ნოველა

*

        ციცერონი სადღაც ამბობს, მგონია თავის ტრაქტატში „ბუნებისათვის ღმერთებისა“, ძველად მრავალი იუპიტერი არსებობდა: კრიტოსის იუპიტერი, ოლიმპის იუპიტერი და სხვა, ისე რომ საბერძნეთში არ ყოფილა ცოტად თუ ბევრად ცნობილი ქალაქი, რომელსაც თავისი საკუთარი იუპიტერი არ ჰყოლოდესო. ყველამ ამ იუპიტერისაგან შექმნეს ერთი, რომელსაც თითოეული მისი თანამოსახელის თავგადასავალი მიაწერეს. ამით აიხსნება ის უამრავი გამარჯვება, რომელიც წილად ხვდა ამ ღმერთს. იგივე ბედი ეწია დონ ჟუანს, რომლის პიროვნება თითქმის ისევე სახელგანთქმულია, როგორც იუპიტერი. მარტო სევილიას რამდენიმე დონ ჟუანი ჰყავდა; ზოგიერთ სხვა ქალაქსაც შეუძლია თავის დონ ჟუანი წარმოადგინოს. თითოეულ მათგანს წინათ განსაკუთრებული ლეგენდა ჰქონდა. ჟამთა მსვლელობაში ეს ლეგენდები ერთად შედუღდა.მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ თითოეული მათგანის წილს, ყოველ შემთხვევაში, ადვილად გავარკვევთ ორ გმირს, ერთია დონ ჟუანი ტენორი, რომელიც, როგორც ცნობილია, ქვის ქანდაკებამ გაისტუმრა საიქიოს, მეორეა დონ ჟუანი დე მარანია, რომელიც სულ სხვანაირად მოკვდა.მათი ცხოვრების ამბავს ერთნაირად გვიამბობენ, მხოლოდ დასასრულია სხვადასხვანაირი. რაც შეეხება ამ ისტორიის, ანუ უკეთ ვთქვათ, ორი ისტორიის სინამდვილეს, იგი უტყუარია და ადამიანი დიდად შეურაცხყოფდა სევილიელების პროვინციულ პატრიოტიზმს, თუ ეჭვს შეიტანდა ამ დარდიმანდი გმირების არსებობაში. უცხოელებს ხშირად უჩვენებდნენ დონ ჟუან ტენორიოს სახლს, და ხელოვნების მოყვარული ადამიანი, სევილიაში ისე ვერ გაივლის, რომ მოწყალების ეკლესია არ დაათვალიეროს. იქ მას შეუძლია ნახოს რაინდ დე მარანიას საფლავი წარწერით, რომელიც მისი თავმდაბლობით ან, თუ გნებავთ, მისი ამპარტავნობით არის ნაკარნახევი: „აქ განისვენებს უსაზიზღრესი ადამიანი, რომელსაც ოდესმე ქვეყნად უცხოვრია“. განა ამის შემდეგ შეიძლება რაიმემ დაგაეჭვოს? მართალია ისიც, რომ ამ ორი ძეგლის დათვალიერების შემდეგ თქვენი ჩიჩერონე გიამბობთ, რა უცნაური წინადადება მისცა დონ ჟუანმა (არავინ იცის რომელმა) ხირალდას, ე.ი. ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც საკრებულო ტაძრის მავრულ კოშკზეა ამართული და როგორ მიიღო იგი ხირალდამ; როგორ სეირნობდა ღვინით შეზარხოშებული დონ ჟუანი მდინარე გვადალკვივირის მარცხენა ნაპირზე, ცეცხლი სთხოვა მარჯვენა ნაპირზე მოსეირნე ადამიანს, როგორ გაგრძელდა ამ უკანასკნელის ხელი (რადგან იგი თვით ეშმაკი იყო განპირობებული), გადაწვდა მდინარეს და თავისი სიგარა მიაწოდა დონ ჟუანს, რომელმაც ცეცხლი მიიღო წარბშეუხრელად და გაფრთხილების შეუმჩნევლად, იმდენად დახშული იყო მისი სული...მე შევეცადე თითოეული დახშული დონ ჟუანისთვის მიმეძღვნა ის წილი, რომელიც მას ეკუთვნის ბოროტებისა და დანაშაულის საერთო სამთავროში. უკეთესი მეთოდის უქონლობის გამო შევეცადე ჩემი გმირისათვის, დონ ჟუან მარანისათვის, მხოლოდ ის საქმეები მიმეწერა, რომელიც ხანდაზმულობის უფლებით არ ეკუთვნის დონ ჟუან ტენორიოს, ესოდენ სახელგანთქმულს ჩვენს შორის მოლიერისა და მოცარტის შედევრებით.

*

       გრაფი დონ კარლოს დე მარანია ერთი უმდიდრესი და უპატივცემულესი დარბაისელი იყო სევილიაში. წარმოდგებოდა სახელოვანი გვარისაგან და აჯანყებულ მორისკებთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ მას არ აკლდა თავისი წინაპრების ვაჟკაცობა. ალპუხარის დამორჩილების შემდეგ, იგი სევილიაში დაბრუნდა ჭრილობიანი შუბლით და მრავალი ურჯულო ტყვე ბავშვით, რომელთა მონათვლაც თავად იდვა თავს, ვიდრე სარფიანად მიჰყიდდა ქრისტიან ოჯახებს. ჭრილობები სრულიადაც არ ამახინჯებდა და არც ხელს უშლიდა თავი მოეწონებინა ერთი კარგი ოჯახის ქალისთვის, რომელმაც მას უპირატესობა მიანიჭა მრავალ მთხოვნელს შორის. მათ ეყოლათ რამდენიმე ქალი, რომელთაგან ზოგი გათხოვდა, ხოლო ზოგი მონასტერში შევიდა. დონ კარლოს დე მარანია უკვე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა მემკვიდრის უყოლობის გამო, როცა მოულოდნელად ვაჟის დაბადებამ გული სიხარულით აუვსო და იმედი მისცა, რომ მისი ძველი სამკვიდრო უმცროს ხაზზე არ გადავიდოდა.ესოდენ სასურველი ვაჟი, ამ უტყუარი ისტორიის გმირი, როგორც შეეფერებოდა დიდ გვარსა და დიდი შეძლების მემკვიდრეს. ბავშვობიდანვე იგი შეუზღუდველად ასრულებდა თავის სურვილებს და მშობლების სასახლეში ვერავინ გაუბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. მხოლოდ დედას უნდოდა, რომ შვილი მასავით ღვთისნიერი ყოფილიყო, მამას კი ვაჟკაცურად აღზრდა სურდა. დედა ალერსისა და ტკბილეულობის შემწეობით ბავშვს ავალებდა ესწავლა ლიტანია, კრიალოსანის ხელში დაჭერა, ყველა სავალდებულო და არასავალდებულო ლოცვა. იგი მას აძინებდა სვინაქსარის კითხვით. მეორე მხრივ მამა ასწავლიდა ესპანელი რაინდების - სიდისა და ბერნარდერ კარპიოსადმი მიძღვნილ რომანსებს, უამბობდა მორისკების აჯანყებას, მთელი დღე ავარჯიშებდა ბოძალადის და შაშხანის სროლაში: სასროლ მიზნად ჰქონდა მავრივით ჩაცმული ხის კაცი, რომელიც ბაღის კუთხეში გაეკეთებინა.გრაფ დე მარანიას მეუღლის სამლოცველოში იყო ერთი სურათი, მხატვარი მორალესის მკაცრი და მაღალი სტილით შესრულებული, რომელიც განსაწმენდელის ანუ სალხინებელის ტანჯვას წარმოადგენდა. წამების ყველა სახე, რაც მხატვარს თავში მოსვლოდა, აქ ისე ზედმიწევნით იყო წარმოდგენილი, რომ თვით ინკვიზიციის ჯალათი ვერაფერს ვერ შეასწორებდა. სულნი სალხინებლისანი იქ ერთგვარ უზარმაზარ მღვიმეში იყვნენ მოთავსებულნი, მღვიმეს ზემოთ ხვრელი ჰქონდა, ხვრელის პირას ანგელოზი იდგა და ხელს უწვდიდა ამ საგოდებელიდან ამომავალ სულს, ხოლო ანგელოზის გვერდით მდგომ ხნიერ კაცს, გადაჭდობილ ხელებში კრიალოსანი ეჭირა და, როგორც ეტყობოდა, მხურვალედ ლოცულობდა. ეს კაცი იყო ამ სურათის შემწირველი; მან იგი ქალაქ ჰუესკის ეკლესიისათვის დაახატვინა. აჯანყების დროს მორისკებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქს; ეკლესიაც განადგურდა, მაგრამ სურათი გადარჩა რაღაც სასწაულით. გრაფ დე მარანიამ იგი წამოიღო და მეუღლის სამლოცველოს შესამკობად გამოიყენა, ჩვეულებრივ, როცა პაწია ჟუანიტო თავისი დედის ოთახში შედიოდა, დიდხანს უმოძრაოდ ჩერდებოდა და უცქეროდა ამ სურათს, რომელიც მას აძრწუნებდა და ხიბლავდა ერთსა და იმავე დროს. განსაკუთრებით თვალს ვერ აშორებდა ერთ ადამიანს, რომელსაც გველი გულ-ღვიძლს უგესლავდა იმ დროს, როცა იგი ფერდებში გაყრილი ჩანგლებით აღგზნებულ კოცონზე იყო ჩამოკიდებული. ვნებულს სევდიანი თვალები მიეპყრო ხვრელისთვის და თითქოს შემწირველს სთხოვდა, ელოცნა მის სახსენებლად. გრაფის მეუღლემ ჩააგონა თავის შვილს, ეს უბედური იმიტომ იტანჯება, რომ კარგად არ იცოდა კატეხიზმო, დასცინოდა მღვდელს და გონებააბნეული იდგა ეკლესიაშიო. სული, რომელიც სამოთხისაკენ მიჰქონდა, დე მარანიას ოჯახის ერთი ნათესავის სული იყო; მას ალბათ სიცოცხლეში რაღაც მცირედი შეცოდება ჩაედინა; მაგრამ გრაფმა დე მარანიამ ბევრი ილოცა მისთვის, ბევრიც მისცა სამღვდელოებას მის გამოსახსნელად ცეცხლისა და წამებისაგან და შეძლო ამ სულის გასტუმრება სამოთხეში, ისე რომ დიდხანს არ მოუხდა სალხინებელში მოწყენით ყოფნაო. - აი, ჩემო ჟუანიტო, ეუბნებოდა დედა, შეიძლება მეც ასეთ სატანჯველში ჩავვარდე, შეიძლება მეც მილიონი წლები სულთა სალხინებელში დავრჩე, თუ შენ არ აწირვინე ჩემი სულის განსატევებლად. რა ბოროტება იქნებოდა შენი მხრივ, რომ უნუგეშოდ დაგეტოვებინა დედა, რომელმაც აღგზარდა! მაშინ ბავშვი ტიროდა; და თუ ჯიბეში ორიოდე რეალი ჰქონდა, ყულაბაში უყრიდა სულთა სალხინებლის მოწესეს. მაგრამ როცა თავის მამის ოთახში შედიოდა, იგი ხედავდა შაშხანის ტყვიით შეზნექილ მუზარადს, რაც გრაფ მარანიას ეხურა ალმერიას აღების დროს და რასაც ეტყობოდა მუსულმანური ნაჯახის ნაჭდევი; ამავე ოთახს ამკობდა შუბები, ხმლები, ურჯულოთათვის წართმეული დროშები.

– ეს დაშნა, ამბობდა გრაფი, მე წავართვი ვეხერის ყადს, რომელმაც იგი სამჯერ შემომკრა, სანამ მოვკლავდი. ხოლო ეს დროშა ელვირის მთის მეამბოხეებმა ამართეს. მათ გაენადგურებინათ ქრისტიანების სოფელი; მე მივიჭერი ოცი მხედრითურთ. ოთხჯერ ვცადე მათ რაზმში შევჭრილიყავი და ეს ალამი გამომეტაცა; ოთხჯერვე უკუმაქციეს; მეხუთეჯერ პირჯვარი გამოვისახე, შევძახე - წმინდაო იაკობ! - მეთქი და იმ წარმართების გუნდში შევიჭერი. ხომ ხედავ ოქროს ბარძიმს, რომელიც ჩემს ღერბს ამკობს? იგი მორიკსების ალფაკირმა მოიტაცა ეკლესიიდან, სადაც ათასნაირი სიბილწე ჩაიდინა. მისმა ცხენებმა წმინდანების ძვლები ამოიღეს და გაჰფანტეს. ალფაკირი ამ ბარძიმს გაყინული შარბათის სასმელად ხმარობდა. მე მას კარავში მივუსწარი, როცა ეს წმინდა ჭურჭელი პირთან მიჰქონდა, სანამ ალაჰის სახელის წამოძახებას მოასწრებდა, სანამ სასმელი ყელში ჩაუვიდოდა, ამ ბასრი დაშნით იმ ძაღლს გაპარსული თავი შუა გავუპე. ამ წმინდა შურისძიების მოსაგონრად მეფემ ნება დამრთო პატარა ოქროს ბარძიმი, გამეკეთებინა ჩემს ღერბში. ამას გიამბობ, ჟუანიტო, რათა ყოველივე შენს შვილებსაც უამბო: დაე, მათ იცოდნენ, რატომ არ ჰგავს სავსებით შენი ღერბი შენი პაპის დონ დიეგოს ღერბს, რომელიც აი, აქ არის დახატული მისივე სურათის ქვემოთ.ამრიგად ბავშვი გაორებული იყო ღვთისმოსაობასა და სამხედრო ხელოვნებას შორის და მთელს დღეებს თავს იქცევდა ყავრის ჯვრების გამოჭრით, ან კიდევ ხისაგან გაკეთებული ხმლით ფარიკაობას მართავდა გოგრებთან, რომლებიც მისი აზრით ძლიან ჰგავდნენ დოლბანდიანი მავრის თავებს.თვრამეტი წლის დონ ჟუანი საკმაოდ სუსტი იყო ლათინურში, მაგრამ სამაგიეროდ კარგად იცოდა წირვის წესი და სიდზე უკეთ ხმარობდა დაშნასა და მახვილს. მამა ფიქრობდა, რომ დე მარანიას გვარის აზნაურიშვილს სხვა ტალანტიც უნდა შეეძინა და გადაწყვიტა იგი სალამანკის უნივერსიტეტში გაეგზავნა. სამგზავრო სამზადისი ჩქარა მოთავდა. დედამ იგი აღჭურვა კრიალოსნებით, ავგაროზებითა და ნაკურთხი ხატებით. ამას გარდა ასწავლა მრავალი ლოცვა, რომელიც ესოდენ გამოსადეგია ცხოვრებაში. დონ კარლოსმა დაშნა აჩუქა, რომლის მოოჭვილი ტარი საგვარეულო ღერბით იყო შემკული. - დღემდეო, უთხრა მან, შენ მხოლოდ ბავშვებთან ცხოვრობდი, ამიერიდან მამაკაცებში იცხოვრებ. გახსოვდეს, რომ უძვირფასესი განძი კეთილშობილი მამაკაცისათვის მისი პატიოსნებაა; ხოლო შენი პატიოსნება მარანიათა გვარის პატიოსნებაა. უმჯობესია ჩვენი ოჯახის უკანასკნელი ყლორტი გახმეს, ვიდრე მის სახელს რაიმე ლაქა წაეცხოს! ხელში დაიჭირე ეს დაშნა, იგი დაგიცავს, თუ ვინმე თავს დაგესხა. პირველად ნურასოდეს ნუ ამოიღებ ქარქაშიდან; მაგრამ იცოდე, რომ შენს წინაპრებს იგი არასოდეს ქარქაშში არ ჩაუგდიათ, სანამ არ გაუმარჯვიათ ან შური არ უძიებიათ.სალამანკის უნივერსიტეტი ამ დროს აყვავების ხანას განიცდიდა. არასოდეს მისი სტუდენტები უფრო მრავალრიცხოვანნი არ ყოფილან, ხოლო მისი პროფესორები უფრო სწავლულნი; მაგრამ აგრეთვე მოქალაქეებსაც არასოდეს იმდენი შეწუხება არ უგრძვნიათ ამ ძნელად მოსათვინიერებელი და თავხედი ახალგაზრდებისაგან, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ან, უკეთ ვთქვათ, მეფობდა. სერენადები, ღრიანცელი, ყოველგვარი აყალმაყალი, ღამღამობით, - ასეთი იყო მათი ჩვეულებრივი დროსტარება, რომლის ერთფეროვნებას დროგამოშვებით არღვევდა ქალების მოტაცება, ჯოხების ტრიალი და ცემა-ტყეპა. დონ ჟუანმა პირველი დღეები მოანდომა მამის მეგობრებისთვის წერილების გადაცემას, პროფესორებთან სადარბაზოდ სიარულს, ეკლესიების დავლას და წმინდა ნაწილების დათვალიერებას. მამის სურვილის მიხედვით მან ერთ-ერთ პროფესორს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გადასცა ღარიბ სტუდენტებს შორის გასანაწილებლად. ასეთმა ხელგაშლილობამ დიდი წარმატება მიანიჭა და მრავალი მეგობარი მოუპოვა დონ ჟუანს.მას სწავლის წყურვილი ჰქონდა; იგი მზად იყო სახარების სიტყვებით მიეღო ყოველივე, რაც პროფესორების ბაგეთაგან გადმოვიდოდა; და რათა არაფერი გამოჰპარვოდა, გადაწყვიტა რაც შეიძლება ახლო დამჯდარიყო კათედრასთან. როცა იგი ლექციების დარბაზში შევიდა, დაინახა, რომ ერთი ადგილი თავისუფალი იყო პროფესორის მახლობლად და იქ დაჯდა. ჭუჭყიანმა, თმადაუვარცხნელმა, ძონძებში გახვეულმა სტუდენტმა, როგორიც ბევრია უნივერსიტეტებში, ერთი წუთით თავი აიღო წიგნიდან და უაზრო გაოცებით შეხედა დონ ჟუანს. - თქვენ ამ ადგილზე ჯდებით? ჰკითხა მან თითქმის შეძრწუნებული კილოთი: განა არ იცით, რომ ჩვეულებრივ აქ დონ გარსია ნავარო ზის?დონ ჟუანმა უპასუხა, - როგორც გაგონილი მაქვს ადგილის არჩევა პირველ მოსულს ეკუთვნის და, რადგან ეს ადგილი თავისუფალი იყო, ვიფიქრე, რომ შემიძლია მისი დაჭერა, მითუმეტეს თუ ბატონ გარსიას თავისი მეზობლისათვის არ დაუკისრებია მისი შენახვა.

– როგორც ვხედავ, თქვენ აქ უცხო ყოფილხართ, - უთხრა სტუდენტმა, - იმიტომ რომ ვერ იცნობთ დონ გარსიას. მაშ იცოდეთ, რომ იგი ისეთი ადამიანია, - აქ სტუდენტმა ხმა დაიდაბლა, ეტყობოდა ეშინოდა სხვა სტუდენტებს არ გაეგოთ. - დონ გარსია საშინელი ადამიანია: ვაი იმას, ვინც მას შეურაცხყოფს! მას მოკლე მოთმინება და გრძელი დაშნა აქვს: და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ ვინმემ დაიკავა ადგილი, სადაც დონ გარსია ორჯერ მჯდარა, ეს საკმაოა, რომ ჩხუბი დაიწყოს, რადგანაც მეტად ამაყი და ფიცხია. ხოლო თუ ჩხუბი ატეხა, მაშინვე შემოკვრაზე გადადის, თუ შემოგკრა - კიდეც მოგკლავს. ამრიგად, მე თქვენ გაფრთხილებთ; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გენებოთ.დონ ჟუანს მეტად ახირებული ეჩვენა ის გარემოება, რომ ვინმე დონ გარსია საუკეთესო ადგილებს იჩემებდა და თავსაც კი არ იწუხებდა ეს ადგილი დროზე მოსვლით მაინც დაემსახურებინა. იმავე დროს იგი ხედავდა, რომ მრავალი სტუდენტის თვალი მისკენ იყო მიპყრობილი და გრძნობდა რამდენად დამამცირებელი იქნებოდა მისთვის ამ ადგილის დატოვება. მეორე მხრივ, მას სრულიადაც არ უნდოდა მოსვლისთანავე ჩხუბი აეტეხა და ისიც ისეთ საშიშ ადამიანთან, როგორიც დონ გარსია უნდა ყოფილიყო. ამიტომ იგი შეშფოთებული იყო, არ იცოდა რა ექნა და იმავე ადგილას იჯდა ანგარიშმიუცემლად, როცა ერთი სტუდენტი შემოვიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა. - აი დონ გარსია, - წასჩურჩულა დონ ჟუანს მისმა მეზობელმა.გარსია მხარბეჭიანი, ტანადი ყმაწვილი იყო, მას მზით დამწვარი პირისაკენ, ამაყი გამოხედვა და დამცინავი ტუჩების მოყვანილობა ჰქონდა. გახუნებული ტანისამოსი ეცვა, რომელიც ერთ დროს შავი ფერისა უნდა ყოფილიყო, და გაცრეცილი წამოსასხამი ეხურა; მკერდზე გრძელი ოქროს ჯაჭვი ეკიდა. ცნობილია, რომ როგორც სალამანკის, ისე ესპანეთის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები თითქოს თავმოყვარეობის საკითხავად სთვლიდნენ დაფლეთილი ტანისამოსის ტარებას; ალბათ ამით იმის დამტკიცება უნდოდათ, რომ ჭეშმარიტ ღირსებას არ სჭირია ბედის მიერ ნაწყალობევი სამკაულიო.დონ გარსია მიუახლოვდა სკამს, სადაც დონ ჟუანი იჯდა და ზრდილობიანად მიესალმა: - ბატონო სტუდენტო, - თქვა მან, - თქვენ ახალმოსული ბრძანდებით; მაგრამ მე მაინც კარგად ვიცი თქვენი სახელი. ჩვენი მამები დიდი მეგობრები ყოფილან და, თუ თქვენ ნებას დამრთავთ, არც შვილები იქნებიან ნაკლები.ამ სიტყვებით მან მეგობრულად ხელი გაუწოდა დონ-ჟუანს. დონ ჟუანმა, რომელიც სულ სხვა შეხვედრას ელოდა, მხურვალედ მიიღო დონ გარსიას თავაზიანობა და უპასუხა, რომ მეტად დავალებული ვიქნები ისეთი რაინდის მეგობრობით, როგორიც თქვენ ბრძანდებითო.

– თქვენ ჯერ კიდევ ვერ იცნობთ სალამანკას, - განაგრძო დონ გარსიამ: - თუ მოისურვებთ, რომ წინამძღოლობა გაგიწიოთ, სიამოვნებით ყოველ კუნჭულს გაჩვენებთ ამ ქალაქში, სადაც თქვენ ცხოვრებას აპირებთ.შემდეგ იგი დონ ჟუანის მეზობელ სტუდენტს მიუბრუნდა და უთხრა: – შენ ჰეი, პერიკო, აიბარგე აქედან. ხომ არ ფიქრობ შენისთანა გლეხუჭამ ამფსონობა გაუწიოს ისეთ კეთილშობილს, როგორიც დონ ჟუან დე მარანია ბრძანდება? - ამ სიტყვებით მან ტლანქად ხელი ჰკრა სტუდენტს და მის მიერ განთავისუფლებულ ადგილზე დაჯდა.როცა ლექცია დამთავრდა, დონ გარსიამ თავისი მისამართი მისცა ახალ მეგობარს და აღთქმა დაადებინა - გინახულებო. შემდეგ გამოემშვიდობა ხელის ლამაზი და ძალდაუტანებელი მოძრაობით, მოხდენილად გაეხვია თავის დაფაცხავებულს წამოსასხამში და გავიდა.დონ ჟუანი იღლიაში გაჩრილი წიგნებით კოლეგიის გალერეაში შეჩერდა, რათა კედლის ძველი წარწერები დაეთვალიერებინა, უცებ მას მიუახლოვდა პირველად გაცნობილი სტუდენტი, თითქოს მასაც იმავე წარწერების წაკითხვა სდომებოდეს. დონ ჟუანმა თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ გიცანიო და წასვლა დააპირა, მაგრამ სტუდენტმა ხელი სტაცა წამოსასხამში.

– ბატონო დონ ჟუან, - თქვა მან, - თუ არ გეჩქარებათ, კეთილი ინებეთ და ორიოდე წუთი მაჩუქეთ სალაპარაკოდ.

– დიდი სიამოვნებით, - უპასუხა დონ ჟუანმა და სვეტს მიეყრდნო, - გისმენთ.

პერიკომ გარშემო მიმოიხედა შემკრთალი თვალებით, თითქოს ეშინია, არავინ მითვალთვალებდესო, შემდეგ დონ ჟუანს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა, რაიცა ზედმეტი სიფრთხილე იყო, იმიტომ რომ მათ გარდა არავინ იმყოფებოდა ამ ფართო გოთიკურ გალერეაში.

– ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, ბატონო დონ ჟუან, - იკითხა მან ერთის დუმილის შემდეგ, ყრუ და თითქმის მთრთოლვარე ხმით, - მამათქვენი მართლა იცნობდა დონ გარსია ნავაროს მამას თუ არა?

დონ ჟუანს სახეზე გაოცება დაეტყო: - განა თქვენ ეს არის დონ გარსიას ნათქვამი არ მოისმინეთ?

– ჰო, - უპასუხა სტუდენტმა კიდევ უფრო დაბალი ხმით: - მაგრამ განა თქვენ თვით მამათქვენისაგან ოდესმე გაგიგონიათ, რომ მას ბატონი ნავარო სცნობოდეს?

– ჰო, რასაკვირველია, იმათ ერთად უბრძოლიათ მორისკების წინააღმდეგ.

_ძალიან კარგი; გსმენიათ თუ არა ოდესმე, რომ იმ აზნაურს... ვაჟი ჰყოლოდეს?

– მართალი მოგახსენოთ, არასოდეს დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მამაჩემის ნათქვამისათვის ამ საგანზე... მაგრამ რა საჭიროა ეს კითხვები? განა დონ გარსია ბატონ ნავაროს ვაჟი არ არის? განა იგი უკანონო შვილია?

– ვიმოწმებ ზეცას, რომ არაფერი ამის მსგავსი არ მითქვამს, - წამოიძახა შეშინებულმა სტუდენტმა და გაიხედა სვეტის უკან, რომელზეც დონ ჟუანი იყო მიყრდნობილი: - მე მხოლოდ მინდოდა მეკითხა, ხომ არ მოაღწია თქვენს ყურამდე უცნაურმა ამბავმა, რომელსაც ბევრი ლაპარაკობს ამ დონ გარსიას შესახებ?

– მე არაფერი გამიგონია.

– ამბობენ, რომ.... მაგრამ დაიხსომეთ, რომ მე მხოლოდ ვიმეორებ სხვისგან გაგონილს... ამბობენ, რომ დონ დიეგო ნავაროს ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ისე მძიმედ და უცნაურად გამხდარა ავად ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში, რომ ექიმებს ვერაფერი უწამლიათ. მაშინ მამამ, რომელსაც სხვა შვილი არ ჰყავდა, მრავალი შესაწირავი გაგზავნა სხვადასხვა სალოცავ ადგილებში, წმინდა ნაწილები შეახებინა ავადმყოფს, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ერთ დღეს, როგორც დამარწმუნეს... წმინდა მიქელ მთავარ ანგელოზის ხატს შეხედა და უთხრა: - რადგან შენ არ შეგიძლია ჩემი ვაჟის ხსნა, მე მინდა ვსინჯო, მეტი ძალა ხომ არა აქვს ეშმაკს, რომელიც შენს ფერხთქვეშ ძევსო.

– ეს საშინელი მკრეხელობაა! - წამოიძახა აღშფოთებულა დონ ჟუანმა.ცოტა ხნის შემდეგ ბავშვი მორჩა... და ეს ბავშვი დონ გარსია გახლავთ!..

– და ამ დღიდან დონ გარსიას არსებაში ეშმაკი ჩასახლდა,-თქვა სიცილით დონ გარსიამ, რომელიც იმ წუთს გამოჩნდა; როგორც ეტყობოდა, მან მთელი საუბარი მოისმინა მახლობელი სვეტის უკან დამალულმა. - ჭეშმარიტად გეტყვი, პერიკო, - უთხრა მან გაოცებულ სტუდენტს, ცივი და დამამცირებელი კილოთი, - თქვენ რომ ლაჩარი არ იყოთ, შეგანანებდით იმ სითამამეს, რაც ჩემზე ლაპარაკში გამოიჩინეთ. ბატონო დონ ჟუან , - მიმართა მან მარანიას, - როცა უკეთ გამიცნობთ, დროს აღარ დაჰკარგავთ ამ ყბედის მოსმენით. და აი, თუ გნებავთ დაგიმტკიცოთ, რომ მე ეშმაკის კერძი არა ვარ, პატივი დამდეთ და ახლავე გამომყევით წმინდა პეტრეს ეკლესიაში; როცა იქ ღვთისმოსაობის ვალს მოვიხდით, ნება დამრთეთ, უბრალო სადილზე დაგპატიჟოთ რამდენიმე ამხანაგთან ერთად.მაშინვე ხელი გაუყარა დონ ჟუანს, რომელიც დარცხვენილი იყო, რომ მიასწრეს, როცა პერიკოს უცნაურ ამბავს ისმენდა, და უყოყმანოდ მიიღო თავისი ახალი ამხანაგის წინადადება; უნდოდა დაემტკიცებინა, არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევ ორიოდე წუთის წინათ მოსმენილ ცილისწამებასო.წმინდა პეტრეს ეკლესიაში შესვლისთანავე დონ ჟუანმა და დონ გარსიამ მუხლი მოიდრიკეს საკურთხევლის წინაშე, რომლის გარშემო მრავალ მორწმუნეს მოეყარა თავი. დონ ჟუანი დაბალი ხმით ლოცულობდა; და თუმცა იგი საკმაოდ დიდხანს დარჩა ასეთ მოკრძალებულ მდგომარეობაში, როცა თავი ასწია, დაინახა, რომ მისი ამხანაგი, შეპყრობილი, წყნარად ამოძრავებდა ტუჩებს; ეტყობოდა ჯერ სულიერ ჩაღრმავების საზღვრამდე არ მისულიყო. დონ ჟუანს ცოტა არ იყოს შერცხვა, რომ ასე ჩქარა გაათავა და ჩურჩულით დაიწყო ყველა იმ სავედრებლის გამეორება, რომელიც კი აგონდებოდა. მაგრამ ესეც გათავდა, ხოლო დონ გარსია მაინც არ იძროდა. დონ ჟუანმა უგულოდ კიდევ რამდენიმე პატარა ლოცვა წარმოსთქვა, მაგრამ დაინახა, რომ მისი ამხანაგი ისევ უმოძრაოდ იყო და გაიფიქრა, უფლება მაქვს ცოტათი მივიხედ-მოვიხედო და დრო შევამოკლო იმ დაუსრულებელი ლოცვის ლოდინშიო. მისი ყურადღება უწინარეს ყოვლისა მიიპყრო სამმა ქალმა, რომელნიც მუხლმოდრეკილნი იყვნენ თურქულ ხალიჩაზე. ერთი მათგანი, როგორც წლოვანებასა, სათვალესა და თავსახურავზე ეტყობოდა, აღმზრდელი ქალი უნდა ყოფილიყო. ორი დანარჩენი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი იყო, ისინი იმდენად თავდახრილნი იყვნენ კრიალოსანზე, რომ კაცი ვერც კი დაინახავდა მათ დიდს, ცოცხალ და მეტყველ თვალებს. დონ ჟუანმა ისეთი სიამოვნება იგრძნო ერთი ამ ქალთაგანის დანახვით, რაც ამ წმინდა ადგილს არ შეეფერებოდა. დაავიწყდა, რომ მისი ამხანაგი ლოცულობდა, ხელი შეახო და ხმადაბლა ჰკითხა: – ვინაა ეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში ქარვის კრიალოსანი უჭირავს?

– ესო, - უპასუხა გარსიამ სრულიად შეუშფოთებლად ხელის შეშლის მიუხედავად, - დონა ტერესა დე ონედა არის; ხოლო მეორე, მისი უფროსი და დონა ფაუსტაა, ორივე კასტილიის საბჭოს აუდიტორის შვილებია. მე უფროსს ვეტრფიალები; შენ ეცადე უმცროსი შეიყვარო. შეხედე, ისინი დგებიან და ეკლესიიდან მიდიან; დავუჩქაროთ და ეტლში ჩაჯდომისას მივუსწროთ; შეიძლება ქარმა მათი ქვედატანი ააფრიალოს და ჩვენ ერთი ან ორი ლამაზი ფეხი დავინახოთ.დონ ჟუანი იმდენად აღელვებული იყო დონა ტერესას მშვენებით, რომ ყურადღება არ მიაქცია ამ სიტყვების უმართებულობას: იგი დონ გარსიას გაჰყვა ეკლესიის ბჭემდე და შეხედა, როგორ ჩასხდნენ ეს კეთილშობილი ქალები თავიანთ ეტლში, გასცილდნენ ეკლესიიდან მოედანს და გაემართნენ გამვლელ-გამოვლელით სავსე ქუჩისაკენ. დონ გარსიამ ქუდი ჩამოიფხატა და მხიარულად წამოიძახა: – აი საუცხოო ქალები! ეშმაკის კერძი ვიყო, თუ უფროსი ჩემი არ გახდეს, სანამ ათი დღე გაივლიდეს! თქვენ რაღა ჰქენით, ცოტათი მაინც ვერ წასწიეთ წინ თქვენი საქმე უმცროსთან?

– როგორ უნდა წამეწია? - ჰკითხა დონ ჟუანმა გულუბრყვილოდ, - მე ხომ მას პირველად ვხედავ!

– სწორედ რომ დიდი ამბავია! - წამოიძახა დონ გარსიამ, - თქვენ გგონიათ, რომ მე დიდი ხანია ფაუსტას ვიცნობ? მაგრამ დღეს მაინც მოვახერხე და წერილი ჩავუდე ხელში, მან იგი კარგად მიიღო.

– წერილი? მე არც დამინახავს, როდის დასწერეთ!..

– მე ყოველთვის თან დამაქვს გამზადებული წერილი და, რადგან შიგ სახელი არ სწერია, ყველა ქალისათვის გამოდგება, მხოლოდ კაცი უნდა ეცადოს არ იხმაროს სახიფათო ეპითეტები თვალების ან თმის ფერზე. რაც შეეხება ოხვრას, ცრემლებს და კაეშანს, ეს ყოველ ქალს ერთნაირად შეეფერება, სულ ერთია, შავგვრემანია იგი თუ ქერა, გათხოვილია თუ გაუთხოვარი.ასეთ საუბარში დონ გარსიამ და დონ ჟუანმა მიაღწიეს იმ სახლის შესასვლელს, სადაც მათ სადილი ელოდათ. ეს იყო სტუდენტური ტრაპეზი, უფრო უხვი, ვიდრე ფაქიზი და მრავალფერადი: პილპილიანი სანელებლები, მლაშე ხორცეული და მწნილი მადას აღიზიანებდა და წყურვილს იწვევდა. ამასთანავე ბლომად იყო ლამანჩისა და ანდალუზიის ღვინოც, რამდენიმე სტუდენტი, დონ გარსიას მეგობარი, მის მოსვლას ელოდა. მაშინვე სუფრას მოუსხდნენ და რამდენიმე ხნის განმავლობაში არავითარი ხმაურობა არ ისმოდა გარდა ყბების მუშაობისა და ჭიქების წკარუნისა. ჩქარა ღვინომ თანამეინახენი გაამხიარულა, და მათ ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს. იგი ეხებოდა მხოლოდ ხმალში გაწვევასა, სიყვარულსა და სტუდენტურ ცელქობის ამბებს. ერთმა მათგანმა ამხანაგებს უამბო, როგორ მოატყუა თავისი დიასახლისი და როცა ბინის ქირის გადახდის დრო მოვიდა, სწორედ წინა დღით გაიპარა ოთახიდან. მეორემ რომელიღაც სერიოზული ღვთისმეტყველი პროფესორის სახელით ღვინის ვაჭარს რამდენიმე თუნგი ღვინო შეუკვეთა და თავის ბინაზე გააგზავნინა, ხოლო პროფესორს ანგარიშის გასწორება დაუთმო. მესამემ ღამის დარაჯი გალახა; მეოთხე საყვარელთან შეიპყრეს თოკის კიბით, ეჭვიანი ქმრის სიფრთხილის მიუხედავად. ერთხანს დონ ჟუანი გაოცებული ისმენდა ამ უწესო ამბებს, დალეულმა ღვინომ თუ მოქეიფეთა მხიარულებამ ნელ-ნელა სძლია მის მორცხვობას. ეს ამბები მასში სიცილს იწვევდა; შეშურდა კიდეც ზოგიერთი თავისი ახალი ნაცნობის მოხერხება და ოინბაზობა. მას დაავიწყდა ბრძნული პრინციპები, რომლებიც უნივერსიტეტში მოიტანა, და ახლა სტუდენტების ყოფაქცევა წაბაძვის ღირსად მიიჩნია; ამ ყოფაქცევის მთავარი დებულება კი უბრალოდ იმაში მდგომარეობდა, რომ სტუდენტობა ერთ ბანაკს წარმოადგენს, ხოლო უნივერსიტეტის სიების გარეშე დარჩენილი კაცობრიობა მეორეს: ამიტომ პირველს უფლება აქვს ამ უკანასკნელს ისე მოეპყრას, როგორც ებრაელები ქანანეველებს ეპყრობოდნენო. მაგრამ რადგან ბატონი კორეხიდორი სამწუხაროდ ნაკლები პატივისცემით ეპყრობა უნივერსიტეტის წმინდა კანონებს და მხოლოდ საბაბს ეძებს, რომ სტუდენტები დაარბიოს, ეს უკანასკნელნი უნდა გაერთიანდნენ, როგორც ძმები, ერთმანეთს დაეხმარონ და, უწინარეს ყოვლისა, შეუბღალავად შეინახონ საიდუმლოებაო.ეს ჭკუის სასწავლებელი საუბარი იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ ბოთლები დაიცლებოდა. როცა წვეთი ღვინო აღარ დარჩა, მსჯელობის ნიჭი ყველას საოცრად დაუჩლუნგდა და ძილი მოერია. ასე რომ მზე კიდევ შუბის ტარზე იყო, როცა ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და დასაძინებლად წავიდნენ. დონ ჟუანი დონ გარსიას გაჰყვა დასასვენებლად. ვერც კი მოასწრო ტყავის ლეიბზე დაწოლა, რომ დაღლილობისა და ღვინის გავლენით ღრმა ძილს მიეცა. დიდი ხნის განმავლობაში მისი სიზმრები იმდენად ბუნდოვანი და უცნაური იყო, რომ იგი მხოლოდ საერთო სისუსტეს გრძნობდა და ვერ გარკვეულიყო, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა სიზმრის სახეები უფრო ნათლად და თანმიმდევრობით წარმოუდგა. მას ესიზმრებოდა, თითქოს ნავში იჯდა და რომელიღაც დიდს მდინარეზე მიცურავდა, რომელიც უფრო ფართო და მღვრიე იყო, ვიდრე ოდესმე გვადალკვივირი უნახავს ზამთარში. ნავს არც ნიჩაბი ჰქონდა, არც იალქანი, არც საჭე, ხოლო მდინარის ნაპირი უდაბური იყო. ჩქარა მდინარე შევიწროვდა, ისე რომ მას თავისუფლად შეძლო ორივე ნაპირის დანახვა და იქ მყოფთათვის თავისი ხმის მიწვდენაც. უცებ ორივე ნაპირას გამოჩნდა ორი ნათელი ფიგურა, რომელნიც მისკენ გამოემართნენ თითქოს დასახმარებლად. პირი იბრუნა მარჯვნივ და დაინახა მკაცრი და დაფიქრებული მოხუცის ფიგურა, რომელიც ფეხშიშველი იყო, ხოლო ტანზე ეკლიანი ფლასი ეცვა. იგი ხელს უწვდიდა დონ ჟუანს. მარცხენა ნაპირას მან დაინახა მაღალი, კეთილშობილი და მიმზიდველი სახის ქალი, რომელიც ყვავილების გვირგვინს უწვდიდა. იმავე დროს შეამჩნია, რომ ნავი მისი სურვილისამებრ მიდიოდა, მაგრამ არა ნიჩბებისა, არამედ მხოლოდ მისი ნებისყოფის წყალობით. იგი ემზადებოდა ნაპირზე გადამხტარიყო ქალის მხარეს, როცა მარჯვენა ნაპირიდან წამოსულმა ყვირილმა თავი მიაბრუნებინა. მოხუცს ახლა კიდევ უფრო მკაცრი შეხედულება ჰქონდა. მთელი მისი დალურჯებული და თითქოს სისხლდაცლილი სხეული შემხმარი სისხლით იყო დაფარული. ერთს ხელში მას ეკლის გვირგვინი ეჭირა, ხოლო მეორეში რკინისკბილებიანი ჯოხი. ამ სურათის დანახვაზე დონ ჟუანი შეძრწუნდა: იგი საჩქაროდ მიადგა მარცხენა ნაპირს. მოჩვენება, რომელმაც ასე მოხიბლა, კიდევ იქ იმყოფებოდა; ქალის თმა ქარს გაეშალა, მისი თვალები ზებუნებრივ ცეცხლს გაენათებინა, ხოლო გვირგვინის მაგივრად ხელში უკვე მახვილი ეპყრა. დონ ჟუანი შეჩერდა ერთ წუთს, სანამ მიწაზე გადახტებოდა, დააშტერდა მახვილს და დაინახა, რომ მახვილის პირი და ქალის ხელი გაწითლებული იყო სისხლით. იგი ძრწოლამ მოიცვა და უცებ გამოეღვიძა. თვალის გახელისთანავე ძალაუნებურად შეჰყვირა მახვილის დანახვაზე, რომელიც პრიალებდა ორიოდე ფეხის გადადგმაზე საწოლიდან, მაგრამ იგი ხელში მშვენიერ ასულს როდი ეჭირა. დონ გარსია მეგობრის გამოსაღვიძებლად მოსულიყო და, რადგან ლოგინის მახლობლად უცხოდ შემკული დაშნა დაენახა, ხელში აეღო და უცქეროდა მცოდნის თვალით. პირზე ეს წარწერა ჰქონდა: „იყავი ერთგული“, ხოლო ტარს, როგორც უკვე მოვიხსენიეთ, მარანიანთა გვარის ღერბი და დევიზი ამკობდა.

– თქვენ მშვენიერი დაშნა გქონიათ, ამხანაგო, - თქვა დონ გარსიამ... - ალბათ საკმაოდ დაისვენეთ. უკვე დაღამდა, ცოტათი გავისეირნოთ, ხოლო როცა პატიოსანი მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, თუ გნებავთ, წავიდეთ და სერენადა ვუმღეროთ გულის ღმერთებს.დონ ჟუანმა და დონ გარსიამ ერთხანს ისეირნეს სუფთა ტორმესის ნაპირას, სადაც ქალები ჰაერის ჩასაყლაპავად ან თავიანთი მიჯნურების სანახავად გამოსულიყვნენ. თანდათან მოსეირნეების რიცხვი შემცირდა და შემდეგ უცებ გაჰქრა.

– დადგა დრო, როცა მთელი ქალაქი სტუდენტებს ეკუთვნის, - თქვა გარსიამ, - ფილისტერები ვერ გაბედავენ ხელი შეგვიშალონ უმანკო თავის გართობაში. რაც შეეხება ღამის დარაჯებს, თუ შემთხვევით მათთან რამეში შეტაკება მოგვიხდა, მე ზედმეტად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არამზადები არ უნდა დავინდოთ. მაგრამ თუ ეს ყმაწვილები ბევრი აღმოჩნდნენ და საქმე ფეხის სიმარდეზე მიდგა, ნუ შეშფოთდებით: მე კარგად ვიცნობ ყოველ მოსახვევს და ყოველ შუკას; თქვენ მხოლოდ ფეხდაფეხ მომყევით და ყოველივე მშვენივრად მოეწყობა.ამ ლაპარაკის დროს მან მარცხენა მხარზე გადაიგდო თავისი წამოსასხამი იმნაირად, რომ თითქმის მთელი ტანი დაიფარა, მხოლოდ მარჯვენა ხელი დატოვა თავისუფლად. დონ ჟუანმაც იგივე ჰქნა და შემდეგ ორივენი იმ ქუჩისაკენ გაემართნენ, სადაც დონა ფაუსტი და მისი და ცხოვრობდნენ. როცა ერთ-ერთი ეკლესიის კარიბჭეს ჩაუარეს, დონ გარსიამ დაუსტვინა. უცებ გაჩნდა მისი პაჟი, რომელსაც ხელში გიტარა ეჭირა. დონ გარსიამ საკრავი ჩამოართვა, ხოლო პაჟი გაისტუმრა.

– როგორც ვხედავ, - თქვა დონ ჟუანმა, - როცა მეგობრებმა ვალიადოლიდის ქუჩას მიაღწიეს, - თქვენ გინდათ თქვენი სერენადის მცველად გამომიყვანოთ; დარწმუნებული იყავით, რომ მე შევძლებ თქვენი ნდობის დამსახურებას. ჩემს სამშობლო სევილიაში სამუდამოდ შევრცხვებოდი, რომ ქუჩის დაცვა არ შემძლებოდა თავდამსხმელებისაგან.

– მე სრულიადაც თქვენი დარაჯად დაყენება არ მინდა, - უპასუხა დონ გარსიამ. - მე აქ სიყვარულმა მომიყვანა, აგრეთვე თქვენც. ყოველ ჩვენგანს თავისი გარეული ფრინველი ჰყავს მოსანადირებელი. სსს! აი სახლიც, თქვენ იმ ფანჯარასთან დადექით, მე აქ დავდგები, და მზად ვიყოთ!დონ გარსიამ გიტარა ააწყო და საკმაოდ სასიამოვნო ხმით დაიწყო რომანსის დამღერება, სადაც, როგორც მიღებულია, ლაპარაკი იყო ცრემლებზე, ოხვრასა და ამგვარ რამეებზე, არ ვიცი, თვით მისი შეთხზული იყო თუ არა.მესამე თუ მეოთხე სეგიდილიას შემდეგ ორივე ფანჯრის დარაბა წყნარად გაიღო და ნელი ჩახველება მოისმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გისმენთო. დონ გარსიამ ქვაზე დადო თავისი გიტარა და დაბალი ხმით საუბარი გააბა ერთ-ერთ ფანჯარაში მდგომ ქალთან.დონ ჟუანმაც ზევით აიხედა და დაინახა, რომ ფანჯრიდან მას ქალი უცქეროდა ყურადღებით. ცხადი იყო, ეს დონ ფაუსტას და უნდა ყოფილიყო, რომელიც საკუთარმა გემოვნებამ და მეგობრის არჩევანმა მისი ოცნების ქალბატონად გახადა. მაგრამ დონ ჟუანი ჯერ კიდევ მორცხვი და გამოუცდელი იყო და არ იცოდა, როგორ დაეწყო. უცებ ფანჯრიდან ცხვირსახოცი გადმოვარდა და თან ნაზი ხმა გაისმა: „ოჰ, ღმერთო ჩემო! ცხვირსახოცი გადამივარდა“. დონ ჟუანმა ცხვირსახოცი აიღო, მახვილის წვერს მიაბა და ფანჯარაში მიაწოდა. ეს საუკეთესო საშუალება იყო საქმის გასაჩარხავად. იმავე ხმამ დაიწყო მადლობის გადახდა; შემდეგ იკითხა, ბატონი რაინდი, რომელმაც ესოდენ თავაზიანობა გამოიჩინა დილით წმინდა პეტრეს ეკლესიაში ხომ არ ბრძანებულაო, - დონ ჟუანმა უპასუხა, დიახ, გახლდით და სულიერი მშვიდობა იქ დავკარგეო. - როგორ? - თქვენი დანახვის წყალობითო.ყინული უკვე გატეხილი იყო. დონ ჟუანი სევილიელი იყო და ზეპირად იცოდა ყველა მავრული რომანსი, რომლის ენა ესოდენ მდიდარია სიყვარულის სიტყვებით, ამიტომ მისთვის ძნელი არ იყო მჭერმეტყველების გამოჩენა. საუბარი დაახლოებით ერთს საათს გაგრძელდა. ბოლოს ტერესამ წამოიძახა, მამაჩემის ფეხის ხმა მესმის და უნდა ერთმანეთს განვშორდეთო. მაგრამ მიჯნურები ქუჩაში იდგნენ, სანამ ერთხელ კიდევ ფანჯარაში ორი პატარა ხელი არ გამოჩნდა და თითოეულ მათგანს იასამნის შტო არ გადმოუგდო. დონ ჟუანი დასაძინებლად წავიდა, მისი თავი მომაჯადოვებელი სახეებით იყო სავსე. რაც შეეხება დონ გარსიას, იგი ღვინის სარდაფში შევიდა და თითქმის მთელი ღამე იქ გაატარა.მეორე საღამოს ხელახლა დაიწყო ოხვრა და სერენადები. იგივე განმეორდა რამდენიმე დღეს. სათანადო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ქალები დათანხმდნენ თმის კულულები გაეცვალათ თავიანთი მიჯნურებისათვის და ძაფის შემწეობით მოახდინეს ამ სიყვარულის საწინდრის გაცვლა-გამოცვლა. დონ გარსია ისეთი ადამიანი არ იყო, რომ ამ წვრილმანით დაკმაყოფილებულიყო და ლაპარაკი ჩამოაგდო თოკის კიბესა და გასაღებზე; მაგრამ ქალებმა ეს გადაჭარბებულ სითამამედ მიიჩნიეს, და მისი წინადადება თუ უარყოფილი არა, ყოველ შემთხვევაში, გადადებულ იქნა.თითქმის მთელი თვის განმავლობაში დონ ჟუანი და დონ გარსია უნაყოფოდ ღუღუნებდნენ თავიანთი სატრფოების ფანჯრებთან. ერთ ბნელ ღამეს ისინი თავიანთ ჩვეულებრივ სადარაჯოზე იდგნენ, და საუბარი მიმდინარეობდა ორივე მსმენელის სასიამოვნოდ, რომ ქუჩის თავში შვიდი თუ რვა მამაკაცი გამოჩნდა, წამოსასხამებში გამოწყობილი; სამ თუ ოთხ მათგანს ხელში მუსიკალური საკრავი ეჭირა.

– ღმერთო ჩემო, - წამოიძახა ტერესამ, - აი დონ ქრისტობალეც მოდის, რათა სერენადა გვიმღეროს, თუ ღმერთი გწამთ, ახლავე წადით, თორემ რაიმე უბედურება მოხდება!ჩვენ არავის დავუთმობთ ასეთ მშვენიერ ადგილს, - შესძახა დონ გარსიამ, შემდეგ მაღალი ხმით მიმართა რაინდს, რომელიც წინ მოდიოდა; - რაინდო, ეს ადგილი დაკავებულია და ამ ქალბატონებს სრულიადაც არ ეპრიანებათ თქვენი მუსიკა; კეთილინებეთ, და სხვაგან სცადეთ თქვენი ბედი.

– აქ ვიღაც არამზადა სტუდენტი გზაზე გვეღობება! - იმწუთშივე ორი მისი თანხმლების მახვილმაც გაიელვა. დონ გარსიამ მკვირცხლად ხელზე შემოიხვია თავისი წამოსასხამი. დაშნა შეათამაშა ჰაერში და დაიძახა: - ჩემკენ სტუდენტებო! მაგრამ არავინ იყო ახლო-მახლო. მემუსიკეებს შეეშინდათ, რომ შეტაკებაში საკრავები დაემტვრეოდათ და გაიქცნენ დარაჯების დასაძახებლად, ხოლო ფანჯარაში გადმომდგარი ქალები შველას სთხოვდნენ სამოთხის ყველა წმინდანს.პირველად დონ ჟუანი შეეჯახა დონ ქრისტობალეს და იძულებული გახდა თავი დაეცვა. მისი მოწინააღმდეგე მარდი იყო, ამას გარდა მარცხენა ხელზე პატარა რკინის ფარი ჰქონდა, რომლითაც იგი შემოკვრას იგერიებდა. დონ ჟუანს კი არაფერი გააჩნდა გარდა თავის დაშნისა და წამოსასხამისა, დიდად შეჭირვებულს მდგომარეობაში მას გაახსენდა თავისი სამხედრო ოსტატის, ბატონ უბერტის მიერ ნასწავლი წესი. იგი მარცხენა ხელზე დაეცა, ხოლო მარჯვენათი დონ ქრისტობალეს ფერდში, საფარს ქვემოთ დაშნა ატაკა ისეთი სიძლიერით, რომ ფოლადი ერთი მტკაველის სიგრძეზე შევიდა სხეულში და გადატყდა კიდეც. დონ ქრისტობალემ დაიღრიალა და ძირს დაეცა თავისივე სისხლის მორევში. ამ შეტაკების დროს, რომელიც ერთი თვალის დახამხამებაში გათავდა, დონ გარსია ვაჟკაცურად თავს იცავდა ორი მოწინააღმდეგისაგან, რომელთაც მაშინვე მოკურცხლეს, როგორც კი ბელადი წაქცეული დაინახეს.

– ახლა კი თავს ვუშველოთ, - წამოიძახა დონს გარსიამ, - ხუმრობის დრო აღარ არის, მშვიდობით, ჩემო ლამაზებო! და მან თან გაიტაცა დონ ჟუანი, რომელიც შეშფოთებული იყო თავისი გამარჯვებით. როცა სახლს მიუახლოვდნენ, დონ გარსია შეჩერდა და თავის მეგობარს ჰკითხა, რა უყავი დაშნაო.

– ჩემი დაშნა! - წამოიძახა დონ გარსიამ, - ტარზე ხომ თქვენი სახელი და გვარია ამოჭრილი.ამ დროს მახლობელი სახლებიდან ხალხი გამოვარდა ლამპრებით და თავი მოიყარა მომაკვდავის გარშემო. ქუჩაში მეორე მხრიდან შეიარაღებული კაცები მოისწრაფოდნენ, უეჭველი, ეს ღამის დარაჯები იყვნენ, რომელნიც მემუსიკეების ყვირილსა და ბრძოლის ხმას მოეზიდა.დონ გარსიამ ჩამოიფხატა ქუდი, წამოსასხამით დაიფარა პირისახის ქვედა ნაწილი, რათა არავის ეცნო, და საფრთხის მიუხედავად ბრბოში შეიჭრა: ფიქრობდა, თუ დაშნა ვერ ვიპოვე, დამნაშავეს უეჭველად აღმოაჩენენო. დონ ჟუანი უცქეროდა, როგორ ურტყამდა იგი მარჯვნივ და მარცხნივ, აქრობდა ლამპრებს და ძირს ამხობდა ყველაფერს, რაც კი გზაზე ეღობებოდა. ჩქარა უკანვე მოვარდა, თითო ხელში თითო დაშნა ეჭირა: დარაჯების მთელი რაზმი უკან მოსდევდა.

– ეჰ, დონ გარსია, - წამოიძახა დონ ჟუანმა და გამოწვდილი დაშნა გამოართვა, - როგორი მადლობელი ვარ!

– გავიქცეთ, გავიქცეთ! - შესძახა დონ გარსიამ, - უკან მომდიეთ და თუ რომელიმე არამზადა დაგეწიათ, მასაც ისევე მოხერხებულად აძგერეთ, როგორც იმ რაინდს.ორივემ მოკურცხლეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მათი ძალ-ღონე ამ შემთხვევაში გაათკეცებული იყო ქალაქის მოურავის შიშით. ეს ხელისუფლება საფრთხობელას წარმოადგენდა სტუდენტებისა და ავაზაკებისათვის.დონ გარსია თავისი ხუთი თითივით იცნობდა სალამანკას და მაქოსავით მიძვრებოდა ვიწრო ქუჩებში, მისი ამხანაგი კი გამოუცდელი იყო და დიდის გაჭირვებით მიჰყვებოდა უკან. ისინი უკვე არაქათგამოლეულნი იყვნენ, როცა ერთი ქუჩის კუთხეში სტუდენტების ჯგუფს შეეჩეხნენ, რომელნიც სიმღერითა და გიტარაზე დაკვრით დასეირნობდნენ. როგორც კი სტუდენტებმა დაინახეს, რომ მათ ამხანაგებს მოსდევდნენ, ხელი სტაცეს ქვებს, ჯოხებსა და ყოველგვარ შესაძლებელ იარაღს, ქანცგაწყვეტილმა მოისრეებმა შეუძლებლად სცნეს სტუდენტებთან ჩხუბის ატეხა. მათ გაცლა ამჯობინეს და ორივე დამნაშავე ცოტა ხნით მახლობელ ეკლესიას შეეფარა დასასვენებლად.კარიბჭეში დონ ჟუანს უნდოდა ქარქაშში ჩაეგდო თავისი დაშნა, იმიტომ, რომ როგორც ქრისტიანს, შეუფერებლად მიაჩნდა ღვთის სახლში შიშველი იარაღით შესვლა, მაგრამ ქარქაში წინააღმდეგობას უწევდა, და ფოლადი გაჭირვებით შედიოდა; ერთი სიტყვით, მან დაინახა, რომ დაშნა, რომელიც ხელთ ეჭირა, მისი არ იყო; ცხადი იყო, დონ გარსიას, სიჩქარის გამო, პირველი ხელში მოხვედრილი დაშნა წამოეღო, იგი ალბათ ან მიცვალებულისა იყო, ან რომელიმე მისი თანამგზავრისა. საქმე რთულდებოდა, დონ ჟუანმა მაშინვე გააფრთხილა თავისი მეგობარი, რომელიც უკვე საიმედო მრჩევლად მიაჩნდა.დონ გარსიამ შუბლი შეჭმუხნა, ტუჩები მოიკვნიტა, ქუდი ჩამოიფხატა და მოუსვენრად ბოლთის ცემა დაიწყო, ხოლო დონ ჟუანი ერთ ადგილას იდგა გაოგნებული და უსიამოვნო აღმოჩენის გამო და სინდისის ქენჯნას განიცდიდა. ნახევარი საათის ფიქრის შემდეგ, რის განმავლობაში დონ გარსიამ იმდენი მგრძნობიარობა გამოიჩინა, რომ ერთხელაც საყვედური არ უთქვამს, როგორ გაგივარდათ დაშნაო, ხელი მოჰკიდა დონ ჟუანს და უთხრა: - გამომყევით, მე მოვაგვარებ თქვენს საქმეს.ამ დროს მღვდელი გამოვიდა ეკლესიის საკურთხევლიდან და ქუჩაში გასვლას აპირებდა; დონ გარსიამ შეაჩერა.

– თუ არ ვცდები პატივი მაქვს ველაპარაკო მეცნიერ ლიცენციატ გომეცს? - თქვა მან და თავი მდაბლად დახარა.

– მე ჯერ არ ვარ ლიცენციატი, - უპასუხა მღვდელმა, რომელიც ეტყობოდა დიდად ნასიამოვნები იყო ამ პირფერობით, - მე მანუელ ტორდოიას მიწოდებენ და მზად ვარ გემსახუროთ.

– მამაო, - უთხრა დონ გარსიამ, - თქვენ სწორად ის პირი ბრძანდებით, რომელთანაც მე მსურდა მომელაპარაკნა, საქმე შეეხება სინდისის კაზუსს და, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებით ავტორი ცნობილი ტრაქტატის „ბუნებისათვის სინიდისისა“, რომელმაც ესოდენ მითქმა-მოთქმა გამოიწვია მადრიდში.მღვდელმა, რომელიც ქედმაღლობის ცოდვით იყო შეპყრობილი, წაილუღლუღა, რომ იგი არ იყო ავტორი ამ წიგნისა (რომელიც, ჩვენს შორის რომ ვთქვათ, არასოდეს არ არსებულა), მაგრამ ბევრს მუშაობდა მსგავსი საგნების გამოსარკვევად. დონ გარსიას გრძელი ლაპარაკისათვის არ ეცალა და უთხრა: - აი, მამაო, მოკლედ იმ საქმის შინაარსი, რისთვისაც თქვენი რჩევა მჭირდება. ერთს ჩემს მეგობარს დღეს, ერთი საათიც არ არის მას შემდეგ, ქუჩაში ვიღაცამ მიმართა შემდეგი სიტყვებით: რაინდო, მე აქ მახლობლად ბრძოლაში გამიწვიეს, ჩემს მოწინააღმდეგეს უფრო გრძელი დაშნა აქვს, ვიდრე მე; პატივი დამდეთ და თქვენი დაშნა მათხოვეთ, რათა თანასწორ პირობებში ვიბრძოლოთო. ჩემმა მეგობარმა მახვილი გაუცვალა იმ კაცს, ერთხანს ქუჩის კუთხეში უცდიდა საქმის გათავებას. როცა მახვილების წკრიალი შეწყდა, მან რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა, და რას ხედავს? მიწაზე გდია მოკლული კაცი, რომელიც მის მიერ ნათხოვარი დაშნით არის განგმირული. ამის შემდეგ იგი სასოწარკვეთილებაში იმყოფება, თავის თავს ჰკიცხავს თავაზიანობისათვის და შიშობს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა. მე ვცდილობ მის დამშვიდებას; მგონია, მან მისატევებელი ცოდვა ჩაიდინა იმიტომ, რომ დაშნა რომ არ ეთხოვებინა, ის ორი კაცი ერთმანეთს უსწორო იარაღით შეებრძოლებოდნენ. რას ფიქრობთ, მამაო? თქვენც ჩემი აზრის ბრძანდებით?მღვდელი დიდი ოსტატი არ იყო კაუზისტიკაში, მან ყურები ცქვიტა და შუბლის სრესა დაიწყო, როგორც ადამიანმა, რომელიც ციტატას დაეძებს, დონ ჟუანს კარგად ესმოდა საით უმიზნებდა დონ გარსია, მაგრამ არაფერი დაუმატა მის ნათქვამს, რადგან ეშინოდა საქმე არ გაეფუჭებინა.

– მამაო, - განაგრძო გარსიამ, - როგორც ჩანს, საკითხი მეტად რთულია, რაკი ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ყოყმანობს მის გადაჭრაში. თუ ნებას დაგვრთავთ, ხვალ გეახლებით თქვენი აზრის გასაგებად, მანამდე კი გთხოვთ ილოცოთ ან სხვა ალოცვინოთ მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად. ამ სიტყვებისთანავე მღვდელს ხელში ორი თუ სამი დუკატი ჩაუდო, რამაც მისი გული საბოლოოდ დაუმორჩილა ამ ღვთისნიერ, სინდისიერ და ხელგაშლილ ყმაწვილებს. მან ისინი დაარწმუნა, ხვალ ამავე ადგილას ჩემს აზრს გადმოგცემთ წერილობითი. დონ გარსიამ მადლობა გადაუხადა გულმხურვალედ, შემდეგ დაუმატა გულგრილი ტონით, თითქოს ლაპარაკი უმნიშვნელო წვრილმანს ეხებოდა, ვშიშობთ, რომ მართლმსაჯულებამ პასუხისმგებელნი არ გაგვხადოს ამ მკვლელობისათვის, ხოლო ღმერთთან, იმედია, თქვენ შეგვარიგებთო.

– მართლმსაჯულების მხრივ თქვენ არაფერი საფრთხე არ მოგელით, - თქვა მღვდელმა, - რაკი თქვენმა მეგობარმა მხოლოდ დაშნა ათხოვა, იგი კანონით ბოროტმოქმედებს თანამოზიარედ არ ჩაითვლება.

– ჰო, მამაო, მაგრამ თვით მკვლელი გაიქცა. იქ ჭრილობას გასინჯავენ, შეიძლება სისხლიანი დაშნაც იპოვონ... რა ვიცი? ამბობენ, რომ კანონის დამცველები საშინელი ადამიანები არიან.

– ჰო, მაგრამ თქვენ მოწმე ხართ, რომ მახვილი განათხოვრებული იყო?

– რასაკვირველია, - უპასუხა დონ გარსიამ, - მე ამას დავადასტურებ მთელი სამეფოს სამსჯავროს წინაშე, გარდა ამისა, - განაგრძო მან შემპარავი ხმით, თქვენც შეგიძლიათ დაშნის გაცვლის ამბავი დაამოწმოთ... აი საბუთი.

მან დონ ჟუანს დაშნა გამოართვა.

– შეხედეთ ამ დაშნას, - თქვა მან, - იგი არ ეტევა ქარქაშში.

მღვდელმა თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ მჯერა თქვენი მოყოლილი ამბავიო. იგი უსიტყვოდ ხელით სწონიდა მიღებულ დუკატებს და შიგ უცილობელ საბუთს პოულობდა ამ ორი ყმაწვილის სასარგებლოდ.

– ესეც არ იყოს, მამაო, - თქვა დონ გარსიამ მეტად ღვთისნიერი ხმით, - რას ნიშნავს მართლმსაჯულება? ჩვენ უმთავრესად ზეცასთან გვსურს შერიგება.

– ხვალამდის შვილებო, - თქვა მღვდელმა და წასვლა დააპირა.

– ხვალამდის , - უპასუხა დონ გარსიამ, - ხელზე გკოცნით და თქვენი იმედით ვრჩებით.

მღვდლის წასვლისთანავე დონ გარსია მხიარულად შეხტა.

– გაუმარჯოს სიმონიას, - წამოიძახა მან: - იმედია, ჩვენი მდგომარება გამოსწორდება. თუ მართლმსაჯულება კარზე მოგვადგა, ეს კეთილი მღვდელი იმ დუკატების გულისთვის, რაც უკვე მიიღო და რასაც მომავალში მოელის, მზად არის დაამოწმოს, რომ ჩვენ ისე უდანაშაულონი ვართ იმ რაინდის სიკვდილში, როგორც ახლად დაბადებული ბავშვი. ახლა კი შინ შედით, მაგრამ ფრთხილად იყავით და კარს ნურავის გაუღებთ; მე კი ქალაქში გავივლ-გამოვივლი და გავიგებ რა ხდება.დონ ჟუანი თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა გაუხდელი. მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭავს, თავის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და განსაკუთრებით, მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობდა. ყოველთვის, როცა ქუჩაში მიმავალი კაცის ფეხის ხმა მოესმოდა, ეგონა, ჩემს დასაჭერად მოდიანო. მაგრამ რადგან დაქანცული იყო და თავი სტუდენტური სადილის წყალობითაც დამძიმებული ჰქონდა, განთიადისას ჩაეძინა.

*

       უკვე საკმაოდ გამოძინებული იყო, როცა მსახურმა გააღვიძა და უთხრა, ვიღაც რიდეჩამოფარებულ ქალს სურს თქვენი ნახვაო. იმავე წუთში ქალი ოთახში შემოვიდა. იგი შავ წამოსასხამში იყო გახვეული, მხოლოდ ცალი თვალი უჩანდა. ეს თვალი მან ჯერ მსახურს მიაპყრო, შემდეგ დონ ჟუანს, თითქოს იმის სანიშნებლად, რომ მოწმის დასწრება არ მსურს ლაპარაკის დროსო. მსახური მაშინვე გავიდა. ქალი დაჯდა და დონ ჟუანს დააცქერდა დიდის ყურადღებით. საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან დაიწყო: – ბატონო რაინდო, ჩემი ქცევა ცოტა არ იყოს უცნაურია, და თქვენ უეჭველად ცუდი წარმოდგენა გექნებათ ჩემს შესახებ; მაგრამ როცა იმ ზრახვებს გაიცნობთ, რამაც აქ მომიყვანა, აღარ გამკიცხავთ. გუშინ თქვენ ბრძოლა გქონდათ ერთ აქაურ რაინდთან...

– მე, ქალბატონო! - წამოიძახა გაფითრებულმა დონ ჟუანმა. - გუშინ არც კი გამოვსულვარ ამ ოთახიდან...

– აზრი არა აქვს თავის მოკატუნებას ჩემს წინაშე, მე თქვენ გულახდილობის მაგალითი უნდა მოგცეთ, - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ქალმა წამოსასხამი გაიხსნა და დონ ჟუანმა დონა ტერესა იცნო, - ბატონო დონ ჟუან, - განაგრძო სახეშეწითლებულმა ქალმა, - უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენმა ვაჟკაცობამ დიდად გააღვივა ჩემი გრძნობა თქვენდამი. ჩემი აღელვების მიუხედავად, მე შევამჩნიე, რომ თქვენი მახვილი გატყდა და თქვენ იგი ძირს დააგდეთ ჩვენი სახლის შემოსასვლელთან. იმ დროს, როცა ხალხი დაჭრილის გარშემო ფუსფუსებდა, მე ძირს ჩავედი და მახვილის ტარი ავიღე. დათვალიერების დროს თქვენი გვარი ამოვიკითხე და მაშინვე მივხვდი, რა ხიფათი მოგელოდათ, თუ იგი თქვენს მტრებს ჩაუვარდებოდა ხელში. აჰა, მიიღეთ, დიდად ბედნიერი ვარ, რომ მისი გადმოცემა შევძელი.როგორც მოსალოდნელი იყო, დონ ჟუანი მუხლებზე დაეცა, მადლობა გადაუხადა სიცოცხლის ჩუქებისათვის, მაგრა ისიც უთხრა, რომ ეს საჩუქარი არაფრად მიღირს, იმიტომ რომ სულ ერთია სიყვარულით მკლავთო. დონა ტერესას ეჩქარებოდა და დაუყონებლივ უნდოდა წასვლა; მაგრამ დონ ჟუანის სიტყვები იმდენად სიამოვნებდა, რომ ვერ გადაწყვიტა განშორება. თითქმის ერთმა საათმა განვლო ამრიგად აღსავსე საუკუნო სიყვარულის შეფიცვით, ხელების კოცნით, მუდარით ერთის მხრივ, სუსტი უარის თქმით მეორე მხრივ. უცებ დონ გარსია შემოვიდა და შეწყვიტა პაემანი. იგი ოდნავაც არ შეშფოთებულა. უწინარეს ყოვლისა დონა ტერესას დამშვიდებას შეეცადა. დიდად შეაქო მისი გამბედაობა, სულიერი მხნეობა და გაათავა იმით, რომ სთხოვა, მიშუამდგომლეთ თქვენს დასთან, ერთხელ მაინც ადამიანურად მიმიღოსო. დონა ტერესამ აღუთქვა თხოვნის შესრულება, წამოსასხამში გაეხვია; აღთქმა დასდო, საღამოს ჩემს დასთან ერთად დანიშნულ ადგილას მოვალ სასეირნოდ და წავიდა.

– ჩვენი საქმეები კარგად ეწყობა, თქვა დონ გარსიამ, როცა ახალგაზრდები მარტო დარჩნენ. - არავის ეჭვი არა აქვს თქვენზე. ქალაქის მმართველმა, რომელიც ალმაცერად მიყურებს, პატივი მცა და უწინარეს ყოვლისა მე გამიხსენა. იგი დარწმუნებული იყო რომ დონ ქრისტობალე მე მოვკალი და იცით რამ შეაცვლევინა ეს შეხედულება? უთხრეს, მთელი საღამო დონ ჟუანთან გაატარაო; თქვენ კი, ჩემო კარგო, ისეთი სიწმინდის სახელი გაქვთ გავარდნილი, რომ შეგიძლიათ ნაწილი სხვასაც მიჰყიდოთ. ასეა თუ ისე, ჩვენზე არავინ ფიქრობს. ამ ჩვენ პატარა ტერესას ოინი უზრუნველყოფს მომავლისათვის: ამიტომ ნუღარ დავღონდებით და მხოლოდ დროსტარებისათვის ვიზრუნოთ.

– ეჰ, გარსია, - წამოიძახა დონ ჟუანმა სევდიანად, - მოყვასის მოკვლა დიდად სამწუხარო ამბავია!

– მე ვიცი უფრო სამწუხარო ამბები, - უპასუხა დონ გარსიამ, - ეს ისაა, როცა ერთი მოყვასთაგანი ჩვენ გვკლავს, ხოლო კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ადამიანი მთელი დღე უსადილოდ უნდა გაატარო. ამიტომ გეპატიჟები, დღეს მეგობრებთან ერთად ვისადილოთ, ისინი აღტაცებულნი იქნებიან თქვენი შეხვედრით. - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გავიდა.სიყვარულმა უკვე ძლიერ შეასუსტა ჩენი გმირის სინდისის ქენჯნა; ხოლო თავმოყვარეობამ იგი სრულიად ჩაახშო. სტუდენტებმა, რომლებთანაც მან გარსიას ბინაზე ისადილა, მასპინძლისაგან გაიგეს ვინ იყო დონ ქრისტობალეს ნამდვილი მკვლელი. ეს ქრისტობალე ცნობილი რაინდი იყო თავისი ვაჟკაცობითა და სიმარჯვით და შიშის ზარს სცემდა სტუდენტებს. ამიტომ მისმა სიკვდილმა მხოლოდ მხიარულება გამოიწვია, და მისი ბედნიერი მოწინააღმდეგე დიდად შეაქეს, მათი თქმით, დონ ჟუანი უნივერსიტეტის დიდება, საუკეთესო ყვავილი, დედაბოძი იყო, მისი სადღეგრძელო დიდი აღფრთოვანებით დალიეს, და ერთმა მურციელმა სტუდენტმა მის შესაქებად იქვე სონეტი შეთხზა, რომელშიც იგი ესპანელ ეროვნულ გმირებს სიდს და ბერნალდო დელ კარპიოს შეადარა. სუფრიდან აშლის შემდეგაც დონ ჟუანის გული დამძიმებული ჰქონდა; მაგრამ მას რომ დონ ქრისტობალეს მკვდრეთით აღდგენის ძალა მისცემოდა, საეჭვოა, მართლა გაეცოცხლებინა, რადგან ეშინოდა ის პატივისცემა და სახელი არ დაეკარგა, რაც ამ მკვლელობამ მთელ სალამანკას უნივერსიტეტში მოუპოვა.დაღამებისთანავე ორივე მხარე კეთილსინდისიერად გამოცხადდა პაემანზე, რომლიც ტორმესის ნაპირას იყო დანიშნული. დონა ტერესამ ხელში ჩასჭიდა დონ ჟუანს (ხელის გაყრა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული), ხოლო დონა ფაუსტამ დონ გარსიას. ცოტა ხნის შემდეგ წყვილები ერთმანეთს განშორდნენ დიდად ნასიამოვნები და აღთქმა დადეს, რომ ყოველი შემთხვევა გამოეყენებინათ ერთმანეთის სანახავად.დებთან განშორების შემდეგ მათ რამდენიმე ბოშა ქალი შემოხვდათ, რომელნიც ეჟვნიან დაირაზე ცეკვავდნენ სტუდენტების წრეში. დონ გარსია და დონ ჟუანიც იმათში გაერივნენ. მოცეკვავე ქალები მოეწონა დონ გარსიას, და გადაწყვიტა მათი ვახშმად წაყვანა. წინადადება მაშინვე მიღებულ იქნა. დონ ჟუანიც თან გაჰყვა როგორც ერთგული აქატი.იგი გააღიზიანა ერთო ბოშა ქალის შენიშვნამ, მორჩილის შეხედულება გაქვსო, და შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ეს სახელი არ შეეფერებოდა. იმდენი ილანძღა, იცეკვა, ითამაშა და სხვა, რასაც მეორე კურსის ორი სტუდენტიც ვერ იზამდა ერთად.დიდად გაჭირდა მისი შინ მიყვანა ნაშუაღამევს; ზომაზე მეტად მთვრალი და ისე გაბრაზებული იყო, რომ სალამანკის დაწვა უნდოდა და შემდეგ მთელი ტორმესის შესმა, რათა ხელი შეეშალა ცეცხლის ჩაქრობისათვის.ამრიგად დონ ჟუანი თანდათან ჰკარგავდა იმ ბედნიერ თვისებებს, რომელიც ბუნებამ და აღზრდამ მიანიჭა. მესამე თვის ბოლოს სალამანკაში მოსვლის დღიდან მან დონ გარსიას ხელმძღვანელობით საბოლოოდ შეაცდინა საბრალო დონა ტერესა; მისმა ამხანაგმა თავის მხრივ ერთი კვირით თუ ათი დღით ადრე მიაღწია თავის მხრივ მიზანს. თავდაპირველად დონ ჟუანს უყვარდა თავისი სატრფო მთელი იმ სიყვარულით, რასაც მისი ხნის ჭაბუკი იჩენს პირველი ქალისადმი, რომელიც მას დანებდება; მაგრამ დონ გარსიამ ადვილად დაუმტკიცა, რომ ერთგულება მოჩვენებითი სათნოებააო, და თუ სტუდენტურ ორგიებში სხვანაირად მოიქცა, ვიდრე შენი ამხანაგები იქცევიან, ტერესას სახელს ჩრდილი მიადგებაო; იმიტომ, რომ მხოლოდ მეტად მძაფრი და თანაგრძნობით დაკმაყოფილებული სიყვარული სჯერდება ერთადერთ ქალსაო. ამას გარდა, ცუდი ამფსონები, რომელნიც დონ ჟუანს გარს ერტყნენ, ერთი წუთით მოსვენებას არ აძლევდნენ. იგი იშვიათად შედიოდა აუდიტორიაში და, უძილობით და დროსტარებით დასუსტებული იძინებდა სახელოვანი პროფესორების ლექციებზე. სამაგიეროდ სასეირნოდ პირველი მიდიოდა და ყველაზე გვიანობამდე რჩებოდა; ხოლო იმ ღამეებს, რომელიც სონა ტერესას მისთვის არ შეეძლო შეეწირა, ღვინის სარდაფში ან კიდევ უფრო უარეს ადგილას ატარებდა.ერთხელ დილით ტერესასაგან წერილი მიიღო, რითაც იგი ატყობინებდა, რომ სამწუხაროდ არ შემიძლია პირობისამებრ მიგიღო ამ ღამესო, ვიღაც ხნიერი ნათესავი ქალი მოსვლოდა, მისთვის დონა ტერესას ოთახი დაეთმო, ხოლო თვითონ ქალი დედის ოთახში უნდა დაწოლილიყო. ამ მარცხმა ნაკლებ შეაშფოთა დონ ჟუანი, მან იპოვა საშუალება მხიარული საღამოს გასატარებლად, მაგრამ, როცა ქუჩაში გადიოდა და თავის გეგმებზე ფიქრობდა, ვიღაც პირბადიანმა ქალმა ბარათი გადასცა. დონა ტერესას წერილი იყო: მას მეორე თავისუფალი ოთახი ეშოვნა და თავის დასთან ერთად ყველაფერი მოეწყო პაემანისათვის. დონ ჟუანმა წერილი დონ გარსიას აჩვენა. მეგობრები ერთხანს ყოყმანობდნენ; ბოლოს ანგარიშმიუცემლად, თითქოს ჩვეულების გავლენით, თავიანთ სატრფოების აივანზე ავიდნენ.დონა ტერესას მკერდზე საკმაოდ მოზრდილი ხალი ჰქონდა. დონ ჟუანისთვის დიდი წყალობა იყო, როცა პირველად ნება დართეს ამ ხალისთვის შეეხედა. ერთ ხანს იგი მას ყველაზე მომხიბლავ საგნად სთვლიდა დედამიწის ზურგზე. ხან იას ადარებდა, ხან სოსანს, ხან ღიღილოს ყვავილს; მაგრამ ჩქარა ეს ხალი, რომელიც მართლაც მშვენიერი იყო, მოსწყინდა. - ერთი დიდი შავი ლაქაა და მეტი არაფერი, ფიქრობდა იგი: სამწუხაროც არის რომ ამ ადგილასაა. ქონის ბურთულას ჰგავს. ეშმაკმა დალახვროს ეს ხალი! - ერთხელ ტერესას ჰკითხა კიდეც, ექიმს ხომ არ შეჰკითხვიხარო, შეიძლება თუ არა მისი მოსპობაო. საბრალო ქალმა, რომელიც ალმურმა დასწვა, უპასუხა, არც ერთ მამაკაცს შენს გარდა არ უნახავს ეს ხალიო; გარდა ამისა ჩემი ძიძა ხშირად მეუბნებოდა, ასეთ ნიშანს ბედნიერება მოაქვსო.ამ საღამოს დონ ჟუანი ცუდ გუნებაზე იყო და, როცა ზემოხსენებულ ხალს თვალი მოჰკრა, იგი ჩვეულებრივზე უფრო დიდი ეჩვენა - ეს რაღაც სიმახინჯეა!.. კაენის დამღის მაგვარი დაღი უნდა იყოს. ადამიანს ეშმაკი უნდა ჰყავდეს ტანში, რომ ასეთი ქალი გაიხადოს საყვარლად, - იგი საშინელი პირქუში გახდა, უმიზეზოდ ჩხუბი აუტეხა საბრალო ტერესას, აატირა და გათენებისას განშორდა ისე, რომ არ მოისურვა ეკოცნა. დონ გარსიაც მასთან ერთად გამოვიდა და ერთხანს მის გვერდით უსიტყვოდ მიაბიჯებდა; შემდეგ უცებ შეჩერდა და თქვა: – გამოტყდი, დონ ჟუან, რომ ჩვენ საკმაოდ მოსაწყენი ღამე გავატარეთ, მე მოთმინება დამეკარგა და ჩემს ქალბატონს სულით და გულით გავისტუმრებდი ეშმაკებისკენ!

– თქვენ უსამართლო ხართ, - თქვა დიონ ჟუანმა, - ფაუსტა მომხიბლავი პიროვნებაა, თეთრია როგორც გედი და ყოველთვის კარგ გუნებაზეა. გარდა ამისა თქვენ ძლიერ უყვარხართ, თქვენ მართაც რომ ბედნიერი ხართ.

– ჰო, მართლაც თეთრია, გეთანხმები, რომ ფაუსტას თეთრი კანი აქვს; მაგრამ იგი უნდილია და თავის დის გვერდით ჩანს, თითქოს ოფოფი იყოს მტრედის გვერდით. ბედნიერი მე კი არა, თქვენ ხართ.

– სრულიადაც არა, - უპასუხა დონ ჟუანმა: - ჩემი გოგონა საკმაოდ მოხდენილია, მაგრამ ჯერ ბავშვია. შეუძლებელია გონივრულად ლაპარაკი მასთან. თავი გატენილი აქვს რაინდული რომანებითა და სიყვარულზე მეტად ახირებული აზრები აქვს. ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი მოთხოვნილებები აქვს.

– თქვენ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ, დონ ჟუან, და არ იცით თქვენი საყვარლების მოთვინიერება. ქალი, ჩემო კარგო, ცხენსა ჰგავს, - თუ ნებაზე მიუშვით, თუ არ აგრძნობინეთ, რომ არავითარ ჟინიანობას არ აპატიებთ, ვერაფერს ვერ მიაღწევთ.

– მითხარით, დონ გარსია, თქვენს საყვარლებს ცხენივით ეპყრობით? ხშირად ხმარობთ მათრახს მათ მოსათვინიერებლად?

– იშვიათად; მაგრამ მე მეტად გულკეთილი ვარ. იცით, დონ ჟუან, რა გითხრათ: ხომ არ გინდათ თქვენი ტერესა დამითმოთ? აღთქმას გაძლევთ, რომ ორ კვირაში მოქნილი გახდება, როგორც ხელთათმანი. სამაგიეროდ ფაუსტას გითმობ, სართი ხომ არ გერგება?

– ეს გარიგება მომწონს, თუ ქალებიც დათანხმდებიან, - თქვა დონ ჟუანმა ღიმილით: - მაგრამ დონა ფაუსტა თქვენ არასოდეს არ დაგთმობთ. ეს გაცვლა მისთვის მეტად საზარელი იქნებოდა.

– თქვენ მეტად თავმდაბალი ხართ; მაგრამ დამშვიდდით. წუხელის ისე გავაცოფე, რომ პირველი მამაკაცი ჩემს შემდეგ ნათელმოსილ ანგელოზად მოეჩვენება, იცით, დონ ჟუან, მე სრულიად სერიოზულად გელაპარაკებით, - და დონ ჟუანი გააცინა იმ მართლაც სერიოზულმა ტონმა, რომლითაც მისი მეგობარი ამ ახირებულ წინადადებას იძლეოდა.ეს სათნო საუბარი შეწყვიტა რამდენიმე სტუდენტის მოსვლამ და მეგობრების იდეებმა სხვა მიმართულება მიიღო. მაგრამ საღამოს, როცა ისინი სუფრას მიუსხდნენ, სადაც მონტილიის ღვინო და ვალენსიის წაბლით სავსე პატარა კალათი ეწყო, დონ გარსიამ ხელახლა დაიწყო ჩივილი თავისი საყვარლის წინააღმდეგ. ეს იყო დონა ფაუსტას წერილი მიეღო, რომელიც სავსე იყო ნაზი გამოთქმებით და ტკბილი საყვედურებით, ხოლო სტრიქონებს შუა მისი ცქრიალა და დამცინავი სული ჩანდა.

– დაიჭირეთ, - თქვა დონ გარსიამ და უზომო მთქნარებით წერილი გაუწოდა დონ ჟუანს: - წაიკითხეთ ეს საუცხოო ნაწარმოები. კიდევ პაემანს მინიშნავს ამ საღამოსთვის. მაგრამ ეშმაკის კერძი ვიყო, თუ წავიდე.

დონ ჟუანმა წაიკითხა წერილი, იგი მომხიბლავად ეჩვენა.

– მართლაც, - თქვა მან, - მე რომ ისეთი საყვარელი მყოლოდა, როგორიც თქვენ გყავთ, მთელი ძალღონით შევეცდებოდი მის გაბედნიერებას.

– ინებეთ, ჩემო კარგო, - წამოძახა დონ გარსიამ, - ინებეთ, და მოიხმარეთ როგორც გსურდეთ. გითმობთ ჩემს უფლებებს. კიდევ უკეთესს გეტყვით, - დაუმატა მან და ფეხზე წამოდგა, თითქოს მოულოდნელი შთაგონებით განათებულიყო,- გავითამაშოთ ჩვენი სატრფოები. აი სათამაშო ქაღალდი. ვითამაშოთ ერთი ხელი ლომბერი. დონა ფაუსტა ჩემი საწინდარი იყოს, ხოლო თქვენ დონა ტერესას წარმოადგინეთ.დონ ჟუანმა სიცილით ხელში აიღო სათამაშო ქაღალდი და აურია. თუმცა თითქმის სრულიად უყურადღებოდ თამაშობდა, მაგრამ მაინც მოიგო. დონ გარსია სრულიად არ შეწუხებულა წაგების გამო, საწერ-კალამი და ქაღალდი მოითხოვა და ერთგვარი ორდენი დაწერა დონა ფაუსტაზე, რომელშიც იგი ქალს სწერდა მომტანის განკარგულებაში გადასულიყო, თითქოს თავის მოურავს უბრძანებდა ასი დუკატი გადაუხადე ჩემს მოვალესო.დონ ჟუანმა სიცილით დონ გარსიას შესთავაზა რევანში აეღო, მაგრამ მან უარი თქვა, - თუ ცოტაოდენი გამბედაობა გაქვთ, - თქვა მან, - მოისხით ჩემი წამოსასხამი და მიადექით პატარა კარს, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, თქვენ იქ მხოლოდ დონა ფაუსტა დაგხვდებათ, იმიტომ რომ ტერესა არ გელით, უსიტყვოდ უკან გაჰყევით. როცა მის ოთახში შეხვალთ, შეიძლება ერთი წუთით გაოცდეს, შეიძლება ორიოდე ცრემლიც გადმოუვარდეს; მაგრამ ამან არ შეგაჩეროთ. დარწმუნებული იყავით, ვერ გაბედავს დაყვირებას. მაშინ ჩემი წერილი აჩვენეთ; უთხარით რომ საშინელი არამზადა, უკანასკნელი ვიგინდარა ვარ, ერთი სიტყვით, რაც პირზე მოგადგებათ; აგრძნობინეთ, რომ ადვილად და დაუყოვნებლივ შეუძლია შურისძიება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ შურისძიებაში იგი სიტკბოებას ნახავს.თითოეული ამ სიტყვის გაგონებაზე ეშმაკი უფრო ღრმად შედიოდა დონ ჟუანის გულში და ჩასჩურჩულებდა მას, რომ რაც აქამდე უმიზნო ცელქობად მიაჩნდა, შეიძლებოდა მეტად სასიამოვნოდ დამთავრებულიყო. მან შეწყვიტა სიცილი და მთელი მისი სხეული სიამოვნების ჟრუანტელმა მოიცვა.

– დარწმუნებული რომ ვიყო, - თქვა მან, - რომ ფაუსტა დათანხმდებოდა ასეთ გაცვლას...

– როგორ თუ არ დათანხმდებოდა! - წამოიძახა დონ გარსიამ, - რა ბალღი ყოფილხართ, ჩემო მეგობარო, თუ გგონიათ, რომ დედაკაცს შეუძლია ყოყმანი ექვსი თვის სიყვარულსა და ერთი დღის მიჯნურს შორის! დარწმუნებული ვარ, თქვენ ორივენი მადლობას მეტყვით ხვალ დილით. მე მხოლოდ ზარალის ასანაზღაურებლად მოვითხოვ, ტერესიტას გააშიკების ნება მომცე. - შემდეგ, რადგან შეატყო, რომ დონ ჟუანი მხოლოდ სანახევროდ იყო დაჯერებული, მან თქვა; - გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ მე არ მსურს ამ საღამოთი ფაუსტას ნახვა, თუ თქვენც არ გსურთ, ამ ბილეთს მსხვილ ფადრიკეს მივცემ და მთელი მოგება მას დარჩება.

– რაც იყოს, იყოს!- წამოიძახა დონ ჟუანმა და წერილი გამოართვა, გულის გასამაგრებლად ერთი დიდი ჭიქა მონტილიური ღვინო გადაჰკრა.პაემანის ჟამი ახლოვდებოდა. დონ ჟუანმა, რომელსაც სინდისის ნატამალი კიდევ შერჩენოდა, დავიწყებას ეძებდა ღვინის სმაში. ბოლოს კოშკის საათმა ჩამოჰკრა. დონ გარსიამ თავისი წამოსასხამი მხრებზე მოასხა დონ ჟუანს და თავისი სატრფოს კარებამდე მიიყვანა; შემდეგ ნიშანდობლივად დააკაკუნა, დონ ჟუანს ღამე მშვიდობისა უსურვა და წავიდა ისე, რომ მცირეოდენი სინდისის ქენჯნაც არ უგრძვნია თავისი ბოროტი საქციელის გამო.მაშინვე კარი გაიღო. დონა ფაუსტა უკვე კარგა ხანია ელოდა.

– ეს თქვან ხართ, დონ გარსია? - იკითხა მან დაბალი ხმით.

– დიახ, - უპასუხა კიდევ უფრო დაბალი ხმით დონ ჟუანმა, რომელსაც სახე ფართო წამოსასხამის ნაოჭებში ჰქონდა ჩაფლული. ქალმა კარი დაკეტა და დონ ჟუანი თავის წინამძღოლს აჰყვა ბნელ კიბეზე.

– ხელი მოჰკიდეთ ჩემს მანტილიის ბოლოს და ფეხაკრეფით გამომყევით, - ჩასჩურჩულა ქალმა.ორიოდე წუთის შემდეგ იგი ფაუსტას ოთახში იყო. ერთადერთი სანათი მკრთალად ანათებდა. ერთ ხანს დონ ჟუანს წამოსასხამი და ქუდი არ მოუხდია, კარებზე იყო მიყრდნობილი და ვერ ბედავდა თავის თავის გამომჟღავნებას. დონა ფაუსტაც ცოტა ხანს მას უსიტყვოდ უცქეროდა; შემდეგ უცებ მიუახლოვდა და ხელები გაუწოდა: მაშინ დონ ჟუანმა წამოსასხამი გადააგდო და თვითონაც ხელები გაუწოდა.

– როგორ, ეს თქვენა ხართ, დონ ჟუან? - წამოიძახა ქალმა: - განა დონ გარსია ავად არის?

– ავად? არა, - თქვა დონ ჟუანმა... - მაგრამ არ შეეძლო მოსვლა. მე გამომგზავნა თქვენთან...

– ეჰ როგორ მწყინს! მითხარით მხოლოდ, სხვა ქალს ხომ არ შეუშლია ხელი?

– ჩანს, თქვენ მას თავქარიან ადამიანად სთვლით.

– რა კმაყოფილი იქნება ჩემი და, როცა თქვენ გნახავთ! საბრალო გოგონას ეგონა, თქვენ აღარ მოხვიდოდით. დაიცათ, შევატყობინებ.

– საჭირო არ არის.

– თქვენ დღეს უცნაური სახე გაქვთ, დონ ჟუან... რაღაც ცუდი ამბავი გაქვთ სათქმელი.. მითხარით, რაიმე უბედურება ხომ არ შემთხვევია დონ გარსიას?შემაჭირვებელი პასუხის თავიდან ასაცილებლად დონ ჟუანმა საბრალო ქალს ურცხვი წერილი გადასცა. მან საჩქაროდ გადაავლო თვალი, მაგრამ პირველად ვერაფერი გაიგო, ხელახლა გადაიკითხა და თავის თვალებს არ დაუჯერა. დონ ჟუანი ყურადღებით უცქეროდა, ხედავდა როგორ იწმენდდა ქალი ოფლს შუბლზე, როგორ იფშვნეტდა თვალებს; ტუჩები უთრთოდა, სახე გაფითრებული ჰქონდა მიცვალებულივით, იძულებული იყო ქაღალდი ორივე ხელით დაეჭირა, რათა ძირს არ დავარდნოდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა დიდის გაჭირვებით და წამოიძახა: - ეს ყოველივე ტყუილია! ეს შემაძრწუნებელი სიყალბეა! დონ გარსია ამას არასოდეს დაწერდა!დონ ჟუანმა უპასუხა: - თქვენ იცნობთ მის ხელს. მას არ ესმოდა იმ განძის ფასი, რომელსაც ფლობდა.. ხოლო მე დავთანხმდი. იმიტომ, რომ გაღმერთებდით.ქალმა მას შეხედა უღრმესი ზიზღის გამომხატველი თვალებით და ხელახლა წერილის კითხვა დაიწყო, თითქოს ადვოკატი ყოფილიყოს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ საბუთი ყალბია. თვალები უზომოდ გაუფართოვდნენ და ქაღალდს ჩააშტერდნენ. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა ლოყაზე. უცებ ქალმა გაიცინა შეშლილის სიცილით და წამოიძახა: - ეს ხუმრობა უნდა იყოს, არა? ეს ხომ ხუმრობაა? დონ გარსია ალბათ აქვეა და ახლავე შემოვა!

– არა, ეს ხუმრობა არ არის, დონა ფაუსტა, და არაფერია უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე ჩემი სიყვარული თქვენდამი, დიდად უბედური ვიქნები, თუ არ დამიჯერებთ.

– უბედურიო! - წამოიძახა დონა ფაუსტამ: - თუ შენ მართალს ამბობ, კიდევ უფრო დიდი ბოროტმოქმედი ყოფილხარ, ვიდრე დონ გარსია.

– სიყვარული ყველაფერს ამართლებს, მშვენიერო ფაუსტიტა. დონ გარსიამ თქვენ მიგატოვათ; მიმიღეთ მე თავის სანუგეშებლად. აი, ამ სურათზე ბახუსი და არიადნაა გამოხატული; ნება მომეცით თქვენი ბახუსი ვიყო.სიტყვის უთქმელად ქალმა მაგიდაზე ხელი სტაცა დანას, მაღლა ასწია და დონ ჟუანს მივარდა. მაგრამ ვაჟმა დროზე შეამჩნია ეს მოძრაობა, ხელში ეცა, ადვილად განაიარაღა და რადგან წარმოიდგინა, რომ უფლება მაქვს ქალი დავსაჯოო მტრული მოქმედების დაწყებისთვისო, აკოცა სამჯერ თუ ოთხჯერ და შეეცადა პატარა სავარძელზე მიესვენებინა. დონა ფაუსტა სუსტი და ნაზი აგებულების ქალი იყო; მაგრამ გულისწყრომამ ძალა შემატა, იგი წინააღმდეგობას უწევდა დონ ჟუანს, ხან ავეჯეულობას ებღაუჭებოდა, ხან კიდევ თავს ხელებით, ფეხებით და კბილებით იცავდა. თავდაპირველად დონ ჟუანმა სიცილით მიიღო რამდენიმე დარტყმა, მაგრამ ჩქარა სიბრაზე გაუთანასწორდა ვნებათა ღელვას. მან ძლიერად მოხვია ხელები დონა ფაუსტას, ისე რომ ანგარიში აღარ გაუწევია მისი ნაზი სხეულის მგრძნობიარობისათვის. დონ ჟუანი იბრძოდა, როგორც გაღიზიანებული მებრძოლი, რომელიც მთელი ძალღონით ცდილობს მოდრიკოს თავისი მოწინააღმდეგე, კიდეც დაახრჩოს იგი, თუ ეს საჭირო იქნება მის დასამარცხებლად. მაშინ ფაუსტამ უკანასკნელ ღონეს მიმართა. აქამდე ქალური კდემამოსილება მას ხელს უშლიდა მშველელისათვის დაეძახა; მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ არაქათი ეცლებოდა, ყვირილი ატეხა მთელი სახლის გასაგონად.დონ ჟუანმა იგრძნო, რომ ახლა უკვე ზედმეტი იყო ქალის დამორჩილებაზე ფიქრი, მას თავის თავის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. უნდოდა ხელი ეკრა ფაუსტასთვის და კარში გავარდნილიყო, მაგრამ ქალი ისე მაგრად ჩაბღაუჭებოდა მის ტანისამოსს, რომ მან ვერ შეძლო თავის დაღწევა. ამავე დროს აქა-იქ გაისმა კარების ხმაურობა; ხმები და ნაბიჯები თანდათან ახლოვდებოდნენ; სახიფათო იყო თუნდ ერთი წუთის დაყოვნება. იგი შეეცადა ძირს დაენარცხებინა დონა ფაუსტა; მაგრამ ქალმა ისე მაგრად ჩასჭიდა ხელი მის ტანისამოსის კალთას, რომ ვაჟი ჯარასავით დატრიალდა. უცებ კარი გაიღო, გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში შაშხანა ეჭირა, მისი გაოცებული შეყვირება და თოფის გავარდნა ერთი იყო. სანათი ჩაქრა და დონ ჟუანმა იგრძნო, რომ დონა ფაუსტას სითხე დაედინა. ქალი დაეცა, ან უკეთ ვთქვათ, მოსხლტა: ტყვიას მისთვის ხერხემალი დაეჩეჩქვა; მამამ ქალი მოჰკლა მოძალადის მაგივრად. დონ ჟუანი კიბისაკენ გავარდა შაშხანის კვამლში. ჯერ მას მამას თოფის კონდახი მოხვდა, შემდეგ მსახურის მახვილი, მაგრამ არც ერთს არ მიუყენებია დიდი ზიანი. იგი შეეცადა მახვილით გზა გაეკაფა და ჩაექრო ლამპარი, რომელიც მსახურს ეჭირა ხელში. ამ უკანასკნელს შეეშინდა მისი გაბედული გამომეტყველებისა და უკან დაიხია, მაგრამ დონ ალონზო დე ოხედა ფიცხი და უშიშარი კაცი იყო და მარჯვედ შეუტია დონ ჟუანს; ამანაც მოიგერია რამდენიმე მოქნევა; უეჭველია, მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა. მაგრამ ხმლის ბრძოლაში გამოწრთობილი კაცი ძალაუნებურად შეტევაზე გადადის თავდაცვის დროსაც. ორიოდე წუთის შემდეგ დონა ფაუსტას მამამ ღრმად ამოიოხრა და მიწაზე დაეცა სასიკვდილოდ დაჭრილი. რაკი გასაქცევი გზა გათავისუფლებული იყო, დონ ჟუანი ისარივით კარში გავარდა, ისე რომ არავინ გასდევნებია, რადგან მსახურნი მომაკვდავი პატრონის გარშემო ფუსფუსებდნენ. დონა ტერესამ თოფის ხმაზე მოირბინა, დაინახა საშინელი სცენა და მამის ცხედრის გვერდით დაეცა გულწასული. მან მხოლოდ თავისი უბედურების ნახევარი იცოდა.

*გაგრძელება*


იხილეთ:

პროსპერ მერიმეს ლიტერატურა
პროსპერ მერიმეს ლიტერატურა, პროსპერ მერიმე, prosper merime, qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა

ნახვა: 2505

გამოხმაურებები!

კრიტიკული რეალიზმით,მერიმეს ნოველები მაგარია.:)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters