Qwellyland, ლიტერატურა, გოდერძი ჩოხელი, მოთხრობა, ჩოხელი

      თორღვა თამნიაური ბალღობიდანვე გამოირჩეოდა დანარჩენი თანასოფლელებისგან.

      როგორც კი ენა ამოიდგა და ლაპარაკი ისწავლა, იქიდან მოყოლებული ყველაფერზე ყურადღებას ამახვილებდა.

  - აი, ის ქვა ვინ მოიტანა? - კითხულობდა თორღვა.

  - პაპაშენმა, - ეტყოდნენ თორღვას.

  - როდის მოიტანა?

  - წინათ.

  - საიდან მოიტანა?

  - ბუსარჭილიდან.

  - რატომ მოიტანა?

  - სჭირდებოდა და იმიტომ.

  - რაში სჭირდებოდა?

  - სახლისთვის.

  - სახლი რად უნდოდა?

      მანამდე კითხულობდა თორღვა, სანამ არ გაუბრაზდებოდნენ, ან თავს აარიდებდნენ იმის გაუთავებელ შეკითხვებს.

      ყველაფრის გაგება უნდოდა თორღვას, აქედან-იქამდე, შორეულ წარსულამდე კითხულობდა, რატომ და რისთვისაო. თუ მოწმენდილ ცაზე მთვარე ამოვიდოდა, მთელი ღამე შეეძლო განუწყვეტლივ ეოცნება იმაზე, თუ საიდან მოვიდა მთვარე, რატომ მოვიდა, ან სად წავა...

      თავდაპირველად აკმაყოფილებდა მშობლებისა და თანასოფლელების პასუხი. სჯეროდა, როცა დედა შეკითხვაზე ასეთ პასუხს აძლევდა:

  - მთვარეს რა ახატია?

  - ხელია, - ეტყოდა დედა.

  - ვისი ხელია?

      მთვარეს თავის დედა გაუბრაზებია და დედამისს ცომიანი ხელი გაურტყამს. იმის მერე აქვს ეგ ლაქა.

      თორღვას სჯეროდა. ისიც სჯეროდა როცა მამა ეტყოდა მთვარეს კაცი და ძაღლი ახატიაო.

  - რაისთვის? - კითხულობდა თორღვა.

  - იმისთვის რომ ჰყარაულობენ, მთვარე არავინ მოიტაცოს.

      თორღვას ისიც სჯეროდა, როცა მეზობელი ეტყოდა:

  - მთვარეს ძროხა ახატია, ძროხას ქალი სწველის.

  - რატომ სწველის?

  - იმიტომ რომ მთვარეს აჭამოს, როცა მოშივდება.

      ასე ივსებოდა ბალღობიდან თორღვას სამყარო. ერთ დღეს თორღვამ იკითხა:

  - ვინ გააჩინა ადამიანი?

  - ღმერთმა, - უთხრეს თორღვას.

  - სად არის ღმერთი?

  - ცაში.

  - როგორ გააჩინა ადამიანი?..

  - რატომ?..

  - რისთვის?..

  - როდის?..

      და აღარ დასრულდა თორღვას კითხვები. ვეღარ დააკმაყოფილეს მისი ცნობისმოყვარეობა. მერე თავის თავში დაიწყო პასუხის ძებნა და გულჩათხრობილი გახდა. იშვიათად თუღა იკითხავდა რამეს.

     

     

      ***

      გუდამაყარში ახლაც კლავენ ხატში პირველ ხბოებს.

  - რისთვის? - იკითხა თორღვამ.

  - იმიტომ, რომ დანარჩენები გაზარდოს ღმერთმა, - უთხრა მამამ.

  - ვინ მოიგონა პირველი ხბოების დაკვლა?

  - აბრამმა.

  - რატომ?

  - მანამდე ბალღებს კლავდნენ.

  - რატომ?

  - ღმერთი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს და ადამიანებისაგანაც მოითხოვს გულუხვობას. არ უნდა დაგენანოს იმისთვის არაფერი, თუნდ შვილი.

  - რაში სჭირდება.

  - ადამიანს სცდის რწმენეში.

      თორღვას აღარაფერი უთქვამს. თავმოჭრილ ხბოს დააშტერდა და მერე იქაურობას გაეცალა უხმოდ.

      ***

      თორღვასთან სიყვარულმა გაშალა თავისი ჭრელი ხალიჩა.

      თექვსმეტი წლისას არხოტელი მზექალა ჩაუვარდა გულში.

      ახოობას ნახა ხატში და იმის მერე აღარ მოასვენა ჩალისფერ თმებზე ფიქრმა.

      აღარ მოეკიდა იმ ღამეს ძილი. ადგა, გარეთ გამოვიდა. სახლთან ცხენმა დაიფრუტუნა. ახსნა თორღვამ ცხენი და მოახტა უბელოს.

      მთვარიანი ღამე იყო. ღორღიან გზაზე ძგრიალი გაუდიოდა ნალებს. შეუსვენებლივ გადაიარა ქვენამთა და ჯუთიდან გადავიდა არხოტში. მზექალას სოფლის თავს შეაჩერა ცხენი და არ ჩამომხდარა, იდგა და სოფელს ჩაჰყურებდა. მთვარის შუქზე გრძლად ეფინა ფერდობს კოშკების ლანდები.

      კარგა ხანს იდგა ასე. მერე მოაბრუნა ცხენი და გათენებამდე თავის სოფელში იყო. ცხენი იქვე დააბა და დაწვა.

      იმ დღის მერე ყოველ ღამ მიდიოდა არხოტში. სოფლის თავს შეაყენებდა ცხენს და იდგა უხმოდ. მერე ისევ უკან ბრუნდებოდა.

      მერე მამა მოუკვდა და ოჯახი მას დააწვა შესანახად.

      ახლა უკვე აღარ მიდიოდა არხოტში.

      მთლად ჩაიხვია გული.

      ერთი წლის მერე მთვარიან ღამეს, გიჟივით გამოვარდა სახლიდან, ცხენს მოახტა და არხოტისაკენ გააჭენა.

      ისევ სოფლის თავს შეაყენა ცხენი. ჩამოხტა, აღვირი უზანგზე გამოაბა და საძოვარზე მიუშვა ცხენი. თვითონ სოფელში ჩავიდა. უხმაუროდ გაიარა ორღობეები და მზექალას სახლთან შედგა.

      მსუბუქად აიარა ქვის კიბე და ჭერხოში შევიდა.

      მთვარის შუქზე კარგად ჩანდნენ აქა-იქ მიწოლილი ხევსურები. თორღვა იმათ შორის ლანდინით დადიოდა. მერე უცებ ადგილზე გაქვავდა: მისკენ თმებგაშლილი მზექალა წამოვიდა ზემოთავიდან. ქალიშვილი თორღვასთან მივიდა, შეხედა და მერე წინ გამოუძღვა ფეხაკრეფით.

      თორღვამ, გასასვლელში რომ მივიდა, მძინარე ხევსურებს მოხედა და გარეთ გავიდა.

      მზექალა ისევ წინ მიდიოდა. ავიდა და თორღვას ცხენთან გაჩერდა. სანამ ცხენზე შესხდებოდნენ, მანამდე ერთხელ კიდევ შეხედეს თვალებში ერთიმეორეს და მერე ლურჯას მიანდვეს ღამე და გზა.

      გამთენიისას მივიდნენ ათნოხში.

      ერთმანეთს ეყრებოდა დღე-ღამე. სულ სხვანაირი დღე ჩამოდგა. თორღვას წუთისოფელში, იმ დილით მზეც სხვანაირი სიხალისით ამოვიდა. ხმაურით ამოდიოდა. ახლაღა შეამჩნია თორღვამ, რომ მზის ამოსვლის სიჩუმეში, სამყაროს დიდი ხმაურია ჩაგუბებული. ყურს თუ მიუგდებ, გაიგონებ ამ ხმაურს; ოღონდ ყოველთვის არა. უსაზღვროდ ბედნიერი, ან უსაზღვროდ მწუხარე უნდა იყო.

      თორღვა ბედნიერი იყო. რატომღაც გაიფიქრა, რომ დღეს, მხოლოდ მისთვის ამოდიოდა ეს მზე და იმიტომ ხმაურობდა ასე.

      მზექალს მარჯვენა ბეჭზე მთვარე ჰქონდა გამოსახული. რომ გაიხდიდა, ღამე ისე ანათებდა, ოთახში მკრთალი სინათლე დგებოდა. ჩამოიშლიდა ხოლმე ჩალისფერ თმებს და რაღაც ღვთიური შუქით გაბრწყინებული კეთილად უღიმოდა თორღვას.

  - არავის უთხრა, რომ ნაწილი მაქვს, - გააფრთხილა მზექალმა.

      თორღვას გაგონილი ჰქონდა, რომ ადამიანებს დაჰყვება ხოლმე რაიმე ასეთი ნაწილი, ზოგს მთვარე, ზოგს მზე, ვარსკვლავი ან ჯვარი, იცოდა, რომ პატრონები საიდუმლოდ ინახავენ ამას. ასეთ ადამიანებს ნაწილიანები ჰქვიათ და როცა კვდებიან გველები ეტანებიან, რომ ნაწილი მოსტაცონ. ასეთ ადამიანს ნეკა თითზე უკბენს ხოლმე სიკვდილის მერე ახლობელი, რომ ის ნაწილი მათგვარში ვინმეზე გადავიდეს შემდეგში.

      თორღვამ იცოდა ყველაფერი და ჩუმად იყო, არაფერს ეკითხებოდა ცოლს.

      პირველი ბიჭი ეყოლათ. იმ დღეს ხმაურით ამოვიდა მზე, მამუკაი დაარქვეს.

      ზუსტად ერთი წლის თავზე გარდაიცვალა მამუკაი.

      იმის მერე კიდევ ეყოლათ ბიჭი და ისაც ზუსტად ერთი წლის თავზე გამოეცალათ ხელიდან.

      მერე მესამე... სამჯერვე ისე მოეჩვენა თორღვას, რომ მზე იმსხვრეოდა ცაზე.

      მეოთხე ისევ ბიჭი ეყოლა და ბაღათერაი დაარქვა. უცნაური შიში ჰქონდა მზექალს და თორღვას თვალებში ჩამდგარი, ზრდიდნენ ბაღათერას და წინასწარ სევდას ჰგვრიდა ის დღე, როცა ბაღათერას ერთი წელი შეუსრულდებოდა.

      სადღა არ დადიოდნენ ექიმებთან. ვერავინ გაიგო, რატომ უკვდებოდათ შვილები.

      ბაღათერა რომ ექვსი თვისა შესრულდა, თორღვაი შიშმა აიტანა. აღარ სცილდებოდა ბალღს ისე შეუყვარდა, ერთი წუთიც ვერ სძლებდა უმისოდ.

      მერე უკანასკნელ ღონეს მიმართა და მკითხავთან წავიდა. მკითხავი გუდამაყრის დასაწყისში ცხოვრობს, მოხუცი ქალია, გველის დას ეძახიან, თავზე ყოველთვის თეთრი აბრეშუმის ფოჩებიანი ჩიქილა ახურავს.

  - ძველი წესი უნდა აასრულო, - უთხრა მკითხავმა თორღვას.

  - რა ძველი წესი?

  - ღმერთი შენგან მსხვერპლის შეწირვას თხოულობს. პირველი ბალღი უნდა დაგეკლა და დანარჩენები აღარ დაგეხოცებოდნენ. ახლა რაც გყავს, ის უნდა დაკლა ერთი წლის თავზე, თუ გინდა მომდევნო გადაგირჩეს ცოცხალი.

      თორღვა გამტკნარებული წამოვიდა სახლში. იმის მერე დაიწყო მისი წამება. გრძნობდა, როგორ ემსხვრეოდა სული:

  - მოკალი... გადაარჩინე... მოკალი... გადაარჩინე... - იმეორებდა ვიღაც უჩინარი თორღვას არსებაში.

      იმის მერე უფრო შეუყვარდა ბალღი და გვერდიდან აღარ სცილდებოდა. მზექალასაც გაანდო თავის ტანჯვა. არც ის იტანჯებოდა თორღვაზე ნაკლებად. ეცოდებოდა ბაღათერია, თან შვილი... და ერთ დღეს თვითონვე განუცხადა თორღვას:

  - იქნებ შემდეგი მაინც მართლა გაგვეზარდოს...

      თორღვამ კინაღამ დაახრჩო ამის თქმაზე. მერე შეენანა მზექალა, მიხვდა, ქალს ამის თქმა ყველაზე მეტად უჭირდა, ადგა და გარეთ გამოვიდა. ზემოთ მთაზე სალოცავი ნიში იყო. ნიშს შეჰყურებდა თორღვაი. მერე გვიან შებრუნდა სახლში. ბალღს მშვიდად ეძინა აკვანში.

      ***

      გათენდა, არც გაუგია თორღვას მზის ამოსვლა. ის ბალღს დაჰყურებდა წუხელს აქეთ.

      წელიწადი სრულდებოდა დღეს.

  - მსხვერპლს როცა სწირავდნენ, დედები არ ესწრებოდნენ, - თქვა თორღვამ მზექალას გასაგონად.

      მზექალმა თბილად შეუხვია პატარა ბაღათერაი.

      სანთელი ჩამოახვია თორღვამ. ხანჯალი გალესა. მერე რამდენიმე მეზობელი მოვიდა. ისინი ჩუმად დადგნენ შემოსასვლელ კართან.

      თორღვამ ბალღი აიყვანა და აღმართს აუყვა. უკან რამდენიმე კაცი მიჰყვებოდა ჩუმად. დროდადრო ერთმანეთს რაღაცას წაუჩურჩულებდნენ, ან ჩაახველებდნენ რაღაცის ნიშნად.

      დაცხა, მზემ თანდათან ამოიწია ცაზე.

      აღმა მიმავალი გზა თანდათან ძნელი სავალი გახდა. თორღვას უნდოდა უსაშველოდ გაგრძელებულიყო ეს გზა. ბალღს საწოვარი ცაუდო პირში, რომ არ ეტირა.

      როგორც იყო მიაღწიეს მთის წვერს და ნიშთან მუხლი მოიყარეს.

      თორღვამ ბალღი სიპის სარეცელზე დააწვინა და გამოხსნა სახვევებიდან. კაცები გახევებულნი იდგნენ და ქუდმოხდილნი უყურებდნენ. ბალღი საწოვარით იტყუებდა თავს. თორღვამ მთლად გააშიშვლა. მზე ხარბად დაეწაფა ჩვილის თეთრ სხეულს.

      თორღვამ სანთლები აანთო. კაცები ადგილზე აკანკალდნენ. თორღვამ მათ შეხედა. კარგა ხანს უყურა, იმათ მზერა აარიდეს.

  - წადით! - დაითხოვა ისინი თორღვამ. კაცები ჩურჩულით და ხველებ-ხველებით დაუყვნენ დაღმართს.

      ყველაზე მეტად ხანჯლის ამოწევა გაუჭირდა ქარქაშიდან...

      იქვე დამარხა და ჩამოჯდა. მზე ჩადიოდა. თორღვას ბოღმა გაეჩხირა ყელში და კინაღამ დაიხრჩო. მოეჩვენა, რომ ვეღარც მზე ჩაეტია ჩასავალში და გაიჭედა, ხრიალი დაიწყო სამყარომ, კინაღამ დაიხრჩო ისიც...

      გვიან ღამით დაბრუნდა მთიდან.

     

      ***

      ნინოს რომ ერთი წელი შეუსრულდა, მთელი სოფელი თორღვაის სახლთან მოგროვდა. თორღვაი და მზექალა გამტკნარებულები ისხდნენ აკვანთან.

      გოგონას მშვიდად ეძინა.

  - გადავრჩით, - თქვა ერთხელ მზექალმა. მაშინ უკვე თორმეტი წლისა ხდებოდა ნინო. მასაც დედასავით მთვარე ეხატა მარჯვენა ბეჭზე. თმებიც ჩალისფერი ჰქონდა.

      თორღვაის სიცოცხლეს იმედი დაუბრუნდა. მის გარშემო თავიანთი სახე დაიბრუნეს საგნებმა. ახმაურდა სამყარო. ის რაც აქამდე არარაობის ნიღაბს ატარებდა, ყოფიერების ბეჭდით დაიბეჭდა თორღვაის მზერაში. მზე ყოველდღე ხმაურით ამოდიოდა და დაკარგულ სიხარულს ნაწილ-ნაწილ უბრუნებდა თორღვას. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ ერთ დღეს მთიდან დაბრუნებულმა ნინომ პირდაპირ არ ჰკითხა მამას:

  - მამავ, იმ მთაზე, ნიშთან, ვისი საფლავია?

      თორღვას ხმა არ ამოუღია. გაშრა.

  - რატომ მოკალი? - იკითხა ისევ ნინომ.

      თორღვაი ერთიანად აკანკალდა.

  - იმიტომ, რომ მე გავზრდილიყავი? ტყუილია... ტყუილია... - ორჯერ გაიმეორა ნინომ.

      იმ დღის მერე ყოველღამე მიდიოდა ხოლმე ნინო მთის წვერზე. თორღვას მეტი აღარ შეეძლო.

      კვირა დღეს თოფის ხმამ დაიარა მთელი ხეობა. მერე ყველაფერი ჩაწყნარდა. თორღვაი იმ დღეს სახლში არ იყო. შუადღისას მობრუნდა სოფელში. კაციშვილს ვერ მოჰკრა თვალი. გაიხედა: მთაზე შავად მიდიოდა ხალხი. მიდიოდნენ კი არა, მირბოდნენ.

      სახლის კართან მზექალას თავსაფარი ეგდო...

      მუხლები მოეკვეთა. თვალებში დედამიწა დაუტრიალდა...

      მერე აღმართს აუყვა აღმა. ცხელოდა. ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. იმის გარშემო ისევ არარაობის ნიღბები აიფარეს საგნებმა.

      თანდათან ეკვეთებოდა მუხლები. ის გაახსენდა, ბალღი რომ მოჰყავდა ამ აღმართზე ხელში აყვანილი. ახლაც საოცრად გრძელი მოეჩვენა ეს აღმართი და ინატრა ნეტავი უსასრულოდ გაგრძელდეს, ის მთის წვერი, ცაში აიწიოს და იქამდე ვეღარავინ ააღწიოსო. მუხლები აუკანკალდა და მტვერში პირქვე ჩაემხო.

      გრძნობაზე რომ მოვიდა, თავი არ აუწევია, ისე მიხვდა, რომ უხმოდ წავიდა ხალხი ქვევით და „ისიც“ წაიღეს. მის წინ ბალახებს ცვარი ეკიდა და მზის სხივებზე ელვარებდა.

      „აქამდე როგორ ვერ გაუშვრია მზეს“ - გაუკვირდა თორღვას და საკუთარი თავი იმ წამში შეათვალიერა. ცვარში მრგვლად ჩანდა თორღვაის თავი. შორიდან მზექალას ჩუმი ქვითინი ჩაეღვარა ყურში და წამოიწია.

      ხალხი შავად მიდიოდა ქვემოთ.

      აღარ იცოდა, საით წასულიყო. მის სულში ვიღაცები აუჯანყდნენ ერთიმეორეს. ერთი ქვემოთ, ხალხისკენ ეწეოდა თორღვაის არსებობას, მეორე ზემოთ, მთის წვერისაკენ.

      „წადი, წაჰყევ ხალხს“ - აქეზებდა ერთი.

      „რა გინდა იქ, არარაობისმეტს ვერაფერს ნახავ“ - ეუბნებოდა მეორე ხმა.

      „წადი, გააგრძელე შენი დარჩენილი წუთისოფელი...“

      „მთაზე ადი და შენც იქ დაასრულე ყველაფერი, სადაც ნინომ დაასრულა...“

      „წადი ქვემოთ...“

      „მთაზე მეთქი...“

      „წადი...“

      „არ წახვიდე...“

      ხან ზემოთ გადადგა ნაბიჯი, ხან ქვემოთ, მზე საშინელი ხრიალით ჩადიოდა ჩასავალში...

      ლასლასით აედევნა სოფლისაკენ მიმავალ ხალხს თორღვაი. სხეული ეკვეთებოდა, მაგრამ სული მაინც სოფლისაკენ მიითრევდა.

გოდერძი ჩოხელი

ტეგები: Qwellyland, გოდერძი, ლიტერატურა, მოთხრობა, ჩოხელი

ნახვა: 984

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters