ოკლაჰომის საზაფხულო თეატრი

ფრანც კაფკა ამერიკა

   ქუჩის კუთხეში კარლმა აფიშა დაინახა, რომელზეც შემდეგი წარწერა ამოიკითხა: «კლეიტონის იპოდრომზე დღეს, დილის ექვსი საათიდან შუაღამემდე, ვკრებთ დასს ოკლაჰომის თეატრისათვის! ოკლაჰომის დიდი თეატრი გიხმობთ! გიხმობთ მხოლოდ დღეს, მხოლოდ ერთხელ! ვინც ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, გაუშვებს მას სამუდამოდ! ვინც თავის მომავალზე ფიქრობს, ჩვენი მეგობარია! გიწვევთ ყველას! ვისაც სურს, ხელოვანი გახდეს, მოგვაკითხოს! ჩვენი თეატრი ყველას დაასაქმებს, ყველას მიუჩენს ადგილს! ვინც ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ახლავე ვულოცავთ ამ წარმატებულ არჩევანს! ოღონდ იჩქარეთ, რათა შუაღამემდე მოასწროთ ჩაწერა! თორმეტ საათზე ყველაფერი დაიკეტება და აღარასოდეს აღარ გაიღება! ვაი მას, ვინც არ დაგვიჯერებს! მაშ გავწიოთ კლეიტონისაკენ!» აფიშის წინ ბევრი ხალხი კი ირეოდა, მაგრამ აღფრთოვანება არავის ეტყობოდა. აფიშა ხომ იმდენია, მათი აღარავის სჯერა. ეს აფიშა კი კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი აფიშები. უპირველეს ყოვლისა, ერთი დიდი ხარვეზი ჰქონდა – ანაზღაურებაზე ერთი სიტყვაც არ ეწერა. ის რომ ოდნავ მაინც მისაღები ყოფილიყო, აფიშაზე აუცილებლად მიუთითებდნენ; ასეთი მნიშვნელოვანი სატყუარა არ დაავიწყდებოდათ. არტისტობაზე არავინ დებდა თავს, თუმცა გარკვეული გასამრჯელოს მიღება თავისი შრომის ფასად ყველას აინტერესებდა. კარლისათვის ამ აფიშაზე ერთი რამ იყო ყველაზე სახარბიელო. «გიწვევთ ყველას», – ყველას, ესე იგი, კარლსაც. ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, დავიწყებას მიეცემა, ვეღარავინ უსაყვედურებს ამის გამო. შეუძლია მოეწყოს ისეთ სამუშაოზე, რომლის გამოც გაწითლება არ მოუწევს, უფრო მეტიც, რომელზეც საჯაროდ ეპატიჟებიან! და ასევე საჯაროდ ჰპირდებიან, რომ მასაც მიიღებენ. მეტს არაფერს მოითხოვს, სურს, ბოლოს და ბოლოს, რიგიანი კარიერა დაიწყოს, და აქ, როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევა გამოჩნდა. თუნდაც სიცრუე იყოს ის ბრტყელბრტყელი დაპირებები, თუნდაც ოკლაჰომის დიდი თეატრი პატარა მოხეტიალე ცირკი გამოდგეს, – ისიც საკმარისია, რომ იქ სამუშაოს მიიღებს. კარლს აფიშა მეორედ აღარ წაუკითხავს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოძებნა წინადადება «გიხმობთ ყველას». ჯერ იფიქრა, ფეხით ხომ არ წავიდე კლეიტონშიო, მაგრამ გზას სამი საათი მაინც დასჭირდება და ალბათ სწორედ იმ დროს ჩააღწევს, როცა ეტყვიან, ყველა ვაკანტური ადგილი უკვე დაკავებულიაო. აფიშის მიხედვით, სამუშაოზე მისაღებთა რიცხვი კი განუსაზღვრელია, მაგრამ სამუშაოს ამგვარ შემოთავაზებებს ყოველთვის ასე ადგენენ ხოლმე. კარლმა დაასკვნა, რომ ან ახლავე უარი უნდა თქვას შემოთავაზებაზე, ან გაემგზავროს. ფული გადათვალა – ამ მოგზაურობის გარდა, რვა დღის სამყოფი თუ იქნებოდა. ხურდა ფული ხელის გულზე შეათამაშა. ერთმა ბატონმა, რომელიც მას აკვირდებოდა, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა: – ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ კლეიტონისაკენ. კარლმა უხმოდ დაუკრა თავი და ანგარიში გააგრძელა. მაგრამ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, მგზავრობისათვის საჭირო თანხა ცალკე ჩაიდო და მეტროსაკენ გაიქცა. როცა კლეიტონში გადმოვიდა, მაშინვე დაფდაფებისა და ბუკის ხმა შეეგება. საშინელი ხმაური იყო, ბუკები ხმაშეუწყობლად უბერავდნენ, ერთმანეთს ყურს არ უგდებდნენ. მაგრამ კარლს ეს არ აღელვებ- და, პირიქით, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ოკლაჰომის თეატრი მართლაც დიდი იყო. მაგრამ სადგურის შენობიდან რომ გამოვიდა, მის თვალწინ გადაშლილმა სურათმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, და ვერ გაეგო, როგორ შეეძლო დაწესებულებას ამხელა ხარჯების გაღება მხოლოდ დასის შესაგროვებლად. იპოდრომის შესასვლელთან გრძელი, დაბალი პოდიუმი დაეგოთ, რომელზეც ანგელოზებივით თეთრად შემოსილი ასობით ქალი, ზურგზე ფრთებით, გრძელი, მოოქრული ბუკებით უხმობდა. მაგრამ ისინი უშუალოდ პოდიუმზე როდი იდგნენ: ყოველი მათგანი კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც არ ჩანდა, რადგან ანგელოზების გრძელი, ფრიალა სამოსელი მთლიანად ფარავდა მათ. და რადგან პოსტამენტები ძალზე მაღალი, ორ მეტრამდე სიმაღლისა იყო, ქალების ფიგურები უზარმაზარი ჩანდა, მხოლოდ პატარა თავები ამცირებდა სიდიდის ამ შთაბეჭდილებას, და მათი ჩამოშლილი თმაც მოკლედ და სასაცილოდ გამოიყურებოდა დიდ ფრთებს შორის. ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სიმაღლის პოსტამენტები შეერჩიათ; თუ ზოგიერთი ქალი ბუნებრივი სიმაღლისა იყო, იქვე, მის გვერდით მდგომი იმსიმაღლეზე აღმართულიყო, რომ შეგეშინდებოდათ, ქარმა არ წაიღოსო. და ყველა ეს ქალი ბუკს სცემდა. მსმენელი არც ისე ბევრი იყო. ათამდე ჭაბუკი, რომლებიც ამ უზარმაზარი ფიგურების ფონზე ტანდაბლები ჩანდნენ, ფიცარნაგის წინ დასეირნობდნენ და დროდადრო ქალებს ახედავდნენ ხოლმე. ერთმანეთს ხან ერთზე მიუთითებდნენ, ხან – მეორეზე, მაგრამ, როგორც ჩანს, სამუშაოზე ჩაწერას არ აპირებდნენ. მხოლოდ ერთი შედარებით ასაკოვანი კაცი ჩანდა, რომელიც განზე იდგა. ცოლიც ახლდა და ჩვილიც თან წამოეყვანა ეტლით. ქალს ცალი ხელი ეტლისთვის ჩაევლო, მეორით კი ქმარს ეყრდნობოდა მხარზე. ისინი გატაცებით უყურებდნენ წარმოდგენას, მაგრამ მაინც იმედგაცრუებულები ჩანდნენ. ალბათ ისინიც ელოდნენ, რომ აქ სამუშაოს იშოვიდნენ, მაგრამ ბუკის ხმამ დააბნია. კარლიც მსგავს მდგომარეობაში იყო. კაცს მიუახლოვდა, ერთხანს უსმინა ბუკის ხმას და მერე ჰკითხა: – აქ უნდა ჩავეწეროთ ოკლაჰომის თეატრში მისაღებად? – მეც ასე მგონია, – უპასუხა კაცმა, – მაგრამ უკვე ერთი საათია აქ ვიცდით და ბუკის ხმის მეტი არაფერი ისმის. არც აფიშა ჩანს სადმე და არც მაუწყებელი, – არავინ, ვისაც შეუძლია, რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდოს. – ალბათ ხალხის შეგროვებას ელოდებიან. ჯერ ნამდვილად ცოტაა აქ ხალხი, – თქვა კარლმა. – შესაძლოა, – მიუგო კაცმა და ორივე გაჩუმდა. ბუკების ხმაურში მართლაც ძნელი იყო რაიმეს გაგება. შემდეგ ქალმა რაღაც წასჩურჩულა თავის ქმარს, კაცმა თავი დაუკრა და ქალმა მაშინვე გასძახა კარლს: – ხომ ვერ წახვიდოდით იპოდრომზე, რომ გეკითხათ, სად წარმოებს აქ სამუშაოზე მიღება? – დიახ, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ პოდიუმზე მომიწევს გავლა, ანგელოზებს შორის. – ეს ასე რთულია? – ჰკითხა ქალმა. მისი აზრით, კარლს ეს არ უნდა გასძნელებოდა, თავისი ქმრის გაგზავნა კი არ უნდოდა. – კეთილი, – თქვა კარლმა, – წავალ. – თქვენ ძალიან თავაზიანი ხართ, – უთხრა ქალმა და მან და მისმა ქმარმა ხელი ჩამოართვეს კარლს. ახალგაზრდები ჯგუფად შეგროვდნენ, რომ ეცქირათ, როგორ ავიდოდა კარლი ფიცარნაგზე. ქალებმა თითქოს უფრო ძლიერად ჩაჰბერეს ბუკებს სამუშაოს პირველი მაძიებლის მისასალმებლად. ისინი კი, რომლებსაც კარლი გვერდით ჩაუვლიდა, ბუკს ტუჩებიდან იშორებდნენ და გვერდზე იხრებოდნენ, რათა მისთვის თვალი მიედევნებინათ. ფიცარნაგის მეორე ბოლოში კარლმა ერთი კაცი დაინახა, რომელიც მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქით და, როგორც ჩანს, მომსვლელებს ელოდა, რომ მათთვის ყველა შესაძლო ინფორმაცია მიეწოდებინა. კარლი ის იყო, იმ კაცს მიუახლოვდა, რომ ვიღაცამ დაუძახა: – კარლ! – ეძახდა ანგელოზი. კარლმა აიხედა და მოულოდნელი სიხარულისაგან სიცილი დაიწყო. ეს იყო ფანი. – ფანი! – წამოიძახა და მისალმების ნიშნად ხელი ასწია. – ამოდი! – დაუძახა ფანიმ, – ასე ხომ არ ჩამივლი გვერდზე! – მოსასხამის კალთები გაშალა და კარლს პოსტამენტისა და ზემოთ მიმავალი ვიწრო კიბისაკენ გზა გაუთავისუფლა. – შეიძლება მანდ ამოვიდე? – ჰკითხა კარლმა. – ვინ აგვიკრძალავს, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ?! – გადმოსძახა ფანიმ და გაბრაზებულმა მიიხედ-მოიხედა, ვინმე ამკრძალავი ხომ არ მოდისო. კარლმა ამასობაში კიბეზე აირბინა. – ნელა! – გააფრთხილა ფანიმ, – თორემ ჩვენც გადავყირავდებით და პოსტამენტიც! – მაგრამ არაფერი მომხდარა, კარლმა მშვიდობიანად აიარა საფეხურები, – ერთი ნახე, – უთხრა ფანიმ, ერთმანეთს რომ მიესალმნენ, – ერთი ნახე, რა სამუშაო ვიშოვე. – მშვენიერია, – უპასუხა კარლმა და მიიხედ-მოიხედა. ახლოს მდგომმა ქალებმა უკვე შეამჩნიეს კარლი და ფხუკუნი ატეხეს, – შენ თითქმის ყველაზე მაღალი ხარ, – და კარლმა ხელი ასწია, რომ სხვა ქალების სიმაღლე გაეზომა. – მე მაშინვე დაგინახე, – უთხრა ფანიმ, – როგორც კი სადგურიდან გამოხვედი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რიგში ვდგავარ და არ ვჩანვარ, არც დაძახება შემეძლო. ძლიერად კი ჩავბერე, მაგრამ შენ ვერ შემნიშნე. – თქვენ ყველანი ცუდად უკრავთ, – უთხრა კარლმა, – მათხოვე ერთი, მე ჩავბერო. – აგერ, ინებე, – და ფანიმ საკრავი გაუწოდა, – ოღონდ ორკესტრში დისონანსი არ შეიტანო, თორემ გამათავისუფლებენ. კარლმა ჩაბერა; ეგონა, ეს უხეშად გამოჩორკნილი საკრავი იქნებოდა, მხოლოდ ხმაურიანი ეფექტის მოსახდენად, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ინსტრუმენტებით ნებისმიერი მელოდიური ხვეულის გამოყვანა იყო შესაძლებელი. თუ ყველა ინსტრუმენტი ასეთი ხარისხისაა, მაშინ მათ აქ უბრალოდ უპატივცემულოდ ეპყრობიან. კარლმა ორკესტრის ხმაურს ყურადღება არ მიაქცია, მთელი ძალით ჩაჰბერა საკრავს და ერთი მელოდია ააჟღერა, რომელიც ერთხელ ერთ დუქანში ჰქონდა მოსმე- ნილი. უხაროდა, რომ ძველ მეგობარს შეხვდა, შეეძლო ბუკზე დაეკრა და მალე ალბათ კარგ სამუშაოსაც იშოვიდა. ბევრმა ქალმა შეწყვიტა დაკვრა და მას უსმენდნენ; როცა უცებ ისიც შეჩერდა, ორკესტრის ნახევარიღა უკრავდა და მხოლოდ თანდათან აახმიანეს ინსტრუმენტები ძველებური ძალით. – შენ ნამდვილი არტისტი ხარ, – უთხრა ფანიმ, როცა კარლმა საკრავი დაუბრუნა, – დაიწყე აქ მებუკედ მუშაობა. – კაცებსაც იღებენ აქ სამუშაოდ? – ჰკითხა კარლმა. – დიახ, – უპასუხა ფანიმ, – ჩვენ ორი საათის განმავლობაში ვუკრავთ, შემდეგ კაცები გვენაცვლებიან, რომლებსაც ეშმაკის კოსტიუმები აცვიათ. მათი ნახევარი ბუკს უბერავს, ნახევარი კი ბარაბანს ურტყამს. ძალიან ლამაზი სანახაობაა, და საერთოდ, მთელი აღჭურვილობა ძალიან ძვირფასია! და ფრთები? – თავისი თავი შეათვალიერა ფანიმ. – შენი აზრით, – ჰკითხა კარლმა, – მეც მივიღებ აქ ადგილს? – დარწმუნებული ვარ, – უპასუხა ფანიმ, – ეს ხომ მსოფლიოს უდიდესი თეატრია. რა კარგია, რომ ისევ ერთად ვიქნებით! თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ადგილს მიიღებ. შესაძლოა, ვიმუშაოთ ერთად, მაგრამ მაინც ვერ ვნახოთ ხოლმე ერთმანეთი. – ნუთუ ეს თეატრი მართლა ასე დიდია? – ჰკითხა კარლმა. – ეს უდიდესი თეატრია მსოფლიოში, – გაუმეორა ფანიმ, – მართალია, მე ჯერ თავად არ მინახავს, მაგრამ ჩემი კოლეგა გოგონები, რომლებიც უკვე იყვნენ ოკლაჰომაში, ამბობენ, რომ ის თითქმის უსაზღვროა. – მაგრამ ძალიან ცოტა ჩანს სამუშაოს მსურველი, – უთხრა კარლმა და ყმაწვილებსა და პატარა ოჯახზე მიუთითა. – მართალია, – უპასუხა ფანიმ, – მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ყველა ქალაქში ვაგროვებთ ხალხს. ჩვენი მიმღები ჯგუფი განუწყვეტლივ მოგზაურობს და ასეთი ჯგუფი ძალზე ბევრია. – და თეატრი ჯერ არ გახსნილა? – ჰკითხა კარლმა. – როგორ არა, – მიუგო ფანიმ, – ეს ძველი თეატრია და განუწყვეტლივ ფართოვდება. – მიკვირს, – თქვა კარლმა, – რომ უფრო მეტი ხალხი არ მოიწევს აქეთ. – ნამდვილად, – უპასუხა ფანიმ, – უცნაურია. – იქნებ, – თქვა კარლმა, – ამდენი ანგელოზი და ეშმაკი უფრო აფრთხობს ხალხს, ვიდრე იზიდავს. – რას გაიგებ! –უთხრა ფანიმ, – თუმცა შესაძლოა. უთხარი ჩვენს ხელმძღვანელს, იქნებ შენი რჩევა რაიმეში გამოადგეს. – სად არის? – ჰკითხა კარლმა. – იპოდრომზე, მსაჯების ტრიბუნაზე. – ესეც მაკვირვებს, – თქვა კარლმა, – რატომ ხდება მიღება იპოდრომზე? – იცი, – უთხრა ფანიმ, – ჩვენ ყველგან საგანგებოდ ვემზადებით დიდი მოზღვავებისათვის. იპოდრომზე კი დიდი სივრცეა. და ყველა ჯიხურში, სადაც ჩვეულებრივ სანაძლეოს დებენ ხოლმე, მიმღები პუნქტებია მოწყობილი. როგორც ამბობენ, ორასამდე ასეთი პუნქტი არსებობს. – კი მაგრამ, – წამოიძახა კარლმა, – ნუთუ ოკლაჰომის თეატრს ამხელა შემოსავლები აქვს, რომ ამგვარი მიმღები ჯგუფები შეინახოს? – ეგ რა ჩვენი საქმეა? – თქვა ფანიმ, – ახლა კი წადი, კარლ, არ დაგაგვიანდეს, მე ისევ უნდა ჩავბერო. ყოველ შემთხვევაში ეცადე, ამ დასში მიიღო ადგილი და მაშინვე გამაგებინე. არ დაგავიწყდეს, რომ მოუთმენლად ველოდები შენგან ამბავს. ხელი მოუჭირა, შეახსენა, ფრთხილად ჩადიო, ბუკი კვლავ ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ არ ჩაუბერავს, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ კარლი მშვიდობიანად ჩავიდა დაბლა. კარლმა ისევ წააფარა კიბეს ანგელოზის მოსასხამი, როგორც იქამდე იყო. ფანიმ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა; კარლი ათასნაირად ხარშავდა მოსმენილს. გაემართა კაცისაკენ, რომელმაც უკვე შენიშნა იგი ზემოთ, ფანის გვერდით, და ახლა პოსტამენტთან ახლოს ელოდებოდა. – ჩვენთან გნებავთ იმუშაოთ? – ჰკითხა კაცმა, – მე ამ დასის კადრების უფროსი ვარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – ზრდილობის ნიშნად ოდნავ წინ წახრილი ლაპარაკობდა, ადგილზე ცეკვავდა და საათის ძეწკვს ათამაშებდა. – მადლობას მოგახსენებთ, – უთხრა კარლმა, – მე თქვენი კომპანიის აფიშა წავიკითხე და, აი, გამოვცხადდი, რომ ჩავეწერო. – სწორად მოქცეულხართ, – კვერი დაუკრა კაცმა, – სამწუხაროდ, აქ ყველა როდი იქცევა ასე სწორად. კარლს უნდოდა ეთქვა, რომ მიმღები ჯგუფის რეკლამა, შესაძლოა, სწორედ მეტისმეტი გრანდიოზულობის გამო, ეფექტურად არ მოქმედებდა. მაგრამ თავი შეიკავა – ეს კაცი ხომ დასის ხელმძღვანელი არ არის, გარდა ამისა, უხერხული ხომ არ იქნებოდა მისგან, რომელიც ჯერ მიღებულიც არ არის სამუშაოზე, რეკომენდაციების შეთავაზება? ამიტომ მხოლოდ ეს უთხრა: – იქ, გარეთ, კიდევ ერთი კაცი იცდის, რომელსაც ასევე სიაში ჩაწერა სურს და მე გამომგზავნა ამბის გასაგებად. შეიძლება ისიც მოვიყვანო? – რა თქმა უნდა, – უთხრა კაცმა, – რაც მეტი მოვა, მით უკეთესია. – ცოლიც ახლავს, ჩვილიც თან ჰყავთ, ეტლით. ისინიც უნდა მოვიდნენ? – ცხადია, – კაცს თითქოს გაეღიმა კარლის დაეჭვებაზე, – ჩვენ ყველას მოვუძებნით საქმეს. – მაშინ ახლავე დავბრუნდები, – და კარლი ფიცარნაგის კიდისაკენ გაიქცა. ცოლ-ქმარს ხელი დაუქნია და გასძახა, რომ ყველა მოსულიყო. მიეხმარა საბავშვო ეტლის პოდიუმზე ატანაში, და ერთად გასწიეს. ყმაწვილებმა, რომლებმაც ეს დაინახეს, ერთმანეთში თათბირი დაიწყეს და მერე, ჯიბეებში ხელებჩაყოფილნი, ნელა ავიდნენ პოდიუმზე, თუმცა ბოლო წუთამდე ყოყმანობდნენ, და კარლსა და ოჯახს მიჰყვნენ. მეტროს სადგურის შენობიდან ახალი მგზავრები გამოვიდნენ, რომლებმაც პოდიუმისა და ანგელოზების დანახვაზე გაკვირვების ნიშნად ხელები გაშალეს. ეტყობა, ახლა სამუშაოს მსურველთა რიცხვი გაიზრდება. კარლს უხაროდა, რომ ადრე ჩამოვიდა, თითქმის პირველი, ცოლ-ქმარი მორცხვად ცდილობდა გამოერკვია, რა მოთხოვნებს უყენებდნენ სამუ- შაოს მსურველებს. კარლმა უპასუხა, ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყველა მსურველს მიიღებენო. მისი აზრით, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. კადრების უფროსი უკვე გამოემართა მათკენ. კმაყოფილი ჩანდა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, ხელებს ისრესდა, ყველას სათითაოდ ესალმებოდა თავის დაკვრით და რიგში აყენებდა. კარლი პირველი იდგა, მის შემდეგ – ცოლ-ქმარი, და მხოლოდ მერე – დანარჩენები. როცა ყველა განლაგდა, – ყმაწვილები ჯერ უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში, და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ დაეწყვნენ, – ბუკები დადუმდნენ და კადრების უფროსმა შეკრებილთ მიმართა: – მოგესალმებით ოკლაჰომის თეატრის სახელით. თქვენ ადრე მობრძანდით (თუმცა შუადღე უკვე მოახლოებული იყო), ხალხის ნაკადი ჯერ დიდი არ არის, ამიტომ თქვენი მიღების ფორმალურ მხარეს მალე მოვაგვარებთ. საბუთები, იმედია, თან გექნებათ. ყმაწვილებმა რაღაც საბუთები ამოიღეს ჯიბეებიდან და კადრების უფროსს გაუწოდეს; კაცმა თავის ცოლს უბიძგა, რომელმაც ბავშვის ეტლის ლეიბის ქვემოდან საბუთების მთელი დასტა გამოაძრო. კარლს კი არავითარი საბუთი არ ჰქონდა. არ მიიღებენ ამის გამო? გამოცდილებით იცოდა, რომ მთავარია, გაბედულად იმოქმედოს, მაშინ ასეთი წესების გვერდის ავლა იოლია. ეს სავსებით შესაძლებელია. კადრების უფროსმა რიგს თვალი გადაავლო, დარწმუნდა, რომ ყველას ჰქონდა საბუთები, და რადგან კარლმაც ასწია ხელი, თუმც ცარიელი, ჩათვალა, მასაც ყველაფერი წესრიგში აქვსო. – კეთილი, – თქვა უფროსმა და ხელით შეაჩერა ყმაწვილები, რომლებსაც უნდოდათ, მათი საბუთები მაშინვე შეემოწმებინათ. – საბუთებს მისაღებ პუნქტში შეამოწმებენ. როგორც ჩვენი აფიშიდანაც შეიტყობდით, ჩვენ ყველას მოვუძებნით საქმეს. მაგრამ, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ თქვენი ადრინდელი პროფესია, რათა თითოეულს სწორად შეგირჩიოთ ადგილი, სადაც თქვენს გამოცდილებას გამოიყენებთ. «ეს ხომ თეატრია», – იჭვნეულად გაიფიქრა კარლმა და სმენად იქცა. – ამიტომ ჩვენ, – განაგრძო მან, – ყოველ ჯიხურში მოვაწყვეთ მისაღები პუნქტები. თითოეული – ერთი პროფესიული ჯგუფისათვის. ახლა ყოველი თქვენგანი დამისახელებს თავის პროფესიას. ოჯახისათვის განმსაზღვრელია ქმრის პროფესია. შემდეგ წაგიყვანთ მისაღებ პუნქტებში, სადაც ჯერ თქვენს საბუთებს შეამოწმებენ, შემდეგ კი – თქვენს პროფესიულ გამოცდილებას; გამოცდა დიდხანს არ გაგრძელდება, სანერვიულო არაფერია. ამის შემდეგ თქვენ მიღებული იქნებით და შემდგომ მითითებებს დაელოდებით. მაშ დავიწყოთ. ეს პირველი პუნქტი, როგორც წარწერაც მეტყველებს, ინჟინრებისთვისაა განსაზღვრული. ხომ არ არის თქვენ შორის ვინმე ინჟინერი? – კარლმა ნაბიჯი წინ წადგა. მისი აზრით, რადგან საბუთები არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ფორმალური მხარე რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაეფარცხა; თავისი ნაბიჯის პატარა გამართლებაც ჰქონდა – ხომ უნდოდა, ინჟინერი გამოსულიყო. როცა ყმაწვილებმა დაინახეს, რომ კარლი წინ გაიჭრა, შეშურდათ მისი და მიჰბაძეს; კადრების უფროსი წელში გაიმართა და ყმაწვილებს ჰკითხა: – თქვენ ინჟინრები ხართ? – მაშინ ყველამ ნელა დაუშვა ხელები. კარლმა კი უკან არ დაიხია. კადრების უფროსმა, მართალია, უნდობლად კი შეხედა, რადგან კარლი ძალზე უბადრუკად იყო ჩაცმული, თან ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ არაფერი თქვა, ალბათ მადლიერების გამო – კარლმა ხომ, ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით, მსურველები მოუყვანა. ხელით მიიპატიჟა პუნქტისაკენ, და კარლიც შევიდა, უფროსი კი დანარჩენებს მიუბრუნდა. ინჟინრების პუნქტში სწორკუთხა პულტთან ორი ბატონი ისხდა, რომლებსაც გრძელი სიები ედოთ წინ და ერთმანეთს უდარებდნენ. ერთი ხმამაღლა კითხულობდა, მეორე კი ამოკითხულ გვარს თავის სიაში აღნიშნავდა. როცა კარლი შევიდა და მიესალმა, მაშინვე სიები გვერდზე გადადეს, დიდი წიგნები გადმოიღეს და გადაშალეს. ერთმა, რომელიც მხოლოდ წერდა, უთხრა: – თქვენი საბუთები, თუ შეიძლება. – სამწუხაროდ, თან არ მაქვს, – უპასუხა კარლმა. – საბუთები თან არ აქვს, – უთხრა მწერალმა მეორე ბატონს და პასუხი მაშინვე თავის წიგნში ჩაიწერა. – თქვენ ინჟინერი ხართ? – ჰკითხა მეორემ, რომელიც ალბათ პუნქტის უფროსი იყო. – ჯერ არა, – სწრაფად უპასუხა კარლმა, – მაგრამ... – საკმარისია, – უფრო სწრაფად მოუჭრა ბატონმა, – მაშინ ჩვენი კადრი არ ხართ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ წარწერას, – კარლმა კბილი კბილს დააჭირა. ბატონმა ეს, როგორც ჩანს, შენიშნა და უთხრა: – ფიქრი ნუ გაქვთ, ჩვენთან ყველასთვის მოიძებნება საქმე, – და ხელით ერთ-ერთ მომსახურეს უხმო, რომელიც უქმად დადიოდა ბარიერებს შორის: – წაიყვანეთ ეს ბატონი ტექნიკური ცოდნის მქონე კანდიდატთა მიმღებ პუნქტში. მომსახურემ ზუსტად გაიგო ბრძანება და კარლს ხელი ჩაჰკიდა. რამდენიმე ჯიხური გაიარეს, ერთში კარლმა ერთ-ერთი ყმაწვილი დაინახა, რომელიც უკვე მიეღოთ სამუშაოზე და ახლა მადლიერებით ხელს ართმევდა ბატონებს. იმ პუნქტში, სადაც კარლი მიიყვანეს, როგორც მოსალოდნელი იყო, იგივე პროცედურა მიმდინარეობდა, რაც პირველში. ოღონდ, როცა გაიგეს, რომ საშუალო სკოლაში უსწავლია, იმ პუნქტში გააგზავნეს, რომელიც ყოფილ საშუალოსკოლელთათვის იყო განკუთვნილი. მაგრამ როცა იქ თქვა, ევროპულ სკოლაში ვსწავლობდიო, იქიდანაც სხვა პუნქტში გააგზავნეს – ევროპული სკოლის მოსწავლეთათვის. ეს პუნქტი ყველაზე განაპირას მდებარეობდა, და სხვებზე არა მარტო პატარა, არამედ დაბალიც იყო. მომსახურე, რომელმაც კარლი აქ მოიყვანა, გააბრაზა ამსიგრძე გზამ და ამდენმა უარმა, რაშიც, მისი აზრით, მხოლოდ კარლი იყო დამნაშავე. შეკითხვებს აღარ დაელოდა და მაშინვე გაილალა. ეს პუნქტი, ჩანს, უკანასკნელი თავშესაფარი იყო. როცა კარლმა პუნქტის უფროსს შეხედა, შეაშინა მისმა მსგავსებამ ერთ პროფესორთან, რომელიც ალბათ ახლაც ასწავლიდა იქ, მისი ქალაქის რეალურ სკოლაში. თუმცა, როგორც მაშინვე გამოირკვა, მსგავსება მხოლოდ ცალ- კეულ დეტალებში იყო. მაგრამ მსხვილ ცხვირზე წამოცმულმა სათვალემ, საგანგებოდ მოვლილმა ხშირმა ჟღალმა წვერმა, ოდნავ წინ წახრილმა ზურგმა, მოულოდნელად მაღალმა ხმამ კარლი, ცოტა არ იყოს, საგონებელში ჩააგდო. ბედად, დიდი ყურადღება არ მოეთხოვებოდა, რადგან აქ გაცილებით მარტივად იყო საქმე, ვიდრე სხვა პუნქტებში. აქაც ჩაიწერეს, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რასაც პუნქტის უფროსმა გაუგონარი დაუდევრობა უწოდა, მაგრამ მწერალი, რომელიც იძლეოდა აქ განკარგულებებს, მალე სხვა საკითხებზე გადავიდა და უფროსის ორიოდე მოკლე შეკითხვის შემდეგ, კარლი მიღებულად გამოაცხადა; უფროსმა, რომელიც სწორედ უფრო რთული შეკითხვის დასმას აპირებდა, პირი დააღო და მწერალს მიუბრუნდა, მან კი ხელით ანიშნა, საქმე მოგვარებულიაო, თქვა: «მიღებულია» და ეს გადაწყვეტილება მაშინვე დიდ დავთარში შეიტანა. მწერალი აშკარად თვლიდა, რომ ევროპული საშუალო სკოლის მოსწავლეობა იმდენად სამარცხვინო რამაა, თუ მავანი ამას აღიარებს, სიტყვაზეც დაეჯერებაო. კარლს, თავის მხრივ, არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, და მწერლისკენ გაემართა, რათა მისთვის მადლობა გადაეხადა. მაგრამ როცა სახელი და გვარი ჰკითხეს, კარლი შეყოვნდა, მაშინვე არ უპასუხა – რცხვენოდა, არ უნდოდა თავისი ნამდვილი გვარის გამხელა და მისი წიგნში შეტანა; როგორც კი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ადგილს მიიღებს და დამაკმაყოფილებლად გაართმევს მას თავს, – აი, მაშინ გაიგებენ მის ნამდვილ სახელს, მაგრამ არა ახლა; იმისთვის ხომ არ მალავდა ამდენ ხანს, რომ ახლა აქ გაემჟღავნებინა. ამიტომ, რაკი იმ წუთში ვერაფერი სხვა ვერ მოიფიქრა, თავისი მეტსახელი დაუსახელა, როგორც ბოლო ადგილზე ეძახდნენ: «ნეგრო». – ნეგრო? – ჰკითხა უფროსმა, თავი მოაბრუნა და ისეთი გამომეტყველებით შეხედა, თითქოს კარლმა ამით დაუჯერებლობის მწვერვალს მიაღწია. მწერალიც წამოდგა და ერთხანს გამომცდელად უცქერდა კარლს, მაგრამ შემდეგ გაიმეორა «ნეგრო» და დავთარში შეიტანა. – მართლა ხომ არ ჩაწერეთ «ნეგრო»? – მიუტრიალდა უფროსი მწერალს. – დიახ, ნეგრო, – მშვიდად მიუგო მწერალმა და ხელი აიქნია – საქმე გავაგრძელოთო. უფროსმაც თავი ხელში აიყვანა, წამოდგა და თქვა: – ამრიგად, თქვენ ოკლაჰომის თეატრში – მაგრამ ვეღარ გააგრძელა, თავის სინდისს ვერ გადააბიჯა, დაჯდა და თქვა: – მას არ ჰქვია ნეგრო. მწერალმა წარბები ასწია, წამოდგა და თვითონ გამოაცხადა: – ამრიგად, მოგახსენებთ, რომ თქვენ მიღებული ხართ ოკლაჰომის თეატრში და ახლა ჩვენს ხელმძღვანელობასთან წარდგებით. კვლავ დაუძახეს მომსახურეს, რომელმაც კარლი მსაჯთა ტრიბუნისაკენ წაიყვანა. კიბესთან კარლმა საბავშვო ეტლი დაინახა. მაშინვე ცოლ-ქმარიც გამოჩნდა, ქალს ჩვილი ხელში ჰყავდა. – მიღებული ხართ? – ჰკითხა კაცმა, რომელიც ახლა უფრო გამოცოცხლებული ჩანდა. ქალმაც ღიმილით გამოხედა. როცა კარლმა უპასუხა, ეს-ესაა მიმიღეს და ახლა ხელმძღვანელობის წინაშე უნდა წარვდგეო, კაცმა უთხრა: – მაშ გილოცავთ. ჩვენც მიგვიღეს. საკმაოდ სერიოზული საწარმო ჩანს, თუმცა ყველაფერს ერთბაშად ვერ შეეჩვევი. რას იზამ, ეს ყველგან ასეა, – ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და კარლი ტრიბუნაზე ავიდა. ნელა ადიოდა, რადგან ზედა ბაქანი ხალხით იყო სავსე და არ უნდოდა, ჭედვაში მოყოლილიყო. ცოტა ხანს შეჩერდა კიდეც და დიდ იპოდრომს გადახედა, რომელიც ყოველ მხარეს შორეულ ტყეებამდე იყო გადაჭიმული. სურვილი გაუჩნდა, ერთხელ მაინც ენახა დოღი, ამერიკაში ჯერ არც ერთხელ არ ჰქონია ამის შესაძლებლობა. ევროპაში ერთხელ კი წაიყვანეს პატარაობისას დოღზე, მაგრამ მხოლოდ ის დაამახსოვრდა, როგორ მიათრევდა დედა მაყურებლებს შორის, რომლებსაც არ უნდოდათ ერთმანეთისათვის გზის დათმობა. ასე რომ, სინამდვილეში ჯირითი ჯერ საერთოდ არ ენახა. მის უკან რაღაც მექანიზმი ახმაურდა, კარლი მიბრუნდა და აპარატზე, რომელზეც საერთოდ გამარჯვებულთა სახელებს აქვეყნებდნენ ხოლმე, შემდეგი წარწერა დაინახა: «ვაჭარი კალა ცოლშვილითურთ». ესე იგი, ასე ატყობინებდნენ პუნქტებს მიღებულთა სახელებს. ამ დროს კიბეზე ჩამოირბინა რამდენიმე კაცმა, რომლებიც, უბის წიგნაკებითა და ფანქრებით ხელში, ცოცხლად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს; კარლი მოაჯირს აეკრა, რათა ისინი გაეტარებინა, და რადგან ზემოთ ადგილი გათავისუფლდა, ავიდა. ხის მოაჯირით გარშემორტყმული ბაქნის კუთხეში – ბაქანი ვიწრო კოშკის ბრტყელ სახურავს ჰგავდა – იჯდა კაცი, რომელსაც ხელები ხის მოაჯირის გასწვრივ გაეშალა, მკერდზე კი განიერი თეთრი აბრეშუმის ლენტი ჰქონდა გადადებული წარწერით: – ოკლაჰომის თეატრის მეათე მიმღები ჯგუფის უფროსი, – მის გვერდით, პატარა მაგიდაზე, იდგა ტელეფონის აპარატი, რომელსაც ალბათ ჯირითის დროსაც იყენებდნენ, ახლა კი, როგორც ჩანს, მისი საშუალებით უფროსი წინასწარ, პირადად გაცნობამდე, საჭირო ინფორმაციას იღებდა თითოეულ კანდიდატზე, ამიტომ კარლისათვის არაფერი უკითხავს, არამედ ერთ კაცს, რომელიც ფეხებგადაჯვარედინებული იდგა მის გვერდით, ხელი კი ნიკაპზე ეკიდა, უთხრა: – ნეგრო, ევროპული საშუალო სკოლის მოსწავლე, – და თითქოს მის წინ თავდახრილი კარლი მისთვის უკვე არავითარ ინტერესს აღარ წარმოადგენდა, კიბისაკენ გაიხედა – კიდევ თუ მოდიოდა ვინმე. მაგრამ რადგან არავინ ჩანდა, დროდადრო უსმენდა მეორე კაცის საუბარს კარლთან, უმეტესად კი იპოდრომისაკენ იყურებოდა და თითებით მოაჯირზე აკაკუნებდა. ეს თხელი, მაგრამ ძლიერი, გრძელი და სწრაფად მოძრავი თითები კარლის ყურადღებას იქცევდა, თუმცა მეორე ბატონთან საუბრით იყო დაკავებული. – თქვენ უმუშევარი იყავით? – დაუსვა ამ ბატონმა პირველი შეკითხვა. ეს შეკითხვა, ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენი, ძალზე მარტივი, სრულიად უეშმაკო იყო, და გარდა ამისა, პასუხები დამატებითი შეკითხვებით არ ზუსტდებოდა; მიუხედავად ამისა, თავისთავად გამოკითხვის მანერით – დაჟინებული მზერით, ოდნავ წინ წახრილი, აკვირდებოდა მოპასუხის რეაქციას, დროდადრო თავდახრილი იმეორებ- და პასუხს – ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის შეკითხვებს, რაც მოპასუხისათვის ბოლომდე გასაგები არ იყო, მაგრამ ერთგვარად ბოჭავდა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა მას. ხშირად კარლს სურვილი უჩნდებოდა, უკან წაეღო თავისი პასუხი და სხვა, ალბათ უფრო შთამბეჭდავი პასუხით შეეცვალა, მაგრამ ყოველთვის თავს იკავებდა, რადგან იცოდა, რა ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ამგვარი მერყეობა და, გარდა ამისა, რა ამოუცნობი იყო უმეტეს შემთხვევაში პასუხის ზემოქმედება. თან, მისი მიღების საკითხი ხომ უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, და ამის შეგნება თავდაჯერებას მატებდა. შეკითხვაზე, უმუშევარი ხომ არ იყო აქამდე, მან უბრალოდ და მარტივად უპასუხა: – დიახ. – სად მუშაობდით ბოლოს? – ჰკითხა შემდეგ ბატონმა. კარლს ის იყო უნდა ეპასუხა, რომ ბატონმა საჩვენებელი თითი ასწია და გაუმეორა: – ბოლოს! კარლმა პირველივე შეკითხვაზე სწორად გაიგო ყველაფერი და ჩათვალა, რომ ბოლო ხაზგასმა მის დასაბნევად იყო გამიზნული, ამიტომ უნებურად თავი გააქნია და თქვა: – ერთ კანტორაში. ჯერ ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ თუ ბატონი შემდეგ დეტალებს მოსთხოვს კანტორის შესახებ, უნდა იცრუოს. თუმცა ეს არ დასჭირვებია, რადგან შემდეგი შეკითხვა იმდენად მარტივი იყო, რომ კარლმა სრულიად სუფთა სინდისით უპასუხა: – კმაყოფილი იყავით იქ მუშაობით? – არა! – ლამის შეკითხვა არ დაამთავრებინა კარლმა. ალმაცერად გახედა უფროსს და შენიშნა, რომ მას ჩაეცინა. ინანა, რომ ასე ნაჩქარევად გასცა პასუხი ბოლო შეკითხვაზე, მაგრამ მეტისმეტად დიდი იყო ცთუნება, წამოეძახებინა ეს «არა!», რადგან თავისი ბოლო სამუშაოს მთელი დროის განმავლობაში უდიდესი სურვილი ჰქონდა, მოსულიყო სხვა დამსაქმებელი და ამ შეკითხვით მიემართა მისთვის. მეორე მხრივ, მის პასუხს შეიძლებოდა მოჰყოლოდა შემდეგი შეკითხვა, თუ რატომ არ იყო ბოლო სამუშაოთი კმაყოფილი. მაგრამ ამის ნაცვლად უფროსმა ჰკითხა: – რა სამუშაო მიგაჩნიათ თქვენთვის შესაფერისად? ამ შეკითხვაში ნამდვილად რაღაც ხაფანგი იმალება – ეს რაღა საკითხავია, როცა ის უკვე მსახიობად მიიღეს? და თუმცა ეს კარგად აქვს გაცნობიერებული, მაინც არ უბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ მსახიობობა თავისთვის შესაფერისად მიაჩნია. ამიტომ შეკითხვაზე პირდაპირ არ უპასუხა, რითაც შესაძლებელი იყო, ჯიუტის შთაბეჭდილება მოეხდინა: – მე ქალაქში აფიშა წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ ყველასთვის მოიძებნება ადგილი, ამიტომაც გამოვცხადდი. – ეს ვიცით, – თქვა ბატონმა და გაჩუმდა, რითაც ანიშნა, რომ თავდაპირველ შეკითხვაზე მოითხოვდა პასუხს. – მე მსახიობად მიმიღეს, – ყოყმანით უპასუხა კარლმა, რათა გამოეხატა, რა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო იგი ამ შეკითხვამ. – სწორია, – და ბატონი ისევ გაჩუმდა. – არა, – წამოიძახა კარლმა, და მთელი იმედი, რომ უკვე იპოვა ადგილი, უცებ გაქარწყლდა, – მე არ ვიცი, რამდენად გამოვდგები მსახიობად, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ყველა დავალება შევასრულო. ბატონი მიუბრუნდა უფროსს, მანაც თავი დაუკრა, ჩანს, კარლმა სწორად უპასუხა, ამიტომ ისევ გამხნევდა და ახლა მშვიდად ელოდა შემდეგ შეკითხვას. ის კი ასე ჟღერდა: – რა პროფესიის შესწავლა გინდოდათ თავდაპირველად? შეკითხვა რომ უფრო ზუსტად ჩამოეყალიბებინა – ზუსტად ჩამოყალიბება ბატონისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო – დასძინა: – მხედველობაში მაქვს, ევროპაში, – ამასთან, ხელი ნიკაპიდან მოიშორა და მსუბუქად აიქნია, თითქოს ამით უნდოდა ხაზი გაესვა, რა შორია ევროპა და რამდენად უმნიშვნელოა ოდესღაც იქ დასახული გეგმები. კარლმა უპასუხა: – მე მინდოდა ინჟინერი გამოვსულიყავი, – ამ პასუხის გასაცემად თავს ძალა დაატანა, – სასაცილო იყო ამერიკაში მისი აქამომდელი კარიერის გათვალისწინებით იმის გახსენება, რომ ოდესღაც ინჟინერი უნდოდა გამოსულიყო, – ან ევროპაში გახდებოდა კი ოდესმე  ინჟინერი? მაგრამ სხვა პასუხის გაცემა არ შეეძლო და ამიტომ ეს უპასუხა. ეს პასუხი ბატონმა ისევე სერიოზულად მიიღო, როგორც სხვა დანარჩენი. – ჰო, ინჟინერი, – თქვა მან, – ალბათ ერთბაშად ვერ გახდებით, მაგრამ, ვფიქრობ, დროებით დაბალი კვალიფიკაციის ტექნიკური სამუშაოს შესრულებაზეც თანახმა იქნებით. – რა თქმა უნდა, – უპასუხა კარლმა, ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ამ წინადადების მიღებით მსახიობთა დასიდან ტექნიკურ მუშაკთა ჯგუფში გადაინაცვლებდა, თან ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ამ სამუშაოზე უფრო გამოიჩენდა თავს. გამუდმებით იმეორებდა თავისთვის, რომ მნიშვნელოვანია არა სამუშაოს ხასიათი, არამედ მისი შენარჩუნება. – გაქვთ საკმარისი ღონე, რომ მძიმე სამუშაო შეასრულოთ? – ჰკითხა ბატონმა. – ცხადია, – უპასუხა კარლმა. შემდეგ ბატონმა სთხოვა კარლს, უფრო ახლოს მისულიყო და კუნთები მოუსინჯა. – ღონიერი ყმაწვილია, – თქვა და კარლს უფროსისკენ უბიძგა. მანაც ღიმილით დაუკრა თავი, კარლს ხელი გაუწოდა ისე, რომ თავისი ადგილიდან არ დაძრულა და უთხრა: – ჯერჯერობით სულ ესაა. ოკლაჰომაში კიდევ ერთხელ შეგამოწმებენ. იმედია, ჩვენი მიმღები ჯგუფის მოლოდინს გაამართლებთ! გამომშვიდობებისას კარლმა უფროსს თავი დაუკრა, უნდოდა მეორე ბატონსაც გამომშვიდობებოდა, მაგრამ ის უკვე თავაწეული ბაქანზე ბოლთას სცემდა, თითქოს თავისი სამუშაო ამოწურა. როცა კარლი ჩადიოდა, კიბის გვერდით, საინფორმაციო დაფაზე გაჩნდა წარწერა: «ნეგრო, ტექნიკური მუშაკი». რადგან აქ ყველაფერმა წესით და რიგით ჩაიარა, კარლს აღარაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო, თუ დაფაზე მისი ნამდვილი სახელი გამოჩ- ნდებოდა. ყველაფერი საგულდაგულოდ იყო მოწყობილი: კიბის ძირში უკვე ელოდა მომსახურე, რომელმაც მკლავზე სამკლაური გაუკეთა. როცა კარლმა ხელი ასწია, რათა დაენახა, რა ეწერა მასზე, წაიკითხა: «ტექნიკური მუშაკი». საითაც არ უნდა გაეგზავნათ ახლა, კარლს სურდა, ჯერ ფანისათვის შეეტყობინებინა, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მაგრამ, მისდა სავალალოდ, მომსახურისაგან შეიტყო, რომ ანგელოზები და ეშმაკები უკვე მიმღები ჯგუფის შემდეგ დანიშნულების ადგილზე გაემგზავრნენ, რათა იქ ემცნოთ მეორე დღისათვის ჯგუფის ჩასვლის ამბავი. – დასანანია, – თქვა კარლმა. ამ ახალ გარემოში ეს მისი პირველი იმედგაცრუება იყო, – ერთი ნაცნობი მყავს ანგელოზებს შორის. – თქვენ მას ოკლაჰომაში ნახავთ, – უთხრა მომსახურემ, – ახლა კი წავიდეთ, თქვენ ბოლო ხართ. მან კარლი პოდიუმის უკანა მხარის გაყოლებით წაიყვანა, სადაც ადრე ანგელოზები იდგნენ; ახლა იქ ცარიელი პოსტამენტებიღა ჩანდა. კარლის ვარაუდი, რომ ანგელოზების მუსიკის გარეშე აქ სამუშაოს მეტი მაძიებელი მოვიდოდა, მცდარი აღმოჩნდა. პოდიუმის წინ არც ერთი მოზრდილი ადამიანი არ იდგა, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ეკინკლავებოდა ერთმანეთს გრძელი თეთრი ნაკრტენის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, ანგელოზის ფრთიდან ჩამოვარდნილიყო. ერთ ბიჭს ნაკრტენი მაღლა აეწია, დანარჩენები კი ცდილობდნენ, ცალი ხელით ბიჭის თავი დაედრიკათ, მეორით კი ნაკრტენს ეტანებოდნენ. კარლმა ბავშვებზე მიათითა, მომსახურეს კი მათკენ არც გაუხედავს, ისე უთხრა: – იჩქარეთ, თქვენი მიღება ძალიან დიდხანს გაგრძელდა. რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდათ? – არ ვიცი, – გაიკვირვა კარლმა, მაგრამ გაიფიქრა, რომ ეჭვი არ უნდა ჰქონოდათ. სრულიად ნათელ ვითარებაშიც კი ხომ მოიძებნება ხოლმე ისეთი ვინმე, ვინც საფიქრალს გაუჩენს ადამიანს. მაგრამ კეთილგანწყობილ მაყურებელთა დიდი ტრიბუნის დანახვაზე, რომელსაც ახლა მიუახლოვდნენ, კარლს მომსახურის შენიშვნა გადაავიწყდა. ამ ტრიბუნაზე იყო გრძელი, თეთრსუფრაგადაფარებული მერხი, რომელზეც სარბენი მოედნისკენ ზურგით მსხდომ ახლადმიღებულებს უმასპინძლდებოდნენ. ყველა გახარებული და აღელვებული იყო; როცა დაგვიანებული კარლი შეუმჩნევლად ჩამოჯდა მერხის ბოლოში, ბევრი მათგანი წამოდგა ჭიქით ხელში, ერთმა კი მეათე მიმღები ჯგუფის უფროსის სადღეგრძელოც წარმოთქვა, რომელსაც მან «სამუშაო ადგილის მაძიებელთა მამა» უწოდა. რომელიღაცამ შენიშნა, რომ მისი დანახვა აქედანაც შეიძლებოდა, და მართლაც, არცთუ მოშორებით, მსაჯთა ტრიბუნაზე, გარკვევით ჩანდა ორი ბატონი. ახლა ყველა იქით მიბრუნდა ჭიქებით, კარლმაც წინ მდგარ ჭიქას დაავლო ხელი, მაგრამ – თუმც ხმამაღლა ყვიროდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას – მსაჯთა ტრიბუნაზე არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ვინმე ამჩნევდა მათ ოვაციას ან უნდოდა ეს შეემჩნია. უფროსი უწინდებურად კუთხეში მიყრდნობოდა მოაჯირს, მეორე ბატონი კი მის გვერდით იდგა და ხელს ნიკაპზე ისვამდა. გაწბილებული მესუფრეები კვლავ დასხდნენ, დროდადრო რომელიმე მიტრიალდებოდა ხოლმე მსაჯთა ტრიბუნისაკენ, მაგრამ მალევე უბრუნდებოდა უხვ სუფრას; ჩამოატარეს დიდი ფრინველი, როგორიც კარლს აქამდე არასოდეს უნახავს. შებრაწულ ხორცში ჩანგლები იყო ჩარჭობილი, მსახურები განუწყვეტლივ ავსებდნენ ჭიქებს, თუმცა მოქეიფეები ამას თითქმის ვერც ამჩნევდნენ, რადგან ყველას საკუთარ თეფშში ჩაერგო თავი, სასმისებში კი წითლად ჩაედინებოდა ღვინის ნაკადი; ვისაც საერთო საუბარში მონაწილეობა არ სურდა, შეეძლო ოკლაჰომის თეატრის ფოტოები დაეთვალიერებინა, რომლებიც დასტად ეწყო სუფრის ბოლოში და ხელიდან ხელში გადადიოდა. მაგრამ სურათები დიდად არ აინტერესებდათ და კარლამდე, რომელიც მერხის ბოლოში იჯდა, მხოლოდ ერთმა მიაღწია. ამ სურათის მიხედვით ყველა საინტერესო სანახავი უნდა ყოფილიყო. მასზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ლოჟა იყო აღბეჭდილი. ერთი შეხედვით გეგონებოდათ, ეს ლოჟა კი არა, მთელი სცენააო, ისეთ დიდ რკალს ხაზავდა მისი დეტალებმოოქრული ბარიერი დარბაზის სივრცეში. ფაქიზად გამოყვანილ რიკულებს შორის განლაგებული იყო ადრინდელი პრეზიდენტების მედალიონები; ერთს მსხვილი, სწორი ცხვირი ჰქონდა, სქელი ტუჩები და ამობურცულ ქუთუთოებს ქვემოთ დახრილი თვალები. ლოჟის გარშემო, გვერდებიდან და ზემოდან, სინათლის სხივები იღვრებოდა; თეთრი, მაგრამ მაინც რბილი შუქი მის მხოლოდ წინა პლანს ანათებდა, დრაპირებული მეწამული ხავერდის მიღმა კი, რომლის ნაკეცებში წითელი ფერის სხვადასხვა ტონი ერთმანეთში გადადიოდა და ყაითანით აკრეფილი მთელ რკალზე ეშვებოდა, მუქ-წითლად მოციმციმე სიცარიელე მოჩანდა. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამ ლოჟაში ადამიანები იმყოფებოდნენ, იმდენად თვითკმარად გამოიყურებოდა აქ ყოველივე. კარლს საჭმელი არ ავიწყდებოდა, თუმცა ხშირად გადახედავდა ხოლმე სურათს, რომელიც მისი თეფშის გვერდით იდო. ისე კი, სიამოვნებით ნახავდა იმ დანარჩენებიდან თუნდაც კიდევ ერთ სურათს, მაგრამ თავად ვერ გადაეწყვიტა მოტანა, რადგან ერთერთ მომსახურეს ხელი ედო დასტაზე, როგორც ჩანს, არ უნდოდა სურათების თანმიმდევრობის დარღვევა, ამიტომ კარლი აქეთ-იქით იყურებოდა, რათა დაედგინა, ხომ არ გადმოსცემენ ერთმანეთს კიდევ ერთ რომელიმე სურათს. უცებ, თეფშებზე დახრილ სახეებს შორის – ჯერ თვალებს არ დაუჯერა – გაკვირვებულმა შენიშნა კარგად ნაცნობი სახე: ჯაკომო. მაშინვე მიირბინა მასთან და დაუძახა. მან მორცხვად ასწია თავი თეფშიდან – როგორც ყოველთვის, როცა მოულოდნელად წაასწრებდნენ ხოლმე, – შემოტრიალდა მერხებს შორის ვიწრო სივრცეში, პირი ხელით მოიწმინდა და სიხარულით შეეგება კარლს, შესთავაზა, მის გვერდით დამჯდარიყო, ან თავად გადასულიყო კარლის ადგილზე. უნდოდათ, ყველაფერი ეამბნათ ერთმანეთისათვის და სულ ერთად ყოფილიყვნენ. კარლს არ უნდოდა სხვების შეწუხება, ამიტომ ჯერჯერობით ორივე თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო. სადილი მალე დამთავრდება და მერე, ცხადია, ერთმანეთს აღარ დაშორდებიან. მაგრამ კარლი მაინც შეჩერდა ჯაკომოსთან, უნდოდა, ცოტა ხანს ეცქირა მისთვის. რა მოგონებები ჰქონდა წარსულზე! სად არის ნეტავი შეფმზარეული? რას იქმს ტერეზე? თავად ჯაკომო გარეგნულად სულ არ შეცვლილა. არ ახდა შეფმზარეულის წინასწარმეტყველება, რომ ნახევარ წელიწადში ის ძლიერი ამერიკელი დადგებოდა, ადრინდელივით სუსტი იყო. უწინდებურად ჩაცვენილი ლოყები, მართალია, ახლა დამრგვალებოდა, რადგან კარგა მოზრდილი ხორცის ნაჭერი ედო პირში, რომლიდანაც აუჩქარებლად აძრობდა ძვლებს და თეფშზე ყრიდა. როგორც კარლმა მის სამკლაურზე ამოიკითხა, არც ჯაკომო მიუღიათ მსახიობად, არამედ ლიფტიორად. ოკლაჰომის თეატრში, მართლაც, ყველასათვის მოიძებნება თურმე ადგილი! ჯაკომოს ცქერით გართული კარლი დიდხანს არ დაბრუნებია თავის ადგილს. ის იყო, დაბრუნებას აპირებდა, რომ კადრების უფროსი გამოჩნდა, ერთ-ერთ მაღალ მერხზე შედგა, ტაში შემოჰკრა და მოკლე განცხადებით მიმართა ახალმიღებულებს. უმეტესობა ფეხზე წამოდგა, ისინი კი, ვისაც საჭმლის მიტოვება არ უნდოდა და ადგილზევე დარჩა, დანარჩენებმა მუჯლუგუნებით აიძულეს, ამდგარიყვნენ. – იმედი მაქვს, – დაიწყო მან. კარლი ამასობაში ფეხის წვერებზე დაუბრუნდა თავის ადგილს, – რომ კმაყოფილი დარჩით ჩვენი გამასპინძლებით. ჩვენი მიმღები ჯგუფის კვებას საერთოდ აქებენ. სამწუხაროდ, დროა სუფრიდან აიშალოთ, რადგან მატარებელი, რომელმაც ოკლაჰომაში უნდა წაგიყვანოთ, ხუთ წუთში გადის. მართალია, წინ გრძელი გზა გელით, მაგრამ, როგორც ნახავთ, თქვენზე კარგად იზრუნებენ. ახლა წარმოგიდგენთ ბატონს, რომელიც თქვენს გადაყვანას უხელმძღვანელებს და რომელსაც უნდა დაემორჩილოთ. გამხდარი, ჩია კაცი აძვრა იმ მერხზე, რომელზეც კადრების უფროსი იდგა. დრო არ დაუკარგავს, ნაჩქარევად დაუკრა თავი შეკრებილთ და მაშინვე, ხელების ნერვიული მოძრაობით დაიწყო განკარგულებების გაცემა, თუ როგორ უნდა შეკრებილიყვნენ, განლაგებულიყვნენ და გასდგომოდნენ გზას. მაგრამ მას ჯერ არავინ უსმენდა, რადგან იმ ახალმიღე- ბულმა, იქამდეც რომ წარმოთქვა სიტყვა, მაგიდას ხელი დაჰკრა და გრძელი სამადლობელი წამოიწყო, თუმცა – კარლს უკვე მოუსვენრობა დაეტყო – ეს-ესაა ითქვა, რომ მატარებელი მალე უნდა გასულიყო. მაგრამ ორატორს არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, რომ კადრების უფროსი მას არ უსმენდა, არამედ გადაყვანის ორგანიზატორს სხვადასხვა მითითებას აძლევდა, მოჰყვა ლაქლაქს, ჩამოთვალა ყველა კერძი, რაც სუფრაზე მოიტანეს, ყველა შეაფასა, დაბოლოს, თავისი სიტყვა შემდეგი შეძახილით დაასრულა: – პატივცემულო ბატონებო, ასე ლამობენ ჩვენი გულის მოგებას! – ყველას გაეცინა, იმათ გარდა, ვისაც ეს მიმართვა ეხებოდა, მაგრამ ეს უფრო სინამდვილე იყო, ვიდრე ხუმრობა. ამ სიტყვის გამო ყველამ იმით ზღო, რომ სადგურამდე სირბილით მოუწიათ მისვლა. თუმცა ეს არც ისე ძნელი იყო, რადგან – კარლმა ახლაღა შეამჩნია ეს – ბარგი არავის ჰქონდა; ერთადერთი ბარგი ბავშვის ეტლი იყო, რომელსაც ახლა ჯგუფის თავში მამა ხტუნვა-ხტუნვით მიაგორებდა. რა უპოვარი, საეჭვო ადამიანები შეკრებილიყვნენ აქ და მიუხედავად ამისა, ასე გულუხვად გაუმასპინძლდნენ და შეიფარეს! გადაყვანის ორგანიზატორსაც გულთან ახლოს მიჰქონდა ყოველი მათგანის ბედი. ხან ცალი ხელით თავად მიაგორებდა ბავშვის ეტლს, მეორეს კი მაღლა ასწევდა ხოლმე ჯგუფის გასამხნევებლად, ხან მსვლელობის ბოლოში მოექცეოდა და ჩამორჩენილებს აჩქარებდა, ხან მწკრივში ყველაზე ნელა მიმავალს გამოარჩევდა და ხელების ქნევით აჩვენებდა, როგორ უნდა სწრაფად სიარული. სადგურზე რომ მივიდნენ, მატარებელი უკვე ჩამომდგარი იყო. ხალხი ერთმანეთს ჯგუფზე მიუთითებდა, ისმოდა შეძახილები: – ყველა მათგანი ოკლაჰომის თეატრის კადრია. თეატრი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო ცნობილი იყო, ვიდრე კარლს წარმოედგინა. თეატრალური წარმოდგენები დიდად არასოდეს აინტერესებდა. მთელი ერთი ვაგონი დასისათვის იყო გამოყოფილი, გადაყვანის უფროსი გამცილებელზე მეტად უჩქაროდა მატარებელში ასვლას. ჯერ ყოველ კუპეში სათითაოდ შეიხედა, სათანადო განკარგულებები გასცა, და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა თავად. კარლმა შემთხვევით ფანჯარასთან დაიკავა ადგილი და ჯაკომოც გვერდით დაისვა. ასე ისხდნენ გვერდიგვერდ და სიხარულით ელოდნენ გამგზავრებას. ასე უდარდელად ამერიკაში ჯერ არასოდეს უმგზავრიათ. როცა მატარებელი დაიძრა, ფანჯრიდან ხელის ქნევა დაიწყეს, მოპირდაპირედ მსხდომი ყმაწვილები კი, რომლებსაც ეს სასაცილოდ მოეჩვენათ, მუჯლუგუნებით ანიშნებდნენ მათზე ერთმანეთს. ორი დღე და ორი ღამე იმგზავრეს. მხოლოდ ახლა შეიცნო კარლმა ამერიკის სიდიადე. დაუღალავად იყურებოდა ფანჯრიდან, და ჯაკომოც იმდენ ხანს მიიწევდა იქით, ვიდრე მოპირდაპირედ მსხდომმა ყმაწვილებმა, რომლებიც ბანქოს თამაშობდნენ, ნებით არ დაუთმეს მას ფანჯარასთან ადგილი. კარლმა მადლობა გადაუხადა – ჯაკომოს ინგლისური ყველასათვის არ იყო გასაგები, და დროთა განმავლობაში, – კუპეში სხვაგვარად ხომ შეუძლებელია – მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, ოღონდ ეს მეგობრულობა ხშირად შემაწუხებელი იყო, რადგან, რამდენჯერაც მათ, მაგალითად, ბანქოს ქაღალდი ძირს დაუვარდებოდათ და იატაკზე დაუწყებდნენ ძებნას, კარლს ან ჯაკომოს მთელი ძალით ჩქმეტდნენ ფეხზე. ჯაკომო მოულოდნელობისაგან წამოიყვირებდა ხოლმე და ფეხს მაღლა სწევდა, კარლმა საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ უთავაზა კინწი, ისე კი ჩუმად ითმენდა. ყველაფერი ეს, რაც ამ პატარა, ღია ფანჯრების მიუხედავად გაბუღულ კუპეში ხდებოდა, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც გარეთ ხედავდა. პირველ დღეს მაღალი უღელტეხილი გადალახეს. სალი კლდის შავლურჯი შვერილები ლამის ფანჯარაში შემოჭრილიყვნენ, მგზავრები თავს დაბლა ხრიდნენ და ამაოდ ცდილობდნენ მწვერვალის დანახვას. ხეობის პირქუში, ვიწრო კანიონები იხსნებოდა მათ თვალწინ, თითებით ხაზავდნენ მიმართულებას, სადაც ისინი უჩინარდებოდნენ, მთიდან გადმომსკდარი ჩანჩქერები შხუილით მოქუხდნენ კლდეზე, ათასობით აქაფებულ ტალღად იფრქვეოდნენ, მიექანებოდნენ ხიდებს ქვეშ, რომ- ლებზეც მატარებელი გადიოდა და ყველაფერი ეს ისე ახლოს იყო, რომ მათი ცივი სუნთქვა ტანში ჟრუანტელად უვლიდა ადამიანს.

ტეგები: Qwelly, ამერიკა, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 15

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters