არ ველოდი, თუ ასე ადვილად გაიღებოდა რკინის დიდი ჭიშკარი, ხელის დაკარებისთანავე მსუბუქად შემოტრიალდა ანჯამებზე. შესახედავად ძალიან მასიური ჩანდა, შავად ჩალუსკუმებული ფერი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ შთაბეჭდილებას, რა კარგად დაუზეთავთ-მეთქი, ვიფიქრე.

      ერთი წამით ვერაფერი გავარჩიე, სიჭრელის ისეთი ზღვა დამატყდა თავზე ყოველი მხრიდან. ეს შეიძლება იმ ჩალუსკუმებული ფერის ბრალი იყო, რკინის ჭიშკარს რომ ფარავდა, მასზე შეჩვეულ თვალს სიჭრელე ეუცხოვა. მერე იმ სიჭრელიდან სხვა-დასხვა კონტურები გამოიკვეთნენ, ყვავილებად, ხეებად, ბუჩქებად იქცნენ. აჰა, ბაღში მოვხვედრილვარ... უფრო სწორედ,ნამდვილ წალკოტში. მშვენიერების ზღვა იდგა ჩემს ირგვლივ ... და ამ ზღვაში ვიღაცის ძლევამოსილება იკითხებოდა, ადამიანის გონებისთვის სრულიად მიუწვდომელი და ზეაღმატებული. იკითხებოდა ყველგან და ყველაფერში, რასაც კი თვალს შეავლებდი; გულიანად მომღიმარ ყვავილებში (განებივრებულ ჩვილებს რომ მაგონებდნენ რატომღაც), ტანაყრილი ხეების მწვანე გუმბათებში (რა ლაღად, რა თავდაჯერებით გაეშალათ ღონიერი მკლავები), მზაკვრულად ჩახვეულ-ჩახლართულ ბუჩქნარებში. თვით ყველაზე პაწია, უღონო ბალახიც კი იმავეს ადასტურებდა; ვერც კი წარმოიდგენთ, იმ ზომამდე ძლევამოსილი მარჯვენა მიდგას მხარშიო, ასე ამბობდა მთელი მისი იერი.

      არავინ მეპატიჟებოდა, მაინც მივაშურე წალკოტის სიღრმეებს... აბა სადამდე უნდა ვყოფილიყავი რკინის ჭიშკართან დარჭობილი... მივაბიჯებდი მწვანე მოლზე, რომელსაც ხავერ-დივით გაჰქონდა ლივლივი. ერთიმეორეზე წარმტაცი სანახები აუჩქარებლად ცვლიდნენ ერთმანეთს, და არა მარტო... სივრცემაც ცვალებადობა იწყო. მეჩვენებოდა, რომ ყოველ ახალ ნაბიჯზე ახალი სივრცე იშლებოდა ჩემს ირგვლივ. ეტყობა ამ წალკოტში ყველაფერი ისე გონებამახვილურადაა განლაგებული, თვით სივრცეც კი გადასხვაფერებულად აღიქმება, ასეთი გახლდათ ჩემი ვარაუდი ამ ახალი აღმოჩენის შესახებ. აქ ადამიანს არასდროს მოეწყინება, ყოველ ნაბიჯზე რაიმე სიახლეა გელოდება, და მისი სახელი ყოველთვის მშვენიერებაა.

      კიდევ ერთი ნაბიჯი, აჰა, სივრცე ისევ შეიცვალა... კიდევ ერთიც და, უცბად:

      - უკვე შვიდნი ვართ, - ჩამესმა ვიღაცის ბოხი ხმა, შთამაგონებლად რომ ჟღერდა. ეს სიტყვები მე არაფერს მეუბნებოდ-ნენ; ცოტათი კიდევ წავიწიე წინ... ისინიც მაშინვე დავინახე, სავარძლებში ნებივრად მიწოლილიყვნენ. მათ თავს ზემოთ რომელიღაც ხვიარა მცენარის ტოტები ჩასჭიდებოდნენ ერთმანეთს, ულამაზეს ბუნებრივ საჩრდილობელს ქმნიდნენ. ყველას ნიღაბი ეკეთა, მოგვიანებით აღვწერ მათ ნიღბებს... ერთ-ერთი მათგანი წამოდგა, ჩემსკენ გამოემართა და ნიღბების აცმა გაშალა.

      - აირჩიეთ! - მითხრა მოკლედ, ისევ ის ხმა იყო. შევხედე. ჭექა-ქუხილის ღმერთი გამახსენდა, ძველებურ ფრესკებზე ნანახი. ბარაქიანი წვერ-ულვაში, გამგმირავი გამოხედვა... მართლაც განრისხებულ ღმერთს ჰგავდა. თავზე რაღაც დიადემის მსგავსი ჩამოემხო, რომელსაც ელვის ისრები ამშვენებდნენ...

      - ბოდიშს ვიხდი, - ვთქვი მე ‘– მგონი რაღაც გაუგებრობაა. მე აქ სათამაშოდ მოვედი. უნდა ვეთამაშო იმას, ვისაც ამ კამათლის მეორე ნატეხი აქვს.

      ამ სიტყვებთან ერთად ჯიბიდან კამათელი ამოვიღე, თან ჭექა-ქუხილის ღმერთს არ ვაშორებდი თვალს. გულში ვმკითხაობდი, ნეტავი ჩემს სიტყვებს როგორ მიიღებს-მეთქი. ალბათ გაუჩნდებოდა შეკითხვები, მე ხომ მას კამათელი კი არა, რაღაც საოცრება ვაჩვენე; მქისე, ხორკლიანი ძვლის ნატეხი, ნაწიბურებს შორის ძლივს-ძლივობით ჩატეული ციფრების აღმნიშვნელი შავი წერტილებით.

      ოდნავადაც არ გაკვირვებია, თავი დამიკრა იმის ნიშნად, ყველაფერი გასაგებიაო. ჯერ ნიღაბი შეარჩიეთ, თამაშს მერეც მოასწრებთო, მითხრა;

      ნიღბების აცმას გადავხედე, ნაირ-ნაირი ჭრელი ნიღბები ოდნავ ირწეოდნენ და თავისკენ მიხმობდნენ თითქოს. ათიოდე წამით ვათვალიერე ისინი, მერე დომინოს ნიღაბი ავირჩიე, მე ხომ მოთამაშე ვარ... ისე მომერგო სახეზე, თითქოს საგანგე-ბოდ ჩემთვის იყო შექმნილი. თანაც რა მსუბუქი იყო, რა სათუთი... ოდნავადაც არ შეიგრძნობოდა მისი არსებობა.

      ჭექა-ქუხილის ღმერთმა მგონი ჩემი მასპინძლობა ითავა, ხელით მანიშნა ყვავილოვან ბუჩქზე, რომელიც სავარძელი აღმოჩნდა.

     

      - ვითამაშებ თუ არა? – ვკითხე მე, თან სავარძელში მოვიკალათე.

      - რა თქმა უნდა, ითამაშებ! – დაიბუხუნა მან, – აქედან ისე ვერავინ წავა, თავისი წილი თამაში თუ არ ითამაშა.

      - როდის?

      - როცა მოვა.

      - ვინ მოვა? – ვიკითხე და თვალწინ რატომღაც უღონო, პაწია ბალახი დამიდგა, ასე ხატოვნად რომ ღაღადებდა, ძლევამოსილი მარჯვენა მიდგას მხარშიო.

      - ვისაც თქვენი კამათლის მეორე ნატეხი აქვს...

      აღარაფერი მითქვამს, ცოტას დავისვენებ-მეთქი, ვიფიქრე. გარემო, სადაც თავი ამოვყავი, შესაფერისია საამისოდ; უმშვენიერესი წალკოტის ერთ-ერთი უმშვენიერესი სივრცე... მეტად საამური და თანაც ყოველგვარი სიკეთით უზრუნველყოფილი.

      მყუდროდ ვიჯექი ღრუბელივით ფაფუკ სავარძელში და ირგვლივ ყველაფერს აუჩქარებლად ვათვალიერებდი. ექვსნი აღმოჩნდნენ, ჩემი ჩათვლით შვიდნი. ყველას რაიმე განსხვავებული ნიღაბი ეკეთა, სამოსელიც მისი შესაფერისი მოერგოთ.

      „ნამდვილი მასკარადია“, - გავიფიქრე ჩემთვის, - „მაგრამ ნეტავი გამაგებინა, მე რა დამრჩენია ამათთან?“

      თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, ჭექა-ქუხილის ღმერთის ხმა გავიგონე:

      - ჩვენი სამიზნე შვიდიანია, - დაიბუხუნა მან, - ამ საკრალური ციფრის ირგვლივ ვიტრიალებთ, სათქმელი მას უნდა მოვარგოთ. თანაც ისე, რომ ყველაფერს თამაშის სახე უნდა მივცეთ. ჩვენ ვთამაშობთ და ჩვენთვის სწორედ ესაა უმთავრესი...

      გონება უქმად ვერ იქნება, რიღასთვის გვებოძა იგი? ნებით თუ უნებლიედ ყოველთვის რაიმე სამიზნეს ვირჩევთ ფიქრისა და განსჯისთვის, ანუ ვეძიებთ ჭეშმარიტებას. დიახ, ასეა; ალბათ ყველა დამეთანხმება. ჩვენი გონებრივი ძალისხმევა იგივე ჭეშმარიტების ძიებაა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად... რამდენად ვაღწევთ მიზანს, ეს უკვე სხვა საკითხია. მეტისმეტად დახლართულია ჭეშმარიტების სავალი ბილიკები, ძალიან ადვილად გვებნევა თავგზა მის კვალზე ადევნებულებს. უმეტეს შემთხვევაში გაწბილება და მარცხია ჩვენი ხვედრი.

      მაგრამ აი, თამაში სულ სხვა რამეა. იგი განსხვავებულ ბილიკს ირჩევს, და ეს ბილიკი ხანდახან აუცილებლად გადაკვეთს ჭეშმარიტების დახლართულ გზებს, თანაც ისეთ წერტილებში გადაკვეთს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ მივწვდებოდით. ასე რომ, მივაშუროთ თამაშის ზღაპრულ ქვეყანას, ლაღი, უზრუნველი გულით ვიაროთ მის ფერადოვან ბილიკებზე, ყველას და ყველაფერს ვეთამაშოთ, რაც კი ამ ბილიკებზე შემოგვხვდება. მათ შორის საკუთარ თავსაც, საკუთარ აზრებს და ფიქრებს. ამ მხრივ შეზღუდვა არაა,ერთადერთი პირობა შვიდიანია. აბა, ვინ იქნება პირველი? ვინ შეაღებს იმ ზღაპრული ქვეყნის კარებს, რომელსაც თამაში ჰქვია....

      ერთი წამით ნიღბები დაფიქრდნენ, თითქოს საგონებელს მიეცნენო.

      მე რა მენაღვლებოდა, ველოდი, აბა რა მოხდება-მეთქი. იქნებ რაიმე ისეთი გამომტყვრალიყო, ცოტათი გული გადამეყოლებინა, სანამ `ის“ მოვიდოდა, ჩემი მეწყვილე... უცბად ვხედავ, ერთ-ერთი ნიღაბი იშმუშნება, მგონი რაღაცის სათქმელად ემზადება... სხივმფინარი მზის სახე ეკეთა, ხალისიანი და ალერსიანად მომღიმარი. მისი ერთი დანახვაც კი მხიარულ გუნებაზე დაგაყენებდა ადამიანს. გრძელკალთებიანი სამოსელი მზის სხივებით ჰქონდა მოქარგული...

      ჰო, ნამდვილად რაღაცას აპირებს, წამოდგა და მზის მომღიმარე სახე მოგვაპყრო.

      - მე ვიქნები თქვენი გზისგამკვლელი, - დიდის ამბით გვაცნობა მან, - მე გაგიძღვებით თამაშის ზღაპრული ქვეყნისკენ.

      ო, როგორ მოუხდა ეს სიტყვები იმ დალოცვილს, ლამის ერთი-ორად გაბრწყინდა, თითქოს მართლა შემოგვაფრქვია მზის სხივების კონები.

      ეჭვიც არ შემპარვია, დიდებულად შეასრულებდა თავის აღთქმას. ამ საქმეში მეტოქეობას ვერ გაუწევდნენ დანარჩენი ნიღბები.

      მზის ნიღაბი ერთხანს ფეხზე იდგა, აშკარად ტკბებოდა იმ შთაბეჭდილებით, რაც მისმა სიტყვებმა მოახდინეს. მერე მდაბლად დაგვიკრა თავი, ისევ სავარძელში მოიკალათა და მთავარ სათქმელზე გადავიდა, თავისი სიტყვა თქვა. მე იგი საინტერესო მეჩვენა, მინდა თქვენც გაგანდოთ.

* * *

      მთელი ჩვენი სიცოცხლე კარუსელზე ვტრიალებთ. აჰა, ინებეთ: მთვარე ტრიალებს დედამიწის ირგვლივ, დედამიწა მზის ირგვლივ, მზე გალაქტიკის ირგვლივ აღწერს დატალღულ რკალს, გალაქტიკა მეტაგალაქტიკის ცენტრის ირგვლივ მოძრაობს.

      კარუსელია, აბა რა? ოღონდ ჩვენ ვერ ვგრძნობთ ვერაფერს.

      ახლა კი, ამ მართლაცდა მეტად საყურადღებო რკალთა სისტემის, ანუ სამყაროსეული კარუსელის გვერდით მე ავაგებ მეორე, სათამაშო კარუსელს. ავაგებ ისე, რომ ოდნავი ზიანი არ მივაყენო სამყაროს პირველად მოდელს. სათამაშო კარუსელის გულის გული ანუ ცენტრი, ცხადია, დედამიწა იქნება, ყოველივე მის ირგვლივ იპოვის თავის შესაფერ ადგილს. არავითარი ზედმეტი განსჯა, ზედმეტი ძიება; ნება-ნება, თამაშ-თამაშით აუჩქარებლად ვინაცვლებთ რკალიდან რკალზე. მათი რიცხვი შვიდი იქნება, ამას წინასწარ გპირდებით.

      შვიდთაგან პირველ რკალს ხილული ვუწოდე. ბარემ აქვე ვიტყვი: დანარჩენი ექვსი რკალი ყველა უხილავია. ჩვენ მხოლოდ ამ ერთადერთ რკალს ვამჩნევთ, მასზე ჩვენი მხედველობა სრიალებს და არა რომელიმე ციური სხეული.

      ახლა კი, ჩვენს წარმოსახვას შევასხათ ფრთები: ვდგევართ რომელიმე გაშლილ ადგილას, ყურადღებით ვათვალიერებთ შემოგარენს, ცასა და მიწას. რას ვხედავთ? უპირველეს ყოვლისა, ცის ლურჯ გუმბათს. თვალი მივადევნოთ ცის გამრუდებულ სილურჯეს. აი, იგი უკვე შეეხო მიწას, ჰოდა ხილული რკალიც თქვენს წინაშეა.

      იტყვით, ეს იგივე ცისკიდურიაო, ჰორიზონტის სახით ცნობილი წარმოსახვითი ხაზი ცასა და მიწას შორის. გეთანხმებით, შვიდთაგან პირველი რკალი იგივე ცისკიდური გახლავთ, და იგი მშვენივრად მოერგო ჩვენს სათამაშო კარუსელს, შემდგომში ამას სულ უფრო ცხადად დავინახავთ.

      თქვენი ნებართვით, ადგილი შევიცვალოთ, დაბლობიდან მთიან ბილიკზე გადავინაცვლოთ. თუ ერთხელ კიდევ ირგვლივ ყურადღებით მიმოვიხედავთ, აქაც იგივე მოვლენას დავინახავთ... ანუ აქაც ხვდებიან ერთმანეთს ცის გამრუდებული სილურჯე და მიწიერი სანახები, ოღონდ წარმოსახვითი ხაზი, რომელსაც ისინი ამ შეხვედრისას აღწერენ, სრულიად შეცვლილია, სულმთლად დაკბილულია მთათა მწვერვალებით. თუ ტყიან ადგილებში გადავინაცვლებთ, ხილული რკალი მაღალი ხეების მწვანე რტოებს მოირგებს სამკაულად და ისე წარმოგვიდგება.

      ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხილული რკალი საკმაოდ ფართოდ განფენილი წრეწირია, რომელიც თავისთავად არასოდეს იცვლება... ჩვენ თუ უძრავად ვდგევართ ერთ რომელიმე ადგილას, ისიც უძრავია და უცვლელი, მაგრამ თუ ადგილი შევიცვალეთ, ხილული რკალიც შეიცვლება; მაღალ ადგილებში ფართოა, დაბალ ადგილებში შედარებით ვიწრო...

      იცვლება შეფერილობა; ტყიან ადგილებში მწვანეა, უდაბნოში მოწითალო-მოყვითალო, ზღვაზე ლურჯი... იცვლება ფორმა; მთიან ადგილებში დაკბილულია, ზღვაზე ან მინდორში ზუსტი წრეა. ქალაქში ყოფნისას მაღალი შენობები აღწერენ ხილულ რკალს. აი, ასეთი მრავალსახაა ხილული რკალი, რომელსაც ჩვენ ბავშვობიდან შევყურებთ. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ის კანონზომიერება გახლავთ, რომ ჩვენ მუდამ მის ცენტრში ვიმყოფებით. ხილული რკალი მუდამ ირგვლივ გვარტყია დიდი სარტყელივით. თან გვდევს, სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენთან ერთად მოგზაურობს დედამიწის ზურგზე. სადმე გავჩერდებით, ისიც გაჩერდება. ადგილს შევიცვლით, ისიც გადაინაცვლებს ჩვენთან ერთად, მაგრამ არასდროს... გესმით? არასდროს არ გაიხსნება, მუდამ ჩაკეტილი დარჩება, ამიტომ მას ჩაკეტილი რკალიც ვუწოდე ხილულის გარდა. ორად-ორი გზა არსებობს ჩაკეტილი, ანუ ხილული რკალიდან თავის დასაღწევად; ერთი გზა ისაა, თუ კოსმოსში გავფრინდებით, ანუ საერთოდ დავტოვებთ დედამიწას. მაშინ, შეიძლება ითქვას, ამოხტები ამ რკალიდან. მეორე გზა მეტად სევდიანია, გარდაცვალება იგულისხმება. ასე რომ, განუშორებელია ჩვენთვის ხილული, ანუ ჩაკეტილი რკალი. სანამ დედამიწაზე დავაბიჯებთ, ვერსად გავექცევით, თუნდაც ერთი წამით.

      ყოველ რკალს თავისი დრო შეესაბამება. ჩაკეტილ, ანუ ხილულ რკალს შეესაბამება დრო, რომელსაც დროის ტბორი ჰქვია. როდესაც ცისკიდურს ვათვალიერებ, ჩემი თავი პატარა ტბორიდან ამომხტარი თევზი მგონია. რას დაინახავს თევზი იმ ერთ წამში?

      პატარა ტბორის ნაპირებს დაინახავს, და სწორედ ის წარმოუდგება მთელ სამყაროდ.

      დროის ტბორი ადვილად იქცევა ხოლმე ჭაობად, შედეგად მიიღება დროის ჭაობი. ეს არაა მაინცდამაინც სასურველი მოვლენა, ვისურვებდი, რომ ჩემს ირგვლივ მუდამ კამკამა დროის ტბორი იყოს და არა ჭაობი.

      მეორე რკალს მოცეკვავე რკალი ჰქვია, მას თვით დედამიწა ქმნის. დედამიწა, თითქოს საკუთარ თავს ეცეკვებაო, განუწყვეტლივ ტრიალებს. მასთან ერთად ტრიალებს ყველაფერი, რაც მის ზედაპირზეა. ეს, ცხადია, ჩვენც შეგვეხება, ყველანი ერთ დიდ ფერხულში ვართ ჩაბმულნი. მოცეკვავე რკალიც წესიერი წრე გახლავთ (ჩაკეტილი რკალის მსგავსად). იგი რამდენადმე ემთხვევა დედამიწის მერიდიანს (ალბათ, თქვენც შენიშნავდით), ოღონდ ესაა, რომ მერიდიანის შესახებ არავინ იტყვის, ცეკვავსო.

      რას ემსახურება მარიდიანი? მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული წერტილების განსაზღვრას... რა მოსაწყენი სიტყვებია...

      მოცეკვავე რკალი კი ცეკვავს, ცეკვავს დაუსრულებლად და ჩვენც გვაცეკვებს. აი, ესაა ჩვენთვის უმთავრესი.

      ერთი წამით თვალი გადავავლოთ ორივე რკალს, როგორ გა-მოიყურებიან ერთმანეთთან მიმართებაში; ხილული ანუ ჩაკეტილი რკალი ან უძრავია, ან ჩვენთან ერთად მოძრაობს დედამიწის ზედაპირზე. მოცეკვავე რკალი კი არასოდეს არაა უძრავი, ტრიალს ხომ არ შეწყვეტს დედამიწა? აქედან გამომდინარე, არც მოცეკვავე რკალი შეწყვეტს ცეკვას, იგი ყველა ჩვენგანის მუდმივი მეწყვილეა.

      ჩაკეტილ რკალს მოცეკვავე რკალი სხვადასხვა სიბრტყეში კვეთს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დედამიწის რომელ წერტილში ვიმყოფებით. ხსენებული ორი რკალის გადაკვეთის წერტილები ქმნიან წუთისოფლის ბადეს. ამ ბადეშია გაბმული ყველა ცოცხალი არსება, რაც კი დედამიწის ზურგზე გაჭაჭანდება, შეუძ-ლებელია მისთვის გვერდის ავლა. ცნობილი გამოთქმა; `შესაფერისი ადგილი და შესაფერისი დრო“, ძირითადად ამ ორი რკალის გადაკვეთის წერტილებს აღნიშნავს. ო, რა უმწეოდ გამოვიყურებით ამ ბადის მიმართ, ობობას ქსელში გაბმული ქინქლა გვახსენდება...ნმხოლოდ თამაშის სილაღე ძლევს ამ ბადის საზღვრებს, სხვა ვერაფერი...

     

      ჰოდა, ცეკვავს ჩვენი მოცეკვავე რკალი და ჩვენც გვაცეკვებს. მას შეესაბამება დროის ჩანჩქერი, ანუ რაც იგივეა, მოცეკვავე დრო. დროის ტბორი და დროის ჩანჩქერი, ხასიათით ესოდენ განსხვავებულნი, ერთად ექსოვებიან წუთისოფლის ბადეს. დიახ, ეს ორი დრო არაფრით ჰგავს ერთმანეთს. წუთისოფ ლის ბადეც სწორედ ამის წყალობითაა ამ ზომამდე მჭიდრო და შეუვალი, უმტკიცეს ქსოვილს ქსოვს ეს განსხვავება.

      მესამე რკალზე გადავინაცვლოთ. იგი მთვარის გზა და ბილიკია, პატარა ელიფსი, რომელსაც მთვარე აღწერს დედამიწის ირგვლივ. მე მას ცვალებადი ვუწოდე. ცხადია, მიზეზიც მქონდა... მთვარის ცვალებადობა ხომ საანდაზოდაა ქცეული... ჯერ სახეს რამდენნაირად იცვლის; ხან სავსეა, ხან განახევრდება, ხანაც ნამგალივითაა გალწობილი. ხან კიდევ სრულიად გაქრება ცის თაღიდან, მერე ისევ გამოჩნდება. ცვალებადია მთვარის მოძრაობაც,მისი ჩასვლა-ამოსვლის დრო განუწყვეტლივ მოგზაურობს დღისა და ღამის საზღვრებში, გეგონება, გზა დაბნევია და უთა-ვბოლოდ დახეტიალობსო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე; მთვარის ცვალებადობა და მიმოქცევა უზუსტესად განსაზღვრული დროით პერიოდებშია მოქცეული. თავის პერიოდული ცვალებადობით მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის გონებასა და სიცოცხლეზე, გარკვეულ როლს ასრულებს მისთვის კალაპოტის მიჩენაში, და ეს როლი არცთუ ისე უმნიშვნელოა.

      მთვარის ერთ უცნაურ თვისებასაც შეგახსენებთ:

      თვალი მივადევნოთ ღამეული ცის თაღზე მთვარის ნელ სვლას. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება; მთვარე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის, როგორც სხვა მნათობნი. ვთქვათ, მზე. მაგრამ ეს მხოლოდ გვეჩვენება. სი-ნამდვილეში მთვარე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის; მხოლოდ თავს გვაჩვენებს, თითქოს ყველაფერი პირიქით იყოს. თუ მთვარის ნელ სვლას კიდევ დაუკვირდებით, ისევ აღმოაჩენთ რაიმე უცნაურს: ხანდახან რომელიმე ბრდღვიალა ვარსკ-ვლავს მიმალავს თავისი ბნელი კიდის მიღმა (უფრო მკრთალებზე აღარაფერს ვამბობ)... ღამეული ცის თაღზე ჩანს მთვარის მნათი რკალი, ვარსკვლავი კი გაქრა, აღარსადაა, თუმცა მნათი რკალი მას ჯერ არ შეხებია. მაგრამ აი, გადის რამდენიმე წუთი, მთვარე ნელა გადაინაცვლებს ცის თაღზე. ვარსკვლავიც ისევ გამოჩნდება, ოღონდ ახლა უკვე მნათი რკალის მეორე მხარეს. შეიძლება ითქვას, რომ მთვარე გამუდმებით გვეთამაშება, თანაც ძალიან თვალთმაქცურად. რატომ გვეთამაშება მთვარე? რატომ ქსოვს ღამეული ცის თაღზე ნაირნაირ რებუსებს და გამოცანებს, როგორც ერთი ვინმე თვალთმაქცი და ოინბაზი?

      ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი: მთვარემ იცის, რომ ადამიანის თვალი მხოლოდ იმას აღიქვამს, რაც წარმავალია და ცვალებადი. უცვლელის და მარადიულის დანახვა ადამიანს არ შეუძლია, მხოლოდ იშვიათად თუ მოჰკრავს თვალს, ისიც რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, და მაშინაც ძალიან უძნელდება საკუთარ თვალს დაუჯეროს, იმდენად ეუცხოვება იგი. სწორედ ამიტომ გამუდმებით იცვლის სახეს მთვარე; დაუსრულებლად ქარგავს ნაირ-ნაირ რებუსებს და ქარაგმებს, ამით იგი იწვევს და აღიზიანებს ადამიანის გონებას, უბიძგებს ამოხსნას ეს რებუსები.

      ასე რომ, მთვარე ადამიანის გონების მოკავშირეა სამყაროსეული იდუმალების შეცნობის გზაზე. ამიტომ ამ რკალს გონებისმიერიც ვუწოდე. მთვარის ცვალებად რკალს შეესაბამება დროის ნაკადული. იგი მიწიერი დროის შენაკადია, ამდიდრებს და აძლიერებს მას, როგორც ეს მდინარის და ნაკადულის თანხვედრისას ხდება.

      დროის ნაკადულს სიზმარეულ დროსაც ვუწოდებ. რატომ?

      ეს ხომ ერთი შეხედვითაც ცხადია; მთვარე ღამის მნათობი გახლავთ, ღამე და სიზმარი კი განუყოფელნი არიან.

      იტყვით, სიზმარი მხოლოდ ღამეულ დროს როდი ეკუთვნის, მას დღისითაც ნახულობენო. დიახ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სიზმარი ღამეულ დროსთანაა წილნაყარი... ასე თუ ისე, დღისით თუ ღამით, დროის ნაკადულს მოჰყვება ჩვენსკენ სიზმარეული ხილვები, მთვარე კი მათ ხელს როდი უშლის თავისი ნაზი შუქით. პირიქით, კიდევ უფრო აძლიერებს, სიმკვეთრეს და განფენილობას მატებს. შემდეგი, ანუ მეოთხე რკალი გახლავთ ყოფიერების, ანუ დე-დამიწის რკალი, რომელზეც დედამიწა მისრიალებს და მზის ირგვლივ მიმოქცევა. ჩვენ, ყველანი, დედამიწასთან ერთად ვმოძრაობთ ამ რკალზე საკმაოდ მაღალი სიჩქარით (ოცდაათი კილომეტრი წამში) და საერთოდ ვერ აღვიქვამთ მას, ისევე, როგორც დედამიწის ბრუნვას ვერ აღვიქვამთ. მთელ სამყაროში ყველაზე უფრო ახლომყოფი ენერგია ჩვენთვის დედამიწის სიცოცხლისმიერი ენერგიაა, რომელსაც იგი ყოველი მიმართულებით აფრქვევს მზის სხივებივით. დედამიწა ცოცხალია, აქედან გამომდინარე, ჩვენც ცოცხლები ვართ. თითოეული ჩვენთაგანის ყოფიერება იგივე დედამიწის ყოფიერებაა. ჩვენ ერთ-მანეთს ვგავართ, ერთმანეთს აღვწერთ და ვიმეორებთ. განმეორებათა ეს ჯაჭვი უსასრულოა. პოეტმა ეს ფრაზა შემდეგნაირად შეიძლება დაალაგოს: `თავის თავს ბადებს თავის წიაღში, უსასრულოდ იმეორებს თავის ხატებას“. ჩვენ სწორედ ეს გან-მეორებანი ვართ, ოღონდ ჩვენში ცის ნიშანიცაა მოცემული. მხოლოდ მიწიერნი არა ვართ, ზეცასაც ვეკუთვნით; ყოფიერების, ანუ მიწიერ რკალს შეესაბამება დრო, რომელსაც დროის მდინარე ჰქვია.

      ყველაზე ძლიერად ჩვენ სწორედ დროის მდინარის ზემოქმედებას განვიცდით. ყველა დანარჩენი დროები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ (დროის ტბორი, ჩანჩქერი და ნაკადული) ყველანი დროის მდინარეს ერთვიან და მას ექვემდებარებიან. და საერთოდ, ჩვენ ყველანი, ჩვენ-ჩვენი პაწია დროებით, დროის მდინარეში ვტივტივებთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ მას, ისე, როგორც თევზი ვერ აღიქვამს წყლის ნაკადს. უკვე რამდენი მილიონი წელიწადია,

      რაც დროის მდინარე მიედინება და ჩვენც თან მიგვაქანებს. როგორც წყლის ნაკადის ნაკვალევი აღიბეჭდება წმინდა სილაზე, ისე აღიბეჭდება დროის მდინარის ნაკვალევი ჩვენს ტვინზე, ამ უკანასკნელის ნაოჭები დროის მდინარის ტვიფარია. წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე მიედინება დროის მდინარე ჩვენს ტვინზე და ნელ-ნელა ცვლის მას. ხვეწს, ანვითარებს, რაღაცას უკუაგდებს, რაღაცას ინარჩუნებს, უფრო ასუსტებს ან აძლიერებს. საუკუნეების მანძილზე შეუმჩნევლად გროვდება ეს ცვლილებები, იძერწება ახალი ტვიფარი... ყოფიერების სურათ-ხატება რაიმე ახალი ნაყშით მდიდრდება.

      დედამიწა და ყოფიერების რკალი მარტოსული არ გახლავთ, მზის ირგვლივ სხვა ცთომილებიც მიმოიქცევიან. ვფიქრობ, მათი ჩამოთვლა აუცილებელი არაა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხსენებული ცთომილებიც თავის შეუცვლელ ადგილს ფლობენ ჩვენს სათამაშო კარუსელზე. ის რკალები, რომლებსაც ისინი აღწერენ, ყოფიერების რკალის ორივე მხარესაა განლაგებული, მზის მიმართ და პირიქით, მის მიღმა...

      მეტად საყურადღებო როლი აკისრიათ ამ რკალებს და მათ შესაბამის დროებს, გვამდიდრებენ, გვაძლიერებენ, პეწსა და მიმზიდველობას გვმატებენ. ჩვენი სათამაშო კარუსელი მათ გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია...

      სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ერთ რამეს აღვნიშნავ მხოლოდ ამასთან დაკავშირებით: თუკი მოვინდომებთ და ამ ცთომილთაგან რომელიმეზე გადავინაცვლებთ, სათამაშო კარუსელის ცენტრიც მაშინვე იქ გადაინაცვლებს ჩვენთან ერთად. მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვფიქრობ, ეს არაფერში გვჭირდება. დავრჩეთ დედამიწაზე, ანუ ყოფიერების რკალზე, როგორც ყველაზე უფრო მოსახერხებელზე და ცხადია, ყველაზე უფრო მშობლიურზე დანარჩენ რკალთა შორის. მეხუთე რკალს მზის რკალს ვუწოდებ. ეს ის ტალღოვანი მრუდია, რომელსაც მზე შემოწერს გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ. მას `ირმის ნახტომის“ წელიწადი ჰქვია და თავის თავში დაახლოებით 200 მილიონ მიწიერ წელიწადს იტევს. ჩემი აზრით, ფრიად შთამაგონებელი ციფრია. ჰო, კინაღამ გამომრჩა: მზე თავის ტალღოვან რკალზე 20 კილომეტრს გადის წამში. ანუ, თუ ჩვენს წარმოსახვას ფრთებს კიდევ ერთხელ შევასხამთ, შემდეგნაირ სურათს მივიღებთ: დედამიწა ბზრიალასავით ტრიალებს და საკმაოდ სწრაფად უვლის ირგვლივ მზეს. ხოლო მზე შედარებით დინჯად მიიკვლევს გზას გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ მთელი თავისი ამალით. მეტად ჭრელია მზის ამალა: ცთომილები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, კუდიანი ვარსკვლავები, მეტეორები... და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი... ჩვენც ხომ მზის თანამგზავრები ვართ, კვალში მივდევთ ამ დიდებულ მნათობს... მინდა გითხრათ, ეს ძალიან მახარებს, რადგან მზე ძალიან მიყვარს. ნიღბადაც, როგორც ხედავთ, მზის სახე მიკეთია.

      როგორც უკვე ვთქვი, მზის გზა ტალღოვანი მრუდია. შემთხ-ვევით არ ვახსენე აქ ტალღა... გალაქტიკის ცენტრის მიზიდულობა ცვალებადი გახლავთ. ვარსკვლავთა განლაგება მეტად არათანაბარია, განუწყვეტლივ მონაცვლეობენ მჭიდრო და შედარებით გაიშვიათებული ვარსკვლავთგროვები. ამის შედეგად სივრცის მოცემულ უბანში იცვლება გრავიტაცია, იცვლება მზის გზაც, იგი დატალღული ხდება. მისი გრაფიკულად ქაღა-ლდზე გადატანა რომ ვცადოთ, სინუსოიდებით მდიდარ მრუდს მივიღებთ.

      ისე ჩანს, თითქოს მზე კი არ მისრიალებს თავის რკალზე, არამედ ხტუნვა-ხტუნვით მიიწევს წინ, თითქოს ბავშვი ასკინკილას თამაშობსო. მერედა, რა კარგად ეხმიანება მზის მოძრაობის ხასიათი ჩვენი თავყრილობის პათოსს, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ხომ ვთამაშობთ, ჰოდა, მზეც გვეთამაშება, მოთამაშე ბავშვის უზრუნველობით მიხტის თავის რკალზე.

      მზის რკალს მე გულის რკალსაც ვუწოდებ. ჩვენი გულიც კვალში უდგას მზეს, იმ ტალღებს აყვება და დაყვება, რომელთაც მზე აღწერს თავის სავალ გზაზე, ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი გული მზის მოძრაობის ხასიათს იმეორებს, ისიც ხტუნავს თამაშით გახარებული ბავშვივით.

      მზის გზა და გულის გზა ერთნაირნი არიან თავიანთი ბუნებით. კარდიოგრამა გაიხსენოს, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ის ხომ გულისცემის ნაკვალევია, ქაღალდზე გადატანილი. ერთი შეხედეთ, რა მდიდარია სინუსოიდებით! ზუსტად ისე, როგორც მზის გზა. ძალიან, ძალიან გვანან ერთმანეთს. ახლა ისიცა ვთქვათ, თუ რომელი დრო შეესაბამება მზის რკალს; დროის მორევი, ასეთი გახლავთ მისი სახელი... ო, რომ იცოდეთ, რამდენ სათქმელს იტევს ეს ცნება. ერთს იტყვი, თავს მაშინვე ათი იჩენს, სულ ცოტა... რა გასაკვირია, ჩვენ ხომ საქმე ჭეშმარიტ მორევთან გვაქვს, სათქმელიც მორევს ემსგავსება...

      ასე რომ, დროის მორევი, მზის გზით დასაზღვრული და შე-მორკალული... აქა ჩქეფს სიცოცხლის მთავარი ძარღვი... მე იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს სხვა დროები, ჩვენს მიერ უკვე აღწე-რილნი, სიცოცხლის ნიშანს იყვნენ მოკლებულნი, არა, ყოველი დრო ცოცხალია და ყველა ამ სიცოცხლეს ხასიათთა უსასრულო მრავალფეროვნება გააჩნია. მაგრამ აი, დროის მორევი გამორჩეულია მათ შორის თავისი ბობოქარი ბუნებით. როგორც უკვე ვთქვით, მზის გზითაა დასაზღვრული მისი განფენილობა. ოღონდ აი, ენერგია და ძლევამოსილება, მის წიაღში მსუფევი, ძნელად შეიძლება რაიმე საზღვრებში მოათავსო. განუწყვეტლივ ბრუნავს და შფოთავს დროის მორევი, მართლაც მორევივით ბობოქრობს. მის ძაბრისებრ წიაღში ფერხული ჩაუბამთ დროთა მრავალგვარ ტალღებს, გამუდმებით ეხლებიან ერთმანეთს, ხან მეტოქეობენ, ხან, პირიქით, მხარდამხარ მიილტვიან. ამ განუ-წყვეტელი შფოთვა-ტრიალით უსასრულო სიღრმეებში ეშვებიან... იქ, სადაც თვით ყოფიერების ფსკერი სუფევს. მერე ისევ მაღლა მიიწევენ მორევის დაუსაბამო ბრუნვა-ტრიალს აყოლილები, და ამას არა აქვს დასასრული...

      და ჩვენი გულიც, მზის რკალის ყარიბი, დიდი ალისფერი თევზივით დაცურავს დროის მორევში, ანუ ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ ბობოქარ გარემოში ჩვენი გული თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. დროის მორევი განუწყვეტლივ აბურთავებს მას, ხან ქვევით ჩაიტანს თავის ძაბრისებრ წიაღში, ხან ისევ ზევით ამოაგდებს, როგორც ნამდვილი მორევის წესია. ყოვე-ლივე ამის წყალობით გულს ენიჭება უნარი, მოსინჯოს თვით ყოფიერების ფსკერი. გონება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენს იმ სიღრმეებს და სიმაღლეებს, რასაც გული წვდება დროის მორევში აღმა-დაღმა სხმარტალით. გაცილებით ფართოა დრო-სივრცის სამანები, რასაც გული ფლობს, და ეს ყველაფერი დროის მორევის ბობოქარი წიაღის ნობათი გახლავთ.

      ახლა კი თვით ჩვენი გულისცემის შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ტალღისებური ძგერით ჩვენი გული სწორედ დროის მორევის შინაგან ღელვას იმეორებს, ანუ ჩვენი გულისცემა დროის მორევის ნაწილია. როდესაც ჩვენ ვუსმენთ საკუთარ გულისცემას, ვუსმენთ თვით დროის მორევის ხმას, მისი ძაბრისებური წიაღის უსასრულო წრებრუნვას ვაყურადებთ.

      მგონი არც ისე ცოტა რამ ვთქვით გულის შესახებ: გული, როგორც მზის ყარიბი, დროის მორევს აყოლილი თევზი, თვით უსასრულობის სამანებთან რომ დგაფუნობს...

      მაგრამ ეს როდია ყველაფერი... ყველაზე უმთავრესი ჯერ არ გვითქვამს.

      საქმე იმაშია, რომ ჩვენი გული სრულიად განსხვავებული სახის ენერგიას ფლობს, რაც ყოველივეს აღემატება წუთისოფელში: ეს გახლავთ მარადიული ახალგაზრდობის უნარი. დიახ, გული თითქოს რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე თვით სიცოცხლე.

      უპირველეს ყოვლისა, ამაზე სწორედ მისი ის თვისება მიანიშნებს, რომ არასოდეს ბერდება, მარად ახალგაზრდა რჩება სიცოცხლის ბოლომდე. გული შეიძლება გაცვდეს, გადაიღალოს,

      მაგრამ ეს სულ სხვა რამაა, სიბერეს არ ნიშნავს. ბერდება სხეული, ბერდება გონება, იქნებ სულიც (?) კი... მაგრამ გული არასდროს ბერდება. მზის ტალღოვანი რკალი და მის საზღვრებში

      მბრუნავი დროის მორევი ჩვენს გულს მარადიული ახალგაზრდობის ჯადოსნური ელექსირით ასაჩუქრებს. ეს გახლავთ განსაკუთრებული ენერგია, რომელიც თვით სიცოცხლეს აღემატება. ვინც იპოვის ბილიკს საკუთარი გულისკენ, მარადიულ ახალგაზრდობის ჯადოსნურ ელექსირსაც მიაგნებს.

      თითქოს ყოველივე ითქვა, რისი თქმაც მსურდა... მაინც გუ-ლნაკლული დავრჩი (ისევ გულისკენ მიმიწევს გული). მინდა ისევ ვილაპარაკო დროის მორევზე, ამ სასწაულთა სასწაულზე.

      ჩვენს გულს უამრავი იშვიათი ნიჭით რომ აჯილდოვებს. მართლაც მშვენიერი რამ იქნებოდა, მისი დანახვა რომ შეგვეძლოს, მაგრამ ეს მიუწვდომელია ჩვენთვის, ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება ეს საოცრება. ამდენად, მხოლოდ იმით უნდა ვინუგეშოთ თავი, რასაც წარმოსახვა შემოგვთავაზებს; ღელავს და ბობოქრობს მარად მბრუნავი დროის მორევი, მის ძაბრისებრ წიაღში ალისფერი თევზივით დგაფუნობს ჩვენი გული. ცეკვა-ცეკვით, თამაშ-თამაშით კვალდაკვალ მისდევს მზეს, მარად ახალგაზრდა, მარად დაუდეგარი, უზრუნველი ბავშვივით ლაღი და მხიარული.

      ნეტავი პოეტი ვიყო, ძვირფასებო. ნეტავი შემეძლოს ფერადოვანი გამოთქმებით აღვწერო დროის მორევში მოდგაფუნე ჩვენი გული, დიდი ალისფერი თევზი, ჩვენთვის ასე ახლობელი და ასე მიუწვდომელი... აი, მაშინ კი ბოლომდე აივსებოდა ჩემი გული იმ პირველქმნილი, გულუბრყვილო სიხარულით, სამყაროს დაბადებას რომ უძღვის წინ.

      მეექვსე რკალს მივადექით. ეს ის რკალია, რომელზეც გალაქტიკები მისრიალებენ, მათ შორის ჩვენი `ირმის ნახტომიც“. მას მეტაგალაქტიკის რკალიც შეიძლება ვუწოდოთ.

      აქ უკვე ჩვენმა კარუსელმა ძალიან ფართოდ გაშალა მხრბი. ხუმრობა ხომ არ არის; ჩვენი განთქმული `ირმის ნახტომი“ ამ კარუსელში ერთი პატარა სპირალია და მეტი არაფერი... ეგ ნუ შეგვაკრთობს. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით სივრცის დალაშქვრა გონების თვალით. ჰოდა, ჩვენ ყველანი, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ამ უფართოესი სივრცის სრულუფლებიანი ბინადარნი ვართ. ეს გახლავთ მთავარი ნიშანი ჩვენს მიერ აღწერილი რკალთა სისტემისა; ისინი თანაარსებობენ ერთმანეთში და ამავე დროს ერთმანეთის გვერდით.

      მეექვსე რკალს შეესაბამება დროის ოკეანე... ის მართლაც ჩამოჰგავს ოკეანეს. როგორც მიწის ოკეანეში ჩაედინება საბოლოოდ ყველა მდინარე... და საერთოდ,მასში თავს იყრის დედამიწაზე არსებული ყველა წყლის წვეთი, ასევე დროის ოკეანეში თავს იყრის ყველა ზემოთნახსენები დროები. ჩვენ უკვე ვთქვით ყოფიერების რკალზე საუბრისას, თუ როგორ ვტივტივებთ დროის მდინარეში ჩვენი კუთვნილი პაწია დროებით; მაგრამ როდესაც დროის ოკეანეზე ვსაუბრობთ, ეს უკვე აღარაა საკმარისი.

      უნდა გავიხსენოთ ყველა ის დრო, როლებზეც ამდენი ვილა-პარაკეთ: ჩაკეტილი, მოცეკვავე და ცვალებადი დროები, დროის მდინარე და ბოლოს, დროის მორევი. როგორც ხედავთ, სხვადასხვა დროთა ნამდვილი თაიგული მივიღეთ. ალბათ იკითხავთ, რომელი ძაფითაა შეკრული ეს თაიგული? ხომ ყველამ ვიცით, რაღაცამ უნდა შეკრას იგი... გიპასუხებთ: ჩვენი მეობა, ანუ ჩვენი ინდივიდუალური ცნობიერებაა ის ძაფი, რომელიც ღმერთის ზიარია. სწორედ ის კრავს ამ თაიგულს, და ჩვენ ყველა მასთან ერთად ვტივტივებთ დროის ოკეანეში... დაახლოებით ისე, თამაშით გართული ბავშვები რომ ცურავენ და ტივტივებენ წყლით სავსე აუზში. ვფიქრობ, ცხოველი სურათხატებაა, ცხადად რომ წარმოადგენს ჩვენს სათქმელს, თან გაგვახარებს და გაგვართობს კიდეც. რა სჯობია იმის ყურებას, თუ როგორ დგაფუნობენ ბავშვები წყალში. ათასნაირ გასართობს იგონებენ, მათი ჟივილ-ხივილი ყოველივეს იკლებს. ხან ჩაყვინთავენ კამკამა წყალში და სულ მალე ისევ ამოყვინთავენ. მართლაც სახალისოა მათი ყურება... ეს ნამდვილი სიცოცხლის ზეიმია... და ვფიქრობ, ეს სურათხატება ჩვენზეც შეგვიძლია გავავრცელოთ, ჩემო ძვირფასებო. ის წამიც მოზეიმე წამია, როდესაც გავიაზრებთ, თუ როგორ ვტივტივებთ დროის ოკეანეში ჩვენი კუთვნილი დროის ჭრელი თაიგულებით. სიცოცხლის უწყვეტ ზეიმში ჩვენც გვიდევს წილი.

      ამიტომაც ნურავინ იტყვის, სიცოცხლე დასრულდაო. არა, იგი მხოლოდ თვალს მიეფარება ხოლმე წყალში გადამხტარი ბავშვივით, ცოტა ხნით რომ ჩაყვინთავს და მერე ისევ ამოყვინთავს, რათა კვლავ გააგრძელოს თამაში.

      აი, უკვე მივადექით მეშვიდე, სულ ბოლო რკალს. (ბოლომდე დავრჩით ამ საკრალური ციფრის, შვიდიანის ერთგულნი). ამ რკალზე მეტაგალაქტიკები მოძრაობენ, ისინი ძალიან, ძალიან ზანტად ინაცვლებენ ადგილს დროსა და სივრცეში... ყოველ შემთხვევაში ჩვენს თვალს ასე ეჩვენება, რადგან მეტისმეტად შორეულ და ფართოდ განფენილ განზომილებებთან გვაქვს საქმე. მაგრამ თუ საით მიემართებიან, რა მიმართულებით, ხან რა ფორმის მრუდს აღწერენ, ეს ყოველივე სრულიად გაუგებარია ადამიანისთვის. დიახ, მეტნაკლებად ყველა დანარჩენი რკალების ფორმა და მოხაზულობა აღწერა ადამიანმა, მეტ-ნაკლებად ყველას უწვდინა გონების თვალი, მეშვიდე რკალს, რომელიც მეტაგალაქტიკებს ეკუთვნით, ვერაფერი მოუხერხა და ერთი

      მეტად იდუმალი და საინტერესო სიტყვა, `უსასრულობა“ ახსენა. აი, აქ უკვე უსასრულობას შევეჯახეთ შუბლით, მის შესახებ კი ჩვენ არც ისე ბევრი რამ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, რაც ვიცით, თვით უსასრულობასთან შედარებით ლამის ნულის ტოლია, იმდენად ცოტაა. აქედან გამომდინარე, მეშვიდე რკალს ღია რკალსაც ვუწოდებ. სხვა დანარჩენი რკალები ყველა სადმე იკვრება და სრულდება, მხოლოდ მეშვიდე რკალია ღია.

      მეშვიდე, ანუ ღია რკალს შეესაბამება ასევე ღია დრო. დაუსა-ბამო სივრცის მსგავსად არც ის დატოვა ადამიანმა ნათლობის გარეშე; ძალიან საინტერესო სახელი, `მარადისობა“ უწოდა. ვფიქრობ, გავავლეთ რაღაც მრუდი დროსა და სივრცეში, ჩაკეტილი რკალიდან ღია რკალამდე, ანუ უსასრულობამდე. შესაბამისად დროის ტბორიდან, ანუ ასევე ჩაკეტილი დროიდან ღია დრომდე, ანუ მარადისობამდე. ძალიან, ძალიან საინტერესო წყვილი მივიღეთ, უსასრულობა და მარადისობა. იქნებ იკითხოთ, რა არის მარადისობა? რას ნიშნავს იგი? ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ მის შესახებ, უსასრულობის მსგავსად, ისიც ჯიუტად გაურბის ადამიანის განსჯა-გონებას.

      ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთის საზოგადოებაში დავტოვოთ ეს განუყრელი ტყუპისცალები – უსასრულობა და მარადისობა. იქნებ ინებონ ოდესმე ამეტყველება და რაიმე გაგვანდონ თავიანთი გამოუცნობი ბუნების შესახებ.

      მეშვიდე რკალს ბედისწერის რკალსაც ვუწოდებ. თუ ხატოვნად ვიტყვით, ბედისწერის ისრები იქიდან მოჰქრიან ჩვენსკენ... დავაზუსტებ: აუცდენელი ისრები! ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სწრაფად დარბოდეს. თვითონ ღია რკალისა არ იყოს, ბედისწერა თითქოს არსადაა, ამავე დროს ყველგანაა. უმეტეს შემთხვევაში არაფრით ამჟღავნებს თავის არსებობას, მაგრამ როდესაც თავს იჩენს, მისი ნება სრულიად შეუვალია და უტეხი. მბრძანებელთა მბრძანებელია, მის ძლევამოსილებას წინ ვერაფერი დაუდგება. თან როგორი განუსჯელია, როგორი თავქარიანი... გაცელქებულ, ჭირვეულ ბავშვს ემსგავსება, რომელმაც არაფერი იცის, არაფერი ესმის და არც სურს იცოდეს.

      ყური ხომ არ აგვეწია ამ თავქარიანი ბავშვისთვის, იქნებ ცოტა ჭკუა გვესწავლებინა მისთვის. ვინ შეძლებს ამას?

      ყველა დანარჩენი რკალები წუთისოფლის ბადეს რომელიმე გარკვეულ წერტილში კვეთენ. ასე თუ ისე, შესაძლებელია მათ კვალზე მიყოლა, ხანდახან მაინც რაღაცას მოვკრავთ თვალს. მაგრამ სად გადაკვეთს წუთისოფლის ბადეს ბედისწერის რკალი? ეს რომ გვცოდნოდა... მაგრამ არა, ამას თვალი ვერავინ მიადევნა. ამაოდ დაშვრა, ვინც ამისთვის გაისარჯა და ბოლოს ისევ ჭირვეული ბავშვი გაიხსენა. ყველას ასე დაემართა, ვინც ბედისწერის იდუმალი ბილიკების დალაშქვრა მოინდომა. ჩვენც იგივე ხვედრი გვეწია, ერთი ნაბიჯითაც ვერ გავცდით მრავალთა მიერ მოცვეთილ ბილიკს. დიახ, ბავშვური განუსჯელობით კვეთს ბედისწერა წუთისოფლის ბადეს, შეუძლებელია მის კვალზე მიყოლა, გონება აქ ვერავითარ სამსახურს ვერ გაგიწევს. ესაა სულ, რისი გაგებაც შევძელით. ყურის აწევას ვინ დაეძებს, თვალიც ვერ მოვკარით იმ ჭირვეულ ბავშვს.

      რაღა დაგვრჩენია... ხომ არ გვეთამაშა ამ ჭირვეულ ბავშვთან, ბედისწერა რომ ჰქვია... იქნებ თამაშით ვეწიოთ საწადელს;

      ოდნავ, სულ ოდნავ მივუახლოვდეთ ბედისწერის იდუმალ ბილიკებს, ასავალ-დასავალი რომ ვერავინ გაუგო, მერე კი ალბათ

      მის ჭირვეულ ბუნებასაც ავუღებთ ალღოს. ვეცადოთ, იქნებ რაიმე გამოგვივიდეს. თუ არადა, თამაში ხომ შეგვრჩება, თამაში კი ყველას ძალიან გვიყვარს. აჰა, შეიკრა ჩვენი რკალები. შვიდნი არიან, როგორც თავიდან შეგპირდით. ჩაკეტილი რკალიდან ღია რკალზე ვიარეთ, დრო-სივრცის ყველა შესაძლებელი ბილიკი მიმოვიარეთ, და მგონი მართლა ავაწყვეთ რაღაც კარუსელისმაგვარი, თანაც ისე, რომ თამაშისთვის ერთხელაც არ მიღალატია... ყოველ შემთხვევაში,

      ცდა არ დამიკლია, რაც კი შემეძლო. საკრალურმა ციფრმა შვიდ-იანმა თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც ხედავთ.

* * *

      მზის ნიღაბმა დაასრულა თავისი სიტყვა, თავი დაგვიკრა და სასმელით სავსე ფუჟერს წაეტანა... მგონი ჯერ არ მითქვამს:

      ნაირ-ნაირი სასმელებით და საუზმეულით დახუნძლული მაგიდა იქვე იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე... ამ მაგიდაზეც ყოველივე მშვენიერი იყო, ისე როგორც სხვა დანარჩენი ამ მშვენიერ წალკოტში. ნიღბები ახმიანდნენ, საპასუხო სიტყვა შეაწიეს რკალებზე მოსაუბრეს. მართლაც მეტად საინტერესო სათამაშო კარუსელი მივიღეთო, აღნიშნეს. ოდნავადაც არ მოგვიწყენია, ჩვენც კარგად გავერთეთ და არც საკრალური ციფრი, შვიდიანი დაზარალებულა რაიმეთიო. მერე ცალ-ცალკე რკალებზე საუბარს მოყვნენ, ზოგს ერთი უფრო მოსწონდა, ზოგს მეორე... აზრთა საკმაოდ გამოკვეთილ სახესხვაობას ჰქონდა ად-გილი, თუმცა ეს სხვადასხვაობა კამათში არ გადაზრდილა... არც მე ვყოფილვარ მოწყენილი. ვფიქრობდი; ვნახოთ რა იქნება, კიდევ რას იტყვიან. თუ მთქნარება ამიტყდა, წასვლას წინ რა უდგას... განსაკუთრებით ბედისწერის რკალმა მომხიბლა, თავის დროზე მიხვდებით, ასე რატომ მოხდა... მზის მერე ორსახა ნიღბის ჯერი იყო... ორი, ზუსტად ერთნაირი ნიღაბი წინაუკმოდ ეკეთა. ნიღბებს წყლის ჭავლისებრი ლაპლაპი გაუდიოდა, ასევე მის ტანსაცმელსაც...

      სიტყვას მოჰყვა და ბარემ დანარჩენ ნიღბებსაც აღვწერ, რადგან შემდგომში ამაზე აღარ დავკარგო დრო, მათი სათქმელი მოგაწოდოთ შეუფერხებლად.

      ერთ-ერთი ნიღაბი ნაირფერებით იყო აჭრელებული: უზარმაზარი სათვალე ეკეთა, რომლის ჩარჩო ცისარტყელას ყვე-ლა ფერს ასხივებდა. ასევე ითქმის მის ტანსაცმელზეც... როგორც შემდგომში გაირკვა, თურმე სინათლის სულს განასახიერებდა...

      მის გვერდით ფრინველის ნიღაბს მოეკალათებინა. კოხტად დაწინწკლული პეპელა ჰალსტუხი ეკეთა. ალბათ მგალობელ ფრინველზე მიანიშნებდა ამით. შედარებით სადად გამოიყურებოდა ცისარტყელების გვერდით, თუმცა მის კოპწიაობას ამით ბევრი არაფერი აკლდებოდა ჩემი აზრით.

      ამის შემდეგ კი... ო, ეს მართლაც ღირდა სანახავად, ოქროს ნიღაბი ბრწყინავდა... მართლაც რომ ბრწყინავდა. განა შეიძლე-ბა, ოქრომ არ იბრწყინოს? მან ხომ ყველას თვალი უნდა მოსჭრას... ჰოდა, ამ მიზანს ნამდვილად აღწევდა ეს, მართლაცდა მშვენიერი ნიღაბი...

      ოქროს ნიღბის გვერდით ჭექა-ქუხილის ღმერთი სუფევდა მთელი თავისი დიდებულებით... მას უკვე იცნობს მკითხველი.

     

      მერე კი... ჰო... მე გახლდით მომდევნო ნიღაბი... ყველაზე სადა, შეუმჩნეველი; არ ღირს აღწერად... დომინოს ნიშნებს ყველა კარგად იცნობს.

      ვფიქრობ, არცერთი ნიღაბი გამომრჩენია, ყველა წარმოვადგინე... ამასობაში ნიღბებიც მორჩნენ ერთმანეთში მუსაიფს და ჟრიამულს... ძალიან მხიარულად კი ირჯებოდნენ... მეც გამახალისა მათმა ყურებამ. თითქოს აღთქმა დაედოთ, ყველაფერი გახარებოდათ, რასაც კი მოისმენდნენ.

      სიჩუმე ჩამოვარდა... ორსახა ნიღაბმაც იწყო თავისი სათქმელის გაცნობა ჩვენთვის... ისიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. აი, ყური მიუგდეთ...

ნახვა: 256

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კამათელი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters