მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა აღათონ ეგვიპტელი

15 მარტს (ძვ. სტ. 2 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს მამას, აღათონ მეგვიპტელს

აღათონ მეგვიპტელი, აღათონ ეგვიპტელი, agaton egvipteli, egvipte, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

      პირველად სამონაზვნო ცხოვრება ეგვიპტეში დაიწყო. მრავალი წმინდა მამა სწორედ იქიდან იყო, მათ შორის მაკარი დიდი (ხსენება 1 თებერვალს), რომლის თანამედროვე გახლდა წმინდა აღათონ მეგვიპტელი. ის მეხუთე საუკუნეში, ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა და განსაკუთრებული მორჩილებით გამოირჩეოდა, ვინაიდან თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა. ერთხელ, ღირს მამასთან ბერები მისულან, რომელთანაც ასეთი საუბარი გაიმართა:

- შენ ხარ მამა აღათონი? - ჰკითხეს ბერებმა.

- თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა.

- ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ

- სრული ჭეშმარიტებაა, - მიუგო წმიდანმა.

- კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ.

- ესეც მართალია, - დაუდასტურა მან.

- თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ, – არ ცხრებოდნენ ბერები.

- ეგ კი ტყუილია, - იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა - ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!

      წმინდა მოღვაწე, გარეგნული თუ შინაგნი ღვაწლის უპირატესობის შესახებ ამბობდა "ადამიანი ხეს ჰგავს. გარეგან, ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს _ ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: "ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას" (მთ. 3, 10), აქედან ცხადია, რომ უპირველესია ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლებიც სჭირდება".

      V საუკუნის 30-იან წლებში, 435 წელს გარდაიცვალ ღირსი აღათნ მეგვიპტელი. გადმოცემის მიხედვით, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა, თითქოს რაღაცას უთვალთვალებსო. შემდეგ ბერებს მიუბრუნა და უთხრა, რომ საკუთარ თავს ხედვდა სამსჯავროზე.

- ნუთუ შენც გეშინია, მამაო? – ჰკითხეს მათ.

- მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს, მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს, ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო, - ამის თქმისთანავე წმიდანი აღესრულა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►