სასტუმრო „ოქსიდენტალი“

ფრანც კაფკა ამერიკა

 

სასტუმროში კარლი მაშინვე კანცელარიისმაგვარ ოთახში შეიყვანეს, სადაც შეფმზარეული, უბის წიგნაკით ხელში, მბეჭდავ გოგონას წერილს ჰკარნახობდა. უაღრესად ზუსტი კარნახი, საბეჭდი მანქანის კლავიშების სწრაფი და გაბმული კაკუნი მკაფიოდ გაისმოდა კედლის საათის აუჩქარებელი წიკწიკის ფონზე; საათი თითქმის თორმეტის ნახევარს უჩვენებდა, – ესეც ასე! – თქვა შეფმზარეულმა და წიგნაკი დახურა;

მბეჭდავი გოგონა წამოხტა, მანქანას ხის სახურავი ჩამოამხო, თან, ამ მექანიკური მოძრაობების შესრულებისას, კარლს თვალს არ აშორებდა.

ერთი შეხედვით სკოლის მოსწავლესავით გამოიყურებოდა: საგულდაგულოდ დაუთოებული წინსაფარი, არშიაშემოვლებული სამხრეები, მაღალი ვარცხნილობა, და გაგიკვირდებოდათ, როცა ამ დეტალების შემდეგ მის სერიოზულ სახეს დაინახავდით. ჯერ შეფმზარეულს დაუკრა

თავი, შემდეგ – კარლს და ოთახიდან გავიდა. კარლმა თავისდაუნებურად ცნობისმოყვარედ გახედა შეფმზარეულს.

– მშვენიერია, რომ მაინც მოხვედით, – მიეგება ის, – და თქვენი ამხანაგები?

– ისინი არ წამომიყვანია თან, – მიუგო კარლმა.

– ალბათ დილაადრიანად უნდა გაუდგნენ გზას, – თითქოს თავის

თავს აუხსნა შეფმზარეულმა.

«ხომ არ ჰგონია, რომ მეც მათთან ერთად მივდივარ?» – გაიფიქრა

კარლმა და ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხავად უთხრა: – უთანხმოების გამო დავშორდით ერთმანეთს.

შეფმზარეულს ეს ამბავი თითქოს ესიამოვნა: – ესე იგი, თავისუფალი

ხართ?

– დიახ, თავისუფალი ვარ, – უპასუხა კარლმა და გაიფიქრა, რომ არაფერი იყო მისთვის ისეთი უსარგებლო, როგორიც ეს თავისუფლება.

– მომისმინეთ, არ გინდათ, სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? – ჰკითხა შეფმზარეულმა.

– სიამოვნებით, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცი,

მაგალითად, მანქანაზე ბეჭდვაც კი არ შემიძლია.

– ეს არ არის მთავარი, – დაამშვიდა შეფმზარეულმა, – დასაწყისისათვის დაბალ თანამდებობაზე იმუშავებთ, მერე კი, ყველაფერი

თქვენს მონდომებასა და სიბეჯითეზეა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ,

თქვენთვის უმჯობესი იქნება, სადმე მოიკიდოთ ფეხი, ვიდრე ასე იხეტიალოთ მთელ ქვეყანაზე. ჩემი აზრით, ამისთვის არ ხართ დაბადებული.

«ყველაფერ ამას ბიძაჩემიც მოაწერდა ხელს», – გაიფიქრა კარლმა

და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ამავე დროს, გაახსენდა, რომ ჯერ

  

თავი არ წარუდგენია, მასზე კი აქ ასე ზრუნავენ, – მაპატიეთ, თუ შეიძლება, რომ თავი არ წარმოგიდგინეთ, კარლ როსმანი გახლავართ.

– გერმანელი ხართ, ასე არ არის?

– დიახ, – უპასუხა კარლმა, – დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკაში ვარ.

– საიდან ხართ?

– პრაღიდან, ბოჰემიიდან, – უპასუხა კარლმა.

– ერთი შეხედეთ, – წამოიძახა გერმანულად შეფმზარეულმა, ინგლისური აქცენტით, – ესე იგი თანამემამულეები ვართ. ჩემი სახელია გრეტე

მიცელბახი, ვენიდან ვარ. პრაღას შესანიშნავად ვიცნობ, ნახევარი წელიწადი «ოქროს ბატში» ვმუშაობდი, ვენცელპლაცზე. ეს ხომ წარმოუდგენელია.

– ეს როდის იყო? – შეეკითხა კარლი.

– დიდი, დიდი ხნის წინათ.

– ძველი «ოქროს ბატი» ორი წლის წინათ დაანგრიეს.

– მართლა? – და შეფმზარეული ფიქრებით წარსულში ჩაიძირა.

მაგრამ მალევე გამოცოცხლდა, კარლს ხელი ჩაავლო და წამოიძახა:

– ახლა, როდესაც გამოირკვა, რომ ჩემი თანამემამულე ხართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ აქედან. ნუ მაწყენინებთ. ხომ არ გინდათ, მაგალითად, ლიფტიორად იმუშაოთ? თქვენ მხოლოდ მოისურვეთ და ეს ადგილი თქვენი იქნება. როცა ცოტათი მიიხედ-მოიხედავთ, მიხვდებით, რომ ასეთი ადგილის შოვნა არც ისე ადვილია. დასაწყისისათვის ხომ ვერაფერს უკეთესს ვერ მოიფიქრებ. ურთიერთობა გექნებათ ყველა სტუმართან, ყველა გაგიცნობთ, პატარ-პატარა დავალებებს მოგცემენ, ყოველდღე გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ წინ წაიწიოთ. დანარჩენზე ზრუნვა კი მე მომანდეთ.

– ლიფტიორად სიამოვნებით ვიმუშავებდი, – პასუხი დააყოვნა კარლმა. დიდი სისულელე იქნებოდა ლიფტიორის ადგილზე უარის თქმა

იმის გამო, რომ გიმნაზიის ხუთი კლასი აქვს დამთავრებული. აქ, ამერიკაში, გიმნაზიის ხუთი კლასი სამარცხვინოც კია. სხვათა შორის, ლიფ-

  

ტიორები კარლს ყოველთვის მოსწონდა, სასტუმროს სამკაულად მიაჩნდა ისინი.

– ენების ცოდნა არ არის აუცილებელი?

– თქვენ გერმანულად ლაპარაკობთ და მშვენივრად ფლობთ ინგლისურს, ეს სავსებით საკმარისია.

– ინგლისური ამერიკაში ვისწავლე, ორთვე-ნახევარში, – კარლმა გაიფიქრა, რომ თავისი ეს ერთადერთი უპირატესობა არ უნდა დაემალა.

– ეს თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს, – უთხრა შეფმზარეულმა, –

რომ მახსენდება, როგორ გამიჭირდა ინგლისური ენის სწავლა. მაგრამ

ეს ოცდაათი წლის წინათ იყო. სწორედ გუშინ ვლაპარაკობდი ამაზე.

სხვათა შორის, გუშინ ორმოცდაათი წელი შემისრულდა, – ღიმილით

ცდილობდა, ამოეკითხა კარლის სახეზე, რა შთაბეჭდილება მოახდინა

მასზე ასეთმა სოლიდურმა ასაკმა.

– მაშ, ბედნიერებას გისურვებთ, – უთხრა კარლმა.

– ეს ყოველთვის საჭიროა, – კარლს ხელი მოუჭირა და ამ ძველმა

მშობლიურმა გამოთქმამ, რომელიც გერმანულად ლაპარაკისას გაახსენდა, ნაღველი მოჰგვარა.

– მაგრამ მე ხომ გაყოვნებთ, – წამოიძახა შემდეგ, – თქვენ, რა თქმა

უნდა, დაღლილი იქნებით, და უმჯობესია, ყველაფერზე დღისით ვილაპარაკოთ. თანამემამულის ნახვის სიხარული ყველაფერს დაგავიწყებს ადამიანს. წამოდით, თქვენს ოთახში წაგიყვანთ.

– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ქალბატონო შეფმზარეულო,

– გაახსენდა კარლს ტელეფონის აპარატის დანახვაზე, რომელიც მაგიდაზე იდგა, – შესაძლოა, დილით, ალბათ ძალიან ადრე, ჩემმა ყოფილმა ამხანაგებმა ერთი ფოტოგრაფია მოიტანონ, რომელიც აუცილებლად მჭირდება. თუ არ შეწუხდებით, იქნებ დაურეკოთ პორტიეს და სთხოვოთ, ჩემთან ამოაგზავნოს ისინი, ან მე გამომიძახოს.

– აუცილებლად, – უპასუხა შეფმზარეულმა, – მაგრამ, არ იქნება საკმარისი, თუ გამოართმევს მათ ამ ფოტოგრაფიას? მაინც, რა ფოტოგრაფიაა ასეთი, თუ შეიძლება გკითხოთ?

  

– ეს ჩემი მშობლების ფოტოგრაფიაა, – უპასუხა კარლმა. – არა, მე

თავად უნდა დაველაპარაკო ამ ადამიანებს, – შეფმზარეულს აღარაფერი უთქვამს და პორტიეს ტელეფონით შესაბამისი განკარგულება გადასცა, თან კარლის ოთახის ნომერი –     – დაუსახელა.

შემდეგ შემოსასვლელის მოპირდაპირე კარით პატარა დერეფანში

გავიდნენ, სადაც ლიფტის გისოსზე მიყრდნობილ პატარა ლიფტიორს

ჩასძინებოდა, – ჩვენ თავად მოვემსახურებით ჩვენს თავს, – და შეფმზარეულმა კარლი ლიფტში შეუშვა, – ათ-თორმეტ საათიანი სამუშაო ასეთი ბიჭუნასათვის

მეტისმეტია, – თქვა ქალმა, ვიდრე ლიფტი ზევით ადიოდა, – მაგრამ

ასეა ამერიკაში. ეს პატარა ბიჭუნა, მაგალითად, სულ ნახევარი წელია,

რაც მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, იტალიელია. ახლა ისე გამოიყურება, იფიქრებ, ეს სამუშაო მის ძალ-ღონეს აღემატებაო, სახე სულ გამოლევია, სამუშაო საათებში ეძინება, თუმცა ბუნებით ძალზე დაუზარელია – მაგრამ კიდევ ნახევარი წელი უნდა იმუშაოს აქ ან ნებისმიერ სხვა ადგილას ამერიკაში და ყველაფერს იოლად გაუძლებს, ხუთ წელიწადში კი მისგან ძლიერი კაცი დადგება. ასეთ მაგალითებზე საათობით შემიძლია გელაპარაკოთ. თუმცა თქვენ არ მყავხართ მხედველობაში, თქვენ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ხართ; ჩვიდმეტი წლისა იქნებით, ასე არ არის?

– მომავალ თვეში თექვსმეტი შემისრულდება, – უპასუხა კარლმა.

– მხოლოდ თექვსმეტი! – წამოიძახა ქალმა, – მაშ, მხნედ!

ზემოთ რომ ავიდნენ, კარლი ერთ ოთახში შეიყვანა, რომლის ერთი

კედელი, როგორც მანსარდის ოთახებისა საერთოდ, დამრეცი იყო, სხვა

მხრივ კი, ორი ნათურის შუქზე, საკმაოდ მყუდროდ გამოიყურებოდა.

– ოთახის მოწყობილობა ნუ შეგაშინებთ, – უთხრა შეფმზარეულმა, –

ეს სასტუმროს ოთახი არ არის, ჩემი ბინის ნაწილია, რომელიც სამი

ოთახისაგან შედგება, ასე რომ, სრულებითაც არ შემავიწროებთ. მეზობელ ოთახში გასასვლელ კარს ჩავკეტავ, რომ თავი თავისუფლად იგრძნოთ. ხვალ, როგორც სასტუმროს ახალი მოსამსახურე, საკუთარ ოთახს მიიღებთ. ამხანაგებთან ერთად რომ მოსულიყავით, სასტუმროს

მომსახურე პერსონალის საერთო საძინებელში მოგათავსებდით, მაგრამ რაკი მარტო ხართ, ჩემი აზრით, აქ უფრო კარგად მოისვენებთ, მიუხედავად იმისა, რომ დივანზე მოგიწევთ დაძინება. ახლა კი მშვიდ

ძილს გისურვებთ, რათა სამუშაოსათვის ძალ-ღონე მოიკრიბოთ. ისე,

ხვალინდელი დღე არც ისე დაძაბული იქნება.

– უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თავაზიანობისათვის.

– მოითმინეთ, – და ზღურბლზე შეჩერდა, – თორემ ადრე გაგაღვიძებენ, – ოთახის გვერდით კართან მივიდა, დააკაკუნა და გასძახა: – ტერეზე!

– დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო, – გამოეხმაურა მბეჭდავი გოგონა.

– დილით ჩემს გასაღვიძებლად დერეფნით გამოდი, აქ ოთახში სტუმარს სძინავს. ძალიან დაღლილია, – კარლს გაუღიმა და უთხრა: – გასაგებია?

– დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო.

– მაშ, ღამე მშვიდობისა!

– მშვიდობის ღამეს გისურვებთ.

– საქმე ისაა რომ, – აუხსნა შეფმზარეულმა, – ეს რამდენიმე წელია,

ძალიან ცუდად მძინავს. არადა, ახლა შემიძლია, კმაყოფილი ვიყო ჩემი მდგომარეობით და, მართალი გითხრათ, ბევრი საფიქრალიც არ მაქვს. მაგრამ, ეტყობა, ეს უძილობა ადრე გადატანილი გასაჭირის შედეგია. გამთენიის სამ საათზე თუ მოვახერხე დაძინება, დიდი სიკეთეა. მაგრამ რაკი ხუთზე, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს ექვსის ნახევრისა, ისევ ადგილზე უნდა ვიყო, ტერეზეს ვთხოვე, გამაღვიძოს, თან რაც შეიძლება ფრთხილად, რომ ნერვები ახლანდელზე მეტად არ მომეშალოს. აბა, უკვე ყველაფერი იცით, და არც მე გტოვებთ დიდი ხნით. ღამე ნებისა! – და

თავისი წონის მიუხედავად. ოთახიდან თითქმის გაფრთხიალდა. კარლი ნეტარებით მოელოდა დაძინებას, რადგან ამ დღემ ძალიან დაღალა. უფრო მოხერხებულ გარემოს ხანგრძლივი და მშვიდი ძილისათვის ვერც ინატრებდა. ოთახი, მართალია, საძინებლად არ იყო გათვალისწინებული, უფრო შეფმზარეულის მისაღებ ოთახს ჰგავდა, და პირსაბანი ამ საღამოს საგანგებოდ მისთვის შემოიტანეს თუმცა, კარლი არ გრძნობდა თავს დაუპატიჟებელ სტუმრად, პირიქით, მზრუნველობით იყო გარემოცული. მისი ჩემოდანი წესრიგში იყო და კარგა ხანია ასე უსაფრთხოდ არ ყოფილა. უჯრებიან დაბალ კამოდზე, რომელზეც აჟურული შალის ქსოვილი იყო გადაფარებული, ჩარჩოებში და მინის ქვეშ

სხვადასხვა ფოტოები ეწყო. ოთახის თვალიერებისას კარლი შეჩერდა

და მათ დააკვირდა. უმეტესად ძველი ფოტოები იყო, რომლებზეც გოგონები იყვნენ აღბეჭდილნი ძველმოდურ, არაპრაქტიკულ კაბებში, დაუდევრად ჩამოფხატული, პატარა, მაგრამ მაღალი თავსაბურავებით,

მარჯვენა ხელით ქოლგაზე დაყრდნობილებს, მზერა მაყურებლისაკენ

მიეპყროთ, მაგრამ მათი გამოხედვა მაინც მოუხელთებელი იყო.

მამაკაცების სურათებს შორის კარლს ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფოტო მოხვდა თვალში, რომელსაც კეპი პატარა მაგიდაზე დაედო,

გაჭიმული იდგა თავისი ხშირი შავი ქოჩრით და მედიდურ სიცილს

ძლივს იკავებდა. მისი მუნდირის ღილები ფოტოგრაფიაზე ოქროთი დაეფერათ. ყველა ეს ფოტოგრაფია ალბათ ევროპიდან იყო წამოღებული.

ამისი წაკითხვა, რა თქმა უნდა, ფოტოების უკანა მხარეს იყო შესაძლებელი, მაგრამ კარლს არ უნდოდა მათი ხელში აღება. როგორც ეს ფოტოგრაფიები ეწყო აქ, ისე უნდოდა თავის მომავალ ოთახში მშობლებისა ჰქონოდა.

ის იყო მთელი ტანი საფუძვლიანად დაიბანა – თანაც, მეზობლის შეწუხების რიდით განსაკუთრებული სიფრთხილით – და დასაძინებლად დივანზე გაიშალა, რომ კარზე ჩუმი კაკუნი მოესმა. უცბად ვერ მიხვდა, რომელ კარზე აკაკუნებდნენ, ან შესაძლოა, ეს შემთხვევითი ხმაურიც ყოფილიყო. კაკუნი მაშინვე არ განმეორებულა, და კარლი უკვე თვლემდა, როცა კვლავ გაისმა. ახლა უკვე აღარ იყო საეჭვო, რომ ეს ნამდვილად კაკუნი იყო და ხმა მემანქანის კარიდან მოდიოდა. კარლმა ფეხის წვერებზე მიირბინა კართან და ხმადაბლა, რომ თუ კარს იქით ვინმეს ეძინა,

არ გაეღვიძებინა, ჰკითხა: – გნებავთ რაიმე?

ასეთივე ხმადაბალმა პასუხმა არ დააყოვნა: – ხომ ვერ გააღებდით

კარს? გასაღები თქვენს მხარესაა.

– ახლავე, – შეეხმიანა კარლი, – ოღონდ ჯერ უნდა ჩავიცვა.

მცირე პაუზის შემდეგ გაისმა: – არ არის საჭირო, გააღეთ და საწოლში

ჩაწექით, მე ცოტა ხანს მოვიცდი.

– კეთილი, – კარლი ასეც მოიქცა, გარდა ამისა, სინათლეც აანთო, –

უკვე ვწევარ, – გასძახა ოდნავ ხმამაღლა. და თავისი ჩაბნელებული ოთახიდან მემანქანე გოგონა შემოვიდა. ზუსტად ისევე ეცვა, როგორც ქვემოთ, კანტორაში, და ეტყობა, მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძინება არც უფიქრია.

– მაპატიეთ, თუ შეიძლება, – და კარლის საწოლისაკენ ოდნავ დაიხარა, – და გთხოვთ, არ გამცეთ. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, ვიცი, რომ

საშინლად დაღლილი ხართ.

– არა უშავს, – უთხრა კარლმა, – მაგრამ ალბათ უმჯობესია, ჩავიცვა,

– გაჭიმული იწვა, რომ საბანი კისრამდე აექაჩა, რადგან ღამის საცვალი

არ ეცვა.

– მხოლოდ ერთი წუთით შეგაწუხებთ, – და სავარძელს წაეტანა, – შეიძლება დივანთან ახლოს დავჯდე?

კარლმა თავი დაუქნია. გოგონა დივანთან ისე ახლოს მიიწია, კარლი

იძულებული იყო, კედელს აჰკროდა, რათა მისი დანახვა შესძლებოდა.

გოგონას მრგვალი სახე და სწორი ნაკვთები ჰქონდა, ოღონდ შუბლი მეტისმეტად მაღალი, რაც, შესაძლოა, ვარცხნილობის ბრალიც იყო, რომელიც მას არ უხდებოდა. ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად ეცვა. მარცხენა ხელში ცხვირსახოცი ჩაებღუჯა.

– დიდხანს დარჩებით აქ? – ჰკითხა მან.

– ეს ჯერ არ არის საბოლოოდ გარკვეული, – მიუგო კარლმა, – მაგრამ,

ვფიქრობ, დავრჩები.  

– ძალიან კარგი იქნებოდა, – და ცხვირსახოცით სახე მოიწმინდა, – მე

ისე მარტო ვგრძნობ აქ თავს.

– უცნაურია, – გაიკვირვა კარლმა, – ქალბატონი შეფმზარეული ხომ

ძალზე კეთილგანწყობილია თქვენ მიმართ. ის თქვენ ხელქვეითივით

არ გექცევათ. ისიც კი ვიფიქრე, რომ ნათესავები ხართ.

– ო, არა, – უპასუხა გოგონამ, – ჩემი სახელია ტერეზე ბერხტოლდი,

პომერანიიდან ვარ.

კარლმაც წარუდგინა თავი. გოგონამ ახლა ისე ჯიქურ შეხედა, თითქოს სახელის გაგების შემდეგ კარლი უფრო უცხო გახდა მისთვის. ერთხანს ორივე ჩუმად იყო. შემდეგ ისევ გოგონამ დაარღვია დუმილი: –

უმადური არ გეგონოთ, ქალბატონი შეფმზარეული რომ არა, ნამდვილად ძალიან გამიჭირდებოდა. ადრე სამზარეულოში ვმუშაობდი, აქვე,

სასტუმროში და უკვე გათავისუფლება მემუქრებოდა, რადგან მძიმე სამუშაოს თავს ვერ ვართმევდი. აქ ძალიან დიდი მოთხოვნებია. ერთი

თვის წინ სამზარეულოს ერთ-ერთმა გოგონამ გადაღლილობისაგან გონება დაკარგა და თოთხმეტი დღე საავადმყოფოში იწვა. მეც საკმაოდ

სუსტი ვარ, ბავშვობაში ბევრი რამ გადავიტანე და ამის გამო ცოტა ჩამოვრჩი კიდეც განვითარებაში; თქვენ ალბათ ვერ იფიქრებთ, რომ

თვრამეტი წლისა ვარ. მაგრამ ახლა უკვე თანდათან ჯან-ღონე მემატება.

– აქ მუშაობა, ჩანს, მართლაც ძალზე დამქანცველია, – თქვა კარლმა,

– ქვემოთ ახლა პატარა ლიფტიორი ბიჭი ვნახე, რომელსაც ფეხზე ეძინა.

– ამ დროს ლიფტიორების მდგომარეობა სხვებისაზე გაცილებით

უკეთესია. ისინი სტუმრებისაგან საკმაოდ კარგ გასამრჯელოს იღებენ

და არც ისეთი მძიმე სამუშაო აქვთ, როგორიც სამზარეულოს პერსონალს. მაგრამ ერთხელაც ბედმა გამიღიმა, ქალბატონ შეფმზარეულს

გოგონა დასჭირდა, რომელიც საბანკეტო სუფრას ხელსახოცებით გააწყობდა. სამზარეულოში ჩამოგზავნა კაცი. იქ ორმოცდაათამდე ჩემნაირი

გოგონაა, მაგრამ ბედად სწორედ მე მოვყევი ხელში და შეფმზარეული

ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ხელსახოცების გაწყობა ყოველ-

  

თვის მეხერხებოდა. ასე გადმომიყვანა თავისთან და თანდათან საკუთარ მდივნად გამომზარდა. ამასობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

– ნუთუ ამდენია აქ საბეჭდი? – ჰკითხა კარლმა.

– აჰ, ძალიან ბევრი, – მიუგო გოგონამ, – ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი. ხომ ნახეთ, ამ საღამოს თორმეტის ნახევრამდე ვმუშაობდი, და

დღევანდელი დღე გამონაკლისი არ არის. ცხადია, გამუდმებით ბეჭდვა

არ მიწევს, ქალაქშიც დავდივარ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.

– რა ჰქვია ამ ქალაქს? – ჰკითხა კარლმა.

– არ იცით? რამზესი.

– დიდი ქალაქია?

– ძალიან დიდი, – უპასუხა გოგონამ, – არ მიყვარს ქალაქში გასვლა.

მაგრამ თქვენ ალბათ უკვე გეძინებათ.

– არა, არა, მე ხომ ჯერ არც კი ვიცი, რისთვის შემოხვედით.

– იმისთვის, რომ დამლაპარაკებელი არავინ მყავს. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ როცა სრულიად მარტო ხარ, ბედნიერებაა, თუ, ბოლოს და

ბოლოს, ვინმე მოგისმენს. მე ქვემოთვე დაგინახეთ, დარბაზში, სწორედ

ქალბატონი შეფმზარეულის დასაძახებლად შემოვედი, როცა მან საკუჭნაოში შეგიყვანათ.

– ეს საშინელი დარბაზია, – თქვა კარლმა.

– მე ამას უკვე ვეღარ ვამჩნევ, – უპასუხა გოგონამ, – მხოლოდ იმის

თქმა მინდოდა, რომ ქალბატონი შეფმზარეული დედასავით კეთილად

მექცევა. მაგრამ ჩვენ შორის მდგომარეობის მიხედვით მეტისმეტად დიდი განსხვავებაა, რომ თავისუფლად შემეძლოს მასთან დალაპარაკება.

სამზარეულოს გოგონებს შორის მყავდა ადრე მეგობრები, მაგრამ ისინი

უკვე დიდი ხანია, აქ აღარ არიან, ახალ გოგონებს კი თითქმის არც ვიცნობ. ზოგჯერ მეჩვენება, ახლანდელი სამუშაო უფრო დამღლელია ჩემთვის, ვიდრე ადრინდელი, რომ ისე კარგად ვერ ვართმევ თავს, და ქალბატონი შეფმზარეული მხოლოდ სიბრალულის გამო მაჩერებს ამ ადგილზე. ბოლოს და ბოლოს, მდივანი რომ გახდე, ნამდვილად უკეთესი

  

სასკოლო განათლებაა საჭირო. ცოდვაა ამის თქმა, მაგრამ ხშირად შიში

მიპყრობს, რომ გავგიჟდები. ღვთის გულისათვის, – უცებ ლაპარაკს მოუჩქარა და კარლს მხარზე მოჰკიდა ხელი, რადგან მას ხელები საბანში

ჰქონდა ჩამალული, – ქალბატონ შეფმზარეულთან სიტყვა არ დაგცდეთ, თორემ დავიღუპები. იმ თავსატეხის გარდა, რასაც ჩემი მუშაობით ვუქმნი, კიდევ ტკივილსაც თუ მივაყენებ, ეს მართლაც მეტისმეტი

იქნება.

– ცხადია, არაფერს ვეტყვი, – უპასუხა კარლმა.

– ძალიან კარგი, და დარჩით აქ. მოხარული ვიქნები, თუ აქ დარჩებით და, თუ თქვენი სურვილიც იქნება, ერთმანეთს მხარს გავუმაგრებთ.

როგორც კი პირველად დაგინახეთ, თქვენდამი ნდობით გავიმსჭვალე.

და მიუხედავად ამისა – წარმოგიდგენიათ, რა ცუდი ვარ – შემეშინდა,

რომ ქალბატონი შეფმზარეული თქვენ აგიყვანდათ მდივნად და მე გამათავისუფლებდა. მაგრამ, როცა აქ მარტო ვიჯექი, ვიდრე თქვენ ქვემოთ იყავით, კანტორაში, ავწონ-დავწონე და ვიფიქრე, უკეთესიც კი იქნებოდა, თუ ჩემს ადგილს დაიკავებდით, რადგან თქვენ ნამდვილად

უკეთესად გაართმევთ ამ სამუშაოს თავს. თუ ქალაქში დავალებებზე სიარული არ გენდომებათ, შემიძლია ეს სამუშაო მე შევასრულო. საერთოდ კი, სამზარეულოში მუშაობით ალბათ მეტი სარგებლობის მოტანას შევძლებ, მით უმეტეს, რომ უკვე ცოტა მოვმაგრდი.

– საქმე უკვე მოგვარებულია, – უთხრა კარლმა, – მე ლიფტიორად ვიმუშავებ, თქვენ კი მდივნის ადგილზე დარჩებით. მაგრამ თუ ქალბატონ

შეფმზარეულს თუნდაც სიტყვას გადაუკრავთ თქვენს გეგმებზე, ყველაფერს მოვახსენებ, რაც დღეს გამანდეთ, რაც უნდა სამწუხარო იყოს ეს

ჩემთვის.

მისმა ტონმა ტერეზე ისე ააღელვა, რომ საწოლთან დაემხო და ატირებულმა თავი საბანში ჩარგო, – მე, რა თქმა უნდა, არ გაგცემთ, – დაამშვიდა კარლმა, – მაგრამ არც თქვენ უნდა უთხრათ არაფერი.

კარლი ახლა უკვე საბანში დამალული ვეღარ დარჩებოდა, გოგონას

მხარზე ხელი გადაუსვა, რადგან სიტყვებს ვეღარ პოულობდა; ესღა გა-

  

იფიქრა, რომ არც აქ ექნებოდა დალხენილი ცხოვრება. ბოლოს გოგონა

დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში, შერცხვა თავისი ტირილის გამო,

კარლს მადლიერებით შეხედა, ურჩია, დილით კარგად გამოეძინებინა

და დაჰპირდა, თუ დროს ვიპოვი, რვა საათისათვის გასაღვიძებლად ამოვალო.

– გაღვიძება ნამდვილად გეხერხებათ, – უთხრა კარლმა.

– დიახ, ცოტა რამ მაინც შემიძლია, – გამომშვიდობების ნიშნად ხელი საბანზე მსუბუქად გადაუსვა და თავისი ოთახისაკენ გაიქცა.

მეორე დღეს კარლმა დაჟინებით მოითხოვა, ახლავე შევუდგები სამსახურსო, თუმცა ქალბატონ შეფმზარეულს უნდოდა, ეს დღე მისთვის

რამზესის დასათვალიერებლად მიეცა. მაგრამ კარლმა გულახდილად

განაცხადა, საამისო შემთხვევა კიდევ მომეცემაო. ახლა კი მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, საქმეს შეუდგეს; ევროპაში აკი ერთხელ უკვე მიატოვა დაწყებული საქმე, და ახლა იძულებულია, ლიფტიორად დაიწყოს მუშაობა, მაშინ, როცა მისი ასაკის ყმაწვილები უკვე მზად არიან,

სამსახურებრივი იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე შედგან ფეხი.

სავსებით სწორია, რომ ლიფტიორობით იწყებს თავის კარიერას. მაგრამ სწორია ისიც, რომ განსაკუთრებულად უნდა იჩქაროს. საქმის ასეთ

ვითარებაში ქალაქის დათვალიერება ვერავითარ სიამოვნებას ვერ მიანიჭებს. იმ პატარა გასეირნების უფლებაც კი არ მისცა თავს, რომელიც

ტერეზემ შესთავაზა. მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ თუ ჯეროვან სიბეჯითეს არ გამოიჩენდა, ბოლოს დელამარშისა და რობინსონის ბედს გაიზიარებდა.

სასტუმროს თერძთან ლიფტიორის ფორმა მოასინჯეს, რომელიც

ოქროს ღილებითა და სირმით გაწყობილი, შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მის ჩაცმაზე კარლს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, რადგან იღლიებში ქურთუკი ცივი, გამაგრებული და სველი იყო იმ ლიფტიორი ბიჭუნების ოფლისაგან, რომელთაც ის ადრე უტარებიათ. უპირველეს ყოვლისა, საჭირო გახდა ფორმის გაფართოვება კარლის მკერდის ზომაზე,

რადგან ათი ფორმიდან, რომლებიც გარდერობში იყო, არც ერთი მიახ-

  

ლოებითაც კი არ მოერგო. აუცილებელი გადაკეთებისა და ოსტატის

უხეირობის მიუხედავად – უკვე გამზადებული ფორმა მისი ხელიდან ორჯერ დაბრუნდა სახელოსნოში – ხუთიოდე წუთში ყველაფერი მოგვარდა

და კარლმა ატელიე დატოვა უკვე ლიფტიორის შემოტკეცილი შარვლითა და, ოსტატის თავგამოდების მიუხედავად, ისეთი ვიწრო ქურთუკით,

რომ ცდილობდა, სუნთქვის ვარჯიშები შეესრულებინა, რათა დარწმუნებულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ მასში სუნთქვა.

შემდეგ კარლი მსახურთუხუცესთან გამოცხადდა, რომლის განკარგულებაშიც უნდა ემუშავა – ტანმაღალ, მოხდენილ ორმოციოდე წლის

კაცთან, რომელსაც მსხვილი ცხვირი ჰქონდა. რადგან მას არ ეცალა, მცირე ხნით მაინც გასაუბრებოდა კარლს, ზარით ლიფტიორი გამოიძახა,

შემთხვევით სწორედ ის, გუშინ რომ ნახა კარლმა. უფროსი მას უბრალოდ ნათლობის სახელით «ჯაკომოთი» მიმართავდა, რაც კარლმა

მოგვიანებით გაარკვია, რადგან ინგლისური წარმოთქმით სახელის გარჩევა შეუძლებელი იყო. ამ ყმაწვილს დაევალა, ეჩვენებინა კარლისათვის, რაც ლიფტიორის სამსახურისათვის იყო საჭირო; მაგრამ ის ისე

მორცხვობდა და ჩქარობდა, რომ კარლმა, თუმცა საჩვენებელი ბევრი

არაფერი იყო, მისგან თითქმის ვერაფერი შეიტყო. ჯაკომო ალბათ იმის

გამოც ბრაზობდა, რომ კარლის გულისთვის ლიფტიორის სამსახური

დაატოვებინეს და ამიერიდან მოახლეებს უნდა დახმარებოდა. ეს კი,

გარკვეული

მოსაზრებებით, რაც კარლისთვის არ გაუმხელია, სამარცხვინოდ მიაჩნდა. კარლი იმედგაცრუებული დარჩა, უპირველეს ყოვლისა, იმით,

რომ ლიფტიორის ურთიერთობა ლიფტთან მხოლოდ ღილაკზე ხელის

დაჭერით და მისი ამგვარად ამოძრავებით შემოიფარგლებოდა, ძრავის

შეკეთება კი მხოლოდ სასტუმროს მექანიკოსების საქმე იყო, ასე რომ,

ჯაკომოს, მაგალითად, მიუხედავად ლიფტიორად ნახევარი წლის სამსახურისა, არც ძრავა ენახა თვალით და არც ლიფტის მექანიზმი, თუმცა

ეს, როგორც თავად თქვა, ძალიანაც აინტერესებდა. სამუშაო, საერთოდ,

ძალზე ერთფეროვანი იყო და, რამდენადაც ცვლა თორმეტ საათს

  

გრძელდებოდა მონაცვლეობით დღისით და ღამით, ისე დამქანცველი,

რომ ჯაკომოს სიტყვებით, მისი გაძლება შეუძლებელი იქნებოდა, თუ

დროდადრო რამდენიმე წუთით ფეხზე ძილს არ შეეჩვეოდი. კარლს ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ჯაკომოს სწორედ ამ ჩვევად

უღირდა ეს ადგილი.

კარლს ხელს აძლევდა, რომ ლიფტი, რომელსაც ის მოემსახურებოდა, მხოლოდ ზედა სართულებისათვის იყო განკუთვნილი, რაც მას თავიდან ააცილებდა მდიდარ და პრეტენზიულ სტუმრებთან ურთიერთობას. მართალია, აქ ბევრს ვერაფერს ისწავლიდა, მაგრამ დასაწყისისათვის არც ისე ცუდად ეჩვენებოდა.

პირველივე კვირის შემდეგ კარლისათვის ნათელი გახდა, რომ სამუშაოს თავს გაართმევდა. მისი ლიფტის თითბერი ისე იყო გაპრიალებული, დანარჩენი ოცდაათი ლიფტიდან ვერც ერთი ვერ შეედრებოდა, და

ალბათ კიდევ უფრო მეტადაც იპრიალებდა, მისი მეწყვილე ბიჭი ცოტათი მაინც რომ მგვანებოდა მას სიბეჯითით და მის იმედად თავი არხეინად არ ეგრძნო. ეს იყო მკვიდრი ამერიკელი, გვარად რენელი, პატივმოყვარე პირტიტველა ჭაბუკი შავი თვალებითა და ოდნავ ჩაცვენილი

ლოყებით. მას საკუთარი ელეგანტური კოსტიუმი ჰქონდა, რომლითაც

საღამოობით, სუნამოშეფრქვეული, ქალაქისაკენ მიიჩქაროდა ხოლმე;

ზოგჯერ კარლსაც სთხოვდა, საღამოს შეეცვალა, ოჯახური საქმეების

მომიზეზებით, და სულაც არ ადარდებდა, რომ მისი გარეგნობა ამგვარი

საბაბის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. მიუხედავად ამისა, კარლს ის

მოსწონდა და სიამოვნებდა, როცა რენელი ასეთ საღამოს, წასვლამდე,

თავის ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი, ლიფტთან მის წინ შეჩერდებოდა, კიდევ ერთხელ მოუბოდიშებდა, ხელებზე ხელთათმანებს

ამოიქაჩავდა, და შემდეგ დერეფანს გაუყვებოდა. ამგვარი შენაცვლებით

კარლს, უბრალოდ, უნდოდა სამსახური გაეწია მისთვის, რაც მას უფროსი კოლეგის მიმართ დასაწყისისათვის ბუნებრივად მიაჩნდა, ოღონდ ეს

დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ეს გამუდმებული მგზავ-

  

რობა ზევით-ქვევით საკმაოდ დამღლელი იყო, რაც, მით უმეტეს საღამოობით, წუთით არ წყდებოდა.

მალე კარლმა სწრაფად და მდაბლად თავის დაკვრაც ისწავლა, როგორც ეს ლიფტიორ ბიჭებს მოეთხოვებათ, და გასამრჯელოსაც ჰაერშივე იჭერდა. წვრილი ფული უმალ მისი ჟილეტის ჯიბეში უჩინარდებოდა

და მისი სახის გამომეტყველებით ძნელი იყო მიხვედრა, გულუხვად დააჯილდოვეს თუ ძუნწად. მანდილოსნებს განსაკუთრებული მოწიწებით

უღებდა კარს და მხოლოდ მათ შემდეგ შევიდოდა ხოლმე ფრთხილად,

რადგან ისინი თავიანთი გრძელი კაბების, ქუდებისა და მოსასხამების

გამო უფრო ნელა შედიოდნენ ლიფტში, ვიდრე მამაკაცები. მგზავრობის

დროს კართან ახლოს, მგზავრებისაკენ ზურგით იდგა, რათა ნაკლებად

მიეპყრო მათი ყურადღება, ხელი კარის სახელურზე ეჭირა, რომ გაჩერებისას სწრაფად და უცაბედი ხმაურის გარეშე გაეწია კარი. ზოგჯერ

მგზავრობისას ვიღაცა მხარზე

ხელს დაარტყამდა, რათა რაღაც ეკითხა. მაშინ სწრაფად შემოტრიალდებოდა, თითქოს ელოდაო ამას და ხმამაღლა პასუხობდა. ხშირად,

მიუხედავად ლიფტების სიმრავლისა, განსაკუთრებით თეატრის დამთავრების შემდეგ ან რომელიმე სწრაფი მატარებლის ჩამოსვლის შემთხვევაში, ისეთი ჭედვა შეიქმნებოდა ხოლმე, რომ კარლი, როგორც კი

ზემოთ სტუმრებს გადმოსხამდა, მაშინვე ქვემოთ უნდა ჩაქანებულიყო,

რათა იქ მომლოდინე მგზავრები აეყვანა. შეეძლო მოექაჩა ბაგირი, რომელიც ლიფტის კაბინაში გადიოდა, და ამით ჩვეულებრივი სიჩქარე გაეზარდა, მაგრამ ლიფტის ექსპლოატაციის წესების მიხედვით ეს აკრძალული იყო და თან სახიფათოც. ამ ხერხს კარლი არასოდეს მიმართავდა, როცა მგზავრები მიჰყავდა, მაგრამ ზემოთ რომ გადმოსხამდა მათ

და ქვემოთ კი სხვები ელოდნენ, მაშინ წესებს ყურადღებას აღარ აქცევდა და ბაგირს მეზღვაურივით ძლიერად, რიტმულად ექაჩებოდა. კარლმა იცოდა, რომ სხვა ლიფტიორებიც აკეთებდნენ ამას და არ უნდოდა

თავისი მგზავრების დაკარგვა. ზოგიერთი სტუმარი, რომელიც შედარებით ხანგრძლივად ცხოვრობდა სასტუმროში, რაც აქ საკმაოდ ხშირი

  

იყო, ღიმილით ანიშნებდა კარლს, რომ ცნობდა. კარლი ამგვარ თავაზიანობას სერიოზული გამომეტყველებით პასუხობდა, გულში კი სიამოვნებდა. ზოგჯერ, როცა მოძრაობა შედარებით შენელდებოდა ხოლმე, პატარა დავალებებსაც ასრულებდა, მაგალითად, თუ რომელიმე

სტუმარს არ უნდოდა ზედმეტად ნომერში ასვლა იქ დავიწყებული რაღაც წვრილმანის ჩამოსატანად, კარლი იმწამსვე აფრინდებოდა მარტო

თავისი ლიფტით, რომელიც ასეთ წუთებში განსაკუთრებით საყვარელი

იყო მისთვის, გადმოვიდოდა საჭირო სართულზე, შევიდოდა უცხო

ოთახში, სადაც უმეტესად ისეთი უცნაური ნივთები ეწყო, ან ეკიდა ტანსაცმლის საკიდებზე, რომლებიც მას არასოდეს ენახა, გრძნობდა უცხო

საპნის, სუნამოსა თუ პირში გამოსავლები წყლის თავისებურ სურნელს,

და ბუნდოვანი მინიშნებების მიუხედავად, ნაპოვნი ნივთით დაუყოვნებლივ ბრუნდებოდა უკან. ხშირად ნანობდა, რომ უფრო მსხვილი დავალებების შესრულება არ უწევდა, რადგან ამისათვის სასტუმროში სპეციალურად ჰყავდათ მოსამსახურეები ან შიკრიკები, რომლებიც ველოსიპედებითა და მოტოციკლებითაც კი იყვნენ უზრუნველყოფილნი. მხოლოდ ოთახიდან სასადილოში ან სათამაშო ოთახებში შეეძლო კარლს

გაქცეულ-გამოქცეულიყო საჭიროების შემთხვევაში დავალების შესასრულებლად.

როცა თორმეტსაათიანი სამუშაოს შემდეგ, სამ დღეს საღამოს ექვს

საათზე, მომდევნო სამ დღეს კი დილის ექვს საათზე ბრუნდებოდა, ისე

იყო ხოლმე დაქანცული, რომ არავისზე ფიქრის თავი აღარ ჰქონდა და

მაშინვე დასაძინებლად წვებოდა. ლიფტიორების საერთო საძინებელში ეძინა; ქალბატონი შეფმზარეული, რომლის გავლენაც არც ისე დიდი

ყოფილა, როგორიც კარლს პირველ საღამოს მოეჩვენა, მართალია, შეეცადა საკუთარი ოთახი გაეხერხებინა მისთვის, და ალბათ გაუხერხებდა კიდეც, მაგრამ, რადგან კარლმა დაინახა, რა რთული იყო ეს და როგორ დაურეკა რამდენჯერმე კარლის უფროსს, იმ უაღრესად დაკავებულ

კაცს, ამ საქმის თაობაზე, უარი თქვა და დაარწმუნა კიდეც შეფმზარეული თავისი უარის საფუძვლიანობაში იმ არგუმენტით, რომ არ უნდოდა,

  

სხვა ლიფტიორებს შურის თვალით შეეხედათ მისთვის დაუმსახურებლად მინიჭებული უპირატესობის გამო.

ამ საერთო საძინებელში მოსვენება, რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან თითოეული მათგანი თორმეტსაათიან თავისუფალ დროს თავისებურად ანაწილებდა ჭამაზე, ძილზე, გართობასა და

დამატებით საშოვარზე; საძინებელში გამუდმებით აუტანელი აურზაური იყო. ზოგს ეძინა და საბანი თავზე ჰქონდა წაფარებული, რათა

არაფერი გაეგონა; და თუ რომელიმეს სხვების ხმაურზე გაეღვიძებოდა,

გააფთრებული ისეთ ყვირილს ატეხდა, ყველაზე ძილისგუდებიც კი ვერ

უძლებდნენ და წამოცვივდებოდნენ ხოლმე. თითქმის ყველა ბიჭს ჰქონდა საკუთარი ჩიბუხი, და რადგან ეს ფუფუნების საგნად ითვლებოდა,

კარლმაც შეიძინა და მალე გაუგო კიდეც გემო. რაკი სამსახურებრივ საათებში მოწევა ეკრძალებოდათ, აქედან გამომდინარე, ყველა, თუკი არ

ეძინა, საძინებელ ოთახში ეწეოდა. ამის შედეგად ყოველი საწოლი საკუთარ კვამლის ღრუბელში იყო გახვეული, და ყველაფერი გარშემო – საერთო ბურუსში ჩაძირული. ვერაფრით მოახერხეს – თუმც უმრავლესობა

ამის მომხრე იყო – ღამით დარბაზის მხოლოდ ერთ ბოლოში ყოფილიყო სინათლე ანთებული. ეს საკითხი რომ მოეგვარებინათ, ვისაც მოუნდებოდა, დარბაზის ბნელ ნაწილში შეძლებდა მშვიდად ძილს – დარბაზი კი დიდი იყო, ორმოცდაათსაწოლიანი; დანარჩენებს კი შესაძლებლობა ექნებოდათ განათებულ ნაწილში კამათლის, ბანქოს თამაშისა,

თუ ნებისმიერი საქმის კეთებისა, რისთვისაც სინათლეა საჭირო. თუ რომელიმეს, ვისი საწოლიც დარბაზის განათებულ ნაწილში იდგა, დაძინება მოუნდებოდა, თამამად შეეძლო დაწოლილიყო ერთ-ერთ თავისუფალ საწოლზე ჩაბნელებულ ნაწილში, რადგან თავისუფალი საწოლები

ყოველთვის საკმარისად იყო, და არავინ იქნებოდა წინაღმდეგი, მისი

საწოლი დროებით სხვას გამოეყენებინა, მაგრამ არ ყოფილა ღამე, რომ

ამგვარი წესრიგი დაეცვათ. ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგალითად, ორი ადამიანი, რომლებსაც სიბნელეში გამოძინების შემდეგ

საკუთარ საწოლებს შორის გადებულ ფიცარზე ბანქოს თამაშის სურვი-

  

ლი გაუჩნდებოდათ, და, ცხადია, უახლოეს ნათურას აანთებდნენ, რომლის მკვეთრი სინათლე მაშინვე ფეხზე წამოყრიდა მძინარეებს, თუ მათ

სინათლე სახეში სცემდათ. ერთხანს იწრიალებდნენ, მაგრამ ბოლოს,

ვერაფერს უკეთესს რომ ვერ მოიფიქრებდნენ, ისინიც გამოღვიძებულ

მეზობელთან ბანქოს თამაშს წამოიწყებდნენ. და ცხადია, ჩიბუხებიც მაშინვე აბოლდებოდა. იყვნენ, რა თქმა უნდა, ისეთებიც, ვისაც ამ პირობებშიც კი ძილი ერჩია ყველაფერს – კარლიც უმეტესად მათ რიცხვს

ეკუთვნოდა – და ისინი, ბალიშზე თავის დადების ნაცვლად, ბალიშს

იდებდნენ თავზე; მაგრამ განა შესაძლებელია ძილი, როცა უახლოესი

მეზობელი შუაღამით წამოდგება, რათა სამუშაოს დაწყებამდე ცოტა

ხნით ქალაქში გაისეირნოს, როცა ის შენი საწოლის თავთან დაყენებულ

ნიჟარაში ხმაურით იბანს პირს და წყალს გაშხეფებს, როცა არა მარტო

ხმაურით იცვამს ჩექმებს, არამედ იატაკზე აბაკუნებს ქუსლებს, რათა

უკეთესად ჩატენოს შიგ ფეხები – თითქმის ყველა, მიუხედავად ამერიკული კალაპოტისა, ვიწრო ჩექმებს ატარებდა – ბოლოს კი, რაღაც წვრილმანის მოსაძებნად, რომელიც მის აღჭურვილობას აკლია, მძინარე მეზობელს თავიდან ააცლის ბალიშს, რომლის ქვეშ მას უკვე ისედაც კარგა

ხანია ღვიძავს და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება, რომ თავდამსხმელს საკადრისი პასუხი გასცეს? უნდა ითქვას, რომ ყველანი

სპორტსმენები იყვნენ, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ჭაბუკები, რომლებიც ხელიდან არ უშვებდნენ შემთხვევას, სპორტულად გავარჯიშებულიყვნენ. და შუაღამისას, საშინელი ხმაურისაგან გამოღვიძებული, არ

იყავი დაზღვეული, რომ შენს საწოლთან, იატაკზე, ორ მორკინალს არ

აღმოაჩენდი, გარშემო კი, თვალისმომჭრელად განათებულ საწოლებზე

– ღამის საცვლებში ფეხზე მდგარ სეირის მაყურებლებს. ერთხელ, ამგვარი ღამეული კრივის რაუნდის დროს, ერთ-ერთი მებრძოლი მძინარე

კარლს დაეცა თავზე და პირველი, რაც თვალგახელილმა კარლმა დაინახა, ჭაბუკის ცხვირიდან წამსკდარი სისხლი იყო, რომელმაც, ვიდრე

რამეს მოიმოქმედებდნენ, მთელი საწოლი შეღება. ხშირად კარლი

  

თითქმის მთელ თორმეტ საათს იმის ცდაში ატარებდა, რამდენიმე

საათით მაინც წაეძინა, თუმცა დიდი იყო ცთუნება, სხვების საუბარში მიეღო მონაწილეობა; მაგრამ ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ სხვებს მასთან შედარებით რაღაც უპირატესობა გააჩნდათ ცხოვრებაში, რაც მას

ბეჯითი შრომითა და ზოგიერთ რამეზე უარის თქმით უნდა გაეწონასწორებინა. ამგვარად, თუმცა სამუშაოს გამო ძილი კარლისათვის ძალზე

მნიშვნელოვანი იყო, საერთო საძინებლის შესახებ არც შეფმზარეულთან დაუჩივლია, არც ტერეზესთან, რადგან, ჯერ ერთი, ეს პრობლემა

ყველა ჭაბუკს აწუხებდა, მაგრამ არ წუწუნებდნენ ამაზე, და მეორეც, საერთო საძინებლის სატანჯველი აუცილებელი ნაწილი იყო ლიფტიორის მოვალეობისა, რაც მან მადლიერებით მიიღო შეფმზარეულის ხელიდან.

კვირაში ერთხელ, ცვლის გადაბარებისას, ოცდაოთხი საათი ჰქონდა

თავისუფალი. ამ დროს შეფმზარეულს მოინახულებდა ხოლმე, ან ტერეზეს, მის თავისუფალ წუთებს დადარაჯებული, სადმე, რომელიმე კუთხეში, დერეფანში ან, მხოლოდ იშვიათად, მის ოთახში, ორი სიტყვით

დაელაპარაკებოდა. ზოგჯერ ქალაქშიც გაჰყვებოდა ხოლმე სასწრაფო

საქმეებზე. თითქმის სირბილით – კარლს ტერეზეს ჩანთა ეჭირა – მეტროს უახლოეს სადგურამდე მივიდოდნენ, მატარებელი მიქროდა, თითქოს არავითარ წინააღმდეგობას არ განიცდიდა, თვალის დახამხამებაში

გაჩნდებოდნენ ადგილზე, და ნაცვლად იმისა, რომ ესკალატორს დალოდებოდნენ, რომელიც ძალზე ნელი ეჩვენებოდათ, კიბეებზე არბოდნენ;

მათ ფეხქვეშ ჩნდებოდა მოედნები, მათგან აქეთ-იქით ვარსკვლავისებურად მიემართებოდნენ ქუჩები; თვალებს უჭრელებდა ყოველი მხრიდან

მომდინარე ტრანსპორტის ნაკადი, მაგრამ კარლი და ტერეზე, ხელიხელჩაკიდებულნი, ელვისებური სისწრაფით შერბოდნენ სხვადასხვა

კანტორაში, სამრეცხაოში, საწყობსა თუ მაღაზიაში, სადაც ტელეფონით

ძნელად მოსაგვარებელი, თუმც არც ისე მნიშვნელოვანი დავალებები

იყო შესასრულებელი ან საჩივრები გასარკვევი. ტერეზე მალე მიხვდა,

რომ კარლის დახმარებაზე უარის თქმა არ ღირდა, პირიქით, ის საგ-

  

რძნობლად აჩქარებდა საქმეს. კარლის წყალობით აღარ უწევდა ადრინდელივით დიდხანს ლოდინი, რომ უაღრესად დაკავებულ საქმოსნებს

მისთვის ყური ეთხოვებინათ. იმდენ ხანს აბრახუნებდა მუშტით კანტორის კარზე, სანამ არ უპასუხებდნენ; მის წინ აღმართულ ადამიანების კედელს ზემოდან გადასძახებდა თავისი ხაზგასმულად სწორი, ათას ხმაში გამოსარჩევი ინგლისურით, უყოყმანოდ შეაღწევდა ადამიანებთან,

მაშინაც კი, როცა ისინი ქედმაღლურად გაუჩინარდებოდნენ ხოლმე თავიანთი ვრცელი კანტორების სიღრმეში. ყოველივე ამას აკეთებდა არა

ახალგაზრდული ყოყლოჩინობით, არამედ პატივისცემით ხვდებოდა

ყოველგვარ წინააღმდეგობას, მაგრამ თავს დაცულად გრძნობდა, რაც

მას უფლებამოსილებას ანიჭებდა – სასტუმრო «ოქსიდენტალი» იყო

დაწესებულება, რომელთანაც ხუმრობა არ ეგებოდა, და, ბოლოს და ბოლოს, ტერეზეს, მიუხედავად მისი გამოცდილებისა, დახმარება სჭირდებოდა.

– თქვენ ყოველთვის უნდა მახლდეთ, – ეტყოდა დროდადრო ბედნიერი ღიმილით, განსაკუთრებით, როცა წარმატებით შესრულებული

დავალების შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ უკან.

იმ თვე-ნახევრის განმავლობაში, რომელიც კარლმა რამზესში გაატარა, მხოლოდ სამჯერ დაყო შედარებით დიდხანს, რამდენიმე საათი, ტერეზეს ოთახში. ის, რა თქმა უნდა, ყველაზე პატარა იყო შეფმზარეულის

ოთახებს შორის. მცირეოდენი ავეჯი, ძირითადად ფანჯარასთან იყო

განლაგებული, მაგრამ საერთო საძინებლის გამოცდილების შემდეგ

კარლს კარგად ესმოდა საკუთარი, შედარებით მშვიდი კუთხის ფასი, და

თუმცა პირდაპირ არ უთქვამს ამის შესახებ, ტერეზე ხვდებოდა, რომ

კარლს მოსწონდა მისი სენაკი. მისგან საიდუმლო არ ჰქონდა, ან კი როგორ უნდა ჰქონოდა რაიმე საიდუმლო იმ პირველი საღამოს ვიზიტის

შემდეგ?! ის უკანონო შვილი იყო, მამა მშენებლობაზე ათისთავად მუშაობდა და ქალი და ბავშვი პომერანიიდან გამოიხმო; მაგრამ ამით თითქოს მხოლოდ მოვალეობა მოიხადა ან თითქოს სხვა ადამიანებს ელოდა

და არა შრომისაგან ქანცგაწყვეტილ ქალსა და სუსტ გოგონას, რომლებ-

  

საც ნავსადგურში დახვდა; მათი ჩამოსვლის შემდეგ მალე, ყოველგვარი

ახსნა-განმარტების გარეშე, ემიგრაციაში გაემგზავრა კანადაში და მას

მერე მისგან არც წერილი და არც რაიმე შეტყობინება აღარ მიუღიათ,

რაც ნაწილობრივ არც იყო გასაკვირი – ისინიც ხომ უმისამართოდ ჩაიკარგნენ აღმოსავლეთ ნიუ-იორკის ჯურღმულებში.

ერთხელ ტერეზე კარლს დედის გარდაცვალების შესახებ უამბობდა

– კარლი მის გვერდით იდგა ფანჯარასთან და ქუჩაში იყურებოდა. როგორ მიიჩქაროდნენ ზამთრის ერთ საღამოს ის და დედა – ტერეზე მაშინ

ხუთი წლისა თუ იქნებოდა – ფუთებით ხელში ქუჩაში, რათა დასაძინებელი ადგილი მოეძებნათ. დედას ჯერ ხელი ჰქონდა მასზე ჩაკიდებული

და ისე მიჰყავდა – ქარბუქი იყო და გადაადგილება ჭირდა – ვიდრე ხელში ძალა არ გამოეცალა და ტერეზეს უკანმოუხედავად შეუშვა ხელი; გოგონა ახლა თვითონ ებღაუჭებოდა დედას კაბის კალთაზე. ხშირად ბორძიკობდა და ეცემოდა კიდეც, მაგრამ დედა თითქოს ბურანში იყო და არ

ჩერდებოდა. საშინელია ქარბუქი ნიუ-იორკის გრძელ, სწორ ქუჩებში!

კარლს ნიუ-იორკული ზამთარი ჯერ არ ენახა. თუ ქარის საწინააღმდეგო

მიმართულებით მიდიხარ, ის კი ატაცებულ თოვლს ჰაერში ატრიალებს,

თვალის თუნდაც წამით გახელა შეუძლებელია, ქარი თოვლით გადაგილესავს სახეს. ცდილობ გაიქცე, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრი, ეს ნამდვილი სასოწარკვეთილებაა. ბავშვისათვის, რა თქმა უნდა, ეს შედარებით ადვილია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისათვის – გარბის ქარში და

ცოტა უხარია კიდეც. ტერეზესაც არ ესმოდა მაშინ ბოლომდე დედის, და

მტკიცედაა დარწმუნებული, იმ საღამოს რომ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყო – არადა მაშინ ხომ ჯერ სულ პატარა იყო – დედა ასე საცოდავად

არ დაიღუპებოდა. დედა ორი დღის უმუშევარი იყო, ცენტიც კი აღარ გააჩნდა, მთელი დღე ღია ცის ქვეშ, ულუკმაპუროდ გაატარეს, ფუთებში

უსარგებლო ნაფლეთები ჰქონდათ გამოკრული, მაგრამ ალბათ ცრურწმენის გამო გადაგდებას ვერ ბედავდნენ. მეორე დღისთვის დედას მშენებლობაზე ჰპირდებოდნენ სამუშაოს, მაგრამ, როგორც მთელი დღის

განმავლობაში ცდილობდა აეხსნა ტერეზესათვის, ეშინოდა, რომ ამ

  

ხელსაყრელ შემთხვევას ვერ გამოიყენებდა, რადგან ძალ-ღონე მთლიანად გამოცლილი ჰქონდა. დილითვე ქუჩაში, გამვლელთა შესაძრწუნებლად, სისხლს ახველებდა, და მისი ერთადერთი ნატვრა იყო, სადმე

სითბოში სული მოეთქვა. და სწორედ იმ საღამოს გახდა შეუძლებელი

მსგავსი ადგილის პოვნა. იქ, სადაც მეეზოვე შესასვლელიდანვე არ გამოაძევებდა, რომ უამინდობისას ცოტა ხნით მაინც შეეფარებინათ თავი,

მიიჩქაროდნენ ვიწრო, გაყინული დერეფნებით, არბოდნენ კიბეებზე,

სართულიდან სართულზე, გარს უვლიდნენ ეზოების ვიწრო ტერასებს,

აკაკუნებდნენ განურჩევლად ყველა კარზე, ხან ვერ ბედავდნენ ვერავისთან დალაპარაკებას, ხან კი ყოველ შემხვედრს შველას ევედრებოდნენ.

ერთი-ორჯერ, უკვე სული რომ ეხუთებოდა, დედა კიბის საფეხურზე ჩამოჯდა, გაჯიუტებული ტერეზე გულში ჩაიკრა და

გაშმაგებით კოცნიდა. როცა უკვე იცი, რომ ეს უკანასკნელი კოცნა

იყო, ვერ გაგიგია, რას უნდა დაებრმავებინე ასე, თუნდაც ტერეზესავით

ერთი ციდა, რომ ამას ვერ მიმხვდარიყავი. ზოგიერთი ოთახის კარი ღია

იყო, რათა იქიდან დახუთული ჰაერი გამოეშვათ, იმ ბუღიდან კი, რომლითაც ოთახი იყო სავსე, როგორც ხანძრის შემდეგ, ზღურბლზე გამოკვეთილი ფიგურა უტყვი გულგრილობით ან მოკლე უარით აუწყებდა,

რომ მათთვის იქ თავშესაფარი არ მოიძებნებოდა. ახლა, როცა უკან იხედება, ტერეზეს ეჩვენება, რომ დედა მხოლოდ პირველ საათებში ეძებდა

ადგილს ასეთი დაჟინებით, ხოლო შუაღამე რომ გადავიდოდა, არავის

აღარ მიმართავდა, თუმცა გარიჟრაჟამდე დროგამოშვებით მაინც აგრძელებდა სახლების დერეფნებში ბორიალს, მიუხედავად იმისა, რომ

აქ არც შესასვლელისა და არც ბინის კარი არასოდეს არ იკეტებოდა, სიცოცხლე არ წყდებოდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანებს შეხვდებოდი. სწრაფად სიარული, ცხადია, უკვე აღარ შეეძლოთ, ძალების უკიდურესი დაძაბვით მიათრევდნენ ფეხებს. ტერეზეს აღარც ახსოვს, შუაღამიდან დილის ხუთ საათამდე ოცი სახლი შემოიარეს თუ მხოლოდ

ორი, ან იქნებ ერთიც. ამ სახლების დერეფნები ეშმაკურადაა დაგეგმილი ფართობის დასაზოგად, გაგნება კი ძნელდება; ვინ იცის, რამდენჯერ

  

გაიარეს ერთი და იგივე დერეფანი. ტერეზეს ბუნდოვნად აგონდება, როგორ გამოვიდნენ ერთხელ იმ სახლის შესასვლელიდან, რომელშიც

მთელი ღამე თავშესაფარს ეძებდნენ; ისიც აგონდება, რომ შესახვევიდან მაშინვე გამობრუნდნენ და ისევ იმ სახლს მიაშურეს. ყოველივე ეს,

ბავშვისათვის, ცხადია, სრულიად გაუგებარი სატანჯველი იყო – დედას

ხან მაგრად ჰქონდა მასზე ხელი ჩავლებული, ხან თვითონ ებღაუჭებოდა მას და მიჰყვებოდა, ისე რომ არც ერთი სანუგეშო სიტყვა არ ესმოდა

მისგან; და ბავშვური გონება მაშინ ერთადერთ ახსნას პოულობდა: დედას მისგან გაქცევა უნდოდა. ტერეზეც უფრო მაგრად ებღაუჭებოდა დედას. მაშინაც კი, როცა დედას ხელჩაკიდებული მიჰყავდა, მეტი უსაფრთხოებისათვის, მეორე ხელს კაბის ბოლოში ჩაავლებდა და დროდადრო ღრიალებდა. არ უნდოდა, აქ დაეტოვებინათ, იმ ადამიანებს შორის,

რომლებიც მძიმე ნაბიჯებით მათ წინ კიბეებზე ადიოდნენ, ან უკნიდან,

ჯერ უხილავები, მოსახვევში წამოეწეოდნენ, დერეფნებში ერთმანეთს

ეჩხუბებოდნენ და ერთიმეორეს ოთახში ძალისძალად მიათრევდნენ.

ნასვამები გაბმული ღიღინით სახლებში აქეთ-იქით დაბორიალებდნენ.

საბედნიეროდ, დედა და ტერეზე რაღაცნაირად ახერხებდნენ ასეთი

ჯგუფების გვერდის ავლას. გვიან ღამით, როცა მეთვალყურეობა აღარ

იყო ისე მკაცრი და წესებსაც იმდენად აღარ აქცევდნენ ყურადღებას,

ცხადია, შეეძლოთ ერთ-ერთ ასეთ საზოგადო, მეპატრონეებისაგან გაქირავებულ ღამის გასათევში თავის შეფარება, მაგრამ ტერეზე ამას ვერ

ხვდებოდა, დედა კი მოსვენებაზე აღარ ფიქრობდა. დილით, როცა მშვენიერი ზამთრის დღე იწყებოდა, ორივე რომელიღაც სახლის კედელზე

იყო მიყრდნობილი, ალბათ ცოტა ხანს ფეხზე წათვლიმეს, ან უბრალოდ, თვალღიად ეძინათ. აღმოჩნდა, რომ ტერეზეს თავისი ფუთა დაუკარგავს და დედამ, უყურადღებობისათვის ცემა დაუწყო, მაგრამ ტერეზეს არაფერი ესმოდა და ვერც დარტყმებს გრძნობდა. შემდეგ უკვე გამოღვიძებულ ქუჩაბანდებს გაუყვნენ. დედა სახლის კედლებს მიჰყვებოდა. მივიდნენ ხიდთან. დედა მოაჯირს ეჭიდებოდა და ხელით მთელი

ჭირხლი გადაწმინდა. ბოლოს იმ მშენებლობამდე მიაღწიეს – ტერეზემ

  

მაშინ ეს ჩვეულებრივად მიიღო, ახლა კი ვერ გაეგო, როგორ – სადაც დედა იმ დილით იყო დაბარებული. ტერეზესთვის არ უთქვამს, წასულიყო

თუ მოეცადა, ტერეზემ კი ეს დარჩენის ბრძანებად მიიღო, რადგან თავადაც ასე სურდა. იქვე, აგურის გროვაზე ჩამოჯდა და უყურებდა, როგორ

გახსნა დედამ თავისი ფუთა, იქიდან ჭრელი ნაჭერი ამოიღო და შემოიკრა თავსაფარზე, რომელიც მთელი ღამე ეკეთა. ტერეზე ისე იყო დაღლილი, რომ

აზრადაც არ მოსვლია, დედას დახმარებოდა. დედა არც მშენებლობის კანტორაში გამოცხადებულა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, და

არც ვინმესთვის უკითხავს რამე, ისე ავიდა კიბეზე, თითქოს უკვე იცოდა,

რა სამუშაო უნდა შეესრულებინა. ტერეზე ამან გააკვირვა, რადგან დამხმარე მუშები, ჩვეულებრივ, ქვემოთ ან კირს აქრობდნენ, ან აგურს აწოდებდნენ, ან რაიმე ნაკლებად რთულ სამუშაოს ასრულებდნენ. ამიტომ

იფიქრა, რომ დედას დღეს უკეთესად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება უნდაო, და ნამძინარევმა, ღიმილით ახედა. ნაგებობა ჯერ არ იყო

მაღალი – პირველი სართული ახალი დამთავრებული იყო – მაგრამ მაღალი ხარაჩოები შემდეგი სართულებისათვის, ოღონდ დამაკავშირებელი ხიდურების გარეშე, უკვე აწვდილიყო ლურჯი ცისაკენ. ზემოთ დედამ

მოხერხებულად აუარა გვერდი ქვისმთლელებს, რომლებიც აგურს

აგურზე აწყობდნენ და რაც უნდა უცნაური იყოს, არაფერი უკითხავთ ქალისთვის, ის კი ფრთხილად ჩაეჭიდა სუსტი ხელით ხის ტიხარს, მოაჯირის როლს რომ ასრულებდა. ნახევრად მძინარე ტერეზე ქვემოდან

ტკბებოდა დედის მოქნილობით და ეჩვენებოდა, რომ დედა სიყვარულით უღიმოდა ზემოდან. აი, დედა მიუახლოვდა აგურის გროვას, რომლის იქითაც მოაჯირი, და ალბათ, ხიდურაც, წყდებოდა, მაგრამ გადააბიჯა აგურებს, მისი მოქნილობა თითქოს სადღაც გაქრა, გროვა გადაანგრია და ძირს გადაეშვა. აგურები ერთიმეორის მიყოლებით თან მიჰყვა.

ბოლოს სადღაც მძიმე ფიცარი მოწყდა და ზედ დაეცა. ტერეზემ დაინახა, როგორ ეგდო დედა ძირს კუბოკრულ ბოლოკაბაში, პომერანიიდან

რომ ჰქონდა წამოღებული, და ის ჩამოვარდნილი ფიცარი თითქმის

  

მთლიანად ფარავდა... ეს იყო მისი უკანასკნელი მოგონება დედაზე. ყოველი მხრიდან მოცვივდნენ მუშები, ზემოთ კი ვიღაც კაცი გაბრაზებული

რაღაცას ყვიროდა.

უკვე გვიანი იყო, როცა ტერეზემ თხრობა დაასრულა. ჰყვებოდა დაწვრილებით, რაც საერთოდ არ სჩვეოდა, და სწორედ უმტკივნეულო ადგილებზე, მაგალითად, ხარაჩოების აღწერისას, სათითაოდ რომ აღმართულიყვნენ ცაში, თვალებზე ცრემლები მოადგა და შეჩერდა. ახლა, ათი

წლის შემდეგ, ზუსტად ახსოვდა ყოველი წვრილმანი, და რადგან დედის

ხატი იქ, ზემოთ, ნახევრად დამთავრებულ სართულზე, უკანასკნელი მოგონება იყო ცოცხალ დედაზე, მან კი ვერ მოახერხა, საკმარისი სიზუსტით დაეხატა ეს მეგობრისათვის, თხრობის დამთავრების შემდეგ უნდოდა ხელახლა მიჰბრუნებოდა ამ ეპიზოდს, მაგრამ ენა დაება, სახე ხელებში ჩამალა და არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს.

თუმცა ტერეზეს ოთახში უფრო მხიარული საათებიც გაუტარებია.

პირველივე სტუმრობისას კარლმა იქ კომერციული მიმოწერის სახელმძღვანელო დაინახა და სთხოვა, ეთხოვებინა. მაშინვე შეთანხმდნენ,

რომ კარლი წიგნში შეტანილ სავარჯიშოებს შეასრულებდა და შესამოწმებლად ტერეზეს მოუტანდა, რომელსაც უკვე დამუშავებული ჰქონდა,

რამდენადაც ეს პატარ-პატარა დავალებებისათვის სჭირდებოდა. და აი,

კარლი მთელი ღამეები, ყურებში ბამბებჩატენილი, იწვა ქვემოთ, თავის

საწოლზე, მრავალფეროვნებისათვის მდგომარეობას ათასნაირად იცვლიდა, წიგნს ჩაჰკირკიტებდა და დავალებებს გაკრული ხელით წიგნაკში იმ ავტოკალმით იწერდა, რომლითაც ქალბატონმა შეფმზარეულმა

ინვენტარის გრძელი სიის პრაქტიკულად და სუფთად შედგენისათვის

დააჯილდოვა. ამ დროს ყმაწვილები მოსვენებას არ აძლევდნენ, მაგრამ

კარლმა მოახერხა, ესეც თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა – ყოველთვის რჩევებს სთხოვდა ხოლმე ინგლისურ ენაში, ვიდრე მათ ეს არ მოჰბეზრდებოდათ და თავს არ გაანებებდნენ.

ხშირად უკვირდა, რომ მათ სავსებით აკმაყოფილებდა ახლანდელი

მდგომარეობა, სრულებით ვერ აცნობიერებდნენ სამუშაოს დროებით

  

ხასიათს – ოც წელს ზემოთ ლიფტიორად მუშაობა აღარ შეიძლებოდა –

ვერ გრძნობდნენ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას მომავალ

პროფესიასთან დაკავშირებით და, კარლის მაგალითის მიუხედავად,

არაფერს კითხულობდნენ, გარდა დეტექტიური ისტორიებისა, რომელთა დაფლეთილი, ჭუჭყიანი ფურცლები საწოლიდან საწოლში გადადიოდა. ყოველ შეხვედრაზე ტერეზე უდიდესი გულმოდგინებით უსწორებდა შესრულებულ დავალებებს; იყო ხოლმე აზრთა სხვადასხვაობაც; მაშინ კარლი თავის ცნობილ ნიუ-იორკელ პროფესორს მოიყვანდა ხოლმე

მოწმედ, მაგრამ ტერეზესათვის ეს ისევე ნაკლებად სარწმუნო იყო, როგორც ლიფტიორების გრამატიკული გამოცდილება. კარლს ავტოკალამს ხელიდან გამოართმევდა და იმ ადგილს გადახაზავდა, რომლის

მცდარობაშიც დარწმუნებული იყო. ასეთ საეჭვო შემთხვევებში კარლი

ტერეზეს გადახაზულ ადგილებს ისევ მთელი სიზუსტით აღადგენდა,

თუმცა ტერეზეზე დიდი ავტორიტეტი ამ საქმეში არ ეგულებოდა. ზოგჯერ შეფმზარეული ჩაერეოდა, რომელიც კამათს ყოველთვის ტერეზეს

სასარგებლოდ გადაწყვეტდა ხოლმე, თუმცა ეს არაფერს ამტკიცებდა –

ტერეზე ხომ მისი მდივანი იყო. შეფმზარეული ორ მხარეს შორის ზავს

ჩამოაგდებდა, მაშინვე აადუღებდნენ ჩაის, მოიტანდნენ ნამცხვარს,

კარლი დაიწყებდა ამბების თხრობას ევროპის შესახებ, თუმცა შეფმზარეული ყოველ სიტყვაზე აწყვეტინებდა, შეკითხვებს უსვამდა და გაკვირვებას ვერ მალავდა, რითაც კარლს ახვედრებდა, რამდენი რამ შეცვლილა შედარებით მცირე დროში ძირფესვიანად და ბევრი რამ უკვე

ალბათ კარლის იქ არყოფნაშიც შეიცვალა და კვლავაც შეიცვლება.

კარლის რამზესში ჩამოსვლიდან ალბათ ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა ერთ საღამოს რენელმა სხვათა შორის უთხრა, სასტუმროს წინ

ერთი კაცი გამომელაპარაკა, სახელად დელამარში და შენზე გამომკითხაო. რადგან რენელს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, რაიმე დაემალა,

სიმართლე უთქვამს, რომ კარლი ლიფტიორად მუშაობს, მაგრამ შეფმზარეულის პროტექციის წყალობით უკეთესი ადგილის მიღების შანსი აქვსო. კარლმა შენიშნა, რა თავაზიანად მოჰქცევია დელამარში რენელს, რომ ამ საღამოს მეგობრულ ვახშამზეც კი მიუწვევია.

– მე დელამარშთან აღარაფერი მაქვს საერთო, – უთხრა კარლმა, –

შენც გირჩევ, თავი შორს დაიჭირო მისგან.

– მე? – გაიჭიმა რენელი და აჩქარდა. სასტუმროში ის ყველაზე მოხდენილი ჭაბუკი იყო და ახალგაზრდებში ხმებიც დადიოდა, – თუმცა ცნობილი არ იყო, ვინ გაავრცელა, – რომ მას ერთი კეთილშობილი მანდილოსანი, რომელიც კარგა ხანია სასტუმროში ცხოვრობს, ლიფტში

ჰკოცნიდა. მასზე, ვისაც ეს ხმები სმენოდა, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა, როცა ეს თავდაჯერებული მანდილოსანი, რომლის შემხედვარე

ვერავინ იფიქრებდა, თუ ის ამგვარი საქციელის ჩამდენი იყო, ნელი, მსუბუქი ნაბიჯებით, ჰაეროვანი ვუალით, წელზე მჭიდროდ შემოჭერილ

კორსეტში, გვერდით ჩაუვლიდა. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა და რენელის ლიფტი მას არ ემსახურებოდა, მაგრამ როცა სხვა ლიფტები დაკავებული იყო, ასეთ სტუმარს სხვა ლიფტში შესვლას ვერავინ დაუშლიდა. ამიტომაც ეს მანდილოსანი

დროდადრო სარგებლობდა კარლისა და რენელის ლიფტით, თან

მხოლოდ მაშინ, როცა რენელის ცვლა იყო. იქნებ ეს შემთხვევითობაც

იყო, მაგრამ ამისა არავის სჯეროდა, და როცა ლიფტი ამ ორი მგზავრით

დაიძვრებოდა, ლიფტიორების მთელ გუნდს ისეთი დაუფარავი მღელვარება შეიპყრობდა, რომ ზოგჯერ მსახურთუხუცესიც კი ჩაერეოდა

ხოლმე. ამ მანდილოსნის დამსახურება იყო ეს თუ გავრცელებული ხმებისა, ყოველ შემთხვევაში, რენელი შეიცვალა, კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდა, ლიფტის დასუფთავება მთლიანად კარლს გადააბარა, რომელიც შესაფერის შემთხვევას ელოდა, რომ ამ საკითხზე სერიოზულად

დალაპარაკებოდა, მაგრამ ის საერთო საძინებელში საერთოდ აღარ

ჩნდებოდა. არავინ მის გარდა ასე მთლიანად არ ჩამოშორებია ლიფტიორთა საძმოს, ისინი ხომ ძირითადად ერთმანეთს უჭერდნენ მხარს, ყოველ შემთხვევაში, სამსახურებრივ საკითხებში მაინც, და ორგანიზაციაც

ჰქონდათ, რომელსაც სასტუმროს დირექციაც აღიარებდა.  ეს ფიქრები კარლს თავში უტრიალებდა. გაახსენდა დელამარშიც.

სხვა მხრივ კი, როგორც ყოველთვის, თავის სამუშაოს ასრულებდა. შუაღამისას პატარა გადახალისება ელოდა – ტერეზემ, რომელიც ხშირად ანებივრებდა პატარ-პატარა საჩუქრებით, ერთი დიდი ვაშლი და შოკოლადის ფილა მოუტანა. ცოტა ხანს ისაუბრეს, ლიფტის მოძრაობით გამოწვეულ შეფერხებებს მათთვის ხელი არ შეუშლია. საუბარი დელამარშსაც შეეხო, და კარლმა შენიშნა, რომ ის ტერეზეს გავლენის ქვეშ მოექცა

და მხოლოდ ამიტომ მიაჩნია დელამარში სახიფათო ადამიანად, ტერეზეს კი თავად შეუქმნა მასზე ასეთი წარმოდგენა თავისი მონათხრობით.

მისი აზრით, დელამარში უბრალოდ თაღლითია, რომელიც უბედურებამ აქცია ასეთ ადამიანად, ისე კი შესაძლებელია მასთან საერთო ენის

გამონახვა. ტერეზე მის ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ბევრი რჩევა-დარიგების შემდეგ პირობის დადება მოსთხოვა

კარლს, რომ დელამარშს აღარ დაელაპარაკებოდა. პირობის ნაცვლად

კარლი დაჟინებით უმეორებდა, დასაძინებლად წასულიყო, რადგან შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო, და ტერეზე რომ ვერ დაიყოლია, დაემუქრა, სამუშაოს მივატოვებ და ოთახში წაგიყვანო. როცა ტერეზემ, ბოლოს და ბოლოს, წასვლა დააპირა, უთხრა: – ასე რატომ ნერვიულობ, ტერეზე? თუკი ეს უკეთესად დაძინებაში დაგეხმარება, რა თქმა უნდა, გპირდები, რომ დელამარშს მხოლოდ მაშინ დაველაპარაკები, თუ ამის აუცილებლობა იქნება, – შემდეგ კარლს ბევრჯერ მოუწია ლიფტით ასვლა-ჩამოსვლა, რადგან მეზობელი ლიფტიორი რაღაც სხვა საქმეზე გამოიძახეს და კარლი ორივე ლიფტს ემსახურებოდა. ზოგიერთი სტუმარი

აღშფოთებული იყო უწესრიგობით. ერთი ბატონი, რომელსაც მანდილოსანი ახლდა, კარლს ასაჩქარებლად თავისი ხელჯოხითაც კი შეეხო,

თუმცა კარლისათვის ამგვარი შეხსენება სრულიად ზედმეტი იყო. ხომ

შეიძლებოდა, როცა სტუმრები დაინახავდნენ, რომ ერთი ლიფტი ლიფტიორის გარეშეა დარჩენილი, კარლის ლიფტთან გადასულიყვნენ, მაგრამ არა, ისინი ჯიუტად იცდიდნენ მეზობელ ლიფტთან, ხელი კარის სახელურზე ჰქონდათ ჩავლებული, ან სულაც შედიოდნენ შიგნით, რაც შინაგანაწესის უმკაცრესი მუხლების თანახმად, ლიფტიორებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ. ამიტომაც კარლი სულმოუთქმელად

დარბოდა აქეთ-იქით, თან არ იყო დარწმუნებული, ზუსტად ასრულებდა

თუ არა მოვალეობას. ყველაფერთან ერთად დაახლოებით დილის სამ

საათზე ერთ მებარგულს, მოხუც კაცს, რომელთანაც დაახლოვებული

იყო, მისი დახმარება დასჭირდა, მაგრამ კარლმა ვერ შეძლო მისთვის

ხელის შეშველება, რადგან ორივე ლიფტთან მგზავრები იცდიდნენ. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მაშინვე აჩქარებული ნაბიჯებით ერთ-ერთ ჯგუფთან მისულიყო.

ამიტომ დიდ ბედნიერებად მოეჩვენა, როცა მეორე ლიფტიორი დაბრუნდა და რამდენიმე სასაყვედურო სიტყვაც ესროლა, ამდენ ხანს სად დაიკარგეო, თუმცა ის ალბათ არც იყო დამნაშავე.

დილის ოთხი საათის შემდეგ მოძრაობა ცოტა შენელდა, რაც კარლს

მართლაც ძალიან სჭირდებოდა. მძიმედ მიეყრდნო მოაჯირს თავისი

ლიფტის გვერდით და ნელა შეუდგა ვაშლის ჭამას, რომლის არომატმაც

ჩაკბეჩისთანავე გააბრუა; თან ქვემოთ იყურებოდა, შახტაში, სადაც საკუჭნაოების დიდი ფანჯრები გამოდიოდა და სიბნელიდან კედელზე ჩამოკიდებული ბანანების აკიდოები ანათებდა.

გაგრძლება →

ტეგები: Qwelly, ამერიკა, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 10

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters