შემოკრების შესახებ

       მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის დასასრულს გამოვკვეთეთ ის გეზი, რითაც უნდა შევეხოთ ირინეოსის ღვთისმეტყველებას და გამოვყავით ის უმთავრესი საკითხი და სწავლება, რითაც ირინეოსი დიდ ღვთისმეტყველად არის ცნობილი, ეს გახლავთ მისი მოძღვრება შემოკრების შესახებ. წარმოვადგინეთ წინასწარი დებულებაც, რომ ირინეოსის განმარტებით, რაც მთელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობის განმარტებაა, მაცხოვარმა განკაცებისას თავის კაცობრივ ბუნებაში შემოკრიბა კაცობრიობა, შემოკრიბა ყოველი ადამიანი, ადამიანური ბუნების მქონე ყოველი ქმნილება, გარდასული, აწმყოში მყოფი და სამომავლონიც.

      რა შინაარსი ჩაიდება ირინეოსისგან აღნიშნულ შემოკრებაში? ვიდრე ჩვენ ამ მოძღვრების არსს ჩავწვდებოდეთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პავლე მოციქულმა მაცხოვრის განკაცების შესახებ მოძღვრების გადმოცემისას მაცხოვარს უწოდა მეორე ადამი. პირველი ადამი გასაგებია, რომ არის ბიბლიური ადამი, ისტორიული ადამი, ხოლო მაცხოვარს ეწოდა მეორე ადამი და ამგვარი სახელი მას ეწოდა საეკლესიო ღვთისმეტყველებაში კარგად ცნობილი მსჯელობითი ხერხის - ანტიპარალელიზმის გამოყენებით. ჩვენ ერთგზის გვქონდა შესაძლებლობა განგვემარტა ეს ტერმინი და ამჯერადაც განვმარტავთ, რომ ანტიპარალელიზმი გახლავთ ისეთი განხილვა, ისეთი სწავლება ანდა ისეთი აზრი, როდესაც ორი მოვლენა გარკვეული მსგავსი თვისებებით წარმოჩნდება და ეს მსგავსი თვისებები ორ მოვლენასთან დაკავშირებით წარმოდგენილია, მაგრამ ამავე დროს, მიუხედავად ცალკეული მსგავსებებისა, აღნიშნული მოვლენები შედეგით დიამეტრულად განსხვავებულნი არიან. ანტიპარალელური სწორედ ის მოვლენები გახლავთ და ის რეალობანი, რომლებიც გარკვეულწილად, გარკვეული გარეგანი მონაცემებით ერთი მეორეს ემსგავსებიან, მაგრამ შინაგანად, არსებითად ანუ შედეგითა და ნაყოფით და მოქმედებით, ერთიმეორეს დიამეტრულად ემიჯნებიან. რატომ არის მაცხოვარი მეორე ადამი? იმიტომ, რომ, როგორც პირველი ადამი თავის თავში მთელ კაცობრიობას ფლობდა, შესაბამისად მაცხოვარიც, განკაცებული ღმერთი, თავის კაცობრივ ბუნებაში გახდა დამტევნელი ასევე მთელი კაცობრიობისა. ესაა გარეგანი მსგავსება პირველ ადამსა და მეორე ადამს შორის, მაგრამ არსებითი განსხვავება და შედეგის სხვადასხვაობა იმას გულისხმობს, რომ ადამმა, თავის თავში მომცველმა მთელი კაცობრიობისა, კრებსითად და ზიარად წარწყმედა განუკუთვნა ყველას, დაეცა რა თვითონ ყველას დაცემულობა მისცა, წარწყმედაში და ცოდვის ტყვეობაში ჩაიგდო რა თავი, მთელი კაცობრიობა ადამისგან შობილი, ასევე ცოდვისა და ჯოჯოხეთის უკეთურების ბორკილებში აღმოჩნდა. ამრიგად, ადამმა, კაცობრიობის მომცველმა თავის თავში, კაცობრიობას წარწყმედა, ბორკილი და დაცემულობა განუკუთვნა. ხოლო მაცხოვარმა, ადამისებრ მთელი კაცობრიობის მომცველმა თავის კაცობრივ ბუნებაში, ასევე კრებსითად, ასევე ზიარად, მთელ კაცობრიობას ცხონება დაუმკვიდრა, ცხონება მიჰმადლა და მიანიჭა. აი ესაა სწორედ ანტიპარალელიზმი, მაგრამ ეს ანტიპარალელიზმი უკვე თავის თავში გულისხმობს იმ მოძღვრებას გამოკვეთილად, რაც ასე განმარტებითადაა ირინეოსისგან გადმოცემული. თუ მაცხოვარი მეორე ადამია, უეჭველია, რომ ისიც თავის კაცობრივ ბუნებაში მთელ კაცობრიობას მოიცავს, იმიტომ, რომ სწორედ ამ ნიშნით ემსგავსება ის ადამს და სწორედ ამ თვისების მიხედვით შეიძლება მას ეწოდოს მეორე ადამი. მაგრამ საყურადღებო ის გახლავთ, რომ ირინეოსთან მოძღვრება შემოკრების შესახებ იწყება არა საკუთრივ მაცხოვრის შესახებ მსჯელობით, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მსჯელობით, სადაც ირინეოსი პავლე მოციქულის აღნიშნულ ანტიპარალელიზმს ავრცობს (ეს უფრო ადრეც, იუსტინე მარტვილთანაც გვხვდება ჩვენ) კონკრეტულად ევასა და ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემით, ირინეოსი ამბობს: “ქალწული იყო ევა სამოთხეში, როდესაც მას ქმრად ჰყავდა ადამი, და ევამ შეიწყნარა რა გველის სიტყვა (ჩვენ აქ ქართულ ენაში შეიძლება ვერ დავტიოთ ზედმიწევნით ის, რაც ბერძნულ სიტყვათა ურთიერთმიმართებაში განიჭვრიტება. კერძოდ ბერძნულში დაორსულება და მიღება ერთიდაიგივე სიტყვით აღინიშნება, რომ მაგა. “ლამბანო” ბერძნულად არის მიღება, მაგრამ ამ “ლამბანო”-ს როდესაც დაერთვის წინდებული “თანა”, ანუ ბერძნულად “სიუნ”, ეს უკვე ამავე დროს კონკრეტულად ნიშნავს დაორსულებას, ანუ ძველ ქართულად მუცლადღებას. ამიტომ საუბრობს რა აქ გველის სიტყვის მიღებაზე ირინეოსი, ბერძნული ტერმინი პარალელურად ნიშნავს აგრეთვე დაორსულებასაც, რაც უფრო მეტად ხაზგასმულია ირინეოსისგან, იმიტომ, რომ ამით მეტი გარეგანი პარალელიზმი იკვეთება ევასა და ყოვლადწმინდა მარიამს შორის), წარწყმედა და ცოდვა უშვა კაცობრიობას”. ანტიპარალელიზმით ქალწული იყო აგრეთვე ყოვლადწმინდა მარიამიც, რომელსაც ქმრად ჰყავდა იოსები და მან, უკვე განსხვავებით ევასგან, თუ პირველმა გველის სიტყვა მუცლად-იღო, ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთის სიტყვა მუცლად-იღო და შესაბამისად ცხონება და გამოხსნა უშვა კაცობრიობას ანუ მაცხოვარი, მხსნელი მოგვანიჭა ჩვენ. და რამდენადაც მაცხოვარი თავის კაცობრივ ბუნებაში მთელ კაცობრიობას იტევს, შესაბამისად მთელი კაცობრიობის დამტევნელი და შემომკრებელი სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგვანიჭა ჩვენ და ამ კუთხით მოძღვრება შემოკრების შესახებ, რა თქმა უნდა, დედა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებაშიც გამოიკვეთება ირინეოსთან ანუ გამოიკვეთება მის მოძღვრებაში მარიოლოგიის შესახებ (მარიოლოგია ჩვენ ადრეც ავღნიშნავდით, გახლავთ თემატური მნიშვნელობის ტერმინი და აღნიშნავს ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ ღვთისმეტყველებას). ასე რომ მოძღვრება შემოკრების შესახებ ირინეოსთან უკავშირდება არა მხოლოდ ქრისტოლოგიას, არამედ აგრეთვე მარიოლოგიას, სათავეს აქედან იღებს, იმიტომ, რომ მაცხოვარი, ქრისტე, კაცობრიობის შემომკრებელი თავის თავში, სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მოგვენიჭა ჩვენ. რატომ მოგვენიჭა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან? ირინეოსი განმარტავს: “პირველ დედამ, ევამ, როდესაც მან გველის სიტყვა მუცლად იღო (ანუ გველს დაუჯერა) ამით ცოდვის პირველი ნასკვი შეკრა. პირველ ნასკვი ცოდვისა ევასგან მომდინარეობს, ამ პირველ ნასკვს ამყარებს და ამჭიდროებს ადამი და ორივენი არიან პირველცოდვის ნასკვად შემკვრელნი, რამაც მათი დაცემა განაპირობა. მაგრამ ამ დაცემულობაში ადამისა და ევასგან შობილმა კაცობრიობამ სხვადასხვა თაობაში იმ პირველ ცოდვის ნასკვს მრავალი სხვა ნასკვი მიუმატა და ასე კაცობრიობის ისტორია დახუნძლული შეცოდებებით მივიდა იმ ეპოქამდე, როცა მაცხოვარი უნდა შობილიყო”. ჩვენ ამჯერად არ ვეხებით საკითხს თუ რატომ იშვა აუცილებლად ამ ეპოქაში მაცხოვარი, ეს უდიდესი და საღვთო სწავლებაა, რომ სწორედ მოცემულ ისტორიულ მომენტში უნდა შობილიყო ქრისტე, არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან. ირინეოსთან ამაზე ასევე გახლავთ მინიშნებანი, ისევე როგორც სხვა ღვთისმეტყველებთან, თუმცა ჩამოყალიბებულ სწავლებად ეს ყოველივე გამოკვეთილია მოგვიანებით წმ. გრიგოლ ნოსელთან. ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ დასკვნას ავღნიშნავთ ამ მოძღვრებისას, რომ მაცხოვარი იშვა მაშინ, როდესაც ბოროტების მომგონმა ძალამ, ბოროტების გამომგონებლობითი უნარი ამოწურა (ბოროტების მომგონი ძალის ღწვა, რა თქმა უნდა, ფსევდო და ცრუ ღწვაა), მონდომება, მოქმედება დამცხრალი გახდა, როდესაც ამოიწურა ყოველგვარი სახეობა ბოროტების გამოვლენისა. ჭეშმარიტი მკურნალი მაშინ იწყებს სნეულის მკურნალობას, როდესაც სენი მთლიანად გამოვლინდება და არა მანმადე, როცა ერთი სიმპტომია სახეზე, იმიტომ, რომ სიმპტომატური მკურნალობა არსობრივ აღმოფხვრას სნეულებისას არ იწვევს და ამიტომ, როგორც უზენაესი მკურნალი, თავად ღმერთი, უფალი იესო ქრისტე, მოვიდა სწორედ მაშინ, როდესაც ბოროტება მთლიანად გამოვლინდა. ბოროტების მთლიანად გამოვლინებაში იგულისხმება ის, რომ უკლებლივ ყველა სახეობა ბოროტებისა უკვე რომ წარმოჩნდა. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ მაცხოვრის განკაცების შემდგომ ბოროტება აღარ ვლინდება. ბოროტებანი კიდევ უფრო გამძაფრებულად და გამძვინვარებულად ვლინდება, რაზეც მცირედს მოგვიანებით ავღნიშნავთ, მაგრამ საკუთრივ ახალი სახეობა ბოროტებისა აღარ ვლინდება, იმიტომ, რომ სახეობათა მომგონი ძალა მივიდა რა უკიდურეს წერტილამდე თავისი ბოროტებათა გამოგონებებისა, შემუსვრილ იქნა განკაცებული ღმრთისგან, ანუ ბოროტება არსობრივად განიგმირა. როცა ბოროტების მომგონი ძალა განგმირულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სახეობა ბოროტებისა უკვე აღარ გამოვლინდება, ხოლო ძველ სახეობათა კვლავ და კვლავ ბოგინობა დედამიწაზე განწირულია აუცილებლად სიკვდილისათვის, სასიკვდილოდ განგმირულია, რადგან მისი თავი გაჭეჭყილი და შემუსრვილია. ისევე როგოც მცენარე, თუ მოეკვეთება ძირისგან და ეს მცენარე კვლავაც სახილველია, როგორც ცოცხალი, რომ მას ფოთლებიც აქვს და ნაყოფიც შეიძლება კარგა ხანს ქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად ის გარდაუვალად განგმირულია, გარდაუვალად შემუსრვილია და სასიკვდილოდაა განწირული. ამგვარადვე ბოროტებას, რომელსაც ყოველგვარი ფესვი ამქვეყნად არსებობისა, ყოველგვარი ძლიერებისა და, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სახეობათა გამოგონების სათავე დაეშრიტა და მოესპო, იგი განგმირულია, მისი გული შემუსრვილია. გრიგოლ ნოსელი ასეთ მაგალითს იშველიებს: ისევე როგორც ქვეწარმავალი, როდესაც მას თავი გაეჭეჭყება და ის უკვე მკვდარია, თავისი კუდით კვლავაც ირხევა და უფრო ძლიერად ირხევა, ამგვარადვე ბოროტებაც, რომლის თავიც ასევე განგმირულია განკაცებული ღვთისგან, თავისი კუდით კიდევ უფრო ძლიერად ირხევა, იმიტომ, რომ ის აგონიაშია, მაგრამ ეს რხევა არის უკვე სასიკვდილოდ განგმირულის რხევა და ეს რხევა თანდათანობით უეჭველად დაცხრება.

      აი ასე განიმარტება ეკლესიის მამათაგან მაცხოვრის მოსვლის ისტორიული ჟამი, რომ სწორედ იმ დროს მოვიდა ის, როდესაც ბოროტების მომგონმა ძალამ გამოავლინა მთელი თავისი ბოროტებანი, ყოველი სახობანი ბოროტებისა გამოვლინდა, შეიმუსრა ეს თავი და დაშთენილია მხოლოდ კუდი, რომელიც უფრო ძალუმად ირხევა, მაგრამ გარდაუვალად დაცხრება და სასიკვდილოდ გაქვავდება.

      ჩვენ ეს ყოველივე იმიტომ გავიხსენეთ, რომ მაცხოვრის განკაცებისას კაცობრიობის ისტორიის ცოდვათა ჯაჭვი აურაცხელი ნასკვით იყო უკვე გამოვლენილი და მთავარი პირველნასკვის გახსნა, რომლის გარეშეც ადამიანი ტყვეობიდან ვერ გათავისუფლდებოდა, შეუძლებელი იყო სხვა ნასკვთა ასევე გახსნისა და განგმირვის გარეშე. როგორც, რომ წარმოვიდგინოთ, ჩვეულებრივი ჯაჭვი ანდა ჩვეულებრივი ნასკვების ასხმულა, ყოველი ზემორე ნასკვი ისე ვერ გაიხსნება თუ მასზე მთლად ბოლო არ გავხსენით ჯერ, შემდგომ იმის მომდევნო, კიდევ უფრო იმის მომდევნო და ასე ვიდრე იმ პირველ ნასკვამდე არ ავალთ, რომლის გახსნითაც მთელი ხვეულა და მთელი ასხმულა უკვე გაშლილია. მაცხოვარმაც, წმ. ირინეოსის განმარტებით, უკუწრებრუნვით თავისი განკაცების ჟამს თავის თავში შემოკრიბა რა მთელი კაცობრიობა, ყველა ცოდვისმიერი ნასკვის გახსნით ის დასაბამიერი ნასკვიც შეჰმუსრა და ადამიანთა მოდგმა გაათავისუფლა ბოროტებისა და წყევლის ტყვეობისგან. ეს გათავისუფლება გულისხმობს იმას, რომ მაცხოვრის განკაცებით დადგა ჟამი ცხონებისა, ანუ მაცხოვრის განკაცებამდე კაცობრიობის ისტორიაში, ცოდვით დაცემის შემდეგ, იყო საყოველთაოობა წარწყმედისა (ჩვენ სამწუხაროდ უფრო მარტივ სიტყვას ვერ მოვუხმობთ, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი სიტყვაა რაც ამ მოძღვრებას გადმოსცემს), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რაც არ უნდა კეთილი ღვაწლი აღესრულებინა, რაც არ უნდა სათნოებითი მოღვაწეობა მარადიული თანამგზავრი გამხდარიყო მისი ცხოვრებისა, რაც არ უნდა მარხვა-ლოცვა გამოევლინა და სათნოების მწვერვალზეც რომ ასულიყო, ის მაინც წარწყმედაში მიდიოდა და ჯოჯოხეთში იმკვიდრებდა ადგილს, იმიტომ, რომ კარიბჭე ცხონებისა ჯერ გახსნილი არ იყო. მაგრამ როდესაც მაცხოვარმა გახსნა კარიბჭე ცხონებისა, ამის შემდგომ მყარდება ეპოქა, რომელსაც ეწოდება საყოველთაოობა ცხონებისა, ცხონების საყოველთაოობა ჩვენ მოგვიტანა სწორედ მაცხოვარმა. რა თქმა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნულად ყველა ადამიანი მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, უნდათ თუ არ უნდათ მათ, ყველანი ცხონებულნი არიან, არამედ საყოველთაოობა ცხონებისა ნიშნავს იმას, რომ კაცობრივი ბუნებისთვის ცხონების გზა და კარიბჭე გახსნილია და ამიტომ ამ ბუნების მქონე ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ ხსენებულ კარიბჭეში შევიდეს, თუკი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. აი ესაა საყოველთაოობა ცხონებისა, რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა ცხონდეს. თუკი მაცხოვრის მოსვლამდე არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა ცხონებისა, განურჩევლად იმისა ის სათნო იყო, უსათნოესი თუ უბოროტესი, მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ხორცში მყოფ ყველა ადამიანს, უბოროტესიც რომ იყოს ის, კვლავ და კვლავ აქვს შესაძლებლობა, ვიდრე ამ ქვეყნიდან წასვლამდე (გარდაცვალებამდე), ცხონებისა. ხოლო ის თუ რატომ არ მოხდა ღვთის განკაცებით ყველა ჩვენთაგანის მყისიერი ცხონება, პიროვნულად რატომ არ ვართ ჩვენც გამოხსნილნი და რატომ გვჭირდება მისთვის არჩევა და სხვა, ეს უკავშირდება უდიდეს და უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო საკითხს საკუთრივ ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით. ადამიანი შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა, ხოლო ხატება უპირველესად გულისხმობს თავისუფალ არჩევანს ადამიანისას საკუთარი აზროვნების კვალობაზე. მოაზროვნეობის თვისება და თავისუფალი ნება, რაზეც ჩვენ უკვე ავღნიშნავდით, აბსოლუტურად ერთი და იგივეა და ეს ქმნის სწორედ ადამიანის ხატებას ღვთისადმი. ყველაზე აღმატებული საბოძვარი, რაც კი ადამიანმა ღვთისგან მიიღო ესაა ღვთისადმი მადლით ადამიანის მიმსგავსება და ადამიანისაც კი ღმერთად წოდება პირობითად, იმდენად საღვთოა ეს თვისება. ესაა ადამიანის ჭეშმარიტად განმაღმრთობელი თვისება. ამიტომ თუ ოდესმე უფალი ამ თვისებას შეჰმუსრავს ადამიანში ანუ მის თავისუფალ ნებას რაიმეთი შეზღუდავს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ მასზეა (ადამიანზე) დამოკიდებული და რაც ადამიანმა უნდა აირჩიოს, თუ საკუთარ არჩევანში ადმაიანი აღარ იქნება თავისუფალი, შესაბამისად ის უკვე აღარ იქნება ხატი და მსგავსება ღვთისა და არ იქნება საკუთრივ ის ქმნილება, რასაც ადამიანი ეწოდება. ადამიანი ეწოდება იმ ქმნილებას, რომელიც შეიქმნა უფლის ხატად და მსგავსად. ესაა არსებითი, ადამიანის პიროვნების საფუძველდამდები თვისება და თუ საფუძველი შეიმუსრება, ადამიანიც, როგორც ქმნილება, გაუკუღმართდება და ასეთი ადამიანის არც ცხონება და არც სათნოების მწვერვალზე ყოფნა უკვე არანაირი მნიშვნელობისა არაა. უფრო მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ნების და მოაზროვნების არ მქონე ადამიანის ცხონება აბსოლუტურად იგივეა, რაც ამავე ადამიანის წარწყმედა, უკეთ რომ ვთქვათ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ის ცხონებულია თუ წარწყმედილია, იმიტომ, რომ ეს მისი არჩევანი არაა, მისი დამსახურება არაა და ამის განცდა უკვე მას არ შეუძლია. ამიტომ ეკლესია ურყევად ასწავლის, როგორც ეს გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთ შრომაშია, გიორგი მთაწმინდელის თარგმანით, “იძულებით ქმნილსა არაოდეს ვიტყვით სათნოებად”. სათნოება მხოლოდ ისაა, რასაც პიროვნულად აღირჩევს ადამიანი. ესაა ადამიანის გადამრჩენელი, მისთვის მარადიული ცხოვრების დამამკვიდრებელი და ამიტომაა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თავისუფალი ნებისა და აზროვნების არ მქონე ქმნილებებზე, როგორც მარადიულ არსებებზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცხოველებზე და მცენარეებზე, როგორც სასუფეველში აღდგენილებზე და იქ მარადიული ცხოვრებით დამტკბარ ქმნილებებზე. წარწყმდება ის ვინც თავისუფალი ნებით წარწყმდება. თუ უფალს სურს, რომ ჩვენი თავისუფალი ნება შეზღუდოს, უმალ მაშინ შეზღუდავდა, როცა წარწყმედის საკითხი დგება, მაგრამ ეს უკვე გამოიწვევდა იმას, რომ საკუთრივ ადამიანური ბუნების ყველაზე არსებითი თვისება შემუსრვილიყო. შეუძლებელია, რომ ერთი და იმავე ბუნების მქონე ერთ პიროვნებას, რომელიც წარწყმედისკენ მიდის, შეუმუსრო არსებითი თვისება, ხოლო სხვებში დატოვო ეს თვისება, რადგან ეს ბუნებითი თვისებაა და თუ ბუნებითი თვისება ერთ ადამიანში შეიმუსვრება, უკლებლივ ყველა ადამიანში იგივე თვისება უკვე შემუსრვილია. ამიტომ არჩევანი ადამიანის წინაშეა და არჩევანის უფლება ესაა ყველაზე უფრო საღვთო თვისება მასში და არასოდეს ეს ღვთისგან, კვლავ ავღნიშნავთ, არ იზღუდება იმ შემთხვევაში და იმ საკითხებში, რაც უშუალოდ ადამიანზეა დამოკიდებული. საკუთარი ცხონება, რა თქმა უნდა, ადამიანზეა დამოკიდებული და ამიტომ, თუმცა უფალმა გახსნა კარიბჭე ცხონებისა და ეს ვლინდება იმით, რომ უკვე ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ცხონების შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს არანაირად არ იზღუდება ჩვენი პიროვნული ნება, ჩვენი პიროვნული არჩევანის უფლება. თუკი ავირჩევთ და ვიღვაწებთ ვცხონდებით, თუ არ ავირჩევთ და არ შევალთ იმ კარიბჭეში, რა თქმა უნდა, არ ვცხონდებით, მაგრამ შესაძლებლობა ცხონებისა ყველა ადამიანს ექმნება უფლისგან და ესაა სწორედ საყოველთაოობა ცხონებისა მაცხოვრის განკაცების შემდეგ.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 299

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters