qwelly | literature | კნუტ ჰამსუნი კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი | კნუტ ჰამსუნი ლიტერატურა | ცნობილი ავტორი

კნუტ ჰამსუნი - კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი

ზღაპრულ მხარეში

I. აღმოსავლეთისკენ

      სექტემბერია, სანკტ-პეტერბურგში ვართ. სახელმწიფო სტიპენდიით კავკასიაში მივემგზავრები, მერე კი აღმოსავლეთისკენ, - სპარსეთი და თურქეთიც უნდა მოვინახულო. პეტერბურგში ჩამოვედით ფინეთიდან, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ.

      ქალაქი ცხრამეტ დატბორილ და ჭაობიან კუნძულზე პეტრე დიდმა ზუსტად ორასი წლის წინ გააშენა. ნევა თითქმის ყოველ წერტილში კვეთს მას, რის გამოც უცნაურად გამოიყურება, თითქოს ერთიანად დაუნაკუწებიათო. უცნაურია ქალაქის ხუროთმოძღვრული სახეც: მდიდრული დასავლეთევროპული შენობები, ბიზანტიური სტილის გუმბათიანი ნაგებობები და კერძო საკუთრებაში მყოფი შთამბეჭდავი სახლები თვალისმომჭრელად ელვარებს. მუზეუმები და სახელოვნებო გალერეები შესაფერის ადგილებშია გაშენებული, ხოლო ჯიხურები, ფარდულები, დახლები და ქოხმახები სრულიად მოულოდნელ ალაგას შეგხვდებათ. ამბობენ, თითქოს ქალაქი უფრო მშრალ ნიადაგზე უნდა გადაიტანონო, თუმცა ასეთივე წარმატებით მთელი რუსეთის ადგილმდებარეობის შეცვლაზეც შეიძლება ფიქრი. არადა, არის ამ ქალაქში ისეთი ნაგებობები, რომელთაც ადგილს ნამდვილად ვერ შეუცვლი, ესენია: ზამთრის სასახლე, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ერმიტაჟი, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ისააკის ტაძარი. თუმცა სანკტ-პეტერბურგი მაინც იცვლის სახეს ისევე, როგორც მთელი რუსეთი: ის ფართოვდება, უფრო დიდი და დიდი ხდება.

      ჩვენი ყოფნა აქ დიდხანს არ გაგრძელებულა. ნესტიანი და ცივი ამინდი დაგვემთხვა, მხოლოდ ათი გრადუსი სითბო იყო, ბაღებსა და პარკებს ფოთოლცვენის სეზონი დასტყობოდა. ახლა, ჩემს სიცოცხლეში პირველად, პასპორტი უნდა ავიღო და ჩვენს გაერთიანებულ სამეფოთა წარმომადგენლობაში მივდივარ. უდროო დროს მივედი. წარმომადგენლობა დაკეტილი დამხვდა. შენობასთან მომხიბვლელი ახალგაზრდა ბატონი დგას და წერილს კითხულობს. მის ოქროსბუნიკიან ხელჯოხს სამეფო გვირგვინი ამშვენებს. რუსი არ უნდა იყოს. ქუდს ვიხდი და ნორვეგიულად მივმართავ, ის შვედურად მპასუხობს და წარმომადგენლობის სამუშაო საათებს მაცნობს.

      დათქმულ დროს ისევ მივედი და ისევ შევხვდი ახალგაზრდა ბატონს, რომელიც კაპიტანი ბერლინგი აღმოჩნდა - პეტერბურგში ის სამხედრო ატაშე ყოფილა, მისი სახელი მოგვიანებით ხშირად გაიჟღერებს გაზეთებში პოლკოვნიკ ბიორნსტორნას საქმესთან დაკავშირებით.

      იმის გამო, რომ მე წინასწარ არ ვიზრუნე ჩემი პასპორტის საქმის მოწესრიგებაზე, წარმომადგენლობას დიდი ხლაფორთი შეხვდა, თუმცა ბარონმა ფალკენბერგმა მიხსნა. მან არაჩვეულებრივად დიდი ზომის პასპორტი გამომიწერა, რომელსაც სამეფო გვირგვინის ტვიფრი ამშვენებს და ყარყუმის ბეწვის შალითაშია ჩასმული. მას შემდეგაა, რომ გარს ვუვლი აზიური ქვეყნების წარმომადგენლობებს და ამ საბუთზე თანდართულ საუცხოო საფოსტო მარკებს, ემბლემებსა და ბეჭდებს ვაგროვებ. მაშინ კი ბარონის დახმარების გარეშე, თანაც იმავე დღეს, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი გამგზავრება, ამიტომ მე მას დიდად ვემადლიერები გაწეული სამსახურისთვის.

      რა პატარაა სამყარო! მოულოდნელად ერთ ძველ ნაცნობს ვხვდები სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში ხეტიალისას.

      საღამოს ნიკოლოზის სახელობის რკინიგზის სადგურზე დროულად მივედით. აქ პირველად ვნახე წმინდანების გამოსახულებების წინ მოელვარე ნათურები. როცა ვაგონებში კარები იღება, გარედან ლოკომოტივისა და ბორბლების ხმაური შემოდის, და ამ ხმაურში, დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ასხივებს ხატების წინ ანთებული მარადიული შუქი. მიწიდან ორი საფეხურის შემაღლებაზე ეს ლამპიონები პატარა საკურთხევლებს გვანან. დგანან და თავისთვის წყნარად და შეუმჩნევლად იწვიან.

      გავლა-გამოვლისას რუსები პირჯვარს იწერენ ხატების წინ. პირჯვარს გადაისახავენ, თავს დახრიან, დაიჩოქებენ და კიდევ ერთხელ გადაიწერენ: თან ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად და მარჯვედ აკეთებენ. მსმენია, რომ რუსები ისე არსად გაემგზავრებიან, ეს პატარა რიტუალი რომ არ შეასრულონ; დედებს ხელის კვრით მიჰყავთ შვილები წმინდანებთან, ხოლო ორდენებით გადაპრანჭული მოხუცი ოფიცრები ქუდს იხდიან და დაჩოქილნი მრავალჯერადი პირჯვრისწერით მგზავრობაში შეწევნას შესთხოვენ ხატებს.

      გარეთ კი გუგუნებს ლოკომოტივი, ხმაურობენ ბორბლები, - ასეთია აღმუვლებული ამერიკა.

      ვაგონებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები შემოდიან. წითელზოლიანი თეთრი ქუდები ახურავთ. ეს ხალხი რუსეთის ყველა კუთხიდან ჩამოსული დიდგვაროვნები არიან - ხალხი, რომელთაც პეტერბურგში ყოფნის დროს საჯინიბოში ოთხი ცხენი ჰყავთ და უთვალავი მსახური - სახლში. ამგვარად იხდიან ისინი სამხედრო ვალდებულებას და გაურბიან გახრწნილ ოფიცრებში გათქვეფას. მატარებელში ერთი ახალგაზრდა გვარდიელი შემოდის, თან სამი ერთნაირად ჩაცმული მსახური ახლავს, რომლებსაც სადგურზე ბარგის მოტანა ევალებათ. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ეტყობა, რომ თავისი ბატონის სამსახურში დაბერებულა, ახალგაზრდა კაცს თავისი გადამეტებული მზრუნველობით აწუხებს და საალერსო სახელით მიმართავს. ისიც უპასუხოდ არ ტოვებს, მოთმინებით უღიმის მოხუცს, თან უფრთხილდება და ყოველგვარი წვრილმანის მოსაგვარებლად დანარჩენ ორს აგზავნის. საბოლოოდ, ახალგაზრდა ბატონი მხოლოდ ერთ მსახურს იახლებს მგზავრობაში.

      თვალში გვხვდება ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელსაც მარცხენა ხელზე უამრავი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია - თითო თითზე სამი-ოთხი ცალი. ბეჭდებში ჩაფლული ხელის მტევანი აღარც კი უჩანს და ერთობ უცნაური სანახავია. აშკარად წარჩინებული პერსონაა. ის გულთბილად დაემშვიდობა ორ უფროს ქალბატონს, რომელთა ეკიპაჟიც სადგურში იცდიდა. ჩვენი მატარებელი გასვლას აპირებს. ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი მგზავრობას ორ მსახურთან ერთად აგრძელებს.

      ამგვარად, მშვიდობიანად ვტოვებთ სანკტ-პეტერბურგის სადგურს. ჩემმა ცოლმა ყველაფერი წამოიღო, თავისი პალტოს გარდა არაფერი დავიწყნია.

      ჩვენი კომპანია საუკეთესო და ყველაზე სასიამოვნო თანამგზავრებისგან შედგება. ესენი არიან ფინელი ინჟინერი, რომელიც ბაქოში ნობელის ფირმაშია დაკავებული და რუსეთში მრავალი წელი აქვს გატარებული, და მისი მეუღლე - ბაქოელი ქალბატონი, რომლის მშობლიური ენაც რუსულია. მათ თან ახლავთ პატარა ქალიშვილი. მატარებელში მხოლოდ საძილე კუპეებია. მგზავრები კი - უამრავი. ჩემი თანამგზავრები ვაგონში მიმოიფანტნენ, მე თვითონ კი ვიწრო კუპეში ვიჭედები სამ სხვა მამაკაცთან ერთად, რომელთა შორის ერთი - გერმანელი ვაჟბატონი - გვარიანად ნასვამია. მატარებელში კორიდორია, მაგრამ გასასვლელი იმდენად ვიწროა, რომ ორი კაცი გაჭირვებით თუ აუქცევს გვერდს ერთმანეთს.

      დიდი რუსეთი გვიხმობს თავისკენ.

      საუბედუროდ, ღამით გამომეღვიძა და ძილი ვეღარ შევიბრუნე, მთვრალის ხვრინვა არ მაძინებდა. წამოვდექი და გერმანელის გასაგონად ჩავახველე, ის კი მხოლოდ ზლაზვნით გადატრიალდა და ისე, რომ თვალიც არ გაუხელია, ხვრინვა გააგრძელა. ავდექი, ზედმეტად ახლოს მივედი და გაღვიძება დავუპირე, მაგრამ ხვრინვა მოულოდნელად შეწყვიტა და მეც საწოლს დავუბრუნდი. მალე ხვრინვის ხმა ისევ შემომესმა.

      ვიწექი და მეღვიძა ძალიან დიდხანს. არ ვიცი, ეს მდგომარეობა ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა, რადგან ბალიშის ქვემოდან საათის გამოღება დამეზარა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამეძინა.

      ისევ გამომეღვიძა. მატარებელი გაჩერებულა. გარეთ აღარ ბნელა. კუპეში ჩამოწოლილი მძიმე ჰაერისაგან სული შემეხუთა და ფანჯარა რამდენიმე გოჯით დავწიე. გარედან საოცარი ბგერები მესმის და ამ ხმასთან ერთად სხეულში ბედნიერების ნაზი შეგრძნება მეღვრება. ჩავიცვი და გარეთ გავედი. ასე ტკბილად თურმე შოშია ჟღურტულებდა. არ მესმის, წელიწადის ამ დროს აქ შოშიებს რა უნდა?! ნუთუ აქ მოხვედრილებმა სამხრეთისკენ წასვლა გადაიფიქრეს? ანდა შეიძლება ესენი რუსეთში ბუდობენ და ჯერ თბილი ქვეყნებისაკენ არ გაფრენილან?

      ჟინჟღლავს, მაგრამ თბილი და სასიამოვნო ამინდია. მატარებელი მიდის. ხალხი იღვიძებს გლეხურ სახლებში, რომლებსაც ჩვენ ჩავუარეთ. ვხედავ კაცს, რომელიც პერანგისამარა დგას თავისი სახლის ზღურბლზე – ზუსტად ასე იციან ჩვენშიც. შვიდ საათზე ყავის დასალევად ერთ სადგურში ჩავედი. ხალათსა და თეთრ ყელსახვევში გამოწყობილი ბამბისხელთათმანებიანი მიმტანი მემსახურება. მე მასწავლეს, რომ უნდა ვიკითხო: - რამდენი მოგართვათ? მაგრამ პასუხს ვერ ვგებულობ. მიუხედავად ამისა, ისე ვიქცევი, ვითომც არაფერი, და ვუწვდი მონეტას, რომელიც წესით, თავზე უნდა გადაუვიდეს. უკანდაბრუნებულ ხურდას გულმოდგინედ ვითვლი, თუმცა რუსული ფულისა ბევრი არაფერი გამეგება. ლანგარზე მაინც ვტოვებ ოც კაპიკს მსახურისათვის, რადგან ვხედავ, რომ სხვები ასე იქცევიან. მატარებელში ავდივარ და ჩემთვის ვფიქრობ: - როგორ არა, ნამდვილად შენნაირებმა უნდა იმოგზაურონ რუსეთში. ახლა ვინმე ჩემებურს რომ შევხვდე და ყავის დალევა მოინდომოს, აუცილებლად დავმოძღვრავ, როგორ უნდა გაართვას თავი ამ საქმეს. ვასწავლი, რომ უნდა იკითხოს - „რამდენი მოგართვათ?“ და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ კარგი სამსახურიც გავუწიე.

      ერთხელ ასეთი სამსახური მეც გამიწია პარიზში ბრედე კრისტენსენმა. ის ფრანგულს მასწავლიდა და მეუბნებოდა, თუ ფრანგული გეცოდინება, მერე იტალიურსა და ესპანურსაც ადვილად ისწავლიო. მეც ვიფიქრე, ბოლო-ბოლო სამი შესანიშნავი ენის ცოდნა შემრჩება-მეთქი. იქიდან პორტუგალიურამდე კი სულ ცოტაღა დაგრჩებაო, - მარწმუნებდა. მოკლედ, ბოლოს ლამის კოპტურის შესწავლაც კი შემომთავაზა, მაგრამ მე ფრანგული ვერ ვისწავლე და, შესაბამისად, ყველა დანარჩენი ენის შესწავლის პერსპექტივაც დავკარგე. და მიუხედავად იმისა, რომ ბრედე კრისტენსენს ცხოვრებაში იმის ნახევარი სირთულეებიც არ შეხვედრია, რაც მე, ახლა ის ლეიდენში ეგვიპტოლოგიის პროფესორია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დახმარების გარეშე, რუსეთში ისიც უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

      ჩემი თანამგზავრი საწოლიდან ჯერ არ ამდგარა, ჩვენ კი ამასობაში გადავიარეთ თვალუწვდენელი მიწები, გადავსერეთ ბუჩქნარი და ჭვავის ყანები. დაბლობებს შერეული ფოთლოვანი ტყეები მოჰყვება, არყის ხე და მურყანიც ისევე მრავლადაა, როგორც ჩვენში და ჩიტების ჭიკჭიკიც ისმის. ქვის კარიერში კაცები და ქალები მუშაობენ ნიჩბებითა და წერაქვებით. სლავები ძალიან ჰგვანან გერმანული წარმოშობის ხალხებს, მათაც ჩვენსავით აცვიათ და ჩვენსავით მშრომელები არიან. კარიერში მომუშავე ადამიანებმა ერთი კი ამოხედეს ჩვენს მატარებელს თავისი ცისფერი თვალებით და თავჩაღუნულებმა გააგრძელეს საქმიანობა. დავინახეთ აგურის ქარხანა. აგურები მიწაზე ალაგია მზეზე გამოსაშრობად. მუშები აქაც თავდაუზოგავად შრომობენ, თუმცა არსად ჩანს მათრახიანი ზედამხედველი.

      ჩვენს ფერხთით ფართოდ გადაშლილი მოჩანს მთელი ქვეყანა. მარცხნივ ტყეა. ტყეში შემავალ ბილიკზე კაცი მიაბიჯებს. მის დანახვაზე რაღაც ძალიან მშობლიურსა ვგრძნობ. რამდენი ხანია სამშობლოდან წამოსული ვარ და ახლა ამ სურათს სიხარულით შევცქერი: ბილიკი ნახევრად გაუვალია და კაცს, რომელიც მიაბიჯებს, ზურგზე ტომარა აქვს წამოკიდებული. ნეტავ ასე ადრიანად საით მიეშურება? ცხადია, რაღაც საქმე აქვს ტყის მეორე მხარეს. დინჯად და შეუფერხებლად მიიწევს წინ და მალე თვალს მიეფარა კიდეც.

      ისევ ვრცელი დაბლობი გამოჩნდა, აქ საქონელი ბალახობს. მწყემსი გრძელ კომბალს დაყრდნობია და ჩვენსკენ იყურება, ცხვრის ტყავის ტყაპუჭი აცვია, თუმცა სულ ოდნავ ცრის. მოხუცი კაცია, პირდაპირ სახეში შევყურებ და ხელს ვუქნევ პლატფორმიდან, მაგრამ საპასუხო ნიშანი არ ჩანს. ალბათ, ისიც ისეთივე ბედნიერია, როგორც ჩვენ ყველანი: ცოტა საჭმელი უნდა, ცოტა ტანსაცმელი და საყვარელი წმინდანის ხატი. საარჩევნო ხმის უფლება კი, რომელიც კანონის ძალით აქვს მინიჭებული, ალბათ, სულაც არ სჭირდება. ღმერთმა იცის, დაამახსოვრდა თუ არა მგზავრი, რომელმაც ერთხელ მატარებლიდან ხელი დაუქნია და რომელიც ახლა ზის და მას იგონებს.

      სანკტ-პეტერბურგიდან თხუთმეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, გაიღვიძა ჩემმა თანამგზავრმა. ჩვენ უკვე მოსკოვში ვართ.

II. მოსკოვი

      მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ოთხზე ნამყოფი ვარ. ამ ხუთიდან თითოეული, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ არ შემომივლია, ხოლო ავსტრალიაში ფეხიც კი არ დამიდგამს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და რაღაც მინახავს, თუმცა ვაღიარებ, რომ მოსკოვის კრემლის მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია. მინახავს ლამაზი ქალაქები და, ჩემი აზრით, დიდებულია პრაღა და ბუდა-პეშტი, მაგრამ მოსკოვი გამორჩეულად ზღაპრულია. სხვათა შორის, გამიგია, რომ თვით რუსები თავიანთ დედაქალაქს „მასკვა“-ს ეძახიან, თუმცა ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დასახელებაა უფრო მართებული: „მასკვა“ თუ „მოსკვა“. სპასკის ჭიშკართან მეეტლე ადგილზე შემოტრიალდა, ქუდი მოიხადა და მიგვანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა მოვქცეულიყავით. ამ რიტუალს მეფე ალექსის ბრძანებით ჩაჰყრია საფუძველი. ქუდებს ვიხდით და ვხედავთ, რომ ჩვენსავით თავმოშიშვლებულია ყველა, ვინც ჭიშკართან მიდი-მოდის. მეეტლე გზას აგრძელებს და მალე კრემლში შევდივართ.

      მოსკოვში ორი ასეული და კიდევ ორმოცდაათი ეკლესია-სამლოცველოა და როცა ზარებს რეკავენ ამ სამრეკლოებზე, მილიონიანი ქალაქის თავზე ჰაერი უზარმაზარი ძალით ირხევა. კრემლიდან გრანდიოზული სივრცე ოკეანესავით მოჩანს. არ მეგონა ასეთი ქალაქი თუ არსებობდა სადმე დედამიწის ზურგზე. სადაც გაიხედავ, ყველგან მწვანე, წითელი, ოქროსფერი გუმბათები და ქონგურებია. ეს ოქროსფერი და ცისფერი აფერმკრთალებს ყველაფერს, რაც აქამდე ჩემს წარმოდგენებში არსებობდა. ალექსანდრეს ძეგლთან ვდგავართ, ზემოთ ვიყურებით და ვგრძნობ, რომ აქ ახლა არც დროა და არც განწყობა სხვა რამეზე ფიქრისთვის. სხვას ისედაც ვერაფერს ვხედავთ, რადგან თვალები ცრემლისგან გვენისლება.

      ჩვენგან მარჯვნივ, არსენალის წინ, „ცარ-პუშკა“ დგას - „თოფ-იარაღის მეფე“. ეს ზარბაზანი ლოკომოტივის მომრგვალო სხეულს მაგონებს. უბრალოდ, ეს იმაზე წარმოუდგენლად დიდია. ლულა ზუსტად ერთი მეტრის სიმსხო აქვს, ხოლო ყუმბარები ორ-ორ ათას კილოს იწონის. წამიკითხავს, რომ ის ოდესღაც დიდ ხმარებაში ყოფილა, მაგრამ ჩემთვის უცნობია მისი ნამდვილი ისტორია. ზარბაზანზე ამოტვიფრულია მისი ჩამოსხმის თარიღი - 1586 წელი. მოსკოველები ხშირად იბრძოდნენ და ხშირად უხდებოდათ მშობლიური ქალაქის სიწმინდის დაცვა. სხვაგან, უზარმაზარ საათთან ახლოს, რომელიც პირდაპირ მიწაზეა აღმართული, ასობით ნაალაფარი იარაღია დახვავებული. ის უზარმაზარი საათი კი, რომელსაც რუსულად „ცარ-კოლოკოლი“ ჰქვია, რვა მეტრის სიმაღლისაა და შიგ ოცი ადამიანი ეტევა. კრემლში, შემაღლებულ ადგილას, უსპენსკის კათედრალია წამომართული. ის არც ისე დიდია, მაგრამ მსოფლიოში არ მეგულება მასზე მდიდრულად შემკული ტაძარი. აქ იდგამდნენ გვირგვინს მეფეები. ყველგან ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები ბრჭყვიალებს; იატაკიდან გუმბათის თაღებამდე ტაძარი ორნამენტებითა და მოზაიკითაა შემკული; შიგნით უამრავი ხატი, ჯვარცმა, წმინდანთა და პატრიარქთა გამოსახულებები და ჩამუქებული ფრესკებია. ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე პატარა ნიშა მოჩანს, აქ ყოველი ახალი მეფე ტაძარს თავის სახელზე ძვირფას ქვას სწირავდა. ეს პატარა სათავსო ახლაც ელის ახალ-ახალ მონარქებსა და ძვირფას ქვებს. გარშემო კი ყველა კედელი ბრილიანტებით, სმარაგდებით, საფირონებითა და ლალის ქვებითაა მორთული.

      ეკლესიის მსახური ამ ტაძრის სხვა ღირშესანიშნაობებსაც გვაცნობს. მაშინ, როცა რიგითი მორწმუნე მოსკოველები ხატების წინ დგანან და ლოცვებს აღავლენენ, ის, არც ისე დაბალი ხმით, გვიყვება წმინდანთა ნაწილების შესახებ და გვაჩვენებს ქრისტეს კვართის ნაწილს, მინის თავსახურში დაცულ სამსჭვალს, რომელიც ქრისტეს ჯვრიდან ყოფილა წამოღებული, და საკეტიან ზარდახშაში მოთავსებულ ქალწული მარიამის კაბის ნაჭერს. ჩვენ სიამოვნებით გავეცით მოწყალება ეკლესიის მსახურსა და კართან მდგარ მათხოვრებზე და ტაძარი ზღაპრული დიდებულებით გაოგნებულებმა დავტოვეთ. სულაც არ მგონია, რომ ვაჭარბებ. შეიძლება ახლა კარგად აღარც მახსოვს ყველაფერი, რაც მაშინ ტაძარში ვნახე, რადგან არ შემეძლო ყველაფრის შემჩნევა და შეფასება, ისე ვიყავი შეძრული და დაბნეული იმ გაუგონარი სიმდიდრისა და ბრწყინვალებისგან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით მეტია სანახავი და მოსაყოლი. ელვარებდა ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭული, თუმცა ზოგან ისეთი მკრთალი შუქი იდგა, ალბათ ბევრი წვრილმანი შეუმჩნეველი დამრჩა. რაც მართალია, მართალია - ეს ტაძარი მოსკოვის ერთ-ერთი უძვირფასესი მარგალიტია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული მოკაზმულობა ყოველთვის მიმზიდველი არ არის. განსაკუთრებით ის მახსენდება, რომ უგემოვნო და შეუფერებელი მომეჩვენა მეფეთა მიერ შეწირული და კედლებზე გამოფენილი უზარმაზარი ქვები. მოგვიანებით, როცა ერთი სპარსის თავზე ერთადერთი ძვირფასი თვლით შემკული ქუდი დავინახე, მომეჩვენა, რომ ის უფრო ნატიფი და მშვენიერი იყო. ვნახეთ პუშკინის ძეგლი, მოვინახულეთ უამრავი ტაძარი, რამდენიმე სასახლე, სახელმწიფო ხაზინა, მუზეუმები, ტრეტიაკოვის გალერეა. ივან-ველიკის კოშკის ორი ასეული და კიდევ ორმოცდაათი საფეხური ავიარეთ და მოსკოვს გადავხედეთ. აი, აქედან შეიძლება ყველაზე ნათლად შეაფასო მოსკოვის სიდიადე და განუმეორებლობა.

      და მაინც, რა პატარაა სამყარო! შუა რუსეთში მოულოდნელად შევხვდი კაპიტან თავასთორნას ...

      ჩვენი გამგზავრების დრო გადაწყვეტილია. აზრი არა აქვს, მოსკოვში გასატარებელ კიდევ ერთ დღეზე ოცნებას, თუმცა აქ კიდევ უამრავი რამეა სანახავი ... ამის გამო თავის დროზე თვით მოლტკე ჩავარდნილა საგონებელში. ის წერს: მოსკოვი ისეთი ქალაქია, „შეიძლება კაცმა ფიქრში წარმოიდგინო, მაგრამ სინამდვილეში ვერასოდეს ნახავო“. ამას რომ ფიქრობდა, ის ნამდვილად ივან-ველიკის კოშკზე იდგა და „სინამდვილეს“ გადაჰყურებდა.

      სასტუმროს ჭიშკარში ვდგავარ და ვხედავ, რომ ჩემს მწვანე სერთუკზე ღილი აწყვეტილა და ძაფზე საწყალობლად კონწიალობს. ჩემი აზრით, ფრიად საჭირო ღილია და ვცდილობ თავის ადგილას დავამაგრო, თუმცა უშედეგოდ, უფრო გავაფუჭე საქმე. ღილის დასაკერებლად საჭირო მასალა ნამდვილად მქონდა თან წამოღებული, მაგრამ ვინ იცის, რომელ ჩემოდანში დევს. ასეა თუ ისე, სხვა გზა არა მაქვს, მკერავი უნდა მოვძებნო.

      უმისამართოდ დავეხეტები ქუჩებში. არ ვიცი, თერძს რუსულად რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ ფინურად raatali ეწოდება. ასე რომ, ფინეთში იოლას გავდიოდი მთელი წლის განმავლობაში. აქ რა უნდა ვქნა, არ ვიცი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი უაზროდ დავდიოდი და ფანჯრებში ვიჭვრიტებოდი, რომ დამენახა ვინმე, ვინც იჯდა და კერავდა. თუმცა არ გამიმართლა - ვერავინ დავინახე.

      ერთ ჭიშკართან დედაბერი იდგა. წინ ჩავუარე, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, თუმცა ის თვითონ გამომელაპარაკა და აწყვეტილ ღილზე მიმითითა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად: საქმეც ისაა, რომ ღილი მაქვს აწყვეტილი და გამწარებული ვეძებ-მეთქი მკერავს. ხელით ვანიშნე, რომ მკერავი მჭირდებოდა. მან კიდევ დამიქნია თავი, წინ წავიდა და ხელით რაღაც მანიშნა. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ ქალი ერთ ჭიშკართან შეჩერდა. აქ მან ზემოთ ამახედა, ერთ სახლზე მიმითითა და წასვლა დააპირა, თან ისევ თავს მიკრავდა, ამ ყველაფრით აშკარად კმაყოფილი. ვერცხლის მონეტა ამოვიღე და ქალს დავანახვე - მინდა, კიბეზე თან გავიყოლო. ის ამას ვერ მიხვდა, ან იქნებ სხვანაირად გაიგო, ყოველ შემთხვევაში, უარი მითხრა. გადავწყვიტე, წინ მე თვითონ წავიდე და ისიც როგორმე შევიტყუო. ნამდვილად ვიცი, რომ მისი დახმარების გარეშე ამ უზარმაზარ სახლში მკერავს ვერ ვიპოვი. ქალს ერთპენიანს ვუჩვენებ, ხელით ვანიშნებ, რომ წამომყვეს და თან კიბეზე ავდივარ. მაშინღა გაიცინა ქალმა უცნაური სიცილით და თავის ქნევით გამომყვა. ბებერი თახსირი!

      პირველივე კართან შევჩერდი, ჯერ სერთუკისკენ, მერე კარისკენ გავიშვირე ხელი და კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი. ახლაღა გაუბრწყინდა გონება და მიხვდა, რომ მკერავს ვეძებდი. სიცილი შეწყვიტა, აშკარად კმაყოფილი ჩანდა საქმის ასეთი შემობრუნებით. ამჯერად მან ითავა გაძღოლა და ზემოთ ამავალი კიბისკენ წავიდა. სწრაფად აიარა საფეხურები და დააკაკუნა კარზე, რომელსაც მუყაოს ქაღალდზე უცნაურასოებიანი წარწერა ჰქონდა. კაცმა გააღო. ქალმა ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ სახლის პატრონს გადააბარა ჩემი თავი. ამ დროს მე და ჩემი მშველელი კარს აქეთ ვიდექით, მკერავი კი - ნახევრად ღია კარში. როცა მან, ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რომ ჩემი ურყევი და სრულებით სერიოზული მიზანი იყო სერთუკზე ღილის მიკერება და ამის გაკეთება მე თვითონ არ შემეძლო, კარი ბოლომდე გააღო. ქალს დაპირებული ვერცხლის მონეტა მივეცი. მან ფულს დახედა, რევერანსი გამიკეთა და გენერალი, კნიაზი და პრინცი მიწოდა. კიდევ ერთხელ დამიკრა თავი და კიბეზე დაეშვა.

      მკერავის ოთახში მაგიდა, ორი სკამი და ტახტი დგას. კედლებზე ერთი ხატი და რამდენიმე რელიგიური შინაარსის სურათი კიდია. იატაკზე ორი ბავშვი თამაშობს. მკერავის ცოლი შინ არ არის, სახლში მხოლოდ მამა და შვილები არიან. ბავშვებს თმაზე ხელი გადავუსვი, მათ დაბინდული თვალებით ამომხედეს. სანამ კაცმა ღილი მიაკერა სერთუკს, მე და ბავშვებმა დამეგობრება მოვასწარით. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ და დამსხვრეული ფინჯანიც მაჩვენეს, რომელიც მათთვის სათამაშოს როლს ასრულებდა - მოწონების ნიშნად ტაში შემოვკარი და დავუდასტურე, რომ მშვენიერი სათამაშო ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვებმა გამომიტანეს, რაც რამე ჰქონდათ, და ერთად დავიწყეთ იატაკზე სახლის აშენება.

      კაცმა ღილის მიკერება რომ დაამთავრა, ვკითხე: რამდენი გნებავთ?

      მან რაღაც მიპასუხა, მაგრამ ვერ გავიგე.

      ეს მკერავებთან დაკავშირებული ის შემთხვევაა, რომელიც კარგად ნაცნობია ჩემთვის - ეკითხები ადამიანურად, რამდენი უნდათ ღილის დაკერებაში, ისინი კი გპასუხობენ: ისეთი არაფერია, რა უნდა ღირდესო, ან: თქვენთვის მომინდვია შეფასებაო. აბა, რა პასუხია?! პასუხი კი არა, ხრიკია. ჩემი შეხედულებისამებრ რომ გადავუხადო, ერთობ ძვირი დამიჯდება, რადგან ნებისმიერი ადამიანი გადაიხდის ზედმეტს, გრაფივით ღირსეულად რომ წარმოაჩინოს თავი. მოეთხოვა ამ პატიოსან ადამიანს პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად ოცდახუთი ერე და მიიღებდა; ჩემი გადასაწყვეტი რომ გახდეს, ორმოცდაათზე ნაკლების გადახდა მომერიდება. იდგა ახლა ის რუსი მკერავი მკერავთა ამ საყოველთაო ხრიკის მცოდნის იერით და მეუბნებოდა თითქოს რაღაც იმის მსგავსს, რომ მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, რამდენი გადავიხადო. როგორ უნდა მცოდნოდა, თითოეული წვრილმანის ფასი ამ უცხო ქვეყანაში? - ამაზე ის სულ არ ფიქრობდა.

      ჩემზე ვანიშნე და ვთქვი: ინასტრანეც, უცხოელი ვარ-მეთქი.

      მან გამიღიმა, თავი დამიქნია და რაღაც მიპასუხა.

      მე ჩემი ვუთხარი. მან კიდევ მითხრა რაღაც, მაგრამ სიტყვა „კაპიკი“ არ უხსენებია. ისევ გრაფობა უნდა მეტვირთა. სულ ცდილობ კაცი, იმოგზაურო როგორც უბრალო ბიურგერმა, მაგრამ არ გამოდის!

      ქუჩას დავუყევი და გადავწყვიტე, სასტუმრომდე კონკით მემგზავრა. ცოტა ხნის შემდეგ კონდუქტორი მოვიდა და რაღაც მითხრა. ვიფიქრე, ალბათ იმის გაგება უნდა, სადამდე მივყვები-მეთქი და ჩემი სასტუმრო დავუსახელე. მთელი კონკა ჩემკენ შემოტრიალდა და ყველა მგზავრი სათითაოდ რაღაცის ახსნას შეეცადა. კონდუქტორმა უკან გაიშვირა ხელი და მანიშნა, რომ ჩემი სასტუმრო საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. რა უნდა მექნა, ჩამოვედი.

      ქუჩაში ხეტიალისას შევნიშნე, რომ ერთ შენობაში უამრავი ხალხი შედიოდა და მეორე სართულზე მიიწევდა. რაღაც ისეთია, რაც ალბათ, ნახვად ღირს-მეთქი, ვიფიქრე და ხალხს გავყევი. კიბეზე ასვლისას ერთი კაცი გამომელაპარაკა. გავუღიმე, გავუცინე და ქუდიც მოვუხადე. მანაც გამიღიმა და გვერდით გამომყვა, მერე კარი გააღო და შემიპატიჟა.

      აქ თურმე რესტორანი ყოფილა. დიდი თავყრილობა ჩანს. ახალმა ნაცნობმა ჩემი წარდგინება გადაწყვიტა, გარშემო მდგომებს რაღაც უთხრა და მივხვდი, რომ კიბეზე ჩვენი შეხვედრის ამბავი მოჰყვა. მე ყველას მივესალმე და ჩემი უჩვეულო ზომის პასპორტი ამოვიღე. ვერავინ გაიგო, ეს რაში დამჭირდა. მე მათ ვაჩვენე, რომ ჩემი სახელი ამ პასპორტში ეწერა და მე ესა და ეს პიროვნება ვარ. ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ ტაში შემოკრეს და მიხვდნენ, რომ ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში იყო. მერე გამოჩნდა ერთი კაცი, რომელიც დახლთან მივიდა და მუსიკა შეუკვეთა. ორკესტრმაც მაშინვე დაიწყო დაკვრა. ეს ყველაფერი შენ პატივსაცემად ხდება, - ვუთხარი საკუთარ თავს, წამოვდექი და გარშემო ყველას სათითაოდ დავუკარი თავი. რაღაც მანქანებით, მხიარულ ხასიათზე დავდექი, ღვინო მოვითხოვე და დასალევად მზადმყოფი უამრავი ადამიანი შემოვიკრიბე. ოჰოჰო, დარბაზში ხმა დაირხა, რომ მოსკოვის სტუმარი ვარ; მოიყვანეს კაცი, რომელმაც ფრანგული იცოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ რუსულადაც მშვენივრად მიდიოდა საქმე; დიდი მოფრანგულე არც მე ვარ და ამიტომ სათარჯიმნოდ მოყვანილი კაცი არ დამჭირდა. მას მადლობა გადავუხადე და გვერდით მოვისვი.

      ჭრელი საზოგადოებაა და, შესაბამისად, ჩაცმულობაც სხვადასხვაგვარია. ზოგს უბრალო, ყოველდღიური ტანისამოსი აცვია, ზოგი საზეიმოდაა გამოწყობილი. დახლში ერთი ხნიერი ქალი და ერთიც ახალგაზრდა გოგო დგანან. ვიღაც ბატონმა შემთხვევით ისარგებლა და ახალგაზრდას რაღაც ჩასჩურჩულა. მივხვდი, რომ გოგონასთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამგვარ რამეს ეუბნებოდნენ. ის ერთხანს გაშტერებული იდგა და ვერ გაეგო, მისგან რა უნდოდათ, მერე კი სიწითლე შეეპარა. ნეტავი მას, ვინც სიცოცხლეში პირველად წითლდება! არაფერი შეედრება ამ პირველ გაწითლებას. მოგვიანებით, ცხოვრებაში ადამიანები მხოლოდ სირცხვილისგან წითლდებიან!

      დაბლა რომ ჩავედი, ორმა ოფიციანტმა ჩამოირბინა კიბეზე. კარი გამიღეს და „თქვენო უდიდებულესობას“ ძახილით გამაცილეს.

      ისევ ქუჩაში მივაბიჯებ, მაგრამ არ ვიცი, სად ვარ და არც ის ვიცი, ჩემს სასტუმრომდე რომელი გზა მიდის. შეუდარებელი გრძნობაა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია. კანონიერი უფლება მქონდა, გზა დამკარგვოდა ამ ქალაქში და მეც ვისარგებლე ამ უფლებით. კიდევ ერთი რესტორანი დავინახე, გადავწყვიტე, შევსულიყავი და რამე მეჭამა, - იმას ვაკეთებ, რაც მინდა. შიგნით ერთობ მდიდრული გარემოა და, გარდა ამისა, რადგან ჩემკენ წამოსული ფრაკიანი ოფიციანტიც ქერათმიანი ჩანს, ვფიქრობ, უკეთესია, სხვა ადგილი მოვძებნო. უკან დავბრუნდი და პირველად რომ თვალში მომხვდა, ისევ იმ რესტორანს მივაშურე. ადგილი მოვძებნე და მაგიდას მივუჯექი. ესეც დიდი რესტორანია, მაგრამ მასში არაფერია ევროპული. არც ხალხია წეღანდელივით უზადოდ ჩაცმულ-დახურული. ოფიციანტებსაც უბრალო პერანგები აცვიათ. დარბაზის სიღრმეში ხეხილის ბაღი მოსჩანს.

      კმაყოფილი ვარ და თავისუფალი, თითქოს დავიმალე და ვერავინ მიპოვის. სულაც არ მაღელვებს ის ამბავი, რომ სახლში კარგა ხნის წინ უნდა ვყოფილიყავი. ვისწავლე სიტყვა „შჩის“ წარმოთქმა, რაც ბევრს არ გამოსდის, მაგრამ მე კარგად დავისწავლე. ისიც შემიძლია, ეს სიტყვა გერმანული „ch“-ს გარეშე დავწერო. შჩი ხორცეულის წვნიანია, მაგრამ არა უბრალო, უგემური ხორცის წვნიანი, რომელიც დიდი ვერაფერიშვილი საჭმელია, არამედ შესანიშნავი რუსული კერძი, სხვადასხვა სახის ხორცეულით სავსე და კვერცხით, ნაღებითა და მწვანილით შეზავებული. შჩი შევუკვეთე და მომიტანეს. ოფიციანტი ცდილობს, მასიამოვნოს და სხვა კერძებსაც მთავაზობს. ამ ყველაფერს, ჩემის მხრივ, ხიზილალა დავუმატე, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეეწყობა შჩის. შევუკვეთე ასევე ლუდიც, რუსულად „პივა“.

      უეცრად გრძელთმიანი მღვდელი გამოჩნდა ღია კარში, პირჯვარი გადაისახა და პური გვიკურთხა; მერე კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გავიდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადგილი აღმოვაჩინე. შორიახლოს ხნიერი ხალხი ზის, თან მიირთმევენ და თან ლაპარაკობენ. სახეზე არც ისეთი უშნო და გაცვეთილები ჩანან, როგორც, ჩვეულებრივ, მოხუცებულები არიან ხოლმე. პირიქით, სახენათელი და ჯან-ღონით სავსენი არიან, თან ყველას სქელი თმა აქვს. აი, სლავები! ვფიქრობ მე და ვუყურებ მათ. მომავლის ხალხია, გერმანული ძირის მქონე ერების შემდეგ ყველაზე ძლიერი. ასეთ ხალხში მართლაც შეუძლებელია ლიტერატურა ყოვლისმომცველი, უსაზღვროდ ამაღლებული და კეთილშობილური არ ყოფილიყო. რვა დიდი რუსი მწერალი - რვა უშრეტი პოეტური წყაროა. ჩვენ, დანარჩენებს, ვინ იცის, რა დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ მათ გავუგოთ, ჩავწვდეთ და ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ. ისეთი ლიტერატურის შექმნას კი, რომლის მიზანიც, თეატრისა არ იყოს, ხალხის გართობაა, რუსები სხვებს უთმობენ.

      ხალხი შემოდის და გადის. გამოჩნდნენ გერმანელები, რომლებიც გვერდით მაგიდას შემოუსხდნენ და დაიწყო გერმანული ხმამაღალი ლუდის სმა, აღფრთოვანებული შეძახილებითა და გინებით შეზავებული. მათთვის მოტანილ საჭმელსა და სასმელზე ვატყობ, პატივს სცემენ სუფრასთან დიდხანს ჯდომას. ოფიციანტი ვიხმე, რომ ჩემი მაგიდა დარბაზის სიღრმეში, ბაღსა და ხეებთან ახლოს გადავატანინო, მაგრამ ოფიციანტი ვერ ხვდება, რა მინდა. მაშინ ერთ-ერთი გერმანელი ერთობ თავაზიანად მეკითხება, თუ რა მინდა და მეც იძულებული ვარ, მისი დახმარებით ვისარგებლო. მაგიდა მართლაც გადამიტანეს, მაგრამ დამავიწყდა, გერმანელისთვის მადლობა გადამეხადა, ამიტომ ახლა მთელი დარბაზი უნდა გადავჭრა, რომ მასთან მივიდე და შეცდომა გამოვასწორო.

      ოფიციანტს ახლა ხორცი მოაქვს ჩემთვის. იმ მსუყე შჩის შემდეგ შეუძლებელია კიდევ რამე შეჭამო კაცმა, მაგრამ ოფიციანტი მართალია, როცა ფიქრობს, რომ ადამიანმა ბევრი უნდა ჭამოს, მალე რომ არ მოშივდეს და დიდხანს გაძლოს საკვების გარეშე. აი, ჯანმრთელი ხალხის მიდგომა საკითხისადმი. ყავის დალევა და მოწევა მინდა, ხელის ერთი დაქნევა კმარა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მომიტანონ ყავაც და სიგარეტიც.

      ერთ-ერთ მაგიდას ოჯახი უზის. როგორც ჩანს, მამა, დედა, ორი ვაჟი და ქალიშვილი არიან. ახალგაზრდა გოგონას მუქი, დაბინდული მზერა აქვს, მის თვალებში მთელი სამყაროს სიღრმე მოსჩანს, გრძელთითებიანი დიდი ხელები აქვს. ვზივარ და ვუყურებ. ვცდილობ, გოგონას აღსაწერად ისეთი სიტყვა მოვძებნო, რომელიც მთელ მის გარეგნობასა და არსებას დაიტევს: ალბათ, ესაა „სინაზე“. როცა ის წყნარად ზის, ან როცა გვერდზეა გადახრილი, ანდა რაიმეს უყურებს, ერთიანად სინაზის განსახიერებაა. ისეთი ღრმა და ლამაზი მზერა აქვს, როგორც ფაშატს, რომელიც თავის კვიცს უყურებს. წაკითხული მაქვს, რომ სლავებს ამომჯდარი ყვრიმალები აქვთ. ესენიც სწორედ ასეთები არიან და დიდი ყვრიმალების გამო ემსგავსებიან ცხენებს. საინტერესო იყო მათი ყურება, თუმცა ოჯახის თავმა მალევე გადაიხადა დანახარჯი და ყველანი წავიდნენ.

      დარბაზის სიღრმეში ვზივარ. მაგიდა სავსეა ათასგვარი ხორაგით, ოფიციანტს კი არაფერი მიაქვს უკან. შესანიშნავი წესია, რადგან, ვთქვათ, ბოლოს ისევ ხორცის გადაღება რომ მომინდეს, სულაც არ იქნება ეს უხერხული. მართლაცდა, ვინ მოიგონა, რომ ყავის დალევა და თუთუნის გაბოლება მხოლოდ სადილის შემდეგ შეიძლება? ჩემ წინ დალაგებული საჭმელი მუშტრის თვალით შევაფასე. ამ მაგიდასთან სრული უფლება მაქვს, ჩემთვის სასურველი გადაწყვეტილება მივიღო. დაუყოვნებლივ გადავიღე საუკეთესო ხორცის ნაჭერი. ვზივარ და თავი სახლში მგონია. უკეთ რომ ვთქვა, სახლიდან შორს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ეს შესანიშნავი რესტორანია. ყველაზე კარგი ისაა, რომ შემიძლია ავდგე, მივიდე ხატებთან, ვილოცო და პირჯვარი გადავიწერო ისევე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. ოფიციანტები და რესტორნის სტუმრები ჩემს საქციელს ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ არც მე მაქვს უხერხულობის შეგრძნება. ერთადერთ გრძნობას ვემორჩილები და ესაა სიხარული იმის გამო, რომ მოვხვდი ამ დიდ ქვეყანაში, რომელზეც უამრავი რამ მაქვს წაკითხული. ეს სიხარული ჩემს შინაგან მღელვარებაში ვლინდება და არც ვაპირებ თავის მოთოკვას. ღიღინს ვიწყებ, მაგრამ ამას ვაკეთებ არა ვინმეს ყურადღების მიზიდვის მიზნით, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. შევნიშნე, რომ კარაქს, რომელიც მომართვეს, თითის ანაბეჭდები ატყვია. აშკარაა, ვიღაცამ შეახო ხელი. მერე რა, რომ შეახო? - დავფიქრდი უცებ. კავკასიაში ამაზე უარესებიც ხდება, კარაქი კი ერთობ მგრძნობიარე და ნაზი პროდუქტია. ვერ მოვითმინე, კარაქს რამდენჯერმე ვატაკე ჩანგალი და ნათითურების კვალი წავშალე. მერე შორიდან შევხედე ჩემ თავს და ვიფიქრე, ამ მდგომარეობაში რომ დავენახე ვინმეს, ჩემი საქციელი ფსიქოლოგიურად არამოტივირებული მოეჩვენებოდა, ამიტომ, თავი შევიკავე და ჩემს უნებურ სურვილებს გასაქანი აღარ მივეცი.

      გაცილებით დიდხანს ვიჯდებოდი რესტორანში, გერმანელს რომ არ გავეგდე. ის ბაღისკენ დაიძრა და გვერდით რომ ჩამიარა, გამომელაპარაკა და, საჭიროების შემთხვევაში, ისევ შემომთავაზა დახმარება. ზედმეტად თავაზიანად მექცეოდა და მეც ვუხადე და ვუხადე მადლობები. მერე უცებ ხელი შემომკრა და მიწაზე გამაგორა. წავიდა თუ არა, დანახარჯი გადავიხადე და გამწარებულმა წარმოვთქვი სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ ფინეთში მქონდა ნასწავლი: „იზვოზჩიკ“! და ოფიციანტმა სასწრაფოდ მომიყვანა მეეტლე.

      მეეტლეს მიმართულება მივეცი: „ვაგზალი“-მეთქი, მაგრამ ვინაიდან მოსკოვში ხუთი რკინიგზის სადგურია, მან მკითხა: რომელიო. თავს ისე ვაჩვენებ, ვითომ ვფიქრობ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ფიქრი დიდხანს გაგრძელდა, რადგან მეეტლემ სადგურების ჩამოთვლა დაიწყო და როცა რიაზანის ვაგზალი ახსენა, შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ სწორედ ის მინდოდა. მეეტლემ სადგურისაკენ გასწია. გზად შემხვედრ ყველა ეკლესიასთან და ყველა ჭიშკართან, რომელზეც ხატი იყო გამოსახული, მონდომებით იწერდა პირჯვარს.

      დარწმუნებული არ ვიყავი, ნამდვილად ეს სადგური მინდოდა თუ არა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სწორად მივაგენი. სადგურიდან კი უკვე იოლად გავიკვლიე გზა სასტუმრომდე.

III. ვორონეჟი - როსტოვი - არმავირი

      იმ დღეს უკვე გვიანი იყო წასვლა და მეორე დღეს გავემგზავრეთ. ნეტავ, კიდევ ერთხელ მანახვა მოსკოვი!

      სადგურზე, ჩვენდა გასაოცრად, კვლავ შევხვდით ბრილიანტისბეჭდებიან ბანოვანს, ისიც ჩვენი მატარებლით მოდიოდა. ეს მოულოდნელი შეხვედრა თავის გაგრძელებას და ერთგვარ ახსნას პოვებს მოგვიანებით, დონელი კაზაკების ქვეყანაში. ის ახალგაზრდა გვარდიელიც აქაა, ბრილიანტისბეჭდებიანთან ერთად. ისინი ლაპარაკობენ და ანთებული თვალებით უყურებენ ერთმანეთს. გვარდიელს მკერდზე წმ. გიორგის ჯვარი უკეთია. მე მისი ოქროს პორტსიგარიც მომხვდა თვალში, რომელზეც გერბი და გვირგვინია ამოტვიფრული. ვერ გავიგე, როგორ გახდა ეს ორი ადამიანი განუყრელი წყვილი. მათ უკვე უპოვიათ თავიანთთვის პატარა კუპე, რომელშიც უცხო პირს შესვლა ეკრძალება. ალბათ ისინი ახალდაქორწინებულები არიან და დროის გასატარებლად გაჩერდნენ მოსკოვში. ჩემი აზრით, სანკტ-პეტერბურგში ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ერთმანეთს. მახსოვს, მაშინ მათი მსახურები ცალ-ცალკე მოვიდნენ სადგურში. გავიარეთ საზაფხულო აგარაკების მოსკოვური დასახლება. უამრავი სახლია, თანამედროვე შვეიცარიულ სტილში აგებული, თუმცა ჩემთვის მათი დანახვა სიახლეს არ წარმოადგენს. სამი საათის შემდეგ მოსკოვიდან გავედით და ჭვავისა და ხორბლის თვალუწვდენელი ყანები დაიწყო - დაიწყო რუსეთის ბარაქიანი მიწები.

      საშემოდგომო ხვნა დაწყებულია. აქ მწკრივებად იხვნება მიწა, ორი-სამი ცხენი ერთმანეთს მისდევს პატარა გუთნებით, უკან კი ფოცხიანი ცხენი მიჰყვებათ. მახსოვს, როგორ ვხნავდით მიწას ამერიკაში წითელი მდინარისპირა უზარმაზარ პრერიებში: ათი გუთანი მუშაობდა დღეებისა და კვირების განმავლობაში. ჩვენ გუთანზე ვისხედით, როგორც სკამზე, ქვეშ ბორბალი მოძრაობდა, ვმღეროდით და ცხენებს მივერეკებოდით.

      მშრომელები მთელ მინდორში არიან მიმოფანტული - ქალები თუ კაცები თავაუღებლად მუშაობენ მიწაზე. ქალებს წითელი ბლუზები აცვით, კაცებს კი თეთრი და ნაცრისფერი შინნაქსოვი უსახელოები, ზოგს ცხვრის ტყავი წამოუსხამს. გზად სოფლები გვხვდება, სადაც ჩალით გადახურული ქოხები დგას.

      მთელი მგზავრობის მანძილზე ინჟინერი დაუზარებლად აღნიშნავდა, რომ კუპეში მხოლოდ ჩვენ - მე და ჩემი მეუღლე, ვიყავით ისეთები, კავკასიაში რომ მივდივართ და რუსული არ ვიცით. თავად ინჟინერმა დერბენტი უნდა გაიაროს და კასპიის ზღვით ბაქოში ჩავიდეს. ჩვენ კი მთების გადავლით თბილისში უნდა მოვხვდეთ. როცა კონდუქტორი ბილეთებს გვიმოწმებს, ახლოს მდგარ ერთ ოფიცერს ესმის ჩვენი ნათქვამი, რომ ვლადიკავკაზში მივდივართ. ის მიდის და მოჰყავს მეორე ოფიცერი, რომელიც მთაში დახმარებას გვთავაზობს. ჩვენ და ამ ოფიცერს ერთი გზა გვაქვს, მაგრამ კავკასიამდე ის ჯერ პიატიგორსკში უნდა ჩავიდეს, გოგირდოვანი წყლებით, აბანოებითა და High Life-ით განთქმულ ქალაქში, სადაც ერთი კვირა გაჩერდება, ჩვენ კი ამასობაში ვლადიკავკაზში დაველოდებით. ოფიცერს მადლობა გადავუხადე. მსუქანი, ჩემზე ოდნავ უფროსი, უაღრესად დახვეწილი მანერების კაცია; ხმამაღლა და რიხიანად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე, თუმცა შეცდომებით; უსიამოვნო, ებრაული სახე აქვს.

      ინჟინერი, რომელმაც ამ ქვეყნისა ყველაფერი იცის და ყველაფერი გაეგება, გვთავაზობს, რამდენიმე რუბლით მოვქრთამოთ კონდუქტორი, რომ ცალ-ცალკე კუპეებში შეგვიშვას. მართლაც ასე გავაკეთეთ და იზოლირებულ კუპეებში დავნაწილდით. ცოტა ხნის შემდეგ ინჟინერი ჩაფიქრებული მოდის და გვეუბნება, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ მოვქრთამოთ კონდუქტორი, რათა მან ჩვენი ბილეთები წაიღოს, რომ კონდუქტორების ყოველი შეცვლისას ღამე არ გაგვაღვიძონ. ჩვენ კვლავ გადავიხადეთ გარკვეული თანხა. ყველაფერი უცბად მოგვარდა. როგორი საჭირო და პრაქტიკული ყოფილა მოქრთამვის სისტემა! თავის ცვლაში სწრაფი ნაბიჯით ჩამოვლას რომ დაიწყებს, საკმარისია, კონდუქტორს სიტყვა ჩამოუგდო ცალკე კუპეზე, ის ჩამოვლას გააგრძელებს, მაგრამ მალევე გამოჩნდება და კუპეც მზადაა. თვითონ გადაგიტანს ბარგს, წინ გაგიძღვება ვიწრო გასასვლელში და პატარა დარბაზში გაგიყვანს, რომელიც ამიერიდან შენს განკარგულებაშია. აი, აქ უნდა ადგე და, ვითომც არაფერი, რამდენიმე რუბლი ჩაუცურო ხელში კონდუქტორს. შენ და შენნაირები მას შესცქერით, ის კიდევ – თქვენ, მერე მადლობას გიხდით, და ორივე მხარე კმაყოფილია. ამის შემდეგ მოსულ ყოველ ახალ კონდუქტორთან რამენაირად უნდა მორიგდე, თუმცა მათ უკვე დარცხვენის გარეშე შეგიძლია შესთავაზო გაცილებით მცირე გასამრჯელო, თუნდაც მხოლოდ სასმელი - მეგობრობის ნიშნად.

      ღამე ჩამოწვა, უფრო და უფრო ბნელდება. ჩვენს კუპეში სტეარინის ორსანთლიანი აბაჟურია, ამიტომ ცუდი განათებაა და აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავწვეთ და დავიძინოთ.

      ძილშიც და ცხადში ლოკომოტივის სტვენა მესმის. ეს ჩვეულებრივი ორთქლმავლის ხმა როდია, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში გაიგონებთ, უფრო გემის სტვენის წააგავს. აქ, რუსეთის თვალუწვდენელ პრერიებში, რკინიგზა მართლაც რომ ერთადერთი ხომალდია.

      შუაღამისას კუპეში ჩამოწოლილი სიცხე მაღვიძებს. ვცდილობ, ჭერში დამაგრებული ვენტილატორი ჩავრთო, მაგრამ ვერ ვწვდები და თავს ვანებებ. ისევ ვწვები და ვიძინებ.

      მზიანი კვირადილა გათენდა, ექვსი საათია. ქალაქ ვორონეჟის სადგურზე ვდგავართ. აქ დაიბადა ალექსეი ვასილევიჩ კოლცოვი, ამ მინდვრებში დადიოდა ის და წერდა. ვერა და ვერ ისწავლა მან უშეცდომოდ წერა მშობლიურ ენაზე, მაგრამ პოეტი იყო და ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისამ შეადგინა ლირიკული ლექსების ერთი ტომი. მამამისს, რომელიც ერთი უბრალო პირუტყვით მოვაჭრე იყო, ყმების ყოლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა შესაძლებლობა, და ამიტომ ხან ნაყიდი, ხანაც დაქირავებული ყმები ყოველთვის ჰყავდა მამულში. მათ შორის იყო დუნიაშა, ახალგაზრდა გოგო, რომელიც პოეტ კოლცოვს უყვარდა და მისგანაც საპასუხო გრძნობას ღებულობდა. დუნიაშას უძღვნიდა პოეტი თავის ულამაზეს ლექსებს. საქონლის მოსამწყემსად მინდორში რომ მიდიოდა, იქ წერდა ლექსებს, მონატრებითა და მხურვალე გრძნობებით სავსეს. მაგრამ ერთხელაც, პოეტი საქონლის შესასყიდად სოფლად რომ გაგზავნეს, მამამისმა იდროვა და დუნიაშა ერთ მემამულეს მიჰყიდა, რომელიც შორს, მდინარე დონთან, ცხოვრობდა. დაბრუნდა ახალგაზრდა კოლცოვი სახლში, შეიტყო დუნიაშას ამბავი და ისე ავად გახდა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მერე ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა, მაგრამ თავისი დუნიაშა არასოდეს დავიწყებია, ისევ მიჰყო ხელი წერას და საუკეთესო ლექსები შექმნა, ასე კარგად მანამდე არასოდეს დაუწერია. ის, როგორც პოეტი, თავადმა სტანკევიჩმა „აღმოაჩინა“. ამის შემდეგ ჩავიდა კოლცოვი მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც მთლად გაუბედურდა ლოთობისგან და გარდაიცვალა ოცდათოთხმეტი წლის ასაკში.

      და ეს ყველაფერი სიყვარულის გამო მოხდა.

      ახლა ვორონეჟში მისი ძეგლი დგას...

      გვარდიელმა და ბრილიანტისბეჭდებიანმა ბანოვანმა მეტისმეტი დახუთულობის გამო კუპეს კარი შეაღეს. ვხედავ, უკვე ამდგარან და მომზადებულან, თუმცა ორივეს ნაღვლიანი სახე აქვს. ოო, ცაზე პატარა ღრუბელი გამოჩნდა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მალევე უარვყავი ეს აზრი, რადგან გავიგე, რომ ფრანგულად ჩურჩულებდნენ და ჩვენ დასანახად ნაზად ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ოფიცერმა რომ გასვლა დააპირა, ქალმა მოულოდნელად დაქაჩა უკანიდან, თავი გადაუწია და აკოცა, მერე ერთმანეთს შესცინეს. საკუთარი თავის გარდა, აშკარად, ვერავის ხედავდნენ მთელს მატარებელში. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი! და რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ახალდაქორწინებულები არიან. აღმოჩნდა, რომ სტეარინის სანთელს მთელი ღამე უწვეთია ჩემს სერთუკზე. ახლაღა შევნიშნე, მაგრამ უკვე გვიანია. ისე შევწუხდი, რომ სახე წამეშალა, დანითა და ფრჩხილებით დავიწყე სანთლის ფხეკა. ალბათ, ასე არ წამიხდებოდა ხასიათი, ეს ამბავი რომ სხვასაც დამართოდა, მაგრამ ის გაიძვერა ინჟინერი თავის სერთუკს აბაჟურის ქვეშ ხომ არ დაკიდებდა?! მოსამსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი გამოვიჭირე და მისთვის გაუგებარ ენაზე ვთხოვე, რამენაირად დამხმარებოდა. თანხმობის ნიშნად მან თავი დამიქნია და მხოლოდ ამის შემდეგ შევუშვი ხელი. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში გამოჩნდება და მიშველის. უკვე წარმოვიდგინე, როგორ მოდის საქმიანი ნაბიჯით ლაქების ამოსაცლელი საშუალებებით აღჭურვილი, თან ცხელი უთო, შალის ნაჭერი, საშრობი ქაღალდი და ტანსაცმლის ჯაგრისიც მოაქვს. ჩემი სერთუკი საშინლად არის დალაქული.

      გვერდით ჩერქეზი ოფიცერი მიდგას. აი, როგორ გამოიყურება: გაპრიალებულ ჩექმებში თეთრი შარვალი აქვს ჩატანებული და ყავისფერ ნაოჭასხმულ არაბულ მოსასხამზე - ბურნუსზე ტყავის ქამარი უკეთია. მოუჩანს ქამარში გაჩრილი გრძელი ხანჯალი, რომელსაც ოქროთი მოჭედილი სახელური აქვს, ხოლო მკერდზე ჯვარედინად აქვს ასხმული თვრამეტი მეტალის მილაკი, რომლებიც ამობრუნებულ ძოწის სათითეებს წააგავს. ეს მილაკები მასრების იმიტაციაა. ჩერქეზ ოფიცერს თავზე ასტრახანული ქუდი ახურავს. სომეხმა ებრაელებმა ჩაიარეს. ისინი ვაჭრები არიან, მდიდრები, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი მიწიერი საზრუნავი. შავი ატლასის ხიფთანებით დადიან და ვერცხლისა და ოქროს ბალთიანი ქამრები უკეთიათ. ორი მათგანი საკმაოდ ლამაზი ჩანს, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამ ორს მიჰყვება, საჭურისის შესახედაობა და დონდლო სხეული აქვს. ზიზღს იწვევს იმის დანახვა, რომ ამ ბიჭს ქალივით ეპყრობიან მისივე თანამგზავრები. რუსეთსა და კავკასიას შორის განუწყვეტლივ მოგზაურობენ ეს ვაჭარი ებრაელები, მთაში მცხოვრებთათვის მიაქვთ სხვადასხვა საქონელი დიდი ქალაქებიდან, იქიდან კი მთიელების მიერ დამზადებულ ქსოვილებსა და ხალიჩებს ეზიდებიან.მატარებელი თავისი გზით მიდის. როგორც ჩანს, მკვეთრად მოვუხვიეთ, რადგან ოცი წუთის შემდეგ ამხელა ვორონეჟს უკვე გვერდიდან შევხედეთ და მალე მისი გუმბათები, შპილები და ათასობით სახლიც თვალს მოეფარა. ახლა მზესუმზირისა და საზამთროს ნათესები უნდა გავიაროთ. ორივე კულტურა ერთად თესია, ერთმანეთის მიყოლებით ერთსა და იმავე მინდორში. საზამთროები მიწაზე დიდი თოვლის გუნდებივით ყრია, მზესუმზირების ოქროსფერი ტყე კი მათ თავზე ლივლივებს. მზესუმზირა ზეთის მისაღებად მოჰყავთ სამხრეთ და ცენტრალურ რუსეთში, დაშაქრული მარცვლებისგან კი უმაღლესი ხარისხის დელიკატესს იღებენ. აქ ყველგან ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მზესუმზირის გულს აკნატუნებენ, ნაჩურჩს კი აფურთხებენ, - ეს აქაურების გასართობია და, ამავე დროს, ყველაზე უვნებელი და სასიამოვნო საღეჭი თამბაქო. კონდუქტორი ჩვენი ბილეთების შემოწმებისას უბოდიშოდ აკნატუნებს მზესუმზირას. კოფოზე შემომსხდარი მეეტლეები, დახლში მდგარი მაღაზიის გამყიდველები, კარდაკარ მოსიარულე ფოსტალიონები, ყველანი მზესუმზირას აკნატუნებენ და ნაჩურჩს იფურთხებიან.

      შორს, ჰორიზონტის ხაზთან, მიწიდან ოდნავ ზემოთ, რაღაც მოჩანს შავ ლაქად. ეს რაღაც საჰაერო ბუშტსა ჰგავს, რომელიც თითქოს ასაფრენად გამზადებული ადგილზე გაყინულა და ზემოთ ვეღარ ადისო. როგორც გვითხრეს, ეს ყოფილა უშველებელი ხე, რომლის ვარჯიც თურმე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს შორიდან. ამ ადგილებში მას ყველა იცნობს და, უბრალოდ, ხეს ეძახიან.

      დონში შევედით.

      ურიცხვი რაოდენობის ჩალისა და თივის ზვინები ფუტკრის სკებივით მოჩანს ვაკეზე. აქ ყველგან ქარის წისქვილებია, თუმცა მათგან ჩამი-ჩუმიც არ ისმის, გაყუჩებულნი დგანან. საქონელი უხალისოდ ძოვს ბალახს, გეგონება, არც კი მოძრაობენო. ვცდილობ, დავითვალო, რამდენნი არიან, თან მინდა, ეს სწრაფად გავაკეთო და აი, რა მოვიფიქრე: ჯერ საკმაოდ ზუსტად გადავთვალე ორმოცდაათი სული და თვალზომით მოვნიშნე, რა მოცულობის ადგილი უკავია ამ რაოდენობას საძოვარზე. მერე ცალ თვალს ვხუჭავ, მიზანში ვიღებ იმავე მოცულობას და პირველს ვატოლებ, ეს უკვე ასი სულია. ამის მერე უკვე ასი სულის მიერ დაკავებული მოცულობის მიხედვით ვითვლი და ყურადღებას ვაქცევ იმას, ცხოველები შეჯგუფული არიან თუ დაფანტულები. აი, ასე გამოვთვალე, რომ ამ ნახირში დაახლოებით ათასამდე სული ხარი, ძროხა და ხბო უნდა ყოფილიყო. გრძელი კომბლებით შეიარაღებული ორი-სამი მწყემსი თვალყურს ადევნებს საქონელს. ამ მცხუნვარე მზეში მათ ცხვრის ტყავის ქულაჯები აცვიათ და აუჩქარებლად მოძრაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები არ ჰყავთ და სიზარმაცით ფონს ვერ გავლენ. მახსენდება ტეხასის საძოვრები, სადაც ცხენებზე ამხედრებულ მწყემსებს უფლება აქვთ, გამოიყენონ იარაღი მეზობელი მწყემსების წინააღმდეგ, თუ ისინი საქონლის მოპარვას დაუპირებენ. მე თვითონ ასეთი შემთხვევა არ მომეცა, თუმცა რამდენჯერმე ვცადე, კოვბოის ადგილი მომეპოვებინა, მაგრამ მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო უარს მეუბნებოდნენ ამ სამსახურზე. სხვათა შორის, რაც შეეხება ჩემს ახლომხედველობას, ახლა შორ მანძილზე უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე ათი წლის წინ. თუმცა ეს კია, რომ ღამ-ღამობით ლამფის შუქზე საკითხავად რომ ვჯდები, ოდნავ, სულ ოდნავ, ვგრძნობ თვალებში წკმეტას. ალბათ, მომიწევს გამადიდებელი შუშით მუშაობა, მერე კი იქიდან სულ ერთი ნაბიჯია სათვალესა და ფსალმუნების კითხვამდე. სადგური კოლოდეჟნაია. მატარებელს აქ ძალიან ბევრი ჭრელსამოსიანი ქალი დახვდა. მათ ჩაცმულობაში წითლისა და ლურჯის სიჭარბისაგან გვეჩვენება, თითქოს ჩვენ წინაშე ყაყაჩოების მინდორი ზიმზიმებს. ქალები ხილს ყიდნენ. ჩვენ ყურძენი ვიყიდეთ. უფრო ბევრის ყიდვა მინდოდა, მარაგი რომ შემევსო, მაგრამ ინჟინერმა გადამაფიქრებინა, - ახლა სწორედ ყურძნის მოსავლის აღების დროა და რაც უფრო მივუახლოვდებით კავკასიას, მით უფრო უკეთესი ყურძენი შეგვხვდებაო. ქალები ხვდებიან, რომ ინჟინერი ყიდვაში ხელს მიშლის, თუმცა გაღიზიანებას არ ამჟღავნებენ, რაც გამართლებული იქნებოდა. პირიქით, მეგობრულად ეპყრობიან კაცს, რომელმაც მათი ენა იცის, და ათას რამეზე ელაპარაკებიან. ძლიერი და ჯანმრთელი გლეხის ქალები არიან, ხორბლისფერი სახე, შავი თმა და აპრეხილი ცხვირები აქვთ, თვალები - ყავისფერი. თავსა და ყელზე წითელი და ლურჯი მოსახვევები წაუკრავთ, რადგან კვირადღეა; წითელი და ლურჯი ფერისა აქვთ ქვედაკაბებიც. უმრავლესობას ცხვრის ტყავის ქათიბი მოუსხამს, ბეწვით შიგნით, ზოგსაც - უბრალო ქსოვილისგან შეკერილი და კიდეებზე ცხვრისბეწვშემოვლებული ჯუბა. თუმცა მთელი ეს ბეწვეული ხელს არ უშლით, ფეხშიშველებმა იარონ. ფეხები კი მართლაც მშვენიერი აქვთ.

      იწყება სტეპი, თუმცა ჯერ კიდევ გვხვდება ტირიფისა და ცაცხვის კორომები სოფლების განაპირას. თხები ძოვა-ძოვით მიუყვებიან სტეპს. ერთ დიდ არვეში დაახლოებით ოთხას თხას ვითვლი. გზასთან ყველაზე ახლოს მყოფი თხა მატარებლისკენ შემობრუნდა და ჩვენს ყურებაში ჰაერი გაკბიჩა. კვირადღეა და ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევს. ქარის წისქვილები არ მუშაობს, დროდადრო საეკლესიო ზარების რეკვა გვესმის, ხანდახან ადამიანების ხმაც აღწევს ჩვენამდე. ეს ნამდვილად მრევლია, რომელიც ტაძარში მიდის ან იქიდან მოდის და ყოველდღიურ საქმეებზე ლაპარაკობს. ჩვენშიც ასე იცის ეკლესიისკენ მიმავალმა ხალხმა. როცა სოფლებს ჩავუარეთ, ბავშვებმა ხელი დაგვიქნიეს, შინაური ფრინველები კი სამალავებს ეცნენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ჩვენგან რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.

      იმ ოფიცერს მივესალმე, ჩვენი გამყოლი რომ უნდა იყოს კავკასიის მთებში, მაგრამ მან უცნაურად მიპასუხა

      უცხო ენაზე. მერე უცბად მიხვდა, ვინ ვიყავი და ორივე ხელი ჩამომართვა... ჯერ ვითომ ვერ მცნობდა, მერე კი კეთილი ინება და გამიხსენა... როგორ გეძინათო? - მომიკითხა. გავწვალდი რუსეთში მგზავრობით, ამიტომ მხოლოდ ერთი კვირა გავჩერდები ვლადიკავკაზში და მერე დავბრუნდებიო. მისნაირი კაცი პიატიგორსკს ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან, იქ ხომ უამრავი ქალია!

      ამ ებრაული სიფათის ყურებას რა გაუძლებდა, მაგრამ თვითონ დამეხმარა იმაში, რომ მისგან გავთავისუფლებულიყავი. როცა თავი შორს დავიჭირე, მან ეს იყნოსა და სამაგიერო იმით გადამიხადა, რომ ჩემკენ წამოსული, განგებ სხვებთან შეჩერდა, მათ გაუბა ლაპარაკი და მე ზედაც არ შემომხედა. მადლობა ღმერთს!

      ახლა ყველა კუპეში ჩაის ადუღებენ და ეწევიან; მწეველთა შორის ბევრი ქალია. ასადუღებელი წყალი სადგურებზე იშოვება, სამოვრები კი მგზავრებს თან დააქვთ. ჩაის სმა გვიან საღამომდე გრძელდება.

      თერთმეტი საათია. კუპეში მზე უკვე აუტანლად აცხუნებს. ჩვენ ჭერის საჰაერო გავხსენით და ფანჯარა ნახევარზე დავწიეთ, მაგრამ ახლა გარედან შემოსულმა მტვერმა შეგვაწუხა!

      თორმეტ საათზე პატარა სადგურს მივუახლოვდით, რომელსაც პოდგორნოე ჰქვია. ქვიშიან გზაზე, ვხედავთ, ყვავილების გირლიანდებით მორთული ოთხცხენიანი ეტლი მოდის, რომელსაც ცხენებზე ამხედრებული ჯარისკაცები მოუძღვებიან, უკან კი ცხენოსან კაზაკთა ესკორტი მოჰყვება. ეტლი ცარიელია. მთელ ამ შემადგენლობას ფეხით გვერდიგვერდ მოსდევენ გენერალი და ახალგაზრდა ოფიცერი. ორივე უნიფორმაშია გამოწყობილი. ეტლი სადგურთან შეჩერდა. მატარებლის გაჩერებისთანავე კი ესკორტი და ჯარისკაცებიც შედგნენ.

      ახალდაქორწინებულთა კუპედან გულამოსკვნილი ტირილისა და ფრანგული შორისდებულების ხმა ისმის. მალე ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი ფერმიხდილი და აღელვებული გამოვიდა გარეთ ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით. მერე ისევ შებრუნდა, კარის ზღურბლზე გვარდიელს გადაეხვია, მობრუნდა და თვალისდახამხამებაში ჩავიდა მატარებლიდან. გვარდიელი, ისიც აღელვებული, ფანჯარას მივარდა და გარეთ დაიწყო ყურება.

      ქალბატონმა მიწას შეახო თუ არა ფეხი, იარაღმომარჯვებული ჯარისკაცები ყარაულში ჩადგნენ. როცა ქალი გენერალს ჩაეკრა მკერდში, ირგვლივ მისალმებისა და სიხარულის გამომხატველი ხმები გაისმა ფრანგულ ენაზე; მერე გენერალს გამოეხსნა და ახალგაზრდა ოფიცერს გადაეხვია. ეს სამი ადამიანი უძლიერესი ემოციებით შეპყრობილი ეხვეოდა, ეფერებოდა და კოცნიდა ერთმანეთს. ნუთუ ისინი მამა და შვილები იყვნენ? ფრიად უცნაური შეძახილები კი ჰქონდა ძმას, თუ ის ძმა იყო. ცრემლები აღარ დაგვანახო! – შესძახეს მამაკაცებმა და დაწყნარება და მოფერება დაუწყეს, მაგრამ ქალი კვლავ ცრემლებს აფრქვევდა და მხოლოდ შიგადაშიგ იღიმებოდა. თან ყვებოდა, რომ მოსკოვში ავად გახდა და ამათ მანამდე არაფერი აცნობა ტელეგრაფით, სანამ არ გამოჯანმრთელდა საიმისოდ, რომ მგზავრობა შესძლებოდა. ახალგაზრდა კაცი მას საალერსო სიტყვებით მიმართავს და აღფრთოვანებული ჩანს შეყვარებულის ჭირსა შიგან გამძლეობით, სიდარბაისლითა და, მოკლედ, მისი ყოველმხრივ საოცარი თვისებებით. ინჟინერმა ესკორტის ერთ-ერთი წევრისგან შეიტყო, რომ გენერალი პრინცი ყოფილა, ახალგაზრდები კი მისი ქალიშვილი და სასიძო, რომლებმაც თურმე დღეს, აგერ ახლა, უნდა დაიწერონ ჯვარი. საპატარძლო გამოჯანმრთელდა და სახლში, სწორედ რომ, უკანასკნელ წუთს დაბრუნდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა!

      ქალბატონმა ფეხი ადგა ყვავილებით მორთულ ეტლში, გენერალი და მისი სასიძოც თავ-თავის უნაგირიან ცხენებს შემოახტნენ, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ ქალს და მისკენ გადახრილებმა ლაპარაკით განაგრძეს გზა. როცა ეტლმა, მხედრებმა და ჯარისკაცების ესკორტმა მატარებელს ჩაუარა, ქალმა უკან მიიხედა და ხელი დაიქნია, მაგრამ არა ისე, როგორც გამომშვიდობებისას უქნევენ ხოლმე ვინმეს ხელს, არამედ ვითომ ცხვირსახოცი აფრიალა იქამდე, სანამ გაშლიდა და დანიშნულებისამებრ გამოიყენებდა. მალე ლოკომოტივმა ნიშანი მოგვცა და სადგური დავტოვეთ. გვარდიელი კი იწვა ფანჯრის მინაზე სახემიდებული მანამ, ვიდრე ყვავილებით მორთული ეტლი თვალს არ მიეფარა, მერე კარი ჩაკეტა და კარგა ხნით განმარტოვდა სიცხისგან დახუთულ კუპეში.

      კუპეს კარი გავაღეთ და რომ გამოვედით, დავინახეთ, ერთი სომეხი მყუდროდ მოკალათებულიყო დერეფანში და ბალიშების გორაზე მიწოლილს გემრიელად ეძინა. ქვეშ დაქარგული ყვითელი აბრეშუმის ლეიბი დაუგია, ზემოდან კი მოწითალო-ყავისფერი პლედი აფარია. ძვირფას ქვეშაგებზე მთელ სიგრძეზე გაშოტილი ღია ფანჯრიდან შემოსული მტვრის ღრუბელშია გახვეული. ჩექმები გაუხდია და დახეული ბამბის წინდებიდან თითები მოუჩანს. თავქვეშ ორი ბალიში უდევს. ბალიშისპირები ძალიან ჭუჭყიანია, მაგრამ ეტყობა, რომ ძვირფასი ნამუშევარია, რადგან პირების შიგნით ოქრომკედით ნაკერი აბრეშუმი მოჩანს.

      ახალი მგზავრები გამოჩნდნენ და ისინიც სომეხთან ახლოს, დერეფანში მოკალათდნენ. ეს კავკასიელი თათრები არიან. მათ ქალებს პირბადეები აქვთ ჩამოფარებული, წითელი ბამბის ტანსაცმელი აცვიათ და წყნარად სხედან ბალიშებზე, პირში წყალჩაგუბებულებივით. კაცებს მუქი კანი აქვთ, ზორბა ხალხია; ბურნუსებზე რუხი მოსასხამები მოუგდიათ და წელზე ჭრელი აბრეშუმის ნაჭერი შემოუხვევიათ. სარტყელებზე ქარქაშიანი ხანჯლები ჰკიდიათ, ჯიბის საათები კი გრძელი ვერცხლის ჯაჭვებით აქვთ მიბმული.

      ჩვენი ლოკომოტივი ბაქოს გადაუმუშავებელ ნავთობს მოიხმარს და მისი სუნი ასეთ ცხელ ამინდში ქვანახშირის სუნზე უფრო საზიზღარია.

      მოულოდნელად, შუა სტეპში მდებარე ერთ ძალიან პატარა სადგურში შევჩერდით. აქ ვლადიკავკაზიდან მომავალ მატარებელს უნდა შევხვდეთ. მის მოლოდინში გარეთ გამოვედით და მუხლი გავშალეთ. მწველი მზეა და წყნარი ამინდი. მგზავრების მრავალრიცხოვანი ნაკადი ერთმანეთში ირევა, ზოგი მღერის, ზოგს ლაპარაკში გაჰყავს დრო. ახალგაზრდა გვარდიელიც გამოჩნდა. დარდი გაუქარვებია. ეტყობა, ჩაკეტილ კუპეში მარტო გატარებულმა საათებმა მასზე კარგად იმოქმედა. ვინ იცის, მთელი ეს ხანი მშვიდი, გამაჯანსაღებელი ძილითაც ეძინა. უკვე სხვა ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად დასეირნობს. ქალი სიგარეტს ეწევა, ქუდი არ ახურავს და დაუდევრად მიუშვერია შავი თმა მზისთვის. ისინი ფრანგულად ურთიერთობენ და ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან. მათი სიცილი შორს ისმის. გენერლის ქალიშვილი კი, ის ბრილიანტისბეჭდებიანი ბანოვანი, ამ წუთებში, ალბათ, სულ სხვა კაცის გვერდით დგას საკურთხეველთან.

      მატარებლიდან ერთი კაცი ჩამოხტა ფუთით ხელში. სახეზე მოყვითალო-ყავისფერი დაჰკრავს, შავი პრიალა თმა-წვერი აქვს. სპარსი უნდა იყოს. ჩანს, ცარიელ ადგილს ეძებს, მერე თავის ფუთას ხსნის და ტილოს ორ პატარა ნაჭერს მიწაზე აფენს. იხდის ფეხსაცმელს და მე მგონია, რომ დანებითა და ბურთულებით ფოკუსი უნდა ჩაატაროს, მაგრამ შევცდი. ის თურმე ლოცვების აღსავლენად ემზადება, ხიფთანის გულისჯიბიდან რამდენიმე პატარა ქვას იღებს და ტილოებზე აწყობს, მერე მზის მხარეს ბრუნდება და რიტუალს იწყებს: თავდაპირველად რამდენჯერმე ადგა და ჩაიმუხლა. თითქოს, ვერავის ამჩნევს გარშემო შემოკრებილი ხალხის ჯგუფიდან, ქვებისთვის მიუპყრია მზერა და ლოცვაშია ჩაძირული. მერე მუხლებზე დაეცა და მიწაზე მთელი სხეულით რამდენჯერმე განერთხა. ამის შემდეგ ქვების გადაადგილებას იწყებს. ის ქვები, რომლებიც ყველაზე შორს ელაგა, თავისკენ ახლოს, ხელმარცხნივ მოსწია; მერე ადგა, ხელები წინ გაიშვირა, ხელისგულები მზეს მიაპყრო და ტუჩები აამოძრავა. ვლადიკავკაზიდან მომავალმა მატარებელმა ღმუილით ჩაგვიარა და მალე ჩვენმაც სიგნალით გვიხმო. თუმცა სპარსისთვის ამას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი. სანამ ლოცვას არ დაამთავრებს, მატარებელი ვერ წავა, და თუ წავა, ესეც ალაჰის ნება იქნება. ის ისევ მიწაზე ეცემა, ქვებს ადგილს უცვლის და ისე უთავბოლოდ ურევს ერთმანეთში, რომ ვეღარ გამიგია, რა პრინციპით ალაგებს. ახლა ის მარტოა, მგზავრები უკვე ავიდნენ მატარებელში. უნდა იჩქაროთ, ბატონო! - ვამბობ გულში, მაგრამ ის გარკვეულ დროს კვლავ ანდომებს თავის დახრას და ხელების წინ წაწევას. მატარებელი ნელ-ნელა სიჩქარეს კრეფს. გულმხურვალე მლოცველი წამით წყვეტს ყოველგვარ მოძრაობას და ყუჩდება. მერე აუჩქარებლად აგროვებს ქვებს, ტილოებს, ფეხსაცმელებს და მატარებელში ადის. მის მიხრა-მოხრას ოდნავი აჩქარების ნიშან-წყალიც არ ეტყობა. მაყურებლებიდან ვიღაცამ ბრავოსმაგვარი დაიძახა, მაგრამ ეს უდრეკი მუსულმანი არაფრად აგდებს „ურწმუნო ძაღლის“ შეძახილს და დინჯად მიიკვლევს გზას თავისი ადგილისაკენ.

      მორიგ სადგურზე, სადაც შესასვენებლად და წყლის ასაღებად გავჩერდით, როგორც იქნა, თვალი მოვკარი რკინიგზის იმ მოსამსახურეს, რომელიც სერთუკიდან სტეარინის მოცილებაში უნდა დამხმარებოდა. ის მატარებლიდან ჩამოსულა და ჩემგან ორი ვაგონის დაშორებით დგას. შორიდან ვესალმები და ვუღიმი, რომ არ დავაფრთხო და არ გავაქციო, რადგან მჭირდება მისი სამსახურით სარგებლობა. როცა მივუახლოვდი, კიდევ უფრო თბილად და გულმოდგინედ გავუღიმე. იმანაც თავი დამიკრა, გამიღიმა და როცა ჩემს სერთუკზე სანთლის თეთრი ზოლი შეამჩნია, ხელებით რაღაც მანიშნა. არაფერი უთქვამს, გაიქცა და თავის ოთახში შევარდა. ახლა კი მოიტანს ცხელ უთოსა და ლაქების ამომყვან საშუალებებს-მეთქი, ვიფიქრე, რადგან მართალია, ვერ გავიგე რა მანიშნა, მაგრამ ჩავთვალე, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ჩემ დასახმარებლად. ასე რომ, ვიდექი და ველოდი. ამასობაში მატარებელზე წყლის მარაგი შეავსეს, ორთქლმავალმა კვამლი გამოუშვა, ნიშანი მისცა და დაიძრა. რა უნდა მექნა, ლოდინის დრო აღარ იყო... რამდენჯერმე მომიხდა შეხვედრა იმ ოფიცერთან, მთებში ჩვენს პოტენციურ გამყოლად რომ ვთვლიდით. გუშინდლის მერე ზედაც არ მიყურებს, ჩანს, რაღაც ვაწყენინე. არც მჭირდება, ღმერთმა დამიფაროს! სადგურზე, სადაც ნაშუადღევს ვისადილეთ, ის ჩემ გვერდით იჯდა. სქელი საფულე გამოსაჩენ ადგილას დადო. ამას ჩემ საცდუნებლად ხომ არ გააკეთებდა, უბრალოდ, მაჩვენა, რომ მის საფულეზე ვერცხლის გვირგვინი იყო გამოსახული. თუმცა, ღმერთმა იცის, ის გვირგვინი მართლაც ვერცხლისა იყო თუ არა, ანდა გვირგვინის ტარების უფლება, საერთოდაც, თუ ჰქონდა მის პატრონს. როცა სადილის საფასური გადავიხადე, სიტყვაც არ უთქვამს, არც ჩარეულა საქმეში. გვერდით მჯდომმა მეორე ბატონმა კი მიმითითა, რომ კუთვნილზე ნაკლები ხურდა დამიბრუნეს და იქვე გამოასწორებინა შეცდომა ოფიციანტს. მე წამოვდექი და ჩემს თანამესუფრეს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.

      გადავწყვიტეთ, ის ოფიცერი აღარ გავიყოლოთ მთებში და ვლადიკავკაზშივე მოვიშოროთ თავიდან. საღამოს ცხრა საათზე უკვე უკუნი სიბნელეა. შორს, სტეპში, სოფლის სახლებიდან გამოსული შუქი მოსჩანს, მეტი არაფერი. დროდადრო კი სუსტი სინათლე გაკრთება ხოლმე, რომელიც გზის პირას განცალკევებით მდგომი ჩალით დახურული ქოხებიდან გამოდის. ამ ქოხებში, ალბათ, უკიდურესად ღატაკები ცხოვრობენ. უწყინარი და ბნელი საღამოა, ჩახუთული და ბნელი. კორიდორში ღია ფანჯარასთან ვდგავარ და პლატფორმაზე გამავალი კარიც ღია მაქვს, რომ იქნებ, ჰაერი შემოვიდეს, თუმცა მაინც ისე ცხელა, ცხვირსახოცით წამდაუწუმ ვიწურავ ოფლს. სომეხი ებრაელების სამყოფელიდან მთელ მატარებელში გამოდის სიმღერის ხმა - მსუქანი მოხუცი ებრაელი და ის დონდლო საჭურისი ორ ხმაში მღერიან ერთგვარ ანტიფონიას. ეს მომაბეზრებელი კაკაფონია ძალიან დიდხანს, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. დროდადრო ორივეს ეცინება საკუთარ ნამღერზე, მაგრამ ისევ აგრძელებენ მონოტონურ დუეტს. საჭურისის ხმა ჩიტისას უფრო წააგავს, ვიდრე ადამიანისას.

      ღამით როსტოვი გავიარეთ. ამ უზარმაზარ ქალაქში სიბნელის გამო თითქმის შეუძლებელი იყო რაიმეს გარჩევა. ამ სადგურზე ბევრი ჩვენი თანამგზავრი ჩავიდა. პლატფორმაზე ყირგიზები შემოგვხვდნენ. აღმოსავლეთის სტეპებიდან აქ როგორ აღმოჩნდნენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ამ ხალხს ყირგიზებს ეძახიან. ჩემი შეხედულებით, ისინი თათრებისგან დიდად არ განსხვავდებიან, მომთაბარენი არიან და სადაც წავლენ, წინ ცხვრებსა და ძროხებს მიერეკებიან სტეპის საძოვრებისაკენ. ყველაფერთან ერთად, ცხვარი მათი სავაჭრო ერთეულიცაა, რადგან სხვა არაფერი გააჩნიათ: ცოლში ოთხ ცხვარს იხდიან, მაგრამ ძროხა რვა ცხვარი უღირთ; ცხენში ოთხ ძროხას იძლევიან, ხოლო ერთ შაშხანაში - სამ ცხენს. ამის შესახებ სადღაც წავიკითხე. ვუყურებ ამ მუქი ყვითელი ფერისა და ოდნავ ირიბადაჭრილთვალებიან ადამიანებს და მისალმების ნიშნად თავს ვუკრავ. ისინიც მიქნევენ თავს და მიღიმიან. წვრილი ხურდა ფული მივეცი, რამაც ძალიან გაახარა და დიდად დამიმადლეს. ვდგავართ ორი ევროპელი და შევყურებთ ყირგიზებს. მეორეს ცოტა რაღაც მაინც ესმის მათი ენისა და ელაპარაკება. ჩვენი აღქმით, ისინი ლამაზები არ არიან, მაგრამ მწველი მზერა აქვთ; ხელები კი იმდენად მოკლე უჩანთ, რომ უსუსურობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მამაკაცებს ცხვრის ტყავისგან შეკერილი ტანისამოსი და წითელი ან მწვანე სამხედრო ჩექმები აცვიათ. იარაღად ბებუთსა და შუბს ხმარობენ. ქალები ბამბის ჭრელაჭრულა კაბებში არიან გამოწყობილი; ერთს მელიისბეწვშემოვლებული ჩალის ქუდი ახურავს. არანაირი სამკაული არ უკეთიათ და ძალიან ღარიბულად გამოიყურებიან. ჩემ გვერდით მდგომმა ევროპელმა მათ ერთი რუბლი აჩუქა, რამაც ისინი ძლიერ გაახარა. კიდევ ერთხელ გადაიხადეს მადლობა და ფული თავსაფარში გაახვიეს.

      ლამაზი, კრიალა დილა გათენდა სტეპში; მაღალი ბალახი უკვე გაყავისფერებულა და ქარში ოდნავ შრიალებს. ოთხივ კუთხით თვალუწვდენელ მანძილზეა გადაჭიმული მინდვრები.

      სამი სახის სტეპი არსებობს: ბალახოვანი, ქვიშიანი და მლაშობი. აქ მხოლოდ ბალახოვანი სტეპია. ადრე გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახი ივლისისთვის უკვე ხმება, შრება და უვარგისია საქონლის გამოსაკვებად. როცა შემოდგომა ახლოვდება, როგორც ახლა, ძლიერი წვიმები უფრო ხშირად მოდის, ხოლო მზე ისეთი მცხუნვარე აღარაა და გადამხმარი ჩალის ქვეშ სწრაფად იწყებს ზრდას ნორჩი, ხასხასა, რბილი ბალახი, რასაც უამრავი ლამაზი ყვავილიც მოჰყვება. ცხოველები, მწერები და ფრინველები იღვიძებენ, შორიდან გადამფრენი ჩიტების განსხვავებული ხმები და გადაძახილები ისმის, ხოლო ჰაერში პეპლები დაფარფატებენ. თუმცა, თუ ყურადღებით არ დააკვირდები, შეუძლებელია, ერთი მილის რადიუსში გადამხმარი ბალახის გარდა სხვა რამ დაინახო. წელიწადის ამ დროს სტეპი ყვითელ უდაბნოს უფრო ჰგავს, ვიდრე მოლივლივე ზღვას.

      სტეპის ბინადარ ხალხებს შორის კაზაკებმა ყველაზე ღრმად განიცადეს და ყველაზე ლამაზად უმღერეს სტეპის სილამაზეს. არც ყალმუხებს, არც ყირგიზებსა და არც თათრებს თავიანთი სტეპების მიმართ არ გამოუმჟღავნებიათ იმდენი სიყვარული, რამდენიც კაზაკებს, თუმცაღა სტეპი ერთნაირად ძვირფასია რუსეთის ვრცელ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის. კაზაკები განსხვავდებიან სტეპის დანარჩენ მობინადრეთაგან უპირველესად იმით, რომ ისინი ამ ადგილების მკვიდრი მოსახლეები არიან, მაშინ, როცა სხვები აქ მოგვიანებით მოვიდნენ, როგორც ოქროს ურდოს შთამომავლები; მეორე განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ კაზაკები მეომრები არიან, სხვები კი - მიწათმოქმედნი და მესაქონლენი. ისინი არასდროს ყოფილან ხანის, პანის ან ბოიარის ყმები, სხვები კი იყვნენ. სადღაც წამიკითხავს, რომ „კაზაკი“ „თავისუფალ ადამიანს“ ნიშნავს.

      კაზაკები საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი საკმაო რაოდენობით ფლობენ ზედა ნაყოფიერ მიწებს, გათავისუფლებულნი არიან საიმპერიო გადასახადებისაგან, მაგრამ ომის შემთხვევაში თვითონ უნდა შეიძინონ იარაღი და სათანადო აღჭურვილობა. მშვიდობიანობის დროს ისინი მესაქონლეობასაც ეწევიან და მიწასაც ამუშავებენ; მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი და ყურძენი. ომის დროს კაზაკთა დანაყოფები თავისი სიმამაცით აღემატებიან ისედაც ძლევამოსილი რუსული არმიის დანარჩენ შემადგენლობას. ახლა სწორედ კაზაკების სამშობლოში ვართ.

      აგერ, ცარიელ სტეპში, ყველა სადგურისა და ყველა ქალაქისგან მოშორებით, მიდის ოთხთვალა, რომლითაც მგზავრობს ოფიცერი წითელზოლიანი ქუდით. მას კაზაკების ესკორტი მისდევს. ოთხთვალას გეზი რკინიგზის გადასწვრივ აქვს აღებული - ალბათ, ქალაქში მიიჩქარის. აქ სადღაც, სტეპში უნდა იყოს სადმე სტანიცა - კაზაკური ქალაქი, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, რადგან დედამიწა მრგვალია და ბრუნავს. ცოტა ხნის შემდეგ ჩავუარეთ თათრების აულს. მათი კარვის ფორმის იურტები თივის ზვინებივით დგას. თათრებს ყველგან შეხვდებით სამხრეთ რუსეთში, მათ შორის, აქაც, კაზაკების ქვეყანაში. ისინი ნამდვილი მესაქონლენი არიან, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ხალხი; ყველამ, გამონაკლისის გარეშე, იცის წერა-კითხვა. კაზაკებს შორის კი, როგორც მსმენია, არც ისე ბევრია წერა-კითხვის მცოდნე.

      ერთ-ერთი სომეხი ებრაელი რაღაცას მეუბნება, საიდანაც მხოლოდ სახელი „პეტროვსკი“ მესმის. ნიეტ, - ვპასუხობ მე კარგი რუსულით, - ნიეტ, ვლადიკავკაზი, ტიფლისი-მეთქი. ის თავს მიქნევს და, ეტყობა, რომ ყველა სიტყვა გაიგო. ასე რომ, შემიძლია საუბარი რუსულად წარვმართო. მისმენდეს ახლა რომელიმე ჩემიანი! ვიფიქრე, ალბათ, ებრაელს სტეპში ოთხთვალათი მიმავალი ოფიცრის დანახვა უნდა-მეთქი და ჭოგრიტი გავუწოდე, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია და არ გამომართვა. სანაცვლოდ, თვითონ მოიხსნა გრძელ ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდებული ვერცხლისავე ჯიბის საათი, ცხვირთან მომიტანა და მითხრა: ვოსემდესიატ რუბლეი! სასწრაფოდ ჩემ ფურცელს ჩავხედე, სადაც რიცხვების რუსული სახელწოდებები მქონდა ჩამოწერილი, და დავაზუსტე, რომ საათის სანაცვლოდ ოთხმოც რუბლს მთხოვდა. ცნობისმოყვარეობის მიზნით დავხედე - სქელი, დიდი საათი იყო და ძველებურ ლილვა-საათებს წააგავდა. ყურთანაც მივიტანე, მაგრამ გაჩერებული აღმოჩნდა. მაშინ, ებრაელის გასაკვირვებლად, ჯიბიდან ჩემი ოქროს საათი ამოვიღე. მაგრამ მას აღელვების ნიშან-წყალიც არ დასტყობი., ამით თითქოს მხოლოდ ის გაიგო, რომ მეც მქონდა საათი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შემეძლო, დამეგირავებინა. დავფიქრდი, რა ეღირებოდა მისი საათი და დავასკვენი, - ალბათ, ასე, ათი კრონა-მეთქი, მაგრამ ჩემი? - ორმოც კრონად მაინც შემიფასებენ-მეთქი, ვიფიქრე. შედარებაც არ შეიძლებოდა! ნიეტ, – ვუთხარი მტკიცედ და საათი დავუბრუნე. ებრაელმა საათი აიღო, შეყოვნდა და მერე თავი გადაიქნია. მოკლედ, ერთხელ კიდევ ავიღე მისი საათი ხელში და მივუთითე, რამდენად ძველი და შელახული იყო; ყურზეც მივიდე და ვანიშნე, რომ იქიდან ჩქამიც არ ისმოდა და მოკლედ მოვჭერი: სტაიუ! აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკის გაგრძელება. ებრაელმა მაშინ კი ჩაიღიმა და საათი გამომართვა. მანიშნა, რომ ახლა რაღაცის გაკეთებას აპირებდა. მერე საათს უკანა ნაწილი მოხსნა და მაჩვენა. შესანიშნავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ - ძვირფასი ნაკეთობა იყო და მისი ყველა ჭანჭიკი პრიალებდა, თუმცა გასაგიჟებელი მაინც არაფერი იყო. მაგრამ ებრაელმა მთხოვა, თვალყური მედევნებინა იმისთვის, რაც ამის შემდეგ მოხდებოდა. მან კიდევ ერთი მოსევადებული თავსახური გახსნა და შიგ ჩამახედა - ჩემ თვალწინ ერთობ უხამსი სურათი გადაიშალა. ებრაელი ამ სურათმა მხიარულ გუნებზე დააყენა - იცინის, თავს აქეთ-იქით აქნევს და თვალს არ აშორებს. შიგადაშიგ შემომძახებს ხოლმე, უნდა, მეც კარგად დავინახო, რა ხდება. მერე საათს გასაღები მოარგო და ნახევრად გადაატრიალა, - საათი ამუშავდა. თუმცა მხოლოდ საათი არა, მასთან ერთად სურათიც ამოძრავდა.

იმავე წუთს ჩემ გუნებაში დავეთანხმე ებრაელს, რომ მისი საათი უფრო მეტი ეღირებოდა, ვიდრე ჩემი; რომ ნამდვილად მოიძებნებოდნენ ისეთი მყიდველები, რომლებიც მასში ბევრს გადაიხდიდნენ და უფრო ძვირად შეაფასებდნენ.

      ამას რომ ვფიქრობდი, ებრაელმა შემომხედა და მითხრა: პიატი ტისიაჩა! ხუთი ათასი?! - შევყვირე გაოგნებისგან, რადგან ამდენს მაინც არ მოველოდი. ებრაელმა საათი დაკეტა, ჯიბეში ჩაიცურა და თავისი გზით წავიდა. ბებერი გაიძვერა! წარმოგიდგენიათ, ათი ათასი კრონა ერთი უზნეო საათისთვის?! ჩემზე ლმობიერ ადამიანს რომ შეხვედროდა, გარიგება უსათუოდ შედგებოდა. ნახეთ? ჯერ საათის დაქოქვა არ უნდოდა, მერე კი, როცა დასჭირდა, გასაღები მხოლოდ ნახევრად გადაატრიალა, რომ ძვირადღირებული მექანიზმი დაეზოგა...

      ჯერ მხოლოდ ცხრა საათია, მაგრამ მზე ისე აცხუნებს, როგორც გუშინ თერთმეტ საათზე. თავი ჩრდილს შევაფარეთ. აქ, სტეპში, ჩვენთვის ნაცნობი ზოგიერთი ყვავილი ვიპოვეთ: ვარდისფერი ტუხტი, ბაია და მაჩიტა. ლანდშაფტი, ძირითადად, ისეთივეა, როგორიც გუშინ გამოვიარეთ: ვაკე და დაბლობი. ირგვლივ სულ დაბლობებია, ჭვავის ყანები, სიმინდის ყანები, ნახირი, ცხვარი. თივა და ჩალა ყრია აქა-იქ, ზოგან სოფლები ტირიფებშია ჩაფლული. სტეპის მცხოვრებთ ხეც ხომ სჭირდებათ, ამიტომ დიდ სტანიცებში ეკლესიებთან ახლოს აკაციებია გაშენებული. ყველგან, სადაც გაიხედავ, ადამიანები და ცხენები მიწაზე სამუშაოდ არიან გამოშლილი. შორს ცხვრის ფარა მოსჩანს, რომელსაც ზემოდან არწივი დასტრიალებს.

      ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მივიწევთ წინ. ამერიკაში კონდუქტორობის დროს მიღებული გამოცდილების წყალობით სულ იოლად შემიძლია, მატარებლიდან გადმოვხტე, ბოლო ვაგონს დაველოდო და ისევ შევახტე. ახლა გზის იმ მონაკვეთს გავდივართ, რომელსაც არემონტებენ და ამიტომ ნელა ვმოძრაობთ. ჭამის დროა და რკინიგზის მუშები კარვის ჩრდილს არიან შეფარებული, თუმცა მატარებლის დანახვაზე კარვიდან იჭყიტებიან და აქედან თავისუფლად შეგვიძლია მათ შორის კაცებისა და ქალების გარჩევა. კარვის გარეთ ძაღლი ზის და გვიღრენს.

      სადგური ტიხორეცკაია. ჩვენი თანამგზავრი ინჟინრისათვის შარშან ამ სადგურზე ფული მოუპარავთ. ბუფეტთან მდგარა ლუდის ბოთლით ხელში. ის ის იყო ჭიქა პირთან მიიტანა, რომ იგრძნო, თითქოს ტანსაცმელზე დაქაჩეს. ჭიქა მაინც ბოლომდე გამოუცლია და მერეღა მოუსინჯავს გულის ჯიბე, მაგრამ საფულე უკვე გამქრალიყო. ქურდიც აღარსად ჩანდა. ის იმდენად ხარბი იყო, რომ, ეტყობა, ერთდროულად ბევრი ფულის შოვნა უნდოდა და, ცხადია, თავის ხელობას მთელ მატარებელში გამოსცდიდა, მაგრამ სწორედ იმ დროს ჩაუჭერიათ, როცა ერთი ოფიცრის ჩემოდნის გათრევას აპირებდა. გამოუძახიათ ჟანდარმი, ქურდი დაუკავებიათ და ინჟინრისთვის იქვე დაუბრუნებიათ თავისი ფული. ალბათ, ეს ყველაფერი ასე სწრაფად არ მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გაეძარცვათ, მაგრამ ინჟინერი ხომ სხვებს არ ჰგავს?! შემოვედით სადგურ კავკაზსკაიაში, სადაც თხუთმეტი წუთი გვაქვს საუზმისთვის. აქედან იწყება კავკასია. ირგვლივ სიმინდის უზარმაზარი ყანები და მზესუმზირის თვალუწვდენელი ბაღებია. თანდათან ვენახებიც მომრავლდა. მარცხნივ თავადის მამული მოჩანს. ჭოგრიტით გავყურებ ფლიგელებიან და გუმბათებიან სასახლეს, რომლის სახურავიც მკვეთრ მწვანე ფერად ლაპლაპებს. სასახლის გარშემო მოოქროვილი წითელი სახურავებით გადახურული სხვა უამრავი შენობაც დგას. სასახლის უკან ტყეა, უფრო სწორად, პარკი. და ეს ყველაფერი სტეპის შუაგულში, შავმიწა ნიადაგზეა გაშენებული. მეჩვენება თუ რა არის, არ ვიცი, სასახლე, თითქოს, ჰაერშია გამოკიდული, მიწიდან ოდნავ აზიდულა და ნელ-ნელა ჰორიზონტის ხაზს უახლოვდება. სორია მორია...

      რაც უფრო ვუახლოვდებით მთებს, მით უფრო მცირდება ხალხი მატარებელში. აბრეშუმის ქვეშაგების პატრონმა სხვა, უფრო მზიანი, ადგილი ამოარჩია მოსასვენებლად, მე კი ჩრდილის ძებნაში მისი ადგილი დავიკავე. თუმცა, მანამდე, ყოველი შემთხვევისათვის, დიდხანს და საგულდაგულოდ ვწმინდე ჯაგრისით - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის პატიოსანი სომეხი მთლად მოხერხებულად ვერ იწვა თავის ქვეშაგებში.

      გადის დრო.

      არმავიროვის სადგურზე, ამავე სახელწოდების ქალაქში, კიდევ ვიყიდეთ მსხალი და ყურძენი. აქაური ყურძენი ყველაზე საუკეთესოა მათ შორის, რაც ჩემს სიცოცხლეში გამისინჯავს და, ცოტა არ იყოს, მრცხვენია იმის გამო, რომ აქამდე სიამოვნებით გეახლებოდით ისეთ უმსგავსობას, როგორიცაა ევროპული ყურძენი. აქაურთან შედარებით ფრანგული, გერმანული, უნგრული და ბერძნული ყურძენი მჟავე ტყის კენკრად მოგეჩვენებათ. აქაური პირში გადნება, კანი თითქმის განუყოფელია რბილობისგან - კანსაც ვერ დაარქმევ, უთხელესი საფარველია, პირში არც კი იგრძნობა. ასეთია ნამდვილი კავკასიური ყურძენი - ფერად ისეთივე, როგორიც სხვაგან: ქარვისფერი, მწვანე და მუქი ლურჯი, ხოლო ზომით, ვფიქრობ, - ოდნავ უფრო მსხვილი. სადგურის პლატფორმაზე ერთი ახალგაზრდა ჩერქეზი ოფიცერი დააბიჯებს. აი, როგორ გამოიყურება: აცვია გაპრიალებული სამხედრო ჩექმა კიდეზე ოქროს ბალთით; ყავისფერი ქსოვილის ჩერქეზკა, რომელიც ლამის კოჭებამდე სწვდება, წელთან ნაოჭასხმულია მოოქროვილი ქამრით; ქამარში ირიბად გაუჩრია ოქროსვადიანი ბებუთი. მკერდზე თვრამეტი მოოქროვილი მასრის თავი, ხოლო თეძოსთან - გრძელი ვიწრო ხმალი მოუჩანს. ხმალი, რომლის ვადაც ფირუზებითაა მოოჭვილი, მიწამდე დასთრევს. აცვია თეთრი აბრეშუმის, არ ვიცი, პერანგი თუ შიდა საცვალი; ჩერკეზკა მკერდთან ჩახსნილი აქვს და ეს თეთრი აბრეშუმი ვერცხლივით ბრწყინავს მზეზე. შავი პრიალა თმა აქვს და თოვლივით თეთრი, ცხვრის გრძელბეწვიანი ტიბეტური ფაფახი ახურავს. ფაფახის ბეწვი შუბლსქვემოთამდე სწვდება. მისი ჩაცმულობა დახვეწილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ამას ვერ იტყვით მის გამომეტყველებაზე. მითხრეს, რომ ასეთი ჩაცმულობა საყოველთაოდ რეგლამენტირებული უნიფორმაა, თუმცა რაც სხვას სელის ქსოვილისა აცვია, მას აბრეშუმისა ჰქონია, ხოლო რაც სხვას თითბერისა აქვს, ის ოქროსას ატარებს. თავადის ვაჟი ყოფილა. სადგურზე ყველა ესალმება და ისიც ყველას პასუხობს. ზოგს ლაპარაკსაც გაუბამს და მერე მშვიდად ისმენს ხანგრძლივ საპასუხო სიტყვას. ეკითხება ხალხს, თუ როგორ ცხოვრობენ, საქმეები როგორ მისდით, ცოლები და ბავშვები როგორ ჰყავთ. ეტყობა, რომ არასასიამოვნოს არავის არაფერს ეუბნება, რადგან ყველა მადლობას უხდის და მასთან შეხვედრით კმაყოფილი ჩანს. ორი „მუჟიკი“, რომლებსაც უბრალო პერანგებზე ტყავის ქამრები აქვთ შემოჭერილი, ოფიცერს წამოეწია და მიესალმა. ქუდები მოიშვლიპეს, იღლიაში ამოიჩარეს, თავი დაუკრეს და რაღაცა უთხრეს. იმათაც გულისყურით უსმენს ახალგაზრდა ოფიცერი და პასუხობს კიდეც, რითაც გლეხები კმაყოფილი ჩანან, მაგრამ არ ჩერდებიან, რაღაცის ახსნას ცდილობენ და ერთმანეთს არ აცლიან სიტყვის თქმას. ოფიცერი ერთი შეძახილით ყაყანს აწყვეტინებს მათ და მუჟიკებიც ქუდებს იხურავენ. ქუდების დახურვა ოფიცერმა უბრძანა მუჟიკებს, რადგან მზე ძალიან აჭერდა. მერე კი გლეხები ისევ ალაპარაკდნენ. ამჯერად ოფიცერი იცინის, უარის ნიშნად თავს აქნევს და ამბობს: „ნიეტ“, „ნიეტ“ და თავისი გზით მიდის. მუჟიკები თავს მაინც არ ანებებენ და უკან მიჰყვებიან. ოფიცერი უეცრად ტრიალდება, თითს იშვერს მათკენ და ამბობს: „სტაიატ“! მუჟიკები შედგნენ, თუმცა ბუზღუნებენ და ისევ ცდილობენ დალაპარაკებას. ხალხს მათ ზმუკუნზე ეცინება, თან ამ საქციელის გამო საყვედურობენ, გონს მოსვლას ურჩევენ, თუმცა მუჟიკებს არაფერი ეყურებათ. მატარებელი დაიძრა, მაგრამ მათი წუწუნის ხმა ჯერ კიდევ აღწევს ჩემამდე.

      ვდგავარ და იმ ოფიცერსა და მუჟიკებზე ვფიქრობ. ალბათ, ის მათი ბატონი იყო, ალბათ იმ ქალაქის მფლობელია, ჩვენ რომ ვიყავით გაჩერებული. იქნებ ის სორია-მორია სასახლეც მას ეკუთვნის, ამ დილით რომ დავინახეთ, და კიდევ ის ნაყოფიერი მიწები, სასახლის აქეთ რაც გამოვიარეთ?! შეჩერდითო, - უბრძანა მან მუჟიკებს და ისინიც დაემორჩილნენ. ერთხელ, ნიკოლოზ პირველს სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში განრისხებული ხალხის ბრბო რომ დაედევნა, შემოტრიალდა მეფე, ბრძანების ნიშნად ხელი გაიშვირა და საშინელი ხმით იყვირა: დაიჩოქეთ! და ხალხიც დაემხო მუხლებზე.

      ადამიანი ემორჩილება იმას, ვინც ბრძანებას გასცემს. ექსტაზში ჩავარდნილი ხალხი ემორჩილებოდა ნაპოლეონსაც. არის რაღაც ტკბობა მორჩილებაში, რუსმა ხალხმა კი ეს კარგად იცის.

      თავის ნაშრომში პეტრე დიდზე ვალიშევსკი ყვება: როცა ბერგჰოლცი 1722 წელს მოსკოვში ყოფილა, სამი ტუსაღის ბორბალზე გაკვრას დასწრებია. მათი დასჯა უკიდურესი სისასტიკით განხორციელებულა. კანონდამრღვევთა შორის უხუცესი ექვსსაათიანი წამების შემდეგ გარდაცვლილა, ორმა კი გაუძლო. ერთ-ერთმა ამ ორიდან გაუსაძლისი ტანჯვის დროს ოდნავ რომ ასწია თურმე დასახიჩრებული ხელი სახის შესამშრალებლად, შენიშნა, რომ მისი სისხლის რამდენიმე წვეთი იმ ბორბალსაც შესხმოდა, რომელზედაც თვითონ იყო გაკრული. მაშინ კიდევ ერთხელ აუწევია მტკივანი ხელი და, რამდენადაც შეეძლო, გადაუწმენდია სისხლი. ასეთ ხალხთან ერთად ბევრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ როცა საქმე ეხება ამ ხალხის თანდაყოლილ ინსტიქტებს, მათ რწმენასა და წარმოდგენებს, ლმობიერი მოპყრობით არაფერი გამოვა. ასეთ დროს მხოლოდ ბრძანებას თუ დაემორჩილებიან და ისიც მხოლოდ მეფისას. შეჩერდითო! - ბრძანა ოფიცერმა და მუჟიკებიც შედგნენ...

      ერთი ბატონი რაღაცას მეუბნება. სიტყვები არ მესმის, მაგრამ სერთუკზე მიმითითებს და ვხვდები, რომ სტეარინის ლაქებზე მელაპარაკება. მე ჩემს მშობლიურ ნორვეგიულ ენაზე ვუხსნი, რომ ერთ კაცს ველოდები, რომელიც ნაირ-ნაირი სითხეებითა და ცხელი უთოთი აღჭურვილი უნდა მოვიდეს და მიხსნას ამ გასაჭირისგან. ჩემს მოსაუბრეს სახეზე თანაგრძნობის გამომეტყველება აღებეჭდა, თითქოს იმის დასტურად, რომ არ სჯეროდა იმ უცნობის გამოჩენისა და დაუყოვნებლივ დაიწყო თავისი მკლავით ჩემი სერთუკიდან სანთლის მოცილება. პენსნე უკეთია, მაგრამ სათვალე რომ ჩამოუვარდა, ვერც კი შენიშნა და საქმე გააგრძელა. ცოტა ხნის შემდეგ ლაქები თითქმის აღარ ჩანდა. ჩემდა გასაოცრად, ვხედავ, თურმე ექსპერტი გვერდში მყოლია და ის ავადსახსენებელი თეთრი ზოლი, როგორც იქნა, გაქრა ჩემი სერთუკიდან. ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რით დავასაჩუქრო ეს ადამიანი - კარტით, სიგარეტით თუ ფულით. გადავწყვიტე, რომ კარტის ჩუქება უფრო ელეგანტური იქნებოდა, მაგრამ ვეძებე და ვერსად ვიპოვე. ნამდვილად, ბარგში გდია სადმე და გამოჩნდება, მაგრამ ახლა რა უნდა ვიღონო? ბოლოს, მადლობით შემოვიფარგლე - ჩემთვის ნაცნობ ყველა ენაზე წარმოვთქვი სამადლობელი სიტყვა და უდიდესი მადლიერება გამოვხატე. ის იღიმება და ჩემი სიტყვების დასტურად მთელი ძალით მიქნევს თავს. ჩვენს მეგობრობას თითქოს სამუდამო განშორების პირი უჩანს, მაგრამ მან ახლა რუსულად გამიბა ლაპარაკი. რასაკვირველია, ყველაფერი არ მესმის, ეს შეუძლებელიცაა, მაგრამ სტეარინზე რომ ლაპარაკობს, ეგ კი გავიგე, ვინაიდან ეს სიტყვა მრავალჯერ ახსენა. ასე თუ ისე, მისი საუბრის მთავარ თემას ჩავწვდი, მაგრამ რა უნდა ვუპასუხო? მას ჩემი ენისა არაფერი ესმის. მან ახლა სხვები მოიხმო და ისინიც ჩართო ჩვენს საუბარში. საბოლოოდ, ჩემი ჩათვლით, ათნი შევიკრიბეთ. ამ სიტუაციაში არ შემიძლია, ჩუმად ვიყო, ვიწყებ ნორვეგიულად ლაპარაკს და ვლაპარაკობ საკმაოდ დიდხანს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსაუბრენი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევენ, როცა რაღაცას დიდი რიხით წარმოვთქვამ და დანარჩენების ხმებს ვფარავ. ჩემს მსმენელთა შორის აღმოჩნდა რკინიგზის ის მუშაკიც, რომელიც არაერთხელ დამპირდა დახმარებას და როცა მას ჩემი გასუფთავებული სერთუკი ვაჩვენე, რაღაც ჩაილაპარაკა და კმაყოფილმა დამიქნია თავი.

      ჩემმა თანამგზავრმა კუპეს კარიდან გამოგვხედა. უნდოდა, დაენახა, რა ხალხი იყო ის ნორვეგიელები, რომლებსაც მე ველაპარაკებოდი. მერე შიგნიდან ხმამაღალი და უზრდელური სიცილი შემოგვესმა, რამაც ჩემი თანამოსაუბრენი შეაცბუნა. მათ სათითაოდ შეწყვიტეს საუბარი და ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით, გაიკრიფნენ.

      ერთ პატარა სტანიცასთან, სადაც მატარებელი გაჩერდა, პირდაპირ გატკეპნილ აყალო მიწაზე ლეწავდნენ პურს. კალო ძნებითაა მოფენილი. ცხენებსა და ხარებს ხორბალზე მანამ ატარებენ, სანამ კევრიდან სუფთა ხორბლის მარცვლები არ გადმოცვივდება. ასე ლეწავენ აქ კალოს. აღარ მაკვირვებს ის ამბავი, რომ რუსულ ხორბალში ამდენი ქვიშა და კენჭი ურევია. ნურლანდში გატარებული ბავშვობიდან მახსოვს, რომ ფინმარკელ მეთევზეებს სახლში არხანგელსკური ხორბალი მიჰქონდათ და მამაჩემს თავის პატარა წისქვილში უძნელდებოდა ქვიშიანი და კენჭებიანი ხორბლის დაფქვა. ჰო, ერთხელ ისიც მახსოვს, რომ ჩვენი წისქვილის ქვამ ნაპერწკლები გაყარა, როცა იქ რუსული ხორბალი იფქვებოდა, მე კი ეს ამბავი საოცრებად მომეჩვენა. მაშინ კალოს გალეწვის ყველა მეთოდი არ მქონდა ნანახი, ახლა კი ბევრი რამ ვიცი. მაგალითად, ამერიკის თვალუწვდენელ ყანებში ჩვენ ორთქლის უზარმაზარი სალეწი მანქანით ვლეწავდით ხორბალს და მისი გავლის შემდეგ მიწის, ჩალისა და ნამჯის ბუღი ღრუბელივით ჩამოწვებოდა ხოლმე პრერიების თავზე. მაგრამ ყველაზე სახალისო კალოს გალეწვის ის მეთოდი იყო, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ - ახალგაზრდა კაზაკი გოგონები კალოს ხარებით ლეწავდნენ. დიდი, გრძელი წკეპლები ორივე ხელით ეჭირათ, გამამხნევებლად ურტყამდნენ საქონელს და ჰაერში წკეპლების შხუილისაგან ღვლარჭნილი ფიგურები იხატებოდა. ეს გოგონები სულაც არ იყვნენ ზორბა და მსუქნები და არც თავიდან ფეხებამდე ჩაცმულები, უფრო - პირიქით. ყანა ოდნავ უფრო მეტად ღელავს, წეღანდელივით მშვიდად აღარ ლივლივებს. შორს, ძალიან შორს, მარცხნივ, ცის ფონზე მთაგრეხილი გამოჩნდა – ეს უკვე კავკასიონის დასაწყისია. ამ მხარეში ძალიან ნაყოფიერი მიწებია, ვაკეზე გაშენებული ქალაქები ნელ-ნელა მატულობს, ხოლო მთის კალთებზე სოფლებია შეფენილი. ბევრია ვენახი და ხეხილის ბაღი, თუმცა არსად ჩანს ტყიანი მასივები; მხოლოდ აკაციის პატარა კორომებია დასახლებების განაპირას. სიცხე მატულობს, კუპეში მორიგეობით შევდივართ და ყველაზე თხელ და გრილ საცვლებს ვიცვამთ.

      ტელეგრაფის ბოძებს, რომლებიც ჩვენს გზას მოჰყვება, ხან უფრო მეტი მავთული აქვს, ხან კი - ნაკლები. ამ ადგილებში ცხრამავთულიანი ბოძებია.

      სიცხე მატულობს და ეს, ცოტა არ იყოს, მაოცებს, რადგან გაცილებით სამხრეთით მდებარე ქვეყნებშიც ნამყოფი ვარ და იქ ასეთი სიცხე არ მინახავს. მართალია, აღმოსავლეთში ვართ, მაგრამ იმ ფაქტს ხომ ვერსად წაუვალთ, რომ იმავე განედზე ვიმყოფებით, რომელზეც სერბეთი, ჩრდილოეთ იტალია და სამხრეთ საფრანგეთი არიან განლაგებული?! თითქოს ნიავიც უბერავს და შეხუთულობაც არ იგრძნობა, ვაგონის ორივე მხარეს ყველა კარი და ფანჯარა ღიაა და ისეთი ორპირია, ქუდები ხელით გვიჭირავს. თუმცა იმდენად ცხელი ქარი უბერავს, რომ ძლივს ვსუნთქავთ. სახეზე პიონებივით ავწითლდით, ქალებს სახეები შეუშუპდათ და ჩვენ ერთბაშად გადიდებული ცხვირების გამო მათ დავცინეთ. რა თქმა უნდა, დილით თითოეულმა მათგანმა გულმოდგინედ იბანავა და სწორედ ამიტომ გადაეხადათ სამაგიერო - გადაჭარბებისთვის ხომ ყოველთვის ისჯებიან. ამიტომ მატარებლით ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, სჯობს, თან იქონიო ჩვარი, რომლითაც სახეს შეიმშრალებ.

      ბაქოდან მომავალი მატარებელი შემოგვხვდა, ნავთობითა და ბენზინით დატვირთული, და მისმა სუნმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც ჩახუთული ჰაერი.

      ჩვენგან მარცხნივ მდებარეობს პიატიგორსკი. გავჩერდით პატარა სადგურზე, სადაც სამკურნალო წყლებზე მიმავალი დამსვენებლები ჩამოვსხით. მადლობა ღმერთს, ის ებრაელი ოფიცერიც ჩავიდა. განგებ იქცევა ისე, თითქოს არ მიცნობდეს; მის დაბრუნებამდე აუცილებლად უნდა დავტოვოთ ვლადიკავკაზი! პიატიგორსკი, ანუ ხუთი მთის ადგილი, სავსეა კურორტებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლებით. ხუთივე მაღალი მთა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დგას. თბილი წყაროების სითბო ორმოც გრადუსამდე აღწევს. წყალი იმდენად გოგირდოვანია, ყურძნის აკიდო რომ ჩაჰკიდო წყალში, რამდენიმე საათში გამოკრისტალდება გოგირდი, რომელიც რტოებს ახეშეშებს, ყურძნის მარცვლებს კი გოგირდის ყურძნად აქცევს. ეს უცნაური გოგირდოვანი ყურძენი სადგურზე გასაყიდადაა გამოტანილი.

      შორს თოვლით დაფარულ მწვერვალებს ვხედავთ და, ისე ჩანს, თითქოს თეთრ ღრუბლებთან ერთად მთებიც მიცურავდნენ ცაზე. ზღაპრული მოჩვენება გგონია უზარმაზარი მთის მასივები, რომლებიც თითქოს სტეპებიდან ამდგარან, ცაზე გაწოლილან და მზეზე თეთრად ბრწყინავენ.

      საღამოს შვიდი საათისთვის სიცხემ იკლო. კავკასიონი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენგან მარცხნივ იყო გაწოლილი. რაც უფრო ვუახლოვდებით მას, მით უფრო გრილი ჰაერი მოდის ჩვენამდე. მატარებელში უკვე დავხურეთ კარი, ხოლო ერთი-ორი საათის შემდეგ აცივდა და ფანჯრებიც ჩავრაზეთ. ამ დროს ჩემს სერთუკს ისევ დააჩნდა სტეარინის ზოლი, რადგან ყინვამ ლაქა უფრო თვალსაჩინო გახადა. ამგვარად, ჩემი მშველელი, რომელსაც ექსპერტი ვუწოდე, ცრუ ილუზიონისტი გამოდგა ...

      მზე, დიდი ხანია, მიეფარა ჰორიზონტს; მთებს მომწვანო თეთრი ფერი დაედო; თავისი სიშორითა და დიდებულებით კავკასიონი თავადაა სამყარო. აქ ყველაფერი - მწვერვალები, თხემები, კოშკები და მინარეთები, - თოვლისგანაა შექმნილი. და ჩვენ, უცხოელებს, შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც პუშკინმა, ლერმონტოვმა და ტოლსტოიმ დაწერეს ამ მისტიკურ სიდიადესთან პირველი შეხვედრისას. სწრაფად ბნელდება. ვუახლოვდებით სადგურ ბესლანს. ამ სადგურში ინჟინერი სხვა მატარებელში უნდა გადაჯდეს, რომელიც მას პირდაპირ ბაქოში ჩაიყვანს. აქედან ჩვენ უკვე მარტონი ვაგრძელებთ გზას. ნახევარმთვარე მაღლიდან დაგვნათის, თუმცა უთვალავი ვარსკვლავი ანთია ცაზე და მათგან საკმარისი შუქი მოდის. მთების მასივი მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენკენაა მოქცეული, თუმცა ცოტა ხანში კავკასიონი ღრუბლებით იფარება, აღარც მთვარე და ვარსკვლავები ჩანან და ყველაფერი უკუნ სიბნელეში ინთქმება. ამ წყვდიადის შუაგულში ვხედავთ ორ უზარმაზარ ცეცხლოვან ბურთს, ეს სტეპის ორ წერტილში ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონია. აქა-იქ ცეცხლიდან ავარდნილი ნაპერწკლები გაკრთება ხოლმე, ალი კი ადამიანების სილუეტებს გამოკვეთს, ისმის ძაღლების ყეფა.

      სადგურთან ძალიან ბნელა, აქა-იქ ბჟუტავენ ქუჩის ნათურები. ძლივს ვხედავთ ჩვენს თანამგზავრს, რომელსაც ვემშვიდობებით. მას შემდეგ, რაც პეტროვსკსა და დერბენტში მიმავალი მატარებლით ინჟინერი გავაცილეთ, იმ უკუნ სიბნელეში მთელი სადგური შემოვიარეთ. ნეტავ, რისთვის ვართ აქ გაჩერებული? ვინმე თუ იცის რამე? მაგრამ, ვის გინდა, ჰკითხო?! ან, ვის შეუძლია პასუხის გაცემა? ორ საათზე მეტია, სადგურში დავხეტიალობთ და ისე შევაჩვიეთ თვალი სიბნელეს, უკვე საკმაოდ კარგად ვარჩევთ ყველაფერს. კედელთან მთვრალი კაცი გდია. ალბათ, ან სძინავს, ან უგონოდაა, რადგან სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობა. ფორმიანმა ბატონმა, რომელსაც წითელძირიანი ქუდი ეხურა, გლეხის იქიდან მოშორება ბრძანა, სადგურის ორმა მუშამ მკლავებში წაავლო ხელი და პლატფორმაზე გაათრია თვალსმოფარებული ადგილისკენ. გლეხს შარვალი არ აცვია, შალის სათბურა დახევია, პერანგი კი არც სცმია. რომ მიათრევდნენ, თვალიც არ გაუხელია, მკვდარივით ეძინა. გვინდოდა, რამენაირად დავხმარებოდით, მაგრამ დრო არ გვქონდა. შემხვედრმა მატარებელმა გუგუნით ჩაგვიარა და, როგორც იქნა, ჩვენი ხაზი გათავისუფლდა. მატარებელმა გასვლის ნიშანი მისცა, სასწრაფოდ ავედით ვაგონში და ღამეში ჩავიკარგენით.

      საათ-ნახევარში უკვე ვლადიკავკაზში ვართ. ახლა თორმეტის ნახევარია - სამი საათით დავიგვიანეთ.

IV. ვლადიკავკაზი

      „ნასილშიკ“! - დავიძახეთ რამდენჯერმე. როგორც იქნა, ამ სიტყვის ჩვენეული გამოთქმა გაიგეს და მებარგული მოვიდა. მან ჩვენი ბარგი მეეტლესთან მიიტანა, მეეტლემ კი სასტუმროში წაგვიყვანა.

      ღამის პირველი საათია, მაგრამ სასტუმრო ჯერ კიდევ განათებულია. ოქროსფერზოლიან ქუდებში გამოწყობილი ორი პორტიე შემოსასვლელთან შეგვეგება.

      - ფრანგულად ლაპარაკობთ?

      - „ნიეტ“.

      - გერმანულად?

      - „ნიეტ“.

      - ინგლისურად?

      - „ნიეტ“. მხოლოდ რუსულად, თათრულად, ქართულად, სომხურად და სპარსულად.

      „მხოლოდ“.

      სხვა რა გზა გვაქვს, გადმოვედით, მეეტლეს გადავუხადეთ და ბარგიანად მესამე ნომერში ავედით. აქ მხოლოდ ერთი საწოლი დაგვხვდა. ჟესტების ენაზე კიდევ ერთი საწოლი შევუკვეთეთ და თავის დაქნევით გვიპასუხეს, რომ მოგვიტანდნენ. უკვე გვიანია, ჩვენ კი მშივრები ვართ, ამიტომ სანამ მზარეული წავა, სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საჭმლის ამბავი, ჩემი თანამგზავრი კი ამ დროს დასაბან მოწყობილობაზე იწყებს ლაპარაკს. ჩემი ბუნებრივი უპირატესობით ვისარგებლე და მამაკაცური მოვალეობის შეგრძნებით მაგიდაზე მუშტი დავაბრახუნე: - არა, ჯერ საჭმელი მოვატანინოთ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი დანარჩენზე. ჩემი გავიტანე.

      ქვემოთ, სასადილო დარბაზში ჩასულებს შემწვარი ცხვრის ხორცი, პიროგები და შჩი მოგვიტანეს. ოფიციანტი რუსულად ლაპარაკობს, ინგლისურად იცის „beer“ და „meat“, მაგრამ ესენი ჩვენც ვიცით რუსულად, ასე რომ, ვერაფერი სარგებელია ჩვენთვის. სხვა მხრივ, საქმე კარგად მიდის და ყველაფერი სახალისოა, გარდა საშინლად მაღალი ფასებისა.

      სადილის შემდეგ გარეთ გამოვედით. ახლა ღამის ორი საათია, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს ჯერ კიდევ ღიაა ხილისა და თამბაქოს სავაჭრო დახლები.

      ქუჩა გადავჭერით და ყურძენი ვიყიდეთ. უკან დაბრუნებულებს მეორე საწოლი მართლაც მოტანილი დაგვხვდა, მაგრამ გასაშლელი იყო. დავრეკეთ ზარი. მოვიდა გოგონა, ფეხშიშველი და სიცხის გამო შილიფად ჩაცმული. როგორღაც გავაგებინეთ, რომ მეორე საწოლისთვის თეთრეული იყო მოსატანი და გასაშლელი. გოგონამ თავი დაგვიქნია და გავიდა. მას ხმა არ ამოუღია, ამიტომ, ვერ გავარკვიეთ, რომელ ენაზე ლაპარაკობდა, გარეგნულად თათარს ჰგავდა. მის ლოდინში ისევ გავედით გარეთ და დიდი რაოდენობით ვიყიდეთ ხილი - ორი პაკეტი გავავსეთ. შიგნით აღარ შემოვსულვართ, თბილი ღამე იყო და დუქნის შემოგარენი დავიარეთ. ძალიან ბნელა, მაგრამ ყველგან, სადაც ღიაა სავაჭრო ჯიხური, ქუჩის ფარანი ანთია. ამ დახლებზე ხილი, თამბაქო და თბილი პიროგები იყიდება. დახლში მძიმედ შეიარაღებული ქისტები თუ ლეკები დგანან და მშვიდობიანად ვაჭრობენ ყურძნითა და სიგარეტით. ქამარში პისტოლეტიც აქვთ გაჩრილი, დანაც და ხანჯალიც. აკაციების ხეივანში ბევრი ხალხი მიდი-მოდის, ზოგი რაღაცას ყიდულობს, სხვები სეირნობენ და ღიღინებენ, ან ოცნებას არიან მიცემულნი; ზოგი ხის ძირში დგას გაყუჩებული. რაც უფრო მიიწევ აღმოსავლეთისაკენ, მით უფრო ნაკლებს ლაპარაკობს ხალხი. უძველესი წარმოშობის ხალხები, დიდი ხანია, გამოვიდნენ ლაპარაკისა და ლაყბობის მდგომარეობიდან, ისინი დადუმებულან და მხოლოდ იღიმებიან. ალბათ, ასე უკეთესია. ყურანმა დაუწესათ ცხოვრების ისეთი ყაიდა, რომლის განსჯა და შემოწმება არ შეიძლება. მათ იციან ერთადერთი რამ - ბედნიერებაა, გაუძლო, შეეგუო იმას, რასაც ცხოვრება გაძლევს და თუ ამას მოახერხებ, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ფატალიზმი.

      ერთ-ერთი დახლის წინ ზის კაცი, რომელიც ბალალაიკას აჩხაკუნებს, - უძველესი დროის რაღაც ბუნდოვან და მარტივ მელოდიას უკრავს. ჩვენ ვფიქრობთ: მადლობა ღმერთს, რომ ის აქ ზის მთელი დღე და უკრავს. ამით ჩვენ ყველას გვამზადებს მცირე, მაგრამ ნამდვილი სიხარულის განსაცდელად და რადგან დაკვრას არ წყვეტს, ეს ნიშნავს, რომ მუსიკა მასაც სიამოვნებას ანიჭებს. საოცარი ხალხი ცხოვრობს ამ საოცარ ქვეყანაში! მათ აქვთ დრო იმისათვის, რომ გაერთონ და ნიჭი იმისა, რომ პირში წყალი ჩაიგუბონ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ქვეყანა სადღაც, სამყაროს გულისგულში, ჯერ კიდევ არსებობს! სლავებზე უკეთეს მეზობლებს კი ისინი ვერც ინატრებდნენ, რადგან სლავებს თვითონ აქვთ გულში გაბმული სიმები. ერთხელ, დაახლოებით 500 წელს, როცა ბერძნებს ომი ჰქონდათ არაბებთან გაჩაღებული, მტრის ერთი დანაყოფი ტყვედ ჩაუგდიათ. ტყვეებს შორის სამი სლავიც ყოფილა, რომლებსაც ხელში ბარბითები - სიმებიანი ინსტრუმენტები ეჭირათ და უკრავდნენ, ეს იყო მათი იარაღი.

      ქუჩის მუსიკოსმა დაკვრას ნელ-ნელა სიმღერაც ააყოლა. ერთი სიტყვაც ვერ გავიგეთ, მაგრამ გულიდან ღიღინით ამოთქმულმა ბგერებმა ჩვენზე გავლენა მოახდინა, გაგვახსენდა დრაჩმენის „შაკუნტალა“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ოქროს რაკრაკი. დროდადრო ქრისტიანი რუსი ოფიცრები ჩაივლიან გარნიზონისკენ, რომელიც აქვე მდებარეობს. გზად მათ მთელი ეს მუსულმანური სამყარო უნდა გადასერონ, მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებთ, არც უხალისობა ემჩნევათ, იმიტომ რომ სლავები არიან, კლუბიდან მოდიან და დასაძინებლად მიიჩქარიან. რუსი ოფიცრებისგან განსხვავებით, ლეკი მუსიკოსი სახლში არ მიდის, ის დაკვრას აგრძელებს და მთელი ღამე უკრავს. ჩვენ, ევროპელებს, ასეთი რამ არ შეგვიძლია; ჩვენ სიხარულით ვემზადებით დასაძინებლად, ხოლო საწოლები საბნებით გვაქვს სავსე. ლამის ზამთარიც კი მოგვენატროს, როცა ზაფხული რამდენიმე კვირა გადაბმულად გრძელდება; ჩვენ თოვლსა და გაფიჩხულ სიკვდილში ვპოვებთ სულის სიმშვიდეს. არავინ დარდობს, როცა ზაფხული მთავრდება, არავინ იტანჯება ზაფხულის წასვლით გამოწვეული ტკივილისაგან. ითვლება, რომ ეს უბრალოდ უხერხული გადასვლაა სეზონიდან სეზონზე და ამაზე არავინ ნაღვლობს. ჩვენ თითქოს ყველაფერი თავდაყირა გვაქვს დაყენებული და ამას ვერც ვხვდებით. „სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენია ის, რომ არავინ ნაღვლობს მის დასასრულზე“. ბოლოს და ბოლოს, როცა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, გვისრულდება გულის წადილი და ზამთარი მოდის, ჩვენ გამოსაზამთრებლად კი არ ვემზადებით, რაც ბუნებრივი იქნებოდა, არამედ ვმუშაობთ, ვწვალობთ, ვფაციფუცობთ და ეს ყველაფერი ხდება თოვლში. საღამოობით, როცა უსასრულოდ იწელება დრო და ყინვის შიშით ვერც ერთი სულიერი ვერ ბედავს გარეთ გასვლას, ანთებულ ღუმელთან ვსხდებით და ვკითხულობთ. ვკითხულობთ რომანებსა და გაზეთებს, მაგრამ არ კითხულობენ უძველესი ხალხები, ისინი ღამით გარეთ გადიან და სიმღერებს უკრავენ. ზის ახლა ის კაცი აკაციის ქვეშ, ჩვენ კი ვუყურებთ და ვისმენთ მის დაკრულს. აი, ასეთია ქვეყანა, რომელშიც ვმოგზაურობთ. როცა ბარბაროსი კაიზერი გაევროპელდა, მან კავკასია თურმე გამოსასწორებელ კოლონიად აქცია და აქ ის, ძირითადად, პოეტებს ასახლებდა.

      შუაღამეა, მაგრამ ხალხი მაინც არ ისვენებს. სიცოცხლე მათთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ძილი, თანაც აქეთ თბილი და ვარსკვლავიანი ღამეები იცის. ყურანის მიხედვით, ბევრი რამ არის დაშვებული: ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ ყურძნით, შეუძლიათ იმღერონ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. ქამარში გარჭობილი იარაღი ამ ადამიანებისთვის ნიშნავს ბრძოლას, დიდებას, გამარჯვებას და საზეიმო დოლის ბრაგუნს. თავის მხრივ, ბალალაიკაც რაღაცაზე მეტყველებს - ესაა სიყვარული, ბალახის შარიშური სტეპებში და აკაციის ფოთოლთა შრიალი. როცა ბერძნებსა და თურქებს შორის უკანასკნელი ბრძოლა დაიწყო, თურქმა ოფიცერმა, როგორც ჩანს, განჭვრიტა ბრძოლის დასასრული და იწინასწარმეტყველა: „სისხლის ნიაღვარი წალეკავს მდინარეებს. იმდენი ბერძენი განიგმირება, რომ სისხლით შეიღებება ყვავილებიო“. - ეს სიტყვები ერთხელ სადღაც ამოვიკითხე და გონებაში ჩამრჩა უცნაური მხატვრული სახისა და საშინელი სიმძაფრის გამო. „სისხლიანი ყვავილები!“ - პრუსიელი ოფიცრებისგან ასეთ რამეს ვერ მოისმენ... სახლში რომ დავბრუნდით, საწოლები გაშლილი დაგვხვდა და ახლა წყალი, პირსახოცები და ასანთი მოვიკითხეთ. სინამდვილეში, საწოლებიც არ იყო მზად, მხოლოდ ორ-ორი ზეწარი ეგდო თითოეულზე უსწორმასწოროდ. ჩემმა თანამგზავრმა ზეწრების გასწორება დაიწყო, თუმცა არა იმიტომ, რომ სიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ მოახლე გოგოსთვის ეს საჭირო ხელობა ესწავლებინა და, საერთო ჯამში, ჩვენი საქმე გაეკეთებინა. ორი ქალი ერთმანეთს ეხმარება, მათი სიტყვებიც თითქმის ერთნაირად ჟღერს და ეს მაოცებს. მოახლეს ვთხოვეთ, საბნებიც მოეტანა, რადგან აქ მხოლოდ ზეწრები იყო. გოგო გავიდა და ერთი ცალი მოიტანა. კიდევ ერთი ვთხოვეთ, რომ თითო საწოლზე თითო დაგვეფარებინა. მან მეორეც მოიტანა. ახლა ჯერი წყალზე მიდგა. გოგომ ვერაფერი გაიგო, ერთი სიტყვაც კი. მაშინ ძალები მოვიკრიფეთ, და როგორღაც ავუხსენით, რა გვინდოდა. მაშინღა დავიდა მის ტვინამდე, რომ წყალს ვითხოვდით. აქ კი ჩვენი მიუხვედრელობა გამოჩნდა - მან შიშველი ფეხი დააჭირა დასაბანი მოწყობილობის პედალს და წყალი რაკრაკით წამოვიდა ნიჟარაში. აქ ასეთი დასაბანი მოწყობილობა ჰქონიათ. რუსეთში რომ სულ გამდინარე წყალს ხმარობენ დასაბანად, ეს ჩვენ, ჯერ კიდევ, მოსკოვიდან უნდა გვცოდნოდა. უცხოელები საკუთარ ჭუჭყში ბანაობენო, - ამბობენ რუსები. სულ ბოლოს პირსახოცები მოვიკითხეთ. ნეტავ, მოგვიტანენ თუ არა? გოგო წავიდა და ერთი პირსახოცით დაბრუნდა; მეორეც, თუ შეიძლებაო, - ვთხოვეთ. წავიდა და მეორეც მოიტანა. ასანთი ჯიბეში აღმომაჩნდა, ამიტომ გოგოს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ და კარი სწრაფად მივხურეთ, რაც შეიძლება, მალე რომ მოგვეშორებინა თავიდან.

      მატარებლით ხანგრძლივმა მგზავრობამ ჩვენს გონებაში უამრავი სხვადასხვა წვრილმანი ერთად შეყარა და ახლა თავში ერთი რია-რია გვაქვს, ისევ მატარებელში გვგონია თავი. პირადად მე უსიამოვნებისათვის სხვა მიზეზებიც მაქვს - უქეიფოდ ვარ, დაღლილობა მაწუხებს და ციებ-ცხელება მეწყება. კარგი იქნება, ალკოჰოლით თუ ვიმკურნალებ-მეთქი, ვიფიქრე და ოთახი მოვათვალიერე, რომ ლუდის კათხაში კონიაკი ჩამომესხა.

      ერთსაათიანი ძილის შემდეგ ოთახში ჩამოწოლილმა სიცხემ გამაღვიძა და მივხვდი, შეცდომა დავუშვი, საბანი რომ მოვატანინე. კვლავ ჩამეძინა, ამჯერად - ზეწარგადაფარებულს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა, რომ გამომეღვიძა და მივხვდი, ვიყინებოდი. მაშინ გადავწყვიტე, რომ არასოდეს, არაფრის გულისათვის, აღარ გადავიხდიდი საბანს. მოკლედ, ვიგრძენი, რომ კავკასიური ცხელება მეწყებოდა და მთელი ღამე შფოთში უნდა გამეტარებინა.

      ო, ღმერთო, ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი ასეთი ღამე მელოდა..

*გაგრძელება*

ნახვა: 1364

გამოხმაურებები!

ამის მარტო მისტერიები მაქვს წაკითხუულიიი ... ჰოდაამ აღფრთობანებული დავაბიჯებდი რომ აღმოვაჩინე.... ამასაც წავიიიკითხავ გაგრძელებაც დადეთ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters