ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურებანი და ხასიათი XIX საუკუნის მეორე ნახევრის სამცხე-ჯავახეთში

      ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-ჯავახეთის დაპყრობის შემდეგ მხარეში სასტიკად იდევნებოდა მართლმადიდებლობა და ყოველივე ქართული, იძულებით ვრცელდებოდა მაჰმადიანობა და ოსმალური ტრადიციები, მიმდინარეობდა ქართველობის სხვადასხვა სარწმუნოებრივ ჯგუფებად დაყოფა, მათი თვითგადარჩენის მტკივნეული პროცესი... XIX საუკუნეშიც დრამატულად განვითარდა მოვლენები მხარეში - მისი დაბრუნებისათვის წარმოებულმა ომებმა შეიწირა და ძალზე დააზარალა მკვიდრი ქართველობა. მეფის რუსეთმა კი აჰყარა და ძალზე შეამცირა ადგილობრივი მოსახლეობა და მათ ნაცვლად ჩაასახლა სხვადასხვა ეროვნების კოლონისტები, ხოლო ადგილობრივ ქართველებს კი შემდგომ ხანებშიც გულგრილად ეპყრობოდა და ავიწროებდა... ყოველივე ამის გამო XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც დაშორებული იყო სამცხე-ჯავახეთი ქართული სამყაროსგან და მხარეში მკვიდრთათვის შექმნილი იყო დამძიმებული ვითარება სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში...

      სამცხე-ჯავახეთში მესხობის ამგვარი მდგომარეობა ქართველი საზოგადოების წინაშე აყენებდა აუცილებლობას, ეზრუნათ სამცხე-ჯავახეთის ქართველობის არასახარბიელო ვითარებიდან გამოსაყვანად, მათში ეროვნული ცნობიერების გასაძლიერებლად... ამ პრობლემების გადაწყვეტა დაისახა მიზნად XIX საუკუნის II ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სამცხე-ჯავახეთში, რომელმაც შეიძინა გამორჩეული თავისებურებანი, მიმართულებანი და ხასიათი საქართველოს სხვა მხარეებში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან შედარებით. ეს მოძრაობა გამოიხატებოდა ადგილობრივი ინტელიგენციის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში ენერგიული მოღვაწეობით, ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების წინააღმდეგ ბრძოლით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრითა და მათში ეროვნული ცნობიერების ამაღლებისათვის ზრუნვით...

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთის ქართველთა ეროვნულ პრობლემების მოგვარებაზე მზრუნველ ქართველი ინტელიგენციის მოღვაწეობის წამყვანი სფერო მოსახლეობის განათლება იყო.

      XIX საუკუნის შუა ხანებშიც მხარეში მცირე იყო სასწავლო დაწესებულებანი, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მიუწვდომელი იყო განათლება... 1860-იანი წლებიდან, რუსეთის იმპერიაში დაწყებული საგანმანათლებლო რეფორმების შემდეგ კი "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ" დაიწყო სამცხე-ჯავახეთის ქართველი მოსახლეობისათვის სკოლების გახსნა, 1860-იანი წლების მიწურულიდან კი სახალხო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სასწავლებლები იხსნებოდა. თავდაპირველად მოსახლეობის სწავლის მნიშვნელობაში დასარწმუნებლად და მათ მიერ სკოლების წინაშე ვალდებულებების შესასრულებლად დიდი აგიტაცია, შრომა და დროც იყო საჭირო, მაგრამ ადგილობრივი მოხელეებისა და განათლების მუშაკების ძალისხმევით თანდათან იძლეოდა აღნიშნული პრობლემები. 80-იანი წლებიდან კი უფრო გაფართოვდა სამინისტროს დაქვემდებარებული სკოლების ქსელი მხარის სოფლებში, გაუმჯობესდა სასწავლო პროცესი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ სასწავლო დაწესებულებებში (ზოგიერთის სტატუსი მაღლდებოდა, ზოგგან კი იქმნებოდა პროფესიული განყოფილებებიც), რომლებშიც იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხვიც და რომელთა მიმართ საგრძნობლად უმჯობესდებოდა ხალხის დამოკიდებულება... ხოლო 90-იანი წლების შუა ხანებიდან კი გაიხსნა საქართველოს საეგზარქოსოს დაქვემდებარებული სამრევლო სკოლები, რომლებიც წარმატებით ავრცელებდნენ განათლებას და ამაღლებდნენ ხალხში სულიერებას[7,52-53]... ამ დადებით საგანმანათლებლო ძვრებში დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით მონაწილეობდა ადგილობრივი ქართველი ინტელიგენცია: მოხელეები, განათლების მუშაკები, სამღვდელოება და სხვანი, რომლებიც საუკუნის დასასრულისათვის უფრო და უფრო აფართოებდნენ ამ საქმიანობას, და იზრდებოდა ამის ორგანიზაციაც...

      განათლების სფეროში ამ დადებითი მოვლენების ფონზე 1870-იანი წლებიდან სამცხე-ჯავახეთში ასპარეზზე გამოდიოდა ქართველი საზოგადოება (ძირითადად ქ. ახალციხეში, ხოლო სოფლებშიც ჩნდებოდნენ ადგილობრივი ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები), უმთავრესად ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორებას ფიქრობდნენ სასწავლო დაწესებულებების გახსნითა და მათი მუშაობის გაუმჯობესებით, განათლების ფართოდ გავრცელებით. მათ შორის ძლიერდებოდა პატრიოტული განწყობა, განმანათლებლური მიმართულება _ განათლების მეშვეობით აეღორძინებინათ დაცემული საქართველო, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი, მშობლიურენოვანი სწავლებით კი აემაღლებინათ მათში ეროვნული ცნობიერება... ასეთი მიმართულება ეხმიანებოდა იმ დროისათვის მთელს საქართველოში გაშლილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის იდეებს იზიარებდა სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენციის საგრძნობი ნაწილი და პირდაპირ თუ არაპირდაპირ მათი იდეების განმახორციელებელი ხდებოდა.

      სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ინტელიგენციის მოღვაწეობა განათლების სფეროში გამოიხატებოდა საგანმანათლებლო შეხედულებების გამოთქმით, სასკოლო საქმიანობის უფრო და უფრო ფართოდ გაშლით, სასწავლო ლიტერატურის შექმნით და ა. შ.

      საგანმანათლებლო ასპარეზზე გამოსული საზოგადო მოღვაწეები განიცდიდნენ სამცხე-ჯავახეთის ქართველობის დაქვეითებას, რის გამოსასწორებლად სახავდნენ გზებს როგორც თავიანთ მხატვრულ შემოქმედებაში, ისე პუბლიცისტურ წერილებსა და პედაგოგიურ ლიტერატურაში. ამ მხრივ დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა ივანე გვარამაძე[5]. აწმყოთი დადარდიანებული ივანე საქართველოს ასაღორძინებლად ერთ-ერთ მთავარ გზად ხალხის განათლებას მიიჩნევდა. განათლების გამავრცელებლად კი მას სწავლულები, ინტელიგენცია ესახებოდა, თუმცა, მისი აზრით, ისინი ამ საქმეში სათანადოდ ვერ სწევდნენ წინამძღოლობას. ინტელიგენციიდან გვარამაძე დიდ ფუნქციას აკისრებდა ქართველ მართლმადიდებელ სამღვდელოებას, რომელთაც იგი საგანმანათლებლო საქმეში მოუწოდებდა მეტი აქტიურობისაკენ (მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კათოლიკე მღვდელი იყო), გაეხსნათ ქართული უმაღლესი და საშუალო სასწავლებლები, გამოეცათ ლიტერატურა მშობლიურ ენაზე, რასაც მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდის ძირითად საშუალებად თვლიდა[9; 10; 19]; ამგვარი სასწავლებლების დასაფუძნებლად კი იგი ფიქრობდა მონასტრებთან წრეების შექმნას 2-3 ენერგიული მოთავის ხელმძღვანელობით[20]. ხოლო რაჟდენ ჯაჯანაშვილმა, რომელიც 1870-იანი წლების შუა ხანებში მოღვაწეობდა ხერთვისის სკოლაში მასწავლებლად, მოგვიანებით "დროების" რამდენიმე სტატიით მკითხველს გააცნო XIX საუკუნის საქართველოს განათლების ისტორიის საკითხები და ამხილა საქართველოში ცარიზმის საგანმანათლებლო იმპერიული პოლიტიკა, მისი უარყოფითი შედეგები[16; 17; 18]. 1881 წელს რ. ჯაჯანაშვილმა საგანმანათლებლო პრობლემების გადასაჭრელად ინტელიგენციას პედაგოგიური ჟურნალის დაარსება შესთავაზა. ის მოუწოდებდა მასწავლებლებს, უკეთესად შეესწავლათ მშობლიური ენა და ლიტერატურა და მეტი მონდომებით ესწავლებინათ მოსწავლეთათვის.

      სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ქართველ ინტელიგენციას კარგად ესმოდა, რომ თვითონ უნდა დაეარსებინა სასწავლებლები, სადაც მშობლიურ ენაზე და მოწინავე პედაგოგიური მეთოდებით იქნებოდა სწავლება და პატრიოტულად აღიზრდებოდნენ მომავალი თაობები. ამისათვის ისინი დიდ ძალისხმევას მიმართავდნენ XIX საუკუნის II ნახევრის განმავლობაში. ძირითადად სამცხე-ჯავახეთიდან გამოსული მოზარდებისათვის იყო განკუთვნილი კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკურ მონასტერთან 1860 წელს გახსნილი სასწავლებელი, რომელშიც 1870-იან წლებში ინერგებოდა ახალი პედაგოგიური მეთოდები და მთავარი ყურადღება ექცეოდა მშობლიურ ენაზე სწავლას. უმთავრესად ამისათვის დაიწყეს ქართულ ენაზე სასწავლო ლიტერატურის თარგმნა და შექმნა[1,76-82]. მის ბაზაზე 1896 წელს განახლდა ქართულ-ფრანგული სკოლა, რომელიც ქართველი კათოლიკე ახალგაზრდობის მშობლიურ ენაზე განათლებასა და პატრიოტულ აღზრდას ისახავდა მიზნად. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1871 წელს ახალციხის ქალთა უფასო სკოლის გახსნას და წარმატებით მოქმედებას, რისთვისაც ქართველმა საზოგადოებამ დააარსა "ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება". საუკუნის ბოლოსათვის ქალთა სკოლა ქართველ მოღვაწეთა ძალისხმევით ეროვნული აღზრდის მძლავრ კერად გადაიქცა. რელიგიური მიზნების გარდა, მშობლიურენოვანი განათლების გავრცელებას ისახავდა მიზნად 1870-იანი წლების შუა ხანებიდან სამცხე-ჯავახეთის სოფლებში კათოლიკურ ეკლესიებთან გახსნილი სამრევლო სკოლები, რომელთაც სულ რამდენიმე წელიწადს იმოქმედეს. როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ცენტრში მოღვაწე ქართველ საზოგადოებას კარგად ესმოდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლების დაარსების მნიშვნელობა სამცხე-ჯავახეთშიც, რაც ცალკეული მცდელობების მიუხედავად არ მოხერხდა[30; 31; 29,31].

      ქართველი საზოგადოების მიერ გახსნილი სასწავლებლები მცირე იყო, რის გამოც ქართველი საზოგადოების, განსაკუთრებით მათი პატრიოტულად განწყობილი ნაწილის ძალისხმევა წარიმართა სახელმწიფო და სამრევლო სასწავლო დაწესებულებებში მშობლიურენოვანი სწავლების დასამკვიდრებლად ან ქართული ენის სწავლების გასაუმჯობესებლად. თუმცა ამგვარი მცდელობები სერიოზულ დაბრკოლებას წააწყდა მთავრობის იმპერიული საგანმანათლებლო პოლიტიკის მხრივ, რომელიც აშკარად გამოიკვეთა 1870-იანი წლების მეორე ნახევრიდან. იმპერიული მიზნები განათლების სფეროში კი სულ სხვა იყო _ ადგილობრივი მოსახლეობიდან მოემზადებინათ დაბალი და საშუალო რანგის მოხელეები, ჩაენერგათ მათში ცარიზმისადმი ერთგულება, და თანდათანობით გაერუსებინათ ისინი. მშობლიური ენის დევნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და სახელმწიფო-საზოგადოებრივ სასწავლო დაწესებულებებში გაძლიერდა XIX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებიდან, როდესაც "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დაიწყეს მშობლიური ენის შევიწროება და ქართული სახელმძღვანელოების გაგზავნის შემცირება, ხოლო სწავლების რუსულ ენაზე, ზეპირობით გადაყვანა[8; 11; 12]. 1880-იანი წლების დასაწყისში კი კავკასიის სასწავლო ოლქის ახალი მზრუნველის, კირილ იანოვსკის სასწავლო გეგმის მიხედვით სახალხო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სკოლებში სწავლის დასაწყისიდანვე იზღუდებოდა მშობლიურ ენაზე სწავლება, მეორე წლიდან კი უნდა გადასულიყვნენ რუსულენოვან სწავლებაზე.

      1870-იანი წლების მეორე ნახევარსა და 80-იანი წლების დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წამყვანმა მოღვაწეებმა (ს. მესხი, ი. გოგებაშვილი...) და სამცხე-ჯავახეთის ქართველმა საზოგადოებამ მალევე ამოიღეს ხმა ამგვარი საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ და დაიწყეს მისი მხილება. ისინი პრესაში ამტკიცებდნენ ამგვარი სწავლების არაპედაგოგიურობას და მის ანტიეროვნულ ხასიათს, მოუწოდებდნენ მასწავლებლებს ჯანსაღი პედაგოგიური მეთოდებით სწავლებისაკენ. ამ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები: ივანე გვარამაძე[15], ილია ალხაზიშვილი[23; 24], ავტორები "ნ. სორელის"[13], "პატარა ჯავახის" ფსევდონიმით[22] და ა. შ. ქართველი მოღვაწეები მხოლოდ სიტყვით არ ცდილობდნენ ქართული ენის ადგილის დაცვას სასწავლო დაწესებულებებში; მათ ქართული სახელმძღვანელოების უფასოდ გავრცელებაც დაიწყეს სამცხე-ჯავახეთის აღნიშნულ სკოლებში[21, 23; 24], რითაც ხელს უწყობდნენ მასწავლებლებს, რაც შეიძლება დიდხანს ესწავლებინათ მშობლიური ენაზე ან ქართული ენა, როგორც საგანი. ქართველმა საზოგადოებამ ამ გამოსვლებით გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. მათ ქართველობას აჩვენეს სწორი პედაგოგიური მეთოდებითა და მშობლიურ ენაზე სწავლის აუცილებლობა და ამისთვის ბრძოლის მაგალითები, ხოლო სამცხე-ჯავახეთის "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლებში მიაღწიეს მშობლიური ენის ადგილის გაზრდას. სამცხე-ჯავახეთის ქართველი საზოგადოებისათვის სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში მშობლიური ენის ადგილისათვის ბრძოლა შემდგომ პერიოდებშიც უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რის შედეგადაც ამის სასარგებლოდ მომზადდა საზოგადოებრივი აზრი, და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ ამ მხრივ.

      ქართველი საზოგადოების ენერგიულ საგანმანათლებლო მოღვაწეობას (მთავრობის ძალისხმევის შედეგადაც) XIX საუკუნის II ნახევარში შესამჩნევი შედეგებიც მოჰყვა: გაიხსნა მრავალი სასწავლო დაწესებულება სამცხე-ჯავახეთში, უმჯობესდებოდა მათში სასწავლო პროცესი, იზრდებოდა ინტელიგენციისა და დაწყებით განათლებამიღებულთა რიცხვი, ხალხი უფრო და უფრო მეტად ხვდებოდა განათლების მნიშვნელობას და თვითონაც ხსნიდა სკოლებს და მონაწილეობდა მათ გაუმჯობესებაში, ხოლო მშობლიურენოვანი სწავლა და ქართული სამყაროს გაცნობა ამაღლებდა მათ შორის ეროვნულ ცნობიერებას... ამგვარი დადებითი პროცესები ვითარდებოდა სამცხე-ჯავახეთის ქრისტიან მოსახლეობაში, ხოლო მხარის ქართველ მაჰმადიანებს შორის თურქულენოვანი სწავლება და მათ შორის ისლამის განმტკიცება იწვევდა მათ თანდათანობით გათურქებასა და ქართული სამყაროსაგან ჩამოშორებას; ჯავახეთის თურქულენოვან ქართველ კათოლიკეებს შორის კი ფეხს იკიდებდა სომხური ენა. ამ ეროვნული გადაგვარების პროცესებისთვის ხელისშეშლა განათლების სფეროში კი ვერ მოახერხა ქართველმა საზოგადოებამ. მიუხედავად ამისა, საერთოდ ქართველი საზოგადოების საგანმანათლებლო მოღვაწეობის წარმატებები დიდი იყო _ იქამდე განათლებით ჩამორჩენილ მხარეში საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა განათლება, მაღლდებოდა ეროვნული ცნობიერება, რაც დღის წესრიგში აყენებდა მხარის ქართველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს...

      სასწავლო დაწესებულებებს გარდა, XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთში განათლების გავრცელების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა ხალხში ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების, კითხვის ჩვევების გავრცელება. ამ მიმართულებით ადგილობრივმა ქართველმა საზოგადოებამ 1880-იანი წლებიდან დაიწყო მოღვაწეობა. მათ ამავე ხანებიდან დაიწყეს სკოლებთან ბიბლიოთეკების ან წიგნთა გარკვეული მარაგის შექმნა (თუმცა მცირე რაოდენობით). უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალხო ბიბლიოთეკების დაარსებას. ადგილობრივი საზოგადოების მხრივ ამისი მცდელობები მხარეში წარმატებით დასრულდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჩარევის შემდეგ. 1895 წელს ამ "საზოგადოებამ" ახალციხეში გახსნა ქართული ბიბლიოთეკა, 1897 წელს _ უდეში, და წარმატებით ამოქმედდა. ბარალეთში ადგილობრივმა საზოგადოებამ 1895 წელს გახსნა ბიბლიოთეკა, მაგრამ მათი გაფანტვის შემდეგ წარმატებით დიდხანს ვეღარ მოქმედებდა. ქართველმა საზოგადოებამ ენერგიულად იღვაწა 1880-იანი წლებიდან ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასავრცელებლადაც. ყოველივე ამ საქმიანობის შედეგად ქართული გამოცემები, ასევე კითხვის ჩვევები უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა ახალციხესა და ზოგიერთ დიდ დასახლებებში, სოფლად _ უფრო ნაკლებად. ხალხი დიდი ინტერესით ეცნობოდა საქართველოს წარსულს თუ თანამედროვეობას, მის კულტურას. თუმცა მათი გავრცელება იმხანად ჩამორჩებოდა მათზე მზარდ მოთხოვნილებას...

      XIX საუკუნის II ნახევარში სამცხე-ჯავახეთის ქართველი საზოგადოება ყურადღებას აქცევდა ქართული კულტურის განვითარებას, რისთვისაც მხარეში მძიმე ვითარება იყო შექმნილი, მისი განვითარება დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა და მხოლოდ ზოგიერთ დარგში თუ იყო შედარებით უკეთესი პირობები საამისოდ. XIX საუკუნის II ნახევრისათვის მომრავლდნენ ლიტერატურულ მოღვაწეობაში ჩაბმული პიროვნებები, რომელთა შემოქმედებაში დიდი ადგილი ეჭირა ეროვნული პრობლემების ასახვასა და მათი მოგვარებისათვის ფიქრს. მათ შორის თავისი ნაყოფიერი შემოქმედებით გამოირჩეოდა ივანე გვარამაძე. ამასთანავე, მოსახლეობაში იზრდებოდა ქართული ლიტერატურით დაინტერესებაც. ხოლო უფრო ნაყოფიერებით გამოირჩეოდა მხარეში ქართული თეატრალური ჯგუფის მოღვაწეობა, რომლებმაც 1870-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს ქართული წარმოდგენების გამართვა, 90-იანი წლებისათვის კი უფრო გააფართოვეს თავიანთი დრამატული მოღვაწეობა და სისტემატიური სახე მისცეს, რითაც შეიქმნა პირობები, ახალციხეში 1904 წელს ჩამოყალიბებულიყო ქართული თეატრალური დასი. ხოლო სამცხე-ჯავახეთის სხვა მხარეებშიც იზრდებოდა ინტერესი ქართული თეატრალური წარმოდგენების მიმართ, რაც ხელს უწყობდა ადგილობრივ სცენისმოყვარეებს, ხანდახან გაემართათ ქართული სპექტაკლები.

      ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობისგან განსხვავებით, კულტურის სხვა სფეროებში არ იყო პირობები მზად, სამცხე-ჯავახეთში განვითარებულიყო და გავრცელებულიყო საერთოეროვნული მნიშვნელობის მქონე ხელოვნების დარგები, ასევე, მეცნიერებები. თუმცა მხარეში საგრძნობი იყო ქართველი საზოგადოების ჰუმანიტარული მეცნიერებებით (საქართველოს ისტორიით, ხელოვნებით, ფოლკლორით) დაინტერესება, რომელთა შესწავლა-შემონახვის საჭიროებას აყენებდა მესხეთის მატერიალურ-სულიერი კულტურის ძეგლების სიმრავლე და მათი დაკარგვა-დაზიანების საფრთხე, ისტორიული ძირების მქონე იმდროინდელი პოლიტიკური მნიშვნელობის ზოგიერთი საკითხი... ჯერ ადგილობრივმა მოღვაწეებმა (ი. გვარამაძე, ი. ალხაზიშვილი, მ. როსტომაშვილი...), შემდეგ კი ჩასულმა მკვლევარებმა (მ. ჯანაშვილი, მღვდელი ზ. გულისაშვილი, ზ. ჭიჭინაძე) 1870-იანი წლების II ნახევრიდან აღწერეს და გამოავლინეს მრავალი ძეგლი, დაიწყეს მათი და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის შესწავლა და ქართული პრესის თუ წიგნების საშუალებით გააცნეს საზოგადოებას, რითაც დადგა საკითხი მხარეში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევების გაფართოებისა და გაღრმავებისაკენ.

      აღნიშნული ინტერესების ზრდის ფონზე საუკუნის დამლევს ქართველმა საზოგადოებამ დაიწყო ხმის ამოღება და ზრუნვა სამცხე-ჯავახეთის ძველქართული ციხე-ტაძრების ნგრევის, დაზიანების ან სხვა აღმსარებლობის მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ მითვისების საწინააღმდეგოდ[7,56]... ეს მოღვაწეობა როდესაც ნაციონალისტურად განწყობილი სომეხი საზოგადოების ერთი ნაწილის წინააღმდეგობას წააწყდა, ქართული კულტურის ძეგლთა დაცვამ შეიძინა ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლის მნიშვნელობა. საუკუნის მიწურულისათვის ქართულ პრესაში შუქდებოდა ძეგლთა ამგვარი მითვისებების თუ დაზიანების ფაქტები, გამოითქმებოდა პროტესტები; ეს საკითხები დგებოდა საქართველოს საეგზარქოსოში (ძირითადად ბლაღოჩინ დიმიტრი ხახუტაშვილის მოთავეობით) და ზოგგან გვარდებოდა კიდეც, ან მზადდებოდა პირობები მათი შემდგომ სამართლიანად გადაწყვეტისათვის[7, 56-57]...

      XIX საუკუნის II ნახევარში ქართველი საზოგადოების კულტურული მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროში მაინც არ იყო საკმარისი და უფრო ფართო და ორგანიზებულ საქმიანობას მოითხოვდა... ამის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის ქართველი საზოგადოების ქართული ლიტერატურითა და თეატრით, აგრეთვე ძველქართული ხელოვნების ძეგლებით დაინტერესება, მათი შესწავლა-პოპულარიზაცია ხელს უწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ქართული კულტურის გაცნობასა და მათში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას.

      სამცხე-ჯავახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდევართა ყურადღება თავიდანვე მიიპყრო ეროვნულმა პრობლემებმა ქართველთა რელიგიურ ცხოვრებაში, რომლებიც უფრო და უფრო მძიმდებოდა XIX საუკუნის დამლევისათვის.

      ქართველთა ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი იყო მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე ჩატარება, ხოლო რუსულად, მრევლისთვის უცხო ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ხელს არ უწყობდა ქართველობაში რწმენის განმტკიცებას. სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ ეკლესიაში მშობლიური ენის შევიწროებული მდგომარეობა უკმაყოფილებას იწვევდა ქართველ მრევლსა და საზოგადოებაშიც, რის წინააღმდეგ ქართველი საზოგადოება ხმას იღებდა XIX საუკუნის დამლევიდან. ამ საკითხის მოგვარება რთულდებოდა იქ, სადაც ქართველი და რუსი მრევლი ერთ ეკლესიაში დადიოდა (მაგ., ქ. ახალქალაქში 90-იან წლებში[26]). ხოლო სადაც უფრო ძლიერი იყო ქართველი მოსახლეობისა და საზოგადოების გავლენა, იქ უფრო წარმატებით წყდებოდა ეს პრობლემა (მაგ., 1904 წელს ახალციხის წმინდა მარინეს ეკლესიაში[4, 24-25; 6,102-103]).

      ქართველი მოსახლეობის წინაშე ეროვნული პრობლემები ბევრად უფრო მწვავედ იდგა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურ ეკლესიებში. ქართველი კათოლიკეების დიდი უმრავლესობა რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგაც სომხურ-კათოლიკურ ტიპიკონზე რჩებოდნენ მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ და მათ მთავრობა ძირითადად სომხებად თვლიდა. მათ 1880-იანი წლების I ნახევრიდან უფრო შეეზღუდათ ეკლესიებში ქართულად მსახურება, ხოლო 1886 და 1893 წლების მთავრობის ბრძანებებით მათ საერთოდ აეკრძალათ წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე ჩატარება; 1890-იან წლებშივე ძალზე შემცირდა მხარის კათოლიკურ სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის ადგილი, დაიწყო სომხური ტიპიკონის მიმდევარი ქართველი მღვდლების რაოდენობის შემცირებაც[32], ხოლო სომეხი კათოლიკე სამღვდელოების ერთი ნაწილი განსაკუთრებით ცდილობდა, სომხურად გადაეკეთებინა ქართველ კათოლიკეთა სახელები და გვარები [27; 33] ... პროცესების ამგვარად განვითარება მხარის ქართველი კათოლიკეების დიდ ნაწილს ეროვნული გადაგვარებით ემუქრებოდა. ქართველთა ეროვნულმა ჩაგვრა-გადაგვარების პროცესმა მათ შორის გააძლიერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ქართველი მღვდლები: ივანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი, იოანე ანტონაშვილი და სხვანი. ის სხვადასხვა მოქმედებით გამოიხატებოდა. ქართველი მრევლისა და სამღვდელოების დიდი ნაწილი თხოვნით მიმართავდა მთავრობას, კვლავ დაეშვა კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენის ხმარება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ზოგიერთი მღვდელი (მაგ., ი. გვარამაძე) პირველ ხანებში მაინც ქართულად ცდილობდა მსახურების ჩატარებას ეკლესიაში[2,23-24], მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. ი. გვარამაძემ რამდენჯერმე თურქულადაც ჩაატარა მსახურება, რომ თავი აერიდებინა სავალდებულო სომხური ენის მოხმარებისათვის[3, 106-107]. ბევრად უფრო დაჟინებული და ხანგრძლივი იყო ქართველი კათოლიკე სამღვდელოებისა და მრევლის თხოვნები კათოლიკე ეპისკოპოსების, კარდინალებისა და თვით პაპის[34; 35; 36]. მიმართ ამ საკითხის სამართლიანად გადასაწყვეტად. 1890-იანი წლების II ნახევრისათვის ჩამოყალიბდა ქართველთა მოთხოვნა _ სომხური ტიპიკონიდან გადაეყვანათ ისინი ლათინურ ტიპიკონზე, სადაც ლოცვის ჩატარება ადგილობრივ ენებზეც შეიძლებოდა. მიუხედავად წლების განმავლობაში არაერთგზის თხოვნისა, ვატიკანმა რუსეთის მთავრობისა და სომეხ-კათოლიკეთა ძლიერი პოზიციებისა და გავლენის გათვალისწინებით ვერ მოახერხა, რაიმეთი დახმარებოდა სამცხე-ჯავახეთის ქართველ კათოლიკეებს ამ საკითხში. მიუხედავად ამისა, ქართველ კათოლიკეთა ეს მოძრაობა იმდენად მოწადინებული და მასობრივი იყო, რომ ამით შექმნა პრეცედენტები მათი ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლისა, კიდევ უფრო აამაღლა მათში ეროვნული ცნობიერება და მოამზადა პირობები შემდგომ უფრო წარმატებით ბრძოლისათვის.

      ქართველ კათოლიკეთა მოძრაობა გამოიხატებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროშიც. რადგანაც მომავალი ქართველი მღვდლებისათვის სასულიერო განათლების მისაღებად საქართველოში სასწავლებლები არ არსებობდა, კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკურ მონასტერთან არსებული სასწავლებელი იძლეოდა საშუალო თეოლოგიურ განათლებას, ასევე, მათ კურსდამთავრებულთა ერთი ნაწილი იგზავნებოდა ევროპის სხვადასხვა კათოლიკურ სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასე მზადდებოდა მომავალი ქართველი კათოლიკე სამღვდელოება, რომელთაც ხელი უნდა შეეწყოთ საქართველოში ქართველ-კათოლიკეთა ეროვნული საკითხის მოსაგვარებლად.

      ამავე საკითხის გარკვევასა და მოგვარებას ემსახურებოდა ქართველ კათოლიკეთა შესახებ ისტორიული ცნობების შეკრება, შესწავლა და მათი პრესაში გამოქვეყნება სიმართლის დასადგენად. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1890-იანი წლებიდან სისტემატურად აქვეყნებდნენ სტატიებს ამ თემაზე ი. გვარამაძე, პეტრე მირიანაშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე და სხვ. თუმცა მათ მიერ ადგილობრივი ისტორიული წყაროების მოყვანა საკმარისი არ იყო ოპონენტების არგუმენტების სრულად გასაბათილებლად. სწორედ ამისათვის ჩავიდა იტალიის არქივებში სამუშაოდ მ. თამარაშვილი და თავისი ნაყოფიერი ძიებებითა და ნარკვევებით სინათლე შეიტანა ქართველ-კათოლიკეთა ისტორიის საკითხებში[2; 3,105].

      ქართველ კათოლიკეთა ამ ბრძოლას მხარს უჭერდა ქართველი საზოგადოებრიობა. ამ საკითხებს ფართოდ უთმობდნენ ფურცლებს ქართული ჟურნალ-გაზეთები და ეხმაურებოდნენ კიდეც ცნობილი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც ამ მოძრაობას საქმითაც ეხმარებოდნენ.

      მართალია, ქართველ-კათოლიკეთა საკითხი ქართველთა სასარგებლოდ არ მოგვარებულა XIX საუკუნის მიწურულისათვის, მაგრამ მან გამოაფხიზლა ქართველი კათოლიკე მრევლის დიდი ნაწილი, აამაღლა მათი ეროვნული ცნობიერება, რაც ხელს უწყობდა პრობლემის თანდათანობით მოგვარებას. ამ მოძრაობამ ვერ მოახერხა, ეროვნული გადაგვარებისაგან ეხსნა ჯავახეთის თურქულენოვანი ქართველი კათოლიკობა.

      ხოლო სამცხე-ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანებს შორის XIX საუკუნის II ნახევრიდან ძლიერდებოდა თურქული და მაჰმადიანური გავლენა. მათი განათლების მთავარი კერები იყო მეჩეთებთან ან კერძოდ გახსნილი სასულიერო სასწავლებლები, სადაც თურქულ და არაბულ ენაზე ასწავლიდნენ მოლები, რომელთა უმრავლესობა თურქეთიდან იყვნენ შემოსულები. რუსეთის მთავრობაც ხელს უწყობდა მათ გათურქებას, მათ ახალგაზრდობას სახელმწიფო სასწავლებლებში რუსულის გარდა თურქულ ენას ასწავლიდნენ, როგორც მშობლიურ ენას. ამის გამო მაჰმადიანი მესხების ახალი თაობები ივიწყებდნენ ქართულს, და თურქული ენა და ცნობიერება მკვიდრდებოდა მათ შორის. ქართველი საზოგადოება წუხდა ამ პროცესების გამო, მაგრამ მაჰმადიან ქართველებთან მცირე კავშირებისა და არასაკმარისი შესაძლებლობების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ ამგვარი პროცესების ხელშეშლას.

      სამცხე-ჯავახეთის ქართველი პატრიოტები სწუხდნენ აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო. ამას ისინი ასახავდნენ თავიანთ კორესპონდენციებში თუ საგაზეთო წერილებში, მაგრამ ადგილობრივი ქართველი საზოგადოება არც მატერიალური შესაძლებლობის მხრივ და არც იდეურად არ იყო მზად, ეზრუნათ თანამემამულეთა მდგომარეობის გამოსასწორებლად მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში ისინი გამოთქვამდნენ შეხედულებებს მეურნეობის ამა თუ იმ დარგში გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ, ხანდახან აძლევდნენ კონკრეტულ რჩევებს ხალხს, მოუწოდებდნენ მათ თავიანთი სოციალური და ქონებრივი უფლებების დაცვისკენ და ა. შ. მიუხედავად ამგვარი არასაკმარისი მოქმედებებისა, ადგილობრივმა საზოგადოებამ მთელ ქართველ საზოგადოებრიობას აუწყა სამცხე-ჯავახეთის ქართველობის სოციალურ-ეკონომიური შეჭირვების შესახებ და დღის წესრიგში დააყენა მისი გამოსწორების საკითხი...

      აღნიშნული კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა და ეროვნული უფლებების დაცვისათვის ბრძოლა ხელს უწყობდა სამცხე-ჯავახეთის ქართველობის მიერ მშობლიური ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის გაცნობას, მისით დაინტერესებას, მათში ეროვნული თავმოყვარეობის ამაღლებას, რაც აძლიერებდა მათ ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნული იდეალებისათვის მებრძოლ მოღვაწეებს კი თანამგრძნობლებს უმრავლებდა.

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი ინტელიგენციის მიზანმიმართული მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგად (ამისათვის შესაფერისი პირობების შექმნის შედეგადაც) საგრძნობლად გაიზარდა მხარის ქართველ მოსახლეობაში ეროვნული ცნობიერება: გაიზარდა პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენციის რიცხვი და გავლენა; მოსახლეობამდე უფრო და უფრო მეტად დადიოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეები, მათში ყოველივე ქართულისადმი პატივისცემაც იზრდებოდა. მათ უფრო და უფრო მეტად უჩნდებოდათ მოთხოვნილება მშობლიურენოვანი სწავლისა, ქართული კულტურის გაცნობისა, იწყებდნენ საერთოქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობასაც... ეს კი ხელს უწყობდა მათ ეროვნულ კონსოლიდაციას.

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეროვნული ცნობიერება ძლიერდებოდა სამცხე-ჯავახეთის ქართველი ქრისტიანი მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, ხოლო ქართველ მაჰმადიანთა უმრავლესობა კარგავდა ქართულ ცნობიერებას და მათში ვრცელდებოდა თურქული ენა, ცნობიერება და მტკიცდებოდა ისლამი; ჯავახეთის თურქულენოვან ქართველ კათოლიკეებს შორის კი _ სომხური ენა...

      სამცხე-ჯავახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმული საზოგადოების მოღვაწეობას მხარს უჭერდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურები 1870-იანი წლებიდან, 80-იანი წლებიდან კი მოწინავე ქართველი საზოგადოება დახმარებასაც უწევდა მათ (ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში). ეს მხარდაჭერა და დახმარებები ფართოვდებოდა საუკუნის დამლევისათვის, მაგრამ ეს უფრო დაკავშირებული იყო რაიმე კამპანიებთან და შემთხვევებთან. ეს ადგილობრივი ქართველი საზოგადოების მოღვაწეობისათვის ფაქტიურად დამხმარე საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ მას მორალურად და იდეურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხოლო ადგილობრივი საზოგადოებაც ცდილობდა, მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება გაეწია საქართველოში დიდი ეროვნული მნიშვნელობის მქონე საზოგადოებებისათვის, დაწესებულებებისათვის ან საქმისათვის. მიუხედავად მთლიანობაში ამ კავშირებისა და თანამშრომლობის ეპიზოდურობისა და ნაკლებორგანიზებულობისა, ეს მაინც თანამოაზრეთა საერთო ქართული საქმისათვის მიზანმიმართულ საზოგადოებრივ (და არა პოლიტიკურ) მოღვაწეობას წარმოადგენდა...

      XIX საუკუნის II ნახევარში სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არ აყენებდა დღის წესრიგში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს. ეს, პირველ რიგში, იმით უნდა აიხსნას, რომ მხარის ქართველობისათვის ისტორიული გარემოებების გამო შექმნილი იყო მრავალი სპეციფიკური სირთულე. ამის გამო საჭირო იყო ჯერ მკვიდრთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მდგომარეობის გამყარება, მათში ეროვნული ცნობიერების ამაღლება, რაც მოითხოვდა დიდ დროსა და მრავალმხრივ მასშტაბურ მოღვაწეობას. შესაძლოა, ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე ადგილობრივ ქართველ მოღვაწეებს XIX საუკუნის მეორე ნახევარში ნაადრევად მიაჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლის დაწყება. თუმცა, მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხიც მტკივნეული იყო, თავიანთ მხატვრულ თუ პუბლიცისტურ ნაწარმოებებში განიცდიდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, ძველი ქართული ტრადიციების დაკარგვას[20; 25; 28]. ამასთანავე, მათი თანაგრძნობა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებისადმი და მათთან პიროვნული სიახლოვეც გულგრილს ვერ დატოვებდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მიმართ...

      ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხასიათიც თავისებური ჰქონდა. ეს არ იყო ერთიანი იდეური და ორგანიზებული მოძრაობა. ეს იყო ამ მხარისა და, საერთოდ, საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობის გულშემატკივარი საზოგადოების ხანგრძლივი მოღვაწეობა სამცხე-ჯავახეთის დაქვეითებული, შევიწროებული და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებად დაყოფილი ქართველი მოსახლეობის მდგომარეობის გამოსასწორებლად, მათი უფლებების დასაცავად ბრძოლა... ეს გამოიხატებოდა ზემოთ დასახელებული მიმართულებებით როგორც ცალკეულ მოღვაწეთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი საქმიანობით, ასევე ზოგიერთ საკითხებში ქართველი საზოგადოების მიზანმიმართული და ორგანიზებული მოძრაობებითაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ატარებდნენ მშვიდობიან და აღმშენებლობით ხასიათს. ის კონფრონტაციული გზით არ მიდიოდა, არ უპირისპირდებოდა მხარის სხვა ეროვნებებს და განათლებისა და კულტურის ზოგიერთ საკითხში ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუს და სომეხ ინტელიგენციასთან. ადგილობრივი მოღვაწენი იზიარებდნენ და საზრდოობდნენ თერგდალეულთა იდეებით, მათ გზას აგრძელებდნენ და რეგიონში ფაქტიურად მათი გეგმების განმახორციელებლად გვევლინებოდნენ. ეს კარგად ესმოდათ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს და მხარს უჭერდნენ და, ასევე, ეხმარებოდნენ სამცხე-ჯავახეთის ქართველ საზოგადოებას ამ მოღვაწეობაში.

      ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა: მიზანმიმართული თუ არაპირდაპირი მოღვაწეობის შედეგად მხარის ქართველ მოსახლეობაში წარმატებით ვრცელდებოდა განათლება, კულტურულ წინსვლასაც ჰქონდა ადგილი, საგრძნობლად იზრდებოდა ქრისტიანი მოსახლეობის ეროვნული ცნობიერება და მათი ეროვნული კონსოლიდაციაც შესამჩნევი ხდებოდა... ამის შემდეგ უფრო მეტად დგებოდა დღის წესრიგში მხარის ქართველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხიც... ამ მოღვაწეობის მიუხედავად, აღნიშნულმა მოძრაობამ ვერ მიაღწია მრავალრიცხოვან ქართველ მაჰმადიანების გათურქების, თურქულენოვანი ქართველი კათოლიკეების გასომხების პროცესის ხელისშეშლას და მათ ეროვნულ შეკავშირებას, წარმატებები კი ზოგიერთ სფეროში არ იყო საკმარისი... მიუხედავად აღნიშნული მარცხებისა, მთლიანობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სამცხე-ჯავახეთში დიდი მისია შეასრულა. ეს კი უკეთეს პირობებს ქმნიდა მისი შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავებისათვის...

გამოყენებული ლიტერატურა

  1. შოთა ლომსაძე, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან. ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979.
  2. შოთა ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984.
  3. შოთა ლომსაძე, მესხები. ახალციხური ქრონიკები, თბ., 1997.
  4. ელდარ ბუბულაშვილი, ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2003.
  5. ნატო ყრუაშვილი, ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში, თბ., 2008.
  6. გიორგი მაისურაძე, ილია ჭავჭავაძე და სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა", (მასალები) თბ., 2008.
  7. გიორგი მაისურაძე, ქართველი სამღვდელოების სასულიერო მოღვაწეობის ისტორიიდან სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის დამლევს, საქართველო და ქრისტიანობა, თბ., 2001.
  8. გაზეთი "დროება", 1877 წელი, #21.
  9. გაზეთი " დროება", 1878 წელი, #87.
  10. გაზეთი "დროება", 1879 წელი, #210.
  11. გაზეთი "დროება", 1879 წელი, #230.
  12. გაზეთი "დროება", 1880 წელი, #2-3.
  13. გაზეთი "დროება", 1880 წელი, #7.
  14. გაზეთი " დროება", 1880 წელი, #210.
  15. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #39.
  16. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #67.
  17. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #74.
  18. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #79.
  19. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #203.
  20. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #227.
  21. გაზეთი "დროება", 1881 წელი, #252.
  22. გაზეთი "დროება", 1882 წელი, #3.
  23. გაზეთი "დროება", 1882 წელი, #25.
  24. გაზეთი "დროება", 1882 წელი, #87.
  25. გაზეთი "ივერია", 1894 წელი, #109.
  26. გაზეთი "ივერია", 1895 წელი, #40.
  27. გაზეთი "ივერია", 1895 წელი, #172.
  28. გაზეთი "ივერია", 1895 წელი, #266.
  29. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 481, აღწ. I, საქმე #10.
  30. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ხელნაწერთა ფონდი. #2025.
  31. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ხელნაწერთა ფონდი. #3977.
  32. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი, #1068.
  33. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი, #4231.
  34. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი, #1208.
  35. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი, #1216.
  36. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი, #1251.

მსგავსი:

სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია და ტაო-კლარჯეთის დაბრუნების საკითხი

ტეგები: Qwelly, XIX_საუკუნე, გიორგი_მაისურაძე, ოსმალეთი, სამცხე-ჯავახეთი

ნახვა: 1670

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters