პლოტინი - მარადისობისა და დროისათვის, gnosticism, metaphysics, mysticism, neoplatonism, plotinus, qwelly, eternal, infinite, Πλωτῖνος, ანტიკური, დრო, ლოგოსი, მარადისობა, ნეოპლატონიზმი, პარმენიდე, პლატონი, პლოტინი, საწყისი, ფილოსოფია, ღმერთი

     პლოტინი ნეოპლატინიკოსი ფილოსოფოსია, რომელიც მოღვაწეობდა 205 – 270 წ.წ, მისი უმნიშვნელოვანესი თხზულებაა მარადისობისა და დროისათვის (Περὶ αἰῶνος καὶ χρόνου) რომელიც შედის მესამე "ენეიდაში"

მარადისობისა და დროისათვის

     1. მარადისობა და დრო ორი სხვადასხვა რამაა; მარადისობა გონით საწვდომსა და წარუვალ სამყაროშია, დრო კი – იმაში, რაც იბადება, და გრძნობად სინამდვილეში. ამის მტკიცებისას რატომღაც გვგონია, თითქოს ჩვენს სულში უშუალოდ მოცემული იყოს ორივე ამ ცნების ნათელი და მკაფიო წარმოდგენა, აზრის ერთგვარი წამიერი გაელვებით მიღწეული და ჩამოყალიბებული. სწორედ ამ წარმოდგენას ვეყრდნობით ყოველთვის, როცა მარადისობაზე, დროსა თუ რაზედაც გნებავთ, იმაზე ვმსჯელობთ. მაგრამ როგორც კი დავაპირებთ უფრო გულდასმით განვიხილოთ ეს ორი ცნება და უფრო ღრმად ჩავწვდეთ მათ შინაარსს, წამსვე ვიბნევით და ჩიხში ვემწყვდევით. მაშინ ვცდილობთ ძველი დროის მოაზროვნეთა წარმოდგენებს მოვუხმოთ მწედ და მეოხად, წარმოდგენებს, რომლებიც, ერთის მხრივ, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ეთანხმებოდნენ კიდეც ერთმანეთს. სწორედ მათზე ვჩერდებით და, როცა დროსა თუ მარადისობაზე გვკითხავენ რამეს, ჩვენ გვგონია, რომ საკმარისია მოვიშველიოთ ეს ძველი წარმოდგენები, რათა სათანადო პასუხი გავცეთ დასმულ კითხვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ძველი დროის ამ სვებედნიერ ფილოსოფოსთაგან ზოგმა მაინც მიაკვლია ჭეშმარიტებას. მაგრამ ისიც უნდა ვნახოთ, ვინ უფრო ახლოს მივიდა მასთან, ან ჩვენ თვითონ თუ შეგვიძლია ჩავწვდეთ საკითხის არსს. უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიკითხოთ, მაინც რა არის მარადისობა იმათი თვალსაზრისით, დროისაგან რომ განასხვავებენ მარადისობას. რადგანაც თუ მარადისობას აღვიქვამთ როგორც უძრავსა და უცვლელ პირველნიმუშს, მაშინ, შესაძლოა, ჩვენთვის უფრო ნათელი გახდეს მისი ხატება, ვინაიდან დრო მარადისობის ხატებადაა მიჩნეული. მაგრამ თუ ვინმე სხვა გზას აირჩევს და ეცდება მარადისობის განხილვამდე გაარკვიოს დროის ბუნება, მას შეუძლია გრძნობადი სამყაროდან მოგონების მეშვეობით ამაღლდეს გონით საწვდომ სინამდვილემდე, რათა წარმოიდგინოს ის, რის მსგავსებადაც გვევლინება დრო, თუკი მართალია, რომ დრო მარადისობას ჰგავს.

     2. მაშ, როგორ უნდა განვსაზღვროთ მარადისობა? როგორც გონით საწვდომი არსი? ისევე, როგორც შეიძლება დრო მთელ ციურ სფეროდ და გრძნობად სამყაროდ იქნეს მიჩნეული. ზოგიერთი მოაზროვნე სწორედ ასე განმარტავდა დროს. და მართლაც, ჩვენი წარმოდგენითა და გაგებით, მარადისობა რაღაც უდიადესია და უზენაესი. იგივე ითქმის გონით საწვდომ სამყაროზედაც, ასე რომ, ვერ ვიტყვით, ამ ორ არსთაგან მაინც რომელია უფრო დიადი (ისევე, როგორც ეპითეტს – „უდიადესი“ ვერ მივაწერთ იმას, რაც გონით საწვდომი სამყაროს მიღმურია და მასზე უზენაესი), მით უმეტეს, რომ მარადისობის შინაარსი თითქმის იგივეა, რაც გონით საწვდომი სამყაროსი. და მაინც, ხომ ვამბობთ, რომ ერთი მოქცეულია მეორეში? განა ატრიბუტს „მარადიული“ გონით საწვდომ არსთაც არ ვუსადაგებთ? პირველნიმუშის ბუნება მარადიულია, – ბრძანებს პლატონი. მაშასადამე, სხვაა მარადისობა და სხვა – გონით საწვდომ არსთა ბუნება, რადგანაც ერთი მოქცეულია მეორეში, ან წილი უდევს მასში. ის გარემოება, რომ ერთიც უზენაესია და მეორეც, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ იგივეობას; რადგანაც ადვილი შესაძლებელია, ერთის უზენაესობა მეორის უზენაესობისაგან იღებდეს დასაბამს. ორივეს შინაარსი თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ გონით საწვდომი სამყაროს შინაარსი შინაგანად დანაწევრებული მთლიანობაა, მარადისობა კი – განუწილველი და განუყოფელი მთელი8, ასევე მთლიანად რომ მიეწერება ყველაფერს, რასაც შეიძლება ეწოდოს მარადიული. და მერე, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარადისობა გონით საწვდომი სინამდვილის უძრაობაშია, დრო კი – გრძნობადი სამყაროს მოძრაობაში? მაგრამ მაშინ უნდა ვიკითხოთ: მარადისობა იგივეა, რაც უძრაობა თავისთავად, თუ მხოლოდ ის უძრაობა, რაც ნიშნეულია არსისთვის? პირველ შემთხვევაში, ვერ ვიტყოდით, რომ უძრაობა მარადიულია, ისევე, როგორც ვერ ვიტყოდით, რომ მარადისობაა მარადიული, რადგანაც მარადიულია მხოლოდ ის, რაც მარადისობასთანაა წილნაყარი. ეგეც არ იყოს, როგორ შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ მოძრაობა მარადიულია? რადგანაც მაშინ ეს მოძრაობა უძრავი უნდა ყოფილიყო. ანდა რანაირად იქნებოდა უძრაობის ცნება უწყვეტობის ცნების შემცველი? (მე დროში უსასრულო თანმიმდევრობას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაზედაც ვფიქრობთ, როცა წარმოვთქვამთ სიტყვას – „უწყვეტი“). ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ მივიჩნევდით, რომ მარადისობა იგივეა, რაც არსის უძრაობა, ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ მარადისობის გარეშე გამოგვეცხადებინა არსებულის ყველა სხვა სახე. აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მარადისობა დაკავშირებულია არა მარტო უძრაობასთან, არამედ ერთთანაც, და თვითონვეა გარკვეული ერთობაც, თორემ მაშინ გაგვიჭირდებოდა მისი გარჩევა დროისაგან. ხოლო უძრაობა თავისთავად არ შეიცავს არც ერთისა და არც უწყვეტობის ცნებას. და ბოლოს, ჩვენ ვამბობთ, რომ მარადისობა ერთობაა და ერთშია, ასე რომ, თუმცა უძრაობასთან კია წილნაყარი, მაგრამ თავისთავად უძრაობა როდია.

     3. მაშ, რა არის ის, რის საფუძველზედაც გონით საწვდომ სამყაროს მარადიულსა და წარუვალს ვუწოდებთ? ანდა რა არის წარუვალობა? იგივეა, რაც მარადისობა თუ ეს უკანასკნელი წარუვალობისაგან იღებს დასაბამს? ამ საფუძვლად უნდა მიგვაჩნდეს ერთი და იგივე ბუნება, თუმცა ამ ერთობისა და იგივეობის მიუხედავად, გონით საწვდომი სამყაროს ჩვენეული ცნება არ გამორიცხავს არსთა გარკვეულ მრავალფეროვნებას. ერთობა განწონის გონით საწვდომ არსთა სიმრავლეს, ან ნიშნეულია მათთვის, ან კიდევ მათში ვლინდება.და მართლაც, ყველა გონით საწვდომი არსი ერთ მთლიან ბუნებას ქმნის, თუმცა, ეს ერთიანი ბუნება მრავალი არსისა და მრავალი ძალის მომცველია. როცა ამ ერთობას განვიხილავთ როგორც შინაგან მრავალფეროვნებად განწილულ მთელს, ა რ ს ა დ თუ გონით საწვდომი სამყაროს ერთგვარ სუბსტრატად ვსახავთ მას, ან მ ო ძ რ ა ო ბ ა დ, როგორც მარადიული სიცოცხლის წყაროს, ან უ ძ რ ა ო ბ ა დ, რამდენადაც მუდამ ერთსა და იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, ან კიდევ ს ხ ვ ა-ო ბ ა დ და ი გ ი ვ ე ო ბ ა დ, რამდენადაც სხვაა ყოველივე დანარჩენის მიმართ. თავის თავთან მიმართებით კი – იგივე.9 და პირიქით, როცა არსთა ამ სიმრავლიდან ყურადღება კვლავ მათ ერთობაზე გადაგვაქვს, გონით საწვდომი სამყაროს მთლიანობა ერთიანი სიცოცხლით მოსილად წარმოგვიჩნდება; ის ითავსებს სხვადასხვაობასაც, უწყვეტ ქმედითობასა თუ მოძრაობასაც, იგივეობასაც, სიცოცხლესაც და აზროვნებასაც, რომელიც ერთი საგნიდან მეორეზე როდი გადადის, მოკლედ ყოველივე იმას, რაც მარად უცვლელი და თვითიგივეობრივი რჩება. და მაშინ, ყოველივე ამის მხილველნი, ჩვენ ვხედავთ მარადისობასაც – მთლიანსა და განუწილველ სიცოცხლეს, რომელიც ხან ეს კი არ არის, ხან კიდევ – ის, არამედ ყველაფერია ერთდროულად, ხან ერთ რამეში როდი იჩენს თავს, ხანაც – მეორეში, არამედ ერთ განუყოფელ მთელად გვევლინება, რომელშიაც, როგორც წერტილში, თავს იყრის ყოველივე ის, რაც უძრავია და წარუვალი. მარადისობა მთლიანად აწმყოშია; მას არც წარსული გააჩნია, არც მომავალი. ის ყოველთვის ის არის, რაც არის. ამრიგად, მარადისობა გონით საწვდომი სამყაროს სუბსტრატი კი არ არის, არამედ თითქოს ამ სუბსტრატის თვითიგივეობიდან გამოსხივებული ნათელი, თვითიგივეობიდან რომელიც მომავალში კი არ გვევლინება, არამედ აწმყოში ასე რომ, ყოველთვის ის არის, რაც არის, და არასოდეს იქცევა სხვად. და მართლაც, ისეთი რა უნდა გახდეს, რაც უკვე არ არის ამჟამად? ან სადაა მისთვის მომავალი, უკვე რომ არ იყოს აწმყო? არ არსებობს მომენტი, საიდანაც გამოსულს შეიძლებოდა თავისი აწინდელი მდგომარეობისათვის მიეღწია, რადგანაც ეს სხვა მომენტი კი არ იქნებოდა, არამედ იგივე, რაც არის ამჟამად; ისევე, როგორც არ არსებობს რამე ისეთი, რაც შეიძლობოდა აწი შეეძინა, რადგანაც აწმყოშივეა ყოვლის მფლობელი. მასზე ვერ ვიტყვით „იყოო“, რადგანაც მისთვის არ არსებობს წარსული; ვერც იმას ვიტყვით „იქნებაო“, რადგანაც მისთვის შეუძლებელია რაიმე შეიცვალოს მომავალში. ამიტომ სხვა რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ იყოს ის, რაც არის? ხოლო ის, რაზედაც ვერ ვიტყვით, რომ „იყო“, ანდა „იქნება“, არამედ მხოლოდ – „არის“, ურყევია და წარუვალი. მისთვის უცხოა ყოველგვარი ცვალებადობა წარსულშიც და მომავალშიაც, და სწორედ ესაა მარადისობა. ის, რაც არსშია მთელი თავისი სიცოცხლით, მთელი თავისი სისავსით და სრული განუყოფლობით, – აი, რა არის მარადისობა, რომელსაც ვეძებთ.

     4. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს მარადისობა აქციდენტური იყოს ზეგრძნობადი სამყაროს მიმართ და გარედან ენიჭებოდეს მას; არა, ის მის მიერია და მასთანაა. მარადისობა არსშია და მთლიანად განწონის ზეგრძნობად სამყაროს. ყოველივე იმის მსგავსად, რასაც ამ სამყაროს კუთვნილებათ ვსახავთ, შეუძლებელია მარადისობაც მის განუყოფელ ნაწილად არ მიგვაჩნდეს, რომელიც მისი არსისაგან იღებს დასაბამს და მთლიანად შერწყმულია მასთან. ნებისმიერი პირველსაწყისი შერწყმული უნდა იყოს ყველა სხვა პირველსაწყისთან და მათ შორის ჰქონდეს სავანეც. მშვენიერება, ისევე როგორც ჭეშმარიტება, მათშია და მათ მიერია. ზოგიერთი პირველსაწყისი თითქოს მთელი ზეგრძნობადი სამყაროს არსის ერთ ნაწილშია, ზოგიერთი კი – მთელს არსში. ხოლო თვით არსი ჭეშმარიტად ერთი მთელია, რომელიც ნაწილებისაგან კი არ იღებს დასაბამს, პირიქით, თვითონვე ბადებს ნაწილებს, რათა ჭეშმარიტად ერთი მთელი იყოს. იქაური ჭეშმარიტება თანახმიერი კი არ არის სხვა რამის მიმართ, არამედ თანხვდება იმას, რის ჭეშმარიტებადაც გვევლინება. ჭეშმარიტი მთელი, თუკი ის მართლაც ჭეშმარიტი მთელია, არა მარტო ყველაფრის ერთობლიობა უნდა იყოს, არამედ ყველაფერი, იმ აზრით, რომ არაფერი არ უნდა აკლდეს. თუ ასეა, მისთვის არაფერი არ შეიძლება იყოს მომავალში, რადგანაც თუა რაღაცა ისეთი, რაც მისთვის მომავალშია, მაშინ ის ვეღარ იქნება ყველაფერი. შეუძლებელია ზეგრძნობად სამყაროს მისი ბუნების საპირისპიროდ შეემთხვეს რამე, რადგანაც არავითარ ზემოქმედებას არ განიცდის, და თუ არ შეიძლება შეემთხვეს რამე, მაშასადამე, მისთვის არც მომავალი არსებობს და არც წარსული. მაგრამ თუ თქვენ მომავალს წაართმევთ გრძნობადი სამყაროს საგნებს, ამით არსებობის საშუალებასაც წაართმევთ მათ, რადგანაც მათი არსებობა ისაა, რომ ყოველწამიერად ახალ-ახალ მდგომარეობებს იძენდნენ. და პირიქით, თუ მომავალს მივანიჭებთ ზეგრძნობადი სინამდვილის საგნებს, ჩვენ მათ გამოვრიცხავთ ჭეშმარიტ არსთა რიცხვიდან, რადგანაც ამით ქმნადობის სამყაროში გადაგვყავს ისინი, ქმნადობისა, რომლისთვისაც უცხოა ჭეშმარიტი არსებობა. გრძნობად საგანთა არსი მოქცეულია ორ მომენტს შორის: ერთით იწყება, მეორეთი კი მთავრდება მათი არსებობა დროში, რადგანაც მათი მუდმივი ქმნადობისათვის ნიშნეულია მომავალი, და თუ ამ მომავალს წავართმევთ, ეს უთუოდ გამოიწვევს როგორც მათი სიცოცხლის, ისე არსებობის შეკვეცასაც. იგივე ითქმის მთელ გრძნობად სამყაროზედაც, ასევე შეუჩერებლივ რომ მიემართება მომავლისაკენ, საითაც მიეზიდება თავის ცვალებად არსებობას, რომელიც ხან ერთია და ხან მეორე, ხოლო მისი უწყვეტი მოძრაობა არის წრებრუნვა, რაც განპირობებულია გონით საწვდომი სამყაროსაკენ მისი სწრაფვით; ასე ვიცხადებთ, რა არის ქმნადობის, ანუ მუდმივი თვითგანახლების მიზანიცა და მიზეზიც. მაგრამ არცერთი დასაბამიერი და ნეტარი არსი არ მიელტვის მომავალს, რადგანაც სწორედ ისინი ქმნიან ჭეშმარიტი არსებობის ურღვევ მთლიანობას და უკვე ტკბებიან იმ სიცოცხლით, რისი ღირსიცაა მათი ბუნება. ამიტომაც არ ესწრაფვიან არაფერს, რადგანაც მათთვის არ არსებობს არც მომავალი და არც, საერთოდ, დრო, რომლის ნაწილიცაა მომავალი. მაშასადამე, ზეგრძნობადი სამყაროს არსი სრული მთლიანობაა; ეს სისრულე და სისავსე მარტოოდენ ამ სამყაროს ნაწილთა სიმრავლეს კი არ მოიცავს, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ მას არაფერი აკლია, ასე რომ, მისთვის სრულიად უცხოა არარსი. ჭეშმარიტად სრულქმნილი სამყარო არა მარტო მთელი არსებობის მომცველი უნდა იყოს, არამედ მთელი არსებობის გამომრიცხველიც. სწორედ ამნაირი არსებობა ქმნის მარადისობის ბუნებას, რადგანაც სიტყვა „მარადისობა“ იგივეა, რაც „მარადი არსი“.

     5. ეს ბუნება ეკუთვნის რაღაც ისეთს, რაზედაც შეგვეძლო გვეთქვა, ან, უფრო სწორად, რაშიაც შეგვეძლო გვეხილა, როცა სულით მივიქცევით მის ჭვრეტად, რომ ის, ესე იგი, ზემოხსენებული ბუნება, შემთხვევითი როდია მისთვის; რადგანაც შემთხვევითი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს რაღაცა აღარც მარადისი იქნებოდა, აღარც მთლიანი და მარადიული არსებობის მქონე. განა ამჟამად კი მარადისად წარმომიჩნდებოდა, საერთოდ რომ არაფერი ჰქონდეს ისეთი, რაც მტკიცედ მარწმუნებინებს: ის ყოველთვის ამნაირი იყო და არა სხვაგვარი; ასე რომ, როცა არ უნდა მივაპყრო სულიერი მზერა, კვლავინდებურად დავრწმუნდები მის უცვლელობასა და მარადიულობაში. ახლა დავუშვათ, რომ სული თვალს ვერ წყვეტს და შეფრფინვით უმზერს ამ რაღაც მარადისს, მისი ხიბლით მონუსხული მზადაა მუდამ ასე უმზიროს, და არა მარტო უმზიროს, არამედ ჭვრეტად ქცეული კიდევაც შეერწყას მას, რათა მარადისობის ბუნებამდე ამაღლებული სამუდამოდ ასე დარჩეს, აღარ დამდაბლდეს და, ამრიგად, თვითონაც დაემსგავსოს მარადისობას, იმის წყალობით, რაც მარადისია ჩვენში და რითაც მარადიულობას ვჭვრეტთ. ხოლო წარუვალი და მარადიულია ის, რაც არასოდეს იცვლის ბუნებას და არც არასდროს გადაიხრება მისგან, ასე რომ, არ სჭირდება რაიმე მიუმატოს მას არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში; ამდენად, ის მარადიულია და წარუვალი. მაშასადამე, მარადიულობა სუბსტრატის მდგომარეობაა, რაც მის მიერია და მასშია. სუბსტრატი, რომელიც ამნაირ მდგომარეობაში ვლინდება, – აი, რა არის მარადისობა. ამიტომაცაა მარადისობა რაღაც დიადი და, როგორც შინაგანი განსჯა გვარწმუნებს, – ღმერთის იდენტური. ამრიგად, სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ღმერთი მარადისობაში გვივლენს და გვიცხადებს თავს, როგორც მარად უცვლელი, თვითიგივეობრივი, წარუვალი და ასეთივე უცვლელი სიცოცხლით მოსილი არსი. და თუ ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ მასში მოქცეულია სიმრავლე, ამაში არაფერია საოცარი: გონით საწვდომი ყოველი არსი მრავლობითია თავისი უსასრულო ძალმოსილების წყალობით. ხოლო „უსასრულოს“ მე მას ვუწოდებ იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია რაიმე აკლდეს. და მართლაც, ის არის ყოვლისმფლობელი არსი, რაკიღა თავისი ძალმოსილებიდან არაფერს კარგავს. ამიტომ, თუ მარადისობას განვსაზღვრავთ როგორც უსასრულო სიცოცხლეს, რადგანაც მასში მოქცეულია სიცოცხლის მთელი სისრულე, რომელიც ამოუწურავია სწორედ იმიტომ, რომ ვერც წარსული და ვერც მომავალი ვერ დაწრეტს (თორემ მაშინ მას ვეღარ მივიჩნევდით უსასრულობად), – ამნაირი განსაზღვრა სწორი იქნებოდა. ხოლო გამოთქმა – „მასში მოქცეულია სიცოცხლის მთელი სისრულე, რომელიც ამოუწურავია“, ჩვენ გვიცხადებს სიტყვა „უსასრულოს“ შინაარსს.

     6. ეს მარადიული ბუნება, ესოდენ მშვენიერი, ერთის წიაღშია; ის მის მიერია და მისკენ მიემართება, ასე რომ, არასოდეს არ ტოვებს ერთს, არამედ მუდამ მასთანაა და მასშია; სიცოცხლითაც ერთის თანახმად ცოცხლობს, და მე მგონია, სწორედ ამას გულისხმობს პლატონის მშვენიერი სიტყვები, რომლებითაც ესოდენ ღრმა აზრია გადმოცემული: მარადისობა ერთში რჩება. ერთის მიმართ მიქცევა მარადისობისათვის არა მარტო თავისი თავისაკენ მიქცევას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ერთში ისე იყოს, როგორც ჭეშმარიტი არსის სიცოცხლე. აი, სწორედ ამას ვეძებდით: ის, რაც ამნაირადაა ერთში, მარადისობის მფლობელია. დიაც, ის, რაც ერთშია, მარადიული სიცოცხლის ქმედითობაა, თავისი თავიდან ერთისკენ რომ მიემართება, მასშივე რჩება და, ჭეშმარიტი არსისა და ჭეშმარიტი სიცოცხლის მფლობელი, მარადისობად გვევლინება; ჭეშმარიტი არსისა და სიცოცხლის ფლობა კი იმასა ნიშნავს, რომ შეუძლებელია არ იყოს ის, რაც არის. ამრიგად, ის მარად ერთი და იგივეა და არასოდეს იქცევა სხვად, მისთვის უცხოა ყოველგვარი გაყოფა, განვითარება, გაშლა თუ განვრცობა, მასში არც რა უწინარესია და არც რა მომდევნო თუ შემდგომი. და რაკი მისთვის არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი; რაკი შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვა მივუსადაგოთ, და ეს სიტყვაა „არის“; რაკი ჭეშმარიტად ის არის, რაც არის, – ჩვენ ერთხელ კიდევ მარადისობად აღქვიქვამთ მას. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ის მარადისია და ხან ერთი როდია, ხან კი – მეორე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამით მხოლოდ სიცხადის მიღწევას ვცდილობთ. სიტყვა „მარადისი“ აქ თავისი ნამდვილი მნიშვნელობით როდია ნახმარი; მისი მეშვეობით ჩვენ მხოლოდ არსის უხრწნელობის აღნიშვნა გვსურს. მაგრამ ამან შეიძლება თავგზა აუბნიოს სულს და გაცილებით ნაკლებად მარტივი რამ წარმოადგენინოს. ამიტომ იქნებ აჯობებდა უბრალოდ „არსი“ გვეწოდებინა უხრწნელისა და წარუვალისათვის, მაგრამ რაკი ზოგ-ზოგიერთნი ქმნადი საგნების აღმნიშვნელადაც იყენებდნენ ამ სიტყვას, ამიტომაც ვარჩიეთ მისთვის დაგვერთო „მარადი“. თუმცაღა არსი ისევე ნაკლებ განსხვავდება მარადი არსისაგან, როგორც ფილოსოფოსი – ჭეშმარიტი ფილოსოფოსისაგან. და თუ ჩვენ ფილოსოფოსს მაინც ვუსადაგებთ ეპითეტს „ჭეშმარიტი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი უსაფუძვლოდ ითვისებს ფილოსოფოსის წოდებას. ზუსტად ამავე მიზნით ვცდილობთ მივუსადაგოთ არსს – „მარადისი“, ხოლო „მარადისს“ – არსი, ასე რომ, ვამბობთ – „მარადი არსი“. ამრიგად, „მარადი არსი“ უნდა გვესმოდეს როგორც „ჭეშმარიტი არსი“. „მარადისის“ მნიშვნელობა იზღუდება და განუყოფელი ძალმოსილების გამომხატველად იქცევა, ძალმოსილებისა, რომელსაც არსებობისათვის არ სჭირდება არაფერი, რადგან ისედაც ყოვლის მფლობელია. ამნაირი ძალმოსილება ყველაფერია, და ის არის, რაც არის; მისთვის უცხოა ყოველგვარი ნაკლულება, ასე რომ, ერთის მხრივ სრული როდია, მეორეს მხრივ კი – არასრული. მაშინ როდესაც ყოველივე იმას, რაც დროში არსებობს, სრულიც რომ იყოს, როგორიცაა, მაგალითად, სულის მიერ სრულქმნილი სხეული, აუცილებლად სჭირდება მომავალი და, მაშასადამე, არასრულია, რამდენადაც დრო აუცილებელია მისი არსებობისათვის; დიახ, დროსთან განუყრელად დაკავშირებული და მის დინებაში დანთქმული არსებითად არასრულია და მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს სრული. მაგრამ თუ ის არსია, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება მომავალი (მიუხედავად იმისა, ეს მომავალი დროის საზღვრული ოდენობითაა შემოფარგლული თუ უსასრულო და უსაზღვრო გრძლივობად გაჭიმული), არამედ ყოველთვის იმის მფლობელია, რისი მფლობელიც უნდა იყოს, მაშინ სწორედ ესაა ის, რასაც ვესწრაფვით. მისი არსებობა ყოველგვარი რაოდენობრივი განსაზღვრულობისაგან დამოუკიდებელია და ამ განსაზღვრულობაზე უწინარესი. მას საერთოდ არ უნდა ედოს წილი არავითარ რაოდენობრივ განსაზღვრულობაში, რათა მისი სიცოცხლე შინაგანად არ დანაწევრდეს და ისეთივე განუწილველობად დარჩეს, როგორიცაა მის არსი. რაც შეეხება „ტიმეოსის“ ფრაზას – „ის კეთილი იყოო“, აქ წარსული დრო გრძნობადი სამყაროს ცნებას ეკუთვნის და იმას გულისხმობს, რომ, მასზე უწინარესი საწყისის წყალობით, სამყაროს შეუძლებელია ამა თუ იმ მომენტში დაეწყო არსებობა და, ამრიგად, დასაბამი ჰქონოდა დროში. ასე რომ, ქმედითი ძალა, სამყაროული არსებობის პირველმიზეზი, ლოგიკურადაა სამყაროზე უწინარესი. და თუმცა პლატონი სიცხადის მისაღწევად იყენებს წარსულ დროს, მაგრამ შემდეგ თვითონვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასწორია იმას მივუსადაგოთ იგი, რასაც ვგულისხმობთ, როცა წარმოვსთქვამთ სიტყვას „მარადისობა“.

     7. როდესაც მოძრაობაზე ვმსჯელობთ, გვყავს თუ არა მოწმე, გარდა ჩვენი თავისა? ანდა იმაზე ხომ არ ვმსჯელობთ, რაც სრულიად უცხოა ჩვენთვის? არა მგონია; რანაირად ჩავწვდებით იმას, რასთანაც არაფერი გვაქვს საერთო? ან რა საერთო უნდა გვქონდეს, თუკი ის სრულიად უცხოა ჩვენთვის? მაშასადამე, ჩვენ, ასე თუ ისე, წილი უნდა გვედოს მარადისობაში. კი მაგრამ, როგორ, თუკი დროში ვართ დანთქმულნი? კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დროშიც ვიყოთ და მარადისობაშიც, პასუხი შეიძლება გაეცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შევიცნობთ, რა არის დრო. ამიტომაც მარადისობის მწვერვალიდან დაბლა დაშვება უნდა დავიწყოთ და განვიხილოთ დროის ბუნება. აქამდე ჩვენ მივუყვებოდით უზენაესი სინამდვილისაკენ მიმავალ გზას, ახლაკი დაღმა უნდა დავეშვათ, თუ მთლად ბოლომდე არა, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სადაც თავს იჩენს დრო. ძველი დროის ნეტარ ბრძენკაცებს რომ არაფერი ეთქვათ დროის თაობაზე, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა დაგვეკავშირებინა ეს საკითხი მარადისობისათვის და იმნაირად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, რომ შეძლებისდაგვარი სიზუსტით მიგვესადაგებინა იგი დროის ცნების ჩვენივე ზოგადი გაგებისათვის. მაგრამ რაკი დღემდე შემოგვრჩა საკითხის მათეული განხილვის ცდები, თავდაპირველად უნდა გადმოგცეთ ზოგიერთი ყველაზე საყურადღებო თვალსაზრისი, შემდეგ კი ვნახოთ, თანხვდება თუ არა რომელიმე მათგანს ჩვენი საკუთარი მოსაზრებები.დროის თაობაზე დღემდე გამოთქმული ყველა თვალსაზრისი შეიძლება სამ სხვადასხვა ჯგუფად დაიყოს. მათი მიხედვით, დრო ან მოძრაობაა, ან მოძრავი, ან კიდევ ის, რაც ასე თუ ისე უკავშირდება მოძრაობას. საღი აზრის საპირისპირო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დრო უძრაობაა, ან უძრავი, ანდა ის, რაც უკავშირდება უძრაობას, რადგანაც დრო არასოდეს არ არის თვითიგივეობრივი. პირველი თვალსაზრისის მიმდევარნი, თავიანთი მხრივ, ორად იყოფიან: ზოგიერთი დროს მთელი მოძრაობის ერთობლიობად სახავს, ზოგი კი – სამყაროს მოძრაობად. მეორე თვალსაზრისის მომხრეთა მიხედვით, დრო გამუდმებით მოძრავი სამყაროული სფეროა; და ბოლოს, მესამე თვალსაზრისის დამცველნი დროს ან მოძრაობის შუალედად მიიჩნევენ, ან მოძრაობის ზომად, ანდა მოძრაობის თანმხლებად; მეტიც, მას ხან ყოველნაირ მოძრაობას უკავშირებენ, ხან კი მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მოძრაობას.

     8. თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც დრო მოძრაობაა, არ შეიძლება სწორი იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რას მივიჩნევთ დროდ: მთელი მოძრაობის ერთობლიობას თუ მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მოძრაობას. რადგანაც ორივე ამ შემთხვევაში მოძრაობა დროში ხდება, მაგრამ, დავუშვათ და, დროშიაც რომ არ ხდებოდეს, მით უფრო შეუძლებელი იქნებოდა მისი გაიგივება დროსთან. ერთია ის რაშიაც მოძრაობა ხდება, და მეორე – თვით მოძრაობა.ყველა საბუთი, რომელიც შეიძლებოდა მოეხმოთ და იხმობდნენ კიდეც ზემოხსენებული თვალსაზრისის განსამტკიცებლად, მთლიანად ქარწყლდება ერთი შენიშვნით: მოძრაობა შეიძლება შეწყდეს ან წყვეტილი იყოს, დრო კი – არასდიდებით. თუ საპასუხოდ გვეტყვიან, სამყაროს მოძრაობა უწყვეტიაო, ეს სულაც არ იკმარებს ჩვენი მოსაზრების გასაბათილებლად. საქმე ისაა, რომ სხვაა დრო, რომელიც სამყაროს ერთ სრულ წრებრუნვას სჭირდება, და სხვა – ნახევარი წრებრუნვისათვის საჭირო დრო. ერთი ორჯერ მეტია მეორეზე, ხოლო მეორე პირველის ნახევარს შეადგენს. ამ ორი მოძრაობიდან კი თვითეული – როგორც სრული, ისე ნახევარი წრებრუნვაც სამყაროს მოძრაობაა. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ გარეთა სფეროს მოძრაობა გაცილებით უფრო მძაფრია და სწრაფი. მაშასადამე, მოძრაობა განსხვავდება დროისაგან. გარეთა სფერო უფრო სწრაფად მოძრაობს იმიტომ, რომ მოკლე დროში დიდ, ან, უფრო სწორად, უდიდეს მანძილს გადის, შიგნითა სფეროების მოძრაობა კი გაცილებით უფრო ნელია, რადგანაც მეტ დროს ანდომებენ ზემოხსენებული მანძილის კი არა, მხოლოდ მისი ნაწილის გავლას. ხოლო თუ დრო სამყაროული სფეროს მოძრაობა არ არის, მით უმეტეს, თვით ამ სფეროდ ვერ მივიჩნევთ მას, რადგანაც თუ სამყაროული სფერო დროდ იქნა დასახული, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოძრაობს.მაგრამ იქნებ დრო ის არის, რაც მოძრაობას უკავშირდება? ხომ არ შეიძლება მოძრაობის შუალედად მიგვაჩნდეს იგი? ჯერ ერთი, ყოველი მოძრაობის შუალედი ერთი და იგივე როდია, სივრცეში თანაბრად განფენილი მოძრაობებიც რომ ვიგულისხმოთ. ასე მაგალითად, ლოკალურ მოძრაობათა სისწრაფე შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს. ამრიგად, მათი განფენილობის განსაზღვრას ერთი და იგივე საზომი სჭირდება, და ალბათ მართებული იქნებოდა ამ საზომისათვის გვეწოდებინა დრო.მაგრამ ისიც საკითხავია, ამ ორი სხვადასხვა შუალედიდან მაინც რომელს შეიძლება ეწოდოს დრო? თუმცა უფრო სწორი იქნებოდა „ორი“ კი არა, „მრავალი შუალედი“ გვეთქვა, რადგანაც არსებობს მოძრაობის ურიცხვი სხვადასხვა სახე. იქნებ ეს ამა თუ იმ განსაზღვრული მოძრაობის შუალედია? მაგრამ მაშინ მას ვეღარ მივიჩნევდით მეორე ასეთივე მოძრაობის შუალედად, რადგანაც განსაზღვრული მოძრაობა უამრავია, ასე რომ ერთდროულად გვექნებოდა დროის უამრავი სხვადასხვა დინება. ხოლო თუ დროდ მივიჩნევთ თვით სამყაროს მოძრაობის შუალედს, განა მაშინ დრო იგივე არ იქნება, რაც მოძრაობა? თუმცა ამბობენ, რომ ეს შუალედიც გარკვეული გრძლივობისაა (დღე, თვე, წელი), და ეს გრძლივობა, თავის მხრივ განვლილი მანძილის მეშვეობით განისაზღვრება, მაგრამ მაშინ მისი ბუნება დროული კი არ იქნება, არამედ სივრცული. ანდა მოძრაობას მისი უწყვეტობისა და მუდმივობის გამო საერთოდ არ ექნება შუალედი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოძრაობის ოდენობა თუ შეიძლება განვსაზღვროთ.ხოლო თუ მოძრაობაზე დაკვირვებისას ისევე ვსაზღვრავთ მის ბუნებას, როგორც, ვთქვათ, სიცხის გაზომვისას – ტემპერატურას, ამ შემთხვევაშიც დროის ცნება სულაც არ იკვეთება უფრო მკაფიოდ; თითქოს მდინარის უწყვეტ დინებას ვადევნებდეთ თვალს და მისი სიგრძის განსაზღვრას ვცდილობდეთ. ამ განსაზღვრისას ჩვენ ყოველთვის მივიღებთ რიცხვს, ორი იქნება ის თუ სამი, შუალედი კი მხოლოდ და მხოლოდ სივრცის მონაკვეთი იქნება. ამრიგად, დრო მოძრაობის გარკვეულ რიცხვად, ვთქვათ ათად წარმოგვიჩნდება, ან – მოძრაობის შუალედად, სივრცის გარკვეულ მონაკვეთს რომ შეესაბამება. მაგრამ ეს შუალედი სულაც არ შეიცავს დროის გაგებას, ის მხოლოდ დროში განვლილი სივრცის ესა თუ ის მონაკვეთია. ანდა, დასასრულ, დრო საერთოდ არ იქნება მოძრაობის შუალედი, არამედ ისე იქნება მოძრაობაში, როგორც სუბსტრატში, და მაშინ კვლავ მივუბრუნდებით თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც დრო მოძრაობაა, ვინაიდან მოძრაობის შუალედი მოძრაობის გარეშე როდია.შუალედზე მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა მოძრაობა წამიერი არ არის. მაგრამ თუ წამიერი მოძრაობა იმით განსხვავდება არაწამიერისაგან, რომ ის დროში როდია, მაშინ არაწამიერი რითიღა განსხვავდება წამიერისაგან, თუ არა იმით, რომ ის დროშია? ამრიგად, შუალედში განფენილი მოძრაობა და თვით შუალედი თავისთავად კი არ გვევლინებიან დროდ, არამედ დროში არიან. მაშასადამე, თუ დროს საერთოდ შეიძლება შუალედი ეწოდოს, მხოლოდ იმ აზრით, რომ ის საკუთრივ მოძრაობის შუალედი კი არ არის, არამედ შუალედი, რომლის გასწვრივაც განიფინება მოძრაობა და რომელიც თითქოს მოძრაობასთან ერთად იზრდება. მაგრამ ეს არაფერს გვეუბნება თვით ამ შუალედის რაობაზე. ეტყობა, ეს მაინც დრო უნდა იყოს, რადგანაც მოძრაობა დროში ხდება. მაგრამ ჩვენ თავიდანვე ამ კითხვის პასუხს ვეძებდით: მაინც რა არის დროს? ამიტომ, როცა დროის ბუნებაზე გვკითხავენ რამეს, პასუხი ასეთია: ესაა შუალედი მოძრაობისა, რომელიც დროში ხდება. მაგრამ რა არის თვით ეს შუალედი, რომელსაც დროს უწოდებენ, თუკი მას სხვა რამედ სახავენ და არა საკუთრივ მოძრაობის შუალედად?და ბოლოს, იმ თვალსაზრისის მომხრეებს, რომლის თანახმადაც დროდ მიჩნეული შუალედი მოძრაობაში დევს, – გაუჭირდებათ პასუხი გასცენ კითხვას: კი მაგრამ, რაღაში დევს უძრაობის შუალედი? ვინაიდან რამდენი ხნის განმავლობაშიც მოძრაობს ერთი სხეული, მეორე შეიძლება იმდენ ხანსვე უძრავად იყოს. უძრაობის გრძლივობა იგივეა, რაც მოძრაობისა, თუმცა თვით გრძლივობა ერთისგანაც განსხვავდება და მეორისგანაც. მაშ, რა არის ეს შუალედი, და როგორია მისი ბუნება? შეუძლებელია ეს ბუნება სივრცული იყოს, რადგან თვით სივრცეც მოძრაობისა და უძრაობის მიღმურია.

     9. ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობენ, როცა დროს რიცხვად თუ მოძრაობის საზომად თვლიან (თუმცა მაინც „საზომი“ ჯობს, რადგანაც დრო უწყვეტია). თავდაპირველად იგივე უნდა ვიკითხოთ, რაც წეღან – მოძრაობის შუალედთან დაკავშირებით: ამ საზომად ყოველგვარი მოძრაობის საზომი იგულისხმება? რანაირად უნდა გავზომოთ უწესრიგო და უთავბოლო მოძრაობა? რანაირია ეს რიცხვი თუ ეს საზომი, ანდა რანაირად განისაზღვრება იგი?თუ ერთი და იმავე საზომით გავზომავთ ყოველნაირ მოძრაობას, სწრაფსაც და ნელსაც, ეს რიცხვი თუ საზომი ისევე გამოიყენება, როგორც, ვთქვათ, რიცხვი „ათი“ ცხენებისა თუ ხარების თვლისას, ანდა საწყაო – სითხისა თუ სილის აწყვისას. თუ დრო სწორედ ამნაირი საზომია, მაშინ გასაგებია, რისი საზომიცაა იგი: მოძრაობისა; მაგრამ გაუგებარია, რა არის თვითონ ეს საზომი. რიცხვი მაინც რიცხვადვე რჩება, მისი მეშვეობით არაფერსაც რომ არ ვთვლიდეთ და საწყაოც საწყაოა, არაფერსაც რომ არა ვწყავდეთ. განა იგივე არ ითქმის დროზედაც, თუკი ის მართლაც საზომია? ანდა თუ დრო, თავისთავად აღებული, რიცხვად გვევლინება, მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, რა განასხვავებს მას ათისგან თუ ერთეულებით შედგენილი ნებისმიერი სხვა რიცხვისგან? ხოლო თუ უწყვეტი საზომია, მაშინ ისეთივე საზომი იქნება, როგორც, ვთქვათ, წყრთა, ან – ისეთივე სიდიდე, როგორიცაა ხაზი, თან რომ გასდევს მოძრაობის განვითარებას. მაგრამ ეს თანამდევი თუ თანმხლები ხაზი რანაირად უნდა ზომავდეს იმას, რასაც თან ახლავს? ვითონ რატომ უნდა ზომავდეს იმას, რასაც თან ახლავს? ვითონ რატომ უნდა ზომავდეს ეს ხაზი – მოძრაობას, და არა მოძრაობა – ამ ხაზს ეგეც არ იყოს, ხაზი ნებისმიერი მოძრაობის საზომად კი არ უნდა დაგვესახა, არამედ მხოლოდ იმ მოძრაობისა, რომელსაც ეს ხაზი თან ახლავს. მაგრამ მაშინ საზომი იმ მოძრაობისაგან განცალკევებით ან მის გარეთ როდი უნდა აგვეღო, რომელსაც ის ზომავს. მოძრაობა ისაა, რასაც ზომავენ, საზომი კი გარკვეული სიდიდეა. მაგრამ რომელი მათგანია დრო: მოძრაობა, რომელსაც სიდიდით ზომავენ, თუ სიდიდე, რომლითაც მოძრაობა იზომება? და მართლაც, დრო შეიძლება იყოს ან სიდიდით გაზომილი მოძრაობა, ან სიდიდე, რომლითაც მოძრაობას ზომავენ, ან კიდევ ის, რაც ისე იყენებს ამ სიდიდეს, როგორც იყენებენ, მაგალითად, წყრთას მოძრაობის განზომილების საზომად. ყველა ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა იგულისხმებოდეს ერთგვაროვანი მოძრაობა, რადგანაც სამყაროს მოძრაობის ერთგვაროვნებისა და თანაბარზომიერების გარეშე გაძნელდებოდა იმ თვალსაზრისის დაცვა, რომელიც დროს მოძრაობის საზომად მიიჩნევს. თავდაპირველად დავუშვათ, რომ დრო გაზომილი მოძრაობაა და, თანაც, სიდიდით გაზომილი; ხოლო რაკიღა მოძრაობა იზომება, ის თავისი თავით კი არა, მხოლოდ სხვა რამით შეიძლება იზომებოდეს. მაგრამ თუ მოძრაობას თავისი საზომი აქვს, რომელიც განსხვავდება საკუთრივ მოძრაობისგან, და თუ ჩვენ მოძრაობის გასაზომად მასავით უწყვეტი საზომი გვჭირდება, მაშინ მოძრაობის საზომი სიდიდისთვისაც, თავის მხრივ, საკუთარი საზომი იქნება საჭირო, რათა მოძრაობის გრძლივობა სივრცული გრძლივობით იქნეს გაზომილი. მაშინ დრო იქნება რიცხვით გამოხატული ოდენობა სიდიდისა, რომელიც თან ახლავს მოძრაობას, მაგრამ არა თვით ეს სიდიდე. მაგრამ რა არის ეს ოდენობა, თუ არა ერთეულებით შედგენილი რიცხვი? მაშინ საკითხავია, რანაირად შეიძლება, რომ დრო მოძრაობის საზომი იყოს? თუ ამ კითხვის პასუხს მივაკვლევთ, ისიც ნათელი გახდება ჩვენთვის, რომ ეს საზომი საერთოდ დრო კი არ არის, არამედ ამა თუ იმ გრძლივობის დრო; რადგანაც სხაა დრო საერთოდ და სხვა – რაიმე განსაზღვრული დრო. ვიდრე დროის ამა თუ იმ ოდენობაზე ვიტყოდით რამეს, მანამდე უნდა თქმულიყო, რა არის საკუთრივ დრო, რომელსაც ესა თუ ის ოდენობა მიეწერება. მაგრამ ამ ოდენობის გამომხატველი რიცხვი, რომლითაც მოძრაობას ვზომავთ, საკუთრივ მოძრაობის გარეშეა, ისევე, როგორც ცხენების გარეშეა, ვთქვათ, რიცხვი „ათი“, რომლითაც მათ რაოდენობას აღვნუსხავთ. ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს რიცხვი, რომლითაც მოძრაობას ვზომავთ. ვიცით მხოლოდ, რომ ის გაზომვამდეც არსებობს, როგორც, ვთქვათ, რიცხვი „ათი“, რომლითაც ცხენების რაოდენობას განვსაზღვრავთ. იქნებ ესაა მოძრაობის თანმხლები რიცხვი, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მიხედვით რომ ზომავს მას? მაგრამ ამ შემთხვევაშიაც გაურკვეველი რჩება ზემოხსენებული რიცხვის ბუნება. დროის რომელიმე მომენტითა თუ სხვა რამ ნიშნით განსაზღვრული „უწინარესობითა“ და „შემდგომობით“ რომ ზომავს მოძრაობას, ეს რიცხვი მაინც დროის თანახმად ზომავს მას. და რაკი იმის მიხედვით ზომავს მოძრაობას, რაც ამა თუ იმ მომენტზე უწინარესია, ან მისი შემდგომი, ცხადია, ეს რიცხვი განუყრელად დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან (თუმცა „უწინარესი“ და „შემდგომი“ სივრცის მიმართაც ითქმის, როგორც მაგალითად, მოედანზე სირბილის დაწყების ან დამთავრების მომენტი, მაგრამ ეს ორი სიტყვა უპირატესად დროსთან მიმართებით იხმარება, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა იხმარებოდეს მაინც). საერთოდ, უწინარესია დრო, რომელიც მთავრდება აწმყო მომენტში, შემდგომი კი – დრო, რომელიც ამავე მომენტიდან იწყება. მაშასადამე, დრო განსხვავდება რიცხვისაგან, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მიხედვით რომ ზომავს არა მარტო ამა თუ იმ მოძრაობას, არამედ თანაბარზომიერ მოძრაობასაც. ეგეც არ იყოს, ვითომ რა საჭიროა რიხვის ჩარევა იმისთვის, რომ დროს იარსებობს? (მიუხედავად იმისა, ეს რიცხვი მზომელია თუ გაზომვის შედეგი, რადგან ის შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც); მაშინ როდესაც მოძრაობა, „უწინარესისა“ და „შემდგომის“ მფლობელი, წილნაყარი არ არის დროსთან. გინდ ეს გიმტკიცებია და გინდ ის, რომ სიდიდე განუსაზღვრელი რჩება, თუკი არავინაა, ვინც შეძლებდა აღექვა, რა ზომისაა იგი. მეტიც, რაკიღა ამბობენ, რომ დრო უსასრულოა და სინამდვილეში ასეცაა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რიცხვს მასთან? ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დროისაგან გამოვყოფდით მის ერთ შუალედს, რათა ცალკე გაგვეზომა იგი; თუმცა ეს შუალედი, რაღა თქმა უნდა, გაზომვამდეც არსებობს. მაშ, ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ თვით დროც არსებობდეს მანამ, სანამ გამოჩნდებოდეს მისი გამზომი სული? ეს შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაამტკიცებდა, რომ სწორედ სულია დროის არსებობის მიზეზი. არა, დროის არსებობისათვის სულაც არაა აუცილებელი მისი გაზომვა. რაღაცას თავისი გრძლივობა აქვს მაშინაც კი, როცა არავინ არ ზომავს მას. იქნებ პასუხად გვითხრან, რომ სწორედ სულია ის, რაც იყენებს სიდიდეს ამ გრძლივობის საზომად? კი მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამას დროის ვნებისათვის?

     10. და ბოლოს, იქნებ დრო მოძრაობის თანმხლებია? მაგრამ არამცთუ ვერ გავიგებთ, ვერც ვიტყვით, რა არის ეს, ვიდრე არ გავარკვევთ, რას ნიშნავს სიტყვა „თანმხლები“. იქნებ სწორედ ესაა დრო? საკითხავია, „თანმხლები“ მოძრაობაზე უწინარესია, მისი შემდგომი თუ თანადროული? მაშინ რა იქნება დრო? დროში მოძრაობის თანმხლები? მაგრამ ჩვენ იმას კი არ ვეძებთ, თუ რა არ არის დრო, არამედ იმას, თუ რაცაა ის სინამდვილეში. ბევრ ჩვენს წინამორბედს არაერთხელ უკვლევია ეს საკითხი, ასე რომ, მათი შეხედულებების გადმოცემა შეიძლებოდა მთელი ისტორიული თხზულების თემა ყოფილიყო. თუმცა ჩვენს მიერ ზემოთქმულის მიხედვითაც შეიძლება დავუპირისპირდეთ იმ თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც დრო სამყაროს მოძრაობის ზომად გვევლინება. ყველა ჩემი შენიშვნა აქ თავის ძალას ინარჩუნებს, თუ არ ჩავთვლით იმ საკითხს, მოძრაობის არათანაბარზომიერებას რომ ეხება. მაშ, კვალდაკვალ მივსდიოთ ჩვენი აზრის განვითარებას და ვნახოთ, მაინც როგორია დროის ბუნება.

     11. ამრიგად, კვლავ უნდა მივუბრუნდეთ მარადისობის ჩვენეულ განსაზღვრას: ესაა უძრავი, მთლიანი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, უსასრულო, ურღვევი და წარუვალი სიცოცხლე, ერთში დავანებული და ერთისკენვე მიქცეული. აქ ჯერ კიდევ არ არის დრო, ყოველ შემთხვევაში, გონით საწვდომ არსთათვის მაინც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დრო მათ შემდეგ იჩენს თავს, არამედ იმას, რომ ის მათი შემდგომია ლოგიკურად და თავისი საკუთარი ბუნებით. თავის თავში დავანებული ყველა გონით საწვდომი არსი სრულიად უცვლელია და უძრავი. მაშ, საიდან გაჩნდა დრო? ამაოდ დავეკითხებით მუზებს,32 რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მაშინ. ამ კითხვაზე მხოლოდ თვითონ დრო თუ გაგვცემდა პასუხს, ზეგრძნობად სამყაროში შობილი და გრძნობად სამყაროში გამოვლენილი; აი, რას გვეტყოდა იგი: ვიდრე წარმოშობდა „უწინარესს“ და მას დაუკავშირებდა „შემდგომს“, რომელიც აუცილებელია „უწინარესისათვის“, ყოვლად უცვლელი და უძრავი, არსის წიაღში მთვლემარე, ის ჯერ კიდევ არ იყო დრო. მაგრამ სულის დაუოკებელმა ქმედითმა ბუნებამ, თვითმყოფობასა და თავისთავადობას რომ მიელტვოდა, საკუთარი სუფევის უსასრულოდ განვრცობის მიზნით ინება გასცლოდა მარად უცვლელი აწმყოს ფარგლებს; ამიტომაც აღიძრა და აღძრა დროის ჩანასახიც, რათა ერთად მიქცეულიყვნენ მარად ცვლადი და განახლებადი მომავლის მიმართ, სადაც არაფერი არ არის ის, რაც უწინ იყო, არამედ გამუდმებით განსხვავდება თავისი თავისაგან; და ასე დაიბადა დრო, მარადისობის ასლი და ხატი. და მართლაც, სულში იყო ერთგვარი ბობოქარი ძალა, რომელსაც მუდამ ერთი რამ სურდა: სხვაგან გადაეტანა ის, რასაც გონით საწვდომ სამყაროში ჭვრეტდა; მაგრამ ის კი არ ნებავდა, რომ მთელი ეს სიუხვე ერთბაშად ყოფილიყო მოცემული მასში. ამიტომაც ისე მოიქცა, როგორც ლოგოსი, უძრავი ჩანასახისაგან რომ იღებს დასაბამს, თანდათანობით ვითარდება, სიმრავლისაკენ მიდრკება და, როგორც ფიქრობენ, თავის შინაგან ერთობას კი არ ინარჩუნებს, არამედ თვითგაყოფის გზით ავლენს საკუთარ მრავლობითობას. ასე შექმნა სულმა გრძნობადი სამყარო ზეგრძნობადი სინამრვილის ხატად; მოძრავად შექმნა იგი, მაგრამ ეს გონით საწვდომი სამყაროს მოძრაობა კი არ არის, მხოლოდ მიბაძვაა მისი, რათა ამ მიბაძვის წყალობით იქცეს მის ხატად. ამრიგად, მარადისობის მონაცვლედ რომ შექმნა დრო, სული თავდაპირველად თვითონვე გახდა დროული, შემდეგ კი დროს დაუქვემდებარა და დროში მოაქცია მის მიერ შობილი სამყარო სამყარო, მთელი მისი ქმნადობითა და ცვალებადობით. და რაკი სამყარო სულში მოძრაობს (რადგანაც გრძნობად სამყაროს არ გააჩნია სხვა ადგილი, გარდა სულისა), ის, ამასთანავე, დროშიც მოძრაობს, რომელიც განუყრელია სულისგან. სულის ერთ ქმედებას მეორე მოსდევს, გამუდმებით ცვალებადი თანმიმდევრობით; ყოველი ახალი ქმედება მომდევნო ქმედებას იწვევს; აზრის ყოველი ახალი მოძრაობა, მასზე უწინარესს რომ მოსდევს, ახალ, მანამდე არარსებულ მოვლენას აძლევს დასაბამს. ეს იმიტომ, რომ არც აზრის ეს ქმედითობაა აბსოლუტური და არც სული აწინდელი სიცოცხლე ჰგავს წეღანდელს. რაკი ეს სიცოცხლე გამუდმებით განსხვავდება თავისი თავისაგან, ამიტომაც განუწყვეტლივ სხვა დროში მიმდინარეობს. ამრიგად, თვითგანწილული სულის სიცოცხლე დროში განიფინება. სიცოცხლის წინსვლით მოძრაობა ყოველწამიერად მომავალი დროის ახალ-ახალ გრძლივობას იპყრობს, წარსული დრო კი სულის გარდასული სიცოცხლის კუთვნილებაა. ამიტომ ვინც ამბობს, დრო სულის სიცოცხლეაო, მოძრაობად განფენილი, რომლის მეშვეობითაც სული სიცოცხლის ერთი გამოვლენიდან მეორეზე გადადისო, მართალს ამბობს თუ არა იგი როგორც აღვნიშნეთ, მარადისობა უძრაობაში დავანებული სიცოცხლეა, უცვლელი, თვითიგივეობრივი და უსასრულო. ხოლო დრო – მარადისობის ხატი – ისე უნდა ეთანაფარდებოდეს მარადისობას, როგორც გრძნობადი სამყარო – ზეგრძნობად სინამდვილეს. მაშასადამე, გონით საწვდომი სიცოცხლის ნაცვლად აქა გვაქვს სულ სხვა სიცოცხლე, სულის ძალმოსილებას რომ მიეკუთვნება და მხოლოდ ჰომონიმურად თუ იწოდება სიცოცხლედ; გონის მოძრაობის ნაცვლად – სულის ერთი ნაწილის მოძრაობა; თვითიგივეობის, ერთგვაროვნების, უცვლელობის ნაცვლად – ცვალებადობა და ქმედითობა, გამუდმებით რომ განსხვავდება თავისი თავისაგან; განუწილველობისა და ერთობის ნაცვლად – ერთობის მკრთალი ხატება, უწყვეტობაში ჩართული ერთი; თვითმყოფი უსასრულობის ნაცვლად – მუდმივი ლტოვლა უსასრულობისაკენ; დაუნაწევრებელი მთლიანობის ნაცვლად – დანაწევრებულ და გამუდმებით ქმნად ნაწილთა სწრაფვა განუწყვეტლივ ქმნადი მთლიანობისკენ. გრძნობადი სამყარო მხოლოდ ასე თუ იქნება შინაგანად სრულქმნილი, თავისთავადი და უსასრულო სინამდვილის – ზეგრძნობადი სინამდვილის მიბაძვა, ხოლო მისი არსი – გონით საწვდომი არსის ხატება. მაშ, ნუ აღვიქვამთ დროს იმგვარად, თითქოს ის სულის მიღმური იყოს, რადგან არც მარადისობაა გონით საწვდომი სამყაროს მიღმა. დრო არც სულის თანმხლებია და არც მისი მომდევნო რამ, არამედ სულში ვლინდება და ისევეა მასთან შერწყმული, როგორც მარადისობა ერწყმის ზეგრძნობად სამყაროს.

     12. აქედან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ დროის ბუნება როგორც სიცოცხლის წინსვლითი მოძრაობის გრძლივობა, ერთგვაროვან და ურთიერთმსგავს ცვალებადობათა თანმიმდევრობისა და, სულის ქმედითობის უწყვეტი დინების წყალობით, სრულ მდუმარებაში რომ ვლინდება. ახლა კი სულის ეს ძალმოსილება აზრით გადავიტანოთ ზეგრძნობად სამყაროში. შევაჩეროთ სიცოცხლის დინება (თუმცა სინამდვილეში არც მისი შეჩერება შეიძლება და არც შეწყვეტა, რადგანაც ის თავის თავში ჩაკეტილი და დახშულ წრეში მბრუნავი ქმედითობა კი არ არის, არამედ – მარადის მყოფი სულის შემოქმედებითი ენერგია, უწყვეტი ქმნადობის წყარო). დიახ, დავუშვათ, რომ ეს ქმედითობა შემწყდარიყო, ხოლო სულის მარად ქმედითი ნაწილი გონით საწვდომ სამყაროს, მარადისობას, უცვლელობასა და წარუვალს მიბრუნებოდა. რაღა დარჩებოდა მაშინ, მარადისობის გარდა? რანაირადღა იჩენს თავს ნებისმიერი განსხვავება, თუკი ყველაფერი დაინთქმედობა ერთის წიაღში? რიღისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა „უწინარესი“ და „შემდგომი“, ან „უმეტესი“ და „უმცირესი“? რიღასკენ მიმართავდა სული თავის ძალმოსილებას, თუ არა საკუთარი სავანის – გონით საწვდომი სამყაროსაკენ, თუმცა მისკენ კი ვერ მიმართავდა, რადგანაც მანამდე, ასე თუ ისე, უნდა განშორებოდა მას. აღარ იარსებებდა თვით ციური სფერო, რადგანაც მისი არსებობა შეუძლებელია დროის გარეშე. ვინაიდან სფერო დროშია და დროში მოძრაობს. იქნებ გვგონია, რომ ის მხოლოდ შეჩერდებოდა? მაგრამ ამ შეჩერებას მარტოოდენ დროით თუ გავზომავდით, რომელსაც კვლავინდებურად უნდა ედინა მარადისობისაგან განმხოლოებით. ამრიგად, რაკი მას შემდეგ, რაც სული შეერწყმოდა ზეგრძნობად სამყაროს, დრო საერთოდ შეწყვეტდა არსებობას, – ცხადია, რომ იგივე დრო გრძნობადი სამყაროსაკენ სულის სწრაფვისა და სულის სიცოცხლისაგან იღებს დასაბამს, ხოლო ეს სიცოცხლე სწორედ მაშინ იწყება, როცა სული მიიქცევა გრძნობადი სამყაროს მიმართ. ამიტომ ამბობს პლატონი, რომ დრო სამყაროსთან ერთად დაიბადა. რადგანაც სული სამყაროსთან ერთად დასაბამს აძლევს დროსაც. სამყაროს სათავე სულის ქმედითობაში ძევს, ეს ქმედითობა კი იგივე დროა, ასე რომ, სამყარო დროშია. თუ ვინმე იტყვის, პლატონის მიხედვით, ვარსკვლავთა წრებრუნვაც დროაო, მაშინ მან კეთილინებოს და ისიც გაიხსენოს, რომ, პლატონისავე მტკიცებით, ვარსკვლავები იმისთვის დაიბადნენ, რათა გამოევლინათ დრო, განესაზღვრათ მისი რიცხვი და უფრო ადვილად გაეზომათ იგი. რაკიღა სული თავისთავად ვერ განსაზღვრავდა დროს, და არც დროის ნაწილთა გაზომვა შეიძლობოდა თვით ამ ნაწილებით, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ უცნობი იყო თვლის ხელოვნება, სულმა შექმნა დღე და ღამე, რათა მათი განსხვავების მეშვეობით ცხადეყო, რა არის „ორი“. პლატონის აზრით, სწორედ აქედან იღებს დასაბამს რიცხვის ცნება. მზის ერთი ამოსვლიდან მეორე ამოსვლამდე განვლილ დროს რომ ვაკვირდებოდით, ჩვენ შევძელით განგვესაზღვრა თანაბრზომიერი მოძრაობის გარკვეული შუალედის გრძლივობა, რაც საფუძვლად დაედო დროის გაზომვას. დიახ, ჩვენ ვზომავთ დროს, რადგანაც დრო თვითონ როდია საზომი; საზომი რომ იყოს, რანაირად გაზომავდა თავის თავს? ან რანაირად გვაუწყებდა გაზომვის შედეგ: ესა და ეს შუალედი ჩემი ტოლიაო? ის მხოლოდ გაზომვისთვის არსებობს, მაგრამ თვითონ როდია საზომი. სამყაროს მოძრაობა მხოლოდ დროის მიხედვით განიზომება, მაგრამ დრო არსებითა კი არ არის მოძრაობის საზომი; უწინარეს ყოვლისა, ის სხვა რამეა და მხოლოდ აქციდენტურად თუ გვევლინება მოძრაობის გრძლივობის ზომად. როცა ერთეულად აღებული მოძრაობა დროის გარკვეულ შუალედში ამდენჯერ და ამდენჯერ მეორდება, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამდენმა და ამდენმა დრომ განვლო მოძრაობის დაწყებიდან. ამიტომ ვინც ამბობს, რომ მზის წრებრუნვა, გარკვეული აზრით, დროის მაჩვენებელია, ალბათ არ ცდება, რადგანაც ეს თანაბარზომიერი მოძრაობა თავისი ოდენობით დროის გარკვეულ ოდენობას ცხადყოფს. მაშასადამე, დრო მზის წრებრუნვითაა გაზომილი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – გაცხადებული. ეს წრებრუნვა დროს კი არ ქმნის, არამედ მხოლოდ გვიცხადებს. ამრიგად, მოძრაობის საზომია მოძრაობის გარკვეული ოდენობით გაზომილი შუალედი; დიახ, ის მოძრაობითაა გაზომილი, მაგრამ თვით მოძრაობა როდია. როგორც სხვა მოძრაობათა საზომი, ის განსხვავდება იმისაგან, რაც თავისთავად იყო, რამდენადაც თვითონვე იქნა გაზომილი, და გაზომილ იქნა აქციდენტურად. გინდ მზის წრებრუნვით განგისაზღვრავს დრო და გინდ შემდეგნაირად განგისაზღვრავს სიგრძე: ეს წყრთით გაზომილი სივრცეაო, მაგრამ არაფერი გეთქვას იმის თაობაზე, თუ რა არის საკუთრივ სიგრძე. ზუსტად ასევე ვიქცევით, როცა მოძრაობას ეხება საქმე: რაკი ვერაფრით განგვისაზღვრავს იგი, ამიტომაც ვამბობთ, რომ მოძრაობა არის ის, რაც განვლილი სივრცით განიზომება. მოძრაობად რომ ვსახავთ განვლილ სივრცეს, ერთის ოდენობას მეორის ოდენობასთან ვაიგივებთ.

     13. ამრიგად, მზის წრებრუნვა გვიმჟღავნებს დროს, რამდენადაც ეს წრებრუნვა დროში ხდება. თვითონ დრო კი არაფერში არ უნდა იყოს, რადგანაც დრო, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რაც არის. მის ერთგვაროვანსა და თანაბარზომიერ დინებაში ერთმანეთს ენაცვლებიან სხვა საგანთა მოძრაობისა თუ უძრაობის მდგომარეობანი. დრო გარკვეულ ერთგვაროვან მოძრაობათა თუ უძრაობათა მეშვეობით ვლინდება და ევლინება ჩვენს მზერასაც; თუმცა ამის მიზეზი უპირატესად მოძრაობაა, რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო მეტად გვიმჟღავნებს დროს და ხელსაც გვიწყობს მის შეცნობაში. მოძრაობის გრძლივობა უფრო ადვილი აღსაქმელია, ვიდრე უძრაობისა. ამიტომაც იყო, რომ ზოგიერთი ფილოსოფოსი დროს მიიჩნევდა მოძრაობის საზომად და არა იმად, რაც მოძრაობით იზომება; თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ დროის, როგორც არსის, საზომი მოძრაობაა, მაგრამ იმაზე კი აღარაფერს ამბობდნენ, რომ დროისთვის ეს პირწმინდად აქციდენტურია. ეს ორი დებულება კი ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა ზემოხსენებული ფილოსოფოსები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ; მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რანაირადაა ეს შესაძლებელი. და როცა ისინი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებენ, რომ საზომი თვით იმაშია, რაც იზომება, ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება მათი მსჯელობის აზრი. ამ გაუგებრობის მიზეზი ისაა, რომ თავიანთ თხზულებებში ისინი გარკვევით არ ამბობენ, მაინც რა არის ეს – საზომი თუ ის, რაც იზომება, თითქოს საკითხის მცოდნეთათვის თუ თავიანთი მსმენელებისთვის წერდნენ. პლატონი კი ამბობს, რომ დრო, თავისი არსით, არც საზომია და არც ის, რაც იზომება, არამედ, მისი აზრით, დროის არსის გასაცხადებლად მზის წრებრუნვას თავისი მინიმუმი აქვს – სადღეღამისო წერებრუნვა, რომელიც დროის ასეთსავე მინიმალურ ნაწილს – დღე-ღამეს შეესაბამება; ამის მიხედვით შეიძლება შევიცნოთ, თუ რა დრომ განვლო. რაც შეეხება საკუთრივ დროის არსს, ამის გასარკვევად პლატონი ამბობს, რომ დრო ცასთან ერთად დაიბადა, როგორც მარადიული პარადიგმისა თუ პირველნიმუშის მოძრავი ხატი; დიახ, მოძრავი, რამდენადაც დროის დინება უწყვეტია, ისევე, როგორც სიცოცხლისა, რომლის განუყრელ თანმხლებად და თანმდევადაც დრო გვევლინება, რადგანაც სწორედ ამ სიცოცხლემ დაბადა ცა და ამავე სიცოცხლემ, ცასთან ერთდ, დასაბამი დაუდო დროსაც. სიცოცხლე რომ კვლავ ერთობას მიბრუნებოდა, ამის შედეგად დრო ცასთან ერთად შეჩერდებოდა, რადგანაც უკვე აღარ ედებოდა წილი სიცოცხლეში. ამიტომ ვისაც სიცოცხლისა და მოძრაობისათვის ნიშნეული „უწინარესობისა“ და „შემდგომობის“ განხილვისას ჰგონია, თითქოს ესაა დრო, რადგან ეს უკანასკნელიც რაღაც მოძრავია, მაგრამ, ამასთანავე, უარყოფს გაცილებით უფრო რეალურისა და რეალურად მოძრავის არსებობას, რომლისთვისაც ასევე ნიშნეულია „უწინარესი“ და „შემდგომი“, – შეიძლება ითქვას, რომ მას უკუღმართად ესმის საქმის ნამდვილი არსი, რადგანაც უსულო მოძრაობას „უწინარესს“, „შემდგომსა“ და, მაშასადამე, დროსაც მიაწერს, მაშინ როდესაც ყოველივე ამისაგან განძარცულად მიიჩნევს იმ მოძრაობას, რომლის პირველადი ქმედითობაც დასაბამს აძლევს „უწინარესსა“ და „შემდგომს“, რამდენადაც სწორედ ეს ქმედითობა იწვევს ურთიერთმონაცვლე მდგომარეობათა თანმიმდევრობას და, ამრიგად, განაპირობებს „უწინარესის“ გადასვლას „შემდგომში“. ჩვენ ვხსნით სამყაროს მოძრაობას, როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო სულშია მოქცეული, და რომ მისი მოძრაობა დროში ხდება. კი მაგრამ, მაშინ რატომ არ ვამბობთ, რომ თვით სამყაროს სულის მოძრაობაც, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება სულშივე, სამყაროს მოძრაობასავით დროში ხდება? იმიტომ, რომ სულზე უწინარესი მხოლოდ მარადისობაა, რომელიც თან არ ახლავს სულის სიცოცხლის დინებას და არც ამ დინებასთან ერთად განიფინება. რადგანაც სული პირველია, დროის დონემდე რომ ჩამოდის; ის თვითონვე ქმნის დროს და თვითონვე ფლობს მას თავისი ქმედითობის წყალობით. რატომაა დრო ყველგან? იმიტომ, რომ სამყაროს სული ყველგანაა, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში, ისევე, როგორც ჩვენი სული განწონის ჩვენივე სხეულის ყველა ნაწილს. გინდ ის გიმტკიცებია, რომ დრო რაღაც არასუბსტანციურსა და არაარსებითშია, და გინდ მცდარად განგიმარტავს თვით ღმერთის ცნება, ღმერთისა, რომელზედაც ამბობენ, რომ ის იყო და იქნება. რადგანაც როცა ვამტკიცებთ, რომ ის იყო და იქნება, ამით დროის რეალურ არსებობასაც ვამტკიცებთ, წარსულშიაც და მომავალშიაც. თუმცა ზემოხსენებული თვალსაზრისის მომხრეებს რომ დაუპირისპირდე, სხვა მეთოდია საჭირო. როდესაც ვაკვირდებით, რა მანძილზე გადაადგილდა გზად მიმავალი კაცი, ამით მისი მოძრაობის ოდენობასაც აღვიქვამთ. ზუსტად ასევე, როცა გზად მიმავალი კაცის ამწამიერ მოძრაობას, ვთქვათ, მისი ფეხების მოძრაობას ვუყურებთ, ჩვენ ვამჩნევთ მის მიერ შესრულებული მოძრაობის ოდენობასაც ამწამიერ მოძრაობამდე, თუკი, რა თქმა უნდა, მისი სხეული განუწყვეტლივ განაგრძობდა მოძრაობას. მაშასადამე, იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს მოძრაობს სხეული, ამ მოძრაობას გარკვეულ მოძრაობას და მის გრძლივობას ვუკავშირებთ, ხოლო ეს „გარკვეული მოძრაობა“ ცის მოძრაობაა, რომელიც არის საწყისი. ცის მოძრაობა, თავის მხრივ, სულის მოძრაობას უნდა დავუკავშიროთ, საიდანაც დასაბამს იღებს მოძრაობის დაყოფა თანაბარი გრძლივობის მქონე ნაწილებად. კი მაგრამ, რაღას დავუკავშირებთ სულის მოძრაობას? თუ გნებავთ, არსს, მხოლოდ ეს იქნება უკვე განუყოფელი და განუწილველი, ესე იგი, დასაბამიერი არსი, რომელიც მოიცავს ყოველივე დანარჩენს, თვითონ კი არაფრით არაა მოცული. სწორედ ეს ითქმის სამყაროს სულზე. კი მაგრამ, ჩვენს სულზე რაღას ვიტყვით? დრო მასშიცაა? დრო სამყაროს სულშია და, შესაბამისად, ყველა ცალკეულ სულშიც, რადგანაც ყველანი ერთ სულსა ქმნიან. ამიტომაცაა, რომ დრო არ ნაწევრდება მათში, ისევე, როგორც არ ნაწევრდება მარადისობა მისივე რანგის სხვა არსთა შორის, რომელნიც მას შეიცავენ.

ნახვა: 1885

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters