ქართული საეკლესიო და ტრადიციული მრავალხმიანობის ესთეტიკური არსის რამდენიმე ასპექტი

ქართული საეკლესიო და ტრადიციული მრავალხმიანობის ესთეტიკური არსის რამდენიმე ასპექტის შესახებ

     შუა საუკუნეების ქართული გალობა და ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა ქართველი ერის ესთეტიკური აზროვნების მუსიკალური განხორციელებაა, სამყაროსადმი ერის ესთეტიკური დამოკიდებულების მხატვრული (ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგები) და ბგერადი განსახოვნებაა.

     ადამიანის ესთეტიკური დამოკიდებულება და ესთეტიკური მოღვაწეობა მსოფლაღქმისა და მსოფლმხედველობის, სინამდვილის შემეცნების განსაკუთრებული, უნიკალური სახეა _ სამყაროს მეცნიერული, ფილოსოფიური თუ რელიგიური აღქმა-შემეცნებისაგან განსხვავებული. ამასთან, ადამიანის ესთეტიკური აზროვნება-მოღვაწეობა, თავისთავად არის ფილოსოფიური აქტი, ფილოსოფიის სფერო, ხოლო რელიგიურ აზროვნებაში სიღრმისეულად, როგორც მისი ორგანული ნაწილი, მონაწილეობს ესთეტიკური პოზიცია და აზროვნება.

     სინამდვილის (იქნება ის მატერიალური, თუ სულიერი, ფიზიკური თუ მეტაფიზიკური) ესთეტიკური აღქმისას, ესთეტიკური ხედვისა და განსახოვნების ობიექტი - სამყარო (ყოველივე სამყაროში, და თეისტთათვის - სამყაროში და მის მიღმა მყოფი შემოქმედიც), ესთეტიკური სუბიექტის - ადამიანის მიერ აღიქმება განსაკუთრებული მხატვრული სახით და აირეკლება, აისახება სუბიექტის ცნობიერებაში, ესთეტიკურ შემეცნებასა და შემოქმედებაში.

     საეკლესიო ხელოვნებაც სინამდვილის ესთეტიკური აღქმა-განსახოვნებაა. რელიგიური ხედვა მატერიალურ სამყაროსთან ერთად, სინამდვილის ორგანულ და თანაც იერარქიულად უმთავრეს ნაწილად აღიქვამს სულიერ, მისტიკურმეტაფიზიკურ სამყაროს. საეკლესიო ხელოვნება კი რელიგიური მსოფლმხედველობისეული სინამდვილის მხატვრული ე. ი. ინტელექტურ-ემოციური სახეებით ოპერირებაზე დაფუძნებული ესთეტიკური დამოკიდებულების აქტიური რეალიზაციაა.

     შესაბამისად, საეკლესიო საგალობელიც გადმოგვცემს სინამდვილის მოვლენებს, არა-პირდაპირ, არამედ, როგორც ესთეტიკურ ობიექტებს, მხატვრულად აღქმულსა და განსახოვნებულებს ესთეტიკური სუბიექტის _ ესთეტიკურად მოაზროვნე და მოქმედი ადამიანის, ხელოვანის მიერ. რელიგიური რეალობის ფაქტები საგალობელში გადმოცემულია ესთეტიკურად გარდამტყდარნი, არა თავიანთი პირდაპირი სახით, როგორადაც ისინი არსებობენ, ან როგორადაც მათ აღიქვამს სინამდვილის შემეცნების რომელიმე სახეობა (რელიგიური, ფილოსოფიური, მეცნიერული), არამედ როგორც ამ ფაქტების მხატვრული, ესთეტიკური ადექვატები.

     მაგალითად, რელიგიური სინამდვილის ერთ-ერთი მოვლენა _ მისტიკური ჭვრეტა (მატერიალური თუ სულიერი სამყაროსი), თავის თავში რელიგიურთან ერთად, მოიცავს ინტელექტურ და ემოციურ მომენტებს: ლოცვა _ ღმერთთან გონებით ზეაღსვლაა, ხოლო ჭვრეტაც და ლოცვაც ამავე დროს განცდასაც, ემოციურ აქტივობასაც ნიშნავს. სინამდვილის ინტელექტურ-ემოციური აღქმა კი, სინამდვილის მხატვრული, ესთეტიკური ასახვაა (ნ. ჭავჭავაძე, 2007).

     შესაბამისად, რელიგიურ მომენტთან ერთად, აზრისეული და ემოციური ფაქტორების მნიშვნელობების გამო, მისტიკური ჭვრეტა, როგორც სინამდვილის მოვლენა, ორგანულად შეიცავს იმპულსს, პოტენციას მისი მხატვრული განსახოვნებისათვის საეკლესიო ხელოვნებაში.

     თუმცა, ხელოვნებაში მისტიკური ჭვრეტა მოცემულია არა მისი პირდაპირი სახით, არამედ როგორც ესთეტიკურად განცდილი ფაქტი. საეკლესიო ხელოვნებაში მოცემულია მისტიკური ჭვრეტის _ როგორც რელიგიური სინამდვილის ფაქტის _ მხატვრული ასახვა, ე.ი. ინტელექტური და ემოციური განცდა. თანაც, ხელოვნების _ როგორც ესთეტიკური დამოკიდებულების აქტიური რეალიზაციის ფორმის _ ბუნება, თავისთავად გულისხმობს, რომ აზრისეულ მომენტთან ერთად, აქ განსაკუთრებული სახის აქცენტი სწორედ სინამდვილის მიმართ ემოციურ დამოკიდებულებაშია. ვინაიდან, მხატვრულობა, ესთეტიკურობა, სამყაროს აღქმის სხვა სახეებისაგან განსხვავებით, სწორედ ინტელექტურთან განსაკუთრებული სახით შერწყმულ ემოციურ აღქმას ნიშნავს. მხატვრული სახე, ეს ინტელექტურ-ემოციური მოვლენაა, ემოციურ მომენტზე განსაკუთრებული აქცენტით (ჭავჭავაძე, 2007). ასე რომ, ხელოვნების გრძნობადი მასალით (სიტყვებით, ხაზით, ფერებით, მუსიკალური ენით...) გადმოცემული მისტიკური ჭვრეტა არის მისტიკური ჭვრეტის ესთეტიკური ჭვრეტა, მხატვრული განცდა.

     ამასთან, ხელოვნების თითოეულ დარგში სინამდვილის ფაქტები მათთვის იმანენტური გრძნობადი მასალისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობით არის მოცემული. მუსიკაში შეუძლებელია გადმოიცეს მისტიკური ჭვრეტა თავისი პირდაპირი, უშუალო სახით. აქ იგი ესთეტიკურადაა განსახოვნებული და გასხივოსნებული და სპეციფიკურად მუსიკალურ მსოფლაღქმას, მუსიკალურ ჭვრეტას წარმოადგენს. მუსიკა არამატერიალურის მისტიკური ჭვრეტის ფაქტის მატერია[ლურ]ში ასახვისას, ხატავს, აჟღერებს ბგერად-მატერიალურ, ჭეშმარიტად მუსიკალურ-მხატვრულ სივრცე-სამყაროს. სპეციფიკურად მუსიკალური შინაარსის მქონე, ე.ი. ზეგრძნობადი მატერიალური მასალა _ ინტონაცია, კომპოზიტორის, შემსრულებელისა თუ მსმენელის ესთეტიკური მიმართების მეშვეობით შეიმოსება კონკრეტული განცდით, აზრითა და ემოციებით; ბგერადი სახით გადმოცემული მისტიკური ჭვრეტა კი განიცდება ინტელექტურ-ემოციურად.

     ამდენად, ხელოვნება მისტიკური რეალობის მიმართ უფრო მეტად ადამიანურ (კვლავდაკვლავ მხატვრულ, აზრისეულ და გრძნობისეულ) დამოკიდებულებას გამოხატავს. ხელოვნება, მაშინაც კი, როდესაც იგი თავის იდეად, ობიექტად მისტიკურ რეალობას ირჩევს, მის მიმართ ადამიანური აზრების, გრძნობების, განცდების გამოხატულებაა, ადამიანის ცნობიერებაში ესთეტიკურად გარდამტყდარი და განსახოვნებული ღვთაებრივი სამყაროა, მისი მხოლოდ მხატვრული ხატებაა, სიმბოლოა. რელიგიური ხელოვნება ზესთასოფელს გვაძლევს როგორც ზესთასოფლის ესთეტიკურ გააზრება-განხორციელებას, ესთეტიკური, მატერიალური სახით. ამ რეალიზებულ ხატს ადამიანი ესთეტიკურად განიცდის.

     ამრიგად, ესთეტიკური დამოკიდებულება საშუალებაა ადამიანურის მეშვეობით ზეადამიანურის ჭვრეტისა, მატერიალურ სამყაროში იდეალურის განცდისა, რეალობაში ზერეალობის, მატერიალურ მშვენიერებაში მარადიული მშვენიერების დანახვისა და მის მადლთან შეხება-ზიარებისა. ესთეტიკური დამოკიდებულება, ესთეტიკური პოზიცია ადამიანური მოვლენაა, რომელიც მას არა მხოლოდ გამოყოფს და აღამაღლებს მატერიალური სამყაროს სხვა არსებების, ფაქტებისა და მოვლენებისაგან, არამედ საშუალებას აძლევს, წარმავალ წუთისოფელში მარადიული ღირებულებების შექმნისა, საშუალებას აძლევს იდეალურის დანახვისა და მისი მსახურებისა.

     ამა თუ იმ ეროვნული კულტურების განსხვავებას, სწორედ სხვადასხვა ერებისათვის ნიშანდობლივი ესთეტიკური პოზიცია _ სამყაროს მხატვრული ხედვისა და განსახოვნების კონკრეტული ერებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობა განაპირობებს.

     ასევე, სხვადასხვა ერების რელიგიური აღქმის, აზროვნებისა და მოღვაწეობის ორიგინალურობას, თავისთავადობას, სწორედ მათთვის დამახასიათებელი ესთეტიკური აზროვნებაც განსაზღვრავს. მაგალითად, ქრისტიანობა ქრისტიანობაა რუსეთშიც და საქართველოშიც. მაგრამ, განსხვავება ქართულ და რუსულ ქრისტიანობას, ან ქართულ და ბერძნულ ქრისტიანობას შორის, ბევრწილად ამ ერებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკური მსოფლმხედველობით არის განპირობებული და სულიერ თუ მატერიალურ კულტურაში გამოხატული. სამყაროს რელიგიური ხედვისას ეროვნულ-ესთეტიკური ფაქტორი განსაკუთრებული სახით მონაწილეობს და ადამიანის მიერ სამყაროს რელიგიური სახების შექმნისას ამ სახების რაგვარობას განსაზღვრავს.

     ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნება არის ის მოვლენა, რომელშიც ვლინდება და ორგანულ ერთობაში იმყოფება [განსაკუთრებით ადამიანის პიროვნებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით]: ესთეტიკური და ეთიკური; სილამაზე და ზნეობრიობა; მშვენიერება, სიკეთე და სიმართლე _ ვინაიდან, ყოველი ნიმუში ხელოვნებისა დაფუძნებულია მხატვრულ სახეზე. მხატვრული სახე, როგორც ნ. ჭავჭავაძე განმარტავს (ჭავჭავაძე, 2007), ემოციისა და აზრის ერთობლიობაა, აზრი კი ისაა, რაც ჭეშმარიტებაა, სიმართლეა.

     შესაბამისად, ეროვნული (მათ შორის ეროვნულ-რელიგიური) კულტურა, განპირობებულია და გამოვლენაა, ერის არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ეთიკური, ზნეობრივი პოზიციისა, ვინაიდან ხელოვნება საუკუნეების მანძილზე თაობებიდან თაობებზე გადაცემული კოლექტიური განცდისა და შემეცნების, ფილოსოფიური პოზიციის - ეროვნული მსოფლმხედველობის მხატვრული განხორციელებაა.

     შესაბამისად, საეკლესიო ხელოვნებაშიც, გარდაუვალად ვლინდება ადამიანური და ეროვნული ესთეტიკა.

     როგორც ნებისმიერი სხვა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენა თუ საგანი, როგორც სამყაროსა და ბუნების ნებისმიერი ნაწილი, რელიგიური დოგმატებითა და კანონებით გადმოცემული და გამოხატული რელიგიური, სულიერი, ქრისტიანული რეალობაც [ამასთან, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ისტორიული ეპოქების მანძილზე ჩამოყალიბებადი სახით] სხვადასხვა ერების მიერ აღქმულ იქნა მათი მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან გამომდინარე.

     ქრისტიანული აზროვნება შეერწყა სხვადასხვა ეროვნულ აზროვნებებს და თვისობრივად ახალი ქრისტიანულ-ეროვნული აზროვნება და კულტურები ჩამოაყალიბა. ქრისტიანობის მიზეზით, მეტ-ნაკლებად შეიცვალა ერების ეთიკური, ზნეობრივი თავისებურებებიც.

     ამასთან, თავად ქრისტიანობის აღქმა, შემეცნება და აზროვნებასა თუ პრაქტიკულ, ადამიანურ მოღვაწეობაში მისი გამოხატვის განსხვავებული თავისებურებანი, ეროვნული განსაკუთრებულობანი, სწორედ ეროვნულმა ესთეტიკებმა (თავის მხრივ, ასევე გამდიდრებულებმა ქრისტიანული ესთეტიკური კონცეფციებით) განაპირობეს.

     ობიექტურად, სამყარო ყველგან ერთნაირი მატერიალური კანონზომიერებებით არის "მოწყობილი". მაგრამ, სამყაროს მხატვრული ხედვისას და განსახოვნებისას, ქართველი ერის მიერ საქართველოში იქმნება სვეტიცხოველი, სამთავისი, ყინწვისი, ჯვარი, ხახულის ღვთისმშობელი, "ვეფხისტყაოსანი", "ლილე" "ჩაკრულო", "ჩელა", "ხასანბეგურა", "შემოქმედურა", "შენ ხარ ვენახი", "აბესალომ და ეთერი"...; იტალიელთა მიერ იქმნება წმიდა პეტრეს ტაძარი, მიქელანჯელოს "პიეტა", დავითი თუ "განკითხვის დღე", და ვინჩის "საიდუმლო სერობა", რაფაელის, პალესტრინასა თუ ვერდისა და პუჩინის შედევრები. გერმანელი ერის ესთეტიკური მსოფლმხედველობის გენიალური გამოვლინებაა ღვთაებრივი ბახისა თუ ბეთჰოვენის მუსიკა, კიოლნის ტაძარი...; ავსტრიული ესთეტიკური აზროვნება მოცარტისა თუ მალერის არამიწიერ შედევრებს ბადებს; საფრანგეთში სამყაროს ესთეტიკური ხედვა სხვანაირ ნაყოფს იძლევა, რუსეთში, კიდევ მეტად განსხვავებულს, "იქვე", უკრაინაში უფრო თავისთავადს... ეროვნულ-ქრისტიანული ხელოვნების საყოველთაოდ აღიარებულ შედევრთა ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. ჭეშმარიტად, ადამიანის ესთეტიკური დამოკიდებულების აქტიური რეალიზაცია – ხელოვნება, ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე, ადამიანის სულისა და გონების მსგავსად, უსასრულო, უკიდეგანო მოვლენაა. მსოფლიო ხელოვნების შედევრთა აღურიცხველი რაოდენობა ამის ცხადი დადასტურებაა. სამყაროს ესთეტიკური შემეცნება, მეცნიერულ, ფილოსოფიურ და რელიგიურ შემეცნებასთან ერთად, ღმერთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი ადამიანის ჭეშმარიტად ღვთაებრივი ნიჭია.

     მაგრამ, ჩვენ აქ იმ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღვნიშნავთ, რომ ყველა ერის განსაკუთრებულობა, ენასთან, ზნე-ჩვეულებებთან, ტრადიციებთან ერთად უპირველესად მათ ხელოვნებაში ჩანს. ხელოვნების დიად შედევრთა სქემატური ჩამოთვლა- გახსენებით, აქ მხოლოდ ყველასათვის ცნობილი იმ ფაქტზე მსჯელობა გვსურს, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ბახისა და მალერის, ვაგნერისა თუ ვერდის, პალესტრინას, ბეთჰოვენის თუ ზეციური მოცარტის ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში, სრულიად ახალი, პირველაღმოჩენის სიხარულით, განსაკუთრებული ესთეტიკური განცდით აღიქმება და სულ უფრო და უფრო მზარდი პოპულარობითა და უმაღლესი შეფასებებით იმოსება ქართული მრავალხმიანობა – უძველესი ფოლკლორული სიმღერა და შუა საუკუნეების საეკლესიო გალობა.

     ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ ქართულ ესთეტიკურ აზროვნებაში, ქართულ მსოფლმხედველობაში არის ის განსაკუთრებულობა, რაც არ აქვს დანარჩენ სამყაროს, ასე მდიდარს ადამიანის ესთეტიკური მოღვაწეობის განხორციელებული შედეგებით.

     ქართველი ერის ნიჭიერების, ქართული ესთეტიკური მსოფლმხედველობის განსაკუთრებულობა დანარჩენი სამყაროსათვის ყველაზე მეტად ჩვენი მრავალხმიანობით რომ არის საჩინო, ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, საყოველთაოდ გასაგებ, მარტივ კანონზომიერებას ემყარება: _ შეუძლებელია სრულყოფილად ითარგმნოს რუსთაველი, ვაჟა თუ გალაქტიონი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მათი ღვთაებრივი სამყარო, ქართული ენის იდუმალი და გადაულახავი საზღვრებით არის გარემოცული და დაფარული, მხოლოდ ქართული ენით მოხერხდა მარადიული მშვენიერების ასეთი იდეალების განხორციელება. ისევე, როგორც შექსპირისა თუ სერვანტესის ზეციურ სიღრმესა და მათი აზროვნების ენობრივ-ინტონაციურ ნიუანსებს, ფერადოვნებას, მხოლოდ ორიგინალის წაკითხვისას თუ შევიმეცნებთ.

     მუსიკა კი ის მოვლენაა, რომელიც გონებისა და გულის, აზრებისა და გრძნობების სულიერი ენით მეტყველებს. შესაბამისად, ყველგან, მთელი მსოფლიოს მსმენელისათვის გასაგებია და საოცარი ზემოქმედების მქონეა ქართულ მრავალხმიანობაში გამოხატული მხატვრული სინამდვილე.

     მაგრამ, შევეცადოთ, ცოტათი ღრმად გავაანალიზოთ, თუ რა არის ის განსაკუთრებულობა, რის შესახებაც ზემოთ აღვნიშნავდით, რომ დანარჩენ მსოფლიოს ის არ გააჩნია, იმ სახით განხორციელებული, როგორიც ქართული მრავალხმიანობაა; მაგრამ, ამავე დროს, მისი მხატვრულ-ესთეტიკური, ფილოსოფიური თუ მეტაფიზიკური კატეგორიები მახლობელია ნებისმიერი მსმენელისათვის და პირველი მოსმენისთანავე ძვირფასსა და ახლობელს ხდის ქართულ მრავალხმიანობას, განსხვავებული სულიერი თვისებების მქონე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისათვის.

     როგორც ცნობილია, ჩვენი მრავალხმიანობის ესთეტიკური არსი და მისი მხატვრული მეთოდი მუსიკალური მშვენიერის იდეალის – პოლიფონიურობის აღქმაგაცნობიერებასა და განხორციელებაში მდგომარეობს. ქართულ გალობაში პოლიფონიურობა არის "გამშვენების" იგივეობრივი, ტოლფასი ტერმინი და მშვენიერების რეალიზაციის ესთეტიკურ პროცესს გულისხმობს.

     ქართულ მრავალხმიანობაში მშვენიერის რეალიზაციის პროცესი ხასიათდება იმენანტური სწრაფვით: ხმების მელოდიური განვითარებისაკენ; ხმებში დამოუკიდებელი მიკრომოტივური სეგმენტების წარმოშობისაკენ; ფაქტურის კომპლემენტარული ინტონაციურ-რიტმულობის პრინციპით კონფიგურირებისაკენ; მრავალხმიანი მუსიკალური ქსოვილის განსხვავებულ-ინტონაციურობისაკენ.

     საეკლესიო გალობაში ეს ყველაფერი დასტურდება სწორედ "გამშვენებისაკენ" იმანენტურ სწრაფვაში და ყველაზე უმარტივეს ნიმუშებშიც კი "გამშვენების" ნიშანთა (ხმებში პოლიფონიურ-მელოდიური ინიციატივით წარმოშობილი დამოუკიდებელი მოტივური და სუბმოტივური წარმონაქმნები) არსებობით; ხოლო, ტრადიციულ სიმღერაში – იმპროვიზაციული აზროვნება- შემსრულებლობის პრინციპის ტოტალური გამოვლინებით, რომლის შედეგიც, ასევე ფაქტურის კომპლემენტარული ინტონირებით კონფიგურირებისაკენ, ფაქტურაში პოლიფონიურობის ზრდისაკენ სწრაფვაა.

     ქართველი ერის ესთეტიკური განცდის, ქართველი კაცის სინამდვილესთან ესთეტიკური დამოკიდებულების მუსიკალურ განსახოვნებას, იდეალს პოლიფონიურობა, პოლიფონია წარმოადგენს. გამოდის, რომ პოლიფონიურობა ქართველი ადამიანის ესთეტიკური მოღვაწეობის იმანენტური თავისებურებაა, არსებული და განსახოვნებული, ერთი მხრივ ხელოვნების ნიმუშთა ფორმაშინაარსში, მხატვრულ ენაში, ხოლო მეორე მხრივ ჩვენს ხელოვნებაში გამოვლენილ, ქართველი ერის აზროვნებასა და მსოფლმხედველობაში.

     ამასთან, პოლიფონიურობა, როგორც მსოფლაღქმისა და მთლიანად მსოფლმხედველობის იმანენტური განსაკუთრებულობა, ქართულ აზროვნებასა და კულტურას (ყოველ შემთხვევაში, სააზროვნო-კულტურულ იდეათა და იდეალთა სამყაროს) ყველა დონეზე ახასიათებს. პოლიფონიური შეიძლება ვუწოდოთ ჩვენი პატარა ქვეყნის ეთნოგრაფიულ სტრუქტურას, და კლიმატსა თუ გეოგრაფიასაც კი.

     პოლიფონიურობა – ინტონაციურად განსხვავებული, დამოუკიდებელი და ფუნქციურად თანაბარმნიშვნელოვანი ხმების ანსამბლია, დიალექტიკური ერთობისა და განსხვავებულთა, "ფერად-ფერადთა" ჰარმონიული, მშვენიერი შეწყობის და განსაკუთრებულობის ამსახველი სილამაზეა.

     ქართველ მკვლევართა ნაშრომებში (რომელთა შორისაც განსაკუთრებით ქალბატონ ნ. ფირცხალავას გამოვყოფდით) კარგადაა შესწავლილი განსხვავებულ საწყისთა თუ კატეგორიათა, დიალექტიკური ურთიერთმიმართების, "ერთობაი შეყოვლებისაის", "მორთულება-შენაწევრების", ჰარმონიისა და პოლიფონიის – როგორც სამყაროს არსებობის ყოვლის-განმსჭვალავი პრინციპის იდეათა მნიშვნელობა ქართული რენესანსის ეპოქის მსოფლმხედველობაში, იმ ეპოქის ფილოსოფიურ აზროვნებაში და კულტურაში (ფირცხალავა, 1989; 1991; 1993; 2000; 2002; 2003; 2005; 2008; 2010. წურწუმია, ლ. 2005). ესთეტიკურ და ხელოვნებათმცოდნეობით ლიტერატურაში აგრეთვე შესწავლილია, რენესანსულ აზროვნებაში მშვენიერის ესთეტიკურ-ფილოსოფიური კატეგორიის ცენტრალური მნიშვნელობა და მისი იდეალური და "სინთეტურ-პოლიფონიური" ბუნება – ღვთაებრივი+ადამიანური, სულიერი+მატერიალური, მეტაფიზიკური+ფიზიკური, იდეალური+რეალური, სულიერი სრულქმნილება+სხეულებრივი მშვენიერება, გონება+გრძნობა და ა.შ... დადგენილია, რომ რენესანსული აზროვნება მიისწრაფვის იდეალურისა და რეალურის ურთიერთმიმართებით წარმოქმნილი ჰარმონიისა და სილამაზის ანალიზისა და განხორციელებისაკენ.

     ამ კვლევებზე, ფილოსოფიურ და ისტორიულ არგუმენტებზე, აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, "არა უგვიანეს XVI საუკუნისა" (ჯავახიშვილი, 1990), სამზე მეტი "ზე-მრავალხმიანობის" არსებობის ფაქტზე დაყრდნობით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ქართული რენესანსის ეპოქის კუთვნილებაა სამგალობლო პოლიფონიის, მუსიკალურ-პოლიფონიური აზროვნების მაღალ-განვითარებული ტიპი – რენესანსული ესთეტიკის უმთავრესი კატეგორიით სახელდებული "გამშვენება", "გამშვენებული" გალობა.

     მიგვაჩნია, რომ საეკლესიო მრავალხმიანობის განვითარების ამ თეორიას ისტორიულ ცნობებთან და ესთეტიკურ-ფილოსოფიურ ანალიზთან ერთად, ადასტურებს ქრისტიანული და მრავალხმიანი მუსიკალური აზროვნების განვითარების ზოგადასაკაცობრიო ლოგიკაც – კერძოდ, სხვადასხვა საეკლესიომუსიკალურ ტრადიციებში დაფიქსირებული ფაქტურული აზროვნების განვითარება ჰეტეროფონულ-პარალელიზმიდან განსხვავებულ-მელოდიური, მაღალგანვითარებული პოლიფონიისაკენ, აგრეთვე ბიზანტიური "კალოფონური" სამგალობლო სტილისა და ევროპული პოლიფონიის პირველი მწვერვალის - ars antique-ს გაჩენაგანვითარების ისტორიული და მუსიკალურ-სააზროვნო თავისებურებანი.

     ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ აზროვნებაში მუსიკალური მშვენიერის ეტალონი, მშვენიერის ესთეტიკური კატეგორია მრავალხმიან ფაქტურაში ხმათა დამოუკიდებლობასა და მათი მელოდიების ანსამბლში _ პოლიფონიურობაში ვლინდება და რეალიზდება.

     ჩვენი მუსიკის ეს ენობრივ-სააზროვნო თავისებურება ეროვნული იდენტობის, საუკუნეთა მანძილზე ქართველთა თაობიდან თაობაზე გადმოცემული კოლექტიური განცდის, მსოფლაღქმის, ქართულ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის ბგერად სამყაროში გამოვლინებაა.

     ქართველი "ჰომო-პოლიფონიკუსი" (ი.ზემცოვსკი) მუდმივად "იღწვის", რათა რაიმე "გამშვენებული", განსაკუთრებული, ფერადოვანი, მძაფრი და აქტუალური შექმნას მრავალხმიანი მუზიცირების პროცესში. უფრო სწორედ, ეს არის ქართველი მუსიკოსის "ბუნებრივი ქცევა", მისი მსოფლაღქმა და თვითშემეცნება, მისი თვითგამოხატულება, მისი სამყარო, მისი მსოფლმხედველობა, თაობიდან თაობამდე გადმოცემული და ამით მენტალიტეტში განმტკიცებული, "მრავალხმიანი აზროვნების" გენეტიკური თავისებურება.

     ეს მოვლენა კანონზომიერია, ქართული საეკლესიო და საერო პოლიფონიის როგორც მარტივ, ასევე ურთულეს ნიმუშებშიც. ქართული მუსიკალური ესთეტიკით "გამშვენება" საინტერესო, გამომსახველი, მრავალსახოვანი, ფერადოვანი განვითარებული, რთული და "მორთული" პოლიფონიური ქსოვილის შექმნას ნიშნავს. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე ესთეტიკა ამავე დროს უპირველეს ღირებულებად მიიჩნევს მუსიკალური მოვლენის მხატვრულ ზომიერებას, დახვეწილ სისადავეს და სიმარტივეს, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიოლოგიურ ბუნებრივობას, გულწრფელობას, დამაჯერებლობას და სიღრმეს.

     ქართველი "ჰომო-პოლიფონიკუსის" მიერ "გამშვენების", და "მშვენიერის", როგორც პოლიფონიურობის აღქმა-გაგება, პოლიფონიური განვითარებისადმი, პოლიფონიურობისადმი, როგორც მშვენიერის განხორციელებისადმი სწრაფვა _ ყოველივე ეს არის სამყაროს მხატვრულ-მუსიკალური სურათის შექმნის მისეული ფორმა, ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნული "პოლიფონიური აზროვნების" ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება და მისი ეროვნული იდენტობის ბგერადი სიმბოლო.

     ამ მრავალსახოვანი და "მორთული" სიმბოლოს დახვეწილი სისადავითა და ზომიერებით აღბეჭდილ მუსიკალურ სტილისტიკაში თავს იჩენს ქართული მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნების დიალექტიკური ბუნება, ასევე მკაფიოდ გამოვლენილი ქართული პოეზიის, პროზის, არქიტექტურისა თუ სახვითი ხელოვნების კლასიკურ ნიმუშებში.

     სამყაროს ხატება ქართულ ესთეტიკურ აზროვნებაში პოლიფონიურია. ეს კი, სამყაროს, როგორც დიალექტიკური, რთული მოვლენა-არსის ჭეშმარიტი მხატვრული ადექვატის განსახოვნებაზე მიგვითითებს ქართული ესთეტიკური აზროვნების მიერ. ქართველისათვის სამყაროსეული დიალექტიკა (გამოვლენილი სინამდვილის ყველა დონეზე) პოლიფონიურობაა და მშვენიერია.

     სწორედ ქართული სულისათვის ნიშანდობლივი უნიკალური ესთეტიკური დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ისტორიისა და კულტურის განსაკუთრებულობისა. ისტორიულ განსაცდელებს, კატაკლიზმებს ჩვენი წინაპრები სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის კონტექსტში, სიკეთის გამარჯვების რწმენით, სამყაროსეული წონასწორობის კონტექსტში აღიქვამდნენ. მათთვის ბოროტების, წარმავალობის, სიკვდილის მიუხედავად სამყარო იყო მშვენიერი, კეთილი, ჭეშმარიტი, სიყვარულით გასხივოსნებული. უფრო სწორედ, მშვენიერება, სიკეთე და ჭეშმარიტება, სიყვარული იყო მათთვის ჭეშმარიტი სამყარო. სინამდვილეში არსებული დისონანსები ქართული ესთეტიკური აღქმისათვის ჰარმონიის ნაწილია; ბოროტება ისაა, რაზეც სიკეთე გაიმარჯვებს; დროებითი მწუხარება სიხარულით შეიცვლება; წარმავალობის მტანჯველ განცდას მარადისობის სამყარო ანუგეშებს; ცივი და მიუსაფარი მარტოობა1 კი მოყვასისა და ღმერთის სიყვარულით გასხივოსნდება და შეიცვლება. სამყაროში ყოველივეს ფუნქცია აქვს, ყოველივეს ღრმა აზრი აქვს და მათი დიალექტიკური ურთიერთმიმართების ქართული ესთეტიკური ადექვატი პოლიფონიურობაა.

     პოლიფონიურობა განსხვავებულთა მიერ ერთმანეთის დანახვისა და შეგრძნების, თანაგანცდის უნარია, ერთმანეთის გათვალისწინებაა, ერთმანეთისთვის და ერთმანეთით სიცოცხლეა, ერთდროული თავისუფლება და თავდადებაა და ეს ყველაზე დიდი სიკეთეა და მშვენიერებაა და არსებობის ჭეშმარიტი აზრია.

     სინამდვილის, როგორც პოლიფონიური და მშვენიერი მოვლენის სწორედ ასეთი ზოგად-ადამიანური ხედვის ყველაზე მეტყველი გამოვლინებანი არიან კულტურისა და ჰუმანიზმის სიმბოლოები "ვეფხისტყაოსანი" და ქართული მრავალხმიანობა _ მათი სიტყვით გამოუთქმელი მშვენიერება, მათი მხატვრული სივრცის პოლიფონიურობა და ამოუწურავი ინტონაციური თუ ჰარმონიული მრავალფეროვნება, ოპტიმიზმი, და მარადიული სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვების დამამკვიდრებელი ესთეტიკა.

     სინამდვილე ესთეტიკურად აღქმული _ მშვენიერებაა, "ქართული მშვენიერება" კი პოლიფონიურია. "გამშვენება" პოლიფონიურობაა, ე. ი. პოლიფონიურობა ქართული ესთეტიკური კონცეფციაა, სამყაროს ხედვის განსაკუთრებულობაა, ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი (რომლის სიძველისა და ამიტომ, უნიკალობის დასტურად თუნდაც, XI საუკუნის პეტრიწისეული ცნობებიც კმარა). ჩვენი კულტურისათვის ნიშანდობლივი ეს თავისებურება, დეტერმინირებული ქრისტიანული, ქრისტიანობამდელი თუ აღმოსავლური სააზროვნო-ფილოსოფიური წანამძღვრებით, არის მიზეზი ქართული ხელოვნების _ ქართველი კაცის ესთეტიკური დამოკიდებულების აქტიური რეალიზაციის _ უნიკალურობისა.

     პოლიფონია ისეთი მსოფლმხედველობის გამოვლინებაა, რომელიც "უთვალავი ფერის" მქონე სამყაროს ხედავს და ასახავს, როგორც თვითმყოფად და განსხვავებულ საწყისთა მშვენიერ ერთიანობას. ქართული მრავალხმიანობისა თუ "ვეფხისტყაოსნის" პოლიფონიურად მოაზროვნე შემოქმედისათვის, სამყარო ერთი დიადი მრავალხმიანი საგალობელია, რომლის მშვენიერებაც მაღალი ღმერთის უსაზღვრო სინათლესა და სიკეთეს, მისგან მომდინარე ულამაზეს ჰარმონიას ასახავს. ამ კოსმიური საგალობლის თითოეული ხმა, თითოეული ჰანგი თუ ფრაზა, თითოეული ბგერა ძვირფასია უფლისა თუ კაცთა წინაშე. სამყარო, ადამიანი, ბუნება, კოსმოსი აღვსებულია სიყვარულითა და სილამაზით, გასხივოსნებულია უფლის მადლით, ადამიანური სიკეთით, ბუნების პირველქმნილი ჰარმონიით და ყოველივე ეს მშვენიერი ურთიერთკავშირითა და შეთანხმებულობით, ურთიერთ-შეწყობით მოძრაობს მარადიული სიცოცხლის წყაროსა და მწვერვალისაკენ – იდეალური სიკეთისა და სიყვარულისაკენ, ყოვლადწმიდა სამებისაკენ. სწორედ წმიდა სამებისაგან მომდინარე ყოვლისგანმსჭვალავი ჰარმონიისა და პოლიფონიის მიმართ სასოებითა და აღტაცებით არის გამსჭვალული და მის მხატვრულ განსახოვნებას წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება.

     პოლიფონიურობა, როგორც მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის ორგანიზების უნივერსალური იდეა და მეთოდი, ასევე ნიშანდობლივია ახალი ქართული მხატვრული და ფილოსოფიური აზროვნებისათვისაც. ამ დებულების დასაბუთებისათვის ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, მიხეილ თუმანიშვილის, ნიკო ჭავჭავაძის, გივი ორჯონიკიძის, სულხან ნასიძის, რობერტ სტურუას, გურამ დოჩანაშვილის, იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის და შალვა მოსიძის გახსენებაც კმარა.

     ეს ფილოსოფიურ-მხატვრული პარადიგმა _ პოლიფონია განსხვავებულთა მშვენიერი თანაარსებობაა, რომელიც გულისხმობს ჰარმონიის ძებნასა და განხორციელებას მრავალფეროვნებაში _ ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო ბუნებისა და მნიშვნელობისაც არის.

     ვფიქრობთ, სრულიად კანონზომიერია ამ იდეის აქტუალობა ჩვენს დაძაბულ ეპოქაში. სწორედ პოლიფონიურობის გააზრება – როგორც სამყაროს არსებობისა და ფუნქციონირების ყოვლის-განმსჭვალავი პრინციპისა, და როგორც სამყაროს და ადამიანთა არსებობის, თანაცხოვრების ერთადერთი უალტერნატივო, მშვენიერი მოდელისა, და ამ მოდელის განხორციელების განუმეორებელი და მრავალფეროვანი ინტონაციურ-მუსიკალური ენა და ფორმები, არის კიდევაც ქართული მრავალხმიანობის ასეთი აქტუალობისა და პოპულარობის მიზეზი ჩვენს დროში, თანამედროვე ადამიანის ემოციური, გონებრივი, ფსიქიკური, ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყაროებისათვის.

     ქართულ რენესანსულ-ესთეტიკურ აზროვნებაში შემუშავებული იდეა სამყაროს პოლიფონიურობისა, იდეა პოლიფონიურობისა, როგორც სიკეთის _ ღმერთისა და ადამიანის, ადამიანისა და ბუნების, განსხვავებულ ადამიანთა და კულტურების მშვენიერი თანაარსებობის _ განსახოვნებისა, ზედროულია და აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ეზიარება ესთეტიკური ფორმით, ხელოვნებით გადმოცემულ ამ სიკეთესა და ჭეშმარიტებას.

     ჩვენი ეროვნული მსოფლმხედველობის ეს იდეალისტური კონცეფცია, ამავე დროს, მოწოდებაცაა პირველ რიგში თავად ჩვენდამი, ახალი დროის ქართველებისადმი – ვისწრაფოთ განსხვავებულთა, და მთლიანად სამყაროს მიმართ სინათლით, სიკეთით, სიყვარულით გამსჭვალული პოლიფონიური თანაცხოვრებისაკენ.

     სწორედ ქართული ესთეტიკური აზროვნების ეს თავისებურება, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები, ქართული ხელოვნების ჩაუქრობელი, მარადიული ნათელი გვაძლევს მიზეზსა და ნუგეშს, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და მარადიულობის რწმენისა. ყოველგვარი კატაკლიზმების და უიმედობის მიუხედავად, ხელოვნება ასევე ადამიანურის მაღალი მნიშვნელობის გაუხუნარობის, უხრწნელობის მჭევრმეტყველი დადასტურებაა, სინამდვილისა და ადამიანთა უკეთესობისაკენ შეცვლის იმედია. ხელოვნება მარადიული ღირებულებების, სიკეთის, რწმენის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიყვარულის ადამიანურში მუდმივად არსებობა და გამოვლენაა. ღვთაებრივობამდე ამამაღლებელი სიკეთის მშვენიერებას ყველაზე მეტად ხელოვნებაში შევიგრძნობთ. ხელოვნება მარადისობის სუნთქვა და მადლია მატერიალურ სამყაროში.

სვიმონ ჯანგულაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ფირცხალავა, ნ. (1989). მუსიკალური ანალოგიების შესახებ იოანე პეტრიწის ნაშრომში "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", # 5:
  2. ფირცხალავა, ნ. (1991). ქართული ჰიმნოგრაფიის ესთეტიკის საკითხისათვის. (1991). კრებულში: ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები. (რ. წურწუმია, პ/მ. რედ.) თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
  3. ფირცხალავა, ნ. (1993-1994). ნართის შესახებ იოანე პეტრიწის თხზულებაში. "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". სამეცნიერო შრომების კრებულში: მუსიკისმცოდნეობის საკითხები. (რ. წურწუმია, პ/მ. რედ.) თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  4. ფირცხალავა, ნ. (2000). ცნება "ბამთან" დაკავშირებით იოანე პეტრიწის "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". კრებულში: ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები. (რ. წურწუმია, პ/მ. რედ.) თბილისი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  5. ფირცხალავა, ნ. (2002). "მზახრი, ჟირი, ბამის ერთობა შეყოვლებისათვის" შესახებ იოანე პეტრიწის "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". კრებულში: ქართული საეკლესიო გალობის თანამედროვე პრობლემები. (მ. ანდრიაძე, რედ.). თბილისი: საქართველოს საპატრიარქო, საეკლესიო გალობის ცენტრი
  6. ფირცხალავა, ნ. (2002). სამების პრობლემის შესახებ იოანე პეტრიწის "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". ჟურნალი AჩADEMIA ტ. IV. თბილისი: თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია
  7. ფირცხალავა, ნ. (2003). პეტრიწის ფილოსოფია და ქართული მრავალხმიანობა. კრებულში: ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: (რ. წურწუმია, ი. ჟორდანია, რედ.) თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი
  8. ფირცხალავა, ნ. (2005). იოანე პეტრიწის მნიშვნელობის შესახებ ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში. კრებულში: ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი. (რ. წურწუმია, ი. ჟორდანია, რედ.) თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი
  9. ფირცხალავა, ნ. (2008). ჰარმონიის სადარი ქართული ცნება "მორთულება იოანე პეტრიწის თხზულებაში "განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის". კრებულში: ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი. (რ. წურწუმია, ი. ჟორდანია, რედ.) თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  10. ფირცხალავა, ნ. (2010). იოანე პეტრიწის მუსიკალური ესთეტიკა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცთასას" თარგმანის მიხედვით. მოხსენება, წაკითხული ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაზე
  11. წურწუმია, ლ. (2005). ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
  12. ჭავჭავაძე, ნ. (2007). ესთეტიკის საკითხები. თბილისი
  13. ჭავჭავაძე, ნ. (2005). ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის. თბილისი
  14. ჯავახიშვილი, ი. (1990). ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები. თბილისი: ხელოვნება

ტეგები: Qwelly, გალობა, სტატიები, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 585

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters