ალბერტ აინშტაინი - მეცნიერება და რელიგია

გამოქვეყნების დრო 1941

ავტორი: ალბერტ აინშტაინი

მეცნიერება და რელიგია

 

I

 

უკანასკნელი საუკუნისა და მისი წინამორბედის ნაწილის განმავლობისას ფართოდ გახლდათ გავრცელებული მოსაზრება, რომ ცოდნასა და რწმენას შორის მოურიგებელი უთანხმოება არსებობდა. მოწინავე მოაზროვნეებს შორის გაბატონებული შეხედულების თანახმად, დრო იყო, ცოდნა თანდათან რწმენის ჩანაცვლებას შედგომოდა. რწმენა, რომელიც თავად არ ეყრდნობა ცოდნას, ცრურწმენაა და, შესაბამისად, მას უნდა დავუპირისპირდეთ. აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად განათლების ერთადერთი ფუნქცია აზროვნებისა და ცოდნისათვის გზის გახსნა იყო, ხოლო სკოლას, როგორც ადამიანთა განათლების გამორჩეულ დაწესებულებას, ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

 

საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მავანი ალბათ მაინც შეხვდება მსგავს რაციონალურ თვალსაზრისს, გამოხატულს ასეთი უხეში ფორმით. ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, თუ რამდენად ცალმხრივია ასეთი ფორმულირება. მაგრამ ასევე ცხადია, რომ საქმის არსში ჩასაწვდომად ცხადად და ხისტად არის საუბარი საჭირო.

 

ჭეშმარიტებას შეეფერება ის, რომ მტკიცებულების მხარდასაჭერად საუკეთესო საშუალებები გამოცდილება და ნათელი გონება იქნება. ამ პუნქტში უპირობოდ უნდა დავეთანხმოთ უკიდურეს რაციონალიზმს, მაგრამ მისი კონცეფციის სუსტი წერტილი ის არის, რომ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენი მოქმედების წესისა და მსჯელობისთვის არის აუცილებელი და განმსაზღვრელი, მარტოოდენ ამ მყარ მეცნიერულ გზაზე ვერ ვხვდებით.

 

მეცნიერული მეთოდი სხვას არაფერს გვასწავლის იმის მიღმა, თუ როგორ უკავშირდებიან და როგორ განაპირობებენ ფაქტები ერთმანეთს. ასეთი ობიექტური ცოდნისაკენ ძლიერი ლტოლვა უამაღლებულესია მათ შორის, რისი უნარიც კი ადამიანს შესწევს და თქვენ ვერ დამდებთ ბრალს ამ სფეროში ადამიანის მიღწევებისა და გმირული ძალისხმევის დაკნინების სურვილში. თუმცა ასევე ნათელია, რომ ცოდნა იმისა, რაც არის, არ გვიხსნის კარს იმისკენ, რაც უნდა იყოს. შესაძლოა ცხადი და ყველაზე სრულყოფილი სურათი გაგვაჩნდეს იმისა, რაც არის, და მაინც ვერ შევძლოთ აქედან იმის გამოთვლა, თუ რა უნდა იყოს ჩვენს ადამიანურ მისწრაფებათა მიზანი. ობიექტური ცოდნა ძლევამოსილ იარაღს გვანიჭებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მაგრამ საბოლოო მიზანი და მისი მიღწევის ძლიერი სურვილი სხვა წყაროდან უნდა მოდიოდეს. აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს იმ თვალსაზრისთან შედავება, რომ ჩვენი არსებობა და საქმიანობა აზრს მხოლოდ ასეთი მიზნისა და შესაბამისი ღირებულებების დამკვიდრების შემდეგ იძენს. ჭეშმარიტების ცოდნა, როგორც ასეთი, შესანიშნავია, მაგრამ ის იმდენად ცუდი მეგზურია, რომ თავად ამ ჭეშმარიტების ცოდნისკენ სწრაფვის გამართლებისა და ღირებულების დამტკიცებაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, აქ ვუახლოვდებით ჩვენი არსებობის წმინდად რაციონალური კონცეფციის საზღვრებს.

 

ზემოაღნიშნული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ინტელექტუალური შემოქმედება არანაირ როლს არ თამაშობს მიზნისა და ზნეობრივი შეფასების ფორმირებაში. როდესაც მავანი აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად კონკრეტული საშუალებებია საჭირო, თავად ეს საშუალება იქცევა მიზნად. გონება ააშკარავებს საშუალებებისა და მიზნების ურთიერთდამოკიდებულებას. მაგრამ მხოლოდ აზროვნება ვერ მოგვანიჭებს უკანასკნელი და ფუნდამენტური მიზნების განცდას. ამ ფუნდამენტური მიზნებისა და ფასეულობებისთვის ნათელის მოფენა და მისი სწრაფად დამკვიდრება ინდივიდის ემოციურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად მეჩვენება, რომელიც რელიგიამ უნდა შეასრულოს ადამიანის სოციალურ ცხოვრებასთან მიმართებით. კითხვას, თუ საიდან მომდინარეობს ასეთი ფუნდამენტური მიზნების ავტორიტეტი, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ფორმულირება და დასაბუთება მხოლოდ გონებით შეუძლებელია, შემდეგი უნდა ვუპასუხოთ: ისინი ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობენ ფესვგადგმული ტრადიციების სახით, რომლებიც ინდივიდთა ქცევაზე, მისწრაფებებსა და შეფასებაზე ახდენენ ზემოქმედებას; შესაბამისად, ისინი არსებობენ, როგორც რაღაც ცოცხალი, რომელთა არსებობის გამართლება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ისინი ქვეყანას არა დემონსტრირების, არამედ გამოცხადების გზით ევლინებიან, ძლევამოსილ პიროვნებათა შუამავლობის გზით. მათი გამართლება კი არ უნდა ვცადოთ, არამედ შევიგრძნოთ მათი ბუნება ცხადად და მარტივად.

 

ჩვენი მისწრაფებებისა და შეფასების უზენაესი პრინციპები იუედურ-ქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციებში გვაქვს მოცემული. ეს ძალიან მაღალი მიზანია, რომლის მიღწევა, ჩვენი სუსტი ძალებით, მხოლოდ უკიდურესად არაადექვატურად შეგვიძლია, მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს მტკიცე საფუძველს ჩვენი მისწრაფებებისა და ფასეულობებისთვის. თუკი ამ მიზანს მისი რელიგიური ფორმისგან გამოვაცალკევებთ და მის მხოლოდ წმინდად ადამიანურ სახეს შევხედავთ, შესაძლოა ასეთი რამ ჩამოვაყალიბოთ: ადამიანის თავისუფალი და გონივრული განვითარება, რათა მან საკუთარი ძალების თავისუფლად და სიხარულით გამოყენება შეძლოს მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ.

 

აქ არ არის საკმარისი სივრცე ერისა და კლასის გაღმერთებისთვის, ინდივიდზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არ ვართ ყველა ერთი მამის შვილები, როგორც ეს რელიგიური ენით გამოითქმის? მართლაც, კაცობრიობის გაღმერთება, როგორც აბსტრაქტული მთლიანობა, არ იქნებოდა ამ იდეალის სულში. სული მხოლოდ ინდივიდს აქვს მინიჭებული, მის უზენაეს დანიშნულებას კი მსახურება და არა მართვა ან რაიმე სხვა ფორმით ხელმძღვანელობა წარმოადგენს.

 

თუ მავანი არსსა და არა ფორმას აქცევს ყურადღებას, მან ეს სიტყვები შესაძლოა ფუნდამენტური დემოკრატიული პოზიციის გამოხატულებად მიიღოს. ჭეშმარიტი დემოკრატი შეიძლება ისევე მცირედ სცემდეს თაყვანს საკუთარ ერს, როგორც რელიგიური ადამიანი, ცნების ჩვენეული გაგებით.

 

მაშ, რაში მდგომარეობს განათლებისა და სკოლის ფუნქცია? ისინი უნდა დაეხმარონ ახალგაზრდა ადამიანს ისეთი სულისკვეთებით აღიზარდოს, რომ ეს ფუნდამენტური პრინციპები მისთვის ჰაერივით აუცილებლად იქცეს. მხოლოდ სწავლებას ამის გაკეთება არ შეუძლია.

 

თუკი ეს უზენაესი პრინციპები თვალთახედვის არეში გვექნება და მათ ჩვენი დროის სულიერ ცხოვრებას შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ ცივილიზებული კაცობრიობა დღესდღეობით დიდი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში მმართველები თავად ცდილობენ ჰუმანური სულის განადგურებას. ნაკლებად საშიშ ადგილებში ეს ნაციონალიზმი და შეუწყნარებლობაა, ისევე, როგორც ადამიანთა ეკონომიკური ჩაგვრა, რაც ამ უძვირფასესი ტრადიციების მოშთობის საფრთხეს ქმნის.

 

გაცნობიერება იმისა, თუ რა მასშტაბებს აღწევს საფრთხის გავრცელება, მოაზროვნე ადამიანებს შორის ქმნის საფუძველს, რათა კვლევა მიმდინარეობდეს საშუალებათა ძიებისთვის, რომელთა დახმარებით უნდა დავუხვდეთ საფრთხეს, საშუალებებისა ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, კანონმდებლობის ან ზოგადად ორგანიზების სფეროში. ასეთი ძალისხმევა უდაოდ ფრიად საჭიროა. ძველი დროის ადამიანებმა ჯერ კიდევ იცოდნენ რაღაც, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, დავივიწყეთ. ყველა საშუალება ბლაგვ ინსტრუმენტად დარჩება, თუკი საფუძვლად ცოცხალი სული არ ექნება. მაგრამ თუ მიზნის მიღწევის ძლიერი სურვილი ცოცხალი იქნება ჩვენში, ჩვენ არ მოვისაკლისებთ ძალას, რათა მოვძებნოთ საშუალებები მიზნის მიღწევისა და საქმეებად მათი გარდაქმნისათვის.

 

II

 

რთული არ იქნება იმაზე შეთანხმება, თუ რა გვესმის ჩვენ მეცნიერების ქვეშ. ის სისტემატური განსჯის მეშვეობით ამ სამყაროს შეცნობადი ფენომენების მაქსიმალურად რადიკალურ ასოციაციებად ერთმანეთს მორგების საუკუნოვანი მცდელობაა. თუ უფრო გაბედულად ვიტყვით, იგი კონცეპტუალიზაციის გზით არსებობის უკანა თარიღით რეკონსტრუქციის მცდელობას წარმოადგენს. მაგრამ როდესაც საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რა არის რელიგია, პასუხს ასევე ადვილად ვერ ვპოულობ. და იმ შემთხვევაშიც, თუ პასუხს ვპოულობ, რომელმაც ამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება დამაკმაყოფილოს, კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირ გარემოებებში ოდნავადაც ვერ შევძლებდი მათი აზრების თავმოყრას, ვინც ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს.

 

პირველ რიგში, ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხო, თუ რა არის რელიგია, ვამჯობინებდი ვიკითხო, თუ რით ხასიათდება იმ პიროვნების ძლიერი სურვილი, ვინც ჩემზე რელიგიურის შთაბეჭდილებას ახდენს: რელიგიურად გასხივოსნებული პიროვნება ჩემთვის ისეთია, ვინც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ათავისუფლებს საკუთარ თავს ანგარებითი სურვილების ბორკილებისგან და ყურადღებას უთმობს აზრებს, გრძნობებსა და მისწრაფებებს, რომელთა ერთგულია იგი მათი ზეპიროვნული ღირებულების გამო. მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი აქ ზეპიროვნული შემადგენლის ძალაა და სიღრმე შეხედულებისა მისი მრავალმნიშვნელოვნების შესახებ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადგილი მცდელობას ამ შემადგენლის გაერთიანებისა ღვთიურ არსებასთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბუდასა და სპინოზას რელიგიურ პიროვნებებად ვერ ჩავთვლიდით. გამომდინარე აქედან, რელიგიური პიროვნება იმ აზრით არის ღვთისმოშიში, რომ მას ეჭვი არ შეაქვს ამ ზეპიროვნული ობიექტებისა და მიზნების მნიშვნელობასა და სიდიადეში, რომლებსაც არც სჭირდებათ და არც შეიძლება რომ ჰქონდეთ რაციონალური საფუძველი. ისინი იმავე აუცილებლობითა და ფაქტიურობით არსებობენ, როგორც თავად ის. ამ გაგებით რელიგია კაცობრიობის მიერ ამ ღირებულებებისა და მიზნების ცხადად და სრულად გაცნობიერებისა და მისი გავლენის მუდმივად განმტკიცებისა და გავრცელების საუკუნებრივი მცდელობაა. თუ მეცნიერებასა და რელიგიას ამ დეფინიციათა შესაბამისად გავიგებთ, მათ შორის კონფლიქტი შეუძლებლად იქცევა. მეცნიერებას მხოლოდ იმის გამორკვევა შეუძლია, რაც არის და არა იმის, რა უნდა იყოს, მის სფეროს გარეთ კი ღირებულებათა შეფასება აღარ არის აუცილებელი. რელიგიას, მეორეს მხრივ, საქმე აქვს მხოლოდ ადამიანის აზრისა და ქმედების შეფასებასთან: მას არ ძალუძს დასაშვებად ისაუბროს ფაქტებისა და ფაქტებს შორის ურთიერთობის შესახებ. ამ ინტერპრეტაციის შესაბამისად რელიგიისა და მეცნიერების წარსულის ცნობილი კონფლიქტები უნდა მივაწეროთ გაურკვევლობას სიტუაციაში, რომელიც ზემოთ იყო აღწერილი.

 

მაგალითად, კონფლიქტი წარმოიშობა, როდესაც რელიგია დაჟინებით მოითხოვს ბიბლიაში არსებული ჩანაწერების აბსოლუტური ჭეშმარიტების აღიარებას. ეს რელიგიის მხრიდან მეცნიერების სფეროში შეჭრას ნიშნავს; აქ იმართება ბრძოლა ეკლესიასა და გალილეო-დარვინის დოქტრინებს შორის. მეორეს მხრივ, მეცნიერების წარმომადგენლებს არაერთხელ უცდიათ მეცნიერული მეთოდის საფუძველზე გამოეთქვათ ფუნდამენტური შეხედულებები ღირებულებებსა და მიზნებთან მიმართებით, რის გამოისობით რელიგიის ოპოზიციონერებად იქცეოდნენ ხოლმე. ყველა ეს კონფლიქტი ფატალური შეცდომებიდან იღებს სათავეს. შემდეგ, მიუხედავად რელიგიისა და მეცნიერების სფეროებს შორის მკაცრად გავლებული ზღვარისა, ისინი ძლიერ ორმხრივ ურთიერთობასა და დამოკიდებულებაში იმყოფებიან. თუმცა რელიგიაა ის, ვინც მიზანს განსაზღვრავს, მან მრავალი ისწავლა მეცნიერებისგან. უფრო ფართო გაგებით ეს ნიშნავს, რომ იგი წვლილს შეიტანს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევაში. მაგრამ მეცნიერებას მხოლოდ ისინი ქმნიან, ვინც სრულად არის გამსჭვალული ჭეშმარიტებისა და შეცნობის სურვილით. მაგრამ ამ გრძნობის წყარო რელიგიის სფეროშია. მასვე ეკუთვნის რწმენა იმის შესაძლებლობაში, რომ არსებული სამყაროსათვის მართებული წესები რაციონალური ანუ გონებისათვის საწვდომია. ჭეშმარიტ მეცნიერს ამ ფუნდამენტური რწმენის გარეშე ვერ აღვიქვამ. ეს მდგომარეობა შესაძლოა შემდეგი სურათით იქნას გამოხატული: მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ დავამტკიცე რელიგიასა და მეცნიერებას შორის ჭეშმარიტი კონფლიქტის არსებობის შეუძლებლობა, მე იგი კიდევ ერთხელ უნდა შევაფასო არსებითად ანუ ისტორიული რელიგიების რეალური შემადგენლების გათვალისწინებით. კაცობრიობის სულიერი ევოლუციის საყმაწვილო სტადიაზე ღმერთები ადამიანის ფანტაზიამ ამ უკანასკნელის სახით წარმოიდგინა, ვისაც, ადამიანის აზრით, საკუთარი ნებით შეეძლო განესაზღვრა ან რაიმე ხარისხით მოეხდინა გავლენა ფენომენურ სამყაროზე. ადამიანი ცდილობდა მაგიისა და ლოცვების გამოყენებით შეეცვალა ღმერთების დამოკიდებულება საკუთარი თავის სასარგებლოდ. რელიგიური ღმერთის იდეა, რომელსაც დღეს ასწავლიან, არის ღმერთის ოდინდელი კონცეფციის სუბლიმაცია. მისი ანთროპომორფული ხასიათი, მაგალითად, ნაჩვენებია ადამიანის ლოცვასა და სურვილების ასრულების თხოვნით ღვთიური არსებისადმი მიმართვაში.

 

რასაკვირველია, არავინ უარყოფს, რომ ყოვლისშემძლე, სამართლიანი და ყოვლადმწყალობელი პირადი ღმერთის არსებობის იდეას შეუძლია ნუგეში სცეს, დაეხმაროს და მეგზურობა გაუწიოს ადამიანს. იმავდროულად, სიმარტივის წყალობით იგი მოუმწიფებელ გონებათა უმრავლესობისთვის არის მისაწვდომი. მეორეს მხრივ, ეს იდეა თავის თავში მნიშვნელოვან სისუსტეებს შეიცავს, რომლებსაც მრავალი ტკივილი აქვთ მოტანილი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აღნიშნული არსება ყოვლისშემძლეა, ყველა მოვლენა, ადამიანის ყველა ქმედების, აზრის, განცდისა და სწრაფვის სახით ასევე მისი ძალისხმევის შედეგია. როგორ უნდა იყოს ადამიანი პასუხისმგებელი საკუთარი საქმეებისთვის ყოვლისშემძლე არსების წინაშე? სასჯელისა და ჯილდოს დაწესებისას მას გარკვეულწილად საკუთარი თავისთვის უნდა გამოჰქონდეს განაჩენი. როგორღა უნდა შევუთავსოთ ამას მისთვის მიკუთვნებული დიდსულოვნება და სამართლიანობა?

 

რელიგიისა და მეცნიერების სფეროებს შორის დღეს არსებული კონფლიქტის მთავარი წყარო ამ განპიროვნებული ღმერთის კონცეფციაა. მეცნიერების მიზანი ზოგადი წესების ჩამოყალიბებაა, რომლებიც დროსა და სივრცეში საგნებსა და მოვლენებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ წესების ანუ ბუნების კანონებისთვის აბსოლუტური ზოგადი საფუძვლიანობაა სავალდებულო, მაგრამ მისი დასაბუთება არ ხდება. ეს უმთავრესად პროგრამაა, ხოლო მისი პრინციპულად განხორციელების შესაძლებლობის რწმენა მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებაზეა დაფუძნებული. რთულად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ამ ნაწილობრივ წარმატებას უარყოფს და მას ადამიანის მიერ თავის მოტყუებას მიაწერს. ის ფაქტი, რომ ამ კანონების საფუძველზე ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს კონკრეტულ სფეროში ფენომენთა დროებითი ქცევა მაღალი სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ, ღრმად არის თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში გამჯდარი, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა არაფერი ესმოდეს ამ კანონების შინაარსისა. მან მხოლოდ ის უნდა გაიხსენოს, რომ მზის სისტემაში პლანეტათა კურსების წინასწარ გამოთვლა მაღალი სიზუსტით შეიძლება რამდენიმე მარტივი კანონის საფუძველზე. იმავე გზით, თუმცა არა იმავე სიზუსტით არის შესაძლებელი ელექტრული ძრავის, გადაცემათა სისტემის, უსადენო აპარატის და ა.შ. ოპერირების მეთოდის წინასწარ გამოთვლა, თუნდაც საქმე უახლეს გამოგონებებთან გვქონდეს.

 

უკეთ გასაგებად: როდესაც ფენომენოლოგურ კომპლექსში შემავალ ფაქტორთა რაოდენობა ზედმეტად დიდია, მეცნიერული მეთოდი შემთხვევათა უმეტესობაში გვღალატობს. საკმარისია ამინდი ვახსენოთ, რომლის შემთხვევაში რამდენიმე დღის წინასწარ პროგნოზირებაც კი შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არავინ დაობს, რომ ჩვენ მიზეზობრივ კავშირებს ვუპირისპირდებით, რომელთა მიზეზობრივი კომპონენტები ჩვენთვის ძირითადად ცნობილია. ამ სფეროს მოვლენების ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელი ფაქტორთა მრავალფეროვნების და არა ბუნების კანონთა არარსებობის გამოა.

 

ჩვენ არასაკმარისად ღრმად შევაღწიეთ კანონზომიერებებში, რომლებიც ცოცხალ არსებათა სფეროში მოქმედებს, მაგრამ საკმარისად ღრმად, რათა, სულ ცოტა, ფიქსირებული აუცილებლობის წესი შეგვეცნო. საკმარისია მემკვიდრეობითობის სისტემური წესი წარმოვიდგინოთ ან შხამების, მაგალითად, ალკოჰოლის გავლენა ცოცხალ არსებათა ქცევაზე. ის, რასაც აქ მოვისაკლისებთ, არის ფუნდამენტურად ზოგად ურთიერთობათა გაგება და არა თავად წესის შესახებ ცოდნა.

 

რაც უფრო მეტად არის გამსჭვალული ადამიანი ყველა მოვლენის მოწესრიგებული რეგულარობით, მით უფრო მტკიცეა მისი რწმენა იმისა, რომ მის გვერდით აღარ არის ადგილი დარჩენილი განსხვავებული ხასიათის მიზეზებისთვის. მისთვის არც ადამიანისა და აღარც ღმერთის კანონი არსებობს, როგორც ბუნებრივ მოვლენათა დამოუკიდებელი მიზეზი. უფრო ზუსტად, დოქტრინა განპიროვნებული ღმერთისა, რომელიც ბუნებრივ მოვლენებში ერევა, მეცნიერების მიერ ვერასოდეს იქნება უკუგდებული, რადგან იგი ყოველთვის მოძებნის თავშესაფარს სფეროში, სადაც მეცნიერულ ცოდნას ჯერ ფეხი არ აქვს მოკიდებული.

 

მეორეს მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, რომ რელიგიის წარმომადგენელთა მხრივ მსგავსი ქცევა არა მხოლოდ უღირსი, არამედ ფატალურიც იქნება. დოქტრინა, რომელსაც საკუთარი თავის შენარჩუნება არა ნათელ შუქზე, არამედ მხოლოდ წყვდიადში შეუძლია, აუცილებლობიდან გამომდინარე დაკარგავს გავლენას კაცობრიობაზე და მის პროგრესს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს. ზნეობრივი ღმერთისთვის ბრძოლაში რელიგიის მოძღვრებმა უნდა შეძლონ განპიროვნებულ ღმერთზე უარის თქმა, უარი თქვან შიშისა და იმედის წყაროზე, რაც წარსულში ვეებერთელა ძალაუფლებას უყრიდა თავს სამღვდელოების ხელთ. საკუთარ ძალისხმევაში მათ ის ძალები უნდა გამოიყენონ, რომლებსაც ძალუძთ სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების კულტივირება თავად კაცობრიობაში. თავი რომ არ მოვიტყუოთ, ეს გაცილებით უფრო რთული, მაგრამ შეუდარებლად მეტად ღირსეული ამოცანაა (აღნიშნული აზრი დამაჯერებლად არის გადმოცემული ჰერბერტ სემუელის წიგნში „ რწმენა და მოქმედება “ ). მას შემდეგ, რაც სარწმუნოების მოძღვრები სრულყოფის ზემოაღნიშნულ პროცესს დაასრულებენ, ისინი აუცილებლად და სიხარულით გააცნობიერებენ, რომ მეცნიერულმა ცოდნამ რელიგია გააკეთილშობილა და გააღრმავა.

 

თუ რელიგიის ერთ-ერთ მიზანს ეგოცენტრული სურვილების, მისწრაფებებისა და შიშისგან კაცობრიობის განთავისუფლება წარმოადგენს, მეცნიერულ მსჯელობას რელიგიის დახმარება სხვა აზრითაც შეუძლია. თუმცა სიმართლეს შეესაბამება ის, რომ მეცნიერების მიზანს იმ კანონების აღმოჩენა შეადგენს, რომლებიც ფაქტების ასოციაციასა და წინასწარმეტყველებას ეხება, ეს მისი ერთადერთი მიზანი არ არის. იგი ასევე აღმოჩენილ კავშირთა ურთიერთდამოუკიდებელ კონცეპტუალურ ელემენტთა უმცირეს შესაძლო რაოდენობამდე შეკვეცას ცდილობს. სწორედ მრავლობითის რაციონალური უნიფიცირების მცდელობის შედეგად აღწევს იგი უდიდეს წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ამავე მცდელობის გამოისობით მიდის ის ნადავლის ილუზიად ქცევის უდიდეს რისკზე. მაგრამ მან, ვინც ამ სფეროში წარმატების მიღწევის ინტენსიური გამოცდილება მიიღო, მოწიწებით არის აღვსილი რაციონალობისადმი, რაც აწმყოში ვლინდება. შეცნობის გზით იგი გრძელვადიან თავისუფლებას აღწევს საკუთარი იმედებისა და სურვილების ბორკილებისგან და, შესაბამისად, გონების მოკრძალებულ დამოკიდებულებას აღწევს ყოფიერებაში ხორცშესხმული მიზეზის სიდიადისადმი, რომელიც მისი უფსკერო სიღრმით ადამიანისთვის მიუწვდომელია. ეს მიდგომა, ჩემი გაგებით, რელიგიურია, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. ამდენად, მე ვთვლი, რომ მეცნიერება არა მხოლოდ წმენდს რელიგიურ სწრაფვას ანთროპომორფიზმის ნარჩენებისგან, არამედ წვლილიც შეაქვს ცხოვრების ჩვენეული გაგების რელიგიურ სპირიტუალიზაციაში.

 

რაც უფრო წინ მიდის ადამიანის სულიერი ევოლუცია, მით უფრო უდაოდ მეჩვენება, რომ ჭეშმარიტი რელიგიურობისკენ მიმავალი გზა სიცოცხლის შიშზე, სიკვდილის შიშსა ან ბრმა რწმენაზე კი არ გადის, არამედ რაციონალური ცოდნისკენ სწრაფვაზე. ამ აზრით მე მწამს, რომ მღვდელი, თუ მას მისი მაღალი საგანმანათლებლო მისიის გამართლება სურს, მასწავლებლად უნდა იქცეს.

ტეგები: Qwelly, ainshtaini, აინშტაინი, მეცნიერება, წიგნები

ნახვა: 28

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters