გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი(მწერლის რვეულიდან)

თოვს.

რძისფერი სიმყუდროვეა ბუსარჭილის ფერდობზე ჩამომდგარი. მარტო თოვლის ფანტელები შრიალებდნენ ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ზეცის გალობასავით.

 მერე არწივის ყეფა გაისმის: ერთხელ, მეორედ, მესამედ. არწივი გაჩუმდება და ისევ სიწყნარე ჩამოდგება ბურსაჭილის ფერდობზე.

თოვს

.თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური ქვენამთისაკენ მიუყვება აღმართს. მხარზე მამისეული თოფი ჰკიდია.ზემოთ, გორზე ადგილის დედის სალოცავია. გიგია სხვა მხარეს მიდის. უცებ შედგება. მიმოიხედავს. ისევ გზას გააგრძელებს. ისევ შეჩერდება და მობრუნებას დააპირებს. გული რატომღაც «ადგილის დედისაკენ» მიუწევს. მაინც სხვა მხარეს წავა.ანაზდად ფეხი გაუსხლტა და დაეცა. წამომდგარმა მშვიდად ჩაიბერტყა შრიალა თოვლი. შემობრუნდა და «ადგილის დედისაკენ» აუყვა აღმართს.გორის ფხაზე არწივი დაინახა გაგიმ და ფეხს აუჩქარა. ძალიან მოუნდა ახლოს ენახა არწივი. წელში მოიხარა და პარებ პარებით წავიდა ზემოთ.არწივის ყეფამ ჩაფხაჯნა თოვლის სიმშვიდე. მერე გორზე ისე მძლავრად აფართხალდა, თავის გარშემო კორიანტელი დააყენა. ისევ მძლავრად დაიყეფა და ჩაწყნარდა.ჯერ ვერ ბედავდა გიგია არწივთან ახლოს მისვლას, შორიდან ათვალიერებდა. ყოველთვის რაღაც სხვანაირ სიამოვნებას ჰგვრიდა არწივის ცქერა. ასე ახლოს კი არასოდეს ენახა.არწივმა ერთხელ კიდევ დააყენა გორზე თოვლის კორიანტელი. მერე ჰაერში აიწია და გიგიამ დაინახა, რომ ფეხზე რაღაც ჰქონდა გამობმული.თოფი დააგდო და ახლოს მივიდა.არწივმა დაიყეფა და ქშუილით გაექანა ბიჭს.გიგია იდგა და უყურებდა:ახლადმოსულ თოვლს სანახევროდ ამოევსო გუშინდელ თოვლში ჩატოვებული ადამიანის ნაფეხურები. ზედ ადგილის დედის სალოცავზე იყო ხაფანგის ჯაჭვი გამობმული. მარჯვენა ფეხის ბრჭყალებით იყო არწივი ხაფანგში ჩაბმული. გიგიაკაცის ნავალს ათვალიერებდა. მერე არწივს უყურებდა დიდხანს. ადგილის დედის სალოცავში ვერცხლის ფულები ეყარა. გადახუნებულ ირმის რქებზე წვრილი ზარები ეკიდა. თოვდა და თოვლის შრიალს ზარების ნელი წკრიალი უერთდებოდა. სალოცავის ქვებზე შემურული ნასანთლარები უფრო მყუდროსა და იდუმალს ხდიდა იქაურობას.

ყველაფერი ზეცის გალობას ჰგავდა: სალოცავი, თოვლი, გადაცრეცილი ირმის რქები და თოვლის შრიალში შერეული ზარის წკრიალი არღვევდა ბუნების ჰარმონიას, ამ ჯაჭვზე კი გამობმული იყო რკინის ხაფანგი, ხაფანგში გაბმული არწივი და იმის იქით, ძველ თოვლში ჩარჩენილი უცნაური ნაფეხურები, რომელიც ნება ნება ივსებოდა ახალი თოვლით.გიგია ბუბუნაური არწივთან მივიდა. იმან ისევ დაიყეფა და ქშენით გაექანა ბიჭს. მერე უცებ შედგა, ფრთები დაიბჯინა და გიგიას გაუშტერა თვალი. გიგიამ ხაფანგიდან გამოუხსნა ფეხი. არწივს თქრიალით გასდიოდა სისხლი. ერთი ბრჭყალი ტყავითღა ება.გიგია ბუბუნაურმა შინ ჩამოიყვანა არწივი.ისევ თოვს..შემურული კოშკები ძახილის ნიშნებივით დგანან თოვლში. აქა იქ კვამლი ამოდის და ნელი რხევით, შედედებული ზლაზვნით უერთდება თოვლიან სიმყუდროვეს.სურათი ბუბუნაურების კოშკში: _ კერაზე ცეცხლი ანთია. ჭერი შემურულია და მუხის ხეები შავად გაჰყურებენ ერდოდან შემოჭრილ თოვლის სითეთრეს. კედელზე საომარი აღჭურვილობა ჰკიდია: ფარი, ხმალი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, ხანჯლები, თოფი და კიდევ შემურული მშვილდ-ისარი, ძველი მოწმე ბუბუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა.თავხეზე რამდენიმე ჩამომხმარი და კვამლით შემურული კაცის მარჯვენა ჰკიდია. უფრო ზემოთ, კუთხეში, სადაც მთლიანად ვერ აღწევს ცეცხლის შუქი, უშველებელი ჯიხვის რქებია ჯაჭვით ჩამოკიდებული.გარეთ თოვს.ერდოდან მკრთალი ნათელი შემოდის.კერასთან დაფენილ ჯიხვის ტყავებზე თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური და არწივი ისხდნენ.არწივი მშვიდი მზერით ათვალიერებდა სახლის კედლებს.გიგია ადგა, კედლიდან ვერცხლის ხანჯალი ჩამოხსნა. სკივრიდან ვერცხლის თასი ამოიღო და ვერცხლისავე თუნგით წინწანაქარი არაყი მოიტანა. მერე არაყი თასში ჩამოასხა და ხანჯლის პირით ვერცხლი ჩამოათალა თუნგს7 ჩამონათალი ვერცხლი არყიან თასში ჩაყარა, მოურია და წინ დაიდგა.არწივი მშვიდად უყურებდა გიგიას, რომელმაც ნება ნება, ბერიკაცივით ასწია თავი, არწივს შეხედა და თქვა:

_ მე ვარ გიგია ბუბუნაური, ბაძიას ძე, ბუბუნაურთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი. მყავს დედა და გაღმა სოფელში გათხოვილი და, რომელსაც სამიშვილი ჰყავს: ნინო, შორენა და გაგი. სამივე პატარები არიან, გაგიმ ჯერ სიარულიც არ იცის.მყავს მოსისხლე. როგორც წეღან გითხარი, ბუბუნაურთა შორის მეღა დავრჩი გვარის გამგრძელებელი. ჩემი წინაპრების უმეტესი ნაწილი მტრებმა დახოცეს. მამაჩემიც მთასიქითელმა ხევსურებმა მოკლეს. ზამთარი იყო, მიცვალებული დიდ თოვლში ვერ ატარეს და ნაწილ ნაწილ გადმოიტანეს ხურჯინებით, მაშინ ხუთი წლის ვიყავი. თავგაურები არიან ჩემი მოსისხლეები. იმ მთაზე ასვლას ყოველთვის ვერიდები. არ გეგონოს, მოსისხლეებისა მეშინია. მე ახლაც შემიძლია სისხლის აღება, მაგრამ მრცხვენია, წინაპრებისა მრცხვენია. არ მინდა უაზროდ შევწყვიტო მათი გვარი. ჯერ ცოლი უნდა მოვიყვანო და მოგვარე გავიჩინო, მერე სისხლს ჩამოვირეცხავ, და თუ მომკლავენ, არაფერია, გვარის გამგრძელებელი ხომ დამრჩება. ისე, კაცმა რომ თქვას, არ მინდა კი კაცის მოკვლა, ბალღოო! ვიცი, ჩემი წინაპრების ხმა არის, მაგრამ ჯერ ვიცდი, ჯერ გვარს გავაგრძელებ და მერე..გიგია ცოტა ხნით გაჩუმდა და უფრო ჩუმი ხმით თქვა: _ აკვანში ვარ დანიშნული მზია თამნიაურზე.. აი, გაღმა რომ სოფელი ჩანს, იქ ცხოვრობს. ჯერ რვა წლისაა. მზისფერი თმა აქვს. ხატობაში ვნახე რამდენჯერმე შორიდან. რომ დაგვნიშნეს, მაშინ მამაჩემი ცოცხალი იყო.ჰოო, იმ მთაზე ასვლას ყოველთვის ვერიდები, არ მინდა იქეთ გადავიხედო, არ იფიქრო, რომ მაღლა ყოფნა მეჯავრება, პირიქით, მიყვარს.

მე მზიაც მიყვარს. შენ ალბათ სულ სხვანაირად გესმის სიყვარული, სულ ცაში ხარ და ოცნებაც უფრო მაღალი შეგიძლია. სიყვარული კიდევ, ჩემი აზრით, მარადიულ სიცოცხლეზე ოცნება არის. ჰოდა, მაგიტომ არ მინდა ჯერ სიკვდილი, ჯერ გვარი უნდა გავაგრძელო. ღმერთმა სიყვარული გვარის გასაგრძელებლად დაგვიწერა.

ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია. მე ჯერ ეს სიყვარული უნდა გავაგრძელო. შენ შეიძლება სხვანაირად გესმის, ჩვენ ალბათ მიწაზე უფრო ნაკლებად შეგვიძლია ოცნება, ვიდრე შენ ცაში. იცი, როგორ მინდა ხადახან ცაში გამოფრენა! რა ბედნიერი ხარ, _ მიწაზეც შეგიძლია ყოფნა და ცაშიც.შენ სხვანაირი ვაჟკაცი ხარ.მეც მინდა შენნაირი ვიყო, მაგრამ არ გამოდის, ღმერთმა მიწაზე მომისაჯა ყოფნა.. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ მინდა ჩემი ამბავი იცოდე. ვაჟკაცი ხარ და უნდა გამიგო, ძმად უნდა გამეფიცო მე თუ ვერ ვიფრენ ცაში, მაღლა რომ დაგინახავ, იმას ხომ მაინც ვიტყვი, ჩემი ძმა არის მეთქი.გიგი გაჩუმდა. მერე არწივს შეხედა თვალებში. არწივი მშვიდად უგდებდა ყურს.

გიგია ბუბუნაურმა ხანჯლის პირით გადაისერა მარჯვენა ხელი, მერე არწივს სისხლიანი ფეხი აუწია და იმის სისხლს შეურია თავისი სისხლი, ვერცხლგარეული არყიანი თასი აიღო და არწივს უთხრა:

_ შენი დედაი, ჩემი დედაი!

შენი დაი, ჩემი დაი!

შენი ძმაი, ჩემი ძმაი!

შენი სიხარული, ჩემი სიხარული!

შენი დარდი, ჩემი დარდი!

შენ ვინც გაწყენინას, მე მაწყენინას!

შენ ვინც მაგკლას, მე მამკლას!

შენი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე!

შენი ფიცი, სამარადისო!

ჩვენი ძმობა, უკუნისამდე!

ამინ!-თქვა ბოლოს და თასიდან არაყი მოსვა. მერე არწივს შეასვა ერთი ყლუპი. დარჩენილი არყით ჭრილობა მობანა, შეუხვია, გარეთ გაიყვანა და გაუშვა.თოვდა.არწივი კარგა ხანს უვლიდა წრეს ბუბუნაურთა კოშკების მაღლა.

თოვდა.

მერე ნება ნება ჩამოღამდა.რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყეფა არწივმა და ჭიუხებისაკენ გაფრინდა.

***

ამ გაზაფხულზე ცამეტი წელი შეუსრულდა გიგია ბუბუნაურს.იებით მოჩითული გაზაფხული მაღლა მთებისკენ ეძახოდა გიგიასა და მის ტოლ ბიჭებს.თოფი მარტო გიგიას ეკიდა. ბიჭები აჩქარებით მიუყვებოდნენ გორის ფხას. მწვერვალზე რომ ავიდნენ დაისვენეს.საყორნის მთებიდან მზე ამოდიოდა.ბიჭები გულაღმა იწვნენ და ცას შეჰყურებდნენ. სადღაც არწივმა დაიყეფა. მერე ყორნებმა მორთეს ყრანტალი.არწივმა ბიჭების თავზე მოხაზა წრე და თანდათან ქვემოთ ჩამოიწია. უცებ გიგიას ერთმა ამხანაგმა თოფს დასტაცა ხელი. გიგია უმალვე მოეგო გონს და ინსტიქტურად ჩაეჭიდა თოფს. იმ ბიჭმაც გასწია

._ არწივია, ბიჭო!

_ არ ესროლო! _ ამის თქმაღა მოასწრო გიგიამ, რომ მოულოდნელად თოფი გავარდა და გიგია ჯერ მაღლა შეხტა, მერე პირქვე დაემხო მზით განათებულ ბალახებში.ბიჭები უხმოდ იდგნენ, ის კი, რომელსაც თოფი გაუვარდა, უცებ შებრუნდა და ღრიალით დაეშვა სოფლისკენ.კაცებმა საკაცეზე იმ გაზაფხულის ახალი ფოთლები დააყარეს და ისე მსუბუქად დაასვენეს გიგია ბუბუნაური, იმზამთრინდელი თოვლის ფიფქი რომ დაესვენებოდა ხოლმე «ადგილის დედის» შემურულ სიპებს.გიგიას დედა შინ არ იყო. გიგიას დისწულს, პატარა გაგის, იმ დღეს პირველად გაევლო და იმის სანახავად იყო წასული.გიგია კერისპირ დაასვენეს, სწორედ იქ, სადაც არწივს გაეფიცა ძმად. რამდენიმე კაცი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მაგრამ ვეღარ მოუსწრო, ვერც გიგიას დედამ ნახა, როგორ დაასრულა მამაპაპურ კოშკში, კერის პირზე, ბუბუნაურების უკანასკნელმა შთამომავალმა ძველის ძველი და მტრიანი გვარი. იმ დღეს საბოლოოდ ჩაჩუმდნენ ბუბუნაურთა სისხლში აკივლებული ხმები: არ შეგვარცხვინო, ბალღო! დარჩა მარტო კოშკი, შემურული ჭერი, კედლებზე დაკიდებული: ხმალი, ფარი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, შემურული მშვილდ ისარი7 თავიხეზე ჩამოკიდებული კაცის რამდენიმე ჩამომხმარი მარჯვენა, ეს ძველი მოწმეები ბუბუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა. დარჩნენ კიდევ მთები, ადგილის დედის სალოცავი, გიგიას სოფელი, სოფლის ზემოთ სამარადისო სამყოფელი, გულამომჯდარი ღორღიანი საფლავით, ზედ დაჩოქილი რამდენიმე შავოსანი და კიდევ ერთი, გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი არწივი, რომელიც მესამე დღეს გიგიას საფლავზე დაჯდა და აღარც გაფრენილა.ჯერ სოფლის ძაღლებმა მოინდომეს არწივის დაჩაგვრა, მაგრამ ისეთ დღეში ჩაცვივდნენ, კუდამოძუებულები გარბოდნენ სახლებისაკენ.

იჯდა არწივი და აღარსად აღარ მიფრინავდა. ერთ დღეს კი, ის ბიჭი დაადგა თავზე კეტით, რომელსაც თოფი გაუვარდა და რაკი ამის მიზეზი არწივი იყო, შურისძიება მოინდომა. მივიდა და კეტით დაუწყო ცემა. არწივმა ჯერ ითმინა, მერე ბიჭი კლანჭებში მოიმწყვდია და ორივე თვალი ამოჰკორტნა.გამოცვივდნენ სოფლიდან და დაჰკრეს თოფი არწივს.ცოტა ხანს მიწაზე ეგდო, მერე ისევ გაიმართა, კაცებმა ფეხებში ჩაიგდეს და წიხლებით დაუწყეს ცემა. ისევ გასწორდა, ფრთებით მიწას დაეყრდნო, ერთი საშინლად დაუბრიალა ხალხს თვალები, პირი დააღო, დაიქშინა და გულიდან ამოღებული სისხლი ხალხს მიაფურთხა.მერე კლანჭებით ღრმად ჩაბღუჯა გიგიას საფლავის მიწა და ზედ დააკვდა.კაცები უხმოდ დაეშვნენ ქვემოთ, სოფლისაკენ. ქვემოდან კი შავად ჩაცმული რვა ცხრა წლის პატარა გოგო მოდიოდა, ისე ჩუმად, თითქოს მის გარშემო მყოფი საგნებისა ეშინიაო..

დაბოლოს, მინაწერი ავტორისაგან:_ ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.

ნახვა: 238

ლაშა: ნოემბერი 12, 2013||9:24pm

ესეც მანდედანაა >> http://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/6506411:Topic:2...

ამოკრებილია უბრალოდ :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters