შეთვალულა ჩხავერი, მწვანე მარცვლებში იისფერი ჩაღვრილა. ნამდვილი ჭრელი მოზაიკაა, ძირითადად ორფერი, ზაფხულის მიწურულისთვის ასე ნაცნობი და საამური.

      მთელი ეს სიჭრელე მკვრივ მტევნებად ჩამორიგებულა ვაზის მოქნილ ლერწებზე, რომლებიც სწორედ ჩემს თავს ზემოთ ეხლართებიან ერთმანეთს. მეტისმეტად ლამაზი, მიმზიდველი სანახაობაა. მიყვარს მათი ცქერა, ხელები ცდებიან საქმეს. უმეტესწილად რაღაცით ვარ დაკავებული ამ ტალავერის ქვეშ, ზაფხულის მსუბუქ სავარძელში მოკალათებული, თუნდაც სამურაბე ლეღვის არჩევა ვთქვათ . . . ახლა სწორედ ამისი დროა . . . ხანდახან წიგნსაც ვკითხულობ, როცა საქმისაგან მოვიცლი. თვალი კი ხარბად გამირბის მზის სხივებზე გაბრწყინებული ორფერი მოზაიკისაკენ. მტევნები თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე შეიმოსონ შემოდგომის მსუყე ფერებით. ზოგი მათგანი ჯერ სულმთლად მწვანეა, იისფერი ჯერჯერობით ვერ გაკარებია, ზოგში მონაცვლეობს ეს ორი ფერი, ზოგშიც იისფერი ჭარბობს, აქა - იქ თუ ურევია მწვანე მარცვლები. აგერ, იმ მტევანს შორს გაუსწრია თავისი და - ძმებისთვის, სულ ერთიანად იისფერია.

      უცბად, სად იყო და სად არა, ჩხართვი მოფრინდა, ჩხავერის ტალავერზე შემოჯდა, თითქოს საგანგებოდ შეარჩია ისეთი ადგილი, რაც შეიძლება კარგად დამენახა. როგორც იტყვიან, სული გავნაბე, არ მინდოდა დამეფრთხო. რამდენსამე წამს უძრავად იჯდა, კოხტად ყელმოღერებული. რა ლამაზად ჩაეწერა ამ ორფეროვან მოზაიკაში, იისფერი და მწვანე რომ მონაცვლეობენ. თვითონაც ხომ ორფერია, თეთრი და ნაცრისფერი, - აი, სულ ესაა ჩხართვის ფრთა - ბუმბულის ფერები, მაგრამ რამდენ პეწსა და ლაზათს იტევენ თავიანთ თავში. აბა ვინ გაბედავს და ვი იტყვის ამ ორფერი მოზაიკის შესახებ, უღიმღამო ან უფერულიაო, არა, ამდაგვარს ვერაფერს დასწამებ. მერე კიდევ, მისი კოხტად მოყვანილი სხეული, ასევე კოხტა ბოლოთი დაგვირგვინებული. ნაქანდაკარი თავ - კისერი, თეთრ გულისპირზე და მუცელზე უხვად დაყრილი შავი წინწკლები. პეპელა - ჰალსტუხი გაგახსენდება, ბგერათა ჰარმონიის მსახურნი რომ იწონებენ თავს. ხოლო ის ხმები, რასაც ეს მშვენიერი ფრთოსანი არსება გამოსცემს გალობის დროს, მართლაც რომ აღემატება ყოველგვარ ქებას. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია ამ საქმეს შევეჭიდო. ვიცი, ამაოდ მოვცდები. მითუმეტეს, ამისი დრო არ დამდგარა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. რამდენი რამ მაგონდება, როდესაც ტალავერზე შემომჯდარ მგალობელ არსებას შევყურებ. ძალიან მიხარია, რომ ვერ მამჩნევს.

      აჰა, დაიძრა ადგილიდან. აუჩქარებლად მიგოგმანებს თალარის მოქნილ ლერწებზე, აშკარად საითკენღაც აუღია გეზი, ნეტავ საითკენ? აჰა, სწორედ იმ მტევნისკენ მიიწევს, რომელიც ერთიანად იისფრად ჩამუქებულა. მიუახლოვდა მტევანს, ჩაჰკრა ნისკარტი, კიდევ მოუნაცვლა. წამით შედგა, თითქოს რაღაცას დააყურაო, მერე კიდევ ჩაუნისკარტა მტევანს, უფრო და უფრო მოუხშირა.

      - მიირთვი, რამდენიც გინდა, - გულში ასე მივმართე ჩემს ფრთოსან სტუმარს, - ნუ გეშინია, არავის ვეტყვი . . .

      ჩემი სტუმარია ეს კოხტად დაწინწკლული მგალობელი ჩიტუნია, თუმცა თვითონ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ჩემი ამაგიც ურევია ამ მკვრივი მტევნების ორფერ მოზაიკაში. ვაზის გაფურჩქვნა შემიძლია და კიდევ ზოგიერთი რამეებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ რთველის შესახებ. მე არ მენანება მისთვის ჩხავერის იისფრად შემღვრეული მარცვლები, დარწმუნებული ვარ, არც სხვას დაენანება.

      ალბათ გაიგო ჩემი გულის ნადები ჩემმა ფრთოსანმა სტუმარმა. გემრიელად მიირთვა ნუგბარი, ნისკარტი გაიწმინდა და გაფრინდა ბედნიერი და კმაყოფილი. არ დაუნახივარ, თორემ ალბათ მადლობას აუცილებლად მეტყოდა . . .

      შემდგომშიც არაერთხელ დამინახავს იგი, კოხტად დაწინწკლული, მშვენიერი ფრინველი. საგანგებოდ არჩევდა მწიფე მარცვლებს, გემრიელად კენკავდა და მეც გულში სულ მუდამ ვიმეორებდი: მიირთვი, რამდენიც გინდა, არ მენანება შენთვის, არც სხვებს ენანებათ, ვინც კი ამაგი დასდო ამ ორფერ მოზაიკას. ყველას გვეყოფა, მრავლადაა ჩხავერის მკვრივი მტევნები, წელს კარგად ასხია ჩვენს ტალავერს.

      ძალიან მინდოდა როგორმე მიმეწვდინა ეს სიტყვები მისთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ამ დროს გულში გამკრავდა ხოლმე: მაინც რატომ არ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს დაველაპარაკოთ, მაინც რა არის ის გადაულახავი ზღუდე, რასაც ვერანაირად ვერ დავძლევთ. მეჩვენება, თითქოს სულ სხვადასხვა სივრცეებში ვიმყოფებით.

      არადა, რა ახლოს ვართ ერთმანთთან, რა ახლოს.

* * *

      ბარაქიანად იწვიმა, დიდი, მწვანე ეზოც ერთიანად გადასხვაფერდა. ხეებმა ჩვეულებრივზე დაბლა დაუშვეს დამძიმებული ტოტები, კენწეროებიც დახარეს, თითქოს რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრდნენო, ისეთ რამეზე, უწვიმობის დროს რომ არც კი გაახსენდებოდათ. დამტვერილ - მოთელილი ბალახი კი, პირიქით, სწორედ ახლა გაიმართა წელში, წვიმის ნამისგან მოღონიერებული. ფერითაც როგორ ახასხასდა. ნამდვილი ზურმუხტივით იწყო ბრწყინვა, როგორც კი მზემ გამოანათა.

      მართლაც რომ მშვენიერი, მყუდრო წამი იყო, ნაწვიმარზე რომ იცის, სწორედ ისეთი. ბავშვები ჯერ არ გამოფენილიყვნენ სათამაშოდ. დანამულ ეზოს ერიდებოდნენ. არც უფროსებს ეხალისებოდათ ნაწვიმარზე სიარული, თუ რაიმე აუცილებლობა არ აიძულებდათ ამას, ვთქვათ და, ხბო თუ შეიპარებოდა ბოსტანში, ან რაიმე ამდაგვარი. ერთი სიტყვით, წვიმის ნამის შეშრობას ელოდა დიდი თუ პატარა. ესეც არ დაახანებდა, ზაფხულის მზის სხივები დაუზარებლად ირჯებოდნენ საამისოდ.

      სად იყო და სად არა, წვიმით დანამულ კორდზე ჩხართვი გამოგოგმანდა, მართლაც ღირდა ნახვად, როგორ მოუხდა ამ ხასხასა სიმწვანეს . . . თანაც რა თავისებურად ინაცვლებდა ადგილს; რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, თუ სწრაფად გაიარა, ვერ ვპოულობ შესაფერ სიტყვას. ასე თუ ისე, სწრაფად მოინაცვლა ადგილი. მერე შეჩერდა, ქანდაკებასავით გაირინდა კისერაღერილი, მკაფიოდ გამოუჩნდა მოთეთრო გულისპირზე დაყრილი შავი წერტილები. ასე ათიოდე წამს იყო გარინდებული, თითქოს რაღაცას აყურადებდა. მერე თავი დახარა, კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ანუ სწრაფად გაგოგმანდა, ისევ შეჩერდა, თავი მაღლა აიღო, კვლავ ქანდაკებასავით გაირინდა.

      რამდენჯერმე განმეორდა ასე, გოგმანი და ქანდაკებასავით გარინდება ისევ და ისევ ცვლიდნენ ერთმანეთს. ჟამიდან ჟამს ნიკსარტს ჩაჰკრავდა ხოლმე რაიმეს, რასაც მე ვეღარ ვხედავდი; ნაწვიმარზე მიწაში ღრმად ჩამძვრალმა ჭიებმა იციან გამოსვლა, ჩხართვი სწორედ მათ უნისკარტებდა.

      ფართო აივანზე ვიჯექი წვიმის ნამს გარიდებული და ისე შევყურებდი ჩხართვის გოგმანს. არ იყო ძნელი მისი საქციელის ახსნა, ეშინოდა კატა არ წამოპარვოდა საიდანმე, (ოჰ ის წუწკი კატა, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვი) და საერთოდ, ფრთხილად იყო, როგორც ტყიურ არსებათ სჩვევიათ. მე კი, აბა, რა უნდა მეთქვა ან რა უნდა მენიშნებინა ამ მშვენიერი ფრინველისთვის, ამისი დიდი სურვილიც რომ მქონოდა. ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, შევყურებდი მშვენიერ, კოხტა, შავი წინწკლებით დამშვენებულ ფრინველს, ერთი იმას ვნატრობდი, რაც შეიძლება დიდხანს ეგოგმანა მწვანე კორდზე, რათა მეც დიდხანს მეცქირა მისთვის. მაინც, რა ლამაზად, რა კოხტად გამოსდიოდა ეს გოგმანი და გარინდება, თითქოს რაღაც იდუმალ ცეკვას ასრულებსო. როგორც მაშინ, ტალავერთან, ახლაც გამიჩნდა სურვილი, რაიმე სიტყვა მიმეწვდინა მისთვის. მინდოდა მეთქვა, აგერ მეც შენს გვერდით ვარ, მეც ვადევნებ თვალს, საიდანმე არ გამოტყვრეს ის წუწკი კატა, თუნდაც ბავშვი, გართობა რომ მოსურვებია და კენჭებს დაგიშენს სრულიად გაუაზრებლად. მე ვდარაჯობ შენს უსაფრთხოებას, ნურაფრის გეშინია, რაც შეიძლება დიდხანს იგოგმანე მწვანე კორდზე. და, საერთოდ, ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მომიახლოვდი, მომეცი ნება, მოგეფერო, ფრთხილად, სულ ფრთხილად, შენს დაწინწკლულ ყელ - კისერს შევახო ხელი, მაგრამ, აბა, რას გავაგებინებდი მშვენიერ მგალობელ ფრინველს. ერთხანს იგოგმანა თუ იცეკვა დანამულ მწვანე კორდზე, მერე კი, არ ვიცი, რაიმემ დააფრთხო თუ სხვაგან გაუწია გულმა, გაფრინდა და თან წაიღო ჩემი აუხდენელი ნატვრა, იქნებ როგორმე ხმა მიმეწვდინა მისთვის.

ნახვა: 754

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ქადაგიძე, ღვინო, ჩხავერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:39pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

მიკროსამყაროს სკულპტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2019.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა,…

გაგრძელება

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters