ინტერენეტში, ერთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი რომელიც ეხება მეფისა და მონარქიის განხილვას ბიბლიურ შუქზე. სამწუხაროა რომ მხოლოდ ახლა ვნახე, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების დიდი მოყვარილი არც არასოდეს ვყოფილვარ და აბა როგორ აღოვაჩენდი. საქმე ის გახლავთ რომ ნუგზარ პაპუაშვილის ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ რეზონანსში 2009 წლის, 16 ივნისის ნომერში, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად!

Bible, Qwelly, interesting, ბიბლია, ეს საინტერესოა, ისტორია, მეფე, მონარქია, მონარქიის შესახებ, ნუგზარ პაპუაშვილი, საული, საულის გამეფება, წმინდა წერილი

რას გვიამბობს ბიბლია მეფისა და მონარქიის შესახებ?

      1973 წელს, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, საჯარო ბიბლიოთეკაში წავაწყდი წიგნს, დაბეჭდილს 1917 წელს: გ. ჟორდანია, აქვს თუ არა საქართველოს კანონიერი უფლება მოითხოვოს ავტონომია, რომელშიც ამოვიკითხე: "...როცა ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს დათრგუნულ უფლებათა აღდგენას, ჩვენ ისტორიის ჩარხის დაბრუნება კი არ გვინდა, მეფობისა და ბატონყმობის დაბრუნება კი არ გვსურს, როგორც ამას ხანდისხან დაუფიქრებლად წამოისვრიან ხოლმე ჩვენის მრწამსის მოწინააღმდეგენი" (გვ. 23). მართალი გითხრათ, დავღონდი. ბატონყმობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რაც შეეხება მეფეს, ჩემ თავს ასეთი კითხვა დავუსვი: ნუთუ შესაძლებელია, რომ ისეთი პატრიოტი ქართველი, როგორადაც წიგნის ავტორი წარმოგვიდგება, მეფობისა და, მით უმეტეს, ბაგრატიონთა ტახტის განახლების წინააღმდეგ გამოდიოდეს?

      გამოხდა ხანი. ლაპარაკი მეფის ინსიტუტიტის რესტავრაციის შესახებ საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაიწყო და მონარქისტული პარტიაც შეიქმნა. "პუტჩის" შემდეგ ამ იდეას თითქოს მეტი მომხრე გამოუჩნდა. ერთ დროს მას მხარი შევარდნაძემაც დაუჭირა. მაშინდელი ცნობილი პირები: გია ჭანტურია, ჯაბა იოსელიანი და სხვები აცხადებდნენ, რომ მეფის საყოველთაო ავტორიტეტი საქართველოს გააერთიანებს და განამტკიცებსო.

      უკვე ის დრო იყო, როდესაც მე ასეთი კითხვა მებადებოდა: ვინ გაარკვია და საიდან ჩანს, რომ მეფეს საქართველოში აქვს ავტორიტეტი და ისიც საყოველთაო?

      ბოლო წლებში ეს თემა თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ განახლდა, როდესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 2007 წლის ოქტომბერში, მოგვიწოდა: დავიწყოთ ზრუნვა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის!

      რადგან ეს აზრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა შემოგვთავაზა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მეფე და მისი ინსტიტუტი, ზოგადად მონარქია, ეკლესიის იდეაა, _ მისი ბუნებრივი ნაწილია; იგი ან ღვთისგან მოდის, ანდა ღმერთს მოსწონს და ესათნოება.

      მართლა ასეა? რა ადგილი აქვს მეფეს საღვთო ისტორიაში?

      როცა რჩეულ ხალხზე (ისრაელიანებზე, ისრაელზე) ვსაუბრობთ, იგი სისხლისმიერ ერად წარმოგვიდგება. ასეცაა, თუმცა ამ ერის ფორმირება გენის და სისხლის საფუძველზე არ მომხდარა. გავიხსენოთ: აბრაამმა წინადაუცვითა ყველას, როგორც მისი "საზარდულიდან გამოსულებს", ისე უცხო ქვეყანაში "ვერცხლით ნაყიდებს" (დაბ. 17:23-27). ასე შიქმნა ებრაელთა ერი, რომელიც არა სისხლს, არა გენსა და კანის ფერს, არამედ ერთი ღმერთის თაყვანისცემას დაეფუძნა. მაშასადამე, იგი რელიგიურ ერად, ეკლესიად შეიქმნა. ეკლესიაც ერია, ოღონდ რწმენისმიერი; ის საღვთო ერია და მისი მოქალაქეები საღვთო მოქალაქეები არიან. რადგან ასეა, ცხადია ისიც, რომ ეკლესიას ჰყავს თავისი მეფე და ეს თავადაა უფალი ღმერთი.

როდის მოუნდათ ისრაელიანებს მეფე?

როდესაც ებრაელები აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ და სახელმწიფო შექმნეს, მეფე არ ჰყავდათ და არც მათი კონსტიტუცია (საღვთო რჯული) ითვალისწინებდა ასეთ ინსტიტუტს. მეფე ჰყავდათ წარმართებს ანუ იმ ხალხებს, რომელთა გვერდით ღვთის ხალხი დასახლდა. ისრაელიანებს ჰყავდათ მსაჯულები და ეს თანამდებობა არ იყო გენეტიკური, მემკვიდრეობითი. და აი, თითქოს მოულოდნელად ერთ ღირსეულ მსაჯულს, გედეონს, ხალხმა ასეთი სიტყვებით მიმართა: "იბატონე შენ ჩვენზე, შენმა შვილმაც და შენმა შვილიშვილმაც". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხმა გედეონს მეფედ გახდომა და სამეფო დინასტიის შექმნა შესთავაზა. მსაჯულმა ეს წინადადება არ მიიღო: "არა, მე ვერ ვიმეფებ თქვენზე, უფალმა უნდა იმეფოს თქვენზე!" (მსაჯ. 8:22-23).

      ამ სიტყვების მიუხედავად, გედეონის შვილმა, აბიმელექმა, თავი მეფედ გამოაცხადა. მან "ერთ ქვაზე დაკლა" სამოცდაათი ძმა, მაგრამ მალე დამარცხდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (მსაჯ. 9).

      მოსალოდნელი იყო, რომ ისრაელიანები, ამ ამბის მხილველნი, მეფის ყოლას აღარ მოისურვებდნენ, მაგრამ ჩანს, ეს სურვილი მათ გონებას უკვე მყარად დაუფლებოდა. და მართლაც, ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისრაელიანებმა დიდ მსაჯულს, სამუელს, ლამის ულტიმატუმი წაუყენეს: "დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს". სამუელმა რჩევისათვის ღმერთს მიმართა, ღმერთმა კი ასეთი პასუხი გასცა: "გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ... ახლა გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც თქვენზე უნდა იმეფოს".

      სამუელმაც გააფრთხილა ხალხი და უთხრა: "ეს უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე. წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დააყენებს, და ირბენენ მისი ეტლების წინ. დააყენებს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრების მხვნელებად და თავისი სამკლის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და ხაბაზებად. წაიღებს თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მსახურებს დაურიგებს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებსა და თავის საქმეზე ამსახურებს. წაიღებს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენ მისი მონები გახდებით. და გმინვას დაიწყებთ მაშინ თქვენი არჩეული მეფისაგან, მაგრამ პასუხს აღარ გაგცემთ მაშინ უფალი". არ დაუჯერა ხალხმა სამუელს: "არა და არა, მეფე უნდა გვეჯდეს; ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენს ომებს წარმართავს" (1 მეფ. 8).

      მაინც რა უნდოდა, რა ამოქმედებდა ამ ხალხს? პირველი _ წამხედურობა, მეორე _ პასუხისმგებდლობის საკუთარი თავიდან მოხსნა და ერთ პიროვნებაზე მისი გადაბარება და მესამე (რაც მთავარია) _ წარმართობისაკენ მიდრეკილება.

      ასეა თუ ისე, ერის სურვილი და ღვთის მოუწონებელი თანხმობა სამუელმა შეასრულა. გამოარჩია საული, რომელიც იყო ლამაზი, წარმოსადეგი და "მაგარი ვაჟკაცი"; ის "ერთი თავით მაღლა იდგა ხალხზე" (1 მეფ. 9:2).Eსამუელმა მას მირონი სცხო და საული კანონიერ მეფედ იკურთხა; იგი ცხებული და ლეგიტიმური მეფე შეიქმნა, მაგრამ ეს პატივი დიდხანს ვერ შეირგო. გავიხსენოთ: ებრაელები ომისათვის ემზადებიან. მათი განაწესის მიხედვით უნდა დაიკლას საკლავი და ყოვლადაღსავლენი მსხვერპლი შეიწიროს. თუკი მხსვერპლი არ შეიწირება, ხალხი არ იომებს. მხვერპლი კი მღვდელმთავარმა უნდა შესწიროს, _ სამუელმა, რომელიც არ ჩანს, იგვიანებს. მტერი ახლოვდება, კრიზისი მძაფრდება და მეფე იძულებული ხდება, რომ მღვდლის ფუნქცია თავის თავზე აიღოს. მაგრამ: დაკლავს თუ არა საკლავს, გამოჩნდება მღვდელმთავარი, რომელიც რისხვით აინთება და საულს თანამდებობის გაუკუღმართებაში დაადანაშაულებს. ამ ბრალდებით ის მას ანათემას გამოუცხადებს და მეფობის პატივს აყრის და ამ პატივს მიმადლებს კაცს, რომლის მისამართითაც არაა ნათქვამი, ერთი თავით მაღლა იდგაო ხალხზე. გვრჩება შთაბეჭდილება (გოლიათთან შერკინების სცენიდან), რომ´დავითი "ერთი თავით დაბლა იდგა ხალხზე". და წორედ ის, ტანმორჩილი, შედარებით ღირსეული მეფე აღმოჩნდება და უფალიც იტყვის: "დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს: უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს" (ფს. 88:4-5). ლაპარაკია იესო ქრისტეზე, რომელიც ხორციელად დავითის "საზარდულიდან უნდა გამოსულიყო".

      საულისა და დავითის ამბავთა ეგზეგეზა (თეოლოგიური კომენტარი) დიდი თემაა. აქ იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ ეს მონაკვეთი შეიცავს მინიშნებას ახალი აღთქმისეული ფასეულობების შესახებ. პირველ რიგში კი იმას, რომ ნებისმიერი ამქვეყნიური ძალაუფლება წარმავალია; დადგება დრო, როდესაც წუთისოფელს ნამდვილი მეფე მოევლინება და მისი შარავანდედის წინაშე ამაქვეყნის მეფეთა გვირფვინი განქარდება, გაუფასურდება, აზრსმოკლებულად გამოცხადდება. ამიტომაა, რომ ახალ აღთქმაში მეფობის მადლსა და მესიანიზმზე სიტყვა არაა ნათქვამი. აქედან მარტივად გამომდინარეობს დასკვნა, რომ მეფე და მეფობა ქრისტიანული თვალსაზრისით თვითღირებულებას არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს, რადგან ეს ინსტიტუტი, _ დაფუძნებული თესლზე, გენსა და შთამომავლობაზე, _ წუთისოფელში ღვთის ნებით და განზრახვით არაა შემოსული. იგი წმინდაწყლის წარმართული მოვლენაა, შეიძლება ასეც ითქვას _ საერო, სამოქალაქო. ისრაელიანების სურვილი, ჰყოლოდათ მეფე, მათი რელიგიური ცნობიერების დაკნინებას მოასწავებდა.

      მაგრამ დაისმის კითხვა: თუკი ქრისტეს ეკლესიას ჰყავს მეფე, _ თავადი იესო ქრისტე, რაში სჭირდებათ მის წევრებს (ქრისტიანებს) მეორე მეფე და, ზოგადად, საერო ხელისუფლება? პასუხი მარტივია: ქრისტიანებს, როგორც ასეთებს, ანუ ღვთის რჩეულ ერს, არანაირი საერო ხელისუფლება არ სჭირდებათ. მაგრამ ისინი ხომ წუთისოფლის შვილებიც არიან? და რადგან წუთისოფლის შვილები და ამაქვეყნის მოქალაქეებიც არიან, საერო ხელისუფლების არსებობასაც საჭიროებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ სჭირდებათ ყველაფერი, რაც წუთისოფელს და მისი მობინადრეების გარკვეულ სივრცეს ასე თუ ისე მოაწესრიგებს და სახელმწიფოდ გარდაქმნის. ამას გულისხმობს პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: "ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე" (რომ. 13:1-2).

      ისტორია ძირითადად სამოქალაქო ხელისუფლების ანუ ხელმწიფების ორ ფორმას იცნობს: მონარქიას და დემოკრატიას. წუთისოფელში მყოფი ეკლესია ერთსაც ეგუება და მეორესაც, რადგან, ქვეყანას სჭირდება წესრიგი, რომელიც ან მეფემ უნდა დაამყაროს, ან პარლამენტმა, ან რაღაც სხვამ, ანდა (ერთდროულად) ერთმაც, მეორემაც და მესამემაც. ქრისტიანი, როგორც ქვეყნის მოქალაქე, შეიძლება მონარქისტიც იყოს, დემოკრატიც და, ალბათ, ანარქისტიც.

      ეკლესიას წუთისოფელში იდეალი არ ეგულება. თითოეული საზოგადოებრივი ფორმაციის არსებობა კანონზომიერებას ექვემდებარება, რაც პირველ რიგში მოცემული საზოგადოების შეგნების დონეს და თვითმმართველობისათვის მის მზაობას გულისხმობს. სადაც ამგვარი მზაობის ხარისხი დაბალია, იქ ნოყიერი ნიადაგი მონარქიას აქვს, სადაც მაღალია _ დემოკრატიას. ამის გამო ეკლესია ვერც ერთის უზურპაციას მოახდენს და ვერც მეორისას, მაგრამ ბიბლიას, საღვთო და სამღვდელო კაცთა მემკვიდრეობას და, ზოგადად, ეკლესიის საერთო სულისკვეთებას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ღვთის სიტყვას და ხმას სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობა უფრო ესადაგება; მეფე და მონარქია ეკლესიის სულთან _ ბიბლიასთან _ შეუთავსებელი მოვლენაა. ცხადია, ეკლესიას შეუძლია აიტანოს მეფე და მონარქია და ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე იტანდა კიდეც, მაგრამ თუ რის ფასად ახერხებდა ამას და რა უჯდებოდა ეს მას, ყველაზე თვალსაჩინოდ ბიზანტიის ისტორია გვასწავლის.

      გავითვალისწინოთ, რომ ქრისტიანოული ეკლესია, მისი მოძღვრება და პრაქტიკა მეფის გარეშე ჩამოყალიბდა. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ახალ აღთქმაში ამქვეყნიურ მეფეს არავითარი რელიგიური ფუნქცია არ აკისრია; იქ მისთვის ადგილი არ არის. მონარქისტული იდეის ელემენტსაც კი ვერ ამოვიკითხავთ ვერც იესო ქრისტეს ქადაგებაში, ვერც მოციქულების ეპისტოლეებში, ვერც მათ საქმეებაში და ვერც გამოცხადებაში.

      ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ფაქტია, რომ მეფის კულტი გზადაგზა, IV ს-ის შემდეგ, ქრისტიანთა ცხოვრებაშიც შემოდის. ლაპარაკია ქრისტიანი მეფის თაყვანისცემაზე, რომელსაც, ცხადია, რელიგიური დატვირთვა არა აქვს, მაგრამ აქვს რელიგიური შეფერილობა. ეს შეფერილობა ზოგჯერ ზღვარს აჭარბებს და იმ ზომით აჭარბებს, რომ იმპერატორებს თავს ეკლესიის ზედამხედველებად წარმოადგენინებს. გავიხსენოთ, რა განაცხადა კეისარმა კონსტანციმ (IV ს.): რაც მე მსურს, ეკლესიის კანონიც ის არის!

      VIII-IX საუკუნეების ქართულ ტრადიციაში უკვე დამკვიდრებულია რწმენა ბაგრატიონების სამეფო პატივის ანუ მათი სამეფო შთამომავლობის შესახებ. ისინი მოაზრებულნი არიან ისრაელიანთა ცხებული მეფის, იესეს ძის ("იესეს ყლორტის") _ დავითის შთამომავლებად. მათი ოფიციალური ტიტულატურაც ასეთია: იესეან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატიონები. იესე დავითის მამაა, დავითი კი ის მეფეა, რომელმაც ცხებულება შეინარჩუნა. სოლომონი ისრაელისათვის იგივეა, რაც დავით აღმაშენებელი, უფრო კი თამარი, საქართველოსთვის.

      მართალია, საქართველოს ეკლესიამ შეიწყნარა ეს გადმოცემა, მაგრამ მას რელიგიური სიღრმე არ შეუძენია; არ გამხდარა საეკლესიო ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან საქმე საერო მოვლენასთან გვაქვს და არა საეკლესიოსთან.

      სამეფო და საეკლესიო ინსტიტუტების გამიჯნულობის კანონზომიერების დასადასტურებლად შემდეგი მაგალითიც გამოგვადგება: საქართველოს ისტორიიდან ვიცით, რომ ბაგრატიონი და მირონცხებული მეფეები ზოგჯერ ისლამს ღებულობდნენ და, ცხადია, ეკლესიიდან გადიოდნენ, ანდა ტახტს მუსლიმი ბაგრატიონები იკავებდნენ. ამის მიუხედავად, ეკლესიის თვალში ისინი მაინც მეფედ რჩებოდნენ. ბაგრატიონების ტახტის გაუქმებას (1800-1801 წწ.) ეკლესიის არსებისათვის არც არაფერი შეუმატებია და არც არაფერი დაუკლია.

      მეფის ინსტიტუტის განახლების საკითხი საქართველოს ეკლესიაში არც ერთ საეკლესიო კრებაზე არ დასმულა, თუმცა, როგორც ზემოდამოწმებული სტატიიდანაც ჩანს, 1917 წლის ახლო ხანს ამ საგანზე ხალხში თურმე ლაპარაკი ყოფილა. ჩვენ ხელთაა ანალიტიკური სტატია "საეკლესიო რეფორმა", გამოქვეყნებული გაზეთში "სახალხო საქმე" 1920 წელს 16 ივნისს (# 860), რომლის ავტორი ეპიფანე ჩხაიძე ჩვენთვის საინტერესო თემაზე ასეთ ხედვას და ინფორმაციას გვთავაზობს: "...ქრისტიანულ ეკლესიას არა აქვს საფუძველი დაიცვას მეფობა. ეს საკითხი სხვათა შორის განიხილა საქართველოს საეკლესიო კრების წინასწარმა კრებამ, რომელიც მოხდა ივნისს 1917 წ. და, როგორც მახსოვს, ის აზრი გამოითქვა, რომ ეკლესიის თვალსაზრისით საუკეთესო სახელმწიფოებრივ ფორმად უნდა ჩაითვალოს დემოკრატიული რესპუბლიკა".

      გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ განხილული სტატიის სულისკვეთება თანხმობაშია იმდროინდელი მართლმადიდებელი ერისა და ბერის წამყვანი ნაწილის პოზიციასთან. ეს პოზიცია ბიბლიური და ქრისტიანული პოზიციაა, რომელიც მკაფიოდ მეტყველებს, რომ მეფე და ეკლესია, სახელმწიფო და ეკლესია სხვადასხვა მოვლენები და ერთმანეთის მიმართ შინაგანად დაპირისპირებული მოცემულობები არიან. მათ შორის ისეთივე ურთიერთობაა, როგორიც ქრისტესა და წუთისოფელს, მის მოციქულებს და წარმართებს, იმქვეყანასა და ამქვეყანას შორის (შდრ. იოანე 15: 18-19). ვიდრე წუთისოფელი იარსებებს, ეს ორი მოვლენა (ეკლესია და სახელმწიფო) ერთმანეთთან სრულ თანხმობასა და სიმფონიაში ვერასოდეს ვერ მოვა; მათ შორის დაპირისპირება მუდამ იქნება და ქრისტიანის წინაშე ამ დაპირისპირების განმუხტვის პრობლემაც მუდამ იდგება. ცხოვრების ფილოსოფია და ისტორია გვეუბნება, რომ მეფე და მონარქია, როგორც წესი, ხსენებულ მუხტებს ამძაფრებს, დემოკრატია და რესპუბლიკა, როგორც წესი _ ანელებს.

      მართალია, აზრი და პოზიცია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მეფის გარეშე უნდა იცხოვროს, 35 წლის წინათ არ მეჭაშნიკა, დღეს კი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ნუგზარ პაპუაშვილი
რეზონანსი. თბ., 2009. 16 ივნისი. N161. გვ.4

ტეგები: Qwelly, ბიბლია, ისტორია, მონარქია, წმინდა_წერილი

ნახვა: 801

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters