ანგელოლოგია და დემონოლოგია

წმინდა იუსტინე მარტვილი

      გარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებისა, იუსტინე მარტვილთან გამოკვეთილია ანგელოზთა და დემონთა, ეშმაკთა შესახებ სწავლება, ანუ ცალკეა განსახილველი, ცალკე რუბრიკად, ცალკე თემატიკად იუსტინე მარტვილის ანგელოლოგია და დემონოლოგია.

      მკვლევართაგან ეს აღიარებულია, დადასტურებულია და დამტკიცებულია, რომ ისევე როგორც ზემოთ განხილულ შემთხვევებში, ამჯერადაც იუსტინე გახლავთ პირველი ქრისტიანი ავტორი, რომელიც ხაზგასმით, მოძღვრებითად, ჩამოყალიბებული სწავლებისა და კომენტირების სახით გვაუწყებს ანგელოზთა თაყვანისცემის შესახებ, კერძოდ იგი აღნიშნავს: "ამიტომაც უღმერთოებს გვიწოდებენ (აქ ხაზგასმაა და გახსენება იმ ბრალდებისა, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ქრისტიანთა მიმართ წარმართთაგან გამოთქმული ერთ-ერთი ცილისწამება გულისხმობდა ქრისტიანთა წარმოდგენას საზოგადოების წინაშე, როგორც უღმერთოებისა, რომ თითქოს ისინი ღმერთობას და ღმერთებს უარყოფდნენ. სინამდვილეში, როგორც ყველა ღვთისმეტყველი და აპოლოგეტიც განმარტავს, ისინი მართლაც ჭეშმარიტად უარყოფდნენ (უარყოფენ) ანტიკურ ღმერთებს, მაგრამ სწამთ ერთი, უზენაესი და ყოვლისმპყრობელი ღვთისა. აი ამ ცილისწამების ალუზიაა ამ შემთხვევაში იუსტინე მარტვილის ამ სიტყვებში). ვაღიარებთ, რომ მართლაც უღმერთონი ვართ ამგვარ ცრუ ღმერთთა მიმართ, მაგრამ არა უჭეშმარიტესისადმი, სიმართლის, სიწმინდისა და ყველა სათნოების მამისადმი, ბოროტისაგან შეუზავებელი ღვთისადმი. ვეთაყვანებით და თაყვანს ვსცემთ მას (უზენაეს ღმერთს. ამ შემთხვევაში ჰიპოსტასურად ჯერ მამა ღმერთზეა მსჯელობა) და მისგან გამოსულ ძეს (ძე ღმერთს), რომელმაც გვასწავლა ეს ყოველივე. აგრეთვე ღვთის თანმხლებ და მისდამი მიმსგავსებულ კეთილ ანგელოზთა მხედრობას (თეოლოგიურ ტრადიციაში (საღვთო წერილში ეს სახეზეა) ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ზეციურ ძალთა მხედრობად (ბერძ. ტოსტრატონ) სახელდება) სიტყვითა და ჭეშმარიტებით პატივს მივაგებთ". ავღნიშნავთ, რომ იუსტინე მარტვილის ტექსტი არ არის გამორიცხული მცირედით ხარვეზიანი იყოს. გარკვეული გადანაცვლებანია მონაკვეთებისა, იმიტომ, რომ როდესაც ის ჰიპოსტასურად მამისა და ძის შესახებ სწავლებას გვაწვდის, თავისთავად ცხადია იქ იგულისხმება სულიც, მაგრამ ეს ფრაზა რატომღაც დღევანდელ ჩვენს მიერ ხელმისაწვდომ ხელნაწერში გადანაცვლებულია ადგილით, რაც შეიძლება მექანიკური გადამწერისეული ცდომილება იყოს, იმიტომ, რომ ის ხაზგასმით ამბობს "და ვეთაყვანებით წინასწარმეტყველურ სულს" (პროფეტიკონ პნევმა), იგივე სულიწმინდას. შემდგომ იუსტინე მარტვილი ასკვნის: "ყველას ვისაც სურს სწავლა, რაც თვით ვისწავლე უშურველად გადავცემ". აქაც მკვეთრი ხაზგასმაა იმაზე, რომ იუსტინე მარტვილი თავის საკუთარ პიროვნულ მოძღვრებას, თავის მოძიებულს, თავის აღმოჩენილს თუ მოგონებულს კი არ გადმოგვცემს, არამედ რაც მან ისწავლა, რაც მას გადაეცა, იგივე გადმოიცემა მისგან. საღვთო ტრადიციის ერთი უცდომელი, ნოვატორობისა და სიახლეთა, შემატებათა, აგრეთვე დაკლებათა გარეშე, ერთ სისავსედ არსებული მოძღვრების მიმღებია იუსტინე მარტვილი და ჩვენამდე გადმომცემი. რაც შეეხება საკუთრივ ანგელოზებს, მათთან დაკავშირებით იუსტინე მარტვილი ასევე მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ (რაც ასევე უადრესი უწყებაა თეოლოგიურ ტრადიციაში) ანგელოზები ზეციდან ზრუნავენ კაცთათვის. მისი თქმით "ღმერთმა, რომელმაც შექმნა მთელი სოფელი და დედამიწაზე კაცთ დაუმორჩილა ყოველივე, ხოლო ზეციური განწესებანი (იგულისხმება ცის მნათობები) ნაყოფთა აღმოცენებისა და ჟამთა ცვლისათვის შეამკო და ისინიც კაცთათვის შექმნა, მანვე განაჩინა ამგვარი საღვთო რჯულდება, რომლის ძალითაც ადამიანთა და საერთოდ ცისქვეშეთის გამგებლობა მათთვის განწესებულ ანგელოზებს ებოძა". აქ უკვე მკვეთრი ხაზგასმაა ანგელოზებზე, როგორც ადამიანთა მფარველებზე, ქალაქთა მფარველებზე, ქვეყნების მფარველებზე ანუ ერთა მფარველებზე. ეს მოძღვრება შემდგომში სხვა ღვთისმეტყველებთანაც კიდევ უფრო მეტი კომენტირებით იჩენს თავს, მათ შორის, ჩვენ შეგვიძლია მკვეთრად გამომხატველი ამ მოძღვრებისა წმ. გრიგოლ ნოსელი მოვიხსენოთ, უფრო მოგვიანებით მაქსიმე აღმსარებელი, რომლის ანგელოლოგია ამ შემთხვევაში უფრო კომენტარებში წარმოჩნდა, როდესაც მან განმარტა წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომი "ზეციური იერარქიის შესახებ". ასე რომ ეს მოძღვრება მხოლოდ I-II საუკუნეებით არ იფარგლება, არამედ თანამდევია და თანამგზავრია საერთოდ საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიისა ბოლო საუკუნეებამდე.

      აქვე საგულისხმოა, რა თქმა უნდა, ისიც, რომ წმ. იუსტინე ანგელოზებს მათი სულიერების მიუხედავად, გარკვეული რამ სხეულის მქონედ წარმოგვიდგენს, ის კერძოდ ამბობს: "ისინი, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, ჭეშმარიტად ზეცაშიც იღებდნენ საზრდელს, თუმცა არა იმგვარივეს, როგორსაც ჩვენ ადამიანები. მანანას შესახებ, რომლითაც თქვენი (იუსტინე ეპაექრება ებრალ ტრიფონს) მამები გამოიკვებნენ უდაბნოში, წერილი ამბობს, რომ მათ ანგელოზთა პური ჭამეს. მე კი ვიტყოდი, რომ როდესაც სიტყვა (ბიბლიის სიტყვა) ამბობს ჭამეს, იმგვარად ამბობს ამას, როგორც ჩვენც შეგვეძლო ცეცხლის შესახებ, რომ იგი ყოველივეს ჭამს (იუსტინე გულისხმობს, რომ სიტყვა "ჭამს" არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სიმბოლურად, გადატანითი აზრით), თუმცა ამით იმას როდი ვგულისხმობთ, რომ კბილებითა და ყბებით ჭამენ ისინი (ანგელოზები), არამედ სულ სხვაგვარი წესით. ასე რომ აქაც არაფერი იქნება გაუგებარი, თუკი მცირედ მაინც განვისწავლებით სახისმეტყველებაში". ეს ციტატა მრავალი კუთხით გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველი იმიტომ, რომ იუსტინე მარტვილის მსჯელობა, რომ ანგელოზები გარკვეულწილად რაღაც სხეულით არიან შემოსილნი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტინე მარტვილთან არ გვხვდება, ღვთისმეტყველთა შორის ამ სწავლებას მრავალი გამოთქვამს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთ-ერთი მათგანის შრომა, სადაც ანალოგიური სწავლება შედის, გამოგვექვეყნებინა, კერძოდ ეს გახლავთ IV საუკუნის უდდიდესი მოძღვარის, წმ. მაკარი ეგვიპტრელის ერთ-ერთი კითხვა-მიგებითი ჰომილია, სადაც ავტორი ანგელოზებს ეთერულ სხეულს განუკუთვნებს. თვით წმ. იოანე დამასკელთანაც ეს სავსებით გამჭვირვალეა. როგორც იუსტინე მარტვილი გვეუბნება სხეულებრიობა, ისევე როგორც სხეულებრიობასთან დაკავშირებული სხვა გამონათქვამები საღვთო წერილისა თუ ეკლესიის მამებისა, სიმბოლურად არის გასაგები. სიმბოლურად არის გასაგები ძველი აღთქმის სიტყვებიც, რომ ებრაელებმა ანგელოზთა პური ჭამეს. ეს პირდაპირ არ შეიძლება გავიგოთ, არამედ მას სიმბოლური, გადატანითი მნიშვბნელობა აქვს. პურის ჭამა მას შეუძლია ვისაც ფიზიკური სხეული აქვს, მაგრამ სიმბოლურად თუ გავიგებთ პურის ჭამას, საზრდოობას, მაშინ სხეულებრიობაც სიმბოლურად უნდა გავიგოთ და ამიტომ ამბობს იუსტინე მარტვილი, რომ სახისმეტყველებაში განსწავლა აუცილებელია მსმენელისა და მკითხველისა. ეს სახისმეტყველებითი სწავლება კი ჩვენ გვაუწყებს, რომ ანგელოზებს სხეულებრიობა აქვთ არა ფიზიკური, არა ნივთიერი, არა შედგენილობითი გაგებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით, რომ მათ აქვთ ფორმა, მათ აქვთ განსაზღვრულობა, ისინი არ არიან უსასრულოდ განფენილნი, როგორც ღმერთი, ანუ შემოსაზღვრულნი არიან. შეუძლებელია, რომ ანგელოზი ერთდროულად ორ ადგილას იყოს, ის უსწრაფესი გადაადგილებით, რა თქმა უნდა, შემძლეა იმისა, რომ მყისიერად ადამიანებს მოევლინოს, დახშულ კარში გავიდეს და სხვა, მაგრამ ორ ადგილას ერთდროულად ყოფნა ანუ, თუ ამას უფრო განვაზოგადებთ, ყველგან მყოფობა ყოვლად შეუძლებელია რომ ანგელოზს ჰქონდეს, ხოლო ვისაც ყველგანმყოფობა ანდა ორ ადგილას ერთდროულად მყოფობა არა აქვს, რა თქმა უნდა, ის შემოსაზღვრულია ფორმით და მას გარკვეული დასაზღვრულობა აქვს. სწორედ ამას გულისხმობს იუსტინე მარტვილი როდესაც ის ანგელოზთა სხეულებრიობაზე საუბრობს, და თუ ამ შემთხვევაში პარალელის გავლება და იუსტინე მარტვილის სწავლების, უხეშად რომ ვთქვათ, შემაგრებაა საჭირო სხვა დიდ ღვთისმეტყველთაგან, დავიმოწმებთ ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმ. იოანე დამასკელს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ "ანგელოზები უსხეულონი არიან ჩვენთან, ფიზიკურ ანუ ნივთიერ სამყაროში მყოფებთან, შედარებით, მაგრამ ჭეშმარიტ და ბუნებით უსხეულოსთან შედარებით, ერთადერთ უსხეულოსთან ანუ ღმერთთან შედარებით, ისინიც სხეულიანნი წარმოჩნდებიან". ეს იმიტომ, რომ ფორმა ყველა ქმნილებას აქვს, ქმნადობა თავისთავად ფორმაა, ქმნილებითობა თავისთავად ფორმობრიობაა, საზღვრებში ყოფნაა და გარკვეული განსაზღვრულობა, გარკვეული ფორმა, სულიერი ფორმა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ანგელოზიც მარადიულად განეყოფა და ემიჯნება საღვთო ბუნებას. ერთადერთი ჭეშმარიტი უსხეულობა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებაა და ჭეშმარიტი და აბსოლუტური უსხეულობა იმას ნიშნავს, რომ უსხეულობის მქონე არანაირი საზღვრით არაა შემოზღუდული და რასაც არანაირი საზღვარი არა აქვს დადებული ის ყველგან მყოფია. საზღვრის მქონე გარკვეული აზრით, უზენაეს უსხეულობასთან შედარებით, სხეულებრივად ითქმის. აი ამ გაგებითაა საუბარი ეკლესიის მამებთან ანგელოზთა სხეულობრიობაზე საუბარი და არანაირად იმ გაგებით, რომ თითქოს მათ, ოდნავ მაინც რაიმე აზრით, ხორციელება ჰქონდეთ, მატერიაში მყოფობა ჰქონდეთ, ანდა მატერიათა შორის თუნდაც ყველაზე უფაქიზესი მატერიის მქონენი იყვნენ. ეთერი პირდაპირი მნიშვნელობით მატერიის ერთ-ერთი სახეობაა, კერძოდ როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან ესაა ცეცხლის ყველაზე წმინდა ნაწილი, ე.ი. უწმინდესი ცეცხლი, რითაც სხვადასხვა ღვთისმეტყველის სწავლებით ციური მნათობები არიან აგებულნი და თუკი ჩვენ ზოგ ღვთისმეტყველთან, მათ შორის მაკარი ეგვიპტელთან, ამ ტერმინს ვპოვებთ ანგელოზების სხეულებრიობასთან დაკავშირებით, აქაც სახისმეტყველები-თი კუთხითაა იგი შემოტანილი, ანუ ხაზგასმაა იმაზე, რომ ანგელოზების სხეულებრიობა იმდენად განშორებულია ჩვენი სხეულებრიობისგან, რომ თუ რაღაც სიმბოლოს შემოვიტანთ ყველაზე მეტად, მხოლოდ სახისმეტყველებითი კუთხით, ეთერი შეიძლება მას მიესადაგოს. აი ამ გაგებით საუბრობს იუსტინე მარტვილიც ანგელოზთა სხეულებრიობაზე.

      ეს სწავლება, ანგელოზთა სხეულებრიობის შესახებ, რა თქმა უნდა განსხვავდება დაცემულ, იგივე ყოფილ ანგელოზთა, ძალთა სხეულებრიობასთან. ეს ცალკე საკითხი გახლავთ უკვე და ამ საკითხს ჩვენ შევეხებით შემდგომ საუბარში. წინასწარ კი იმას ავღნიშნავთ, რომ დაცემულ ძალთა, ყოფილ ანგელოზთა, უკეთურ ანგელოზთა, დემონთა სხეულებრიობა ემსგავსება იმ კეთილ, დაუცემელ ძალთა, სხეულებრიობას იმით, რომ არც მათ აქვთ არანაირი ნივთიერება, ნივთში მყოფობა, ხორციელება შედგენილობითი გაგებით, მაგრამ მათი სხეულებრიობა იმიტომ იმიჯნება დიამეტრულად დაუცემელ ძალთა სხეულობისგან, რომ სხეულებრიობაში იგულისხმება გარკვეული აზრით ვნებებით შემოზღუდვაც. თუ ვამბობთ, რომ სხეულებრიობა ეს გარკვეული შემოზღუდვაა, გარკვეული ზღვარია, ერთ-ერთი ზღუდე, რა თქმა უნდა, ვნებები გახლავთ, ვნებანი, რითაც შეპყრობილია ესა თუ ის ქმნილებითი არსი, ხოლო უკეთური ძალები, როგორც უკიდურესი ვნებებით შეპყრობილნი და ვნებათა დასაბამით, ამპარტავნებით, შემოზღუდულნი, ყველა სულიერი სახისმეტყველებითი გაგებით ყველაზე უფრო მეტად უხეში სხეულით არიან პყრობილნი. უხეში სხეულებრიობა არ ნიშნავს უხეშ ნივთიერებას, ხელმოსაკიდ და შესახებ მატერიას. უხეშობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება მათი სულიერი მდგომარეობის მაქსიმალური გაუხეშება იმ ვნებების გამო, რომელთა დასაბამიც ამპარტავნებაა და რომლებითაც უკეთური ძალები მთლიანად შებოჭილნი არიან, როგორც უმტკიცესი რამ ქსელით, უმტკიცესი რამ ხლართებით, ბადით, რასაც ისინი ნებაყოფლობითად შემოირტყამენ საკუთარ თავზე და ამიტომ ითქმის ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა ღვთისმეტყველის მიერ, რომ ყველაზე უფრო უხეში სხეული სწორედ მათ აქვთ, კვლავ ავღნიშნავთ, უხეში არა ხორციელების, ნივითიერების, მატერიალურობის და შედგენილობის გაგებით, არამედ ვნებადობის გაგებით. აი ამ ნიშნით მკვეთრი გამიჯვნაა კეთილ ანგელოზთა სხეულებრიობისგან, რამდენადაც კეთილ ანგელოზთა შორის ვნებადობა არ არსებობს, იქ არის უვნებობა ანუ აპათეია, ხოლო ეშმაკეულ ძალებში არის ყოვლადი ვნებადობა, ვნებადობის მაქსიმალური გამოვლინება და შესაბამისად იმ აპათეიას ანუ უვნებობის საპირისპიროდ მათი სხეულებრიობა ყოვლადი ვნებადობაა და ვნებებით გამსჭვალულობაა.

      ტერმინი "სახისმეტყველება" თვით იუსტინესგან არის შემოთავაზებული და სხვათაშორის გვინდა ავღნიშნოთ, რომ ტერმინ "სახისმეტყველების" ერთ-ერთი უადრესი დამოწმება საეკლესიო ტრადიციაში სწორედ იუსტინე მარტვილთან გვაქვს. ტერმინი, რომელიც ქართულად ითქმის როგორც სახისმეტყველება (ძველ ქართულად სახისმეტყუელებაი), გახლავთ უაღრესად წარმარტებული კალკი ბერძნული სიტყვისა "ტროპოლოგია", ტროპოს ბერძნულად გახლავთ სახე (აქედანაა სხვათაშორის დღევანდელ ლიტერატურადმცოდნეობაშიც კვლავ მყარად ფეხმოკიდებული ტერმინი "ტროპი", "ტროპიკა", ანუ იგივე სახე სიმბოლო), ხოლო ლოგია მოგეხსენებათ არის მეტყველება. ასე რომ ტერმინი "ტროპოლოგია", რაც ჩვენ ანტიკურ პერიოდშიც გვხვდება, საეკლესიო გამოყენებაში პირველად როგორც ვხედავთ წმ. იუსტინე მარტვილთან დასტურდება. სხვათაშორის შემდეგ ამ ტერმინს ძალიან ხშირად იყენებს ორიგენე. ჩვენ გვქონდა კიდეც ერთი ასეთი ვარაუდი თავის დროზე, რომ გამომდინარე უცილობელი ფაქტიდან, რაც გულისხმობს ტერმინ "სახისმეტყველების" უაღრეს გავრცელებას ქართულ ტრადიციაში, დაწყებული განსაკუთრებით X საუკუნიდან, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ბერძენ სახისმეტყველთა ანუ ბერძენ ტროპოლოგთა, იმ მოღვაწეთა შრომები სადაც ტერმინი ტროპოლოგია ხშირად იყო გამოყენებული, შესაძლოა ქართულად თარგმნილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს აშკარად კალკია ბერძნული სიტყვისა, დამოუკიდებელი შენაქმნი არ გახლავთ და თუ ბერძნული სიტყვის კალკია, ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ იქმნება ხოლმე როდესაც ესა თუ ის ძეგლი ითარგმნება მეორე ენაზე და ამა თუ იმ ტერმინის კალკირებული თარგმნის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. იუსტინე მარტვილი იგულისხმება ამ შემთხვევაში, ორიგენე თუ რომელიმე სხვა ბერძენი სახისმეტყველი და მისი შრომები ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ რამდენიმე ისეთი შრომა უნდა ყოფილიყო ქართულად თარგმნილი ადრეულ პერიოდში, სადაც ეს ტერმინი "ტროპოლოგია" ბერძნულში გამოყენებული იყო და მათი თარგმნის შესაბამისად ქართულში ტერმინი "სახისმეტყველება" უნდა აღმოცენებულიყო. ნამდვილი დამამკვიდრებელი ქართულ ენაში ამ სიტყვისა გახლავთ წმ. გიორგი მთაწმინდელი, ყველაზე ხშირად ჩვენ მასთან გვხვდება აღნიშნული ტერმინი. რამდენადაც აქ ეს მხარეც შეიძლება იყოს ყურადსაღები, სიტყვის სულიერი გრძნობა გიორგი მთაწმინდელთან არის აბსოლუტურად თვალსაჩინო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ (ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ხაზგასმა სხვა მოღვაწეთა უფრო დაკნინებულობაზე და უდარესობაზე), რომ გიორგი მთაწმინდელის მიმართება სიტყვისადმი არის აბსოლუტურად განსაკუთრებული. ის ისე გრძნობს სიტყვას, ისეთი სულიერი გრძნობადობა აქვს სიტყვისადმი, რომ ყოველ ლექსიკურ მონაცემს ქართული ენისას უდიდესი სიყვარულით მოუხმობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი უფრო ადრინდელი, უკვე დავიწყებას მიცემული, ტერმინი გადაურჩინოს მომავალ თაობებს. რადგან ამ მხარეს შევეხეთ, შეიძლება ეს უინტერესო არ იყოს, ორი სიტყვით ავღნიშნავთ მხოლოდ, რომ როდესაც კი გიორგი მთაწმინდელი რაიმე შრომას მეროე გზის თარგმნიდა, უკვე არსებულ თარგმანს კვლავ თარგმნიდა ხელახლა, ძველი თარგმანის მთელ ტერმინოლოგიურ და ლექსიკურ მონაცემებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც უკვე ჟამგადასული იყო და აღარ იხმარებოდა მის დროინდელ მეტყველებაში, კი არ კარგავდა, არამედ კვლავ მოუხმობდა, მაგრამ ეს მოხმობა რომ მკითხველისთვის ტექსტის აღქმის გამაძნელებელი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ახალ შესატყვისსაც იქვე ურთავდა. მაგალითად ტერმინი "არძანიგი" საკმაოდ არქაული გახლავთ და იგი ნიშნავს პატიოსანს, როდესაც გიორგი მთაწმინდელმა ხელმეორედ თარგმნა ბასილი დიდის "ექვსთა დღეთა", უფრო ადრინდელ თარგმანში დადასტურებული ტერმინი "უარძანიგესი" ანუ უპატიოსნესი მან ის არ უგულებელყო, დატოვა და ერთი ბერძნული ტერმინი ორი შესატყვისით გადმოსცა, როგორც უარძანიგეს და უპატიოსნეს, ისევე როგორც მსგავსი სიტუაციაა მრავალ სხვა შემთხვევაშიც. ამიტომაა, რომ გიორგი მთაწმინდელთან ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი ბერძნული სიტყვის ორი, სამი, ზოგჯერ ოთხი შესატყვისით გადმოტანაც კი, რომ მთელი ლექსიკური სიმდიდრე ქართული ენისა, მთელი ველი, დიაპაზონი ლექსიკური განფენილობისა, მთელივე სისავსით წარმოჩნდეს მის თარგმანში. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ტერმინი სახისმეტყველება მან სხვაგვარი გრძნობით აღიქვა, ეს სიტყვა მისთვის იმდენად გამომსახველია, იმდენად მრავლისმეტყველია, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე აურაცხელი სხვადასხვა ბერძნული ტერმინის შესატყვისად იყენებს მას, იქნება ეს "ჰიპოდეიგმა", რაც ჩვეულებრივ სახეს ნიშნავს, "პარადეიგმა", რაც ასევე სახეს ნიშნავს, "ტროპოს" ცალკე აღებული, "სიმბოლონ" თვითონ სიმბოლო, თუნდაც "პნევმატიკოს ლოგოს" (სულიერი სიტყვა), რის შესატყვისადაც შეიძლება მას ქართულად ასევე სახისმეტყველება ქონდეს მოხმობილი და მრავალი სხვა. შესაბამისად ტერმინ "სახისმეტყველების" ქართულ ტრადიციაში ნამდვილი დამამკვიდრებელი უეჭველად წმ. გიორგი მთაწმინდელია, ხოლო ბიზანტიურ ტრადიციაში, როგორც ვნახეთ, მისი შემომტანი უეჭველად იუსტინე მარტვილი ჩანს.

      მაგრამ როგორც იტყვიან "პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ" და დავუბრუნდეთ დემონთა შესახებ წმ. იუსტინე მარტვილის სწავლებას, რაზეც ჩვენ წინა საუბარში შევჩერდით. ამჯერად ხაზს გავუსვამთ იმას, რომ იუსტინე მარტვილის მკვეთრი მითითებით დემონები მარადიულ ცეცხლში დაისჯებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს. უკვე ეს სამომავლო ხვედრი უკეთურებისა, უკეთური ძალებისა, იუსტინე მარტვილთან ღვთისმეტყველურად განმარტებულია და გადმოცემულია, იუსტინე აღნიშნავს: "ჩვენ შორის ბოროტ დემონთა პირველ სათავედ გველი ითვლება, იგივე სატანა და ეშმაკი, რომელსაც მოელის ცეცხლში შთანთქმა მის ლეგიონთან და თანმხლებ ადამიანებთან ერთად. მათი დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინდაწინ გვაუწყა ქრისტემ" (სახარებაში სიტყვებით "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა"). აქ ძალიან საყურადღებოა, რომ იუსტინე მარტვილი ამ სასჯელის მიმართ, ე.ი. მეორედ მოსვლის შემდეგ უკეთურთა სასჯელის მიმართ, იყენებს არა მხოლოდ ტერმინს "საუკუნო" (საუკუნო სასჯელი), არამედ აგრეთვე მეორე ტერმინს "დაუსრულებელი", რითაც იუსტინე მარტვილი უკვე პატრისტიკის დასაბამშივე, თეოლოგიური ხაზის დასაბამშივე მკვეთრად წარმოაჩენს მართლმადიდებლურ სწავლებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელი, ჯოჯოხეთი არის მარადიული და რომ ის არასოდეს არ დაბოლოვდება. რატომ სჭირდება ტერმინ "საუკუნოს" ამგვარი გაძლიერება მეორე ტერმინით "დაუსრულებელი"? შესაძლოა თვით იუსტინე მარტვილის დროს ამის საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ ყოველი ქრისტიანი მოღვაწე, დიდი ღვთისმეტყველი, წინასწარმჭვრეტიცაა მოგეხსენებათ და როგორც ხშირ შემთხვევაშია ამა თუ იმ მოღვაწეზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოციქულებზე და შემდგომ მათ კვალს მიდევნებულ ეკლესიის მამებზე, გვიანდელ მამათაგან თქმული, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ახსნაც მივცეთ, რომ იუსტინე მარტვილმა წინდაწინ განჭვრიტა სამომავლოდ აღმოცენებადი ერესი, ცრუ სწავლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვის დაბოლოებისა და თვით ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ. მოგეხსენებათ მთელი სიმკვეთრით ამ ცრუ სწავლებას ასაბუთებდა ორიგენე და ის ამას აკეთებდა, როგორც ეს საერთოდ ხდება მწვალებელთა შორის, საღვთო წერილის მრუდი განმარტების საფუძველზე. მას რა თქმა უნდა ეუბნებოდნენ თუ როგორ შეიძლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვა დაბოლოებადი იყოს, როდესაც მაცხოვარი პირდაპირ ამბობს "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა". აქ ორიგენემ ასეთი გამოსავალი მოძებნა (ის რაც ქართულად ტერმინი "საუკუნოა" ბერძნულში გახლავთ ასეთი ტერმინით გადმოცემული "აიონიოს". ქართული ტერმინი სავსებით იფარავს იმ აზრს, რასაც ბერძნული ტერმინი გულისხმობს და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ქართულ ტერმინზე ავაგოთ ორიგენეს მსჯელობა), იგი ამბობს "საიდან მომდინარეობს ტერმინი "საუკუნო"? რა თქმა უნდა ტერმინისგან "საუკუნე", მაგრამ რა არის საუკუნე? საუკუნე არის გარკვეული დროით შემოსაზღვრული ჟამიერი ხანგრძლივობა". ისევე როგორც ბერძნული "აიონ", ქართული "საუკუნე", თუნდაც რუსული "ვეკ" მართლაც გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს ჟამისას და არა მარადიულობას და უსასრულობას. შეიძლება ტერმინი "საუკუნე" დღეს გამოკვეთილად 100 წელია, მაგრამ ძველად ის შეიძლება ყოფილიყო 100 ან 1000 წელიც. ქართულ ენაში სხვათაშორის მეორე ტერმინიც არსებობდა ამგვარი მნიშვნელობისა, ეს გახლავთ ტერმინი "დარი", რომელიც ნიშნავდა გარკვეულ ციკლს წლებისას, ისევე როგორც საუკუნე, ეს ციკლი შეიძლებოდა ყოფილიყო 100 წელი და შეიძლება ყოფილიყო 1000 წელი. სხვათაშორის როდესაც იოანე საბანისძე წერს "წმ. აბო თბილელის მარტვილობაში", რომ "ჩვენ მეშვიდესა დარსა ზედა ვდგავართ", აქ მეშვიდე დარში იგულისხმება მეშვიდე ათასწლეული. მას შეეძლო ეთქვა ჩვეულებრივ, რომ "მეშვიდესა საუკუნესა ზედა ვდგავართო", იმიტომ, რომ საუკუნესაც ქონდა ათასწლეულობის გაგება, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საუკუნეში ას წელს ვიგულისხმებთ თუ ათასს, ორივე შემთხვევაში დაბოლოებადი ციკლი წლებისა მოიაზრება და ორიგენეც ამბობდა, რომ თუ საუკუნე გარკვეულ ციკლს ნიშნავს წლებისას, საუკუნოვანიც დაუსრულებელს და მარადიულს კი არ ნიშნავს, არამედ გარკვეულ ციკლს წლებისას, რომელიც დაბოლოვდება. მაშინ როცა საეკლესიო ტრადიციაში მართალია არსებითი სახელი საუკუნე, ბერძნულად აიონ, მართლაც დაბოლოებადი ციკლის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ მისგან ნაწარმოები ზედსართავი "საუკუნოვანი" (აიონიოს) მარადიულობის მნიშვნელობითაა ჩვეულებრივ. ისევე როგორც რუსულშიც მკვეთრია ეს სხვაობა, სხვა არის "ვეკ" და სხვა არის "ვეჩნი", რაც ასევე მარადიულს ნიშნავს. მაგრამ თუ ადამიანს ნახელოვნები და მზაკვრულად თხზული მსჯელობის აგება სწადია, ორიგენე კი ცალკეულ შემთხვევებში ამის დიდოსტატი გახლდათ, რა თქმა უნდა მას შეეძლო ეს არგუმენტად გამოეყენებინა. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ თვით წმ. იუსტინე მარტვილი ორიგენეზე უწინარეს არა მხოლოდ საუკუნოს უწოდებს ჯოჯოხეთისეულ ტანსჯვას, არამედ აგრეთვე პირდაპირ დაუსრულებელს, დაუსრულებელი ხომ უეჭველად მარადიულია და მართლაც არასოდეს არ დამთავრდება.+ დასრულებადი არ შეიძლება ჩვენ დაუსრულებლად წარმოვაჩინოთ. ამიტომ გავუსვით ხაზი ამ სიტყვებს, ამითაა ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ უკეთურთა დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინდაწინ გვაუწყა იუსტინემ, უკეთურებში კი იგულისხმებიან პირველ რიგში დაცემული ანგელოზები და შემდგომ მათ მიდევნებული ადამიანები.

      "ხოლო ამგვარი რამ (მათი საუკუნო სასჯელში ყოფნა) ახლავე იმიტომ არ იქმნება, - განაგრძობს იუსტინე, რომ აყოვნებს ღმერთი ადამიანთა გამო, რადგანაც წინდაწინ უწყის, რომ ზოგიერთები უნდა ცხონდნენ სინანულის გზით, ხოლო ზოგიერთები ჯერ კიდევ უნდა იშვნენ". აქ უკვე ჩვენ ვხედავთ თეოდიცეურ ანუ ღვთის მართლმსაჯულებითი ხედვით კაცობრიობის ისტორიის განჭვრეტას. ეს საკითხი ყოველთვის დასმულა ეკლესიის ისტორიაში, თუ რატომ არ ხდება მაცხოვრის მოვლინება კვლავ და რატომ არ განისჯებიან მყისიერად უკეთურნი, ანუ რატომ გახანგრძლივდა დრო მაცხოვრის პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე. ეკლესიის მამებს, როგორც ვხედავთ, თვით იუსტინე მარტვილის დროიდან ამ კითხვაზე პასუხი გაცემული აქვთ, რომ ეს ხდება კვლავ ადამიანთა გამო, კვლავ ადამიანთა ცხონებისათვის. უფლისმიერი მსჯავრი აყოვნებს, მაგრამ აყოვნებს არა იმიტომ, რომ უფალი არ არის შემძლე მსჯავრისა და დასჯის აღსრულებისა, რა თქმა უნდა, მყისიერად ძალუძს ეს ყოვლის მპყრობელს, არამედ ადამიანთა გამო, რამდენადაც ისინი, რომლებიც ჯერაც ცოცხალნი არიან შემძლენი არიან ამავე დროს იმისა, რომ მოინანიონ, ვიდრე ხორცში მყოფობენ სინანულის ჟამი აქვთ და აგრეთვე, როგორც იუსტინე ამბობს "სამომავლოდ კვლავაც სხვებიც უნდა იშვნენ, რომლებიც ცხონებას ეზიარებიან". ასე რომ მეორედ მოსვლამდე იუსტინე მარტვილის მითითებით დემონებს კვლავ ძალუძთ აცთუნონ ადამიანები, მაგრამ მაცხოვარი აყოვნებს მეორედ მოსვლას არა იმის გამო, რომ დემონებს ცდუნების შესაძლებლობა აქვთ და რაც შეიძლება მეტი ცდუნდნენ, არამედ პირუკუ დემონებთან დაპირისპირებით კვლავაც მრავალნი გამოიცადნონ ღვაწლში და მრავალნი ცხონდნენ. შემდეგში წმ. გრიგოლ ნოსელი უფრო მეტყველ სახეს მოძებნის ამ მოძღვრების გამოსათქმელად, ის შემოიტანს სიმბოლოს ქვეწარმავლისას, ქვეწარმავალს როდესაც თავი შეემუსრება, როდესაც მას თავი გაეჭეჭყება, მისი კუდი კიდევ უფრო მეტად ბორგავს, თუმცა ის არსობრივად უკვე მკვდარია, იმიტომ, რომ სიცოცხლის ძალა და სიცოცხლის მომცემი ძალა შემუსვრილია მასში. მაცხოვრის პირველმა მოვლიინებამ თავი განუგმირა ბოროტებას, ბოროტების ბუნება განგმირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოფით გამოვლინებაში ის არ ბორგავს, პირიქით უფრო მეტად ბორგავს, როგორც უკვე კვდომით გამსჭვალული, მომაკვდინებელი ისრით გამსჭვალული ქვეწარმავალი, რომელიც მკვდარია თავით, რომლის თავი, არსება ანუ ბუნება მკვდარია, მაგრამ რომლის კუდიც კვლავაც ბორგავს და უფრო მეტად აგონიაშია იგი. ამიტომ ამბობს იუსტინე მარტვილი, რომ "მეორედ მოსვლამდე დემონები უფრო მეტად გულმოდგინეობენ, რომ დააბრკოლონ ადამიანების ღვთისკენ მიქცევა. მათი იარაღია ერეტიკული სწავლებანი და მწვალებლები ქადაგებენ არა მამასა და ძეს, არამედ სხვა ღმერთს, სწორედ დემონთაგან ნასწავლებს. დემონებმა ანუ ეშმაკებმა დააბრმავეს ებრაელები და აღძრეს ისინი ლოგოსის, იესო ქრისტეს ჯვარზე საცმელად, მაგრამ რადგანაც უწყიან, რომ მაცხოვარმა მოწაფეები მოავლინა წარმართებთან, რომ მოექციათ ეს წარმართები. ეს უკეთურნი და მათ დაქვემდებარებული ადამიანები (მაშინაც, შემდგომაც და შეგვიძლია ვთქვათ დღესაც), მთელი ძალით წინ აღუდგებიან ჭეშმარიტების გავრცელებას, თუმცა სახელი იესო ქრისტესი თრგუნავს და იმორჩილებს მათ". აი ეს სწავლება ასე მეტყველად გადმოცემული გახლავთ იმავე ზემოთ ხსენებული სიტყვისგების 30-ე თავში.

      ეს უკეთურება, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უკავშირდება დასაბამიერი ცოდვის საკითხს, ცოდვის დაძლევის საკითხს, რადგანაც ცოდვის დაძლევა გზა არის განღმრთობისკენ, ეს სხვა თემა გახლავთ და მას შემდგომ საუბარში განვიხილავთ.

ტეგები: angel, angelologia, demon, demonologia, iustine, patrology, qwelly, ანგელოლოგია, დემონოლოგია, იუსტინე, მეტი...მარტვილი, პატროლოგია, ფილოსოფოსი

ნახვა: 1666

გამოხმაურებები!

madlobt :)

მგონი რაღაც გავიგე : ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters