გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ყვავილებს მოენატრეო, ნიავმა მაცნობა, თან სურნელი მომიტანა მათი, ერთიანად ამ სურნელში გამხვია. ფრთაშესხმული გავქანდი მათკენ, ნიავსაც კი გავუსწარი მგონი. მართლაც მეტად მოვნატრებივარ ყვავილებს, სანამ მე გველთან საუბარში ვიყავი გართული. თვალები ფართოდ გააღეს, თითქოს არც კი სჯეროდათ, რომ ისევ მხედავდნენ. მერე კი ისეთი სიცილ-კისკისი ატეხეს, მთელი ბაღი აივსო მათი მხიარულებით. რაც შეიძლებოდა ფართოდ შლიდნენ ფერადოვან ფურცლებს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი მათგანის დანახვა უფრო გამახარებდა და გამაცინებდა.

      ერთი ტანმაღალი ყვავილი გამოერია მათში, ღაჟღაჟა ფურცლებით უხვად თავმოდგმული. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, იმდენი იცინა და იკისკისა, რომ სულერთიანად ჩაბჟირდა და ფურცელ-ფურცელ დაიშალა. მხოლოდ მწვანე ღერო დარჩა მისგან. აბა, როგორ არ გაგეცინებოდა მისი დანახვისას.

      - ევა, ევა, - მომესმა მეტად ხმატკბილი ძახილი. ეს ფრთახატულა ფრინველებმა შეჰკრეს კამარა, მთელ ბაღს თითქოს ჭრელი ხალიჩა გადააქსოვეს.

      - მგონი ფრინველებსაც მოვნატრებივარ, - ვეუბნები ნიავს, მაგრამ იგი ყურსაც არ იბერტყავს, ჩემთვის აღარ სცალია. ფართიფურთით მიმოჰქრის, ფრინველებს ფერადოვან ბუმბულს უწეწავს, ყვავილებს კიდევ ფურცლებს. სულ ფრენაფრენით მიმოაქვს, თუ რომელიმე მათგანს მისწვდა და რაიმე მოიხელთა.

      მერე უჩვეულოდ ტკბილი ხმა შემომესმა, ისიც ჩემს სახელს იმეორებდა. ეს მაფშალიამ დამიძახა. მთელი ბაღი გაირინდა, როდესაც მაფშალიას ხმა დაირხა ჰაერში, თვით ნიავსაც კი შეეკრა სუნთქვა.

      ცისფერი ჩხიკვიც მოგოგმანდა, აბა ასეთ საზეიმო დღეს როგორ დააკლდებოდა... ხალისიან სიმღერას თავისი ხმაც შეუერთა, მერე კი ყველას გააჯავრა, როგორც ჩვევია ხოლმე. ყველას მიბაძა მოძახილში, მათ შორის მაფშალიასაც. მე ეს არ მომეწონა და დავუშალე.

      - შეგიძლია მიბაძო ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს, - ვეუბნები ცისფერ ჩხიკვს, - მაგრამ ნურასოდეს ნუ ეცდები, მაფშალიას მიბაძო. სულერთია, ამას ვერ შეძლებ. მაფშალია უპირველესი მგალობელია, მეტად დიდია მანძილი თქვენს შორის. ჩემი სახელი ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მომწონს, როდესაც მას მაფშალია იმეორებს.

სამოთხის ჩიტი და უფალი

      მაოცებს სამოთხის ჩიტის სილამაზე. ელფერი არ დარჩენილა სამოთხის ბაღში, ყველა ერთად მიიტაცა მისმა ფრთა-ბუმბულმა. მერე რა კოხტად, რა მომხიბლავად ეხამებიან ერთმანეთს... თანაც ისე ლივლივებენ, ნაკადულის ჭავლი გეგონება. არ მბეზრდება მისი ჭვრეტა, შევყურებ და თვალს ვეღარ ვწყვეტ.

      ერთხელ ვკითხე კიდეც სამოთხის ჩიტს, მისი სილამაზით მოხიბლულმა:

      - ერთი მითხარი, ვინ მოგიხატა ასე ლამაზად ფრთა-ბუმბული?

      სამოთხის ჩიტმა ყელი კოხტად მოიღერა, რათა თავის საუცხოო შესახედაობა რაც შეიძლება სრულად წარმოეჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ მიპასუხა:

      - უფალმა მომიხატა ფრთა-ბუმბული.

      - თვითონ უფალმა, საკუთარი ხელით? - შევეჭვდი მე.

      - საკუთარი ხელით, რა თქმა უნდა, - დამიმოწმა სამოთხის ჩიტმა, - სხვას არავის ანდო, არც მზის სხივებს, არც ვარსკვლავთა უცხო გირლიანდებს, არც ნამის ბრჭყვიალა წვეთებს და ტყე-ველად მცხოვრებ იდუმალ არსებებს, ყვავილებს რომ აფერადებენ. ყოველი ჩემი ბუმბული უფლის ხელითაა მოხატული. ფერადი ბუმბულის გვირგვინიც მან დამადგა თავზე.

      - იმიტომაც ხარ ასეთი ლამაზი, - აღტაცებით ვუთხარი მე, - სამოთხის ბაღში არავინაა შენი ბადალი.

      - ჰო, ასე ამბობენ, - სრულიად უბრალოდ დამიდასტურა სამოთხის ჩიტმა, ოდნავადაც არ ამაყობდა თავისი გამორჩეული სილამაზით და ყველაზე უფრო მეტად სწორედ ეს ამკობდა.

      მერე მე ისევ ვკითხე:

      - მე თვითონ სად ვიყავი იმ დროს, როდესაც უფალი ფრთებს გიფერადებდა?

      - ჩემს გვერდით იყავი, - იყო პასუხი.

      - ჰოო? ნამდვილად? - გამიკვირდა მე.

      - ნამდვილად, უფალს ეხმარებოდი. ჩემი გაშლილი ფრთები პატარა ხელებით გეჭირა, სანამ უფალი მათ აფერადებდა. უფალმა თქვა, რომ შენი პაწია ნაზი თითები ზედგამოჭრილია ამ საქმისათვისო.

      - ნუთუ მართლა? - ვერ ვიჯერებდი მე.

      - შენი მოქნილი თითები ძალიან მოსწონდა უფალს. მათთვის შეუძლებელი არაფერიაო, ასე ამბობდა.

      - მე თვითონ რატომ არ მახსოვს?

      - ეგ უკვე აღარ ვიცი, - თქვა სამოთხის ჩიტმა. - თუმცა შენ ცოტათი დაუდევარი ყოველთვის იყავი. ჩემი ფრთები ხელებზე გეფინა, შენ კი მწვანეზე მოთამაშე ბაჭიებისკენ გაგირბოდა თვალი. სიცილით კვდებოდი, როცა ისინი მალაყებს გადადიოდნენ. ამის გამო უფლისგან შენიშვნაც კი დაიმსახურე, შენ მაინც შენსას არ იშლიდი...

      დავფიქრდი. ძალიან მოვინდომე წარმომედგინა, თუ როგორ მაფენია ხელებზე სამოთხის ჩიტის ფრთები, რომელთაც უფალი აფერადებს, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

      ორივე ხელით თვალებს ვისრეს, სამოთხის ჩიტი ისევ ჩემთანაა, ჩემს თვალწინ შლის თავის ულამაზეს ფრთებს, უფლის სახე სადღაც მათ მიღმა მიმალულა...

      ვერა და ვერ გავიხსენე...

      ამ დავიწყებას რაღა დავარქვა? დავიწყებათა შორის უპირველესი?

      მგონი მართლაც ასეა, უწინარეს ყოვლისა, სწორედ უფლის სახე მიეფარა თვალს.

      უცბად საიდანღაც მელია გამოცუნცულდა და საკუთარ კუდს გაეკიდა, წრე ჩამოუარა მწვანიანზე საკუთარი კუდის დევნაში და მაინც ვერ დაეწია. ისეთი სასაცილო იყო, მეტი რომ აღარ შეიძლება. მეც გამოვედევნე უკან, ორივე ხელით ჩავაფრინდი ფაფუკ კუდში... რა ცბიერია მელაკუდა, თან რა მხიარულია, მასთან თამაში არასოდეს მომბეზრდება...

წვიმასთან ჩხუბი და შერიგება

      მწვანე მოლზე ვთამაშობდი ბაჭიებთან ერთად. ხან ისინი დამდევდნენ, ხან კიდევ მე თვითონ გავედევნებოდი მათ. დავიჭერდი და მწვანეზე ვაბურთავებდი. მზე დაგვნათოდა, ალბათ მოსწონდა ჩვენი თამაში, ისე გულიანად იცინოდა.

      უცბად მზეს მუქი ფერის ღრუბელი ჩამოეფარა. მალე იქიდან წვიმის წვეთებიც გვესტუმრნენ, ირგვლივ მათი წკაპაწკუპის ხმა გაისმა. ერთმანეთს მიჯრით მიჰყვნენ, თან მხიარულად და გაბმულად წკაპუნობდნენ. გავუბრაზდი წვიმის წვეთებს, თამაშში ხელს ნუ გვიშლი, ისევ ღრუბლის კალთას დაუბრუნდით მეთქი. ამჯერად არ გამიგონეს, უფრო მეტი მონდომებით დამესხნენ თავს, ხმასაც უფრო აუმაღლეს. გავიქეცი, მაღალი ხის ქვეშ დავემალე წვიმის წვეთებს. ერთხანს დამიფარა მწვანე ხის ფოთლებმა, მაგრამ მერე იქაც მომაგნეს წვიმის წვეთებმა, მანამდე არ მომეშვნენ, სანამ სულ მთლად არ გავილუმპე.

      ბაჭიებიც დასველდნენ, სველი გუნდებივით მიიკუნჭნენ ბუჩქებში.

      თამაში ჩამეშალა, ამაზე ძალიან დამწყდა გული. სულ მთლად სველი ვიდექი ხის ძირას და თვალებიდან ცრემლები მდიოდა.

      გავებუტე წვიმას, აღარასოდეს შევურიგდები.

      როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო, ცაზე შვიდფერა ლამაზი რკალი გამოჩნდა. საიდანღაც დაუზარელი ნიავიც გაჩნდა, ამ ფერადოვან რკალს ცისარტყელა ჰქვიაო, მაცნობა.

      - ცისარტყელას ჩვენ ვხატავთ მზის სხივებთან ერთად,- მხიარულად ამღერდნენ წვიმის წვეთები. ისინი კანტიკუნტად დაფრინავდნენ ჰაერში, მათი გამჭვირვალე მძივების მიღმა მზემაც ხალისიანად შემომცინა.

      ჰოდა, შევურიგდი წვიმას, ცისარტყელა მომეწონა და იმიტომ.

      წვიმაც შემირიგდა. შერიგების ნიშნად უამრავი პაწია ცისარტყელა მაჩუქა, რომლებიც ჩემს წამწამებზე დასახლდნენ. მე ისინი მაშინ დავინახე, როდესაც მხიარულად მომღიმარ მზეს გავუსწორე ცრემლიანი თვალები, მის სხივებზე გასათბობად მიფიცხებულმა.

ნიავის სახეცვლილება

      ჩამოიქროლა ნიავმა, თან მოიყოლა სამოთხის ბაღის სურნელება და ათასნაირი ახალი ამბების გუდა. წითელი ციყვი გირჩებს ერთმანეთზე უკაკუნებს და ფარშევანგი მწვანე მოლზე ცეკვავსო, მგელი და კრავი ფშანებში დამალობანას თამაშობენო, ბეღურა სულ მთლად დასველდა ნაკადულში ბანაობის დროს... და ვინ იცის, კიდევ რა აღარ გაიხსენა. თან ყვავილებს მოეფერა... იმ დღეს თაიგული შევკარი ნაირფერი ყავილებისგან და მათი ფერადოვნება მოიწონა, კარგად შეგირჩევიაო.

      მერე უცებ ხასიათი შეეცვალა ნიავს, უფრო ღონივრად ჩამოიქროლა. ხმაც შეიმაღლა, წეწვა დაუწყო ყვავილებს, სულ ახლახანს რომ ასე სათუთად ეფერებოდა.

      - ასე ნუ ფართიფურთობ, თორემ ყვავილების თაიგულს სულ დამიშლი, - დავტუქსე ნიავი.

      ყურიც არ მათხოვა. პირიქით, კიდევ უფრო მოიცა ძალა, უკეთური ხმით გააბა სისინი და ხარხარი, ყვავილები ხელიდან გამომგლიჯა და მიფანტ-მოფანტა.

      არც მე დამაყარა კარგი დღე, თმები სულ მთლად ამიწეწა, ლოყებზე სილაქები მიტკაცუნა, თან გაავებული ქშუტუნებდა და ხარხარებდა.

      - პირდაპირ ვეღარ გცნობ, სრულებით აღარ ჰგავხარ წინანდელ ნიავს,- ვუსაყვედურე მე.

      - მე ახლა ნიავი აღარ მქვია, - გველივით ასისინდა იგი, - მე ქარი ვარ, აღმა-დაღმა დავქრივარ, ხანდახან ქარიშხალიც ვარ.

      სჯობია თავს ვუშველო მეთქი, ვიფიქრე. გავიქეცი და მწვანე ბუჩქებს ამოვეფარე. არც იქ მომეშვა უცნაურად გაავებული ნიავი თუ ქარიშხალი, თუმცა ბევრი ვერაფერი დამაკლო.

      არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ბუჩქებში შემძვრალი. ყურებში ქარი მიზუზუნებდა, მწვანე ტოტები საქანელასავით ირწეოდნენ და მალე ჩამეძინა კიდეც.

      როცა გამეღვიძა, აღარ ისმოდა ქარის ზუზუნი, მწვანე ტოტებიც აღარ ირხეოდნენ.

      - მგონი დაწყნარდა ნიავი, დაიბრუნა თავისი პირვანდელი ხასიათი, - გავივლე გულში, მართლაც, ჩამოიქროლა ნელი შრიალით, კვლავ მოხსნა პირი ნაირნაირი ამბების გუდას. ყურებზე ხელები ავიფარე, აღარ მინდოდა მისი ხმის გაგონება. თუმცა ბოლოს მაინც შევრიგდით, იმდენი მეფერა და მეალერსა. თან დამპირდა: ვიცი, სადაც იფურჩქნებიან ყველაზე ლამაზი ყვავილები და მათთან გაგიძღვებიო. წინ ვერაფერი დაუდგება, ისეთი ლაქუცა და პირფერია.

საგალობელი

      მზეწვიას ბარტყმა დღეს პირველად შეიფრთხიალა ჰაერში და მაშინვე გალობა წამოიწყო. რომ იცოდე, როგორ მომიწევს შენსკენ გულიო, აღტაცებით შესჭიკჭიკა ლურჯი ცის თაღს. ცალკე საკუთარ ფრთებს შეჰხაროდა, მაღლა ჰაერში რომ აიტაცეს და სანატრელი ცისკენ გაუკვალეს გზა.

      სამოთხის ბაღი მაშინვე გამოეხმაურა მზეწვიას ბარტყის აღტაცებულ ჭიკჭიკს, ყველამ ერთხმად აიტაცა და გაითავისა მისი დიდი სიხარული, მერე კი საკუთარი საგალობლებიც თქვეს. ვფიქრობდი, გალობით მხოლოდ ფრთახატულა ფრინველები იქცევდნენ თავს. თურმე სად მქონდა თვალები... სამოთხის ბაღში ყველა სულდგმული გალობს და მღერის. ამისთვის სულ პაწია მიზეზიც კი საკმარისია.

      „სინათლე შენ მოჰფინე ჩემს ფოთლებს“. მაღალი ხე ასე ესიტყვება მზის მოალერსე სახეს. სულ პაწია, უღონო ბალახიც იმავეს იმეორებს. ბოლოს კი, „მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემს ხმას ყურს მიუპყრობსო“, ასე ამატებს. როგორც წესი, მადლიერება აქ არავის ავიწყდება. მადლიერებით სავსე გულით ამბობენ უფლის სადიდებელ საგალობლებსაც, სამოთხის ბაღის ნექტარი რომ ასვა მის ყოველ მკვიდრს.

      მზეწვიას ბარტყს გული ვეღარ ეჯერებინა ჰაერში ნავარდით. ხან მაღლა აიჭრებოდა, მერე ისევ დაბლა ეშვებოდა. ხის ტოტზე შემომჯდარი ისვენებდა, შვებას აძლევდა ჯერაც გაუმაგრებელ ფრთებს. თვალს არ ვაშორებდი, ძალიან მსიამოვნებდა მისი ცქერა... და აი, როცა ერთხელ კიდევ შეინავარდა ჰაერში ბარტყმა, მის გვერდით ჩემთვის კარგად ნაცნობი ყავისფერი ჩიტუნია დავინახე.

      ჰო, რა თქმა უნდა, მაფშალია! აბა როგორ დააკლდებოდა ამ საყოველთაო ზეიმს... მანაც წამოიწყო გალობა...

      ყური მივუგდე: რას უგალობდა იგი? მზეს და სიხარულს, ისეთ სიხარულს, გული რომ ვეღარც კი იტევს. სიხარულს, რომელიც ყველას ზიარია, ყველასთვის ერთნაირად ანთია და ზეობს. მადლიერება არც მაფშალიას დავიწყებია, მადლიერება მის საგალობლებსაც ახლდა განუყოფლად.

      სულგანაბული ვუსმენდი მაფშალიას გალობას, თან გულში ასე მივმართავდი სამოთხის ბაღის ყოველ მკვიდრს: მშვენიერია თქვენი საგალობლები, წუნს ვერავინ დაგდებთ. მაფშალიაც თითქოს არაფრითაა გამორჩეული, ისიც იმავე საგალობლებს იმეორებს, რაც უკვე მსმენია თქვენგან. მაგრამ რა კეთილხმოვნად, რა დიდებულად ჟღერს ეს საგალობელი, როგორც კი მის პაწია ნისკარტს მოწყდება. ამიტომ სჯობს, ყველანი გაჩუმდეთ, როცა ეს პაწია ყავისფერი ჩიტუნია ნისკარტს გააღებს. თქვენს სათქმელს მაფშალია იტყვის, თქვენს მაგივრადაც იგალობებს.

      არ ვიცი, ჩემი გულისნადები გაიგეს, თუ თვითონაც ამავე აზრის იყვნენ, მართლაც ყველანი გაისუსნენ, მაფშალიას დაუთმეს გზა და ბილიკი. ისიც გალობდა, უხვად აფრქვევდა უტკბილეს ხმებს. მზეწვიას ბარტყიც ისევ ისე ნავარდობდა ჰაერში, უმშვენიერესი საგალობელის ხმას აყოლილი და გალაღებული.

უფლის თვალი და ფარშევანგი

      ყოველთვის ლამაზია სამოთხის ბაღი, მაგრამ ხანდახან თითქოს საგანგებოდ გაბწყინდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ როცა დილის ცვარი უხვია. ტანმაღალი ხეები უფრო ფართოდ შლიან მხრებს და ისე იწვდიან მწვანე მკლავებს, თითქოს მთელი ბაღი გულში უნდა ჩაიკრანო. ყვავილები ხომ, პირდაპირ თვალებს მოგჭრიან, ისე კეკლუცობენ და კოპწიაობენ. ფრთახატულა ფრინველები ცისა და მიწის შორის მიმოჰქრიან, ბუმბული ისე უელვარებთ, თითქოს ისინიც საგანგებოდ მოკაზმულანო, თან გაცხოველებით ჟღურტულებენ და გალობენ. ყური მივუგდე, ნეტავი ასე გაცხარებით რას უგალობენ მეთქი და...

      - უფლის თვალი ტრიალებს სამოთხის ბაღში! - აი რა გავიგონე მათგან.

      ქარმა მაშინვე აიტაცა მგალობელ ფრინველთა კეთილხმოვანი მოძახილი, მთელ ბაღს მოჰფინა. სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი გამოეხმაურა ამ ძახილს, თავის მხრივ ყველა მათგანმა გაიმეორა, უფლის თვალი ტრიალებს სამოთხის ბაღშიო.

      - აი თურმე რა, - ვთქვი მე, - უფლის თვალი დაჰყურებთ და იმიტომაც კოპწიაობენ ასე საგანგებოდ.

      მივიხედ-მოვიხედე, რათა მეც დამენახა უფლის თვალი (ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ყველანი ხედავდნენ მას), ო, რამდენი თვალი აღმოვაჩინე ერთბაშად...

      უპირველეს ყოვლისა, მზის თვალი დავინახე... უფრო სწორად თუ ვიტყვით, მზემ ღრუბლის ქობა შემოივლო ირგვლივ და ისე დაემსგავსა თვალს, მეტი რომ აღარ შეიძლება, მაგრამ ის მაინც მზე იყო და არა უფლის თვალი, ეს ნამდვილად არ შემეშლებოდა. ღრუბლის ქობაშემოვლებული მზე სხვა დროსაც მინახავს, ოღონდ თვალს თუ ასე ძალიან ჰგავდა, აქამდე არ შემიმჩნევია.

      - შენ მზე ხარ და არა უფლის თვალი, - ვუთხარი მზეს და თან თითი დავუქნიე იმის ნიშნად, ჩემი მოტყუება ფიქრშიაც არ გაივლო-მეთქი. მზემ საპასუხოდ გულიანად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

      მზის მსგავსად, მთვარეც შეეცადა ჩემთან გახუმრებას, მანაც შემოივლო ღურბლის ქობა და ისიც საოცრად დაემსგავსა თვალს. ოღონდ მზისგან განსხვავებით, მეტად სევდიანი იყო მთვარის თვალი.

      - შენც კარგად გიცნობ, - ვუთხარი მთვარეს, - არც შენ შემეშლები უფლის თვალში.

      მთვარემ საპასუხოდ ძალიან, ძალიან სევდიანად შემომხედა და მგონი ცრემლიც კი მოადგა თვალზე. ასეთი ხასიათი აქვს, ხანდახან წაიტირებს ხოლმე, თორემ მის საწყენად ნამდვილად არაფერი მითქვამს.

      ვარსკვლავებმა ხომ, ნუღარ იტყვით, რა ამბავი ატეხეს. ისე ბრწყინავდნენ, ისე აკვესებდნენ თვალებს, არც კი ვიცოდი, რომელი მათგანისთვის მეცქირა, რომელი იჩემებდა, აქაოდა უფლის თვალი ვარო. ვუყურე, ვუყურე მათ და მერე ასე ვუთხარი:

      - ძალიან კარგად გხედავთ, ვარსკვლავებო, მაგრამ უფლის თვალს ვერც თქვენს შორის ვხედავ.

      ახლა ჩვენ შემოგვხედეო, წამჩურჩულეს ყვავილებმა, თან თვალებს ისე მონდომებით აჭყეტდნენ, მეტი რომ აღარ შეიძლება. ვუყურე, ვუყურე, მაგრამ ვერც ამ ფერადოვან თაიგულში ამოვიცანი უფლის თვალი.

      მალე სამოთხის ბაღის ბინადრებიც გამოჩნდნენ, თვალებში შემომციცინებდნენ, მეც მათ შევყურებდი და, უფლის თვალს ვერც თქვენს შორის ვხედავ-მეთქი, ვამბობდი.

      სილამაზით განთქმულია ნუკრის თვალები, ნამიანი და შუქიანი. ვერც მათში დავინახე უფლის თვალი.

      თვალები ამიჭრელდა კიდეც, სად აღარ ვეძებდი უფლის თვალს.

      აგერ ხის ფუღუროდან ვიღაც იყურება, ნეტავი ვისი თვალია, უფლის ხომ არა? თურმე წაბლი გაჩხერილა ფუღუროში...

      კიდევ ბევრი მსგავსი რამ აღმოვაჩინე უფლის თვალის ძიებისას.

      ბოლოს ფარშევანგმა გაშალა კუდი, თან თვალებში შემომყურებდა, და სულ ტყუილად. მე ამ დროს მის გაშლილ კუდს შევყურებდი, კუდის ბუმბულებზე ლაჟვარდისფერი თვალები ჰქონდა მიმობნეული. ო, როგორ გამიხარდა მათი ნახვა.

      - ეს ლაჟვარდისფერი თვალებიც ძალიან ლამაზია - ვთქვი მე, - იქნებ ცოტათი გვანან კიდეც უფლის თვალს.

      ჩემი სიტყვები ფარშევანგს ძალიან ესიამოვნა და ფართოდ კუდგაშლილმა დავლური დაუარა მწვანეზე. მეც ავყევი, მშვენივრად ვიცეკვეთ ერთად. მერე კი ერთი ბუმბული მაჩუქა ფარშევანგმა, ისეთი, რომელზეც ლაჟვარდისფერი თვალი იყო გამოსახული. ლამაზი ფრთა ლოყაზე დავიფინე და მაშინვე ჩამეძინა, ძალიან დამღალა ამდენმა თვალთვალმა.

      ძილში ვგრძნობ, ვიღაცის თვალი დამყურებს, დამყურებს მეტად თბილი, ალერსიანი მზერით. ალბათ ესაა უფლის თვალი, ვფიქრობ გულში, მაგრამ თვალის გახელას ვეღარ ვახერხებ. ძალიან მეძინება, ქუთუთოები თითქოს ერთმანეთს მიეკრაო, მეტისმეტად დამიმძიმდნენ... და თვალგაუხელელად ვუღიმი იმ ალერსიან მზერას

ნახვა: 1716

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters