qwelly | literature | novel | stefan zweig fantastic night | group | შტეფან ცვაიგი | ლიტერატურა | ფანტასტიკური ღამე | შტეფან ცვაიგი ფანტასტიკური ღამე

შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე

      ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი ბარონ ფრიდრიხ მიხაელ ფონ რ...-ს საწერი მაგიდის უჯრაში, დაბეჭდილ კონვერტში იპოვეს, როცა იგი, დრაგუნთა ასეულის თადარიგის ობერლეიტენანტი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.

      მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ. ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო. განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას. მაგრამ მე ხომ ამ სტრიქონებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, რომ სხვებს გავაგებინო, რაც მე თვითონაც დიდის გაჭირვებით მესმის. მე მხოლოდ ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.

     ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია, რახან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ეგრე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რახან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირდები დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც წყდება ბედი მთელი კაცობრიობისა; ამასთან კიდევ მე მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი, ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, ოთხი თვის შემდეგ იმ ფანტასტიკური ღამისა, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს იმას და იმის გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა მივხვდი, რასაც ვერ შევიცნობდი ათი წუთის წინ, როცა კალამს მოვკიდე ხელი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინა მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო ყოველი და გონებით განვსაჯო. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს სიცრუე, მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სურნელით... ო, მე არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არა მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო იმ წუთების გზა. გინდ დღისით, გინდ შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე, ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამბინდავ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაჰქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანმიმდევრობით გადმოვცემ ყოველ წვრილმანს იმ ღამისა, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისათვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რახან მოგონებების ბურანი მეხვევა, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც ისე მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ...

      მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რახან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი, რა მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყოველი სიტყვა. მოლოდ ახლა, როცა პირველად გადმოგცემთ ყოველივეს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია, ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.

     ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის „მე“, რაც ვიყავი 1913 წლის 7 ივნისს, უკვე კარგა ხანია აღარა ვარ, თუმცა მას აქეთ ოთხმა თვემ განვლო და კვლავ იმ „მე“-ს ბინაში ვცხოვრობ და ვწერ მის საწერ მაგიდასთან, მისი კალმით და მისივე ხელით. იმ კაცს, სწორედ იმ ღამის გავლენით, სრულიად განვუდექი, შევყურებ შორიდან, ალმაცერად და ფხიზლად, შემიძლია ვწერო მასზე, როგორც ამხანაგზე, თანატოლზე, მეგობარზე, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამიერიდან ის აღარა ვარ. შემიძლია ვილაპარაკო მასზე, გავკიცხო, მკაცრად განვსაჯო და არ ვიგრძნო, რომ ოდესღაც ის მე ვიყავი. ადამიანი, რომელიც მე ვიყავი იმ ხანებში, გარეგნულად და შინაარსითაც ნაკლებად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი ფენის ადამიანთა უმეტესობისაგან, რომელსაც, საერთოდ, განსაკუთრებით კი ვენაში, სიამაყის გარეშე, სრული რწმენით, „კარგ საზოგადოებას უწოდებენ“. იმხანად ოცდამეთექვსმეტე წელში გადავდექი. მშობლები ადრე დამეხოცნენ და მიმატოვეს კარგა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. მათი დანატოვარი ქონება საკმაო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავ რაიმე კარიერაზე ზრუნვისაგან. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად გავთავისუფლდი მოვალეობისაგან - მიმეღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც იმხანად ძლიერ მაწუხებდა. ის იყო, უნივერსიტეტი დავასრულე და სამოღვაწეო ასპარეზის არჩევანში ვიყავი. ჩემი ოჯახის ნაცნობებისა და მშვიდი ცხოვრების წყალობით, რისკენ მიდრეკილებაც ადრიანად გამომაჩნდა, ნამდვილად სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავ. მივიღე თუ არა მშობლების მემკვიდრეობა, მოულოდნელად დამოუკიდებელი, ფუქსავატური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა და ჩემს თავს ისეთ ახირებულ დაჟინებასაც კი ვუსრულებდი, რაც შეიძლებოდა მეტად ძვირად დამჯდომოდა. არასოდეს ვყოფილვარ პატივმოყვარე, ამიტომ გადავწყვიტე, პირველ ხანებში, რამდენიმე წელს, სანამ მოთხოვნილება არ გამიჩნდებოდა, სამოქმედო ასპარეზი გამომეძებნა, ცხოვრებას დავკვირვებოდი. მაგრამ ისევე ცხოვრების დამკვირვებელი დავრჩი, თუმცა სულაც არ მივისწრაფოდი იქითკენ, რაც სცილდებოდა ჩემს მიერ ადვილად შესასრულებელ სურვილთა საზღვრებს.

     არც ერთი ქალაქი მთელს მსოფლიოში ისე არ განგაწყობს უსაქმურობისაკენ, როგორც ვენა, სადაც უმიზნოდ ხეტიალის ხელოვნება, უმოქმედობა, კოხტაობა ნამდვილი ხელოვნების სრულყოფილებამდეა აყვანილი. თავიდან ამოვიგდე ყოველი ზრუნვა სერიოზულ შემოქმედებაზე და მთელი გატაცებით თავი მივეც დროსტარებას, როგორც შეჰფეროდა გამოჩენილი ოჯახის შვილს, მდიდარ, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილ კაცს. გამიტაცა აზარტულმა თამაშობებმა, ნადირობამ, ვქეიფობდი, ვმოგზაურობდი, და მალე დავიწყე დიდის მონდომებით ჩემი უსაქმო ცხოვრების შელამაზება. ვაგროვებდი იშვიათ სურათებს, არა იმდენად გატაცებით, რამდენადაც კმაყოფილების გამო, რომ უშრომლად დავუფლებოდი განსაზღვრულ სფეროში ცოდნას. სახლში გამოვფინე იტალიური ბაროკოს გრავიურები და კანალეტოს მანერის პეიზაჟები. ამათი ძებნა ანტიკვარებში ან აუქციონებზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ამას საშიში აზარტის იერიც კი დაჰკრავდა. ჩემი გემოვნებისა და მიდრეკილების შესაბამისად სულ სხვადასხვა გასართობებს ვეტანებოდი. იშვიათად თუ გამოვტოვებდი კონცერტებსა და სურათების გამოფენებს. ქალებში დიდი წარმატებები მქონდა და ამ სფეროშიც კი გამოვამჟღავნე კოლექციონერის მალული გზნება, რაც გარკვეულ დრომდე სულიერი ცხოვრების მოშლილობაზე მეტყველებს. მრავალი სამახსოვრო და ძვირფასი წუთი მარგუნა ბედმა და ნელ-ნელა ჩვეულებრივი ტკბობის მოყვარულიდან მცოდნედ და დამფასებლად გადავიქეცი. ამგვარად, დღეებს ვლევდი სასიამოვნო დროსტარებაში, სრულის რწმენით, რომ მდიდარი, მრავალმხრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს რბილი, თბილი ატმოსფერო, რომელშიც მიედინებოდა ჩემი არც მოსაწყენი, მაგრამ არც თუ მღელვარე ყმაწვილკაცობა, დღითიდღე უფრო მომწონდა. სხვა სურვილი თითქმის არც კი გამაჩნდა. ამ უძრავ ატმოსფეროში ყოველი უსაქმობა სასიხარულო მოვლენად იქცეოდა. გემოვნებით შერჩეულ ჰალსტუხს შეიძლება კარგ გუნებაზე დავეყენებინე, ავტომობილით გასეირნებას, კარგ წიგნს ან ქალთან შეხვედრას უსაზღვრო ბედნიერება მოენიჭებინა. ამგვარი ცხოვრება განსაკუთრებით იმიტომ მომწონდა, რომ არც ერთი მხრით, როგორც უზადოდ შეკერილი ინგლისური კოსტიუმი, არავის ეჩხირებოდა თვალში. ასე მგონია, საზოგადოებაში სიმპათიურ კაცად მთვლიდნენ, ყველას ვუყვარდი და სიამოვნებით მიღებდნენ კარს. ნაცნობთა უმეტესობა ბედნიერ კაცს მეძახდა. ახლა მიმძიმს თქმა, მართლა ბედნიერად გრძნობდა თუ არა თავს ის ადამიანი, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობ, რადგან წინანდელის განცდილის გავლენით ყოველ გრძნობას უფრო სრულსა და ღრმა შინაარსს ვანიჭებ და შეუძლებლად მიმაჩნია მაშინდელ ჩემს განწყობილებაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, თავს არ ვგრძნობდი უბედურად. ჩემი ყოველი სურვილი, ყოველი მოთხოვნილება, რასაც ცხოვრებას ვუყენებდი, სრულდებოდა. მხოლოდ სწორედ იმან, რომ მივეჩვიე, ბედისაგან მიმეღო, რასაც ვინატრებდი, თანდათანობით ჩამიხშო ყოველი ინტერესი და უმოქმედო გახადა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ უნებურად ნაღველი შემომაწვებოდა გულზე არა იმიტომ, რომ რაიმეს ვნატრობდი. ეს იყო სურვილი სურვილისა, მოთხოვნილება - ვყოფილიყავ ძლიერი, აღვირახსნილი, შეუპოვარი, მქონოდა მშფოთვარე ცხოვრება და თუნდ ტანჯვაც გამომეცადა. მეტისმეტად გონივრული, ტაქტიკური მოქმედებით განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან ყოველი საწინააღმდეგო ქმედება და ამ წინააღმდეგობის გრძნობის უქონლობამ შეანელა ჩემი სიცოცხლისუნარიანობა. ვამჩნევდი, უფრო ნაკლები სურვილები მიჩნდებოდა, რაღაცნაირმა გარინდებამ მოიცვა ჩემი გრძნობები და სულიერი უძლურება, მშფოთვარე ცხოვრების დაუფლების სურვილი მტანჯავდა. სულ უბრალო რამეზე მივხვდი ამას. პირველად შევნიშნე, რომ თანდათან იშვიათად დავდიოდი თეატრში, საზოგადოებაში. ვიყიდდი ნაქებ წიგნებს და მერე მთელი კვირაობით ელაგა საწერ მაგიდაზე გაუჭრელი. წინანდებურად ვაგროვებდი ძველებურ სურათებს და სხვა სიძველეებს, მაგრამ აღარ ვალაგებდი განსაზღვრულ რიგზე და სიხარულს მგვრიდა, კარგა ხნის ძებნის შემდეგ მოულოდნელად რომ აღმოვაჩენდი რომელიმე იშვიათ ნივთს.

      ასე შევიგრძენი ნელ-ნელა სულიერი ენერგიის ჩაქრობა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა. ზაფხულში ვენაში დავრჩი ისევ იმ უცნაური მოთენთილობის წყალობით, არავითარი სიახლე რომ არ იზიდავს. სრულიად მოულოდნელად კურორტიდან ერთი ქალის წერილი მივიღე, რომელთანაც სამი წელია სიყვარულის ძაფები მაკავშირებდა და რომლის სიყვარულშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი. იგი თოთხმეტგვერდიან აღმაშფოთებელ წერილს მწერდა: ერთი კაცი გავიცანი, იგი გახდა ჩემი სიცოცხლის მიზანი, შემოდგომაზე იმაზე ვთხოვდები და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. იგი არ ნანობდა, უფრო მეტიც, ტკბილად იგონებდა ჩემთან გატარებულ დროსა და აღმითქვამდა, რომ გათხოვების შემდეგაც ძვირფას სახსოვარივით გულში შეინახავდა ჩემს მოგონებას და მემუდარებოდა, მეპატიებინა ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება. ამ საქმიან წერილს მოჰყვა ფიცი და ვედრება, რომ ძალიან არ გავბრაზებულიყავ და ამ მოულოდნელ განშორებას არ დავეტანჯე, არ ვცდილიყავ, ძალათი შემეკავებინა, ან საკუთარი თავისთვის რამე არ ამეტეხა. წერილის სტრიქონები თანდათან უფრო ულმობელი ხდებოდა: მევედრებოდა, სხვა, უფრო ღირსეული ქალი შემეყვარებინა და მაშინვე მიმეწერა მისთვის წერილი, რადგან მოუთმენლად მოელოდა, როგორ შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ქვემოთ ფანქრით მინაწერი ჰქონდა: „რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ, გამიგო, და მაპატიო“.

     ეს წერილი რომ წავიკითხე, ჯერ გავშრი მოულოდნელობისაგან, მერე კი, როცა ფურცვლა დავიწყე და ხელმეორედ გადავიკითხე, სირცხვილი ვიგრძენი, რაც სულ მალე, როგორც კი მივხვდი, რისთვის მრცხვენოდა, შინაგან შიშის გრძნობად გადამექცა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ იმ ძლიერ გრძნობას, რასაც მიწინასწარმეტყველებდა ჩემი სატრფო, ოდნავადაც არ გაუღვიძია ჩემს გულში. ამ ამბავს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის, არ გამოუწვევია რისხვა და ერთ წუთსაც არ მომსვლია აზრად, თავი შემებრალებინა, ან რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისათვის. ისეთი უცნაური გახლდათ ეს სულიერი სიცივე, რომ შეუძლებელი იყო, თვითონვე არ შემშინებოდა. ჩემგან მიდიოდა ქალი, რამდენიმე წელს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ქალი, რომლის მოქნილი, თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა, რომლის სუნთქვაც გრძელ ღამეებში ჩემსას უერთდებოდა, და ამას ჩემი სული არ შეუძრავს, არ აღუშფოთებია, არ მიცდია ისევ უკან დამებრუნებინა. არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რასაც გულწრფელად მოელოდა ეს ქალი, როგორც ელიან ყოველი ცოცხალი ადამიანისაგან. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ. მივსრიალებდი ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე, არსად ვჩერდებოდი, ფესვებს არსად ვიდგამდი. კარგად ვიცოდი, რომ ამ სივრცეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს სულიერი გახევება, ეს საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა თითქოს წინასწარ აღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.

      იმ დღიდან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და უცნაურ მოდუნებას გრძნობებისა, როგორც ავადმყოფი აკვირდება თავის ავადმყოფობას. იმ ხანებში მეგობარი გარდამეცვალა და როცა იმის კუბოს მივაცილებდი, დაძაბული ვუგდებდი ყურს საკუთარ გულისთქმას: სევდა ხომ არ შემომაწვება, ნაღველი ხომ არ დაისადგურებს ჩემს გულში იმის გაფიქრებაზე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობიდან საყვარელი ადამიანი? მაგრამ არაფერს შეუძრავს ჩემი სული, თითქოს მინის ხუფი ვიყავ, რომელშიც ყველაფერი ჩანს, მაგრამ შიგ არაფერი აღწევს. როგორ არ ვცდილობდი, მეგობრის დასაფლავებისას და მრავალ მსგავს შემთხვევაში რაიმე მეგრძნო, ან განსჯის საბუთებით აღმეძრა ჩემს გულში გრძნობა, მაგრამ ვერ ვპოულობდი მის გამოძახილს ჩემს სულში. მეგობრებმა დამივიწყეს, ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამას თითქმის ისევე განვიცდიდი, როგორც ოთახში მჯდომი კაცი განიცდის ფანჯარაზე წვიმის შხაპუნს. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო რაღაც მინის კედელი, მაგრამ მე იმისი ვაჟკაცობა, ნებისყოფა არ შემწევდა, დამემსხვრია იგი.

     ჩემს აღმოჩენას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს აღმოჩენა ნამდვილ მღელვარებას აღარ განმაცდევინებდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, გულგრილად ვუყურებდი იმასაც კი, რაც მე მეხებოდა. დავკარგე აღშფოთების უნარი. მხოლოდ ის მაწუხებდა, ამ სულიერ მანკს ისევე ვერ შენიშნავდა უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცის არასრულფასოვნებას, რაც მხოლოდ ინტიმურ წუთებში მჟღავნდება. და ხშირად ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს აღფრთოვანებული, მეტისმეტად მგრძნობიარე გახლდით, რათა დამეფარა, რაოდენ უგრძნობელი და მკვდარი ვიყავ. გარეგნულად წინანდებურად საკუთარი სიამოვნებისათვის ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რა იყო საზრუნავი, დაბრკოლება, არასოდეს გადამიხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. კვირეები, თვეები შეუმჩნევლად გარბოდნენ და შეუმჩნევლად იქცეოდნენ წლებად. ერთ დღეს საფეთქელთან ჭაღარა თმის ღერი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემი ყმაწვილკაცობა მოულოდნელად წარსულში უნდა გადასულიყო. მაგრამ ის, რასაც სხვები ახალგაზრდობას ეძახიან, ჩემთვის კარგა ხანია გამქრალიყო. ამიტომ ძნელი არ იყო მასთან გამოთხოვება. მე ხომ ჩემი ახალგაზრდობაც არასაკმაოდ მიყვარდა. ის კი არა, ჩემთვის ჩემი მღელვარე გულიც კი დუმდა.

      მიუხედავად ათასნაირი საქმიანობისა და წვრილმანი ამბებისა, ამ ჩემი შინაგანი მოულოდნელობის წყალობით, დღეები თანდათან ერთფეროვანი ხდებოდა, ერთნაირად ფერმკრთალნი მისდევდნენ ერთმანეთს, გამოჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ფოთლები ხეზე. და ასევე ჩვეულებრივად, არაფრით გამოირჩეოდა და არც არაფრით იყო შესანიშნავი, დაიწყო ის ერთადერთი დღე, რომელიც მინდა აღვუწერო საკუთარ თავს.

     იმ დღეს, 1913 წლის 7 ივნისს, ჩვეულებრივზე ცოტა მოგვიანებით წამოვედი. უბედურად ვემორჩილებოდი სკოლის წლებიდან შემორჩენილ ჩვეულებას კვირა დღის შეგრძნებისა. აბაზანა მივიღე, გაზეთი გადავიკითხე, წიგნები გადავფურცლე, მერე, თბილი ზაფხულის მზით მოჯადოებული, ჩემს ოთახში რომ იჭყიტებოდა, სასეირნოდ წავედი. ჩავიარე გრაბენზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ჟრიამული სუფევდა ხოლმე. ვტკბებოდი ეკიპაჟების ცქერით, ვესალმებოდი ნაცნობ-მეგობრებს, არავის ვაძლევდი პირობას - კვირა დღეს თქვენთან გავატარებ-მეთქი, რადგან სწორედ კვირადღეობით მიყვარდა საკუთარ თავთან განმარტოება, ახირების ან შემთხვევის აყოლა. ნასადილევს, რინგშტრასეზე რომ დავბრუნდი, მზით გაბრწყინებული ქალაქის, მისი საზაფხულო მორთულობის ცქერით ვტკბებოდი. ყველა მხიარული და სადღესასწაულოდ აჭრელებულ ქუჩებზე შეყვარებული მეჩვენა. ბევრი რამ ახარებდა თვალს და, უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ ასფალტში ამოჭრილი ხეების მწვანე, მშვენიერი სამოსელი. თუმცა აქ ყოველდღე დავდიოდი, ამ კვირადღის ჟრიამულმა მომხიბლა, მომწყურდა მწვანე, ნათელი, კაშკაშა ფერები. უნებურად მომაგონდა პრატერი, სადაც იმ დროს, როცა გაზაფხული ზაფხულში გადადის, ხშირფოთოლა ხეები მწვანე ლივრეებში გამოწყობილ მსახურებივით დგანან მთავარი ხეივნის ორსავე მხარეს, სადაც ეკიპაჟების გაბმული მწკრივი მიემართება და თავიანთ თეთრ, მშვენიერ ყვავილებს სადღესასწაულოდ გამოწყობილი სახლის ტალღას უწვდიან. როგორც მიჩვეული ვიყავ, მაშინვე ამესრულებინა ყოველი, თუნდაც სულ უბრალო სურვილი, გავაჩერე პირველივე ფიაკრი და მეეტლეს ვუბრძანე, პრატერში წამიყვანე-მეთქი.

     - დოღზე, ბატონო? - მოწიწებით მკითხა მან, თითქოს ეჭვი არც კი ეპარებოდა.

      მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ დღეს ტრადიციული დოღი იყო დანიშნული, რასაც წინ უძღოდა ლატარეის გათამაშება, და რაზეც თავს იყრიდა ხოლმე მთელი ვენის საზოგადოება. „საოცარია, - გავიფიქრე, ფიაკრში რომ ვჯდებოდი, - რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს როგორ დავაკლდებოდი, ან რა დამავიწყებდა ამ დღეს“.

     ისე, როგორც დაჭრილი გაუფრთხილებელი მოძრაობით იღიზიანებს ხოლმე ჭრილობას, ამ გულმავიწყობამ მაგრძნობინა, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ.

     როცა მთავარ ხეივანს მივაღწიეთ, იქაურობა დაცარიელებული დაგვიხვდა. ეტყობოდა, დოღი კარგა ხანია დაწყებულიყო, რადგან მშვენიერი ფიაკრების განუწყვეტელი ნაკადი აღარ ჩანდა, ცხენების ნალების ჭახაჭუხით კანტიკუნტად თუ ჩამოგვიქროლებდნენ ხოლმე ზოგჯერ, თითქოს უხილავ მიზანს ეჯიბრებიანო. მეეტლე მომიტრიალდა და მკითხა, ხომ არ დავეწიოთო, მაგრამ ვუბრძანე, ცხენები ნებაზე მიეშვა. ჩემთვის სულ ერთი იყო, დავიგვიანებდი თუ არა. დოღზე ხშირად დავდიოდი, დავკვირვებივარ ხალხსაც და ახლა სულაც არ მანაღვლებდა დაგვიანება. ნაღვლიან, ზოზინა გუნებაზე მყოფს უფრო მომწონდა ნელა დავრწეულიყავ ეტლში, ნისლისფერი ჰაერის ნაზი სრიალი შემეგრძნო, რაც გემბანზე ტალღების დგაფუნს მომაგონებდა, და მშვიდად მეცქირა მშვენიერი, აყვავებული წაბლის ხეებისათვის, ჩუმ და თბილ ქარს ფურცლებს რომ უშვერდნენ. ქარი ფურცლებს სწყვეტდა, ცოტა ხანს ჰაერში ატრიალებდა და თოვლის ფიფქებივით ჰფენდა მიწაზე. რა სასიამოვნო იყო სარწეველაში ქანაობა, თვალდახუჭულს გეგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, ნებაზე მიშვებულს სადღაც რომ მიგაქროლებდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხარებია, ფიაკრი ფროიდენაუს ჭიშკარს რომ მიადგა. სიხარულით გამოვტრიალდებოდი უკან, რომ დავმტკბარიყავი ადრეული გაზაფხულის ნათელი თბილი დღით, მაგრამ უკვე გვიან იყო - ფიაკრი ჰიპოდრომის წინ გაჩერდა.

     ყრუ გუგუნი შემომესმა, თითქოს საფეხურიანი ტრიბუნების მიღმა ზღვა ღელავსო. ჩემს თვალს მიფარებული ხალხის ტალღის ბობოქრობაზე უნებურად მომაგონდა, ოსტენდეში, ვიწრო შესახვევებით ქალაქიდან პლაჟზე რომ მიდიხარ, მჩქეფარე, მარილიანი ქარი შემოგეგებებათ და სანამ თვალწინ გადაგეშლებათ ნაცრისფერი, ტალღებად აგორებული, აქაფებული სივრცე, ყრუ ღმუილს გაიგონებთ.

      ეტყობა ცხენები მორიგ წრეს ურბენდნენ, მაგრამ ჩემსა და ამ წრეს შორის, რომელსაც ცხენები უვლიდნენ, თითქოს ქარიშხალმა დაჰქროლაო, მხედრებისა და მაყურებელთა მოგუგუნე ტალღა გაჭედილიყო. მე გზას ვერა ვხედავდი, მაგრამ დოღის ყოველი წვრილმანი ისახებოდა გარშემომყოფთა საქციელში და შემეძლო თავისუფლად მედევნებინა თვალი მისთვის. ეტყობოდა, კარგა ხანია გაშვებული ცხენები გამწკრივდნენ; ორი-სამი წინ გაიჭრა და წინა ადგილებისათვის იბრძოდნენ, რადგან ხალხიდან, რომელიც მეტად განიცდიდა ჩემთვის უხილავ შეჯიბრს, უკვე ისმოდა ყვირილი, გამამხნევებელი ძახილი. ყველას თვალი ერთი წერტილისათვის მიეპყრო და მივხვდი, რომ ცხენები მოსახვევს უახლოვდებოდნენ. ხალხის ტალღა ერთ წაგრძელებულ კისრად გადაიქცა და თითქოს ერთი ყელიდან ამოსული ათასობით ხმა ერწყმოდა ზვირთცემის ღმუილსა და ბუყბუყს. ზვირთი სულ მაღლა-მაღლა იწევდა, მთელი სივრცე მოიცვა, თვით მოკრიალებულ, ლაჟვარდ ცამდე. ახლოს მდგომი რამდენიმე ადამიანის სახეს ჩავხედე. თითქოს შინაგანი კრუნჩხვისაგან დამახინჯებოდათ, ანთებული თვალები გადმოეკარკლათ, ბაგეები მოეკვნიტათ, ნიკაპები ხარბად წინ გამოეშვირათ, ნესტოები ცხენებივით დაბერვოდათ. ფხიზელ კაცს საშინელებად და სასაცილოდ მეჩვენებოდა ამ გონებადაკარგული, აზარტისაგან მთვრალი ხალხის ცქერა. ჩემს გვერდით სკამზე ერთი კოხტად გამოწყობილი კაცი შემდგარიყო, ეტყობა, სასიამოვნო გარეგნობისაც გახლდათ, მაგრამ ახლა უხილავი ეშმაკისაგან გათანგული ბობოქრობდა, ჯოხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ურტყამს, წინ ერეკებაო, და უცნაურად მხარს უბამდა ჟოკეის მოძრაობას, გაჭენებულ ცხენს რომ დასძახოდა, რაც გარეშე მაყურებელს უჩვეულოდ სასაცილო ეჩვენებოდა. თითქოს უზანგებს აწვებაო, ქუსლიდან წვერზე გადაიწეოდა, მარჯვენა ხელით ჰაერს აპობდა, ჯოხს მათრახივით აქნევდა, მარცხენათი კი ნერვიულად ჭმუჭნიდა ფურცელს. ასეთი თეთრი ფურცლები გარშემო ბევრი ეყარა. ქაფის შხეფებივით ავარდებოდნენ ხოლმე ადამიანთა მღელვარე ზღვის თავზე. ახლა, ეტყობოდა, რამდენიმე ცხენი მიჰქროდა ერთმანეთის გვერდით, რადგან უცბად მრავალხმიანი ღრიალი გაიპო ორ, სამ, ოთხ სახელად, რასაც საბრძოლო მეტსახელივით წარმოთქვამდნენ ხოლმე ცალკეული ჯგუფები. დროდადრო გაშმაგებული გოდება გაისმოდა, რაც თითქოს სასულე იყო იმათი ციებცხელებიანი ბოდვისა.

      მე ვიდექი აღუშფოთველი ამ გაგიჟებულ ხალხში, როგორც კლდე ბობოქარ ზღვაში და ნათლად მახსოვს, რასაც განვიცდიდი იმ წუთში. სიცილს მგვრიდა სხეულის სულელური მოძრაობანი, იმათი დამახინჯებული სახეები, და დამცინავი ირონიით გავცქეროდი ამ მონურ თავშეუკავებლობას, მაგრამ ამასთან - ამაში უნებურად გამოვუტყდი საკუთარ თავს - ცოტათი მეხარბებოდა ასეთი აღტყინება, ასეთი თავშეუკავებლობა, სიცოცხლის ძალა, ამ გაგიჟებულ აზარტში რომ იმალებოდა.

     „ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ავეღელვებინე, ასე გავეგიჟებინე, ასე ცეცხლმოკიდებულივით მეღრიალა, ყელიდან უნებურად აღმომხდენოდა ასეთი ველური ყვირილი?“ - გამიელვა თავში.

     ვერც დიდძალი ფული, ვერც ქალის სიყვარული ვერ გამაგიჟებდა ასე. არაფერი არ არსებობდა ისეთი... ვინმეს უნებურად რევოლვერის ლულა რომ მოეშვირა, ასე არ ამიჩქროლებდა გულს, როგორც მუჭა ოქროსათვის უჩქროლავდა ჩემს გარშემო მყოფ ათასობით, ათი ათასობით ადამიანს.

     ეტყობოდა, ერთი ცხენი უკვე უახლოვდებოდა ფინიშს, რადგან ხალხის ტალღამ აიტაცა ერთი სახელი და ეს შერწყმული, ყურისწამღები ყვირილი თანდათან უფრო გააფთრებული ხდებოდა, ვიდრე უცბად არ მიწყდა, თითქოს მეტისმეტად დაჭიმული სიმი გაწყდაო. დაიგრიალა ორკესტრმა. ხალხის ტალღა შეთხელდა. დოღი დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა, აღელვებულები დამშვიდდნენ და მსუბუქი ფრფონაღა დარჩა. ხალხის ტალღა, რომელიც ახლახან განცდების ერთიან გუნდს წარმოადგენდა, დაიყო მრავალ მოსეირნე, მოცინარ, მოსაუბრე ადამიანად. უგუნურების ნიღბიდან კვლავ გამოჩნდა დამშვიდებული სახეები. ერთიანი, გამდნარი მასა, რადაც გადააქცია რამდენიმე წუთში თამაშის აზარტმა ეს ხალხი, კვლავ იწყებდა დაკოშტებას. ხალხი მიდიოდა, ან თავს იყრიდა ჯგუფ-ჯგუფად თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად; ხვდებოდნენ ნაცნობებიც, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ, იყვნენ უცხოებიც, ცივად რომ შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს. ქალები შურიანად ათვალიერებდნენ თავიანთი მეტოქეების მორთულობას, მამაკაცები მათ ნაზად შესცქეროდნენ. ხან იმ ბრწყინვალე საზოგადოებისათვის ჩვეულ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მაღალი წრის ხალხში. ეძებდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, აინტერესებდათ, ყველანი აქ იყვნენ თუ არა, როგორ ეცვათ. ამ ბურანიდან გამოფხიზლებული ხალხისთვის რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ, რისთვის მოვიდა აქ - დოღის საყურებლად, თუ დროის სატარებლად შესვენებისას დოღსა და დორს შუა.

      მე დინჯად დავსეირნობდი ამ უსაქმო ხალხში, ვესალმებოდი, სალამზე პასუხს ვაძლევდი, სიამოვნებით ვსუნთქავდი სიკოხტავის არომატს, ჩვეულ სურნელს სუნამოებისას, ამ ჭრელ ადამიანთა კალეიდოსკოპს. მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა კაცს ზაფხულის მზით გამთბარი ჭალებიდან და მინდვრებიდან მონაბერი ნიავი, რომელიც ელამუნებოდა ადამიანებს, უმეტესად კი ქალების კაბების თეთრ მარმაშს.

     ნაცნობებმა რამდენჯერმე სცადეს გამომლაპარაკებოდნენ. სილამაზით განთქმული მსახიობი დიანა ალერსიანად მომესალმა, მიმიწვია თავის ლოჟაში, მაგრამ მე არავისკენ მიმიწევდა გული. არ მაინტერესებდა ამ ხალხთან საუბარი, მომწყინდა მათში, როგორც სარკეში საკუთარი თავის დანახვა. მხოლოდ სანახაობა მიზიდავდა, აღგზნება, ხალხის ტალღაში რომ სუფევდა. უცქირო სხვის აღფრთოვანებას, გულგრილი ადამიანისთვის ეს ხომ ყოველთვის მიმზიდველი სანახაობაა. როცა ლამაზ ქალებს შევხვდებოდი, უტიფრად, თან მეტისმეტად გულგრილად შევცქეროდი ნისლივით გამჭირვალე ქსოვილით დაფარულ მათ მკერდს და მართობდა იმათი შეკრთომა, რომელშიც სირცხვილიც შეინიშნებოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. მღელვარებას არ განვიცდიდი, უბრალოდ, მომწონდა ეს თამაში, მინდოდა, იმათში გულზვიადი აზრები აღმეძრა და თვალებით გამებურღა, მათ თვალებშიც საპასუხო ცეცხლი ამენთო. მე, როგორც ყოველ გულგრილ ადამიანს, ნამდვილ ტკბობას განმაცდევინებდა არა საკუთარი ვნება, არამედ ჩემს მიერ გამოწვეული გრძნობათა ჩოჩქოლი, მინდოდა მეგრძნო მხოლოდ იმ სითბოს ჩაღვრა სულში, რასაც განვიცდით ქალების შეხედვისას, და არა ნამდვილი ცეცხლი. არ მსურდა ცეცხლი მომდებოდა, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. ასე დავსეირნობდი ახლაც, ვიჭერდი ქალთა მზერას, მსუბუქ ბურთებივით ადვილად ვიგერიებდი მათ, ვეალერსებოდი მიუკარებლად, ვტკბებოდი ისე, რომ არ შევიგრძნობდი, შევცქეროდი ოდნავ აღგზნებული ჩვეული თამაშით.

     მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე ხალხი მხვდებოდა, რომელთა სახეებსა და მოძრაობას კარგად ვიცნობდი. მახლობლად თავისუფალი სკამი აღმოჩნდა. ჩამოვჯექი. ჩემს გარშემო ისევ ერთი აურზაური ატყდა. ხალხი ჯგუფდებოდა, გარბოდა, ერთმანეთს ეჯახებოდა. აქ აღარ დამედგომებოდა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი და სკამის ზურგს გადაწოლილი ჩაფიქრებული თვალს ვადევნებდი, ჩემი სიგარეტის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ჰქრებოდა გაზაფხულის ლაჟვარდში.

      და აი, სწორედ ამ წუთში მოხდა ის განუმეორებელი რამ, რაც ახლაც წარმართავს ჩემს ცხოვრებას. შემიძლია ზუსტად დავასახელო დრო, რადგან იმ წუთში შემთხვევით დავხედე საათს. საათის ისრები გადაჯვარედინდა და მე ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩავაშტერდი, თითქოს ერთი სეკუნდის წინაც ამას ვფიქრობდი. ოთხის სამი წუთი იყო, 1913 წლის 7 ივნისი.

     ამგვარად, ბავშვურსა და უაზრო ჭეშმარიტებაში მთლად ჩანთქმული, სიგარეტით ხელში, თეთრ ციფერბლატს დავცქეროდი, რომ უცბად ზურგს უკან ქალის სიცილი შემომესმა. ქალი ხმამაღლა, აღგზნებული კისკისებდა. სწორედ ეს მომწონს ქალებში, როცა სიყვარულის გზნებისას, მოულოდნელად აუტყდებათ ხოლმე კისკისი. ის იყო, თავის მობრუნება დავაპირე, რომ იმ ქალისათვის შემეხედა, ისე კადნიერად და გამომწვევად რომ შემოიჭრა ჩემს უზრუნველ ოცნებებში, როგორც თვალისმომჭრელი თეთრი ქვა გამოჩნდება ხოლმე შლამით დაფარულ გუბურაში, მაგრამ თავი შევიკავე. უცნაურმა სურვილმა შემაჩერა, რაც ხშირად დამეუფლებოდა ხოლმე, თავდავიწყებით მივცემოდი უწყინარ თამაშს, ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისათვის და შეუხედავად წარმომედგინა ის ქალი - მისი სახე, პირი, კისერი, კეფა, მკერდი, ერთი სიტყვით, მისი სიცილით წარმომედგინა ცოცხალი, რეალური სახე.

     ქალი, ეტყობოდა, სწორედ ჩემს ზურგსუკან იდგა. სიცილი საუბარმა შეცვალა. სმენადქცეული ყურს ვუგდებდი. იგი ძალიან სწრაფად და ცოცხლად, მსუბუქი უნგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ხმოვნებს ისე აგრძელებდა, თითქოს მღერისო. ახლა ჩემს გასართობს ის წარმოადგენდა, რომ მის ლაპარაკზე მთელ სახეს აღვიქვამდი და ვცდილობდი, წარმომედგინა ყოველი ნაკვთი. მე მივანიჭე შავი თმა, შავი თვალები, მსხვილი, მგრძნობიარე ტუჩები, თოვლივით ქათქათა, გამწკრივებული კბილები. პატარა თხელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი. მარცხენა ლოყაზე მშვენიერი ხალი დავუხატე. ხელში მივეცი წკეპლა, რომელსაც სიცილით ირტყამდა ფეხებზე. იგი ლაპარაკობდა შეუჩერებლივ. ყოველი სიტყვა ახალ თვისებას მატებდა ჩემს ოცნებაში ელვის უსწრაფესად წარმოქმნილ სახეს: თხელი, ქალწულებრივი მკერდი, მუქმწვანე კაბა, ირიბად გაყრილი ბრილიანტის აბზინდა, ღია ფერის, თეთრ ფრთებშემოვლებული შლიაპა. სურათი თანდათან ნათელი ხდებოდა და მე მეჩვენებოდა, რომ ჩემს უკან მდგარი ეს უცხო ქალი ჩემს თვალებში ისე ისახებოდა, როგორც ფოტოფირზე. მაგრამ თავი არ მომიტრიალებია, მინდოდა გამეგრძელებინა თამაში. რაღაც იდუმალი მომხიბვლელობა გამოსჭვიოდა ჩემთვის ამ თამამ ოცნებაში. თვალები დავხუჭე და ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ როცა გავახელდი და თავს შემოვატრიალებდი, წარმოდგენილი სახე უეჭველად დაემთხვეოდა რეალურს.

      ქალი წინ წამოვიდა. უნებურად გავახილე თვალები და ცეცხლი მომეკიდა: სულ სხვანაირი იყო. უფრო მეტიც, თითქოს განზრახ სრული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი სახისა. მწვანე კაბა კი არ ეცვა, არამედ თეთრი, ტანწერწეტი კი არ იყო, ჩათქვირული, ჩამრგვალებულთეძოებიანი. მსუქან ლოყაზე ხალი არ უჩანდა, წითურა, და არა შავ თმაზე ჩაჩქანივით ქუდი ედო. არც ერთი ჩემი ნიშანი არ შეეფერებოდა იმის სახეს, მაგრამ ქალი ლამაზი იყო, მეტისმეტად ლამაზი, თუმცა მე, ამპარტავნობით თავი ფსიქოლოგად რომ წარმომედგინა, არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი ამაში. თითქმის მტრულად შევხედე, მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ამ ქალის შეხედვაზე რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, ცხოველური გზნება მისი ჩათქვირული, მკვრივი სხეულისადმი. ქალი კვლავ კისკისებდა, აჩენდა თეთრ, სწორ კბილებს და ეს გულალალი, გამომწვევი სიცილი სრულიად ეხამებოდა მის სილამაზეს. ყველაფერი მიმზიდველი და გამომწვევი გეჩვენებოდათ მასში: მაღალი მკერდი, სიცილისას წინ გამოწეული ნიკაპი, მსუსხავი მზერა, კეხიანი ცხვირი, ხელი, მტკიცედ რომ ეჭირა ქოლგა. მასში შეიგრძნობდით ქალურ საწყისს, პირველყოფილ ძალას, ოსტატურ, დაჟინებულ მომხიბვლელობას, ხორცშესხმულ ცდუნებას.

      მის გვერდით იდგა კოხტა, ცოტათი ჯანგატეხილი ოფიცერი და რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. ქალი უსმენდა, იღიმებოდა, იცინოდა, პასუხობდა, მაგრამ გულგარეთ. ნესტოები მოუთმენლად უთრთოდა და თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. ყოველი ჩამვლელი მამაკაცი უეჭველად ყურადღებას მიაქცევდა, გაუღიმებდა. ქალს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხან ტრიბუნებზე ნაცნობ სახეს შენიშნავდა და გახარებული პასუხობდა სალამზე, ხან - მარცხნივ, ხან - მარჯვნივ, თან წინანდებური ქედმაღლური ღიმილით უსმენდა ოფიცერს. მხოლოდ მე, მის თანამგზავრს ამოფარებული, ვრჩებოდი მისი მხედველობის არის გარეშე. ეს მაბრაზებდა. წამოვდექი, მაგრამ ის მაინც ვერ მხედავდა. ახლოს მივედი, ის მაინც ტრიბუნისაკენ იცქირებოდა. მაშინ წინ დავუდექი, მივესალმე მის თანამოსაუბრეს და ქალს სკამი შევთავაზე. ქალმა განცვიფრებით შემომხედა, თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, ბაგეებზე თავაზიანმა ღიმილმა გაურბინა. თუმცა თავდაჭერილად გადამიხადა მადლობა და სკამი გამომართვა, მაგრამ არ დამჯდარა. ნიდაყვებამდე შიშველი ხელებით მსუბუქად დაეყრდნო საზურგეს და ისეთი პოზა მიიღო, რაც გამოჰკვეთავდა იმის ჩათქვირულ ნაკვთებს.

     უხეირო ფსიქოლოგიური ცდით გამოწვეული წყენა გამიქრა, მხოლოდ იმ ქალთან გააშიკება მიტაცებდა. ცოტათი უკან დავიხიე ტრიბუნების კედლისაკენ, საიდანაც ჯოხზე დაყრდნობილს შემეძლო თავისუფლად, სხვებისაგან შეუმჩნევლად მეცქირა მისთვის. ვცდილობდი, მისი მზერა დამეჭირა. ქალმა ეს შენიშნა. ოდნავ შემოტრიალდა ჩემი სათვალთვალო პოსტისაკენ, მაგრამ ისე, რომ ეს მოძრაობა სრულიად შემთხვევითი გეგონებოდათ. თვალს არ არიდებდა ჩემს მზერას, ის კი არა, ზოგჯერ შემომხედავდა კიდეც, მაგრამ იმედს არ მაძლევდა. თვალები წინანდებურად აქეთ-იქით გაურბოდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ აჩერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მზერას შეეფეთა, ღიმილი ჩაუდგა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ ღიმილით აჯილდოებდა ყველას? ვერა და ვერ გამომეცნო. სწორედ ეს გაურკვევლობა მაბრაზებდა. როცა მისი მზერა შუქნიშნის სხივივით მომხვდა, იგი მრავლისაღმთქმელი იყო, მაგრამ ისევე ცივი ელვარებით განურჩევლად ირეკლავდა მასზე მიპყრობილ მზერას. ამ თამაშით, ეტყობოდა ქედმაღლურ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა, თან კიდევ ერთ წუთსაც არ სწყვეტდა კურკურს თავის თანამგზავრთან, გეგონებოდათ, მისი ნათქვამი ძალიან აინტერესებსო. რაღაც გაუგონარი კადნიერება შეინიშნებოდა მის ქცევაში - აშიკობის ვირტუოზობა თუ წრესგადასული მგრძნობელობა. უნებურად ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი: მისი აღუშფოთველი კადნიერება მეც გადმომეცა. მე უკვე აღარ შევცქეროდი თვალებში, საქმის ცოდნით ვათვალიერებდი თავით ფეხამდე, მზერით ვხდიდი ტანსაცმელს და ვაშიშვლებდი. იგი თვალს ადევნებდა ჩემს მზერას და სულაც არ გრძნობდა შეურაცხყოფას, ტუჩების კუთხეებით უღიმოდა თანამოსაუბრე ოფიცერს, მაგრამ ამ ეშმაკურ ღიმილში მოწონება ამოვიკითხე. ხოლო, როცა ცქერა დავუწყე მის პატარა კოხტა ფეხს, კაბის ქვეშიდან რომ მოუჩანდა, და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თითქოს შემთხვევით დავადგი ფეხი სკამის ქვედა ღერძს და თხელ ქვედატანს ქვეშ თვალი შევავლე მის წინდებს მუხლებამდე, თანამოსაუბრისაკენ მიპყრობილ მომღიმარ სახეზე დამცინავი, ცბიერი გამომეტყველება გამოესახა. ეტყობოდა, ისიც ისევე აგზნების გარეშე მეკურკურებოდა, როგორც მე, და გაბოროტებით შევნიშნე, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა ამ სარისკო თამაშის ტექნიკას. მან თითქოს რაღაც იდუმალებით გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა, თან ყურადღებით უსმენდა თავისი თანამოსაუბრის ჩურჩულს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც სრულის გულგრილობით აკეთებდა. ეს მაშფოთებდა, რადგან ამ ცივ, ბოროტ, ანგარებიან კურკურს ვერ ვიტანდი, სისხლისაღმრევ სიახლოვეს განმაცდევინებდა ჩემს საკუთარ უგრძნობელობასთან. მაგრამ მაინც წამეკიდა გზნება, იქნებ უფრო მეტად სიძულვილისაგან, ვიდრე ამ ქალით გატაცებისაგან. ახლოს მივედი და ურცხვად ჩავხედე თვალებში. „მე შენ მინდიხარ, მშვენიერო ცხოველო“, - არაორაზროვნად ამბობდა ჩემი მზერა, და ეტყობოდა, ჩემი ბაგეებიც უნებურად შეირხა, რადგან იმან გამიღიმა ოდნავ ზიზღნარევი ღიმილით და კაბა გაისწორა. შავი თვალები მაშინვე მკვირცხლად აქეთ-იქით გაექცა. სრულიად ნათელი იყო, რომ ისიც ისეთივე ცივი იყო, როგორც მე, რომ იგი ჩემი ღირსეული პარტნიორი გახლდათ, რომ თითოეული ჩვენგანი მეორის ჯიბრზე ნაცარს ჩხრეკდა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცეცხლს გააღვივებდა, რაც მხოლოდ თვალს გაახარებდა და ამ ნაღვლიან დღეს დროს მოკლავდა.

     მაგრამ უცბად გამოცოცხლება გაჰქრა მისი სახიდან, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, ახლახან მომღიმარე ბაგეებზე წყენის ნაოჭი გაუწვა.

     თვალს არ ვაშორებდი მის მზერას: ტანდაბალი, ფაშფაშა კოსტუმიანი სქელ-სქელი ბატონი აჩქარებით მოდიოდა მისკენ, თან აღელვებული გზა-გზა გაოფლიანებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით. შლიაპის ქვეშ, აჩქარებისაგან გვერდზე რომ მოქცეოდა, დიდი ქაჩალი ადგილი მოუჩანდა. გუნებაში გავიფიქრე, ეს მოტვლეპილი თავი ქუდქვეშ ალბათ მსხვილი ოფლის წვეთებით აქვს დაცვარული-მეთქი, და უნებური ზიზღი ვიგრძენი ამ კაცისადმი. ბეჭდებაჩონჩხლილი ხელი ბილეთების დასტას ჭმუჭნიდა და მღელვარებისაგან გულგასიებულს ცოლისათვის არც კი შეუხედავს, უნგრულად ხმამაღლა გამოელაპარაკა ოფიცერს. მაშინვე მივხვდი, რომ საცხენოსნო სპორტის თავგამოდებული მოყვარული იყო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მსხვილი ვაჭარი გახლდათ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების აზრს აზარტი შეადგენდა. ეტყობოდა, ცოლმა შენიშვნა მისცა (მისი იქ ყოფნა არცხვენდა ქალს და ახლა მცირეოდენი მხნეობაც კი დაკარგა), რადგან შლაპა გაისწორა, მერე გულკეთილად გაიცინა და დაჰკრა მხარზე ხელი. ქალმა მრისხანედ შეჰყარა წარბები. ეტყობოდა, გააბრაზა ასეთი ინტიმური დამოკიდებულების გამომჟღავნებამ, შერცხვა ოფიცრისა და იქნებ უფრო მეტად ჩემი. კაცმა ისევ ბოდიში მოიხადა, ისევ უთხრა რამდენიმე სიტყვა ოფიცერს უნგრულად, რომელზეც იმან თავაზიანი ღმეჭით უპასუხა, მერე მორიდებითა და ნაზად გაუყარა ცოლს მკლავი. მივხვდი, რომ ქალს შერცხვა ასეთი ინტიმურობის გამომჟღავნებისა ჩვენს თვალწინ და მეც ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით შევცქეროდი მის დამცირებას, მაგრამ იგი ისევ დაეუფლა საკუთარ თავს, მსუბუქად დაეყრდნო კაცის მკლავს, ირონიული მზერით მომხედა, თითქოს მეუბნებოდა: „ხედავ, აი, ამას ვეკუთვნი და არა შენ“. ეს მწყინდა კიდეც და თან ზიზღიც დამეუფლა. მხოლოდ ისღა მსურდა, ზურგი შემექცია მისთვის და გავტრიალებულიყავ, რომ დამემტკიცებინა, ამ ვულგარული, სქელ-სქელი კაცის ცოლი მე ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ ისე დიდი იყო ცდუნება, დავრჩი.

      სწორედ ამ წუთში სტარტის ყურისწამღები ნიშანი გაისმა. უცბად მთელი ეს მოყაყანე, ზანტად მოსეირნე დაქუცმაცებული ხალხის ტალღა ამოძრავდა და ერთად მიაწყდა ბარიერს. ამ ტალღამ ლამის მეც გამიყოლა, მაგრამ მე უეჭველად მინდოდა, საერთო არეულობაში ამ ქალის გვერდით მოვხვედრილიყავი იმის იმედით, რომ შემთხვევა მომცემოდა გაბედული შეხედვისა, ჟესტის, რაიმე თამამი საქციელის, ოღონდ რისი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამიტომ ჯიუტად ვარღვევდი ხალხის ტალღას და მივიწევდი მისკენ. მისი ქმარიც გააფთრებით მოიწევდა წინ, ეტყობოდა, უნდოდა უკეთესი ადგილი დაეჭირა ტრიბუნის მახლობლად, და უცბად ტალღის მოწოლით ისე მაგრად დავეჯახეთ ერთმანეთს, რომ ქუდი გადასძვრა და მის ბაფთში ჩატანებული ბილეთები აქეთ-იქით გაიფანტა, თითქოს წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი პეპლებიაო. მან გაბრაზებით შემომხედა. ის იყო, უნებურად ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ რაღაც ავმა გაბოროტებამ ენა ჩამიგდო. ის კი არა, ცივად, უტიფრად, შეურაცხმყოფელი, გამომწვევი მზერით შევცქეროდი. მისი მზერა ერთ წუთს დათრგუნვილი გააფთრებით აენთო, მაგრამ მაშინვე შიშით გაჰქრა ჩემი მზერის წინაშე. ერთ წუთს რაღაც დაუვიწყარი, დამფრთხალი თვალებით შემომხედა თვალებში, მერე გატრიალდა, მაგრამ უცბათ თავისი ბილეთები მოაგონდა, აიღო ქუდი და იმათი შეგროვება დაიწყო. მისმა ცოლმა კი ხელი გაუშვა ქმარს და დაუფარავი გააფთრებით, მღელვარებისაგან მთლად ალმურმოდებულმა მომანათა თვალები. მე გულში ვზეიმობდი, რომ ვუყურებდი, ლამის იყო ჩემთვის სილა გაეწნა. გულგრილად ვიდექი იმავე ადგილას და თავხედური ღიმილით თვალს ვადევნებდი, სწორედ ჩემს ფეხებთან სქელი კაცი როგორ ჰკრეფდა ხვნეშით ბილეთებს. დახრისას საყელო გაფხორილი ქათმის ფრთასავით გადაეწეოდა და ქონის სქელი ფენა ამოებერებოდა სქელ კეფაზე. ყოველი დახრისას ავადმყოფურად ხვნეშოდა. უნებურად წარმოვიდგინე ის ლეში ცოლქმრული ალერსისას და ზიზღითა და დაუფარავი ღიმილით შევცქეროდი მის მრისხანებისაგან დამახინჯებულ სახეს. ახლა ქალი მეტისმეტად ფერმკრთალი ჩანდა და ძლივს იკავებდა თავს, ბოლოსდაბოლოს წარვტაცე მას ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა: სიძულვილი, დაუოკებელი მრისხანება. სიამოვნებას მგვრიდა ამ ბრაზისმომგვრელი სცენის უსაზღვრო გაჭიანურება და გულგრილი ნიშნისგებით ვადევნებდი თვალს, როგორ იტანჯებოდა ეს სქელ-სქელი კაცი, რომ სათითაოდ აეკრიფა ბილეთები. მოუსვენარი ეშმაკი მეჯდა ყელში, რომელიც გამუდმებით ხითხითებდა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისაგან. ო, როგორ მინდოდა, ერთი გულიანად გადამეხარხარა, ან ჯოხი მეკრა ჩემს ფეხებთან მხოხავი ლეშისათვის. არასოდეს ასეთ ბრაზს არ შევუპყრივარ, როგორიც ამ კადნიერ, თავის თავში დარწმუნებულ ქალზე სრული გამარჯვების წუთებში.

      მაგრამ აი, უბედურმა ბოლოს და ბოლოს შეაგროვა ბილეთები გარდა ერთისა - ლურჯი ბილეთისა, რომელიც უფრო შორს გაფრენილიყო და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეგდო. იგი ქოშინით მიტრიალდა აქეთ-იქით, ეძებდა თავისი ახლომხედველი თვალებით. პენსნე ოფლით დაცვარულ ცხვირზე ჩამოსცურებოდა. მე ცბიერად ვისარგებლე ამ წუთით, რომ გამეგრძელებინა ძებნა, რაც სიცილს მგვრიდა. ბავშვური სიცელქით სწრაფად წამოვწიე ფეხი და დავაფარე ლურჯ ქაღალდს: ახლა ვერასგზით ვეღარ იპოვიდა, შემეძლო, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი, მეტანჯა იგი, მეძებნინებინა, და ისიც ეძებდა, ეძებდა შეუსვენებლივ, ფორთხავდა, კვლავ ითვლიდა სხვადასხვაფერ ფურცლებს; რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, ჩემი აკლდა. და როცა მომძლავრებულ ხალხის ტალღაში კვლავ აპირებდა ძებნას, იმისი ცოლი პუჩების კვნეტით ჯიუტად შეტრიალდა, თვალი აარიდა ჩემს დამცინავ მზერას, ვეღარ მოითმინა და იფეთქა.

     - ლაიოშ! - მბრძანებლურად უყვირა ქმარს. კაცი შეკრთა, როგორც ცხენი შეკრთება ხოლმე ნაღარის დაცემისას, კიდევ მოავლო თვალი მიწას. ფეხქვეშ დამალულმა ბილეთმა შემიღიტინა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. მერე მორჩილად მიტრიალდა ცოლისკენ. ქალმა საოცარი სისწრაფით მომაშორა ქმარი და ორივე მჩქეფარე ხალხის ნიაღვარს შეერია.

     მე კი იქვე დავრჩი, ოდნავი სურვილიც კი არა მქონია, იმათ გავყოლოდი. ეპიზოდი ჩემთვის დამთავრებული იყო. ეროტიული დაძაბულობის გრძნობამ ჩამიხშო წუთიერი სურვილი, გზნება, უცაბედი აფეთქება და ამ თამაშისაგან მხოლოდ კმაყოფილების სასიამოვნო, უტიფარი შეგრძნება შემომრჩა, რომ ნომერი გამოვიდა. წინ ერთი ჭყლეტა იყო, აღგზნებული ტალღა მღვრიე, აქაფებულ ზვირთივით მიაწყდა ბარიერს, მაგრამ მე არც კი ვიყურებოდი იქითკენ; მომწყინდა, ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, აქვე პარკში გავისეირნო, თუ შინ წავიდე-მეთქი. მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე შევნიშნე მიწაზე დაგდებული ლურჯი ბილეთი. ავიღე და ხელში ვათამაშებდი, არ ვიცოდი, სად წამეღო. თავში გამიელვა, ლაიოშისათვის დამებრუნებინა, რაც დიდებული მიზეზი იქნებოდა მისი ცოლის გაცნობისა, მაგრამ იგი ახლა სულაც აღარ მაინტერესებდა და ის წუთიერი ინტერესი, რაც ამ შემთხვევამ აღმიძრა, კარგა ხანია შესცვალა ჩემმა ჩვეულებრივმა გულგრილობამ. იმდენად მძაგდა ეს ლეში, ამ უხმო ორთაბრძოლის, გულღია მზერის მეტს აღარაფერს მოვითხოვდი ლაიოშის ცოლისაგან. გავერთე ამ თამაშით და ახლა წუთიერად თუ დამეუფლებოდა ცნობისმოყვარეობა, სასიამოვნო შეგრძნება.

      სკამი, რომელიც იმას დავუთმე, ისევ იმავე ადგილას იდგა ცარიელი, უფრო მოხერხებულად დავჯექი და სიგარა გავაბოლე. ჩემს წინ ისევ ბობოქრობდნენ ვნებანი, მაგრამ მე ყურს აღარ ვუგდებდი. ჩემზე არ მოქმედებდა განმეორებანი, ნება-ნება ვაბოლებდი და ვფიქრობდი წყალვარდნილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე მერანოში. სწორედ ისეთი იყო, როგორც აქაურობა: მშფოთვარე, მჩქეფარე ნაკადი, რომლისაგან არც არავის სცივა და არც არავის სცხელა, უაზრო გრგვინვა ზურმუხტისფერ პოეზიაში. მაგრამ აი, ხალხის ტალღის დრტვინვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. აბობოქრებულ ხალხის ზვირთებს ზემოთ კვლავ გამოჩნდა ქოლგები, შლიაპები, ცხვირსახოცები, კვლავ ყველაფერი ერთ გოდებად შეირწყა და ხალხის ვეებერთელა ტალღიდან კვლავ ათასგზის გამოიყო ერთი სახელი, რასაც დიდი აღტაცებით და თავგამოდებით ყვიროდნენ: „კრესი! კრესი! კრესი!“ მერე დაჭიმულ სიმის ხმასავით უცბად შეწყდა (რა ერთფეროვანია გზნებანი, როცა მეორდება). იგრიალა მუსიკამ. ხალხი იშლებოდა. ასწიეს ფარდები, რომლებზეც გამარჯვებულთა ნომრები ეწერა. ანგარიშმიუცემლად შევხედე მათ. პირველ ადგილზე შვიდიანი ბრწყინავდა. უნებურად შევხედე ხელში შემორჩენილ ლურჯ ბილეთს. იმაზეც შვიდიანი იყო გამოსახული.

     გამეცინა. ბილეთმა მოიგო. ძვირფასი ლაიოში მიხვდა ალბათ ამას. ამგვარად, კვლავ ჩემს ხელთ იყო იმ ქალის სქელი მეუღლე. უცბად ეშმაკი შემიჯდა სულში. ახლა მაინტერესებდა, რამდენი დაუჯდა იმას ჩემი იჭნეული ჩარევა. პირველად დავაკვირდი ლურჯ ბილეთს; ბილეთი ოცი კრონისა იყო და ლაიოშიც მოგებული გახლდათ. ეს საკმაო თანხა იყო. დიდხანს არც კი მიფიქრია, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი შევუერთდი ხალხის ტალღას, რომელიც სალაროებს მიაწყდა. ერთ-ერთ რიგში გავეჭედე, წარვუდგინე ბილეთი და კაცის ძვალტყავა, სწრაფმა ხელებმა, ვისი სახეც არასოდეს მენახა, მარმარილოს დაფაზე მომითვალა ოცი კრონის ცხრა ბანკნოტი.

      იმ წუთში, როცა მონაგები ნამდვილი ფული მომითვალეს, სიცილი შემეყინა ბაგეებზე. უცბად საშინელი გრძნობა დამეუფლა. უნებურად ხელი გავწიე, რომ არ მიმეკარებინა სხვისი ფულისაკენ. სჯობდა, ეს ბანკნოტები დაფაზე დამეტოვებინა, მაგრამ ჩემს უკან ერთი ჭყლეტა იყო და მოუთმენლად ელოდნენ მონაგების მიღებას. ამგვარად, ზიზღით ავიღე ბანკნოტები, თითქოს მწვავდა, თითქოს ცეცხლის ენებიაო, ის კი არა, ხელიც კი გავწიე, თითქოს ჩემი არ იყო. მაშინვე მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, ჩემდა უნებურად ხუმრობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რაც არ შეჰფეროდა წესიერ კაცს. ჯენტლმენს. მე თვითონვე ვერ ვბედავდი, ჩემი საქციელისათვის ნამდვილი სახელი მეწოდებინა. ეს ხომ დამალული კი არა, ეშმაკურად გამოცანცლული, მოპარული ფული იყო.

     ჩემს გარშემო ხალხი ზუზუნით, ხელისკვრით მიიწევდა სალაროებისაკენ, ან უკან გამოდიოდნენ. მე კვლავ გაუნძრევლად ვიდექი ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა? უწინარეს ყოვლისა, მომაგონდა, რაც ყველაზე ბუნებრივი იყო; მომენახა ბილეთის მფლობელი, ბოდიში მომეხადა და უკან დამებრუნებინა ფული. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ოფიცრის თანდასწრებით. მე ხომ თადარიგის ლეიტენანტი გახლდით და ასეთი აღიარებისათვის უეჭველად ჩინით ჩამომაქვეითებდნენ. თუნდაც რომ შემთხვევით მეპოვნა ბილეთი, ფულის აღება უღირსი საქციელი იყო. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავყოლოდი ინსტინქტურ სურვილს - მომეჭმუჭნა ქაღალდები და გადამეყარა, მაგრამ ესეც შეიძლებოდა ვინმეს საეჭვოდ მოსჩვენებოდა. მე კი არავითარ შემთხვევაში, ერთი წუთითაც კი არ მინდოდა ხელში მჭეროდა სხვისი ფული, თუნდაც იმ აზრით, რომ ვინმესთვის მეჩუქებინა. ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული სიწმინდის გრძნობა ნებას არ მაძლევდა ამ ბანკნოტების ხელის შეხებისა. თავში ჩაქუჩივით მარტყამდა ერთი აზრი, რა ხერხითაც არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ მომეშორებინა ეს ფული. დაბნეულმა უნებურად აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ არის სადმე ისეთი მიფარებული კუთხე, რომ ეს ფული გადავყარო-მეთქი, რომ უცბად შევნიშნე, ხალხი კვლავ მიიწევდა სალაროებისაკენ, მაგრამ ახალ უკვე ფულით ხელში. ამ წუთში თავში გამიელვა, დამებრუნებინა ფული ცბიერი შემთხვევისათვის, რომელმაც იგი შემომაჩეჩა, უკან ჩამეგდო იმ გაუმაძღარ ხახაში, ჩემს თვალწინ ხარბად რომ ნთქავდა ვერცხლსა და ბანკნოტებს. დიახ, ეს იყო გამოსავალი, ეს იყო ჭეშმარიტი ხსნა!

      ადგილს მოვწყდი, მივირბინე სალაროებთან, ჩავდექი რიგში. მხოლოდ ორი კაცი იდგა ჩემს წინ. პირველი უკვე მივიდა ტოტალიზატორთან, რომ უცბად მომაგონდა, არც კი ვიცოდი, რომელი ცხენი დამესახელებინა. დაძაბული ვუგდებდი ყურს სხვების ლაპარაკს: - რავახოლზე სდებთ? - ჰკითხეს ერთს. - რაღა თქმა უნდა, რავახოლზე, - უპასუხა მეორემ. - თქვენ როგორ გგონიათ, ტედის არა აქვს შანსები? - ტედის? - სულაც არა. ჰანდიკაპში მთლად ჩაფლავდა. ტედი მკვეხარაა და მეტი არაფერი...

     როგორც მწყურვალე ადამიანი ხარბად დაეწაფება ხოლმე წყალს, ისე ვისრუტავდი ამ სიტყვებს. მაშ ასე, ტედი უიმედოა, ტედის არ შეუძლია გაიმარჯვოს. მაშინვე გადავწყვიტე ის ამერჩია. გავყარე ფული ფანჯარაში და დავასახელე ეს-ესაა გაგონილი სახელი ტედისა, ვიღაცამ ხელში მომაყარა ბილეთები, ერთის მაგივრად ცხრა ბილეთის მფლობელი გავხდი. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არც ისე საზიზღარი და დამამცირებელი გახლდათ, როგორც ხელში მოშრიალე ბანკნოტების ჭერა.

     ისევ შვებით ამოვისუნთქე. ფული მოვიშორე. დამთავრდა თავგადასავლის უსიამოვნო მხარე და კვლავ უწყინარი ხუმრობის ხასიათი მიიღო. იმავე სკამზე დავჯექი და ნება-ნება ვაბოლებდი სიგარას, ბოლის ბოლქვებს ვუშვებდი, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. წამოვდგებოდი, წინ და უკან დავდიოდი, კვლავ დავეშვებოდი კიბეზე. საოცარი იყო: ნეტარი, საოცნებო სიმშვიდე უკვალოდ გაქრა. რაღაც გამოუცნობი მღელვარება დამეუფლა. პირველად მეგონა, ეს უსიამოვნო გრძნობა გამოწვეული იყო ხალხში ლაიოშისა და იმისი ცოლის დანახვის შიშით. მაგრამ აბა ისინი როგორ მიხვდებოდნენ, რომ ეს ახალი, თეთრ, წითელზოლებიანი ბილეთები იმათ ეკუთვნოდა? არც აღელვებული, მოფუსფუსე ხალხი მიშლიდა ხელს. პირიქით, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, ბარიერისკენ ხომ არ მიიწევს-მეთქი. ის კი არა, საკუთარი თავი იმაშიც კი დავიჭირე, რომ ყოველ წუთს ვდგებოდი სკამიდან და თვალებით ვეძებდი დროშას, რომელსაც დოღის დაწყებისას აღმართავენ ხოლმე. ეს მხოლოდ ფიცხი მოუთმენლობა იყო, რამაც შემიპყრო სტარტის მოლოდინში, რადგან მინდოდა, ეს სულელური ამბავი სამუდამოდ დამთავრებულიყო.

     გვერდზე ჩამირბინა ბიჭმა, რომელსაც აფიშები ეჭირა ხელში. დავუძახე, ვიყიდე აფიშა და დავიწყე ჩემთვის გაუგებარ სპორტულ ენაზე დაწერილი ტექსტის კითხვა, სანამ ბოლოს ტედის არ წავაწყდი. გამოვიცანი ჟოკეის, თავლის მფლობელის გვარი, ფერები - წითელი და თეთრი. მაგრამ რად მინდოდა ეს? გააფთრებით მოვჭმუჭნე ქაღალდი და გადავაგდე. წამოვდექი სკამიდან, მერე ისევ დავჯექი. უცბად დამცხა, სველი შუბლი ცხვირსახოცით მოვიწმინდე. საყელო ყელში მიჭერდა. დოღი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.

     ბოლოს გაისმა ზარის ხმა. ხალხის ტალღა წინ მიაწყდა და ამ წუთში შევიგრძენი, რომ ამ ზარის წკრიალმა მაღვიძარასავით გამომიყვანა მთვლემარე გაშეშებიდან. ისე უცბად წამოვხტი, რომ სკამი გადაყირავდა, და ვიჩქარე, არა, თავპირის მტვრევით გავიქეცი, მაგრად ვჭმუჭნიდი მუშტში ბილეთებს და ხალხის ტალღაში ისე შევიჭერი, თითქოს მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამ არ გამომრჩენოდა. ნიდაყვების უხეშად ქნევით ბარიერამდე მივაღწიე და თავხედურად ვეტაკე სკამს, რომელზეც ის იყო ერთი მანდილოსანი აპირებდა დაჯდომას. მის განცვიფრებულ მზერაზე მაშინვე მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეცი. ეს ჩემი კარგი ნაცნობი გრაფინია „რ“ გახლდათ. იგი წარბებშეჭმუხვნილი განრისხებული შემომცქეროდა, მაგრამ სირცხვილისა და სიჯიუტის გამო ცივად მოვტრიალდი და სკამზე შევხტი, რომ უკეთ დამენახა ბილიკი.

     სადღაც, შორს, მწვანე მინდორზე, სტარტთან ცხენების პატარა ჯგუფი შევნიშნე, რომელთაც თავს ძლივს უჭერდნენ პატარა, ჭრელ-ჭრელი, ჯამბაზებივით ჟოკეები. მინდოდა იმათ შორის ჩემი ამორჩეული ცხენი დამენახა, მაგრამ უჩვევი თვალი მქონდა. რაღაც მოციმციმე ბურუსი მიშლიდა ხელს და მრავალფერ ლაქებს შორის ვერ ვარჩევდი წითელსა თეთრ ფერს. ამ წუთში გაისმა მეორე ზარი და როგორც ერთი მშვილდიდან გასროლილი შვიდი ჭრელი ისარი, შვიდი ცხენი გაიჭრა მწვანე ბილიკზე. დამშვიდებული მაყურებლისათვის, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო, ლამაზი სანახაობა იყო. კოხტა ცხენები გააფთრებული ჭენებით გაიჭრნენ მწვანე მინდორზე, ნალებს მიწას არც კი აკარებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ იმას ვცდილობდი სასოწარკვეთილი, ჩემი ცხენი და ჩემი ჟოკეი გამომეცნო და თავბედს ვიწყევლიდი, ბინოკლი რად არ წამოვიღე-მეთქი. როგორ არ ვიხრებოდი, როგორ არ ვიჭიმებოდი, მხოლოდ ოთხს თუ ხუთ ჭრელ ქინქლას ვხედავდი, რომელიც ერთ მფრინავ გორგალს შერწყმოდა. მაგრამ აი, მოსახვევში ეს გორგალი გაიშალა, შექმნა სოლი, წაწვეტებული მხარე წინ გამოიწია და უკან გამოეყო რამდენიმე ჩამორჩენილი ცხენი. გააფთრებული ბრძოლა იყო, სამი თუ ოთხი ცხენი, ჭენებაში გადარეული, თავი თავზე მიდებული მიჰქროდა, გეგონებოდათ ერთმანეთის გვერდზე დაწებებული სხვადასხვა ქაღალდის ზოლებიაო. ხან ერთი, ხან მეორე ისკუპებდა და ცოტათი წინ გამოიჭრებოდა. მეც მთელი ტანით ვიჭიმებოდი, კუნთებს ვძაბავდი, თითქოს ეს უშველიდათ ცხენებს, რომ უფრო სწრაფად, ქარივით ექროლათ.

      ჩემს გარშემო მღელვარება მატულობდა. ზოგიერთი გამოცდილი მაყურებელი მოსახვევშივე არჩევდა ჟოკეის ფერს, რადგან გაურკვეველ ხმაურში შუშხუნებივით ავარდებოდა ხოლმე ცაში სახელები. ჩემს გვერდით ერთი კაცი იდგა, რომელიც გააფთრებით იქნევდა ხელს და როცა ერთი ცხენის თავი წინ წამოვიდა, ფეხი დააბაკუნა და ველურად დაიღრიალა ამაზრზენი საზეიმო ხმით; „რავახოლ! რავახოლ!“ - უცბად დავინახე, ამ ცხენის ჟოკეის ტანსაცმელი მართლაც ლურჯად ელავდა და საშინლად გავბრაზდი, რომ ჩემი ცხენი არ იმარჯვებდა. თანდათან აუტანელი ხდებოდა ჩემთვის ჩემი მეზობლის ყურისწამღები ღრიალი: რავახოლ! რავახოლ!“ ისე გავფითრდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მუშტი არ მიმერტყა მის ფართოდ დაღებულ, აღრიალებულ შავ პირში. სიბრაზისაგან ისე ვცახცახებდი, არც კი ვგრძნობდი, ყოველ წუთს როგორ ვკარგავდი განსჯის უნარს. მაგრამ აი, მეორე ცხენი ლამის გაუსწორდა პირველს. იქნებ ეს ტედია, იქნებ, იქნებ, - და იმედმა ფრთები შემასხა. მართლაც, მომეჩვენა, რომ უნაგირზე გაიელვა წითელმა ხელმა, როცა ჟოკეიმ გავაზე შემოსცხო. იქნებ ეს ტედი იყო, არა, ტედია, ტედი, უეჭველად ტედია! მაგრამ რატომ არ უსწრებს წინ ის არამზადა? კიდევ შემოსცხე წკეპლა, შემოსცხე! ახლა სულ ახლოს იყო, ერთი ნახტომი და! რატომ უსწრებს რავახოლი? არა, რავახოლი არა! რავახოლი არა! ტედი! ტედი! გაუსწარი, ტედი, ტედი! უცბად უკან მოვიხედე. რა მოხდა? ვინ ღრიალებდა ასე? ვინ ღრიალებდა ასე გააფთრებით: „ტედი! ტედი!“ ეს ხომ მე ვიყავი. თუმცა ჭკუას ვკარგავდი, მე თვითონვე მეშინოდა საკუთარი თავისა. მინდოდა თავი შემეკავებინა, ჩემი თავი ხელში ამეყვანა. სირცხვილი მკლავდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ცხენს, თითქოს ერთმანეთს რომ შერწყმოდნენ. ეტყობოდა, ტედი მართლა ებრძოდა პირველ ადგილს იმ წყეულ რავახოლს, რომელიც ნამდვილი სიძულვილით მძაგდა, რადგან ჩემს გარშემო ატყდა ყურისწამღები ყვირილი: „ტედი! ტედი!“ - და მეც ერთ წუთს გონს მოსული კვლავ გავხელდი. ტედიმ უნდა მოიგოს, ვალდებულია მოიგოს! და მართლაც, აი, წინ მქროლავი ცხენის თავს გამოეყო მეორე თავი, ჯერ ერთი მეოთხედით, მერე ნახევრით, აი, უკვე კისერიც ჩანს - ამ დროს ზარმა დაიჟღრიალა და ხალხის ტალღას სიხარულის, სასოწარკვეთილების, მრისხანების ღრიალი აღმოხდა. ერთ წუთს სასურველმა სახელმა აავსო მთელი ცის თაღი, მერე ყვირილი მიწყდა და სადღაც მუსიკამ დაიგრიალა.

      ალმურმოდებული, მთლად ოფლად დაღვრილი, გულაძგერებული ჩამოვხტი სკამიდან. ერთ წუთს ისევ ჩავჯექი, რადგან თავი მიბრუოდა. სიხარულმა შემიპყრო, რაც არასოდეს განმიცდია, დაუოკებელმა სიხარულმა იმის შეგრძნებისა, რომ შემთხვევა ასე ბრმად დაემორჩილა ჩემს სურვილს. ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ცხენმა ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოიგო, რომ მე მინდოდა წამეგო ეს ფული. მაგრამ თანაც არ მჯეროდა ამისი და მთელს სხეულში საშინელ ქავილს ვგრძნობდი. რაღაც მიბიძგებდა და კარგად ვიცოდი, საითკენ: მინდოდა მეგრძნო გამარჯვება, მენახა იგი, შემეგრძნო, ხელში მჭეროდა ფული, ათრთოლებული თითებით გადამეთვალა ლურჯი ბანკნოტების დასტა. რაღაც გამოუცნობმა გააფთრებულმა ვნებიანმა სურვილმა შემიპყრო და ვეღარავითარი სირცხვილი ვერ შემაკავებდა. წამოვდექი თუ არა სკამიდან, სალაროსკენ გავიქეცი, უხეშად გავარღვიე რიგში მდგომი ხალხის ტალღა, სარკმელთან მივიჭერი, რომ რაც შეიძლება ჩქარა, ჩქარა დამენახა ნამდვილი ფული.

     - უზრდელო! - ჩაიბუზღუნა ვიღაცამ ჩემს ზურგსუკან, მაგრამ გაბრაზება არც კი მიფიქრია, მთლად ვცახცახებდი მიუღწეველი, გააფთრებული მოუთმენლობისაგან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა და ხარბად ვტაცე ხელი ბანკნოტების დასტას. სიხარულისაგან აცახცახებულმა გადავთვალე. დასტაში ექვსას ორმოცი კრონი იყო.

     მაგრად ვუჭერდი ხელს ფულს. ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, კიდევ ამეღო, უფრო მეტი მომეგო, ბევრად უფრო მეტი. სად გაქრა ჩემი აფიშა? ოჰ, მღელვარებისაგან გადავაგდე! აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სხვა მეპოვნა, მაგრამ თავზარი დამეცა, რომ დავინახე, ჩემს გარშემო ხალხის ტალღა თხელდებოდა, გასასვლელისაკენ მიემართებოდა. სალაროები იკეტებოდა, დროშა დაეშვა. დოღი დამთავრდა. მე უკანასკნელი მოჯირითე ვიყავი. ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი. მერე მრისხანებამ შემიპყრო, თითქოს უსამართლობის მსხვერპლი ვყოფილიყავ. ვერა და ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ახლა, როცა ნერვები ასე მეტისმეტად დაძაბული მქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლი ასე მჩქეფარედ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში, დადგა აღსასრული. ამაოდ ვიტყუებდი თავს იმის იმედით, რომ ეს შეცდომა იყო: თანდათან იფანტებოდა ხალხის ჭრელი ტალღა და გათელილი ბალახი უკვე მწვანდებოდა აქა-იქ შემორჩენილ, დაგვიანებულ მგზავრთა ფეხქვეშ. ბოლოს გონს მოვეგე, მივხვდი, რომ სასაცილო, სისულელე იყო აქ ბორიალი, ავიღე შლიაპა და ჯოხი, მღელვარებისაგან რომ დამვიწყებოდა, და გასასვლელისაკენ გავემართე. ერთი მსახური მოვიდა, თავაზიანად მომიხადა ქუდი. მე ჩემი ფიაკრის ნომერი ვუთხარი, მან ხელები რუპორივით მიიტანა პირთან და დაუძახა. ფიაკრი მაშინვე ჭიშკართან გაჩნდა. მეეტლეს ვუბრძანე, ნელ-ნელა ევლო მთავარ ხეივანში, რადგან ახლა, როცა მღელვარება ცოტათი დამიცხრა, სიამოვნებას განმაცდევინებდა ამ დღეს განცდილი წვრილმანის მეხსიერებაში აღდგენა.

      სწორედ იმ წუთში ჭიშკართან კიდევ ერთი ფიაკრი გაჩერდა. უნებურად გავიხედე იქითკენ და მაშინვე შემოვტრიალდი: ფიაკრში სწორედ ის ქალი და მისი სქელ-სქელი მეუღლე სხდებოდნენ. მე ვერ შემნიშნეს, მაგრამ მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. მინდოდა მეეტლისთვის დამეყვირა, მათრახი გადაეცხო ცხენებისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი აქაურობას. ფიაკრი ნელ-ნელა გაცურდა რეზინის თვლებზე სხვა ფიაკრების გაყოლებით, რომლებიც ყვავილებით მორთულ ნავებივით მიირწეოდნენ წაბლების ხეივნის მწვანე ნაპირებს შორის და თან მიჰყავდათ ჭრელი ტვირთი - მორთულ-მოკაზმული ქალები. ჰაერი თბილი, სასიამოვნო იყო, უკვე იგრძნობოდა საღამოს სასიამოვნო სიგრილე, მაგრამ წეღანდელი ნეტარი, საოცნებო განწყობილება სრულიად გამიქრა: ჩემი სიცრუის მსხვერპლთან შეხვედრამ დამაბნია. თითქოს გაყინული ჰაერის ნაკადი შეიჭრა ჩემს სხეულში და მაშინვე დააცხრო ჩემი გზნება. კვლავ თავიდან და სრულიად დამშვიდებული გონებით მოვიფიქრე ყველაფერი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი; მე, საზოგადოებაში პატივცემულმა ჯენტლმენმა, თადარიგის ოფიცერმა, საჭიროების გარეშე მივისაკუთრე ნაპოვნი ფული, შევინახე საფულეში და ეს ისეთი ხარბი სიხარულით, ისეთი სიამოვნებით გავაკეთე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამართლება. ერთი საათის წინ უდანაშაულო, ჩირქმოუცხებელმა ადამიანმა ჩავიდინე დანაშაული - ქურდი გავხდი და თითქოს იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეშინებინა, ხმადაბლა, ანგარიშმიუცემლად ავყევი ნალების კაკა-კუკს და ვიმეორებდი განაჩენს: „ქურდი! ქურდი! ქურდი! ქურდი!

     მაგრამ უცნაურია, როგორ აღვწერო, რაც დამემართა? ეს ხომ ისეთი რამაა, რისი ახსნაც არ შეიძლება; უჩვეულოა და მაინც ვიცი, რომ არაფერს ვიგონებ, რაც იმ დღეს არ მომხდარა. ყოველი წვრილმანი ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ყოველი ფიქრი შთამებეჭდა მეხსიერებაში ისეთი ზებუნებრივი სიცხადით, როგორც არც ერთი მოვლენა ჩემი ოცდათექვსმეტი წლის ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია გადმოგცეთ ქაღალდზე შეგრძნებათა ეს საოცარი მიმდინარეობა, ეს შემაძრწუნებელი აზრის ხვეულები. არა მგონია, რომელიმე პოეტსაც კი შესძლებოდა მათი გადმოცემა ლოგიკური თანმიმდევრობით. მე შემიძლია მხოლოდ აღვწერო ის, რაც განვიცადე, და თან ზედმიწევნით თანმიმდევრობით.

     ამგვარად, ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „ქურდი! ქურდი! ქურდი!“ მერე დადგა საოცარი, რაღაც ცარიელი წუთი, როცა არ არსებობდა არაფერი, როცა მხოლოდ, - რა ძნელია ამის გამოთქმა, - როცა მხოლოდ ვისმენდი, ყურს ვუგდებდი საკუთარ გულისთქმას. საკუთარ თავს დაკითხვა მოვუწყე, წარვუდგინე დანაშაულობანი, ახლა სამართალში მიცემულს პასუხი უნდა გამეცა სასამართლოსათვის. და აი, ყურს ვუგდებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სიტყვა „ქურდს“, როგორც მათრახის დარტყმას, უნდა გამოვეფხიზლებინე და მერე სირცხვილისა და მონანიების უფსკრულში გადავეჩეხე. მაგრამ ეს სიტყვა ჩემზე არ მოქმედებდა, მოთმინებით ვიცდიდი რამდენიმე წუთს, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედე საკუთარ თავს, რადგან მეტისმეტად ნათლად შევიგრძნობდი, რომ ამ ჯიუტ დუმილში რაღაც იმალებოდა, და მღელვარებით ველოდი გამოძახილს, ველოდი, რომ ზიზღის, გულისწყრომის, სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომხდებოდა, მაგრამ ამჯერად არაფერი მომხდარა. არავითარი გამოძახილი. კიდევ გავიმეორე სიტყვა „ქურდი“ „ქურდი“ - ახლა უკვე ხმამაღლა, რომ გამეღვიძებინა თითქოს მიძინებული, მოდუნებული სინდისი. მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო. უცბად ელვასავით გამინათა გონება ნათელმა აზრმა, თითქოს ასანთი გაჰკრესო ბნელი უფსკრულის თავზე. მივხვდი, რომ მხოლოდ მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, მაგრამ არა მრცხვენოდა, ის კი არა, თვით სულიერი დაცემულობის მომენტშიც კი რაღაც იდუმალი მიზეზით ამაყად ვგრძნობდი თავს და ბედნიერადაც კი, ამ ჩემი სულელური საქციელით.

     როგორ შეიძლებოდა ეს? ახლა, როცა სულაც არ მაშინებდა ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა, მთელის ძალით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, მაგრამ მეტისმეტი გზნებითა და შეუკავებლობით იღვიძებდა ჩემში.

*გაგრძელება* → 

ნახვა: 3939

გამოხმაურებები!

რატომ ვერ ვაგრძელებ წიგნის კითხვას?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters