შტეფან ცვაიგი - დიკენსი

არა, იმის გასაგებად, თუ როგორ უყვარდათ თანამოძმეთ ჩარლზ დიკენსი, არც წიგნების ქექვაა საჭირო და არც ბიოგრაფების დახმარება. სიყვარული მხოლოდ ცოცხალ სიტყვაში სულდგმულობს. უნდა მოვნახოთ ისეთი ინგლისელი, რომელიც სიამოვნებით მოიგონებს თავის საკმაოდ შორეულ ახალგაზრდობას, გაიხსენებს მწერლის პირველ წარმატებებს და „პიკვიკის“ ავტორს ჩარლზ დიკენსის სახელით კი არ ახსენებს, არამედ ძველებურად იტყვის: „ჩვენი ბოსი“, როგორც ეძახოდნენ მას მოფერებით ამ ორმოცდაათიოდე წლის წინ.

ასეთი ადამიანის ტკბილი, გულაჩუყებული მოგონება შეიძლება გახდეს საზომი იმ დიდი ენთუზიაზმისა და დაუოკებელი აღტაცებისა, რომლითაც ელოდებოდა ათასობით ადამიანი ამ ლურჯყდიანი ყოველთვიური რომან-ჟურნალის გამოსვლას. ახლა მისი გაყვითლებული ფურცლები, სადმე ძველ თაროებსა და კარადებში შემონახული, უიშვიათესი განძია ბიბლიოფილისათვის. იმ დროს, მიამბობდა ერთი ასეთი „old Dickensians“-თაგანი, რა დღესაც ფოსტა უნდა მოსულიყო და ფოსტალიონს ბოსის ესოდენ სასურველი ლურჯი წიგნი უნდა მოეტანა თავისი ჩანთით, ხალხს არ შეეძლო მოთმინებით შინ დაცდა. მთელი თვის განმავლობაში შიშითა და იმედით შეპყრობილნი ელოდნენ თურმე ამ დღეს, თან ცხარედ კამათობდნენ: ვის შეირთავს კოპერფილდი, აგნესს თუ დორას? მორიგ გასაჭირში ჩავარდნილი მიკობერი კვლავ თუ იყოჩაღებს და ცხელი პუნშით გაიქარვებს დარდს? და განა შეეძლოთ მშვიდად მჯდარიყვნენ სახლში და დალოდებოდნენ ამდენი განსაცვიფრებელი გამოცანის ამოხსნას! დალოდებოდნენ, სანამ თავისი ჯაგლაგა ცხენით მიაღწევდა ფოსტალიონი და

ცხელ-ცხელ ამბავს მოიტანდა? არა, ეს არ შეეძლოთ. ყველა, მოხუცი თუ ახლაგაზრდა, წლიდან წლამდე, დათქმულ დღეს ორკილომეტრიან გზას გადიოდა, რომ რაც შეიძლება ადრე მიეღო თავისი წიგნი. უკან დაბრუნებისას გზაშივე იწყებდნენ კითხვას. ზოგი თანამგზავრის წიგნში იჭვრიტებოდა მოურიდებლად, ზოგი ხმამაღლა კითხულობდა და მხოლოდ ყველაზე ერთგულნი გარბოდნენ სახლში თავქუდმოგლეჯით, რათა ცოლ-შვილისათვის მიეტანათ ახალი წიგნი. და როგორც ამ პატარა ქალაქში, ისე უყვარდათ ჩარლზ დიკენსი ყველგან, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, მთელ ქვეყანაში და მის საზღვრებს იქითაც, ყველგან, სადაც კი ინგლისელი სახლობდა; უყვარდათ მასთან შეხვედრის პირველი წუთიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მეცხრამეტე საუკუნემ არ იცის ესოდენ გულითადი კავშირი მწერალსა და მის მშობელ ერს შორის, შუქურასავით აინთო მწერლის დიდება, და უქრობ და კაშკაშა მზესავით დაადგა თავს მთელ ქვეყნიერებას. „პიკვიკი“ პირველად 400 ცალის რაოდენობით დაიბეჭდა, მეთხუთმეტე გამოცემისას კი 40.000-იანი ტირაჟით; ზვავივით მოვარდა მისი უჭკნობი დიდება და მტკიცედ დაიდო ფუძე თანამედროვეობაში. სულ მალე გერმანიისაკენ გაიკვალა მან გზა და ათასობით იაფფასიანი პაწაწინა წიგნებით გაღვიძებულმა ღიმილმა და სიხარულმა თვით მრავალჭირგამოვლილი ადამიანის გულის კუნჭულშიაც კი დაისადგურა. პატარა ნიკოლას ნიკლბი, საბრალო ოლივერ ტვისტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სხვა გმირი მისი მოთხრობებისა ესტუმრნენ ამერიკას, ავსტრალიას, კანადას. დიკენსის მილიონობით წიგნი იკითხება დღეს მსოფლიოში, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ზოგი ღარიბთათვისაა გამოცემული, ზოგიც მდიდარი ამერიკელებისათვის (ამერიკაში, მილიარდელებისათვის გამოცემული წიგნი, ვგონებ, სამასი ათას მარკად იყიდება. ასეთი ფასი არც ერთი სხვა მწერლის წიგნს არა აქვს), მაგრამ ყველა ამ წიგნში, დღესაც, ისევე როგორც წინათ, დაბუდებულა მრავალჟამიერ დალოცვილი სიცილი, რომელიც პირველივე გვერდიდან ამოფრთხიალდება მოჭიკჭიკე ჩიტივით.

უმაგალითოა მწერლისადმი განუზომელი სიყვარული და თუ იგი წლების მანძილზე არ მატულობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია მეტი სიყვარული. როდესაც დიკენსმა საჯარო კითხვის მოწყობა გადაწყვიტა, როდესაც გადაწყვიტა თავის მკითხველებს პირისპირ შეხვედროდა, მთელი ინგლისი აღტაცებამ მოიცვა. ხალხით გაჭედილ დარბაზებში ტევა აღარ იყო, ენთუზიასტები სვეტებს ეკვროდნენ, სცენის ქვეშ ძვრებოდნენ, ოღონდ კი მათი საყვარელი მწერლისათვის მოესმინათ. ამერიკაში ხალხი საშინელ სიცივეშიაც სალაროებთან ათენებდა, სახლიდან მოტანილ ლეიბებზე ეძინათ, მეზობელი რესტორნიდან კელნერები უზიდავდნენ საჭმელს. ნაკადი კი შეუჩერებლად მატულობდა. აღარც ერთი დარბაზი აღარ იტევდა მათ, ბოლოს მწერალს ბრუკლინის ერთ-ერთი ეკლესია დაუთმეს ამისათვის. საკურთხევლის წინ იდგა იგი და ისე კითხულობდა ოლივერ ტვისტის თავგადასავალსა და პატარა ნელის ამბავს. უზადო დიდება მოიხვეჭა, უკან ჩამოიტოვა ვალტერ სკოტი, თეკერეის გენიაც რამდენიმე ხნით დაჩრდილა, და როდესაც ცეცხლი დაიფერფლა, როდესაც დიკენსი გარდაიცვალა, თითქოს ცა ჩამოინგრა ინგლისის თავზე. უცნობი ადამიანები ქუჩაში ჩერდებოდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ ამ ამბავს, ლონდონი შეშფოთებამ მოიცვა, თითქოს ბრძოლაში დამარცხებულიყოს. იგი დაასაფლავეს ვესტმინისტერის სააბატოში, შექსპირსა და ფილდინგს შორის, ინგლისის პანთეონში; ათასობით ადამიანმა მიაშურა სასაფლაოს, მთად აღიმართა ყვავილების გვირგვინები და თაიგულები. ახლაც კი, ორმოცი წლის შემდეგ, თუ ჩაუვლი ამ ადგილს, თითქმის ყოველთვის დაინახავ მადლიერი ხელით მიტანილ ყვავილების თაიგულს: სიყვარული და დიდება უჭკნობად გადაურჩა დროთა მსვლელობას. დღესაც ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მწერალი მისთვის სრულიად მოულოდნელად მსოფლიო სახელითა და დიდებით შემოსა ინგლისმა, ჩარლზ დიკენსი ყველაზე უსაყვარლესი, ყველაზე სათაყვანებელი და ყველაზე დაფასებული ოქროპირი მთხრობელია მთელ ინგლისურ სამყაროში.

მხატვრულ ნაწარმოებს ასეთი უსაზღვრო და ღრმად შთამბეჭდავი ძალა მხოლოდ ისეთ იშვიათ შემთხვევაში აქვს ხოლმე, როდესაც ერთმანეთთან შეხამებულია ორი, უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედი ელემენტი: შემოქმედის გენიალური მრწამსი და ეპოქის ტრადიციები. უმეტესწილად ტრადიცია და გენიალობა ისევე უცხოა ერთმანეთისათვის, როგორც ცეცხლი და წყალი. თითქოს იმთავითვე დადგენილია, რომ გენია - ხორცშესხმული სული მომავალი ტრადიციისა - წარსულს მტრობს და როგორც ახალთაობის პირველი მაცნე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს ძველ, დახავსებულ ადათ-წესებს.

გენია და მისი თანადროულობა ორ მნათობს ჰგავს, რომლებიც ერთმანეთს უცვლიან ჩრდილსა და სინათლეს, და თუმცა ხშირად ერთ წერტილში გადაიკვეთება მათი ორბიტები, ერთმანეთს ისინი მაინც არასოდეს არა ხვდებიან.

მაგრამ ათასში ერთხელ დადგება წამი, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ, მოწმენდილ ცაზე ერთი ვარსკვლავის ჩრდილი ისე ზუსტად დაემთხვევა მეორის ნათებას, რომ ერთიმეორისაგან ვეღარ გაარჩევ მათ: დიკენსიც თავისი საუკუნის ერთადერთი მწერალია, ვისი შინაგანი მისწრაფებაც სრულად ემთხვევა თავის დროის სულიერ მოთხოვნილებას. მისი რომანი ინგლისში იმ დროს გაბატონებული გემოვნების ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, მისი შემოქმედება ინგლისური ტრადიციების ხორცშესხმის ბრწყინვალე მაგალითია. დიკენსი - ესაა ლამანშის გაღმა დასახლებული სამოცი მილიონი ინგლისელის იუმორი, გულისყური, მორალი, სულიერი ცხოვრება და ესთეტიკა, ესაა ჩვენთვის ზოგჯერ უცხო, ზოგჯერ კი ყურადსაღები ცხოვრების განჭვრეტის თავისებური ნირი. მწერალს კი არ შეუქმნია ეს ნაწარმოებები, ისინი შექმნა ინგლისურმა ტრადიციამ - ყველაზე ღონიერმა, მდიდარმა, თავისებურმა და ამიტომ

ყველაზე სახიფათომ თანამედროვე კულტურულ ტრადიციებს შორის. მისი მაცოცხლებელი ძალა ჯეროვან შეფასებას მოითხოვს. ინგლისელი უფრო მეტადაა ინგლისელი, ვიდრე გერმანელი - გერმანელი. ინგლისელობა მხოლოდ გარეგნულ პეწს კი არ აძლევს ადამიანის სულიერ ცხოვრებას, არამედ მის სისხლშია გამჯდარი, მის რიტმს აწესრიგებს, ფეთქავს პიროვნების უსაიდუმლოეს, ღრმად ინტიმურ, სისხლხორცეულ არსში: შემოქმედებაში. ინგლისელი, როგორც ხელოვანი, თავისი ერის წინაშე უფრო დიდ ხარკს იხდის, ვიდრე გერმანელი ან ფრანგი. ინგლისში ყველა ხელოვანი, ყველა ჭეშმარიტი მწერალი მუდამ ებრძოდა მის სულში არსებულ ინგლისურ საწყისს; მაგრამ ვერავინ, რაგინდ წრეგადასული სიძულვილითაც არ ყოფილიყო ანთებული, ვერ ძლევდა ადათს. ტრადიცია ისე ღრმად იდგამს ადამიანის სულიერ სამყაროში ფესვებს, რომ მისი ამოძრობა ორგანიზმის დასახიჩრებას, სისხლისაგან დაწრეტას იწვევს. თავისუფალ, კოსმოპოლიტურ სამყაროზე მეოცნებე რამდენიმე არისტოკრატმა: ბაირონმა, შელიმ, ოსკარ უაილდმა სცადეს ამოეძირკვათ საკუთარ თავში ინგლისელობა. მათ სძულდათ ინგლისელების მარადიული, ბურჟუაზიული სული. ამ სურვილს მსხვერპლად შეეწირნენ ისინი, სხვა კი ვერაფერი შეძლეს. ინგლისური ტრადიცია, ყველაზე ძლიერი და სახელმოხვეჭილი ტრადიცია მსოფლიოში, მეტისმეტად სახიფათოა ხელოვნებისათვის. სახიფათოა იგი თავისი ვერაგობით: არც უკაცრიელი ტრამალია და არც მიუსაფარი რამ ადგილი, მისი კერის თბილი ცეცხლი და სიმყუდროვე ფარისევლურად გეპატიჟება, მაგრამ მორალის მარწუხებში გამწყვდევს, გავიწროვებს, გთრგუნავს და თავისუფალი აღმაფრენის საშუალებას არ გაძლევს. იგი სადა და უბრალო ბინაა, სადაც ჰაერი ჩახუთულია და ბობოქარი ცხოვრების ქარიშხალი ვერ აღწევს, ესაა ნამდვილი „home“ - კოხტა, საამო და მიმზიდველი, თავისი განუყრელი მოგუგუნე ბუხრითა და ბურჟუაზიული თვითკმაყოფილებით, მაგრამ მაინც სატუსაღოა ისეთი ადამიანისათვის, ვისაც მთელი სამყარო

მიაჩნია თავის სამშობლოდ და უდიდეს სიხარულს განიცდის, როდესაც თავგადასავლის ძებნაში უთავბოლოდ დაეხეტება უსასრულო სივრცეში. დიკესმა შინაურულად მოიკალათა ინგლისის ტრადიციაში, მოხერხებულად მოეწყო მის ოთხ კედელში. აქ, ამ მშობლიურ ატმოსფეროში იგი კარგად გრძნობდა თავს და მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთხელ არ გადაულახავს ინგლისური ხელოვნების, მორალის, ან ეთიკის საზღვრები. იგი არ იყო რევოლუციონერი. ხელოვანი და ინგლისელი ერთად ბინადრობდნენ მის სულში და ბოლოს ერთმანეთს შეესისხლხორცნენ. დიკენსის ქმნილებანი ინგლისის საუკუნოვანი ტრადიციების მტკიცე საფუძველზე დგანან და თითქმის არასოდეს არ ღალატობენ მათ, მაგრამ თავისი უზადო არქიტექტურითა და ცად აზიდული ბუმბერაზული სიმაღლით უშესანიშნავეს ნაგებობას წარმოადგენენ. მისი შემოქმედება ერის ნებაა, ხელოვნებაში გაცოცხლებული: და როდესაც ვლაპარაკობთ მის ხალას ნიჭზე, მის იშვიათ ღირსებებზე, მწერლის გამოუვლინებელ შესაძლებლობებზე, მუდამ თვით ინგლისთან გვიხდება შეჯახება.

დიკენსი ჭეშმარიტად ინგლისური ტრადიციაა ნაპოლეონის გმირულ ეპოქასა და იმპერიალიზმს შორის, სახელოვან წარსულსა და ნაოცნებარ მომავალს შორის. თუ დიკენსმა თავის ნაწარმოებებში მხოლოდ უჩვეულო მოვლენები აღგვიწერა და არა ბუმბერაზული, რასაც თავისუფლად გასწვდებოდა მისი ნიჭი, ეს არ ამცირებს მას, როგორც ინგლისელს, თავისი ერის ერთგულ შვილს, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ მისდა სავალალოდ ინგლისის ვიქტორიანულ ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა.

შექსპირიც ხომ ინგლისის ერთ-ერთი ეპოქის უდიდესი შესაძლებლობის გამოვლინება და პოეტური განსახიერებაა, მაგრამ ეს ელისაბედის ეპოქა იყო: ენერგიული მოქმედების, ჭაბუკური

შემართების, სისხლსავსე გრძნობის ეპოქა, როდესაც ინგლისმა პირველად გაიწვდინა ხელი imperium mundi-საკენ, როდესაც იგი თრთოდა და ცახცახებდა მოზღვავებული ჯან-ღონისაგან. შექსპირი მოქმედების, ნებისყოფისა და ენერგიის ბატონობის საუკუნემ წარმოშვა. წინ ახალი ჰორიზონტები იშლებოდა: ამერიკაში ახალი ქვეყნების დაპყრობა წარმოებდა, მოსისხლე მტერი განადგურებული იქნა, ჩრდილოეთის ნისლიან ქვეყანაში იტალიიდან რენესანსის ეპოქამ შემოანათა. ღმერთი და რელიგია მოძველდა და ქვეყანას ახალი, ცოცხალი კერპები ესაჭიროებოდა.

შექსპირი გმირული ინგლისის გვირგვინი იყო, დიკენსი - მხოლოდ სიმბოლო ბურჟუაზიისა. დედოფალი, რომელსაც დიკენსი ერთგულ ქვეშევრდომობას უწევდა, თვინიერი ქალი იყო, დედაშვილური. არაფერი გამორჩეული old queen ვიქტორია, ქვეყანა კი, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლებოდა, გონების ცივი განჭვრეტით მოწესრიგებული, მშვიდი, აღმაფრენასა და ვნებათაღელვას სრულიად მოკლებული სახელმწიფო გახლდათ. დიკენსის აღმაფრენას გასაქანს არ აძლევდა ეპოქის მძიმე ტვირთი - ეპოქისა, რომელიც ყელამდე მაძღარი იყო და ახლა მონელებაზეღა ფიქრობდა. მისი გემის აშვებულ აფრებს წყნარი ნიავი ინგლისის ნაპირებისაკენ ანანავებდა და ერთხელაც კი არ გაუშვია შეუცნობელის სახიფათო მშვენიერებისაკენ, ანდა უსასრულობის გაუკვალავი სიღრმისაკენ. წინდახედულს არასოდეს მიუტოვებია მშობლიური, ოდითგანვე შეჩვეული ატმოსფერო. და თუ შექსპირი გაუმაძღარი ინგლისის სიმამაცეს განასახიერებს, დიკენსი, პირიქით, - დანაყრებული ქვეყნის სიფრთხილესა და წინდახედულობას.

იგი 1812 წელს დაიბადა. და როდესაც პირველად მოავლო თვალი არემარეს, სწორედ მაშინ

ჩამოიკუპრა სამყაროს ცა, სწორედ მაშინ ჩაქრა დიდი კოცონი, ევროპის დამპალ შენობას განადგურებით რომ ემუქრებოდა. ვატერლოოსთან ინგლისის ქვეითმა ჯარმა გვარდია გაანადგურა, ინგლისი გადარჩა. ახლა იგი სიამოვნებით უყურებს, თუ როგორ ეულად იფერფლება უკაცრიელ კუნძულზე მისი მოსისხლე მტერი, ტახტიდან ჩამოგდებული და ძალაუფლებაწართმეული. ამას დიკენსი არ მოსწრებია; არ უნახავს, თუ როგორ გადაუარა ევროპას მსოფლიო ხანძრის აალებულმა ცეცხლმა. ინგლისის ნისლი ლიბრივით გადაკვრია მის თვალებს. ჭაბუკი გმირებს არ მოსწრებია, გმირების ჟამი ისტორიას ჩაბარდა. ინგლისში რამდენიმე კაცს არ უნდოდა შერიგებოდა ამას, შიშველი ენთუზიაზმით ცდილობდნენ ისინი ცხოვრების ჩარხის შემობრუნებას, ძველებური ძალით დატრიალებას, მაგრამ ინგლისი მშვიდ განცხრომაშია და ასე ადვილად როდი აჰყვება მათ. ისინი კი რომანტიზმისაკენ ილტვიან, მის იდუმალ გზა-ბილიკებზე უბადრუკი ნამწვავებიდან ძველებური ცეცხლის გაჩაღებას ცდილობენ, მაგრამ ბედისწერა ულმობელია. შელი ტირენის ზღვაში შთანთქა, ლორდ ბაირონი კი ციებამ დაფერფლა მისოლუნგში. ავანტიურების დრო წავიდა. ნაცრისფერი დაედო თითქოსდა ჩაფერფლილ ქვეყანას. ინგლისი მშვიდად შეექცევა თავის საკბილოს, რომელსაც ჯერაც არ შეშრობია სისხლი; ბურჟუებმა, ვაჭრებმა, მაკლერებმა მოიკალათეს ყველგან, მბრძანებლებივით სიამოვნებით მცონარობენ თავიანთ ტახტრევანზე. გამაძღარი ინგლისი საჭმელს ინელებს, და ხელოვნება, თუკი მას სწადია, რომ მოწონებას იმსახურებდეს, რბილი უნდა იყოს, ნელთბილი, ადვილად გასაგები და აღსაქმელი და არა შემაწუხებელი თავისი გიჟმაჟი ემოციებით, იგი ნაზი სალბუნივით უნდა იყოს ადამიანისათვის; სანტიმენტალური შეიძლება იყოს, მაგრამ ტრაგიკული კი არა და არა. აღარავის სურს მქუხარე დელგმა, სულსა და გულს რომ დაეძგერება და ძარღვებში სისხლს გაჰყინავს - ამას ხომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კარგად ხედავდა ყველა საფრანგეთიდან და რუსეთიდან მოსული გაზეთების გადაკითხვისას.

ახლა მათ მხოლოდ ის ეწადათ, რომ დამტკბარიყვნენ ოდნავ შიშნარევი, ცოტა სასაცილო და გრძელი ამბებით, თხრობის ჭრელი გორგალი თანდათან უნდა გაშლილიყო და ასე შეექცია, გაერთო ისინი. ბუხრის პირას წასაკითხი წიგნები უნდოდათ მათ, ცივ ქარიშხლიან ღამეს გასართობად წასაკითხი წიგნები, ბუხრის გუზგუზა ცეცხლივით საამო და უვნებელი. ეს უნდა ყოფილიყო ხელოვნება, რომელიც ჩაის მაგვარად ესალბუნება და ატკბობს ადამიანის გულს, მაგრამ თრობის განცხრომასა და სიხარულს კი არ ანიჭებს.

გადაივიწყეს გუშინწინდელი გმირული ლტოლვა, ახლა მხოლოდ იმის მოვლასა და პატრონობას უნდებიან, რაც უკვე მოპოვებულია, და შიშით გაურბიან ძლიერი განცდების კორიანტელს. წიგნებშიაც და ცხოვრებაშიაც ზომიერ განცდებს ეძებენ და არ სურთ ექსტაზით აღზევებული გრძნობა. სიმშვიდე და ნორმის ფარგლებში ყოფნა ურჩევნიათ. მაშინდელ ინგლისში ბედნიერება მჭვრეტელობას უტოლდებოდა, ესთეტიკა - ზნეობრიობას, ვნებათა ღელვა - პრანჭიაობას, ეროვნული პატრიოტიზმი - ლოიალობას, სიყვარული - ქორწინებას. შენელდა ცხოვრების მაჯისცემა, თითქოს სისხლი შედედდა ძარღვებში. თვითკმაყოფილება დაეუფლა ინგლისს და არაფრის შეცვლა აღარ სწადია. ხელოვნება, რომელსაც მიიღებს თავისი სიმაძღრით ესოდენ კმაყოფილი ერი, თვითონაც კმაყოფილი უნდა იყოს შექმნილი მდგომარეობიდან, ხოტბა უნდა შეასხა მას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიზრახოს დადებული მიჯნის გადალახვა და ამ მისწრაფებაში მშვიდი, წყნარი, ადვილად გასაგები ხელოვნებისადმი ჰპოვა თავისი გენია ისევე, როგორც ერთ დროს ელისაბედის ეპოქამ შექსპირი ჰპოვა. დიკენსის ხელოვნებაში გაცოცხლდა მაშინდელი ინგლისის მხატვრული მოთხოვნები. დიკენსის ბედი იყო, რომ სწორედ დროზე მოევლინა ინგლისს, და სწორედ ამან განაპირობა მისი დიდება. მაგრამ უბედობაც სჭირდა მას, მისი ტრაგედია ის იყო, რომ დაემორჩილა თავისი

დროის მოთხოვნებს. მის ხელოვნებას ასაზრდოებს ფარისევლური მორალის მითი მაძღარი ინგლისის მშვენიერებაზე და მის შემოქმედებას ესოდენ ბუმბერაზული მხატვრული ნიჭი რომ არ ამკობდეს, ბრწყინვალე, მარგალიტების მფრქვეველი იუმორი რომ არ გვავიწყებდეს მისი გმირების შინაგან განცდათა უფერულ სიმწირეს, მაშინ მას მხოლოდ ინგლისის იმდროინდელი სამყაროსათვის ექნებოდა ფასი და ჩვენ მათ მიმართ ისევე ღრმად ინდიფერენტული ვიქნებოდით, როგორც იმ ათასობით რომანის მიმართ, რომელსაც თხზავდნენ სიტყვასწრაფი კამლოსნები ლამანშის გაღმა.

მთელი არსებით უნდა გწამდეს ვიქტორიანული კულტურის ფარისევლური გონებაშეზღუდულობა და მხოლოდ მაშინ შეაფასებ ჯეროვნად იმ ადამიანის სიდიადეს, რომელმაც სიმაძღრით მეტისმეტად კმაყოფილი ამ საზიზღარი სამყაროს მიმართ ინტერესი გაგვიღვიძა, თითქმის მოგვაწონა კიდეც, და რომელმაც შესძლო ცხოვრების უაღრესად ბანალურ პროზაში პოეზია აღმოეჩინა.

თვით დიკენსს არასოდეს გაულაშქრია ამგვარი ინგლისის წინააღმდეგ. თუმცა კი გულის სიღრმეში, ქვეშეცნეულად მუდამ ებრძოდა მასში დიდებული მხატვარი ინგლისელს. თავიდან იგი ძლიერი და მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა თავისი გზით, მაგრამ მერე და მერე გადაიღალა. ხშირად ეფლობოდა ხოლმე თავისი ეპოქის რბილ ქვიშნარში და ტრადიციით გაკვალულ შარას ამჯობინებდა. დიკენსი მისმა ეპოქამ დასჯაბნა და ამის გახსენებაზე უნებლიეთ მუდამ მაგონდება გულივერის მოგზაურობა ქონდრიკაცების ქვეყანაში. სანამ გოლიათს ეძინა, იგი ათი ათასი წვრილი თოკით დააბეს მიწაზე და როდესაც გამოეღვიძა, განძრევის საშუალება არ მისცეს, სანამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა და არ დაიფიცა, რომ არასოდეს დაარღვევდა ამ

ქვეყნის წესსა და ადათს. ასე შებოჭა ტრადიციამ ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი დიკენსი: სახელი გაუთქვა და ამით სამუდამოდ მიაჯაჭვა ინგლისის მიწაზე, შემდეგ დიდების შარავანდედით შეამკო და ამით სამუდამოდ შებოჭა იგი. უღიმღამოდ გატარებული ბავშვობის შემდეგ იგი სტენოგრაფისტად მოეწყო პარლამენტში და ერთ მშვენიერ დღეს აზრად მოუვიდა პატარა მიმოხილვების დაწერა, უფრო შემოსავლისათვის, ვიდრე შთაგონების კარნახით. პირველმა ცდამ ნაყოფი გამოიღო, იგი გაზეთის თანამშრომელი გახდა. შემდეგ გამომცემელმა სთხოვა რომელიღაც კლუბის შესახებ სატირული ნარკვევები დაეწერა, რომლებიც ამავე დროს ინგლისელი ჯენტრის ცხოვრებიდან აღებული კარიკატურების წარწერებადაც იქნებოდა გამოსადეგი. დიკენსმა ეს წინადადება მიიღო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. „პიკვიკის კლუბის“ პირველ თავებს არნახული წარმატება ხვდა წილად; ორი თვის შემდეგ „ბოსი“ ეროვნულ მწერლად იქნა აღიარებული. წარმატებამ გამბედაობა შეჰმატა - „პიკვიკი“ რომანად გაიზრდა. ამანაც გაუმართლა. კიდევ უფრო მაგრად გაიკვანძა ეროვნული სახელისა და დიდების იდუმალი ხლართები. მოწონების ტაში და ოვაცია ერთი ნაწარმოებიდან მეორისაკენ მიუძღოდა და თანაც იმდროინდელი გემოვნების ქარი საითაც ქროდა, იქით მიერეკებოდა მის ნიჭს. მოწონებისა და ქება-დიდებისაგან, გახმაურებული საყოველთაო აღიარებისა და საკუთარი შემოქმედებითი თავმოწონებისაგან ნაქსოვი ბადე ისე მჭიდროდ შემოეჭდო, რომ იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა, და გულში ფიცი დაედო, რომ არასოდეს დაარღვევდა თავისი მშობელი ქვეყნის ესთეტიკურ და მორალურ კანონებს. ამრიგად, იგი დარჩა ინგლისური ტრადიციის წვრილბურჟუაზიული გემოვნების ტყვედ - ახალი გულივერი კვლავ ქონდრიკაცების ხელში აღმოჩნდა. მისი შესანიშნავი ფანტაზია, რომელსაც შეეძლო არწივივით თავს გადავლებოდა ამ ვიწრო საზღვრებით შემოფარგლულ ქვეყანას, სასიქადულო გზის დასაწყისშივე შეკვეცილ იქნა.

მაჯლაჯუნასავით შებოჭა მისი შემოქმედებითი აღმაფრენა თვითკმაყოფილებამ.

დიკენსი კმაყოფილი იყო, მას აკმაყოფილებდა ეს ქვეყანა, ინგლისი, თავისი თანამედროვე ადამიანები, ისინიც მადლიერნი იყვნენ მისი. დიკენსიცა და მისი თაყვანისმცემლებიც კმაყოფილნი იყვნენ და სხვა არა უნდოდათ რა. მისთვის უცხო იყო გახელებული სიყვარული, რომელიც მზადაა სანაცვლო შურისგებისათვის, სიყვარული, რომელიც გულ-ღვიძლს ამოუტრიალებს ადამიანს, შეაძრწუნებს და აღამაღლებს. მისთვის უცხო იყო დიდი მხატვრების მუდმივი ლტოლვა ღმერთთან საკამათოდ, უცხო იყო სურვილი დაემხო არსებული და შეექმნა საკუთარი ოცნების შესატყვისი ახალი სამყარო. დიკენსი გაუბედავი ადამიანი იყო, მოკრძალებული, ყველაფერს კეთილი თვალით უყურებდა, ყველაფერი ბავშვივით აკვირვებდა და ახარებდა, ბევრს არაფერს მოითხოვდა ცხოვრებისაგან. მცირედსაც ჯერდებოდა. ოდესღაც ეს იყო საწყალი, ბედისაგან დაჩაგრული, მთელი ქვეყნისაგან დევნილი პატარა ბიჭი. დამამცირებელ შრომაში გაატარა მან თავისი ბავშვობა. მაშინ მას ათასფერად გაცისკროვნებული ლამაზი მისწრაფებები ჰქონდა, მაგრამ ხელის შემშველებელი არავინ ჰყავდა. წლების მანძილზე უმოწყალოდ ჩაგრავდნენ ბიჭუნას.

მწვავედ განიცდიდა ამას, გული ეთუთქებოდა. ასე გატარებული ბავშვობა იყო, სინამდვილეში, მისი როგორც მწერლის ტრაგედია. ამ გამოუთქმელი ტკივილის ნოყიერ ნიადაგში მოხვდა მისი შემოქმედების თესლი; და შემდეგში, როდესაც ძალაცა და ღონეც მოეცა გამოსულიყო ფართო სამოღვაწეო ასპარეზზე, მისი ერთადერთი სურვილი ის იყო, რომ შური ეძია ასე გატარებული ბავშვობისათვის. თავისი რომანებით იგი ხელს უწვდიდა იმ საცოდავ, ყველასაგან მივიწყებულ და მიტოვებულ ბავშვებს, რომლებიც ისევე, როგორც ოდესღაც თვით იგი, უსამართლოდ

იჩაგრებოდნენ უხეირო მკაცრი მასწავლებლებისაგან, უყურადღებოდ მიტოვებულ სკოლაში სულს რომ ხდიდნენ მოწაფეებს. დიკენს სურდა დეცვა ისინი გულცივი მშობლებისაგან, უსულგულო ეგოისტი ადამიანებისაგან. მას უნდოდა პატარებისათვის ეჩუქებინა ბავშვური სიხარულის რამდენიმე ლამაზი კოკორი მაინც, ასე ულმობლად რომ დაჭკნა სიკეთის ცვარ-ნამს მოკლებულ მის ბავშვობაში. ბოლოს კი გაუმართლა ცხოვრებამ და სამდურავი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ბავშვობის მოგონებანი შურისძიებისაკენ მოუწოდებდნენ. მისი შემოქმედების ერთადერთი მორალური მისწრაფება ამ სუსტი არსებების მფარველობა იყო: აქ კი ნამდვილად ცნობდა იგი არსებული წესების გამოსწორების საჭიროებას. იგი მთელ საზოგადოებას როდი ებრძვის, არსებული წყობილების წინააღმდეგ საბრძოლველად როდი მოუწოდებს; მუჭმოკუმული არ ემუქრება თავის თაობას, კანონმდებლებს, ბურჟუაზიას, სიცრუით აღსავსე პირობითობას; იგი მხოლოდ ფრთხილად მიუთითებს აქა-იქ შემორჩენილ ღია ჭრილობებზე. ინგლისი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 1848 წელს რევოლუციური ბობოქრობა არ დაუწყია. დიკენს არ სურდა გადატრიალება - ძველის დამხობა და ახლის აშენება, იგი მხოლოდ არსებულის შესწორება-შელამაზებაზე ფიქრობდა, სოციალური უსამართლობის განსაკუთრებით მძაფრი გამოვლინებების შერბილება ეწადა მხოლოდ, მწვავე ტკივილის გაყუჩება უნდოდა, მაგრამ არასოდეს არ ცდილა მოენახა და ამოეძირკვა ბოროტების სათავე. იგი ჭეშმარიტი ინგლისელი გახლდათ და არასოდეს ილაშქრებდა ფესვგადგმული მორალის საფუძვლების წინააღმდეგ, რომლებიც კონსერვატული სულისათვის ისევე წმინდა იყო, როგორც სახარება. მშვიდობისმოყვარე კეთილმოსურნეობა, რომელიც ეპოქის მოდუნებული ტემპერამენტით იყო განსაზღვრული, დიკენსსაც ჭარბად ჰქონდა გამჯდარი ძვალსა და რბილში. იგი ბევრს არ მოითხოვდა ცხოვრებისაგან, და ასეთები იყვნენ მისი გმირებიც. ბალზაკის გმირი ხარბი და ძალაუფლების მოყვარეა, პატივმოყვარეობის ცეცხლი სწვავს.

ყველაფერი ეცოტავება, ბალზაკის გმირები გაუმაძღარნი არიან, ქვეყნის დამპყრობნი და დამაქცეველნი, თითოეული მათგანი ანარქისტია და ამავე დროს ტირანიც, ნაპოლეონისებური ტემპერამენტის მქონე. დოსტოევსკის გმირებიც ფიცხნი არიან, ექსტაზში ადვილად შედიან, უარყოფენ არსებულ სამყაროს და უკმაყოფილების დაუოკებელი გრძნობით შეპყრობილნი მწარე სინამდვილიდან ჭეშმარიტების შუქით გაცისკროვნებული სამყაროსაკენ მიისწრაფვიან; მათ არ სურთ უბრალო, რიგითი ადამიანებივით ცხოვრება, თითოეულის გულში ანთია სიამაყით აღსავსე, სახიფათო სურვილი: მესიად მოევლინოს ქვეყანას. ბალზაკის გმირს სამყაროს დამორჩილება სწადია, დოსტოევსკისას - მისი გადალახვა. ორივეს ერთი მისწრაფება აქვს - გადალახოს ყოველდღიურობა და უსასრულობას მიაშუროს. დიკენსის მოქმედი პირი მარტივი და თავმდაბალი პიროვნებაა. ღმერთია მოწამე, არაფერი განსაკუთრებული არ უნდა. მისთვის სავსებით საკმარისია წელიწადში ასიოდე გირვანქა სტერლინგი, კოხტა ცოლი, თორმეტიოდე შვილი, მეგობრებისათვის სტუმართმოყვარედ გაშლილი სუფრა, ლონდონის მახლობლად მწვანე მდელოზე ლამაზი კოტეჯი, პატრა ბაღი და მცირეოდენი ბედნიერება. მათი იდეალი მეშჩანურია, წვრილბურჟუაზიული: ამის მიხედვით უნდა გავიკვალოთ გზა დიკენსის შემოქმედებაში. ამ ადამიანებს არც ზედმეტი სიმდიდრე უნდათ, არც ზედმეტი სიღარიბე, მათთვის სავსებით კმარა ყოველდღიური სიამტკბილობაც, რომელიც წვრილი ვაჭრისა და მედროგისთვის მართლაც რომ უმაღლესი მწვერვალია უზრუნველყოფილი ცხოვრებისა, მაგრამ ხელოვანისათვის კი დამღუპველი და გამანადგურებელია. დიკენსის იდეალებს თითქოს ფერთა სიმკვეთრე აკლიათ გარშემო გამეფებული სიმწრის გამო. ამ ნაწარმოებებს სული შთაბერა არა ზეციურმა გამგებელმა - ქაოსის შემქმნელმა და მომწესრიგებელმა მრისხანე ღმერთმა, არამედ ცხოვრების მშვიდობიანმა მეთვალყურემ, ცხოვრებით კმაყოფილმა კაცმა, ლოიალური ხასიათის მოქალაქემ.

დიკენსის რომანების ატმოსფერო ბურჟუაზიული სულითაა გაჟღენთილი. ამიტომ მისი უდიდესი დამსახურება სწორედ ისაა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომანტიკა აღმოაჩინა, პოეზია იპოვა პროზაში. მან პირველმა აღწერა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ პოეტური ერის პოეტური სული. ლეგა ღრუბლებით დაფარულ ტყვიისფერ ცაში მისი წყალობით მზის სხივმა შემოანათა. და ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, თუ როგორი კაშკაშაა ინგლისურ ნისლში შემოპარული მზის ბრწყინვალება, იგი მიხვდება, როგორი დიდი ბედნიერება მოუტანა თავის ხალხს მწერალმა, რომელმაც მოახერხა ეს შვებისმომგვრელი წუთი გამოეტაცა ტყვიისფერი ღრუბლებიდან და ხელოვნებაში გაეცოცხლებინა. დიკენსი ინგლისის ყოველდღიურობის ოქროსფრად მოელვარე შარავანდედია, რომელიც ღვთაებრივად ამკობს უბრალო ადამიანებს და უბრალო საქმეებს. დიკენსი ინგლისური იდილიაა!

თავისი გმირები მან ქალაქგარეთ, ვიწრო ქუჩაბანდებში იპოვა, აქვე ამოიკითხა მათი ბედ-იღბალი. ამ ადგილებს კი სხვა მწერლები გულგრილად ჩაუვლიდნენ ხოლმე გვერდს და თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ. თავიანთი ნაწარმოებების გმირებს ისინი საზეიმო ჭაღებით განათებულ არისტოკრატიულ სალონებში ეძებდნენ, fairy tales ჯადოსნური ტყის ბილიკებზე, მათ მხოლოდ შორეული, უჩვეულო და განსაკუთრებული რამ იზიდავდათ. უბრალო ადამიანი მათთვის დედამიწის მიზიდულობის გამომხატველი არსება იყო, მათ კი იზიდავდათ მხოლოდ ცეცხლოვანი, ექსტაზით ანთებული სანუკვარი სული, მხოლოდ ლირიული სულის ადამიანი, ანდა ჭეშმარიტი გმირი. დიკენსმა არ ითაკილა უბრალო მშრომელის, მედღეურის გამოყვანა გმირად. იგი ხომ თვით იყო selfe-made-man, დაბალი ფენებიდან გამოსული ადამიანი, და ასეთი ხალხისადმი გულისამაჩუყებელი პატივისცემა აკი ბოლომდე შეინარჩუნა. იგი უჩვეულო ენთუზიაზმს ამჟღავნებდა ბანალური მოვლენებისადმი.

აღტაცებაში მოდიოდა ხან სულ უბრალო ცხოვრებისეული წვრილმანისაგან, მამა-პაპათაგან შემორჩენილი ნივთისაგან. მისი წიგნებიც curiosity shop მოგვაგონებს, ისინი თითქოს ისეთი ძველმანებითაა სავსე, რომლებსაც სხვა ადამიანი ვერაფერში გამოიყენებს. ესაა ყოვლად უცნაური, ღიმილისმომგვრელი, უმნიშვნელო ამბების გროვა, რომელიც ათეული წლების მანძილზე ვერა და ვერ მოესწრო ღირსეულ დამფასებელს. მან კი ხელი მოჰკიდა ამ მიგდებულ, დამტვერილ საგნებს, კარგად გაწმინდა, თავ-თავისი ადგილი მიუჩინა და ღიმილნაფრქვევი შუქით გააცისკროვნა. ანაზდად ნივთები უჩვეულოდ აპრიალდნენ. აი, ასე ამოკრიფა მან უბრალო კაცის მკერდიდან უმნიშვნელო პატარ-პატარა ჩუმი გრძნობები, ყური მიუგდო, ფრთხილად გააწყო მათი ჩარხები და კვლავინდებურად ცოცხლად აატიკტიკა.

და აი, კურანტის მქონე საათივით აზუზუნდა, ახმაურდა მექანიზმი, მერე კი ჩუმი, მაგრამ ისეთი ტკბილი, გულშიჩამწვდომი ძველებური სიმღერა წამოიწყო, რომ მის გვერდით ფერი გაუხუნდებოდა ლეგენდარულ სამყაროში დაბადებულ რაინდების მოსაწყენ ბალადებს და „ზღვის ლედის“ კანცონებს. ასე აღადგინა დიკენსმა ნაცარწაყრილი უბრალო ადამიანების სამყარო, აღადგინა, ააწყო და გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში. კეთილმოსურნეობით ახსნა ამ სამყაროს გონებაშეზღუდულობა, საცნაური და ყველასათვის დასანახი გახადა მისი სილამაზე, ამ ხალხში ფესვგადგმული ცრუმორწმუნეობა ახალ პოეტურ მითოლოგიად გადააქცია. მის ნოველაში საამო მუსიკად იქცა ჭრიჭინას გაუთავებელი ჭრიჭინი ბუხრის თავზე, საშობაო ზარები ადამიანის ენით ალაპარაკდნენ და შობის ღამის ღვთაებრივი იდუმალებით შემოსილი რელიგიური განწყობა პოეზიით აღსავსე გრძნობას ეძმო და შეეთვისა, გულისმაამებელ პატარა, სიხარულში ღრმა აზრი ამოიკითხა; ამ პატარა, უბრალო ადამიანებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზია უპოვა, და კიდევ უფრო შეაყვარა ის, რაც ისედაც სანუკვარი იყო მათთვის -

მათი home, თბილი ოთახი, სადაც ბუხარში გიზგიზა ცეცხლი საამოდ ატკაცუნებს ხმელ შეშას და მაგიდაზე ჩაიდანი შიშინით მღერის, სადაც ფუჭ ოცნებებს განრიდებული ადამიანები საიმედოდ არიან დაცული ამა ქვეყნის სიავეთაგან, შფოთისმომტანი ქარიშხლისაგან. მას სურდა ყოველდღიურობაში პოეზიის დანახვის უნარი ესწავლებინა იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ დაუბოლოვებელ ყოველდღიურობაში ატარებდა წუთისოფელს. ათასობით, მილიონობით ადამიანს დაანახა მან მათი ღარიბული ცხოვრების ზეგარდმო მოვლენილი სიკარგე. დაანახა მოსაბეზრებელი ყოველდღიურობის ფერფლით დაფარული დაუშრეტელი სიხარულის ნაპერწკალი. ასწავლა ამ ნაპერწკლის გაღვივება და შვებისმომგვრელი ხალისიანი კოცონის ანთება. იგი იყო ღარიბებისა და ბავშვების გულითადი შემწე და მეგობარი. მტრული თვალით უყურებდა ყველაფერს, რაც მატერიალურად ან სულიერად სცილდებოდა ამ შუათანა ცხოვრების საზღვრებს; დიახ, მას მოსწონდა შუათანა დონე, მთელი სულითა და გულით უყვარდა უბრალო, ჩვეულებრივი ამბები. სძაგდა მდიდრები, არისტოკრატები, ბედ-იღბლიანები. ასეთი ადამიანები მუდამ გაიძვერებად და ძუნწებად ჰყავს გამოყვანილი თავის ნაწარმოებებში, და მათგან პორტრეტებს კი არა, კარიკატურულ ჩანახატებს აკეთებს მხოლოდ. დასანახავად ეჯავრება ეს ხალხი. მწარედ ახსოვს, თუ როგორ დაჰქონდა მამასთან წერილი მარშალის ურჩგადამხდელთა საპყრობილეში, ახსოვს, თუ როგორ აღუწერეს მის ოჯახს ქონება, ახსოვს უფულობით გამოწვეული გაჭირვება. არა ერთი და ორი წელიწადი გაატარა მან ჰენგერფორდსტეზში სხვენის ერთ პატარა, ჭუჭყიან, უმზეო ოთახში. პატარა კოლოფებს ფეხსაცმლის ვაქსით ავსებდა, დღეში რამდენიმე ასეულ ასეთ კოლოფს გარშემო ძაფს ახვევდა და ასე გრძელდებოდა, სანამ პაწაწინა ბავშვური ხელები ტკივილისაგან არ აეწვებოდა და თვალებიდან ცრემლები არ წამოსცვივდებოდა ბედშავს. ბევრჯერ იწვნია შიმშილი და გაჭირვება ლონდონის ცივ, დილის ნისლით შებურულ ქუჩებში. არავინ იყო მაშინ მისი

მშველელი, რამდენ ეტლს ჩაუვლია მის გვერდით, რამდენ მხედარს ჩაუქროლია! ზედაც არავინ უყურებდა სიცივისაგან გათოშილ ბიჭუნას, არავის გაუღია მისთვის კარი. მხოლოდ უბრალო ადამიანებმა დაანახეს კეთილი გული და სწორედ მათთვის სურდა სამაგიეროს გადახდა. მისი შემოქმედება უაღრესად დემოკრატიულია, მაგრამ იგი არ იყო სოციალისტი. არც რადიკალი ყოფილა. მხოლოდ კეთილმოწყალე სათნოება ასაზრდოებდა და პათეტიკური ცეცხლით ათბობდა მის დემოკრატიზმს. წვრილბურჟუაზიულ სამყაროში იგი ყველაზე უკეთ გრძნობდა თავს იმ უბრალო ადამიანთა შორის, რომლებიც დღემუდამ რენტაზე ოცნებობდნენ და ღარიბთა თავშესაფარში მოხვედრის საფრთხე კი ემუქრებოდათ. ისეთი გულმოდგინებით აღწერს მათ საცხოვრებელ ბინებს, იმდენ მყუდროებას პოულობს იქ, თითქოს თვითონ აპირებდეს იქ ცხოვრებას; მზის თბილი შუქით ათასფრად გაცისკროვნებულ ბედ-იღბალს უქადის მათ, მათი ფიქრითა და ოცნებით ცხოვრობს თითქოს თვითონაც. იგი მათი დამცველია, მათი მასწავლებელი, მათი რჩეული, ამ უბრალო, და უღიმღამო ცხოვრების გამათბობელი ცხოველი მზე.

მაგრამ იცით, რაოდენი შინაგანი სიმდიდრე შეემატა მისი წყალობით ამ პატარა ადამიანების უფერულ ცხოვრებას! აქ უბრალო მოქალაქეთა არსებობა მთელი თავისი ავკარგით - ოჯახური ცხოვრების ყაიდით, პროფესიების მრავალფეროვნებით, გრძნობათა გაუთავებელი ჭიდილით - კიდევ ერთხელ იქცა მის წიგნებში ვარსკვლავებითა და ღმერთებით დასახლებულ კოსმოსად. უბრალო ადამიანების ცხოვრების გუბედ დამდგარ, თითქმის სრულიად უმოძრაო ზედაპირზე გამჭრიახმა თვალმა მთელი საგანძური აღმოაჩინა და წმინდა ბადით ნაპირზე გამოზიდა. ამ უფერული გუნდიდან ადამიანები ამოარჩია - თავისი გმირები, მერედა, რამდენი და როგორები! მისი მხატვრული პერსონაჟები თავისუფლად დაასახლებდნენ ერთ პატარა ქალაქს. ზოგიერთი

მათგანი ჭეშმარიტად დაუვიწყარია. არა მარტო მხატვრულ ლიტერატურაში დაიდეს მათ სამარადჟამო ბინა, არა, ისინი ცხოვრებაშიც გადმობარგდნენ წიგნის ფურცლებიდან და ხალხის ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრდნენ. აი ისინიც: პიკვიკი და სემ უელერი, პექსნიფი და ბეტსი ტროდვოოდი - ყველა, ვისი სახელის ხსენებაზეც საოცარი სიცხადით მოგვაგონდება ხოლმე ესა თუ ის სასაცილო ხალისიანი ამბავი. რამდენი სიმდიდრეა ამ რომანებში! მარტო ერთი დავით კოპერფილდის სიუჟეტური ეპიზოდები ეყოფოდა ზოგიერთ მწერალს მთელი თავისი შემოქმედების ფაქტიურ მასალად; დიკენსის წიგნები ნამდვილი რომანებია სისავსისა და დინამიურობის თვალსაზრისით, როდი ჰგავს ჩვენს გერმანულ გაჭიანურებულ ფსიქოლოგიურ ნოველებს, რომელთაც რომანებს ვეძახით. მის რომანებში ვერ ნახავთ ვერც ერთ გაყინულ წერტილს, ვერც ერთ უკაცრიელ უდაბურ ადგილს, მოვლენები და ამბები მოქცევასა და უკუქცევას განიცდიან, და მართლაც რომ ზღვასავით უნაპირონი და თვალმიუწვდომელნი არიან.

ადამიანი თვალს ძლივს ასწრებს მხიარულად მოფუსფუსე მოქმედ პირთა მრავალრიცხოვან გუნდს. ხან ერთი იგებს მკითხველის გულს, ხან მეორე ენაცვლება. დიდი ქალაქის მორევიდან აქოჩრებული ტალღებივით ზედაპირზე ამოდიან ისინი, შემდეგ ისევ სიღრმეში შთაინთქმებიან, მერე კვლავ ზევით ამოდიან, ხან ერთმანეთს ეხვევიან, ეხლართებიან, ხანაც შორდებიან ერთურთს, მაგრამ ეს არაა შემთხვევითი თუ ქაოტური მოძრაობა, თხრობის ამ თავშესაქცევ ხლართებში საოცარი წესრიგი სუფევს. ამ წნულებისაგან ჭრელი ხალიჩა იქსოვება. არც ერთი მოქმედი პირი, რომელიც თითქოსდა სეირნობით ჩაივლის მკითხველის წინაშე, არ დადის უაზროდ; ყველა ერთმანეთს ავსებს, განმარტავს ან ეწინააღმდეგება, სინათლეს ანდა ჩრდილს მატებს რომანს. ხან თავშესაქცევი, ხანაც ფრიად სერიოზული კვანძები მოქმედების გორგალს

კატასავით აბურთავებენ აქეთ-იქით; სხვადასხვა ხმაზე ამღერებული გრძნობები გამასავით ზოგჯერ მაღლა მიიწევს, ზოგჯერ დაბლა ჩამოდის. ყველაფერია აქ ჩაქსოვილი: აღმაფრენა, ძრწოლა, სიკისკასე; ხან გულისამაჩუყებელი კურცხალი გამოკრთება და ხან გალაღებული მხიარულების ცრემლი აკიაფდება. ლეგა ღრუბლები პირს შეიკრავენ, მერე ისევ გაიხსნება ცა, კვლავ გოროზად მოიკუპრება ზეცა, მაგრამ ბოლოს მაინც მზის სხივებით აელვარდება ავდარგამოვლილი ჰაერი. მისი ზოგიერთი რომანი ათასობით მებრძოლთა „ილიადაა“ - მიწიერი ცხოვრების „ილიადა“, ყოველგვარი ღმერთებისა და ქალღმერთების გარეშე, ზოგი კი წყნარი, მშვიდობიანი იდილიაა. მაგრამ ეს კია, რომ უკლებლივ ყველა რომანი, უბრწყინვალესი იქნება ის თუ შედარებით ძნელად საკითხავი, ამ გულუხვი ნაირფერობით ხასიათდება. თვით ყველაზე თალხი ფერებით დაწერილი ნაღვლიანი რომანების ტრაგიკული ლანდშაფტის ფონზეც კი სევდისმომგვრელ მომხიბლავ სახეებად ყელყელაობენ კეკლუცი ყვავილები. დიახ, ყველგან ყვავილობს ეს დაუვიწყარი მომხიბლაობა: ნორჩი იებივით მორცხვად თავდახრილნი მიმოფანტულან ისინი მისი წიგნების ვრცელ მინდვრებზე; გულისდამაღონებელი სათავგადასავლო ამბების ციცაბო კლდეებიდან უშფოთველი, ლაღი კისკისის ანკარა წყაროები მორაკრაკებენ. დიკენსის რომანებში არის ისეთი თავები, რომლებიც ბუნების წიაღის წარმტაცი სურათის ჯადოს თუ შეედრება მხოლოდ - ისეთი სიწმინდეა მთაში, ისეთი ღვთაებრივი, მიწიერ შფოთვას მოკლებული სიმშვენიერე, ისეთი მზიანობაა, კაცთმოყვარეობის მადლიანი და საამური შარავანდედით შემკობილი და დამშვენებული. სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ამით დაიმსახურებდა დიკენსი სიყვარულს, რადგან ისეთი სიუხვითაა გაბნეული ხელოვნების ეს პაწაწინა მრავლისმეტყველი კაზმულობანი მის ნაწარმოებებში, რომ მათი სისავსე სიდიადეს უტოლდება. ვინ მოთვლის მის მოქმედ პირებს, ამ მხიარულ, გულკეთილ, ცოტა სასაცილო, ცოტა ახირებულ, მაგრამ მაინც ფრიად საინტერესო ადამიანებს. მის გმირებს სრულად აქვთ

შენარჩუნებული ყველა უცნაურობა, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებანი, უიშვიათესი პროფესიებიც კი, თანაც დიდად სასეირო ამბებში ჰყავს ისინი გამოყვანილი. და მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად ბევრნი არიან, მაინც არც ერთი მათგანი არ ჰგავს მეორეს. პედანტურად, ყოველი დეტალის გულმოდგინე, ინდივიდუალური დამუშავების შედეგია, რომ არც ერთ მათგანს არ ატყვია სქემატურობის, შაბლონურობის დაღი. ყველაფერში გრძნობა და სიცოცხლის ფეთქვა გამოსჭვივის. დიკენსის გმირები გამოგონილი კი არ არიან, მისმა მახვილმა თვალმა ამოარჩია ისინი ცხოვრებიდან.

უმაგალითოდ მახვილი მზერა ჰქონდა, ეს იყო მისი შეუცდომელი იარაღი. დიახ, დიკენსი გენიალური თვალთახედვის პატრონი იყო. ავიღოთ მისი ყრმობისდროინდელი ანდა (უფრო უკეთესია) მოწიფულობაში გადაღებული ფოტოსურათი: პირველ რიგში ყურადღებას მიიქცევს მისი გამჭრიახი თვალები. ეს არაა პოეტის ცეცხლოვანი, ანდა სევდით მიბნედილი თვალები, არც სილბო გამოსჭვივის მათგან, არც ნათლისმჭვრეტელი კაცის ალმოდებული მზერა. ეს არის ინგლისელის თვალები: ცივი, ნაცრისფერი, ფოლადისებურად ბასრი. ფოლადის სეიფსა ჰგვანან ისინი, სეიფს, რომლებშიც არაფერი დაიწვება, არაფერი დაიკარგება. აქ, ამ თითქმის უჰაერო სივრცეში ხელუხლებლადაა ყველაფერი, რაც ოდესღაც (გუშინ იყო ეს თუ დიდი ხნის წინ) გარე სამყაროდან მოუტანია და შეუნახავს: დიდი მოვლენები, სრულიად უმნიშვნელონიც, ხუთი წლის ასაკის ბავშვის გონებაში ჩარჩენილი მეწვრილმანის დუქნის ფირნიში, ლონდონის ქუჩაში რომ უნახავს ოდესღაც, ანდა აი, ეს კვირტებამოხეთქილი ხე, მისი ფანჯრის წინ რომ დგას ახლა. ამ მზერას არაფერი გამოპარვია - ჟამთა სვლას ვერაფერი დაუკლია მისთვის. რადგან იგი მასზე ძლიერი გამომდგარა; მისი გონების სალაროს გულმოდგინედ უგროვებია შთაბეჭდილებანი იმ დრომდე, სანამ მწერალი არ დაიწყებდა მის მოხმარებას. არაფერი მისცემია მივიწყებას, არც

არაფერი გახუნებულა. ყველაფერი ეს უძრავად ელაგა და ელოდა თავის დროს, სურნელოვანი, ფერადი და ხასხასა არც კვდებოდა და არც ჭკნებოდა. დიკენსის მხედველობითი მეხსიერება უბადლოა. ფოლადის პირით ჰკვეთს იგი ბავშვობის ბურუსს; „დავით კოპერფილდში“, რომელიც სინამდვილეში ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, ორი წლის ბავშვის მოგონებები დედასა და მოსამსახურე ქალზე მკაფიო სილუეტებადაა აღბეჭდილი ქვეშეცნეულად. დიკენსს არა აქვს ბუნდოვანი კონტურები; მწერალი იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ სხვადასხვაგვარად დავინახოთ საგნები და მოვლენები, რადგან ყველაფერი მეტისმეტად მკაფიო და ნათელია. წარმოსახვის ისეთი ძალა აქვს მას, რომ ფანტაზიის გაქანებისთვის ასპარეზი აღარ რჩება მკითხველს, იგი დათრგუნვილია (სწორედ ამიტომ აღიარეს დიკენსი ფანტაზიას მოკლებული ერის იდეალურ მწერლად). მიეცით მისი წიგნები ოციოდ მხატვარს და კოპერფილდი ან პიკვიკი დაახატვინეთ: ყველა ნახატი საოცრად მსგავსი იქნება. ოცივე მხატვარი დახატავს ჟილეტში გამოწყობილ, ჩასუქებულ დარბაისელს, კეთილი თვალებით რომ იმზირება სათვალიდან. და საამო შესახედაობის ქერათმიან ლამაზ ბიჭუნას, რომელიც საფოსტო ეტლით იარმუტისაკენ მიემგზავრება. დიკენსს აღწერის ისეთი მკაფიო და ზუსტი მანერა აქვს, რომ არ შეიძლება საკუთარ თავზე არ განიცადო მისი თვალების ჰიპნოზური მზერა. მაგრამ ეს არაა მაგიური მზერა ბალზაკისა, რომელიც ვნებათაღელვის ცეცხლოვანი ღრუბლის ქაოსში გახვეულ ადამიანთა სახეებს ძერწავს ხოლმე. არა, დიკენსის მზერა მეტისმეტად მიწიერია, ესაა მეზღვაურის, მონადირის ან კიდევ ორბის თვალი, რომელსაც ნამცეცისოდენაც კი არაფერი გამოეპარება ადამიანის თავისებურებათაგან. სწორედ ეს წვრილმანებია თავი და თავი ამბავი ცხოვრებაშიო, უთქვამს მას ერთხელ. დიახ, იგი ყველაფერს ხედავს: ხან პატრა ლაქას შეამჩნევს ადამიანის ტანსაცმელზე, ხან დარცხვენილ, უხერხულ მოძრაობას, ხანაც წითური თმის კულულს, ბრაზმორეულ ადამიანს უცაბედად რომ გამოეწეწება შავი პარიკიდან.

იგი გრძნობს ნიუანსებს, თითის ყოველ მოძრაობას ხელის ჩამორთმევის დროს, ღიმილის უცხო ელფერსაც კი. ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყებამდე წლების მანძილზე იგი სტენოგრაფისტად მუშაობდა პარლამენტში და იქ ისწავლა წვრილმანი დეტალების განზოგადება, ერთი ხაზის მეშვეობით სიტყვის გამოხატვა, დაკლაკნილი ნიშნით მთელი წინადადების გადმოცემა. და შემდეგში მან სინამდვილის გადმოცემის ერთგვარი პოეტური სტენოგრაფია გამოიმუშავა, ერთ პატარა დამახასიათებელ დეტალს ხმარობდა ვრცელი აღწერის ნაცვლად, სინამდვილიდან აღებულ ჭრელ-ჭრელ ფაქტებს, დესტილაციას უკეთებდა და მოვლენათა გული ამოჰქონდა. მისი გასაოცრად მახვილი მზერა ამჩნევდა სულ მცირე გარეგნულ ნიშნებსაც კი, არაფერი გამორჩებოდა შეუნიშნავი ფოტოაპარატის კარგი ობიექტივივით ერთ მესამედ სეკუნდში ასწრებდა მოძრაობისა თუ ჟესტის აღნუსხვას. არაფერი გამოეპარებოდა, ყველაფერს ამჩნევდა. და მის თვალგამჭრიახობას კიდევ უფრო აძლიერებდა ხედვის ჭეშმარიტად საოცარი მანერა: იგი თავის შინაგან მე-ში საგანს სარკის მსგავსად კი არ ირეკლავდა უბრალოდ, არამედ ჩაზნექილი ლინზის მაგვარად მხოლოდ დამახასიათებელ თავისებურებას აზორბადიდებდა. დიკენსი თავის ლიტერატურულ გმირებში ყოველთვის ხაზს უსვამდა დამახასიათებელ თვისებებს. იგი არ კმაყოფილდება ობიექტური აღწერით. გაზვიადებულ, კარიკატურულ სახეში გადაჰყავს პერსონაჟები. ბუნებრივთან შედარებით უფრო ინტენსიურად წარმოგვისახავს, სიმბოლოდ აქცევს მათ. ჩასუქებული პიკვიკი სულიერი სირბილის განსახიერებაა. ბეხრეკი ჟინგლი - უსულგულობისა, ავი ადამიანი სატანად გამოჰყავს, კეთილი კი - სრულყოფის განსახიერებად. დიკენსი, როგორც საერთოდ ყველა დიდი ხელოვანი, აზვიადებს, მაგრამ ეს გაზვიადება სიდიადეს კი არ ქმნის, არამედ იუმორისტული ხასიათისაა. გადმოცემის ესოდენ თავშესაქცევ მიმზიდველობას განაპირობებს არა მისი პირადული ხალისიანი განწყობა, არამედ თვალთახედვის სწორედ ეს საკვირველი თვისება,

რომლის მეშვეობითაც ძალუძს მას ყველა მოვლენაში უცნაური, კრიტიკული რამ მონახოს და მხოლოდ შემდეგ ასახოს იგი.

მართალი რომ ითქვას, სწორედ ეს თავისებური ოპტიკა - და არა დიკენსის რამდენიმე ობივატელურ მეშჩანური სული, ქმნის მის გენიალობას. დიკენსი ფსიქოლოგი არ ყოფილა, არასოდეს ჩასწვდომია იგი ადამიანის სულს, არც ის უცდია, რომ თვალყური ედევნებინა სიკეთის ან ბოროტების თესლის იდუმალებით აღსავსე აღმონაცენებისათვის. სხვადასხვაგვარი ფორმითა და ელფერით რომ ხდება ხოლმე ცხოვრებაში. მისი ფსიქოლოგიის სათავეა მხოლოდ გარეგნულად გამოვლინებული ფაქტები, იგი დახასიათებას იძლევა ფორმალური, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი და უნატიფესი ხაზების მიხედვით, რომლებსაც მხოლოდ მწერლის გამჭრიახი თვალი ხედავს. ინგლისელი ფილოსოფოსების მსგავსად იგი მსჯელობას იწყებს არა წინასწარი ვარაუდით, არამედ ნიშანდობლივი თვისებების მიხედვით. დიკენსი ამჩნევს სულიერი მოძრაობის თითქმის სრულიად უმნიშვნელო, წმინდა მატერიალურ გამოვლინებებს და თავისი შესანიშნავი კარიკატურული ოპტიკის შემწეობით თვალნათლივ დასანახს ხდის მათ. დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იგი მთლიან მხატვრულ სახეს ქმნის. სკოლის მასწავლებელ კრიკლს იგი ისეთი ჩუმი ხმით ალაპარაკებს, რომ თითქმის არც კი ისმის მისი სიტყვები. და მკითხველი თითქმის გრძნობს, თუ როგორ უნდა შინებოდათ ბავშვებს ამ ადამიანისა, რომელსაც ლაპარაკის დროს სიბრაზისაგან საშინლად ებერება შუბლზე ძარღვი. მის ური ჰიპს მუდამ სველი აქვს ხელისგულები და ეს საკმარისია იმისათვის, რომ უსიამოვნო შთაბეჭდილება შეგექმნას ამ ადამიანზე, მისი მიკარება გველის შეხებად წარმოიდგინო. თითქოს ყველაფერი ეს წვრილმანი, გარეგნული ნიშნებიაო, მაგრამ საოცარი ძალით კი მოქმედებენ თქვენს სულიერ სამყაროზე. ზოგჯერ ეს ადამიანის გარეგნული იერიც წარმოსახული უცნაური

ახირებაა, მექანიკური თოჯინაა. ზოგჯერ იგი თავის გმირის დასახასიათებლად მის მუდმივ თანმხლებს იყენებს, მართლაცდა, აბა, რა იქნებოდა პიკვიკი სენ ველერის გარეშე, ანდა დორას ჯიპი რომ არ ახლდეს, ბარნაბს ყვავი არ ჰყავდეს, ანდა კიდევ კიტს პონი! - და ასეთ შემთხვევაში დიკენსი პიროვნების დასახასიათებლად თვით მას კი არ იყენებს, არამედ მის გროტესკულ ჩრდილს. მისი სახეები სინამდვილეში მხოლოდ ნიშანდობლიობათა ჯამია, მაგრამ ყოველი თავისებურება ისე მკვეთრადაა გამოკვეთილი, რომ ავსებს დანარჩენებს და ქმნის მშვენიერ მოზაიკურ პორტრეტს. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ისინი თვალსაჩინო გარეგნობით ახდენენ მკითხველზე ზეგავლენას და მკაფიო მხედველობით აღქმას იწვევენ, გრძნობა კი საკმაოდ ბუნდოვნადაა წარმოდგენილი. საკმარისია გავიხსენოთ ბალზაკის ან დოსტოევსკის გმირები, მაგალითად Pere Gorio ან რასკოლნიკოვი, რომ მაშინვე გრძნობა აგვეშლება და მოგვაგონდება საშინელი თავგანწირვა. სასოწარკვეთილება, ვნებათაღელვის მთელი მორევი. პიკვიკის სახელის ხსენებაზე კი თვალწინ წარმოგვიდგება მხიარული, კარგად ჩასუქებული კაცი, ოქროს ღილებიან ჟილეტში გამოწყობილი. ასეთი შედარებისას აშკარა ხდება, რომ დიკენსის პერსონაჟები ფერწერულ ნაწარმოებს ქმნიან, ბალზაკისა და დოსტოევსკის გმირები კი - მუსიკას. ბალზაკსა და დოსტოევსკის ინტუიციური მზერა აქვთ, დიკენსს კი რეპროდუქციული, ისინი მთელ სულიერ სამყაროს ქმნიან, დიკენსის თვალი კი ფიზიკურ სილუეტებს აღიქვამს. ადამიანის სულს იგი იქ კი არ უსაფრდება, სადაც იგი აჩრდილივით ამოტივტივდება შეუცნობელის წყვდიადიდან, შვიდგზის მწველი ცეცხლით უკუნითი უკუნისამდე ჯადოქმნილი. არამედ ისეთ ადგილას დაუხვდება ხოლმე უსხეულო ნაკადს, სადაც იგი კვალს აჩენს ცხოვრებას. იგი იჭერს სულიერი მოძრაობის გარეგნულად საცნაურ ნიშნებს, მაგრამ ეს კია, რომ არც ერთი ასეთი ნიშანი არ გამოეპარება. მისი ფანტაზია არსებითად მხოლოდ თვალისმიერი დაკვირვებაა და ამიტომ ზომიერ გრძნობებსა და მიწიერ სახეებს ჯერდება. მისი

პერსონაჟები მხოლოდ საშუალო ტემპერატურაზე გრძნობენ თავს კარგად. ვნებათაღელვის მცხუნვარებაში კი სანთლის მანეკენებივით დნებიან სენტიმენტალობისაგან ანდა სიძულვილისაგან იყინებიან და ასე გგონიათ, საცაა დაიმსხვრევიან სიმყიფისგანო. დიკენსს მხოლოდ სწორხაზოვანი ბუნების მქონე გმირების შექმნა ემარჯვება. იგი გვერდს უვლის ბევრად უფრო საინტერესო სახეებს, რომელთა სულშიც კეთილი და ბოროტი თანამეზობლობენ და განუწყვეტელ ორთაბრძოლაში ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, ხან ღმერთი ზეიმობს, ხანაც მხეცი. მის გმირებს არაფერი სჭირთ გამოსაცნობი, ისინი ყოველთვის ერთ რომელიმე საწყისს განასახიერებენ - დიკენსის პერსონაჟი ან ყოველგვარი სიკეთითაა შემკული, ანდა საზიზღარი გაიძვერაა; მისი ბუნება და ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ წინასწარვეა დადგენილი: ან წმინდანის შარავანდედითაა შემოსილი, ანდა სამარცხვინო დაღი აზის შუბლზე. მის მიერ შექმნილი სამყარო მერყეობს good-სა და wiched -ს შორის, გულკეთილობასა და გულქვაობას შორის. ამ ზღვარს მიღმა კი საიდუმლოებით აღასავსე, ერთმანეთთან უცნაურად გადაკვანძული მოვლენების მისტიური ხლართების სამაყროში მისი არც ერთი ბილიკი არ მიემართება. არც გრანდიოზულისა და გმირულის შესწავლა შეიძლება. დიკენსის დიდება და ამავე დროს უბედურებაც სწორედ ისაა, რომ მას ბინა დაუდევს გენიალობასა და ტრადიციას, გაუგონარსა და ბანალურს შორის: ამა სოფლის მიწიერი ცხოვრების უკვე გაკვალულ გზა-ბილიკებზე, სადაც სიამტკბილობა და გულაჩუყებულობა, ოჯახური სიმყუდროვე და მეშჩანობა ბატონობს.

ასეთი დიდება დიკენსს არ აკმაყოფილებს და იდეალური ჟანრის მწერალი ტრაგედიის შექმნისაკენ მიისწრაფვის. მაგრამ გულმოდგინე მოწადინების მიუხედავად ტრაგედიის ნაცვლად მხოლოდ მელოდრამების შექმნას ახერხებს. ეს იყო მისი შესაძლებლობის ზღვარი.

მისი ყოველი ცდა ხელმოცარვით თავდება. შესაძლოა, ინგლისში ძალიან მოსწონთ „ორი ქალაქის ამბავი“ და „ცივი სახლი“, მაგრამ ჩვენს სულსა და გულს კი ისინი არ ეკარება, რადგან ეს დიდი გაქანების ჟესტი მეტისმეტად ნაძალადევია. ამ ნაწარმოებებში მართლაც განსაცვიფრებლად იგრძნობა მისწრაფება ტრაგიკულისაკენ. ამ რომანებში შეთქმულება შეთქმულებას მოსდევს, კატასტროფათა მთელი ზვავი თავს ატყდება მოქმედ პირებს, უკუნეთ ღამეში თავსხმა წვიმის ლანდშაფტებსაც მარჯვედ იყენებს ფონის შესაქმნელად.

ფერადოვნად აღწერს სახალხო აჯანყებებს და რევოლუციებს, ერთი სიტყვით თითქმის სრულად იყენებს თავზარდამცემ აპარატურას. მაგრამ მაინც არ ჩანს ბობოქარი სული, შიშის ძრწოლა, მხოლოდ ცოტათი შეგაჟრჟოლებს მკითხველს, მაგრამ ეს ორგანიზმის ფიზიკური რეფლექსია და მეტი არაფერი. მის წიგნებში არ არის შემაძრწუნებელი ქარტეხილი, გრძნობათა ჭექა-ქუხილი გულს არ აგითრთოლებს, ელვა თვალს არ მოგჭრის. საშიშროებას საშიშროება მოსდევს და მაინც გულდამშვიდებულია მკითხველი. დოსტოევსკისთან ზოგჯერ პირდაფჩენილი უფსკრულების მეტი არაფერია, მაგრამ მკითხველს სული ეხუთება, როდესაც საკუთარ სულშიც ხედავს ამ შეუცნობ წყვდიადს; ფეხქვეშ თითქოს მიწა ეცლება, ანაზდად სახიფათო და თან უდიდესი ტკბობის მომგვრელ თავბრუსხვევას რომ გრძნობს, და საოცარი ისაა, რომ მაინც სურს ხელახლა განიცადოს უფსკრულში შთანთქმის სიამოვნება. თუმცა კი ძრწის ასეთი შეგრძნებისაგან, რომელშიც სიმხურვალისაგან გავარვარებული ლხენა და ტკივილი ისე შეწებებია ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მათი დაცალკევება. დიკენსსაც აქვს უფსკრულები. ფართოდ დააღებინებს მათ პირს, კუნაპეტი წყვდიადით ამოავსებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ ხიფათსაც დაგვანახებს, მაგრამ ვერა და ვერ მოგვგვრის შიშს, ვერ განგვაცდევინებს გულის შეკუმშვის ამ უტკბეს, თავბრუდამხვევ სულიერ სიამოვნებას,

რომელიც შესაძლოა ხელოვნების ყველაზე მომხიბლავ მონაპოვარს წარმოადგენს. დიკენსის მკითხველს ყოველთვის აქვს რაღაც იმედი, ხელის მოსაკიდი მოაჯირი, ამიტომ წინასწარ იცის, რომ არ დაეცემა! იცის, რომ გმირი არ დაიღუპება: ორი ანგელოზი გულმოწყალეობა და სამართლიანობა, რომელთაც თავიანთი თეთრი ფრთების ქვეშ შეუფარებიათ ინგლისელი მწერლის სამყარო, უვნებლად გადაატარებს მას ყველა ხევსა და უფსკრულზე. დიკენს არ ჰყოფნის ულმობლობა და გამბედაობა ჭეშმარიტი ტრაგედიის აღსაწერად. გმირული კი არა, სანტიმენტალური სული აქვს ამ კაცს. ტრაგედია თავგანწირული წინსწრაფვაა. ყველაფრის წინააღმდეგ ამხედრების დაუძინებელი სურვილი, სენტიმენტალობა კი მხოლოდ ნაღვლიანი აცრემლებაა. დიკენს არ ეხერხება უკანასკნელი, უცრემლო, უსიტყვო დაძაბვა უკიდეგანო ტკივილის შესაკავებლად. ნაზი გულაჩუყება - მაგალითად, დორას სიკვდილი „კოპერფილდში“ - გრძნობის ის უდიდესი მწვერვალური გამოვლინებაა, რომლის აღწერაც შესძლო მან სრულყოფილად. როგორც კი მოიმარჯვებს ხელს ძლიერი დარტყმისათვის, იმ წამსვე სიბრალული წაეტანება მკლავში და შეაჩერებს. ამ სიბრალულის ზეთი (ზოგჯერ ამძაღებული) ყოველთვის მალამოდ ედება აღზევებულ სულისკვეთებას; ინგლისური რომანის სანტიმენტალური ტრადიცია თრგუნავს სიდიადისაკენ მისწარფებას, რადგან ინგლისურმა რომანმა ხარკი უნდა მოიხადოს საქვეყნოდ აღიარებული მორალის წინაშე და ამ ზღვარს არ უნდა გადასცდეს; ბედისწერის ძირითად ჰანგს ყოველთვის ერთგვაროვანი ელფერი დაჰკრავს, „ეცადე ყოველთვის ერთგული და პატიოსანი იყო“, - გვაუწყებს იგი. ფინალი „ქვეყნიერების აღსასრულს“ უნდა ჰგავდეს: კეთილი იმარჯვებს, ბოროტი ისჯება. ასეთი ღვთის სამსჯავრო დიკენსმა, სამწუხაროდ, თავისი რომანების უმეტეს ნაწილში გადანერგა: ბოროტმოქმედნი წყალში იხრჩობიან და ერთმანეთს ხოცავენ, ამპარტავანი მდიდარი ვაჟბატონები კოტრდებიან, დადებითი გმირები კი ზეიმობენ და თბილსა და ტკბილ განცხრომას ეძლევიან, დღესაც ვერ

ეგუება ინგლისელი ისეთ დრამას, რომელსაც გულდასადინჯებელი ფინალი არა აქვს, აქაო და ყველგან წესრიგი სუფევს ამ დალოცვილ ქვეყანაზეო. ეს წმინდა ინგლისური ყაიდის მისწრაფება ყველაფერში მორალური საწყისის გაზვიადება ჭარბად გამოიყენა დიკენსმა თავის ტრაგედიებში და მეტისმეტად კი გააუფასურა. რადგან ამ ნაწარმოებებში ასახული მსოფლმხედველობა, ქვაკუთხედი, რომელსაც იგი ეყრდნობოდა, თავისუფალი შემოქმედების მართლმსაჯულება კი აღარაა, არამედ ინგლისელი ბურჟუასი. დიკენსი გასაქანს არ აძლევს გრძნობებს; ბალზაკთან გრძნობები ბუნებრივი კალაპოტიდან აქაფებულ ტალღებად გამოედინებიან ნაპირზე, დიკენსთან კი საგუბრებისა და გვირაბების საშუალებით არხებში მიედინებიან და ბურჟუაზიული მორალის წისქვილის ქვებს ატრიალებენ. მოქალაქე, რეფერენტი, common sense-ს ფილოსოფოსი სკოლის მასწავლებელი - ყველა ისინი უჩუმრად სხედან მის შემოქმედებით სახელოსნოში, მონაწილეობენ მის საქმიანობაში და აიძულებენ სერიოზულ რომანში ცხოვრებისეული მართალი სურათების ნაცვლად ყმაწვილთათვის სასარგებლო ჭკუისსასწავლებელი მაგალითები აღწეროს. რა თქმა უნდა, ასე კეთილ მოწადინებას ფუჭად არ ჩაუვლია, იგი ჯეროვნად დააფასეს ინგლისში. ვინჩესტერის ეპისკოპოსი საქვეყნოდ აქებდა მის ნაწარმოებს და გულდაჯერებით აცხადებს: დიკენსის თხზულებანი სრულიად დამშვიდებულად შეიძლება მივცეთ წასაკითხად ყველა ბავშვსო; მაგრამ სწორედ ეს, ცხოვრების არა რეალური აღწერა, არამედ ისე წარმოსახვა, როგორც გვსურს მოვაჩვენოთ იგი ბავშვებს, აი სწორედ ეს ამცირებს მისი ზეგავლენის ძალას. ჩვენი, არაინგლისელების აზრით, დიკენსის ნაწარმოებები ზედმეტად გაჟღენთილია უზომოდ თვითკმაყოფილი მორალით. დიკენსის გმირი მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვინც სიკეთის განსახიერებაა, პურიტანობის სანიმუშო მაგალითია. ფილდინგთან და სმოლეტთან, რომლებიც აგრეთვე ინგლისელები არიან, თუმც კი უფრო ხალისიან ეპოქაში

ცხოვრობენ, გმირებს ჩრდილი არ ადგებათ, თუ რომელიმე მათგანი ჩხუბის დროს მოწინააღმდეგეს ცხვირს მოუნაყავს, ანდა თავისი კეთილშობილი სატრფოს უზომო სიყვარულით ანთებული, ერთ ღამეს მისი მოახლის ლოგინში გაათევს. ხოლო დიკენსთან საშინლად გარყვნილი ადამიანიც კი არასოდეს არ მისცემს საკუთარ თავს მსგავსი სისაძაგლის ჩადენის უფლებას. მისი თვით ყველაზე თავაშვებული ადამიანებიც კი სინამდვილეში უწყინარნი არიან და მათი თავშექცევის ამბებს რომელიმე spinster-ი ისე გადაიკითხავს, რომ არც კი გაწითლდება. აი, თუნდაც დიკ სვიველერი. იგი ხომ აღვირახსნილ ადამიანადაა გამოყვანილი. მაგრამ ვიკითხოთ, რით გამოიხატება მისი აღვირახსნილობა? ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, იგი ხომ ორი ჭიქა სასმელის ნაცვლად ოთხსა სვამს, დანახარჯსაც არ იხდის თურმე დროულად, ზოგჯერ ცოტას წაიარშიყებს კიდეც. ესაა და ეს. ბოლოს იგი ერთ სათანადო მომენტში მემკვიდრეობას ღებულობს - მართალია, არც თუ ისე დიდს, მაგრამ მაინც მემკვიდრეობას, და უაღრესი წესიერების დაცვით შეირთავს ქალიშვილს, რომელიც დაეხმარა მას გამოსწორების გზაზე დადგომაში. ნამდვილი არამზადებიც კი არ არიან დიკენსთან მთლად დაცემულნი. თვით ისინიც კი, მიუხედავად შავბნელი ინსტინქტებისა, სისხლნაკლულები არიან. ეს ინგლისური სიცრუე, რომელიც უარყოფს გრძნობათა სისავსეს, განგრენასავით შერჩენია მის ნაწარმოებებს. ეს ელამი ფარისევლობა, რომელიც ვერ ხედავს იმას, რისი დანახვაც არ სურს, დიკენსის მახვილ მზერას განგებ არიდებს სინამდვილეს. დედოფალ ვიქტორიას დროინდელმა ინგლისმა შეუშალა ხელი დიკენს განეხორციელებინა თავისი ფარული სურვილი და ჭეშმარიტად ტრაგიკული რომანი დაეწერა. და ალბათ ბოლომდე ჩაითრევდა მას მაძღარი შუათანობის მქადაგებელთა ამქარში, პოპულარობით შებოჭავდა და თავისი მოარული ზნეობის დამცველადაც გამოიყვანდა, ერთი გზა რომ არ ჰქონოდა მწერალს ხსნილი ისეთი ქვეყნისაკენ, სადაც თავშესაფარს პოულობდა მისი შემოქმედებითი აღმაფრენა, მოვერცხლილი ფრთები რომ

არ ჰქონოდა, რომლებიც ამაყად გადაატარებდნენ ხოლმე უტილიტარობის შემხუთველი მიდამოს თავზე: ეს ფრთები მისი დალოცვილი, თითქმის არაამქვეყნიური იუმორი გახლდათ.

ერთადერთი წმიდათა-წმიდა, ხალისიანი, ჰალკიონურად თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ინგლისის ნისლი მაჯლაჯუნასავით არ აწვება გულზე, ბავშვობის ხანაა, ბავშვების სამყარო. ინგლისური პირმოთნეობა თრგუნავს და თავის ნებას უმორჩილებს ასაკოვანთა გრძნობებს; ბავშვები კი დრომდე, თითქოს სამოთხის ბაღში არიანო, ღვთაებრივი უშფოთველობით მიჰყვებიან ხოლმე თავიანთ გრძნობებს; ისინი ჯერ არ არიან ინგლისელები, ადამიანთა მოდგმის თეთრი კვირტები არიან მხოლოდ, მათ ფერადოვან ჭრელ სამყაროს ჯერ არ დასცემია ინგლისური თვალთმაქცობის ბურუსის ჩრდილი. და აი, სწორედ ამ სფეროში, სადაც ინგლისის ბურჟუაზიული სინდისი ხელს არ უბორკავს და თავისუფლებას არ უზღუდავს, შექმნა მან ჭეშმარიტად უკვდავი ქმნილებები. მართლაც რომ მომხიბვლელად აღწერს იგი ბავშვობის წლებს თავის რომანებში; მე მგონი, მსოფლიო ლიტერატურაში მუდამ საპატიო ადგილს მიუჩენს ამ სახეებს, ადამიანის ცხოვრების ადრეული ხანის ხან სიკისკასითა და ხანაც სერიოზულობით აღსავსე ამ ეპიზოდებს. განა შეიძლება დაივიწყოთ პატარა ნელის ოდისეა, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაეცალნენ იგი და მისი მოხუცი პაპა დიდი ქალაქების კვამლსა და წყვდიადს, და როგორ გაეშურნენ ახლად გამოღვიძებული ბუნების მწვანედ მოსილი მდელოებისაკენ, ვინ დაივიწყებს ამ უწყინარი და ნაზი ბავშვის ანგელოზურ ღიმილს, რომელიც უძლებს ყოველგვარ მოულოდნელობას, შიშსა და ვარამს და თვით სიკვდილის კარამდე არ სცილდება სახიდან გოგონას. ამ სტრიქონების წაკითხვისას მართლაც რომ გული აუჩუყდება კაცს, მაგრამ ეს არაა სენტიმენტალობა, იგი ასაზრდოებს ყველაზე ხალასსა და ალალმართალ ადამიანურ გრძნობებს. აი, თუნდაც ტრედლზი, ჩასუქებული, შარვალშემოსხუტული ბიჭუნა,

რომელიც ცემა-ტყეპისაგან განცდილ ტკივილს ჩონჩხების ხატვით იქარწყლებს; აი, კიტიც, უერთგულესი ერთგულთა შორის; პატარა ნიკლბი, და კიდევ იგი, დიახ, სწორედ იგი, ყოველ რომანში რომ დასახლებულა, კოხტა და კოპწია, „ძალიან პატარა და ბედისაგან არცთუ ძალიან განებივრებული ბიჭუნა“ - თვით ჩარლზ დიკენსი, მწერალი, რომელმაც ასე უბრალოს უკვდავყო თავისი ბავშვური ჭმუნვაცა და სიხარულიც. ისევ და ისევ უბრუნდება ხოლმე იგი ამ დაჩაგრულ, ყველასაგან მიტოვებულ, დამფრთხალ, მეოცნებე ბიჭუნას, რომელიც ობლად მიატოვეს მშობლებმა; დიკენსის პათოსი ამ დროს მართლაც ცრემლების მომგვრელია. წარმოსახვის ხმასავსე ჟღერა ზარივით წკრიალა და ხმანათელია. დიკენსის რომანებში აღწერილი ბავშვთა სახეების ეს ფერხული ჭეშმარიტად დაუვიწყარია. აქ ერთმანეთში გადანასკვნილი სიცილი და ტირილი, დიადი და სასაცილო ამბავი ერთ წარმტაც ცისარტყელად იკვრება; სანტიმენტალური და ამაღლებული, ტრაგიკული და კომიკური, პოეზია და სინამდვილე არნახულად, არგაგონილად დაძმობილებულან. აქ მან გადალახა ყოველგვარი ინგლისური მიჯნები, ყოველგვარი მიწიერების საზღვარი, ამიტომაც განუზომლად დიადი და განუმეორებელია აქ დიკენსი. მის ბრინჯაოს ძეგლს ფერხულში ჩაბმული ბავშვების მარმარილოში გაცოცხლებული სახეები უნდა ამშვენებდეს. - იგი ხომ მათი დამცველი, ძმა და მამაა. დიკენსს გულწრფელად უყვარდა ბავშვები, ადამიანის რაობის ყველაზე უწმინდეს გამოვლინებად თვლიდა მათ, და როდესაც სურდა სიმპათიური სახეები დაეხატა თავის ნაწარმოებებში, ბავშვური თვისებებით შეამკობდა ხოლმე. ბავშვების ხათრით მას ისეთი ადამიანებიც კი უყვარდა, რომლებიც ასაკის მიუხედავად კვლავ ბავშვური იყვნენ, ჭკუასუსტები და სულით ავადმყოფები. მის ყველა რომანში წააწყდებით ოდნავ ჭკუამხიარულ პერსონაჟს, რომლის აბრუნდულ-ჩაბრუნდული აზრები თეთრი ფრინველებივით დაფარფატებენ მაღლა ჰაერში და არაფრად აგდებენ ამა ქვეყნის ჭირსა და ვარამს. ასეთი

ადამიანისათვის ცხოვრება პრობლემას, გასაჭირსა და გამოცანას კი არ წარმოადგენს, არამედ ნეტარებას, სრულიად გაუგებარ, მაგრამ ლამაზ და ხალისიან თამაშს. გული აგიჩუყდებათ, როცა თვალს გაადევნებთ, თუ როგორ ქმნის იგი ამ გმირებს. ისეთ სიფრთხილეს იჩენს მათ მიმართ, როგორც ავადმყოფთ შეფერის, მაგრამ თანაც სიკეთის შარავანდედით მოსავს, თითქოსდა წმინდანები იყვნენ. დიკენსისათვის ისინი მართლაც წმინდანები არიან, რადგან ბავშვური ცხოვრების სამოთხეში დარჩნენ სამუდამოდ. დიკენსის ნაწარმოებებში კი ბავშვობა ნამდვილი სამოთხეა. ყოველთვის სევდა მეუფლება, შიში მიპყრობს ხოლმე, როდესაც მის რომანს ვკითხულობ და ვხედავ, რომ ბავშვები თანდათან იზრდებიან; ვიცი, ხელიდან მეცლება უტკბესი, განუმეორებელი რამ, და მალე ერთმანეთში აირევა პოეზია და ყოველდღიურობა, ჭეშმარიტება და ინგლისური პირმოთნეობა. მწერალმაც იცის ეს და, ასე მგონია, ფარულად თანამიგრძნობს. ამიტომაცაა, რომ თითქოს აჭიანურებს თავისი უსაყვარლესი გმირების ცხოვრების ფერხულში ჩაბმას. არასოდეს მიაცილებს მათ მოწიფულ ასაკამდე, რომლებიც ჩვეულებრივი მედუქნენი და მეწვრილმანენი გახდებიან; ყოველგვარ საფრთხეს ააცილებს თავიდან, ჯვრის დასაწერად მიმავალთ ტაძრის კარამდე მიჰყვება, მშვიდი ცხოვრებისათვის განწყობილ მოსარკულ ნავთსაყუდელში დააბინავებს და გამოეთხოვება. ის ერთადერთი, უსაყვარლესი ბავშვი კი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ ჭრელ თაიგულში - პატარა ნელი - უდროოდ გარდაცვლილი უსაყვარლესი შვილის მოსაგონრად გაცოცხლებული, ახლოსაც არ მიუშვა იმედგაცრუების ამ უკუღმართ ქვეყანასთან, სიცრუის სამყაროსთან. სამუდამოდ დატოვა ბავშვური ცხოვრების სამოთხეში, უდროოდ დაუხუჭა ნაზი, ცისფერი თვალები და შეუმჩნევლად გადაიყვანა ბავშვობის სხივნათელი გაზაფხულიდან სიკვდილის წყვდიადში. მეტისმეტად უყვარდა ეს გოგონა და ამიტომაც ვერ გაიმეტა ამქვეყნიური რეალური ცხოვრების მორევისათვის, - რადგან დიკენსისათვის რეალური სინამდვილე, როგორც უკვე

მოგახსენეთ, ბურჟუაზიული, ზომიერი, კუჭგამძღარი ინგლისია, ცხოვრების უსაზღვრო შესაძლებლობის მცირე მონაკვეთია. ესოდენ მწირი ცხოვრების გამდიდრება კი მხოლოდ დიდი გრძნობით შეიძლებოდა. ბალზაკთან ბურჟუას ტიპს ძლიერება შემატა სიძულვილმა, დოსტოევსკისთან - მაცხოვრის გულმხურვალე სიყვარულმა. დიკენსმა, დიდმა ხელოვანმა, თავისი გმირები მიწის შემბოჭველი მიზიდულობისაგან იუმორის საშუალებით დაიხსნა. თავის მეშჩანურ, წვრილბურჟუაზიულ სამყაროს იგი ობიექტივისტური მედიდურობით როდი განიხილავს, საგალობელ ჰიმნს როდი უმღერის უცილობელი ბედნიერების მომტან სიყოჩაღესა და მხნეობას წესიერი ადამიანებისას, რაც ესოდენ დიდ მანკად მოსდგამს ჩვენი თანამედროვე გერმანული სამამულო რომანების უმეტესობას. გულკეთილად და თანაც მხიარულად იგი თითქოს თვალს უპაჭუნებს თავის პერსონაჟებს. გოტფრიდ კელერისა და ვილჰელმ რაბეს მსგავსად ცოტა სასაცილოდაც კი იგდებს მათ ზრუნვასა და ფაციფუცს. მაგრამ ეს არაა ბოროტი დაცინვა, პირიქით, კეთილი გულიდან მომდინარეობს ეს მსუბუქი იუმორი და უცნაურობებისა და ოინბაზობისათვის კიდევ უფრო მეტად შეიყვარა მკითხველმა ეს ადამიანები. მზის სხივებივით დაჰნათის იუმორი მის წიგნებს, უჩვეულო ფერადოვნებითა და მოულოდნელი ხალისით ავსებს მათ სადა ლანდშაფტებს. ამ თბილი ცეცხლის კეთილისმყოფელი სითბო უფრო მომხიბლავი და დამაჯერებელი ხდება, თვით ყალბი ცრემლიც კი ალმასივით ციმციმებს და პატარა გრძნობები ძლიერი ხანძარივით გიზგიზებს. დიკენსის იუმორი მის ნაწარმოებებს დიად, საკაცობრიო, მარადიულ მოვლენად აქცევს. მის შემოქმედებაში ოდნავადაც არ იგრძნობა ინგლისური მოწყენილობა და სიყალბე. არიელივით ლივლივებს ეს იუმორი მისი წიგნების სულიერ ატმოსფეროში, იდუმალი მუსიკით ავსებს მათ, ცეკვაში ითრევს, სიცოცხლის დამამკვიდრებელ სიხარულს ანიჭებს. იგი ყველგან სუფევს. სულიერი აფორიაქების უღრმესი ჯურღმულებიდანაც კი მაღაროელის ნათურასავით კიაფობს, უკიდურესად დახლართული

კვანძების გახსნას ახერხებს, ზედმეტ სენტიმენტალობას ფაქიზი ირონიით არბილებს, გაზვიადებას მისი ჩრდილით - გროტესკით ამსუბუქებს, იუმორია მისი ნაწარმოებების შემრიგებლური, დამაშოშმინებელი არსი და ჭეშმარიტი უკვდავება. იგი - როგორც სხვა ყველაფერი დიკენსთან - რა თქმა უნდა, ინგლისურია. დიახ, ეს ნამდვილი ინგლისური იუმორი გახლავთ. მასაც აკლია სისხლსავსე გრძნობა, თავდავიწყების უნარი, არ ძალუძს დათვრეს და გაბრუვდეს საკუთარი გუნება-განწყობით, არასოდეს წრეს არ გადადის, დადგენილ მიჯნას არ გადალახავს. გამოზომილია მისი მოზღვავება, ძალუმად არ ხარხარებს, სიცილისაგან არ იგუდება რაბლეს მაგვარად, გიჟურ აღტაცებას არ ეძლევა სერვანტესის მსგავსად, უაზრო მალაყებს არ აკეთებს ამერიკელებივით. მუდამ ტანაკვალთული და ზომიერად თავშეკავებულია. დიკენსი იღიმება არა მთელი ტანით, არამედ მხოლოდ პირით, როგორც სჩვევია საერთოდ ყველა ინგლისელს. მისი მხიარულება კი არ იწვის, მხოლოდ ანათებს, ამ პაწაწინა ჩირაღდნის მოციმციმე ნაპერწკლები თითქოს შუქს აწვდიან ადამიანის არტერიას. ამ პატარა მომხიბლავ ეშმაკუნას სიცილ-სიცილში გამოგონილი აჩრდილები ცხოვრების ორომტრიალში ჩამოჰყავს. მისი იუმორიც შუალედურია (ყველაფერში შუათანობა დიკენსის ბედისწერა იყო) დამათრობელ გრძნობასა, გიჟურ ახირებასა და თავშეკავებულ ირონიას შორის. მისი იუმორი ვერ შეედრება რომელიმე სხვა დიდი ინგლისელის იუმორს. მას არ ახასიათებს სტერნივით დამთრგუნველი, მომშხამავი ირონია, სოფლის პატივცემული თავადის ხელგაშლილი, თავქეიფა ფილდინგის კვიმატი მხიარულებაც უცხოა მისთვის; თეკერეის მსგავსად მწარე ნაღველით როდი გესლავს ადამიანს; დიკენსის იუმორი მხოლოდ სიამის მომგვრელია, ტკივილის მიყენება კი მას არ ძალუძს, მზის სხივებივით დასციმციმებს თავის გმირებს და მათ ყოველ მიხვრა-მოხვრას აფერადებს და ალამაზებს. არც მორალისტობა უნდა მას, არც სატირის შექმნა სწადია, ჯამბაზის ნიღბის ქვეშ ზეიმური სერიოზულობის დაფარვასაც

არ ცდილობს. საერთოდ, არაფრის განსაკუთრებული სურვილი არა აქვს, არაფერი არ უნდა, მისთვის ისიც კმარა, რომ არსებობს, მისი უშფოთველი არსებობა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია; ენაკვიმატობა დიკენსის თვალთახედვის უცნაური თავისებურებაა, იგი ზიზილ-პიპილოებით ამკობს, აზვიადებს სახეებს, თავშესაქცევი გარეგნობითა და სასაცილო მიხვრა-მოხვრით აჯილდოებს მათ და სწორედ ეს იწვევს მილიონობით ადამიანის აღტაცებას. ეს შუქი ყველგან წვდება, ამიტომაცაა, რომ თითქოსდა შინაგანი ნათება აცისკროვნებს მის მხატვრულ სახეებს; გაიძვერებსა და არამზადებსაც კი იუმორის საკუთარი შარავანდედი ამკობთ, დიკენსის თვალით დანახულ სამყაროს მარადიული ღიმილი დასთამაშებს. ყველაფერი ბრწყინავს, ყველაფერი მოძრაობს, თითქოს გადაწყდა ნისლიანი ქვეყნის მზის შუქისადმი მუდმივი სწრაფვის პრობლემა. სიტყვა მალაყებს გადადის, წინადადებები ჯიქურ ეჯახებიან ერთმანეთს, განზე გარბიან, დამალობანას ეთამაშებიან მათში ჩაქსოვილ აზრს თუ შინაარსს, შეკითხვებით კინკლაობენ, ერთმანეთის გამოჯავრებას უნდებიან, გიჟობენ, ანცობენ, მზად არიან იცეკვონ. დიკენსის იუმორს არაფრისა არ ეშინია, არაფერს არ ერიდება. იგი გემრიელია იმ სექსუალური მარილის გარეშეც, რომლის ხმარებაც აუკრძალა მას ინგლისურმა სამზარეულომ. გამომცემელი სისხლს რომ უშრობდა, დიკენსი ამას კი არ გამოჰყავდა წონასწორობიდან, გაჭირვებული თუ აღშფოთებული, იგი მაინც მხოლოდ ხალისიან ნაწარმოებებს თხზავდა. დაუძლეველი, დაუჯაბნელია მისი იუმორი. იგი არ მოსცილებია მის გასაოცრად გამჭრიახ თვალებს და მხოლოდ მაშინ დადუმდა, როცა სინათლე ჩაქრა ამ თვალებში. ამ ქვეყნად ვერაფერი დაუდგებოდა წინ, ჟამთა სვლამაც კი ვერაფერი დააკლო, რადგან ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც არ უყვარდეს მისი ნოველები, მაგალითად, „ჭრიჭინა ბუხრის თავზე“, ანდა არ აჰყოლოდეს მისი წიგნების ზოგიერთ ეპიზოდში ჩაქსოვილ სიხარულს. სულიერი მოთხოვნილებები, ისევე როგორც ლიტერატურული, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სანამ

ადამიანს სურვილი ექნება სიამტკბილურად იხალისოს, როდესაც მის დამშვიდებულ სულში ჩასთვლემს ცხოვრებისადმი ლტოლვა და მხოლოდ სიცოცხლის საამო შეგრძნებები დარჩება ნაზ ნეტარებად, როდესაც ყველაზე უფრო მოენატრება გულის მელოდიური ატოკება უშფოთველ ჰანგზე, - ასეთ მომენტში ადამიანები, ინგლისშიაც და საერთოდ მთელ მსოფლიოში მონახავენ ამ უბადლო წიგნებს, და წაიკითხავენ.

ამ მიწიერ, ცოტა ზედმეტად მიწიერ შემოქმედებას შინაგანი მზის უშრეტი ენერგია მოეპოვება: იგი ათბობს და ანათებს. სწორედ ეს განაპირობებს მის სიდიადეს, მის უკვდავებას. ხელოვნების დიდი ნიმუშები უნდა ფასდებოდეს არა მარტო მათი ინტენსივობით, არ მარტო იმ ადამიანით, რომელიც დგას მათ უკან, არამედ მათი ექსტენსივობითაც, ხალხის მასებზე მათი გავლენით. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობიდან უპირატესად მხოლოდ დიკენსზე ითქმის, რომ მან ხალისი შემატა სამყაროს. მისი წიგნების კითხვის დროს მილიონობით ადამიანის თვალში ცრემლი აკიაფდა; ათასობით ადამიანის სულში ხელახლა ჩადგა დაყვავილებული და დამჭკნარი ღიმილი. მისი გავლენა შორს გასცდა ლიტერატურის ფარგლებს. ძმები ჩირიბლების ამბავი რომ წაუკითხავთ, მდიდარ ხალხს ფული შეუწირავს საქველმოქმედო მიზნებისათვის; გულქვა ადამიანებს ლმობიერება მონდომებიათ; საერთოდ ცნობილია, რომ ქუჩაში ხელგაწვდილ ბავშვებს მეტ სამოწყალოს აძლევდნენ მას შემდეგ, რაც „ოლივერ ტვისტი“ გამოქვეყნდა; მთავრობამ გააუმჯობესა ღარიბთა თავშესაფრების მოვლა-პატრონობა და გააძლიერა კონტროლი კერძო სკოლებზე. დიკენსის წყალობით უფრო მყარად მოიკიდა ინგლისში ფეხი თანაგრძნობამ და გულისხმიერებამ. ვინ უწყის, რამდენ ღარიბ-ღატაკსა და ხელმოცარულს შეუმსუბუქდა ხვედრი. მე ვიცი, რომ ასეთი გავლენით არ შეიძლება ხელოვნების ნიმუშის ესთეტიკური შეფასება. მაგრამ იმის საბუთად კი გამოდგება ეს, რომ

ყოველ ჭეშმარიტად დიდ ნაწარმოებს, რომელიც ცდილობს ფანტაზიის სამყაროს, სადაც თავისუფლად ნავარდობს მხატვრის შემოქმედებითი ნება, რეალურ ცხოვრებაშიც შეუძლია ცვლილებების შეტანა. დიახ, იგი ცვლის არსებითს, თვალით შესამჩნევს, შემდეგ კი გრძნობათა აღქმის ტემპერატურასაც. განსხვავებით იმ მწერლებისაგან, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ მოითხოვდნენ ნუგეშსა და იმედს, გულმოწყალებასა და ლმობიერებას, დიკენსმა თავის თანამედროვე ადამიანებს მოჰგვარა სიამე და სიხარული, სისხლის დინება ააჩქარა მათ ძარღვებში. სამყაროს სინათლე შეემატა მას შემდეგ, რაც პარლამენტის სტენოგრაფმა ხელი მოჰკიდა კალამს, რათა მხატვრული სიტყვა ეთქვა ადამიანებზე და მათს ბედ-იღბალზე. თავის თანადროულობას სიხარული გადაურჩინა, მომავალ თაობებს კი - „old merry England ნაპოლეონის ომებისა და იმპერიალიზმის ეპოქას შორის არსებული პერიოდის მხიარული ხასიათი. გაივლის წლები, მოვა ახალი თაობა, უკან მოიხედავ, დააკვირდები ამ უკვე მოძველებულ მამაპაპისეულ ქვეყანას, სადაც იშვიათი, აწ დავიწყებული ხელობის ხალხს უცხოვრია - ხელობისა, რომელიც ინდუსტრიალიზმის მსახვრალ ხელს მოუსრავს, და იქნებ სიამეც იგრძნოს სისადავითა და სიმშვიდით აღსავსე ამ უწყინარი და უშფოთველი ცხოვრების სურათების ხილვით. თავის შემოქმედებაში დიკენსმა ინგლისის იდილია შექმნა - ესაა მისი დიდი დამსახურება. ამ სიმშვიდეს, კმაყოფილების ამ გრძნობას ნუ უგულვებელვყოფთ ბუმბერაზულთან მისი შედარებისას: ილიადაც მარადიულია, ძველთაძველი ამბის ხელ-ახალი განმეორებაა, და გეორგიკული იქნება იგი, თუ ბუკოლიკური, მასში მაინც მეორდება პოემა ადამიანზე, რომელიც გაქცევია მიზნისაკენ განუწყვეტელ სწრაფვას და მშვიდად ისვენებს. თაობათა მანძილზე ასე იყო, ასე არის, ასე იქნება. დაძაბულობის შემდეგ დგება სულის მოთქმის ეს ერთი წამი. ესაა ძალის მოკრების შუალედი წამი სულიერი დაძაბულობის წინ ანდა შემდეგ. ამ ერთ წამში მშფოთვარე გული თვითკმაყოფილებას განიცდის. ზოგნი ბობოქრობას აღწერენ,

ზოგნი განცხრომას. ჩარლზ დიკენსმა კი სამყაროს გაყუჩების ერთი წუთი პოემად ჩამოასხა. დღევანდელი ცხოვრება კვლავ ბობოქრობს, მანქანები დგანდგარებენ, დრო სწრაფად გარბის. მაგრამ იდილია უკვდავია, რადგან იგი თვით სიცოცხლის სიხარულია; დროდადრო ქარიშხლის შემდეგ ცა ღრუბლებს გადაყრის და კვლავ აკიაფდება ლაჟვარდი, სიცოცხლის მარადიული სიხარული, ყოველგვარი სულიერი ძვრებისა და კრიზისების დასაშოშმინებლად მოვლინებული. ასევე მოუბრუნდებიან ყოველთვის დიკენსს ადამიანები, როდესაც სიხარული მოენატრებათ და ვნებათაღელვის ქარტეხილიანი აბობოქრების შემდეგ მწერლის ქნარის ხმებში უბრალო, სადა ცხოვრების ტკბილი მელოდიების მოსმენა მოსწყურდებათ.

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობა, ცვაიგი

ნახვა: 602

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters