები შექმნა.

თავიანთი სავაჭრო-საფინანსო ჩანაწერებისათვის მათ უფრო მარტივი და მოსახერხებელი დამწერლობა ესაჭიროებოდათ, ვიდრე ეს ლურსმული მარცვლოვანი დამწერლობა იყო. ამიტომ, ძველმა ფინიკიელებმა ლურსმული დამწერლობიდან ანბანური დამწერლობა შექმნეს, სადაც თითოეულ ბგერას თითო ასო-ნიშანი შეესაბამება. ფინიკიური დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. XII-XI სს.-დან შემოგვრჩა.

ფინიკიელებმა ასეთი ასო-ნიშნები მხოლოდ თანხმოვნებს მიუსადაგეს. დასრულებული სახე ანბანურ დამწერლობას ძველი მსოფლიოს კიდევ ერთმა, მეზღვაურობითა და ვაჭრობით განთქმულმა ხალხმა ძველმა ბერძნებმა მისცეს, რომლებმაც ფინიკიურ ანბანს ხმოვნების აღმნიშვნელი ასო-ნიშნებიც დაუმატეს. ძველი ბერძნული დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. IX-VIII სს-დან შემოგვრჩა. თავდაპირველად ძველი ბერძნები, ფინიკიელების მსგავსად, მარჯვნიდან მარცხნივ წერდნენ შემდგომ კი მარცხნიდან მარჯვნივ წერაზე გადავიდნენ.

დღეისათვის მსოფლიოში 14 ძირითადი დამწერლობაა. 11 ამათგან ანბანურია: ქართული, ბერძნული, ლათინური, სლავური (კირილიცა), სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპური, ინდური, ძველი მონღოლური (იუგურული); სამი დამწერლობა კი იეროგლიფურია: ჩინური, იაპონური და კორეული.

ბერძნულიდან ანბანი ბევრმა ძველმა ხალხმა გადაიღო, მათ შორის ლათინებმა (რომაელებმა). ლათინური ანბანი საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლეთ ევროპული ქვეყნების ანბანებს. ბერძნულიდან მოდის IV სში შექმნილი ძველი ქართული და სომხური ანბანები, IX სში ბერძნულის საფუძველზე შეიქმნა ძველი სლავური ანბანი. მისი განვითარებაა დღევანდელი რუსული ანბანი.

ფინიკიურმა ანბანმა საფუძველი დაუდო ძველად მთელ წინა აზიაში გავრცელებულ არამეულ დამწერლობას, რომელიც ფინიკიურის მსგავსად არ შეიცავდა ხმოვან ასონიშნებს და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა. არამეულით შესრულებული პირველი წერილობითი ძეგლები ძვ. წ. IX ს-დანაა შემორჩენილი.

არამეულიდან განვითარდა არაბული დამწერლობა, რომელსაც არამეულის ეს ორივე ნიშანი ახასიათებს. არაბული დამწერლობა ძველად ყველა მუსლიმურ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ამჟამად არაბულ ანბანს, ძირითადად, საკუთრივ არაბული ქვეყნები და ირანი იყენებს.

ანბანის გაჩენისთანავე ადამიანებმა მნიშვნელოვანი მოვლენების ჩაწერა დაიწყეს, ასე გაჩნდა პირველი ისტორიული თხზულებები, სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის ყიდვა-გაყიდვის აქტები, საგადასახადო თუ ქონების აღნუსხვის დავთრები და სხვ.

ისტორიკოსი, როდესაც საზოგადოების წარსული ცხოვრების აღდგენა-რეკონსტრუქციას ცდილობს, ბუნებრივია, მეცნიერების ყველა ზემოთჩამოთვლილი დარგის მონაცემებს ითვალისწინებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მისთვის მაინც წერილობითი წყაროების მონაცემებია. ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაში ძნელი წარმოსადგენია თუ რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ძველი ხელნაწერებისა და წარწერების წაკითხვა. ამ საქმეში მას პირველ რიგში ისტორიის დამხმარე დარგი პალეოგრაფია ეხმარება.

პალეოგრაფია ორი ბერძნული სიტყვის "პალეოს" (ძველი) და "გრაფოს" (წერა) შეერთებითაა მიღებული და შეისწავლის წერილობითი წყაროების გარეგან მხარეს.

ჩინური იეროგლიფები

ბერძნული ანბანი

არაბული ანბანი

ლათინური ანბანი

სლავური ანბანი (კირილიცა)

პალეოგრაფიის მკვლევარები სწავლობენ სხვადასხვა ეპოქებში რითი წერდნენ და რას იყენებდნენ საწერ მასალად ადამიანები, როგორი იყო ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში ასოთა მოყვანილობა.

მართლაც, ადამიანი თავდაპირველად საწერად სხვადასხვა მაგარ მასალას იყენებდა. ძირითადად ეს იყო ქვა, ხე, თიხის ფირფიტები. ეგვიპტეში ბუნებრივად იზრდებოდა პაპირუსი, ამიტომ საწერად ჩვეულებრივ ქვასთან ერთად პაპირუსიდან დამზადებულ მასალას იყენებდნენ. ქართულად მას ჭილი ეწოდება. ბევრად უფრო გვიან გაჩნდა საქონლის ტყავის საწერ მასალად დამუშავების ტექნოლოგია. ევროპაში ასეთ მასალას პერგამენტი, საქართველოში ეტრატი ერქვა. V ს-ში ჩინეთში ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიაც აითვისეს. ამ ტექნოლოგიას უკვე VII-VIII სს-ში არაბები ინდოეთში ეზიარნენ. ევროპაში ქაღალდი ცნობილი XI-XII სს-ში გახდა, თუმცა მან საბოლოოდ ეტრატი საკმაოდ გვიან, XV-XVI სს-ში გამოდევნა.

არანაკლებ საინტერესოა კალმის ისტორია. ლითონის კალმებამდე ადამიანები საწერად ბრინჯაოს წამახულ ჩხირებს (სტილოსებს) იყენებდნენ, რომლითაც თიხის სველ ფირფიტებსა და ცვილით დაფარულ დაფებზე წერდნენ. მელანი და ლითონის კალამი ანტიკური ხანიდან შემოვიდა, თუმცა ლითონის სიძვირის გამო თითქმის XVI-XVII საუკუნეებამდე საწერად უმთავრესად ბატის ფრთას იყენებ-დნენ.

სხვადასხვა მასალაზე და სხვადასხვა კალმებით წერა ასოთა მოხაზულობასაც თავის დაღს ასვამდა. მოხაზულობა იცვლებოდა საუკუნეების, ხანდახან ერთი და იგივე საუკუნის სხვადასხვა პერიოდებშიც კი. მის ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენდა ამა თუ იმ ხანის საზოგადოების გემოვნებაც, წერის იმ ხანად გავრცელებული მანერა, ტრადიციები და სხვ. ხანდახან რეგიონი, ქალაქი, მონასტერიც კი ასოთა მოხაზულობის თავისებურ სტილს შეიმუშავებდა ხოლმე. იყვნენ ცნობილი კალიგრაფები, რომლებიც მათ მოწაფეებთან ერთად ასოთა მოხაზულობის მათთვის დამახასიათებელ სტილს ნერგავდნენ.

ქააგმა არის პირობითი ნიშანი, რომელიც ძველ ტექსტებსა და ნაწერებში შემოკლებით დაწერილ სიტყვებს თავზე ესმის.

დაქარაგმებული კავშირები: რ˜ (რამეთუ), ხ˜ (ხოლო), ა˜დ (არამედ), ვ˜ი ვიდრე); ნაცვალსახელები: რ˜ლი, რლ˜ნ (რომელმან), ყ˜ლი (ყოველი).

ჭვირნიშანი - საგანგებო ნიშანი, გამჭვირვალე გამოსახულება ქაღალდზე, რომელიც მხოლოდ სინათლეზე გახედვისას ჩანს. ჭვირნიშანი პირველად XIII საუკუნეში იტალიაში დამზადებულ ქაღალდზე გვხვდება.

გაკრული ხელით დაწერილი ტექსტების გარჩევა და ამოკითხვა სპეციალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველად საწერი მასალა: ჭილი, ეტრატი, ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და საზოგადოება მას ფრიად შეზღუდული ოდენობით აწარმოებდა. ასეთ ვითარებაში ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად ეკონომიურად გამოეყენებინათ საწერი ფართობი, რისთვისაც სიტყვებს აქარაგმებდნენ. დაქარაგმება სიტყვის ნაწილის გამოტოვებას გულისხმობს. ბუნებრივია, აქარაგმებდნენ იმ ეპოქისათვის კარგად ცნობილ სიტყვებს, ხშირად საკუთარ სახელებს, წოდებებს, თანამდებობის აღმნიშვნელ ტერმინებს. მაგრამ ის რაც რომელიღაც ეპოქაში კარგად ცნობილი და გასაგები იყო, სულაც არაა ასეთივე იოლად გასაგები დღეს და, ბუნებრივია, პალეოგრაფს დამატებით სირთულეს უქმნის. მაგალითად, ძველ ქართულ ტექსტებში ხშირად იხმარება ქარაგმები: "ოო", რაც "უფალო"-ს ნიშნავს (ძველ ქართულში "უ" ასონიშანი არ არსებობდა. და მას "ოჳ" აღნიშნავდა, ანუ იწერებოდა "ოჳფალო"), ან კიდევ "იი" იყავნ, იყავნ; "იო" იესო, "ქე" ქრისტე და ა. შ. ამა თუ იმ ეპოქაში გავრცელებული ასოთა მოხაზულობის, ქაღალდის ხარისხის, ან ჭვირნიშნის მიხედვით პალეოგრაფები დაუთარიღებელი ტექსტების დათარიღებას ახერხებენ.

ურარტუს მეფის მენუას კლდეზე ამოკვეთიი წარწერა (ძვ. წ. IX ს. დასასრული და VIII ს. დასაწყისი)

"ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით დიაუეხის ძლიერი ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდის ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშუინის ძე; წინ უძღოდა მას ღვთაება ხალდი. მენუა ამბობს: დავიპყარი დიაუხის ქვეყანა, ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი ბრძოლით დავიპყარი/ ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები დავანგრიე. მივედი შეშეთის ქვეყანამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი ... მენუა ამბობს: უტუფურში, მეფე დიაუხისა მოვიდა ჩემს წინაშე, მომეხვია ფეხებზე, პირქვე დაემხო; მე მას მოწყალედ მოვექეცი - შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით. მომცა მან ოქრო და ვერცხლი, მომცა ხარკი. ის ტყვეები, რომლებიც იყვნენ მასთან, დამიბრუნა მან მთლიანად.

რა მხარეში ცხოვრობდა მანუა?

ურარტუს მეფის მენუას ამ ლაშქრობას ადგილი ჰქონდა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში. ამას მის მიერ დაპყრობილი რეგიონები მოწმობენ:

დიაუხის ქვეყანა - ქართული ისტორიული ქვეყანა ტაო

შეშეთის ქვეყანა - ქართული ისტორიული ქვეყანა შავშეთი

მენუა ამბობს: მეფეები მე იქიდან მოვაცილე - ბალთულხის ქვეყნის მეფე და ქალაქ ხალდირიულხის ქვეყნის მეფე. გამაგრებული ციხეები, რომლებიც კი იყო იმ ქვეყანაში, მე იქიდან მოვგლიჯე.

მენუა ამბობს: ვიმც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გასტეხს, ვინც ვინმეს ამას გააკეთებინებს, სხვა ვინც იტყვის: "მე გავაკეთე ყველაფერი ეს", დაე, მოსპონ ღვთება ხალდიმ, ღვთაება შივინიმ, ყველა ღვთაებამ ამ მზის ქვეშ".

ეპიგრაფიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წარწერას.

ინგლისის მეფის
ედუარდ აღმსარებლის
(1042-1066)
სამეფო ბეჭედი

კონსტანტინეს ნაბოძვარი
რომის იმპერატორ კონსტანტინე I დიდის (306-337) სახელით VIIIIX ს.-ში შედგენილი ყალბი სამეფო სიგელი, რომლის მიხედვით ბიზანტიის იმპერატორმა რომის პაპს სილვესტრ I-ს (314-335.) უბოძა სასახლე, ქალაქი რომი და "დასავლეთის ქვეყნები". ამ სიგელით კათოლიკური ეკლესია დასავლეთ ევროპის საერო ხელისუფლებაზე რომის პაპის უზენაესობას ამტკიცებდა.

ეპიგრაფიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია, ეპიგრაფიკა, რომელიც მყარ მასალაზე - ქვა, ლითონი, მინა, კერამიკა - შესრულებულ ძველ წარწერებს იკვლევს. ასეთ წარწერებს ლაპიდარულსაც უწოდებენ.

ანტიკური ისტორიიდან უამრავი ეპიგრაფიკული ძეგლი შემოგვრჩა. არის მთელი ქვეყნები და რეგიონები რომელთა შესახებ წერილობითი ინფორმაცია მხოლოდ ამ ტიპის წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახა. ეპიგრაფიკული მასალა ძნელად რომ ჩვენამდე დაუზიანებლად იყოს მოღწეული. ქვა ცვდება, თიხაზეც წარწერების სიმკვეთრე კლებულობს და ა. შ. ხშირად ეპიგრაფიკული ძეგლი მიუვალ კლდეებზეა ამოკვეთილი, რაც მკვლევარებს დამატებით სირთულეებს უქმნით. ასე რომ ეპიგრაფიკული მასალის წაკითხვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სპეციალურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.

დიპლომატიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია აგრეთვე დიპლომატიკა, ანუ სიგელთმცოდნეობა, რომელიც საგანგებოდ იკვლევს ძველ ისტორიულ დოკუმენტებს.

სფრაგისტიკაც ისტორილი დისციპლინაა, რომელიც სწავლობს ძველ დოკუმენტებზე დასმულ ბეჭდებსა და მათ გამოსახულებებს.

დიპლომატიკას და სფრაგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძველი დოკუმენტების უტყუარობის დადგენაში. საბუთების გაყალბება ხომ ადამიანებმა ასეთი დოკუმენტების დამზადებისთანავე დაიწყეს. დოკუმენტების გაყალბება იმდენად ოსტატურად ხდებოდა, რომ მკვლევარები დღესაც კამათობენ მრავალი ძველი დოკუმენტის უტყუარობის შესახებ. ზოგიერთი საბუთის გაყალბება ამა თუ იმ საგვარეულოს დაძველებას ან განდიდებას ემსახურებოდა. ძირითადად, ბუნებრივია, ისეთ ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ, რომელიც უძრავი ქონების (მიწა, სახლი), მათ შორის სოფლის, სოფლების, ან მთელი მხარის, მონასტრის, ციხე-ქალაქის ყიდვა-გაყიდვას, მემკვიდრეობით გადაცემას, მზითვში გაცემას, ან ჩუქებას შეეხებოდა. ასეთი ყალბი დოკუმენტის შექმნის კლასიკური მაგალითი ცნობილი ე.წ. კონსტანტინეს ნაბოძვარია.

§3. წყაროთმცოდნეობა

ძველი წერილობითი წყაროების დიდი ნაწილი ნარატიული, ანუ თხრობითი წყაროებია. ნარატიულ წყაროებს წყაროთმცოდნეობა შეისწავლის. ეს მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. უმრავლეს შემთხვევაში ჭირს ამ თხზულებათა ავტორების და მათი მოღვაწეობის პერიოდის დადგენა. იოლი არაა ამ თხზულებებში დაცული ინფორმაციების წარმომავლობისა და მათი სანდოობის გარკვევა.

ნარატიული წყარო
"ნარატიული" ლათინური სიტყვა "ნარაციოდან" მოდის, რაც თხრობას ნიშნავს. ამ სახელით მოიხსენიებენ მეტ- ნაკლებად ვრცელ თხზულებებს, სადაც წარსულში მომხდარი ამბები თხრობის ფორმითაა გადმოცემული.

ყოველი ძველი საისტორიო თხზულების გამოყენებისას, უპირველეს ყოვლისა, დგება ამ თხზულებებში დაცული ცნობების სანდოობის საკითხი. ამისათვის მკვლევარებს, პირველ რიგში, თხზულების დაწერის დროისა და ავტორის ვინაობის დადგენა უხდებათ, თუ ამის შესახებ საკუთრივ თხზულებაში არ მოიპოვება შესაბამისი ინფორმაცია, ან ეს სხვა წყაროებიდან არაა ცნობილი.

ჩნდება კითხვა: განა ასოების მოყვანილობა და ამა თუ იმ ეპოქაში გავრცელებული კალიგრაფიული სტილი არ შეიძლება დაგვეხმაროს უთარიღო ხელნაწერის შექმნის დროის დადგენაში?

რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს სავსებით შესაძლებელია. მით უფრო, ისტორიის იმ პერიოდისათვის, როდესაც, კაცობრიობამ ჯერ წიგნების ბეჭდვა არ იცოდა და ხელნაწერი ტექსტები გადაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენამდე მოღწეული საისტორიო თხზულებების ხელნაწერები ბევრად უფრო გვიანდელია, ვიდრე თვითონ თხზულებები. ამიტომ, თუმცა ხშირად ამ ხელნაწერების გადაწერის პერიოდის და ხანდახან ადგილის დადგენაც კი შეგვიძლია, მაგრამ ეს დიდს ვერაფერს გვეუბნება თვით თხზულების შექმნის დროისა და მისი შემქმნელის შესახებ.

ნარატიული თხზულების დაწერის პერიოდზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ისტორიკოსი იძულებულია, მის დასადგენად არაპირდაპირი მონაცემებით იხელმძღვანელოს, როგორიცაა: თხზულებაში გადმოცემული ისტორიული ამბები, თხზულების ენა და ლექსიკა, ნაშრომის გეოგრაფიული, ეკონომიკური და ეთნიკური ტერმინოლოგია, რელიგიურ-კულტურული სიმბოლიკა და სხვ.

ამ შემთხვევაშიც არა ერთ სირთულეს ვაწყდებით. მასალა, რომელზედაც ხელნაწერი იყო შესრულებული (ტყავი, პაპირუსი, ქაღალდი) დროთა განმავლობაში ცვდებოდა და ტექსტის გადარჩენა მის გადაწერას მოითხოვდა. გარდა ამისა, გადაწერა ერთადერთი საშუალება იყო წიგნის გამრავლების. რაც უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი იყო ნაშრომი, მით უფრო ხშირად ხდებოდა მისი გადაწერა. გადამწერები კი, მათი დიდი გამოცდილებისა და მონდომების მიუხედავად, ბუნებრივია, შეცდომებისაგან დაზღვეულები სულაც არ იყვნენ. განსაკუთრებით მახინჯდებოდა, ან სულაც იცვლებოდა საკუთარი, ეთნიკური და გეოგრაფიული სახელები, ანუ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ცვლილებას განიცდიდა. მართლაც, მაგალითად VIII ს-ის გადამწერისათვის შეიძლება გაუგებარი გამხდარიყო IV, ან თუნდაც VI ს-ში შექმნილ ტექსტში დასახელებული ხალხების, ქალაქების, მდინარეების და ა.შ. სახელები, რომლებიც მის ეპოქაში, ან უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდნენ, ან შეცვლილი სახელებით იყვნენ ცნობილნი. ამიტომ გადამწერს, რომელიც ხშირად დაზიანებულ ტექსტს უკირკიტებდა, უჭირდა მისთვის უცნობი სახელების სწორედ ამოკითხვა.

თომას მანი (1875-1955)
გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929).

სწორად ამოკითხვის შემთხვევაშიც, გადამწერი ცდუნების წინაშე დგებოდა: ან უცვლელად დაეტოვებინა ტექსტში მისი ეპოქის მკითხველისათვის გაუგებარი სახელები თუ ტერმინები, ან ისინი იმავე ტერიტორიაზე უკვე მის ეპოქაში მცხოვრები და, შესაბამისად, მისი ეპოქის მკითხველისათვის უფრო ცნობილი ხალხების სახელებით ჩაენაცვლებინა.

გადამწერის მიერ ამ ბოლო არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ძველი ტექსტის ტერმინოლოგიური განახლება ხდებოდა, რაც გამოუცდელი მკვლევარისათვის, შესაძლოა, ტექსტის არასწორად დათარიღების მიზეზი გახდეს. მაგალითდ, ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ შემთხვევაში IV, ან VI ს-ში შექმნილი ტექსტი, მისი VIII ს-ში ტერმინოლოგიური განახლების გამო, VIII ს-ით დაათარიღოს.

ნაშრომის ავტორისა და თარიღის იმთავითვე ცოდნის ან დადგენის შემთხვევაშიც კი ისმის არაერთი კითხვა:

იყო თუ არა ავტორი მის მიერ გადმოცემული ამბების თვითმხილველი?

ცნობილია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ანტიკურ ხანაში 25, ხოლო შუა საუკუნეებში 30-40 წელს არ აღემატებოდა, აქედან 16 წელი მის ბავშვობასა და აღზრდაზე მოდიოდა, შესაბამისად, თხზულების ავტორს აქტიური ცხოვრებისათვის, ანუ მის მიერ აღწერილ ამბებში მონაწილეობისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, 14-24 წელი რჩებოდა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველ ისტორიკოსთა თხზულებებში მოთხრობილ ამბავთა ქრონოლოგია მათი ცხოვრების წლებს, როგორც წესი, ბევრად აღემატება, მივხვდებით, თუ რამდენად პირობითია ამა თუ იმ თხზულების ავტორის თვითმხილველობის ცნება. ცხადია, რომ იმ ეპოქამდე მომხდარი ამბების აღსაწერად, რომელშიც ავტორი უშუალოდ არ მონაწილეობდა მას წყაროების, ანუ წინარე ავტორების გამოყენება უხდება. ასეთ შემთხვევაში უკვე მისი პირველწყაროების სანდოობის საკითხი დგება.

წარსული ამოუცნობი სიღრმის ორმოა. უკეთესი ხომ არ იქნება, თუ მას უძირო ორმოს ვუწოდებთ?

უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა "პირველწყაროს", პირველი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაწილი შერჩეულია არც თუ ისე ზუსტად, ვინაიდან ეს დაზიანებული ფირფიტები წარმოადგენენ ასლებს, რომლებიც სულ რაღაც ექვსასი წლის წინ ჩვენს ერამდე აშურბანიფალის (ძვ. წ. 668-627, რედ.)... ბრძანებით დაამზადეს სწავლულმა მონებმა, ხოლო დედანი კი იყო მთელი ათასი წლით უფრო ხნიერი ... რის გამოც მისი წაკითხვა და გაგება აშურბანიპალის გადამწერთათვის დაახლოებით ისევე იოლი იყო, უფრო სწორად ისევე რთული, როგორც ჩვენთვის კარლოს დიდის ეპოქის ხელნაწერის გარჩევა. ამ ... სიგელ-გუჯრის გაუმართავი, დიდი ხნის წინ მოძველებული ასოთა მოყვანილობა, რა თქმა უნდა, ძნელი გასარჩევი იყო უკვე იმ ჟამად და, რომ მასში დაცული აზრი ზედმიწევნით ზუსტად იქნა გადმოცემული, თავდებად დადგომა ძნელია.

თუმცა ეს დედანიც არ იყო დედანი, უფრო სწორად ნამდვილი დედანი, ... ისიც გადმოეწერათ ღმერთმა უწყის რა სიძველის გუჯრიდან& აი, ამისთვის კი ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა დაგვერქვა დედანი, ის რომ არ ყოფილიყო აჭრელებული ვიღაც გადამწერის ხელით მიწერილი შენიშვნებით და განმარტებებით, რაც ტექსტის უკეთ გაგების მიზნით იყო გაკეთებული, სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, პირიქით, ძველი ხელნაწერის სიბრძნის დამახინჯებულ განახლებას ემსახურებოდა. შეგვეძლო უსასრულოდ გაგვეგრძელებინა ეს ჯაჭვი, იმედი რომ არ გვქონდეს იმისა, რომ ჩვენი მსმენელებისათვის უკვე ისედაც ნათელია, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ორმოს უძირობაზე ვსაუბრობთ."

თომას მანი და მისი ძმები

პირველწყარო
ესაა წყარო, საიდანაც ისტორიკოსი იღებს ინფორმაციას. ასეთი შეიძლება იყოს ბიბლია, აღნიშნული ავტორის ხანაში საზოგადოებაში გავრცელებული ლეგენდა, ან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომელსაც ის თავის თხზულებაში იმოწმებს, ამ ავტორის ხანაზე უფრო ადრე, სხვა ავტორის მიერ შექმნილი ლიტერატურულითუ ისტორიული თხზულება, საკუთრივ ავტორის მიერ ნანახი დოკუმენტი, ხელოვნების ნიმუში (ნახატები, სურათები, ფილმები და ა.შ.), ლიტერატურული ნაწარმოებები (მხატვრული, ისტორიული, რელიგიური და ა.შ.), ან ეპიგრაფიკული წარწერა, რომელიც მან შემდგომ თავისებურად გაიაზრა და გადმოსცა.

ისტორიის იმ მონაკვეთშიც, რომელშიც ავტორი უშუალოდ ცხოვრობდა, არ შეიძლება მისი უპირობო ნდობა. გასარკვევია, ავტორი თვითონ მონაწილეობდა მის მიერ გადმოცემულ თანადროულ ამბებში, თუ მათ შესახებ სხვა პირთა მონათხრობებით გვიყვება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტორი მოვლენათა უშუალო მონაწილეა, არაერთი კითხვა იბადება: ჰქონდა თუ არა მას ისტორიული მოვლენების სწორად გაგებისა და გადმოცემისათვის შესაბამისი ცოდნა და განათლება, რამდენად ობიექტური თუ მიკერძოებული იყო ის თხრობისას?

ისტორიკოსებს ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მოვლენების ჭეშმარიტი და პირუთვნელი გადმოცემაა.

"ჟამთააღმწერლობა (ისტორიკოსობა) ჭეშმარიტების მეტყუელება არს, და არა თუალ-ასხმა (მოტყუება) ვისთვისმე" წერს XIV ს-ის უცნობი ქართველი მემატიანე.

ისტორიკოსის მიერ ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაშიც კი ჩნდება ახალი კითხვები:

რა არის ისტორიული ჭეშმარიტება? შეუძლია თუ არა, საერთოდ, ადამიანს ცალკეული ისტორიული მოვლენის ობიექტური, პირუთვნელი შეფასება და სრულყოფილად თხრობა?

ყველას შეგვიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე ამბავსაც კი თვითმხილველები სხვადასხვანაირად ყვებიან: ზოგს მომხდარის ერთი მხარე რჩება მეხსიერებაში, სხვას კი - მეორე. ჩვენი მეხსიერებაც არ არის უნაკლო და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი მიეცემა დავიწყებას. მეტწილად, ეს დამოკიდებულია ადამიანების განათლების დონეზე, ინტერესთა სფეროზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ასე რომ, თვითმხილველის მიერ აღწერილი ამბავიც არ შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ. მით უფრო, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს, მაქსიმალური ობიექტურობის გამოჩენის სურვილის მიუხედავად, მაინც გვაქვს სუბიექტური ხედვა, ვინაიდან ჩვენზე, ბუნებრივია, მოქმედებს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ნათესაურ-მეგობრული კავშირები, ჩვენი ასაკი და განათლების დონე, ეროვნულ-კულტურული ტრადიციები, პოლიტიკური სიმპათიები თუ ანტიპათიები.

არადემოკრატიულ, მონარქიულ და დესპოტურ სახელმწიფოებში ისტორიკოსს ხშირად შიშიც აიძულებს იყოს არაგულწრფელი და შეალამაზოს ქმედებები ძლიერთა ამა ქვეყნისა. ისტორიის ასეთი შეგნებული გაყალბების კლასიკური მაგალითი VI ს-ის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელია.

პროკოფი კესარიელი
ბიზანტიელი ისტორიკოსი VI ს.

იუსტინიანე I
ბიზანტიის კეისარი
527-565

"ანეგდოტა"
პროკოპი კესარიელის "საიდუმლო ისტორიას" ლათინურად "ანეგ- დოტა" (Anecdota- გამოუქ- ვეყნებელი ნაწერი) ეწოდება.

პროკოპი კესარიელმა, ცნობილ თხზულებაში "პოლემიკა" ბიზანტიის იმპერიის ის ომები აღწერა, რომელსაც იმპერატორი იუსტინიანე I აწარმოებდა. პროკოპი კესარიელი ამ ომებში ძირითადად უშუალოდ მონაწილეობდა და მოვლენებს ოფიციალური ისტორიკოსის რანგში აღწერდა. ამიტომ ის იმპერატორ იუსტინიანეს საგანგებოდ აქებს და ყოველთვის ყველგან მის მიერ გატარებულ პოლიტიკას ამართლებს. როგორც გაირკვა, პროკოპი კესარიელი სინამდვილეში იუსტინიანე I-ის მოწინააღმდეგე იყო, იმპერატორი და მისი გარემოცვა ეჯავრებოდა. თავისი ნამდვილი შეხედულებები იუსტინიანეზე და მის მმართველობაზე მან თავის "საიდუმლო ისტორიაში" გადმოგვცა, რომელიც ფარულად შეადგინა, თუმცა გამომზეურება ვერ გაბედა, რადგან მას, როგორც თვითონ აღნიშნავს, მოსალოდნელი რეპრესიების ეშინოდა. მისი ამ თხზულების არსებობის შესახებ, შემდგომი თაობების ბიზანტიელი ისტორიკოსებისათვის ცნობილი იყო, მაგრამ "საიდუმლო ისტორიის" ხელნაწერი მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის დაცემიდან (1453) ას სამოცდაათი წლის შემდეგ (1623) ვატიკანის არქივში აღმოჩნდა.

ობიექტურად აფასებდა კი პროკოპი კესარიელი იმპერატორ იუსტინიანეს თავის "საიდუმლო ისტორიაში"? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიული მოვლენის თუ ისტორიული პიროვნების შეფასებას დრო სჭირდება, ამიტომ სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ ხშირად ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას თუ პიროვნებას ათეულობით წლების და, ხანდახან საუკუნეების გასვლის შემდეგ უფრო ობიექტურად აფასებენ, ვიდრე აფასებდნენ მისი თანამედროვეები. იმავდროულად, დროში დაშორებას დიდი უარყოფითი მხარეც აქვს: რაც უფრო შორს ვართ აღსაწერი ეპოქიდან, მით უფრო გვიჭირს იმ ხანის ადამიანების აზროვნების, ფასეულობების, ურთიერთობების და, ზოგადად, სულისკვეთების გაგება-აღდგენა.

პროკოფი კესარიელი იუსტინიანე კეისარსა და მის მმართველობაზე:

ჩემთვის არ იყო შესაძლებებლი აღმეწერა ამბები, როგორც წესი და რიგია, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ამ საქმეების ჩამდენნი. ვერც გამოვაპარებდი რამეს ჯაშუშების სიმრავლეს, და მათ მიერ გამჟღავნებული საცოდავი სიკვდილით დავიღუპებოდი, უახლოეს ნათესავებსაც კი ვერ ვენდობოდი.

წინანდელ ნაწერებშიც ბევრი რამ ისეთი ვთქვი რისი მიზეზებიც იძულებული ვიყავი დამემალა. აქამდე უთქმელად დარჩენილ და წინანდელ მოთხრობებში გამოტოვებული მიზეზებიც უნდა ავხსნა. მაგრამ ამ ახალ ბნელსა და დაუძლეველ საქმეზე, რომ გადავდივარ, იუსტინიანესა და თეოდორას ცხოვრების აღწერაზე, კანკალს მაწყებინებს და უკან ვიხევ და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე , რომ ვაი თუ, რასაც მე ახლა დავწერ არც სანდოდ და არც შესაფერისად მოეჩვენოთ იმათ, ვინც შემდგომ იქნებიან... თუ რაის ბატონები ბრძანდებოდნენ იუსტინიანე და თეოდორა და თუ როგორ დაამხეს მათ რომაელთა საქმეები ახლავე ვიტყვი... იუსტინიანე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდო და რომაელებისათვის (იგულისხმება ბიზანტიელები, რედ) ისეთ და იმდენ უბედურებათა მიზეზი გახდა, რომლებიც მოსმენითაც კი არავის გაუგონია მთელი წინა საუკუნეების მანძილზე... იუსტინიანემ იმდენი რამე ჩაიდინა, რომ მთელი საუკუნეც არ იქნება საკმარისი, რომ მასზე გიამბოთ".

"ანეგდოტა"

მაინც, რა სახის შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ანტიკური ხანისა თუ შუა საუკუნეების ისტორიკოსები?

ანტიკური ხანა - ისტორიის ძველი პერიოდი. დღესდღეობით იტორიის ყველაზე უფრო გავრცელებული პერიოდიზაციით ასე ეწოდება ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან 476 წლამდე.

შუა საუკუნეები - ასე ეწოდება ისტორიის პერიოდს 476 წლიდან 1517 წლამდე (იხ. ისტორიის პერიოდიზაცია გვ. 76) .

მოვსეს ხორენაცის სომხეთის ისტორია მოგვითხრობს ამბებს უძველესი დროიდან-სომეხთა ლეგენდარული წინაპრის ჰაიკისა და მისი ვაჟი არმენიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით. რაც შეეხება მოვსეს ხორენაცის მოღვაწეობის ხანის დათარიღებას, ის V-X სს-ებს შორის მერყეობს, ვინაიდან თხზულება V ს-ის ამბების თხრობით თავდება, მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ავტორიც ამავე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა თხზულებაში მოცემული ეთნო-გეოგრაფიული ტერმინოლოგია სხვა მკვლევარებს ერთ შემთხვევაში მის VII ს-ში, მეორე შემთხვევაში კი X ს-ში მოღვაწეობას აფიქრებინებს.

უპირველეს ყოვლისა, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში (ყოველ შემთხვევაში, შუა საუკუნეების უდიდეს ნაწილში) სერიოზული პრობლემა ქრონოლოგიის საკითხი გახლდათ.

მაგალითად, ადრე შუა საუკუნეების დიდი სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, თავის სომხეთის ისტორიაში, სადაც სომხეთის ისტორიის უძველესი პერიოდი მსოფლიო ისტორიის ფონზე აქვს გაშლილი, მეორე წიგნის XII ნაკვეთს შემდეგნაირად ასათაურებს: "არტაშესის დაძვრა დასავლეთისაკენ, კრიუსოსის შეპყრობა, კერპების ხელში ჩაგდება და სომეხთათვის გადაცემა". ვინ არის არტაშეს პირველი, როგორც მას თვით ავტორი უწოდებს? ესაა სომხეთის ცნობილი მეფე არტაშეს I, იგივე ბერძნული წყაროების არტაქსია, რომელიც სომხეთს ძვ. წ. 189-160 მართავდა, და ვინ არის კრიუსოსი? ეს მსოფლიო ისტორიიდან კარგად ცნობილი ლიდიის მეფე კროისოსია, რომელიც ლიდიას ძვ. წ. 550-546 განაგებდა. როგორც ვხედავთ, ეს, დაახლოებით ოთხი საუკუნით ერთმანეთს დაშორებული მეფეები მოვსეს ხორენაციმ თანამედროვეებად გამოიყვანა. სამწუხაროდ, ძველ ავტორებს შეცდომები მარტო ქრონოლოგიაში როდი მოსდიოდათ.

მაგალითად, ცნობილია, რომ აქემენიანთა სპარსეთის პირველი მეფე კიროსი სკვითებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამ ამბავს არაერთი ანტიკური წყარო მოგვითხრობს. მაგრამ წყაროებს შორის თანხმობა ამით თავდება.

რომელ სკვითურ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა კიროსი?

ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ ის მასაგეტების სკვითურ ტომთან ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ როცა სტრაბონი საკების სკვითურ ტომს ასახელებს.

კიდევ უფრო მეტ დავას იწვევს კიროსის დაღუპვის ადგილი. ჰეროდოტეც და სტრაბონიც მდ. არაქსს ასახელებენ. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები მაინც ვერ შეთანხმებულან ამის თაობაზე, რატომ? იმიტომ რომ ბერძნულ წყაროებში არც თუ იშვიათია ერთი და იგივე სახელწოდებით რამდენიმე სხვადასხვა მდინარის მოხსენიება.

პროკოფი კესარიელი იუსტინიანე კეისარსა და მის მმართველობაზე:

"ჩვენს დროში გამოჩნდა იუსტინიანე მეფე, რომელმაც მიიღო სახელმწიფო უაღრესად შერყეული და სიდიდითაც უფრო გაზარდა იგი და ბევრად უფრო ბრწყინვალე გახადა, მას შემდეგ რაც იქიდან გააძევა ბარბაროსები, რომლებიც ძველითგანვე მძლავრობდნენ მას, როგორც ეს ჩემ მიერ დაწვრილებით არის ნათელყოფილი წიგნში "ომების შესახებ"... (იუსტინიანემ თავისი მოღვაწეობით, რედ.) იმას მიაღწია , რომ სახელმწიფოში დაამკვიდრა ნეტარი ცხოვრება".

"ამბობენ, რომ სპარსელი კიროსი საუკეთესო მეფე იყო და მათ შორის, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, თავისი თანამეტომეებისათვის იყო უდიდესი მიზეზი სამეფოს ძლიერებისა... თუ ვინმე ზედმიწევნით გაეცნობა ჩვენი მეფის იუსტინიანეს მმართველობას, ის მივა იმ დასკვნამდე, რომ კიროსის სამეფო (იუსტინიანესთან შედარებით, რედ.) სათამაშოს ჰგავს".

"პოლემიკა"

საზოგადოდ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის კიდევ ერთი სისუსტე იყო.

მოვიყვანთ გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა არასწორად გაგების ერთ კლასიკურ მაგალითს ქართული შუა საუკუნოვანი მატიანეებიდან: რომლებიც, სხვადასხვა ისტორიულ ინფორმაციებთან ერთად, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორისა და მიდიის (უძველესი პერიოდის სპარსეთი) მეფის მართველობის ხანაში სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მიერ გამოდევნილი მომთაბარე ირანული მოდგმის ტომების სკვითების მოსვლა დასახლების ამბავს მოგვითხრობენ.

თავდაპირველ ტექსტში ეწერა: "მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანა ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს. და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქვიან მას ხერკი". მოგვიანებით, ტექსტის ერთ-ერთმა გადამწერრედაქტორმა ტექსტში დასახელებული ეთნიკურ-გეოგრაფიული სახელები ვერ გაიგო და ისინი თავისებურად "შეასწორა". შესწორების შემდეგ ტექსტმა შემდეგი სახე მიიღო:

ნაბუქოდონოსორი ბაბილონის მეფე
(ძვ.წ. 605-552)

ნაბუქოდონოსორის გამოსახულება კამეაზე

"მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა.

მისცა და დასხნა არაგუსა ზედა. წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ, ხარკისა მისთჳს".

საიდან გაჩნდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ან კიდევ ურიები, როდესაც პირველ ტექსტში ქალდეველები და ჰონები არიან მოხსენიებულნი? საქმეც იმაშია, რომ უფრო გვიანი ხანის რედაქტორ-გადამწერმა ქალდეველები სრულიად სამართლიანად შუამდინარელებად და ბაბილონელებად გაიაზრა, მით უფრო, რომ ეთნიკური სახელი ჰონი, ჰურიანის, ანუ ებრაელის ქარაგმად მიიჩნია. თუ შუამდინარეთიდან, ანუ ბაბილონიდან დევნილ და გადმოსახლებულ ებრაელებთან გვაქვს საქმე, რომელი მეფე იქნებოდა ამის ჩამდენი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, რომელმაც, როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, იერუსალიმი აიღო და ებრაელები ბაბილონში გადაასახლა. განა უპრიანი არ იქნება, რომ ებრაელების ქართლში მოსვლა, ნაბუქოდონოსორის მიერ სამშობლოდან მათ იძულებით გამოსახლებას დავუკავშიროთ?

რა არის ისტორია?

"...ისტორიის ეს გადმოცემა მიზნად ისახავს იმას, რომ დროთა ვითარებაში არ იქნეს დავიწყებული ადამიანთა საქებარი საქმიანობა, არც ის დიდი და საოცარი საქმეები უნდა დარჩეს განუდიდებელი, რომლებიც აღასრულეს როგორც ელინებმა, ისე ბარბაროსებმა, არ უნდა იქნეს დავიწყებული ყველა სხვა და განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რისი გულისათვისაც ებრძოდნენ ელინები და ბარბაროსები ერთმანეთს".

ჰეროდოტე, "ისტორია"

ტექსტის გადამწერ-რედაქტორმა არ იცოდა, და ჩვენ კი დღეს ვიცით, რომ აღნიშნული ინფორმაცია სულაც არ ეხებოდა ებრაელებს, არც ბაბილონი და შუამდინარეთია მაინცადამაინც შუაში. საქმე ისაა, რომ უძველეს ქართულ ტექსტებში ეთნონიმი ქალდეველი შუამდინარეთის მცხოვრებს კი არა, სპარსელს აღნიშნავს. რაც შეეხება ეთნონიმ ჰონს, ჰონები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომებია (და არა ჰურიის, ანუ ებრაელის ქარაგმა), რომლებიც სწორედაც ამ სახელწოდებით არიან ცნობილი მსოფლიო ისტორიაში. ძველ ქართულ წყაროებში ეთნონიმები ჰონი, თურქი და ხაზარი, ხშირად ამ სახელით ცნობილ კონკრეტულ თურქულ ტომს სულაც არ აღნიშნავს. ვინაიდან ეს ტომები მომთაბარეები იყვნენ, მათი ეთნიკური სახელი ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში ზოგადად მომთაბარის სინონიმად იქცა. ასე რომ, ეს ისტორიული ინფორმაცია სპარსელების მიერ (უფრო ზუსტად, მათი მეფე ყიაღსარის მიერ) გამოდევნილი მომთაბარეების, კერძოდ, სკვითების, ქართლში მოსვლის ამბავს მოგვითხრობს.

ჩრდილო კავკასიის ველებზე III ს-დან მომთაბარე ჰონები V საუკუნის შუა წლებში ევროპისაკენ დაიძრნენ. VII საუკუნიდან კავკასიაში მათ ასევე თურქული მოდგმის ხაზარები ჩაენაცვლნენ. ვინაიდან იმ ხანისათვის (VII ს.) ჰონები საქართველოში აღარ ახსოვდათ, ჰურიები, ანუ ებრაელები კი მცხეთასა და მის ირგვლივ მრავლად ცხოვრობდნენ, ძველმა ქართველმა რედაქტორ-გადამწერმაც მისთვის გაუგებარი ჰონი ქარაგმად მიიჩნია და ეს ვითომდა ქარაგმა სრულიად ბუნებრივად გახსნა მისი დროისათვის გასაგები ჰურიანით (ებრაელით).

როგორც ვიცით, XV ს-მდე წიგნის სტამბური ბეჭდვა არ არსებობდა. ხელნაწერი წიგნები ცალობით იქმნებოდა. ამგვარად, გადამწერ-რედაქტორმა თავის ნუსხაში კი შეიტანა შესწორება, რომელიც ამ ნუსხიდან გადაწერილ ეგზემპლარებში გავრცელდა, მაგრამ ტექსტის ძველი ვერსიაც სადღაც დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე ვერსია ახლა სხვა გადამწერ-რედაქტორს ჩაუვარდა ხელში. ერთ ნუსხაში მას ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელების ქართლში მოსვლისა და ხერკში და ზანავში დასახლების ამბავი დახვდა, მეორეში კი - ასევე ხერკსა და ზანავში ქალდეველებისაგან დევნილი ჰონების მოსვლადასახლების ამბავი. ასეთ ვითარებაში თავის გადაწერილ ვერსიაში მან უცვლელად შეიტანა ერთი ნუსხიდან ამოღებული ინფორმაცია ებრაელების შესახებ, მეორე ნუსხიდან კი დატოვა ის, რაც განსხვავებული იყო და პირველ ნუსხაში არ ეძლეოდა. ასე გაჩნდა ამ ამბის კიდევ ერთი ჩანაწერი: "კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს".

იმავე ხანებში, ან უფრო ადრე, კიდევ ერთმა გადამწერრედაქტორმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველ გადამკეთებელზე უკეთესად გაიგო, გადაწყვიტა ძველი და ფართო მკითხველისათვის უკვე გაუგებარი ეთნიკური ტერმინების შეცვლა მის დროში მიღებული შესატყვისებით. ამიტომ ქალდეველები შეცვალა სპარსელებით, უფრო ზუსტად, მათი ცნობილი მეფე ქაიხოსროთი (ყიაღსარი), ჰონი კი, როგორც მომთაბარის აღმნიშვნელი ტერმინი, ამავე მნიშვნელობით მის დროში უფრო გავრცელებული ტერმინით თურქი. ამის შემდეგ მან მოინდომა, რომ მკითხველისათვის განემარტა ამ თურქების ქართლში მოსვლის მარშრუტი და, ვინაიდან მის ხანაში თურქი ტომები ძირითადად ცენტრალურ აზიაში მომთაბარეობდნენ, ისინი საქართველოში გურგენის, ანუ კასპიის ზღვის გავლით მოიყვანა. შედეგად, მივიღეთ იგივე ამბის უკვე რიგით მეოთხე ვერსია:

"მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი ოტებულნი მისვე ქაიხოსროსაგან, გამოვლეს ზღუა გურგენისი, აღმოჰყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას - სახლი ოცდა რვა. და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა... და მოითხოვეს ადგილი ერთი იგი მცხეთელთა მამასახლისითგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ"...

კიდევ ერთმა გადამწერ-რედაქტორმა ყველა ამ ვერსიას მოუყარა თავი და, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ამბად ფაიაზრა, "ქართველთა ცხოვრების" მის მიერ გადაწერილ ეგზემპლიარში ქრონოლოგიურად ერთმანეთის მიყოლებით განალაგა, როგორც სხვადასხვა ამბები. ასეთნაირად მივიღეთ, რომ სპარსელების, კერძოდ, მეფე ყიაღსარის მიერ გამოდევნილი სკვითების საქართველოში მოსვლის ამბავს "ქართველთა ცხოვრება" ხან ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელების, ან სულაც საკუთრივ ქალდეველების, ან კიდევ ყიაღსარის (ქაიხოსრო) მიერ გამოდევნილი თურქების ქართლში მოსვლა-დასახლების თითქოს სხვადასხვა დროს მომხდარ განსხვავებულ ამბებად გვიყვება.

შეცდომების დაშვება ჩვეულებრივ ხდებოდა მეფეთა, თუ, ზოგადად, სხვადასხვა სახის გენეალოგიური ნუსხების გადაწერის დროს, გადამწერის მიერ ერთი სახელის გამოტოვება, ან პირიქით, გამეორება შეცდომების მთელ წყებას იწვევდა. ამგვარი შეცდომის საილუსტრაციოდ მოგვყავს ბიბლიურ ეთნარქთა ყველასათვის ცნობილი გენეალოგია.

აქ კაენისა და შეთის შთამომავლების ნუსხას თუ დავაკვირდებით და, იმავდროულად, ამ ორ გენეალოგიურ ბოძს შორის შეთის შთამომავლების ჩვენს მიერ შუაში შემოთავაზებულ და თანმიმდევრობა შენაცვლებულ, ანუ გასწორებულ რიგს თუ შევადარებთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ისინი ერთი ნუსხის ოდნავ განსხვავებული ვერსიებია. მაგრამ ბიბლიის შემდგენლები ამას ვერ მიხვდნენ და ეს ორი იდენტური, თუმცა ერთმანეთის მიმართ გარკვეული ხარვეზებისა და განსხვავების შემცველი ნუსხები სხვადასხვა შვილების შთმომავლების ორ განსხვავებულ გენეალოგიურ ნუსხად გაიაზრეს.

ასეთი და მსგავსი შეცდომებითა და კურიოზებით სავსეა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების, განსაკუთრებით ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ისტორიკოსთა, მათ შორის სრულიად გამორჩეულ ისტორიკოსთა ნაშრომები.

ნდობა და კრიტიკა. ნარატიული თხზულებები, ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ხარვეზების მიუხედავად, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენენ ისტორიკოსებისათვის წარსულის რეკონსტრუქციისას. ვინაიდან ყველა სხვა წერილობითი წყარო: სხვადასხვა სახის დოკუმენტები სიგელ-გუჯრები, მოსახლეობის, თუ გადასახადების აღწერის დავთრები, ეპიგრაფიკული წარწერები და ა.შ. ისეთ მრავალმხრივ და ვრცელ ინფორმაციას არ გვაძლევენ ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაზე, როგორც ძველ ისტორიკოსთა "ისტორიული თხზულებები".

მიუხედავად, ნარატიული თხზულებების ასეთი მნიშვნელობისა, დამოკიდებულება მათ მიმართ, უფრო სწორედ, ნდობა ამ თხზულებებში დაცული ინფორმაციებისადმი ეპოქების მიხედვით ფრიად განსხვავდება: ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ადამიანები ძველ მწერალთა მონათხრობს ბევრად მეტი ნდობით ეკიდებოდნენ და, შეიძლება ითქვას, უკრიტიკოდ იღებდნენ. მიუხედავად ამისა, იმ ხანაშიც არსებობდნენ ისტორიკოსები, რომლებიც მათ წინამორბედ მკვლევართა თხზულებებში მოთხრობილ ნაკლებად სარწმუნო ამბებს არ იჯერებდნენ და ფანტასტიკური ამბების თხრობით გატაცებულ ავტორებს აკრიტიკებდნენ.

ისიკოსის უბე - მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი ჩრდილო- აღმოავლეთი უბე.

ჩვენი ზღვა - იგულისხმება ბერძნების ზღვა, იგივე ხმელთაშუა ზღვა.

დიოსკურიადა - ქალაქი სოხუმი

სტადიონი - მანძილის საზომი ერთეული ძველ ხალხებში. ერთი სტადიონი ძველ ბერძნებში უდრიდა 178 მეტრს.

ადრიასი - ადრიატიკის ზღვა

ჰერაკლეს სვეტები - ჰიბრალტარის სრუტე

ევქსინი - შავი ზღვა

ლიბია - აფრიკა

კილიკია - ისტორიული ქვეყანა დღევანდელი თურქეთის სამხრეთში

ამ მხრივ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თვალი გავადევნოთ, თუ როგორ აკრიტიკებს ანტიკურობის ერთერთი დიდი სწავლული, ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ.64 - ახ.წ.24), რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე მოღვაწე ძველი საბერძნეთის ასევე სრულიად გამორჩეულ სწავლულს (გეოგრაფსა და ფიზიკოსს) ერატოსთენეს (ძვ. წ. 276-195). სტარაბონის თხზულებიდან მოყვანილი ამონარიდი (იხ. ამავე გვერდზე).

უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმართლე ერატოსთენეს მხარეზეა: არც დიოსკურიაა (ქალაქი სოხუმი) ისიკოსის უბეზე აღმოსავლეთით და ძველი ბერძენი მეზღვაურებიც ჯერ კიდევ აქეური საბერძნეთის ხანაში, სანამ გაშლილ ზღვაში ცურვას გაეჩვეოდნენ, სწორედაც ნაპირ-ნაპირ დაცურავდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ სტრაბონი უპირობოდ კი არ იმეორებს ერატოსთენეს ნათქვამს, როგორც ძირიადად იქცეოდნენ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიკოსები, არამედ, როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი ცდილობს მისი წინამორბედის გადამოწმებას და მისთვის მიუღებელი თეზების დასაბუთებულ უარყოფას.

ქართველი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს იმ ბერძენი ისტორიკოსების სტრაბონისეული კრიტიკა, რომელთა თხზულებებში ინდოეთის ჰინდუქუშის მთებს "კავკასიონი" ეწოდება.

ერატოსთენე გვირჩევს, რომ ადვილად არ ვენდოთ შემთხვევით ამბებს

ერატოსთენე გვირჩევს, რომ ადვილად არ ვენდოთ შემთხვევით ამბებს... ხოლო თვით კი უჯერებს შემთხვევით ამბებს. მაგალითად ის ამბობს, რომ ისიკოსის უბე არის უკიდურესი აღმოსავლეთი ადგილი ჩვენი ზღვისა, მაშინ როდესაც დიოსკურიადა, რომელიც მდებარეობს პონტოს უკიდურეს ყურეში, 3. 000 სტადიონით (მანძილის საზომი ერთეული ძველ ბერძნებში) უფრო აღმოსავლეთიდაა მასზე, მისი (ერატოსთენეს, რედ.) გაზომვის მიხედვითაც კი იმ სტადიონებით რომელსაც ის იყენებს. ხოლო როდესაც აგვიღწერს ადრიასის ჩრდილოეთისა და უკიდურეს ქვეყნებს, არ უშვებს არც ერთ მითს, რომ არ მოჰყვეს. მას სჯერა ჰერაკლეს სვეტებს გარეთ მდებარე ქვეყნების შესახებ უამრავი მითიც...

... ის ამბობს, რომ ძველი ხალხები ცურავდნენ ყაჩაღობისა და ვაჭრობისათვის, რომ ისინი შუა ზღვაში კი არ ცურავდნენ, არამედ ნაპირ-ნაპირ, როგორც იაზონი, რომელმაც დატოვა ხომალდი, როდესაც კოლხებიდან ბრუნდებოდა და არმენიასა და მიდიამდე ხმელეთით ილაშქრა. შემდეგ კი ამბობს, რომ ძველად ვერც ევქსინზე ბედავდა ვინმე ცურვას, ვერც ლიბიის, სირიის და კილიკიის გასწვრივ. თუ ძველებს ის მათ უწოდებს, ვინც ჩვენს ხსოვნამდე იყო, მაშინ არ მიმაჩნია საჭიროდ მათზე ლაპარაკი, ცურავდნენ ისინი საერთოდ, თუ არა, ხოლო თუ ის საუბრობს მათ შესახებ ვინც გვახსოვდა, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ძველები უფრო დიდ გზებს არ გადიოდნენ.

სტრაბონი, გეოგრაფია

ძველი ბერძენი სწავლული ასეთი აღრევის მიზეზს ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის ისტორიკოსების ალექსანდრესადმი მაამებლობის სურვილით ხსნის. მართლაც, ანტიკურ სამყაროში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ისტორიკოსთა ნაწერებში ორი კავკასიონი გაჩნდა: ერთი მანამდეც ცნობილი, პონტოს, ანუ შავიზღვისპირა კავკასიონი და მეორე ინდოეთში, ჰინდი-ქუშის მთები, რომლებსაც აგრეთვე "კავკასიონი" ეწოდა. ეს აღრევა, ალექსანდრე მაკედონელის მოლაშქრეების გეოგრაფიული უცოდინრობისა და მათგან ინფორმირებული ისტორიკოსების უნებლიე შეცდომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მლიქვნელობისა და მაამებლობის. მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევისადმი სტრაბონის მიდგომა დღევანდელი ისტორიკოსისთვისაც კი მისაბაძი შეიძლება იყოს.

თუ ანტიკური ხანის ისტორიოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენლები წინარე მწერალთა ნარატიული თხზულებების გამოყენებისას კრიტიკული ანალიზის მეთოდს ხმარობდნენ, ამ მხრივ ბევრად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია. მათ შორის ბიზანტიურიც კი, რომელსაც შუა საუკუნეების ისტორიულ თხზულებებზე საუბრისას, უპირობოდ, პირველობა უნდა მივაკუთვნოთ.

პრომეთევსი - ბერძნული მითოლოგიის გმირი ზევსის მიერ კავკასიონზე ბორკილებით მიჯაჭვული.

ჰერაკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით.

შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ჭეშმარიტებაზე

"ისტორიკოსთა მიერ განსადიდებლად გადმოცემული მოთხრობები თუ ერთსა და იმავეს გადმოგვცემენ, ეს იმიტომ, რომ მათი შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ჭეშმარიტებაზე. ასეთია მაგალითად კავკასიონის გადატანა კოლხიდისა და ევქსინის ზემოთ მდებარე მთებიდან აღმოსავლეთისაკენ ინდოეთის მთებთან და მათ მახლობლად მდებარე ზღვასთან.

ამ მთებს (საუბარია შავი ზღვის კავკასიონზე, რედ.) უწოდებდნენ ელინები კავკასიონს და ისინი დაშორებულნი არიან ინდოეთს უფრო მეტით, ვიდრე 30. 000 სტადიონია; ამასვე (შავი ზღვის კავკასიონს, რედ.) ასახელებს მითი, რომელიც ეხება პრომეთევსსა და მის ბორკილებს. ეს იმიტომ, რომ ეს მთები (შავი ზღვის კავკასიონი, რედ.) იცოდნენ მაშინდელებმა უკიდურეს აღმოსავლეთად. ხოლო დიონისესა და ჰერაკლეს ლაშქრობა ინდოელებზე ამჟღავნებს ამ მითის გვიანდელ წარმოშობას...

უფრო სასახელო იყო ალექსანდრესათვის (იგულისხმება მაკედონელი) აზიის ინდოეთის მთებამდე დაპყრობა, ვიდრე ევქსინისა და კავკასიონის კუთხემდე. მაგრამ დიდება მთისა, მისი სახელი და ის ამბავი, რომ იაზონისა და მისი მახლობლების შესახებ ფიქრობენ, რომ მათ უშორესი ლაშქრობა შეასრულეს კავკასიის სანახებამდე და ის, რომ პრომეთევსი გადაცემული იყო მისაჯაჭვად ქვეყნის კიდეზე - კავკასიონზე, ამ ამბების გამო უნდოდათ როგორმე ესიამოვნებინათ მეფისათვის და გადაიტანეს მთის სახელი ინდოეთში.

სტრაბონი, გეოგრაფია

შუა საუკუნეების ისტორიკოსები სრულიად უკრიტიკოდ, ხშირად სიტყვა-სიტყვითაც კი გადაწერდნენ წინამორბედის თხზულებას და მას თავისი ეპოქის ისტორიას მიუმატებდნენ.

რუფინუსი
345-410

რომაელი ისტორიკოსი რუფინუსი ხანგრძლივად ცხოვრობდა პალესტინასა და იერუსალიმში. აქვე, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გაეცნო ის გელასი კესარიელის "საეკლესიო ისტორიას".

სატრაპი - მსხვილი რეგიონის მმართველი აქემენიანთა სპარსეთში. აქ იხმარება სარდლის, მხედართმთავრის მნიშვნელობით.

დომესტიკოსი - ჯარების უფროსი მხედართმთავარი ბიზანტიაში.

ასეთ დროს ისტორიკოსი ხშირად წინამორბედი ავტორის დასახელებას საჭიროდ არც კი მიიჩნევდა. ამიტომ თანამედროვე მკვლევარებს დიდი გულისხმევა სჭირდებათ, რომ შუა საუკუნეების ავტორის თხზულებაში მისი წინამორბედების თხზულებები გამოაცალკევონ.

ამ მხრივ კარგი მაგალითია რომაელი ისტორიკოსის რუფინუსის თხზულება "საეკლესიო ისტორია", რომელმაც, როგორც წყაროთმცოდნეებმა დაადგინეს, თავისი ნაშრომის წერისას მისი წინამორბედის გელასი კესარიელის ამავე სახელწოდების ნაწარმოები გამოიყენა.

გელასი კესარიელი თავის "საეკლესიო ისტორიაში" მოგვითხრობს იბერიელთა გაქრისტიანების შესახებაც. შესაბამისად, რუფინუსმაც ეს ნაწილი მისგან გადმოიღო. ოღონდ გელასი კესარიელის თხრობა იმის თაობაზე, რომ მან იბერიელთა გაქრისტიანების შესახებ ინფორმაცია მიიღო იბერიელი ბაკურისაგან, უცვლელად დატოვა. ამგვარად, რუფინუსის კითხვისას, მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს იბერიელი ბაკურისაგან საკუთრივ რუფინუსს მიეღოს ინფორმაცია.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ ორივე ავტორთან მათ ნაცნობად და უშუალო ინფორმატორად დასახელებული ბაკური, იყო ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის უმცროსი ვაჟი, რომელიც მირიანის მიერ ქრისტიანობის მიღებამდე, ანუ დაახლ. 325 წლამდე, რომში მძევლად იმყოფებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, მას დაახლოებით იმავე. ხანებში ახლად დაბადებული გელასი კესარიელი სცნობოდა, ან მით უფრო მისთვის რაიმე მოეყოლა. ასე რომ, გელასისაც, რუფინუსის არ იყოს, ეს ამბავი, როგორც ჩანს, სხვა, ჩვენთვის დღეს უცნობი, მისი წინამორბედი ავტორისაგან ჰქონდა უცვლელად გადმოწერილი.

იბერთა მოქცევა

ეს ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო ბაკურიმ, კაცმა ფრიად ღვთისმოშიშმა, მეფის შთამომავალმა და იბერთა შორის სახელოვანმა, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი და აწარმოა ომი ბარბაროს სარკინოზთა წინააღმდეგ პალესტინის მწვერვალებზე და მათზე ბრწყინვალედ გაიმარჯვა.

გელასი კესარიელი, ეკლესიის ისტორია

იბერთა ტომის მოქცევა ტყვე ქალის მეშვეობით

რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო, კაცმა, ბაკურიმ თვით ამ ხალხის მეფემ, რომელიც ჩვენში იყო დომესტიკოსი. იგი უაღრესად ზრუნავდა როგორც მორწმუნეობაზე, ისე ჭეშმარიტებაზე როდესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ... იერუსალიმში. მაშინ ის იყო პალესტინის საზღვრების სარდალი.

რუფინუსი, საეკლესიო ისტორია

გელასი კესარიელი
დაახლ. 325-395

რომაელი ისტორიკოსი და პალესტინის ქალაქ კესარიის ეპისკოპოსი. მონაწილეობდა 381 წლის კონსტანტინეპოლის II მსოფლიო და 394 წ-ის ადგილობრივი კრებების მუშაობაში. მას ,ეკუთვნის თხზულება "ეკლესიის ისტორია". შრომა არ არის მოღწეული, მაგრამ ძველი წყაროები ადასტურებენ, რომ მას დაუწერია ევსები კესარიელის "ეკლესიის ისტორიის" გაგრძელება.

იმავდროულად შუა საუკუნეების ისტორიკოსები თავისი ინფორმაციებისადმი მკითხველის ნდობის ხარისხის უფრო ასამაღლებლად, ცდილობდნენ მათ მიერ გამოყენებული წყაროების განსაკუთრებულ პირუთვნელობაში დაერწმუნებინათ მკითხველი, რისთვისაც ძველი მსოფლიოს ყველასთვის ცნობილ და გამოჩენილ პირებს იმოწმებდნენ, რომლებსაც ვითომდა მონაწილეობა მიეღოთ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების შექმნა-გადაწერა-გამრავლებაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ადრე შუასაუკუნეების სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის "ისტორიის" შესავალი (იხ. ქვემოთ), სადაც ის ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციები მომდინარეობენ მატიანიდან, რომელიც უშუალოდ ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით ითარგმნა.

შუა საუკუნეების ისტორიული აზროვნების დაძლევა და წარსულის ისტორიული მემკვიდრეობისადმი კრიტიკული მიდგომა ახალი ისტორიის მონაპოვარია (XV-XVI სს). შემდგომ საუკუნებში მეცნიერებმა ნარატიული ისტორიული თხზულებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყეს. დადგინდა არა ერთი ძველი ისტორიული თხზულების შექმნის დრო და ავტორები, ამ ავტორთა მიერ გამოყენებული წყაროები და სხვ.

იმავდროულად, XIX-XX სს-ში წარსულის სიღრმიდან მოღწეულ ისტორიულ თხზულებებში აღმოჩენილმა, ჩვენს მიერ უკვე ზემოთ ნაჩვენების მსგავსმა ქრონოლოგიურმა აღრევებმა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა შეცდომებმა, მკვლევრთა ერთ ნაწილს ნარატიული წყაროების მიმართ უნდობლობა და ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება განუვითარა. რამაც ზოგი მკვლევარი ამ თხზულებებში დაცული, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე უძველესი ინფორმაციების ლამის სრულ უარყოფამდეც კი მიიყვანა.

ეს მატიანე შეიცავს ძველების - წინაპრების შესახებ უტყუარ ცნობებს

ეს მატიანე ალექსანდრეს ბრძანებით (იგულისხმება ალექსანდრე მაკედონელი, რედ.) ქალდეველთა ენიდან (აქ იგულისხმება სპარსული, რედ.) თარგმნილია ბერძნულად და შეიცავს ძველების, წინაპრების შესახებ უტყუარ ცნობებს.

მატიანის დასაწყისი ... ეხება ზრუანს, ტიტანს და იაპეტოსთეს, თავ-თავის ადგილზე, თანმიმდევრობით, ვრცლად გადმოცემულია ამ სამი მამამთავრის შთამომავლებიდან ყველა სახელოვანი კაცის ამბავი.

ამ მატიანიდან მარ აბასკატინამ ჩვენი ერის შესახებ მხოლოდ სარწმუნო მოთხრობები ამოიღო, რომელიც წარუდგინა მეფე ვალარშაკს ნიზიბინში ბერძნული და ასურული მწიგნობრობით. ქმნულკეთილმა და მამაცმა მოისარმა, მჭევრმეტყველმა და ბრძენმა ვაჟკაცმა ვალარშაკმა აიღო ის და თავის უპირველეს განძად მიიჩნია, დიდი სიფრთხილით შეინახა თავის საცავში, ბრძანა მისი ერთი ნაწილი ქვაზეც ამოეკვეთათ. ჩვენ იქედან ამოვიღეთ სარწმუნო ამბები, ისე რომ თხრობის თანმიმდევრობას ვიცავთ.

მოვსეს ხორენაცი, "სომხეთის ისტორია"

მსგავსი დამოკიდებულების კლასიკურ მაგალითად "ქართველთა ცხოვრება" შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც ქართველ ისტორიკოსთა, ერთმა, თუმცა სამწუხაროდ, ყველაზე გავლენიანმა ნაწილმა, ამ უნიკალური, შუა საუკუნოვანი ძეგლის IX საუკუნემდელი ინფორმაციების შემცველი მონაკვეთი ერთი ხელის მოსმით "სრულიად გამოუსადეგარად" გამოაცხადა.

XX ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, მათ შორის ამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილმა ეპიგრაფიკულმა წარწერებმა, "ქართველთა ცხოვრების" მრავალი ინფორმაცია დაადასტურა, რამაც ისტორიკოსებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის, რაც ერთი თვალის შევლებით არ გვესმის, ან ვერ ვიჯერებთ, იმიტომ, რომ მისი სხვა წყაროებით გადამოწმება არ შეგვიძლია, სულაც არ ნიშნავს, რომ სიცრუეა.

ძველი ისტორიკოსები როდესაც ცდებიან, რაიმე ფაქტს ამახინჯებენ, ან მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიას ურევენ, იმასაც თავისი მიზეზი აქვს და ამ შეცდომების მიზეზების პოვნას ხშირად საკუთრივ შეცდომების გასწორებაზე არა ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

ამ თავში შევეცადეთ მოკლედ მიმოგვეხილა ის საკითხები, რომლებსაც ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე იკვლევს და გვეჩვენებინა ის სირთულეები, რომლებსაც ის კვლევისას აწყდება. ისმის კითხვა: როგორღა ახერხებენ ისტორიკოსები წარსულის მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათის წარმოჩენას და ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში ისტორიული კანონზომიერების დადგენას, ანუ იმას, რაც ისტორიას მეცნიერებად აქცევს?

ისტორიკოსის კვლევა ყველაზე მეტად გამომძიებლის მუშაობას წააგავს. ის, როგორც გამომძიებელი, ანალიზს უკეთებს სხვადასხვა პირველად და მეორად წყაროთა მონაცემებს, მრავალმხრივ ამოწმებს მათ, ზოგ შემთხვევაში ურთიერთ გამომრიცხავ ჩვენებებსაც კი და გამოწვლილვითი კვლევაძიების საფუძველზე ადგენს ჭეშმარიტებას. ისტორიკოსი, გამომძიებლის მსგავსად, ზოგჯერ ცდება, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გამომძიებლის შეცდომა შესაძლოა უდანაშაულო ბრალდებულისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც ისტორიკოსთა შეცდომა თითქოს ნაკლები ზიანის მომტანია, მით უფრო, რომ მას შემდგომი თაობის მკვლევარები თანდათან მაინც გაასწორებენ.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი შეხედვით, ისტორიკოსთა ვითომდა უვნებელი და უნებლიე შეცდომები, ან შეგნებული გაყალბებები, კაცობრიობას არანაკლებ ძვირად უჯდება, ვინაიდან ხალხებს და სახელმწიფოებს დაპირისპირებისა და ომებისკენაც კი უბიძგებს.

წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში
წიგნი I

თბილისი
2013
ტოტალიტარიზმიtag:www.qwelly.com,2016-03-09:6506411:Topic:11118942016-03-09T11:39:11.155ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ტოტალიტარიზმის არსის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ გავარკვიოთ ის წარსული,რომლის მოწმეც გახდა მთელი სამყარო(ცივილიზებული თუ არაცივილიზებული).მრავალი ტრაგედია,რომელიც შეიძლება წარსულიდან გაგვახსენდეს,ბევრი რამ ამ ტერმინთან ასოცირდება.და მაინც რა არის ტოტალიტარიზმი? ტოტალიტარიზმის საფუძველს ძალადობა წარმოადგენს.სწორედ ძალადობა არის ის ბაზისი,რომელზეც შენდება მთლიანი…

ტოტალიტარიზმის არსის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ გავარკვიოთ ის წარსული,რომლის მოწმეც გახდა მთელი სამყარო(ცივილიზებული თუ არაცივილიზებული).მრავალი ტრაგედია,რომელიც შეიძლება წარსულიდან გაგვახსენდეს,ბევრი რამ ამ ტერმინთან ასოცირდება.და მაინც რა არის ტოტალიტარიზმი? ტოტალიტარიზმის საფუძველს ძალადობა წარმოადგენს.სწორედ ძალადობა არის ის ბაზისი,რომელზეც შენდება მთლიანი სისტემა.ძალადობას სხვადასხვა გამოვლინებები აქვს,თუმცა ის რაც ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებდა ეს იყო საბოლოო შედეგი.საბოლოო შედეგი კი იყო პიროვნების,ინდივიდის უფლებების გადაწევა ბოლო პლანზე.მისი აბსოლუტურ სტრესში მოქცევა და მისი განადგურება(ხშირ შემთვევებში ფიზიკური ლიკვიდაცია.აქ საუბარი აღარაა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტერორზე) მნიშნელოვანია ამ ტერმინის წარმოშობის ისტორია.აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენა ბენიტო მუსოლინიმ.აქედან მოყოლებული კი ეს ცნება მტკიცედ დამკვიდრდა პოლიტოლოგიურ,ფილოსოფიურ,სოციოლოგიურ ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ ყოფით ლექსიკაში

როგორც უკვე აღინიშნა ტოტალიტარიზმი არის ძალადობაზე დამყარებული იდეოლოგია.ის არის საკმაოდ საშიში არა მარტო აწმყოში მცხოვრები ადამიანებისათვის,არამედ მომავალი თაობებისთვისაც.ამიტომ საჭიროა რომ სწორად დაისვას და განისაზღვროს ის საკითხები,რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას,რომელიც შესაძლოა დღეს ისეთი ინტენსივობით არ დგას დღის წესრიგში,როგორც მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე,მაგრამ აღნიშნული საკითხი პოტენციური საფრთხის შემცველია ცივილიზებული სამყაროსთვის. „ტოტალიტარიზმის გაჩენის შესაძლებლობა კვლავაც არსებობს იქ,სადაც დიდი სიღარიბე,უსამართლობა და შესაბამისად ძალადობის და არეულოობის პოტენციაა,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში“. თუ ცნობილ ავტორს დავუჯერებთ,დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში კვლავაც არსებობს რისკები იმისა,რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

როგორია ტოტალიზარიზმის ანატომია? ის ურთულესი სოციალური ფენომენია.მისი შესწავლა ვიწრო კონტექსტში შეუძლებელია. „ტოტალიტარიზმი ახდენს საკანონმდებლო,აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების კონცენტრაციას ერთ რგოლში,ე.წ. მეოთხე ხელისუფლებაც ანუ მედიაც მას ემორჩილება“.
როგორც ვხედავთ ის ძირითადი რგოლები,რომელთა საშუალებითაც არის შესაძლებელი დემოკრატიის მშენებლობა აბსოლუტურად უუნაროა ქმედითი ღონისძიებები გაატაროს იმისთვის რომ ხალმა,უბრალო ხალხმა ირწმუნოს დემოკრატიის არსებობა. როგორი არის მთავრობის დამოკიდებულება ამ დროს ხალხისადმი?ამ დროს მთავრობის ძალაუფლება იმდენად ფართოა რომ რეჟიმი მისი ქვეშევრდომების მხოლოდ კონტროლს კი არა,არამედ მათი ბუნების გარდაქმნასაც ცდილობს. ამ კუთხით რომ შევადაროთ ავტოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთს,თვალსაჩინო განსხვავებას ვიპოვით.ავტოკრატიული რეჟიმების ძირითად ამოცანას წარმოადენს ძალაუფლების შენარჩუნება,მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.განსხვავებით ავტოკრატიული რეჟიმებისაგან,როგორც უკვე ავღნიშნეთ,მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება არაა ამ დროს მთავარი მიზანი ტოტალიტარული რეჟიმების.

ციფრები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა,რომ აღვიქვათ რეალობა.აღვიქვათ შექმნილი სურათის სიმძიმე,თუ რა იყო ტოტალიტარიზმი ციფრებში.

სსრკ - 20 მილიონი გარდაცვლილი

ჩინეთი -65 მილიონი გარდაცვლილი

ჩრდილოეთ კორეა - 2 მილიონი გარდაცვლილი

ჩამოყალიბება

და მიუხედავად იმისა რომ ძლიერი ლიდერის,გამოკვეთილი ბელადის გარეშე ძალზე რთულია ასეთი რეჟიმის დამყარება,არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რაც ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,ეს არის დიდი რაოდენობით ხალხის სურვილი(მასის).ხალხის სურვილი რომ შეიცვალოს ის ვითარება რომელშიც ისინი იმყოფებიან
ამგვარი რეჟიმი რომ დამყარდეს,ერთ ერთი აუცილებელი პირობა არის ძლიერი იდეოლოგიური ხაზის არსებობა,რომელიც დაარწმუნებს მასას,რომ სიტუაცია გამოუვალია და რომ ერთადერთი მეთოდი ეს არის რადიკალიზმი.
ძლიერი იდეოლოგია ზოგადად ფოკუსირებულია აბსულუტური ბოროტების რაიმე ფორმაზე,ხოლო თუ ეს ბოროტება ბუნებაში არ არსებობს და არ არსებობს ასევე მტერი,რომელზეც მიმართავ ხალხის აგრესიას,მაშინ ის უნდა შეიქმნას.ის პრობლემები,ის სოციალური სიდუხჭირე,გაჭირვება უნდა გამოიყენოს ძლიერმა ლიდერმა და ძლიერი იდეოლოგიური ხაზის საფუძველზე უნდა დაამყაროს საკუთარი ხელისუფლება.
უფრო ზუსტად რომ დავინახოთ ის რაც წინა აბზაცში ვთქვი,მოვიყვანოთ მაგალითები.რომ გავიხსენოთ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაცისტური პარტია,ყველაფერი ნათელი გახდება.როგორც ვიცით ჰიტლერი 30 იან წლებში გერმანული ეკონომიკის ვარდნას,ინფლაციას,უმუშევრობას ებრაელებს აბრალებდა.მიიჩნევდა რომ სწორედ ისინი იყვნენ გერმანიის დასუსტებაში დამნაშავეები.ძლიერი ორატორული ნიჭის წყალობით,ასევე ძლიერი იდეოლოიური ხაზის მეშვეობით,მან დაარწმუნა გერმანელი ხალხი რომ ებრაელები იყვნენ ყველაფერში დამნაშავენი.

როგორ ინარჩუნებენ ბელადები ხელისუფლებას

მას შემდეგ რაც ტოტალიტარი მმართველები მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში იწყებოდა შემდეგი ეტაპი.ძალაუფლების შენარჩუნების და შემდგომ მისი განვითარების პერსპექტივები.ძირითადად რასაც ამ დროს ეყრდნობოდნენ ლიდერები,ეს იყო ძალოვანი სტრუქტურები.ამჯერად აღარ ვეხებით პროპაგანდისტულ იარაღს მედიას,რომელიც ცხადია რომ მათ ხელში იყო.ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ძალოვან უწყებებზე.
„ტერორის საყრდენი ბერკეტია საიდუმლო პოლიცია.საიუმლო პოლიცია ფლობს ქვეყნის საინფორმაციო ბანკს.ყოველგვარი ინფორმაციის წყარო მასთან იყრის თავს.ვინც ფლობს ინფორმაციას,ის ფლობს სიტუაციას.ინფორმაციის შესაკრებად მუშაობს უზარმაზარი აგენტურული ქსელი“

საიდუმლო პოლიცია იყოს საბჭოთა კავშირის სიმტკიცის ხერხემალი წლების მანძილზე.რომ ავიღოთ ნაცისტური გერმანიის მაგალითი,აქაც ამდაგვარი სიტუაცია იყო.სიტუაციას მართავდა SS (ანუ „უშიშროების ეშელონი“)
ამგვარი იყო იმპერიის მართვის სტილი ტოტალიტარულ სახელმწიფოებში.
უმაიადების დინასტიაtag:www.qwelly.com,2015-11-14:6506411:Topic:10565202015-11-14T17:55:51.122ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

ომაიანთა დინასტია, ომაიანები, ომაიანების სახალიფო

ომაიანთა დინასტია, იგივე ომაიანები, წარმოადგენდნენ სახალიფოს მმართველ ( 661-750) პირველ დიდ მუსლიმურ დინასტიას. ზოგჯერ მას მოიხსენებენ როგორც არაბთა სამეფოს. აბუ სუფიანის მმართველობის დროს ომაიანები ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ მექაში, თავდაპირველად ისინი ისლამს ეწინააღმდეგებოდნენ,…

ომაიანთა დინასტია, ომაიანები, ომაიანების სახალიფო

ომაიანთა დინასტია, იგივე ომაიანები, წარმოადგენდნენ სახალიფოს მმართველ ( 661-750) პირველ დიდ მუსლიმურ დინასტიას. ზოგჯერ მას მოიხსენებენ როგორც არაბთა სამეფოს. აბუ სუფიანის მმართველობის დროს ომაიანები ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ მექაში, თავდაპირველად ისინი ისლამს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა, ისინი მუჰამედის და მისი მემკვიდრეების მოკავშირენი გახდნენ. პირველი მუსლიმური სამოქალაქო ომი (656-661) - რომელიც დაიწყო სახალიფოსთვის, მესამე ხალიფის უსმან იბნ აფანის (644-656) მკვლელობის შემდეგ - საბოლოო გამარჯვებული გახდა აბუ სუფიანის შვილი მუავიანი, რომელიც სირიას მართავდა, იგი გახდა ალი მუჰამედის სიძე და მეოთხე ხალიფა, ხოლო მოგვიანებით მან თავისი თავი დაადგინა, როგორც პირველი ომაიანთა ხალიფა.

ომაიანთა მმართველობა დაყოფილი იყო ორ შტოდ: სუფიანიდები (მართავდა 661-684 წლებში) აბუ სუფიანის შთამომავლები. და მარვანიდები (მართავდა 684-750 წლებში) მარვან იბნ ალ-ჰაკამი და მისი მემკვიდრეები. სუფიანიდები, განსაკუთრებით მუავია I_მა (661-680) ხალიფის ძალაუფლების ცენტრალიზება მოახდინა დამასკოში. სირიის არმია ომაიანების სიძლიერის საფუძველი გახდა, რამაც შესაძლებელი გახადა მეტი კონტროლი ქონოდათ დაპყობილი პროვინციებისა და არაბთა ტომების მიმართ. მუსულმანთა გავლენა ნელ-ნელა ფართოვდებოდა. გარნიზონიანი ქალაქები დაარსდა მერვში და სისტანში, როგორც ბაზა ცენტრალურ აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში ექსპედიციისთვის, აგრეთვე დაიწყო აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეჭრა. ახალი ფლოტი ჩაუდგა სათავეში კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მთელ რიგ ლაშქრობებს (ახლანდელი სტამბული, 669-678) რომელიც მიმართული იყო ქრისტიანების წინააღმდეგ, წარუმატებლად დასრულდა. თუმცა სუფიანიდები ინარჩუნებდნენ ბიზანტიურ და სპარსულ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას, რაც მათ მიიღეს მემკვიდრებით, ისინი იყვნენ პოლიტიკურად ორგანიზებულები, რის მიხედვითაც ხალიფის არჩევა ხდებოდა მისი თანასწორების მიერ, რათა გამხდარიყო პირველი მათ შორის და ტომის საბჭოს რჩევებით მიეღო გადაწყვეტილებები. მუავია იცავდა ერთგულების ფიცს, თუმცა მისმა შვილმა იაზიდ I_მა უგულებელსყო ტრადიციული არჩევნები და წამოაყენა ახალი კონცეფცია ტახტის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ომმა, 683 წელს იაზიდ I_ის და 684 წელს მუავია II_ის გარდაცვალებამ სუფიანიდების მმართველობას წერტილი დაუსვა, რამაც გამოიწვია ტახტისთვის ბრძოლა, 684 წელს მარვან I გამოცხადაა ხალიფად სირიაში.

აბდ ალ-მალიქის მმართველობის დროს (685-705) ომაიანთა სახალიფომ ზენიტს მიაღწია. მუსლიმური ჯარები შეიჭრნენ ესპანეთის დასავლეთით და ინდოეთის რამოდენიმე ქალაქში, ხოლო ცენტრლურ აზიაში დაიპყრეს ბუხარა, სამარყანდი, ხვარაზმი, ფერგანა და ტაშკენტი. არაბული ენა გამოცხადა სახელმწიფო ენად. გატარდა რეფორმები, იმპერიის ფინანსური ადმინისტრაციის რეორგანიზაცია მოხდა, არაბებმა ჩაანაცლეს ბერძენი და სპარსელი მოხელეები, მოიჭრა არაბული მონეტა, არქიტექტურა აყვავდა.

დასუსტება დაიწყო სირიის არმიის მიერ განცდილი მარცხით, ბიზანტიის იმპერატორ ლეონ III_თან 717 წელს. უმარ II_ის (717-720) ძირითადი მიზანი იყო დაემშვიდებინა მზარდი უკმაყოფილება ქვეყანაში, მისი გადაწყვეტილებით ყველა მუსულმანს უნდა ქონოდა თანაბარი უფლებები, მიუხედავად მათი ეროვნებისა, დაიწყო ფინანსური კრიზისი. დაპირისპირებამ ჩრდილოეთ და სამხრეთ არაბთა ტომებს შორის გამოიწვია სამხედრო ძალის დასუსტება.

ჰიშამმა (724-743) შეძლო დროებით შეეჩერებინა ქვეყნის უკან დახევა. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გადაიზარდა აჯანყებებში სირიაში, ერაყში და ხორასანში (745-746). რელიგიურ-პოლიტიკურმა სექტამ უარყო ომაიანების მმართველობის ლეგიტიმურობა. 749 წელს მმართველად გამოცხადდა აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი, აბასიანების დინასტიის პირველი ხალიფა.

ბოლო ომაიანი იყო მარვან II (მურვან ყრუ, 744-750) რომელიც სასტიკად დამარცხდა მდინარე ზაბთან, ხოლო მოგვიანებით იგი მოკლეს. ომაიანთა საგვარეულოდან ცოცხალი გადარჩა მხოლოდ აბდ ალ-რაჰმანი, რომელიც ესპანეთში გაიქცა, ხოლო 756 კორდოვის სახალიფოს დამაარსებელი გახდა.

უკანასკნელი ჰეროდეtag:www.qwelly.com,2015-06-29:6506411:Topic:9985112015-06-29T07:04:00.445ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

საიმონ სებაგ მონტეფიორე - უკანასკნელი ჰეროდე

40 - 66 წლები

პავლე მოციქული ჰეროდე აგრიპა II_სთან, ნიკოლაი ბოდარევსკის ნახატი

ჰეროდე აგრიპა: კალიგულას მეგობარი

ახალგაზრდა ჰეროდე აგრიპა რომში…

საიმონ სებაგ მონტეფიორე - უკანასკნელი ჰეროდე
40 - 66 წლები

პავლე მოციქული ჰეროდე აგრიპა II_სთან, ნიკოლაი ბოდარევსკის ნახატი

ჰეროდე აგრიპა: კალიგულას მეგობარი

ახალგაზრდა ჰეროდე აგრიპა რომში საიმპერატორო ოჯახში გაიზარდა და იმპერატორ ტიბერიუსის ვაჟ დრუსუსთანაც დამეგობრდა. ამ მომხიბვლელმა, მფლანგველმა ფუქსავატმა - ჰეროდე დიდისა და მარიამის შვილიშვილმა, სიკვდილით დასჯილი არისტობულოსის ვაჟმა - დიდი ვალი დაიდო იმპერატორის ძისა და სხვა მის მსგავს დარდიმანდთა დევნაში.

დრუსუსი 23 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. გულგატეხილი იმპერატორი გარდაცვლილი ვაჟის მეგობრებს აღარ სწყალობდა და გაკოტრებული ჰეროდე აგრიპაც გალილეაში დაბრუნდა. გალილეას განაგებდა ჰეროდე ანტიპა, რომელსაც ცოლად ჰყავდა აგრიპას და, ჰეროდიასი. ანტიპამ აგრიპას უფერული სამსახური მისცა, მაგრამ უფერულობა აგრიპას სტილი არ იყო, ამიტომ იდუმეაში, ჰეროდიანების სამშობლოში გაიქცა და იქ თვითმკვლელობაც კი სცადა. მაგრამ ამ ქარაფშუტა გაიძვერას ყოველთვის ბედი უღიმოდა.

დაახლოებით იესოს ჯვარცმის პერიოდში ჰეროდიანების ჩრდილოეთი მიწების ტეტრარქი, ფილიპი მოკვდა. ანტიპამ იმპერატორს თავისი სამთავროს გაფართოების ნებართვა სთხოვა, მაგრამ ვინაიდან ტიბერიუსს ყოველთვის მოსწონდა ჰეროდე აგრიპა, ეს უკანასკნელი სასწრაფოდ კაპრიში ეახლა იმპერატორს ბიძამისისთვის ძირის გამოსათხრელად. დაღვრემილი ტიბერიუსი აგრიპას იუპიტერის ვილაში დახვდა. ისტორიკოს სვეტონიუსს თუ დავეყრდნობით, იმპერატორის დაუცხრომელ მადას "ციმორების" სახელით ცნობილი ბიჭუნები აკმაყოფილებდნენ, რომლებიც აუზში ბანაობისას მისი ასოს წოვაში იყვნენ გაწვრთნილები.

ტიბერიუსმა აგრიპა თბილად მიიღო, მაგრამ მალე მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში გადაუხდელ მის ვალებზე შეიტყო. აგრიპამ, გაწაფულმა ყომარბაზმა, დედამისის მეგობარი, ანტონია დაარწმუნა, მისთვის ფული ესესხებინა და თან იმპერატორთან მიაგზავნა შემოსარიგებლად. მკაცრი და ქედმაღალი ანტონია, მარკუს ანტონიუსის ასული, ტიბერიუსს იდეალურ რომაელ არისტოკრატად მიაჩნდა. ის ანტონიას ენდო და იუდეველ არამზადას დანაშაული აპატია. აგრიპამ ნასესხები ფულით ვალების გადახდის ნაცვლად კიდევ ერთ გაკოტრებულ უფლისწულს, კალიგულას ძვირფასი ძღვენი უყიდა. კალიგულა, გარდაცვლილი დრუსუსის მცირეწლოვან ვაჟ გემელუსთან ერთად, ტიბერიუსის მემკვიდრედ ითვლებოდა. ტიბერიუსმა აგრიპას გემელუსის დაცვა და აღზრდა სთხოვა.

ამის ნაცვლად ოპორტუნისტი აგრიპა გაიუს კალიგულას დაუმეგობრდა. ბავშვობაში სამხედრო მინიფორმაში გამოწყობილი კალიგულა ლეგიონერებს თილისმასავით წინ მიუძღოდა. მას ეცვა სამხედრო ტყავის წაღები - ცალიგაე (სწორედ აქედან წარმოსდგება მისი მეტსახელი). ის პოპულარული გენერლის, გერმანიკუსის შვილი იყო. ოცდახუთი წლის გამელოტებული და აყლაყუდა კალიგულასგან გაფუჭებული, თავაშვებული და, თამამად შეიძლება ითქვას, შეშლილი ახალგაზრდა დადგა, თუმცა, ხალხს იგი მაინც მოსწონდა და იმპერიის მემკიდრედაც ითვლებოდა. კალიგულა და ჰეროდე აგრიპა ისეთ ექსტრავაგანტურ ღრეობებში მონაწილეობდნენ, ათას ხუთასი კილომეტრის დაშორებით, იერუსალიმში მცხოვრები აგრიპას ღვთისმოსავი ძმები რომ ვერც წარმოიდგენდნენ. კაპრის გარშემო სეირნობისას ორივენი ტიბერიუსის სიკვდილს ნატრობდნენ, მაგრამ მათ საუბარს მეეტლეც უსმენდა. როცა აგრიპამ მეეტლეს ქურდობაზე წაასწრო და დააპატიმრა, მეეტლემ ტიბერიუსთან დააბეზღა. აგრიპა დილეგში ჩააგდეს და ჯაჭვით დააბეს. მისმა მეგობარმა კალიგულამ იმდენი მოახერხა, რომ აგრიპას ბანაობის, მეგობრების ნახვისა და საყვარელი კერძების მირთმევის ნება მისცეს.

ტიბერიუსი 37 წლის მარტში მოკვდა. კალიგულამ ახალგაზრდა გემელუსი მოაკვლევინა და იმპერატორი გახდა. მან მაშინვე გაათავისუფლა თავისი მეგობარი, ტყვეობაში გატარებული დროის სახსოვრად ოქროს ბორკილები აჩუქა და ფილიპეს ჩრდილოეთი მიწების ჩუქებით, მეფედ აქცია. იღბალიც ამას ჰქვია. იმავდროულად, ჰეროდია და იესოს საძულველი "მელა", ანტიპა, რომში ჩამოვიდნენ ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და თავიანთი სამეფოს დასაბრუნებლად. მაგრამ აგრიპამ მათ ბრალი დასდო, ამბოხს აპირებენო. კალიგულამ იოანე ნათლისმცემლის მკვლელს, ჰეროდე ანტიპას (რომელიც მოგვიანებით ლიონში გარდაიცვალა), მიწები და ტიტული ჩამოართვა და აგრიპას გადასცა.

ახალი მეფე იშვიათად სტუმრობდა თავის სამეფოს. ცდილობდა, კალიგულასთან ახლოს ყოფილიყო. ჰომოციდურმა გამოხდომებმა კალიგულა რომის ფავორიტიდან მის მჩაგვრელად აქცია. წინამორბედებივით სამხედრო წარმატებებს რომ ვერ მიაღწია, კალიგულამ პრესტიჟის ასამაღლებლად მთელ იმპერიაში მისი გამოსახულების თაყვანისცემა მოითხოვა - თვით ტაძრის წმიდათა წმიდაშიც. ებრაელები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მათ სირიის გუბერნატორთან ელჩები გაგზავნეს, ასეთი მკრეხელობის ჩადენას არ მოვითმენთ და მოგიწევთ, ჯერ ჩვენ შეგვწიროთ ამ ახირებასო. როცა ალექსანდრიაში ბერძნებსა და ებრაელებს შორის ეთნიკური დაპირისპირება ატყდა, ორივე მხარემ კალიგულასთან ელჩობა გაგზავნა. ბერძნებმა ებრაელები დაადანაშაულეს, მხოლოდ ესენი არ ეთაყვანებიან კალიგულას ქანდაკებასო.

საბედნიეროდ, აგრიპა რომში იმყოფებოდა და კიდევ უფრო დაახლოებოდა ახირებულ კალიგულას. გალიის წინააღმდეგ ლაშქრობისას კალიგულას ებრაელი მეფეც თან ახლდა. მაგრამ ნაცვლად ბრძოლისა, კალიგულამ გამარჯვება ზღვაზე გამოაცხადა და ტრიუმფისათვის საბრძოლო ნადავლად ზღვის ნიჟარები შეაგროვა.

კალიგულამ სირიის გუბერნატორ პეტრონიუსს უბრძანა, ძალით შეესრულებინებინა იუდეველებისთვის მისი მოთხოვნა. ებრაელთა ელჩობამ ჰეროდიანი უფლისწულის ხელმძღვანელობით, პეტრონიუსს აზრის შეცვლა სთხოვა. პეტრონიუსი ყოყმანობდა. იცოდა, რომ თუ კალიგულას ბრძანებას შეასრულებდა, ომი ატყდებოდა, თუ არ შეასრულებდა - სიკვდილით დაისჯებოდა. მაგრამ გაიძვერა მედროვემ, ჰეროდე აგრიპამ, ივაჟკაცა და კალიგულას იერუსალიმის სახელით თამამი წერილი მისწერა: "მე, როგორც იცით, წარმოშობით ებრაელი ვარ და ჩემი მშობლიური ქალაქია იერუსალიმი, სადაც უზენაესი ღმერთის წმინდა ტაძარია. ამ ტაძარში, უფალო გაიუს, არასდროს მდგარა ხელთქმნილი ქანდაკება, რადგან ის ჭეშმარიტი ღმერთის სამყოფელია. ბაბუათქვენი [მარკუს] აგრიპა იმყოფებოდა ამ ტაძარში და პატივი მიაგო მას; ისევე, როგორც ავგუსტუსმა. [ჰეროდე აგრიპა გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის კალიგულას, მაგრამ] სიამოვნებით დავთმობ [ყველაფერს], ოღონდ წინაპართა სიწმინდეებს ნუ წაგვიბილწავთ. ან არადა, მოღალატე ვიქნები და ნუღარც თქვენს მეგობრად ჩამთვლით; სხვა გამოსავალი არ არის".

შეიძლება, ჰეროდე ცოტას აჭარბებს, როცა წერს, ან თავისუფლება, ან სიკვდილიო, მაგრამ მსგავსი რამის კალიგულასთვის მიწერა მართლაც გაბედული ნაბიჯი იყო. მეფის ჩარევამ იერუსალიმი გადაარჩინა.

ნადიმზე კალიგულამ ჰეროდე აგრიპას ტახტზე ასასვლელად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ნებისმიერი სურვილის ასრულებას დაჰპირდა. მეფემ სთხოვა, შენს ქანდაკებას იერუსალიმის ტაძარში ნუ დაადგმევინებო. კალიგულა დათანხმდა.

ჰეროდე აგრიპა და იმპერატორი კლავდიუსი: მკვლელობა, დიდება და მატლები

უცხო სნეულებისგან განკურნებული 37 წლის იმპერატორის სულიერი მდგომარეობა უფრო და უფრო ირყეოდა. სხვადასხვა წყაროს თუ დავეყრდნობით, კალიგულა თავის სამ დასთან ჯერ თვითონ იწვა, შემდეგ კი მეძავებივით, ფულის სანაცვლოდ, სხვა კაცებთან აიძულა დაწოლა. გარდა ამისა, თავისი ცხენი დანიშნა კონსულად. ძნელია დაადგინო, რომელია ამ სკანდალური შემთხვევებიდან ნამდვილი და რომელი - გამოგონილი, მაგრამ მისმა მუდმივმა უსაქციელობამ რომაული ელიტა დიდად შეაშფოთა. კალიგულამ თავის დაზე იქორწინა და დაორსულებულს, ჩვილი საშოდან ამოჰგლიჯა. საყვარლებთან ალერსისას ტრაბახობდა, ამ ყელს, როცა მომესურვება, მაშინ გამოგჭრითო; კონსულებს ეუბნებოდა, საკმარისია ჩემი ერთი თავის დაქნევა და, სადაც დგახართ, მანდვე გამოგჭრიან ყელსო. ყოველთვის იმეორებდა, ნეტა რომს მხოლოდ ერთი ყელი ჰქონდესო. თავისდა საუბედუროდ, ის პირადი მცველების, პრეტორიული გვარდიის ბრგე ჯარისკაცების გასაჯავრებლადაც იგონებდა ხოლმე უხამს პაროლებს (მაგალითად, ერთ-ერთი იყო "პრიაპუსი"). ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა.

41 წლის 24 იანვრის შუადღეს კალიგულა, ჰეროდე აგრიპას თანხლებით, თეატრის ფიანდაზგაფენილი გასასვლელიდან გამოდიოდა, რომ ერთ-ერთმა პრეტორიელმა ტრიბუნმა ხმალი იშიშვლა და შეჰყვირა: "ესეც შენ!" ხმალი კალიგულას მხარში მოხვდა და ლამის შუაზე გასხიპა, მაგრამ იმპერატორი მაინც გაიძახოდა: "ჯერაც ცოცხალი ვარ". შეთქმულებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ხმალი კალიგულას და ბოლო მოუღეს. გერმანელი მცველები ქუჩებს არბევდნენ, პრეტორიელი მცველები იმპერატორის სასახლეში შეიჭრნენ, კალიგულას ცოლი მოკლეს და მის ჩვილს ტვინი გაასხმევინეს. ამასობაში სენატი რესპუბლიკის აღდგენას და იმპერატორთა დესპოტიზმის დასრულებას ცდილობდა.

ჰეროდე აგრიპამ კალიგულას გვამი ხელში ჩაიგდო და გამოაცხადა, იმპერატორი დაჭრილია, მაგრამ არ მომკვდარაო. ამით დრო მოიგო და პრეტორიელი მცველების რაზმს სასახლეში შეუძღვა. დარბაზში ერთ-ერთი ფარდა შეირხა და მის უკან კოჭლი, ენაბლუ სწავლული, კალიგულას ბიძა და აგრიპების ოჯახის მეგობრის, ანტონიას ძე - კლავდიუსი იპოვეს. ჰეროდე აგრიპამ და პრეტორიელმა მცველებმა კლავდიუსი ფარზე შესმული წაიყვანეს თავიანთ ბანაკში და იქ იმპერატორად გამოაცხადეს. რესპუბლიკელი კლავდიუსი თავიდან უარობდა, მაგრამ ებრაელმა მეფემ ურჩია, გვირგვინი დაიდგი და სენატიც დაარწმუნე, ტახტზე დაგსვანო. არც ერთი ებრაელი, მანამდე ან მას შემდეგ, ჩვენს დროშიც კი, ჰეროდე აგრიპაზე ძლევამოსილი არ ყოფილა. ახალი იმპერატორი კლავდიუსი დინჯი და გონიერი გამოდგა. მან მეგობარი იერუსალიმით, ჰეროდე დიდის მთელი სამეფოთი და მისთვის კონსულის წოდების მინიჭებით დააჯილდოვა. აგრიპას ძმამაც კი მიიღო სამეფო.

ჰეროდე აგრიპა იერუსალიმიდან ღარიბ-ღატაკი წავიდა, შინ კი იუდეის მეფის ტიტულით დაბრუნდა. მან ტაძარში მსხვერპლი შესწირა და შეკრებილი ხალხის წინაშე რჯულის წიგნი წაიკითხა. აგრიპამ სინანულით აღნიშნა, შერეული წარმოშობისა ვარო და ატირდა, რამაც ებრაელები შეძრა, ხოლო კალიგულას ნაჩუქარი ოქროს ხელბორკილები, როგორც იღბლიანობის სიმბოლო, ტაძარს შესწირა. წმინდა ქალაქი, რომელსაც ჰეროდე აგრიპა არა მხოლოდ იუდეის, არამედ მთელი ევროპისა და აზიის ებრაელობის მშობლიურ ქალაქად მიიჩნევდა, ამ ახალმა ჰეროდემ დაიბრუნა. მის მონეტებზე ამოტვიფრულია სიტყვები: "დიდი მეფე აგრიპა, კეისრის მეგობარი". იერუსალიმის კედლებს გარეთ ის რომაელ-ბერძენ მეფესავით ცხოვრობდა, მაგრამ თუ ქალაქში იყო - ებრაელივით და ყოველდღე სწირავდა ტაძარში. მან კიდევ უფრო გაალამაზა და გაამაგრა გაფართოებული იერუსალიმი და ახალი ბეთზებას უბანი მესამე კედლით შემოსაზღვრა. ამ უბნის ჩრდილოეთ სექტორში დიდი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.

თუმცა, თვით აგრიპასაც უჭირდა იერუსალიმში დაძაბულობის განმუხტვა: მან ორ წელიწადში სამჯერ გამოცვალა მღვდელმთავარი და აქტიურად ებრძოდა ებრაელ ქრისტიანებს. შესაძლოა, ამას კლავდიუსის სადამსჯელო ღონისძიებების გავლენით აკეთებდა: რომში ებრაელ ქრისტიანებს "ქრესტუსის (ქრისტეს) წახალისებით" გამოწვეული უწესრიგობების გამო დევნიდნენ. "იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე", წერია "მოციქულთა საქმეებში". იაკობს (არა იესოს ძმას, არამედ ამავე სახელის მქონე ერთ-ერთ მოწაფეს) თავი მოჰკვეთეს. ჰეროდე აგრიპამ დააპატიმრებინა პეტრეც, რომლის სიკვდილით დასჯასაც პასექის დღესასწაულის შემდეგ აპირებდა. პეტრე როგორღაც გადარჩა: ქრისტიანები ამას სასწაულს მიაწერენ, მაგრამ სხვა წყაროები იუწყებიან, ჰეროდე აგრიპამ ხალხის გულის მოსაგებად პეტრე უბრალოდ გაათავისუფლაო.

აგრიპას იმპერატორის წყალობა თავში აუვარდა. მან ტიბერიასში ადგილობრივი მთავრებისა და მეფეების კრება რომის დაუკითხავად დანიშნა. რომაელები შეშფოთდნენ და მეფეებს კრების დაშლა მოსთხოვეს. კლავდიუსმა იერუსალიმის გამაგრების შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ აგრიპა კესარიაში გადასახლდა და იქ ბერძენი მეფე-ღმერთივით მოოქრული მოსასხამით შემოსილი სასახლეში ცხოვრობდა, სანამ, როგორც "მოციქულების საქმეებში" წერია, "მატლებისგან შეჭმულმა სული არ განუტევა" ისე, რომ ჯვალოში ჩაცმული ებრაელების ლოცვამაც ვერ უშველა. აგრიპას ჰქონდა იმის ქარიზმა და ჭკუა, რომ ებრაელი ოპორტუნისტები და ფანატიკოსები რომაელებთან მოერიგებინა. მისი სიკვდილით დაიღუპა ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც იერუსალიმის გადარჩენა შეეძლო.

ჰეროდე აგრიპა II: ნერონის მეგობარი

მეფის სიკვდილს ამბოხი მოჰყვა. მართალია, გარდაცვლილი მეფის ძე და მეფის სეხნია - აგრიპა II, მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო, მაგრამ კლავდიუსს სურდა, მისთვის ჩაებარებინა მამამისის სამეფო. კლავდიუსს ურჩიეს, ბიჭი მეტისმეტად ახალგაზრდაა ამ ფეთქებადი სამკვიდროს მისაღებადო. ამიტომ იმპერატორმა რომაელი პროკურატორების პირდაპირი მმართველობა აღადგინა, ხოლო გარდაცვლილი აგრიპას ძმას, მეფე ჰეროდე ხალკისელს მღვდელმთავრების დანიშვნისა და ტაძრის მართვის უფლება მიანიჭა. მომდევნო ოცდახუთი წლის განმავლობაში რომაელი პროკურატორები და ჰეროდიანი მეფეები მეტნაკლებად ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას და იერუსალიმს ერთდროულად მართავდნენ. მაგრამ ვერც მათ შეძლეს მუდმივი მღელვარების დაცხრობა: წინასწარმეტყველ შარლატანებს თვლა არ ჰქონდა, ბერძნებს, იუდეველებსა და სამარიელებს შორის ეთნიკური კონფლიქტები არ წყდებოდა, ხოლო პრორომაულ დიდგვაროვან მდიდრებსა და რელიგიურ ღარიბ ებრაელებს შორის ბზარი უფრო და უფრო ფართოვდებოდა.

ებრაელი ქრისტიანები, ნაზარეველები, იესოს ძმა იაკობისა და მათი ე. წ. პრესბყტეროი-ის ანუ უხუცესების წინამძღოლობით გადარჩნენ და პირველი მოწაფეების მსგავსად, იერუსალიმის ტაძარში აგრძელებდნენ წირვა-ლოცვას. იესო უკანასკნელი არ ყოფილა იმ ქადაგებს შორის, რომლებიც რომაული წესრიგის დარღვევას ცდილობდნენ: იოსებ ფლავიუსი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რომაელები სიკვდილით სჯიდნენ, ფსევდო-წინასწარმეტყველები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენო.

პროკურატორებმა საქმეს ვერ უშველეს. პილატეს მსგავსად, წინასწარმეტყველების ამოსაშანთად, ისინიც მათ მიმდევრებს ხოცავდნენ, ხოლო პროვინციებს გადასახადებით ახრჩობდნენ. ერთხელ, პასექის დღესასწაულზე, რომაელმა ჯარისკაცმა ებრაელებს შიშველი უკანალი უჩვენა, რამაც დიდი აურზაური გამოიწვია. პროკურატორმა ვითარების დასაწყნარებლად ჯარისკაცები გაგზავნა. ვიწრო ქუჩებში ჭყლეტისგან ათასობით ადამიანი ჰაერის უკმარისობით დაიღუპა. რამდენიმე წლის შემდეგ, იუდეველებსა და სამარიელებს შორის ატეხილი მორიგი დაპირისპირებისას, რომაელებმა მრავალი იუდეველი აცვეს ჯვარს. ორივე მხარემ რომს მიმართა საჩივრით. სამარიელები ალბათ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ რომში აღზრდილმა აგრიპა II-მ კლავდიუსის ძლევამოსილ ცოლს, აგრიპინას აჯობა: იმპერატორმა არა მხოლოდ იუდეველებს დაუჭირა მხარი, არამედ დამნაშავე რომაელი ტრიბუნის იერუსალიმში საჯაროდ დამცირებისა და შემდეგ მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ისევე, როგორც მამამისი კალიგულასთან, აგრიპა II-ც, არა მხოლოდ კლავდიუსთან, არამედ მის ვაჟ ნერონთანაც მეგობრობდა. ბიძის, ჰეროდე ხალკისელის გარდაცვალების შემდეგ აგრიპა II ლიბანის სამთავროს მეფედ დანიშნეს და იერუსალიმის ტაძრის მართვის განსაკუთრებული უფლებაც მიანიჭეს.

რომში მოხუცი კლავდიუსი მისმავე ცოლმა აგრიპინამ, სავარაუდოდ, სოკოთი მოწამლა. ახალგაზრდა იმპერატორმა, ნერონმა, აგრიპა II გალილეაში, სირიასა და ლიბანში უფრო დიდი ტერიტორიებით დააჯილდოვა. მადლიერების ნიშნად, აგრიპამ დედაქალაქ კესარია-ფილიპის სახელი გადაარქვა, ნერონიასი უწოდა და ნერონთან თბილი ურთიერთობის ხაზგასასმელად, ახალი მონეტები გამოუშვა წარწერით "ფილო-კეისარი". თუმცა, ნერონის დანიშნული პროკურატორები, სიმკაცრესთან ერთად, კორუმპირებულებიც იყვნენ. მათ შორის უარესი, გათავისუფლებული ბერძენი მონა, ქრთამის მოყვარული ანტონიუს ფელიქსი, როგორც ისტორიკოსი ტაციტუსი წერს, "ყველანაირი სისასტიკისა და ავხორცობის მოყვარული იყო და მეფის ძალაუფლებას მონის ინსტინქტებით იყენებდა". ვინაიდან ანტონიუს ფელიქსი ჯერ კლავდიუსისა და შემდეგ ნერონის მდივნის (მცირე ხნით) ძმა იყო, ებრაელები მის წინააღმდეგ რომში ვერ ჩიოდნენ. მეფე აგრიპას სკანდალური დები კორუმპირებული ელიტის ნამდვილი განსახიერებები იყვნენ. "ყველა ქალზე ულამაზესი" დრუსილა არაბ მეფეს, აზიზუს ემესაელს მისთხოვდა. მაგრამ ფელიქსს "გულში ჩაუვარდა იგი. საკუთარი ხვედრით უბედური და ავი დის, ბერენიკას ხელში დატანჯული დრუსილა" ფელიქსთან ერთად გაიქცა. ბერენიკას, ხალკისის ყოფილ დედოფალს (ბიძამისის, ჰეროდე ხალკისელის ცოლი), ქმრის გარდაცვალების შემდეგ კილიკია დაეტოვებინა და ძმასთან დასახლებულიყო. რომში და-ძმის ინცესტზე ჭორაობდნენ. სანამ ფელიქსი იუდეას წველიდა, ავაზაკთა ახალი ბანდა, "სიკარიუსები" გამოჩნდა (ავაზაკებს ასე მოკლე რომაული ხანჯლების გამო ეწოდათ). ისინი დღესასწაულებზე შუაგულ იერუსალიმში იუდეველ დიდგვაროვნებს ხოცავდნენ - პირველად ყოფილი მღვდელმთავარი იმსხვერპლეს. მუდმივი ეთნიკური კონფლიქტებისა და ფსევდოწინასწარმეტყველების დაუსრულებული ნაკადის გამო ფელიქსს მშვიდობის შენარჩუნება უჭირდა, სამაგიეროდ, თვითონ მდიდრდებოდა.

ამ აპოკალიფსური მღელვარების ჟამს იესოს მცირერიცხოვანი სექტა ორად გაიყო: სექტის ებრაელი წინამძღოლები იერუსალიმში დარჩნენ, ხოლო წარმართი მიმდევრები მთელ რომის იმპერიას მოედვნენ. იესოს მიმდევართა ყველაზე რადიკალურმა ფრთამ ქრისტიანობის მომავლის დაგეგმვა დაიწყო და ამით ხელი შეუწყო ახალი მსოფლიო რელიგიის გამოჭედვას.

პავლე ტარსუსელი: ქრისტიანობის შემოქმედი

იერუსალიმი ჯერაც აპოკალიფსური ძალადობის ბოლო სპაზმებში იყო, როცა ერთი ეგვიპტელი ებრაელი მრავალრიცხოვანი ბრბოს თანხლებით ზეთისხილის მთაზე ავიდა და იესოს მსგავსად გამოაცხადა, რომ იერუსალიმის კედლებს დაანგრევდა და ქალაქს აიღებდა. ფსევდო-წინასწარმეტყველმა ქალაქის დარბევა სცადა, მაგრამ იერუსალიმელები რომაელებს დაეხმარნენ და ერთობლივი ძალებით უკუაგდეს ფსევდო-წინასწარმეტყველის მიმდევრები. ფელიქსის ლეგიონმა მრავალი მათგანი მოკლა. როცა პავლე მისთვის კარგად ნაცნობ ქალაქში ჩამოვიდა, იერუსალიმში თავად "მისანს" დაეძებდნენ.

პავლეს მამა ფარისეველი იყო. მან საკმაო ქონება დააგროვა იმისათვის, რომ რომის მოქალაქე გამხდარიყო. თავისი ვაჟი - რომელიც დაახლოებით იმ დროს დაიბადა, როცა იესო, ოღონდ კილიკიაში (დღევანდელ თურქეთში) - იერუსალიმის ტაძარში სასწავლებლად გაგზავნა. იესოს ჯვარცმისას სავლე, როგორც პავლეს მაშინ ერქვა, კვლავ "მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა" მის მიმდევრებს. მასვე ეჭირა სტეფანეს ჩამქოლავთა სამოსი და "იწონებდა მის სიკვდილს". ეს ბერძნულად მოლაპარაკე რომაელი ფარისეველი მღვდელმთავრის ჯაშუში იყო, სანამ დაახლოებით 37 წელს დამასკოს გზაზე პირად "აპოკალიფსს" არ იხილავდა: "ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით... და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?" მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ დაავალა, მისი მეცამეტე მოწაფე გამხდარიყო და წარმართთათვის ახალი ამბავი ეხარებინა. რა თქმა უნდა, იაკობი და იერუსალიმელი ქრისტიანები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალმოქცეულს, მაგრამ პავლე დაჟინებით ითხოვდა, დავალება შეესრულებინებინათ მისთვის: "ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ". ბოლოს და ბოლოს, იაკობმა, ძმამ უფლისა, ახალი კოლეგა მიიღო. მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში ეს დაუღალავი წინამძღოლი აღმოსავლეთში მოგზაურობდა და დოგმატურად ქადაგებდა იესოს სახარების თავისებურ ვარიანტს, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავდა ებრაელთა ექსკლუზიურობას. "წარმართთა მოციქულს" სწამდა, რომ ჩვენ გადასარჩენად ღმერთმა ცოდვის არმცოდნე იესო "ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში". პავლე აღდგომის ფაქტზე ამახვილებდა ყურადღებას, რადგან აღდგომა კაცობრიობისა და ღმერთის დამაკავშირებელ ხიდად მიაჩნდა. პავლესთვის ცათა სასუფეველი იერუსალიმი იყო და არა - ნამდვილი ტაძარი. მისთვის ისრაელიანი იესოს ნებისმიერი მიმდევარი იყო და არა - ებრაელი ერი. რაღაც მხრივ, ის ჩვენს თანამედროვე ადამიანს წააგავდა, რადგან ძველი სამყაროს იმ მკაცრ ხანაში სიყვარულის, თანასწორობისა და ერთსულოვნების სწამდა: ბერძენი თუ ებრაელი, ქალი თუ კაცი, ყველა ერთი იყო და ყველას შეეძლო, ქრისტეს რწმენის მეშვეობით გადარჩენილიყო. ახალი აღთქმის მეოთხედს პავლეს ეპისტოლეები შეადგენს. მისი ხედვა უსაზღვრო იყო, რადგან მას ყველა ხალხის მოქცევა სურდა.

იესომ არც ისე ბევრი არაებრაელი მიმდევრის გაჩენა მოახერხა, მაგრამ პავლემ განსაკუთრებულ წარმატებებს სწორედ წარმართებთან და იმ ე. წ. "ღვთისმოშიშებთან" მიაღწია, ვისაც იუდაიზმის გარკვეული ასპექტები შეეთვისებინა, მაგრამ წინადაცვეთაზე უარს ამბობდა. პავლეს სირიელი ახალმოქცეულები ანტიოქიაში პირველები იყვნენ, რომელთაც "ქრისტიანები" უწოდეს. დაახლოებით 50 წელს პავლე იერუსალიმში დაბრუნდა და პეტრე და იაკობი დაარწმუნა, არაებრაელები სექტაში მიეღოთ. იაკობი დათანხმდა, მაგრამ მომდევნო წლებში შეიტყო, რომ პავლე ებრაელებს მოსეს რჯულის წინააღმდეგ განაწყობდა.

მარტოხელა, პურიტანი ბერბიჭა პავლე მოგზაურობისას გემის ჩაძირვას, ძარცვას, ცემასა და ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ მისიის შესრულებაზე ხელი ვერაფერმა ააღებინა - მან უბრალო გალილეველი ებრაელი იესო აქცია ქრისტედ, კაცობრიობის მხსნელად, რომელიც მეორედ მოსვლისას, ცათა სასუფევლის შექმნისას, აუცილებლად დაბრუნდებოდა. ზოგჯერ პავლე ებრაელივით იქცეოდა და, სავარაუდოდ, ხუთგზის მაინც დაბრუნებულა იერუსალიმში, მაგრამ ზოგჯერ იუდაიზმს ქრისტიანობის ახალ მტრად წარმოაჩენდა ხოლმე. ადრეულ ქრისტიანულ ტექსტში, "თესალონიკელთა (ქრისტეს რჯულზე მოქცეული წარმართი ბერძნები) მიმართ მიწერილ პირველ ეპისტოლეში" პავლე ებრაელებს კიცხავს იესოსა და სხვა წინასწარმეტყველების დახოცვისათვის. მას მიაჩნდა, რომ წინადაცვეთა, ებრაელთა აღთქმა ღვთისადმი, წარმართთათვის სავალდებულო არ იყო: "ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს და ქრისტე იესოთი ვიქადით", - უხსნის პავლე ქრისტიან არაებრაელებს, რომლებიც წინადაცვეთას აპირებდნენ.

იაკობი და სხვა იერუსალიმელი უხუცესები პავლეს ამ ქადაგებით უკმაყოფილონი იყვნენ. ნამდვილ იესოს ისინი იცნობდნენ, მაგრამ პავლე დაჟინებით იმეორებდა: "ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში". ის ამტკიცებდა: "ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს". იაკობმა, ამ ყველასთვის პატივსაცემმა წმინდა კაცმა, პავლე იუდაიზმის უარყოფაში დაადანაშაულა. თვით პავლეც კი ვერ წავიდოდა იესოს ძმის წინააღმდეგ, ამიტომ 58 წელს იერუსალიმში დაბრუნდა იესოს დინასტიასთან შესარიგებლად.

იაკობ მართლის სიკვდილი: იესოს დინასტია

პავლე იაკობთან ერთად ტაძარში შევიდა განსაწმენდად და სალოცავად, მაგრამ იქ იმ იუდეველებმა იცნეს, რომელთაც მოგზაურობისას მისი ქადაგება მოესმინათ. ტაძარში წესრიგის აღსადგენად რომაელი ცენტურიონი შემოვარდა და პავლე ჩაქოლვას გადაარჩინა. პავლემ ისევ დაიწყო ქადაგება. რომაელებს ეგონათ, რომ ის დევნილი ეგვიპტელი "მისანი" იყო, შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და ანტონიას ციხეში წაიყვანეს გასამათრახებლად. "ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?" - იკითხა პავლემ. ცენტურიონს ენა ჩაუვარდა, არ ელოდა, რომ ეს შეშლილი "მეზღაპრე" თავად ნერონთან ჩივილის უფლების მქონე რომის მოქალაქე იქნებოდა. რომაელებმა მღვდელმთავრებსა და სინედრიონს მისი დაკითხვის უფლება მისცეს. პავლე ისეთ მკვახე პასუხებს იძლეოდა, რომ კინაღამ ისევ ჩაქოლეს. ცენტურიონმა ბრბო იმით დააშოშმინა, რომ პავლე კესარიაში გაგზავნეს.

პავლეს თვითნებობამ ებრაელ ქრისტიანებსაც მოსცხო ლაქა. 62 წელს მღვდელმთავარმა ანანიამ, ძემ იმ ანნასი, რომელმაც იესო დაკითხა, იაკობი დააპატიმრა, სინედრიონის წინაშე დაკითხა და ტაძრის გალავნიდან, შეიძლება, სწორედ იმ ქიმიდან, სადაც იესოს ეშმაკი სცდიდა, გადააგდებინა. იაკობი ქვებით ჩაქოლეს და ბოლოს, ტკივილის შესამსუბუქებლად, ჩაქუჩით თავი გაუტეხეს. იოსებ ფლავიუსი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, ანანიას ველურს უწოდებს, რადგან ამ საქციელმა ებრაელების უმეტესობა ძალიან აღაშფოთა: იესოს ძმას ხომ ყველა პატივს სცემდა. მეფე აგრიპა II-მ მაშინვე მოხსნა ანანია თანამდებობიდან. თუმცა, ქრისტიანების გვარი არ გაწყვეტილა: იესო და იაკობი მათმა ბიძაშვილმა თუ ნახევარძმამ, სიმონმა შეცვალა.

ამასობაში პავლე კესარიაში ჩაიყვანეს. პროკურატორმა ფელიქსმა ჰეროდიან ცოლთან, ყოფილ დედოფალ დრუსილასთან ერთად მიიღო იგი და ქრთამის სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა. პავლემ უარი უთხრა. ფელიქსიც აღარ ჩასძიებია, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა. ებრაელები და სირიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფელიქსმა მრავალი ებრაელი დაახოცვინა და ამისთვის რომში გაიწვიეს. პავლე ისევ პატიმრობაში რჩებოდა. ჰეროდე აგრიპა II და მისი და, ბერენიკა (ხალკისის და კილიკიის ყოფილი დედოფალი და სავარაუდოდ, საკუთარი ძმის საყვარელი) კესარიაში ჩავიდნენ ახალი პროკურატორის დასახვედრად. ახალმა პროკურატორმა ქრისტიანი ქადაგის საქმე იუდეველ მეფეს გადააბარა, როგორც პილატემ იესოს საქმე - ანტიპას.

პავლემ ქრისტიანული სახარება იქადაგა დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული სამეფო წყვილის წინაშე და თანამედროვე აზროვნების მეფესთან გამოზომილი სიტყვებით სცადა თავის გამართლება: "ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს."

"ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ, - უპასუხა მეფემ და დაამატა, - შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა". მაგრამ პავლემ ნერონის მსჯავრი მოითხოვა და ამიტომ ნერონს უნდა ხლებოდა.

იოსებ ფლავიუსი: უკუთვლა რევოლუციამდე

პავლე ერთადერთი ებრაელი არ იყო, ვინც ნერონის განაჩენს ელოდა. ფელიქსს ტაძრიდან კიდევ რამდენიმე მღვდელი გაეძევებინა და ისინიც იმპერატორისგან ელოდნენ მსჯავრს. ოცდაექვსი წლის იოსებ ბენ მატათია რომში ჩავიდა მეგობარი მღვდლების გადასარჩენად. მსოფლიომ ეს ახალგაზრდა იოსებ ფლავიუსის სახელით გაიცნო. ის გახლდათ მეამბოხეთა სარდალი, ჰეროდიანთა პროტეჟე და საიმპერატორო კარის დიდებული; მაგრამ, უპირველეს ყოვილისა, ის იერუსალიმის უდიდესი მემატიანე იყო.

იოსები მღვდლის შვილი იყო, მაკაბელთა გვარის იუდეველი მიწათმფლობელი, რომელიც იერუსალიმში გაიზარდა და როგორც განსწავლულსა და გონიერს, დიდ პატივს სცემდნენ. ყმაწვილკაცობაში სამი უმთავრესი ებრაული სექტის წევრი იყო და უდაბნოში ასკეტებთანაც ცხოვრობდა, სანამ ისევ იერუსალიმში დაბრუნდებოდა.

რომში ჩასული იოსებ ფლავიუსი მავნე, მაგრამ თეატრალური ხელოვნების მოყვარული იმპერატორის საყვარელ ებრაელ მსახიობს დაუკავშირდა. ნერონს ცოლი მოეკლა და წითელთმიანი და ფერმკრთალკანიანი, გათხოვილი ლამაზმანი, პოპეია შეჰყვარებოდა. როგორც კი იმპერატორის ცოლი გახდა, პოპეიამ ნერონი შეაგულიანა დედამისი, ღვარძლიანი აგრიპინა მოეკლა. თუმცა, მალე პოპეიაც ნახევრად ებრაელი "ღვთისმოშიში" გახდა. მსახიობი მეგობრის დახმარებით იოსებ ფლავიუსმა იმპერატორის ცოლს ხმა მიაწვდინა და მისი შუამდგომლობით მეგობრები გაათავისუფლებინა. იოსებ ფლავიუსმა მეგობრების დახსნა შეძლო, მაგრამ როცა იერუსალიმში დაბრუნდნენ, იქაურობა "რომაელთა წინააღმდეგ აჯანყების წადილით აღვსილი" დახვდათ. თუმცა იმ მომენტში აჯანყების თავიდან აცილება მაინც შეიძლებოდა. იოსებ ფლავიუსის იმპერატორის ცოლთან ნაცნობობა გვიჩვენებს, რამდენად მჭიდრო იყო კავშირი რომსა და იერუსალიმს შორის. იერუსალიმი ყოველწლიურად ათასობით პილიგრიმით ივსებოდა, მაგრამ ისინი ნაკლებად იმჩნევდნენ ანტონიას ციხესიმაგრეში მდგარი 600-1200 კაციანი რომაული კოჰორტის არსებობას. ტაძრის ქალაქი მშვიდობასა და სიმდიდრეში ცხოვრობდა. ქალაქს ებრაელთა მეფის მიერ დანიშნული მღვდელმთავარი მართავდა. მხოლოდ ამ პერიოდში დასრულდა საბოლოოდ ტაძრის მშენებლობა და 18 000 მშენებელი უმუშევარი დარჩა. მათ დასასაქმებლად მეფე აგრიპამ ახალი ქუჩების მშენებლობის პროექტი წამოიწყო.

უფრო გულისხმიერი იმპერატორი ან უფრო სამართლიანი პროკურატორი ებრაულ დაჯგუფებებს შორის წესრიგს ადვილად აღადგენდა. სანამ იმპერიას გათავისუფლებული ბერძენი მონა მართავდა, ნერონის მსახიობობას, ათლეტობასა და სისხლისღვრას ასე თუ ისე ითმენდნენ. მაგრამ როგორც კი ეკონომიკამ ნგრევა დაიწყო, ნერონის უსაქციელობის შესახებ ხმებმა იუდეამდეც მიაღწია, სადაც პროკურატორები "ყველანაირ ავაზაკობას სჩადიოდნენ". ქალაქის მმართველი მფარველობის სანაცვლოდ დიდებულებისგან ქრთამს ითხოვდა. დიდებულების ავაზაკი დამქაშები კი "სიკარიუსებს" ეჯიბრებოდნენ ქალაქის დაწიოკებაში. რა გასაკვირია, რომ კიდევ ერთმა წინასწარმეტყველმა, რომელსაც ბედის ირონიით, იესო ერქვა, ტაძარში შესძახა: "ვაი, შენ, უბედურო იერუსალიმო!" წინასწარმეტყველი გიჟად გამოაცხადეს და სიკვდილით დასჯის ნაცვლად, გაამათრახეს. თუმცა, იოსებ ფლავიუსი ანტირომაულ დამოკიდებულებაზე ბევრს არაფერს წერს.

64 წელს რომი ხანძარში გაეხვია. ნერონი ალბათ ცეცხლთან ბრძოლას ზედამხედველობდა და უსახლკაროდ დარჩენილებს თავისი ბაღის კარი გაუღო. თუმცა, ხმა დადიოდა, ხანძარი თავად ნერონმა გააჩინა, რათა უფრო დიდი სასახლე აეშენებინა და ხანძრის ჩაქრობა არ ისურვა, რადგან იმ დროს ქნარს სიმებს აგლეჯდაო. თავად ნერონმა ქრისტიანების სწრაფად მზარდი, ნახევრად ებრაული სექტა დაადანაშაულა და ბევრი მათგანი ჯვარზე გააკვრევინა, არენაზე ველურ ცხოველებს დააგლეჯინა და ცოცხლად დააწვევინა. სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ერთი წლით ადრე იერუსალიმში დაპატიმრებული ორი პატიმარი: როგორც ამბობდნენ, პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. ანტიქრისტიანულმა "პოგრომმა" ნერონს ახალი აღთქმის ბოლო კანონიკურ წიგნში - "გამოცხადებაში" დაუმკვიდრა ადგილი. სატანის "მხეცები" რომაელი იმპერატორები არიან, ხოლო მხეცის რიცხვი - 666 - ალბათ ნერონის კოდია.

ქრისტიანების საწამებლად გამოგონილმა "დახვეწილმა სასჯელებმა" ნერონს ვერ უშველა. შინ ფეხმძიმე ცოლს მუცელში წიხლი ჩაარტყა და შემოაკვდა. სანამ იმპერატორი ნამდვილ ან გამოგონილ მტრებს ხოცავდა და სამსახიობო კარიერას იქმნიდა, მისი ბოლო პროკურატორი იუდეაში - გესიუს ფლორუსი - "დემონსტრაციულად იჩენდა ძალმომრეობას ებრაელობის მიმართ". კესარიაში არეულობა დაიწყო. სირიელმა ბერძნებმა სინაგოგის კარებთან მამალი შესწირეს. ეს ებრაელებმა გააპროტესტეს. ფლორუსი წარმართებმა მოქრთამეს და ისიც იერუსალიმს მიადგა ტაძრისგან ჩვიდმეტი ტალანტის გადახდის მოთხოვნით. 66 წლის გაზაფხულზე პრეტორიუმში გამოჩენილ ფლორუსს ებრაელმა ახალგაზრდებმა მონეტები დაუშინეს. ფლორუსის ბერძენმა და სირიელმა ჯარისკაცებმა ბრბოს შეუტიეს. ფლორუსმა ტაძრელი დიდებულებისგან ხულიგნების გადმოცემა მოითხოვა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ფლორუსის ლეგიონერები ქუჩებს მოედვნენ, "ყველას სახლში უვარდებოდნენ და ხოცავდნენ". ფლორუსმა პატიმრები გაამათრახებინა, მათ შორის რომის მოქალაქე ებრაელი დიდებულებიც. ეს ბოლო წვეთი იყო: ტაძრის ელიტა რომაელთა მფარველობის იმედად ვეღარ იქნებოდა. ფლორუსის დაქირავებული მეომრების სისასტიკემ ებრაელთა ამბოხს ხელი შეუწყო. ფლორუსის მხედრები გადარეულები დაჯირითობდნენ იერუსალიმის ქუჩებში და კინაღამ მეფე აგრიპა და დედოფალი ბერენიკაც გადათელეს. მცველებმა დედოფალი სასწრაფოდ მაკაბელთა სასახლეში შეიყვანეს. ბერენიკამ იერუსალიმის ხსნა გადაწყვიტა.

იხილეთ:

• სარჩევი

იესო ქრისტეtag:www.qwelly.com,2015-06-26:6506411:Topic:9966772015-06-26T09:30:21.639ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

საიმონ სებაგ მონტეფიორე - იესო ქრისტე

10 - 40 წლები

იოანე ნათლისმცემელი და გალილეველი მელა

იოანეს მშობლები, ტაძრის მღვდელი ზაქარია და მისი ცოლი, ელისაბედი ქალაქგარეთ, სოფელ ეინ ქერემში ცხოვრობდნენ.…

საიმონ სებაგ მონტეფიორე - იესო ქრისტე
10 - 40 წლები

იოანე ნათლისმცემელი და გალილეველი მელა

იოანეს მშობლები, ტაძრის მღვდელი ზაქარია და მისი ცოლი, ელისაბედი ქალაქგარეთ, სოფელ ეინ ქერემში ცხოვრობდნენ. თავმდაბალი ზაქარია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც დიდგვაროვანი მღვდლებისგან განსხვავებით, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. იოანე ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ტაძარს. კარგ ებრაელად ყოფნის ბევრი გზა არსებობდა, მაგრამ იოანემ უდაბნოში ასკეტური ცხოვრება არჩია, როგორც ესაია მოითხოვდა: "უდაბნოში გაამზადეთ იაჰვეს გზა".

ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის ოციანი წლების მიწურულს იოანეს ჯერ იერუსალიმთან ახლომდებარე უდაბნოში გაუჩნდა მიმდევრები - "გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო" - შემდეგ - ჰეროდე ანტიპას გალილეის ჩრდილოეთში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მარიამი იოანეს დედის ბიძაშვილი იყო. იესოზე ფეხმძიმე მარიამი იოანეს ოჯახთან ხშირად რჩებოდა. იესო ნაზარეთიდან ეახლა ქადაგ ბიძაშვილს და იოანემ ის მდინარე იორდანეში მონათლა. ბიძაშვილებმა ერთად ქადაგება დაიწყეს, ხალხს ცოდვებისგან ნათლობით განწმენდას სთავაზობდნენ. ეს ცერემონიალი ძალიან ჰგავდა "მიკვაში" განბანვის ებრაულ რიტუალს. თუმცა, იოანე ჰეროდე ანტიპას ტახტიდან ჩამოგდების მოწოდებითაც გამოდიოდა.

გალილეის ტეტრარქი გადასახადების გადამხდელებისგან აკრეფილი ფულით ფუფუნებაში ცხოვრობდა, ხოლო მისი მებაჟეები ყველას ეზიზღებოდა. ანტიპა ყველაფერში მხარს უჭერდა რომის ახალ იმპერატორს, ავგუსტუსის გერს, პირქუშ ტიბერიუსს, რათა მისგან როგორმე მამის, ჰეროდე დიდის, მთელი სამეფო მიეღო. ანტიპამ თავისი სამფლობელოს დედაქალაქს ლივია უწოდა ტიბერიუსის დედის, ავგუსტუსის ქვრივის პატივსაცემად. 18 წელს მან გალილეის ზღვასთან ახალი ქალაქი, ტიბერიასი დააარსა. იოანეს მსგავსად, იესოსაც სძულდა გამყიდველი, ლოთი და რომაელთა დამქაში ანტიპა და მას "მელას" ეძახდა.

ანტიპამ ნაბატეველ არაბთა მეფის, არეტას IV-ის ასული შეირთო ცოლად, რათა ამ ქორწინებით ებრაელ და არაბ მეზობლებს შორის კავშირი გამტკიცებულიყო. ტახტზე ასვლიდან ოცდაათ წელიწადში შუახნის ანტიპას საკუთარი ძმისწული, ჰეროდია შეუყვარდა. ჰეროდია სიკვდილით დასჯილი ჰეროდე დიდის ვაჟის, არისტობულოსის ქალიშვილი იყო და უკვე ანტიპას ნახევარძმისთვის მიეთხოვებინათ. მან ანტიპას არაბ ცოლთან განშორება მოსთხოვა. ანტიპა სულელურად დასთანხმდა. არაბი მეფის ასული ქმარს უხმაუროდ არ გაშორებია.

მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე იოანემ მრუშ ცოლ-ქმარს დასცინა და ისინი ახაბსა და იზებელს შეადარა. ამის გამო იოანე წინასწარმეტყველი იორდანეს გადაღმა, მკვდარი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე ჰეროდე დიდის აგებულ მახერონის ციხესიმაგრეში დაამწყვდიეს. იოანეს გარდა საპყრობილეში კიდევ ერთი ცნობილი პატიმარი - ანტიპას არაბი ცოლიც იჯდა.

ანტიპამ თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ლხინი გამართა, რომელსაც მისი ცოლი ჰეროდია და ჰეროდიას ქალიშვილი სალომეც ესწრებოდნენ. სალომე ტეტრარქ ფილიპეს ცოლი იყო (მახერონის სანადიმო დარბაზის მოზაიკური იატაკის ნაწილი უვნებლადაა შემორჩენილი; შემორჩენილია რამდენიმე მიწისქვეშა დილეგიც). სალომე "გამოვიდა, იცეკვა და ჰეროდე მოხიბლა", შეიძლება, "შვიდი პირბადის" სტრიპტიზითაც დაახვია თავბრუ და ანტიპამ უთხრა: "რაც უნდა მთხოვო, მოგცემ". დედისგან წაქეზებულმა სალომემ უპასუხა: "იოანე ნათლისმცემლის თავი". ცოტა ხანში თავი საპყრობილიდან ამოიტანეს და "ლანგრით მიართვეს ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს".

იესო მიხვდა, რომ საფრთხეში იყო და უდაბნოში გაიქცა, მაგრამ ხშირად სტუმრობდა იერუსალიმს - სამი აბრაამისეული რელიგიის დამაარსებლიდან ის ერთადერთია, ვისაც იერუსალიმის ქუჩებში უვლია. ქალაქსა და ტაძარს საკუთარი თავის მისეულ ხედვაში ცენტრალური ადგილი ეჭირა. ებრაელის ცხოვრება წინასწარმეტყველებათა შესწავლას, რჯულის დაცვასა და იერუსალიმის ტაძარში წირვა-ლოცვას ეფუძნებოდა. იესო იერუსალიმს "დიდ მეფეთა ქალაქს" უწოდებდა. მართალია, იესოს ცხოვრების პირველ ოცდაათ წელზე არაფერი ვიცით, მაგრამ ცხადია, რომ ის ებრაულ ბიბლიაში განსწავლული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა წინასწარმეტყველებები დეტალურად აღესრულებინა. როგორც ებრაელისთვის, ტაძარი იესოს ცხოვრების ნაწილი იყო; მას იერუსალიმის ბედი დიდად ადარდებდა. თორმეტი წლის იესო პასექის დღესასწაულზე მშობლებმა ტაძარში წაიყვანეს. ლუკას თქმით, წასვლის წინ იესო მშობლებს გაეპარა და სამდღიანი ძებნის შემდეგ "ტაძარში იპოვეს იგი: მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ". თვით ეშმაკმაც საცდუნებლად "ტაძრის ქიმზე დააყენა". როცა მიმდევრებს თავისი ჩანაფიქრი გაანდო, იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ბედისწერა იერუსალიმში აღსრულდებოდა: "მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და დაეთმინა მრავალი ტანჯვა... სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს". მაგრამ იერუსალიმს მიეზღვებოდა ამისთვის: "როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი... იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი".

თორმეტი მოწაფის თანხლებით (მათ შორის მისი ძმა იაკობიც იყო) იესო გალილეაში დაბრუნდა. იგი სამხრეთისკენ მიიწევდა და შეფარულად და გადაკრულად ქადაგებდა "კარგ ამბავს", ხშირად იგავებსაც იშველიებდა. თუმცა, მისი მოწოდება პირდაპირი და დრამატული იყო: "მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ცათა სასუფეველი". იესოს არანაირი ნაშრომი არ დაუწერია, მაგრამ მის სწავლებებს გაუთავებლად აანალიზებენ და, როგორც სახარებებიდან ირკვევა, მისი ძირითადი მიზანი იყო, ხალხი მოახლოებული აპოკალიფსის - განკითხვის დღისა და ცათა სასუფევლის - შესახებ გაეფრთხილებინა.

თავად იესოს, მისტიკურ მესიას, ძეს კაცისას, მთავარი როლი უნდა შეესრულებინა: "რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში". იესომ ადამიანური ურთიერთობების რღვევაც იწინასწარმეტყველა: "და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ... ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა".

ეს სოციალური ან ეროვნული რევოლუცია არ იყო: იესო ბოლო ჟამის შემდგომ მსოფლიოზე ფიქრობდა; ის სოციალურ სამართლიანობაზე ქადაგებდა, ოღონდ არა ამ, არამედ ახალ სამყაროში: "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი". მებაჟეები და მეძავები მღვდლებსა და დიდებულებზე წინ შევიდოდნენ უფლის სასუფეველში. იესომ თავად გამოიწვია აპოკალიფსი იმით, რომ ყველას უჩვენა, ძველი რჯული მნიშვნელოვანი აღარააო: "მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები". როცა სამყაროს აღსასრული დადგება, "დაჯდება კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი" განსასჯელად. მართალნი საუკუნო სიცოცხლეში წავლენ, ხოლო ბოროტნი - საუკუნო სატანჯველში.

თუმცა, იესო ფრთხილობდა და მეტწილად ებრაული რჯულის დაცვით მოქმედებდა; სიმართლე ითქვას, ის ბიბლიური წინასწარმეტყველებების აღსრულებას ცდილობდა: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად". თუმცა, მხოლოდ ებრაული რჯულის ერთგულება საკმარისი არ იყო: "თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში". იესო გონივრულად იქცეოდა და რომის იმპერატორსა და ჰეროდეს არ უპირისპირდებოდა. მართალია, ძირითადად აპოკალიფსზე ქადაგებდა, მაგრამ თავის სიწმინდეს პირდაპირ ამჟღავნებდა: ხეიბრებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა და "შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი".

იესო, სულ ცოტა, სამჯერ მაინც ესტუმრა იერუსალიმს და იოანეს სახარების მიხედვით, ორჯერ გაქცევა მოახერხა. ტაძარში კარვების დღესასწაულზე ქადაგებისას ზოგი მას, როგორც წინასწარმეტყველს, ესალმებოდა, სხვები კი ქრისტედ მიიჩნევდნენ. თუმცა, სნობი იერუსალიმელები ირონიულად ქირქილებდნენ: "განა ქრისტე გალილეიდან მოვა?" როცა იესო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეკამათა, ბრბო დაუპირისპირდა: "მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა". ის ხანუქას დღესასწაულზე დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ესა თქვა: "მე და მამა ერთი ვართ. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა. მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ". იესომ კარგად იცოდა, იერუსალიმში სტუმრობა რასაც ნიშნავდა.

ამასობაში გალილეაში ანტიპას მიერ თავიდან მოცილებული არაბი ცოლი მახერონის საპყრობილიდან გაიქცა და სამშობლოში უმდიდრეს ნაბატეველ მეფეს, შესანიშნავი ალ-ხაზნესა და "ვარდისფერ-წითელ" პეტრაში სამეფო აკლდამის ამშენებელ არეტას IV-ს ეახლა. ასეთი შეურაცხყოფით განრისხებული არეტასი ანტიპას სამეფოს დაესხა თავს. ჰეროდიამ ჯერ ხომ წინასწარმეტყველი იმსხვერპლა, ახლა არაბულ-ებრაული ომიც გამოიწვია, რომელშიც ანტიპა დამარცხდა. რომაელი მოკავშირეები ამ პირად ომში არ ჩაბმულან: მოხუცი იმპერატორი ტიბერიუსი, რომელიც კუნძულ კაპრიზე გარყვნილებას მისცემოდა, ანტიპას უგუნურმა საქციელმა გაანაწყენა, მაგრამ მაინც მას დაუჭირა მხარი.

ჰეროდე ანტიპამ იესოს შესახებ შეიტყო. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ის. ზოგს იოანე ნათლისმცემელი ეგონა, ზოგს - ელია, ზოგი ამბობდა, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო. იესოს მოწაფე პეტრე კი მას მესიად მიიჩნევდა. იესო განსაკუთრებით ქალებს მოსწონდათ; ჰეროდეს მოურავის ცოლი, ერთ-ერთი ჰეროდიანი, მისი მიმდევარი იყო. ანტიპამ იესოს იოანე ნათლისმცემელთან კავშირზეც შეიტყო: "ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა". ანტიპა იესოს მოკვლით დაიმუქრა, მაგრამ, როგორც ჩანს, იესოსადმი მეგობრულად განწყობილმა რამდენიმე ფარისეველმა იესო გააფრთხილა: "გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას".

მაგრამ იესო არ შეშინდა და ანტიპა გამოიწვია: "წადით და უთხარით მაგ მელას: რომ აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს", მესამე დღეს კი ვესტუმრები იმ ერთადერთ ადგილს, სადაც ებრაელი კაცის ძე თავის ბედისწერას აღასრულებსო: "არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს". მისი მაღალფარდოვანი პოეტური გზავნილი ტაძრის ამშენებელი მეფის ვაჟისადმი განწირული ქალაქის მიმართ იესოს სიყვარულს ადასტურებს: "იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერმე ვცადე, შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად".

იესო ნაზარეველი: სამი დღე იერუსალიმში

ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს პასექის დღესასწაულზე იესო და ანტიპა იერუსალიმში თითქმის ერთდროულად ჩავიდნენ. იესო მსვლელობას მიუძღვოდა ბეთანიისკენ ზეთისხილის მთაზე, საიდანაც ტაძრის დათოვლილი მთის მწვერვალივით ბრჭყვიალა ხედი იშლებოდა. იესომ მოწაფეები ქალაქში შეგზავნა მისთვის სახედრის მოსაყვანად - მაშინ ვირი მეფეთა საკადრისი ტრანსპორტი იყო. სახარებები, ერთადერთი ისტორიული წყარო, მომდევნო სამ დღეს ოდნავ განსხვავებულად აღგვიწერენ. "ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ", - გვიხსნის მათე.

ნაწინსაწარმეტყველები იყო, რომ მესია იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდოდა. მოახლოებულ იესოს მიმდევრები ფერხთით პალმის რტოებს უფენდნენ და მას "დავითის ძესა" და "ისრაელის მეფეს" უწოდებდნენ. სავარაუდოდ, სხვა სტუმრების მსგავსად, იესოც სამხრეთი კარიბჭით, სილოამის აუზთან შევიდა ქალაქში და იქიდან რობინსონის თაღის გავლით ავიდა ტაძრისკენ მიმავალ მონუმენტურ კიბეზე. მისი მოწაფეები, გალილეველი პროვინციელები, რომლებიც ქალაქში ნამყოფნი არ იყვნენ, ტაძრის სიდიდემ აღაფრთოვანა: "მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!" იესომ, რომელსაც არაერთხელ ენახა ტაძარი, უპასუხა: "ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა".

იესოს იერუსალიმის სიყვარული არ დაუმალავს, მაგრამ იმასაც ამბობდა, რომ ქალაქმა იმედი გაუცრუა. მან "გატიალების სიბილწე" წინასწარ იხილა. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, ეს წინასწარმეტყველებები იესოს მოგვიანებით მიაწერეს, რადგან ცნობილია, რომ სახარებები ტიტუსის მიერ ტაძრის დანგრევის შემდეგ დაიწერა. თუმცა, იერუსალიმი ხომ ადრეც დაენგრიათ და ისევ აღედგინათ, ამიტომ იმის თქმაც შეიძლება, რომ იესო, უბრალოდ, პოპულარულ ანტიტაძრულ ტრადიციებს ეყრდნობოდა. "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას", დაამატა ესაიას წინასწარეტყველებით შთაგონებულმა იესომ. ესაიაც და იესოც იერუსალიმს არა უბრალოდ, არამედ ზეციურ ქალაქად ხედავდნენ, რომელიც მსოფლიოს შეაზანზარებდა. თუმცა, იესო ტაძრის სამ დღეში აღდგენის პირობას იძლევა და შეიძლება ამით გვიჩვენებს, რომ ის კორუფციას ებრძოდა და არა - ღვთის სახლს.

დღისით იესო ასწავლიდა და ავადმყოფებს კურნავდა ბეთეზდას აუზთან ტაძრის ჩრდილოეთით ან სამხრეთით - სილოამის აუზთან, სადაც ებრაელი პილიგრიმები ტაძარში შესვლამდე განიბანდნენ ხოლმე. საღამო ბეთანიელი მეგობრის სახლში გაათია. ორშაბათ დილით ის კვლავ დაბრუნდა ქალაქში, მაგრამ ამჯერად ტაძრის სამეფო პორტიკს მიადგა.

პასექის დღესასწაულზე იერუსალიმი ხალხით ივსებოდა და ყველაზე სახიფათო ხდებოდა. იმ დროს ძალაუფლება ფულს, თანამდებობასა და რომაულ კავშირებს ეფუძნებოდა. მაგრამ ებრაელები რომაელებივით სამხედრო მიღწევებსა და იოლ ფულს კი არ სცემდნენ პატივს, არამედ ოჯახებს (ტაძრის სამღვდელოებას ან ჰეროდიან დიდგვაროვნებს), სწავლულებსა (ფარისეველ მწიგნობრებს) და წინასწარგანუჭვრეტელ ღვთიურ შთაგონებას. ტაძრისგან ხევით გამოყოფილ ზედა ქალაქში დიდგვაროვნები ნახევრად ებრაული, ნახევრად ბერძნულ-რომაული სტილის მამულებში ცხოვრობდნენ: ე. წ. "მდიდრული პალატების" გათხრებისას ვრცელი დარბაზები და "მიკვები" აღმოაჩინეს. ზედა ქალაქში იდგა ანტიპასა და მღვდელმთავარ იოსებ კაიაფას სასახლეები. თუმცა იერუსალიმის ნამდვილი მმართველი იყო პრეფექტი პილატე პონტოელი, რომელიც, როგორც წესი, ზღვისპირა ქალაქ კესარიიდან განაგებდა თავის პროვინციას, მაგრამ პასექის დღესასწაულზე ყოველთვის იერუსალიმში ჩადიოდა და ჰეროდეს ციტადელში რჩებოდა.

ანტიპა ერთადერთი ებრაული სამეფო გვარის წარმომადგენელი არ ყოფილა იერუსალიმში. ელენე, დღევანდელი ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე მცირე სამეფო ადიაბენეს პართიის დედოფალი, იუდაიზმზე მოიქცა, საცხოვრებლად იერუსალიმში გადმოვიდა, დავითის ქალაქში სასახლე აიშენა და ტაძრის სამლოცველოს შესასვლელში დასაკიდებლად ოქროს შანდალი შესწირა, ცუდი მოსავლიანობის დროს კი მოსახლეობისთვის საკვებსაც ყიდულობდა. პასექის დღესასწაულზე ალბათ დედოფალი ელენეც იმყოფებოდა და იერუსალიმში ამ მცირე ხნის წინ აღმოჩენილი რომელიმე სამკაული ეკეთა: ოქროთი ინკუსტრირებული მარგალიტი ორი ოქროში ჩასმული ზურმუხტისთვლიანი ჩამოსახსნელი ნაწილით.

როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ორმილიონ-ნახევარი ებრაელი შეიკრიბა. ეს რიცხვი აშკარად გადაჭარბებულია, მაგრამ ქალაქში მართლაც იმყოფებდა "ყველა ეროვნების" ებრაელი პართიიდან და ბაბილონიდან კრეტასა და ლიბიამდე. შედარებისთვის წარმოიდგინეთ მექა ჰაჯის დროს. პასექის დღესასწაულზე ყველა ოჯახს კრავი უნდა შეეწირა, ამიტომ ქალაქს ცხვრების ბღავილი აყრუებდა - 255 600 კრავი დაიკლა ტაძარში შესაწირავად. ბევრი რამ იყო გასაკეთებელი: ტაძართან ყოველი მიახლოებისას პილიგრიმებს "მიკვაში" თავი უნდა ჩაეყოთ და სამეფო პორტიკში შესაწირავი კრავები ეყიდათ. ქალაქში ყველა ვერ დარჩებოდა. ათასობით პილიგრიმი იესოს მსგავსად ქალაქგარეთ, სოფლებში ან გალავანთან ბინავდებოდა. როგორც კი ქალაქში შემწვარი ხორცისა და საკმევლის გამაბრუებელი სურნელი დატრიალდებოდა, რასაც ლოცვისა და წირვის დაწყების მაუწყებელი საყვირების ხმა ერწყმოდა, ყველა ტაძარს მიაპყრობდა მზერას, მათ შორის, ანტონიას ციხესიმაგრეში გამაგრებული რომაელი ჯარისკაცებიც, რომლებიც ნერვიულად ადევნებდნენ თვალს რელიგიურ რიტუალებს.

იესომ მაღალ, სვეტებიან სამეფო პორტიკში შეაბიჯა - ხმაურიან, ჭრელ, ხალხმრავალ სამყაროს ცენტრში. აქ იკრიბებოდნენ პილიგრიმები დასაბინავებელი ადგილის საშოვნელად, მეგობრებთან შესახვედრად და ფულის ტვიროსულ ვერცხლზე გადასახურდავებლად, რადგან სწორედ ტვიროსული ვერცხლით შეიძლებოდა შესაწირავი კრავების, მტრედების ან, თუ მდიდარი იყავი, ხარების ყიდვა. ტაძრის ან მისი რომელიმე შიდა ეზოსგან განსხვავებით, სამეფო პორტიკი რომაული ფორუმის მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო. აქ იესომ ტაძარში შეგროვილ საქმოსნებს შეუტია: "განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი", იერემიას, ზაქარიასა და ესაიას სიტყვებს იმეორებდა იესო და მეკერმეთა (ფულის გადამხურდავებელთა) დახლებს აყირავებდა. მისმა დემონსტრაციულმა საქციელმა აურზაური გამოიწვია, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ ტაძრის მცველები ან რომაელი ჯარისკაცები ჩარეულიყვნენ.

ბეთანიაში გატარებული კიდევ ერთი ღამის შემდეგ იესო ტაძარში დაბრუნდა კრიტიკოსებთან საკამათოდ. სახარებებში აღწერილია, რომ იესოს ფარისევლები უპირისპირდებოდნენ, თუმცა, შესაძლოა, ამ ეპიზოდებში ორმოცდაათი წლის შემდგომი მოვლენები ირეკლებოდეს, როცა სახარებები იწერებოდა. ფარისევლები ყველაზე მოქნილი და პოპულისტური სექტის წევრები იყვნენ და მათი სწავლებები ალბათ ძალიან ჰგავდა იესოსას. იესოს ნამდვილი მტერი სამღვდელო არისტოკრატია იყო. ჰეროდიანებმა იესოს წამოაძახეს, კეისარს ხარკს ხომ უხდიო, მაგრამ იესომ გონივრულად უპასუხა: "მიაგეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა".

თუმცა, იესო თავს მესიას არ უწოდებდა და ხაზს უსვამდა "შემას", უმთავრესი ებრაული ლოცვისა და მოყვასის სიყვარულის საჭიროებას: იესო ნამდვილი ებრაელი იყო. მან აღტაცებული ბრბო გააფრთხილა გარდაუვალი აპოკალიფსის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, იერუსალიმში მოხდებოდა: "შორს როდი ხართ ღმრთის სასუფევლისგან". ებრაელებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ როგორ მოვიდოდა მესია, მაგრამ ერთ რამეზე ყველა თანხმდებოდა - რომ სამყაროს თავად ღმერთი მოუღებს ბოლოს და იერუსალიმში მესიის სამეფოს შექმნის. "აახმიანეთ საყვირები სიონის მთაზე და იხმეთ წმინდანები", აცხადებს "სოლომონის ფსალმუნები", რომელიც ქრისტეს სიკვდილიდან მცირე ხანში დაიწერა, "ახარეთ იერუსალიმს, რომ ისრაელის ღმერთმა წყალობა გაიღო!" მიმდევრებმა ჰკითხეს იესოს: "რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და სამყაროს დასასრულისა?" "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი", უპასუხა იესომ, მაგრამ მოგვიანებით მაინც გაანდო მათ მოახლოებული აპოკალიფსის ნიშნები: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილიანობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ". და იხილავს ხალხი "ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით". იესოს მგზნებარე გამბიტმა სერიოზულად შეაშფოთა რომაელი პრეფექტი და მღვდელმთავრები, რომლებიც იესოს სიტყვებით, ბოლო ჟამს წყალობას ვერ ეღირსებოდნენ: "გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?"

პასექის დღესასწაულზე იერუსალიმი ყოველთვის დაძაბული იყო, მაგრამ ამჯერად ხელისუფალნიც ჩვეულებრივზე მეტად განრისხდნენ. სახარებების რამდენიმე უარყოფილ მუხლში მარკოზი და ლუკა აღნიშნავენ, რომ დღესასწაულამდე მცირე ხნით ადრე იერუსალიმში გალილეველები აჯანყდნენ და პილატემ ამბოხი ჩაახშო. პრეფექტმა თვრამეტი გალილეველი ჩამოახრჩო ტაძრის სამხრეთით, სილოამის კოშკზე. ერთ-ერთმა მეამბოხემ, ბარაბამ, რომელსაც ქრისტეც შეხვდა, აჯანყებისას კაცი მოკლა. მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი გალილეველისთვის, რომელიც აპოკალიფსის დროს მათ უეჭველ განადგურებას წინასწარმეტყველებდა, მეტი აღარ დაეცლიათ. კაიაფამ და ყოფილმა მღვდელმთავარმა, გავლენიანმა ანნამ, თათბირი გამართეს, თუ რა მოემოქმედებინათ. იოანეს სახარებაში წერია, რომ კაიაფას მიაჩნდა, "უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს". მათ გეგმები დააწყვეს.

მომდევნო დღეს იესო პასექისთვის ქორედში, იერუსალიმის ბორცვის (რომელსაც მოგვიანებით სიონის მთა შეარქვეს) დასავლეთ კალთაზე ემზადებოდა. ვახშმობისას იესომ როგორღაც შეიტყო, რომ თავისმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა, ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, მაგრამ ტაძრისგან მოშორებით, კიდრონის ხეობის გადაღმა გეთსემანიის სურნელოვანი ზეთისხილის ხეების ბაღში წასვლა არ გადაუფიქრებია. იუდა გაიპარა. უცნობია, მან იესოს პრინციპის - ზედმეტი ან არასაკმარისი რადიკალიზმის - სიხარბის თუ შურის გამო უღალატა.

იუდა მღვდელმთავრების, ტაძრის მცველებისა და რომაელი ლეგიონერების თანხლებით დაბრუნდა. სიბნელეში იესოს ამოსაცნობად იუდამ მას ლოყაზე აკოცა და კუთვნილი ვერცხლიც მიიღო. ჩირაღდნებით განათებულ ბრძოლის ველზე მოწაფეებმა ხმლები იშიშვლეს. პეტრემ ერთ-ერთი მღვდელმთავრის ლაქიას ყური წაათალა. ხოლო ვიღაც უცნობი ჭაბუკი სრულიად შიშველი მიიმალა ბნელში. ეს შემთხვევა იმდენად ექსცენტრიკულია, რომ ალბათ სიმართლეს შეესაბამება. იესო დააპატიმრეს, ხოლო მოწაფეები მიიმალნენ. მხოლოდ ორი აედევნა შეპყრობილ მოძღვარს უჩუმრად.

თითქმის შუაღამე იყო. რომაელი მცველებით გარშემორტყმული იესო სამხრეთის კედლის გასწვრივ სილოამის კარიბჭეში გაატარეს და ზედა ქალაქში ქალაქის "რუხი კარდინალის", ანნას სასახლეში მიიყვანეს. ანნა ფაქტობრივად იერუსალიმს განაგებდა და მკაცრი და ლამის ერთგვარიანი ტაძრის ელიტის წინამძღოლი იყო - თავად ყოფილი მღვდელმთავარი, ახალი მღვდელმთავრის, კაიაფას სიმამრი და მომავალი ხუთი მღვდელმთავრის მამა. მაგრამ ის და კაიაფა ებრაელთა უმეტესობას მექრთამე ავაზაკებად და კოლაბორაციონისტებად მიაჩნდა; მათი მსახურების სისასტიკეზე ეს ებრაული გოდება მეტყველებს: "მოდიოდნენ და ჯოხებს გვირტყამდნენ." ფულის კეთება და თაღლითობა - აი, ეს იყო მათი ძირითადი საქმიანობა. იესომ კი ზუსტად სამართლიანობის სიმებს ჩამოჰკრა და სინედრიონშიც კი მოიპოვა თაყვანისმცემლები. ამ პოპულარული და უშიშარი ქადაგის გასამართლება სწრაფად და უჩუმრად, ღამით უნდა მომხდარიყო.

შუაღამე მიიწურა. მცველებმა ეზოში კოცონი დაანთეს. პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი, ანნამ და მისმა სიძემ კი სინედრიონის ერთგული წევრები შეკრიბეს - მათ შორის არ იყო იოსებ არიმათიელი, იესოს თაყვანისმცემელი, რომელიც მისი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო. იესო მღვდელმთავარმა დაკითხა: შენ იმუქრებოდი, ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში ისევ ავაშენებო? შენ აცხადებდი, მესია ვარო? იესო არაფერს პასუხობდა, მხოლოდ ეს აღიარა: "იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით" (მარკოზის სახარება 14:62).

"ეს ღვთის გმობაა", - უპასუხა კაიაფამ.

"სიკვდილის ღირსია", - იხუვლა ბრბომ, რომელიც, მიუხედავად გვიანი ღამისა, მრავლად შეკრებილიყო მღვდელმთავრის ეზოში. იესოს თვალები აუხვიეს და მთელი ღამე დასცინოდნენ. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა. გათენდა. პილატესთან შეხვედრა ჯერ წინ იყო.

პილატე პონტოელი: იესოს გასამართლება

დაქირავებული მეომრებით გარშემორტყმულმა რომაელმა პრეფექტმა იესოს გასამართლება აღელვებული ბრბოს წინაშე პრეტორიუმზე, ჰეროდეს სასახლის წინ პლატფორმაზე გადაწყვიტა. პონტიუს პილატე აგრესიული, უტაქტო და მკაცრი დისციპლინის მოყვარული იყო. იერუსალიმში მისი შეძულება უკვე მოესწროთ "მექრთამეობისთვის, ძარცვა-გლეჯისთვის, სიმკაცრისთვის, თავდასხმებისთვის, გაუთავებული სიკვდილით დასჯებისა და დაუოკებელი მძვინვარებისთვის". ერთ-ერთი ჰეროდიანი მთავარი მას ფიცხსა და ავგულს ეძახდა.

ებრაელებს ჯერ კიდევ ვერ მოენელებინათ ის ფაქტი, რომ პილატემ თავისი ჯარისკაცები იერუსალიმში იმპერატორის გამოსახულებიანი ფარებით შეიყვანა. ჰეროდე ანტიპამ მას ელჩობა მიუგზავნა, ფარებიდან გამოსახულება წაშალეო. უხეშმა და მკაცრმა პილატემ ეს იუარა. როცა ეს ფაქტი უფრო მეტმა ებრაელმა გააპროტესტა, პილატემ მათ მცველები მიუსია. ელჩები მიწაზე გაწვნენ და ყელი მოიშიშვლეს. პილატემ მხოლოდ ამის შემდეგ მოაშორებინა ფარებიდან შეურაცხმყოფელი გამოსახულება. სულ ბოლოს პილატეს გალილეველი ამბოხებულები დაეხოცა, "რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს".

"შენა ხარ იუდეველთა მეფე?" - ჰკითხა პილატემ იესოს, რადგან მიმდევრები ასე მიმართავდნენ მას იერუსალიმში შესვლისას.

"ამას შენ ამბობ", - უპასუხა იესომ და მეტი აღარაფერი დაუმატებია. მაგრამ პილატემ დაადგინა, რომ ის გალილეველი იყო და "როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს". პილატემ პატიმარი ჰეროდე ანტიპას, გალილეის მმართველს, პატივისცემის ნიშნად გაუგზავნა, რადგან ანტიპა განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იესოთი. ანტიპას სასახლემდე შორი არ იყო. ლუკა წერს, რომ ჰეროდე ანტიპამ ძალიან გაიხარა, ვინაიდან დიდი ხანი იყო, იოანე ნათლისმცემლის მემკვიდრის ხილვა ეწადა და "იმედი ჰქონდა, ეგებ რამე სასწაული მიჩვენოსო". მაგრამ იესოს იმდენად ეზიზღებოდა იოანეს მკვლელი "მელა", რომ სიტყვის თქმის ღირსადაც არ ჩათვალა იგი.

ჰეროდემ მასხრად აიგდო იესო, აჯავრებდა, აბა, შენი ოინები მიჩვენეო. მერე სამეფო სამოსით შემოსა და დამცინავად "მეფე" უწოდა. ტეტრარქი ალბათ სულაც არ აპირებდა იოანეს შემცვლელისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაგრამ მისი დაკითხვა მაინც სურდა. ძველი მეტოქეები - ჰეროდე ანტიპა და პილატე - იმ დღეს დამეგობრდნენ. და მაინც, იესო რომაელთა პრობლემა იყო, ამიტომ ჰეროდე ანტიპამ ის ისევ პილატეს გაუგზავნა. პილატემ იესო აწამა. იქვე იყვნენ ე. წ. ქურდები და "ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას". როგორც ჩანს, იესოსთან ერთად სხვა ამბოხებულებსაც, მათ შორის ამ "ქურდებსაც", აწამებდნენ.

პილატემ ერთ-ერთი პატიმრის გათავისუფლება მოინდომა. ბრბომ ბარაბა აირჩია. სახარებების მიხედვით, ბარაბა გაუშვეს. თუმცა, ეს ამბავი საეჭვოდ ჟღერს: ჩვეულებრივ, რომაელები მკვლელ ამბოხებულებს სიკვდილით სჯიდნენ ხოლმე. იესოს ჯვარზე გაკვრით სიკვდილი მიესაჯა. მათე წერს, რომ პილატემ "მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში".

"ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი", - მიუგო ხალხმა. პირმოთნე, სასტიკ და ჯიუტ პილატეს არასდროს დასჭირვებია სისხლისღვრის წინ ხელების დაბანა. ებრაელებთან წინა დაპირისპირებისას მან სამოქალაქო სამოსში გადაცმული ჯარისკაცები იერუსალიმის მშვიდობიან მოსახლეობას შეუსია. პილატეს ნიშანზე ჯარისკაცებმა ხმლები იშიშვლეს, ქუჩებს მოედნენ და მრავალი ადამიანი მოკლეს. იმავე კვირას ბარაბას აჯანყებით შეშფოთებული პილატე ალბათ ძალიან უფრთხოდა კიდევ ერთი "მეფის" ან "ფსევდოწინასწარმეტყველის" გამოჩენას, რომლებსაც ისედაც წაელეკათ იუდეა ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ. იესო თავისებური, გადაკრული ქადაგებით აშკარად ბევრს აწონებდა თავს და მიმდევრებს იჩენდა. მრავალი წლის შემდეგ თავად ფარისეველმა იოსებ ფლავიუსმაც კი აღნიშნა, რომ იესო ბრძენი მოძღვარი იყო.

სახარებებში მოთხრობილი სიკვდილის მისჯის სცენის აღწერა ნაკლებად დამაჯერებელია. სახარებებში წერია, მღვდელმთავრები ამტკიცებდნენ, სიკვდილის მისჯის უფლება არ გვაქვსო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იოსებ ფლავიუსი წერს, რომ "სადავო საკითხის განხილვისას მღვდელმთავარს შეუძლია დამნაშავის დასჯა მოითხოვოს". სახარებები, რომლებიც 70 წელს ტაძრის დანგრევის შემდეგ დაიწერა და გადასწორდა, ბრალს ებრაელებს სდებენ და რომაელებს ამართლებენ, რითაც იმპერიისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობენ. თუმცა, იესოსთვის წაყენებული ბრალი და მისი დასჯა თავისთავად მეტყველებს, რომ ეს რომაული ოპერაცია იყო.

სხვა სიკვდილმისჯილების მსგავსად, იესოც ძვლისა და რკინის კავებწამოცმული, ტყავისენიანი მათრახებით სცემეს. ეს პროცესი იმდენად მტკივნეული იყო, რომ ხშირად სიკვდილმისჯილი გამათრახებისას იღუპებოდა. დაქირავებულმა ჯარისკაცებმა, რომელთა შორის სირიელები და ბერძნები ჭარბობდნენ, გაამზადეს აბრა წარწერით: იუდეველთა მეფე, ხოლო გამათრახებისას ლამის სისხლისგან დაცლილი იესო პრეტორიუმიდან წაიყვანეს. სავარაუდოდ, ეს მოხდა ნისანის თვის 14-ში ანუ 33 წლის 3 აპრილის პარასკევ დილას. სხვა ორ ბრალდებულთან ერთად იესო პატიბულუმ-ს მიათრევდა - ჯვარს, რომელზეც უნდა გაეკრათ. მსვლელობამ ციტადელის საპყრობილიდან ზედა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. იესოს მიმდევრებმა ვინმე სიმონ კირენელი დაიყოლიეს, რომ იესოს ნაცვლად მას წაეღო ჯვარი. იესოს თაყვანისმცემელი ქალები მოთქვამდნენ.

"იერუსალიმის ასულნო, - მიმართა მათ იესომ, - მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები... ახლოვდება ჟამი" - აპოკალიფსი ხომ გარდაუვალი იყო.

იესომ უკანასკნელად დატოვა იერუსალიმი, გენათის (ბაღის) კარიბჭიდან გასულმა მარცხნივ გაუხვია და მთაგორაკიანი ბაღების, კლდეში ნაკვეთი სამარხებისა და იერუსალიმის სიკვდილით დასასჯელი ბორცვისკენ დაიძრა. ბორცვისთვის შესაფერისი სახელი შეერქმიათ: გოლგოთა, ანუ "თხემის ადგილი".

იესო ქრისტე: ვნება

მტრების და მეგობრების მრავალრიცხოვანი ბრბო იესოს თან მიჰყვებოდა სიკვდილით დასჯის - ყოველთვის თვალსასეირო სანახაობის - საცქერლად. მზე უკვე ამოსულიყო, როცა ბორცვზე ავიდნენ. იქ უკვე დაერჭოთ ძელი, რომელსაც იესომდეც იყენებდნენ და მის შემდეგაც კიდევ ბევრჯერ გამოიყენეს. ჯარისკაცებმა ნერვების დასაწყნარებლად ტრადიციული სასმელი, მურნარევი ღვინო შესთავაზეს იესოს, მაგრამ მან იუარა. შემდეგ ის ჯვარზე გააკრეს.

ჯვარცმა, იოსებ ფლავიუსის აზრით, ყველაზე მძიმე სიკვდილი იყო და სიკვდილმისჯილის საჯაროდ დამცირებას ისახავდა მიზნად. ამიტომ პილატემ ბრძანა ჯვარზე, იესოს თავთან გაეკრათ აბრა წარწერით: იუდეველა მეფე. სიკვდილმისჯილებს ჯვარზე ან აჭედებდნენ, ან აბამდნენ. ამაში იმდენად დაოსტატებულები იყვნენ, რომ სიკვდილმისჯილები სისხლისგან იშვიათად იცლებოდნენ. ლურსმნებს მკლავებსა (არა - ხელისგულებში) და წვივებში აჭედებდნენ: ჩრდილოეთ იერუსალიმში ჯვარცმული ებრაელის ძვლები აღმოაჩინეს, ათსანტიმეტრიანი რკინის ლურსმანი ჯერაც კოჭის ძვლიდან ამოჩრილიყო. ჯვარცმული სიკვდილმისჯილების სხეულიდან ამოღებულ ლურსმნებს ებრაელები და წარმართები ავადმყოფობისგან თავდასაცავ თილისმად ატარებდნენ; სწორედ აქედან იღებს სათავეს ქრისტიანული ჯვარცმის რელიკვიების გაფეტიშების ხანგრძლივი ტრადიცია. როგორც წესი, სიკვდილმისჯილებს შიშვლად აკრავდნენ ჯვარზე: კაცებს პირაღმა, ქალებს პირდაღმა.

ჯალათები სიკვდილის გახანგრძლივების ან დასწრაფების ექსპერტები იყვნენ. რომაელებს იესოს სწრაფად მოკვლა კი არ სურდათ, არამედ იმის ჩვენება, რომ რომაულ ძლიერებასთან დაპირისპირება ფუჭი იყო. სავარაუდოდ, იესო ჯვარზე მკლავებგაშლილი გააკრეს, როგორც ეს ქრისტიანულ მხატვრობაშია ნაჩვენები, თეძოებს მცირე ზომის სოლი, სედილე, უმაგრებდა, ხოლო ტერფებს - სუპპედანეუმ - დირე. ამგვარ პოზაში სიკვდილმისჯილი არა მხოლოდ რამდენიმე საათს, რამდენიმე დღესაც კი გასტანდა ცოცხალი. ჯვარცმულის მოკვლის უსწრაფესი გზა მისთვის წვივების დამტვრევა იყო. ამ დროს სხეულის სიმძიმე მკლავებზე გადადიოდა და სიკვდილმისჯილი ათ წუთში ჰაერის უკმარისობისგან იგუდებოდა.

რამდენიმე საათი გავიდა; მტრები იესოს დასცინოდნენ; გამვლელნი აგინებდნენ. იესოს მეგობარი, მარიამ მაგდალინელი, მარიამთან და უსახელო მოწაფესთან, რომელიც იესოს ძალიან უყვარდა, ფხიზლობდა. სავარაუდოდ, ეს უსახელო მოწაფე იესოს ძმა, იაკობი იყო. იესო მისმა მხარდამჭერმა იოსებ არიმათიელმაც მოინახულა. "მწყურია", - თქვა იესომ. მისმა მიმდევარმა ქალებმა ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპზე წამოაგეს და ტუჩებთან მიუტანეს, რომ მისთვის პირი გაესველებინათ. ზოგჯერ ჯვარცმულ იესოს სასოწარკვეთილება შეიპყრობდა: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?" წამოიყვირა მან შესაბამისი ციტატა 22-ე ფსალმუნიდან. ნეტა რა იგულისხმა მან სიტყვებში "ღმერთო, რატომ მიმატოვე?" ხომ არ ეგონა იესოს, რომ ღმერთი განკითხვის დღეს მოაწყობდა?

დაუძლურებულმა დედამისს შეხედა და უთხრა: "დედაო, აჰა, შენი ძე!" და საყვარელ მოწაფეს სთხოვა, მარიამს გაუფრთხილდიო. შეიძლება ეს მოწაფე მართლაც იესოს ძმა იყო, რადგან მან მარიამი თან წაიყვანა. ბრბოც თანდათან დაიშალა. დაღამდა.

ჯვარცმა ნელი სიკვდილი იყო. სიკვდილმისჯილი სხეულის გადახურებისგან, შიმშილისგან, სულის შეხუთვისგან, ტკივილისგან ან წყურვილისგან იღუპებოდა. გამათრახებული იესო ალბათ სისხლისგან იცლებოდა. უცებ მან ამოიოხრა: "აღსრულდა", და გრძნობა დაკარგა. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებული შაბათის და პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ისედაც დაძაბულობა იყო, პილატემ ჯალათებს ალბათ მოვლენების დაჩქარება უბრძანა. ჯარისკაცებმა იქვე ჯვარცმულ ორ ქურდს თუ მეამბოხეს წვივები გადაუმტვრია და ისინიც ჰაერის უკმარისობისგან დაიხრჩვნენ. იესოსთან რომ მივიდნენ, ის უკვე მკვდარი ჩანდა და "ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა". შესაძლოა, სწორედ ამ შუბმა მოკლა იესო.

იოსებ არიმათიელი მაშინვე პრეტორიუმისკენ გაეშურა პილატესთვის ცხედრის გამოსათხოვად. ჩვეულებრივ, სიკვდილმისჯილებს ჯვარზე გაკრულებს ტოვებდნენ დასალპობად ან სვავების საჯიჯგნად, მაგრამ ებრაელებს გარდაცვლილის სწრაფად დამარხვის ტრადიცია ჰქონდათ. პილატე იოსებ არიმათიელს დასთანხმდა.

პირველ საუკუნეში ებრაელები გარდაცვლილს მიწაში კი არ მარხავდნენ, სუდარაში გახვეულს ქვის აკლდამაში ასვენებდნენ. ნათესავები ცხედარს ხშირად ამოწმებდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ნამდვილად მოკვდა და კომატოზურ მდგომარეობაში არ იყო: იშვიათად, მაგრამ მაინც მომხდარა, რომ "მკვდარი" მომდევნო დილით წამომდგარა. ცხედარს გახრწნას აცდიდნენ, შემდეგ ძვლებს ქვის სარკოფაგში ჩაასვენებდნენ, ხოლო მკვდრის სახელს აკლდამაზე გარედან ამოტვიფრავდნენ ხოლმე.

იოსებმა და იესოს ნათესავებმა მისი ცხედარი სასწრაფოდ ჩამოხსნეს ჯვრიდან და ახლომდებარე ბაღში ცარიელ აკლდამაში დაასვენეს. ცხედარი ძვირფასი ნელსაცხებლებით დაზილეს და სუდარაში გაახვიეს - ალბათ ისეთივე სუდარაში, რომელიც ქალაქის კედლებიდან ოდნავ სამხრეთით, სისხლის ველზე, ერთ აკლდამაში იპოვეს. სუდარაზე ადამიანის თმის ღერები იყო შერჩენილი (პირველი საუკუნის ამ სუდარას საერთოდ არ ჰგავს ცნობილი "ტურინის სუდარა", რომელიც, როგორც გაირკვა, 1260-1390 წლების შუალედში უნდა იყოს მოქსოვილი). როგორც ჩანს, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი მართლაც მოიცავს ჯვარცმის ადგილს, და აკლდამას, ვინაიდან ამ ადგილს ადგილობრივი ქრისტიანები მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაშიც ეთაყვანებოდნენ.

პილატემ იესოს აკლდამასთან მცველები დააყენა. ეს კაიაფამ მოსთხოვა: "რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო".

მთელი ეს ისტორია იესოს ვნებისა (ლათინური პატიორ-იდან, რაც "ტანჯვას" ნიშნავს) სახარებებზე, ჩვენს ერთადერთ წყაროზეა დაფუძნებული, მაგრამ ებრაელი წინასწარმეტყველისა და სასწაულმოქმედის სიკვდილის დასაჯერებლად მორწმუნეობა სულაც არაა საჭირო. აი, შემდეგ კი უფრო მეტი რწმენა დაგვჭირდება.

თუ ლუკას სახარებას ვენდობით, ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ, კვირა დილით, იესოს რამდენიმე ნათესავმა ქალმა და მიმდევარმა (მათ შორის, დედამისმა მარიამმა და ჰეროდე ანტიპას მოურავის ცოლმა) სამარხი მოინახულეს. "მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი... საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით ორი კაცი. რაკი ისინი შეშინებულები იყვნენ... უთხრეს მათ კაცებმა: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? აქ აღარ არის, არამედ აღდგა." შეშინებულმა მოწაფეებმა პასექის კვირეული ზეთისხილის მთაზე მალვაში გაატარეს. მათ და დედამისს იესო რამდენჯერმე გამოეცხადა და დაამშვიდა, ნურაფრის გეშინიათო. თომა იესოს მკვდრეთით აღდგომას არ იჯერებდა და იესომ მას ხელებსა და ფერდზე ნაიარევები უჩვენა. რამდენიმე დღის შემდეგ მან მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა და ზეცად ამაღლდა. აღდგომა, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, გადამწყვეტი მომენტია ქრისტიანობაში და ეს დღე ბრწყინვალე დღესასწაულია.

მათთვის, ვისაც აღდგომის არ სწამს, ფაქტების გადამოწმება შეუძლებელია. მათე მოვლენათა განვითარების მის თანადროულ ვერსიას გვიმხელს: "გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე": მღვდელმთავრებმა მაშინვე მოისყიდეს აკლდამის მცველები და უბრძანეს: ყველასთვის ეთქვათ, რომ "მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გვეძინა, მოიპარეს იგი".

არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ იესოს ცხედარი მისმა მეგობრებმა და ნათესავებმა, უბრალოდ, იერუსალიმთან ახლოს სხვა ქვის აკლდამაში გადაასვენეს. არქეოლოგებმა იპოვეს სამარხები, რომელთა კარებზე ამოტვიფრულია: "იაკობი, ძმა იესოსი" და თვით "იესო, ძე იოსებისა". ეს აღმოჩენები გაზეთების წინა გვერდებზე მყვირალა სათაურებით გააშუქეს. ზოგიერთი სამარხი ყალბი გამოდგა, მაგრამ უმეტესობა პირველი საუკუნის ნამდვილი აკლდამებია ზედ ამოტვიფრული ტრადიციული ებრაული სახელებით - მაგრამ არც ერთს იესოსთან კავშირი არ აქვს.

იერუსალიმი პასექის დღესასწაულს ზეიმობდა. იუდამ ნაშოვნი ვერცხლით უძრავი ქონება - ქალაქისგან სამხრეთით, შესაფერის ადგილას, ჯოჯოხეთის (ჰინომის) ველის აკელდამაზე, მეთუნის მინდორი - იყიდა, სადაც "დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი". სამალავიდან გამოსული მოწაფეები კვირეულის დღესასწაულზე სიონის მთაზე, ქორედში შეიკრიბნენ და "ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო" - მათზე სულიწმინდა გადმოვიდა და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, რათა იერუსალიმის მრავალეროვანი მოსახლეობისთვის ექადაგათ და იესოს სახელით სნეულები განეკურნათ. პეტრე და იოანე ტაძარში სალოცავად ლამაზი კარიბჭით შედიოდნენ, როცა დავრდომილმა მათ მოწყალება სთხოვა. "აღდეგ და გაიარე!" - უთხრეს მათ და დავრდომილიც წამოდგა. მოწაფეებმა იესოს ძმა იერუსალიმის ეპისკოპოსად და ნაზარეველთა სახელით ცნობილი ებრაული სექტის წინამძღოლად აირჩიეს. როგორც ჩანს, სექტა გაიზარდა, რადგან იესოს სიკვდილიდან მცირე ხანში დაიწყო "იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა". იესოს ბერძნულენოვანმა მიმდევარმა, სტეფანემ, ტაძარი შეურაცხყო სიტყვებით: "უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდის მკვიდრობსო". სტეფანე ქალაქგარეთ გაიყვანეს და, სავარაუდოდ, დღევანდელი დამასკოს კარიბჭის ჩრდილოეთით, სინედრიონის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მღვდელმთავარს სიკვდილით დასჯის ბრძანების გაცემა შეეძლო. სტეფანე პირველი ქრისტიანი წამებული იყო. თავად იაკობი და ნაზარეველები მომდევნო ოცდაათი წელი ტაძარში კიდევ ასწავლიდნენ და ლოცულობდნენ. იაკობს ყველა პატივს სცემდა და იუდეველ წმინდანად მიიჩნევდა. ცხადად ჩანს, რომ იესოს იუდაიზმი არაფრით იყო წინამორბედი ან მომავალი ქადაგების იუდაიზმზე იდიოსინკრაზიული.

იესოს მტრებს საქმეები ცუდად წაუვიდათ. იესოს ჯვარცმიდან მალევე პილატე სამარიელმა ფსევდოწინასწარმეტყველმა შეიწირა, რომელიც აღტაცებული ბრბოს წინაშე ქადაგებდა, რომ გერიზიმის მთაზე მოსეს ურნას მიაგნო. პილატემ იქ კავალერია გაგზავნა და ფსევდო-წინასწარმეტყველის მრავალი მიმდევარი მოიცილა თავიდან. პრეფექტს იერუსალიმი უკვე მიეყვანა ამბოხის პირას, ახლა სამარიელებმაც იწვნიეს მისი სიმხეცე და შეიძულეს.

სირიის გუბერნატორს იერუსალიმში წესრიგის აღდგენა დასჭირდა. მან კაიაფაც და პილატეც გადააყენა. პილატე რომში დააბრუნეს. ამან იერუსალიმელები ისე გაახარა, რომ გუბერნატორი ქალაქში ზეიმით მიიღეს. პილატე ისტორიის ფურცლებიდან უჩინარდება. ამასობაში ტიბერიუსს ჰეროდე ანტიპამ მოაბეზრა თავი. თუმცა, დინასტიას ბოლო არ მოჰღებია: ავანტიურისტი ებრაელი უფლისწულის წყალობით, რომელმაც რომის შეშლილი იმპერატორი დაიმეგობრა, ჰეროდიანები კვლავ გაძლიერდნენ და იერუსალიმი დაიბრუნეს.

იხილეთ:

• სარჩევი

ჰეროდიანთა მმართველობაtag:www.qwelly.com,2015-06-06:6506411:Topic:9848712015-06-06T10:35:17.357ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

საიმონ სებაგ მონტეფიორე - ჰეროდეები

ძვ. წ. 40 - ახ. წ. 10

ანტიგონეს დაცემა: უკანასკნელი მაკაბელი

ჰეროდე პტოლემაისში ჩავიდა, ლაშქარი შეკრიბა და თავისი სამეფოს დაპყრობა დაიწყო. ამბოხებულებმა გალილეის…

საიმონ სებაგ მონტეფიორე - ჰეროდეები
ძვ. წ. 40 - ახ. წ. 10

ანტიგონეს დაცემა: უკანასკნელი მაკაბელი

ჰეროდე პტოლემაისში ჩავიდა, ლაშქარი შეკრიბა და თავისი სამეფოს დაპყრობა დაიწყო. ამბოხებულებმა გალილეის მიუვალ გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ჰეროდემ კლდის წვერიდან ჯაჭვშემობმული და კავებით შეიარაღებული მეომრები ჩაუშვა და ამბოხებულები თავშესაფრიდან სათითაოდ გადააყრევინა ხრამში. თუმცა, იერუსალიმის ასაღებად ჰეროდეს ანტონიუსის დახმარება სჭირდებოდა.

რომაელებმა პართიელებს უკან დაახევინეს. ძვ. წ. 38 წელს თავად ანტონიუსმა შემოარტყა ალყა პართიულ ციხესიმაგრე სალოსატას (სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი). სწორედ იქ ეახლა ჰეროდე დასახმარებლად და დახმარების სათხოვნელად. პართიელები ანტონიუსს ჩასაფრებოდნენ, როცა ჰეროდემ მათ შეუტია და სასურსათო ფურგონები იხსნა. ტლანქი ანტონიუსი ჰეროდეს ძველი ამხანაგივით შეხვდა, თავისი არმიის თვალწინ მგზნებარედ გადაეხვია და იუდეის ახალგაზრდა მეფის პატივსაცემად სამხედრო აღლუმი გამართა. მადლიერმა ანტონიუსმა ჰეროდეს სახელით იერუსალიმის ასაღებად 30 000 ქვეითი და 6 000 ცხენოსანი ჯარისკაცი გაგზავნა. რომაელები ტაძრის ჩრდილოეთით დაბანაკდნენ. ჰეროდემ ჩვიდმეტი წლის მარიამი ცოლად შეირთო. ორმოცდღიანი ალყის შემდეგ რომაელებმა ქალაქის გარეთა კედელი დაიპყრეს. კიდევ ორი კვირის შემდეგ ტაძარში შეიჭრნენ; „შეშლილებივით არბევდნენ ქალაქს“ და მის ვიწრო ქუჩებში ჩეხდნენ იერუსალიმელებს. ჰეროდემ რომაელები მოქრთამა, რომ ხოცვა-ჟლეტა შეეწყვიტათ, ხოლო დატყვევებული ანტიგონე ანტონიუსთან გაგზავნა. ჰეროდეს გასახარად, ანტონიუსმა ბოლო მაკაბელი მეფისთვის თავი მოაკვეთინა. ამის შემდეგ რომაელი სარდალი 100 000-იანი არმიით პართიაში შეიჭრა. მაგრამ მითი მისი სამხედრო ძლიერების შესახებ გადაჭარბებული იყო. ლაშქრობა კატასტროფულად დამთავრდა, ანტონიუსმა არმიის მესამედი დაკარგა. დანარჩენებს კლეოპატრას მიერ გაგზავნილმა სურსათ-სანოვაგემ მიუსწრო და ამან გადაარჩინა. მას შემდეგ ანტონიუსს სამუდამოდ შეელახა რეპუტაცია.

მეფე ჰეროდემ იერუსალიმის დაპყრობა სინედრიონის სამოცდათერთმეტი წევრიდან ორმოცდახუთის მოკვლით აღნიშნა. ტაძრის ჩრდილოეთით მდგარი ბარისის ციხესიმაგრე დაანგრია და ოთხგოდოლიანი ციხე-კოშკი ააგო, რომელსაც მფარველის პატივსაცემად ანტონია უწოდა. ამ ციხე-კოშკიდან იგი მთელ ქალაქს აკონტროლებდა. ანტონიის ციხე-კოშკისგან ქვის საძირკველიღა გადარჩა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, როგორ გამოიყურებოდა იგი, რადგან ჰეროდეს მიერ აგებული მრავალი ციხესიმაგრე დღემდეა შემორჩენილი; მთებში აღმართული მისი ციხეები მიუვალი და უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, თანაც შეუდარებლად მდიდრული და კომფორტული. თუმცა, ჰეროდე უსაფრთხოდ ვერსად გრძნობდა თავს: სამეფოს დაცვა ორი დედოფლის - მეუღლე მარიამისა და კლეოპატრას - ინტრიგებისგან უწევდა.

ჰეროდე და კლეოპატრა

ჰეროდესი სხვებს ეშინოდათ, თავად ჰეროდე კი ყველაზე მეტად მაკაბელებს უფრთხოდა, ყველაზე სახიფათო მაკაბელი კი მის საწოლში იწვა. ოცდათექვსმეტი წლის მეფეს კულტურული, უბიწო და ქედმაღალი მარიამი შეუყვარდა. მაგრამ მარიამის დედა, ალექსანდრა, კაპას სიდედრებზე არსებული შეხედულებების ნამდვილი განსახიერება იყო. ალექსანდრამ მაშინვე კლეოპატრასთან შეკრა პირი ჰეროდეს გასანადგურებლად. მაკაბელი ქალი ამაყობდა თავისი წარმომავლობით და ნაწყენი იყო ქალიშვილზე, რომელიც უჯიშო ჰეროდეს მისთხოვდა.

ვინაიდან დასახიჩრებული მოხუცი ჰირკანი ტაძარში ვეღარ იმსახურებდა, ალექსანდრას სურდა, თავისი ახალგაზრდა ვაჟიშვილი იონათანი, მარიამის უმცროსი ძმა, დაენიშნა მღვდელმთავრად, რათა მისთვის ჰეროდესაც გაეწია ანგარიში. იონათანი არა მხოლოდ კანონიერი მეფე იყო, არამედ თავბრუდამხვევი სილამაზითაც გამოირჩეოდა - ეს იმ ეპოქაში, როცა კარგი გარეგნობა ღვთიური მადლი ეგონათ. სადაც უნდა წასულიყო, იონათანს მუდამ თაყვანისმცემლების ბრბო დასდევდა კუდში. ჰეროდეს ეშინოდა ამ ყმაწვილის და პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ მღვდელმთავრად უცნობი ბაბილონელი ებრაელი დანიშნა. ალექსანდრა საიდუმლოდ დაუკავშირდა კლეოპატრას. ანტონიუსს კლეოპატრას სამეფოსთვის ლიბანი, კრეტა, ჩრდილოეთი აფრიკა და ჰეროდეს ყველაზე ძვირადღირებული სამფლობელო - ბალზამითა და ფინიკით მდიდარი იერიქონი შეეერთებინა. ჰეროდემ სამფლობელო უკან გამოისყიდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ კლეოპატრას იუდეაზე, თავისი წინაპრების მიწაზე, თვალი ეჭირა.

მარიამმა და ალექსანდრამ იონათანი გემრიელ სატყუარად გამოიყენეს და მისი პორტრეტი ანტონიუსს გაუგზავნეს. ანტონიუსი, როგორც მისი ეპოქის მრავალი კაცი, ქალურ სილამაზესთან ერთად მამაკაცურსაც აფასებდა. კლეოპატრამ ალექსანდრას აღუთქვა, იონათანის გამეფებას მხარს დავუჭერო. ამგვარად, როცა ანტონიუსმა იონათანი დაიბარა, შეშფოთებულმა ჰეროდემ მისი გაშვება იუარა. ჰეროდემ სიდედრზე თვალთვალი დააწესა. კლეოპატრამ მას და იონათანს თავშესაფარი შესთავაზა. ალექსანდრამ სასახლიდან მალულად გასაქცევად ორი კუბო გაამზადებინა.

ბოლოს ჰეროდემ მაკაბელის პოპულარობას და ცოლის მუდმივ ხვეწნა-მუდარას ვეღარ გაუძლო და „კარვების დღესასწაულზე“ იონათანი მღვდელმთავრად დანიშნა. საკურთხეველზე ასულ, მდიდრული მანტიითა და მღვდელმთავრის თავსაბურავით დამშვენებულ იონათანს იერუსალიმელები ხმამაღალი ყიჟინით შეეგებნენ. ჰეროდემ პრობლემა ჰეროდესეულ სტილში გადაწყვიტა: მღვდელმთავარი იერიქონში თავის მდიდრულ სასახლეში მიიწვია. ჰეროდე სახიფათოდ კეთილი იყო, ღამე - ნისლიანი. იონათანს აუზში ბანაობა შესთავაზეს და ჰეროდეს ჯალათებმა ახალგაზრდა მღვდელმთავარი წყალში ჩაახრჩვეს. მისი ცხედარი მომდევნო დილით აუზში მოტივტივე იპოვეს. მარიამი და დედამისი ძლიერ განრისხდნენ და დაღონდნენ. იერუსალიმი გლოვობდა. იონათანის დაკრძალვაზე ჰეროდესაც კი ცრემლები წასკდა.

ალექსანდრამ მკვლელობის შესახებ კლეოპატრას აცნობა. კლეოპატრას თანაგრძნობა სრულიად პოლიტიკური იყო: თავად მას ხომ ორი ან შეიძლება, სამი დედმამიშვილი ჰყავდა მოკლული. კლეოპატრამ ანტონიუსი დაარწმუნა, ჰეროდე სირიაში გამოეძახებინა. თუ კლეოპატრა თავისას გაიტანდა, ჰეროდე უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ჰეროდე სარისკო შეხვედრისთვის გაემზადა, ხოლო მარიამის მიმართ სიყვარული თავისებური სიმკაცრით გამოავლინა: ცოლი დროებით მეფისნაცვლად დანიშნულ თავის ბიძას, იოსებს, ჩააბარა და უბრძანა, თუ ანტონიუსი სიკვდილით დამსჯის, მარიამი იმწამსვე მოკალიო. ჰეროდეს წასვლის შემდეგ იოსები მარიამს მუდმივად უმეორებდა, მეფეს იმდენად უყვარხარ, რომ ურჩევნია, მოგკლას, ვიდრე უმისოდ იცოცხლოო. მარიამი შეძრწუნდა. იერუსალიმში ხმები დადიოდა, რომ ჰეროდე მოკვდა. ჰეროდეს არყოფნაში მარიამი ღვარძლიანი სასახლის კარის ყველაზე ავგულ მოთამაშეზე, მეფის დაზე, სალომეზე ბატონობდა.

ლაოდიკეაში რომაელ მმართველებთან ურთიერთობის ექსპერტმა ჰეროდემ ანტონიუსი მოთაფლა. ანტონიუსმა ჰეროდეს აპატია; დღე და ღამე ნადიმობდნენ. შინ დაბრუნებულ ჰეროდეს სალომემ მოახსენა, ბიძაჩვენმა იოსებმა მარიამი აცდუნა, შენი სიდედრი კი ამბოხს ამზადებსო. ჰეროდე და მარიამი როგორღაც შერიგდნენ. ჰეროდე მას სიყვარულში გამოუტყდა. „ორივენი ატირდნენ და ერთმანეთს გადაეხვივნენ“, სანამ მარიამმა არ უთხრა, ვიცი, რომ ჩემს სიკვდილით დასჯას აპირებდიო. ეჭვიანმა ჰეროდემ მარიამი შინაპატიმრობაში მოათავსა, ხოლო საკუთარი ბიძა, იოსები, სიკვდილით დაასჯევინა.

ძვ. წ. 34 წელს ანტონიუსმა ისევ მოიკრიბა ძალა და წინა მარცხისგან განსხვავებით, პართიის სომხეთში წარმატებულად შეიჭრა. კლეოპატრა ევფრატამდე თან ახლდა მას. უკანა გზაზე კი ჰეროდეს ეწვია. ეს ორი ცბიერი ურჩხული დღეებს ერთად ატარებდა, არშიყობდა და გეგმებს აწყობდა, ერთმანეთი როგორ დაეხოცათ. ჰეროდე ამტკიცებდა, კლეოპატრამ ჩემი ცდუნება სცადაო: ნებისმიერ კაცთან, ვისგანაც შესაძლებელი იყო, რამე გამოეტყუებინა, კლეოპატრა ასე იქცეოდა. ჰეროდე ამ სასიკვდილო მახეში არ გაება და გადაწყვიტა, ძველი ნილოსის გველი მოეკლა, მაგრამ მრჩევლებმა გადააფიქრებინეს, საქმეს გაიფუჭებო.

ეგვიპტელი დედოფალი ალექსანდრიაში დაბრუნდა. იქ ანტონიუსმა ბრწყინვალე ცერემონიალზე კლეოპატრა „მეფეთა დედოფლად“ აკურთხა. უკვე ცამეტი წლის კესარიონი, კეისრის ძე, ეგვიპტის თანაფარაონი გახდა, ხოლო ანტონიუსისგან გაჩენილი სამი შვილი სომხეთის, ფინიკიისა და კირენას მეფეებად დაინიშნენ. რომში ეს აღმოსავლური სპექტაკლი არარომაულად, არაკაცურად და არაგონივრულად მოეჩვენათ. ანტონიუსმა აღმოსავლური ღრეობების გამართლება თავისი ერთადერთი ლიტერატურული ნაშრომით - „მისი ლოთობის შესახებ“ - სცადა. ოქტავიანეს მისწერა: „რატომ შეიცვალე? იმიტომ ხომ არა, რომ დედოფალთან მე ვწევარ? ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია, სად ან ვის შეურჭობ შენს კვერთხს?“ ეს მნიშვნელოვანი იყო. კლეოპატრას ფატალე მონსტრუმ-ად მიიჩნევდნენ. ოქტავიანე უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მათი კავშირი თანდათან ირღვეოდა. ძვ. წ. 32 წელს სენატმა ანტონიუსის „იმპერიუმი“ არ მიიღო. შემდეგ ოქტავიანემ კლეოპატრას ომი გამოუცხადა. მოწინააღმდეგეები საბერძნეთში შეხვდნენ: ანტონიუსმა და კლეოპატრამ რომაული ლეგიონები და ეგვიპტურ-ფინიკიური ფლოტი შეკრიბეს. ეს იყო ომი მსოფლიო მმართველობისთვის.

ავგუსტუსი და ჰეროდე

ჰეროდეს მხარი გამარჯვებულისთვის უნდა დაეჭირა. მან ანტონიუსს შესთავაზა, საბერძნეთში შემოგიერთდებიო, მაგრამ ამის ნაცვლად არაბ ნაბატეველებზე შეტევა უბრძანეს დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე. როცა ჰეროდე დაბრუნდა, ოქტავიანე და ანტონიუსი აქციუმთან იბრძოდნენ. ანტონიუსს ოქტავიანეს სარდალი, მარკუს აგრიპა ადვილად გაუსწორდა. საზღვაო შეტაკება გადამწყვეტი გამოდგა. ანტონიუსი და კლეოპატრა ეგვიპტეში გაიქცნენ. ნუთუ ოქტავიანე ანტონიუსის იუდეველ მეფესაც მოკლავდა?

ჰეროდე კიდევ ერთხელ მოემზადა სიკვდილისთვის. მეფისნაცვლად თავისი ძმა, ფერორასი დატოვა და ყოველი შემთხვევისთვის მოხუცი ჰირკანიც ჩამოახრჩობინა, დედა და და მასადაში გადამალა, ხოლო მარიამი და ალექსანდრა - მთის ციხესიმაგრე ალექსანდრიუმში. ჰეროდემ ამჯერადაც დაიბარა, თუ მე რამე მომივა, მარიამიც მოკალითო, და მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე გაემგზავრა.

ოქტავიანემ ის როდოსზე მიიღო. ჰეროდე შეხვედრაზე გონივრულად მოიქცა და თავის მართლება არ დაუწყია. მან მოწიწებით დადო სამეფო გვირგვინი ოქტავიანეს ფერხთით. შემდეგ ანტონიუსის უარყოფის ნაცვლად, ოქტავიანეს სთხოვა: „იმას ნუ განსჯი, ვისი მეგობარი ვიყავი, არამედ - როგორი მეგობარი ვიყავი“. ოქტავიანემ მას გვირგვინი დაუბრუნა. ჰეროდე იერუსალიმში გამარჯვებული დაბრუნდა, მერე ოქტავიანეს გაჰყვა ალექსანდრიაში, სადაც ანტონიუსსა და კლეოპატრას თავი მოეკლათ: პირველს - ხმლით, მეორეს - დაგესვლით.

ოქტავიანე პირველი რომაელი იმპერატორი გახდა და ავგუსტუსის წოდება მიიღო. ეს ოცდაცამეტი წლის პედანტი ხელმძღვანელი, დახვეწილი, ემოციურად გაწონასწორებული და კრიტიკული ადამიანი, ჰეროდეს ერთგულ მფარველად იქცა. უფრო მეტიც, იმპერატორი და მისი თანაშემწე, ლამის მისი ძალაუფლების თანაზიარი, შეუპოვარი მარკუს აგრიპა, ჰეროდეს ისე დაუახლოვდნენ, რომ იოსებ ფლავიუსი წერდა: „კეისარს ჰეროდე არავის ერჩივნა, თუ არ ჩავთვლით აგრიპას, ხოლო აგრიპას ჰეროდეზე უახლოესი მეგობარი არ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით კეისარს“.

ავგუსტუსმა ჰეროდეს სამეფოს თანამედროვე ისრაელის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის ტერიტორიის ნაწილი შეუერთა. ავგუსტუსის მსგავსად, ჰეროდეც ცივსისხლიანი და ნიჭიერი მმართველი იყო. როცა შიმშილიანობა დაიწყო, ჰეროდემ ეგვიპტური ხორბალი იყიდა და იუდეველები შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. მისი სასახლის კარი ნახევრად ბერძნული და ნახევრად ებრაული იყო, მეფეს ლამაზი საჭურისები და ხარჭები ემსახურებოდნენ. ჰეროდეს გარემოცვაში ბევრი ერია კლეოპატრას ყოფილი ქვეშევრდომი. ჰეროდეს მრჩეველი - ნიკოლოზ დამასკოელი - კლეოპატრას შვილების მასწავლებელი იყო, ხოლო კლეოპატრას 400 გალათელი პირადი მცველი ავგუსტუსმა ჰეროდეს აჩუქა და მის გერმანელ და თრაკიელ მცველებს შეუერთდნენ. ქერა ბარბაროსები ამ ყველაზე კოსმოპოლიტური მეფის ბრძანებით აწამებდნენ და ხოცავდნენ. „ჰეროდე წარმოშობით ფინიკიელი იყო, ბერძნულ კულტურას ნაზიარები, დაიბადა იდუმეაში, რწმენა ებრაული ჰქონდა, ცხოვრობდა იერუსალიმში და რომის მოქალაქე იყო“.

იერუსალიმში ის და მარიამი ანტონიას ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ. ის იქ ებრაელთა მეფე იყო, შვიდ წელიწადში ერთხელ ტაძარში რჯულის წიგნს კითხულობდა და მღვდელმთავარს ნიშნავდა, ხოლო მღვდელმთავრის მანტიას ანტონიაში ინახავდა. იერუსალიმს გარეთ ის გულუხვი ბერძენი მონარქი იყო. მისი ახალი წარმართული ქალაქები - კესარია ზღვის პირას და სებასტე (რაც ბერძნულად „ავგუსტუსს“ ნიშნავს) სამარიასთან - ტაძრებით, იპოდრომებითა და სასახლეებით იყო დამშვენებული. ჰეროდემ იერუსალიმშიც კი ააშენა ბერძნული სტილის თეატრი და იპოდრომი, სადაც აქციუმის თამაშებს მართავდა ავგუსტუსის გამარჯვების აღსანიშნავად. როცა ამ წარმართულმა წარმოდგენებმა ებრაელებში უკმაყოფილება გამოიწვია, ჰეროდემ შეთქმულების მოთავენი სიკვდილით დაასჯევინა. თუმცა საყვარელ ცოლს მისი წარმატება არ ახარებდა. სასახლის კარს მაკაბელი და ჰეროდეს გვარის მეფის ასულების ბრძოლა წამლავდა.

მარიამი: ჰეროდეს სიყვარული და სიძულვილი

სანამ ჰეროდე წასული იყო, მარიამმა შეაცდინა თავისი ზედამხედველი და ათქმევინა, რას უპირებდნენ, თუ ქმარი ცოცხალი არ დაბრუნდებოდა. ჰეროდესთვის მარიამი პიროვნულად მიმზიდველი იყო, ხოლო პოლიტიკურად - შხამიანი: მან საჯაროდ დაადანაშაულა ქმარი, ძმა მომიკალიო. ზოგჯერ მთელ სასახლის კარს გააგებინებდა, რომ ჰეროდეს მასთან დაწოლაზე უარი უთხრა, მეორე წამს მგზნებარედ შერიგდებოდნენ. მან ჰეროდეს ორი ვაჟი გაუჩინა, მაგრამ მუდამ მის განადგურებას ცდილობდა. ჰეროდეს დას, სალომეს, დასცინოდა, მდაბიო ხარო. ჰეროდე სიყვარულისა და სიძულვილის ქსელში გაიხლართა, ამ მძაფრ გრძნობებს უფრო ამწვავებდა მისი კიდევ ერთი გატაცება: ძალაუფლება.

სალომეს მიაჩნდა, რომ მარიამი ჰეროდეზე ჯადოქრობის მეშვეობით ზემოქმედებდა. ძმას სამხილი წარუდგინა, მაკაბელმა ცოლმა სიყვარულის ელექსირით დაგათროო. მარიამის საჭურისები წამებისა და სიკვდილის მუქარის შემდეგ გამოტეხეს თავიანთი ქალბატონის დანაშაულში. მცველი, რომელიც მარიამს მეფის არყოფნაში ზედამხედველობდა, სიკვდილით დასაჯეს. მარიამი ანტონიას ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს და გაასამართლეს. სალომემ ახალ-ახალი ბრალდებები წაუყენა დედოფალს, რადგან მისი სიკვდილით დასჯა განეზრახა.

მარიამს სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო ალექსანდრამ საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქალიშვილი უარყო. ამის გამო ბრბომ ის უხამსი შეძახილებით შეამკო. სასიკვდილოდ მიმავალ მარიამს უჩვეულოდ ღირსეულად ეჭირა თავი. განაცხადა, სამწუხაროა, რომ დედაჩემმა ასე სამარცხვინოდ წარმოაჩინა საკუთარი თავიო. სავარაუდოდ, მარიამი ჩამოახრჩვეს. მაგრამ ის ნამდვილი მაკაბელივით მოკვდა ისე, რომ სახეზე, რომელზეც წინაპრების კეთილშობილება ჰქონდა აღბეჭდილი, ფერი არ წასვლია. ჰეროდე მწუხარებამ შეიპყრო. მიაჩნდა, რომ მარიამის მიმართ სიყვარული ღვთის მიერ მის გასანადგურებლად მოვლენილი სასჯელი იყო. სასახლეში გაჰყვიროდა ცოლის სახელს, მსახურებს მის მოძებნას ავალებდა და დარდის გასაქარვებლად ღრეობებს მართავდა. ყოველი ნადიმის ბოლოს ჰეროდე მარიამის გლოვას იწყებდა. ავად გახდა და ძირმაგარები გაუჩნდა. ალექსანდრამ ბოლოჯერ სცადა, მეფის სნეულებით ესარგებლა და ძალაუფლება მოეპოვებინა. ჰეროდემ სიდედრი მოაკვლევინა და მასთან ერთად დახოცა ოთხი უახლოესი მეგობარი, რომლებიც მარიამთან ურთიერთობაში იყვნენ შემჩნეულები. ჰეროდე მარიამის დაკარგვას ბოლომდე ვერასდროს შეეგუა, ეს იქცა წყევლად, რომელმაც ჰეროდეების მომდევნო თაობაც გაანადგურა.

მარიამის სიკვდილიდან მცირე ხანში ჰეროდემ თავისი შედევრის - იერუსალიმის - შექმნა დაიწყო. ტაძრის პირდაპირ მდგარი მაკაბელთა სასახლე მისთვის საკმარისად მდიდრული არ იყო. ანტონიაში ალბათ მარიამის აჩრდილი არ ასვენებდა. ძვ. წელთაღრიცხვით 23 წელს ჰეროდემ დასავლეთის კედელი ახალი, გოდოლიანი ციტადელითა და სასახლის კომპლექსით გააფართოვა. ეს იყო იერუსალიმი იერუსალიმის შიგნით. 13 მეტრის სიმაღლის კედლებით შემორტყმულ ციტადელს სამი კოშკი ამშვენებდა. კოშკებს გულის ამაჩუყებელი სახელები ერქვა, უმაღლესს - 40 მეტრის სიმაღლისას და 4 კვადრატული მეტრის ფართობის საძირკვლიანს - ჰიპიკუსი (ომში დაღუპული ახალგაზრდა მეგობრის სახსოვრად), მეორეს - ფასაელი (გარდაცვლილი ძმის სახსოვრად) და მესამეს - მარიამი. ანტონიიდან ტაძარი კონტროლდებოდა, ხოლო ამ ციხესიმაგრიდან - მთელი ქალაქი.

ციტადელის სამხრეთით ჰეროდემ ახალი სასახლე აიშენა - ნამდვილი სიამოვნებათა ტაძარი ორი საუცხოო დარბაზით, რომლებსაც მისი ორი მფარველის, ავგუსტუსისა და აგრიპას სახელები ერქვა. დარბაზებს მარმარილოს კედლები, კედრის დირეები, თვალისმომჭრელი მოზაიკები და ოქრო-ვერცხლის ჩუქურთმები ამშვენებდა. სასახლის გარშემო მწვანე მინდვრებითა და კორომებით შემოსილი ეზოები, კოლონადები და პორტიკები, აუზებისა და არხების კასკადები ააგეს. წყალვარდნილების თავზე სპეციალურ სამტრედეებში მტრედები ბუდობდნენ (ეტყობა, პროვინციებთან დასაკავშირებლად ჰეროდე მტრედების ფოსტას იყენებდა). რომ არა ჰეროდეს დიდძალი ქონება, ეს ყველაფერი ვერ აშენდებოდა. ჰეროდე რომის იმპერატორის შემდეგ მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში უმდიდრესი ადამიანი იყო. სასახლის ხმაურს, ტაძრის საყვირების გუგუნსა და ქალაქის გნიასს ალბათ ჩიტების ჭიკჭიკი და შადრევნების შხაპუნი ერთვოდა.

სასახლის კარი მართლაც არ იყო მშვიდი. ჰეროდეს ძმები უმოწყალო ინტრიგანები იყვნენ, სალომე - ნამდვილი ურჩხული. ჰეროდეს ჰარამხანაში მისი ცოლები მეფესავით ამბიციურები და პარანოიკები იყვნენ. ჰეროდეს სექსუალური გემოვნება პოლიტიკურ ურთიერთობებს ართულებდა - „ჰეროდეს დაუოკებელი მადა ჰქონდა, - წერს იოსებ ფლავიუსი, - მარიამამდე მას ერთი ცოლი ჰყავდა, დორისი. მარიამის შემდეგ - კიდევ რვა. მათ წარმომავლობას აღარ დაეძებდა, მხოლოდ ლამაზებს ირჩევდა. გარდა 500-ქალიანი ჰარამხანისა, მისი ბერძნული გემოვნება საჭურისებსა და პაჟებსაც სწვდებოდა. მაგრამ მისი ნახევრად გათავხედებული, ნახევრად უარყოფილი ვაჟები, რომლებსაც ძალაუფლების მაძიებელი დედა უჭერდა მხარს, ნამდვილ ეშმაკის ნაშიერებად იქცნენ. თვით დახელოვნებული მეთოჯინეც კი ვერ მოერეოდა ამდენ სიძულვილსა და შურს. თუმცა, ჰეროდეს სასახლის კარის ინტრიგებმაც კი ვერ შეუშალა ხელი, სანუკვარ პროექტს მოსწყდომოდა. ჰეროდემ იცოდა, რომ იერუსალიმის პრესტიჟი პირადად მასაც შეჰმატებდა სახელს, ამიტომ სოლომონთან გატოლება გადაწყვიტა.

ჰეროდე: ტაძარი

ჰეროდემ მეორე ტაძარი დაანგრია და მის ადგილას მსოფლიოს საოცრება ააშენა. ებრაელები შიშობდნენ, ჰეროდე ძველ ტაძარს დაანგრევს და ახალს ვეღარ ააშენებსო, ამიტომ ჰეროდემ მათ დასარწმუნებლად და დეტალების შესათანხმებლად დიდი თათბირი გამართა. ათასობით მღვდელმსახურს მშენებლობა ასწავლეს. ლიბანური კედრის ხეები მოჭრეს და მორები ნაპირზე გამოათრიეს. იერუსალიმის გარშემო ყველა ქვის სამტეხლოში ლაპლაპა ყვითელ და კირქვასავით თეთრ ლოდებს თლიდნენ. უშველებელი ლოდები ათასობით ფურგონში არ ეტეოდა. ტაძრის მთის გასწვრივ ერთ-ერთ გვირაბში 14 მეტრის სიგრძისა და 60 სანტიმეტრის სიმაღლის 600 ტონიანი ქვა დევს. ხმაურითა და ჩაქუჩების კაკუნით სოლომონის ტაძარი რომ არ შეებღალათ, ჰეროდეს ბრძანებით, ყველაფერს ტაძრის გარეთ ამზადებდნენ და უხმაუროდ დებდნენ საჭირო ადგილზე. წმიდათა წმიდა ორ წელიწადში დაასრულეს, მაგრამ მთლიანი კომპლექსის შენება ოთხმოც წელს გრძელდებოდა.

ჰეროდემ ტაძარი საძირკვლამდე დაანგრია და ალბათ სოლომონისა და ზარუბაბელის ტაძრების ყველანაირი ნაშთი განადგურდა. მართალია, აღმოსავლეთიდან კიდრონის ციცაბო ხეობით იყო შემოსაზღვრული, მაგრამ ჰეროდემ ტაძრის მთის ესპლანადა სამხრეთით გააფართოვა და თითქმის ერთი ჰექტარის ფართობზე ოთხმოცდათვრამეტსვეტიანი და თორმეტთაღიანი პლატფორმა აღმართა. ამ რომის ფორუმზე ორჯერ დიდ შენობას სოლომონის თავლები ეწოდა. აღმოსავლეთ კედელში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, 32 მეტრიანი „ნაწიბური“ ჩანს: მარცხნივ - ჰეროდისეული ლოდები, მარჯვნივ - მომცრო მაკაბელებისეული ქვები.

წარმართთა დიდ ეზოში შესვლა ებრაელებთან ერთად არაებრაელებსაც შეეძლოთ, ხოლო ქალთა ეზო შემოზღუდული იყო და კედელზე მიკრული გამაფრთხილებელი წარწერა იუწყებოდა: უცხოელო! ნუ შეხვალ რკინის ღობის მიღმა.

ბრალი მისი, ვისაც დაიჭერენ.

დამნაშავეს უმალ სიკვდილით დასჯიან.

ორმოცდაათსაფეხურიანი კიბე ისრაელის ეზომდე მიდიოდა, სადაც მხოლოდ ებრაელ მამაკაცებს უშვებდნენ. ისრაელის ეზოდან გზა მღვდელმსახურთა ეზომდე მიდიოდა. აქ იდგა მთის ტაძარი, ჰეხალი, რომელშიც წმიდათა წმიდა მდებარეობდა. როგორც ამბობდნენ, სწორედ ამ კლდეზე აპირებდა აბრაამი ისააკის მსხვერპლად შეწირვას და აქ ააგო დავითმა საკურთხეველი. დასაწვავი მსხვერპლის შესაწირი სამსხვერპლო ქალთა ეზოსა და ზეთისხილის მთას გაჰყურებდა.

ჰეროდეს ანტონიას ციხესიმაგრე მთას ჩრდილოეთის მხრიდან იცავდა. ამ ადგილას ჰეროდემ ტაძრამდე მისასვლელი საიდუმლო გვირაბი გააყვანინა. სამხრეთიდან ტაძართან მონუმენტური კიბე მიდიოდა. კიბე ორმაგ და სამმაგ კარიბჭეში გადიოდა და ტაძრის მტრედებითა და ყვავილებით მოჩუქურთმებულ მიწისქვეშა დერეფნებში შედიოდა. დასავლეთით, ხეობის თავზე, ტაძართან მისასვლელი მონუმენტური ხიდი გადეს. ხიდი წყალგასატარადაც გამოიყენებოდა, რომელიც უშველებელ, საიდუმლო წყალსაცავებს ავსებდა წყლით. ციცაბო აღმოსავლეთის კედელში შუშანის კარიბჭე იყო დატანებული. ამ კარიბჭით მხოლოდ მღვდელმთავარი სარგებლობდა ზეთისხილის მთამდე ასასვლელად, სადაც ახალმთვარეობას აკურთხებდა ან იშვიათ, წმინდა მსხვერპლს, საღ, წითელ ფურს სწირავდა.

ტაძარს ოთხივე მხარეს სვეტებიანი პორტიკი ჰქონდა; მათ შორის უდიდესი, სამეფო პორტიკი, უშველებელ ბაზილიკას წარმოადგენდა. ჰეროდეს ქალაქში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ასი ათასობით პილიგრიმი იკრიბებოდა დღესასწაულებზე. ნებისმიერი სამლოცველოს მსგავსად, იერუსალიმის ტაძარსაც სჭირდებოდა მეგობრების შესაკრები და რიტუალების მოსამზადებელი ადგილი. ასეთი ადგილი იყო სამეფო პორტიკი. როცა ქალაქში სტუმრები ჩამოდიოდნენ, მათ ვაჭრობა დასავლეთის კედლის გასწვრივ, თაღებქვეშ მდებარე სავაჭრო ქუჩაზე შეეძლოთ. ტაძარში შესვლამდე პილიგრიმები სამხრეთ კარიბჭესთან ახლოს მდებარე „მიკვაებში“, სარიტუალო აუზებში, განიბანდნენ ხოლმე. შემდეგ ერთ-ერთი მონუმენტური კიბით ადიოდნენ სამეფო პორტიკამდე, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანდა, და ლოცვის დაწყებას იქ ელოდებოდნენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მაღალი კედლები და კიდრონის ხეობის კლდე ფრიალო მწვერვალს წარმოქმნიდნენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ ადგილას ცდილობდა ეშმაკი იესოს ცდუნებას. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, ზედა ქალაქის მდიდრული უბნების პირდაპირ, მღვდლები პარასკევ საღამოს შაბათის დადგომას ან დღესასწაულების დაწყებას საყვირების გამაყრუებელი გუგუნის თანხლებით იუწყებოდნენ. ახ. წ. 70 წელს ტიტუსის მიერ ჩამოგდებულ ქვაზე ამოტვიფრულია: „სასაყვირე ადგილი“.

ტაძრის მშენებელმა მეფემ და მისმა უცნობმა არქიტექტორებმა (არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს, რომელზეც ამოტვიფრულია „სიმონი, ტაძრის მშენებელი“) სივრცისა და თეატრალური სანახაობის ბრწყინვალე ცოდნა გამოავლინეს. თვალის მომჭრელი და გამაოგნებელი ჰეროდეს ტაძარი ოქროს ფილებით იყო გადახურული და მზის პირველ სხივებზე სახურავი ისე აბრჭყვიალდებოდა, რომ ყველა თვალს არიდებდა. იერუსალიმში ზეთისხილის მთიდან მომავალს ტაძარი თოვლით დაფარულ მთად ეჩვენებოდა. ასეთი იყო ტაძარი, რომელსაც იესო ქრისტე იცნობდა და, რომელიც ტიტუსმა დაანგრია. ჰეროდეს ესპლანადა დღემდეა შემორჩენილი, როგორც ისლამური ჰარამ ალ-შარიფი. ჰეროდეს ლოდები დღესაც ლაპლაპებს დასავლეთის კედელში, რომელსაც ებრაელები ეთაყვანებიან.

თქმულების მიხედვით, სანამ მთის ტაძარსა და ესპლანადას აშენებდნენ, ერთხელაც არ უწვიმია და მშენებლები არაფერს შეუფერხებია. მშენებლობის დასრულება ჰეროდემ, რომელიც მღვდელი არ იყო და წმიდათა წმიდაში ვერ შევიდოდა, 300 ხარის შეწირვით აღნიშნა. მან თავის აპოგეას მიაღწია. მაგრამ ჰეროდეს უეჭველი სიდიადე მისმავე შვილებმა შეარყიეს, როცა წარსული დანაშაულების აჩრდილმა მომავალ თაობას დაუწყო დევნა.

ჰეროდეს ვაჟები: ოჯახური ტრაგედია

ჰეროდეს უკვე თორმეტი ვაჟი ჰყავდა ათი ცოლისგან, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ მარიამისგან გაჩენილ ვაჟებს, ალექსანდრესა და არისტობულოსს აქცევდა. სწორედ ეს ნახევრად მაკაბელი, ნახევრად ჰეროდიანი უფლისწულები უნდა გამხდარიყვნენ მისი მემკვიდრეები. ჰეროდემ ალექსანდრე და არისტობულოსი რომში გაგზავნა, სადაც ისინი პირადად ავგუსტუსმა აღზარდა. ხუთი წლის შემდეგ ჰეროდემ ყმაწვილი უფლისწულები დასაქორწინებლად შინ დააბრუნა: ალექსანდრემ კაპადოკიის მეფის ასული შეირთო, ხოლო არისტობულოსმა - ჰეროდეს დისწული.

ძვ. წ. 15 წელს მარკუს აგრიპა ჰეროდეს იერუსალიმის შესამოწმებლად ჩამოვიდა. მას თან ახლდა ცოლად ახლად შერთული ავგუსტუსის ნიმფომანი ქალიშვილი, იულია. ავგუსტუსის თანაშემწე და აქციუმის ბრძოლის გამარჯვებული მარკუს აგრიპა ჰეროდეს მეგობარი იყო. ჰეროდემ ამაყად დაათვალიერებინა მას იერუსალიმი. მარკუს აგრიპა ციტადელის თანამოსახელე კოშკში დაბინავდა და ჰეროდეს პატივსაცემად წვეულებებს იქ მართავდა. ავგუსტუსს უკვე შეეწირა იაჰვესთვის ტაძარში, მაგრამ აგრიპამ თავის სახელზე ასი ხარი ცალკე შესწირა. ამ საქციელით მან პრეტენზიული ებრაელების გული მოიგო. გზაზე პალმის რტოებს უფენდნენ, ხოლო დიდგვაროვნები თავიანთ ვაჟებს მის სახელს არქმევდნენ. იერუსალიმიდან ჰეროდემ და აგრიპამ საბერძნეთში გაცურეს. იქაურმა ებრაელებმა ბერძნები ჩაგვრაში დაადანაშაულეს. აგრიპამ მათი უფლებები დაიცვა და ჰეროდემ ამისთვის მადლობა გადაუხადა. ისინი ერთმანეთს თანასწორებად დასცილდნენ; მაგრამ რომაელ მმართველთან ლხინიდან შინ დაბრუნებულ ჰეროდეს შვილები დაუპირისპირდნენ.

რომში განსწავლულმა უფლისწულებმა ალექსანდრემ და არისტობულოსმა, რომლებსაც ორივე მშობლის გარეგნობა და ქედმაღლობა გამოჰყოლოდათ, მამა დედის სიკვდილში დაადანაშაულეს და მარიამის მსგავსად, უჯიშო ჰეროდეს გვარზე უარი თქვეს. მეფის ასულზე დაქორწინებული ალექსანდრე განსაკუთრებული ქედმაღლობით გამოირჩეოდა, ხოლო არისტობულოსი ჰეროდიან ცოლს აბუჩად იგდებდა, რითაც ძალიან სტკენდა გულს საშიშ მამიდა სალომეს. ძმები ტრაბახობდნენ, როცა მეფეები გავხდებით, ჰეროდეს ცოლებს მონებივით ვამუშავებთ, ხოლო მის სხვა შვილებს - უბრალო მუშებადო.

სალომემ ყველაფერი ჰეროდეს მოახსენა. მეფე ძალიან განარისხა და შეაშფოთა ვაჟების თავხედობამ. ძვ. წ. 13 წელს მან გაიხსენა ანტიპატრი, უფროსი ვაჟი პირველი ცოლისგან, და აგრიპას სთხოვა, ანტიპატრი რომში წაეყვანა, რათა უფლისწულს იმპერატორისთვის დალუქული წერილი წაეღო. ეს ჰეროდეს ანდერძი იყო, რომლის მიხედვითაც სამეფოს ანტიპატრს უტოვებდა, ხოლო ალექსანდრესა და არისტობულოსს სამკვიდროს ართმევდა. თუმცა, ანტიპატრი, სავარაუდოდ, ოცი-ოცდახუთი წლისა, მამის გულცივობას და ძმების მიმართ შურს დაებოღმა. ის და დედამისი სამკვიდროწართმეული უფლისწულების წინააღმდეგ შეიკრნენ და ღალატში დაადანაშაულეს.

ჰეროდემ სამი ძმის განსჯა ავგუსტუსს დაავალა, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში, აკვილიაში ეახლნენ. ავგუსტუსმა მამა და შვილები შეარიგა. ჰეროდე შინ დაბრუნდა, ტაძრის ეზოში კრება მოიწვია და გამოაცხადა, რომ სამეფოს სამ ვაჟს უნაწილებდა. დორისმა, ანტიპატრმა და სალომემ ამ შერიგების სათავისოდ გამოყენება სცადეს. მათ ძმების ქედმაღლობამაც ხელი შეუწყო: უფლისწული ალექსანდრე ხმას ავრცელებდა, ჰეროდე თმას იღებავს, რომ ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, ხოლო მე ნადირობისას გამიზნულად არ ვახვედრებ მიზანში, რომ მამაჩემს ვასიამოვნოო. მან აგრეთვე შეაცდინა ჰეროდეს სამი ხარჭა და მათ მეფის პირადი საიდუმლოებები დასცინცლა. ჰეროდემ ალექსანდრეს პირადი მსახური დააპატიმრა და იმდენი აწამა, სანამ არ ათქმევინა, რომ უფლისწული მეფის მოკვლას ნადირობისას აპირებდა. ალექსანდრეს სიმამრმა, კაპადოკიის მეფემ, რომელიც ქალიშვილს სტუმრობდა, მამისა და შვილების კიდევ ერთხელ შერიგება შეძლო. ჰეროდემ კაპადოკიელს მადლობა ჰეროდესთვის შესაფერისი საჩუქრით გადაუხადა: კურტიზანით, რომელსაც შესაფერისი სახელი - პანიხისი - „მთელი ღამისა“ ერქვა.

მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა: მორიგი დაკითხვისას ერთ-ერთ მსახურს წერილი გამოაჩენინეს, რომელშიც ალექსანდრე ალექსანდრიუმის ციხესიმაგრის ციხისთავს სწერდა: „როცა საწადელს მივაღწევთ, შენთანაც მოვალთ“. ჰეროდეს ესიზმრა, რომ ალექსანდრე ზურგში ხანჯლის ჩარტყმას უპირებდა. კოშმარი იმდენად რეალური იყო, მეფემ ორივე ვაჟი დააჭერინა. ალექსანდრემ და არისტობულოსმა აღიარეს, რომ გაქცევას აპირებდნენ. ჰეროდემ ისევ ავგუსტუსს ჰკითხა რჩევა. ავგუსტუსი უკვე დაეღალა ძველი მეგობრის ვაჟების უსაქციელობას (თუმცა, თავად იმპერატორისთვის უცხო არ იყო საძაგელი შვილებისა და მემკვიდრეების ინტრიგები) და ჰეროდეს უთხრა, თუ ბიჭებმა შენ წინააღმდეგ პირი შეკრეს, უფლება გაქვს, დასაჯოო.

ჰეროდემ ისინი ბეირუთში გაასამართლა, ქალაქში, სადაც მისი იურისდიქცია ფორმალურად არ მოქმედებდა - ამიტომ ამ პროცესის გასამართად საუკეთესო ადგილი იყო. ჰეროდეს სურვილისამებრ, ბიჭებს სიკვდილი მიუსაჯეს, რაც მოულოდნელი სულაც არ იყო, რადგან ჰეროდეს ქალაქი წინასწარ მოერთო საზეიმოდ. ჰეროდეს მრჩევლებმა ძმების შეწყალება ურჩიეს, მაგრამ ვიღაცამ შეატყობინა, ძმები არმიის მოსყიდვას აპირებდნენო და ჰეროდემ 300 ოფიცერი სიკვდილით დაასჯევინა. უფლისწულები იუდეაში დააბრუნეს და გაროტაზე დაახრჩვეს. მათი დედის, მარიამის, მაკაბელთა წყევლა ასრულდა. ავგუსტუსი მომხდარს არ გაუკვირვებია. იცოდა რა, რომ ებრაელებს ღორის ხორცი არ უყვარდათ, უემოციოდ აღნიშნა: „მირჩევნია ღორი ვიყო, ვიდრე ჰეროდეს ვაჟი“. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო ჰეროდე დიდის დიდების ხრწნისა.

ჰეროდე: ცოცხლად ლპობა

სამოცი წლის მეფე დასნეულდა და პარანოიამ შეიპყრო. ანტიპატრი ტახტის მემკვიდრედ დასახელდა, თუმცა ჰეროდეს სხვა ვაჟებიც ჰყავდა. ჰეროდეს და, სალომე, ანტიპატრს დაუპირისპირდა. მან მსახური მოისყიდა და ათქმევინა, ვითომ ანტიპატრი ჰეროდეს უცხო შხამით მოწამვლას აპირებდა. რომში ავგუსტუსთან სტუმრად მყოფი ანტიპატრი მაშინვე იერუსალიმისკენ გამოეშურა, მაგრამ სანამ მამასთან შესახვედრად სასახლემდე მიაღწევდა, დააპატიმრეს. სასამართლოზე საეჭვო შხამი დაალევინეს სიკვდილმისჯილს, რომელიც მაშინვე მოკვდა. შემდეგ თავად ავგუსტუსის მეუღლის, ლივიას (რომელიც შხამ-წამლების დამზადების ოსტატი იყო), მონა გამოტეხეს, რომ ლივია სალომეს დასადანაშაულებლად წერილებს აყალბებდა.

ჰეროდემ სამხილი ავგუსტუსს გაუგზავნა და კიდევ ერთხელ შეცვალა ანდერძი. მესამე ანდერძის თანახმად, ჰეროდეს მემკვიდრე ხდებოდა ანტიპა, სწორედ ის ჰეროდე, რომელმაც იოანე ნათლისმცემელი და იესო ქრისტე დაასჯევინა. დაუძლურებული ჰეროდე ებრაულ ოპოზიციას ვეღარ უმკლავდებოდა. მოოქრული ბრინჯაოს არწივი, რომელიც მან ტაძრის დიდი კარიბჭის თავზე დაადგმევინა, რამდენიმე მოსწავლემ ეზოში შეკრებილი ბრბოს თვალწინ ჩამოაგდო. ანტონიას ციხესიმაგრიდან მეომრები გამოცვივდნენ და ახალგაზრდები შეიპყრეს. დამნაშავეები ირწმუნებოდნენ, ჩვენ მხოლოდ თორას მითითებებს ვიცავდითო. ისინი უკვე სასიკვდილო სარეცელზე მწოლი ჰეროდეს წინაშე ჩაატარეს და ცოცხლად დაწვეს.

ჰეროდე ლოგინად ჩავარდა. ის ცოცხლად ლპებოდა: მისი ავადმყოფობა ქავილითა და კუჭ-ნაწლავის ანთებით დაიწყო, მერე ფეხები და მუცელი გაუსივდა და ბოლოს მსხვილი ნაწლავის წყლული გაუჩნდა. კანი დაუჩირქდა, სუნთქვა უჭირდა, პირიდან მყრალი სუნი ამოსდიოდა, გენიტალიები გაუსივდა, დაუჩირქდა და დაუსკდა. იქიდან მატლებმა დაიწყეს დენა.

ცოცხლად ჩამომპალი მეფე იმედოვნებდა, იერიქონის სასახლის სითბო გამომაკეთებსო. იქაც რომ ვერ ეშველა, კალიროეს (ეს ადგილი დღესაც არსებობს მკვდარ ზღვასთან ახლოს) გოგირდის თბილ აბანოებში განსაბანად წაიყვანეს. მაგრამ გოგირდმა ტკივილი კი არ დაუცხრო, უფრო გაუძლიერა. ცხელი ზეთით დაზელისას ჰეროდეს გული წაუვიდა და იერიქონში გადაიყვანეს. მეფემ ბრძანება გასცა, იერუსალიმში მთელი სამღვდელო ელიტა შეეკრიბათ და იპოდრომში დაემწყვდიათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველას დახოცვას აპირებდა. ალბათ მემკვიდრის ტახტზე აყვანა ისე სურდა, რომ შფოთისთავ დიდებულებს ხელი არ შეეშალათ.

დაახლოებით ამ პერიოდში ბიჭი, სახელად იეშუა ბენ იოსეფი, ანუ არამეულად - იესო დაიბადა. მისი მშობლები - დურგალი იოსები და მისი ახალგაზრდა საცოლე მარიამი - გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. ისინი თუმცა უბრალო გლეხებივით ღარიბები, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, მეფე დავითის გვარისანი იყვნენ. ისინი ბეთლემში გაემგზავრნენ და სწორედ იქ იშვა იესო, „რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს“. წმინდა ლუკას სახარების მიხედვით, მერვე დღეს, წინდაცვეთის შემდეგ, იესო „იერუსალიმში წაიყვანეს, რათა წარედგინათ უფლის წინაშე და შესაწირავი მიერთმიათ მისთვის“ ტაძარში. მდიდარი ოჯახი ალბათ ცხვარს ან თუნდაც ძროხას შესწირავდა, მაგრამ იოსებმა მხოლოდ ორი გვრიტისა და მტრედის შეწირვა შეძლო.

მათეს სახარების მიხედვით, მომაკვდავმა ჰეროდემ დავითის გვარის ამ ჩვილის მოსაკლავად ყველა ახალშობილის დახოცვა ბრძანა. იოსები ეგვიპტეში გაიქცა და თავს იქ აფარებდა, სანამ ჰეროდე არ გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, გარშემო ყველგან მესიაზე დადიოდა ხმები და ალბათ ჰეროდეც უფრთხოდა დავითის გვარის ტახტის პრეტენდენტს, მაგრამ არ არსებობს არანაირი სამხილი იმისა, რომ ჰეროდემ იესოს შესახებ რამე იცოდა ან ათასობით უცოდველი ჩვილი გააჟლეტინა. ბედის ირონიაა, რომ ეს ურჩხული მეფე ძირითადად იმ დანაშაულით ახსოვთ, რომელიც არ ჩაუდენია. რაც შეეხება ნაზარეველ ბავშვს, მასზე კიდევ ოცდაათი წელი არაფერს შევიტყობთ.

არქელაოსი: მესიები და ხოცვა-ჟლეტა

იმპერატორმა ავგუსტუსმა ჰეროდეს პასუხი შეუთვალა, ლივიას მონა ქალს ცემით სული ამოვხადეო. ჰეროდეს უფლისწულ ანტიპატრის სიკვდილით დასჯის ნება მისცეს. მაგრამ ჰეროდე ტკივილისგან ისე იტანჯებოდა, რომ ხანჯალი მოიქნია თავის მოსაკლავად. ახლო საკანში დამწყვდეულ ანტიპატრს ხმაური შემოესმა და იფიქრა, რომ მოხუცი ტირანი მოკვდა. მან მაშინვე მცველი იხმო, საკნის კარი გამიღე, მე ხომ უკვე ებრაელთა მეფე ვარო! ხმაური ციხის მცველმაც გაიგონა და სამეფო დარბაზისკენ გაიქცა. ჰეროდე ცოცხალი, მაგრამ ჭკუიდან შეშლილი დახვდა. მსახურებს მისთვის ხელიდან ხანჯალი წაეგლიჯათ. ციხის მცველმა ჰეროდეს ანტიპატრის ღალატზე მოახსენა. მუწუკებით დაფარულმა ცოცხალმა ლეშმა თავში ხელები წაიშინა, აყმუვლდა და საძულველი შვილის დაუყოვნებლივ მოკვლა ბრძანა. შემდეგ მან ანდერძი კიდევ ერთხელ შეცვალა და სამეფო სამ ყმაწვილ უფლისწულს გაუნაწილა. იერუსალიმი და იუდეა არქელაოსს ერგო.

ხუთი დღის მოგვიანებით, ძვ. წელთაღრიცხვით 4 წელს, ათას უბედურებას გადარჩენილი ჰეროდე დიდი ოცდაჩვიდმეტწლიანი ზეობის შემდეგ გარდაიცვალა. თვრამეტი წლის არქელაოსმა ცეკვა-სიმღერითა და ზეიმით აღნიშნა მეფის სიკვდილი, თითქოს მამა კი არა, მოსისხლე მტერი მოჰკვდომოდეს. ჰეროდეს გროტესკული ოჯახიც კი გააოგნა მისმა საქციელმა. გვირგვინოსანი მიცვალებული კვერთხით ხელში მოოქრული, წითლად გადაფარდაგებული კატაფალკით წაასვენეს ჰეროდიუმის ციხესიმაგრემდე. მსვლელობას წინ არქელაოსი მიუძღოდა, მას გერმანელი და თრაკიელი მცველები მოჰყვებოდნენ, ხოლო 500 მსახურს საკმეველი მოჰქონდა (ცხედარი ალბათ საშინლად ყარდა). მეფის ცხედარი 40 კილომეტრი ატარეს. ჰეროდე ციხესიმაგრეში დაკრძალეს. მისი აკლდამა 2000 წელი დაკარგული იყო. არქელაოსი იერუსალიმში დაბრუნდა, ტაძრის ოქროს ტახტზე ავიდა და გამოაცხადა, მამაჩემის მკაცრ მმართველობას შევარბილებო. ქალაქში პასექის დღესასწაულზე ათასობით პილიგრიმი შეიკრიბა. მეფის სიკვდილი ბევრმა აპოკალიფსური ხსნის ნიშნად მიიღო და ტაძარში დიდი არეულობა ატყდა. არქელაოსის მცველები ქვებით ჩაქოლეს. მიუხედავად დაპირებისა, რეპრესიებს შევწყვეტო, არქელაოსმა ტაძარში კავალერია გაგზავნა. იმ დღეს ტაძარში 3000 ადამიანი გაჟლიტეს.

ახალგაზრდა დესპოტმა ქალაქის მმართველად მტკიცე და ერთგული ძმა, ფილიპე დატოვა, თვითონ კი რომში გაემგზავრა ავგუსტუსთან თავისი მეფობის შესათანხმებლად. არქელაოსს უმცროსი ძმა, ანტიპაც გაეკიდა, იქნებ რომში მე ჩავასწრო და ავგუსტუსმა მეფობა მე მიბოძოსო. არქელაოსის წასვლისთანავე, ავგუსტუსის ადგილობრივი მეფისნაცვალი, საბინუსი ჰეროდეს იერუსალიმის სასახლეში შეიჭრა იქ დამალული განძის მოსაპარად. ამან უფრო მეტი აურზაური გამოიწვია. სირიის გუბერნატორი, ვარუსი, წესრიგის აღსადგენად გამოეშურა, მაგრამ შვიდეულის დღესასწაულზე ჩამოსულმა გალილეველთა და იდუმეველთა ბანდებმა ტაძარი აიღეს და ყველა რომაელს ხოცავდნენ, ვისაც გადაეყრებოდნენ. საბინუსი ფასაელის კოშკში იმალებოდა.

იერუსალიმს გარეთ სამმა მეამბოხემ - ყოფილმა მონებმა - თავი მეფეებად გამოაცხადეს, ჰეროდიანთა სასახლეები დაწვეს და ქალაქების რბევა დაიწყეს. ეს თვითმარქვია მეფეები ფსევდო-წინასწარმეტყველები იყვნენ და ამ დაძაბული რელიგიური უთანხმოების პერიოდში ირწმუნებოდნენ, მესია მართლა დაიბადაო. ებრაელებს, რომლებმაც ჰეროდეს მეფობის წლები ასეთი ლიდერის ამაო ლოდინში გაატარეს, ერთდროულად სამი წინამძღოლი გამოეცხადა. ვარუსმა სამივე პრეტენდენტი დახოცა, მაგრამ მას შემდეგ ფსევდოწინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩნდებოდნენ და რომაელებიც სულ ხოცავდნენ მათ. ვარუსმა იერუსალიმის გარშემო 2000 ამბოხებული აცვა ჯვარს.

რომში სამოცი წლის ავგუსტუსმა ჰეროდიანები მიიღო, მათ კინკლაობასა და ლანძღვა-გინებას მოუსმინა და ბოლოს ჰეროდეს ანდერძი დაამტკიცა, ოღონდ მეფის ტიტული არავის უბოძა. არქელაოსი იუდეის, სამარიისა და იდუმეის ეთნარქად დანიშნა, ანტიპა - გალილეისა და პერაიას (დღეს იორდანიის ნაწილი) ტეტრარქად, ხოლო მათი ნახევარძმა ფილიპე - დანარჩენი სამეფოს ტეტრარქად. არქელაოსის იერუსალიმის რომაულ ვილებში მდიდრები აღვირახსნილ, არაებრაულ, ბერძნულ ცხოვრების წესს მისდევდნენ: ორი ათასი წლის წინანდელი ვერცხლის თასი, რომელიც 1911 წელს ამერიკელმა კოლექციონერმა მიწაში იპოვა, ჰომოსექსუალ წყვილს აშიშვლებს: თასის ცალ მხარეზე გამოსახულია კაცი, რომელიც შკივის მეშვეობით ყმაწვილი პარტნიორისკენ ეშვება, ხოლო კარიდან გარყვნილი მონა იჭყიტება; მეორე მხარეზე კი პატარა ბიჭები სავარძელზე გადახვევიან ერთმანეთს. არქელაოსი ისეთი ბიწიერი, ტუტუცი და მფლანგველი გამოდგა, რომ ათი წლის შემდეგ ავგუსტუსმა ტახტიდან ჩამოაგდო და გალიაში გადაასახლა. იუდეა რომის პროვინციად იქცა და ის სანაპირო ქალაქ კესარიიდან იმართებოდა დაბალჩინოსანი პრეფექტების მიერ. სწორედ მაშინ გახდა საჭირო აღწერის ჩატარება: რომაელებს გადასახადების გადამხდელთა სიის შედგენა უნდოდათ. ეტყობა, სწორედ ამ აღწერას ასახელებს ლუკა (სავარაუდოდ, შეცდომით) იესოს ოჯახის ბეთლემში ჩასვლის მიზეზად.

რომაელთა მიერ იუდეის დამორჩილება იმდენად დამამცირებელი გამოდგა, რომ პატარ-პატარა ებრაული აჯანყებები გახშირდა.

ჰეროდე ანტიპა ოცდაათი წელი მართავდა გალილეას და ოცნებობდა მამამისის სამეფოზე, რომელიც ხელიდან გამოაცალეს, სანამ ერთხელაც იოანე ნათლისმცემელი, ახალი ქარიზმატული წინასწარმეტყველი, უდაბნოდან არ გამოვიდა და მას არ დაუპირისპირდა.

იხილეთ:

• სარჩევი