კამათელი (ამონარიდი)

კამათელი, ქადაგიძე, ბლოგი, მოთხრობა, qwelly

      წყალს უყვარს თამაში, ხომ გინახავთ ჩანჩქერი? თუნდაც შადრევანი ვთქვათ, ანდა ზაფხულის წვიმა, ცისარტყელას შვიდფეროვანი რკალით კალთადამშვენებული... წყალი გვეთამაშება და სათამაშოდ გვიწვევს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა, თამაში ჩვენი სტიქიაა, მაგრამ... ცოტა მაცალეთ, ჯერ უმთავრესი არ მითქვამს.

      საქმე იმაშია, რომ, წყალი მარტოსული (ეს სიტყვა აქ მართლაც შესაფერისია) არ გახლავთ, მე მასთან სული დავაწყვილე. ნიღაბიც, როგორც ხედავთ, ორსახა მიკეთია, იქნებ ამ საეგებიო საქმეში შემეწიოს.

      საეგებიო და მეტი არა? მესმის თქვენი ფიქრების გამოძახილი...

      გეთანხმებით: სიტყვა „საეგებიო“ მართლაც მეტად არასაკმარისია, როდესაც საქმე სულს ეხება. მეტისმეტად ძნელია (თუ შეუძლებელი არაა) სულიერ ციხე-სიმაგრეთა დალაშქვრა. ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს, ჰაერში გამოკიდებული რჩება ყველა ჩვენი ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, სულიერ ციხესიმაგრეთა მისადგომები მუდამ დაჭრილებით და დახოცილებითაა სავსე... გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. მაგრამ არის კიდევ ერთი გზა, მას თამაში ჰქვია... თამაში სულსაც უყვარს, სხვანაირად არ შეიძლება იყოს, მაშინ არც ჩვენ გვეყვარებოდა თამაში. ასე რომ, ვეთამაშოთ საკუთარ სულს და წყალი ავირჩიოთ მეწყვილედ, ყოველმხრივ მისი მსგავსი და ფარდი. ყველა შვიდი ნიშანი ერთხმად ღაღადებს ამაზე... რაღა თქმა უნდა, ციფრი შვიდიანი მიგვიძღვის წინ.

      წყალი და სული, უპირველეს ყოვლისა, იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად უხილავია. მინარევებისგან თავისუფალი წყალი სრულიად გამჭვირვალეა, ადამიანი მას ვერ ხედავს. ასევე მიუწვდომელია წყალი გრძნობათა დანარჩენი ორგანოებისთვის: არ აქვს ფერი, სუნი, გემო. არ აღიქმება შეხებით... (თუ მისი ტემპერატურა ადამიანის სხეულის ტემპერა-ტურას ემთხვევა), ცხადია, არც რაიმე ხმებს გამოსცემს... მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფ, დაწმენდილ წყალს ვგულისხმობ და არა, ვთქვათ, ჩანჩქერს, ანდა ზღვის ტალღებს.

      იგივე შეიძლება ითქვას სულის შესახებ. როგორც წყალი, ისიც მიუწვდომელია ადამიანის გრძნობათა ორგანოებისთვის.

      სული უხილავია, ადამიანი მას ვერ ხედავს... არ აქვს ფერი, სუნი, გემო, არც ის აღიქმება შეხებით... ცხადია, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტემპერატურის შესახებ ვერ ვილაპარაკებთ, საკითხს სხვა მხრიდან უნდა მივუდგეთ; თუ წყლის ტემპერატურა ადამიანისას არ ემთხვევა, ცხელია ან ცივი, მაშინ იგი უკვე მოდის შეხებაში ადამიანის გრძნობებთან. ზუსტად ასევე, ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს სულის არსებობა, ოღონდ ისეთ მდგომარეობაში, რაღაცით გადახრილი რომ იქნება ჩვეულებრივისგან...

      როგორც ხედავთ, დიდია მსგავსება ადამიანის სულსა და წყალს შორის... შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ნიღაბია, გაორებული სახით წარმოდგენილი, სხვადასხვა მხარეს იყურებიან და ამიტომ ვერ ხედავენ ერთმანეთს... სწორედ ისე, როგორც ჩემი ნიღაბი.

      ახლა კი ჩვენც გავეთამაშოთ წყალს... და რა თქმა უნდა, სულსაც. დაგვჭირდება ორი ზუსტად ერთნაირი გამჭვირვალე ჭურჭელი; ვთქვათ, ჭიქა. ერთი პირთამდე ავავსოთ, გავალიცლიცოთ წყლით, მეორე ცარიელი დავტოვოთ. ორივე ჭიქა მოვათავსოთ ოთახში, რომლის სარკმელს თეთრი ფარდა ექნება ჩამოფარებული... ყურადღებით დავათვალიეროთ ორივე ჭიქა, მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომელში ასხია წყალი და რომელია ცარიელი. ორივე ერთნაირად გამჭვირვალეა. ჭიქაში მდგარი წყალი თავს არაფრით ამჟღავნებს. ეს იმიტომ, რომ ოთახში გაბნეული შუქია, თეთრი ფარდა მზის სხივებს გაფანტული სახით ატარებს.

      ამ ორ ჭიქას შორის განსხვავებას მხოლოდ მაშინ დავინახვთ, თუ ფარდას გადავწევთ და ოთახში მზის პირდაპირ სხივებს შემო-ვუშვებთ. ცარიელი ჭიქა უცვლელი დარჩება, სავსე ჭიქა კი სრულიად შეიცვლება. მასში მყოფი წყალი აციაგდება, ათინათებს და ცისარტყელებს წარმოშობს. ფიზიკოსებმა ამ მოვლენას მზის სხივების სპექტრად დაშლა უწოდეს... რაც გინდა თქვი და თვალ-ისთვის მეტად საამო, მიმზიდველი სანახაობაა. გაქრა უღიმღამო, უფერული შუქი, ოთახში თვით მშვენიერებამ შემოაბიჯა.

      ზუსტად ასევე, ჩვენი სულიც სრულიად გარდისახება, როგორც კი ღვთაებრივი ნათელი შეეხება. ისიც წარმოშობს ლამაზად მოციაგე ათ ინათებს და ცისარტყელებს. ცხადია, ამ საოცრების ხილვა ვერ მოხერხდება ისე ადვილად, როგორც ამას ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სულიერი გასხივოსნება ვერ აღიქმება ისე ცხადად, როგორც წყლის გასხივოსნება, ანუ „ცისარტყელა“. უმეტეს შემთხვევაში იგი შორს სცილდება დრო-სივრცის ჩარჩოებს, რომლითაც ადამიანის ცნობიერებაა დასაზღვრული. მაგრამ არის იშვიათი, ბედნიერი შემთხვევები, როდესაც „სულიერი ცისარტყელა“ გამოვლინდება ჩვენეულ დრო-სივრცეებში. უსასრულოდ მრავალგვარია ეს გამოვლინება და ყოველთვის მშვენიერებასთანაა წილნაყარი.

      როგორც ხედავთ, მსგავსების პირველივე ნიშანმა ცისარტყელას მშვენიერი ბილიკი გაგვიფინა ფეხქვეშ. მივყვეთ ამ ბილიკს...

      წყლის მეორე ნიშანი დენადობა გახლავთ. წყალი, ინარჩუნებს რა უცვლელად შინაგან თავისთავადობას, გარეგნულად ყოველთვის მორჩილებს იმ გარემოს, რომელშიაც მოხვდება; შეუძლია მიიღოს ყველა იმ ჭურჭლის ფორმა, რომელშიც ჩავასხამთ. შეუძლია უსასრულოდ დანაწევრდეს, სულ პაწია სათითურებში და ასე შემდეგ... საზღვარი არა აქვს წყლის ფორმათა მრავალნაირობას. ეს თვისებები სულსაც ახასიათებს. სული, მოქცეული ჩვენი სხეულის საზღვრებში, ზუსტად ჩვენი სხეულის ფორმას ღებულობს. სანამ ჩვენთანაა, ჩვენი ასლია, ნურავინ შეეცდება, საწინააღმდეგო ამტკიცოს, მე მას არ დავუჯერებ. წყალს მბრძანებელი თვისებებიც აქვს. აბა, ჩაასხით წყალი ჭურჭელში; თქვენ ნახავთ, როგორ ცდილობს წყალი, განდევნოს ყოველივე ზედმეტი და თვითონ დაიკავოს მთელი სივრცე; რაც მძიმეა, ფსკერზე დალექავს, რაც მსუბუქია, ზედაპირზე ამოატივტივებს. თუ ჭურჭელში ჰაერის ბუშტუკებია, მთელი ძალ-ღონით ცდილობს, თავიდან მოიცილოს ისინი... და საერთოდ, ისე იქცევა, თითქოს ამბობდეს, მე ვარ აქ ბატონ-პატრ-ნიო. ასევეა სულიც, გაითავისებს რა სხეულს, მისი ბატონ-პატრონი ხდება, ვერ იტანს რაიმე უცხოს და მიუღებელს.

      ძალიან ფრთხილად უნდა მოექცე ჭურჭელს, რომელშიც წყალი ასხია; არ უნდა გადააყირავო, არ უნდა გატეხო, თორემ წყალი დაიქცევა და ჭურჭელი დაცარიელდება. ასევე სულიც უამრავ წინაპირობას გვიყენებს, რათა ჩვენი სხეული არ დატოვოს და არ მიგვატოვოს. მოკლედ რომ ითქვას, უსასრულოა წყლის დენადობის უნარი და ასევე სულის დენადობის უნარიც უსასრულოა.

      ჭურჭელში მდგარი წყალი ოდესმე თავისთავად ამოშრება (თუ მანამდე არ დაიღვარა). მას თავისი დრო აქვს მიცემული, თუ რამდენი ხანი უნდა დაჰყოს ჭურჭელში. მსგავსად ამისა, სულსაც თავიდანვე აქვს მიცემული დრო, თუ რამდენი ხანი უნდა დაჰყოს რომელიმე კონკრეტულ სხეულში და მორჩილებს კიდეც მას, თუ მანამდე რაიმემ არ შეამოკლა მისი იქ ყოფნის ვადა.

      სანამ წყალი ჭურჭელშია, მის ფორმას ინარჩუნებს. ეს უკვე ითქვა და ვიცით, მაგრამ რა ხდება, როდესაც წყალი ჭურჭლის მიღმა აღმოჩნდება, ანუ როცა დაიღვრება? ასეთ დროს წყალი სიფრიფანა ფენად განაწილდება იმავე ჭურჭლის მახლობლად, თითქოს ცდილობს, რაც შეიძლება ფართო სივრცეს მოეფინოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭურჭელში მყოფი წყალი ჭურჭლის კუთვნილებაა, მაგრამ წყალი ჭურჭლის კედლის გარეთ... უკვე მთელი სამყაროს კუთვნილებაა, მაშინვე მოგზაურობას იწყებს, იქცევა ღრუბლად, ზღვად, ოკეანედ. ამ სახით მოეფინება დედამიწას და ამ მოგზაურობას არ აქვს დასასრული. ეს ყველაფერი სწორედ ამ იშვიათი უნარის, დენადობის წყალობაა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ.

      ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას სულის შესახებაც. სხეულში მყოფი სული მას ეკუთვნის, მაგრამ სული სხეულს გარეთ... ეს უკვე სულ სხვა გზის დასაწყისია. იგი ერთვის რომელიღაც მეტისმეტად იდუმალ, უსხეულო ოკეანეს, რომლის შესახებ არავინ არაფერი უწყის...

      წყლის მესამე ნიშანი გახლავთ უნიკალური თვისება, ერთნაირად გაფართოვდეს, როგორც გათბობის, ისე გაცივების დროს. დედამიწის ზურგზე ცნობილ არცერთ სხვა ნივთიერებას არ ახასიათებს მსგავსი რამ, მხოლოდ და მხოლოდ წყალია გამონაკლისი ამ მხრივ. წყალს უდიდესი სიმკვრივე ოთხ გრადუს ტემპერატურაზე გააჩნია, ანუ ამ დროს მისი ხვედრითი წონა უდიდესია. გადასცდება თუ არა ოთხ გრადუსს (სულ ერთია, ზევით თუ ქვევით), წყალი მაშინვე გაფართოებას იწყებს;

      აქედან გამომდინარე, უფრო მსუბუქი ხდება. ამ მოვლენას ანომალია ეწოდება და ბევრი, მეტისმეტად ბევრი რამის პირველმიზეზი გახლავთ. გამიძნელდება მათი ჩამოთვლა, ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: ყინული რომ წყალში ტივტივებს, სწორედ ამ ზემოთხსენებული თვისების შედეგია. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი გახლავთ აისბერგები. მართლაც მშვენიერი სანახავია ლურჯ წყალზე მოტივტივე ყი-ნულის ქათქათა მთები. ამ მშვენიერ სანახაობას წყლის ანომა-ლიურ თვისებებს უნდა ვუმადლოდეთ.

      აღარ დავღლი თქვენს ყურადღებას იმის აღწერით, თუ როგორ ფართოვდება წყალი გათბობის დროს, ეს ყველას საკუთარი თვალით უნახავს, საკუთარი ხელით ჩაუტარებია და აუსრულებია ეს მეტად გავრცელებული ცდა... ყველა დიასახლისი გეტყვით ამის შესახებ.

      ახლა კი სულის საზღვრებზე ვილაპარაკოთ, რამეთუ ჩვენ წყალი და სული დავაწყვილეთ... დიახ, სულის საზღვრებიც ფართოვდებიან, ისე, როგორც წყლის საზღვრები, მაგრამ არა გათბობა-გაცივების დროს... აქ სხვადასხვა ხასიათის განცდებია თავი და თავი, სული მათი საშუალებით იფართოებს თავის საზღვრებს. რომელ განცდებზეა ლაპარაკიო, იკითხავთ... სრულიად ჩვეულებრივ, ადამიანურ განცდებზე მოგახსენებთ, რომლებსაც გვერდს ვერავინ აუვლის, ვინც კი ადამიანის ტყავ-ში გაეხვევა. სიხარული, მწუხარება, ტკივილი, სიამოვნება...

      კიდევ რა ვთქვა? უსასრულოა მათი გრადაციები, მოუხმეთ ფან-ტაზიას, განავრცეთ ეს სია... უბრალოზე უბრალო სიტყვა ავიღოთ, „სიხარული“. უმშვენიერესი, ზეაღმტაცი განცდაა, რასაც ეს სიტყვა გულისხმობს, მაგრამ მომიტევეთ და, უკმარია. განა გინახავთ ადამიანი, რომელსაც სიხარულის გარდა სხვა აღარაფერი განუცდია? ანდა, ვთქვათ, სიტყვა „სიამოვნება“. ესეც მშვენიერი სიტყვაა და თანაც უკმარია. ადამიანი ვერ აღიქვამს ვერანაირ სიამოვნებას, თუ მისი საწინააღმდეგო რამ არ გამოსცადა. საწინააღმდეგოა ტკივილი და მწუხარება. უმძიმესი სიტყვებია, მაგრამ როგორ დრამატულ მუხტს ქმნიან... ეს კარგად იცოდნენ ძველმა ბერძნებმა, ტრაგედიებიც ამის შედეგად იშვა. სწორედ ეს მუხტი ძერწავს ადამიანს, მის გარეშე ადამი-ანი სრულფასოვნებას ვერ მიაღწევს, ნამდვილ ჭუპრად დარჩება, ჭუპრად ყოფნა კი დიდ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ჭუპრი შეიძლება იყოს ხიდი, საშუალება, მაგრამ მიზანი, არავითარ შემთხვევაში... ხომ გსმენიათ, ნეტარ არს კაცი ჭირ-გამოვლილიო...

      წყლისა და სულის მსგავსება აქ ძალზე ცხადია: როგორც უკვე ვთქვით, წყალი ერთნაირად ფართოვდება გათბობის ან გაციების შედეგად. ასევე ჩვენი სულიც მიმოიქცევა და ფართოვდება ამ ფატალური სიტყვების, სიხარულისა და მწუხარების, ტკივილისა და სიამოვნების სამანებს შორის. წყალი ვერ შეიცვლებოდა, ვერ გააფართოვებდა თავის საზღვრებს, მუდამ ოთხ გრადუს ტემპერატურაზე რომ დარჩენილიყო. ასევე ვერც ჩვენი სული შეიცვლებოდა, ანუ თავისებურ ჭუპრად დარჩებოდა, მეტნაკლებად მძაფრი განცდები რომ არ არყევდნენ მის საზღვრებს.

      წყლის მეოთხე ნიშანი... რომელია იგი? ვთქვათ ასე: წყალი ჭეშმარიტების სარკეა, აი, ამ ჭეშმარიტებამ დაიკავა მეოთხე ადგილი. კი მაგრამ, რა არის თვით ჭეშმარიტება? სად ჰგიეს იგი? ო, ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, საბოლოოდ კი ალბათ ვერსადაც ვერ მივალთ, ამიტომ ცოტათი შევარბილოთ სათქმელი:

      ჭეშმარიტება (ამჯერად) ისაა, რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ და აღვიქვამთ, თითქოს ყველამ ერთად სარკეში ჩავიხედეთო. ოღონდ რომელ სარკეში? რა გზას ვეწიო მის (ჭეშმარიტების) დასანახად?

      ახლავე მოგახსენებთ: აიღეთ თასი, სრულიად ჩვეულებრივი, არაა აუცილებელი, ოქროსი იყოს, ან რაიმე განსაკუთრებული ღირსება ჰქონდეს. ჩაასხით შიგ წყალი პირთამდე, დადგით იატაკზე, აცადეთ დამშვიდება და აჰა, ჭეშმარიტების სარკე თქვენს წინაშეა, შეგიძლიათ ჩაიხედოთ.

      სულ ეს არისო? ალბათ იკითხავთ. დიახ, სულ ესაა, არაფერს ვაჭარბებ.

      ამ სარკეში ხომ ყველაფერი თავდაყირა მოჩანსო... ვიცი, ეს კითხვა თავისთავად მოფრინავს თქვენი ბაგეებიდან. დიახ, თავდაყირა მოჩანს და სწორედ ესაა თავი და თავი. რაც წყალზევით უმაღლესია, უმდაბლესია წყლის სიღრმეში. უმდაბლესი! აი, სწორედ ეს სიტყვა ავლენს ჭეშმარიტებას.

      აქ ცოტა დაფიქრება გვმართებს. რასაც ჩვენი სხეული ეთაყვანება, ის ვერ იქნება ჭეშმარიტება. პირიქით, მეტად შორს არის მისგან. მხოლოდ სულიერი ხედვა უახლოვდება მას, სულიერ ხედვას კი ჩვენი ყოფიერება უმეტეს შემთხვევაში ყველაზე დამდაბლებულ ადგილს მიუჩენს ხოლმე. არ გაგონდებათ სიტყვები? „ვინც აამაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს. და პირიქით, ვინც დაამდაბლოს, ამაღლდეს“... აი, ასეთია სულიერი ხედვა ჭეშმარიტებისა, სულისთვის სწორედ ასეთი ხედვაა ღირებული.

      წყლით სავსე თასიც ზუსტად ამავეს გვეუბნება და გვანიშნებს, ხომ ხედავთ, წყლისა და სულის თვისებებმა როგორ გადაკვეთეს ერთმანეთი. კიდევ ერთი ნიშანი, თუ როგორ გვანან ერთმანეთს.

      ახლა ცოტა ხნით დავტოვოთ დედამიწა... იმ მანძილზე დავ-შორდეთ, საიდანაც მეტეორები ცეცხლოვან ჩირაღდნებად მო-გვევლინებიან ხოლმე. იქიდან უკვე ცხადად დავინახავთ დედამიწის მთელ ზედაპირს, ზღაპრულ ხალიჩასავით მომხიბლავი სანახავია. ჩვენ, რა თქმა უნდა, წყლის ცისფერ ლაქებზე და ძარღვებზე შევაჩერებთ თვალს; მდინარეები, ტბები, ოკეანეები... ყველაფერი ხელისგულზე გადაგვეშლება. ცხადად ვხედავთ წყლის განფენილობას მთელ დედამიწაზე, და არა მარტო... მისი სახით ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტების სარკეს. დედამიწა, ეს იდუმალი ჭურჭელია, პირთამდე წყლით ავსებული. ოღონდ ამჯერად იგი მიუწვდომელია ჩვენთვის, მეტისმეტად დავშორდით და ვერ შევძლებთ მასში ჩახედვას. მნათობებს ეკუთვნით ეს სიმაღლე, მნათობები იყურებიან მიწიერი სიბრძნის სარკეში და იქ საკუთარ თავს ხედავენ... ხედავენ ზუსტად ისეთს, როგორიც თვითონ არიან, მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. ზუსტად ერთნაირია მნათობთა ჭეშმარიტი არსი და მიწიერ ჭეშმარიტების სარკეში არეკლილი მათი გამოსახულება. ეს იმას ჰგავს ჩემი ნიღბის ორივე სახემ ერთმანეთს რომ ჩახედონ თვალებში, ზუს-ტად ერთნაირ სახეს დაინახავს ორივე.

      მეხუთე ნიშანს მივადექით... წყალი უნივერსალური გამხსნელია, ასეთი გახლავთ მისი მეხუთე თვისება. სკოლის მერხიდანვე ცნობილი ჭეშმარიტებაა, ალბათ ყველას მოეძევება რაიმე სათქმელი მის შესახებ. ჯერჯერობით წყლის მეორე თვისება გავიხსენოთ: როგორც კი წყალს ჭურჭელში ჩავასხამთ, იგი ცდილობს დაეუფლოს მთელ სივრცეს, თავიდან იშორებს რა ყოველივეს, რაც მასზე მძიმეა ან მსუბუქია. მაგრამ ეს როდია ყველაფერი: ამავე დროს წყალი თავის წიაღში აუცილებლად აატივტივებს იმავე გარემოს სულ უმცირეს ნაწილაკებს, სტუმართმოყვრულად უღებს მათ კარებს. დიახ, თუ ამ თვისებას სტუმართმოყვარეობას დავარქმევთ, წყალი ამ მხრივ დედამიწაზე ცნობილ ყველა ნივთიერებას აღემატება. შეიძლება ითქ-ვას, რომ წყალი მეტისმეტად სტუმართმოყვარეა.

      უსასრულოდ მრავალფეროვანია გარემო, რომელშიც წყალს უხდება ყოფნა. ხანდახან წყალსა და გარემოს შორის სრული თანხმიერება და ჰარმონია სუფევს. ასეთია, მაგალითად წყაროს წყალი... აქ, შეიძლება ითქვას, იდეალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. წყაროს წყალი ანკარაა, სუფთაა. გამოთქმაც კი არსებობს, წყაროს წყალივით სუფთა... თუ რამეა მასში გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ საამო და სასარგებლო, ბუნების გულუხვი კალთის მიერ ნაბოძები. თანაც ისე, რომ მის სიანკარეს ოდნავადაც არ ვნებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება:

      უმეტეს შემთხვევაში იდეალურს ნამდვილად ვერ უწოდებ იმ დამოკიდებულებას, რაც წყალსა და გარემოს შორისაა, წყალიც ვეღარ ინარჩუნებს თავის სიანკარეს, გაჭუჭყიანებას იწყებს. ხანდახან კი გარემო პირდაპირ ძალადობს წყალზე, მეტისმეტად ბევრი და თანაც მეტად არასასიამოვნო გამხსნელები შეაქვს მასში. ამის შედეგად წყალი სრულიად იცვლება, თავის თავს აღარ ჰგავს. ჩნდება რაღაც ისეთი, რასაც ძალიან უსიამოვნო სახელი, „წუმპე“ ჰქვია. დიახ, წუმპე გახლავთ წყალზე გარემოს ძალადობის შედეგი.

      როგორც წყალი, სულიც მეტად სტუმართმოყვარეა (თუ არ ვი-ტყვით, რომ უნივერსალური გამხსნელია...), თავის წიაღში ღებულობს და ხსნის ყველაფერს, რასაც ჩვენი გული და გონება სთავაზობს: ათასგვარი განცდები, გონებისმიერი ხილვები და შთაბეჭდილებანი... სული მათ ფართოდ უღებს კარებს. ისინიც აღწევენ მის სიღრმემდე... ცხადია, გარკვეულ კვალსაც ამჩნევენ.

      როგორი შეიძლება იყოს ეს კვალი? ყველაფერი ჩვენს შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული... ნათელი და მშვენიერია ეს კვალი (სხეულის მიერ სულზე დაჭდეული), თუ ზეციური მადლიც თან გვახლავს, ყოველ შემთხვევაში ცდას არ ვაკლებთ, რომ ძალიან არ დავშორდეთ მას. ასეთ დროს გული და გონება მშვენიერებასთან წილნაყარ განცდებს და აზრებს წარმოშობენ.. მათი გამოისობით სული მდიდრდება, ნათლით მოსილი და მრავალმხრივი ხდება; თუ ხატოვნად ვიტყვით, ანკარა წყაროს ედარება, ოღონდ ისეთ წყაროს, ოკეანის სიღრმისეული ძლევა-მოსილებაც რომ თან ახლავს. სულიც იმღვრევა, ღარიბდება და მძიმდება, თუ ჩვენი შინა.განი ბუნება აიმღვრა, ბნელი აზრები და განცდები მოგვეძალა ასეთ დროს სული უკვე აღარ ჰგავს ანკარა წყაროს, ისიც აიმღვრევა. ამას გარდა, დამცრობა-დაკნინებას იწყებს, თითქოს დიდი გვალვა ჩამოდგაო... ოკეანისეულ ძლევამოსილებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

      ხანდახან გული და გონება მეტისმეტად დაშორდებიან ზეციურ მადლს, ღვარძლიანი და ბოროტეულნი ხდებიან... ანუ სხეული ძალადობს სულზე, ასედაც შეიძლება ითქვას. შედეგად სულიც ჭუჭყიანდება, ჩნდება ერთგვარი სულიერი წუმპე. ზუსტად ისე, როგორც ანკარა წყარო იქცევა ჭუჭყიან წუმპედ გარემოს ძალადობის შედეგად.

      ასე რომ, არაფერი ჩაივლის სულის საზღვრებს მიღმა... ყველაფერი მასში პოულობს გამოძახილს, სულ უმცირესი ჩქამიც კი, ჩვენს არსებაში რომ გაჭაჭანდება. გვინდა თუ არ გვინდა, მუდამ ასეა. წყაროს წყალი დედამიწის მფეთქავი ძარღვია, რომელშიც სიცოცხლის ყველა საიდუმლოა გახსნილი. მისი ენა რომ გვცოდნოდა, გავიგებდით, თუ როგორ მიმოიქცევა დედამიწაზე სიცოცხლის დვრიტა.

      ჩვენში მსუფევი სული ზეციური მადლის ნაწილია. ზეციურ მადლს ვეზიარებით, ამასთან შეხმიანება და ბილიკის გაბმა რომ შეგვეძლოს. სული და წყალი, როგორც ყოველთვის, აქაც მხარდამხარ მიაბიჯებენ, ერთარსნი და განუყრელნი.

      შემდეგი ნიშანი რიცხვით მეექვსეა. თვითგანწმენდა, თვითაღდგენა... ასე ეწოდება მას. ყველაზე ტევადია დანარჩენებთან შედარებით. ამ მხრივ იგი მეექვსე რკალს ემსგავსება, რომლის შესახებ მზის ნიღაბი გვესაუბრა.

      პირველშობილი წყალი ყოველთვის წმინდაა... წვიმის წვეთები გავიხსენოთ, ღრუბლის კალთიდან ახლად თავდაღწეულნი. ჭეშმარიტად, არაფერი ბღალავს მათ სიწმინდეს, ცისარტყელას ფერიც სწორედ ამიტომაა ასე კამკამა და ცინცხალი... ასევე წმინდაა თოვლის ფიფქები, დილის ნამი... წმინდაა ანკარა წყარო, მიწიდან ახლად ამოჩქეფებული... სიწმინდის ცხადი განსახიერებაა ღრუბლის ქათქათა ფთილა, ტყუილად როდი ხატავენ ანგელოზებს მათ ფონზე.

      როგორც წესი, წყალი დიდხანს ვერ ინარჩუნებს თავდაპირველ სიწმინდეს. წვიმის წვეთები, თოფლის ფიფქები, დილის ნამი... ეს ყველაფერი მიწისკენ მოემართება., მას ეფინება და მოკლე ხანში სრულიად იცვლის თავდაპირველ სახეს, ჭუჭყიან წუმპედ იქცევა უმეტესწილად.

      ანკარა წყაროსაც იგივე ხვედრი უწერია; როგორც ვიცით, წყალი უნივერსალური გამხსნელია, ყველანაირ მინარევს სტუ-მართმოყვრულად უღებს კარებს თავის წიაღში, გაჭუჭყიანებაც ამას მოსდევს: მინარევებს ყოველთვის როდი ასდით ვარდის სურნელი. (თუმცა ზოგიერთ ბედნიერ შემთხვევებში ასედაც ხდება).

      ყველა ზემოთქმული შემთხვევიდან ცხადად ჩანს წყლის იშვიათი უნარი, ჭუჭყი მოსწმინდოს ყველას და ყველაფერს, რასაც კი გზად გადაეყრება. ყოველივე გაასუფთავოს, თვითონ კი გაჭუჭყიანდეს. დიახ, ეს მძიმე ტვირთია, რომელიც წყალმა თავის თავზე აიღო, ამიტომაც იგი ყოველთვის მსხვერპლის როლში გამოდის: ყველაფერს ასუფთავებს, რასაც კი შეეხება, სამაგიეროდ, თვითონ კარგავს თავდაპირველ სიწმინდეს.

      ეს განსაკუთრებით ცხადად მდინარის მაგალითზე მოჩანს, თუ თვალს მივადევნებთ მის მოგზაურობას დედამიწის მკერდზე. მდინარე უდრტვინველად ღებულობს ყველა იმ ბიწს და ჭუჭყს, რასაც ადამიანი დაატეხავს თავზე. მიდის, მიიკლაკნება ოკეანისკენ (სხვა გზა არ აქვს; ყველა მდინარის წყალი ხომ ბოლოს ოკეანეში ჩაედინება), სიბინძურესაც თან მიაცურებს. რაც უფრო შორდება თავის დაბადების ადგილს, მით უფრო ჭუჭყიანდება, შესართავთან ხომ სულმთლად წაბილწულია... მისი შემყურე იფიქრებ, რომ სწორედ მან, მდინარემ, იტვირთა ადამიანთა მოდგმის მთელი სიბინძურე, თითქოს პასუხს აგებს მის ნაცვლად... ჩაედინება მდინარის წაბილწული წყალი ოკეანეში. ოკეანეც ღებულობს (არც ოკეანეს აქვს სხვა გზა) და იწყება მისი უსასრულო მოგზაურობა ოკეანის წიაღში, რომელსაც შეიძლება განწმენდა ვუწოდოთ. მდინარის წყალი თავიდან იშორებს ყველა იმ ჭუჭყს და ბიწს, რაც დედამიწაზე მოგზაურობისას დააგროვა. მოივლის ოკეანისეულ სიღრმეებს, დედამიწის წიაღსაც ესტუმრება... კიდევ ბევრს იხეტიალებს და ბოლოს ისევ იბადება მშვენიერ ანკარა წყაროდ, რა სახითად თავდაპირველად ამოჩქეფდა დედამიწის მკერდიდან. ეს გახლავთ საოცარ მოგზაურობათა შეკრული ძეწკვი ანუ ცისფერი იკანკლედი (ვფიქრობ, შეიძლება ასედაც ითქვას). მხოლოდ იმ იდუმალი იკანკლედის გავლენის შემდეგ იწმინდება მდინარის წყალი და ხდება მისი ხელახლა დაბადება, ანუ თვითაღდგენა, თვითგანახლება.

      იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ შემთხვევაშიც, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე; წვიმის წვეთები, თოფლის ფიფქი თუ დილის ნამი... ეს ყოველივე ჭუჭყიან წუმპეს ქმნიან, მაგრამ აორთქლებისას ისევ ზეცას უბრუნდებიან, ჭუჭყიანი წუმპე კვლავ ღრუბლის ქათქათა ფთილად გარდაისახება. თვითგანახლების, თვითაღდგენის უიშვიათესი უნარის მეოხებით ხდება ეს ყველაფერი, რაც წყალს ეჭვმიუტანლად გააჩნია... წყალი ყოველთვის უბრუნდება თავის პირველშობილ სიწმინდეს.

      როგორც წყალი, პირველშობილი, სულიც წმინდაა... ალბათ შეამჩნევდით, რა კრიალაა ჩვილი ბავშვის თვალები. სწორედ სულის სიწმინდეს და სიანკარეს ამჟღავნებენ ისინი. ამიტომაც ძალზე საამოა მათი ჭვრეტა, დილის ცვარი გაგახსენდებათ, ანდა ანკარა წყაროს ცინცხალი წინწკლები...

      მაგრამ რა ძნელია ამ სიანკარის შენარჩუნება (თუ შეუძლებელი არაა...) ჩაივლის ჩვილობის ასაკი, თვალების სიანკარეც მას გაჰყვება, მათში მღვრიე ნალექი ისადგურებს, სულზე სხეულის ძალადობის აშკარა ნიშანი... სული, როგორც წყალი, მსხვერპლი ხდება იმ საოცარი უნარისა, ზედმეტი სტუმართმოყვარეობა რომ ვუწოდეთ, ეს გარდაუვალია მისთვის.

      ... და როგორც წყალს, სულსაც გააჩნია თვითგანწმენდის, თვითაღდგენის უნარი; შეერთვის რა იდუმალ, უსხეულო ოკეანეს (სხეულთან გაყრის შემდგომ), სული იწყებს უსასრულო მოგზაურობას, ხეტიალს მის წიაღში. ამ ხეტიალისას სული იწმინდება, თავისუფლდება იმ ჭუჭყისა და ბიწისგან, სხეულში ყოფნისას რომ დააგროვა. გაივლის სულიერ გარდაქმნათა იკანკლედს, ბოლოს კი განწმენდილი და აღდგენილი, ხელახლა იბადება საკუთარი თავისგან, ისე, როგორც მღვრიე მდინარე იბადება ანკარა წყაროდ დედამიწის მკერდზე შეკრული ცისფერი იკანკლედისგან, ანუ როგორც ღრუბლის ქათქათა ფთილა იბადება ჭუჭყიანი წუმპის ანაორთქლისგან.

      ... და როგორც წესი, სულს ყოველთვის მსხვერპლის როლი აკისრია, თავის თავზე იღებს სხეულისმიერ ბიწსა და ჭუჭყს. სამაგიეროდ, მხოლოდ სულს აქვს თვითაღდგენის, თვითგანწმენდის უნარი, სხეული ამას სრულიად მოკლებულია. სული, როგორც წყალი, გამუდმებულ ცვალებადობაშია; მუდამ მოძრაობს, სიწმინდედან ბიწისკენ და პირიქით... ესაა მარადიული წრებრუნვა, წყლისა და სულის ორსახა იკანკლედი... სიცოცხლეც ხომ ამას ჰქვია...

      აჰა, უკვე მივადექით მეშვიდე ნიშანს, სულ შვიდი უნდა ყოფილ-იყო, როგორც დავთქვით წინასწარ... ეს გახლავთ უნარი ტალღათ-წარმოქმნისა და რაღა თქმა უნდა, სიმშვიდის, გარინდების უნარი; ეს ორი თვისება ხომ განუყოფლად თანაარსებობენ.

      იტყვით, ტალღათაწარმოქმნის უნარი ამ ქვეყნად ყველაფერს აქვსო, და არა მარტო წყალს. გეთანხმებით, ტალღა ყოველივეს მსჭვალავს. ყველაფერი, რაც კი არსებობს ამ ქვეყნად, ტალღაცაა და სხეულიც ერთსა და იმავე დროს, ოღონდ წყალი აქაც გამორჩეულია. არასდროს არაა ტალღა ისე ლამაზი და ხატოვანი, როგორც მაშინ, როცა წყალს შეიმოსავს სხეულად. ყველაზე ცხადი მაგალითი ოკეანე გახლავთ, მის ზედაპირზე თვით ღმერთის სუნთქვა აისახება ტალღების სახით.

      უკვე ვილაპარაკეთ წყლის სიმშვიდის და გარინდების უნარზე, კამკამა ტბორში (ან წყლიან თასში) ჩავიხედეთ და ვიხილეთ ჭეშმარიტების სარკე.

      ახლა კი სულ სხვანაირად მოვიქცეთ: კენჭი ვისროლოთ კამკამა ტბორში. მაშინვე გაჩნდებიან პატარა წრიული ტალღები, ყოველ მხარეს თანაბრად გასრიალდებიან, ტბორის ნაპირებს მიეხლებიან. ცოტაც დავაცადოთ, წრიული ტალღები თანდათან მიილევიან და ბოლოს გაქრებიან. ტბორის ზედაპირი წინანდე-ბურად მოსწორდება.

      კვლავ ჩავაგდოთ კენჭი წყალში, ზემოთ აღწერილი სურათი გან-მეორდება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მყისიერად აღიქვამს წყალი ტალღას, აღიქვამს და მიჰყვება, მიჰყვება მდოვრედ, რბილად, თანხმიერად. რაღაც გარკვეულ მანძილზე განეფინება და მიილევა. როგორც წესი, ყოველთვის საამოა თვალისთვის საჭვრეტად.

      მაგრამ სულ სხვა სურათი მიიღება, თუ მეტისმეტად ძლიერია ეს ტალღები, რომლებიც წყალს მსჭვალავენ... ღვარცოფი გაიხსენეთ, გაავებული მღვრიე ტალღა, ყველაფერს რომ ანადგურებს თავის გზაზე...

      ზუსტად ასევე, ჩვენი სულიც სიმშვიდეში სუფევს, როცა მას არაფერი აშფოთებს და აღელვებს. გარინდებულია, როგორც წყალი კამკამა ტბორში.

      მაგრამ აი, რაღაცამ დაარღვია ეს გარინდება სულისა... რა შეიძლება იყოს ეს რაღაცა? ცხადია, ტბორში გადასროლილი კენჭი ვერ იქნება... ვთქვათ რაიმე გულწრფელი, უანგარო განცდა გვეწვია. გააღვივა ჩვენი ცნობისმოყვარეობა, თავისკენ დაუძლეველი ძალით მიგვიზიდა სიკეთისა და მშვენიერების აღთქმით. ანდა პირიქით, უსიამოვნო სახე დაგვანახა, მოგვიძულა

      და უარგვყო... ჩვენი სული მყისიერად ეხმიანება ყოველივე ამას. მის წიაღში მაშინვე წარმოიქმნებიან სულიერი ტალღები, ყოველ მხარეს გაიშლებიან და ჩვენი სხეულის ნაპირებს მიეხლებიან. ანუ, ჩვენი სულიც აღელდება... სულის მღელვარება! მეტისმეტად მრავლისმთქმელი სიტყვაა. რამდენჯერ წარმოგვითქვამს, მაგრამ მის სიღრმისეულ მნიშვნელობას ბოლომდეარ ჩავწვდომივართ. დიახ, სული აღელდება, როგორც წყალი კამკამა ტბორში რაიმე გარეგანი შეშფოთებისას.

      ახლა კი თვით იმ ტალღების ხასიათზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ჩვენს სულში რომ აღიძვრებიან. მათ სხვადასხვა ხასიათი აქვთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მათი აღმძვრელი პირველწყარო (ანუ როგორია კამკამა ტბორში გადაგდებული კენჭი). ხანდახან თითქოს თვით ზეცა შეგვეხმიანება...

      რა ზეაღმტაცი, რა უმსუბუქესი განცდა გვეუფლება მაშინ... ეს იმიტომ, რომ ჩვენს სულში წარმოიშვნენ უმსუბუქესი ტალღები, თვით მშვენიერებამ მისცა მათ დასაბამი.

      მაგრამ რა უსიამოვნოა და მქისე ტალღები, რომელთა პირველწყარო შორსაა ყოველივე მშვენიერისგან... მძიმედ ეხლებიან მქისე ტალღები ჩვენი სხეულის ნაპირებს... იმდენად მძიმედ, რომ შეიძლება დაანგრიონ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც ღვარცოფი ანგრევს ყველაფერს თავის გზაზე.

      პირველ შემთხვევაში სულიერი ტალღები ლოცვაა, მეორეში კი წყევლა, ასედაც შეიძლება ითქვას. ტალღა იპყრობს სივრცეს, სხეული ამ მხრივ ბევრად უფრო მოკრძალებულია. ზღვის ტალღას მივადევნოთ თვალი... უფრო სწორად, ტალღას, რომელმაც ზღვის წყალი შეიმოსა სხეულად. მიტორტმანებს, მიბორგავს, თავგადაკლული მიექანება ნაპირისკენ, არაფერს ეპუება თავის გზაზე, მოუხელთებელია და მო-უთვინიერებელი. მიეახლა ნაპირს, კლდეს შეასკდა, მარილიანი შხეფების კორიანტელად იქცა. ტალღა კლდეზე დაიმსხვრაო, ასეთ დროს იტყვიან. მაგრამ არა, დაიმსხვრა... წყალი, ტალღამ ისევ გააგრძელა გზა, ოღონდ... სხვა გარემოში; სალი კლდის წიაღში გადაინაცვლა, წყალი ვეღარ მიჰყვა თან.

      იგივე ითქმის ნებისმიერ ცოცხალ სხეულზე. სული და სხეული ერთად მიილტვიან, საითაც გული და გონება უხმობთ. ამ ლტოლვისას სხეული შეიძლება რაიმე დაბრკოლებას გადაეყაროს და იქვე დარჩეს. სული, ცხადია, ვერ შეჩერდება, აგრძელებს სრბოლას სხეულის მიღმა, სულ სხვა სივრცეში განეფინება, რომელსაც უკვე თვალს ვეღარ მიადევნებს ადამიანი.

      რა იშვიათად ხდება, ერთმანეთს რომ აუწყონ ნაბიჯი სულმა და სხეულმა... ბევრი გადაულახავი წინააღმდეგობა იჩენს აქ თავს.

      მაგრამ აი, თამაშის დროს თანხმიერობენ სული და სხეული, ისე, როგორც ტალღა და წყალი... ერთმანეთის მხარდამხარ მიილტვიან. ალბათ გინახავთ ზღვის ფრთონვა, განა ამ დროს ზღვის ტალღები არ თამაშობენ? არაერთხელ ვახსენე წყაროს წყალი, ჩანჩქერი, ზაფხულის წვიმა... წყალი თამაშობს ყველა ამ შემთხვევაში, და ამ თამაშს ხშირად ცისარტყელას გვირგვინი ამშვენებს. დიახ, თამაში ყველას გვიყვარს, ვთამაშობთ და ამით სულ სხვა სამყაროს ვეზიარებით. მე იმის თქმა მინდა, რომ თამაშის დროს იცვლებიან ჩვეული საზღვრები და განზომილებანი, ირგვლივ ყოველივე განსხვავებული სიცოცხლით იწყებს სუნთქვას. ციური მნათობები მიწაზე ეშვებიან და ისეთი სახით შემოგვყურებენ, თითქოს წილი უნდა დაიდონ ჩვენს თამაშში.

      დიახ, მხოლოდ თამაშის წყალობით ვიპყრობთ სივრცეს, ყველა სხვა შემთხვევაში ჩაკეტილნი ვრჩებით... და ეს სივრცე თვით უსაზღვროებაზე მეტია...

      ასე რომ, ძვირფასებო, გვანან ერთმანეთს წყალში თუ სულში აღძრული ტალღები, ძალიან გვანან. სულისკენ მიმავალი გზა მერწევ ბილიკზე... ვიტყოდი, მეტისმეტად მერწევ ბილიკზე გადის. ეს ბილიკი მხოლოდ და მხოლოდ ტალღაა. მაცხოვარი ხომ წყალზე დადიოდა... წყალმა და სულმა იცნეს ერთმანეთი.

      და აჰა, გავასრულე სათქმელი, ერთმანეთთან მეშვიდედ დავაწყვილე სული და წყალი. მათი მსგავსებით დავიწყე, ბოლოს კი იმ საზღვრამდე მივედი, სადაც ისინი ერთარსნი გახდნენ. ტალღის წიაღში აღსრულდა ეს საოცრება, ტალღამ შეანივთა სული და წყალი. და რა მივიღეთ? მოთამაშე, გაცელქებული ტალღა, რომელსაც მთელი სამყარო ევიწროება. ჩვენი თავყრილობის მიზანიც ეგ იყო, თამაში. ასე რომ, მგონი მეც გამომივიდა რაღაც თამაშისმაგვარი, და არც ამ იდუმალი ციფრისთვის, შვიდიანისთვის მიღალატია.

      დაასრულა თუ არა ორსახა ნიღაბმა სიტყვა, ყველანი მაშინვე წამოხტნენ სავარძლებიდან და ირგვლივ შემოერტყნენ მშვენიერ აუზს... ეს აუზი მანამდე არ შემინიშნავს, გრანიტისგან ნაკვეთი კოლონადებით იყო შემოსაზღვრული. ჯერ მათ მრა-ვალსახეობას რა აღწერს, ამაოდ დავშვრები... მერე კიდევ, ამ კოლონადებს შორის რაღაც იშვიათ მცენარეებს გადმოეფინათ ყვავილებით შემკული მწვანე რტოები. არც ასეთი ყვავილები მენახა სადმე, ცოცხალი არსებებივით იჭვრიტებოდნენ წყლის სიღრმეში. ნიღბებმაც იწყეს წყალში ჭვრეტა, თან გახარებული ბავშვებივით ჟრიამულობდნენ: „... ჩვენ ახლა ყველას ორი სახე გვაქვსო...“ – გავარჩიე მათ ჟრიამულში, (უფრო სწორად, ორი ნიღაბი). რაც შეეხება ორსახა ნიღაბს, ის უკვე ოთხი ნიღბის მფლო-ბელია, უდავო უპირატესობას ფლობს ჩვენთან შედარებით...“ ხმამაღლა გნიასობდნენ ნიღბები... ო, როგორ ჰგავდნენ თამაშით გახარებულ ბავშვებს.

      ორსახა ნიღაბმაც შეიფერა თავისი უპირატესი მდგომარეობა, მთელი ტანით აღიმართა აუზის პირას. ხელები ფართოდ გაშალა, სხვადასხვა პოზას იღებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა როლში შესული მსახიობივით, თან ცალი თვალი მოლივლივე წყლის სარკისკენ ეჭირა. ყვავილებიც ისე აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ისინიც ერთობოდნენ მასთან ერთად. რაც გინდა თქვით და ორსახა ნიღაბი ძალიან მოქნილი გამოდგა, პანტომიმის ოსტატი გამახსენა.

      ცოტა ხნით ამგვარად გაერთნენ და ისევ დამშვიდდნენ ნიღბები, კვლავ სავარძლებში მოიკალათეს. ცისარტყელას ნიღაბს მიაპყრეს მზერა, ახლა მისი ჯერი იყო.

ნახვა: 294

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters