ნუ გამოიხმობ!
ნუ გამოიხმობ!

მეფისტოფელის რეჩიტატივი

I

      სულელმა ქსიუშკამ madame ლუზინას მოახსენა:

      – შენთან კაცი მოვიდა.

      Madame ლუზინას სახე წამოენთო:

      – ჯერ ერთი, რამდენჯერ უნდა გითხრა, შენობით ნუ მელაპარაკები! ვინ კაცი მოვიდა?

      Madame ლუზინა წინკარში გაგოგმანდა.

      წინკარში ქსავერი ანტონოვიჩ ლისინევიჩი ირმის რქაზე ქუდს ჰკიდებდა და უგემურად იღიმებოდა. ქსიუშას ნათქვამი გაიგონა:

      Madame ლუზინას სახე ხელმეორედ წამოენთო.

      – ოჰ, ღმერთო ჩემო! მომიტევეთ, ქსავერი ანტონიჩ! ეს სოფლელი გაგრია ყველას ასე... გამარჯობა!

      – ო, რას ბრძანებთ! – დარბაისლურად გაშალა ხელები ლისინევიჩმა, – საღამო მშვიდობისა, ზინაიდა ივანოვნა! – ფეხი განზე გადგა, თავი დახარა და madame ლუზინას ხელი ტუჩებთან მიიტანა.

      მაგრამ როგორც კი დააპირა, madame ლუზინასთვის ხანგრძლივი, მომნუსხველი მზერა ეტყორცნა, კარი გაიღო და ლუზინას ქმარი პაველ პეტროვიჩი შემოვიდა. ლისინევიჩმა მზერა დაიცხრო.

      – ჰო-ო... – უმალ წამოიწყო პაველ პეტროვიჩმა გაჭიანურებული მსჯელობა, – „კაცი“.... ჰე-ჰე! ვე-ლუ-რე-ბი არიან! ნამდვილი ველურები. სულ ვფიქრობ: თავისუფლებაო... კომუნიზმიო. მომიტევეთ! განა შეიძლება, კომუნიზმზე იოცნებო, როცა ირგვლივ ასეთი ქსიუშკები არიან? „კაცი“... ჰე-ჰე! ღვთის გულისათვის, მომიტევეთ! კაცი...

      „რა ტუტუცია!“ – გაიფიქრა madame ლუზინამ და ლაპარაკი შეაწყვეტინა:

      – წინკარში რას ვდგავართ?.. სასადილო ოთახში მობრძანდით...

      – დიახ, აქეთ წამობრძანდით, – აჰყვა პაველ პეტროვიჩიც, – გთხოვთ!

      ყველანი თავდახრილნი გაძვრნენ შავი მილის ქვეშ და სასადილოში შევიდნენ.

      – იმას მოგახსენებდით, – განაგრძო პაველ პეტროვიჩმა და სტუმარს წელზე ხელი შემოხვია, – კომუნიზმი... სადავო არ არის, ლენინი გენიალური ადამიანია, მაგრამ – აი, ულუფისაა, ხომ არ ინებებთ... ჰე-ჰე! დღეს ავიღე... მაგრამ კომუნიზმი ისეთი რამ გახლავთ, ასე ვთქვათ, თავისი არსით... ოჰ, გახეულია? სხვა აიღეთ, აგერ, განაპირა... თავისი არსით გარკვეულ განვითარებას საჭიროებს... ოჰ, ნესტიანია? ეს რა პაპიროსია! გეთაყვა, აი, ეს აიღეთ... თავისი შინაარსით... მოიცადეთ, აინთება... ეს რა ასანთია! ესეც ულუფისაა... გარკვეული შეგნება...

      – პოლ, მაცადე! ქსავერი ანტონოვიჩ, ჩაი მანამდე დავლიოთ თუ შემდეგ?

      – მე მგონი... ე-ე, მანამდე, – უპასუხა ქსავერი ანტონოვიჩმა.

      – ქსიუშკა! პრიმუსი! ახლავე ყველანი მოვლენ! ყველანი ძალიან დაინტერესებულნი არიან! ძალიან! სოფია ილინიჩნაც მოვიწვიე...

      – მაგიდა?

      – ვიშოვეთ! ვიშოვეთ! ლურსმნები აქვს ჩაჭედებული... მაგრამ, მე მგონი, არა უშავს.

      – ჰმ... ეს, რა თქმა უნდა, ცუდია... თუმცა როგორმე იოლას გავალთ...

      ქსავერი ანტონოვიჩმა ინკრუსტრირებული სამფეხა მაგიდა შეათვალიერა და თითები თავისთავად აუთამაშდა.

      – სიმართლე რომ გითხრათ, არ მჯერა, – წამოიწყო პაველ პეტროვიჩმა, – რაც გინდათ, ბრძანეთ, არ მჯერა. თუმცაღა, ბუნებაში...

      – ოჰ, რას ამბობ! ეს ძალზე საინტერესოა! მაგრამ იცოდეთ, რომ შემეშინდება! ლუზინამ თვალები ხალისიანად გააელვა, შემდეგ წინკარში შეირბინა, სარკესთან თმა სახელდახელოდ გაისწორა და სამზარეულოში გაფრთხიალდა. იქიდან პრიმუსის გუგუნი და ქსიუშკას ფეხების ტყაპუნი მოისმა.

      – მე მგონი, – წამოიწყო პაველ პეტროვიჩმა და აღარ დაასრულა.

      წინკარში კაკუნი გაისმა. პირველად ლენოჩკა გამოჩნდა, მერე მდგმური. არც II საფეხურის მასწავლებელს, სოფია ილინიჩნას დაუგვიანია. მას კი კვალდაკვალ მოჰყვა ბობორიცკი თავის საცოლესთან, ნინოჩკასთან ერთად.

      სასადილო ოთახი სიცილითა და თამბაქოს კვამლით გაივსო.

      – აქამდე უნდა ჩაგვეტარებინა!

      – უნდა ვაღიარო, რომ...

      – ქსავერი ანტონოვიჩ! მედიუმი თქვენ იქნებით! ხომ იქნებით? ხომ?

      – ბატონებო, – ინაზებოდა ქსავერი ანტონოვიჩი, – მეც ხომ, არსებითად, ისევე გაუთვითცნობიერებელი ვარ... თუმცა...

      – ოჰ, არა! თქვენ ხელქვეშ მაგიდა ჰაერში ავარდა!

      – უნდა ვაღიარო, რომ...

      – გარწმუნებ, მანიამ მომწვანო სინათლე თავისი თვალით ნახა!

      – შემზარავია! არ მინდა!

      – სინათლეც იყოს! სინათლეც! თორემ თანახმა არ ვიქნები! – ყვიროდა ჯანმაგარი სოფია ილინიჩნა, – თორემ არ დავიჯერებ!

      – ბატონი ბრძანდებით... სინათლეც იქნება...

      – არა! არა! სიბნელეში! როცა იულიუს კეისარმა სიკვდილი გვამცნო...

      – ოჰ, არ შემიძლია! სიკვდილზე ნუ შეეკითხებით! – ყვიროდა ბობორიცკის საცოლე, ხოლო მიბნედილი ბობორიცკი ჩურჩულებდა:

      – სიბნელეში! სიბნელეში!

      გაოცებისგან პირდაღებულმა ქსიუშამ ჩაიდანი შემოიტანა, madame ლუზინამ ფინჯნები ააწკარუნა.

      – ჩქარა, ბატონებო, დროს ნუ დავკარგავთ!..

      ჩაის შემოუსხდნენ.

      ...ქსავერი ანტონოვიჩის მითითებით ფანჯარა ყრუდ დაგმანეს. წინკარში შუქი ჩააქრეს, ხოლო ქსიუშას უბრძანეს, სამზარეულოში იჯექი და ფეხები არ ატყაპუნოო. დასხდნენ და იქაურობა სიბნელემ მოიცვა...

     

II

      ქსიუშკამ თან მოიწყინა, თან შეშფოთებაც იგრძნო, ეს რა ჯანდაბაა... ყველგან სიბნელეა, ჩაიკეტნენ. ჯერ დუმდნენ, მერე წყნარი, თანაბარი კაკუნი დაიწყეს. ქსიუშამ კაკუნი გაიგონა და გაშეშდა. შეეშინდა. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე გაურკვეველი ხმა გაისმა...

      – ღმერთო ჩემო, რა ხდება?..

      გაზინთულ ტაბურეტზე მჯდარი ქსიუშა შეტოკდა, ყური გაამახვილა.

      ტუკ... ტუკ... ტუკ... მერე სტუმრად მოსული ქალი, ღმერთო გვიშველე, ქვევრივით აბუბუნდა:

      – ა, ა, ა, ა...

      ტუკ... ტუკ...

      შეშინებული ქსიუშა ტაბურეტზე ქანქარასავით ტოკავდა, ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა... ეჩვენებოდა, რომ ჩაბნელებული ფანჯრიდან რქებიანი ეშმაკი იცქირებოდა, თანაც გული წინკარისკენ მიუწევდა...

      ბოლოს ვეღარ მოითმინა, განათებული სამზარეულოს კარი მიხურა და წინკარში შესხლტა. ბორძიკით მიდიოდა, სკივრებს ეჯახებოდა, კარს ხელის ფათურით მიაგნო და გასაღების ჭუჭრუტანიდან შეიჭყიტა... მაგრამ იქ ჯოჯოხეთურ წყვდიადს დაესადგურებინა და მხოლოდ ხმები მოისმოდა...

     

III

      – სულო, ვინა ხარ?

      – ან, ბან, გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, თან... ი...

      ტუკ!

      – ი! – ამოიხვნეშეს ოთახში.

      – ან, ბან, გან...

      – იმ!

      ტუკ... ტუკ... ტუკ...

      – იმ-პე-რა... ო-ო ღმერთო!

      – იმპერატორი ნა-პო...

      ტუკ... ტუკ...

      – ნა-პო-ლე-ონ-ი!!! ღმერთო ჩემო, რა საინტერესოა!..

      – ჩუმად!.. შეეკითხეთ! შეეკითხეთ!

      – რა?.. ჰო, შეეკითხეთ!.. აბა, ვინ შეეკითხება?..

      – იმპერატორის სულო, – მღელვარედ წარმოთქვა ლენოჩკამ, – მითხარი, ღირს თუ არა, მთავქიმიდან რკინკომში რომ გადავიდე?

      ტუკ... ტუკ... ტუკ...

      ...სუ... უ... სუ-ლე-ლო! – გარკვევით უპასუხა იმპერატორმა ნაპოლეონმა.

      თავხედმა მდგმურმა ჩაიხითხითა.

      ოთახში სიცილმა ჩაირბინა.

      – უაზრო შეკითხვებს ნუ აძლევთ! – ბრაზიანად ჩაიჩურჩულა სოფია ილინიჩნამ.

      ლენოჩკას სიბნელეში ყურები აელანძა.

      – ნუ განრისხდები, კეთილო სულო! – შეევედრა იგი იმპერატორს, – თუ არ მირისხდები, ერთხელ დააკაკუნე!

      ნაპოლეონი ქსავერი ანტონოვიჩის ხელებს დაემორჩილა.

      ქსავერი ანტონოვიჩი ორ საქმეს ერთდროულად ასწრებდა – თან madame ლუზინას კისერზე ტუჩებით უღიტინებდა და თან მაგიდას ატრიალებდა, ფეხი ააქნევინა და პაველ პეტროვიჩს კორძზე დაადგა.

      – სს-ს! – ტკივილისგან ჩაისისინა პაველ პეტროვიჩმა.

      – ჩუმად! შეეკითხეთ!

      – ბინაში უცხო ხომ არავინ არის? – იკითხა ფრთხილმა ბობორიცკიმ.

      – არა! არა! თამამად თქვით!

      – იმპერატორის სულო, ბოლშევიკების ხელში ძალაუფლება კიდევ რამდენ ხანს იქნება?

      – ა-ა!.. ეს საინტერესოა! ჩუმად!.. დაითვალეთ!

      ნაპოლეონი თვლას შეუდგა...

      – სა... სამ... თვეს!

      – ა-ა!!

      – მადლობა ღმერთს! – შესძახა საცოლემ, – როგორ მძულან!

      – ჩუ!.. რას ამბობთ?!

      – აქ არავინ არის!

      – ვინ ჩამოაგდებს? სულო, გვითხარი!..

      ...გაინაბნენ... ა-სე... ა-სე...

      ...ქსიუშკას ცნობისმოყვარეობისგან სული ელეოდა.

      ბოლოს ვეღარ მოითმინა და სამზარეულოსკენ გატრიალდა. ჩაბნელებულ სარკეში გამკრთალმა საკუთარმა ანარეკლმა შეაკრთო, სკივრებს შუა გაძვრა, სამზარეულოში შევიდა, შალი მოიხურა, კვლავ წინკარში დაბრუნდა, ცოტა ხანს გასაღების ჭუჭრუტანასთან იწრიალა, მერე კარი ნელა მიხურა და ქვემოთა სართულზე, მაშასკენ გაექანა.

     

IV

      მაშა მეხუთე სართულიდან გამოსულ დუსკასთან ერთად ლიფტის წინ კიბეზე იდგა, ჯიბეში ასი ათასის მზესუმზირა ეყარა.

      ქსიუშკა ენად გაიკრიფა.

      – გოგოებო, ჩაიკეტნენ... იმპერატორს ბოლშევიკებზე ალაპარაკებენ... ბინა ჩააბნელეს! გადაირევი!.. მდგმური, ბატონი, ქალბატონი, ქალბატონის კურო, მასწავლებელი...
– მართლა? – გაოცდნენ მაშა და დუსკა. მოზაიკური იატაკი მზესუმზირის ჩენჩოთი მოიფინა.

      №3 ბინის კარი მიჯახუნდა და კიბეს ყოჩაღი კაცი ჩამოუყვა, არაჩვეულებრივი შარვალი რომ ეცვა. დუსკამ, ქსიუშკამ და მაშამ თვალები დაბრიცეს. კარგი დიაგონალისგან შეკერილი შარვალი მუხლებამდე შარვალს ჰგავდა, მუხლებს ქვემოთ კი ფართოვდებოდა, ფართოვდებოდა და ზარს ემგვანებოდა.

      ბრინჯაოსფერი კვადრატული მკერდი ფუფაიკაში არ ეტეოდა, ხოლო გვერდზე ჩამოკიდებული ტყავის ბუდიდან მქრქალი, პირქუში, წვეტიანი ლულა გამოსჩროდა, შუბლზე ოქროსფერი ასოები მოუჩანდა.

      ამაყად თავაწეულმა ყოჩაღმა კაცმა მკვირცხლად ჩაიარა, ფეხებს მსუბუქად აბიჯებდა და შარვლის ფართო ტოტებს მიაფრიალებდა, ლიფტთან სამივე ქალს ცეცხლოვანი მზერა წამით შეავლო და გასასვლელისკენ გაემართა...

      – ლამპები ჩააქრეს, მე რომ არაფერი დამენახა... ჰი-ჰი!.. ჰოდა, აალაპარაკეს... ბოლშევიკებს წირვას გამოუყვანენო... ინპირატორი... ჰი-ჰი!

      ყოჩაღ კაცს რაღაც დაემართა. გალაქული მაღალყელიანი ფეხსაცმელები უცებ თითქოს იატაკს მიეწება. ნაბიჯები შეანელა, მერე უეცრად შეჩერდა, ჯიბეები მოიქექა, თითქოს რაღაც დაავიწყდაო, მერე დაამთქნარა, ეტყობა, წასვლა გადაიფიქრა, და იმის ნაცვლად, სადარბაზოდან გასულიყო, უცებ შეტრიალდა, ქსიუშკას მზერას თავი გაარიდა და მინის ტიხარს მიღმა სკამზე დაჯდა. ტიხარს ეწერა: „შვეიცარი“.

      ეტყობა, კედლიდან მომზირალმა, დაბზარულმა, მწითურმა კუპიდონმა დააინტერესა, თვალები დააშტერა და აღარ მოაცილა...

      ქსიუშკამ ლაპარაკით გული მოიოხა და უკან გაბრუნდა. ყოჩაღმა კაცმა ნაღვლიანად დაამთქნარა, მაჯის საათს დახედა, მხრები აიჩეჩა, №3 ბინიდან, ალბათ, ვიღაცას ელოდა, ახლა ლოდინი მობეზრდა, წამოდგა, კიბეს აუყვა, ქსიუშასგან ერთი მარშით ჩამორჩენილი, ნელა მიაბიჯებდა და შარვლის ტოტებს დუნედ მიაფრიალებდა...

      როცა ქსიუშკამ ბინის კარი ფრთხილად მიხურა და თვალს მიეფარა, კიბის ბაქანზე, სიბნელეში ასანთმა იელვა და თეთრი ნომერი „24“ გაანათა. ყოჩაღი კაცი ფეხებს აღარ მიაფლატუნებდა და აღარც ამთქნარებდა.

      – ოცდაოთხი, – თქვა ჩაფიქრებულმა, უცებ გამოცოცხლდა და ექვსივე სართულის კიბე მკვირცხლად ჩაირბინა.

     

V

      ნაპოლეონს სოკრატე შეენაცვლა. კვამლსა და წყვდიადში სასწაულებს ახდენდა, გიჟურად ცეკვავდა და ბოლშევიკებს მალე დაღუპვას უწინასწარმეტყველებდა. გაოფლიანებული სოფია ილინიჩნა ანბანს შეუჩერებლად კითხულობდა. ქსავერი ანტონოვიჩის გარდა ხელები ყველას გაშეშებოდა. წყვდიადში მქრქალი, მოთეთრო სილუეტები ფარფატებდა. როცა ნერვები ყველას უკიდურესად დაეძაბა, მაგიდა შეირხა და შიგ მჯდარ ბრძენ ბერძენთან ერთად ზემოთკენ ლივლივით დაიძრა.

      – ოჰ!.. კმარა!.. მეშინია!.. არა! მიდი! კეთილო სულო! უფრო მაღლა!.. ფეხებით ხომ არავინ აწვება?.. არა, რას ბრძანებთ!.. ჩუ!.. სულო! თუ მართლა აქ ხარ, პიანინოზე ლა აიღე! – ბერძენი სიმაღლეს მოსწყდა და იატაკს ყველა ფეხით დაასკდა, შიგნით რაღაცა ჯახანით გაუსკდა. მერე შეტორტმანდა და პიანინოსკენ გაემართა, აკივლებულ ქალებს ფეხებზე ახტებოდა. სპირიტები უკან გაედევნენ, თან ერთმანეთს შუბლებით ეხეთქებოდნენ...

      ქსიუშკამ სამზარეულოში ჩითის საბანი გადაიძრო, გადარეულივით წამოხტა და წამოიკნავლა – „ვინ არის?“ გაგიჟებულ სპირიტებს მისი ხმა არ გაუგონიათ.

      მაგიდაში ვიღაც ახალი, ბრაზიანი, შემზარავი სული ჩასახლდა და განსვენებული ბერძენი გააძევა. ფეხებს ტყვიამფრქვევივით შემზარავად აგრიალებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და რაღაც აბდაუბდას ბოდავდა.

      – კა-ა-რა-ა... მი... მი... ი...

      – საყვარელო! სულო! – კვნესოდნენ სპირიტები.

      – რა გინდა?!

      – კარი! – ბოლოს წამოიძახა გააფთრებულმა სულმა.

      – ჰო-ო!.. კარიო! გაიგონეთ?! კართან მიმიშვითო!.. გაქცევა უნდა!.. მიუშვით!

      ტიკ, ტაკ, ტუკ, – კოჭლობით გაემართა სკამი კარისკენ.

      – მოიცადეთ! – შესძახა უცებ ბობორიცკიმ, – ხომ ხედავთ, როგორი ძალის მქონეა! დაე, კარზე დააკაკუნოს, ოღონდ ახლოს ნუ მივა!

      – სულო! დააკაკუნე!!!

      სულმა მოლოდინს გადააჭარბა. გარედან კარი ისე ააგრიალა, თითქოს ერთბაშად სამ მუშტს უბრაგუნებსო.

      – ვაი! – ოთახში ერთდროულად გაისმა სამი ქალის კივილი.

      სული მართლაც ძალ-ღონით აღსავსე გახლდათ. კარზე ისეთი ბრაგუნი ატეხა, რომ სპირიტებს თმა ყალყზე დაუდგათ. ყველამ სული განაბა, სიჩუმე ჩამოვარდა...

      პაველ პეტროვიჩმა ხმის კანკალით წამოიძახა:

      – სულო, ვინა ხარ?..

      კარს იქიდან სამგლოვიარო ხმა გაისმა:

      – საგანგებო კომისია.

      ...სული მაგიდიდან თვალის დახამხამებაში სამარცხვინოდ აორთქლდა. მაგიდამ მორყეული ფეხი გააჩერა და გაინაბა. სპირიტები ერთ ადგილას გაშეშდნენ. შემდეგ madame ლუზინამ ამოიკვნესა, – ღმერთო ჩემოო! – გრძნობა ნამდვილად დაკარგა და ქსავერი ანტონოვიჩს მკერდზე უძლურად მიესვენა.

      – ეშმაკმა დალახვროს! ეს რა სისულელე ჩავიდინეთ! – ჩაისისინა ქსავერი ანტონოვიჩმა.

      პაველ პეტროვიჩმა კარი ხელის კანკალით გააღო. ლამპები მყისვე გაჩახჩახდა და სული გაფითრებული სპირიტების წინაშე წარდგა. იგი ტყავისა იყო. მთლად ტყავისა – ქუდიდან მოყოლებული პორტფელამდე. თანაც მარტო არ გახლდათ. წინკარში ხელქვეით სულთა მთელი წყება მოჩანდა.

      გაიელვა ბრინჯაოსფერმა მკერდმა, თლილმა ლულამ, რუხმა მაზარამ, მეორე მაზარამ...

      სულმა სპირიტიზმის ოთახში დამკვიდრებულ ქაოსს თვალი მოავლო, ავისმომასწავებლად ჩაიცინა და თქვა:

      – თქვენი საბუთები, ამხანაგებო...

     

ეპილოგი

      ბობორიცკი ერთ კვირას იჯდა, მდგმური და ქსავერი ანტონოვიჩი – 13 დღეს, ხოლო პაველ პეტროვიჩი – სამ თვეს.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები

ნახვა: 415

გამოხმაურებები!

ნაპოლეონმა დაღუპა ეგენი, ნაპოლეონმა )) მთავქიმი ან რკინკომი რა არის ნეტავ?! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters