ალბერტ აინშტაინი - მეცნიერება და ცივილიზაცია

 

(სიტყვა წარმოთქმულ იქნა 1933 წლის 3 მარტს ლონდონში, შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა დევნილთა დახმარების კომიტეტისთვის სახსრების შეგროვებას.

 

შეხვედრას თავმჯდომარეობდა ე. რეზერფორდი)

 

როგორ შეგვიძლია ვიხსნათ კაცობრიობა და მისი სულიერი ფასეულობები, რომელთა მემკვიდრეებს ჩვენ წარმოვადგენთ? როგორ შეგვიძლია ევროპის ხსნა ახალი კატასტროფისგან? ეჭვი არ არის, რომ მსოფლიო კრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა ტკივილმა და გაჭირვებამ გარკვეულწილად განაპირობეს მოვლენათა ის სახიფათო განვითარება, რომელთა მოწმეები ჩვენ ვართ. ასეთ დროს უკმაყოფილება სიძულვილს ბადებს, სიძულვილს კი მივყავართ ძალადობის ახალ აქტებთან, რევოლუციასთან და თვით ომებთანაც კი. ამგვარად, ტანჯვა და ბოროტება ახალ ტანჯვასა და ახალ ბოროტებას ბადებს. ისევე, როგორც ოცი წლის წინ, სახელმწიფოთა სათავეებში მდგომმა მოღვაწეებმა საკუთარ თავზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღეს. დაე, მათი ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს ევროპაში, დაე, დროებით მაინც ჩამოყალიბდეს ერთობა და საერთაშორისო ვალდებულებათა ცხადი გაგება, რომელიც სამხედრო ავანტიურას ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სრულიად შეუძლებლად აქცევს. მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეთა ძალისხმევა წარმატებული მხოლოდ იმ პირობით იქნება, თუ მას ხალხების გაბედული ნება დაუჭერს მხარს.

 

ამასთან კავშირში ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდ მშვიდობის უზუნველყოფისა და შენარჩუნების ტექნიკური პრობლემა, არამედ განათლების მნიშვნელოვანი ამოცანაც. თუკი გვსურს შევეწინააღმდეგოთ იმ ძალებს, რომლებიც პირადი და ინტელექტუალური თავისუფლების დათრგუნვის საფრთხეს ქმნიან, ცხადად უნდა გავაცნობიეროთ, რას ვრისკავთ და რას უნდა ვუმადლოდეთ იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს მძიმე ბრძოლის შედეგად.

 

ასეთი თავისუფლების გარეშე არც შექსპირი გვეყოლებოდა, არც გოეთე, არც ნიუტონი, არც პასტერი, არც ფარადეი, არც ლისტერი. ჩვენ არ გვექნებოდა კომფორტული საცხოვრებელი, რკინიგზა, ტელეგრაფი, რადიო, იაფი წიგნები და ეპიდემიისგან თავდაცვის საშუალებები; კულტურა და ხელოვნება ყველას სამსახურში ვერ ჩადგებოდა. არ იარსებებდა მანქანები, რომლებიც მუშას გაათავისუფლებდა მძიმე შრომისგან, რაც პირველი მოხმარების საგნების წარმოებასთანაა დაკავშირებული. ადამიანთა უმრავლესობას მოუწევდა მონათა საბრალო ცხოვრებით ეცხოვრა, ზუსტად ისე, როგორც აზიატ დესპოტთა ეპოქაში. მხოლოდ თავისუფალმა ადამიანებმა შეძლეს გამხდარიყვნენ ავტორები იმ გამოგონებებისა და სულის ქმნილებების, რომლებიც ჩვენთვის ანიჭებენ ცხოვრებას ღირებულებას.

 

რასაკვირველია, დღეს არსებული ეკონომიკური სირთულეები საბოლოოდ იმასთან მიგვიყვანს, რომ წონასწორობა შრომის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, წარმოებასა და მოხმარებას შორის კანონით დარეგულირდება. მაგრამ ეს პრობლემაც თავისუფალი ადამიანების მსგავსად უნდა გადავწყვიტოთ, რისთვისაც არ უნდა დავუშვათ მონობა, რაც საბოლოოდ ყოველი ჯანმრთელი საწყისის დაღუპვას ნიშნავს.

 

ამასთან კავშირში მსურს ერთი აზრი გამოვთქვა, რომელიც მცირე ხნის წინ მეწვია თავში. ვყოფილვარ მარტოობაში და საზოგადოებაშიც დამიყვია დრო, და ყველგან ვხედავდი, რომ მშვიდი ცხოვრება მძლავრ სტიმულს წარმოადგენს შემოქმედი სულისთვის. თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს რიგი პროფესიებისა, რომლებიც საშუალებას აძლევენ ადამიანს, განმარტოებით იცხოვროს და რომლებიც განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვენ. მხედველობაში მაქვს შუქურას ზედამხედველის ან მეტივტივის პროფესია. ნუთუ არ შეიძლებოდა ეს თანამდებობები ახალგაზრდა ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა, რომლებმაც მეცნიერული პრობლემების გადაჭრით დაკავების სურვილი გამოთქვეს, განსაკუთრებით პრობლემებისა, რომლებიც მათემატიკასა და ფილოსოფიას ეხება? მხოლოდ მათ მცირე რაოდენობას ეძლევა შესაძლებლობა სრულად დაუთმოს საკუთარი თავი სამეცნიერო მუშაობას მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუკი ახალგაზრდა კაცი მოუყრის კიდეც მცირე თანხას თავს, სამეცნიერო პრობლემებით დაკავება აჩქარებით უწევს. ასეთი ვითარება სრულებით არ არის ხელსაყრელი კვლევებისთვის წმინდა მეცნიერების სფეროში. ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ახალგაზრდა სწავლული, რომელიც ცხოვრების სარჩოს რომელიმე პრაქტიკული სპეციალობის მეშვეობით იძენს, რასაკვირველია, თუ ასეთი სპეციალობა საკმარის დროსა და ენერგიას უტოვებს სამეცნიერო მუშაობისთვის. შესაძლოა ჩემს წინადადებას მრავალი შემოქმედებითი გონება აღეზევებინა მეცნიერების სფეროს ისეთ მიღწევებამდე, რომლებიც დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია. ჩვენს დროში განვითარებული ეკონომიკური დეპრესიისა და პოლიტიკური არეულობის პირობებში ზემოაღნიშნული შეხედულებები იმსახურებს იმას, რომ მათ ყურადღება მიაქციონ.

 

ღირს თუ არა სინანულის გამოთქმა ცხოვრების ასეთი ფორმის შესახებ საფრთხისა და სიღარიბის დროს? ვგონებ, რომ ღირს.

 

მსგავსად სხვა ცხოველებისა, ადამიანი თავისი ბუნებით აპათიურია. აუცილებლობა რომ არ არსებობდეს, ის კი არ იფიქრებდა, არამედ იმოქმედებდა, როგორც ავტომატი, ჩვევიდან გამომდინარე. მე უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა და, შესაბამისად, მაქვს უფლება ვამტკიცო, რომ ბავშვობასა და სიყმაწვილეში გამივლია მსგავსი ფაზა - ფაზა, რომლის დროს ადამიანი მხოლოდ საკუთარი არსებობის წვრილმანებითაა დაკავებული, თუმცა გარეგნულად ისევე საუბრობს, როგორც მისი ამხანაგები, და თავისი ქცევით არაფრით განსხვავდება მათგან. მისი ჭეშმარიტი არსის ამოცნობა, რომელიც ჩვეულ ნიღაბს მიღმა იმალება, მეტისმეტად რთულია; მართლაც, მოქმედების ასეთი ხასიათისა და ლექსიკის გამო მისი ჭეშმარიტი სახე თითქოს ბამბის სქელი ფენის უკანაა დამალული.

 

დღევანდელ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. სხივში შუქისა, რომელიც ჩვენკენ ამ პირქუშ დროს გამოიჭრა, ადამიანთა და საგანთა არსი ჩვენს წინაშე შეუნიღბავად წარმოდგება. ყოველ ადამიანში, ყოველ ქმედებაში ჩვენ ცხადად ვამჩნევთ მიზნებს, ძლიერ და სუსტ ადგილებსა და ვნებებს, რომლებიც ამოძრავებენ მას ან მის მიერაა აღძრული. სწრაფად ცვალებადი ვითარების პირობებში ჩვეული და ჩამოყალიბებული ურთიერთობები უპირატესობას აღარ გვანიჭებენ: პირობითობები ჭკნება, როგორც მომწიფებული ნაყოფი.

 

მომხდარი კატასტროფის პირობებში ადამიანები ცდილობენ შეასუსტონ ეკონომიკური კრიზისი და განიხილონ საკითხი ზენაციონალურ პოლიტიკურ ორგანიზაციათა აუცილებლობის შესახებ. მხოლოდ დაცემისა და აღმაფრენის ხარჯზე ძალუძთ ერებს თავისი განვითარების გაგრძელება. ოღონდ კი განგაში, რომელსაც განვიცდით, უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბებით დასრულდებოდეს! ჩვენ კიდევ ერთი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი ეპოქის პრობლემის გადაჭრაა: შევინარჩუნოთ ჩვენი ის სიკეთენი, რომლებიც უფრო ამაღლებული და მარადიული ხასიათის მატარებელია, სიკეთენი, რომლებიც აზრით ავსებენ ჩვენს ცხოვრებას, სიკეთენი, რომელთა გადაცემა გვსურს ჩვენი შვილებისთვის უფრო მშვენიერი და სუფთა სახით, ვიდრე ის წინაპრებისგან გვაქვს მიღებული.

ჩემი კრედო (აინშტაინის ეს სიტყვა გამოცემულ იქნა „ ადამიანთა უფლების ლიგის “ მიერ 1932 წლის ზაფხულში გერმანიაში, პატეფონის ფირფიტის სახით)

 

ეკუთვნოდე რიცხვს ადამიანებისა, რომლებიც მთელ თავის ძალებს იმ ობიექტური ფაქტების განაზრებასა და კვლევას უძღვნის, რომლებსაც მარადიული მნიშვნელობა აქვთ, - განსაკუთრებული პატივია. მოხარული ვარ, რომ გარკვეული ხარისხით მეც მერგო ეს პატივი, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, დამოუკიდებელი იყოს მისი პირადი ცხოვრებისა და გარშემომყოფთა საქციელისგან. მაგრამ, ასეთი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ვალდებულებები, რომლებიც განუშორებლად გვაკავშირებენ წარსულის, აწმყოში ჯანმრთელად მყოფ და მომავალ თაობათა ადამიანებთან...

 

მე ხშირად მთრგუნავს ის აზრი, რომ მრავალი რამ ჩემს ცხოვრებაში აგებულია ჩემს გარშემომყოფთა შრომაზე, და ვაცნობიერებ, თუ რაოდენ უნდა ვუმადლოდე მათ.

 

მე არასოდეს ვისწრაფვოდი კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ და გარკვეულწილად სიძულვილსაც კი განვიცდი ამის მიმართ. ჩემი სწრაფვა სოციალური სამართლიანობისკენ, ისევე, როგორც ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ყველა სახის კავშირებისა და დამოკიდებულებისადმი, რომლებსაც მე არ ვთვლი აბსოლუტურ აუცილებლობად, ხშირად მაიძულებდნენ კონფლიქტში შევსულიყავი ადამიანებთან. მე ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობი პიროვნებას და გადაულახავ სიძულვილს ვგრძნობ ძალადობისა და უპიროვნობისადმი.

 

ყოველივე ამან მაქცია მგზნებარე პაციფისტად და ანტიმილიტარისტად, რომელიც ყოველგვარ ნაციონალიზმს უარყოფს, თუნდაც ის პატრიოტიზმის დროშის ქვეშ მოაბიჯებდეს.

 

უპირატესობები, რომლებსაც საზოგადოებრივი მდგომარეობა ან სიმდიდრე ქმნის, ჩემთვის ყოველთვის იმდენადვე უსამართლო და დამღუპველია, როგორც პიროვნების გადაჭარბებული კულტი. იდეალად დემოკრატიას მივიჩნევ, თუმცა სახელმწიფოს დემოკრატიული ფორმის ნაკლოვანებები ჩემთვის კარგად არის ცნობილი. სოციალური თანასწორობა და ცალკეული პიროვნების ეკონომიური კეთილდღეობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოების წინაშე იდგა. თუმცა კი ყოველდღიურ ცხოვრებაში მე ტიპიური ინდივიდუალისტი ვარ, ცნობიერება მათთან უხილავი ერთობისა, ვინც ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სამართლიანობისკენ ისწრაფის, არ აძლევს მარტოობის გრძნობას ჩემი დაუფლების შესაძლებლობას.

 

უმშვენიერესი და უღრმესი განცდა, რომელიც ადამიანს შეიძლება ხვდეს წილად, - ესაა განცდა იდუმალებისა. იგი დევს რელიგიისა, და ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა უღრმესი ტენდენციის საფუძვლად. ის, ვისაც ეს გრძნობა არ განუცდია, ჩემთვის გვამი თუ არა, უსინათლოა. უნარი, აღიქვა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, რაც უშუალო განცდებს ქვეშაა დაფარული, რისი მშვენიერება და სრულყოფილება ჩვენამდე მხოლოდ ირიბი სუსტი გამოძახილის სახით აღწევს, - არის კიდეც რელიგიურობა. ამ აზრით მე რელიგიური ვარ. მე იმით ვკმაყოფილდები, რომ გაოცებული ვაგებ ვარაუდებს ამ საიდუმლოებათა შესახებ და მორჩილად ვცდილობ გონებით შევქმნა ყოველივე არსებულის სრულყოფილი სტრუქტურის არცთუ სრული სურათი.

 

ფიზიკა, ფილოსოფია და ტექნიკური პროგრესი 

(Physics, Philosophy and Scientific Progress. Journal of the International College of Surgeons, 1950, XIV, 755 -758)

 

ვფიქრობ, რომ გასული ოცი წლის განმავლობაში საკმარისად ვიქეცი ამერიკელად, რათა მეტისმეტად აღარ ვუფრთხოდე ექიმებს. გასულ წელს შემთხვევაც კი მომეცა საკუთარ მაგალითზე მეხილა, თუ რა ოსტატურად დაეუფლნენ ექიმები ხელოვნებას, შეამსუბუქონ ხვედრი, რომელიც მათ პაციენტებს ერგოთ წილად. მაგრამ ღრმა პატივისცემის გრძნობას, რომელსაც მედიკოსებისადმი განვიცდი, კიდევ ერთი მიზეზი აქვს. სპეციალიზაციამ ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროში უდაოდ მიგვიყვანა არნახულ მიღწევებამდე, მართალია, იმ სფეროს შევიწროვების ხარჯზე, რომელიც ცალკეული ინდივიდისთვის არის მისაწვდომი. ამიტომაცაა ჩვენს დროში ასე რთული პოვნა ადამიანისა, ვინც კარგად შეძლებდა კოსტუმის შეკეთებას ან ავეჯის რესტავრირებას, საათზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არცთუ უკეთ არის საქმის ვითარება პროფესიებთან მიმართებით, მათ შორის კვლევითთან. ეს ყოველი განათლებული ადამიანისთვისაა ცნობილი. ცოდნის გაზრდილ დონესთან კავშირში მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია გახდა გარდუვალი მედიცინაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში სპეციალიზებას ბუნებრივი საზღვრები აქვს. თუ მწყობრიდან ადამიანის რომელიმე ნაწილი გამოვიდა, მისი განკურნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სანიმუშოდ იცნობს მთელ რთულ ორგანიზმს; უფრო რთულ შემთხვევებში კი მხოლოდ ეს ადამიანი შეძლებს დაავადების მიზეზის სწორად დადგენას. ამიტომ ექიმისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ზოგად მიზეზობრივ დამოკიდებულებათა ღრმა ცოდნას აქვს. ქირურგი კი, გარდა ამისა, კიდევ ორ თვისებას უნდა ფლობდეს: გრძნობის ორგანოებისა და ხელების არაჩვეულებრივ საიმედოობასა და იშვიათ სულიერ მხნეობას. თუკი მას შემდეგ, რაც ის სხეულს გაკვეთს, რაიმე უჩვეულო სიტუაციას ექნება ადგილი, დგება აუცილებლობა სწრაფად გადაწყვიტო, რა უნდა გააკეთო და რას აარიდო თავი. მსგავს სიტუაციაში ძლიერი პიროვნებაა საჭირო. სწორედ ეს გარემოება იწვევს ჩემში ღრმა პატივისცემის გრძნობას.

 

დღეს ჩემთვის მოცემული შესაძლებლობა, მივმართო სწავლულებს, რომლებიც მოღვაწეობენ სფეროში, რომელიც შორსაა ჩემი საკუთარისგან, ბუნებრივად იწვევს აზრს, შევეხო უფრო ზოგადი ხასიათის თეორიულ-შემეცნებით პრობლემებს, სხვა სიტყვებით კი ფილოსოფიის თხელ ყინულზე შევდგე. თუ ფილოსოფიის ქვეშ გავიგებთ ცოდნის ძიებას მისი ყველაზე ზოგადი და ყველაზე ფართო ფორმით, მაშინ ცხადია, რომ ის ყველა სამეცნიერო ძიების დედად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ მართალია ისიც, რომ მეცნიერების სხვადასხვა დარგები, თავის მხრივ, ძლიერ გავლენას ახდენენ იმ მეცნიერებზე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და, გარდა ამისა, ძლიერ გავლენას ახდენენ თითოეული თაობის ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ამ თვალსაზრისით სწრაფად მოვავლოთ მზერა ფიზიკის განვითარებას უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში.

 

ჯერ კიდევ აღორძინების დროიდან ცდილობდა ფიზიკა აღმოეჩინა ზოგადი კანონები, რომლებიც მატერიალურ სხეულთა ქცევას განსაზღვრავენ დროსა და სივრცეში. ამ სხეულთა არსებობის პრობლემის განხილვა ფილოსოფიისთვის იყო მინდობილი. ფიზიკისთვის კი ციური სხეულები, ისევე, როგორც მიწიერი, და მათი ქიმიური სახესხვაობები, უბრალოდ არსებობდნენ დროსა და სივრცეში, როგორც რეალური ობიექტები; მისი ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ჰიპოთეტურ განზოგადებათა გზით მიეღო ეს კანონები ცდის შედეგებიდან. იგულისხმებოდა, რომ კანონები მართებულია უკლებლივ ყველა შემთხვევაში. კანონი მცდარად ითვლებოდა, თუ არსებობდა ერთი მაინც შემთხვევა, როდესაც ამ კანონიდან მიღებული დასკვნები ცდისეულად იყო უარყოფილი. გარდა ამისა, რეალური გარე სამყაროს კანონები სრულად ითვლებოდა შემდეგი აზრით: თუკი ობიექტთა მდგომარეობა დროის გარკვეულ მომენტში სრულადაა ცნობილი, მათი მდგომარეობა დროის ნებისმიერ მომენტში სრულად განისაზღვრება ბუნების პირობებით. სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში, როდესაც „ მიზეზობრიობის “ შესახებ ვსაუბრობთ. დაახლოებით ასეთი იყო ფიზიკური აზროვნების საზღვრები ასი წლის წინათ.

 

სინამდვილეში ეს საფუძვლები კიდევ უფრო ვიწრო იყო, ვიდრე ჩვენს მიერ მითითებული. მიჩნეული იყო, რომ გარე სამყაროს ობიექტები შედგებიან უცვლელი მატერიალური წერტილებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ. ძალები, რომლებიც ამ წერტილებზე მოქმედებენ, ცნობილია, ხოლო მათი ზემოქმედების ქვეშ მატერიალური წერტილები გამუდმებულ მოძრაობაში იმყოფებიან, რაზეც, საბოლოოდ, ყველა დაკვირვებადი მოვლენის დაყვანა იქნებოდა შესაძლებელი.

 

ფილოსოფიური თვალსაზრისით სამყაროს ასეთი კონცეფცია მჭიდროდ უკავშირდება გულუბრყვილო რეალიზმს, რადგან ამ უკანასკნელის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი სამყაროს ობიექტებს ჩვენ უშუალოდ გრძნობითი აღქმით ვიღებთ. თუმცა, უცვლელი მატერიალური წერტილების შემოღება ნიშნავდა ნაბიჯს უფრო ნატიფი რეალიზმისკენ, რადგან იმთავითვე ცხადი იყო, რომ მსგავსი ატომისტური ელემენტების შემოტანა უშუალო დაკვირვებას არ ეფუძნებოდა.

 

ფარადეი-მაქსველის ელექტრომაგნიტური ველის თეორიის წარმოქმნასთან ერთად გარდუვალი გახდა რეალიზმის კონცეფციის შემდეგი სრულყოფა. შეიქმნა აუცილებლობა სივრცეში უწყვეტად გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველისთვის მიეწერათ უმარტივესი რეალობის იგივე როლი, რომელსაც ადრე წონად მატერიას მიაწერდნენ. რასაკვირველია, ველის კონცეფცია უშუალოდ გრძნობითი აღქმიდან არ გამომდინარეობდა. ტენდენციაც კი გაჩნდა, ფიზიკური რეალობა წარმოედგინათ მხოლოდ უწყვეტი ველის სახით და არ შემოეტანათ თეორიაში მატერიალური წერტილები დამოუკიდებელ არსებათა სახით.

 

რეზიუმეს სახით, ფიზიკური აზროვნების საზღვრები, რომლებსაც ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ იზიარებდნენ, შეგვიძლია შემდეგნაირად დავახასიათოთ.

 

არსებობს ფიზიკური რეალობა, რომელიც არ არის დამოკიდებული შემეცნებასა დ აღქმაზე. მისი წვდომა სრულად არის შესაძლებელი თეორიული ნაგებობის მეშვეობით, რომელიც მოვლენებს დროსა და სივრცეში აღწერს; თუმცა ასეთი ნაგებობის დასაბუთებას მხოლოდ მისი ემპირიული მტკიცებულება წარმოადგენს. ბუნების კანონები - მათემატიკური კანონებია, რომლებიც გამოხატავენ კავშირს თეორიული ნაგებობის ელემენტებს შორის, რომელთათვის დასაშვებია მათემატიკური აღწერა. ამ კანონებიდან გამომდინარეობს მკაცრი მიზეზობრიობა ზემოთ ნახსენები აზრით.

 

უზარმაზარი ექსპერიმენტული მასალის წნეხის ქვეშ დღეისათვის თითქმის ყველა ფიზიკოსი მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი იდეური საფუძველი, თუმცა კი ის მოვლენათა საკმაოდ ფართო წრეს მოიცავს, ჩანაცვლებას საჭიროებს. თანამედროვე ფიზიკოსები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ არა მხოლოდ მკაცრი მიზეზობრიობის მოთხოვნას, არამედ პოსტულატსაც რეალობის შესახებ, რომელიც რაიმე გაზომვასა ან დაკვირვებაზე არ არის დამოკიდებული.

 

ნება მიბოძეთ სინათლის მაგალითზე განვმარტო ის, რასაც ვგულისხმობ. დავუშვათ არეკვლად გამჭვირვალე ფირფიტას სინათლის მონოქრომატული სხივი ეცემა. დაცემული სხივი იშლება გამჭოლ და არეკლილ სხივებად. ცხადია, რომ მთელი პროცესის აღწერა შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით. ეს თეორიული ინტერპრეტაცია არა მხოლოდ საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ორივე სხივის მიმართულება, ინტენსივობა და პოლარიზაცია, არამედ გასაოცარი სიზუსტით აღწერს ინტერფერენციულ მოვლენებს, რომლებიც ორივე სხივის რაიმე მოწყობილობით გადაფარვისას წარმოიქმნება. თუმცა, ნაჩვენები იყო, რომ სინათლეს ატომისტური ენერგეტიკული სტრუქტურა აქვს, ანუ, როგორც მიღებულია თქმა, „ ფოტონებისგან “ შედგება. თუკი სხეულში, რომელსაც ჩვენი ერთ-ერთი სხივი ეცემა, შთანთქმის ელემენტარული პროცესი მიმდინარეობს, ასეთ დროს შთანთქმული ენერგიის ოდენობა არ არის დამოკიდებული სინათლის ინტენსივობაზე. აქიდან იძულებულნი ვართ გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს მოვლენა განისაზღვრება ერთი და არა რამდენიმე ფოტონით: ორი კონის ერთმანეთში ინტერფერირების უნარი, ისევე, როგორც სინათლის შთანთქმა, განისაზღვრება ერთი ფოტონით.

 

ცხადია, რომ ველის მაქსველისეულ თეორიას არ ძალუძს ფოტონის თვისებათა ამ კომპლექსის გათვალისწინება. არც რაიმე საშუალებას გვაძლევს იმისათვის, რომ გამოსხივების ენერგიის შთანთქმის ატომისტური ხასიათი გავიგოთ. მაგრამ თუ შევეცდებით ფოტონი წარმოვიდგინოთ წერტილოვანი სტრუქტურის სახით, რომელიც სივრცეში მოძრაობს, ასეთმა ფოტონმა ან ფირფიტის გამჭოლ უნდა გაიაროს, ან აირეკლოს მისგან, რადგან მისი ენერგია დაუშლადია. ასეთი ინტერპრეტაცია ორ სირთულეს ხვდება. დავუშვათ, რომ ფოტონი, სანამ ფირფიტას მიაღწევდეს, წარმოადგენს მარტივ ფიზიკურ ობიექტს, რომელიც მიმართულებით, ფერითა და პოლარიზებით ხასიათდება. რაზე იქნება დამოკიდებული ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, გაივლის ფოტონი ფირფიტის გამჭოლ თუ აირეკლება მისგან? რთულად თუ ვიპოვით საკმარის საფუძველს ერთ-ერთი შესაძლებლობის ასარჩევად, და საერთოდაც რთულია იმის დაჯერება, რომ ასეთი საფუძველი არსებობს. გარდა ამისა, წარმოდგენა ფოტონის, როგორც წერტილოვანი სტრუქტურის შესახებ, არ გვაძლევს საშუალებას ავხსნათ ინტერფერენციული მოვლენები, რომლებიც მხოლოდ ორივე კონის ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება.

 

ამ ერთობ რთული მდგომარეობიდან ფიზიკოსებმა შემდეგი გამოსავალი გამოძებნეს. მათ შეინარჩუნეს სინათლის ტალღური აღწერა, მაგრამ ტალღური ველი ახლა უკვე რეალურ ველს კი აღარ წარმოადგენს, რომლის ენერგია სივრცეშია განაწილებული, არამედ მხოლოდ მათემატიკურ ნაგებობას, რომელსაც შემდეგი ფიზიკური აზრი აქვს: ტალღური ველის ინტენსივობა რომელიმე მოცემულ სფეროში წარმოადგენს მასში ფოტონის ლოკალიზების ალბათობის ზომას. მხოლოდ ამ ალბათობის გაზომვაა შესაძლებელი ექსპერიმენტულად ანუ სინათლის შთანთქმის მიხედვით.

 

აღმოჩნდა, რომ ველის შეცვლით ველის პირველადი თეორიის აზრით, ალბათობის განაწილების ველით, ჩვენ ვიღებთ მეთოდს, რომელიც სცდება სინათლის თეორიის ფარგლებს და შესაბამისი ცვლილების შემთხვევაში მივყავარათ წონადი მატერიის ყველაზე სასარგებლო თეორიასთან. ამ თეორიის არაჩვეულებრივი წარმატებისთვის ფასი ორმაგად იქნა გადახდილი: უარის თქმით მიზეზობრიობის მოთხოვნაზე (მას ვერანაირად ვერ შევამოწმებთ ატომურ სფეროში) და დროსა და სივრცეში რეალური ფიზიკური მოვლენების აღწერის მცდელობის მიტოვებით. ამის ნაცვლად გამოიყენება ირიბი აღწერა, რომლის მეშვეობით ჩვენთვის მისაწვდომი ნებისმიერი გაზომვის შედეგების ალბათობის გამოთვლაა შესაძლებელი.

 

ასეთია ფიზიკის ზოგი ფუნდამენტური იდეა, რომელიც უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში განვითარდა. შევეცადოთ გავიგოთ, რა ზემოქმედება იქონია ამ იდეების განვითარებამ ბიოლოგებზე, ან, უფრო ზუსტად, მათ ფილოსოფიურ პოზიციაზე მათი კვლევის მიზანთან მიმართებით. რასაკვირველია, ფიზიკა აქ ყველაზე ფართო აზრით უნდა გავიგოთ; სხვა სიტყვებით, ის მოიცავს ყველა მეცნიერებას, რომელიც არაორგანული ბუნების შესწავლითაა დაკავებული.

 

ამასთან კავშირში შეგახსენებთ ნიუტონის ციური მექანიკის ცნებათა ნაყოფიერ გავლენას ფიზიკის განვითარებაზე. ნიუტონმა უჩვენა, თუ როგორაა შესაძლებელი მასის, აჩქარებისა და ძალის (ეს უკანასკნელი მასათა განლაგებაზე დამოკიდებულად ითვლება) სათანადო გამოყენების შემთხვევაში პლანეტების მოძრაობის გაგება. ეს ცნებები ყველას იმდენად ბუნებრივად და აუცილებლადაც კი ეჩვენებოდა, რომ ყველა სრული დაბეჯითებით ხედავდა მათში გასაღებს არაორგანული ბუნების ყველა პროცესის გასაგებად. შემდეგ ამ ცნებათა საფუძველზე აგებულ იქნა უწყვეტ გარემოთა მექანიკა, რომლის ფარგლებში ძალის ცნება განზოგადებულ იქნა მასში დაძაბულობის მოქცევით.

 

თუმცა, თეორიის დასრულებისთვის აუცილებელი იყო მასში სითბოს ცნებების შემოტანა - ტემპერატურისა და სითბოს რაოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იმის შესახებ, დაიყვანება თუ არა ეს ცნებები მექანიკურზე, დიდი ხნის განმავლობაში იყო გადაუჭრელი, დადებითი პასუხი მასზე საბოლოოდ მაინც იქნა მიღებული აირთა კინეტიკური ენერგიის განვითარებასთან ერთად, უფრო ზოგადად კი სტატისტიკური მექანიკისა.

 

იმ დროს, როდესაც ფიზიკა ციური მექანიკის უმცროს დასავით ვითრდებოდა, ბიოლოგია ვითარდებოდა, როგორც ფიზიკის უმცროსი და. ასი წლის წინ ბუნებისმეტყველთა გონებაში რთულად თუ არსებობდა მცირედი ეჭვი მაინც იმაში, რომ ფიზიკის მექანისტური საფუძველი სამუდამოდაა ჩამოყალიბებული. არაორგანული მატერიის პროცესები მათ წარმოუდგებოდათ საათის ერთგვარი მექანიზმის სახით, რომლის დეტალები სრულადაა ცნობილი, თუმცა მათი ურთიერთქმედების სირთულე არ იძლევა დეტალური ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას. არანაირი ეჭვი არ არსებობდა იმაში, რომ ექსპერიმენტატორთა და თეორეტიკოსთა დაუღალავი ძალისხმევა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანდა ყველა პროცესის მზარდ გაგებამდე. ვინაიდან ფიზიკის ფუნდამენტური კანონები საიმედოდ ჩამოყალიბებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ნაკლებად სავარაუდო იყო იმის მოლოდინი, რომ ისინი არამართებული იქნებოდა არაორგანულ სფეროში. ჩემი აზრით, ბიოლოგიის განვითარებისთვის არსებითი იყო არა მხოლოდ მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უმეტესწილად ფიზიკისგან იყო ნასესხები, არამედ XIX საუკუნეში არსებული მტკიცე რწმენა ფიზიკის საფუძვლების ურყევობისა. რადგან, არავინ შეუდგება მსგავსი მასშტაბის წამოწყებას, თუ წინასწარ არ არის დარწმუნებული საბოლოო წარმატებაში.

 

საბედნიეროდ, ბიოლოგიას დღესდღეობით უკვე აღარ უწევს ფიზიკის საფუძვლებისთვის მიმართვა, რათა თავდაჯერებულობა მოიპოვოს თავისი უფრო ღრმა პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობაში. საბედნიეროდ, რადგან დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, რომ მექანისტური საფუძვლების რწმენა ილუზიაზე იყო დავანებული, ბიოლოგიის უფროსი და, მიუხედავად დეტალებში გასაოცარი შედეგებისა, უკვე აღარ თვლის საკუთარ თავს, ჩამწვდარს ბუნების მოვლენათა არსში. ეს თუნდაც იქიდანაა შესამჩნევი, თუ რა ტკივილით ფილოსოფობს ის თავისი კვლევის საგნებზე. ასი წლის წინ ნებისმიერი ფილოსოფოსობა ზიზღით იქნებოდა მოსროლილი.

 

მეცნიერულ აზროვნებაში ღრმა ცვლილებების შთაბეჭდილების ქვეშ, რომლებიც გალილეის დროიდან მოხდა, უნებურად იბადება კითხვა: რაიმე მაინც დარჩა უცვლელი მთელი ამ ცვლილებების შემდეგ? რთული არ არის მეცნიერული აზროვნების ზოგი არსებითი თავისებურების ჩვენება, რომლებიც გალილეის შემდეგ შენარჩუნებულია.

 

პირველ რიგში, აზროვნებას თავისთავად არასოდეს მივყავართ რაიმე ცოდნამდე გარეშე ობიექტების შესახებ. ყველა კვლევის საწყისი წერტილი გრძნობითი აღქმაა. თეორიული აზროვნების სისწორე მიიღწევა მხოლოდ მისი კავშირის ხარჯზე გრძნობითი გამოცდილების ჯამთან.

 

მეორე, ყველა ელემენტარული ცნებისათვის დასაშვებია დაყვანა დროით-სივრცით ცნებებამდე. მხოლოდ ასეთი ცნებები ფიგურირებს „ ბუნების კანონებში “ ; ამ აზრით მთელი მეცნიერული აზროვნება „ გეომეტრიულია “ . ბუნების კანონის სისწორე, ვარაუდის მიხედვით, შეუზღუდავია. ბუნების კანონი არ არის სწორი, თუ აღმოჩნდება, რომ მისი ერთ-ერთი შედეგი წინააღმდეგობაშია ექსპერიმენტულად დადგენილ ერთ-ერთ ფაქტთან მაინც.

 

მესამე, დროით-სივრცითი კანონები სრულია. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ბუნების არც ერთი კანონი, რომელსაც ვერ დაიყვანდით რაიმე კანონზე, რომელიც დროით-სივრცითი ცნებების ენაზე იქნებოდა ჩამოყალიბებული. ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, მაგალითად, რწმენა იმისა, რომ საბოლოოდ შევძლებთ ფსიქიური მოვლენები და მათ შორის კავშირები დავიყვანოთ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებზე, რომლებიც ნერვულ სისტემაში მიმდინარეობს. ამ პრინციპის თანახმად, მოვლენათა კაუზალურ სისტემაში არ არის არაფიზიკური ელემენტები; ამ აზრით მეცნიერული აზროვნების ჩარჩოებში არ არის ადგილი არც „ ნების თავისუფლების “ და არც იმისათვის, რასაც „ ვიტალიზმს “ უწოდებენ.

 

კიდევ ერთი შენიშვნა აღნიშნულთან კავშირში. თუმცა კი თანამედროვე კვანტური თეორია მიზეზობრიობის კონცეფციის ოდნავ შესუსტებულ ვარიანტს შეიცავს, ის მაინც არ ხსნის უკანა გასასვლელს ნების თავსუფლების მიმდევრებისთვის, რაც უკვე შემდგომი მოსაზრებებიდან ჩანს. პროცესები, რომლებიც მოვლენებს არაორგანულ ბუნებაში განსაზღვრავენ, თერმოდინამიკის აზრით შეუქცევადი და იმგვარია, რომ სრულად გამორიცხავენ სტატისტიკურ ელემენტს, რომელიც მოლეკულურ პროცესებს მიეწერება. 

სამუდამოდ შევინარჩუნებთ ამ კრედოს? ვფიქრობ ასეთ კითხვას უმჯობესია ღიმილით ვუპასუხოთ.

 

მეცნიერება და ღმერთი. დიალოგი

 

 

მერფი. გასულ წელს ამერიკელ სწავლულთა შეკრებაზე ნიუ-იორკში ერთ-ერთმა ორატორმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ დადგა დრო, როდესაც ღმერთის ახალი დეფინიცია უნდა მივიღოთ. 

აინშტაინი. აბსოლუტურად უგნური აზრია! 

მერფი. მაგრამ ამას კიდევ უფრო დიდი უგნურება მოჰყვა. ამ ინცინდენტიდან წარმოიშვა საჯარო დისკუსია, რომელშიც ცხოველი მონაწილეობა მიიღეს მედიამ და ეკლესიის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელთა გამოსვლის ზოგადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთის ჩართვა სამეცნიერო დისკუსიაში უადგილოა, რადგან მეცნიერებას არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. 

აინშტაინი. ვფიქრობ, ორივე თვალსაზრისი მეცნიერების შესახებ მეტისმეტად ზედაპირულ წარმოდგენას ეფუძნება, როგორც, სხვათა შორის, რელიგიისა. 

მერფი. მაგრამ შექმნილი მდგომარეობის მეტად სერიოზული და მეტად არსებითი მხარე შემდეგში მდგომარეობს: საჯარო დისკუსიამ უჩვენა, რომ სწავლულმა, რომლის შესახებაც ვსაუბრობდი, ფართო აუდიტორიის აზრი გამოხატა. მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ამერიკაში, ადამიანები მეცნიერებას სულიერი მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის მიმართავენ, რასაც მათ, როგორც ჩანს, რელიგია ვერ აძლევს. რა ოდენობით შეუძლია თანამედროვე მეცნიერებას ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება? პროფეროსო, ამ საკითხზე თქვენი შეხედულების მოსმენას ვისურვებდი.

 

აინშტაინი. თუ იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ რა წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების შთაგონების წყაროს, მე მიმაჩნია, რომ მეცნიერების სფეროში ყველაზე დახვეწილი იდეები სათავეს იღებს ღრმად რელიგიური განცდიდან და რომ ამ განცდის გარეშე ეს იდეები ესოდენ ნაყოფიერი არ იქნებოდა. ასევე ვთვლი, რომ რელიგიურობის ის სახეობა, რომელიც დღევანდელ დღეს იგრძნობა სამეცნიერო კვლევებში, ერთადერთ ქმედით რელიგიურ მოღვაწეობას წარმოადგენს, რადგან რთულად თუ ჩავთვლით, რომ ხელოვნებაც გამოხატავს რაიმე რელიგიურ ინსტინქტებს.

 

სალივანი. როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ უდიდესი მეცნიერული მიღწევები რელიგიურ გრძნობას გამოხატავენ? ნუთუ რელიგია არსებითად ცხოვრების საზრისის ძიების მცდელობიდან არ წარმოიშვება? ნუთუ მისი წარმოშობა უმთავრესად იმით არ არის განპირობებული, რომ სამყაროში ტანჯვა არსებობს?

 

აინშტაინი. არ ვფიქრობ, რომ რელიგიის თქვენს მიერ გამოთქმული კონცეფცია საკმაოდ ღრმა იყოს. ჭეშმარიტად დიადი რელიგიური ადამიანები სრულიად განსხვავებული კონცეფციიდან გამოდიოდნენ. 

სალივანი. პროფესორო, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ დოსტოევსკი დიდი რელიგიური მწერალია? 

აინშტაინი. ვეთანხმები. 

სალივანი. ჩემი აზრით, ძირითადი პრობლემა, რომლის განხილვითაც იყო ის დაკავებული, არის სატანჯველის პრობლემა. 

აინშტაინი. არ გეთანხმებით. საქმის ვითარება სხვაგვარია. დოსტოევსკიმ ცხოვრება გვიჩვენა, ეს მართალია; მაგრამ მისი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი ყურადღება მიექცია სულიერი მყოფობის ამოცანისკენ და ეს გაეკეთებინა ცხადად და კომენტარების გარეშე. ასეთი მიდგომისას არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება და არც დოსტოევსკის განუხილავს იგი.

 

მერფი. თანამედროვე მეცნიერებაც რთულად თუა დაკავებული პრობლემათა განხილვით. მხედველობაში მეცნიერული კვლევის უმაღლესი დარგები მაქვს. პროფესორო, მიზანი თქვენი და თქვენი კოლეგების შრომებისა, როგორებიც არიან მაქს პლანკი, შრედინგერი, ჰაიზენბერგი, ედინგთონი და მილიკენი, უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე მიზნები, რომლებიც ძველი სკოლის მკვლევარ-სწავლულებს ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მათთვის მთავარი ამოცანა უფრო ახლო პრობლემაში მდგომარეობდა. ეს იყო ბუნების კანონების აღმოჩენა, რაც საშუალებას მისცემდა ადამიანებს, ემართათ ბუნების ძალები და გამოეყენებინათ ისინი საკუთარი სარგებლისა და კომფორტისათვის. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ქიმიისა და ელექტროტექნიკის სფეროს აღმოჩენათა მაგალითზე. ობივატელის გონება დღემდე სვამს კითხვას, რა სარგებელი მოიტანა ფარდობითობის თეორიამ. ობივატელის გონება არც ისე შორსმჭვრეტელია, რათა გაიგოს, რომ ფარდობითობის თეორია მხოლოდ პირველი ფაზაა იმ სამუშაოსი, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები აწარმოებთ მეცნიერული თეორიის დიადი შენობის ასაგებად, რომლის გვირგვინი იქნება ჭეშმარიტი კოსმოლოგია, დაფუძნებული ფაქტების ობიექტურ შესწავლაზე. ამ თეორიამ საბოლოოდ უნდა დაიკავოს გარე სამყაროზე ჩვენი გონების იმ სუბიექტურ პროექციათა ადგილი, რომლებიც პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა საფუძველს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი ყველაფრისა, რასაც დღეს ფილოსოფია ეწოდება. რა ოდენობით ძალუძს მეცნიერულ თეორიას, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები ქმნით, იქცეს ფილოსოფიად, რომელსაც უნარი ექნებოდა მიემართა მცდელობებისთვის, ცხოვრების პრაქტიკული იდეალები დაემკვიდრებინა რელიგიურ იდეალთა ნანგრევებზე, რომლებმაც უკანასკნელ დროს ესოდენ საშინელი მარცხი განიცადეს? სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ძირითადი თემა.

 

აინშტაინი. პრაქტიკული ფილოსოფია იქნებოდა ქცევის ფილოსოფია. მე არ მიმაჩნია, რომ მეცნიერებას შეუძლია ადამიანებს მორალი ასწავლოს. საერთოდაც არ მწამს, რომ მორალის ფილოსოფია შეიძლება მეცნიერულ საფუძველზე აიგოს. მაგალითად, თქვენ ვერ ასწავლიდით ადამიანებს, ხვალ სიკვდილზე წასულიყვნენ მეცნიერული ჭეშმარიტების დასაცავად. მეცნიერებას ადამიანთა სულებზე ასეთი ძალაუფლება არ გააჩნია. ცხოვრებისა და მისი ყველა კეთილშობილი გამოვლინების შეფასება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ელის სული თავისი მომავლისგან. ყველა მცდელობა ფორმულებზე ეთიკის დაყვანისა გარდუვალი წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მეორეს მხრივ, არანაირი ეჭვი არ არის იმაში, რომ მეცნიერული კვლევის უმაღლეს დარგებსა და ზოგად ინტერესს მეცნიერული თეორიისადმი უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ადამიანები სულიერი მოღვაწეობის შედეგების მეტად სწორ შეფასებამდე მიჰყავთ. მაგრამ მეცნიერული თეორიის შემადგენელი თავისთავად არ ქმნის პიროვნების ქცევის მორალურ საფუძველს.

 

მერფი. და მაინც, ადამიანები მეცნიერებისადმი თავისებურ რელიგიურ გრძნობას განიცდიან, რომელიც დროდადრო რელიგიურ ფანატიზმშიც კი გადადის. ალბათ გაგონილი გაქვთ იმ ჭყლეტის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში მოაწყეს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ასახიჩრებდნენ, ოღონდ კი ლექციაზე მოხვედრილიყვნენ ფარდობითობის თეორიის შესახებ. როგორც ჩანს, მათ იმედი ჰქონდათ, რაიმე გაუცნობიერებელ შთაგონებას მიიღებდნენ დიად ჭეშმარიტებასთან ზიარებით, რომლის გაგება ვერ შეძლეს. როდესაც ამის შესახებ გაზეთიდან შევიტყე, უნებურად თვალწინ წარმომიდგა ადრეული ქრისტიანობის ბრძოლები, როდესაც ადამიანები იბრძოდნენ და კვდებოდნენ სამების შესახებ აბსტრაქტული მოძღვრებებისათვის.

 

აინშტაინი. დიახ, წაკითხული მაქვს. ვფიქრობ, რომ უჩვეულო ინტერესი, რომელსაც ფართო საზოგადოება ამჟღავნებს მეცნიერების მიმართ, და მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ადამიანთა გონებაში მეცნიერებას უკავია, ჩვენი დროის მეტაფიზიკურ მოთხოვნილებათა ყველაზე ცხად გამოვლინებას წარმოადგენს. ადამიანები, როგორც ჩანს, იღლებიან მატერიალიზმისგან, მისი ვულგარული გაგებით, გრძნობენ ცხოვრების სიცარიელეს და ეძებენ რაღაცას, რაც წმინდად პირადი ინტერესების ფარგლებს სცდება. მეცნიერული თეორიისადმი საყოველთაო ინტერესი სულიერი მოღვაწეობის უმაღლეს სფეროებს ითრევს თამაშში, რასაც არ შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა არ ჰქონდეს კაცობრიობის მორალური განკურნებისთვის.

 

მერფი. რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა ადამიანების მიერ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მეცნიერული თეორიის, როგორც ზოგადკულტურული დისციპლინის შესასწავლად?

 

აინშტაინი. თუ ვისაუბრებთ მეცნიერული ჭეშმარიტების შესახებ მთლიანობაში, აუცილებელია შემოქმედებითი უნარებისა და ინტუიციის განვითარება. მეცნიერული ჭეშმარიტების მთელი შენობა შესაძლოა აგებულ იქნას მისი საკუთარი მოძღვრების ქვით და კირით, რომლებიც ლოგიკური თანმიმდევრობითაა განლაგებული. მაგრამ იმისათვის, რომ მსგავსი შენობა ააგო და გაიგო, აუცილებელია ხელოვანის შემოქმედებითი უნარი. ვერც ერთ სახლს ვერ ააშენებთ მხოლოდ ქვით და კირით. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების წვდომის განსხვავებულ საშუალებათა ერთობლივი გამოყენება. ამის ქვეშ მე ის მესმის, რომ ჩვენს მორალურ მიდრეკილებებსა და გემოვნებას, მშვენიერების ჩვენს განცდასა და რელიგიურ ინსტინქტებს თავისი წვლილი შეაქვთ, ხელს უწყობენ რა ჩვენს აზროვნებით უნარს, უმაღლეს მიღწევებამდე აიზიდოს. სწორედ ამაში ვლინდება ჩვენი ბუნების მორალური მხარე - ის შინაგანი სწრაფვა ჭეშმარიტების დაუფლებისკენ, რომელსაც amor intellectualis-ის სახელით ასე ხშირად უსვამდა ხაზს სპინოზა. როგორც ხედავთ, მე სრულად გეთანხმებით, როდესაც თქვენ მეცნიერების მორალური საფუძვლების შესახებ საუბრობთ. მაგრამ ამ პრობლემის შექცევა და მორალის მეცნიერული საფუძვლების შესახებ საუბარი არ შეიძლება.

 

მერფი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენი შეხედულებები შორდება ბიქევიორისტებისა და ევგენისტების შეხედულებებს, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარ ქცევაში ადამიანი მეცნიერული სწავლების შუქით უნდა ხელმძღვანელობდეს.

 

აინშტაინი. ვფიქრობ, ჩემი თვალსაზრისი საკმარისად ცხადად გადმოვეცი.

 

პროლოგი. საით მიდის მეცნიერება?

 

 

მრავალ განსხვავებულ ადამიანს მიუძღვნია საკუთარი თავი მეცნიერებისთვის, მაგრამ ბევრი არ იყო ისეთი, ვინც ამას თვით მეცნიერებისთვის აკეთებდა. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მეცნიერება ერთგვარი სპორტია, რომელში მეცადინეობა სიხარულს განიჭებს, მსგავსად იმისა, როგორც ათლეტს ანიჭებს სიამოვნებას ვარჯიში, რომელიც ძალასა და მოქნილობას ავითარებს. არსებობს ადამიანთა სხვა კატეგორია, რომელიც მეცნიერების ტაძარში შეაბიჯებს, რათა მას განკარგულებაში გადასცეს თავისი ტვინი და ამისათვის სათანადო გასამრჯელო მიიღოს. ასეთი ადამიანები ჭკვიანებად მხოლოდ შემთხვევით ხდებიან, გარემოებათა გამოისობით, რომლებმაც მათ მიერ ცხოვრების გზის არჩევა განაპირობეს. თუკი გარემოებები, რომლებიც არჩევანს ახლდა თან, განსხვავებული იქნებოდა, ისინი შესაძლოა პოლიტიკური მოღვაწეები ან მსხვილი საქმოსნები გამხდარიყვნენ. ზეციდან რომ ანგელოზი დაშვებულიყო და მეცნიერების ტაძრიდან გაეძევებინა ყველა, ვინც ამ ორ კატეგორიას ეკუთვნის, ვშიშობ, რომ მეცნიერების ტაძარში აღარავინ დარჩებოდა. თუმცა, რამდენიმე ქურუმს მაინც შევხვდებოდით - რამდენიმეს - ძველი დროიდან, რამდენიმეს კი ახლანდელს. უკანასკნელთა შორის იქნებოდა ჩვენი მაქს პლანკი, და სწორედ ამიტომ გვიყვარს ის ასე.

 

მე სრულად ვაცნობიერებ, რომ ასეთი წმენდის შედეგად განდევნილი იქნებოდა მრავალი, ვინც მეცნიერების ტაძრის მნიშვნელოვანი, შესაძლოა უდიდესი ნაწილიც კი ააგო. მაგრამ იმავდროულად ცხადია, რომ თუ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი მეცნიერებას მიუძღვნეს, მხოლოდ იმ ორ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც მე ზევით ვახსენე, მაშინ მისი შენობა ვერასოდეს მიაღწევდა იმ დიდებულ სიმაღლეს, რომელიც მას დღევანდელ დღეს გააჩნია, ისევე, როგორც ვერ გაიზრდებოდა ტყე, რომელიც მხოლოდ მხვიარა მცენარეებისგან შედგება.

 

ნუ დავივიწყებთ მათ. Non ragioniam di lor [ნუ ვისაუბრებთ მათ შესახებ. - მთარგმ.]. მათ მივმართოთ, ვინც ანგელოზის კეთილგანწყობა დაიმსახურა. უმეტესწილად ეს უცნაური, მდუმარე, ეული ხალხია. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჰგვანან ერთმანეთს, განსხვავება მათ შორის გაცილებით დიდია, ვიდრე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ჩვენმა ჰიპოთეტურმა ანგელოზმა მეცნიერების ტაძრიდან განდევნა.

 

რამ აიძულა ისინი, თავისი ცხოვრება მეცნიერების მსახურებისთვის მიეძღვნათ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ზოგადად რთულია, ხოლო არასოდესაა შესაძლებელი - მარტივად და კატეგორიულად. პირადად მე მომხრე ვარ შოპენჰაუერთან ერთად გავიზიარო აზრი, რომ ერთ-ერთ უძლიერეს მოტივს, რომელიც ადამიანებს უბიძგებს, საკუთარი თავი ხელოვნებასა და მეცნიერებას მიუძღვნან, წარმოადგენს სწრაფვა გაექცე ყოველდღიურობას მისი ნაცრისფერი და მომაკვდინებელი მოწყენილობით და მოიშორო საკუთარი წარმავალი სურვილების ხუნდები, რომლებიც უსასრულო მწკრივის სახით ცვლიან ერთმანეთს, თუკი ყველა აზრი ფოკუსირებულია სხვადასხვა ყოველდღიურ წვრილმანებზე და მხოლოდ მათით შემოიფარგლება.

 

ამ ნეგატიურ მოტივს პოზიტიურიც უნდა დავუმატოთ. ადამიანის ბუნება იმგვარია, რომ ის ყოველთვის ცდილობდა მისი გარემომცველი სამყაროს მარტივი და დამატებითი დეტალებით დაუტვირთავი სურათი აეგო. ამასთანავე მას სურდა სურათი, რომელიც გარკვეული ხარისხით მაინც მისცემდა რეალურ ასახვას იმისა, რასაც ადამიანის გონება ბუნებაში ჭვრეტს. სწორედ ამას აკეთებს პოეტიც, ხელოვანიც, ფილოსოფოსიც, ბუნებისმეტყველიც, თანაც - ყველა თავისებურად. სამყაროს მის მიერ შექმნილ სურათში ათავსებს ადამიანი საკუთარი სულის სიმძიმის ცენტრს და ამგვარად პოულობს მასში იმ სიმშვიდესა და წონასწორობას, რომელსაც ვერ პოულობს ყოველდღიური ცხოვრების შემჭიდროვებულ წრეში, რომელიც მისგან გამუდმებულ რეაქციას მოითხოვს.

 

მხატვრის, ფილოსოფოსისა და პოეტის მიერ შექმნილ სამყაროს სურათებს შორის რა ადგილს იკავებს სურათი სამყაროსი, შექმნილი თეორეტიკოსი ფიზიკოსის მიერ? მისი მთავარი თავისებურება უნდა იყოს განსაკუთრებული სიზუსტე და შინაგანი ლოგიკური არაწინააღმდეგობრიობა, რის გამოხატვა მხოლოდ მათემატიკის ენით შეიძლება. მეორეს მხრივ, ფიზიკოსი ხისტი უნდა იყოს მასალის მიმართ, რომელსაც იყენებს. მას უწევს მხოლოდ ყველაზე მარტივი პროცესების გამეორებით დაკმაყოფილება, რომლებიც ჩვენი გრძნობითი აღქმისთვისაა მისაწვდომი, რადგან უფრო რთული პროცესების წარმოდგენის უნარი იმ უზადო სიზუსტითა და ლოგიკური თანმიმდევრობით, რომელსაც ესოდენ აფასებს თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ადამიანის გონებას არ აქვს.

 

თუნდაც გავწიროთ სისავსე, ჩვენ გამოსახულებასა და გამოსახატავ საგანს შორის შესაბამისობის სიმარტივე, სიცხადე და სიზუსტე უნდა უზრუნველვყოთ. თუკი ანგარიშს გავუწევთ იმას, რაოდენ მცირეა ბუნების ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა მოცულ და გამოხატულ იქნას ზუსტი ფორმულირებების მეშვეობით, გამოვტოვებთ რა ყოველივეს ოდნავ რთულსა და ნატიფს, ბუნებრივი იქნება კითხვა: რა შეიძლება იყოს მომხიბვლელი ასეთი სახის სამუშაოში? იმასხურებს კი მსგავსი საკმაოდ შეზღუდული შერჩევის შედეგი სამყაროს სურათის ხმამაღალ სახელს?

 

ვფიქრობ, რომ იმსახურებს, რადგან უმეტესობა ზოგადი კანონებისა, რომლებსაც ეფუძნება თეორიული ფიზიკის ლოგიკური სტრუქტურა, უნდა გავითვალისწინოთ ბუნების თვით უმარტივესი მოვლენების შესწავლის დროსაც. ეს კანონები რომ სრულად იყოს ცნობილი, ბუნების ნებისმიერი მოვლენის თეორია, თვით სიცოცხლის თეორიის ჩათვლით, შეგვეძლო გამოგვეყვანა მხოლოდ აბსტრაქტული მსჯელობის მეშვეობით. ვფიქრობ, რომ თეორიულად ასეთი დასკვნა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკულად დასკვნის ასეთი პროცესი ადამიანური აზროვნების შესაძლებლობებს მიღმაა. ამიტომ ის ფაქტი, რომ მეცნიერებაში ჩვენ იძულებულნი ვართ ფიზიკური სამყაროს არასრული სურათით დავკმაყოფილდეთ, განპირობებულია არა ამ სამყაროს ბუნებით, არამედ ჩვანი საკუთარი თავისებურებებით.

 

ამგვარად, ფიზიკოსის უზენაესი ამოცანა ყველაზე მეტად ზოგადი ელემენტარული კანონების აღმოჩენაში მდგომარეობს, რომლებიდანაც შესაძლებელი იქნებოდა სამყაროს ლოგიკური სურათის გამოტანა. თუმცა, არ არსებობს ამ ელემენტარულ კანონთა აღმოჩენის ლოგიკური გზა. მათი წვდომის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ინტუიცია, რომელიც გვეხმარება დავინახოთ წესრიგი, დაფარული სხვადასხვა პროცესების გარეგნულ გამოვლენათა მიღმა. ამოცნობის ასეთი უნარი პრაქტიკასთან ერთად ვითარდება. მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვამტკიცოთ, რომ განსხვავებული ფიზიკური თეორიები შესაძლოა თანაბარი ზომით იყოს სამართლიანი და დასაშვები? თეორიული თვალსაზრისით ამ იდეაში არაფერია არალოგიკური. მაგრამ მეცნიერების ისტორიამ გვიჩვენა, რომ ფიზიკის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე განაზრებად თეორიულ სტრუქტურათაგან ერთ-ერთი სხვა დანარჩენებზე უპირატესობას ამტკიცებდა.

 

ყოველი გამოცდილი მკვლევარისათვის ცხადია, რომ თეორიული ნაგებობა ფიზიკაში დამოკიდებულია და განისაზღვრება გრძნობითი აღქმის სამყაროთი, თუმცა არ არსებობს ლოგიკური გზა, რომლის გავლით გრძნობითი აღქმიდან თეორიული სქემის საფუძვლად მდებარე პრინციპებამდე მიხვიდოდით. გარდა ამისა, სინთეზი ცნებებისა, რომელიც ემპირიული სამყაროს ანაბეჭდს წარმოადგენს, შეგვიძლია დავიყვანოთ რამდენიმე ფუნდამენტურ კანონზე, რომლებზეც ლოგიკურად აიგება მთელი სინთეზი. წინ ყოველი არსებითი ნაბიჯის გადადგმისას ფიზიკოსი აღმოაჩენს, რომ ფუნდამენტური კანონები უფრო და უფრო მარტივდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ექსპერიმენტული გამოკვლევები. ის გაკვირვებულია, როდესაც შენიშნავს, თუ რაოდენ მწყობრი წესრიგი ყალიბდება იქიდან, რაც ადრე ქაოსს ჰგავდა. ამ წესრიგს მისი საკუთარი ინტელექტის მუშაობას ვერ დავუკავშირებთ; ის განპირობებულია ერთი თვისებით, რომელიც აღქმის სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ლაიბნიცმა მარჯვედ უწოდა მას „ იმთავითი ჰარმონია. “

 

ფიზიკოსები დროდადრო საყვედურს გამოთქვამენ ფილოსოფოსთა მიმართ, რომლებიც შემეცნების თეორიით არიან დაკავებულნი, რომ ისინი სათანადოდ არ აფასებენ ამ ფაქტს. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს აზრი დისკუსიისა, რომელიც რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა ერნსტ მახსა და მაქს პლანკს შორის. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, გრძნობდა, რომ მახი სრულყოფილად არ აფასებდა ფიზიკოსთა სწრაფვას ამ „ იმთავითი ჰარმონიის “ აღქმისაკენ. სწორედ ეს სწრაფვა იყო მოთმინებისა და გულმოდგინების დაუშრეტელი წყარო, რომლითაც პლანკი ფიზიკის მეცნიერებასთან დაკავშირებულ ყველაზე მარტივ საკითხებს ნებდებოდა, მაშინ, როდესაც მას შეეძლო ცდუნებას აჰყოლოდა და სხვა გზებით ევლო, რომლებიც მეტად მომხიბვლელ შედეგებამდე მიიყვანდა.

 

ხშირად მომისმენია, როგორ უკავშირებდნენ პლანკის კოლეგები მეცნიერებისადმი მის დამოკიდებულებას მის არაჩვეულებრივ პირად უნარებს, მის ენერგიასა და პუნქტუალობას. ვფიქრობ, ისინი ცდებიან. გონების ის მდგომარეობა, რომელიც მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ამ შემთხვევაში, ფანატიკოსის ან შეყვარებულის მდგომარეობას ჰგავს. დროის ხანგრძლივი შუალედის განმავლობაში დახარჯული ძალისხმევა წინასწარ შედგენილი გეგმით ან მიზნით არ სტიმულირდება. ასეთი შთაგონება სულის მოთხოვნილებიდან მოედინება.

 

ვფიქრობ, მაქს პლანკს გაეღიმებოდა იმაზე, თუ რა ბავშვურად დავდივარ აქ დიოგენეს ფარნით. მაგრამ რა შემიძლია ვთქვა მისი სიდიადის შესახებ? პლანკის სიდიადე არ საჭიროებს ჩემი მხრიდან უსუსურ დასტურს. მისმა შრომამ ერთ-ერთი უმძლავრესი ბიძგი მისცა მეცნიერების პროგრესს. მისი იდეები იარსებებს და იმუშავებს მანამ, სანამ არსებობს ფიზიკის მეცნიერება. და ვიმედოვნებ, რომ მისი პირადი ცხოვრების მაგალითი არანაკლები სტიმული იქნება სწავლულთა მომდევნო თაობებისთვის.  

ტეგები: Qwelly, აინშტაინი, მეცნიერება, სტატიები

ნახვა: 74

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters