ნიკო ფიროსმანაშვილი
(1862 - 1918)

      ნიკო ფიროსმანის ცხოვრების დაწერა ისე ძნელია, როგორც იმ ძველი ოსტატების ბიოგრაფიისა, რომელთაც ოდესღაც საქართველო აავსეს თავიანთი ღვაწლით, რასაც ახლაც ხედავს ყოველი ქართველი მივიწყებულ, ზოგჯერ გავერანებულ დიდებულ ტაძრებზე და დარბაზნების ნანგრევებზე. ჭეშმარიტად ის იყო ნამდვილი სახალხო მხატვარი და ამიტომაც ის ისე გადნა ხალხში, რომ ჩვენ თაობას ვერც კი მოუხერხებია აღადგინოს მისი ცხოვრების კვალი. ყველაფერი, რაც ეხება ნიკო ფიროსმანაშვილის მიწიერ ცხოვრებას, მოცულია ისეთი საიდუმლო ბურუსით, რომ მომავალშიც შეუძლებელია სავსებით აღდგენილ იქნას მისი ბიოგრაფია.

      როგორც ჭეშმარიტ ხალხურ შემოქმედებაში, ნიკო ფიროსმანთან ტრადიციები შერწყმულია სინამდვილესთან. მისი ნამუშევრები მნახველს ნუსხავს სიღრმით, ძალით, ცხოვრებისეული უბრალოებითა და სიმართლით. მხატვრის შემოქმედება განუყოფელია საქართველოს, მისი ხალხის, პეიზაჟის, ტრადიციებისგან, რომელთაგან ზოგი შემონახულია, ზოგი შეიცვალა, ზოგიერთი კი ჩვენს თვალწინ გაქრა. თბილისის ქუჩებში უკვე ვეღარ იხილავთ წვეროსან მეეზოვეს ბალთიანი კარტუზით, ვირზე ამხედრებულ ექიმს ქოლგით, თავზე თაბახდადგმულ კინტოებს, ვეღარც ხმაურიან მოქეიფე თავადებს, სირაჯებსა ან ვაჭრებს. სოფელმაც მნიშვნელოვნად იცვალა იერი.

      ცოტა რამ ვიცით მის სამყაროზე. წერილები, რომლებსაც იგი დას წერდა, ხანძრის შედეგად განადგურდა, მხატვრის ჩანაწერების სქელტანიანი რვეული მის სიცოცხლეშივე უგზო-უკვლოდ გაქრა, ხოლო ადამიანებმა, რომელთა წრეშიც იგი ტრიალებდა, არნახული დაუდევრობა გამოიჩინეს, არც იმახსოვრებდნენ და არც იწერდნენ. თითქმის ყველაფერი, რაც მისი ბიოგრაფიიდანაა ცნობილი, ფიროსმანის გარდაცვალების შემდეგ, 20_იანი წლების დასაწყისშია მოძიებული.

      ნიკო ფიროსმანაშვილი 1862 წელს დაიბადა კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში და მისი პირველი შთაბეჭდილებები სწორედ ქართულ სოფელთან იყო დაკავშირებული, თუმცა მთელი ცხოვრება დედაქალაქში -  თბილისში გაატარა, სადაც დაობლების შემდეგ აღმოჩნდა.

      ფიროსმანაშვილები ოდითგანვე მირზაანში სახლობდნენ. ნიკოს მამა - ასლან ფიროსმანაშვილიც ამ სოფლის მკვიდრი იყო. დედა - თეკლე ტოკლიკიშვილი ჯვრისწერამდე მეზობელ სოფელ ზემო მაჩხაანში ცხოვრობდა. ნიკოს გარდა კიდევ ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ: მარიამი და ფეფო. 1870 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, სამ შვილზე ზრუნვა დედას გაუჭირდა. 14 წლის მარიამი თბილისში გაათხოვა და პატარა ნიკოც დას და სიძეს გაჰყვა.

      ვიწრო, ქვით მოკირწყლულ ქუჩებს, მაღალ, შუშაბანდით დამშვენებულ სახლებს, ეკლესიამონასტრებს, მოგუგუნე ზარებს, ეტლებითა და ფაეტონებით მოსიარულე ხალხს, უცნაურად ჩაცმულ კინტო-ყარაჩოღლებს, უბნებში ყოჩების შერკინებას გაუკვირვებია პატარა ნიკო, მაგრამ სოფელი მალევე მონატრებია. სიძეს - ალექსის, ერთ-ერთ ოჯახში შინამოსამსახურედ დაუყენებია. მალე ნიკოს დაც გარდაიცვალა და ქალანთაროვების ოჯახის ანაბარა დარჩენილა. ამ სახლში ისწავლა ქართული და რუსული წერა-კითხვა. ქალანთაროვების ოჯახის წევრები იგონებენ: „პატარა ნიკო მხოლოდ ხატვით ერთობოდა“. 1882 წელს მიატოვა აღნიშნული ოჯახი და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.

      მისი ცხოვრება ჯაჭვია ერთმანეთის მონაცვლე აღმაფრენისა და დაცემისა, ილუზიებისა და იმედგაცრუებისა, ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებისა, რაც მისი ნატურის თანდაყოლილ სტიქიურობაზე მიუთითებს, რამაც იგი სიღარიბემდე და ბოლოს დაღუპვამდე მიიყვანა.

      მხატვარმა ბევრგან სცადა ბედი: გახსნა აბრების სახელოსნო, მსახურობდა რკინიგზაზე, ვაჭრობდა კიდეც, ვიდრე ყველაფერს ხატვის მოთხოვნილებამ არ სძლია.

      თავისი ნამუშევრები მას მხატვარ გევორქ ბაშინჯამიანისათვის უჩვენებია. მან ფიროსმანის ნიჭიერება შენიშნა და ურჩია ესწავლა, რაც, როგორც ჩანს მხატვრისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

      ნიკო ისრუტავდა ყველაფერს, რაც მისი მხედველობის არეში ხვდებოდა და ნიმუშად ან პროტოტიპად შეიძლება გამოდგომოდა. ეს იყო: ხალხური შემოქმედება, ქალაქში მიმობნეული აბრები, ხატები, შუასაუკუნეების მონუმენტური ფერწერა, ცნობილი „თბილისური სკოლის“ პორტრეტები, XVIII ს_ის ირანული პორტრეტები, სპარსული მინიატურები და ჩვეულებრივი ფოტოებიც კი, რომლებიც იმ დროს თბილისურ ბინებს ამშვენებდა. ამ მასალის გადამუშავების შედეგად მან შექმნა ფერწერის საკუთარი სისტემა, რომელიც არავის ჰგავდა.

      ფიროსმანი არ იყო  დაზგური ფერწერის წარმომადგენელი, ჩვეულებრივი გაგებით ის იყო საკუთარი სახელოსნოს მყუდროებაში განმარტოებული, საკუთარ გულისთქმასთან დარჩენილი მხატვარი. თავისი შრომით იგი წვრილი ვაჭრებისა და იმ დროისათვის თბილისში უხვად მიმობნეული დუქნების მეპატრონეთა უზარმაზარ არმიას ემსახურებოდა. 

      მუშაობა მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, ოჯახურ სითბოს მოკლებული იყო. მხატვრობით გატაცებული ხელოვანი მხოლოდ თავის ნიჭსა და ნებისყოფას უნდა დაყრდნობოდა. მისმა გენიალობამ აქაც იჩინა თავი. იმ დროს თბილისში არ არსებობდა სამხატვრო გალერეა, ხელოვნების მუზეუმი. ერთადერთი, სადაც ხალხი თავს იყრიდა, დუქნები იყო. დუქანში ღვინის ცარიელ კასრზე ან ხის ყუთზე მოათავსებდა გადაჭიმულ მუშამბას , მოიმარჯვებდა პალიტრას და გატაცებით შეუდგებოდა ხატვას. როგორც სახალხო მხატვარი ლადო გუდიაშვილი აღნიშნავს: „ფიროსმანაშვილის სიდიადე მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, კერძოდ იმ შემკვეთებს, რომლებიც დუქნებს მისი ნახატებით რთავდნენ, არ ესმოდათ და არ იცოდნენ ვინ იყო ფიროსმანაშვილი, როგორც მხატვარი და როგორც ადამიანი“..  მაგრამ ორივე დამკვეთიც და შემსრულებელიც კმაყოფილი იყო. დამკვეთი იმიტომ, რომ თავის დუქნის გალამაზება იაფი უჯდებოდა, მხატვარი კიდევ იმიტომ, რომ მისი ნამუშევრების გამოფენა სხვაგან ვერ მოეხერხებინა, დუქანში კი ათასობით ადამიანი უყურებდა და ხმამაღლა მსჯელობდნენ მის შემოქმედებაზე.

      1916 წელს ფიროსმანი „ქართველ მხატვართა საზოგადოების“ შეკრებაზე მიუწვევიათ. იგი დიდხანს უსმენდა თურმე შეკრებილებს, შემდეგ კი უთქვამს: „აი, რა გვინდა, ძმებო: ქალაქის შუაგულში, ყველასთან ახლოს რომ იყოს, ავაშენოთ დიდი ხის სახლი, სადაც შევიკრიბებით, ვიყიდით დიდ მაგიდას, დიდ სამოვარს, ვსვამთ ჩაის და ვისაუბრებთ ფერწერასა და ხელოვნებაზე, - შემდეგ დაბალი ხმით ნაღვლიანად დაუმატა - თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ სხვა რამის შესახებ საუბრობთ“.

      მისმა კეთილშობილმა და სანდომიანმა იერმა მხატვართა ყურადღება მიიპყრო და ზოგიერთმა მათგანმა იქვე გააკეთა მისი სახის ჩანახატი.

      ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებს: „სახე მას განსაკუთრებით შესანიშნავი ჰქონდა. სწორნაკვთებიანი. სახე გასხივოსნებული იყო დიდი შავი თვალებით. ისინი ასხივებდნენ სიკეთესა და სიმშვიდეს. მისი შავი წვერი და თმა, გადატკეცილი სახე, ქართული ფრესკების გამოსახულებას მოგაგონებდათ... არცერთი მხატვრის მონახაზს არ შეეძლო დაეჭირა მისი სახის შთაგონებული გამომეტყველება“.

      ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მისი პიროვნების შესახებ. ის არ ეძებდა მყიდველებს, არ ეძებდა პოპულარობას. როცა საზოგადოებამ ინტერესი გამოიჩინა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მას თავისებური ინტელექტი და მძლავრი ნებისყოფა ჰქონდა, უფრო ადამიანი იყო, ვიდრე ხელოვანი, უფრო ხელოვანი იყო, ვიდრე ოსტატი. თითქმის ყველა მისი სურათი გამოუთქმელი ლირიზმითაა გამსჭვალული. ის იშვიათად ეძებს დრამატულ სიუჟეტებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ლირიკული ეფექტის მიღწევა მას ძვირად უჯდებოდა და ის ძალით იურვებდა თავის მხატვრულ ტემპერამენტს. ის თავის ხელში მთელ ქვეყანას ატარებდა, რომელიც მას აღელვებდა და სტანჯავდა.

      მეტი წილი, რაც ფიროსმანის შესახებ ვიცით, მითიაურია. მისი პიროვნების გამითებას განსაკუთრებით ხელი შეუწყო მხატვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების სიმწირემ და ფიროსმანის საფლავის მდებარეობის არ ცოდნამ. არ ვიცით, თუ რა ხელოვნების ნიმუშებს იცნობდა ნიკალა, რა ლიტერატურას კითხულობდა ან რომელი ზოგადსაკაცობრიო პრობლემები აფიქრებდა. ერთადერთი საინფორმაციო საყრდენი ჩვენთვის მხოლოდ მისი ხელოვნების ნიმუშებია, რომლებიც ხალხში გავრცელებულ ლეგენდას ეწინააღმდეგება, თითქოს ნიკო გაუნათლებელი და ბავშვივით გულუბრყვილო იყო. ფიროსმანის ყოვლისმომცველი სამყარო გამომდინარეობს მხატვრის მსოფლმხედველობიდან, სადაც სიბნელე და სინათლე ერთმანეთს ენაცვლება. სამხიარულოს და საზეიმოს მხატვარი ლირიულს უნაცვლებს ისე, რომ იმედი და ოპტიმიზმი ყველგან მაინც წამყვან მოტივად რჩება.

      მხატვარი 1918 წელს გარდაიცვალა სარდაფში, რომელიც მის ბინას წარმოადგენდა, ისეთივე მარტოსული, როგორც ცხოვრებაში იყო.

      როგორი უჩვეულო და გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება, გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება, მისი ნამუშევრების ბედი ნამდვილად ფანტასტიკური აღმოჩნდა. დღეს მას მთელი მსოფლიო იცნობს.

      ფიროსმანი არ იცნობდა მხატვრობის პროფესიულ ტექნიკას და სარგებლობდა განსაკუთრებული გამომსახველობითი საშუალებებით, ფერწერის საკუთარი სისტებით. მისი ნამუშევრები არ თავსდება არც მისი თანამედროვე ქართველი მხატვრების ჩარჩოებში.

      შეუპოვარი და დაჟინებული მუშაობის შედეგად ფიროსმანის მხატვრულმა ტექნიკამ სრულყოფილებას მიაღწია. ნამუშევართა შესაქმნელად იგი, როგორც წესი, შავ მუშამბას იყენებდა. არც მანამდე და არც შემდეგ შავი მუშამბა სახატავ მასალად არავის გამოუყენებია. ტილო, როგორც წესი, ერთი ამოსუნთქვით იქმნებოდა, დეტალების გადაკეთება აღარ ხდებოდა.

      1909 წელს იგი ქმნის სურათს „აქტრისა მარგარიტა“. პორტრეტი მხატვრის სახელთან დაკავშირებულ რომანტიკულ ისტორიას უკავშირდება. მისი ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი კ. ზდანევიჩი გვიამბობს: „ფიროსმანი შეხვდა ქალს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უყვარდა - კაფე-შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა - მშვენიერი და დახვეწილი, რომელმაც აღტაცება მოჰგვარა მხატვარს. იგი ვერ ახერხებდა გონს მოსვლას: მარგო „მიწაზე დაშვებულ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა.“. ბედნიერმა ნიკომ, არც კი დაფიქრებულა, სიხარულით უბოძა მას თავისი გული და მთელი თავისი ქონება. შემდეგ კი მადმუაზელ მარგარიტას უზარმაზარმა შავმა თვალებმა უკანასკნელად იხილეს ფიროსმანი: მარგარიტა სამუდამოდ გაქრა“.

      ეს ლეგენდა არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა და წარმტაცი წვრილმანებითაც შეივსო, რომელთაგან უმთავრესი საყვარელი არსებისათვის მიძღვნილი ვარდებით სავსე ურმებია.

      მარგარიტას პორტრეტი ცივია. კაფე-შანტანის მოცეკვავის ტანისამოსი აქ ვულგარულობას კარგავს და სიწმინდისა და უმანკოების სამოსად იქცევა. უმანკო პატარძალი ჯვრისწერის მოლოდინში, თაიგულით ხელში დგას უძრავად, ხელგაშლილი და სევდანარევი შეცბუნებით გვიმზერს - ამ სამყაროსათვის უცხო, დამაბრმავებლად ნათელი, როგორც ცის ფონზე მოციმციმე თოვლიანი მწვერვალი. მისი პორტრეტი კიდევ ერთი უპასუხოდ დარჩენილი გამოცანაა.

      ფანტასტიკურ შთაბეჭდილებას ახდენენ ფიროსმანის ტილოებზე გაცოცხლებული ცხოველები. თავისთავადი და განუმეორებელია მისი თითოეული ნატურმორტი.

      საგნების კომპოზიციური განლაგების საშუალებით ფიროსმანი პერსპექტივის დამაჯერებელ სურათს აღწევს. ნამუშევრების ნაწილი ფრონტალურადაა წარმოდგენილი რაც, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის გავლენაა.

      ფიროსმანთან არც განსაკუთრებით მდიდარი პლასტიკაა, არც თავისთავად აღებული რაფინირებული კოლორიტი, არც სივრცობრივი ეფექტები და შუქჩრდილის თამაში, არც მდიდარი ინდივიდუალურფსიქოლოგიური დახასიათება, სამაგიეროდ, აქ უნიკალურია შეხამებათა საოცრება.

      ფიროსმანის თითოეული შემოქმედება გვაოცებს თავისი კომპოზიციით. ყოველ მათგანში ჟანრული სიუჟეტი მოცემულია პეიზაჟის ფონზე. თუ ქალაქურ სურათებში გარკვეული კამერულობა იგრძნობა, სოფლის ამსახველ სურათებში გარესამყარო, მისი ბუნება მთელი სისავსითაა მოცემული და გრძნობ ცხოვრების სრულ სურათს.

      მღელვარება და ეპიკური მონუმენტურობა, გარემომცველი სამყაროთი ტკივილი და აღტაცება - თვისებები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ფიროსმანთან ერთიმეორეს ავსებენ, ამდიდრებენ, სიღრმეს მატებენ მის ხელოვნებას. ამაშია მისი შემოქმედების ძალა და იმისი საწინდარი, რომ კიდევ ბევრი თაობისათის იქცევა იგი მარადიულ გამოცანად.

       

გამოყენებული ლიტერატურა:

      "მხატვრის სავანე", "შეხვედრა ფიროსმანთან", "ნიკო ფიროსმანი", "ფიროსმანაშვილი", "Курьер", "Нико Пиросманашвили"

ნახვა: 655

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ბლოგი, ნიკალა, ფიროსმანი, ხელოვნება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters