ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

გიყვართ ბრამსი

qwelly, literature, ფრანსუაზ საგანი, გიყვართ ბრამსი, ლიტერატურა

თავი პირველი

      პოლი გულდასმით აკვირდებოდა სარკეში, ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში დროს როგორ შეემუსრა მისი სახე. ოღონდ არც სასოწარკვეთას გრძნობდა, არც გაბოროტებას, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ რომ ეუფლებათ ხოლმე ქალებს; პირიქით, რაღაც უნდილ სიმშვიდეს აეტანა: ნაოჭი რომ გამოეკვეთა, ორი თითით ოდნავ ჭიმავდა კანს, თითქოს ეს ცოცხალი კანი სულ სხვა ვინმესი ყოფილიყოს, სულ სხვა პოლის, ასე თავდავიწყებით რომ ზრუნავდა მუდამ თავის სილამაზეზე და ასე რომ უჭირდა ყმაწვილქალობიდან გადასვლა კარგად შენახულ, ჯერაც ახალგაზრდული იერის მქონე ქალთა მარაქაში. ასეთ პოლს იგი თითქმის არ იცნობდა. გაეღიმა, რადგან სარკესთან დროის მოსაკლავად შეჩერებულმა ერთბაშად აღმოაჩინა – სწორედ დრო სწვავდა მას ნელ ცეცხლზე ასე შეუმჩნევლად, დრო მუსრავდა მის გარეგნობას, ასე ძალიან რომ მოსწონდა ყველას. როჟე ცხრა საათზე უნდა მოსულიყო. ახლა შვიდი საათია, ანუ პოლს საკმაო დრო რჩება, რომ საწოლზე გაიშოტოს, თვალები დახუჭოს, დაძაგრული სხეული მოადუნოს, სული მოითქვას, არაფერზე იფიქროს. თუმცა რა ისეთი ფიქრები აქვს, რომ მათგან დასვენება სჭირდებოდეს საღამოს? პოლისთვის უცხო არ იყო ეს მოუსვენარი უხალისობა, რომლის წყალობით ხშირად უწრიალია ოთახებში, ხან ერთ ფანჯარას მისდგომია, ხან – მეორეს. ასე სჩვეოდა ბავშვობაშიც, წვიმიან დღეებში. სააბაზანოში შევიდა, დაიხარა და ხელი წყალში ჩაყო. ამან მაშინვე მოაგონა ერთი შემთხვევა... ეს მოხდა თხუთმეტი წლის წინ. მაშინ მარკთან იყო, შვებულებას მეორედ ატარებდნენ ერთად მარკის აფრიან ნავზე, მაგრამ პოლი უკვე გრძნობდა – მათი ერთად ცხოვრება დიდხანს არ გასტანდა. ქარი ქროდა და აფრა მოუსვენარი გულივით ფართხალებდა. პოლი ოცდახუთი წლისა იყო. ერთბაშად ისე ბედნიერად იგრძნო თავი, რომ მთელი სამყარო, მთელი თავისი ცხოვრება დიდებული ეჩვენა, თითქოს ანაზდად თვალი აეხილა და მიხვდა, ყველაფერი კარგად აეწყოო. გაბრწყინებული სახე რომ დაემალა, გადაიხარა და წყლის სწრაფ ჭავლს თითები გააყოლა. აფრიანი ნავი გვერდზე გადაქანდა. მარკმა, როგორც სჩვეოდა, გულგრილად გადახედა და პოლსაც მაშინვე ბედნიერი იერის ნაცვლად დამცინავი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. პოლი მერეც ყოფილა ბედნიერი სხვებთან თუ სხვების წყალობით, მაგრამ ესოდენ სავსე, ესოდენ სრულყოფილი ბედნიერება არსად უგრძნია. თუმცა მერე და მერე ეს მოგონება ისე აღარ ახარებდა – დანაპირების, სიტყვის გატეხას აგონებდა...

*

      საცაა როჟე მოვა, პოლი ყველაფერს აუხსნის, შეეცდება აუხსნას. როჟე ეტყვის: "ჰო, რა თქმა უნდა!" ეტყვის ისეთი კმაყოფილებით, როგორც იმ წუთებში, როცა ცხოვრებას რაიმე სიმახინჯეში გამოიჭერს და მერე ლამის ზეიმით მოჰყვება მსჯელობას, რა უაზროა არსებობა და მაინც რა ჯიუტად ვცდილობთ ადამიანები მის გახანგრძლივებასო. ეს კია, როჟეს მსჯელობაში მუდამ იგრძნობა, რაოდენ უყვარს და რა უძღები მადით ეწაფება სიცოცხლეს, გულის სიღრმეში კიდეც უხარია, რომ არსებობს ამქვეყნად. ეს გრძნობა მას მხოლოდ ძილში ტოვებს. დაძინებითაც მაშინვე იძინებს, როგორც კი ბალიშზე თავს მიდებს: ხელს მკერდზე დაიდებს და ძილშიც ისევე უგდებს ყურს საკუთარი სიცოცხლის ფეთქვას, როგორც სიფხიზლეში. არა, პოლი ვერ შეაგნებინებს, რომ უკვე მოყირჭდა ის თავისუფლება, მათ ურთიერთობაში კანონად რომ ქცეულიყო; ამ თავისუფლებით ხომ მხოლოდ როჟე სარგებლობს, ხოლო პოლის წილ მარტოობაღა რჩება! ხომ ვერ ეტყვის, ზოგჯერ თავს ერთ-ერთ იმ უძღებ მესაკუთრე დედაკაცად ვგრძნობ, შენ რომ ასე ძალიან გეჯავრებაო!.. ერთბაშად ეს ცარიელი ბინაც ამაზრზენი და უმაქნისი ეჩვენა. ცხრა საათზე როჟემ დარეკა. როცა პოლმა კარი გააღო და მისი მოღიმარი სახე და ჩასკვნილი ტანი დაინახა, ერთხელ კიდევ გაიფიქრა მორჩილად, აი, ეს არის ჩემი ხვედრიო; ერთხელ კიდევ დარწმუნდა – ნამდვილად უყვარდა ეს კაცი.

      – რა კოხტად გამოწყობილხარ... რომ იცოდე, როგორ მომენატრე! მარტო ხარ?

      – ჰო, შემოდი!

      "მარტო ხარ?" ნეტა რას იზამდა, რომ ეთქვა, მარტო არ ვარო? მაგრამ ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს ასეთი რამ. და მაინც როჟე ყოველთვის ეკითხება ამას, ებოდიშება კიდეც, ხომ არ შეგაწუხეო. გულში პოლი ღალატზე მეტად სწორედ ამ ეშმაკობას საყვედურობს როჟეს (როჟეს ვერ წარმოედგინა, რომ პოლის მარტოობის მიზეზი თვითონ იყო, რომ პოლი უბედურად გრძნობდა თავს). პოლმა გაუღიმა. როჟემ ბოთლი გახსნა, ორი ჭიქა შეავსო და დაჯდა.

      – მოდი ჩემთან, პოლ. სად ვისადილოთ?

      პოლი გვერდზე დაუჯდა. როჟესაც დაღლილი სახე ჰქონდა. ქალს ხელი დაუჭირა.

      – რომ იცოდე, რამდენი თავსატეხი საქმე გამომიჩნდა... ყველაფერი აირ-დაირია, ირგვლივ ბრიყვები და დოყლაპიები მახვევია! ნეტა ერთი ქალაქგარეთ მაცხოვრა... პოლს გაეცინა: – იმ შენი კე-დე ბერსის, შენი საწყობებისა და საბარგო მანქანების გარეშე როგორღა გაძლებ? პარიზში ვიღამ იხეტიალოს ღამღამობით? როჟეს გაეღიმა, გაიზმორა და, დაქანცული, დივანზე გადაწვა. პოლს არ შეუხედავს, საკუთარ ხელსღა დაჰყურებდა, როჟეს ხელისგულზე დადებულს. მისთვის ნაცნობი იყო როჟეს ყოველი ნაკვთი, გრუზა თმა, ოდნავ წამოზიდული ლურჯი თვალები, ბაგეებთან გაჩენილი ნაკეცი.

      – ჰო, მართლა, ღამღამობით ხეტიალზე გამახსენდა: იმ დღეს პოლიციელებმა პატარა ბიჭივით გამომიჭირეს. ერთი ტიპი მაგრად მივტყიპე... ორმოცი წლის კაცი და პოლიცია! ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიქნებოდი...

      – რატომ სცემე?

      – აღარ მახსოვს... მაგრად კი მოხვდა!

      თითქოს ამ მუშტი-კრივის მოგონებამ გამოაცოცხლაო, როჟე ერთბაშად წამოხტა: – ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ! – თქვა მან. – "პიემონტიაში"! ხოლო თუ წყალობას მოიღებ და აღიარებ, რომ ცეკვა შემიძლია, ვიცეკვებთ კიდეც.

      – შენ კი არ ცეკვავ, დადიხარ! – უთხრა პოლმა.

      – ყველა შენსავით არ ფიქრობს.

      – თუ იმ უბედურ ქალებს გულისხმობ, შენზე რომ ლოცულობენ, მაშინ რა მეთქმის. სიცილი აუტყდათ. როჟეს სასიყვარულო თავგადასავლები მუდამ ართობდა ორივეს. სანამ კიბის მოაჯირს ხელს წაავლებდა, პოლი წამით კედელს მიეყრდნო, ერთბაშად ძალა წაერთვა. როჟეს მანქანაში მან უგულისყუროდ ჩართო რადიო. რადიომიმღების სუსტ შუქზე საკუთარ ხელს დააკვირდა – წაგრძელებულ, მოვლილ ხელს. ძარღვები თითებისკენ მიცოცავდა და აბურდული ნახაზივით ინასკვებოდა კანქვეშ. "ჩემი ცხოვრების მსგავსად", – გაიფიქრა პოლმა, მაგრამ ერთბაშად მოისაზრა, რომ შედარება ყალბი გამოუვიდა. მას ხომ უყვარდა თავისი ხელობა, ხომ არ ნანობდა წარსულს, ხომ ჰყავდა კარგი მეგობრები და ხომ იყო ადამიანი, ვინც უყვარდა და ვისაც უყვარდა!

      – თუ იცი, რამდენჯერ ჩამირთავს რადიო ამ მანქანაში, აი, ასე, შენთან ერთად სასადილოდ რომ მივდიოდი? – მიუბრუნდა როჟეს.

      – აბა რა ვიცი!

      როჟემ ცალი თვალით გადახედა. მართალია, ამდენი წელი ერთად ყოფნის შემდეგ ღრმად სწამდა, პოლს ნამდვილად ვუყვარვარო, როჟე მაინც საოცარი სიფრთხილით ეკიდებოდა პოლის გუნება-განწყობას, მუდამ ისევე ფხიზლად იყო, როგორც პირველ დღეებში. პოლმა კინაღამ წამოიწყო: "გახსოვს?", მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, ამ საღამოს ზედმეტ მგრძნობიარობას მოვერიდებიო.

      – უკვე გაცვეთილ ამბად მიგაჩნია, ხომ?

      – არა, ოღონდ ზოგჯერ მგონია, თავად გამეცვითა გრძნობები.

      როჟემ ხელი გაუწოდა და პოლმაც ხელისგულებში მოიმწყვდია მისი მარჯვენა. როჟეს სწრაფად მიჰყავდა მანქანა, ნაცნობი ქუჩები ელვის სისწრაფით ქრებოდა; შემოდგომის წვიმა თვალისმომჭრელად ალაპლაპებდა პარიზს.

      როჟეს გაეცინა: – ნეტა ვიცოდე, ასე რატომ მივქრი? ალბათ, იმიტომ, რომ ჭაბუკად მოგაჩვენო თავი.

      პოლს ხმა არ ამოუღია. როჟე მუდამ ცდილობდა ჭაბუკივით მოქცეულიყო. როჟე მართლაც "ჭაბუკი" იყო. სულ ახლახან თვითონვე თქვა ეს და მისმა სიტყვებმა კიდეც შეაშინა პოლი. ქალს უკვე აფრთხობდა მესაიდუმლის როლი, რომელსაც ნელ-ნელა შეეგუა ურთიერთგაგებისა და როჟეს სიყვარულის გამო. ცხოვრებაში მისი ერთადერთი მიზანი როჟე იყო, თუმცა როჟეს ეს ხშირად ავიწყდებოდა, პოლის ზედმეტად მოკრძალებული ხასიათის წყალობით. ისადილეს მშვიდად, ისაუბრეს იმ დაბრკოლებებზე, რომელთაც იმხანად როჟეს სამსახურისთანა სატრანსპორტო სააგენტოები აწყდებოდნენ. შემდეგ პოლი ორ თუ სამ სასაცილო ამბავს მოჰყვა იმ მაღაზიებზე, სადაც დეკორატორად მუშაობდა. ფატისგან გამოგზავნილ ერთ ქალს გადაჭრით მოუთხოვია, მაინცდამაინც პოლმა მომიწყოსო ბინა. ამერიკელი ყოფილა, თანაც საკმაოდ მდიდარი.

      – ვან დენ ბეში? – იკითხა როჟემ. – მოიცა, რაღაც მაგონდება... .ჰო, ჰო!

      პოლმა გაოცებით აზიდა წარბები. როჟე უდარდელად იცქირებოდა. ასე იცოდა ხოლმე სამიჯნურო ამბების გახსენებისას.

      – ჰო, ოდესღაც ვიცნობდი. თუ არ ვცდები, ომამდე. სულ ერთთავად კაფე "ფლორანსში" იჯდა.

      – იმის შემდეგ გათხოვდა, გაეყარა და სხვა ბევრი რამეც მოასწრო...

      – ჰო, ჰო... – თქვა ფიქრებში წასულმა როჟემ, – მოიცა, რა ჰქვია? ჰმ...

      პოლი გაბრაზდა, ძლივს შეიკავა თავი, როჟესთვის ჩანგალი არ გაერჭო ხელისგულში.

      – სულაც არ მაინტერესებს, რა ჰქვია, – თქვა მან, – გემოვნების ნატამალი არ გააჩნია, მაგრამ, რაც მთავარია, ფული თავსაყრელად აქვს. მე კი სწორედ ეს მჭირდება საარსებოდ.

      – ახლა რამდენი წლის იქნება?

      – დაახლოებით, სამოცის, – გულგრილად მიუგო პოლმა, მაგრამ როჟეს რომ შეხედა, გაეცინა. როჟე მაგიდიდან გადმოიხარა, თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: – იცი, რა საძაგელი ქალი ხარ? ოღონდაც კი დამამცირო და რას არ იტყვი! სულერთია, მაინც მიყვარხარ, თუმცა ამის ღირსი არ ბრძანდები.

      როჟეს მუდამ უყვარდა, მსხვერპლად წარმოეჩინა თავი. პოლმა ამოიოხრა: – ასეა თუ ისე, ხვალ მასთან უნდა მივიდე კლებერის გამზირზე. ფული ძალიან მჭირდება, უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა. შენც ჩემს დღეში ხარ! – დასძინა მან, როცა როჟემ ხელი ასწია და რაღაცის თქმა დააპირა.

      – სხვა რამეზე ვილაპარაკოთ! – შესთავაზა როჟემ. – მოდი, საცეკვაოდ წავიდეთ.

      ღამის რესტორანში პატარა მაგიდას მიუსხდნენ საცეკვაო მოედნის მოშორებით და უსიტყვოდ მიაჩერდნენ მოცეკვავე ქალ-ვაჟებს. პოლს როჟეს ხელზე დაედო ხელი, მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა, ისე შეეჩვია... ძალა ალბათ აღარც ეყოფა, სხვას ასე დაუახლოვდეს. ამის შეგრძნება თან აღონებდა, თან ბედნიერებას ანიჭებდა. მერე მათაც იცეკვეს. როჟემ მაგრად მოჰხვია წელზე მკლავი და, საკუთარი თავით კმაყოფილმა, ურიტმოდ დაატრიალა საცეკვაო მოედანზე. პოლი ბედნიერი იყო.

      შინ მანქანით დაბრუნდნენ. როჟე გადმოვიდა, სადარბაზომდე მიაცილა და მოეხვია: – ახლა წადი, მშვიდად დაიძინე. ხვალამდე, საყვარელო!

      სწრაფად აკოცა და წავიდა. პოლმა ხელი დაუქნია. ამ ბოლო დროს როჟე სულ უფრო ხშირად ტოვებდა მარტოს, მშვიდად დაიძინეო. პოლი ცარიელ ბინაში შევიდა. სანამ საწოლზე ჩამოჯდებოდა, გაიხადა და გულდასმით დაალაგა ტანსაცმელი. ამ საღამოსაც მარტო დარჩა. ასე ეგონა, მომავალში მხოლოდ მარტოდ გატარებული გრძელი ღამეები ელოდა, გატკიცინებულ ზეწრებსა და უღიმღამო სიმშვიდეში გატარებული ღამეები, როგორც ლოგინზე მიჯაჭვულ სნეულს. საწოლში რომ ჩაწვა, უნებლიეთ მკლავი გადასწია, თითქოს თბილ სხეულს ეძებსო. სუნთქვა შეიკრა, თითქოს ეშინია, ვიღაცას ძილი არ დავუფრთხოო, სულერთია, ვის – მამაკაცსა თუ თუნდაც ბავშვს, ოღონდ ვინმეს დასჭირდეს მისი სიფხიზლე, ოღონდაც ვინმეს დაეხმაროს მისი სითბო, დააძინოს თუ გამოაღვიძოს ვინმე! მაგრამ, ვაი, რომ არავის სჭირდებოდა მისი ზრუნვა! იქნებ, როჟეს? თუმცა მასაც მხოლოდ – დროდადრო... ეს სიყვარული კი არა, ფიზიოლოგია იყო მხოლოდ. პოლი ამას კარგად გრძნობდა და სიმწარენარევი სიტკბოებით ეძლეოდა მარტოობას.

*

      როჟემ მანქანა სახლთან გააჩერა და გადაწყვიტა, ფეხით გაევლო. ღამის გრილ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. ნაბიჯს ნელ-ნელა აუჩქარა, თავს კარგად გრძნობდა. პოლთან შეხვედრის შემდეგ თავს მუდამ კარგად გრძნობდა. პოლის გარდა, არავინ უყვარდა. მაგრამ როცა ამ საღამოს გამოემშვიდობა, სევდა შეატყო, თქმით კი ვერაფერი უთხრა. პოლი თითქოს რაღაცას სთხოვდა, სთხოვდა ისეთ რამეს, რისი მიცემაც როჟეს არ შეეძლო, არც არავისთვის მიუცია ოდესმე. ალბათ, პოლთან უნდა დარჩენილიყო, ეს ღამეც ალერსში გაეტარებინა. ქალის დასამშვიდებლად ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. მაგრამ რა ქნას, თუკი სიარული სწყურია, ქუჩაში ხეტიალი, ქვაფენილზე საკუთარი ნაბიჯების ხმის გაგონება; სწყურია ისევ და ისევ იგრძნოს ამ კარგად ნაცნობი ქალაქის სუნთქვა. ან იქნებ წინასწარ ნეტარებას ჰგვრის იმის შეგრძნება, ვის ან რას გადაეყრება ამაღამ? როჟე სანაპიროსკენ გაემართა. სადღაც შორს შუქი ციმციმებდა.

თავი მეორე

      პოლს ჩვეულებრივზე გვიან გამოეღვიძა. მოთენთილი იყო, მაგრამ მაინც გავიდა სახლიდან. კანტორაში მისვლამდე ამერიკელ ქალთან უნდა შეევლო. ათ საათზე უკვე კლებერის გამზირზე იყო, თითქმის ცარიელ სასტუმრო ოთახში. რაკი დიასახლისი არ იყო ამდგარი, სარკეს მიუახლოვდა და მშვიდად გაიპუდრა სახე. სიმონს სწორედ ამ სარკეში მოჰკრა თვალი: განიერი დილის ხალათი ეცვა, თმა ასწეწოდა და მართლაც ძალიან ლამაზი ჩანდა. "ჩემი გემოვნების ყმაწვილი არაა", – გაიფიქრა პოლმა, მისკენ არც მიბრუნებულა, საკუთარ თავს გაუღიმა სარკეში. სიმონი მეტისმეტად გამხდარი, მეტისმეტად შავგვრემანი, ნათელთვალება და მეტისმეტად დახვეწილი ყმაწვილი იყო.

      სიმონმა ვერც შეამჩნია პოლი და სტვენა-სტვენით გაემართა ფანჯრისკენ. პოლმა ჩაახველა. სიმონი ისე სწრაფად შემოტრიალდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. პოლმა გაიფიქრა, ქალბატონ ვან დებ ბეშის უკანასკნელი ხუშტური იქნებაო.

      – მაპატიეთ, – თქვა სიმონმა, – ვერ დაგინახეთ. სიმონ ვან დენ ბეში გახლავართ.

      – დედათქვენმა მთხოვა, ამ დილით შემომევლო და ბინის მოწყობის თაობაზე მოვლაპარაკებოდი. მგონი, მთელი სახლი გავაღვიძე.

      – სულერთი არაა? ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაგვეღვიძა, – ნაღვლიანად წაილაპარაკა სიმონმა.

      პოლმა უხალისოდ გაიფიქრა, ამ ყმაწვილს წუწუნი ჰყვარებიაო.

      – დაბრძანდით! – უთხრა სიმონმა, დილის ხალათი მჭიდროდ შემოიკრა და დინჯად ჩამოჯდა პოლის პირდაპირ.

      სიმონს მორცხვი ბიჭის იერი უფრო ჰქონდა. პოლს ერთბაშად მოეწონა: ყოველ შემთხვევაში, ისეთ კაცს არა ჰგავდა, სილამაზით რომ მოაქვს თავი, ეს კი უკვე ბევრს ნიშნავდა.

      – თუ არ ვცდები, ისევ წვიმს.

      პოლს გაეცინა. წარმოიდგინა, რა მოუვიდოდა როჟეს, პოლი რომ ენახა აქ, დილის ათ საათზე, საქმიანად მჯდარი ვიღაც შეცბუნებული, საშინაო ხალათში გამოწყობილი, ლამაზი ყმაწვილის პირისპირ.

      – დიახ, დიახ, წვიმს, – მხიარულად მიუგო პოლმა.

      სიმონმა შეხედა.

      – აბა, სხვა რა გითხრათ? მე ხომ არ გიცნობთ! ნაცნობები რომ ვყოფილიყავით, გეტყოდით, ბედნიერი ვარ, კვლავ რომ გიხილეთ-მეთქი.

      პოლი შეცბა, სიმონს გადახედა.

      – რატომ?

      – აბა, რა ვიცი.

      სიმონმა თავი მიაბრუნა. პოლს უფრო და უფრო მეტად უცნაური ეჩვენა იგი.

      – თქვენს ბინას მართლა სჭირდება მოწყობა, – თქვა მან, – ჩვეულებრივ, სად სხდებით ხოლმე, როცა სამზე მეტი კაცი მოიყრით თავს?

      – ვერაფერს მოგახსენებთ, – მიუგო სიმონმა, – მე აქ იშვიათად ვარ. მთელი დღე ვმუშაობ, დაღლილი ვბრუნდები და მაშინვე ვწვები.

      პოლი საბოლოოდ დარწმუნდა, ამ ყმაწვილის შეფასებაში მართლა შევცდიო. თურმე თავისი გარეგნობით სულაც არ ყოყოჩობს, პირიქით, დღედაღამ შრომობს. კინაღამ ჰკითხა, რას აკეთებთო, მაგრამ თავი შეიკავა: საერთოდ არ სჩვეოდა ამგვარი ცნობისმოყვარეობა.

      – მე სტაჟიორად ვმუშაობ ერთ ვექილთან, – წამოიწყო სიმონმა, – ბევრი საქმე მაქვს, შუაღამისას ვწვები და გარიჟრაჟზე უკვე ფეხზე ვარ...

      – ახლა ათი საათია! – შენიშნა პოლმა.

      – ჩემს ერთ კლიენტს თავი მოჰკვეთეს ამ დილით! – წაილაპარაკა სიმონმა.

      პოლი შეკრთა. სიმონი თავდახრილი იჯდა.

      – ღმერთო ჩემო, მოკვდა? – ჰკითხა პოლმა.

      ორივეს სიცილი წასკდა. სიმონი წამოდგა და ბუხრის თაროდან სიგარეტი აიღო.

      – არც ისე თავგამოდებით ვმუშაობ, როგორც საჭიროა. სამაგიეროდ, თქვენ დილის ათ საათზე უკვე მზად ხართ, ეს ჩვენი საძაგელი სასტუმრო მოაწყოთ. თქვენ მართლაც პატივისცემის ღირსი ხართ.

      სიმონმა აღელვებით გაიარ-გამოიარა ოთახში.

      – დამშვიდდით! – ურჩია პოლმა.

      ქალი ერთბაშად კარგ გუნებაზე დადგა, გამხიარულდა. სიმონის საქციელი ართობდა, უკვე ნატრობდა, ნეტავ, დედამისი არ შემოვიდესო.

      – წავალ, ჩავიცვამ! – თქვა სიმონმა. – წამში მზად ვიქნები, დამიცადეთ!

*

      პოლმა ერთი საათი დაყო ქალბატონ ვან დენ ბეშთან, რომელიც დილიდანვე უგუნებოდ გამოიყურებოდა; ქალებმა სახლის მოწყობის რთული გეგმა შეადგინეს. პოლი აღფრთოვანებული ჩარბოდა კიბეზე, გახარებული ფიქრობდა თავის გასამრჯელოზე და სიმონი არც გახსენებია. გარეთ წვიმდა. პოლმა ხელი აუწია ტაქსის, მაგრამ ამ დროს პატარა, დაბალი მანქანა შეჩერდა მის წინ. სიმონმა მანქანის კარი გამოაღო.

      – არ წამობრძანდებით? მეც სწორედ კანტორაში მივდივარ.

      ეტყობა, მთელი საათი ელოდა პოლს. მისმა იდუმალმა იერმა გული მოულბო ქალს. ორად მოკაკვული ძლივს ჩაჯდა სიმონის მანქანაში და გაეღიმა.

      – მეტინიონის გამზირზე უნდა მიმიყვანოთ.

      – დედაჩემთან თუ მოაგვარეთ საქმე?

      – მერედა როგორ! სულ მალე რბილ სავარძლებზე მოასვენებთ თქვენს დამაშვრალ სხეულს. ძალიან ხომ არ დაგაგვიანებთ სამუშაოზე? უკვე თორმეტი დაიწყო. ამასობაში ერთს კი არა, მგონი, ყველა თქვენს კლიენტს წააცლიდნენ თავს.

      – დრო თავზე საყრელად მაქვს, – კუშტად წაილაპარაკა სიმონმა.

      – არ იფიქროთ, თითქოს დაგცინოდეთ, – დაუყვავა პოლმა. – უბრალოდ, კარგ გუნებაზე ვარ. ფული მჭირდებოდა, დედათქვენის წყალობით კი ყველაფერი კარგად მოგვარდა.

      – ფული წინასწარ გამოართვით! – ურჩია სიმონმა. – დიდი ძუნწი ვინმეა.

      – მშობლებზე ასე ლაპარაკი არ გეკადრებათ.

      – თორმეტი წლის კი არა ვარ!

      – აბა, რამდენის?

      – ოცდახუთის, თქვენ?

      – ოცდაცხრამეტის.

      სიმონმა ისე მოურიდებლად დაუსტვინა, პოლი ჯერ კინაღამ გაბრაზდა, მერე სიცილი აუტყდა.

      – რა გაცინებთ?

      – ისეთი აღფრთოვანებით დაუსტვინეთ...

      – წარმოიდგინეთ, უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული, ვიდრე თქვენ გგონიათ! – თქვა სიმონმა და ისე ნაზად გადახედა, პოლი შეიშმუშნა.

      მინის საწმენდი რიტმულად სრიალებდა მინაზე, მაგრამ კოკისპირულ წვიმას ვერ უმკლავდებოდა. პოლს კიდეც უკვირდა, სიმონს როგორ მიჰყავს მანქანაო. დაჯდომისას წინდა გაეხა, მაგრამ მაინც კარგ გუნებაზე დააყენა ამ პატარა მანქანამ, ამ ბიჭმა, მისით აშკარად მოხიბლულმა, და ამ წვიმამაც, კაპოტიდან რომ წვეთავდა და ღია ფერის პალტოს უსველებდა. პოლი თავისთვის ღიღინებდა: ჯერ სახლის ქირას გადაიხდის, მერე დედას გადაუგზავნის ყოველთვიურად განკუთვნილ ფულს, მაღაზიის ვალსაც გაისტუმრებს და საკმაოდ დარჩება სხვა ხარჯებისათვის... თუმცა ანგარიშის თავი აღარ ჰქონდა. თანაც სიმონს ისე ჩქარა მიჰყავდა მანქანა, როჟე, წუხანდელი ღამე გაახსენდა და გუნება შეეცვალა.

      – ხომ არ ისაუზმებდით ჩემთან ერთად... ერთ მშვენიერ დღეს? – ჰკითხა სიმონმა ერთი ამოსუნთქვით და პოლისთვის არ შეუხედავს. პოლს ძალიან შეეშინდა, ერთმანეთს ხეირიანად არ იცნობენ, ძალაუნებურად საუბარი უნდა გაუბას, რაღაც ჰკითხოს, უცხო ადამიანის სამყაროში შეიჭრას... არა, ამის სურვილი სულაც არა აქვს.

      – ამ დღეებში არ მეცლება, ბევრი სამუშაო მაქვს.

      – ჰოო? რა გაეწყობა! – წაილაპარაკა სიმონმა და აღარ ჩასციებია. პოლმა მალულად გადახედა. სიმონს ახლა ნელა, თითქოს ნაღვლიანად მიჰყავდა მანქანა. პოლმა სიგარეტი ამოიღო, სიმონმა სანთებელი მიაწოდა. მისი გამხდარი მაჯა სასაცილოდ მოჩანდა სქელი ტვიდის პიჯაკის სახელოდან. "ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას ჩრდილოამერიკელ მონადირესავით არ უნდა ეცვას", – გაიფიქრა პოლმა და უცებ მოუნდა სიმონის ჩაცმაზე თვითონ ეზრუნა. ამ ყაიდის ბიჭები მუდამ დედობრივ გრძნობას უღვიძებენ ხოლმე პოლის ასაკის ქალებს.

      – მე უკვე მოვედი! – თქვა მან.

      სიმონი უსიტყვოდ გადმოვიდა, მანქანის კარი გამოაღო, გაბუტული და თან დაღონებული ჩანდა.

      – გმადლობთ! – უთხრა პოლმა.

      – მადლობად არ ღირს!

      პოლმა სამი ნაბიჯი გადადგა და მოიხედა. სიმონი იდგა და უყურებდა.

თავი მესამე

      სიმონი თხუთმეტი წუთი ეძებდა მანქანის დასადგომ ადგილს, ბოლოს კანტორიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით გააჩერა. დედამისის მეგობართან მუშაობდა. ეს ცნობილი ვექილი, მაგრამ საძაგელი კაცი, მოთმინებით იტანდა სიმონის ყოველ უსაქციელობას, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, სიმონს ამაზე ფიქრიც არ სურდა. ზოგჯერ მოუნდებოდა გაემწარებინა, მოთმინებიდან გამოეყვანა ვექილი, მაგრამ აქაც სიზარმაცე უშლიდა ხელს. მაქანიდან გადმოსვლისას ფეხი იტკინა და ბედს შერიგებული კაცის იერით კოჭლობით განაგრძო გზა. თითქმის ყველა ქალი თვალს აყოლებდა. სიმონმა იცოდა, რას ფიქრობდნენ ისინი: "აფსუს, რა ლამაზი ყმაწვილი დაკოჭლებულა!" მართალია, თავის გარეგნობას არაფრად აგდებდა, მაგრამ ბევრჯერ შვებით უფიქრია: "არა, ნამდვილად გამიჭირდებოდა, უშნო რომ ვყოფილიყავი!" და მყის ხან განდეგილად მცხოვრები ბედკრული მხატვარი, ხანაც ლანდელი მწყემსი წარმოუდგებოდა თვალწინ.

      კანტორაში კოჭლობით შევიდა. მოხუცმა მდივანმა, მადმუაზელ ალისამ თან ალერსით და თან დაცინვით შეავლო თვალი. კარგად იცოდა სიმონის ოინები, მაგრამ მაინც ლმობიერად ექცეოდა, წუხდა, მეტი სიდინჯე რომ გამოიჩინოს, ასეთი ლამაზი და გონებამახვილი ბიჭი ნამდვილად სახელგანთქმული ვექილი დადგებოდაო.

      სიმონი გადაჭარბებული თავაზიანობით მიესალმა ქალს და სამუშაო მაგიდას მიუჯდა.

      – რატომ კოჭლობთ?

      – ისე, საშიში არაფერია. აბა, წუხელ ვინ ვისი მსხვერპლი გახდა? ნეტა ვიცოდე, როდის ჩამივარდება ხელში გამოსაძიებლად მართლაცდა საშინელი ბოროტმოქმედება?!

      – ამ დილით სამჯერ გიკითხეს. უკვე თორმეტის ნახევარია.

      მაშასადამე, თვითონ ვექილმა ფლერმა იკითხა. სიმონმა კარისკენ გაიხედა.

      – გვიან გამეღვიძა, მერე კი ისეთი მშვენიერება ვიხილე...

      – ქალი?

      – დიახ. ძალზე ლამაზი, ნაზი, ოდნავ მოტეხილი სახე... ნუ იტყვით, ისეთი მიხრა-მოხრა... რაღაც აწუხებს, თუმცა რა, ვერ გაუგებ...

      – გირჩევნიათ, გიიოს დოსიეს გადახედოთ!

      – კეთილი და პატიოსანი!

      – გათხოვილია?

      სიმონი ფიქრებიდან გამოერკვა.

      – არ ვიცი... თუ გათხოვილია, ალბათ, უხეირო ქმარი ჰყავს. ფული უჭირს, მაგრამ როცა ეს საკითხი მოაგვარა, მაშინვე კარგ გუნებაზე დადგა. მიყვარს, ქალს რომ ფული გაახალისებს.

      ალისამ მხრები აიჩეჩა.

      – მაშასადამე, ყველა ქალი გყვარებიათ.

      – თითქმის ყველა, გარდა მეტისმეტად ნორჩებისა...

      სიმონმა გიიოს დოსიე გადაშალა. ამ დროს კარი ფართოდ გაიღო და ვექილი ფლერი გამოჩნდა.

      – ბატონო ვან დენ ბეშ... ერთი წუთით!

      სიმონმა მდივან ქალს გადახედა, მერე წამოდგა და კაბინეტში შევიდა. ინგლისურ სტილზე მორთული კაბინეტი თავისი უზადო წესრიგით მუდამ ზიზღს ჰგვრიდა ყმაწვილ კაცს.

      – იცით, რომელი საათია?

      ვექილმა ხოტბა შეასხა საერთოდ სიზუსტეს, შრომისმოყვარეობას, ილაპარაკა კარგა დიდხანს და ბოლოს საკუთარი და ქალბატონ ვან დენ ბეშის მოთმინებაც შეაქო. სიმონი ფანჯარაში იყურებოდა. ასე ეგონა, ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ერთხელ უკვე იყო მოწმე ასეთი სცენისა, ასე ეგონა, მთელი სიცოცხლე ამ ინგლისურ კაბინეტში გაატარა და სულ ამ სიტყვებს ისმენდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა მარწუხებს უჭერდა, ახრჩობდა და სიკვდილით ემუქრებოდა. "ნეტა რას ვაკეთებდი მთელი ოცდახუთი წელიწადი? – გაიფიქრა ერთბაშად. – ერთი მასწავლებლიდან მეორის ხელში გადავდიოდი, ყველა მე მტუქსავდა და რატომღაც მიაჩნდათ, რომ ძალზე მადლიერი უნდა ვყოფილიყავი". პირველად თავის სიცოცხლეში ეს კითხვა ისეთი სიმძაფრით წამოეჭრა, უნებურად ხმამაღლა იკითხა: – მაინც რა გავაკეთე?

      – რა? უბედურებაც ისაა, ჩემო კარგო, რომ არაფერი გაგიკეთებიათ!

      – მე მგონი, არც არავინ მყვარებია არასოდეს! – განაგრძო სიმონმა.

      – სულაც არა გთხოვთ, მე ან მოხუცი ალისა შეგვიყვაროთ, – აღშფოთდა ფლერი, – მხოლოდ იმას გთხოვთ, იმუშავეთ! ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს.

      – საზღვარი ყველაფერს აქვს! – წაილაპარაკა ფიქრებში წასულმა სიმონმა. ასე ეგონა, უაზრო ოცნებები ჭაობივით ითრევდა, თითქოს ათი დღის უძინარი, მშიერ-მწყურვალი იყო.

      – დამცინით? – იყვირა ვექილმა.

      – არა. მაპატიეთ, ამიერიდან ყურადღებით ვიმუშავებ.

      უკან-უკან დაიხია და ისე გავიდა კაბინეტიდან. მერე სამუშაო მაგიდას მიუჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

      მადმუაზელ ალისა გაკვირვებული შეცქეროდა. "კი მაგრამ, რა მომივიდა? – ფიქრობდა სიმონი. – რა ამბავია ჩემს თავს?" გონება დაძაბა და გაიხსენა თავისი ცხოვრება: ინგლისში გატარებული ბავშვობა, სტუდენტობის წლები, გატაცებები... .ჰო, თხუთმეტი წლის ასაკში დედამისის მეგობარი ქალი მოსწონდა. იმ ქალმა ერთი კვირის თავზე ყველაფერში გაანათლა. მერე უდარდელი დროს ტარება, მხიარული მეგობრები, გოგოები, მზიანი გზები... ყველაფერი ერთმანეთში ისე აირია, ვერც ერთზე ვერ შეაჩერა ყურადღება. იქნებ, არც არაფერი გადახდენია. უბრალოდ, ოცდახუთი წლისა იყო.

      – ასე ახლოს ნუ მიიტანთ გულთან! – დაუყვავა მადმუაზელ ალისამ. – ხომ იცით, მალე გადაუვლის ხოლმე.

      სიმონმა არაფერი უპასუხა, ფანქრით რაღაცას უაზროდ ხატავდა ბიუვარზე.

      – ჯობს თქვენს მეგობარ ქალზე იფიქროთ! – განაგრძო შეწუხებულმა ალისამ. – უფრო აჯობებდა, გიიოს დოსიეს გასცნობოდით.

      – მე მეგობარი ქალი არა მყავს.

      – კი მაგრამ, ამ დილას ვის შეხვდით? რა ჰქვია მაინც?

      – არ ვიცი.

      სიმონმა მართლა არ იცოდა პოლის სახელი. პარიზში ვინმეს შეხვდე და მისი არაფერი იცოდე, თავისთავად უკვე დიდებული ამბავი და მოულოდნელი სიხარულია! შეგიძლია მთელი დღე მასზე იფიქრო და რაც გინდა, ის წარმოიდგინო!

*

      როჟე დივანზე გაწოლილიყო სასტუმრო ოთახში და მოღლილ-მოქანცული სიგარეტს ეწეოდა. მთელი დღე ბაქანზე გაატარა, საბარგო მანქანების დაბრუნებას ადევნებდა თვალს. იმ თავსხმაში სულ მთლად გაიწუწა, მერე ის იყო, სასაუზმოდ დააპირა წასვლა, რომ სასწრაფოდ ლილში მოუხდა გამგზავრება: იქ კატასტროფა მომხდარიყო, რამაც ასი ათასი ფრანკის ზარალი მიაყენა როჟეს სააგენტოს.

      პოლი სუფრას ალაგებდა.

      – ტერეზა რასა იქმს? – იკითხა როჟემ.

      – ვინ ტერეზა?

      – ქალბატონი ვან დენ ბეში. ღმერთმა უწყის, ამ დილით რატომ გამახსენდა მისი სახელი.

      – საქმე მოგვარდა, – თქვა პოლმა, – ბინის მორთვა მე მომანდო. აქამდე განგებ არაფერს მოგიყევი, შენ თვითონ იმდენი უსიამოვნება შეგხვედრია...

      – მაშ, შენ გგონია, მეწყინება, საქმე თუ კარგად წაგივა?

      – არა, ოღონდ მეგონა...

      – ნუთუ ასეთი თავკერძა გგონივარ, პოლ?

      როჟე წამოჯდა და ლურჯი თვალები პოლს კუშტად მიაპყრო; მაშ, ისევ პოლმა უნდა დაამშვიდოს, უნდა დაარწმუნოს, რომ იგი ყველაზე უკეთესია (ერთი მხრივ, ეს მართალიცაა) და პოლი უზომოდ გააბედნიერა. პოლი გვერდით დაუჯდა.

      – თავკერძა არა, უბრალოდ, ბევრი საქმით ხარ დაკავებული... ამიტომ, ბუნებრივია, მუდამ საკუთარ უსიამოვნებებზე ილაპარაკო...

      – არა, მე გეკითხები, მართლა ასეთი თავკერძა ვარ შენ მიმართ?

      ანაზდად როჟე მიხვდა, რომ მთელი დღე თურმე ამაზე ფიქრობდა. ალბათ, იმ წუთიდან, როცა წუხელ, სადარბაზოსთან, პოლის სასოწარკვეთილი მზერა დაიჭირა. პოლი შეყოყმანდა: ასეთი რამ მისთვის არასოდეს უკითხავს როჟეს. იქნებ, ჯობს კიდეც გულახდილად უთხრას ყველაფერი. მაგრამ დღეს ისეთი თავდაჯერებული იყო, ისეთ კარგ გუნებაზე იყო, როჟეს კი ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა... ვეღარ გაბედა.

      – არა, როჟე. მართალია, ზოგჯერ... მარტოობას კი ვგრძნობ, თითქოს ასაკიც მახსენებს თავს და შენი აყოლა მიჭირს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ.

      – ბედნიერი ხარ?

      – ჰო.

      როჟე ხელახლა გადაწვა დივანზე. პოლმა თქვა, ბედნიერი ვარო, და ის ამაფორიაქებელი ფიქრიც, მთელი დღე რომ არ ასვენებდა როჟეს, თავისთავად გაქრა. ძალიანაც კარგი! მასაც ეს უნდა!

      – მისმინე, ის შემთხვევითი ამბები... ერთი სიტყვით, შენც კარგად იცი მათი ფასი.

      – ვიცი, ვიცი.

      პოლმა როჟეს შეხედა. თვალდახუჭული იწვა; მაინც, რა ბავშვია ამოდენა კაცი... წევს თავისთვის დივანზე და გულუბრყვილოდ ეკითხება: "ბედნიერი ხარ?" როჟემ ხელი გაუწოდა, პოლმა აიღო და ახლოს მიუჯდა. როჟეს თვალი არ გაუხელია.

      – პოლ... პოლ... ხომ იცი, უშენოდ... პოლ... – წაიჩურჩულა ბოლოს.

      – ჰო, ვიცი.

      პოლი დაიხარა, ლოყაზე აკოცა. როჟეს უკვე ეძინა. ანგარიშმიუცემლად გამოაცალა ხელი ქალს და გულზე დაიდო. პოლმა წიგნი გადაშალა.

      როჟეს ერთი საათის მერე გამოეღვიძა, მკვირცხლად დახედა საათს და გამოაცხადა, აბა, საცეკვაოდ წავიდეთ და დავლიოთ, იქნებ, ეს წყეული საბარგო მანქანები გადამავიწყდესო. პოლს ეძინებოდა, მაგრამ როჟემ თუ რაიმე აიჩემა, მორჩა, ვეღარ გადააფიქრებინებ.

      როჟემ უცნობ რესტორანში წაიყვანა, სენ-ჟერმენის ბულვარზე. სარდაფი პატარა ბაღის ლამაზ კუთხეს წააგავდა, კედლებზე ლანდები დალიცლიცებდა, ბრაზილიურ ჰანგებს ლამის გაეყრუებინა კაცი.

      – ყოველ საღამოს რესტორნებში წანწალს ნამდვილად ვერ გავუძლებ! – წაილაპარაკა პოლმა, მაგიდას რომ მიუსხდნენ. – ხვალ ასი წლის დედაბერს ვემგვანები. დღესაც ძლივს წამოვდექი ლოგინიდან.

      ერთბაშად სიმონი მოაგონდა. მისი არსებობა აღარც კი ახსოვდა.

      – წარმოიდგინე, ამ დილით... – მიუბრუნდა როჟეს და მაშინვე გაჩუმდა. მის წინ სიმონი იდგა.

      – საღამო მშვიდობისა! – უთხრა მან.

      – ბატონი ფერტე! ბატონი ვან დენ ბეში! – ერთმანეთს გააცნო პოლმა.

      – გეძებდით და კიდეც გიპოვეთ! – უთხრა სიმონმა. – ეს კარგი ნიშანია.

      მოპატიჟებას არ დაუცადა, ისე ჩამოჯდა სკამზე. როჟე გაბრაზდა, წელში გასწორდა, უკმაყოფილება დაეტყო.

      – ყველგან გეძებდით, – განაგრძო სიმონმა, – ბოლოს ვიფიქრე, ალბათ, სიზმარში ვნახე-მეთქი.

      ანთებული თვალებით შეჰყურებდა პოლს და მკლავზე უჭერდა ხელს. გაოგნებულ ქალს ხმა ვერ ამოეღო.

      – ეტყობა, მაგიდა შეგეშალათ! – უთხრა როჟემ.

      – გათხოვილი ხართ? – ჰკითხა სიმონმა პოლს. – ვერ დავიჯერებ...

      – გაწყალდა გული! – წამოიძახა როჟემ. – ახლავე მოვაშორებ აქაურობას.

      სიმონმა შეხედა, შემდეგ ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო.

      – მართალს ბრძანებთ, ბატონო, მაპატიეთ! ჩანს, მეტი მომივიდა დალევა, მაგრამ ამ დილით აღმოვაჩინე, მთელი ცხოვრება თურმე არაფერი მიკეთებია, სულ არაფერი!

      – ახლა მაინც გაისარჯეთ და მოწყდით აქედან!

      – თავი დაანებე! – ხმადაბლა სთხოვა პოლმა. – უბედური ბიჭია. ვინ არ დამთვრალა ერთხელ მაინც ზომაზე მეტად... ეს შენი... დაიცა... ჰო, ტერეზას ვაჟია.

      – ვაჟი? – გაუკვირდა როჟეს, – ესღა მაკლდა!

      როჟე წინ გადაიხარა. სიმონს უღონოდ დაედო თავი მკლავზე.

      – გაიღვიძეთ! – უთხრა როჟემ. – მოდი, თითო ჭიქაც დავლიოთ. ამასობაში თქვენს დარდებსაც გაგვიზიარებთ. წავალ, მე თვითონ მოვიტან ჭიქებს, თორემ შუაღამემდე მოგვიწევს ლოდინი.

      პოლი გამხიარულდა, როჟესა და ამ დამთხვეული ყმაწვილის საუბარი რომ წარმოიდგინა. სიმონმა თავი ასწია და თვალი გააყოლა როჟეს, რომელიც მაგიდებს შორის გზას ძლივს მიიკვლევდა.

      – აი, მამაკაციც ამას ჰქვია! – თქვა მან. – ნამდვილი ვაჟკაცი! თუმცა ეგეთი ჯანმაგარი, ვაჟკაცური, საღად მოაზროვნე ტიპები ჭირივით მეჯავრება... მე...

      – ადამიანის ბუნება არც ისე მარტივია, როგორც გგონიათ! – მკვახედ მიუგო პოლმა.

      – გიყვართ?

      – თქვენი საქმე არ არის.

      სიმონს თმა თვალებზე ჩამოჰყროდა, სანთლების შუქი უფრო მკვეთრად აჩენდა მის ლამაზ ნაკვთებს. დიდებული სანახავი იყო. მეზობელ მაგიდიდან ორი ქალი აღტაცებით შესცქეროდა.

      – მაპატიეთ, – თქვა სიმონმა, – რა საოცარი ამბავია: დილიდან მოყოლებული ყველას ბოდიშს ვუხდი. იცით, მე, მე მგონი, არარაობა ვარ!

      როჟემ სამი ჭიქა მოიტანა; სიმონის ბოლო სიტყვების გაგონებაზე წაიბურტყუნა, ადრე თუ გვიან ყველა ამ დასკვნამდე მიდისო. სიმონმა უცბად გამოცალა თავისი ჭიქა და გაჩუმდა. ასე მდუმარედ, გაუნძრევლად იჯდა მაგიდასთან და უყურებდა, როგორ ცეკვავდნენ ისინი, უსმენდა, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ თითქოს არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა. როჟესა და პოლს მალე დაავიწყდათ მისი არსებობა. ხანდახან პოლი თუ გადახედავდა და სიცილს ძლივს იკავებდა: ისეთი დამჯერი, ჭკვიანი ბიჭივით გატრუნულიყო სიმონი.

      როცა წასასვლელად მოემზადნენ, სიმონიც წამოდგა, მაგრამ მუხლები მოეკეცა და სკამზე დავარდა. გადაწყვიტეს, შინ მიეყვანათ. სიმონს როჟეს მანქანაში ჩაეძინა. თავი პოლის მხარზე ექინდრებოდა. აბრეშუმივით ნაზი თმა ჰქონდა, მშვიდად ფშვინავდა. პოლს შეეშინდა, მინას არ მიარტყას თავიო, და შუბლზე დაადო ხელი. კლებერის გამზირზე როჟე გადმოვიდა, მანქანას შემოუარა და კარი გააღო.

      – ფრთხილად! – ხმადაბლა უთხრა პოლმა.

      როჟემ შეამჩნია, რა თვალები ჰქონდა პოლს. გაუკვირდა, მაგრამ არაფერი თქვა და სიმონი მანქანიდან გადმოათრია. იმ ღამეს პოლთან დარჩა და დიდხანს, ძილშიც ისე მაგრად ჰყავდა გულში ჩაკრული, რომ ქალმა ვერ დაიძინა.

თავი მეოთხე

      მეორე დღეს, შუადღისას, პოლი ვიტრინაში ჩამუხლულიყო და მაღაზიის პატრონს არწმუნებდა, თაბაშირის ბიუსტზე ქუდის ჩამოდება ვერაფერი ორიგინალური იდეაა რეკლამისთვისო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სიმონი. ხუთი წუთის წინ გაზეთების ჯიხურს მოფარებული გულისფანცქალით უთვალთვალებდა პოლს. ნეტა ასე ძალუმად რად უცემს გული? პოლი რომ დაინახა, თუ იმიტომ, ასე სულელურად რომ იმალება? დამალვა მუდამ უყვარდა სიმონს. მარცხენა ხელს გიჟივით აქნევდა, თითქოს კრუნჩხვები აწუხებსო, მარჯვენა კი ჯიბეში ისე ედო, იტყოდით, რევოლვერი უდევს შიგ ან ხელზე ეგზემა აქვსო. მისმა საქციელმა მაღაზიაში მყოფი ხალხი დააფრთხო. სიმონი ფსიქოანალიტიკოსისათვის, მართლაც, მისწრება იყო, ყოველ შემთხვევაში, დედამისს ასე მიაჩნდა.

      როცა პოლი ვიტრინაში ჩაჩოქილი დაინახა, სიმონმა ინატრა, სულაც არ გაეცნო ეს ქალი და არც მინიდან ეჭვრიტა ახლა მისთვის. მაშინ, დღესაც არ იქნებოდა მისი უარის მოლოდინში. ნეტა გუშინ რაები მოჩმახა? ჩერჩეტი ბიჭივით საძაგლად გამოთვრა. ან რა საკადრისი იყო, იმდენი სისულელე რომ ილაქლაქა სულიერ ტანჯვაზე... სიმონი კვლავ ამოეფარა ჯიხურს, წასვლაც კი დააპირა, მაგრამ ერთხელ კიდევ რომ გახედა პოლს, ერთბაშად მოუნდა ქუჩა გადაერბინა, ხელიდან გამოეგლიჯა ქინძისთავებით დაცხრილული ქუდი, განერიდებინა ამ სამუშაოსგან, ამგვარი ცხოვრებისგან, რათა აღარ ამდგარიყო დილაადრიან, აღარ დაჩოქილიყო გამვლელების თვალწინ ვიტრინაში; აგერ, ხალხი წამდაუწუმ ჩერდება, ცნობისმოყვარეობით უჭვრეტენ. ზოგ კაცს, ვინ იცის, სურვილიც კი აღუძრა ამ ჩამუხლულმა, მანეკენისკენ მკლავებგაწვდილმა ქალმა. სიმონსაც მისკენ გაუწია გულმა და ქუჩა გადასერა.

      სიმონს ეგონა, უცხოთა ჭვრეტით გაღიზიანებული პოლი სიხარულით შეეგებებოდა, მაგრამ შეცდა. პოლმა მხოლოდ გულგრილი ღიმილი გაიმეტა მისთვის.

      – ქუდი ხომ არ გინდათ შეურჩიოთ ვინმეს?

      სიმონმა რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ მაღაზიის პატრონმა კეკლუცად წაჰკრა ფერდში ხელი: – პოლს ელოდებით, ბატონო? კეთილი და პატიოსანი. ოღონდ დაბრძანდით და დაგვიცადეთ... ჯერ საქმეს უნდა მოვრჩეთ.

      – საიდან მოიგონეთ, რომ მე მელოდება? – თქვა პოლმა და შანდალი გადადგა.

      – მაგ შანდალს მე მარცხნივ დავდგამდი, – უთხრა სიმონმა, – ოდნავ უკან, ასე უფრო თვალში მოსახვედრია.

      პოლმა გაბრაზებით შეხედა. სიმონი იღიმებოდა. ახლა მას დიდი გემოვნების ყმაწვილივით ეჭირა თავი, თავისი შეყვარებულისთვის რომ გამოევლო და რჩევას აძლევდა. ხოლო მაღაზიის ჰომოსექსუალისტი პატრონის აღფრთოვანება (სიმონს ეს ამბები არ აღელვებდა), რა თქმა უნდა, ხუმრობის საგნად იქცეოდა ორივესთვის.

      – მართალი ბრძანდებით! – მოუწონა მაღაზიის პატრონმა. – ასე უფრო თვალში მოსახვედრია

      – ვითომ რატომ? – მკვახედ ჰკითხა პოლმა.

      მამაკაცებმა შეხედეს.

      – აბა, რა ვიცი.

      სიმონმა ისე გულიანად გადაიხარხარა, პოლმა სახე მოარიდა, შეეშინდა, თვითონაც არ გასცინებოდა. მაღაზიის პატრონი განაწყენდა და განზე გადგა. პოლმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რათა შორიდან შეეხედა ვიტრინისათვის, და უნებურად მხრით შეეხო სიმონს, რომელიც შეუმჩნევლად მიახლოებოდა.

      – შეხედეთ! – მეოცნებე ხმით უთხრა სიმონმა. – მზეა!

      ჯერ კიდევ სველი მინიდან მზე აჭყეტდათ სახეში. შემოდგომის დღეებში სითბოს ეს უეცარი ჭავლი დაგვიანებულ სინანულს ჰგავდა. პოლი თითქოს ბანაობდა ამ სხივებში.

      – ჰო, – თქვა მან, – მზეა!

      ერთხანს უძრავად იდგნენ – პოლი სიმონისკენ ზურგშექცეული, ოღონდ მაინც მის მხარს მიყრდნობილი. მერე განზე გადგა.

      – ჯობდა დასაძინებლად წასულიყავით.

      – მშია, – თქვა სიმონმა.

      – ჰოდა, წადით და ისაუზმეთ!

      – თქვენ არ წამომყვებით?

      პოლი შეყოყმანდა. როჟემ დაურეკა, ალბათ, დამაგვიანდება ან სულაც ვერ მოვალო. ამიტომ პოლს გადაეწყვიტა, სანამ მაღაზიაში საყიდლებზე წავიდოდა, ბარში შესულიყო და სანდვიჩები ეჭამა. მაგრამ მზის ამ მოულოდნელმა გამოჭყეტამ კაფეებისა და უნივერმაღების დარბაზები ერთბაშად შეაზიზღა, ბალახის ნახვა, თუნდაც შემოდგომაზე გადაყვითლებული ბალახის ნახვა მოუნდა: – ბალახი მომენატრა, – თქვა მან.

      – წავიდეთ! ჩემი ჯაბახანა აქვე დგას. არც სოფელია შორს...

      პოლი დაიძაბა. ამ უცნობ ჭაბუკთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება და მთელი ორი საათი პირისპირ ყოფნა, ალბათ, ძალზე მოსაწყენი იქნება!..

      – ან არადა, ბულონის ტყეში წავიდეთ, – სწრაფად შესთავაზა სიმონმა, – თუ მოგწყინდებათ, ტაქსის გამოვიძახებთ ტელეფონით.

      – რა წინდახედული ბრძანდებით!

      – გამოგიტყდებით, დღეს დილით რომ გამოვიღვიძე, სირცხვილით დავიწვი. ბოდიშის მოსახდელად შემოგიარეთ.

      – არა უშავს, ვის არ მოსვლია! – გულთბილად უთხრა პოლმა და პალტო მოისხა. იგი მუდამ გემოვნებით, მოხდენილად იცვამდა. სიმონმა მანქანის კარი გაუღო და პოლიც ისე ჩაჯდა, ვერ მოიგონა, როდის დაეთანხმა, ამ სულელურ საუზმეზე წაჰყოლოდა. მანქანაში რაღაცას წამოსდო წინდა და სასოწარკვეთით ამოიკვნესა.

      – თქვენს მეგობარ ქალებს, ეტყობა, შარვლები აცვიათ.

      – მე არ მყავს მეგობრები.

      – არ გყავთ მეგობარი ქალები?

      – არ მყავს.

      – როგორ მოხდა?

      – არ ვიცი.

      პოლი დაცინვის გუნებაზე დადგა. ფრიად გაართო ამ ბიჭმა, ერთსა და იმავე დროს მორცხვმა და გამბედავმა, ენაკვიმატმა და დინჯმა, შიგადაშიგ კი დამცინავმა. სიმონმა ისე იდუმალად, ისე ხმადაბლა თქვა, არ ვიციო, პოლმა თავი გადაიქნია.

      – ეცადეთ, მოიგონოთ... როდის შემოგეპარათ ასეთი გულგრილობა?

      – ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთი კარგი, მაგრამ მეტისმეტად რომანტიკული გოგო მიყვარდა. ასეთი გოგოები ორმოცი წლის კაცებს მოსწონთ.

      პოლს გულზე მოხვდა ეს სიტყვები

      – მაინც როგორი გოგოები მოსწონთ ორმოცი წლის კაცებს?

      – როგორი და... ერთი სიტყვით, დიდი დამთხვეული ვინმე იყო. მოკუმავდა პირს და გიჟივით დააქროლებდა მანქანას. თვალს გაახელდა თუ არა დილით, მაშინვე სიგარეტს გაირჭობდა პირში... მე კი მეუბნებოდა, სიყვარული ორი ეპიდერმისის კონტაქტია და მეტი არაფერიო.

      პოლს გაეცინა

      – მერე რა მოხდა?

      – როცა დავშორდი, მაინც იტირა. ოღონდ ტრაბახში არ ჩამომართვათ, – სწრაფად დაუმატა სიმონმა, – ტრაბახი არ მიყვარს.

      ბულონის ტყეში სველი ბალახის სუნი იდგა, ხავსმოდებული ხისა და შემოდგომის ბილიკების სუნი. სიმონმა პატარა რესტორნის წინ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, სირბილით შემოუარა და მანქანის კარი გაუღო პოლს, რომელსაც მთელი სხეულის დაძაბვა დასჭირდა, მანქანიდან რომ მოხდენილად გადმოსულიყო... რაკიღა ასე დაუფიქრებლად წამოჰყვა, ბოლომდეც უნდა გაძლოს.

      სიმონმა მისვლისთანავე კოქტეილი შეუკვეთა. პოლმა მკაცრად გადახედა: – წუხანდლის შემდეგ, წყლის გარდა, არაფერი არ უნდა დალიოთ.

      – ჯერ ერთი, შესანიშნავად ვგრძნობ თავს! მეორეც, გამხნევება მჭირდება. არ მინდა მოიწყინოთ, ამიტომაც ძალას ვიკრებ.

      რესტორანი თითქმის ცარიელი იყო, ოფიციანტიც წარბშეყრილი შეხვდათ. სიმონმა საუზმე დაუკვეთა და მერე გაიტრუნა. პოლს არც უფიქრია მოწყენა, გრძნობდა, სიმონი ყასიდად გაყუჩებულიყო; ალბათ, გეგმა უკვე შედგენილი ჰქონდა, რაზე ესაუბრა, და კატასავით მალავდა თავის ზრახვებს.

      – ასე უფრო თვალში მოსახვედრია! – ერთბაშად წაიკნავლა სიმონმა მაღაზიის პატრონივით და მოულოდნელობისგან პოლს სიცილი აუტყდა.

      – მუდამ ასე კარგად ჰბაძავთ ხალხს?

      – არცთუ ცუდად. სამწუხაროდ, საერთო ნაცნობი ცოტა გვყავს, თორემ გაგართობდით. დედაჩემს რომ მივბაძო, მეტყვით, უდიერი ხარო, თუმცა მაინც გავბედავ: "როგორ გგონიათ, აქ ატლასი არ აჯობებდა? ოდნავ მარჯვნივ. უფრო მეტ სიმყუდროვეს არ შესძენდა, უფრო მეტ სითბოს არ მოჰფენდა ოთახს?"

      – უდიერი კი ხართ, მაგრამ მაინც კარგად აჯავრებთ.

      – აი, თქვენს გუშინდელ მეგობარს კი ხეირიანად ვერ დავაკვირდი, თუმცა მგონია, გამიჭირდებოდა მისი მიბაძვა.

      სიჩუმე ჩამოვარდა პოლს გაეღიმა.

      – მართლაც ასეა.

      – მე კი იმ მეტისმეტად განებივრებული ახალგაზრდების ერთ-ერთი უფერული ასლი გახლავართ, მშობლების წყალობით იოლი ხელობა რომ აურჩევიათ და, საკუთარი გართობის გარდა, არაფერი აწუხებთ. ასე რომ, თქვენ წაგებული დარჩებით: მე ვგულისხმობ დღევანდელ საუზმეს.

      მისი გამომწვევი კილო პოლს არ მოეწონა.

      – როჟეს არ ეცალა, თორემ ახლა აქ არ ვიქნებოდი, – თქვა მან.

      – ვიცი, – ისე სევდიანად მიუგო სიმონმა, პოლს საქციელი წაუხდა.

      შემდეგ დიდხანს ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე; სიმონმა ერთ-ერთი სასამართლო პროცესი ძალიან სასაცილოდ წარმოადგინა: საქმე ეხებოდა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას. სამსჯავრო სხდომის გათამაშებისას ერთბაშად წელში გაიმართა, თითი გაიშვირა პოლისკენ, გულიანად რომ იცინოდა, და წამოიძახა: – თქვენ კი ბრალს გდებთ იმაში, რომ მოქალაქეობრივი ვალი არ შეასრულეთ და ჰუმანურობა არ გამოიჩინეთ. ამ მიცვალებულის წინაშე ბრალსა გდებთ იმაში, რომ სიყვარულს ხელი ჰკარით, არად ჩააგდეთ თითოეული ადამიანის მოვალეობა, გეცხოვრათ ისე, რომ ბედნიერი ყოფილიყავით. თქვენ თავი აარიდეთ ამას... და ბედს დამორჩილდით. თქვენ სიკვდილით დასჯის ღირსი ხართ: თქვენ მოგესჯებათ მარტოობა!

      სიმონი შეჩერდა, ჭიქას დაავლო ხელი და გადაკრა. პოლი არ განძრეულა.

      – საშინელი განაჩენია, – ჩაილაპარაკა მან.

      – ამაზე საშინელი განაჩენი არც არსებობს. პირადად მე ისე არაფერი მაშინებს, როგორც მარტოობა; ალბათ, ყველა ასეა, ოღონდ არავის უნდა, რომ აღიაროს. მე კი ზოგჯერ ლამის ვიბღავლო: მეშინია! მეშინია! შემიყვარეთ!

      – მეც ასე მომდის, – უნებურად წამოსცდა პოლს.

      წამით თვალწინ დაუდგა თავისი ოთახი, კედლის კუთხე საწოლის პირდაპირ, ჩამოშვებული ფარდები, ძველებური სურათი, პატარა კომოდი ოთახის მარცხენა კუთხეში, ყველაფერი, რასაც ყოველ დილას, ყოველ საღამოს და, ალბათ, ერთი ათი წელია, უყურებს. მომავალში, ალბათ, უფრო მარტო იქნება. როჟე? როჟე რაღას აკეთებს? არა, როჟეს უფლება არა აქვს, მარტოხელა სიბერე მიუსაჯოს; ამის უფლება არავის არა აქვს, თვით როჟესაც კი...

      – დღეს უფრო სასაცილო და წუწუნა გეჩვენებით, ალბათ, ვიდრე გუშინ, – ხმადაბლა თქვა სიმონმა, – ან იქნებ გგონიათ, თქვენი გულის მოსაგებად კომედია გავითამაშე?

      სიმონი პოლის პირდაპირ იჯდა; ნათელ თვალებში დროდარო შეშფოთება უკრთოდა, სახე კი ისეთი კრიალა, ისეთი გულღია ჰქონდა, პოლმა კინაღამ ხელი მოუთათუნა.

      – არა, არა, მე მეგონა... მე ვფიქრობ, საამისოდ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ და ბევრსაც უყვარხართ.

      – სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, – წაილაპარაკა სიმონმა. – წამოდით, გავისეირნოთ, გარეთ კარგი დარია.

      რესტორნიდან გამოვიდნენ. სიმონმა ხელკავი გამოსდო. ერთხანს უსიტყვოდ მიაბიჯებდნენ. შემოდგომის სითბო ნელ-ნელა ეუფლებოდა პოლის გულს. გადაწითლებული, გათელილი და ერთმანეთს მიწებებული სველი ფოთლები მიწას ეკვროდა. პოლი უცნაური სინაზით განიმსჭვალა ამ ყმაწვილისადმი, მდუმარედ რომ მოჰყვებოდა გვერდით. ეს უცხო ბიჭი რამდენიმე წამით მის ამხანაგად, მის თანამგზავრად იქცა, რომელთან ერთადაც გვიანი შემოდგომით განძარცულ ხეივანში მიაბიჯებდა. პოლი მუდამ ასეთი სინაზით იმსჭვალებოდა თავისი თანამგზავრებისადმი გინდ სეირნობისას, გინდ ცხოვრებაში. მუდამ მადლიერი იყო მათი, ასე მაღალნი რომ იყვნენ მასზე, ასე განსხვავებულები მისგან და, ამავე დროს, ასე ახლობლები. გაახსენდა თავისი ქმარი მარკი, რომელიც მიატოვა და მასთან ერთად უზრუნველ ცხოვრებასაც დაემშვიდობა; გაახსენდა მეორე მამაკაცი, რომელსაც ასე გაგიჟებით უყვარდა პოლი; ბოლოს თვალწინ დაუდგა როჟე, ერთადერთი კაცი, რომელიც მის მეხსიერებაში მუდამ ასე ცოცხალი და ცვალებადი ჩანდა. სამი თანამგზავრი, სამი კარგი თანამგზავრი ერთი ქალის ცხოვრებაში! განა უდიდესი გამარჯვება არაა?

      – მოიწყინეთ? – ჰკითხა სიმონმა.

      პოლმა მოიხედა და გაუღიმა. გზა განაგრძეს.

      – მინდა ვირწმუნო... – ჩაწყვეტილი ხმით წამოიწყო სიმონმა, – მინდა ვირწმუნო... მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ მაინც მინდა ვირწმუნო, რომ ბედნერი ხართ... მე... ჰმ... მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით!

      პოლი ყურს არ უგდებდა. გვიანი იყო. ვინ იცის, როჟემ დაურეკა, ყავის დასალევად რომ წასულიყვნენ, ის კი შინ არ დახვდა! გუშინ ხომ უთხრა, შაბათს ქალაქგარეთ გავიდეთ და დავისვენოთო. მოახერხებს კი პოლი სამსახურიდან გათავისუფლებას? ვინ იცის, როჟემ კიდეც გადაიფიქრა? იქნებ, ეს დაპირება, სხვა მრავალ დაპირებასავით, ალერსით სავსე ღამის წყალობა იყო, როცა როჟეს პოლის გარეშე ვერ წარმოედგინა ცხოვრება და მათი სიყვარული ისე ცხად ჭეშმარიტებად ეჩვენა იმ წუთს, რომ თავს ვეღარ მოერია?! მაგრამ როგორც კი პოლის სახლის კარს გასცდება როჟე, როგორც კი დამოუკიდებლობის მძაფრ სურნელს შეიგრძნობს ქუჩაში, პოლი მას ხელახლა კარგავს.

      უკან დაბრუნებისას პოლს თითქმის არ ამოუღია ხმა. მერე სიმონს მადლობა გადაუხადა საუზმისათვის და უთხრა, მოხარული ვიქნები, თუკი ოდესმე დამირეკავთო. სიმონი გაოგნებული მისჩერებოდა მიმავალ პოლს. საოცარი დაღლა იგრძნო და თავი ძალზე მოუქნელი ეჩვენა.

თავი მეხუთე

      ასეთ სიამოვნებას მართლა არ მოელოდა! როჟემ ხელი გადასწია და საწოლთან მდგარი პატარა მაგიდიდან სიგარეტი აიღო. ახალგაზრდა ქალმა, გვერდით რომ ეწვა, ჩაიხითხითა: – შეუძლებელია, მამაკაცმა ამის შემდეგ არ გააბოლოს!

      მაინცდამაინც ორიგინალური შენიშვნა ვერ იყო! როჟემ სიგარეტი ქალსაც გაუწოდა, მაგრამ მან უარის ნიშნად თავი გადაიქნია.

      – მეზი, შეიძლება ერთი რამ გკითხოთ? ნეტა ამ საღამოს რა მოგეჩვენათ? აგერ უკვე ორი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ და ბატონ შერელს გვერდიდან არ მოსცილებიხართ...

      – ბატონი შერელი ჩემი საქმეებისთვის მჭირდება, დღეს კი თავშექცევა მომინდა, მიხვდი?

      როჟემ გაიფიქრა, მეზი იმ ქალთა მოდგმას ეკუთვნის, გვერდით რომ მოგიწვება და მაშინვე "შენობით" დაგიწყებს ლაპარაკსო. სიცილი წასკდა.

      – კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მე ამირჩიეთ? კოქტეილზე იმდენი მოხდენილი ახალგაზრდა იყო!

      – იცი რა, ახალგაზრდები ლაქლაქს უნდებიან... შენ კი ეს საქმე ნამდვილად გიყვარს. მერწმუნე, ასეთი მამაკაცი ახლა იშვიათია, ქალის თვალს არ გამოეპარება. ახლა არ მითხრა ქალი მაშინვე არ მნებდებაო....

      – ასე სწრაფად მაინც არა! – გაეცინა როჟეს.

      ქალი მართლა ლამაზი იყო. ამ პატარა, ვიწრო შუბლის მიღმა, ვინ იცის, რა წვრილმანი აზრები ტრიალებს ცხოვრებაზე, მამაკაცებზე, ქალებზე. როჟე რომ ჩასციებოდა, იქნებ, კიდეც ეთქვა, რა იყო მისი ცხოვრების მიზანი. საინტერესოც იქნებოდა მისი მოსმენა. როგორც ყოველთვის, ახლაც გული აუჩუყდა როჟეს, მაგრამ ამასთან თითქოს შიშსაც ჰგვრიდა იმის გაფიქრება, ამ ნაირ-ნაირ ლამაზ სხეულებს – მისი ძიების მუდმივ საგანს ქუჩასა თუ ცხოვრებაში – ჩიტის პატარა ჭკუა განაგებსო. როჟემ თმაზე ხელი გადაუსვა ქალს.

      – ეტყობა, ბუნებით ალერსიანი ხარ! – უთხრა ქალმა. – შენისთანა ზორბა კაცები მუდამ ასეთი ნაზები არიან.

      – მაშ, მაშ! – უგულისყუროდ წაილაპარაკა როჟემ.

      – შენთან დაშორება აღარ მინდა. რომ იცოდე, რა აბეზარია ეს შერელი...

      – ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ!

      – როჟე, მოდი ორი დღით სადმე წავიდეთ ამ შაბათ-კვირას, არ გინდა? ქალაქგარეთ... საწოლი ოთახიდან ფეხს არ მოვიცვლიდით...

      როჟემ გადახედა. მეზი ცალ იდაყვს დაჰყრდნობოდა. როჟე მის კისერზე ატოკებულ ლურჯ ძარღვს დააკვირდა. იმ დღესაც, კოქტეილზე, ასეთი გამომეტყველება ჰქონდაო, გაიფიქრა და გაეღიმა.

      – თქვი, ჰო-თქო! გესმის? ახლავე თქვი!

      – ახლავე! – გაიმეორა როჟემ და ქალი თავისკენ მიიზიდა.

      მეზიმ მხარზე უკბინა და აკრუსუნდა. "თურმე სიყვარულიც კი შეიძლება სულელურად", გაიფიქრა როჟემ.

*

      – ძალიან მწყინს, მაგრამ რას იზამ! აბა, კარგად იმუშავე. მანქანა სწრაფად არ ატარო! გკოცნი, – თქვა პოლმა და ყურმილი დაკიდა. ესეც შენი ქალაქგარეთ დასვენება! როჟე თურმე ლილში უნდა წავიდეს შაბათს, იქაურ კომპანიონთან ჰქონია საქმე. იქნებ, მართლაც ასე იყოს! პოლი მუდამ ცდილობდა როჟეს ნათქვამი ერწმუნა. ცხადად წარმოიდგინა პატარა სასტუმრო, სადაც მუდამ ჩერდებოდნენ, აგიზგიზებული ბუხარი, მყუდრო ოთახი; იგრძნო კიდეც ნაფტალინის სუსტი სუნი; წარმოიდგინა, რა კარგად გაატარებდნენ იმ ორ დღეს, როგორ გაისეირნებდნენ, ისაუბრებდნენ, დილით როჟეს გვერდით გაიღვიძებდა, მერე მთელი ის დღე, თბილი და მშვიდი დღე, იქნებოდნენ ერთად. ტელეფონს გადახედა, იქნებ, რომელიმე მეგობარ ქალს დაურეკოს, ერთად ვისაუზმოთ ან ბრიჯი ვითამაშოთო?.. მაგრამ გული არსად მიუწევდა. არადა, ორი დღე მარტო დარჩენისაც ეშინოდა. სძაგდა მარტოხელა ქალების კვირადღეები: გვიანობამდე ლოგინში კითხვა, ხალხით გაჭედილი კინოთეატრები, კოქტეილზე ან სადილად ვინმესთან წასვლა და ბოლოს შინ დაბრუნება. სადაც დახვდება აშლილი საწოლი და ისეთი გრძნობა დაეუფლება, თითქოს დილიდან არც ერთი წუთი არ უცხოვრია. როჟე დაპირდა, ზეგ დაგირეკავო, ჩვეულებისამებრ, ტკბილად ელაპარაკა. პოლი დაუცდის როჟეს ზარს. მანამ კი შინ იჯდება. ასე თუ ისე, აჯობებს, ბინა მიალაგოს, ჩვეულებრივი ოჯახური საქმეებით გაერთოს. დედაც ხომ მუდამ დაბეჯითებით ურჩევდა ამას! მაგრამ პოლს გულში ეს საქმიანობა ძალიან სძაგდა. დრო ხომ მოლუსკი არაა, შენს ნებაზე გაწელო! ახლა კი პოლი თითქმის ნანობდა, ასეთ საქმეებს გულს რომ ვერ უდებდა. იქნებ, მართლაც არის წუთები, როდესაც ცხოვრებაზე კი არ უნდა გაილაშქრო, პირიქით, თავი დაიცვა მისგან, როგორც მეტისმეტად აბეზარი მეგობარი ქალისგან? იქნებ, პოლისთვისაც დადგა უკვე ასეთი წუთი? უკნიდან თითქოს კიდეც მოესმა მრავალხმიანი გუნდის ოხვრით მოძახილი: "კი, დადგა!"

      გადაწყვიტა შაბათს, დილის ორ საათზე, ქალბატონ ვან დენ ბეშისთვის დაერეკა. თუკი ღმერთმა ქნა და დოვილში არ დახვდა წასული, ნაშუადღევს მასთან წაიმუშავებს. ახლა მხოლოდ ეს იზიდავდა პოლს. "კაცებმა იციან ასე, ოღონდაც შინ არ დარჩნენ და კვირაობითაც კანტორაში დადიან!" – გაიფიქრა მან. ქალბატონ ვან დენ ბეშს თურმე ღვიძლის შეტევა ჰქონია, მოწყენილი იყო და პოლის წინადადებას აღტაცებით შეხვდა. პოლმა წაიღო ნიმუშები და კლებერის გამზირზე წავიდა. ქალბატონი ვან დენ ბეში ჭრელ ხალათში დახვდა, "ევიანის" მინერალური წყლით სავსე ჭიქა ეჭირა, სახე წითლად აჰფორაჯებოდა. პოლმა გაიფიქრა, ალბათ, სიმონის მამა იყო ძალიან ლამაზი, თორემ დედა მეტად უფერული ჰყავსო.

      – თქვენი ვაჟი როგორ ბრძანდება? იცით, ერთ საღამოს ერთმანეთს შევხვდით.

      ის აღარ უთხრა, წინადღეს ერთად რომ ისაუზმეს. თავისი გულჩახვეულობისა თვითონვე გაუკვირდა. მის თანამოსაუბრეს მაშინვე წამებული გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე: – საიდან უნდა ვიცოდე? თითქმის არაფერს მიამბობს. მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ფული შემოაკლდება. თანაც ბევრს სვამს. მამამისიც სვამდა.

      – ლოთს სულაც არ ჰგავს! – გაეღიმა პოლს და ერთბაშად თვალწინ დაუდგა სიმონის კარგად ნაპატიები ინგლისელივით გადატკეცილი სახე, მისი ნაზი კანი.

      – ხომ ლამაზი ბიჭია?

      ქალბატონი ვან დენ ბეში გამოცოცხლდა და სიმონის ბავშვობის სურათებით სავსე ალბომები გადმოიღო: აი, ჩვილი სიმონი, აი, პონიზე შემჯდარი, გრძელკულულებიანი სიმონი, აი, შემცბარი სიმონი – კოლეჯის მოსწავლე და სხვ. სურათები ბლომად შემოენახათ. პოლს ესიამოვნა, სიმონი რომ არც ჰომოსექსუალისტი გამხდარიყო და არც სალახანა.

      – თუმცა შვილი ადრე თუ გვიან შორდება მშობლებს! – ნაღვლიანად ამოიოხრა დედამ.

      წამით იგი კვლავ იქცა ისეთივე ქარაფშუტა ქალად, როგორიც ოდესღაც იყო.

      – უნდა გამოგიტყდეთ, მოსვენებას აღარ აძლევენ...

      – ეჭვიც არ მეპარება! – ზრდილობიანად დაუკრა კვერი პოლმა. – აბა, თუ შეიძლება, ამ ქსოვილებს დახედეთ, ქალბატონო, აქ...

      – გეხვეწებით, ტერეზა დამიძახეთ!

      იგი მეგობრულად ელაპარაკებოდა პოლს და კითხვას კითხვაზე აყრიდა, მერე მსახურს ჩაი შემოატანინა; პოლი კი იმაზე ფიქრობდა, ოცი წლის წინ როჟე ამ ქალთან ცხოვრობდაო, და მის შეშუპებულ სახეზე ამაოდ ეძებდა წარსული სილამაზის კვალს. რამდენჯერაც არ სცადა თავის საქმეზე წამოეწყო საუბარი, არაფერი გამოუვიდა. ტერეზა თავისას არ იშლიდა და გულითადი აღსარებისკენ ილტვოდა. ასე ხდებოდა მუდამ. პოლის ამაყი და მშვიდი იერი, მისდა სამწუხაროდ, მოსაუბრეს ლაპარაკის საღერღელს უშლიდა.

      – შესაძლებელია, თქვენ ჩემზე ახალგაზრდა იყოთ, – თქვა ქალბატონმა ვან დენ ბეშმა და პოლს გაეღიმა ამ სიტყვებზე, – მაგრამ, ალბათ, მოგეხსენებათ, რა დიდი გავლენა აქვს გარემოსა და წრეს...

      პოლი ყურს აღარ უგდებდა. ეს ქალი ვიღაცას აგონებდა. ბოლოს მიხვდა, იმ ტერეზას წააგავდა, წინადღეს სიმონმა ასე კარგად რომ გამოაჯავრა. სიმონს უთუოდ აქვს მიბაძვის ნიჭი და უთუოდ დაუნდობელიც არის, მაგრამ მორცხვია და ვერ ამჟღავნებს. აკი, გუშინ უთხრა: "მე ბრალს გდებთ იმაში, რომ სიყვარულს ხელი ჰკარით... ბედს დამორჩილდით... ამიტომ თქვენ მოგესჯებათ მარტოობა!" პოლს ხომ არ გულისხმობდა? ნუთუ მიხვდა ყველაფერს? განგებ ხომ არ უთხრა ასე? ამის გაფიქრებაზე პოლი ერთბაშად გაბრაზდა.

      ქალბატონი ვან დენ ბეშის ყბედობას ყურს არ უგდებდა და, როდესაც მოულოდნელად სიმონი შემოვიდა, შეკრთა. პოლის დანახვაზე სიმონი გაშეშდა. სიხარულის ღიმილი რომ დაეფარა, ისე სასაცილოდ დამანჭა სახე, პოლს გული მოულბა.

      – თურმე დროზე მოვსულვარ, მოგეხმარებით!

      – სამწუხაროდ, ჩემი წასვლის დროა.

      პოლმა გადაწყვიტა სასწრაფოდ გაეცალოს იქაურობას, გაექცეს დედა-შვილის მზერას, შინ წავიდეს და წიგნი იკითხოს. წესით, ახლა როჟეს მანქანაში უნდა იჯდეს, რადიოს რთავდეს ან თიშავდეს, როჟესთან ერთად იცინოდეს ან შიშით გული ელეოდეს, როცა ავტომობილისტის ბრმა, გაცოფებულ ჟინს აყოლილი როჟე გიჟივით გააქროლებს მანქანას და ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. პოლი ნელა წამოდგა.

      – გაგაცილებთ! – უთხრა სიმონმა.

      კარში გასვლისას პოლმა მოიხედა; შემოსვლის შემდეგ ახლა პირველად შეხედა სახეში სიმონს და მაშინვე უთხრა, რა ცუდად გამოიყურებითო.

      – ამინდის ბრალია, – თქვა სიმონმა, – ნება მომეცით, სადარბაზომდე მაინც მიგაცილოთ.

      პოლმა მხრები აიჩეჩა და კიბეს ჩაუყვა. სიმონი უხმოდ მიჰყვებოდა. ქვემო სართულზე შეჩერდა. მისი ფეხის ხმა რომ აღარ მოესმა, პოლი თავისდა უნებურად მოტრიალდა. სიმონი მოაჯირს დაჰყრდნობოდა.

      – უკანვე ახვალთ?

      ერთბაშად სინათლე ჩაქრა. განიერ კიბეს ფანჯრიდან შემოსული შუქიღა ანათებდა. პოლმა მიიხედ-მოიხედა, ამომრთველი მოიძია თვალით.

      – ამომრთველი კარს უკანაა, – უთხრა სიმონმა.

      მერე ბოლო საფეხურიდან ჩამოვიდა და პოლს მიუახლოვდა. "ახლა, ალბათ, მეცემა!" – სევდიანად გაიფიქრა პოლმა. სიმონმა მარცხენა ხელი ამომრთველისკენ წაიღო, კინაღამ თმაზე შეეხო პოლს, შუქი აანთო და მერე მარჯვენა მკლავიც რომ გასწია, პოლი მის მკლავებში მოექცა.

      – გამიშვით! – მშვიდად უთხრა მან.

      სიმონი უხმოდ დაიხარა და თავი ჩამოადო მხარზე. პოლს გარკვევით მოესმა მისი აჩქარებული გულისცემა და უცბად აფორიაქდა.

      – გამიშვით, სიმონ... არ მსიამოვნებს!

      სიმონი არ განძრეულა, ოღონდ ორჯერ ჩუმად გაიმეორა მისი სახელი: "პოლ! პოლ!" სიმონის უკან ვეებერთელა, განიერი კიბე თითქოს კუშტად, მედიდურად გაყუჩებულიყო.

      – სიმონ, ჩემო პატარა სიმონ, – ასევე ჩუმად ჩაილაპარაკა მან, – გამატარეთ! – სიმონი მაშინვე განზე გადგა.

      გასვლამდე პოლი შემობრუნდა და წყნარად გაუღიმა.

თავი მეექვსე

      კვირა დღეს პოლს ბარათი დახვდა კართან. ასეთ ბარათებს ადრე პოეტური სახელი – "ცისფერი პნევმატიკი" ერქვა. იგი, მართლაც, პოეტური მოეჩვენა პოლს, იქნებ იმიტომ, რომ ნოემბრის მოწმენდილ ცაზე კვლავ აკაშკაშებულ მზეს ჩრდილებითა და თბილი ათინათით აევსო ოთახი! "ექვს საათზე დიდებული კონცერტია პლეილის დარბაზში", – სწერდა სიმონი. – "გიყვართ ბრამსი? გუშინდელი ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდი". პოლს გაეღიმა ამ სიტყვებზე. "გიყვართ ბრამსი?" – ზუსტად ასე ეკითხებოდნენ ბიჭები, როცა ჩვიდმეტი წლისა იყო. ასევე ეკითხებოდნენ შემდეგაც, ოღონდ პასუხს ყურს არ უგდებდნენ. ამ ასაკში განა ვინ უსმენდა ერთმანეთს მათ წრეში? ჰო, მართლა, უყვარს კი ბრამსი?

      პოლმა ფირსაკრავი ჩართო და სწორედ ის ფირფიტა შეარჩია, რომლის ერთ მხარეზე ვაგნერის უვერტიურა იყო ჩაწერილი, მეორეზე – ბრამსის კონცერტი. ვაგნერი ბოლო ნოტამდე ნაცნობი იყო პოლისთვის, ბრამსი კი ერთხელაც არ მოუსმენია. როჟესაც ვაგნერი უყვარდა, ამბობდა, ჰო, ჰო, რა ბრახაბრუხია, ნამდვილი მუსიკააო. პოლმა ფირფიტა დაატრიალა. შესავალი ნაწილი რომანტიკული ყოფილაო, გულში გაივლო და ფიქრს მისცა თავი. ბოლომდე აღარც მოუსმენია. ფირფიტა რომ ჩათავდა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა და თავის თავზე გაბრაზდა. ამ ბოლო ხანებში ერთი წიგნის წაკითხვას ექვს დღეს ანდომებს, ავიწყდება, სად შეჩერდა, მელოდიებსაც ვერ იხსენებს. მთელი გულისყური ქსოვილის ნიმუშებსა და იმ მამაკაცზე გადაიტანა, რომელიც მის გვერდით არასოდეს იყო! პოლი კარგავდა საკუთარ "მეს", საკუთარ გზას და, ალბათ, ვერც ვერასოდეს იპოვიდა. "გიყვართ ბრამსი?" – ამ პატარა წინადადებამ გაახსენა ყველაფერი, რაც მივიწყებული ჰქონდა, ყველა ის კითხვა, შეგნებულად თავს რომ არიდებდა. "გიყვართ ბრამსი?" უყვარს კი ვინმე, საკუთარი თავისა და სიცოცხლის გარდა? რომ გეკითხათ, იტყოდა, სტენდალი მიყვარსო. იცოდა, მართლა უყვარდა, თუმცა საქმეც ეს იყო: იცოდა! იქნებ, ისიც მხოლოდ იცოდა, რომ როჟე უყვარს? იქნებ, ეს ყველაფერი ათვისებული ჭეშმარიტებები იყო მხოლოდ, გზის მანიშნებლად გამოსადეგი! პოლს ერთბაშად მოუნდა ვინმეს გამოლაპარაკებოდა, აი ისე, როგორც ოცი წლისას ულაპარაკია.

      სიმონს დაურეკა, თუმცა არ იცოდა, რას ეტყოდა. ალბათ – ამას: "არ ვიცი, მიყვარს თუ არა ბრამსი. არა მგონია!" არც ის იცოდა, წავიდოდა თუ არა კონცერტზე. გააჩნია, როგორ დაელაპარაკებოდა სიმონი, რას იტყოდა. პოლი ყოყმანობდა და ეს ყოყმანი სიამოვნებდა. თურმე სიმონი ქალაქგარეთ წასულიყო სასაუზმოდ და შინ ხუთ საათზე დაბრუნდებოდა ტანსაცმლის გამოსცვლელად. პოლმა ყურმილი დაკიდა. ამასობაში უკვე გადაწყვიტა კონცერტზე წასვლა. "სიმონთან შეხვედრა სულაც არ მინდა, მუსიკას მოვუსმენ, – ფიქრობდა იგი. – ვინ იცის, იქნებ, სულ მალე დღის კონცერტებზე დავიწყო სიარული, თუ მეტისმეტად მოსაწყენი არ იქნა. სწორედ რომ მისწრებაა მარტოხელა ქალისათვის!" ძალიან ნანობდა, დღეს რომ კვირა იყო და მაღაზიაში ვერ იყიდდა მოცარტის ფირფიტებს, თან ბრამსის რამდენიმე ფირფიტასაც მოაყოლებდა. მხოლოდ ის აშინებდა, კონცერტზე სიმონს მკლავზე არ წაევლო ხელი, მით უფრო, რომ წინასწარ გრძნობდა, ასე იქნებოდა. როცა პოლს მოლოდინი უმართლდებოდა, მუდამ სევდა ეუფლებოდა ხოლმე. როჟეც ამიტომ უყვარდა. მას არასოდეს გაუმართლებია პოლის მოლოდინი, სხვებივით არასოდეს მოქცეულა.

      ექვს საათზე პლეილის საკონცერტო დარბაზში პოლი ხალხის ტალღას შეჰყვა, კინაღამ ასცდა სიმონს. ყმაწვილმა კაცმა უსიტყვოდ გაუწოდა ბილეთი. სწრაფად აირბინეს კიბე, სადაც კონტროლიორი ქალები დაფუსფუსებდნენ. უზარმაზარი დარბაზი ჩაბნელებული დახვდათ. ისმოდა ორკესტრის შეუწყობელი ხმები, თითქოსდა ეს შესავალი ხალხს უნდა დახმარებოდა, უფრო მეტად შეეგრძნოთ მუსიკალური ჰარმონიის სასწაული.

      – თურმე არ ვიცოდი, მიყვარდა თუ არა ბრამსი! – მიუბრუნდა პოლი სიმონს, – მე კი არ ვიცოდი, თუ მოხვიდოდით! – მიუგო სიმონმა. – ხოლო გიყვართ თუ არა ბრამსი, ჩემთვის სულერთია.

      – ქალაქგარეთ წასვლით კმაყოფილი დარჩით?

      სიმონმა გაკვირვებით შეხედა.

      – მე დაგირეკეთ, – გამოუტყდა პოლი, – მინდოდა მეთქვა, წამოვალ-მეთქი.

      – მე კი ისე შემეშინდა, დამირეკავს და უარს მეტყვის ან საერთოდ არ დამირეკავს-მეთქი, რომ ქალაქიდან გავვარდი.

      – მოგეწონათ იქაურობა? სად იყავით?

      პოლმა ნაღველნარევი ნეტარებით წარმოიდგინა უდანის ბორცვი ჩამავალი მზის სხივებზე; გულით უნდოდა სიმონს ამაზე მოეთხრო რამე. როჟეს რომ წაეყვანა სეტეილში, ახლა, ალბათ, იმ გზაზე ისეირნებდნენ გადაწითლებულ ხეივანში.

      – თვითონაც არ ვიცი, სად ვიყავი; უბრალოდ, მივაქროლებდი მანქანას. წარწერებსაც აღარ ვუყურებდი. აი, უკვე დაიწყო.

      გაისმა ტაში, დირიჟორი ხალხს მიესალმა, ჯოხი ასწია და, ორი ათას მსმენელთან ერთად, პოლი და სიმონიც სავარძლებს გაეკრნენ. სიმონი კარგად იცნობდა ამ პათეტიკურ, ადგილ-ადგილ მეტისმეტად პათეტიკურ კონცერტს. მკლავზე პოლის იდაყვი ეხებოდა. ორკესტრი რომ აიწყვეტდა, მუსიკის აღმაფრენა თითქოს მასაც აიტაცებდა, შენელდებოდა და სიმონიც ხედავდა, რა ხდებოდა მის გარშემო: ესმოდა, როგორ ახველებდნენ აქა-იქ, ხედავდა ორი რიგით წინ ვიღაც მამაკაცის უცნაურ თავს. რაც მთავარია, ძალიან ბრაზობდა. ქალაქგარეთ, უდანის მახლობლად, როჟეს შეხვდა სასტუმროში ვიღაც ქალთან ერთად. როჟე წამოდგა, მიესალმა, ოღონდ ქალი არ გააცნო.

      – მგონი, რაღაც წარამარა ვხვდებით ერთმანეთს, არა?

      გაოცებულმა სიმონმა არაფერი უპასუხა. როჟე მუქარის თვალით უყურებდა, თითქმის უბრძანებდა, ამ შეხვედრაზე კრინტი არ დაძრაო. კიდევ კარგი, ისე არ შეხედა, როგორც ერთი მუსუსი შეხედავს მეორეს, ნამუსი შემინახეო. პირიქით, როჟე განრისხებული ჩანდა. სიმონს არაფერი უთქვამს. არა იმიტომ, რომ როჟესი ეშინოდა, უბრალოდ, პოლს არ სტკენოდა გული. დაფიცებული ჰქონდა, მისი მიზეზით არაფერი სწყენოდა პოლს. პირველად თავის სიცოცხლეში გულით ეწადა, ვიღაც დაეცვა, ვიღაცისთვის აეცდინა მწუხარება. სიმონს სწრაფად ჰბეზრდებოდა საყვარლები, მუდამ ეშინოდა მათი აღსარებისა, საიდუმლოებებისა, მათი ჯიუტი სურვილისა – ძალად ექციათ სიმონი თავიანთ მფარველად. ამიტომაც დიდხანს არავისთან ყოვნდებოდა. ახლა კი ერთბაშად მოუნდა დაცდა, თუმცა რას დაუცადოს? იმას, რომ ეს ქალი თავად მიხვდეს, ყოვლად ჩვეულებრივი ხეპრე მყვარებიაო? ასეთ რამეს ხომ ყველაზე გვიან ხვდებიან! როგორ დარდობს, ალბათ, როგორ წონის და სჯის როჟეს საქციელს, იქნებ, უკვე შეამჩნია პირველი ბზარიც... ორკესტრს ვიოლინოს ხმა გამოეყო, სასოწარკვეთილებით ათრთოლდა და აჟღერდა, მერე მელოდიას შეერია, ჩაწყდა, სხვა საკრავები აიყოლია. სიმონი კინაღამ შემობრუნდა, კინაღამ მკლავი მოხვია პოლს და აკოცა. ძლივს იკავებდა თავს... ცხადად წარმოიდგინა, როგორ დაიხრება მისკენ... როგორ შეეხება ქალის ბაგეს, როგორ შემოხვევს მკლავებს. თვალები დახუჭა. პოლმა შეხედა და იფიქრა, ნამდვილი მელომანი ყოფილაო. სწორედ ამ დროს სიმონის აკანკალებული ხელი მის მკლავს შეეხო. განაწყენებული პოლი გვერდზე გაიწია.

      კონცერტის შემდეგ კოქტეილის დასალევად წაიყვანა სიმონმა. უფრო სწორად, პოლმა ფორთოხლის წვენი, ხოლო სიმონმა ორი ჭიქა ჯინი დალია. სიმონი ხელებს იქნევდა და გატაცებით, თვალანთებული ლაპარაკობდა მუსიკაზე, მაგრამ პოლი უგულისყუროდ უსმენდა: ვინ იცის, იქნებ, როჟემ ისე მოაგვარა საქმე, დილიდან ადრე წამოვიდა და სადილობისას ჩამოვიდა! თანაც ხალხი უკვე მათ უყურებდა. ან რა იყო გასაკვირი: მეტისმეტად ლამაზ, უფრო სწორად, მეტისმეტად ახალგაზრდა სიმონს პოლის ასაკის ქალი არ შეეფერებოდა.

      – ყურს არ მიგდებთ?

      – როგორ არა. მაგრამ წასვლის დროა. მე უნდა დამირეკონ. თანაც ყველა ჩვენ გვიყურებს!

      – ნუთუ დღემდე ვერ შეეჩვიეთ ამას? – აღტაცებით უთხრა სიმონმა, რომელიც გრძნობდა, მუსიკისა და ჯინის წყალობით უსაშველოდ იყო შეყვარებული.

      პოლს გაეცინა: ეს ბიჭი დროდადრო მართლაც გულს აუჩუყებდა ადამიანს.

      – სიმონ, ანგარიში მოითხოვეთ!

      სიმონმა ისე უხალისოდ შეასრულა მისი თხოვნა, რომ პოლმა, მთელი საღამოს განმავლობაში პირველად, დაკვირვებით შეხედა.

      ვაითუ, სიმონს ამასობაში მართლა შეუყვარდეს? ვაითუ, ეს უწყინარი არშიყობა თავად მის წინააღმდეგ შეტრიალდეს? პოლი დარწმუნებული იყო, რომ სიმონს მოყირჭებული ჰყავდა ქალები. მაგრამ, ვაითუ, სიმონი უფრო მგრძნობიარე ბიჭია და სულაც არ არის ისეთი პატივმოყვარე, როგორიც პოლს ჰგონია? საოცარია, მაგრამ სიმონს სწორედ თავისი სილამაზე ვნებდა პოლის თვალში. ასეთი ლამაზი ყმაწვილი არ შეიძლება გულწრფელი იყოს! თუ ასეა, პოლი შეცდა, რომ შეხვდა. უარი უნდა ეთქვა. სიმონმა გარსონი მოიხმო და ჭიქა უაზროდ შეატრიალა ხელში. მერე ერთბაშად ჩაჩუმდა. პოლმა მკლავზე დაადო ხელი.

      – ნუ გეწყინებათ, სიმონ, მეჩქარება. ალბათ, როჟე უკვე მელოდება.

      იმ პირველ საღამოს, რესტორანში, სიმონმა ჰკითხა: "გიყვართ კი როჟე?" ნეტავ, რა უპასუხა მაშინ? პოლს აღარ ახსოვს. მაგრამ სიმონმა სიმართლე უნდა იცოდეს.

      – ჰოო... როჟე! აი, ნამდვილი მამაკაცი, დიდებული მამაკაცი!

      – მე როჟე მიყვარს, – შეაწყვეტინა პოლმა და გაწითლდა. მოეჩვენა, რომ მეტისმეტად თეატრალური ნათქვამი გამოუვიდა.

      – მას?

      – მასაც.

      – თუმცა რა საკითხავია! ამ ჩინებულ სამყაროში ყველაფერი ჩინებულად არის.

      – სკეპტიკოსის როლს ნუ თამაშობთ! – ალერსით უთხრა პოლმა. – ადრეა თქვენთვის. ჯერჯერობით ყველაფრის უნდა გჯეროდეთ.

      სიმონმა უცბად მხრებზე წაავლო ხელი და შეანჯღრია.

      – ნუ დამცინით! შეწყვიტეთ ასეთი კილოთი ჩემთან ლაპარაკი.

      "მავიწყდება, რომ მაინც მამაკაცია!" – გაიფიქრა პოლმა და სცადა სიმონის ხელები მოეშორებინა მხრებიდან. – "ამ წუთში მას ნამდვილი მამაკაცის, დამცირებული მამაკაცის სახე აქვს. მართლა თხუთმეტი წლის ხომ არ არის, ოცდახუთი წლისაა!"

      – თქვენ კი არა, თქვენს საქციელს დავცინი, – წყნარად უთხრა პოლმა, – იმიტომ, რომ თამაშობთ...

      სიმონმა ხელი მოაშორა. ერთბაშად მოეშვა.

      – მართალია, ვთამაშობ! თქვენ წინაშე ახალგაზრდა, ბრწყინვალე ვექილის, შმაგი მიჯნურის, განებივრებული ბავშვისა და ღმერთმა უწყის, კიდევ ვის როლს ვთამაშობ! რაც გაგიცანით, მას შემდეგ მხოლოდ თქვენ წინაშე ვთამაშობ. როგორ გგონიათ, ამას სიყვარული ხომ არ ჰქვია?

      – ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ კარგად განსაზღვრეთ სიყვარული, – გაიღიმა პოლმა.

      ერთხანს გაჩუმდნენ. საუბარი ვერ აეწყო.

      – მერჩივნა, გაგიჟებული საყვარლის როლი მეთამაშა! – წაილაპარაკა სიმონმა.

      – აკი გითხარით, როჟე მიყვარს-მეთქი.

      – მე კი დედაჩემი, მოხუცი ძიძა, ჩემი მანქანა მიყვარს...

      – ვერ გამიგია, ეს აქ რა მოსატანია? – შეაწყვეტინა პოლმა და უცებ წასვლა მოუნდა.

      ეს მეტისმეტად ახალგაზრდა მტაცებელი განა გაიგებს მის ამბავს, მის და როჟეს ამბავს, ხუთი წლის სიხარულსა და ტანჯვას, სიამოვნებასა და ეჭვებს?! არავის ძალუძს დააშოროს იგი როჟეს. ამ რწმენამ ისეთი სიყვარულითა და მადლიერებით აავსო პოლი, უნებურად მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა.

      – როჟე გიყვართ, მაგრამ მარტო კი ხართ! – უთხრა სიმონმა. – მარტო ხართ კვირა დღეს, სადილობთ მარტო და ალბათ... ალბათ ხშირად მარტოსაც გძინავთ. მე კი მუდამ თქვენ გვერდით დავიძინებდი, გულში ჩაგიკრავდით და მძინარეს ჩუმად დაგკოცნიდით. მე ჯერ კიდევ შემიძლია სიყვარული, მას კი აღარ... ეს თქვენც კარგად იცით...

      – ვინ მოგცათ უფლება... – პოლი წამოდგა.

      – მე მაქვს ამის თქმის უფლება. მე უფლება მაქვს მიყვარდეთ და, თუ შევძლებ, იმის უფლებაც, თქვენი თავი წავართვა.

      მაგრამ პოლი უკვე გარეთ იყო. სიმონი წამოდგა, ისევ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო... "ის მე მჭირდება, ჩემი უნდა იყოს... ჩემი უნდა იყოს... თორემ დავიტანჯები!" – ფიქრობდა იგი.

თავი მეშვიდე

      შაბათ-კვირა სასიამოვნოდ გაატარეს. მეზის – იგი როჟეს პრანჭვით გამოუტყდა, მარსელი მქვია, მაგრამ ასეთი სახელი მომავალი კინოვარსკვლავისთვის შეუფერებელიაო, – სიტყვა არ გაუტეხავს. რომ დაწვა, ლოგინიდან აღარ ამდგარა. როჟეს სხვა ნაცნობი ქალები ასე როდი იქცეოდნენ. ისინი კოქტეილისთვის, საუზმის, სადილისა თუ ჩაისთვისაც პოულობდნენ დროს და შემთხვევას არ უშვებდნენ, ნაირ-ნაირი ტანსაცმელი გამოეფინათ. როჟე და მეზი ორი დღე ოთახიდან არ გასულან, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ შემთხვევას, როცა როჟე ძვირფასი ტერეზას ლამაზ ვაჟიშვილს შეეფეთა. როჟეს ვერც წარმოედგინა, თუ ეს ყმაწვილი პოლს ნახავდა, მაგრამ გარკვეული წუხილი მაინც არ ასვენებდა. მართალია, ლილში გამგზავრება მოიმიზეზა და, ცოტა არ იყოს, ტლანქადაც იცრუა, მაგრამ ამ ღალატითა და სიცრუით თუ პოლს შეურაცხყოფდა, ამას ვერ ხვდებოდა. უბრალოდ, არ სურდა მისი ღალატი დროსა და სივრცეში დადასტურებული ყოფილიყო: "კვირას უდანში ვისაუზმე და თქვენი მეგობარი ვნახე, იმ საღამოს რესტორანში რომ გამაცანით". როჟემ იცოდა, პოლი ისე მოისმენდა ამ ფრაზას, კრინტს არ დაძრავდა, ოღონდ წამით განზე გაიხედავდა, ეს იყო და ეს. მაგრამ ტანჯული პოლი... ეს ახალი ამბავი არ იყო როჟესთვის. იმდენჯერ მოუშორებია თავიდან ამაზე ფიქრი, რომ კიდეც რცხვენოდა. როჟეს იმ ფიქრისაც შერცხვა, თავში რომ გაუელვა: როგორც კი მეზის შინ მივიყვან, მაშინვე პოლთან გავეშურებიო. შერცხვა და გაუხარდა კიდეც. არა, პოლი ვერასდროს ვერაფერს გაიგებს! ალბათ, თვითონაც კარგად დაისვენა ეს ორი დღე! ისინი ხომ საღამოობით ხშირად არიან ერთად! პოლი, ალბათ, მეგობრებთან წავიდოდა ბრიჯის სათამაშოდ, ბინას დაალაგებდა, ახალ წიგნს წაიკითხავდა... ანაზდად თვითონვე გაუკვირდა, ასე ჯიუტად რატომ ცდილობს პოლის კვირადღე შეავსოს.

      – რა მარჯვედ მიგყავს მანქანა! – შემოესმა და შეკრთა. მეზის გადახედა.

      – ვითომ?

      – თუმცა შენ ყველაფერში მარჯვე ხარ! – განაგრძო ქალმა და სკამზე გადაწვა.

      როჟეს ერთი სული ჰქონდა ეთქვა, წამით მაინც დაივიწყე შენი ჩამოსხმული სხეული და შენი დაკმაყოფილებული ვნებაო. ქალი მიბნედილი კისკისებდა, ყოველ შემთხვევაში, ეგონა, მიბნედილად ვიცინიო. მერე როჟეს ხელი მუხლზე დაიდო. მუხლი თბილი და მკვრივი ჰქონდა. როჟეს გაეღიმა. მეზი ერთი უჭკუო, ყბედი, თვალთმაქცი ქალი გამოდგა. მისი სიყვარულიც ასეთივე სულელური და ტლანქი იყო, ხოლო როჟეს სინაზესა და მეგობრულ ქცევას რომ არაფრად აგდებდა, ამით უფრო მეტად აღიზიანებდა. "უსულო, ურცხვი, ტლანქი და მეტიჩარა გოგოა, მაგრამ მისი ალერსი მაინც მსიამოვნებს", – გაიფიქრა როჟემ და ხმამაღლა გაიცინა. ქალს სიცილის მიზეზი არ უკითხავს, რადიომიმღებისკენ გასწია ხელი. როჟემ თვალი გააყოლა... რა თქვა იმ დღეს პოლმა? რადიოსა და ერთად გატარებულ საღამოებზე?.. კარგად აღარც ახსოვს. რადიოში კონცერტს გადმოსცემდნენ. ქალმა სხვა ტალღაზე გადართო, მაგრამ რაკი უკეთესს ვერაფერს წააწყდა, ისევ კონცერტი ამჯობინა. "თქვენ მოისმინეთ ბრამსის კონცერტი!" – ჩაიკიკინა დიქტორმა და ტაშიც აგრიალდა.

      – რვა წლისას დირიჟორობა მინდოდა! – თქვა როჟემ. – შენ?

      – მე მაშინაც კინომსახიობობაზე ვოცნებობდი და კიდეც ავისრულებ ოცნებას!

      როჟემ გაიფიქრა, ალბათ, ასეც იქნებაო. მანქანა ქალის სახლის წინ გააჩერა. მეზი სახელოზე ჩააფრინდა.

      – ხვალ იმ საძაგელ შერელთან უნდა ვისადილო. მაგრამ, რაც შეიძლება, მალე უნდა ვნახო ჩემი პატარა როჟე. როგორც კი დროს მოვიხელთებ, მაშინვე დაგირეკავ.

      როჟეს გაეღიმა, ეამა ახალგაზრდა, მალული საყვარლის როლი, მით უმეტეს, რომ მეტოქე მისი ტოლი იყო!

      – ხომ შეძლებ? მითხრეს, თავისუფალი არ არისო...

      – მე თავისუფალი კაცი ვარ! – როჟეს სახე დაეღრიჯა. ესღა აკლია, ამ ქალთან პოლი ახსენოს!

      მეზი მანქანიდან გადმოცქრიალდა, ხელი დაუქნია და ჭიშკარში შევარდა. როჟემ მანქანა დაძრა. ბოლო ფრაზამ – "მე თავისუფალი კაცი ვარ", – ააფორიაქა. მისი ნათქვამი ნიშნავდა: "ყოველგვარი მოვალეობის გრძნობისაგან თავისუფალი ვარ!" ვეღარ ითმენდა, ისე ეჩქარებოდა პოლის ნახვა. მხოლოდ მას შეეძლო მისი დამშვიდება. და კიდეც დაამშვიდებდა.

*

      ეტყობა, პოლმა ერთი ფეხით მიასწრო შინ მისვლა. პალტო ჯერაც არ გაეხადა. სახეზე ფერი არ ედო და, როცა როჟე შემოვიდა, მიირბინა, თავი მხარზე მიადო და გაინაბა. როჟემ მკლავი მოხვია, ლოყა თავზე დაადო, უცდიდა, როდის ამოიღებდა ხმას. რა კარგად მოიქცა, პოლისკენ რომ გამოეშურა. პოლს იგი სჭირდება. ჩანს, რაღაც მოხდა. ამ მიხვედრამ პოლის სიყვარული გაუათკეცა. როჟე არავის დააჩაგვრინებს პოლს! რა თქმა უნდა, პოლი თვითონაც ძლიერია, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, მაგრამ ყველა მის ნაცნობ ქალთან შედარებით მაინც – უმწეო. ამიტომაა როჟე აუცილებელი მისთვის. პოლმა ნელა ჩამოიშორა როჟეს მკლავები.

      – კარგად იმგზავრე? ლილში როგორი ამინდი იყო?

      როჟემ სწრაფად შეხედა. არა, რა თქმა უნდა, პოლს ეჭვიც არ გაუვლია გულში, მახის დაგება არასოდეს სჩვეოდა. როჟემ წარბები აზიდა.

      – ისე რა! შენ? შენ რა მოგივიდა?

      – არაფერი.

      პოლმა თავი მიაბრუნა. როჟე აღარ ჩასციებია, სულ ერთია, პოლი მერე თვითონვე უამბობს ყველაფერს.

      – რას აკეთებდი?

      – გუშინ ვიმუშავე. დღეს კი კონცერტზე ვიყავი პლეილის საკონცერტო დარბაზში.

      – შენ რა, ბრამსი გიყვარს? – ღიმილით ჰკითხა როჟემ.

      პოლი ზურგშექცევით იდგა და ისე სწრაფად შემობრუნდა, როჟემ უკან დაიხია.

      – რატომ მეკითხები?

      – რომ ვბრუნდებოდი, კონცერტის ბოლო ნაწილი რადიოთი მოვისმინე.

      – ჰო, მართლა, კონცერტს რადიოთი გადასცემდნენ... უბრალოდ, გამიკვირდა, როდის აქეთ შეგიყვარდა მუსიკა...

      – მეც იგივე მინდა გითხრა... რამ წაგიყვანა?... მე კი მეგონა, დარესთან ზის და ბრიჯს თამაშობს-მეთქი, ან...

      პოლმა შუქი აანთო სასტუმრო ოთახში. მერე ზანტად გაიხადა მანტო.

      – ახალგაზრდა ვან დენ ბეშმა დამპატიჟა კონცერტზე. საქმე არ მქონდა და არც ის მახსოვდა, ბრამსი თუ მიყვარდა... წარმოგიდგენია! ვეღარ მოვიგონე, მიყვარდა თუ არა ბრამსი!

      პოლს ჯერ ჩუმად ჩაეცინა, მერე თანდათან უმატა სიცილს. როჟეს ათასნაირი ფიქრი მოეძალა. სიმონ ვან დენ ბეში? ნუთუ უამბო, უდანში რომ შეხვდა როჟეს?.. თუ ასეა, რაღას იცინის?

      – პოლ, დამშვიდდი. ჯერ ის მითხარი, რას აკეთებდი იმ ლაწირაკთან?

      – ბრამსს ვუსმენდი, – სიცილით უთხრა პოლმა.

      – გეყოფა, ბრამსს თავი დაანებე...

      – რას ამბობ, ბრამსია მთავარი...

      როჟემ მხრებში წაავლო ხელი. სიცილისგან პოლს ცრემლიც კი მოადგა თვალებზე.

      – პოლ, ჩემო პოლ... რა გითხრა იმ ტიპმა? ან საერთოდ, რა უნდა შენგან? – როჟე გაცოფებული იყო; გრძნობდა დაასწრეს, გააბრიყვეს.

      – ჰო, რას იზამ, ის ოცდახუთი წლისაა! – ჩაილაპარაკა ბოლოს.

      – ჩემთვის ამაზე დიდი ნაკლი არ არსებობს, – წყნარად მიუგო პოლმა.

      როჟემ ისევ მოხვია მკლავები.

      – პოლ, მე ისე გენდობი! ისე გენდობი! ჭკუაზე შევიშლები, ვიღაც თავქარიანი ლაწირაკი რომ მოგეწონოს.

      როჟემ ქალი გულში ჩაიკრა; ერთბაშად წარმოიდგინა, როგორ უწვდიდა პოლი სხვას მკლავებს, როგორ კოცნიდა, რა ნაზად, ყურადღებით ექცეოდა იმ სხვას. როჟე იტანჯებოდა.

      "რა შეუგნებლები არიან მამაკაცები!" – მშვიდად ფიქრობდა პოლი. – "ისე გენდობი"... ისე გენდობი, შემიძლია გიღალატო, მარტო დაგტოვო, მაგრამ შენც რომ ასე მოიქცე, გადავირევი!.. რა დიდებულია!"

      – სიმონი კეთილი ბიჭია, მაგრამ უფერული! – თქვა მან ხმამაღლა. – ესაა და ეს. სად ვისადილოთ?

თავი მერვე

      "ბოდიშს ვიხდი", – სწერდა სიმონი, – "მართლაც არ მქონდა უფლება იმის თქმისა, რაც გითხარით. ყველაფერი ეჭვიანობის ბრალია. ეჭვიანობის უფლება კი, ვფიქრობ, ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს, როცა რაიმეს ფლობს. ერთი რამ ცხადია – თავი მოგაბეზრეთ. მალე გათავისუფლდებით ჩემგან... პროვინციაში მივყვები ჩემს პატივცემულ ვექილს, პროცესის მასალებს უნდა გავეცნოთ. ხის ძველ სახლში დავიდებთ ბინას. სახლი მის მეგობარს ეკუთვნის. წინასწარ ვიცი, ზეწრებს ვერვენის სუნი ექნება. ყოველ ოთახში ცეცხლს ავაგუზგუზებთ, ყოველ დილით ჩემს ფანჯარასთან ჩიტები იჟღურტულებენ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ამჯერად მართლა ვერ მოვახერხებ, სოფლის მწყემსის როლი გავითამაშო. ღამღამობით თქვენ მეყოლებით გვერდით, სულ ახლოს, ცეცხლის ალით განათებული; შევეცდები, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე იქ. არ დაიჯეროთ, – თუნდაც ჩემი ნახვა არასოდეს მოისურვოთ, – არ დაიჯეროთ, რომ არ მიყვარხართ!

      თქვენი სიმონი".

      პოლს ხელი აუკანკალდა. ბარათი ჯერ საბანზე დაეცა, მერე ხალიჩაზე. თავი ბალიშს მიაყრდნო, თვალები დახუჭა. რა თქმა უნდა, სიმონს უყვარს იგი... ამ დილით მოქანცული იყო. ცუდად ეძინა. ყველაფერი კი სულ იმ რამდენიმე სიტყვის ბრალია, წინა ღამით როჟეს რომ წამოსცდა. პოლი ლილიდან დაბრუნების ამბებს ეკითხებოდა. იმ სიტყვებს ჯერ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მერე დაუფიქრდა... როჟეს ამ ფრაზის თქმაზე ენა დაება, ხმა ჩაუწყდა, მერე წაილუღლუღა: – რასაკვირველია, კვირადღეს მანქანით სიარული მუდამ ძალიან ჭირს... თუმცა... საავტომობილო გზაზე, მაშინაც კი, როცა მანქანებით არის გაჭედილი, დიდი სიჩქარით სვლა მაინც შეიძლება...

      როჟეს რომ კილო არ შესცვლოდა, პოლი მართლაც ვერაფერს შეამჩნევდა. შეუცნობელი რეფლექსის, თავდაცვის ამ საშინელი რეფლექსის წყალობით, რომელიც პოლს ასე გამახვილებული ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაშინვე თვალწინ დაუდგა ლილის ახალი საავტომობილო გზა. როჟეს სიტყვა გაუწყდა. პოლს მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ თხუთმეტი წამის შემდეგ ისევ თვითონ განაახლა საუბარი. სადილზეც წყნარად მუსაიფობდნენ, თუმცა პოლს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეჭვიანობა ან ცნობისმოყვარეობა კი არა, ეს დაღლა და გულგატეხილობა არ გაუვლიდა არასდროს. უცქერდა ამ ნაცნობ, საყვარელ სახეს, რომელზეც მხოლოდ ეს წუხილი ეწერა – მიხვდა თუ არაო. თვალებიც ჯალათის სიჯიუტით აკვირდებოდნენ და ტანჯვის კვალს ეძებდნენ მის სახეზე. პოლმა ისიც კი გაიფიქრა: "ტანჯვით ხომ მტანჯავს, მევე მაიძულებს დავამშვიდო და ვუთხრა, ჩემს ტანჯვას ნურაფრად აგდებ-მეთქი". ასე ეგონა, სკამიდან ტანს ვერ აიტანდა, რესტორნის დარბაზს ისეთი ნარნარი რხევით ვერ გაივლიდა, როჟეს რომ ასე უყვარდა, და ვერც თავისი სახლის კართან ეტყოდა, "ღამე მშვიდობის". რასაკვირველია, ჯობდა გაელანძღა, თავში ჭიქა ესროლა, მაგრამ რა ექნა, ხომ არ შეეძლო ერთბაშად განდგომოდა თავის თავს, დაეთმო ყველაფერი, რითაც განსხვავდებოდა როჟეს მრავალრიცხოვანი საყვარლებისგან, უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც იწვევდა მისდამი პატივისცემას, დაეთმო ღირსება?! როჟემ ბევრჯერ უთხრა, ეს ქალები არაფერს წარმოადგენენ ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ და არც არაფრის დამალვა მინდა შენთანო. დიახ, როჟე თავისებურად პატიოსანი იყო, მაგრამ განა ამ ჩვენს არეულ ცხოვრებაში ერთადერთი პატიოსნება ის არ არის, მთელი გულით გიყვარდეს ვიღაც და ბედნიერება მიანიჭო, თუნდაც ამისთვის შენი სანუკვარი შეხედულებების უარყოფა მოგიხდეს?! სიმონის ბარათი ისევ ხალიჩაზე ეგდო და პოლმა, საწოლიდან წამოდგომისას, ფეხი დაადგა. იგი დაიხარა, დასწვდა წერილს, გადაიკითხა, შემდეგ მაგიდის უჯრა გამოსწია, ქაღალდი და კალამი ამოიღო და პასუხი მისწერა.

*

      სიმონი მარტო დარჩა სასტუმრო ოთახში. არ უნდოდა გარეულიყო იმ ხალხში, ცნობილ ვექილს რომ ირგვლივ შემოხვეოდა და სასამართლო პროცესის დამთავრებას ულოცავდა... სახლი ჩაჟამებული და ცივი იყო. წინა ღამით ყინავდა და ფანჯრიდან გათოშილი სოფელი, ფოთლებშემოძარცული ორი ხე და გადაყვითლებული მდელო მოჩანდა. შემოდგომის ამ წვიმაში ლპებოდა ორი დაწნული სავარძელი, რომლებიც დაუდევარ მებაღეს უპატრონოდ მიეგდო. სიმონი ინგლისურ რომანს კითხულობდა მელად ქცეულ ერთ ქალზე და დროდადრო ხმამაღლა იცინოდა. იგი ვერა და ვერ დამჯდარიყო მოხერხებულად: ფეხებს ხან გადააჯვარედინებდა, ხან ისევ გაშლიდა. ამან ისე მოაბეზრა თავი, რომ წამოდგა, წიგნი მაგიდაზე მიაგდო და გარეთ გავიდა.

      სიმონი ბაღის ბოლოს, პატარა გუბურასთან დადგა, ღრმად შეისუნთქა საღამოს ცივი ჰაერი და კვამლის სუნი: ღობის გადაღმა გამხმარ ფოთლებს წვავდნენ. სიმონს ძალიან უყვარდა ცეცხლის სუნი და ერთხანს თვალდახუჭული იდგა. დროდადრო რომელიღაც ფრთოსანი ჩხაოდა. ნაღველით შეზავებული ეს გარემო თითქოს საკუთარ დარდს უმსუბუქებდა. სიმონი მდორე წყლისკენ დაიხარა, ხელი ჩაჰყო, თავის გამხდარ თითებს დააკვირდა. წყალში ისე მოჩანდა, თითქოს ისინი შვეულად ერჭო ხელისგულში. იდგა გაუნძრევლად და მუშტს ისე ნელა კუმშავდა, იტყოდით, უხილავი თევზის დაჭერას ლამობსო. უკვე შვიდი დღეა, თითქმის შვიდ-ნახევარიც, პოლი არ უნახავს. ალბათ, მიიღო მისი წერილი, მხრები აიჩეჩა, მერე კი გადამალა, როჟემ არ ნახოს და სიმონს არ დასცინოსო. სიმონმა კარგად იცოდა, პოლი კეთილი ქალი იყო, კეთილი, გულთბილი და უბედური ქალი. პოლის გარეშე სიმონს ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ როგორ დააჯეროს? ერთ საღამოს ამ ჩაჟამებულ სახლში სულ პოლზე ფიქრობდა დაჟინებით, იქნებ, ჩემმა ფიქრებმა პარიზამდე მიაღწიოსო! მერე ლოგინიდან წამოხტა, პიჟამის ამარა ბიბლიოთეკაში ჩავიდა და დიდხანს ეძება ტელეპათიაზე რაიმე წიგნი. რა თქმა უნდა, ამაოდ. იცოდა, ბავშვურად იქცეოდა, მაგრამ ჩიხიდან თავის დასაღწევად მუდამ ან ბავშვურად მოქმედებდა, ან ალალბედზე. ისიც კარგად იცოდა, რომ პოლისნაირი ქალის სიყვარული თავად უნდა დაემსახურებინა. მარტო კარგი გარეგნობით ვერ მოიგებდა პოლის გულს. პირიქით, პოლს ნაკლად მიაჩნდა მამაკაცის სილამაზე. ამას კარგად გრძნობდა. "პარიკმახერის შეგირდს ვგავარ!" – ხმადაბლა დაიკვნესა მან და წამით ჩიტმაც შეწყვიტა მომაბეზრებელი ჭახჭახი.

      სიმონი ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას სახლისკენ, ოთახში შევიდა, ხალიჩაზე გაწვა და ბუხარში კუნძი შეაგდო. საცაა ბატონი ფლერი დაბრუნდება, გამარჯვებით ვითომ დამორცხვებული, მაგრამ თავის თავში კიდევ უფრო დარწმუნებული. პარიზულ პეწზე შეშლილი პროვინციელი ქალების წინაშე, ალბათ, მოჰყვება ისევ თავისი საყოველთაოდ ცნობილი სასამართლო საქმეების ამბავს; ოდნავ მოქანცული, დესერტზე შესმული ღვინით გაბრუებული ქალები კი მზერას გააპარებენ ახალგაზრდა, ზრდილი და სიტყვაძუნწი სტაჟიორისკენ. "აი, იმ ქალს ნამდვილად მოეწონეთ, ჩემო კარგო სიმონ!" – ჩურჩულით ეტყვის ბატონი ვექილი და, ალბათ, ყველაზე ხანში შესულ მანდილოსანზე მიანიშნებს. წინათაც უმოგზაურიათ ერთად, მაგრამ სახელოვანი ვექილის აბეზარი ნართაულები სიმონს ყურებში არასოდეს შეუშვია.

      სიმონს აუხდა წინათგრძნობა, ოღონდ ასე მხიარულად არასოდეს ყოფილა სადილზე: ენად გაიკრიფა, სახელოვან ვექილს ლაპარაკს არ აცლიდა, მანდილოსნები ყველა მოხიბლა. საქმე ის იყო, რომ სადილობამდე ბატონმა ფლერიმ ბარათი გადასცა: კლებერის გამზირიდან რუანში გადმოეგზავნათ. პოლის წერილი იყო. სიმონს ხელი ჯიბეში ედო, ბარათს ატრიალებდა და ბედნიერი იღიმებოდა. იგი ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან ცდილობდა წერილი სიტყვასიტყვით გაეხსენებინა: "ჩემო პატარა სიმონ", – პოლი მუდამ ასე მიმართავდა, – "რა სევდიანი წერილი მომწერეთ! არ ღირს, ჩემზე ასე იდარდოთ. მე უკვე მომენატრეთ. თვითონაც არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს!" შემდეგ პოლს ხელმეორედ დაეწერა მისი სახელი – "სიმონ" – და ორი დიდებული სიტყვა დაემატებინა: "მალე ჩამოდით!"

      ახლავე, ნასადილევს დაბრუნდება იგი პარიზში. მანქანას მთელი სიჩქარით გააქროლებს. პოლის სახლს ჩაუვლის, იქნებ, სადმე თვალი მოჰკრას.

      ორ საათზე მის სახლთან შეაყენა მანქანა. ნახევარი საათი იდგა და ელოდა. უცებ სახლთან მანქანა გაჩერდა და პოლი მარტო გადმოვიდა. სიმონი არ განძრეულა, თვალი გააყოლა მარტო მიმავალ პოლს, რომელმაც თავი მოაბრუნა დაძრული მანქანისკენ და ხელი დაუქნია ვიღაცას. სიმონი მიჯაჭვულივით იჯდა. აი, ის ქალი, რომელიც ასე ძალიან უყვარს, რომლისთვისაც სიყვარულით უძგერს გული. მისი სიყვარული ეძახდა პოლს, მისდევდა, ელაპარაკებოდა... სიმონი გაუნძრევლად იჯდა და უსმენდა ამ ძახილს შეშინებული, გულნატკენი და შინაგანად დაცარიელებული.

ფრანსუაზ საგანი

გაგრძელება →

  • მდე

    vako

    რომანია ლაშა?