ზიგმუნდ ფროიდის პიროვნების თეორია, pirovnebis teoria, froidi, qwelly

ზიგმუნდ ფროიდის პიროვნების თეორია

შესავალი

      ფროიდმა წარმოადგინა პიროვნების თეორია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ დასავლეთის კულტურაზე. მისმა შეხედულებებმა ადამიანის ბუნების შესახებ უდიდესი დარტყმა მიაყენა მისი დროისთვის მიღებულ და შეუცვლელად ჩათვლილ ცნებებს. ამ შეხედულებებმა თავისი პრაქტიკული გამოხატულება ჯანმრთელის და დაავადებულის მოქმედების ქცევის გაგებისთვის შექმნილ ურთულეს მეთოდში ჰპოვა. ფროიდის იდეები და მისი გამოჩენა აფეთქებას ჰგავდა, რომელმაც გააცამტვერა გვიანი ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი შეხედულებები ადამიანის შესახებ. მისმა გამოკვლევებმა ადამიანის ბუნების ბნელი მხარეების შესახებ შესაძლებლობა მისცა ადამიანებს გაეცნობიერებიათ შიშის ბევრი ექსტრემალური მდგომარეობა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა და ის ტრავმატული შედეგები, რაც ამ ომს მოჰყვა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ამ ომში იყო ჩაბმული. ვოლჰაიმის სიტყვებით, ძნელია კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში და თვით რელიგიის ისტორიაში იპოვო ადამიანი, რომლის გავლენა იქნებოდა ასეთი უშუალო, ფართო და მნიშვნელოვანი ფროიდი ფსიქიკის იმ სფეროების შესწავლას შეუდგა, რომელიც იმ ეპოქაში დახურულად ითვლებოდა ფილოსოფიისთვისაც და ზნეობისთვისაც. მისმა შრომებმა ეჭვის ქვეშ დააყენა მთელი რიგი კულტურული, რელიგიური, სოციალური და მეცნიერული აკრძალვები. ფროიდის მოძღვრება მე-19 საუკუნის ფსიქოლოგიაში გადატრიალება მოახდინა. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდის ჯერ ემპირიული და შემდეგ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია ბუნებისმეტყველური მეთოდით მუშაობდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბრწყინვალე წარმატებებმა განაპირობა ფსიქოლოგიაში ამ მეთოდის გაბატონება. ამის მიხედვით ეს ფსიქოლოგია სულიერ სინამდვილეს, ბუნებისმეტყველების ანალოგიით, ელემენტებად, შეგრძნებებად და მათ ასლებად წარმოდგენებად ჰყოფდა. ხოლო რთულ ფსიქიკურ მოვლენებს ასოციაციური კავშირებით ამ ელემენტებიდან ქმნიდა. ამგვარი მიდგომა შეუძლებელს ხდიდა პიროვნების, როგორც ისეთი მთლიანობის შესწავლას, რომელიც ელემენტებად არ იყოფა. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიის ისტორიაში ეს პერიოდი იყო ფსიქოფიზიკური პრობლემების წარმატებით კვლევის ხანა, რადგან მათი შესწავლა გარკვეულ დონემდე პიროვნების ცნების შემოტანას არ მოითხოვდა. მაგრამ იმის მთავარ მიზეზად, რომ ეს ფსიქოლოგია "უსუბიექტო ფსიქოლოგია" იყო, ის გარემოება უნდა ჩაითვალოს, რომ მეცნიერების ამ საფეხურზე ფსიქიკა და ცნობიერება გაიგივებული იყო. არაცნობიერი ფსიქიკური შეუძლებელ, წინააღ,დეგობის შემცველ ცნებად იყო მიჩნეული. Fფროიდი თავის წერილში "მე და იგი" ამბობს, რომ "ფილოსოფიურად განათლებულ ადამიანთა უმრავლესობისთვის ისეთი ფსიქიკურის იდეა, რომელიც, ამავე დროს, არ არის ცნობიერი, იმდენად გაუგებარია, რომ გამოცხადებულია აბსურდულად და შეუსაბამოდ უბრალო ლოგიკის თვალსაზრისით".ფროიდის განუხრელი სურვილი გაეფართოვებინა თავისი შრომების საზღვრები აიძულებდა მას მუდმივად გარშემორტყმული ყოფილიყო მეგობრების, კრიტიკოსების და მიმდევრების ცვალებად გარემოში. (ცვალებადში იმიტომაც, რომ შემდგომში მისი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები სწორედ მისი უახლოესი მიმდევრები იყვნენ). ფროიდი მუდმივად ახდენდა თავისი ადრინდელი შრომების რევიზიას და შესწორებები შეჰქონდა მასში.ფროიდის მოძღვრების მნიშვნელობას თვითონ ფროიდიც მშვენივრად აცნობიერებდა და წერდა, რომ კაცობრიობის თავმოყვარეობისა და თვითპატივისცემის მიმართ სამი დარტყმა იქნა მიყენებული:

  1. კოპერნიკის აღმოჩენით, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი,
  2. დარვინის თეორიით ადამიანის წარმოშობის შესახებ და
  3. იმის აღმოჩენით, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე არაცნობიერი (უცნობი, გაუცნობიერებელი და ზოგჯერ არაკონტოლირებული) ძალები.

ბიოგრაფიული ცნობები

      ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს ავსტრიაში, მორავიის ქალაქ ფრაიბურგში. (ახლა იგი ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის). მამამისს, პირველ ცოლთან ორი ვაჟი ჰყავდა, ხოლო მეორე ცოლთან შვიდი შვილი გაუჩნდა, რომელთა შორის ზიგმუნდი უფროსი იყო. ოთხი წლის იყო ფროიდი, როდესაც ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფროიდმა თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი გაატარა. უკვე ბავშვობაში ფროიდი თავისი ნიჭით გამოირჩეოდა. როგორც თვითონაც იხსენებს, ის დედის ნებიერა იყო, დადამისს გამორჩეულად უყვარდა და, როგორც უფროსი, და-ძმებს შორის, ოჯახში გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობდა: მხოლოდ მას ჰქონდა ცალკე ოთახი და ნავთის ლამპა, რომლის შუქზეც მეცადინეობდა, სხვა დედმამიშვილები კი მხოლოდ სანთლებით კმაყოფილდებოდნენ. გიმნაზიაში ის პირველ მოსწავლედ ითვლებოდა, იქაც პრივილეგიებით სარგებლობდა და ყველა საგანს ადვილად და ბრწინვალედ აბარებდა. ბავშვობაში მას მხედართმთავრობა ან მინისტრობა უნდოდა, მაგრამ რამდენადაც იმ დროის ავსტრიაში ანტისემიტური განწყობილება ძლიერი იყო, მას, როგორც ებრაელს მხოლოდ იურისპრუდენცია ან მედიცინა შეეძლო აერჩია თავის პროფესიად. ამიტომაც 1873 წელს იგი ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა. სტუდენტობის პერიოდში მასზე დიდი გავლენა მოახდინა უნივერსიტეტის პროფესორმა, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა ფიზიოლოგმა ერნსტ ბრიუკემ. ფროიდი ბრიუკეს ლაბორატორიაში მუშაობდა, აკეთებდა დამოუკიდებელ გამოკვლევებს ჰისტოლოგიაში და აქვეყნებდა სტატიებს ანატომიასა და ნევროლოგიაში. 26 წლისამ მან სამეცნიერო ხარისხი მიიღო მედიცინაში და ერთი წელი გააგრძელა მუშაობა ბრიუკეს ხელმძღვანელობით. მას ლაბორატორიაში თანამდებობის მიღება სურდა, მაგრამ ბრიუკეს იმ დროისთვის ამ თანამდებობისთვის ორი ასისტენტი ჰყავდა, რომლებმაც დაასწრეს ფროიდს. ფროიდი, როდესაც აანალიზებს თავისი ცხოვრების ამ პერიოდს, აკეთებს დასკვნას, რომ ბრიუკემ , იცოდა რა ფროიდის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ფაქტიურად ურჩია თეორიული მუშაობის ნაცვლად პრაქტიკისთვის მოეკიდებინა ხელი. გარდა ამისა, ფროიდი შეყვარებული იყო და ხვდებოდა, რომ ოჯახის შექმნისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო აუცილებელი.

      ფროიდმა უხალისოდ მოჰკიდა ხელი კერძო პრაქტიკას; პირველხარისხოვნად მისთვის მაინც სამეცნიერო კვლევების და დაკვირვების მიმართ ინტერესი რჩებოდა. თავიდან ის ქირურგად მუშაობდა, შემდეგ ზოგად მედიცინაში გადაინაცვლა და თერაპევტი გახდა ვენის მთავარ ჰოსპიტალში და ფსიქიატრიის იმ მიმართულებამ გაიტაცა, რომელიც ფსიქიკური სიმპტომებსა და სომატურ დაავადებებს შორის დამოკიდებულებას და ურთიერთკავშირს ეხებოდა. 1885 წელს მან მიიღო ვენის უნივერსიტეტის პროფესორის პრესტიჟული თანამდებობა. 1884-87 წლებში ფროიდმა ჩაატარა თავისი მეცნიერული გამოკვლევები კოკაინთან დაკავშირებით. თავიდან ის გაოცებული იყო კოკაინის თვისებებით: "მე ჩემს თავზე გამოვცადე კოკაინის ზემოქმედება, რომელიც თრგუნავს შიმშილს, ძილს, დაღლილობას და ერთიათად აძლიერებს ინტელექტუალურ უნარებს"-წერდა ფროიდი. იგი მიუთითებდა კოკაინის შესაძლო თერაპიულ გამოყენებაზე როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური დარღვევების დროს. შემდგომში მან კოკაინის ნარკოტიკული თვისებების შესწავლა დაიწყო და შეწყვიტა გამოკვლევები ამ მიმართულებით. 1886 წელს ფროიდმა ბრიუკეს ხელშეწყობით მიიღო გრანტი და პარიზში გაემგზავრა ცნობილი ფრანგი ფსიქიატრის ჟან მარტენ შარკოს ხელმძღვანელობით სამუშაოდ. შარკოსთან ფროიდი დაეუფლა ჰიპნოზის მეთოდიკას და ეხმარებოდა მას ლექციებზე , როგორც თარჯიმანი. შარკოს მოსწონდა ფროიდი, აფსებდა, როგორც კარგ მეცნიერს და ნება დართო ვენაში დაბრუნების შემდეგ გადაეთარგმნა მისი (შარკოს) სტატიები გერმანულ ენაზე. საფრანგეთში მუშაობამ ფროიდს გაუძლიერა ინტერესი ჰიპნოზის, როგორც თერაპიული საშუალების გამოყენების მიმართ. მან საინტერესო თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ ექიმთან იოზეფ ბრეიერთან და მასთან ერთად მუშაობდა ისტერიის დინამიკის საკითხებზე. ამ გამოკვლევათა დასკვნები ფროიდმა ასე ჩამოაყალიბა: " ისტერიულ პაციენტთა სიმპტომები დამოკიდებულია მათ ცხოვრებაში მომხდარ უძლიერეს უარყოფით, მაგრამ დავიწყებულ განცდებთან (ტრავმა). თერაპია მდგომარეობდა იმაში, რომ ჰიპნოზის გავლენით პაციენტებს გაეხსენებიათ და ხელახლა განეცადათ ეს უსიამოვნო მოვლენა. (კატარსისი). რამდენიმე ხნის შემდეგ ფროიდი მიხვდა, რომ ჰიპნოზი არ იყო ისეთი ეფექტური საშუალება, რისი იმედიც ჰქონდა, რადგან ჰიპნოზი ხშირად ვერ უზრუნველყოფდა მოგონებას და საბოლოოდ უარი თქვა მის გამოყენებაზე. მის ნაცვლად იგი თავისუფალი ასოციაციების მეთოდს იყენებდა _ თხოვდა თავის პაციენტებს გამოეთქვათ თავისუფლად ყველა აზრი, რაც თავში მოუვიდოდათ განურჩევლად იმისა, თუ როგორ უკავშირდებოდნენ ეს აზრები მათი დაავადების სიმპტომებს.

      1896 წელს ფროიდმა ამ მეთოდს ფსიქოანალიზი უწოდა. ფროიდის ინტერესი და აზრები არაცნობიერის მიმართ, ფართოდ ილუსტრირებული მისი პაციენტების მიერ აღწერილი სიზმრებით 1900 წელს გამოქვეყნდა სათაურით "სიზმრების ახსნა". თავისი იდეები ფროიდმა შემდგომ განავითარა ახალ ნაშრომში " ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია", სადაც ნაჩვენებია, რომ ჩვენ ხშირად ჩვენდაუნებურად ვამჟღავნებთ ჩვენს დაფარულ და უკვე არაცნობიერში გადასულ სურვილებს.

      თანდათანობით ფროიდის იდეები გაიზიარეს და მის მიმდევრებად იქცნენ ისეთი ცნობილი ექიმები, როგორიც იყვნენ ალფრედ ადლერი, შანდორ ფერენცი, კარლ გუსტავ იუნგი, ოტო რანკი და სხვები. ამ ჯგუფმა დააარსა საზოგადოება, იწერებოდა სტატიები, გამოდიოდა ჟურნალი და ფსიქოანალიზური მოძრაობა სულ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა. მალე ფსიქოანალიზური ჯგუფები ათამდე ქვეყანაში შეიქმნა.

      1909 წელს ფროიდი ლექციების წასაკითხად მიიწვიეს ამერიკაში, მასაჩუსეტის შტატში ქ. ვუსტერის კლარკის უნივერსიტეტში. მისი შრომები გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე. ფროიდმა დარჩენილი ცხოვრება მოანდომა ფსიქოანალიზის განვითარებას, გავრცელებას და ახსნას.. იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა კონტროლი ფსიქოანალიზურ მოძრაობაზე თავისი რიგებიდან იმ წევრების განდევნით, ვინც მის თვალსაზრისს არ ეთანხმებოდა და მოითხოვდა მისი პოზიციის მიმართ არაჩვეულებრივ ერთგულებას. იუნგი, ადლერი და რანკი მას შემდეგ, რაც თეორიულ საკითხებში უთანხმოება მოუვიდათ ფროიდთან, განუდგნენ მას და თავისი ორიგინალური მიმართულებები დაარსეს. ფროიდის პირადი ცხოვრება არ იყო ადვილი .1919 წლისთვის მან მთელი ფულადი დანაზოგი დაკარგა პირველი მსოფლიო ომის გამო. 1920 წელს 26 წლის ასაკში გარდაეცვალა ქალიშვილი. ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა თავისი ორი ვაჟიშვილის გამო, რომლებიც I მსოფლიო ომში იღებდნენ მონაწილეობას. ამ ისტორიული კონტექსტის ფონზე განავითარა ფროიდმა თავისი თეორია "სიკვდილის ინსტინქტი" – სიკვდილის მოთხოვნილება, რომელიც სიცოცხლის (გადარცჩნის) ინსტინქტს უპირისპირდება. 1933 წელს ფაშისტებმა, რომლებსაც აღიზიანებდათ ფროიდი და მისი შემოქმედება, მისი წიგნები ბერლინში დაწვეს. ამაზე ფროიდი წერდა "რამხელა პროგრესს მივაღწიეთ: შუა საუკუნეებში ისინი მე დამწვავდნენ კოცონზე, დღეს კი მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ". ფროიდი უაღრესად პროდუქტული მკვლევარი იყო. მისი შრომები 24 ტომშია განთავსებული. ეს არის ნარკვევები, რომელიც ეხება კლინიკური პრაქტიკის ურთულეს ასპექტებს, ლექციების ციკლი, რომელშიც მთელი თეორიაა წარმოდგენილი, სპეციალიზირებული მონოგრაფიები რელიგიურ და კულტუროლოგიურ საკითხებზე. ზოგიერთ საკითხში ფროიდი კატეგორიული და უკომპრომისო იყო, ზოგიერთში კი ღია იყო კრიტიკის მიმართ და მზად იყო გადაეხედა თავისი პოზიციისთვის. მას ეშინოდა ფსიქოანალიზური თეორიის დამახინჯების და არასწორი გაგების. მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებისა ფროიდი აგრძელებდა კერძო პრაქტიკას, ადგენდა თავისი შრომების კატალოგს და პასუხობდა წერილებს, (მათ შორის უცნობებსაც), რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობით მისდიოდა და რომლებშიც ადამიანები რჩევას და დახმარებას სთხოვდნენ.ფროიდის სიცოცხლის ბოლო წლებში მისი ცხოვრება განსაკუთრებით გართულდა. 1923 წლიდან ის ავად იყო – ჰქონდა კიბო პირის და ყბის არეში. მას განუწყვეტელი ტკივილები ჰქონდა და 33 ოპერაცია გადაიტანა. 1938 წელს, როდესაც ავსტრიაში გერმანელები შეიჭრნენ, ფროიდი ლონდონში გადავიდა და იქ გარდაიცვალა.

ფროიდის პიროვნების თეორია

      ფროიდის თეორიის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა ჰქონდა ფილოსოფოსებიდან ნიცშეს და შოპენჰაუერს. ნიცშე თვლიდა, რომ ზნეობრივი ღირებულებები ინტერნალიზებული აგრესიის შედეგიაო, რასაც ფროიდიც ეთანხმებოდა. ფროიდის იდეები ნაწილობრივ შოპენჰაუერის იდეებსაც უახლოვდება, სახელდობრ, ნებისყოფაზე, ადამიანის ქცევაში სექსუალობის დიდ მნიშვნელობაზე, ემოციის გონების მიმართ უპირატესობაზე და განდევნაზე, ანუ იმის არმიღებაზე, რაც უსიამოვნოა პიროვნებისთვის. ფროიდის თეორიას ბიოლოგისტურ თეორიას უწოდებენ მისი რწმენის გამო იმის შესახებ, რომ ცნობიერების ძირები ბიოლოგიაშია. ამ შემთხვევაში იგრძნობა მისი მასწავლებლის, ნევროლოგ ბრიუკეს გავლენა, რომელიც წერდა "არ არსებობს ორგანიზმში ფიზიკური და ქიმიური ძალების გარდა სხვა ძალები. იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც არ აიხსნება ამ ძალებით, ან უნდა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდის საშუალებით ვიპოვოთ მათი მოქმედების თავისებური ფორმა, ან უნდა დავუშვათ მატერიისთვის დამახასიათებელი ახალი ძალების არსებობა, რომელთა მოქმედებაც მიზიდვის და განზიდვის ძალებზე დაიყვანება."

ფსიქიკის ტოპოგრაფიული მოდელი

      ფროიდის მიხედვით ფსიქიკა, ფსიქიკური ორგანიზაცია სამი კომპონენტისგან შედგება. ფროიდი იყენებდა პიროვნების ორგანიზაციის ტოპოგრაფიულ მოდელს. ამ მოდელის თანახმად ფსიქიკურ ცხოვრებაში შეიძლება სამი დონე გამოვყოთ – ეს არის

  1. ცნობიერი;
  2. წინაცნობიერი;
  3. არაცნობიერი.

      ცნობიერი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც ფროიდამდე ყველაზე მეტად აინტერესებდა მკვლევარებს. ცნობიერი შედგება იმ შეგრძნებებისა და განცდებისაგან, რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ დროის მოცემულ მომენტში. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (აზრები, აღქმა, გრძნობა, მეხსიერება) ცნობიერდება. თუმცა ფროიდს ცნობიერების მოქმედების მექანიზმებიც აინტერესებდა, მაგრამ მისი კვლევის ძირითადი ობიექტი მაინც იყო ფსიქიკის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროები, რომელსაც მან წინაცნობიერი და არაცნობიერი უწოდა.

      წინაცნობიერი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც ადვილად შეიძლება იქცეს ცნობიერად. ეს არის ის, რასაც ჩვეულებრივ მეხსიერებას ვუწოდებთ. სწორედ წინაცნობიერში ანუ მეხსიერებაში ინახება ის უამრავი შინაარსი და შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენს გამოცდილებაშია. ფაქტობრივად ისიც არაცნობიერ მდგომარეობაშია, რადგან ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ რამდენიმე შთაბეჭდილება შეიძლება იქცეს ცნობიერების საგნად. მაგრამ ფროიდის არაცნობიერისგან (განდევნილი არაცნობიერისგან) განსხვავებით ეს შინაარსები ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოვიტანოთ ცნობიერებაში – გავიხსენოთ.

ფსიქიკის ტოპოგრაფიული მოდელი, fsiqikis topografiuli modeli, qwelly, ფსიქოლოგია, ქველი

      არაცნობიერი. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ აზრები და გრძნობები, რომელიც ცნობიერებაში ჩნდება, არავითარ კავშირში არ არის იმ გრძნობებთან და აზრებთან, რომლებიც მათ წინ უძღოდა. ფროიდმა ივარაუდა ეს ურთიერთკავშირი, ოღონდ არაცნობიერ დონეზე. "ჩვენ ფსიქიკურ პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ და მისი არსებობა იძულებული ვართ ვაღიაროთ, მაგრამ არაფერი ვიცით მის შესახებო" - წერდა ფროიდი 1933 წელს. არაცნობიერში განთავსებულია არა მხოლოდ ინსტინქტები, რომელნიც ცნობიერებისთვის ყოველთვის მიუწვდომელია, არამედ ისეთი მასალაც, რომელიც განსხვავებულია, ცენზურას ექვემდებარება და განდევნილია ცნობიერებიდან. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვობის დავიწყებული ტრავმები, მშობლების მიმართ ფარული მტრული გრძნობები, ჩახშობილი სექსუალური სურვილები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. ფროიდის მიხედვით არაცნობიერის მასალა განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. ეს მასალა, ეს შინაარსები არ არის დაკარგული და არ არის დავიწყებული, მაგრამ მისი მოგონება არასოდეს არ ხდება. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მოქმედებენ ცნობიერებაზე. არაცნობიერში განთავსებული შინაარსები ქრონოლოგიურად არ არიან განლაგებულნი. ამიტომაც შინაარსები, რომლებიც ათეულ წელს ითვლიან, როდესაც ამოდიან ცნობიერებაში არ კარგავენ თავის ძალას და ისეთივე ემოციური სიძლიერის არიან, როგორც სულ პირველად.

წონასწორობის (ჰომეოსტაზის) პრინციპი

      ფროიდის მიხედვით, ადამიანი ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც წონასწორობისკენ მიისწრაფვის. როდესაც მილში წყლის წნევა იზრდება მილი შეიძლება გასკდეს, თუ წნევა არ შევამცირეთ. ფროიდის მიხედვით, ამის მსგავსად, როდესაც ორგანიზმში ენერგია იზრდება, მაგრამ ვერ პოულობს რეალიზაციის გზას, იქმნება დაძაბულობა, უსიამოვნების განცდა, რომელიც მოიხსნება, თუ ადამიანი მოახდენს დაძაბულობის რედუქციას. ენერგიის ბლოკირება მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმი რაღაც დანაკლისს განიცდის, ჩნდება მოთხოვნილება (მაგ. შიმშილის), ირღვევა წონასწორობა და ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეავსოს დანაკლისი, უსიამოვნო მდგომარეობა სასიამოვნოთი შეცვალოს და აღადგინოს წონასწორობა.უსიამოვნო განცდები ჩნდება მაშინაც, როდესაც არაცნობიერში არსებულ ისეთ სურვილებს უნდათ ცნობიერებაში ამოსვლა, -რომლებიც ცნობიერებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ (მაგ.ვინმესთვის ზიანის მიყენება). ორგანიზმი ცდილობს – მიისწრაფვის ეს უსიამოვნო განცდა თავიდან აიცილოს და სასიამოვნო მდგომარეობა შეიქმნას. ამისთვის კი საჭიროა ასეთი აზრები არაცნობიერში განდევნოს, რათა მათ ქცევაზე უშუალო გავლენა არ მოახდინონ.

ინსტინქტი, ლიბიდო და ლტოლვა

      ინსტინქტი არის თანდაყოლილი დისპოზიცია გარკვეული ქცევის მიმართ და მას აქვს ენერგია. ინსტინქტური ენერგია ლტოლვების (Triebe, drive) სახით ვლინდება. ლტოლვა მნიშვნელოვანი ცნებაა, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტები, რომელთაც შეუძლიათ ინსტინქტის დაკმაყოფილება ზოგჯერ ბლოკირებულია ფიზიკური და სოციალური ბარიერებით. რაც უფრო დიდია გადასალახი ბარიერი, მით უფრო ძლიერია ლტოლვის ძალა. ლტოლვები აიძულებენ ადამიანს იმოქმედონ გარკვეული მიზნის მიმართულებით ცნობიერების ჩარევის გარეშე. ასეთი ლტოლვები მთელი ქცევის ძირითად მოტივს წარმოადგენენ.

      ფსიქოანალიზური თეორია ადამიანის ინსტინქტებს ორ ჯგუფად ჰყოფს პირველს საქმე აქვს ე.წ. ფიზიკურ მოთხოვნილებებთან, რომელშიც შედის სუნთქვა, შიმშილი, წყურვილი, გამოყოფის ფუნქციები. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შედარებით მარტივია და შესაბამის ობიექტებს, ჩვეულებრივ,. უშუალოდ, პირდაპირ შეუძლიათ მათი დაკმაყოფილება. თუმცა თვით ისეთმა ინსტინქტმაც კი, როგორიც შიმშილია, უჩვეულო პირობებში შეიძლება არანორმალურ ძალას მიაღწიოს. მაგალითად, მე-19 სუკუნეში სიერას მთებზე გადასული ადამიანთა თოვლში მოყოლილ ჯგუფში კანიბალიზმის შემთხვევებიც კი იყო დაირღვა სოციალური კავშირები.

      ინსტინქტების მეორე ჯგუფი სექსუალურ ძალებთან არის დაკავშირებული. ლიბიდო სექსუალური ინსტინქტის თეორიაა. ამ კონტექსტში იგი ნებისმიერი სიამოვნების გამომწვევი ქმედება ან აზრია, რომელიც ეროტიულ აქტივობასაც მოიცავს. ფსიქიკური ენერგია არის ყოველი მენტალური აქტივობის საფუძვლად მდებარე ენერგია (აზროვნებისთვის, აღქმისთვის, წარმოსახ ვისთვის, დახსომებისთვის, პრობლემის გადაწყვეტისთვის. . .).

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფროიდისთვის ფსიქიკური ენერგიის სისტემა დახშული სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი პიროვნება შეიძლება ყოველ მოცემულ მომენტში, როგორც ლიბიდოს ფიქსირებული რაოდენობის მატარებელი და ყველა მისი სექსუალური და მენტალური აქტივობის მიზეზი და წყარო განვიხილოთ. ფსიქიკური ენერგიის შეზღუდული რაოდენობის გაგებას მოსევს ის, რომ როდესაც ლიბიდო გამოიყენება ერთი მიზნით, სიმულტანურად (იმავდროულად) მისი მეორე მიზნით გამოყენება ფერხდება. ფროიდის სიტყვებით, მაგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი გამუდმებით თავის საცოლეზე ფიქრობს, სხვა საქმეს ნაკლები წარმატებით გააკეთებს.

      ამრიგად, ფროიდისთვის ადამიანის ძირითადი მოტივაცია სექსუალური ბუნებისაა ადამიანი ჰედონისტია. როგორც შემდგომ ვნახავთ, საზოგადოება ქმნის წინაღობებს ამ გზაზე. ფროიდის თეორიაში შესწავლილია ის ფორმები და საშუალებები, რომლითაც ადამიანს მიმართებაში მოჰყავს თავისი სექსუალური მოთხოვნილებები საზოგადოებასთან, რომელიც თავის მხრივ, ამ მოთხოვნილებათა უშუალო დაკმაყოფილებას ყოველთვის წინ აღუდგება ხოლმე. ამიტომ ყოველი პიროვნება "არის ნაწილობრივი კომპრომისი მის სექსუალურ ინსტინქტებსა და საზოგადოების აკრძალვებს შორის".

  • ლტოლვები (Triebe) აიძულებენ ადამიანს იმოქმედონ გარკვეული მიზნის მიმართულებით ცნობიერების ჩარევის გარეშე. ასეთი ლტოლვები მთელი ქცევის ძირითად მოტივს წარმოადგენენ.
  • ლტოლვების ფიზიკურ ასპექტებს ფროიდი მოთხოვნილებას უწოდებდა, ხოლო ფსიქიკურ ასპექტებს კი – სურვილებს.

      ლტოლვა ოთხ ელემენტს მოიცავს:

  1. წყარო – ეს არის ადგილი, სადაც აღმოცენდება ლტოლვა (სხეული)
  2. მიზანი - რომელმაც უნდა რედუქცია გაუკეთოს, ანუ შეამციროს მოთხოვნილება იმ დონემდე, რომ მოქმედება საჭირო აღარ იყოს. ეს იწვევს მისი აქტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
  3. სტიმული – ენერგიის რაოდენობა, ძალა, რომელიც გამოიყენება ლტოლვის დასაკმაყოფილებლად.
  4. ლტოლვის ობიექტი – ნებისმიერი საგანი ან მოქმედება, რომელსაც შეუძლია ამ სურვილის დაკმაყოფილება.

      მოზრდილი ადამიანისთვის შიმშილის მოთხოვნილების შემთხვევაში შესაფერისი ობიექტი სეიძლება იყოს მაგ. სამზარეულოს კარადა; ჩვილისთვის კი -დედა, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას.

      ფროიდის მიხედვით ლტოლვების ორი ძირითად სახე არსებობს: სექსუალური (ეროტიული, ანუ სიამოვნების მომტანი) ლიბიდო და მეორე აგრესიული, დესტრუქციული-ტანატოსი. შემდგომში იგი მათ უფრო მასშტბურად ახასიათებდა და პირველს როგორც სიცოცხლის ხელშემწყობ, ხოლო მეორეს დამანგრეველ, სიკვდილისკენ მამოძრავებელ ძალას ახასიათებდა. ადამიანის აზრები და ქცევები ორივე მათგანს გულისხმობს. ეს ორი ძალა ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობრივია. ადამიანის აზრების და ქცევების დიდი უმრავლესობა ამ ძირითადი ინსტინქტების მიერ არის გამოწვეული, მაგრამ თითოეული მათგანიი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ერთმანეთთან კომბინაციაში.

      სექსუალური ლტოლვები ძალიან მოქნილია, გასაკვირია ის სიადვილე, რომლითაც მას შეუძლია ცვალოს თავისი ობიექტი, შეცვალოს სიამოვნების ერთი სახე მეორით ან დროებით შეაჩეროს მათი მოქმედება.

      კატექსისი – მისი საშუალებით ლიბიდოზური ენერგია მიეჯჭვება რაღაც იდეას, ნივთს ან ადამიანს. კატექსისის მდგომარეობაში ლიბიდო აღარ არის ისეთი მობილური (მოქნილი), როგორც ადრე და აღარ შეუძლია ახალ ობიექტებზე გადასვლა. ამის მიზეზი არის ფსიქიკის ის უბანი, რომელიც იზიდავს და აკავებს მას თავისთან. მაგ. ახლობლის სიკვდილით გამოწვეული განცდები უკარგავს ადამიანს ინტერესს ყოფითი ყოველდღიური პრობლემებისადმი. ანუ ლიბიდოს დიდი ნაწილი ამ განცდებშია ჩადებული კატექსირებული. ფსიქოანალიტურ თეორიაში გამოკვეთილია, რომ ლიბიდო არასწორად არის ჩადებული რაღაც მოვლენაში. ხოლო ამ ენერგიის გამოთავისუფლება და სხვა მიმართულებით გადართვა უკვე შესაძლებელს ხდის სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

      სექსუალური სურვილები შეიძლება სხვადასხვა გზით დაკმაყოფილდეს , ანუ მისი ობიექტი შეიძლება ბევრი რამ იყოს (არა მხოლოდ სექს. აქტიობა), მაგ. ჭამა, ფიზიკური ვარჯიშები, შესაბამისი ლიტერატურის კითხვა და სხვ. ლტოლვები ეს არის არხები, რომლებშიც ენერგია გაივლის, მაგრამ ეს ენერგია თავის სპეციფიკურ კანონებს ექვემდებარება. ფსიქოანალიტური თეორიის მიზანია გაიგოს თუ რას "მიება", რას დაუკავშირდა არასასურველი გზით ლიბიდო. როდესაც ეს ენერგია გამოთავისუფლდება და სხვა მიმართულებით გადაიტანება, შესაძლებელი ხდება ამ ენერგიით სხვა მოთხოვნილ;ებების დაკმაყოფილება

      პიროვნების სტრუქტურა ფროიდი ხედავდა, რომ მის პაციენტებს უამრავი სულიერი კონფლიქტები და კომპრომისები ჰქონდათ. ხედავდა, რომ ერთი სახის ლტოლვა მეორეს ეწინააღმდეგებოდა, საზოგადოებრივი აკრძალვები ბიოლოგიურ სწრაფვებს ეწინააღმდეგებოდა და მათი დაძლევის მეთოდებიც ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგო იყო. ამ ქაოსის მოწესრიგება მან პიროვნების სტრუქტურის თავისებურ წარმოდგენაში ნახა. ფროიდი პიროვნების სტრუქტურის სამ კომპონენტს გამოჰყოფს. ესაა იგი (ID), მე (EGO) და ზე-მე (SUPER EGO)EGO ფროიდი შემთხვევათა ანალიზს, კლინიკურ მეთოდს იყენებდა და ხედავდა, რომ მის პაციენტებს უამრავი სულიერი კონფლიქტები და კომპრომისები ჰქონდათ. ხედავდა, რომ ერთი სახის ლტოლვა მეორეს ეწინააღმდეგებოდა, საზოგადოებრივი აკრძალვები ბიოლოგიურ სწრაფვებს ეწინააღმდეგებოდა და მათი დაძლევის მეთოდებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ამ ქაოსის მოწესრიგება მან პიროვნების სტრუქტურის თავისებურ წარმოდგენაში ნახა. ფროიდი პიროვნების სტრუქტურის სამ კომპონენტს გამოჰყოფს. ესაა იგი (ID), მე (EGO) და ზე-მე (SUPER EGO) ID ანუ იგი პიროვნების ყველა გამოვლინებათა ამოსავალს წარმოადგენს. იგი ბიოლოგიურია თავისი ბუნებით და ენერგიის წყაროა პიროვნების სტრუქტურის ყველა ინსტანციისთვის. Mმიუხედავად იმისა, რომ სხვა ინსტანციები სწორედ იდისგან ამოიზარდნენ და განვითარდენენ, თვითონ იგი (ID) პრიმიტიული და არაორგანიზებულია. იგი არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება. ცხოვრების გამოცდილების შედეგად არ იცვლება, რადგან კონტაქტში არ არის გარე სამყაროსთან. ლტოლვები აღმოცენებისას მოითხოვენ დაკმაყოფილებას. ამ დაკმაყოფილების შედეგად ხდება დაძაბულობის განტვირთვა. როცა განტვირთვას მართავს მარტოოდენ იდი, დაკმაყოფილების გადადება შეუძლებელია. იდს არ შეუძლია აიტანოს ენერგიის ზრდა და ისწრაფვის დაუყოვნებლივი დაკმაყოფილებისაკენ მისი ამოცანაა დაძაბულობის მოხსნა- შემცირება, სიამოვნების გაზრდა და დისკომფორტის მდგომარეობის მინიმუმამდე შემცირება. იგი (ID) ცდილობს ყოველივე ამას მიაღწიოს რეფლექტორული მოქმედებებით( ავტომატური რეაქციებით, მაგალითად, ცხვირის დაცემინება ან თვალის ხამხამი) და აგრეთვე ფსიქიკური პროცესების ე.წ. პირველადი პროცესების მეშვეობით. ფროიდის მიხედვით პირველადი პროცესები მოზრდილებთან სუფთა სახით მხოლოდ ეგოს და სუპერეგოს რედუქციის შემთხვევაში ვლინდება, ანუ, როდესაც მათი მოქმედება დასუსტებულია (მაგალითად სიზმრებში). ID სიამოვნების პრინციპით მოქმედებს "IDD-ს არავითარი კავშირი არ აქვს დროსთან, დროის მიმდინარეობასთან. . მას წარმოდგენაც არ აქვს ღირებულებებზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე, ზნეობაზე"(ფროიდი)ID ჰგავს ბრმა ხელმწიფეს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მის მრჩევლებს, ძირითადად ეგოს ანუ მე-ს მხოლოდ იმის მითითება შეუძლიათ, თუ სად იქნას ეს ძალაუფლება გამოყენებული იდის შინაარსი თითქმის მთლიანად არაცნობიერია. იგი მოიცავს პრიმიტიულ აზრებს, რომლებიც არასდროს არ ცნობიერდება და აზრებს, რომლებსაც ცნობიერება უკუაგდებს იმ მოტივით, რომ ისინი მისთვის მიუღებელია. ფროიდის მიხედვით ამ უარყოფილ თუ განდევნილ განცდებს მაინც აქვთ დიდი ძალა იმოქმედონ ადამიანის ქცევაზე ცნობიერების ყოველგვარი კონტროლის და ჩარევის გარეშე.

      EGO - "მე" პიროვნების ფსიქიკური სტრუქტურის მეორე კომპონენტია, რომელსაც კავშირი აქვს გარე სამყაროსთან – რეალობასთან. EGO გამოეყოფა ID-ს, ვითარდება მისგან და შეიძლება ითქვას, სესხულობს ენერგიას იდისგან. Iდიდან მისი განვითარება უკავშირდება ბავშვის განვითარების იმ პერიოდს, როდესაც ბავშვი იწყებს თავისი თავის გარემოდან გამოყოფას, ხდება თვითცნობიერების განვითარება, ინდივიდუალობის გაცნობიერება და სწავლობს იდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. EGO-ს ამოცანაა პიროვნების ცხოველმყოფელობის და ჯანმრთელი ფსიქიკის და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ის აკონტროლებს ნებისმიერ მოქმედებებს, მართავს უსაფრთხოებიზე პასუხისმგებელ მოქმედებებს. Eგოს გაცნობიერებული აქვს გარე სამყაროს მოვლენები, მიმართებაში მოჰყავს ისინი წარსულთან, შემდეგ გარკვეული მოქმედებებით ან თავს არიდებს ამა თუ იმ მოვლენას ან ეგუება ან კიდევ ცვლის გარემოს, რათა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადოს. ეგო არა მხოლოდ გარე სამყაროსთან ურთიერთობას აკონტროლებს, არამედ შინაგანთანაც. ეგო ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი "ინსტინქტურ მოთხოვბილებებზე და თვითონ წყვეტს ახლავე უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნილებები თუ უნდა გადაიდოს ეს სიამოვნება უფრო ხელსაყრელი დროისთვის თუ მთლიანად უნდა დაითრგუნოს. მისი მოქმედება გარეგანი და შინაგანი გამღიზიანებლებით შექმნილი დაძაბულობის დონეთა რეგულაციაში მდგომარეობს. დაძაბულობის ზრდა განიცდება როგორც დისკომფორტის მდგომარეობა, შემცირება კი – სიამოვნების მდგომარეობა. ფროიდის მიხედვით EGO გონების და საღი აზრის წარმომადგენელია, ხოლო ID კი - დაუოკებელი ვნების. ამრიგად EGO იმთავითვე ID-ის შექმნილია იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს სტრესი. მაგრამ იმისთვის რომ ეს განახორციელოს, EGO-მ უნდა ისე აკონტროლოს და მართოს ID -დან წამოსული ლტოლვები, რომ ინდივიდმა რეალობის გრძნობა არ დაკარგოს და რეალისტური გზა აირჩიოს. როდესაც ირაციონალური, ინსტინქტური ლტოლვები მძლავრდებიან, ისინი უნდა გამოვლინდენე და დაითრგუნონ ეგოს მიერ. თუ ლტოლვა ვერ ითრგუნება, ეგომ უნდა შეიმუშავოს მეთოდი ამ სურვილების დაკმაყოფილების რეალისტური შესაძლებლობებისა. ინტელექტის გამოყენება ეგოს ძალასა და უნარზეა დამოკიდებული. ეგო მეორად პროცესებს იყენებს. ეს არის ეგოდან წამოსული, ეგოთი მოტივირებული ან სუპერეგოთი ნაკარნახები აზრები, გრძნობები და ქცევები. თუ პირველადი პროცესები არაცნობიერი სისტემისთვისაა დამახასიათებელი, მეორადი პროცესები ცნობიერისთვის. ერთმანეთს სიამოვნების და რეალობის პრინციპი უპირისპირდება. SUPEREGO. ადამიანის საზოგადოებაში ეფექტური და ადექვატური მოქმედებისთვის საჭიროა, რომ მას ჰქონდეს ამ საზოგადოებისთვის მისაღები ღირებულებებისა და ეთიკური ნორმების სისტემა. ამას იგი სოციალიზაციის პროცესში იძენს, რაც ფროიდის თეორიაში სუპერეგოს ფორმირების სედეგად ხდება. სუპერეგო იდი-დან და ეგო-დან აღმოცენდება. სუპერეგო ჩნდება მას შემდეგ, რაც ეგი იდ-ს გამოეყოფა. სუპერეგო პიროვნების აზრებისა და ქცევების ცენზორის როლში გამოდის. ე სარის მორალური ნორმების, ქცევის სტანდარტებისა დად ა ისეთი წარმონაქმნების სათავსო, სადაც პიროვნებისთვის აკტძალვის ფორმების სემუშავება ხდება. სუპერეგო ქმნის, ავითარებს და განამტკიცებს პიროვნების მორალურ ნორმებს. "ბავშვის სუპერეგო მშობელთა სუპერეგოს ემყარება. მისი შინაარსი იგივეა – იგი ემსახურება ტრადიციებისა და ღირებულებების მყარი სისტემის შენარჩუნებას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა." ფროიდის აზრით, ადამიანის ორგანიზმი არ იბადება სუპერეგოთი. ბავშვები იძენენ მას მშობლებთან, მასწავლებლებთან და სხვა "მაფორმირებელ" ფიგურებთან ურთიერთობის სედეგად. წარმოადგენს რა პიროვნების მორალურ-ეთიკურ ძალას, სუპერეგო ბავშვის მშობლებზე ხანგრძლივი დამოკიდებულებულების შედეგია. ფორმალურად ის მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვი "სწორისა" და არასწორის" გარჩევას იწყებს. იგებს რა არის კარგი და ცუდი; ზნეობრივი და არაზნეობრივი. სუპერეგო მშობლებისა და საზოგადოების ღირებულებების შინაგანი რეპრეზენტატორია.ფროიდი გამოჰყოფს სუპერეგოს ორ ქვესისტემას – სინდისს და იდეალების ფორმირებას- ეგო-იდეალს. ეგო-იდეალი არის თვითობის (Self) იდეალური ხატი. ე სარის ნორმა ან სტანდარტი, რომელსაც ეგო იყენებს საკუთარი ქცევის შესაფასებლად და რომელსაც უნდა ესწრაფოდეს. ფროიდის მიხედვით, ყველა ჩვენგანს გააჩნია პიროვნების ტიპის შინიგანი ხატი, რომელიც ჩვენს ბავშვობაში, ჩვენი განვითარების პროცესში ჩვენში ჩანერგილ სტანდარტს უნდა ეყრდნობოდეს. ფროიდის აზრით, ეგო- იდეალი ოიდიპოსის ფაზის წარმატებით გადალახვის შემდეგ ყალიბდება. ამ ფაზის წარმატებით გადალახვის შემდეგ მოზარდი (ბიჭი) ეგო-იდეალს ან იმ პიროვნების მენტალურ ხატს ჩამოიყალიბებს, რომელიც, მისი აზრით, თავისი მამის სტანდარტს ეფუძნება. გოგონების ეგოს შესახებ ფროიდი ნაკლებ კატეგორიულია და თვლის, რომ გოგონებს უფრო სუსტი სუპერ-ეგო და სუსტი ეგო-იდეალი უყალიბდებათ.სინდისის სახით სუპერეგო ასრულებს ცნობიერების, ისევე როგორც არაცნობიერი პროცესების შეზღუდვების, აკრძალვებისა და აგრეთვე დადნაშაულების ფუნქციას. ქცევის სედეგის (სარგებლიანობის) მიუხედავად, სუპერეგო აკონტროლებს ეთანხმება თუ არა ინდივიდის მოქმედება საზოგადოების მორალურ ნორმებსა და ღირებულებებს. თუ პიროვნების ქცევა არ შეესაბამება სუპერეგოს მოთხოვნებს, ჩნდება დანაშაულის გრძნობა.

      სუპერეგოს უკავშირდება სირცხვილის გრძნობაც. სირცხვილი არის დამცირების, უპატივცემულობის, გაკიცხვის მტკივნეული განცდა, გამოწვეული დამიანისთვის შეუფერებელი საქციელით. ფროიდის მიხედვით, სუპერეგოს გარეშე ადამიანები ვერასოდეს იგრძნობდნენ სირცხვილს, რადგან ვერასოდეს მიხვდებოდნენ, რომ მორალური და სოციალური სტანდარტი დაარღვიეს.ფსიქიკური მოქმედების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შეინარჩუნოს დინამიური წონასწორობის ის დონე, რომელიც დაძაბულობის შემცირების ხარჯზე ზრდის სიამოვნებას. ID-დან წამოსული ენერგია პრიმიტიული, ინსტინქტური ბუნებისაა. EGO, რომელიც ID-დან ვითარდება, რეალისტურად აფასებს ID-დან წამოსულ იმპულსებს. გარდა ამისა, იგი შუამავლის როლს თამაშობს ID-ს, EGO-სა და გარე სამყაროს რეალობიდან წამოსულ მოთხოვნებს შორის. სუპერეგო, რომელიც ეგოდან ვითარდება, ზნეობრივი მუხრუჭის როლს ასრულებს ეგოს პრაქტიკული მოქმედების მიმართ. იგი ეგოს მთელ რიგ პირობას უყენებს, რომლებიც განსაზღვრავენ და ზღუდავენ მის მოქნილობას.

შფოთვა (შიში) და დაცვის მექანიზმები

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფროიდის ფსიქოანალიზურ თეორიაში ნებისმიერი პროცესი შეიძლება აღწერილ იქნას ენერგიის დახარჯვის (გამოთავისუფლების) ან იმ ძალის ტერმინებში, რომელიც აკავებს ამ ენერგიის გამოსვლას და ხარჯვას, ანუ ეწინააღმდეგება ინსტინქტის დაკმაყოფილებას. ამ ენერგიის შეკავებაც ძალას მოითხოვს. ეს ურთიერთქმედება და ბრძოლა ინსტინქტის დაკმაყოფილებასა და მის შეკავებას შორის არის ამ თეორიის დინამიკური ასპექტი, რომლის ქვაკუთხედსაც შფოთვის (შიში, "ენზაიტი",Anxiety) ცნება წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც იდს, სუპერეგოს და გარემოს მოთხოვნებს შორის გართულებული ურთიერთმიმართებების გამო ეგოს უკვე აღარ შეუძლია სათანადო კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს ფსიქიკურ ინსტანციებს შორის ჩნდება წონასწორობის დარღვევის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც შიშის შფოთვის, განცდას იწვევენ. შფოთვა ფსიქოანალიტური თეორიის თანახმად არის მტკივნეული ემოციური განცდა, რომელიც ამცნობს პიროვნებას საფრთხის შესახებ; სხვა სიტყვებით, შფოთვა მე-სთვის საფრთხის სიგნალია, რომელიც ამ საფრთხის ასაცილებელი ქცევისკენ უბიძგებს მას. თუ თავის ადრეულ შრომებში ფროიდი შფოთვის მიზეზს სექსუალური იმპულსების (ლიბიდოს) დაუკმაყოფილებლობაში ხედავდა, მოგვიანებით იგი შფოთვას განიხილავდა, როგორც მტკივნეულ ემოციას, რომელის იმ საფრთხის მიმნიშნებელია, რომელიც პიროვნების მე-ს ემუქრება. ამ შემთხვევაში შფოთვა მე-ს ფუნქციაა, რომელიც აფრთხილებს მე-ს, რომ საჭიროა მოქმედება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ფსიქოანალიტურ თეორიაში შფოთვის მიზეზი არის ის ტრავმული განცდები, რომელიც ადამიანმა ოდესღაც განიცადა და რომელმაც მას ვნება და ზიანი მიაყენა. შფოთვა არის იგივე ტრავმული განცდის განმეორება, ოღონდ შერბილებული , მსუბუქი ფორმით. მაგალითად, ბავშვი შეიძლება სერიოზულად დაისაჯოს გარკვეული სექსუალური ან აგრესიული მოქმედების გამო. მოგვიანებით, უკვე მოზრდილობაში მას შეიძლება გაუჩნდეს შიში იმის გამო, რომ მოუნდეს იგივე სექსუალური ან აგრესიული ქცევა. ამასთან, მას შეიძლება ახსოვდეს, მაგრამ შეიძლება არც ახსოვდეს ის სასჯელი, რომელიც ამას მოჰყვა. მას შფოთვა უჩნდება იმის გამო, რომ, ერთის მხრივ, მიისწრაფის შეასრულოს ეს ქცევა, მაგრამ მეორეს მხრივ, შედეგის ეშინია. ფსიქოანალიზის ტერმინებში შფოთვა აღმოცენდება იდის ინსტინქტების ზეწოლასა და სუპერ-ეგოდან მომდინარე დასჯის საფრთხეს შორის კონფლიქტიდან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ იდი ამბობს "მე ეს მინდა", სუპერეგო ამბობს "ეს საშინელებაა, არ შეიძლება", მე კი ამბობს – "მე მეშინია".კონფლიქტი ფროიდის თეორიის დინამიური ასპექტის ცენტრალური ცნებაა. კონფლიქტი საწინააღმდეგო ძალთა შორის ჩნდება. ამ კონფლიქტის მოგვარება მე-ს საქმეა. მე-მ უნდა დააკმაყოფილოს იდის, სუპერეგოს და რეალობის მოთხოვნები. ამიტომაც ის პერმანენტულად და მრავალმხრივ კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება და, ბუნებრივია, შფოთვას განიცდის.

გამოყოფენ შფოთვის სამ სახეს:

      ობიექტური (რეალური ) შფოთვა უკავშირდება ობიექტურ ან წარმოსახვით საფრთხეს, რომელიც გარე სამყაროში არსებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, გარეული ცხოველების შიში, სამხედრო ბრძოლის შიში, ინფექციური დაავადებების შიში და სხვ. მათი დაძლევა მოითხოვს ცნობიერ, რეალობის პრინციპზე დაფუძნებულ მოქმედებებს.

      ნევროტული შფოთვა. სიამოვნების პრინციპით მოქმედ სექსუალური და აგრესიული იმპულსების დათრგუნვა მე-ს მიერ შეიძლება გახდეს ნევროტული შფოთვის მიზეზი. იდიდან წამოსული ლტოლვების სიძლიერე აშინებს მე-ს. შიში ჩნდება იმ შედეგების გამო, რაც ლტოლვების დაკმაყოფილებას შეიძლება მოყვეს. ეს არის ნევროტული შიში. ლტოლვა არაცნობიერშია, მაგრამ აქტიური რჩება და გავლენას ახდენს განცდებსა და ქცევაზე.მორალური შფოთვა. თუ ეგო დაუშვებს იდის სურვილებს, საქმე გვექნება მორალურ შფოთვასთან, რომელსაც სინდისის ქენჯნა და დანაშაულის განცდა სდევს თან. განურჩევლად იმისა, თუ რომელი წყაროდან მომდინარეობს შიში, ირღვევა ფსიქიკური წონასწორობა, რომელიც მე-ს მიერ უნდა იქნას აღდგენილი. ამისთვისთვის საჭიროა შიშის გამომწვევი იმპულსებიგან თავის დაცვა. მე-ეგო უძლური არ არის იდიდან და სუპერეგოდან წამოსული კონფლიქტების მიმართ. მას დამცავი მექანიზმები გააჩნია. ამიტომაც, სიგნალზე ‘შიში" დაცვის მექანიზმი, იწყებს ამოქმედებას, რომელმაც უნდა შეამციროს ან მოხსნას მუქარა.

      ფროიდმა და მისმა მიმდევრებმა აღწერეს რამდენიმე, ძირითადად არაცნობიერად მოქმედი დაცვის მექანიზმები, რომლებიც შიშის რედუქციას ახდენენ.

ფროიდის თეორიის შეფასება

      შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ფსიქოლოგიურ თეორიას არ ღირსებია ისეთი ყურადღება და პოპულარობა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, არ დაუმსახურებია ისეთი მკაცრი კრიტიკა, როგორც ფროიდის თეორიას ხვდა წილად. ფროიდის შეხედულებები (თვით ფროიდიც) ყოველი მხრიდან და ნებისმიერი საბაბით ხდებოდა თავდასხმების, დაცინვის, შეურაცხყოფის და ცილისწამების ობიექტი. მეცნიერების ისტორიას მსგავსი რამ კიდევ ერთი პიროვნების, ჩარლზ დარვინის შემთხვევაში ახსოვს, როდესაც მან თავისი ევოლუციური თეორიით შოკში ჩააგდო ინგლისის ვიქტორიანული საზოგადოება. ფროიდის ძირითად "დანაშაული" მდგომარეობდა იმაში, რომ იგი ბავშვებში სექსუალური და დამანგრეველი ლტოლვების არსებობას აღიარებდა, ადამიანს ინცესტურ და გარყვნილ სურვილებს მიაწერდა და მის ქცევას სექსუალური მოტივაციით ხსნიდა. ადამიანისადმი ფროიდის მიდგომით აღშფოთებული "წესიერი" ხალხი მას თავაშვებულ და გარყვნილ ადამიანს უწოდებდა.

      დღეს ფროიდი, სავსებით სამართლიანად გენიოსად არის აღირებული. მას ფასდაუდებელი დამსახურება აქვს მთელი ფსიქოლოგიური მეცნიერების წინაშე. ჩვენ შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ ფროიდმა სუბიექტი, პიროვნება შემოიყვანა ფსიქოლოგიაში, ფროიდამდე ფსიქოლოგია უსუბიექტო ფსიქოლოგია იყო. მან არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობა დაუშვა და არაცნობიერი მოტივაციის ფაქტები "დაგვიდო". მისი თეორია მოწოდებულია პიროვნება მთელი თავისი სირთულით და გამოვლენის (ქცევის) უზარმაზარი დიაპაზონით მოიცვას და ახსნას. ფროიდის თეორიის დამსახურებაა სრულიად ახალი, მანამდე უცნობი ფენომენების აღმოჩენა, იქნება ეს ენზაიტი, დაცვის მექანიზმები, პიროვნების ინსტანციები თუ მრავალი სხვა.

      მაგრამ, როგორც ნებისმიერ თეორიას, ფროიდის თეორიასაც აქვს ნაკლოვანებები, რომლებსაც მრავალრიცხოვანი კრიტიკოსები აღნიშნავენ. გამოვყოფთ რამდენიმეს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შენიშვნები ეხება ფსიქოანალიზს, როგორც პიროვნების თეორიას და არა ფსიქონალიზს, როგორც მეთოდს.

      1. ფროიდი თავისი ჰიპოთეზების დამტკიცებისას (ვერიფიკაციისას) არ ეყრდნობოდა საკმარის ემპირიულ პროცედურებს. იგი თავის დაკვირვებებს არაკონტროლირებულ პირობებში ატარებდა. თვითონ ფროიდიც აღნიშნავდა, რომ მისი და მისი პაციენტის საუბრები ჩაწერილი იყო არა სეანსის დროს, არამედ რამდენიმე საათის შემდეგ. კრიტიკისების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩანაწერები არ იყო ზუსტი და რომ დამახინჯებებს ჰქონიდა ადგილი. Fფროიდის სიტყვები, რომ მნიშვნელოვანი გვამახსოვრდება, ხოლო ტრივიალური გვავიწყდება, არასოდეს ყოფილა დასაბუთებული და ნაკლებ სავარაუდოა.

      2. ფროიდს საყვედურობენ იმასაც, რომ ის ენდობოდა პაციენტს და არ გადაამოწმებდა ხოლმე პაციენტის მიერ მოწოდებული ცნობებს მის ნათესავებთან, მშობლებთან ან მეგობრებთან. ფროიდის აზრით კი, ადამიანის ქცევის ასახსნელად აუცილებელია არაცნობიერის ღრმა გაგება, რაც მხოლოდ თავისუფალი ასოციაციების და სიზმრების ანალიზით მიიღწევა.

      3. კრიტიკოსების აზრით, ფროიდის დასკვნები რომლებიც არასრულ და შეიძლება, არაზუსტ ჩანაწერებს ეყრდნობოდა, გამომდინარეობდა მსჯელობებიდან, რომლებიც იშვიათად თუ იყო ფართო და გაშლილი. ფაქტობრივად, ეს იყო მისი აზროვნების შედეგი და არა მონაცემთა ანალიზი. მკითხველი, უბრალოდ, უნდა ენდოს და დაიჯეროს ფროიდის დედუქციური და ინდუქციური ოპერაციების ვალიდობა. ამიტომაცაა, ამბობენ ისინი, რომ ფროიდის არც ერთი გამოკვლევის ზუსტი გამეორება არ შეიძლება. Aანუ არ გვაქვს იმის ელემენტარული რწმენა, რომ იგივეს ვაკეთებთ, რასაც - ფროიდი. ამით აიხსნება, ალბთ, ის ფაქტი, რომ სხვა მკვლევრები სხვადასხვა დასკვნებამდე მივიდნენ და რომ, ერთი და იგივე ფენომენის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს. ჰანს აიზენკი, ფსიქოანალიზის მუდმივი და თავგამოდებული კრიტიკოსი წერს: "ჩვენ ისეთივე წარმატებით შეგვიძლია თერაპიულ ტახტზე ყოფნისას შევამოწმოთ ფროიდის ჰიპოთეზები, როგორც ვაშლის ხის ქვეშ წამოწოლილები შევძლებთ ნიუტონის და აინშტაინის ჰიპოთეზებს შორის წინააღმდეგობის გადაჭრას. "

      4. ფროიდი ერიდებოდა მონაცემთა კვანტიფიკაციას (რაოდენობრივ დამუშავებას), რის გამოც შეუძლებელია მისი დაკვირვებების სტატისტიკური სანდოობისა და მნიშვნელობის დადგენა. მაგალითად, რამდენ შემთხვევაში იქნა დადგენილი კავშირი პარანოიასა და ჰომოსექსუალობას შორის; ან ისტერიასა და მოზრდილთან ორალურ სტადიაზე ფიქსაციას შორის; რა განზომილებებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მიეკუთვნება შემთხვევა ამა თუ იმ კლინიკურ კატეგორიას? ადარებდა ან ამოწმებდა თუ არა თავის ინტერპრეტაციებს სხვა, გამოცდილი ანალიტიკოსის ინტერპრეტაციებს, რათა დაედგინა თავისი დასკვნების სანდოობა?

      5. ფროიდის ზოგიერთ კრიტიკოსს იმაშიც შეაქვს ეჭვი, თუ რამდენად აკმაყოფილებს ფროიდის თეორია მეცნიერული თეორიის მოთხოვნებს: იყო თუ არა პაციენტის თავისუფალი ასოციაციები ნამდვილად თავისუფალი, თუ ის ამბობდა იმას, რაც ფროიდს უნდოდა გაეგონა. ფროიდის უნივერსალობის პრეტენზიის მქონე პიროვნების თეორია არატიპიურ პაციენტთა ძალიან მცირე ჯგუფის მონაცემთა საფუძველზე ხომ არ შექმნა? ეს კითხვები თეორიის ვალიდობის მიმართ დაისმის.

      6. ფროიდს აკრიტიკებდნენ მისი ენერგეტიკული მოდელის გამოც. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ენერგეტიკული სისტემის იდეა ფროიდთან იყო გამოძახილი იმდროინდელ ბუნებისმეტყველებაში გაბატონებული შეხედულებებისა. ახლა ეს მოდელი უკვე მოძველებულია და გამოკვლევები მის არაადექვატურობაზე მიითითებენ. ადამიანი ყოველთვის არ მიისწრაფის დაძაბულობის შემცირებისკენ. ზოგჯერ სტიმულაცია და დაძაბვა ძალიანაც სასურველია ხოლმე. ამავე დროს, პიროვნების ფსიქოლოგიაში შემორჩენილია ინტერესი ფიზიოლოგიურ ლტოლვებზე დაფუძნებულ მოტივაციის მთლიანობითი მოდელის მიმართ. მაგრამ როგორც პერვინი აღნიშნავს, ენერგეტიკული მოდელი უფრო მეტაფორაა პიროვნების ფუნქციონირებისთვის და არა ამხსნელი პრინციპი.

      7. თეორია "ცუდია" იმის გამო, რომ ბევრ მის პოსტულატს არ აქვს ემპირიული გამოსავალი. მაგალითად, რა ემპირიული გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს სიკვდილისკენ სწრაფვას? ეს უბრალოდ "მეტაფიზიკურ უკუნეთში ჩაძირვის სურვილია", რომელსაც არაფერი საერთო აქვს მეცნიერებასთან. Xოლო თუ სუიციდის ან უბედური შემთხვევებს დავასახელებთ ემპირიულ ფენომენებად, ეს "პოსტფაქტუმ" ახსნა იქნება და ასეთ ახსნას არავითარი ღირებულება არ აქვს. ეს იგივეა, დოღის დამთავრების შემდეგ დავდოთ ფსონი ცხენზეო, ამბობენ კრიტიკოსები.. ფსიქოანალიზი არ იძლევა მოცემულ სიტუაციაში ქცევის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას

      8. გაუგებარია, როგორ შეიძლება რაოდენობრივი განსხვავებიების განსაზღვრა: რამდენად ინტენსიური უნდა იყოს განცდა, რომ ტრავმატული აღმოჩნდეს. ან რამდენად სუსტი უნდა იყოს ეგო, რომ იგი ინსტინქტურმა იმპულსებმა გადაფაროს

      9. კრიტიკოსებს ხშირად აღიზიანებთ ის არგუმენტები, რითაც ფსიქოანალიტიკოსები იცავენ თავის თეორიას. ისინი თვითონ კრიტიკოსებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი (კრიტიკოსების) დაცვის მექანიზმები არ აძლევთ უფლებას აღიარონ და მიიღონ ისეთი ფაქტორების მოქმედება, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის სექსუალობა.

      ფროიდისთვის ბევრი ზემოთმოყვანილი შენიშვნა ცნობილი იყო. ის აცნობიერებდა იმას, რომ სამეცნიერო მუშაობის დაწყებით ეტაპებზე, როდესაც ხდება ფენომენების აღწერა, მთელი რიგი უზუსტობების დაშვება გარდაუვალია. გარდა ამისა, იცოდა იმ სირთულეების შესახებ, რაც ფსიქოანალიზური იდეების ქცევის წინასწარმეტყველებისთვის გამოყენებას მოყვებოდა. იგი აღნიშნავდა, რომ ანალიტიკოსი უსაფრთხოდ გრძნობსდ თავს, როდესაც ქცევას შედეგიდან უკან, მისი გამომწვევი მიზეზებისკენ მიყვება და აანალიზებს. მაგრამ თუ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, მოვლენათა თანმიმდევრობა ისეთი აშკარა აღარ არის. ამიტომაცაა, რომ ფსიქოანალიტიკოსს უკეთ გამოსდის ახსნა, ვიდრე წინასწარმეტყველება.

      ბუნებრივად ისმის კითხვა: მიუხედავად ბევრი და მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნისა, ფსიქოანალიზი რატომ არ მიეცა დავიწყებას და რითი უნდა აიხსნას მისი ასეთი მაღალი სტატუსი თანამედროვე სამყაროში?

      პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ პიროვნების ემპირიული თეორიები საკკმაოდ სუსტია და მეცნიერული თვალსაზრისით საკმარისად გამართულნი არ არიან. ფსიქოლოგიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ზუსტ მეცნიერებად იწოდებოდეს. ამდენად, ფსიქოლოგს შეუძლია აირჩიოს თეორია სულ სხვა მიზნიდან და თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვიდრე, თეორია, რომელიც ფორმალური ადექვატურობისა და ფაქტობრივი მონაცემების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ფსიქოანალიზი კი იზიდავს მას აზროვნების სიახლითა და გაბედულებით, ადამიანის შესახებ შეხედულებათა სიღრმით და სიფართოვით. შეიძლება ფროიდი მეცნიერების მკაცრ და ზუსტ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ იგი იყო დიდი მოთმინებით აღჭურვილი, ნატიფი, ჩაღრმავებული დამკვერვებელი და შეუპოვარი, დისციპლინირებული, გაბედული და ორიგინალური მოაზროვნე. მისი თეორიის ყველა ღირსებაზე მაღლა დგას ერთი რამ – მას სურს გაუგოს ჩვეულებრივ, სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებიც ნაწილობრივ რეალურ სამყაროში, ნაწილობრივ წარმოსახულში არსებობენ. ისინი შინაგანი კონფლიქტებითა და წინააღმდეგობებით არიან მოცულნი, მაგრამ გონიერი აზრები და მოქმედებებიც ხელეწიფებათ. მათ დაუოკებელი სწრაფვები და ამოუცნობი ძალები ამოძრავებთ, ხან ნათლად, ხან ბუნდოვნად აზროვნებენ; ხან ფრუსტრირებულები, ხან კი კმაყოფილები არიან, ხან იმედით აღსავსენი, ხან იმდგაცრუებულნი, ხან ეგოისტურები, ხან ალტრუისტები. ერთი სიტყვით, ფროიდს "თვალებში უნდა ჩახედოს ამ ადამიანებს". ამას კი ბევრისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ფსიქოლოგებმა მოახერხეს ზოგიერთი ფროიდისეული დებულების ექსპერიმენტული შემოწმება და დადასტურება. მაგალითად, ვაინბერგერის ექსპერიმენტი განდევნაზე - დაცვის მექანიზმზე.

ნახვა: 34878

გამოხმაურებები!

ფსიქიკის ტოპოგრაფიული მოდელი განსაკუთრებით ყურადსაღები თავია.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters