ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

მფარველი ანგელოზი

1968, francoise sagan, fransuaza sagan, literatura, mfarveli angelozi, novel, qwelly, romani, ანგელოზი, ლიტერატურა, მოთხრობა, მფარველი, მფარველი ანგელოზი, მფარველობა, რომანი, ფრანსუაზ საგანი, ფრანსუაზ_საგანი, ცნობილი ავტორი

I თავი

      პოლის იაგუარი ღრიალით კეცავდა გრძელ, სწორ გზას, სანტა მონიკას გავლით, ჰოლივუდის ახლოს რომ მიუყვებოდა სანაპიროს. თბილოდა, შეიძლება ითქვას, ცხელოდა კიდეც. ჰაერში ბენზინისა და ღამის სურნელი ერეოდა ერთმანეთს. პოლი 150-ით მიაქროლებდა მანქანას. ნამდვილი მრბოლელივით თითებწაჭრილი ხელთათმანები ეცვა და ისეთი სახით უჯდა საჭეს, აქაოდა, გიჟივით სიარულს მიჩვეული ვარო. ცოტა არ იყოს, გულს მირევდა ეს სურათი.

      მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.

      მე ერთი იმ საშინელ გამონაკლისთაგანი ვარ, ჰოლივუდი რომ გავაოცე: 25 წლისამ გასაოცარი წარმატებით ვითამაშე ინტელექტუალურ ფილმში, ოცდახუთ-ნახევრისამ მთელი ფული მემარცხენე მხატვართან ერთად გავფლანგე ევროპაში, 27 წლისა უსახელოდ, უფულოდ, ვალებთან დაკავშირებული რამდენიმე სასამართლო პროცესის მოლოდინში დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს: ჰოლივუდს. მხოლოდ ჩემმა სრულმა გაკოტრებამ შეაჩერა ეს დავები. თავად კი სცენარისტი გავხდი, უმადურ ბრბოს ჩემი ოდესღაც განთქმული სახელი აღარაფერს ეუბნებოდა. ძალიანაც გამიხარდა ეგ ამბავი, ვერასდროს ვიტანდი ვერც ავტოგრაფებს, ვერც ფოტოგრაფებს და ვერც მთელ ამ უაზრო თაყვანისცემას.

      მოკლედ, მე ისა ვარ, "რომელსაც შეეძლო, მაგრამ..." რაც შეეხება ჩინებულ ჯანმრთელობასა და დიდებულ წარმოსახვას, ორივეს ირლანდიელ პაპას უნდა ვუმადლოდე. აი ჩემი პატარა წარმატების საიდუმლოც ამ ფერადი სისულელის წარმოებაში, რომელშიც, ჩემდა გასაკვირად, უამრავ ფულს იხდიან.

      მაგალითად, RKB-ის გადაღებული ისტორიული ფილმების ბოლოს, ტიტრებში, სულ უფრო ხშირად შეხვდებით სახელს და გვარს, დოროთი სეიმურს. ხანდახან საშინელ სიზმრებში აღშფოთებული კლეოპატრა მეცხადება ხოლმე და გესლიანად მეუბნება: "არა ქალბატონო, არ ვიტყვი: "ჩემი გულის მეუფე კეისარს გადაეცით..." არამც და არამც!"

      ჯერჯერობით კი ჩემი გულის თუ არა, სულ ცოტა, სხეულის მეუფე მაინც, დღეს საღამოს პოლ ბრეტი უნდა გამხდარიყო და მე უკვე წინდაწინ ვამთქნარებდი.

      სხვათა შორის, პოლი ძალიან ლამაზი მამაკაცია. იგი RKB-ის და სხვა კინემატოგრაფიული ფირმების ინტერესებს წარმოადგენს. ისეთი მოხდენილია, სასიამოვნო და მომხიბლავი, პირდაპირ სურათიდან გადმოსულს ჰგავს. თანაც იმდენად, პამელა კრისსა და ლუელა შრიმპს, ჩვენი თაობის ამ უდიდეს ქალ-ვამპირებს, ათი წლის განმავლობაში დაუზოგავად რომ ღრღნიდნენ ნაცნობი მამაკაცების გულებს, ქონებასა და საკუთარ მუნდშტუკებს, ერთიმეორის მიყოლებით შეუყვარდათ იგი, დაშორების შემდეგ კი კინაღამ საკუთარ ცრემლებში ჩაიხრჩვნენ.

      აი, ასეთი სახელოვანი წარსული აქვს პოლს.

      თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საღამოს იგი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ქერათმიანი მამაკაცი გახლდათ და მეტი არაფერი. თანაც 40 წლისა. რაც ძალიან მიმძიმებდა გულს. მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავნებებოდი: მთელი კვირის მანძილზე ყვავილების, სატელეფონო ზარების, გადაკრული სიტყვებისა და საზოგადოებაში ერთად გამოჩენის შემდეგ, ჩემი ხნის ქალი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მხარეში მაინც, უბრალოდ ვალდებულია დათმობაზე წავიდეს.

      და აი, ეს დღეც დადგა: ჩვენ 140-ით მივქროდით ჩემი პატარა, მოკრძალებული სახლისკენ, ღამის 2 საათი იყო. გულში ვიწყევლებოდი, ნეტავ, პირად ურთიერთობებში სექსუალურ კავშირებს ამხელა მნიშვნელობას რა ეშმაკად ანიჭებენ-მეთქი. ისე მეძინებოდა, ძლივს ვახელდი თვალებს.

      მაგრამ სამი დღის წინ უკვე ჩამეძინა ერთხელ და ახლა ვეღარ გავიმეორებდი იმავეს. თორემ ვგრძნობდი, პოლი "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, საყვარელო" -ს ნაცვლად მკაცრად მკითხავდა: "დოროთი, შეგიძლიათ ამიხსნათ, რაშია საქმე?"

      მოკლედ, სულ რამდენიმე სასიამოვნო მოვალეობის შესრულებაღა მქონდა დარჩენილი: მაცივრიდან ყინული უნდა გამოვიღო, გავხსნა შოტლანდიური ვისკის ბოთლი, მხიარულად ავაწკრიალო ჭიქაში ჩაყრილი ყინული, ერთი ჭიქა პოლს გავუწოდო და პოლეტ გოდარივით ვნებიანად გავიჭიმო სასტუმრო ოთახში მდგარ კანაპაზე. პოლი მომიახლოვდება, მომეხვევა და სუნთქვაშეკრული ჩამჩურჩულებს: "ეს ხომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ძვირფასო, არა?"

      რაც მართალია მართალია, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მე მძიმედ ამოვიოხრე. პოლმა კი უცებ განწირული ხმით დაიყვირა.

      ფარების შუქზე ვიღაც გიჟი გამოჩნდა, ჩალისგან გაკეთებულ საფრთხობელას ჰგავდა, ასეთები საფრანგეთის ველებზე მინახავს, და გზა გადაგვიჭრა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემს ქერათმიანს შესანიშნავი რეაქცია აქვს, მან მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანა მაშინვე მარჯვნივ თხრილში გადავარდა შიგ მსხდომ ბრწყინვალე საზოგადოებასთან ერთად – რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მოგახსენებთ! რამდენიმე წამიერი გაელვება და, ბალახში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე, თან ისე, რომ ჩანთისთვის არც გამიშვია ხელი. საინტერესო ამბავია: არადა, სადაც მივდივარ, როგორც წესი, ყველგან მრჩება ხოლმე. ახლა კი, როცა სიკვდილამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, რამ მაიძულა ჩანთა ჩამებღუჯა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ.

      პოლის აღელვებული ხმა ჩამესმა, მიძახდა, დავმშვიდდი, ე.ი. ცოცხალია-მეთქი და თვალები შვებით დავხუჭე. ის გადარეული მგონი არ დაშავებულა, მეც უვნებელი ვიყავი. პოლიც. უამრავი ფორმალობების შემდეგ, როგორიცაა ნერვიული შოკი და მისთანები, კარგი შანსი მაქვს, დღეს საღამოს მარტომ დავიძინო. მე მისუსტებული ხმით ჩავიბუტბუტე, "ყველაფერი კარგადაა, პოლ", და ბალახზე მოხერხებულად წამოვჯექი.

  - მადლობა უფალს – წამოიძახა პოლმა, გიჟდებოდა, ისე უყვარდა ძველი რომანტიკული გამოთქმები – მადლობა უფალს, არაფერი დაგემართათ, ძვირფასო, მე კი წამით მომეჩვენა თითქოს...

      არ ვიცი, იმ წამს რა მოეჩვენა, მაგრამ მომდევნო წამს კი ჯოჯოხეთური გრუხუნი გაისმა, ჩვენ გიჟებივით ჩავეხვიეთ ერთმანეთს და თხრილიდან ათიოდე მეტრით უკან გადავფრინდით. სანახევროდ დაბრმავებულ-დაყრუებულმა და ცოტა გაღიზიანებულმაც მისი მკლავებიდან ძლივსძლივობით გავითავისუფლე თავი. მინდოდა დამენახა, როგორ ბრიალებდა "იაგუარი". პირდაპირ ზღაპრული ჩირაღდანივით გიზგიზებს-მეთქი, გავიფიქრე.

      პოლიც წამოდგა.

  - ღმერთო! – ამოიკვნესა მან. – ბენზინი.

  - სხვა რამეც შეიძლებოდა აფეთქებულიყო? – გესლიანად წავკბინე მე, და უცებ ის გიჟი გამახსენდა. ვაითუ იწვის ახლა? წამოვხტი და ჩემი დახეული წინდებისთვის არც მიმიქცევია ყურადღება, ისე გავვარდი გზაზე. პოლიც უკან მომყვა. გზის პირას, მიწაყრილზე, ცეცხლისგან ცოტა მოშორებით, უმოძრაო სხეულს გადავაწყდი. თავიდან მხოლოდ შავი თმები გავარჩიე, ხანძრის შუქზე რომ წითლი ფერი დაჰკრავდა, მერე იოლად გადავაბრუნე იგი და მამაკაცის ბავშვური სახეც დავინახე.

      არა, ღმერთია მოწმე, არც არასდროს მომწონებია, არც მომწონს და, იმედი მაქვს, არც არასდროს მომეწონება პატარა ბიჭები, ევროპაში ასეთებს "ფისუნიებს" ეძახიან. ის ამბავი, რომ ფისუნიები სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებით სარგებლობდნენ ჩემს მეგობრებსა და ბევრ სხვას შორისაც, მე ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა. ლამის ფროიდისტულადაც კი. ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ ტუჩებზე რძე არ შეშრობიათ, არ შეიძლება ვისკის სუნად აყროლებულ ქალბატონებს ჩაუცვივდნენ ხელში. მაგრამ ფარების შუქზე მისმა ასე ახალგაზრდა და ამავე დროს მკაცრად სრულყოფილმა სახემ უცნაური გრძნობით ამავსო: მომინდა ზურგიც შემექცია და მივალერსებოდი კიდეც. არადა, საერთოდ არ მაწუხებს დედობრივი კომპლექსები. ჩემი ქალიშვილი, რომელსაც ვაღმერთებ, პარიზში ცხოვრობს, ბედნიერად გათხოვდა, უამრავი ბავშვი გააჩინა და ზაფხულობით სწორედ მაშინ ცდილობს მე შემომაჩეჩოს ისინი, როცა უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მთელი თვე რივიერაზე გავატარო. მარტო იშვიათად ვმოგზაურობ, მადლობა ღმერთს, და შვილიშვილებიღა მაკლია სწორედ.

      მაგრამ ისევ ღამეს და ლუისს დავუბრუნდეთ, რადგან ამ გადარეულ, გულწასულ, ლამაზნაკვთებიან ბიჭს, ჩალის საფრთხობელას რომ მიაგავდა, ლუისი ერქვა. მე წინ ვედექი და არ ვინძრეოდი, გულზეც კი არ დამიდევს მისთვის ხელი, არც შემიმოწმებია, ცოცხალი იყო თუ არა. მის შემხედვარეს ეს რატომღაც უმნიშვნელო ამბად მეჩვენებოდა. წარმოუდგენელი გრძნობა იყო, რომელსაც მომავალში აუცილებლად მწარედ ვინანებ.

  - ეს ვინღაა? – უკმაყოფილოდ იკითხა პოლმა. ჰოლივუდელებს ერთი დიდებული თვისება აქვთ, უნდათ, ყველაზე ყველაფერი იცოდნენ. პოლს აშკარად არ ესიამოვნა, სახელით რომ ვერ მიმართა ბიჭს, რომელსაც დღეს ღამით შემთხვევით კინაღამ გადაუარა. გავღიზიანდი: – ახლა მაგის დრო არ არის, კოქტეილის დასალევად ხომ არ ვართ, პოლ, როგორ ფიქრობთ, დაშავდა? ო, ღმერთო!

      უცნობის თავსა და ხელებთან შავ ლაქად მოჩანდა სისხლის გუბე, სისხლი თბილი, წებოვანი და შემზარავად მოტკბო იყო. პოლმაც დაინახა სისხლი.

  - არ დავჯახებივარ, – თქვა მან, – ეჭვიც არ მეპარება. ალბათ აფეთქებისას მანქანის რომელიმე პატარა ნაწილი მოხვდა.

      პოლი წამოდგა, ხმა მტკიცე და მშვიდი ჰქონდა. ბუნდოვნად მივხვდი, მასთან განშორებისას რატომ ქვითინებდა ლუელა შრიმპი.

  - აქ დარჩით, დოროთი, მე წავალ, დავრეკავ. და იგი სწრაფი ნაბიჯით გაემართა შორიახლოს მდგარი სახლებისაკენ. გზაზე მარტო დავრჩი, მუხლებზე ვიდექი იმ მამაკაცის გვერდით, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა მომკვდარიყო. უცებ მან თვალი გაახილა, შემომხედა და გამიღიმა.

II თავი

  - დოროთი, თქვენ რა, შეიშალეთ?

      ასეთ კითხვაზე მეტისმეტად მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, თან კითხვა პოლმა დამისვა, მუქი ლურჯი ქურთუკი რომ ეცვა და მკაცრად მათვალიერებდა. ჩვენ ჩემი სახლის ვერანდაზე ვისხედით, მე მებაღის ტანსაცმელი მეცვა: ძველი ტილოს შარვალი, გახუნებულ- ყვავილებიანი ზედატანი, თმები კი ზონარით მქონდა შეკრული. არა, ჩემს სიცოცხლეში ბაღში მიმუშავია კი არა, სეკატორის დანახვაზეც კი ყოველთვის შიშით მაკანკალებდა. უბრალოდ, მასკარადს ვაღმერთებ. ყოველ შაბათ საღამოს, ჩემი მეზობლების მსგავსად, მეც მებაღესავით გამოვეწყობი ხოლმე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ უზარმაზარი ბალახის საკრეჭი მანქანა ვათრიო აქეთ-იქით ან მოურჯულებელი სარეველები ვმარგლო, ტერასაზე ვჯდები ვისკით სავსე დიდი ჭიქითა და წიგნით ხელში. სწორედ ასეთ ვითარებაში, დაახლოებით საღამოს 6-7 საათი იქნებოდა, მომისწრო პოლმა. მე ერთდროულად ორი თანაბარი ძალის გრძნობით ვიყავი შეპყრობილი, დამნაშავედაც ვგრძნობდი თავს და მიტოვებულადაც.

  - იცით, რომ ყველა თქვენს უკანასკნელ გამოხტომაზე ლაპარაკობს?

  - ყველა, ყველა, – გავიმეორე უნდობლად და მორცხვად.

  - ღვთის გულისათვის, მითხარით, რას აკეთებს ეს ბიჭი თქვენთან?

  - რჩება, პოლ, რჩება, უნდა გამოჯანმრთელდეს. რაც არ უნდა იყოს, ფეხი აქვს მოტეხილი, და თქვენც ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ, მას არც ოჯახი ჰყავს, არც ფული აქვს და არც არაფერი საერთოდ.

      პოლმა ღრმად ჩაისუნთქა.

  - სწორედ ეგ მაწუხებს, ძვირფასო. და კიდევ ისიც, რომ თქვენი ბიტნიკი LSD-თი იყო გაბრუებული, როცა ჩემს მანქანას ჩაუვარდა.

  - მაგრამ მისმინეთ, პოლ, მან თავადაც ხომ აგიხსნათ, ნარკოტიკებით ისე ვიყავი გათიშული, ვერც მივხვდი, ჩემკენ მანქანა თუ მოდიოდაო. ფარები...

      მოულოდნელად პოლი გაწითლდა.

  - სულ არ მაინტერესებს, რას მიხვდა და რას ვერა. ამ რეგვენმა, ამ უბედურმა კინაღამ მკვლელებად გვაქცია, მეორე დღეს კი თქვენ იგი შინ წამოიყვანეთ, სტუმრების ოთახში დააბინავეთ და საჭმელს უკეთებთ! კი მაგრამ, რომ მოგკლათ ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, წიწილად რომ მოეჩვენოთ, ან კიდევ ღმერთმა იცის, რად? თქვენი ძვირფასეულობა რომ გაიტაცოს?

      შევეწინააღმდეგე: – იცით, პოლ, წიწილად ჯერ არავის მოვჩვენებივარ. რაც შეეხება ჩემს ძვირფასეულობას, დიდი არაფერი ფასი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში ხომ ვერ გავაგდებ, მით უმეტეს, ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

  - შეგეძლოთ საავადმყოფოში დაგეწვინათ.

  - იწვა კიდეც, მაგრამ მითხრა, საავადმყოფოში საშინელი მოწყენილობააო. და ვაღიარებ, მართალიც იყო.

      პოლი დაიბნა და ჩემ წინ ტყავის სავარძელში ჩაჯდა. უნებლიეთ ჩემს ჭიქასაც კი მისწვდა და დალია ნახევარი. გავბრაზდი, მაგრამ არ შემიჩერებია. თავს აშკარად ძლივს იკავებდა. რაღაც უცნაურად შემომხედა.

  - ბაღში მუშაობდით?

      თანხმობის ნიშნად თავი რამდენჯერმე დავუქნიე. რა საინტერესოა, მამაკაცები პირდაპირ გაიძულებენ ხოლმე, ტყუილი უთხრა.

      ვერაფრით ავუხსნიდი პოლს, რა უწყინარი საქმით ვიყავი დაკავებული შაბათობით. იგი კიდევ ერთხელ მეტყოდა, გიჟი ხარო და მე საკუთარ თავს ვკითხე, პოლი მართალი იქნება თუ არა-მეთქი.

  - რაღაც არ ეტყობა, – პოლმა მიიხედ-მოიხედა.

      ჩემი საცოდავი მიწის ნაგლეჯი ნამდვილ ჯუნგლს ჰგავდა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებაზე შეურაცხყოფილი სახე მივიღე.

  - ვცდილობ, რაც შემიძლია, – მოვუჭერი მოკლედ.

  - თმაში რა გაქვთ?

      თავზე ხელი გადავისვი და ხის სამიოდე ბურბუშელა შემრჩა, თეთრი და ფოთოლივით ნაზი. გამიკვირდა.

  - ბურბუშელაა.

  - ვხედავ, – მითხრა პოლმა მკვახედ, – ეგენი მიწაზეც საკმარისად ყრია. თქვენ რა, მებაღეობის გარდა დურგლობაც დაიწყეთ?

      სწორედ იმ წამს პატარა ბურბუშელა ზემოდან ისევ ჩამოფარფატდა და პირდაპირ პოლს დაეცა თავზე. მაშინვე მაღლა ავიხედე.

  - ა, ჰო, – ვთქვი მე, – გასაგებია. ეს ლუისი წევს და ხის თავს ჩორკნის გასართობად.

  - და ნაგავს თავაზიანად ყრის ფანჯარაში? შესანიშნავია.

      ცოტა მეც ავნერვიულდი. იქნებ მართლა შევცდი, ლუისი ჩემთან რომ შევიფარე-მეთქი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს ხომ გულმოწყალების გამო, თანაც დროებით და თან ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე გავაკეთე. პოლს კი ჩემზე არავითარი უფლება არ აქვს. გადავწყვიტე, ამას შევახსენებ-მეთქი. მან მიპასუხა, ზუსტად ისეთივე უფლებები მაქვს თქვენზე, როგორც ნებისმიერ გონიერ მამაკაცს უგუნურ ქალზეო, ე.ი. უფლება, რომ დაიცვას და მსგავსი სისულელეები... წავკამათდით, პოლი გაბრაზებული წავიდა, მე კი ჩემს ტყავის სავარძელში გადავწექი, წინ შემთბარი ვისკი მედგა. საღამოს ექვსი საათი იყო, ჩრდილები ნელ-ნელა წვებოდნენ ბალახზე და ისეთი პირი უჩანდა, საღამოს უმიზნოდ გავატარებდი. პოლთან წაკამათების გამო წვეულებაზე ვეღარ წავედი, არადა, ორივენი ერთად უნდა მივსულიყავით. რაღა დამრჩენოდა? ტელევიზორისთვის უნდა მეყურებინა, რომელიც უამისოდაც ყელში მქონდა ამოსული, და კიდევ ლუისის ბუყბუყი მესმინა, როცა სადილს ავუტანდი მაღლა. არასდროს ასეთი ჩუმი არსება არ მინახავს. გასაგებად ერთადერთხელ გამოხატა თავისი აზრი, როცა მაცნობა, გადავწყვიტე, საავადმყოფოდან წამოვიდეო. ეს მოხდა ავარიიდან მეორე დღეს, და სრულიად ბუნებრივ ამბად მიიღო ჩემი სტუმართმოყვარეობა. იმ დღეს მე ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, იქნებ მეტისმეტად კარგ ხასიათზეც, რაც, მადლობა ღმერთს, ძალიან იშვიათად ხდება – როცა გეჩვენებათ, რომ ყველა მამაკაცი თქვენი ძმა ან შვილია და გინდათ იზრუნოთ მათზე. გადმობარგების შემდეგ მე ვაჭმევდი ჩემს ლოგინზე უსიცოცხლოდ გაწოლილ, ფეხშეხვეულ ლუისს, რომელიც თვითონვე იცვლიდა სახვევებს. იგი არც კითხულობდა, არც რადიოს უსმენდა, არც ლაპარაკობდა. ოღონდ ეგ იყო, დროდადრო ბაღიდან საგანგებოდ ამოიტანდა ხოლმე გამხმარ ტოტებს და მერე მათგან უცნაურ ფიგურებს აკეთებდა. ზოგჯერ კი ჯიუტი და უშფოთველი გამომეტყველებით იყურებოდა ფანჯარაში. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ვაითუ სრული იდიოტია-მეთქი და როცა ამ იდიოტიზმს მისივე ფიზიკური სილამაზეც დავუმატე, აზრი ძალიან რომანტიკულადაც კი მომეჩვენა. ჩემს მორიდებულ შეკითხვებს მის წარსულზე, მიზნებსა თუ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სულ ერთი და იგივე პასუხი ხვდებოდა: "არ არის საინტერესო". იმ ღამით, უბრალოდ, ჩვენი მანქანის წინ აღმოჩნდა გზაზე, ლუსი ჰქვია, მგონი მეტი ვერც ვერაფერი გავიგე. თუმცა თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი: ვერ ვიტან ამ ისტორიების მოყოლას, საშინლად მღლის და მარტო ერთმა ღმერთმა იცის, ადამიანები რატომ არ გამათავისუფლებენ მათგან.

      სამზარეულოში შევედი, კონსერვებისგან სახელდახელოდ მშვენიერი სადილი მოვამზადე და კიბეს ავუყევი. ლუისს მივუკაკუნე, შევედი და ლანგარი საწოლზე დავუდე. ლოგინი მთლიანად ხის ბურბუშელებს დაეფარა. ის ბურბუშელა გამახსენდა, პოლს რომ დაეცა თავზე და გამეცინა. ლუისმა ინტერესით შემომხედა. თვალების კატისებური ჭრილი ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო გუგები, შავი წარბები და ყოველ შემოხედვაზე ჩემდაუნებურად ვფიქრობდი, "კოლუმბია ფიქჩერზში" თვალს მოჰკრავენ თუ არა, დაუფიქრებლად აიყვანენ-მეთქი.

  - რა გაცინებთ?

      დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი, გაუბედავი ხმა ჰქონდა.

  - ის მაცინებს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თქვენი ბურბუშელა პოლს პირდაპირ თავზე დაეცა და ძალიანაც გააბრაზა.

  - რატომ, ეტკინა?

      გაოცებულმა შევხედე. ნამდვილად პირველად იხუმრა, ან მე მომეჩვენა, რომ იხუმრა. სულელივით გამეცინა და უცებ მივხვდი, თავს უხერხულად ვგრძნობ-მეთქი. მგონი, პოლი რაღაცაში მაინც მართალი იყო. რას ვაკეთებ ამ გადარეულ ბიჭთან ერთად ცარიელ სახლში შაბათ საღამოს? არადა, შემეძლო, ახლა საცეკვაოდ წავსულიყავი, მეგობრებთან ერთად გამეტარებინა დრო ან ჩემს ძვირფას პოლთან გამება ფლირტი, ან კიდევ ვინმე სხვასთან...

  - დღეს არ აპირებთ წასვლას?

  - არა, – ვუთხარი გესლიანად, – ხელს ხომ არ გიშლით?

      მაშინვე ვინანე, რატომ წამომცდა-მეთქი.

      ჩემი ნათქვამი სტუმართმოყვარეობის ყველა წესს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ლუისმა როგორღაც ბავშვურად, კეთილად, მთელი გულით გაიცინა. ამ ჯადოსნურმა სიცილმა მაშინვე ისევ მომხიბვლელ პატარა ბიჭად აქცია.

  - ძალიან მოწყენილი ხართ?

      ასეთ კითხვას არ ველოდი. შეიძლება ამ თავბრუდამხვევ ალიაქოთში, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია, კაცმა თქვას, ძალიან ვარ მოწყენილი ან არც ისეო? ამიტომ ნამდვილი ბურჟუასავით ვუპასუხე: – მოსაწყენად დრო არ მაქვს. სცენარისტად ვმუშაობ RKB-ში და...

  - იქ?

      მან მარცხნივ მანიშნა ნიკაპით, სანტა-მონიკას გაჩახჩახებული სანაპირო, ბევერლი ჰილზი, ლოს-ანჯელესის უზარმაზარი გარეუბანი, კინოსტუდიები და კინოფირმები ერთიანდებოდნენ ამ აგდებულ ჟესტში. იქნებ მეტისმეტი მომდის, როცა ვამბობ, აგდებულად-მეთქი, მაგრამ მთლად გულგრილადაც არ უთქვამს.

  - დიახ, იქ. ასე ვირჩენ თავს. – გავნერვიულდი. სამი წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ უცნობი ბიჭის გამო ჯერ მეშჩანად მეგრძნო თავი, მერე კი უსაქმურად. არადა, სინამდვილეში მართლაც რა მოჰქონდა ამ შტერულ საქმეს, უამრავი დოლარის გარდა, რომელსაც ადამიანი თვეში ერთხელ იღებ და აღებისთანავე ხარჯავ? თუმცა თავს მაინც შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რადგან ჩემი სინდისის ქენჯნის მიზეზი ეს აშკარად გონებასუსტი და LSD-ზე შემჯდარი ხულიგანი იყო. მე მსგავსი წამლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს, როცა ერთის გემოვნება ფილოსოფიად და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სიძულვილად იქცევა ხოლმე.

  - თავს ირჩენთ... – გაიმეორა დაფიქრებულმა – თავს ირჩენთ...

  - ეს საკმაოდ გავრცელებული საქმიანობაა.

  - რა საწყენია! აი, მე კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ძველ ფლორენციაში, ოდესღაც ეს ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც სხვებს ისე უბრალოდ, არაფრის გულისთვის არჩენდნენ.

  - ისინი მოქანდაკეებს, მხატვრებს და მწერლებს არჩენდნენ. თქვენ მათ რიცხვს ეკუთნით?

      ლუისმა თავი დამიქნია.

  - იქნებ მაშინ იმათაც არჩენდნენ, ვინც ისე უბრალოდ მოსწონდათ?

      მე ცინიკურად გავიცინე, ზუსტად ბეტ დევისივით.

  - ასე აქაც შეგიძლიათ იცხოვროთ, – და მეც ზუსტად ისე გადავიქნიე თავი მარცხნივ, როგორც მან გააკეთა ცოტა ხნის წინ. ლუისმა თვალები დახუჭა.

  - მე ვთქვი "ისე, უბრალოდ"-მეთქი. ეს კი "ისე უბრალოდ" აღარ გამოდის. მან "ეს" ისეთი მტკიცე ხმით წარმოთქვა, რომ მე მაშინვე უამრავმა რომანტიკულმა აზრმა გამიელვა თავში ლუისთან დაკავშირებით. მართლაც, რა ვიცი მასზე? ჰყვარებია კი ვინმე გაგიჟებით? თუმცა, რასაც სიგიჟეს უწოდებენ, მე სიყვარულის ერთადერთ ბუნებრივ გამოხატულებად მიმაჩნია. და რამ შეაგდო "იაგუარის" ბორბლებქვეშ – შემთხვევითობამ, ნარკოტიკებმა თუ სასოწარკვეთამ? ან იქნებ ამ იძულებითი დასვენების დროს ფეხთან ერთად გულიც მოურჩა? ან იქნებ ზეცას ჯიუტად მიშტერებულმა ამ თვალებმა ვინმე მართლა იხილეს იქ? შეძრწუნებულმა გავიფიქრე, ეს ფრაზა უკვე გამოვიყენე დანტეს ცხოვრებაზე გადაღებულ ფერად ფილმში-მეთქი, მახსოვს, რამდენი ვიწვალე, სულ ერთი ბეწო ეროტიკა მაინც რომ ჩამეკვეხებინა სადმე. როცა შუასაუკუნეების დროინდელ ხის უბრალო მაგიდასთან მჯდარმა საბრალო დანტემ ხელნაწერიდან ასწია თავი, კადრს მიღმა ხმა გაისმა: "იქნებ ამ თვალებმა, ასე ჯიუტად რომ მისჩერებოდნენ ზეცას, ვინმე მართლაც იხილეს იქ?" კითხვა, რომელზეც მკითხველებს თავად უნდა ეპასუხათ და იმედი მაქვს, დადებითად.

      მოკლედ, ფიქრიც ისე დავიწყე, როგორც ნაწარმოებს ვწერდი ხოლმე, რაც ალბათ აღმაფრთოვანებდა, სულ ოდნავ მაინც რომ მქონოდა პრეტენზია, ნიჭიც მაქვს და მაღალ ლიტერატურასაც ვქმნი-მეთქი. ეჰ! აბა, რას ამბობთ... ლუისს შევხედე. მან თვალები გაახილა და შემომაჩერდა.

  - რა გქვიათ?

  - დოროთი, დოროთი სეიმური, არ მითქვამს?

      მისი საწოლის ბოლოში ვიჯექი, ფანჯრიდან საღამოს ჰაერი შემოდიოდა, ზღვის ისეთი ძლიერი, ლამის მარადიული სურნელით გაჟღენთილი,– ეს სურნელი მთელი 45 წელია არ შეცვლილა, – რომ ჩასუნთქვისას გავიფიქრე, რა სასტიკია ეს მარადიულობა-მეთქი. კიდევ რამდენ ხანს შემეძლება ავხორცულად ჩავისუნთქო ეს სურნელი, ალბათ მანამ, სანამ არ მოვა სევდა განვლილ წლებზე, ძველ კოცნებსა და მამაკაცის სხეულის სითბოზე? პოლს უნდა გავყოლოდი ცოლად. უნდა უკუმეგდო ჩემი უსაზღვრო რწმენა, რომ მე ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი და სულიერად გაწონასწორებული ქალი ვარ. იოლია ბედნიერი იყო, როცა არის ვიღაც, ვისაც სურს შეგეხოს, სურს მოგეფეროს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ჰო, შემდეგ. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნებიან ფსიქიატრები და მარტო ამის გაფიქრებაზეც კი გული გადამიქანდა.

  - მოწყენილი სახე გაქვთ, – მითხრა ლუისმა, ჩემი ხელი აიღო და თვალიერება დაუწყო. მეც დავიხედე. ორივენი ერთნაირი, სასაცილო და უცნაური ინტერესით ვათვალიერებდით ჩემს ხელს: ლუისი იმიტომ, რომ არ იცნობდა, მე კი იმიტომ, რომ მის თითებში მოქცეული როგორღაც სხვანაირად მეჩვენებოდა: უცხო საგანივით იყო და თითქოს მე აღარც მეკუთვნოდა. არასდროს არც ერთ შეხებას ასე მცირედ არ აუღელვებივარ.

  - რამდენი წლის ხართ? – მკითხა.

      საკუთარმა სისულელემ გამაოცა, როცა სრული სიმართლე ვუთხარი: – ორმოცდახუთის.

  - გაგიმართლათ. – გაკვირვებულმა შევხედე. იგი ალბათ ოცდაექვსის თუ იქნებოდა, შეიძლება უფრო ნაკლებისაც.

  - გამიმართლა? რატომ?

  - ამდენი ხანი რომ იცოცხლეთ... მაგარია!

      მან ხელი ისე გამიშვა, თითქოს თავიდან მოიშორაო. მერე გვერდზე გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. მე ფეხზე წამოვდექი.

  - ღამე მშვიდობისა, ლუის.

  - ღამე მშვიდობისა, – მითხრა ჩუმად, – ღამე მშვიდობისა, დოროთი სეიმურ.

      ფრთხილად გამოვიხურე კარი და ტერასაზე გავედი. უცნაურად კარგად ვგრძნობდი თავს.

III თავი

  - ხომ გესმის, რომ მე ვერასოდეს განვიკურნები? ვერასდროს ვერ შევძლებ განკურნებას?

  - ყველაფრისგან შეიძლება განიკურნოს კაცი.

  - არა. ჩვენ შორის არის რაღაც მარადიული და შენ მშვენივრად ხვდები ამას, გრძნობ. შენ... ეს უნდა იცოდე. არ შეიძლება არ იცოდე.

      მე შევწყვიტე ეს წარმტაცი საუბარი, ჩემი შემოქმედების უკანასკნელი ნიმუში და კითხვით სავსე მზერა შევავლე ლუისს. მან წარბები ასწია, გამიღიმა.

  - გჯერათ, რომ არსებობს რამე მარადიული?

  - ამას მე კი არა, ფერენც ლისტი ამბობს და...

  - მაგრამ თქვენ თვითონ გჯერათ?

      გამეცინა. ვიცოდი, რომ ზოგჯერ ცხოვრებას შეუძლია რაღაცები მარადიულად მოგვაჩვენოს და ზოგიერთი სასიყვარულო ისტორიისგან, მართლა მეგონა, ვერასოდეს განვიკურნები-მეთქი. რა ვუყოთ მერე, ახლა ჩემს ბაღში ვზივარ, ორმოცდახუთი უკვე შემისრულდა, შესანიშნავ ხასიათზე ვარ და არც არავინ მიყვარს.

  - მგონი კი. თქვენ?

  - ჯერ არა.

      და თვალები დახუჭა. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ ლაპარაკი მასზე, ჩემზე, ჩვენს ცხოვრებაზე. საღამოობით, როცა სტუდიიდან მოვდიოდი, ლუისი თავისი ოთახიდან დაბლა ჩამოდიოდა, ეყრდნობოდა ორ ხელჯოხს, ტყავის სავარძელში გაიჭიმებოდა და ერთად ვუყურებდით, როგორ წვებოდა ღამე, თან სკოჩს ვსვამდით. შინ დაბრუნებულს მიხაროდა, რომ კვლავ მას ვხედავდი, ასეთ მშვიდს, უცნაურს, ერთსა და იმავე დროს მხიარულსაც და მდუმარესაც, თითქოს რომელიღაც უცნობი ცხოველიაო. მიხაროდა, მაგრამ მეტი არაფერი. გამორიცხულია, მე არ მიყვარდა იგი და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, სხვა დროს მისი სილამაზე ალბათ შიშს მომგვრიდა, იქნებ ზიზღსაც კი. თვითონაც არ ვიცი, რატომ – უბრალოდ, იგი მეტისმეტად ტანადი, მოხდენილი და სრულყოფილი იყო. ოღონდ ქალურად კი არა, პირიქით, მიუხედავად ამისა, იგი მაინც პრუსტის მიერ აღწერილ კასტას მაგონებდა: თმები ბუმბულივით რბილი ჰქონდა, კანი – ძვირფასი ქსოვილივით ნაზი. მოკლედ, მასში იმ ბავშვური უხეშობის ნასახიც არ იყო, რაც მე მამაკაცებში მიზიდავდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, წვერს იპარსავს თუ არა, საერთოდ სჭირდება კი გაპარსვა-მეთქი?

      როგორც გავარკვიე, იგი თურმე აშშ-ის ჩრდილოეთში, პურიტანულ ოჯახში დაბადებულა. მეტისმეტად უსისტემო განათლება მიუღია და მერე სახეტიალოდ წასულა, გზადაგზა თითქმის ყველაფერი უცდია, რასაც მოხეტიალე ყმაწვილმა შეიძლება მოჰკიდოს ხელი და სან-ფრანცისკოში გაჩერებულა. თავისნაირ მაწანწალებთან შეხვედრა, LSD-ის ძალიან დიდი დოზა, ჩხუბი, მოსახვევი და იგი აქ აღმოჩნდა, ჩემთან სახლში. გამოჯანმრთელდება თუ არა, წავა, თვითონაც არ იცის, საით. ჯერჯერობით კი ჩვენ ცხოვრებასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით – იგი საკმაოდ განათლებული იყო, თან გაუგონარ დასკვნებს აკეთებდა. მოკლედ, ბრბოს თვალში ჩვენ ყველაზე უფრო წესიერი და ყველაზე ახირებული ურთიერთობა გვქონდა, რაც კი ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ თუ იგი ჩემს ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე მეკითხებოდა გამუდმებით, თავისაზე არასდროს არაფერი უთქვამს, ერთადერთი ეს მეჩვენებოდა უცნაურად მისი ტოლი ბიჭისგან.

      ამბობდა "ქალები", "კაცები", უცვლელი, განყენებული და უგემური კილოთი ლაპარაკობდა, მე კი, ჩემს ასაკშიც სასიამოვნო მღელვარების, სინაზისა და ბუნდოვანი მოგონებების გარეშე რომ ვერ ვახერხებდი წარმომეთქვა სიტყვა "მამაკაცები", თავს წუთით უწესო და თავქარიან ქალად ვგრძნობდი ხოლმე.

  - როდის გაგიჩნდათ ეს გრძნობა, უკვე აღარაფერი შეიცვლებაო? – მკითხა ლუისმა. – როცა პირველმა ქმარმა მიგატოვათ?

  - ღმერთო ჩემო, არა! მაშინ შვება უფრო ვიგრძენი. წარმოიდგინეთ აბსტრაქტული მხატვრობა, დღე და ღამე, მთელი ოცდაოთხი საათი. აი ფრენკი როცა წავიდა, მაშინ დიახაც ჭირიანი ცხოველივით ვგრძნობდი თავს.

  - ფრენკი ვინ არის. თქვენი მეორე ქმარი?

  - ჰო, მეორე. ბევრი არაფერი, მაგრამ ისეთი მხიარული იყო, ისეთი ნაზი, ისეთი ბედნიერი.

  - მან მიგატოვათ?

  - ლუელა შრიმპმა გადარია.

      მან ცნობისმოყვარეობით ასწია წარბები.

  - მსახიობი ლუელა შრიმპი ხომ მაინც გაგიგიათ?

      ლუისმა ჩემთვის შეურაცხმყოფელი მოძრაობა გააკეთა, მე ვითომ არ დამინახავს.

  - მოკლედ, ფრენკმა ცდუნებას ვერ გაუძლო, თავი დაკარგა და მიმატოვა, რომ მასზე დაქორწინებულიყო. აი მაშინ მარი დ’აგუს მსგავსად მეც გავიფიქრე, უკვე ვეღარასდროს განვიკურნები-მეთქი. მთელ წელიწადს ვფიქრობდი ასე. თქვენ ეს უცნაურად გეჩვენებათ?

  - არა, და რა მოუვიდა მას?

  - ორი წლის შემდეგ ლუელამ სხვა შეაბა, ის კი მიატოვა. ფრენკმა სამი სულელური ფილმი გადაიღო და გალოთდა. ეს იყო და ეს. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ლუისმა ჩუმად დაიკვნესა და სავარძლიდან წამოდგომა სცადა. შემეშინდა: – კარგად ხართ?

  - ძალიან მტკივა. ზოგჯერ მეჩვენება, ფეხზე ვეღარასდროს გავივლი-მეთქი.

      ერთი წამით წარმოვიდგინე, რომ აქ სამუდამოდ დასახლდა იგი, საბრალო. უცნაურია, მაგრამ ეს ფიქრი არც უაზროდ მომჩვენებია და არც უსიამოვნოდ. იქნებ უკვე მივაღწიე იმ ასაკს, როცა ადამიანმა საკუთარ თავზე გარკვეული მოვალეობა უნდა იკისროს. ბოლოს და ბოლოს, საჭირო ადამიანად ვიგრძნობდი თავს და დიდხანს მშვიდად ვატარებდი ამ ტვირთს.

  - თუ ასეა, მაშინ დარჩით – ვუთხარი მხიარულად. – და როცა კბილები დაგცვივდებათ, მე ფაფას მოგიხარშავთ.

  - კბილები რატომ უნდა დამცვივდეს?

  - ამბობენ, ასე იმათ ემართებათ, ვინც დიდხანს ფეხზე ვერ დგებაო. თუმცა ვაღიარებ, პარადოქსს ჰგავს. დედამიწის მიზიდულობის ძალას თუ გავითვალისწინებით, კბილები მაშინ უფრო არ უნდა დასცვივდეს ადამიანს, როცა ფეხზე დგას? არადა, ეგრე ხომ არ ხდება.

      მან პოლივით ალმაცერად გადმომხედა, ოღონდ უფრო გულკეთილად.

  - სასაცილო ხართ, – მითხრა, – მე ვერასდროს მიგატოვებდით. – მერე თავლები დახუჭა, მისუსტებული ხმით მთხოვა, ლექსების კრებული მომიტანეთო და მეც ბიბლიოთეკაში წავედი, რომ რამე მისთვის მოსაწონი მომეძებნა. არ გავაღვიძო ან არ დავაფრთხო-მეთქი და ნაზად, ჩურჩულით ვუკითხავდი ლორკას ლექსებს უოლტ უიტმენზე: ზეცის კიდეზე ფრთებს ისწორებს

      ჩუმად სიცოცხლე, ყველანი როდი დავესწრებით

      ხვალინდელ აისს.

IV თავი

      ერთიანად სამუშაოში ვიყავი ჩაფლული, როცა ახალი ამბავი გავიგე. უფრო სწორად, მდივანს ჩემ მიერ შეთხზულ, ფერენც ლისტსა და მარი დ’აგუს შორის შემდგარ სულის შემძვრელ დიალოგს ვკარნახობდი, თან ყოველგვარი ზედმეტი აღფრთოვანების გარეშე ვაკეთებდი ამას, რადგან ბოლო წუთს შევიტყვე, ლისტს ნოდინ დიუკი განასახიერებსო. ცოტა არ იყოს, ვერ წარმომედგინა, ამ შავგვრემან და დაკუნთულ გოლიათს როგორ უნდა ეთამაშა კომპოზიტორის როლი. მაგრამ კინო სავსეა მსგავსი გარდაუვალი, სასაცილო და სულელური შეცდომებით. მოკლედ, რაღაც "განუმეორებელს" ვეჩურჩულებოდი ყურში ჩემს ძვირფას, ასლუკუნებულ მდივანს – იგი არაჩვეულებრივად მგრძნობიარე ადამიანია – როცა ტელეფონმა დარეკა. მან ყურმილი აიღო, ხმაურით მოიხოცა ცხვირი და მე მომიბრუნდა: – ბატონი პოლ ბრეტია. ქალბატონო, ამბობს, სასწრაფო საქმეაო.

      ყურმილი გამოვართვი.

  - დოროთი ხართ? ახალი ამბავი იცით?

  - არა. არა მგონია.

  - ძვირფასო... მმ... ფრენკი გარდაიცვალა. ხმა არ ამომიღია. პოლი ანერვიულდა.

  - ფრენკ სეიმური. თქვენი ყოფილი ქმარი. თავი მოიკლა წუხელ.

  - ტყუილია, – ვთქვი მე.

      მართლა ასე ვფიქრობდი. ფრენკი არასდროს გამოირჩეოდა სიმამაცით. უსაზღვროდ მომხიბვლელი იყო, მაგრამ მამაცი არ ყოფილა. ჩემი აზრით კი თვითმკვლელობისთვის საკმაოდ დიდი სიმამაცეა საჭირო. არადა, რამდენი ადამიანია, მეტს რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ უშედეგოდ.

  - სიმართლეს გეუბნებით, – გაისმა პოლის ხმა, – დღეს დილით თქვენს სახლთან ახლოს ერთ ბინძურ სასტუმროში მოიკლა თავი, არავითარი ახნა-განმარტება არ დაუტოვებია.

      გული ნელა მიცემდა, ძალიან ნელა. ძალიან ძლიერად და ნელა. ფრენკი... ფრენკის მხიარულება, ფრენკის სიცილი, ფრენკის კანი... მოკვდა... უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ პატარა ადამიანის სიკვდილი უფრო შეგვაძრწუნებს ხოლმე, ვიდრე სახელგანთქმულისა. ვერ ვიჯერებდი.

  - დოროთი, მისმენთ?

  - გისმენთ.

  - დოროთი, უნდა მოხვიდეთ. მას არ ჰყავდა ოჯახი, ლუელა კი, როგორც მოგეხსენებათ, რომშია. ძალიან ვწუხვარ, დოროთი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, ფორმალობებია მოსაგვარებელი. მე გამოგივლით.

      მან ყურმილი დაკიდა. მეც ტელეფონი მდივანს გავუწოდე – კენდი ერქვა, ღმერთმა იცის, რატომ – და დავჯექი. კენდიმ თანაგრძნობით შემომხედა, როგორ ვაფასებ მის ამ თვისებას, ადგა, თარო გამოაღო, რომელსაც "არქივი" ეწერა და ერთი ბოთლი "ჩივასი" გამოიღო – ჩვეულებრივ იქ ვინახავდით ხოლმე. უგულისყუროდ მოვსვი დიდი ყლუპი.

      ზუსტად ვიცი, ელდაგადატანილ ადამიანებს რატომ აძლევენ სასმელს – ამ დროს ალკოჰოლი ისე საზიზღრად მოქმედებს, რომ თქვენში ჯანყისა და ფიზიკური წინააღმდეგობის სურვილს იწვევს, რაც ყველაზე უკეთ დაგიცავთ გაშტერებისგან. ვისკიმ ყელი ჩამწვა, სასაც და შეძრწუნებული წამსვე გამოვფხიზლდი.

  - ფრენკი მოკვდა, – ვთქვი მე.

      კენდიმ ამჯერადაც ცხვირსახოცს სტაცა ხელი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხშირად, როცა შთაგონება მღალატობდა, მას ჩემი უბედური ცხოვრებიდან ამბებს ვუყვებოდი ხოლმე.

      ის თავისაზე მიყვებოდა. მოკლედ, იცოდა ჩვენი ამბავი და ამიტომ თავი როგორღაც უკეთ ვიგრძენი, თითქოს მარტო აღარ ვიყავი. ახლა, გარდაიცვალაო, როცა მითხრეს, ვეღარაფრით გავჩერდებოდი ადამიანის გვერდით, ვინც სიცოცხლეში არ იცნობდა ფრენკს. თუმცა, ღმერთია მოწმე, რა ხანია აღარავის გახსენებია საბრალო. იგი ისეთივე სისწრაფით დაივიწყეს, რა სისწრაფითაც თავის დროზე ცნობილი გახდა. საძაგელი რამაა დიდება, აქ კი, ჰოლივუდში, სადაც მხოლოდ ორიოდ წამს თუ გრძელდება იგი, მით უმეტეს. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ და კვალიც აღარ ჩანს. ფრენკის თვითმკვლელობა ბილწ, უაზრო, საზიზღარ ჭორებს დაიმსახურებდა. ფრენკი, ლამაზმანი ფრენკი, ფრენკი – ლუელა შრიმპის ბედნიერი ქმარი, ფრენკი, რომელსაც ასე უყვარდა ჩემთან ერთად სიცილი, ორგზის მოკვდებოდა.

      პოლი ძალიან მალე მოვიდა. მან მეგობრულად მომკიდა ხელზე ხელი, ოღონდ არ უკოცნია, კიდევ კარგი, თორემ ნამდვილად ავქვითინდებოდი. მე ყოველთვის ვინარჩუნებდი საჭირო სიყვარულსა და სინაზეს მამაკაცებთან, რომლებთანაც ოდესღაც ვწოლილვარ. საკმაოდ იშვიათი თვისებაა. მჯერა, მამაკაცი, ვისთანაც ღამე გაგიტარებიათ, ცხოვრების რომელიღაც მომენტში გაცილებით უფრო მახლობელია თქვენთვის, ვიდრე მთელი დანარჩენი კაცობრიობა. რა ვქნა, ასე მჯერა და ვერც ვერავინ გადამარწმუნებს. ოჰ, მამაკაცთა სხეულები, ერთდროულად ძლიერებიც და დაუცველებიც, აგრერიგად მსგავსებიც და განსხვავებულებიც.

      პოლს მკლავი მკლავში გავუყარე და წავედით. ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა პოლი არასდროს მყვარებია.

      ფრენკი იწვა, მშვიდი, ჩუმი, უსიცოცხლო, თითქოს სძინავსო. ტყვია გულს 2 სანტიმეტრით ასცდენოდა, სახეც ამიტომ არ ჰქონდა დამახინჯებული. მე მას დიდი ტკივილის გარეშე გამოვემშვიდობე, ისე, როგორც ადამიანები ვემშვიდობებით ხოლმე რაღაც ძალიან ჩვენსას, რაღაცას, რაც ოდესღაც ჩვენ გვეკუთვნოდა და რასაც ჭურვის ნამსხვრევმა, ოპერაციამ ან ბილწმა რეფლექსმა მოუღო ბოლო. იგი არ გაჭაღარავებულიყო, შავგვრემანი მამაკაცების მეტი რაა, მაგრამ მისნაირი არავინ შემხვედრია. მერე პოლმა შინ წაგიყვანთო, შემომთავაზა. დავთანხმდი. ნაშუადღევის 4 საათი იყო. მის ახალ "იაგუარში" ვისხედით. მზე პირდაპირ სახეში გვაცხუნებდა და გავიფიქრე, ფრენკს სახეზე უკვე ვეღარასდროს დააცხუნებს მზე, რომელიც ასე უყვარდა-მეთქი. ჩვენ მეტისმეტად უწესოდ ვექცევით სიკვდილს: მოვა თუ არა, მაშინვე ჯერ კარგად ჩაკეტილ შავ ყუთში ვდებთ, მერე მიწაში. უბრალოდ თავიდან ვიშორებთ. ანდა შევღებავთ, დავამახინჯებთ და დასათვალიერებლად ელექტრონის მკრთალ შუქზე გამოვფენთ ხოლმე, ხანდახან ვყინავთ კიდეც.

      მგონი, აჯობებდა, მიცვალებული ათიოდე წუთით მზის გულზე დაგვეტოვებინა ზღვის ნაპირას, რაც ასე უყვარდა სიცოცხლეში, უკანასკნელად მაინც წამოწვეს მიწაზე, სანამ საბოლოოდ შეერეოდეს მას. მაგრამ არა, მოკვდებიან თუ არა, მაშინვე მათ დასჯას ვიწყებთ, უკეთეს შემთხვევაში ცოტა ბახს მოვასმენინებთ, რელიგიურ მუსიკას, რომელსაც სიცოცხლეში ვერ იტანდნენ... მწუხარებისგან გაოგნებული ვიყავი. პოლმა კართან მიმაცილა.

  - გინდათ, ცოტა ხნით შემოვალ.

      მე მექანიკურად დავუქნიე თავი, მერე ლუსი გამახსენდა. ოჰ! რა მნიშვნელობა აქვს? სულაც არ მენაღვლებოდა, რომ პოლი და ლუისი აღრენილი ძაღლებივით შეათვალიერებდნენ ერთმანეთს. სულ არ მენაღვლებოდა, რას იფიქრებდნენ. რაც იქნება, იქნება! პოლი ტერასამდე მიმყვა, სადაც ლუსი სარწეველა სავარძელში გაუნძრევლად გადაწოლილიყო და ჩიტებს უთვალთვალებდა. შორიდანვე მოჰყვა ხელის ქნევას, მაგრამ მოჰკრა თუ არა თვალი პოლს, მაშინვე გაჩერდა. კიბეს ავუყევი, ავედი ვერანდაზე და მის წინ გავჩერდი.

  - ლუის, – ვუთხარი, – ფრენკი გარდაიცვალა.

      მან გამომიწოდა ხელი, გაუბედავად შემეხო თმებზე, მე მეტს ვეღარ გავუძელი და ტირილი ამივარდა. მუხლებზე დავეცი და ამ ბავშვის წინ ავქვითინდი, რომელსაც ადამიანური ტკივილის არაფერი გაეგებოდა. იგი მეფერებოდა თმებზე, შუბლზე, სველ ლოყებზე და დუმდა. ცოტა დავმშვიდდი თუ არა, თავი ავწიე. პოლი უჩუმრად წასულიყო. უცებ მივხვდი, მისი თანდასწრებით ერთადერთი ამაზრზენი და უბადრუკი მიზეზის გამო არ ვიტირე, მას თავადაც სურდა, რომ მეტირა.

  - ალბათ არც ისე კარგად გამოვიყურები, – ვუთხარი ლუისს და პირდაპირ სახეში შევაცქერდი. ვიცოდი, თვალები დასივებული მქონდა, ტუში ჩამომედღაბნა. მაგრამ მამაკაცის წინაშე მდგარს ცხოვრებაში პირველად ოდნავადაც არ მრცხვენოდა ამ ყველაფრის, მის თვალებში კი მხოლოდ აქვითინებული ბავშვი ირეკლებოდა – 45 წლის დოროთი სეიმური. იყო ლუისში რაღაც – გაურკვეველიც, შემაძრწუნებელიც და შვების მომგვრელიც ერთსა და იმავე დროს, რაღაც, რაც წესიერების ყველა კანონს უარყოფდა.

  - გული გტკივათ, – მითხრა ფიქრიანად.

  - დიდხანს მიყვარდა.

  - მან მიგატოვათ და დაისაჯა კიდეც, – მომიჭრა მოკლედ, – ასეთია ცხოვრება.

  - სულ მთლად ბავშვი ხართ! – წამოვიძახე მე, – მადლობა ღმერთს, ცხოვრება თქვენსავით ბოროტი არ არის.

  - შეიძლება გახდეს.

      იგი აღარ მიყურებდა და ისევ ჩიტებს დაუწყო თვალთვალი. სევდიანი, ლამის მწუხარე სახე ჰქონდა. წამით გავიფიქრე, არცთუ ძალიან თანამიგრძნობს-მეთქი და გული დამწყდა, პოლი რომ გავუშვი. შეგვეძლო ერთად გაგვეხსენებინა ფრენკი, დროდადრო ცრემლსაც მომწმენდდა, ერთი სიტყვით, იმ საშინელ სენტიმენტალურ კომედიაზე დამწყდა გული, რომელსაც ჩვენ აქ, ვერანდაზე გავითამაშებდით. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მსიამოვნებდა, რომ თავის შეკავება მოვახერხე. შინ დავბრუნდი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ზარები მთელი საღამო არ შეწყვეტილა. ძველი საყვარლები, მეგობრები, ჩემი საბრალო მდივანი, ფრენკის თანამოსაქმეები, ჟურნალისტები, ოღონდ ამჯერად არცთუ ბევრნი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კრებდა ჩემს ნომერს. უკვე ცნობილი გახდა, რომ რომში ლუელა შრიმპმაც გაიგო ახალი ამბავი და გული წაუვიდა, მოგვიანებით კი შემთხვევით ისარგებლა და ახალ იტალიელ ჟიგოლოსთან ერთად დატოვა გადასაღები მოედანი. მთელი ეს ალიაქოთი ბუნდოვან ზიზღს მგვრიდა. არც ერთი, ვინც ასე ძლიერ წუხდა ახლა, სიცოცხლეში ერთხელაც არ დახმარებია ფრენკს. მხოლოდ მე, გაყრის შესახებ არსებული ყველა ამერიკული წესის საპირისპიროდ, ბოლომდე ვეხმარებოდი ფულით, მაგრამ უკანასკნელი დარტყმა ჯერი ბოლტონმა მომაყენა, იგი "მსახიობთა ასამბლეაში" დიდი კაცი იყო, ევროპიდან დავბრუნდი თუ არა, ეს ამაზრზენი პერსონაჟი პროცესს პროცესზე აწყობდა ჩემს წინააღმდეგ, ცდილობდა ერთიანად დავემშიე, მერე, რაკი ვერაფერს გახდა, ფრენკი ამოიღო მიზანში, სწორედ მაშინ, როცა საბრალომ ლუელა შრიმპის გულისწყრომა დაიმსახურა. იგი გახლდათ ბოროტი, ძალაუფლების მქონე, გულისამრევი არსება, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ დასანახად ვერ ვიტანდი. მასაც კი ეყო თავხედობა და დამირეკა: – დოროთი ხართ? ძალიან ვწუხვარ, ვიცი, როგორ გიყვარდათ ფრენკი და მე...

  - სამაგიეროდ მე ვიცი, რომ თქვენ გამოაგდეთ იგი, ჯერი, და მიაღწიეთ, სხვებსაც უარი ეთქვათ მისთვის. თუ შეიძლება, დაკიდეთ ყურმილი, არ მინდა, უხეშად მოგექცეთ.

      მან ყურმილი დაკიდა. გაბრაზებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე. სასტუმრო ოთახში შევბრუნდი და ლუისს ავუხსენი, რატომ ვერ ვიტანდი ჯერი ბოლტონს, მთელი თავისი ბრძანებებიან-დოლარებიანად.

  - კიდევ კარგი, რამდენიმე ნამდვილი მეგობარი და რკინისებური ჯანმრთელობა მქონოდა, თორემ მეც ალბათ ფრენკივით თვითმკვლელობამდე მიმიყვანდა. თავის წრეში ყველაზე დიდი თვალთმაქცი და ნაძირალაა. სიკვდილი არასდროს არავისთვის მისურვებია, მაგრამ მაგას ვუსურვებდი. ეგ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დამენანებოდა.

      და გავჩუმდი.

  - თქვენ, უბრალოდ, მომთხოვნი არ ხართ, ძვირფასო, – მითხრა ლუისმა სევდიანად, – თორემ, დარწმუნებული ვარ, სხვებიც მოიძებნებიან.

V თავი

      კატასავით დაძაბული ვიჯექი RKB-ის ჩემს კაბინეტში და თვალს არ ვაცილებდი ტელეფონს, კენდის მღელვარებისგან ფერი არ ედო, მხოლოდ სტუმრების სავარძელში ჩამჯდარ ლუისს ჰქონდა მშვიდი, ლამის მოწყენილი სახე. ყველანი პირველი სინჯების შედეგებს ველოდებოდით.

      იგი ერთ საღამოს სრულიად მოულოდნელად დამთანხმდა, ფრენკის სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ადგა, მსუბუქად გადმოდგა სამი თანაბარი ნაბიჯი, ისე, თითქოს ფრჩხილიც არასდროს წამოსტკენოდეს და ჩემ წინ გაჩერდა. მე გაოცებისგან პირი დავაღე.

  - ხედავთ, გამოვჯანმრთელდი.

      აღმოვაჩინე, თურმე იმდენად მივეჩვიე გამუდმებით მის გვერდით ყოფნას, მის ავადმყოფობას, რომ მისი წასვლა ვეღარც წარმომედგინა. ახლა ალბათ მეტყვის: "ნახვამდის, გმადლობთ", სახლის კუთხეს მიეფარება და ჩვენ ვეღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს. გული ჩამწყდა.

  - დიდებული ამბავია, – ვუთხარი მისუსტებული ხმით.

  - ასე გგონიათ?

  - რასაკვირველია... რას... ახლა რის გაკეთებას აპირებთ?

  - თქვენზეა დამოკიდებული, – მითხრა მშვიდად და ისევ დაჯდა. შვებით ამოვისუნთქე. ყოველ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მაინც არ აპირებს წასვლას. მეორე მხრივ, ამ პასუხმა საგონებელში ჩამაგდო. ასეთი დაუდეგარი, გულგრილი და თავისუფალი ადამიანის ბედი როგორ უნდა ყოფილიყო ჩემზე დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს მისთვის ყოველთვის მხოლოდ მომვლელი ვიყავი და მეტი არაფერი.

  - თუ აქ დავრჩები, მაინც უნდა ვიმუშაო, – დაიწყო თავიდან.

  - ლოს-ანჯელესში გინდათ დარჩენა?

  - მე ვთქვი, აქ-მეთქი, – მითხრა მკაცრად და ნიკაპით ვერანდასა და თავის სავარძელზე მანიშნა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაუმატა: – თუ ხელს არ შეგიშლით.

      მე სიგარეტი გამივარდა, დავიხარე, ავიღე და სასწრაფოდ გავიმართე, თან დაახლოებით ასეთ რამეს ვბუტბუტებდი: "აჰ, კარგით, აჰ! რადგან ასეა საქმე, თუ ჩემზეა დამოკიდებული" და ა.შ. იგი იჯდა და მომჩერებოდა, საშინლად შემრცხვა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. სამზარეულოში გავვარდი და პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი ვისკის უზარმაზარი ყლუპი. უახლოეს მომავალში ნამდვილად გავლოთდები, თუ, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ გავლოთებულვარ. ცოტა მოვმაგრდი და ვერანდაზე დავბრუნდი. სწორედ დროა, ავუხსნა ამ ბიჭს, მარტო მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რომ ასე მსიამოვნებს, იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე და ახალგაზრდა მამაკაცების საზოგადოება სულაც არ მესაჭიროება. მით უმეტეს, მსგავსი საზოგადოება ხელს შემიშლის, შინ მოვიყვანო თაყვანისმცემლები, რომლებმაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომაბეზრეს თავი. მესამეც, მესამეც, მესამეც... მოკლედ, ლუისის აქ დასარჩენად არავითარი მიზეზი არ არსებობს. მისმა გადაწყვეტილებამ ზუსტად ისევე ამაღელვა, როგორც ორი წუთის წინ მის გამგზავრებაზე ფიქრმა ჩამაგდო სასოწარკვეთილებაში. მაგრამ მე ჩემი წინააღმდეგობრივი ხასიათი უკვე აღარ მაოცებს.

  - ლუის, – ვუთხარი მშვიდად, – მგონი, დროა ვილაპარაკოთ.

  - აზრი არ აქვს, – მიპასუხა, – თუ არ გინდათ რომ დავრჩე, წავალ.

  - მაგას არ გეუბნებით – დავიბენი.

  - აბა რას?

      პირდაღებული შევცქეროდი. მართლაც, რა უნდა მეთქვა? სულერთია, ოღონდ ეგ არა. არ მსურს, წავიდეს. პირიქით, ძალიანაც მომწონს.

  - უწესობაა, – ვუთხარი უღონოდ.

      გადაიხარხარა. სიცილი ისე აახალგაზრდავებდა, ავნერვიულდი.

  - სანამ ავად იყავით, სანამ ფეხი გქონდათ დაშავებული, შემეძლო შემეფარებინეთ, განძრევაც კი არ შეგეძლოთ და ქუჩაში ხომ ვერ დაგტოვებდით.

  - ახლა რადგან სიარული შემიძლია, ეს უკვე უწესობაა, არა?

  - ყოვლად მიუღებელია.

  - ვისთვის?

  - მთელი ქვეყნისთვის.

  - თქვენ რა, მთელ ქვეყანას აბარებთ ანგარიშს, როგორ ცხოვრობთ? – დამცინავი კილო ჰქონდა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

  - თქვენ როგორ გგონიათ, ლუის? მე ჩემი საკუთარი ცხოვრება მაქვს, მეგობრები მყავს, მე... მე... ოჰ... მამაკაცები, რომლებიც თაყვანს მცემენ. უკანასკნელი წინადადებისას ხმას დავუწიე, შემრცხვა და გავწითლდი. არადა, 45 წლის ვარ! ლუისმა თავი დამიქნია: – კარგად ვიცი, რომ მამაკაცებს უყვარხართ, იმ ტიპსაც, მაგალითად, ბრეტს.

  - პოლსა და ჩემ შორის არასდროს არაფერი ყოფილა, – ვთქვი უმანკო სახით. – ოჰ! საერთოდაც ეს თქვენ არ გეხებათ, გაიგეთ, უბრალოდ, თქვენი აქ ყოფნით სახელს მიტეხთ.

  - საკმაოდ დიდი ხართ, – სამართლიანად შენიშნა ლუისმა, – უბრალოდ, ვიფიქრე, ქალაქში თუ სამუშაოს ვიშოვნი, საცხოვრებლად აქვე დავრჩები-მეთქი. ქირასაც გადაგიხდიდით.

  - თქვენი ფული არ მჭირდება. როგორმე მდგმურების გარეშეც გავიტან თავს.

  - ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, – მითხრა შემრიგებლური ხმით.

      გაუთავებელი კამათის შემდეგ ორივემ დავთმეთ. ლუისი შეეცდება სამუშაო იშოვოს და გარკვეული ხნის შემდეგ, თუ ენდომება, სადმე ახლოს მოძებნის სხვა ბინას. ყველაფერზე დამთანხმდა. დასაძინებლად ყველაფერზე შეთანხმებულები დავწექით. ერთადერთ კითხვაზე არ გაგვიცია პასუხი, რომელიც ძილის წინღა მომივიდა თავში: რატომ სურდა მას ჩემთან დარჩენა?

      მეორე დღეს სტუდიები დავიარე, საოცრად ლამაზ მამაკაცზე ჩამოვუგდე სიტყვა, შედეგად რამდენიმე დამცინავი შენიშვნაც დავიმსახურე და ლუისის სინჯებზეც შევუთანხმდი. იგი სტუდიაში ჩემთან ერთად წამოვიდა, მორჩილად გაუძლო სინჯებს და ჯეი გრანტი, ჩემი უფროსი დაჰპირდა, კვირის თავზე შეგხვდებიო. ე.ი. დღეს. ჯეი საპროექტოში იჯდა, აფასებდა ლუისს და კიდევ ოციოდე ახალგაზრდას. მე კალამს ვღრღნიდი, კენდი კი, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ლუისი, უხალისოდ უკაკუნებდა საბეჭდ მანქანას.

  - ცუდი ხედია, – დაუდევრად თქვა ლუისმა.

      ფანჯრის ქვეშ გადაყვითლებულ გაზონს გადავხედე. ღმერთო, რაზე ლაპარაკობს! ამ ბიჭს შეუძლია ნამდვილი კინოვარსკვლავი გახდეს, აშშ-ის ყველაზე მაცდუნებელი მამაკაცი, ეს კიდევ ცუდი ხედიაო, მეუბნება. უცებ ბრბოს კერპად წარმოვიდგინე, ოსკარებით დახუნძლული, როგორ მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ხანდახან შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული თავისი კადილაკით შემოივლის მოხუცი დოროთის სანახავად, რომელმაც ოდესღაც ასე გაუმართა ხელი. შემებრალა საკუთარი თავი, ამ დროს ტელეფონმაც დარეკა. გაოფლილი ხელით დავწვდი ყურმილს.

  - აქ არის, ჩემთან, – აღმომხდა მე.

  - მშვენიერია, თვითონაც წამოიყვანეთ.

      აცრემლებულმა კენდიმ ერთი ასჯერ მაინც გადაგვკოცნა, მერე მანქანაში ჩავხტით, თვალის დახამხამებაში გავიქროლეთ სამი კილომეტრი სტუდიიდან საპროექტომდე და ჯეისთან შევცვივდით. თუმცა ტყუილად ვამბობ, "ჩვენ"-მეთქი, რადგან ლუისი გზადაგზა უსტვენდა, ფეხს ითრევდა და ეტყობოდა, საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. იგი თავაზიანად მიესალმა ჯეის, სიბნელეში ჩემ გვერდით დაჯდა და მისი სინჯების ყურება დავიწყეთ.

      ეკრანზე ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა – უნდა ვაღიარო, იყო მასში რაღაც აუხსნელი, მკაცრი, სასტიკიც კი და ამავე დროს რაღაც არაჩვეულებრივად მიმზიდველიც, თუმცა სულ არ მესიამოვნა, რომ ეკრანზე უცნობი მამაკაცი მოჩანდა. ძალდაუტანებლად ადგა, მიეყრდნო კედელს, სიგარეტს მოუკიდა, დაამთქნარა, გაიღიმა, თითქოს მარტო არისო. კამერის წინ არავითარ უხერხულობას არ გრძნობდა, შეიძლებოდა ეჭვიც კი შეგპარვოდათ, საერთოდ ამჩნევს თუ არაო.

      შუქი აინთო და სახეგაბრწყინებული ჯეი მე მომიბრუნდა: – აბა, რას იტყვით, დოროთი?

      ცხადია, სწორედ მან აღმოაჩინა ლუისი. რამდენჯერმე დავუქნიე თავი, ხმა არ ამომიღია, ეს ჩემს მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი იყო. ჯეი ახლა ლუისს მიუტრიალდა: – როგორ მოგწონთ?

  - სულაც არ მომწონს, – პირქუშად მიუგო ლუისმა.

  - თამაში სად ისწავლეთ?

  - არსად.

  - არსად? მოიცათ... მოიცათ, მეგობარო...

      ლუისი წამოდგა. უცებ ზიზღი გამოეხატა სახეზე.

  - მე არასდროს არ ვიტყუები, ბატონო...

  - გრანტი – შეახსენა ჯეიმ მექანიკურად.

      ცხოვრებაში პირველად ვნახე შემცბარი ჯეი გრანტი. იგი ოდნავ გაწითლდა: – არ გეუბნებით, იტყუებით-მეთქი, უბრალოდ, დამწყებისთვის არაჩვეულებრივად ბუნებრივად თამაშობთ. დოროთის შეუძლია დაგიდასტუროთ, და ჯეი ლამის მავედრებელი სახით მომიბრუნდა – ძალიან გავმხიარულდი. წავეშველე: – მართლაც, ლუისი, ძალიან კარგად გამოიყურებოდით.

      მან შემომხედა, გამიღიმა და უცებ ჩემკენ გადმოიხარა, თითქოს მარტონი ვყოფილიყავით.

  - მართლა? მოგეწონეთ?

      როცა მისი სახე ჩემგან სულ რაღაც ორიოდე სანტიმეტრში დავინახე, მოუსვენრად ავწრიალდი სავარძელში: – რა თქმა უნდა, ლუის, დარწმუნებული ვარ, წინ ბრწყინვალე კარიერა გელოდებათ. მე...

      ჯეიმ ფრთხილად ჩაახველა, ასეც ველოდი.

  - მე კონტრაქტს მოვამზადებ, ლუის, შეგიძლიათ ადვოკატსაც წააკითხოთ, თუ მოისურვებთ. სად შეიძლება თქვენი პოვნა?

      სავარძელში ჩავიმალე და გაოცებულმა გავიგონე, რა მშვიდად უპასუხა ლუისმა: – მადამ სეიმურთან ვცხოვრობ.

VI თავი

      დიდი სკანდალი არ აგორებულა, არც იმხელა სახელი მაქვს ჰოლივუდში. რამდენიმე ჭორი და ორიოდე სულელური მილოცვა დავიმსახურე "ჩემი პროტეჟეს" მომავალ წარმატებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხმები ჩემი კაბინეტის კარს არ გასცილებია.

      არც ერთ ჭორიკანა დედაკაცს არ შემოუხედავს ჩემთან. მხოლოდ კინემატოგრაფიულ გაზეთში გაკეთებული პატარა შენიშვნა აუწყებდა მკითხველს, უცნობ ლუის მაილზსა და სახელგანთქმულ ჯეი გრანტს შორის ხელშეკრილება გაფორმდაო. მარტო პოლ ბრეტმა მკითხა სერიოზულად სტუდიის ბარში სახელდახელოდ მოწყობილ სადილზე, ლუისს რას უპირებთო. პოლი გამხდარიყო, რაც, სხვათა შორის, ძალიან უხდებოდა, ოდნავ დაღონებული სახე ჰქონდა, როგორც ყველა ორმოცს გადაცილებულ ბერბიჭას ჩვენში. ამან გამახსენა, რომ კიდევ არსებობენ მამაკაცებიც და სასიყვარულო ურთიერთობებიც. მხიარულად ვუპასუხე, ლუისს არაფერსაც არ ვუპირებ, მთელი გულით მიხარია მისი წარმატება და იგი სულ მალე გადავა ჩემი ბინიდან-მეთქი. პოლმა ეჭვის თვალით შემომხედა.

  - დოროთი, მე თქვენ ყოველთვის მიყვარდით, იმიტომ რომ ტყუილი არ გჩვევიათ და აქაური ქალებივით არ აწყობთ ხოლმე იდიოტურ კომედიებს.

  - მერე?

  - ოღონდ ნუ მეტყვით, რომ თქვენისთანა ქალი უკვე ერთი თვეა უბიწოდ ცხოვრობს ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცის გვერდით. ვაღიარებ, მართლა ლამაზია...

      გამეცინა: – უნდა დამიჯეროთ, პოლ, მე იგი არ მომწონს, ყოველ შემთხვევაში, მაგ კუთხით და არც მას მოვწონვარ. ვიცი, უცნაურად ჩანს, მაგრამ რა ვქნა.

  - დაიფიცებთ?

      სასაცილოა პირდაპირ, როგორ უყვართ მამაკაცებს ეს დაფიცებები. კარგი, დავიფიცე და, ჩემდა გასაკვირად, პოლს ერთიანად გაუბრწყინდა სახე, გავოცდი, რადგან არც ისეთ გულუბრყვილოდ ვთვლიდი, ქალის ფიცი დაეჯერებინა და არც ისეთ შეყვარებულად, ამ ამბის გაგება გახარებოდა. უცებ გამიელვა, მართლა, უკვე ერთი თვეა ლუისთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ, მთელი ამ ხნის მანძილზე თითქმის არსად ვყოფილვარ და არც რომელიმე მომხიბლავი მამაკაცის ლოგინში აღმოვჩენილვარ-მეთქი. თუმცა მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში უთვალავჯერ მომხდარა. პოლი ყურადღებით შევათვალიერე, დავასკვენი, მიმზიდველი, მოხდენილი, ბრწყინვალე მანერების მქონე მამაკაცია-მეთქი და მეორე დღეს დავუნიშნე პაემანი. ცხრა საათზე გამომივლის, "რომანოვებში" ვისადილებთ, მერე საცეკვაოდ წავალთ. ერთმანეთს კმაყოფილები დავშორდით.

      ამიტომაც მეორე დღეს ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი შინ, გადავწყვიტე, დიდებულად ჩამეცვა და პოლ ბრეტი საბოლოოდ დამეტყვევებინა. ლუისი თავის სავარძელში იჯდა, ჩვეულებისამებრ ცას მიშტერებოდა. გვერდზე რომ ჩავუარე, რაღაც ქაღალდი მესროლა. ჰაერშივე დავიჭირე. გრანტთან დადებული ხელშეკრულება იყო. სამი ფილმის გადაღებას ითვალისწინებდა ლუისის მონაწილეობით, კიდევ – საკმაოდ კარგ ანაზღაურებას ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში და, ბუნებრივია, იმის პირობას, რომ იგი მხოლოდ გრანტთან იმუშავებდა. ხელშეკრულებას სწრაფად გადავავლე თვალი და ლუისს ვურჩიე, მეტი საიმედოობისთვის, ჩემს ადვოკატს აჩვენეთ-მეთქი.

  - კმაყოფილი ხართ, ლუის?

  - სულ ერთია, – მიპასუხა მან, – თქვენ თუ მოგწონთ, მე ხელს მოვაწერ. სადმე გეჩქარებათ?

  - სადილად, – ვუთხარი მხიარულად, – ერთ საათში პოლ ბრეტი გამომივლის.

      კიბე ავირბინე, სააბაზანოში შევედი, წყლით სავსე აბაზანაში ჩავწექი და მომავალს იმედის თვალით დავუწყე ყურება. ცხადია, უფრო ჩახლართული მდგომარეობიდანაც გამოვმძვრალვარ: ლუისს წინ ბრწყინვალე კარიერა ელოდება, პოლი ისევ შეყვარებულია ჩემზე, ჩვენ სასადილოდ, გასართობად მივდივართ, იქნებ სექსიც გვქონდეს, და საერთოდაც, სიცოცხლე მშვენიერია.

      სარკეში შემწყნარებლურად შევათვალიერე ჩემი ჯერ კიდევ მოხდენილი სხეული, ბედნიერი სახე, სააბაზანოდან სასმელის წრუპვა-წრუპვით გამოვედი და პორტჰოლის ულამაზესი პენუარი მოვიცვი, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა გამომიგზავნა პარიზიდან. მერე მივუჯექი ტუალეტის პატარა მაგიდას, ამოვიღე ჯადოსნური კრემების უამრავი ქილა და საქმეს შევუდექი. სარკეში ლუისი დავინახე, ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა, გამიკვირდა, მაგრამ არ აღვშფოთებულვარ, რადგან როგორც უკვე ვთქვი, არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი. იგი ჩემ გვერდით იატაკზე დაჯდა. ცალი თვალი შეღებილი მქონდა, მეორე – არა, ძალიან სულელურად გამოვიყურებოდი, ამიტომ სასწრაფოდ შევუდექი მდგომარეობის გამოსწორებას.

  - სადილობას სად აპირებთ?

  - "რომანოვებში", ეს ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, სადაც სადილობა შეიძლება. თქვენც, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, მალე ივლით იქ.

  - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ, – მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბოროტად გაისმა. წამით ფანქრიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.

  - სულაც არ ვლაპარაკობ სისულელეებს. მართლა საუცხოო ადგილია.

      ლუისმა არაფერი მიპასუხა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ფანჯარაში დაიწყო ყურება. მე თავის მოწესრიგებას მოვრჩი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ლუისის თვალწინ ტუჩების შეღებვა შემრცხვა. ისეთივე უხამს საქციელად მომეჩვენა, როგორც, მაგალითად, ტანსაცმლის გახდა ბავშვის თანდასწრებით. ამიტომ სააბაზანოში შევბრუნდი და კროუფორდივით ავხორცულად მოვიხატე, თან სენ ლორანის მოდელის მიხედვით შეკერილი ჩემი უსაყვარლესი მუქი ლურჯი კაბა ჩავიცვი, შესაკრავი გამეჭედა და კარგა ხანს ვეწვალე, ამიტომაც ლუისი სულ გადამავიწყდა და გამოსვლისას კინაღამ ფეხი დავადგი. ისევ ხალიჩაზე იჯდა. წამოხტა, მომაჩერდა. მე გავუღიმე, ვამაყობდი საკუთარი თავით: – აბა, რას იტყვით?

  - მებაღის ტანსაცმელში უფრო მომწონხართ, – მიპასუხა მან.

      გავიცინე და კარისკენ წავედი. უკვე კოქტეილის მომზადების დრო იყო, მაგრამ ლუისმა მკლავში მომკიდა ხელი.

  - კი მაგრამ, მე რა ვაკეთო?

  - ღმერთო ჩემო, რაც გინდათ, – ვუთხარი გაოცებულმა, – ტელევიზორი გაქვთ, მაცივარში ორაგული დევს, თუ გინდათ, შეგიძლიათ, ჩემი მანქანა წაიყვანოთ. ერთსა და იმავე დროს გაუბედავი და დაძაბული გამომეტყველებით ეჭირა ჩემი ხელი, თითქოს სადღაც სხვაგან იყურებოდა. ვიცანი, ბრმის მზერა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ საპროექტოში გამაოცა, – სხვა პლანეტიდან მოსული არსების მზერა. მკლავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ და უცებ მომინდა, რაც შეიძლება მალე მოსულიყო პოლი.

  - გამიშვით, ლუის, მეჩქარება.

      ჩუმად ვთქვი, თითქოს მეშინოდა, არ გავაღვიძო-მეთქი. შევამჩნიე, შუბლსა და ზედა ტუჩზე როგორ დაასხა ოფლმა და საკუთარ თავს ვკითხე, ავად ხომ არ არის-მეთქი. მოულოდნელად გამოფხიზლდა, გააკანკალა და გამიშვა ხელი.

  - ცუდად შეგიკრავთ ყელსაბამი, – მითხრა მშვიდად.

      ხელები მხრებზე შემომატარა და ძალიან მოხერხებულად შეასწორა მარგალიტის შესაკრავი ფარღულზე. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მე გავუღიმე. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ ძალიან ნათლად ვიგრძენი, ზურგზე როგორ დამირბინეს ჭიანჭველებმა. არა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონია ფიზიკურ მღელვარებასთან, რომელიც შეიძლება თქვენს მხარზე მამაკაცის ხელის შეხებამ გამოიწვიოს. იმ მღელვარებას კარგად ვიცნობ, ეს სულ სხვა რამ იყო.

      ერთი საათში პოლიც მოვიდა, ძალიან თავაზიანად მოექცა ლუისს – ცოტა მოწყალედ, მაგრამ თავაზიანად – და ჩვენ, სამივემ დავლიეთ კოქტეილი. ოპტიმიზმი მალე დამიბრუნდა. გასვლისას ხელი დავუქნიე ლუისს, იგი გაუნძრევლად იდგა კარის ზღურბლზე – მაღალი, ტანადი სილუეტი, ლამაზი, ძალიან ლამაზი, მეტისმეტად ლამაზიც კი. საღამომ ისე ჩაიარა, როგორც ველოდი: უამრავ მეგობარს შევხვდი, მთელი ორი საათი ვეცეკვებოდი პოლს, მერე მან ნასვამი თავისთან წამიყვანა. და მე კვლავ შევიგრძენი თამბაქოს დიდებული სუნი, მამაკაცური სხეულის სიმძიმე, ალერსიანი ჩურჩული ღამის სიბნელეში. პოლი ძალიან მამაკაცური იყო, ნაზი, მითხრა, მიყვარხარო და ცოლობა მთხოვა. მე ვუპასუხე, თანახმა ვარ-მეთქი. სიამოვნება, ღმერთმა იცის, რას არ მაკეთებინებს ხოლმე. მერე დილის ექვს საათზე შინ მოვთხოვე გაცილება. ლუისს ფანჯარა დაკეტილი ჰქონდა და მხოლოდ დილის ნიავი ხმაურობდა ჩემი ბაღის ბარდებში.

VII თავი

      ერთი თვე გავიდა, ლუისმა თავისი მეორე როლის შესრულება დაიწყო ფერად, სენტიმენტალურ, სათავგადასავლო მელოდრამაში. საღამოობით უკვე ისე ხშირად გაიელვებდა ხოლმე ეკრანზე, რომ მასზე ალაპარაკდნენ. ეტყობოდა, საერთოდ არ აღელვებდა ეს ამბავი. ხმის ამოუღებლად დადიოდა სტუდიაში, მთელ დანარჩენ დროს კი ჩემს კაბინეტში ატარებდა, სადაც მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ ეკეკლუცებოდა კენდი, ან ჰოლივუდის პავილიონებში იჯდა და ოცნებობდა. განსაკუთრებით B სერიის კოვბოური ფილმების დეკორაციები მოსწონდა, რომლებსაც არ შლიან გადაღებების დასრულების შემდეგ. აქ იყო აივნიანი და ხის კიბეებიანი ფასადების მთელი სოფლები, ნამდვილი ფიტულები, ერთსა და იმავე დროს გულის ამაჩუყებლებიც და ავადმყოფურებიც. ლუისი საათობით დადიოდა ამ გამოგონილ ქუჩებში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. საღამოს შინ მიმყავდა და ხშირად ვტოვებდი მარტო, თუმცა ყოველთვის ვურჩევდი, გაერთეთ-მეთქი. პოლი ბევრს ცდილობდა, როგორმე საკურთხეველთან მივეტყუებინე და მთელი ჩემი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მიწევდა თავის დასაძვრენად. ნაცნობები ფიქრობდნენ, ერთდროულად ორი საყვარელი გაიჩინაო. ვამპირის როლში ვიყავი, რაც წლებს კი მაკლებდა, მაგრამ თან ძალიან მაღიზიანებდა.

      ეს მშვენიერი არაჩვეულებრივი მდგომარეობა თითქმის სამ კვირას გაგრძელდა. აჰ! არასდროს ისე მომხიბვლელად არ გეჩვენება სიცოცხლე, როგორც მაშინ, როცა გიყვარს, ყოველი ახალი დღის სილამაზე, ღამეული მღელვარება, სასმელისგან გამოწვეული საამო თავბრუსხვევა, სინაზის ზღვა, გატაცებული მუშაობა, ჯანმრთელობა და დაუჯერებელი ბედნიერება, როცა გამოღვიძებული გრძნობ, ცოცხალი ხარ და მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინა გაქვს, უგრძესი დღე, დილიდან საღამომდე, სანამ ხელახლა არ დადებ ბალიშზე თავს და კვლავ მიცვალებულის პოზას არ მიიღებ. არასდროს ასეთი მადლიერების გრძნობით არ გავმსჭვალულვარ ზეცისა და დედაჩემის მიმართ ჩემი ამქვეყნად მოვლინებისთვის. ყველაფერი მახარებდა. ახალთახალიც და ნახმარი ზეწრებიც, ლოყის ქვეშ ამოდებული საყვარელი მამაკაცის მხარიც და მარტოობაც, ლურჯი ოკეანეც და ნაცრისფერიც, სტუდიისკენ მიმავალი სწორი, სახიფათო ამერიკული შოსეც, ზედ ყოველი მხრიდან მუსიკა რომ ისმოდა და ლუისის მავედრებელი მზერაც.

      აი, მაშინ კი დავფიქრდებოდი ხოლმე, მრცხვენოდასავით, მეჩვენებოდა, თითქოს ყოველ საღამოს მივაგდებდი ლუისს, როცა მანქანით მივქროდი პავილიონში, ვიჯახუნებდი კარს და გრძელი, იმედი მაქვს, გაწონასწორებული ქალის კოხტა ნაბიჯით გავდიოდი. თვალწინ წარმომიდგებოდა გათოშილი, შემცივნული ლუისი და ხანდახან სულელივით ვეკითხებოდი საკუთარ თავს: ხომ არაფერი მეშლება, იქნებ ეს ცხოვრება, ჩემი ცხოვრება, ეს ბედნიერება, ეს მხიარულება, ეს სიყვარული მამაკაცებისადმი – იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა? იქნებ უბრალოდ უნდა მივირბინო მასთან, მოვეხვიო და ვკითხო... მაგრამ რა უნდა ვკითხო? თვითონ ჩემში მაშინებდა რაღაც. მეჩვენებოდა, რომ რაღაც უცხოს შევეჯახე, რაღაც ავადმყოფურსაც კი, ოღონდ თავიდან ბოლომდე "ნამდვილს". აი მისკენ ვმოძრაობ, ვიხრები, ვუცინი, ვეუბნები: "გამარჯობა, ლუის". ისიც მიღიმის. ერთი-ორჯერ გადაღებებზეც ვნახე. რომელიღაც მხეცივით იდგა კინოკამერის ხარბი თვალის წინ, თითქმის არ მოძრაობდა. იქ არც იყო თითქოს, დაღლილ ლომს ჰგავდა, ზოოპარკის გალიაში რომ ზის და ულმობელ მზერას არ გაშორებთ.

      ბოლტონმა მისი შესყიდვა გადაწყვიტა. არც უნდა გასჭირვებოდა. იგი როდი მიეკუთვნებოდა ჰოლივუდის იმ პროდიუსერთა რიცხვს, უარს რომ ეუბნებიან ხოლმე. მით უმეტეს ჯეი გრანტი არ ეუბნებოდა. ამიტომ ბოლტონი ლუისს შეხვდა, ახალი, გაცილებით მომგებიანი წინადადება შესთავაზა და ძველი ხელშეკრულებაც გამოისყიდა. გავცოფდი. მით უმეტეს, ლუისს შეხვედრის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.

      საჭირო იყო სიმკაცრე გამომეჩინა: – დიდი კაბინეტი აქვს, თვითონ უკან იდგა, სიგარეტს ეწეოდა, მე დამსვა და თვითონ ვიღაცას დაუწყო რეკვა.

      ლუისი ნელა, მოწყენილი ხმით ლაპარაკობდა, ტერასაზე ვისხედით, გადავწყვიტე, იმ საღამოს ფეხი არსად გამედგა.

  - მერე რა ჰქენით?

  - მაგიდაზე ჟურნალი იდო, ავიღე და კითხვა დავიწყე.

      გავმხიარულდი, ახალგაზრდა მამაკაცი ჯე.რი ბოლტონის ცხვირწინ კითხულობს ჟურნალს – მეტისმეტად სახალისო სურათია.

  - მერე?

  - ყურმილი დაკიდა და მითხრა, კბილის ექიმთან ხომ არ გგონია თავიო.

  - თქვენ რა უპასუხეთ?

  - ვუთხარი, არა-მეთქი, კიდევ ვუთხარი, რომ ძალიან კარგი კბილები მაქვს და რომ საერთოდ არ დავდივარ კბილის ექიმთან.

      იგი ჩემკენ გადმოიხარა და ნათქვამის დასადასტურებლად თითით აიწია ზედა ტუჩი. მგელივით წვეტიანი, თეთრი კბილები ჰქონდა. თავი დავუქნიე.

  - მერე?

  - მერე არაფერი. რაღაც ჩაიღრინა და მითხრა, თქვენთან საქმის დაჭერით დიდ პატივს გდებთო და სულ მასეთი რამეები. ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს, მინდა კარიერა გაგიკეთოო... როგორ თქვა? ჰო, "პრესტიჟული". უცებ სიცილი აუვარდა.

  - პრესტიჟული კარიერა... მე ვუთხარი, ჩემთვის სულ ერთია, უბრალოდ მინდა ბევრი ფული ვიშოვო-მეთქი. იცით, ერთი "როლს-როისი" შევათვალიერე.

  - რა?

  - აი, "როლსი", იმ დღეს პოლს რომ ეუბნებოდით. შიგნით ფეხზე ისე ადგებით, თავის დახრაც არ მოგიწევთო. ერთი მასეთი შევათვალიერე თქვენთვის. ოცი წლისაა, მაგრამ ძალიან მაღალია და შიგნითაც ოქროთია სავსე. მომავალ კვირას მოგვიყვანენ. ბოლტონმა ფული საკმარისად მომცა და ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.

      გაოცებისგან გავშეშდი.

  - გინდათ თქვათ, რომ "როლსი" მიყიდეთ?

  - წინააღმდეგი ხართ?

  - ე.ი. აპირებთ ყველა ქალური კაპრიზი შემისრულოთ? გადაირიეთ?

      მან დამამშვიდებელი, გულის ამაჩუყებელი ჟესტი გააკეთა, როგორც მე მომეჩვენა, ცოტა შეუფერებელი თავისი ასაკისათვის. ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით ჩვენს, თუნდაც პლატონურ ურთიერთობაში თავი ისე გვეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ეს უკვე სასაცილო იყო, გულის ამაჩუყებელი, მაგრამ სასაცილო. ეტყობა, ლუისმა ეს აზრი ჩემს მზერაში ამოიკითხა, ამიტომაც მოიღუშა.

  - ვიფიქრე, ვასიამოვნებ-მეთქი, – მითხრა მან, – მაპატიეთ, დღეს საღამოს წასასვლელი ვარ.

      ადგა და გავიდა, ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი. დავწექი დასაძინებლად, თან სინდისი მქენჯნიდა. დაახლოებით შუაღამისას ისევ ავდექი და წერილი დავუწერე, მადლობასაც ვეუბნებოდი და ბოდიშსაც ვუხდიდი, ისეთი თბილი გამომივიდა, ბოლოს ზოგიერთი სიტყვა გადავშალე კიდეც. მერე ბალიშის ქვეშ შევუცურე წერილი და ლოდინი დავიწყე. მაგრამ ოთხ საათი გახდა და იგი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. შვებით ამოვისუნთქე და გულდაწყვეტილმა დავასკვენი, როგორც იქნა საყვარელი გაიჩინა-მეთქი. ცუდად მეძინა, დილით ტელეფონი გამოირთო, ამიტომ ახალი გამაოგნებელი ამბავი მხოლოდ სტუდიაში მისვლის შემდეგ პირველის ნახევარზე გავიგე. კენდი მღელვარებისგან შეძრწუნებული თვალებით უჯდა საბეჭდ მანქანას და მოუსვენრად წრიალებდა. შევედი თუ არა, კისერზე ჩამომეკიდა: – რას იტყვით, დოროთი? აბა, რას იტყვით?

  - რაზე, ღმერთო ჩემო?

      შეშინებულმა წარმოვიდგინე, რამე ახალ, უაღრესად მომგებიან ხელშეკრულებას გულისხმობს-მეთქი. მინდოდა ერთი დღე მაინც არაფერი მეკეთებინა, მაგრამ კენდი არაფრით არ მათქმევინებს უარს. ძალიანაც ჯანმრთელი შესახედაობა მაქვს, მაგრამ ყველანი ისე ჯიუტად ზრუნავენ ჩემზე, თითქოს ჭკუასუსტი ვიყო.

  - თქვენ რა, არაფერი გაგიგიათ?

      უსაზღვროდ იყო გახარებული.

  - ჯერი ბოლტონი გარდაიცვალა.

      პატიოსნად ვაღიარებ, ეს მშვენიერი ახალი ამბავი, კენდისა და საერთოდ, სტუდიის ყველა თანამშრომლის არ იყოს, მეც მესიამოვნა. კენდის წინ დავუჯექი, დავინახე, ამ ამბის აღსანიშნავად სკოჩის ბოთლი და ორი ჭიქა უკვე დაედგა მაგიდაზე.

  - კი მაგრამ, როგორ მოკვდა? გუშინ არ ნახა ლუისმა?

  - მოკლეს.

      კენდი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. და მე საკუთარ თავს ვკითხე, ამაში ნაწილობრივ ჩემი ბუნდოვანი შემოქმედების მელოდრამული ხასიათიც ხომ არ არის დამნაშავე-მეთქი.

  - მაგრამ ვინ?

      მან მოულოდნელად დაიმორცხვა და პურიტანის გამომეტყველება მიიღო: – არც კი ვიცი, როგორ გითხრათ... ეტყობა მისტერ ბოლტონს... მმ... ისეთი მიდრეკილებებიც ჰქონდა... რომ... რომლებიც...

  - კენდი, – ვუთხარი მკაცრად, – ყველას ჩვენ ჩვენი მიდრეკილებები გვაქვს, ზოგი ცუდი, ზოგიც კარგი. უფრო გასაგებად ამიხსენით.

  - იგი ერთ განსაკუთრებულ სახლში იპოვეს, მალიბუს მახლობლად, სადაც, როგორც ამბობენ, ძველი მუშტარი იყო. ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ასულა ოთახში, მასვე მოუკლავს და მერე მიმალულა. რადიოში თქვეს, მკვლელობა გაძარცვის მიზნით მოხდაო.

      ვერაფერს იტყვი, ე.ი. ჯერი ბოლტონი ოცდაათი წელი მართლა კარგად მალავდა თავის კარტებს, მთელი ოცდაათი წელი თამაშობდა გულმოკლული, უმწიკვლო ქვრივის როლს, ოცდაათი წელი ტალახში სვრიდა მოქალაჩუნო ახალბედებს. ხშირად კარიერასაც უნგრევდა და როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის მიზნით... რა სიგიჟეა.

  - საქმე რატომ ვერ მიაფუჩეჩეს?

  - ამბობენ, პოლიციასა და გაზეთებში მკვლელმა თვითონ დარეკაო. გვამი ნაშუაღამევს იპოვეს, უკვე აღარაფრის გაკეთება შეიძლებოდაო. როგორც ჩანს, მარტო დაწესებულების პატრონს აგებინებენ პასუხს.

      მაგიდიდან მექანიკურად ავიღე ჭიქა, მაგრამ შემზიზღდა და მაშინვე უკან დავდგი, დასალევად ცოტა ადრე იყო. გადავწყვიტე, სტუდიებში გავივლი-მეთქი. ყველა აღგზნებული, შეიძლება ითქვას, გახარებულიც კი დამხვდა, რაც ოდნავ მეხამუშა კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სიკვდილი სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას. ყველა ამათგანს თავის დროზე ბოლტონმა ან ცხოვრება დაუნგრია, ან უბრალოდ გაანადგურა და ახლა ისინი, მისი სიკვდილისა და საიდუმლოს ერთდროულად გაგებას რაღაცნაირად ავადმყოფურად ზეიმობდნენ. ამიტომაც სასწრაფოდ უკან გამოვბრუნდი და ლუისის პავილიონისკენ გავემართე. გადაღებების მერვე საათი მიდიოდა და, ახალგაზრდა კაცის შესაფერისად გატარებული ღამის შემდეგ, წესით, იგი მთლად ჯან-ღონით სავსე ვერ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, დასვენებული, მომღიმარი სახით დამიხვდა, კედელს მიყრდნობილი, დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.

  - ლუის, უკვე გაიგეთ ახალი ამბავი?

  - დიახ, რა თქმა უნდა, გლოვის გამო ხვალ გადაღებები არ გვექნება, შეგვიძლია ჩვენს ბაღს მივხედოთ. წამით გაჩუმდა და მალევე დაუმატა: – ვერ ვიტყვი, კარგი ფეხი მაქვს-მეთქი.

  - ამან შეიძლება თქვენს კარიერაზე ცუდად იმოქმედოს.

      გულგრილად ჩაიქნია ხელი.

  - ლუის, ჩემი წერილი ნახეთ?

      შემომხედა და უცებ გაწითლდა.

  - არა, წუხელ შინ არ ვყოფილვარ.

      გავუცინე: – რისი სრული უფლებაც გაქვთ, მოგწერეთ, "როლს-როისის" მიღება ძალიან გამიხარდება, უბრალოდ, მაშინ ისე გავოცდი, სწორად ვერ გაგიგეთ-მეთქი. ეგ იყო და ეგ. თქვენი წასვლის მერე ძალიან მოვიწყინე.

  - აღარასდროს აღარ გაბედოთ, არ მოიწყინოთ ჩემ გამო, – მითხრა მან, – გესმით? არასდროს.

      დაუძახეს. პატარა სასიყვარულო სცენის თამაში უწევდა ჯეინ პაუერთან. ჯეინი ქერათმიანი გოგო იყო, ახალგაზრდა და ენად გაკრეფილი. იგი აშკარად დიდი მონდომებით ჩაუვარდა მკლავებში ლუისს, მე კი გავიფიქრე, ჩემი მდგმური ამიერიდან ღამეს შინ ხშირად აღარ გაათევს-მეთქი, ვერც გაამტყუნებდი. ავდექი და სტუდიის რესტორნისკენ გავემართე, პოლთან ერთად უნდა მესადილა.

ფრანსუაზ საგანი

გაგრძელება...