ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგ დროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმიდა ნინოს უკავშირდება.

ძველი ქართული საისტორიო წყაროები (”მოქცევაი ქართლისაი”, ”წმიდა ნინოს ცხოვრება”, ლეონტი მროველი, ვახუშტი ბატონიშვილი). ურბნისის ძვ.წ. აღ. IV საუკუნის ბოლოს უკვე არსებულ ქალაქად თვლიან, კერძოდ, IXსაუკუნის წყარო ”მოქცევაი ქართლისაი”, რომელიც თავის მხრივ უძველეს, ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობა, ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში შემოსვლაზე თხრობის დროს იხსენებს ოთხ ქალაქს: ხარკინეს, კასპს, ურბნისსა და ოძრხეს. აქედან ორი, მემატიანეს ცნობით, ციხე-ქალაქია: ურბნისი და ოძრხე, ხოლო ორს - სარკინესსა და კასპს აქვს თავისი მფარავი ციხეები: ციხე - დიდი და უფლისციხე.

არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც გაიშალა როგორც ურბნისის ტერიტორიაზე, ისე მის მიდამოებში ცხადყო, რომ ეს ადგილები დასახლეული ყოფილა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ - ენეოლითის ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეული), კერძოდ ენეოლითური ძეგლები აღმოჩენილი იქნა ზღუდის შიგნით, მტკვრის პირად მდებარე ბორცვზე. ე.წ. ”ხიზანაანთ გორაზე”. ამავე პერიოდის ძეგლი გამოვლენილი იქნა ურბნისის აღმოსავლეთით ორიოდე კილომეტრზე - ”ქვაცხელებზე”. ამ ხანიდან მოყოლებული ურბნისის ტერიტორია უწყვეტად დასახლებული ჩანს და მათი შიდა ცხოვრებაც ქალაქური ხასიათისა გახლდათ.

”წმიდა ნინოს ცხოვრების” ცნობით ურბნისში მრავალრიცხოვანი მოსახლეობა სახლობდა IV საუკუნეში, რის შესახებაც ვკითხულობთ: ”აღიძრნეს ერნი, ძლიერნი და ურიცხონი სიმრავლითა, მით ქალაქით”. საყურადღებოა ამ მხრივ აგრეთვე XVI- XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის შარდენის ცნობა, რომელმაც 1672 წელს ინახულა ურბნისი. შარდენი აღნიშნავს, რომ მის დროს ურბნისი დანგრეული იყო და 2000 კომლიდან, რაც შეადგენდა ოდესღაც მის მოსახლეობას, 500 კომლიღა დარჩენილა.

მონათმფლობელობისა და ადრეფეოდალური პერიოდის საქართველოს ქალაქები შედგებოდა უბნებისაგან, ასეთი უბნები ჰქონია მცხეთას, ასეთივე უბნები, როგორც ჩანს ჰქონია ასევე ურბნისსაც. ურბნისის ერთ ურბნად ლეონტი მროველი ასახელებს ებრაელთა უბანს, სადაც მისივე ცნობით, ცხოვრობდა წმიდა ნინო ერთი თვის განმავლობაში, ამ უბანში ებრაელებს თავიანთი ბაგინი, ანუ სამლოცველო ჰქონიათ (”ბაგინი ჰურიათა”) ურბნისში ყოფნიდან ერთი თვის შემდეგ წმ. ნინო სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. ამის შესახებ ”ქართლის ცხოვრებაში” წერია:

”რქუა მარიამ მაგდალინელსა იესო: წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა, სადაცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა.

ხოლო წარმკითხველმან წმინდამან ნინო იუწყა ზეგარდამოსა ყოფად ესე და ითხოვა ღვთისაგან შეწევნა, მიჰყვა მდინარესა მას ურვეული გზისა სიფიცხისა მშიშარე მცხეთაგან და მივიდა ქალაქსა ურბნისს. მუნ იხილნა ერნი, რომელნი მსახურებდნენ ღვთად ქვათა ძელთა და ცეცხლთა, ამისთვის შეურვებული შევიდა უბანსა ურთიერთასა და ზრახვიდა მან ენითა ებრაულითა, სადა დაჰყო მან თთუე ერთი. შემდგომად აღიძრნენ ერნი ურბნისით ვაჭრობად ზორვად არმაზისა და ზადენისა, და წარვიდნენ მცხეთას, რომელთა წარყვა წმიდა ნინო და მისრულმან მცხეთას იხილნა საცთურნი და ცეცხლის მსახურება მათი”.

ურბნისი, რომ V საუკუნეში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, ამას მოწმობს, აქ ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. აი, რას გვეუბნება ურბნისის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: "მტკვრის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფროს ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელი ირწყის ლიახვთა მით. შემუსვრილი აღაშენა და განაახლა ჯ. დ. მეფემან ვახტანგ და შეამკო ხატი მისი წმიდის სტეფანე პირველმოწამისა მოზღუდა ქვიტკირითა" VI საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოში 33 საეპისკოპოსო ჩანს ურბნისის ჩათვლით. VI საუკუნის ბოლოს ურბნისის ეპარქიას მართავდა გაქრისტიანებული არაბი ამირა, რომელსაც მამაპაპეული სარწმუნოების დაგმობის შემდეგ ნეოფიტე ეწოდა.

ურბნისთან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუისიც: თვით სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა "რუ"-დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქ. ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. ამდენად ურბნისიცა და რუისიც ადრეული ხანიდანვე თითქმის ერთ მთლიანობად მოიაზრებოდა და ამიტომაც ერთმანეთისგან გამიჯნული ურბნისისა და ცალკე რუისის საეპისკოპოსო კათედრის გამთლიანება და ერთ ეპარქიად ჩამოყალიბება ხდება მოგვიანებით.

რუისი მუდამ იყო მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენი. აქ უძველესი დროიდან არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა, სადაც ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არჩილის მეფობის დროს (410-434 წწ), როცა საქართველოს მთავარეპისკოპოსი მობიდანი გახლდათ, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ნერგავდა არიოზის მწვალებლობას, ამასთან დაკავშირებით არჩილ მეფემ მოიწვია მღვდელმთავრები, სადაც დაიგმო მობიდანის მოღვაწეობა, როგორც ვიცით სწორედ ამ კრებას სხვა იერარქებთან ერთად რუისის ეპისკოპოსიც ესწრებოდა. შემდეგ კვლავ გვხვდება რუისის ეპისკოპოსი, ანუ მროველი "ეპისტოლეთა წიგნში", როგორც "მარუელი", 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის, რომელიც მეათე ადგილზეა დასახელებული. ეს იმის დასტურია, რომ რუისში უძველესი დროიდან იყო საეპისკოპოსო კათედრა, საეკლესიო ცხოვრება. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხტაშისკრამდე. აწყურის ეპარქიის გაუქმების შემდეგ (XVIIს.) კი, მროველის სამწყსო გაფართოვდა და საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, ამ ამბის შესახებ ასე იუწყება ვახუშტი ბატონიშვილი: "არს რუისის მთის ძირს დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, დიდი დიდშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისის ზეითის ქართლისა და ლიხ-ტაშისკრამდე და აწ ასევე მწყსის ხეობასა და სადგერს, ვინაიდან მაწყვერელი არღა რა არს".

ურბნისისა და რუისის ეპარქია, რომ საეკლესიო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ამისი ნათელი დასტური გახლავთ აქ, ურბნისისა და რუისის სანახებში 1002-1003 წლებში წმ. მეფე დავით აღმაშენებლის თაოსნობით "დიდთა წყლულებათა კურნებად" მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რის შედეგადაც იწყება ახალი ეტაპი ერის სულიერ ცხოვრებაში. კერძოდ, ეკლესია განიწმინდა უგვანო მწყემსთაგან, წესისამებრ განიმართა საიდუმლოთა აღსრულება, დაძლეულ იქნა აგრეთვე სხვა დამაბრკოლებელი ნაკლოვანებები, რამაც ერი ზნეობრივად აღამაღლა და ფაქტობრივად მყარი საფუძველი შეუმზადა ერთიანი, მძლავრი, ქართული მართლმადიდებლური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

რუის-ურბნისის სანახებში გამართული "წმიდა" და "ღვთივშეკრებული" თავყრილობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სპეტაკ სხეულზე აღმოცენებული წყლულებისაგან განთავისუფლების გზაზე წარმოადგენდა დიდ, ენერგიულ და მტკიცე ნაბიჯს, რომელიც ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულ ქართველ ხალხს წინ დიდგორის "ბრძოლაი საკვირველს" უმზადებდა.

გადის რამდენიმე საუკუნე და ეს ისტორიული ეპარქია კვლავ მძლავრად განაგრძობს არსებობას. XVIII საუკუნეში ურბნისის მღველმთავარი კვლავ დიდ სამწყოს განაგებდა, ის ადრეც საკმაოდ პატივით სარგებლობდა, ხოლო XVIII საუკუნის შუა წლებში ურბნისში იჯდა ეპისკოპოსი - "მწყემსი" დიდის ლიახვისა და რომელი ირწყვის ლიახვთა მათ".

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეპარქია კვლავ იღებდა დახმარება-შეწირულობას. "ქართული სამართლის ძეგლებიდან" ვიგებთ, რომ კათალიკოს-პატრიარქს ბატონიშვილ დომენტის, მიწები მიუცია ურბნისისათვის: "არამედ უმწყსოდ ხეობა მისცა ურბნელ ეპისკოპოსსა სამწყსოს სიმცირისთვის კათოლიკოს პატრიარქმა ბატონიშვილმან დომენტიმ ოდეს მოაწია კონსტანტინეპოლიდამ ქართლს ქრისტეს აქეთ 1741".

ამის შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიის შესახებ განსაკუთრებული ისტორიული მასალები აღარ მოგვეპოვება. მოგვიანებით, 1881 წელს ხდება ეპარქიის გაუქმებაც. ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნების მიუხედავად, მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვიკი).

ერში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში ტაძარ-მონასტრების მშენებლობა და სულიერი ცხოვრების აღორძინება, რაც მთელი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც არანაკლები შემართებითა და რუდუნებით გრძელდება ეს პროცესი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარისა (მიტროპოლიტი იობი) და მისი სამწყსოს მიერ. ჯერ კიდევ VI საუკუნეში მოღვაწეობდა აქ მწ. მიქაელი ულუმბოში, წმ. პიროსი - ბრეთში, ხოლო წმ. თადეოზ სტეფანწმინდელმა საფუძველი ჩაუყარა ურბნისის საკათერო ტაძარს. შუა საუკუნეების ყინწვისის დიდებული მონასტერი, ურბნისი, რუისი, წრომი, იტრია თუ სხვა, აგრეთვე მიუვალ კლდეებში მრავლად ნაკვეთი გამოქვაბულები ცხადყოფენ, რომ ეპაქიაში ერთ დროს ბერ-მონაზვნური ცხოვრება ჰყვაოდა, აღარაფერს ვამბობთ იმ დიდ ამაგზე, რაც ქართულ ეკლესიას დაადგა წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა და ცნობილმა მემატიანემ "ქართლის ცხოვრების" თანაავტორმა მღვდელმთავარმა ლეონტი მროველმა. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა, რისი ცხადი დასტურიც გახლავთ ორივე საკათედრო ტაძრისა და აგრეთვე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავების არსებობა, რის შესახებაც ცნობებს ისტორიული წყაროებითა და საბუთებით ვიგებთ.

თვითონ რუისში რამდენიმე ეკლესიაა ( კვირაცხოვლის, კვირიკეწმიდის, ღვტისმშობლის ორი), მათ შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფერისცვალების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი საკათედრო ტაძარი თავისი კოშკ-სამრევლოთი და გალავნით, გადმოცემთ რუისის ტაძარი აუგია წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს (503 წ.). ამ ხნის ნაგებობას დღემდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, უძველესი VIII-IX საუკუნეებს ეკუთვნის. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, ხოლო XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭესთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ". საეპისკოპოსო კათედრას დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალიც: "ზრუნვა და საურავი ხელიყო ბურდუხან დედოფლისა".

თემურ-ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ): "ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვლავ აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ იყოს". ეკლესიის სამხ. ფასადის წარწერაზე კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: "გალატოზთა ძედა ზედა მომგესა შალვას შეუნდევს ღმერთმან, ამინ".

ის, რომ რუისის საკათედრო ტაძარი აღუდგენია ალექსანდრე I-ს XV საუკუნეში, "ქართლის ცხოვრებიდანაც" ვიგებთ: "ხოლო მაშინ ვინაითგან დაემშვდნენ ყოველნი თვისნი ქუეყანანი, შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებული და წარჩინებულნი, ერისთავთ-ერისთავნი და განიზრახა მათ თანა აღშენებისათვის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოხრებულთა ეკლესიებთა, რამეთუ ვინაითგან განმკვდრებულ იყვნენ მთავარნი, ვითარცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა. ხოლო დაღათუ გამოსცვლიდიან და იყვნიან მორჩილებასა ქუეშე მეფეთასა, არამედ მონათესავეთავე აღიყვანიან პატივთა ზედა მათთა... ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, განიხარეს ყოველთა და შეჰკუეთეს ყოველთა საბრძანებელთა თჳსთა, თჳნიერ სამეფოსა გამოსაღებისა, ყოველსა გლეხსა ერთსა კუამლი ზედა სამი კირმანაული, რომელი არს ექუსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდიან ამა წლითი წლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაების ეკლესიისა და სუხათა ეკლესიათა... გარნამოეცაცა მას მშვდობა ღვთისაგან, ათხუთმეტსა წელსა და შეასრულმა განზრახუანი თვსნი".

XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზი და ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1820 წელს თებერვალში მიწისძვრამ ტაძარი ძლიერ დააძიანა, ამის გამო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1936-1938 და 1950-1953 წლებში.

რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის საკათედრო ტაძარში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (წმ. დავით აღმაშენებლის მამა - 1072-1089 წწ) - "აქა ყოფასა შინა მეფისა თანა იყო გიორგი მთაწმინდელი, ხოლო ლიპარიტ მოითხოვა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი მეფედ. მოსცეს დიდებულთა აფხაზთა და აკურთხა რუისს მეფედ და მოუდგინა დაი ბაგრატ მეფისა გურანდუხტ მზრდელად".

რუისი წარმოადგენდა საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას, სადაც მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს), ცნობილი მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს), დიონისე ლარაძე (XVI ს), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ), იოანე გედევანიშვილი (1737-1821 წწ) და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება.

არანაკლებ ისტორიული მოვლენებია დაკავშირებული ურბნისის კათედრალთანაც, რომლის აგებაც, როგორც უკვე ითქვა ათცამეტ სირიელ მამათაგანს - თათე სტეფანწმიდელს მიეწერება. ურბნისის სამნავიანი ბაზილიკა აკადენიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ადრევე იყო დათარიღებული V-VI საუკუნეთა მიჯნით, რაც დაზუსტებულ იქნა მკვლევარების მიერ ჩრდილოეთ კედელზე არსებული წარწერის მეშვეობით.

ურბნისის ტაძარს მრავალი ცვლილება განუცდია, პირველი ზიანი როგორც ეტყობა ეკლესიამ განიცადა VIII საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ, როდესაც გამძვინვარებულმა არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ გადაწვა და დაარბია ქალაქი.

ტაძრის სამხრეთის კედელში ჩაყოლებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროს ტაძარი მეტად დაზიანებულა. ეს ასომთავრული წარწერა ქარაგმების გახსნით შემდეგნაირად იკითხება: "უფალო ღმერთო, შეიწყალე თეოდორე ეპისკოპოზი, ძეი ლუკასი, მაშენებელი ამის სიონისაი, ოდეს ღმერთმან ღირს მყო ამის სიონის ეპისკოპოზად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომისა. ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქტცი (?) დამპალ იყუნეს და მოგმადლა ამას ყოვლისაი აღშენებაი, ყოველთა გაკეთებაი ძალთაი ღმრთისაითა, მეოხებითა ყოველი გათავებულ მიქმნია". წარწერას თარიღი არა აქვს, ხოლო პალეოგრაფიული ნიშნებით იგი X საუკუნით თარიღდება. ამდენად, VIII საუკუნეში არაბების მიერ დაზიანებული და შემდეგ, ორი საუკუნის მანძილზე უყურადღებოდ დატოვებული ურბნისის ეკლესია X საუკუნეში აღუდგენია ურბნელ ეპისკოპოსს, თეოდორეს.

მურვან-ყრუს მიერ დანგრეული ქალაქი აღარ აღორძინებულა, როგორც ჩანს საამისო პირობები მას აღარ ჰქონია. ქალაქობის პერიოდში ურბნისი საეკლესიო სოფელს წარმოადგენდა, მისი მცხოვრებლები ურბნისის ეკლესიის ყმები იყვნენ და ფეოდალურ გამოსაღებებს უხდიდნენ მას.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანიდან (XV-XVIII სს) შემონახულია საბუთები, რომლებიც მოწმობენ, რომ ქართლის მეფეები, როცა კი მშვიდობა იყო, ზრუნავდნენ ურბნისის საეპისკოპოსოს შემწეობაზე, მისი ტაძრის შეკეთება-აღდგენაზე, მისთვის სხვადასხვა შესაწირავის მირთმევაზე.

როგორც ჩანს, XIII-XVI საუკუნეთა დაუდგრომელ შემოსევა-რბევა-აოხრებით აღსავსე ხანაში, როცა ქართველი ხალხი გმირულად იცავდა თავის არსებობას და თავისუფლებას მონღოლთა, თემურ-ლენგის ურდოებისა და ბოლოს სპარსელ-ოსმალთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლებში, ურბნისის საეპისკოპოსო სავსებით მოიშალა, ქართლის მეფე სიმონ I (1556-1601 წწ) ზრუნავს მის აღდგენაზე, რასაც გვამცნობს მისი 1556 წლის სიგელი, სადაც აღნიშნულია: ”...ძველითგან მრავალჟამ დავიწყებული საეპისკოპოსო ურბნისი... მოშლილ იყო ჟამთა ვითარებისაგან და უღმრთოთა აგარიანთა ხელითა ტყუედ ქმნილ იყო განძი და გუჯარი მისი ძალითა შეწევნითა ღმრთისათა ხელ ვჰყავ და ვიწყეთ განახლებად ამისად”. მეფე უახლებს ურბნისის ტაძარს მამულების მფლობელობას. სიგელში აღნიშნული ”განახლება” გულისხმობს არა ეკლესიის განახლებას, ანუ შენობის შეკეთებას, არამედ - ”მოშლილი” საეპისკოპოსოს განახლებას.

1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა, ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა ”შემუსვრილი აღაშენა და განაახლა” ურბნისის ტაძარი და ”მოზღუდა ქვითკირითა”

ვახტან VI-ს შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს რაზეც გვამცნოს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნანახი და გამოცემული (ამჟამად დაკარგული) ქვაზე ამოჭრილი პატარა ლექსი.

აქ განვასრულე გალავანი ქორონიკონს უნ კან

ძენით (ე.ი. 1939 წ.)

ისმაიტელ ერთა მიერ ჩვენ ვიყვენით განუ-

სვენით

რაც დამცალდა კარგად ვამკობ, ამ მყოფი

ნუ მოიწყენთ

და შემდგომ ჩემსა ვინაც დამკვიდრდეთ, უბადრუკი

მომიხსენეთ

ამინ ურბნელი ნიკილოზი”.

ნიკოლოზ ხერხეულიძე რომ მართლაც განაგებს ამ დროისათვის ურბნისის კათედრალს, ვიგებთ ”ქართული სამართლის ძეგლებში” არსებული ისტორიული მასალით, სადაც შემონახულია ”წიგნი დომენტი კათალიკოზისა ავალიშვილისადმი ნიკოლოზ ურბნელისათვის სამწყსოს განწესების შესახებ”, რომელიც მიწერილია 1739 წლის მარტში.

ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.

XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.

საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძეთ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.

XVIII საუკინეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.) რომელმაც (როგორც უკვე აღინიშნა) იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა, როგორც ირკვევა ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს - ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერავს საგალობლები.

ურბნისის სიონი დღეისათვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც ღვთის დიდი წყალობით, მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.

ტეგები: Qwelly, qwellyland, ისტორია, რუისი, ურბნისი

ნახვა: 708

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters