მიხა ჯიღაურის გუნდი
მეხუთე ნაწილი

      დასრულდა თუ არა ოლიმპიადა და მიხა ჯიღაური გამოაცხადეს ხელმძღვანელად, გამოჩნდა გიორგი იორდანიშვილი. იორდანიშვილი და კოლა ერისთავი შეთანხმდნენ, ეს ჯილდომიღებული გუნდი წაეყვანათ დასავლეთ საქართველოში, ასე, რომ მიხა ჯიღაურის მომღერალთა გუნდის ნამდვილი ხელმძღვანელი და ადმინისტრატორი იორდანიშვილი შეიქნა.

      გიორგი იორდანიშვილი პატიოსანი და სინდისიანი კაცი იყო. მართალია, მას მხოლოდ შემოსავალი აინტერესებდა, მაგრამ ამ საკითხში იგი სრულიად წესიერად იქცეოდა.ჰოდა, ახლა ეს იორდანიშვილი გაუძღვა მიხა ჯიღაურის გუნდს, რომელსაც ის კარგად არ იცნობდა. მეც გული აღარა მქონდა, დამერიგებინა იგი.

      ოლიმპიადასა და მიხა ჯიღაურს გადაყოლილი ეკონომიურად დავზარალდი. ამ დროს გამოსცეს ჩემი ლექსების პატარა კრებული "მსოფლიო გრგვინვაში", რომელიც გამოხატავდა პირველი მსოფლიო იმპერიალისტური ომის დროის განწყობილებას. ეს წიგნები გორში, ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მქონდა გაგზავნილი გასაყიდად და შემოსავლის ასაკრებად გორს გავემგზავრე. სწორედ ამ დროს მოვიდა იქ ჯიღაურის გუნდი გიორგი იორდანიშვილის წინამძღოლობით. კონცერტი გორის საქალაქო თეატრში ჩაატარეს და შემდეგ ხაშურში წავიდნენ. ზესტაფონამდე თითქმის ერთად ვიმგზავრეთ, მაგრამ არც იმათ გაუციათ ჩემთვის ხმა და არც მე - სხვადასხვა ვაგონში ვისხედით. მე ჩემს საქმეზე მივდიოდი, ისინი თავიანთ საქმეს მისდევდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდოდა მათთან შეხვედრა, მაგრამ, სადაც კი ჩამოველ სადგურში, ყველგან ისინი დამხვდნენ. ასე ვიმგზავრეთ და მხოლოდ სამტრედიაში დავშორდით ერთმანეთს.

      მათ მოევლოთ მთელი დასავლეთი საქართველო, სადაც თურმე არაჩვეულებრივი აღტაცებით, სიყვარულით და პატივისცემით შეხვდნენ. არც ერთი გროში თავიანთი არ დახარჯვიათ არც ბინისა, არც საჭმლისა. ყველგან ეპატიჟებოდნენ, ასმევდნენ, აქეიფებდნენ და კონცერტებიც თავისი გზით მიდიოდა.

      სამტრედიიდან დავბრუნდი თბილისს. ჩემი წიგნებიდან სამასი მანეთი შევაგროვე, რაც მაშინ დიდი თანხა იყო ჩემთვის და დამშვიდებული ვიყავ. ვფიქრობდი ახალ საქმეზე, რომ უეცრად მოვარდა ჩემთან გიორგი იორდანიშვილი და შემომჩივლა:

  - კაცო, რა ყოფილან ეგ შენი გლეხები?!

  - რა იყო, ბიჭო? – ვკითხე მე.

  - რაღა რა იყო, ფულის მოპარვა დამაბრალეს, მცემეს და გამომაგდეს.

  - კოლა ერისთავი?

  - ის უფრო ადრე ჩამოშორდა. ახლა აქ არის. არც იმას მისცეს ფული. საწყალმა კაცმა ხარჯი გასწია: აფიშები იმისი ფულით დავბეჭდე, გზის ფული იმან გადაიხადა, სასმელი-საჭმელი სამტრედიამდე იმისი იყო და, როცა დანახარჯი მოითხოვა, უარი უთხრეს, არაფერსაც არ მოგცემთო და შერცხვენილი კაცი უკან დაბრუნდა. მე სამტრედიიდან გამომისტუმრეს.

  - ნათქვამია, ბოროტი კაცი აღდგომასაც ბოროტიაო. ეს ხალხი აღმოსავლეთშიც საზიზღრები იყვნენ და დასავლეთშიც იმად დარჩენილან! - ამის მეტი არაფერი სანუგეშო სათქმელი აღარა მქონდა იორდანიშვილთან.

      რამდენიმე კვირის შემდეგ, კიდევ უცნაური ამბავი მოხდა. დასავლეთ საქართველოდან დაბრუნებული გუნდი მიხა ჯიღაურისა მთლიანად მოვიდა ჩემთან და შემომჩივლა, თუ გიორგი იორდანიშვილმა როგორ ჩაიჯიბა მათი ფულები, რისთვისაც, - დაიკვეხეს, - კარგა მივბეგვეთო.

  - ცრუობთ, უსინდისოებო! - ვუთხარი მე, – იმანაც ისე ჩაიჯიბა თქვენი ფულები, როგორც მე. კოლა ერისთავმაც ჩაიჯიბა? თქვენ თვითონა ხართ ქურდებიც, მტაცებლებიც და უსინდისოებიც!

      ყველანი გაიკმინდნენ.

  - რიღასთვის მოხვედით ჩემთან? - ვკითხე გაბრაზებით.

  - ისე, შენი ნახვა მოგვინდა... შენ მაინც ჩვენი ხარ.

  - ღმერთმა დაგწყევლოთ თქვენცა და თქვენად ყოფნაც! - ვუთხარი მათ და გაბრაზებულმა აქეთ-იქით დავიწყე სიარული ოთახში.

      დიდხანს ისხდნენ ჩუმად. არც მე ვიღებდი ხმას, არც - ისინი. ბოლოს ადგნენ, გამომემშვიდობნენ და წავიდნენ. გამიკვირდა და ვერ მივხვდი, თუ რისთვის მოვიდნენ ჩემთან. ვფიქრობ, იმისთვის შეიწუხეს თავი, რომ იცოდნენ, იორდანიშვილი ჩემთან მოვიდოდა, ყველაფერს გადმომცემდა და თავის გამართლება მოინდომეს იმაში, იორდანიშვილს "ქურდობისთვის" რომ ცემეს და უკაპეიკოდ გამოგზავნეს. მაგრამ ეს რაღად დასჭირდათ ჩემთან, მე რომელი სამართალი ვიყავი მათთვის? – ვერ გავიგე.

      თბილისში უმოქმედოდ ყოფნამ მოქმედებისა და საქმიანობის აზრზე მომიყვანა. ჩემს თავში ისევ მომღერლები და სიმღერები ტრიალებდნენ. მართლაც და ეს ისეთი ეპოქა იყო, რომ ამის მეტზე აღარა ფიქრობდა კაცი.

      მომღერალთა ოლიმპიადამ ყველა აამღერა. მეც ისევ სიმღერა მომინდა. ჩაველ გურჯაანში, გურჯაანიდან თელავში, თელავიდან გრემში, გრემიდან შილდაში და ვინახულე ჩემი მოძულებული დედას ლევანა. მას ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა და მისაყვედურა, რომ დავივიწყე.

      მოიყარეს ხელად თავი მომღერლებმა. მიმღერეს, თავი მომაწონეს და ჩემში ისევ გააღვიძეს გუნდის ხელმძღვანელობის სურვილი.

      შევადგინე მათგან ახალი გუნდი. გრემიდან შილდაში გადმოვიყვანე მიხა ავგაროზიშვილი. ავარჩიე კიდევ რვა კაცი, გავყავ ორპირად: ერთ მხარეს დედას ლევანა სამი კაცით, მეორე მხარეს - მიხა ავგაროზიშვილი, ისიც სამი კაცით, და შევკარით პირობა, მოგვევლო კახეთი.

      მიხა ჯიღაურზე გაჯავრებული მე ამათ პირობის ქაღალდში მკაცრად მოვექეცი. მას უწიგნობის გამო, დედას ლევანასა და მიხა ავგაროზიშვილის მაგიერ, ხელს სხვები აწერენ (ს. აღნიაშვილი და გიორგი გურასპაშვილი)

      პირობის დადების შემდეგ დავბრუნდი თბილისს. დავბეჭდე აფიშები და, სადაც მივიდოდით, ერთ-ორ აფიშას გავაკრავდით ხოლმე. ეს საკმარისი იყო, რომ თეატრი თუ კლუბი ხალხით გაჭედილიყო.

      პირველი კონცერტი გავმართეთ თვით სოფელ შილდაში. ბილეთები რომ აღარ ეყო ხალხს, მოლარე ქალი გააქციეს. მერე კარები შემოამტვრიეს... თეატრი ისე იყო გაჭედილი, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ხალხი სკამებზეც ისხდა, ფეხზეც იდგა და ფანჯრებიც გამოჩურთული იყო მათით.

      გაიმართა კონცერტი და, იცით, როგორი კონცერტი?!

      პირველი სიმღერა დედას ლევანამა თქვა "კახური მრავალჟამიერი". მან რომ გაათავა, უცბად გაისმა იგივე "მრავალჟამიერი" დარბაზის რომელიღაც კუთხეში. მას მეორე კუთხემ უპასუხა, შემდეგ - მესამემ და მეოთხედ ისევ ჩვენ დაგვითმეს. ერთი სიტყვით, ხუთი თუ ექვსი გუნდი აღმოჩნდა დარბაზში. დარბაზსა და სცენას შორის გაიმართა შეჯიბრი და მე, არამც თუ მწყინდა ეს ამბავი, სიხარულისგან ცაში მქონდა მიბჯენილი თავი. სცენიდან ვუკვეთავდი დარბაზს სიმღერებს, დარბაზი კიდევ დედას ლევანასა და მიხა ავგაროზიშვილს სთხოვდა ამა თუ იმ სიმღერის შესრულებას. მოკლედ, ეს საღამო წარმოადგენდა დღეობას, ღამის თევას და მართლაც გავათენეთ კიდეც. სანამ კარგა არ გათენდა, ხალხი არ დაიშალა.

      გათენებისას ცოტა ხანს გავედი გარეთ (თუმცა ფარდა საერთოდ არ ჩამოშვებულა). გავედი გარეთ, თეატრის პირდაპირ ძნის ურმები იდგა. ვიკითხე, რათა დგა ეს ურმები აქა-მეთქი და მიპასუხეს, მეურმეები თეატრში შემოვიდნენო.

      ამ ღამის თევამ შესანიშნავად ჩაიარა. მხოლოდ ერთი პატარა უსიამოვნება აქაც მოხდა: პირველად რომ ფარდა აიხადა, სცენაზე ამოცვივდნენ შეიარაღებული მილიციელები თავისი უფროსით და მკითხეს:

  - ვინა ხარ შენ?

      მე ავუხსენ ჩემი ვინაობა.

  - ვინ მოგცა აქ საღამოს გამართვის ნება?

  - თბილისის ხელოვნების მთავარმა კომიტეტმა.

  - მერე რატომ ჩვენ არ შეგვატყობინე?

  - მაგაში დამნაშავე ვარ, ვერ მოვიქეცი წესიერად. თუ მაპატიებთ, კარგი იქნება.

      აქ ტონს დაუწიეს და ბოდიშივით მითხრეს:

  - ცუდი კი არ არის ამისთანა საღამოს გამართვა, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვატყობინო, რადგანაც ათასი ანტისაბჭოთა ელემენტი დაძვრება ქვეყნად, რისთვისაც საჭიროა სიფრთხილე.

      მე ბოდიში მოვიხადე უნებლიე შეცდომისათვის და შემდეგ ვთხოვე, წესრიგი დაეცვათ ხალხში. მართლაც, უფროსმა განკარგულება გასცა და ხალხით გაჭედილ თეატრში, უბრალო ლაპარაკიც არ ატეხილა.

      მზის ამოსვლისას ისევ წყნარად, მშვიდად და სიმღერით დაიშალა ხალხი. მეორე დღეს შილდაში გაგვიმართეს ქეიფი და მესამე დღეს შილდიდან პირდაპირ გავედით გურჯაანში, გურჯაანიდან - მაჩხაანში, მაჩხაანიდან - ანაგაში, ანაგიდან - კარდანახში, კარდანახიდან - ველისციხეში, ველისციხიდან - წინანდალში და... წინანდალში დედას ლევანას უცბად მოაგონდა შილდა, თავისი ქოხი, ბებერი დედაკაცი, ამოიღუვლა გოჭივით და გაუდგა შილდის გზას. თელავში აღარ წამოგვყვა.

      სხვებმაც ბანი მისცეს მას.

      მე, თუმცა პირობაში ერთი მესამედი მერგებოდა წმინდა შემოსავლისა, მეოთხედი დავიტოვე და სამი მეოთხედი მათ გავუყავი. მერე ერთადა ვჭამეთ კიდევ პური, ბოლოს ერთმანეთი დავკოცნეთ და ისე გამოვემშვიდობეთ ერთმანეთსა. ამის შემდეგ მე ისინი აღარასოდეს აღარ მინახავს.


დაირით ხელში ფთხენელა (სანდრო მჭედლიშვილი), მეორე რიგში მარცხნიდან პირველი შაქრო მჭედლიშვილი (თავთხე)

      ეს ის დრო იყო, როცა კახეთის რკინიგზის სადგურებთან, მთელი შიდა კახეთის გაყოლება, საზამთროს ზვინები იდგა ქალაქში წამოსაღებად. ამავე ზაფხულს იყო, რომ ოთხი თვის განმავლობაში წვეთი არ ჩამოვარდა მთელს აღმოსავლეთ საქართველოში და ქვეყნად ჯანღივით იდგა მტვერი. წინანდლიდან დავბრუნდი თბილისს.

      ოქტომბერში ჩემთან მოსულიყო მიხა ჯიღაურის გუნდის წევრი სანდრო მჭედლიშვილი (მას მეტსახელად ფთხენელას ეძახდნენ - ისიც ჩემი განაყოფია). შინ რომ არ დავხვდი, ამბავი დაეგდო, ძალიან გვინდა იოსების ნახვა და უთხარით, ჩვენ მოსვლაზე ნუ გაჯავრდებაო. თანაც ელაპარაკნა ჩემი ოჯახის წევრებთან: ძალიან ცუდად მოვექეცით, ეხლა მოვედით ჭკვაზე და ამის შემდეგ ასეთი რამე აღარ მოხდებაო.

      მეორედ მოსულიყო ჩემთან ვანო მჭედლიშვილი, ესეც ჩემი განაყოფია. იმასაც არ დავხვდი შინა და მასაც სწორედ ასეთი ამბავი დაეტოვებინა. ვანო მჭედლიშვილი ახალგაზრდა ბიჭი იყო ოცდასამი წლისა. ეს ის ვანოა, რომელსაც ყურადღება მიაქცია გაზეთ "კომუნისტში" კოტე მეღვინეთუხუცესმა. მან ჩემსობაში წერა-კითხვა შეისწავლა, მიიხედ-მოიხედა, ხალხში გავიდა და, როგორც ნიჭიერმა მომღერალმა, სიმღერების სწავლებაც დაიწყო, ისე, რომ მას უკვე შეეძლო ნამდვილი ხელმძღვანელობა გაეწია გუნდისთვის. პირველად მას არ შეეძლო, მაგრამ, რაკი გამოიწვრთნა, უკვე იგრძნობოდა, რომ ამ გუნდში ვანოს მეტს არავის შეეძლო უფროსობა.

      ვანო, მიხა ჯიღაურის მეორე მოძახილი, მეტად ნიჭიერი მომღერალი იყო, მაგრამ მას ვერ შეედრებოდა - ჯიღაურობა არავის შეეძლო, ამიტომ რა სინდისი მომცემდა ნებას, ფულის განაწილების დროს, მისთვის მეტი არ მიმეცა. წარსულში ამაზე იყო მთელი დავიდარაბა. თუ ჯიღაურს მეტს მისცემ, ჩვენ ხმას აღარ ამოვიღებთო. მართლაც, ბევრჯერ ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს, რომ კინაღამ შევრცხვი: ერთ კლუბში იმღერეს, მეორეში რომ მივედით, უარი თქვეს, რაკი ჯიღაურს მეტს აძლევ, დეე, მარტო მაგან იმღეროსო. ამის შემდეგ იძულებული გავხდი, ჩემი საკუთარი ჯიბიდან, ისიც ჩუმად, მისთვის ფული მეძლია. ესეც გამიგეს და წინადადება მომცეს: თუ გინდა ჩვენ შენთან ვიყვნეთ, მაგას მეტს ნუ მისცემო.

      როცა გურულები და კახელები ერთად მყავდა, ჯიღაურის გუნდს არც გურულები ეპიტნავებოდა, არც - მესტვირე: ეგენი წილში გვიდგანან, მარტონი რომ ვიქნებით, უფრო მეტ-მეტი შეგვხვდებაო. როცა ამაზე დავა ამიტეხეს, გურულებმა დაუთმეს, თქვენთვის დაგვითმია მთლად შემოსავალი, ოღონდ მაგაზე ნუ ილაპარაკებთო. რამდენჯერ მესტვირისათვის არ მიმაცემინეს ფული და იძულებული ვიყავ, ისევ ჩემი ჯიბიდან ჩუმად გამესტუმრებინა. მესტვირესთან რომ გაუვიდათ, უფრო გათამამდნენ და გურულებს განუცხადეს: თუ გინდათ სულ მუქთადა გვდიეთ კლუბებშიო. ამას მიხამაც დაუჭირა მხარი, იმ მიხამ, რომელსაც ჩუმად ვუხდიდი ჩემი ჯიბიდან.

      ეს ვეღარ მოვითმინე, გავლანძღე ისინი და გავრეკე სოფელში. აქ მიხამ მარტო ჩამიგდო ხელში და ბოდიში მოიხადა, მოინანია ცოდვა, მაგრამ ეს იმიტომ კი არა ქნა, მართლა შეიგნო რამე, არამედ იმიტომ, რომ შემდეგში ჩემი ჯიბიდან ზედმეტად ფულს აღარ მივცემდი. ამიტომ მისი ბოდიში არც მეწითლა და არც მემწვანა.

      პირქუშად გამოვემშვიდობე და ვუთხარ:

  - ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

      ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე, 1929 წლის თებერვალში, როცა მე ოპერის თეატრში საქმეთა მმართველად ვმსახურობდი, ჩვენი ცნობილი საზოგადო მოღვაწის და დრამატურგის ("პაატა ბატონიშვილის" ავტორის) დავით ნახუცრიშვილისაგან მომივიდა წერილი.

      ნახუცრიშვილი მაშინ სახელმწიფო კონსერვატორიაში მსახურობდა და მწერდა, კონსერვატორიის პრორექტორს რაისას (გვარი დამავიწყდა, ქუთათელაძე მგონი) შენთან მოლაპარაკება უნდა და დღეს საჩქაროდ თორმეტ საათზე კონსერვატორიაში ამოდიო.

      თხოვნისამებრ ავედი დავით ნახუცრიშვილთან. მან მაშინვე წამიყვანა რაისა ქუთათელაძესთან.

      რაისამ მეტად თავაზიანად და პატივისცემით მიმიღო თავის კაბინეტში და მთხოვა, შემეკრიბა კახურ-გურული მომღერლების გუნდი, რომელიც უკვე ენახა და მოესმინა:

  - ჩვენ დიდ დახმარებას გაგიწევთ, თუ თქვენ გურულ-კახელების გუნდს, მოსკოვს წაიყვანთ, რადგან იქიდან ეთნოგრაფიულ გუნდებს გვთხოვენ. საამისოდ მისწრება არის თქვენი კახელებისა და გურულების გუნდები. ხარჯებს ჩვენ ვკისრულობთ: ხუთას მანეთს მოგცემთ, ხუთასს - ხელოვნების მთავარი კომიტეტი და გზა იქით-აქეთ მუქთი გექნებათ.

      რას არ დავთანხმდებოდი! პირდაპირ ცას ვეწიე. საქართველოს საზღვრები გადავლახე ჩემი ხალხურ-ეროვნული სიმღერებით და ამისთვის დავიზარებდი რამეს?!

      ქუთათელაძემ მიმიწერა ხელოვნების მთავარ კომიტეტში: ჩვენ შეთანხმებული ვართ იოსებ მჭედლიშვილთან და ყოველგვარი დახმარება გაუწიეთ, რათა იგი მოსკოვისათვის მოემზადოს და ამის შესახებ მიწერ-მოწერა იქონიეთო.

      ხელოვნების მთავარ კომიტეტში უგულოდ და უხალისოდ მიმიღეს. მიმართვაც რაღაც პირის აპრუწვით გადადეს იქით და, როცა პასუხი მოვთხოვე, მითხრეს - ჩვენ თვითონ შეგატყობინებთო.

      მე უკანვე აველ კონსერვატორიაში, ავუხსენ მათგან ჩემი გულცივად მიღება და პრორექტორის მიწერილობის უგულებელყოფა. ორივენი შეწუხდნენ.

  - პირველად იმათ მოითხოვეს და ახლა უარს ამბობენ, - ცხარობდა დათიკო.

  - ალბათ ჩემი გაგზავნა არ უნდათ, - დავასკვენ მე და იმათაც ამ დასკვნაზე არც არა თქვეს, არც ჰო, თითქოს თანხმობას ნიშნავსო.

      მეორე თუ მესამე დღეს კიდევ შევიარე კონსერვატორიაში და დათიკომ მითხრა: მართალია, სიტყვიერად იმას იმიზეზებენ, თითქოს ფული არა აქვთ, სინამდვილეში კი შენი ხელმძღვანელობით არ უნდათ გუნდების გაგზავნაო.

      ასე ჩაიშალა ჩემი მოსკოვს გამგზავრების საქმე ჩემი მომღერალი გუნდებით.

      ოლიმპიადის შემდეგ, 1929 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში, რუსთაველის პროსპექტზე შემხვდა ხელოვნების მთავარი კომიტეტის მუსიკალური ნაწილის გამგე აკაკი ფაღავა და მითხრა: დღეს ჩემთან შემოიარე, დიდი და სერიოზული საქმე გვაქვს, - შენი და შენი გუნდის გაგზავნა გვინდა მოსკოვსო.

      ჩვეულებრივ, დროზე მივედი. აკაკიმ მითხრა:

  - მოსკოვიდან ასეთი შინაარსის დეპეშა მოგვივიდა, შემდეგ ამოიღო და წამიკითხა: "Пришлить грузинского народного хора поэта Ио- сифа Мчедлишвили с участием народного певца Дедас Левана".

      მე გამიკვირდა: ან საიდან მოიგონეს მჭედლიშვილის გუნდი ან კიდევ დედას ლევანა.

      ამაზე აკაკიმ მითხრა:

  - შენ რაში გეკითხება, ჩვენ კი გაგგზავნით მოსკოვს და თქვენ საიდანაც გინდათ, იქიდან იყავით მოგონილიო.

      წავედი სოფელში. შევკრიბე გუნდი. შევიპირე და შევაკავშირე გურულებიც, მესტვირეც დავიბევე. ბიჭია იმჟამად ილიკო ქურხულს წაეყვანა დასავლეთ საქართველოში და იოსება მესტვირეს შევუთანხმდი. ყველაფერი მოვამზადე და სრულიად დაიმედებული მიველ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, სადაც გადმომცეს: მოსკოვს გზავნიან კირილე პაჭკორიას თავისი გუნდით და მასთან იქნებიან ჯიღაურიც და გურულებიცო.

      როცა გაწბილებული მიველ აკაკი ფაღავასთან და ვკითხე, ეს რაღა საქმეა-მეთქი, მან მიპასუხა:

  - ასე კია და რად არის, არ ვიციო.

      პაჭკორიას გუნდი წავიდა მოსკოვს. ორი კაცი წაიყვანა ჯიღაურის გუნდიდან: მიხა ჯიღაური და ვანო მჭედლიშვილი. გურულ სიმღერებს მისი გუნდის წევრებიც ასრულებდნენ და ასე დაკმაყოფილდა მოსკოვის თხოვნა.

      ორი თვის შემდეგ დაბრუნდნენ უკან.

      ჩამოსვლისთანავე ჩემთან მოვიდა მიხა ჯიღაური და კინაღამ იტირა. შემომჩივლა, როგორ დაჩაგრა პაჭკორიამ. მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ ამღერა. მას არ აჩენდა, მალავდა, სულ უკან ჰყავდა მიგდებული. კონცერტზე, რომელსაც სტალინი დაესწრო, მხოლოდ "ოროველა" ამღერა. აი, თურმე ამ "ოროველამ" გაახსენა ამხანაგ სტალინს ქართლ-კახეთის სიმღერების სიტკბო და თქვა, - რატომ ქართლ-კახეთის გუნდი არ არსებობსო, - და დაფიქრდა: კაცო, მე მახსოვს ჩემს დროს ჩემი ამხანაგი სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა ქართლ-კახეთის გუნდსა და, თუ ის კაცი სადმე ცოცხალია, მიანდეთ ასეთი გუნდის შედგენაო.

      პაჭკორიაზე გაბრაზებულმა მიხა ჯიღაურმა მოიხადა ქუდი და ჩემ წინ დაახეთქა - მე მაგასთან წამსვლელი აღარა ვარ, ისევ შენ უნდა მიპატრონოო.

      ვეღარ მოვიშორე, ისევ ჩემთან დაიწყეს სიარული. ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოში მთლიანი კოლექტივიზაცია ტარდებოდა. მოსკოვიდან ჩამოსული ჯიღაური მიიწვიეს ქალაქის საბჭოში, სადაც კონცერტი უნდა გაემართა.

      ამოვარდა ჩემთან ჯიღაური და შემეხვეწა: თუ შენ არ წამოხვალ, დავიღუპებით, უშენოდ გასვლა სამღერლად არ შეგვიძლიანო. მოვიდნენ მისი თანამომღერლებიც და დაიჩოქეს:

  - ფიცს გაძლევთ, რომ შენ აღარასოდეს გაწყენინებთ, არც გადაგიდგებით და აღარსად შეგარცხვენთ, ჩვენ უკვე მივხვდით ჩვენს სიბნელეს და ჩვენს შეცდომებს, შენ იყავ ჩვენი თავი და ბოლოც ისევ შენ იყავიო.

      კიდე ვიკისრე მათი ხელმძღვანელობა.

      ქალაქის საბჭოს დარბაზი გაჭედილი იყო. კოლექტივიზაციის სხდომის შემდეგ დაიწყო კონცერტი. ჩვენმა ესტრადაზე გამოჩენამ მქუხარე ტაში გამოიწვია.

      მე პატარა სიტყვით მივმართე ქალაქის საბჭოს:

      ეს გლეხები ახალ სიმღერებს არა მღერიან, ესენი ოთხი ათასი წლის წინაც ასე მღეროდნენ, სამოცდაათი წლის წინაც და ახლაც ისევე იმღერებენ...

      ვთქვი და მიხას ნიშანი მივეცი, "ჩაკრულო" ეთქვა შემდეგი ლექსით:

მუხრან-ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
ვერც დეკეული გავხედნე,
ვერც კალო ვლეწე მოზვრითა.

      როცა მიხამ გაათავა, ვიღაცა გამოვიდა და გრძელი სიტყვა თქვა ჩემ წინააღმდეგ. არ ვიცი, ისეთი რა ვთქვი, რომ მას მასალა მიეცა ჩემ საწინააღმდეგოდ. სიტყვა რომ გაათავა, ტაში არავინ დაუკრა, მე კი მისი სიტყვის საპასუხოდ გლეხები შემდეგი ლექსით ვამღერე:

ხმალო, ხევსურეთს ნაგდებო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ირაკლიმ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
ხმალი სჭრის ბაგრატიონის
ნეფისა ირაკლისაო,
აჯობა თავის მამასა,
სანამ იცვლიდა კბილსაო.
ისე გამოსდევს დაღესტანს,
როგორც აფთარი ტყისაო.
აქათ მობრუნდი, გულუარ,
საქმე სჭრის დაღესტნისაო,
შენი გულუარ მოგიკვდეს,
თუ არ მოგჭამდეს ჭირსაო,
ლეკსა გადაჰკრა ხანჯალი,
შაშვივით აღებს პირსაო.

      ამ სიმღერაზე უფრო მეტი ტაში დაჰკრეს, თან იცინოდნენ. შემდეგი სიმღერა ვაჭარზე იყო:

ცერ-ცერ მორბოდა კურდღელი,
ფეხმოტეხილი, საწყალი -
ზურგზე ეკიდა საგზალი,
თუნგ-ნახევარი მაჭარი,
სომეხმა თქვა თუ: შავყროდი,
მე ვიყავ მისი ვაჭარი.

      ამან უფრო მეტი ტაში გამოიწვია. შემდეგ იმღერეს:

მოდი, მოუსვი კუდსაო,
ბატონი მოგცემს პურსაო,
მოგცემს და ისევ წაგართმევს,
ნუ დაგაკლდება გულსაო.

ამან ძალიან გაამხიარულა საზოგადოება და ხანგრძლივი ტაშით მოითხოვეს ახალი სიმღერა.

მიხამაც თხოვნა აუსრულა და დაიწყო:

მიშველე, მიქელ-გაბრიელ,
ეშმაკმა არ მიმტყუნოსო,
არ ჩამიტყუოს ჯოჯოხეთს,
კარი არ მომიხუროსო.

      და სხვა...

      ტაშმა იქუხა. ეს სიმღერა მიხამ ისე იმღერა - ყელგადაგდებით, თითქო იგი მართლა ეშმაკმა ჩაიტყუა ჯოჯოხეთში და მიქელ-გაბრიელს შველასა სთხოვსო.

      საღამო დასრულდა და ამ ღამესვე გავისტუმრე გუნდი კახეთში.

      აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, ჩემი ფიქრით, 1932 თუ 1933 წელი - მკათათვე. მიხა ჯიღაური, ფთხენელა და ვანო მჭედლიშვილი ჩამოვიდნენ სოფლიდან. გამართეს ჩემთან მოლაპარაკება, - მეგობრობის აღდგენა სურდათ და მითხრეს: შენ მეტი აღარავინ გვინდა, გვიპატრონეო.

      ბევრი ხვეწნის შემდეგ გამოვიჩინე სულგრძელობა და დავთანხმდი. მინდოდა პირობა თვით მიხასთვის დამეწერინებინა და ხელიც მასვე მოეწერა, მაგრამ მან წერა არ იცოდა. მაშინ ფთხენელამ მითხრა: წავიდეთ პროფკავშირებში, იქ დავაბეჭდინოთ ქაღალდზე და ჩვენი ხელისმოწერაც ბეჭდის დასმით დავამტკიცებინოთო. ეს მართლა კარგი მოფიქრება იყო. უნდა წავსულიყავით კიდეც, მაგრამ ვთქვი:

  - იცი, მიხავ, თუ კაცს სინდისი არა აქვს, ათასი ბეჭედიც რომ დამისვას პირობაზე, მაინც დაარღვევს და ამიტომ არა ღირს პროფკავშირების შეწუხება.

      აღარ წავყევი პროფკავშირში. იმათ სიტყვასა და სინდისზე მივაგდე საქმე.

  - ჰო, მაშ! რა საჭიროა პირობა და ბეჭედი, პატიოსან სიტყვას გაძლევ, აღარაფერში გიღალატებ, - თქვა მიხამ, - ჩემი სახელით ილაპარაკე ყველგან, საცა საჭირო იყოს, ჩემი სახელით გააკეთე ჩვენი საქმე, ამის უფლებასა და ნებას გაძლევ. ეს იგრე გჯეროდეს, როგორც შენი თავის ნათქვამი, როგორც რა გითხრა...

      ვეღარ დაამთავრა მიხამა და მე დავასრულებინე:

  - მესმის, მესმის, მიხავ, და იცოდე, ეს ჩვენი ერთმანეთისადმი უკანასკნელი ფიციღა იქნება. თუ ეს ფიციც დაარღვიეთ, ვეღარასოდეს ვეღარ გაამთელებთ.

      მიხა და მისი თანამომღერლები სოფელში წავიდნენ.
მეორე დღეს მე დასავლეთში გუნდით მოგზაურობისათვის სამზადისს შევუდექი. საჭირო იყო ფული, ხალხთან მოლაპარაკება, აფიშები და სხვა. ამ საქმეებზე რომ დავდიოდი, რუსთაველზე კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი შემხვდა და მკითხა:

  - უწყება გამოგიგზავნა მუშათა და გლეხთა ინსპექციამ, არ მიიღე?

      გამიკვირდა:

  - რა უწყება?

  - მიხა ჯიღაურის გუნდის შესახებ, მის კუთვნილ თანხას რომ სხვები ჭამენ, მან კი არაფერი იცის.

კირილე პაჭკორიას გუნდი
ძუკუ ლოლუას სახელობის ეთნოგრაფიული გუნდი, ხელმძღვანელი კირილე პაჭკორია.
I რიგში სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): მეორე - მიხეილ კოროშინაძე, მესამე - ევგენი კოროშინაძე, მეოთხე - თეოფილე ლომთათიძე, მეხუთე - ერმალო სიხარულიძე
II რიგში: ვლადიმერ ბაბილუა, ალექსანდრე მახარაძე, კირილე პაჭკორია, მიხა ჯიღაური, ვლადიმერ ბერძენიშვილი
IV რიგში მეხუთე - ნოკო ხურცია, მეექვსე - ვანო მჭედლიშვილი

      უფრო მეტად გამიკვირდა.

      ყოველთვის, როცა მიხა ჯიღაურის გუნდის საქმე გაფუჭდებოდა, დაინგრეოდა, აიწეწ-დაიწეწებოდა, მის აღდგენა-გამოსწორებას მე მეკითხებოდნენ და მავალებდნენ, ხოლო, როცა აღვადგენდი, გავამაგრებდი და ფეხზე დავაყენებდი, მაშინვე ჩამომაყენებდნენ ხოლმე.

  - რა მოხდა? - ვკითხე კოტეს.

      პაჭკორიას ცხრა ათასი (9 000) აუღია მიხა ჯიღაურისა და მახარაძის გუნდების სახელით. მახარაძე უჩივის, არაფერი მოუცია. ჩანს, არც ჯიღაურს მისცემდა.

      შინ რომ მივედი, მართლა დამხვდა უწყება - მუშათა და გლეხთა ინსპექცია შევლას მთხოვდა (სამწუხაროდ, ეს უწყება დაიკარგა).

      მეორე დღესვე გავუგზავნე კაცი მიხა ჯიღაურს - მარტო ჩამოსულიყო თბილისში.

      მესამე დღეს ჩამოვიდა.

      ავუხსენი ვითარება, მან მითხრა:

  - მე რაღას მიბარებდი, ხომ გითხარ, ყველგან ჩემი სახელით ილაპარაკე-მეთქი. წადი, კაცო, მოითხოვეთ ეგ ფული და გამღლეტელა დასაჯეთ. არ იცოდი, რომ მე თანახმა ვიქნებოდი? ხვალვე უნდა წავიდე სოფელში, ყანა მაქვს მოსამკალიო.

      უჯიღაუროდ წავედი ინსპექციაში, მით უმეტეს, უწყება ჩემს სახელზე იყო.

      როგორც იყო შევიკრიბეთ მუშათა და გლეხთა ინსპექციის ერთერთ კაბინეტში.

      ბოლოს გაიხსნა კრება...

      მომხსენებელმა კოტე ფოცხვერაშვილმა მუშგლეხინს გააცნო ჩვენი იქ შეკრების მიზეზი და განაცხადა:

  - კირილე პაჭკორიას გუნდი არა ეთნოგრაფიული, არამედ, როგორც რუსულად იტყვიან, "პერეპევკის" გუნდია. ნამდვილი ეთნოგრაფიული ჯიღაურის, მახარაძისა და თარხნიშვილების გუნდებია. ამიტომ, თუ არაეთნოგრაფიულ გუნდს პაჭკორიას ხელმძღვანელობით, ამასთანავე მხოლოდ სამეგრელოს ხმების გამომხატველს, ეკუთვნის სახელმწიფო დოტაცია, ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ეთნოგრაფიულ გუნდებსაც უეჭველად უნდა მიეცეს. აქ კი ჩვენ ვხედავთ აშკარა დარღვევას საბჭოთა წესისას: არაეთნოგრაფიული გუნდი იღებს დოტაციას ეთნოგრაფიულის სახელით, ნამდვილი ეთნოგრაფიული ქართლ-კახეთის გუნდები, რომელთა ტერიტორიაზედაც არის თბილისი, არაფერს.

      ჯიღაურისა და მახარაძის გუნდების სახელით აუღია პაჭკორიას ცხრაას ორმოცდაათი (950) თუმანი და ექვსი თვის განმავლობაში არაფერი მიუცია მათთვის. ამისი დოკუმენტები ხელთა მაქვს და შეგიძლიათ, გასინჯოთ.

      ატყდა ლაპარაკი, მითქმა-მოთქმა. რა აღარ უწოდეს პაჭკორიას.

      მეც ხმა ავიმაღლე და, მიხა ჯიღაურის სახელით, კრებას მოვახსენე: მიხას არამცთუ რამე მიუღია პაჭკორიასაგან, არც კი იცის, მისგან ფული თუ ერგება.

      დიდი დავა-კამათის შემდეგ კრებამ დაადგინა: ეთხოვოს მუშგლეხინს, ან მიეცეს კუთვნილი თანხა ჯიღაურისა და მახარაძის გუნდებს, ან მოეთხოვოს პაჭკორიას შეჭმული ფულის ხაზინისთვის დაბრუნება.

      მეორე დღეს შევიარე ხელოვნების მთავარ კომიტეტში იმის გასაგებად, თუ როგორ მოიქცეოდა იგი: ჩვენც მოგვცემდა კუთვნილ ფულს, თუ პაჭკორიას მოსთხოვდა შეჭმულის დაბრუნებას. კომიტეტში შემხვდა ალექსანდრე მახარაძე და მითხრა:

  - გუშინ ჩვენ რომ იქ ვიცავდით მიხა ჯიღაურის ინტერესს, ის პაჭკორიას სადღაც უპოვნია, ათი თუმანი მიუცია და ხელწერილი ჩამოურთმევია, რომ მისგან მუდამ იღებს კუთვნილ ნაწილს გუნდში დასარიგებლად.

      მე ისე გავკვირდი, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე.

      ალექსანდრემ განაგრძო: პაჭკორიას აქ მოუტანია მიხას ხელწერილი და უთქვამს: იოსებ მჭედლიშვილს რა უფლება აქვს მიხას სახელით ლაპარაკისა, როდესაც ჯიღაურთან ხელშეკრულება დავდე და თავის ნაწილსაც მუდამ დროზე იღებსო.

      უსიტყვოდ დავბრუნდი უკან.

      ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. მიხას აღარა ვხვდებოდი, რადგან მრცხვენოდა, მის მაგიერ მრცხვენოდა. არც ისა მხვდებოდა, ალბათ ისიც განგებ მერიდებოდა.

      იმ ზაფხულს კირილე პაჭკორიამ წაიყვანა ჯიღაურის გუნდი (მიხა, სანდრო, ვანო - მხოლოდ სამი კაცი) დასავლეთ საქართველოში. ორი თვის შემდეგ იქიდან რომ დაბრუნდნენ, როგორც ყოველთვის ხდებოდა, მიხამ ჩემთან აღარ შემოიარა. მხოლოდ ვანო და ფთხენელა გამოეგზავნა. მათ შემომჩივლეს: მაგ პაჭკორიამ გვაწამა და წაგვახდინა. ჯერ ერთი, სამმა კახელმა რა სიმღერა უნდა თქვას, ყველგან არ გვამღერებდა, ზოგან სულ არ გამოვსულვართ, ზოგან ერთ-ორ სიმღერას გვათქმევინებდა, იმასაც ვაი-ვაგლახით.

      მათი ჩივილი მდუმარედ და გულგრილად მოვისმინე, არც პასუხი გამიცია, არც რამე მიკითხავს. მიმიხვდნენ, რომ მათი ჭირი ჩემთვის ღობეს ჩხირი იყო (მათ ასე ეგონათ), ადგნენ და გამომემშვიდობნენ.

      ამის შემდეგ მინდოდა, სულ თავი გამენებებინა მათთვის, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ღვიოდა ქართული ხალხური სიმღერებისადმი ძლიერი, თავგანწირული სიყვარული, რომელიც უხმოდ მწვავდა და სანთლის ცვილსავით მადნობდა. ამიტომ იძულებული ვიყავი, ისინი არც გამელანძღა, არც მკაცრად მოვქცეოდი და არც მეთქვა: დღეის იქით თქვენსა და ჩემ შორის საერთო აღარაფერია, ჩამომშორდით-მეთქი.

      ეს სიტყვები გაუნძრევლად ისხდნენ ჩემს გულში იმ სიყვარულის გვერდით, რომელიც მტანჯავდა, მწვავდა, მწიწკნიდა... ისხდნენ ჩუმად, პირმოკუმულად. განა სულ ერთი არ იყო, მე ვუხელმძღვანელებდი ჯიღაურის გუნდს თუ კირილე პაჭკორია? იქნებ ესეც არასაკადრისია ჩემი მხრივ: პოეტი ვიყავ და ლოტბარობასაც ვეჭიდებოდი! იქნებ დანაშაულიც მიმიძღვის იმაში, რომ მიხას პირდაპირ არ ვუთხარი: წადი, ეგ ჩემი საქმე არ არის და კირილე პაჭკორიამ გილოტბაროს-მეთქი? განა სულერთი არ იყო, მათი ხელმძღვანელი მე ვიქნებოდი თუ ის?... არა, სულერთი არ იყო! უფრო მეტსაც ვიტყვი: დამნაშავე ვარ, რომ ჩემი შექმნილი გუნდი ხელიდან გავუშვი, თუმცა ეს ჩემი ბრალი სრულებით არ იყო: კირილე პაჭკორიას რომ გუნდი გაეუმჯობესებინა, მათთვის მივიწყებული სიმღერებიც გაეხსენებინა, რეპერტუარი გაევსო - გაეფართოებინა, უკეთესად ემღერებინა, მართებული შენიშვნებით გაეწმინდა ზოგიერთი დამახინჯებული სიმღერა და კუთხური შოვინიზმი არ გამოეჩინა – მე გამიხარდებოდა, დავტკბებოდი მათი სიმღერების მოსმენით, პაჭკორიასაც შევიყვარებდი, ვიტყოდი: ეროვნული საქმე საიმედო კაცის ხელშია-მეთქი.

      ჯიღაურის გუნდმა ორმოცზე მეტი სიმღერა იცოდა და კირილე პაჭკორიამ კი ის ერთზე ჩამოიყვანა, ბოლოს სულაც მოსპო. რა იქნა "თოხნური", "ნადური", "მკის სიმღერა", "მაყრული", "ხეურო", "სუფრული", "ბერიკაცი ვარ", "ჩონგურო", "ღმერთო-ღმერთო", "შროშანავ, შეშა დაუდე", "თამარქალო", "ზემყრელო", "მხედრული", "ალილო", "ჭონა" და სხვა მრავალი?

      მახსოვს, როცა "ძლიერ სტიროდას" იტყოდნენ ხოლმე გლეხები, დარბაზი იცრემლებოდა ან "ცივწყარო ჩამოვიარე", ან "სოფელ ტირიან ქალები". აი, ამ სამი სიმღერის სიტყვები:

ძლიერ სტიროდა

ძლიერ სტიროდა.
რისთვის სტიროდა?
ქმარი მოუკლეს,
მისთვის სტიროდა.
ძლიერ სტიროდა.
რისთვის სტიროდა?
ობლები დარჩნენ,
მისთვის სტიროდა.
ძლიერ სტიროდა.
რისთვის სტიროდა?
ძლიერ სტიროდა!
ძლიერ სტიროდა!

სოფელ ტირიან ქალები

სოფელ ტირიან ქალები,
კარგი ვაჟკაცი კვდებაო.
ღმერთო, ნუ მოჰკლავ ვაჟკაცსა,
სოფელი გაფუჭდებაო.
იქნება მტერი მოადგეს,
წინ ვინღა დაუდგებაო?!

ცივწყარო ჩამოვიარე

ცივწყარო ჩამოვიარე,
ქალი დამიხვდა წყალზედა,
შველივით კისერმოღერილს
კოკა ეკიდა მხარზედა.
თავი ვთხოვე და არ მომცა,
ფიცხლავ გამიხტა განზედა:
შენ ჩემსა ქმარსა ვერ იცნობ,
სულ ხელი უდევ ხმალზედა -
დღისით მიხოცავს ნადირსა,
ღამე ვუწევარ მკლავზედა.

      მიუხედავად იმისა, რომ მიხა ჯიღაურმა ვერც თავისი თავი დააფასა, ვერც სხვა, ვერც მტერი იცნო, ვერც - მოყვარე, სულ უკუღმა წაიყვანა ჩემგან დაწყებული დიდი საქმე, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მე და შალვა ჭუმბურიძემ მაინც წვეულება გავუმართეთ და პენსიაც მოვუხერხეთ.

      რომელი წელი იყო აღარ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მიხაზე ძალიან გაჯავრებულიც ვიყავ და სულ ჩამოშორებულიც. ეს ჩემი უკანასკნელი და მტკიცე გადაწყვეტილება იყო. მაგრამ უეცრად რუსთაველის თეატრიდან მომივიდა წერილი: სანდრო ახმეტელი ქაღალდის ნაგლეჯზე მწერდა, ჩემთან ჩამოდიო

      ჩავედი და მითხრა: შენ ჯიღაურის გუნდი ისევ უნდა შეკრიბო და ჩვენს თეატრთან იყოლიო, ყოველგვარ ხარჯებს ჩვენ ვკისრულობთო. წადი ახლავე, აიღე სალაროდან ორასი თუმანი და გლეხებს ახალი, თავიანთებური ტანისამოსი შეუძინეო.

      ეს რაღაც ბრძანებასავით ამბავი იყო, იმნაირ ბრძანებასა ჰგავდა, რომელზეც ვერც ერთი ჯარისკაცი უარს ვერ იტყვის. უსიტყვოდ დავმორჩილდი. მაშინვე შევკრიბე გლეხები. ჩამოვიყვანე სოფლიდან რვა კაცი, წავიყვანე თერძთან, ილიკო მახარაძესთან, რომელმაც ორი ათას მანეთად თავიდან ფეხებამდე შემოსა ისინი.

      რუსთაველის თეატრის მბრძანებლობაში ვიყავით, ხოლო გუნდი მე მემორჩილებოდა, მე ვიყავ მისი ხელმძღვანელი. ყოველდღე კონცერტი გვქონდა რუსთაველის თეატრის სასადილოში. გლეხები ხან წავიდოდნენ სოფელში, ხან - ჩამოვიდოდნენ. როცა ჩამოვიდოდნენ, ყველანი პირდაპირ ჩემთან მოდიოდნენ.
ერთ დილას ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ჩემთან აღარ მოვიდნენ. მე არც ვიცოდი მათი ჩამოსვლის ამბავი, რუსთაველზე, თეატრის წინ, ფთხენელა დავინახე. ვკითხე: ჩემთან რატომ არ მოხვედით-მეთქი. ხეირიანად არც კი მომსალმებია, პირდაპირ ლანძღვა დაიწყო:

  - რა ვიცი, მიხა რაღაც წნელებსა ჰგრეხსო.

  - რა წნელებს?

  - ისევ პაჭკორიასთან მიდიან! – თქვა და სასწრაფოდ გამშორდა.

      მე მაშინვე შევედი სანდრო ახმეტელთან და ვკითხე: პაჭკორია გართმევს გუნდს-მეთქი?

      ახმეტელი რაღაცნაირად დაიღმაჭა და მითხრა:

  - იცი, იოსებ, მე მაგ კაცთან ბრძოლა და დავა არ შემიძლია, ამიტომ თავი გაანებე მაგ ჯიღაურის გუნდსაო. ამან ყველაფერზე მეტად გამაკვირვა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ კირილე პაჭკორია მაშინდელ სანდრო ახმეტელზე ძლიერი გამოდგებოდა.

      აქ სამუდამოდ ჩამოვშორდი მიხა ჯიღაურის გუნდს.

      ამის შემდეგ მოხდა ესეთი ამბავიც:

      ამხანაგმა სტალინმა, როგორც უკვე ზევით ვთქვი, გაიხსენა თურმე თავისი ძველი მეგობარი სანდრო კავსაძე და ისურვა: კარგი იქნება: ის კაცი თუ ცოცხალია, შეადგინოს ქართლ-კახეთის გუნდიო.

      სანდრო კავსაძემ გუნდის შედგენა თავის ვაჟებს მიანდო.

      აქაც დაილაპარაკა ჩემში არა მხოლოდ ეროვნულმა გრძნობამ, არამედ ჩვენი საყვარელი და სასახელო ბელადისადმი უაღრესმა პატივისცემამ; მოვისურვე როგორმე მის ყურამდე მიმეყვანა ჯიღაურის გუნდი და სანდრო კავსაძეს მივმართე:

  - სანდრო, როგორმე ეს ჩინებული გუნდი მარგალიტის თვალივით ჩასვი შენს მარგალიტივით გუნდში და ჩვენს ბელადს ნამდვილი ხალხური სიმღერა მოასმენინე.

      მან უარი თქვა.

      მაშინ ცეკას მივმართე. ცეკამ გასინჯვა მოითხოვა. გუნდი დავიბარე სოფლიდან, ჩავიყვანე მუსიკალური ხელოვნების სამმართველოში (მახარაძის ქუჩაზე) და ცეკას წევრებს მოვასმენინე საუკეთესო ნომრები, რომლებიც ძალიან მოეწონათ.

      ამ ჩემს გუნდს წინ ეჯდა დათაშკა კავსაძე (სანდროს ვაჟი) და ქაღალდზე რაღაცეებს ინიშნავდა.

      ცეკას წევრებმა გუნდი მთლიანად გადასცეს სანდრო კავსაძეს. მან გუნდი სამეცადინო დარბაზში შეიპატიჟა და გამოუცხადა:

  - თქვენ ჩემს გუნდში იმღერებთ, ხოლო იოსებ მჭედლიშვილი თვალით არ დამენახოსო.

      მე არც ვფიქრობდი თვალით დავენახე მას. მხოლოდ ის მიხაროდა, რომ მიხას სიმღერებს ამხანაგი სტალინი მოისმენდა.

      დაიწყეს მოსკოვისათვის მზადება.

      მაგრამ რა მომზადება უნდოდა მიხას გუნდს?

      ის-ის იყო მოახლოვდა დრო, როდესაც ისინი მოსკოვს უნდა გამგზავრებულიყვნენ, რომ უეცრად მიხა ჯიღაურის გუნდი მთლიანად დააპატიმრეს.

      სანდრო კავსაძეს თავის გუნდის ამარა მოუხდა მოსკოვს წასვლა.

      დარბაზობისას, ამხანაგი სტალინი მივიდა სანდროსთან, ხელი დაჰკრა მხარზე ამხანაგურად და ალერსიანად უთხრა:

  - პაჭკორიამ გაჯობაო (ასე გადმოგვცეს იქიდან ჩამოსულებმა).

      სანდრო კავსაძემ თავის გასამართლებლად უთხრა:

  - რა ვქნა, შენი ჭირიმე, რომლებიც კაი მომღერლები იყვნენ წამოსვლის წინ დაიჭირეს და სიმღერა როგორღა გამომივიდოდა კარგიო.

  - რადა? - გაიკვირვა სტალინმა და მიიხმო ამხანაგი ბერია.

      როცა ბერიასა ჰკითხა ბელადმა, რატომ დაიჭირეთ ჯიღაურის გუნდიო, ბერიამაც თურმე ხუმრობით უთხრა, შენი მოკვლა უნდოდათო.

  - არა, - თქვა სტალინმა, - გაათავისუფლეთ ისინი, გლეხები მე არ მომკლავენო.

      სანდრომ უთხრა მათი გვარები, სამი გვარი მოიგონა და ორი - ვეღარ. ამიტომ სამი - მიხა ჯიღაური, ვანო მჭედლიშვილი და სანდრო მჭედლიშვილი (ფთხენელა) გაათავისუფლეს, ორი - შაქრო მჭედლიშვილი და გიორგი კიკოშვილი - დარჩნენ პატიმრობის იდუმალებაში.

      ასე და ამგვარად

      "დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა".

      ერთი პატარა სათქმელიც:

      1931 წელს, ხალხური სიმღერების უფრო მეტი პოპულარობის მიზნით, განვიზრახე სიმღერები ზეპირად მესწავლებინა ქართული ოპერის ცნობილი მომღერლებისათვის და მათგან გუნდი შემედგინა.

      დიდის ხალისითა და სიყვარულით დამთანხმდა სანდრო ინაშვილი. ნიკო ქუმსიაშვილიც აღტაცებით შეეგება ჩემს ინიციატივას. დათიკო ანდღულაძე, დათიკო ბადრიძე და სხვები - ბანების მთქმელნი. ამათ სანდრო ინაშვილის ბინაზე მოვუყარე თავი.

      იქ გამოირკვა, რომ ზეპირად ვერ შეისწავლიან: სიმღერები ჯერ ნოტებზე უნდა ჩაიწეროს და ჩამწერად გრიშა კილაძე დაასახელეს.

      გრიშა კილაძეს ექვსი თვის განმავლობაში ვუმღეროდით ხალხურ სიმღერებს მე, ჩემი ძმა დიმიტრი, ბიძაშვილები - კოლა და გიორგი, მაგრამ გრიშამ ვერც ერთი სიმღერა სწორად ვერ ჩაწერა.

      იმედს ისევ ჩვენზე ამყარებდნენ, ნიმუში ჩვენ ვიყავით. ბოლოს დავიწყეთ რეპეტიციები ინაშვილის ბინაზე. სამწუხაროდ, ძალიან უძნელდებოდათ სიმღერების შესწავლა. ვერც გრიშა კილაძე გამოდგა კარგი დირიჟორი, ვინაიდან სიმღერები სწორად არ ჩაწერა და უჩვენოდ ვერაფერს აკეთებდა. ჩემს შენიშვნებს კი თაკილობდა და ბოლოს მოინდომა, თვითონ გასძღოლოდა ამ საქმეს. რაკი მან იკისრა თავკაცობა, მე ჩემი ძმებითა და ბიძაშვილებით ჩამოვშორდი.

      ჩვენი ჩამოშორება და ამ საქმის ჩაფუშვა ერთი იყო...

დასასრული

აქვე იხილეთ ავტორის შესახებ:

იოსებ მჭედლიშვილი

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოკლორი, ქველი

ნახვა: 820

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters