კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 8

შესავალი

      მოლი (Mouly 1978) აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული კვლევა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინტერპრეტაციით, ვერ აკმაყოფილებს მეცნიერული მეთოდის ზოგიერთ კრიტერიუმს (მაგალითად, ის ვერ იქნება დამოკიდებული უშუალო დაკვირვებასა და ექსპერიმენტზე, მან ისეთი ტექსტები, ისეთი წყაროები უნდა გამოიყენოს, რომელთა გამეორებაც შეუძლებელია), ის მეცნიერულ წამოწყებად მიიჩნევა იმ თვალსაზრისით, რომ იმავე პრინციპებსა და ზოგად მეცნიერულ ცოდნას იზიარებს, რომელიც ყველა ტიპის მეცნიერული კვლევისთვის არის დამახასიათებელი.

      ისტორიული კვლევა განისაზღვრა, როგორც მტკიცებულებების, ანუ ემპირიული საბუთების სისტემატური და ობიექტური მოპოვება, შეფასება და სინთეზირება ფაქტების დადგენისა და წარსულის მოვლენების შესახებ დასკვნების გამოტანის მიზნით (Borg 1963). ეს არის რეკონსტრუირების აქტი, რომელიც კრიტიკული კვლევა-ძიების სულისკვეთებით ხორციელდება და მიზნად ისახავს წარსული ეპოქის ზუსტ და კეთილსინდისიერ რეპრეზენტაციას. Pირადად, თუ სხვების დახმარებით დოკუმენტებსა და ჩანაწერებში მონაცემების მოძიებისას, მკვლევარი ხშირად აწყდება უზუსტობებს ინფორმაციაში და შედეგად იღებს მონახაზს და არა - სრულ სურათს. ფაქტიურად, ადეკვატური მონაცემების მიღების სირთულე ისტორიულ კვლევას კვლევა-ძიების ერთ-ერთ იმ სახედ აქცევს, რომლის დამაკმაყოფილებლად განხორციელება ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ისტორიული კვლევა-ძიებისთვის დამახასიათებელი კვლევის მეთოდი ცდილობს, „მოიცვას და შემდეგ ახსნას ადამიანის წარსულის მთელი სფერო იმ პერსპექტივიდან, რომელიც კარგად წარმოაჩენს მის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას“ (Hill and Kerber 1967). ამ მცდელობის ჰოლისტურ ხედვას მოიაზრებს რეკონსტრუქცია.

      საბოლოო ჯამში, ისტორიულ კვლევას აინტერესებს ამა თუ იმ ვითარების ფართო ხედვა და არა აუცილებლად ის კონკრეტული მოვლენები, რამაც გამოიწვია ესა თუ ის ვითარება, თუმცა ასეთი სინთეზი იშვიათად თუ მიიღწევა ინტენსიური დებატისა თუ დაპირისპირების გარეშე, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე დეტალებს ეხება. ისტორიული კვლევის აქტი მოიცავს: შესასწავლი პრობლემის ან სფეროს იდენტიფიკაციასა და შემოფარგვლას; ხანდახან ჰიპოთეზის (ან კითხვების) ფორმულირებას; მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას, გადამოწმებას, ვალიდაციას, ანალიზსა და შერჩევას; სადაც საჭიროა, ჰიპოთეზების შემოწმებას (ან კითხვებზე პასუხების გაცემას); კვლევითი ნაშრომის დაწერას. ამ თანმიმდევრობას წარსულის და აწმყოსადმი და მომავლისადმი მისი რელევანტურობის ახლებურ გაგებამდე მივყავართ.

      ისტორიული კვლევის ღირებულებები ჰილმა და კერბერმა (1967) გააერთიანეს კატეგორიებში, რომლებიც ქვემოთ არის წარმოდგენილი:

  • იძლევა თანამედროვე პრობლემების გადაწყვეტის წარსულში მოძიების შესაძლებლობას;
  • ნათელს ჰფენს აწმყოსა და მომავლის ტენდენციებს;
  • ხაზს უსვამს ყველა კულტურაში აღმოჩენილი სხვადასხვაგვარი ურთიერთქმედების ფარდობით მნიშვნელობას;
  • იძლევა წარსულის შესახებ აწმყოში არსებული მონაცემების გადაფასების შესაძლებლობას შერჩეულ ჰიპოთეზებთან, თეორიებთან და განზოგადებებთან მიმართებაში.

      როგორც ავტორები აღნიშნავენ, ისტორიის შესაძლებლობა, გამოიყენოს წარსული მომავლის წინასწარმეტყველებისთვის და აწმყოს გამოყენებით ახსნას წარსული, მას ორმაგ და უნიკალურ თვისებას ანიჭებს. ეს თვისება განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის ისტორიას ყველა ტიპის მეცნიერული ცოდნისა და კვლევისთვის.[1]

      განათლების სფეროში ისტორიული კვლევის განსაკუთრებული ღირებულება ეჭვგარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი რთული სფეროა კვლევის საწარმოებლად, აქ მიღებულ შედეგებს უდიდესი სარგებელი მოაქვს განათლების სფეროს თეორეტიკოსებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. მაგალითად, მას აქვს ზოგიერთ საგანმანათლებლო პრობლემაში ჩაწვდომის უნარი, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ ახერხებს. გარდა ამისა, საგანმანათლებლო იდეის ან ინსტიტუტის ისტორიული შესწავლა, შეიძლება, ძალიან დაგვეხმაროს, გავარკვიოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ამჟამად არსებული განათლების სისტემა; ეს კი, თავის მხრივ, შემდგომი ცვლილების, სამომავლო წინსვლის მყარი საფუძვლის შექმნაში შეიძლება, გამოგვადგეს. განათლების სფეროში ისტორიულმა კვლევამ, ასევე, შეიძლება, გვაჩვენოს, თუ როგორ და რატომ განვითარდა განათლების თეორია და პრაქტიკა. ის განათლების თეორეტიკოსებს საშუალებას აძლევს, რომ წარსულის გამოცდილება ახალი, განვითარების პროცესში მყოფი პრაქტიკის შესაფასებლად გამოიყენონ. ისტორიული ხედვის კუთხიდან გაცილებით იოლია განმეორებადი ტენდენციების იდენტიფიკაცია და შეფასება, მაგალითად, პროგრესივიზმი [2] განათლებაში სხვადასხვა გარეგნული ფორმით იყო შენიღბული. მას, ასევე, შეუძლია თავისი წვლილის შეტანა იმ ურთიერთობების უკეთ გაგებაში, რომელიც არსებობს პოლიტიკასა და განათლებას, სკოლასა და საზოგადოებას, ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

      ისტორიული კვლევა განათლების სფეროში შეიძლება შეეხებოდეს ინდივიდს, ჯგუფს, მოძრაობას, იდეას ან ინსტიტუტს. თუმცა, როგორც ბესტი (Best 1970) მიუთითებს, ისტორიული ინტერესისა და დაკვირვების ვერცერთი ეს ობიექტი ვერ განიხილება იზოლირებულად. ვერცერთი პიროვნება ვერ დაექვემდებარება ისტორიულ შესწავლას იმ წვლილის განხილვის გარეშე, რომელიც მას მოცემულ დროსა თუ ადგილზე არსებულ იდეებში, მოძრაობებში ან ინსტიტუტებში მიუძღვის. ეს ელემენტები ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია. ფოკუსი მხოლოდ იმ წერტილს განსაზღვრავს, რომლისკენაც მიემართება ისტორიკოსი მკვლევრების ყურადღება. 8.1 ჩანართში წარმოდგენილია ზოგიერთი ასეთი ურთიერთმიმარება განათლების ისტორიიდან. მაგალითად, სულ ერთია, ისტორიკოსი შესასწავლად იეზუიტურ ორდენს აირჩევს, რელიგიური სწავლების ორდენს, კონტრრეფორმაციას, თუ იგნასიო ლოიოლას, თითოეული ელემენტი ჩნდება, როგორც მათი შედეგი ან შესამჩნევ გავლენას ახდენს მათზე და თხრობის აუცილებელ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

      ისტორიული კვლევის მაგალითად იხილეთ თომასი (1992) და გაუკროგერი და შვარცი (1997).

ჩანართი 8.1

ზოგიერთი ურთიერთმიმართება ადამიანებს, მოძრაობებსა და ინსტიტუტებს შორის

საკვლევი სუბიექტის არჩევა

      ისტორიული კვლევა, სხვა მეთოდების მსგავსად, შეიძლება, ეტაპების მოქნილი თანმიმდევრობისგან შედგებოდეს და პრობლემის ან შესასწავლი მიმართულების შერჩევითა და შეფასებით იწყებოდეს. ამას შემდეგ მოჰყვება პრობლემის უფრო კონკრეტული ტერმინებით დეფინიცია, მონაცემების შესატყვისი წყაროების არჩევა, მონაცემების მოგროვება, კლასიფიკაცია და დამუშავება, დაბოლოს, მონაცემების ანალიზი და საკვლევი სუბიექტის დაბალანსებული და ობიექტური სინთეზი. თუმცა, ისტორიული კვლევის მეთოდი და განათლებაში გამოყენებული კვლევის სხვა მეთოდები მნიშვნელოვნად გასხვავდება კიდეც ერთმანეთისგან. ძირითადი სხვაობა გამოკვეთა ბორგმა (1963), რომელის მოსაზრებით, ისტორიულ კვლევაში მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერმა მანამდე განსაზღვროს ზუსტად პრობლემა და შეაფასოს მისი ადეკვატურობა, სანამ სერიოზულად ჩაერთვება კვლევაში, ვინაიდან ბევრი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ ერგებოდეს ისტორიული კვლევის მეთოდებს. მეორე მხრივ, შესაძლოა, მცირე იყოს შანსი ან საერთოდ არ იყოს, რომ პრობლემის კვლევამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანოს რელევანტური მონაცემების სიმწირის ან პრობლემის ტრივიალობის გამო. ბორგის დაკვირვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ პოტენციური მკვლევრისთვის პრობლემის არჩევა ზოგჯერ, შეიძლება, დამაფიქრებელი საქმე იყოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც თემა შერჩეულია და ისტორიული კვლევისთვის მისი პოტენციალი და მნიშვნელოვნება შეფასებულია, შემდეგი ნაბიჯი ამ თემის უფრო ზუსტად და კონკრეტულად განსაზღვრაა, ან, რაც უფრო სწორია, მისი იმგვარად შემოფარგვლაა, რომ მეტად ქმედითი და დამაჯერებელი ანალიზი მივიღოთ. ძალიან ფართო ან ძალიან ბუნდოვანმა ფორმულირებამ შედეგად შეიძლება მიმართულების ან გავლენის არმქონე საბოლოო ანგარიში მოგვცეს. ბესტი (1980) ამ ვითარებას შემდეგნაირად აღწერს: „გამოცდილი ისტორიკოსი აცნობიერებს, რომ კვლევა კონკრეტულ ფარგლებში განსაზღვრული პრობლემის სიღრმისეული ანალიზი უნდა იყოს და არა - ფართო სფეროს ზედაპირული შესწავლა. კვლევის იარაღი შაშხანაა და არა - თოფი“. ისტორიული თემის განსაზღვრის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. გოტშალკი (Gottschalk 1951) გვირჩევს, რომ თემის იდენტიფიკაციისას ოთხი კითხვა დავსვათ:

  • სად მოხდა მოვლენები?
  • ვინ არიან მოვლენებში ჩართული ადამიანები?
  • როდის მოხდა მოვლენები?
  • რა სახის ქმედებებია ჩართული?

      როგორც ტრავერსი (1969) თვლის, თემის ფარგლების მოდიფიცირება ერთერთ ამ კითხვათაგანზე ფოკუსირებით არის შესაძლებელი: შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს გეოგრაფიული არეალის მოცულობა; თემაში შეიძლება მეტი ან ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული; შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს განსახილველი დროის მონაკვეთი; შეიძლება გაფართოვდეს ან შევიწროვდეს ადამიანების მოქმედების კატეგორიები. ზოგჯერ ხდება, რომ კონკრეტული ისტორიული კვლევა მხოლოდ თემის შესახებ ზოგადად, უხეშად მოხაზული იდეით შეიძლება დაიწყოს და მხოლოდ რელევანტური მასალების მოძიების შემდეგ მოხდეს მისი დაკონკრეტება.

      პრობლემის დაკონკრეტებასთან ერთად საჭიროა (სადაც შესაძლებელია), ანალოგიურად კონკრეტული და შემოწმებადი ჰიპოთეზის ფორმულირება (ხანდახან ჰიპოთეზა კითხვებმა შეიძლება ჩაანაცვლოს). როგორც ემპირიულ კვლევაში, ისტორიულ კვლევაშიც ჰიპოთეზები მიმართულებასა და ფოკუსს სძენენ მონაცემების მოგროვებასა და ანალიზს, ძლევენ ფაქტების უმიზნოდ და უბრალოდ დაგროვების რისკს, ანუ, საკვლევ ველში დიდი რაოდენობით მონაცემების არსებობის შემთხვევაში, ჰიპოთეზები კონკრეტული პრობლემის შესატყვისი მონაცემების მოძიებასა და შერჩევას უწყობენ ხელს. ის მონაცემების შერჩევასა და სტრუქტურას უზრუნველყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები ინფორმაციის უზარმაზარ მასად დარჩებოდა. ბორგი (1963) აღნიშნავს, რომ საჭიროა ჰიპოთეზის ზედმიწევნით ფოკუსირება, დავიწროება და ოპერაციონალიზაცია. ჰილი და ქერბერი (1967) მიუთითებენ, რომ ისტორიულ კვლევასთან ასოცირებული პრობლემის შეფასებასა და ფორმულირებაში ხშირად უფრო მეტად არის ჩართული მკვლევარი პიროვნულად, ვიდრე კვლევის სხვა ძირითად სახეებში. ისინი თვლიან, რომ მკვლევრის ისეთი პიროვნული ფაქტორები, როგორიცაა ინტერესი, მოტივაცია, ისტორიული ცნობისმოყვარეობა და ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციისთვის საჭირო ცოდნა, დიდწილად ზემოქმედებს საკვლევი პრობლემის არჩევაზე.

მონაცემების შეგროვება

      ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება ისტორიულ და სხვა სახის კვლევებს შორის ისაა, რომ ისტორიული კვლევა იძულებულია, უკვე არსებული მონაცემებით იმუშაოს. ჰოკეტი (Hოცკეტტ 1955) ამტკიცებს, რომ ისტორია არ არის ის მეცნიერება, რომელიც უშუალო დაკვირვებას იყენებს ქიმიის ან ბიოლოგიის მსგავსად. ისტორიკოსმა, არქეოლოგივით, დატოვებული კვალის გამოყენებით უნდა მოახდინოს წარსულის მოვლენების ინტერპრეტირება. ცხადია, მან თავისი მსჯელობა მტკიცებულებებზე უნდა დააფუძნოს, აწონ-დაწონოს, შეაფასოს და განსაჯოს სხვების დაკვირვებით მიღებული მტკიცებულებების ნამდვილობა და ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ჰიპოთეზა ყველა რელევანტურ მტკიცებულებას არ ახსნის.

      ისტორიული კვლევის მონაცემების წყაროები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველადი წყაროები, რაც ისტორიული კვლევის სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს და მეორადი წყაროები, რაც პირველადი წყაროების არარსებობის შემთხვევაში ან მათ შესავსებად გამოიყენება. მონაცემების პირველად წყაროებად იწოდება ის საგნები, რომლებიც ორიგინალურია საკვლევი პრობლემისთვის. პირველადი წყაროები, თავის მხრივ, ორგვარი შეიძლება იყოს: პირველი - მოცემული პერიოდის ნაშთები ან რელიქტები. მუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაშთები და რელიქტები, როგორიცაა, ჩონჩხები, სიძველეები, იარაღები, ხელსაწყოები, ჭურჭელი, ნაგებობები, სურათები, ავეჯი, მონეტები და პატარა ზომის სხვადასხვა ნაკეთობა, არ იყო გათვალისწინებული შემდგომი ეპოქებისთვის ინფორმაციის გადასაცემად, ისინი წარსულის გასაცნობად სასარგებლო წყაროებია. მეორე - რეკონსტრუირებული მოვლენის რეალური მონაწილეების ან მოწმეების მიერ შექმნილი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები და, აგრეთვე, თავად ამ მოვლენებში მონაწილეები. დოკუმენტები, რომლებიც პირველად წყაროებად მიიჩნევა, შეიძლება იყოს ხელნაწერები, სიგელები, კანონები, მემორანდუმები, ბიოგრაფიები, ოფიციალური გამოცემები, ანდერძები, ჟურნალ-გაზეთები, რუკები, დიაგრამები, კატალოგები, ფილმები, ნახატები, წარწერები, ჩანაწერები, ტრანსკრიპტები, სარეგისტრაციო წიგნები და კვლევის ანგარიშები. ამ ყველაფერს, ნებსით თუ უნებლიეთ, მოვლენის პირველწყაროდან ახსნა შეუძლია და, მაშასადამე, პირველადი მონაცემების წყაროდ მიიჩნევა. ისტორიული კვლევა განათლების სფეროში, ძირითადად, ამ მეორე ჯგუფში გაერთიანებულ წყაროებზე დაყრდნობით წარმოებს. მეორადია ის წყაროები, რომელთაც არ ჰქონიათ უშუალო ფიზიკური შეხება შესასწავლ მოვლენასთან. ისინი შექმნილი მონაცემებია, რომელთაც ვერ ვუწოდებთ ორიგინალურს. ამგვარად, მეორადი წყარო იქნება ის, სადაც პიროვნება, რომელიც აღწერს მოვლენას, რეალურად კი არ დასწრებია მას, არამედ სხვა პიროვნებისგან ან წყაროსგან მოიპოვა მის შესახებ ინფორმაცია. ეს უკანასკნელნი შეიძლება ყოფილიყვნენ ან არ ყოფილიყვნენ პირველადი წყაროები. ისტორიულ კვლევაში გამოყენებული მეორადი წყაროების სხვა ვარიანტებია: ციტირებული მასალა, სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები, მასალის ან ინფორმაციის სხვა რეპროდუქციები, ნახატების ნაბეჭდი ასლები ან ხელოვნების ნიმუშების დუბლიკატები. ბესტი (1970) მიუთითებს, რომ მონაცემების მეორადი წყაროები, ჩვეულებრივ, ნაკლებად ღირებულია იმ შეცდომების გამო, რომლებიც ერთი ადამიანისგან მეორესთვის ინფორმაციის გადაცემას ახლავს თან.

      სხვადასხვა კომენტატორი აღნიშნავს მონაცემების პირველადი წყაროების (სადაც შესაძლებელია) გამოყენების მნიშვნელობას (Hill and Kerber 1967), თუმცა არც მეორადი წყაროების ღირებულება უნდა დაკნინდეს. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მეორად წყაროს ისტორიული კვლევა გაცილებით ვალიდურ და სანდო კვლევად უქცევია, ვიდრე ის მის გარეშე იქნებოდა. კიდევ ერთი მომენტი: განათლების სფეროში სხვა ფორმის კვლევების შემთხვევაში, ლიტერატურის მიმოხილვა მონაცემების მოგროვების მოსამზადებელ ეტაპად განიხილება და მკვლევრისთვის მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებული კვლევების გაცნობას ემსახურება (Travers 1969). ამგვარად, ლიტერატურის გაცნობა მას არსებული ტრადიციის გაგრძელების, საკუთარი კვლევის სათანადო კონტექსტში მოთავსებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ისტორიულ კვლევაში ლიტერატურის მიმოხილვას განსხვავებული ფუნქცია აქვს იმ მხრივ, რომ ის კვლევისთვის იძლევა მონაცემებს. მკვლევრის მიერ ჰიპოთეზის მიღება ან უარყოფა დამოკიდებული იქნება ამ მიმოხილვისას არჩეულ ინფორმაციასა და მის ინტერპრეტაციაზე. ბორგი (1963) სხვა განსხვავებებზეც საუბრობს: ერთერთი განსხვავება ისაა, რომ ისტორიკოს მკვლევარს უფრო დიდი მოცულობის დოკუმენტების შესწავლა უწევს, ვიდრე ემპირიულ მკვლევარს, რომელიც გაცილებით მცირე მოცულობის და კონკრეტულ სტატიებს კითხულობს. გარდა ამისა, დოკუმენტები, რომლებიც ისტორიულ კვლევას ესაჭიროება, ხშირად გაცილებით ძველია, ვიდრე - ემპირიულ კვლევაში. და კიდევ ერთი, ბოლო მომენტი: დოკუმენტები განათლების სფეროში ხშირად გამოუქვეყნებელი მასალებისგან შედგება და, შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომია, ვიდრე სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდილი ემპირიული კვლევების ანგარიშები.

      დოკუმენტების კვლევისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პრობლემების დაწვრილებითი განხილვისთვის მკითხველს ვურჩევდით პლატის (Pლატტ 1981) სტატიებს, სადაც ის დოკუმენტების ხელმისაწვდომობის, აუთენტურობისა და შერჩევის პრობლემებზე, დასკვნასა და ინტერპრეტაციაზე საუბრობს.

შეფასება

      ვინაიდან ისტორიული კვლევის სფეროში მომუშავე მეცნიერები მონაცემებისა და ინფორმაციის დიდ ნაწილს ჩანაწერებიდან და დოკუმენტებიდან იღებენ, აუცილებელია მათი გულდასმით შეფასება, რათა დადგინდეს მათი ღირებულება მოცემული კვლევისთვის. ისტორიული მონაცემებისა და ინფორმაციის შეფასებას ხშირად ისტორიულ კრიტიკას უწოდებენ, ხოლო ამ გზით მიღებულ სანდო მასალას - ისტორიულ მტკიცებულებას. მაშასადამე, ისტორიულ მტკიცებულებას წარმოადგენს დასაბუთებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ნდობის ღირსად შეიძლება, იქნას მიჩნეული, როგორც ჰიპოთეზების შემოწმებისა და ინტერპრეტაციის ვალიდური საფუძველი. ისტორიული კრიტიკა, როგორც წესი, ორ ეტაპად ხორციელდება: პირველი, ფასდება წყაროს აუთენტურობა და მეორე, ფასდება, რამდენად ღირებულია მონაცემი სიზუსტის თვალსაზრისით. ეს ორი პროცესი ცნობილია, როგორც გარეგანი და შინაგანი კრიტიკა და ვინაიდან თითოეული შეფასების პრობლემებს შეეხება, შემდგომ განხილვას იმსახურებს.

გარეგანი კრიტიკა

      გარეგან კრიტიკას მონაცემების აუთენტურობის დადგენა აინტერესებს. შესაბამისად, თავად დოკუმენტზეა (ან სხვა წყაროზე) მიმართული და არა - მასში გადმოცემულ შინაარსზე; მონაცემების ფორმის ანალიზზე და არა - მათ ინტერპრეტაციაზე ან მოცემულ კვლევასთან მიმართებით მათ მნიშვნელობაზე. ამგვარად, ის გაყალბების, ფალსიფიკაციის, სიცრუის, გამონაგონის ან დამახინჯების გამოვლენას ცდილობს. ამ მიზნისთვის, დოკუმენტის ასაკის ან ავტორის დადგენა, შეიძლება, მოიცავდეს ისეთი ფაქტორების შემოწმებას, როგორიცაა ხელმოწერა, ხელწერა, კალიგრაფია, ტიპი, სტილი, მართლწერა და გეოგრაფიული დასახელებები. ამასთანავე, ხელმისაწვდომი იყო თუ არა მასში გადმოცემული ცოდნა იმ დროისთვის და შეესატყვისება თუ არა ამ ავტორის ან პერიოდის შესახებ სხვა წყაროებიდან მიღებულ ცოდნას. ფიზიკური ფაქტორების ისეთმა დახვეწილმა და უფრო დეტალურმა ანალიზმაც შეიძლება, დაასაბუთოს ან უარყოს დოკუმენტის აუთენტურობა, როგორიცაა, მაგალითად, მელნის, ქაღალდის, პერგამენტის, ქსოვილის და სხვა მასალების ფიზიკური და ქიმიური ანალიზი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განათლების სფეროს ისტორიაში მომუშავე მკვლევრები მეტ მიზანმიმართულ ფალსიფიკაციას წააწყდებიან, ვიდრე, ვთქვათ, პოლიტიკური ან სოციალური სფეროს მკვლევრები, თუმცა, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტები, კორესპონდენცია და ავტობიოგრაფიები ერთი ადამიანის დაწერილი ან მომზადებული იყოს, მოპოვებული მასალა კი სხვის მიერ ჩაწერილი და ხელმოწერილი.

შინაგანი კრიტიკა

      დოკუმენტის აუთენტურობის დადგენის შემდეგ მკვლევრის შემდეგი ამოცანა იმ მონაცემების სიზუსტისა და ღირებულების შეფასებაა, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს. შეიძლება ისინი ნამდვილი იყოს, მაგრამ უცილობლად არ ასახავდეს სიმართლესთან მიახლოებულ, რეალურ სურათს. მონაცემების მნიშვნელობისა და სანდოობის დადგენისას მკვლევრები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე - გარეგანი კრიტიკის ეტაპზე, ვინაიდან მათ უნდა დაადგინონ, შეიძლება თუ არა ვენდოთ დოკუმენტების ავტორს. ტრავერსი (1969) ასახელებს იმ მახასიათებლებს, რომელთაც, ჩვეულებისამებრ, განიხილავენ ავტორების შეფასებისას. მოვლენის გაწაფული, თუ გამოუცდელი დამკვირვებლები იყვნენ ისინი? სხვა სიტყვებით, რამდენად იყვნენ კომპეტენტურნი? რამდენად იმყოფებოდნენ შიშის ან საკუთარი პატივმოყვარეობის ზემოქმედების ქვეშ, რომ, ვთქვათ, დაემახინჯებინათ ან გამოეტოვებინათ ფაქტები? რას ისახავდნენ მიზნად დოკუმენტების შემდგენლები? რამდენად გაწაფულნი იყვნენ ამ კონკრეტული მოვლენების ჩაწერაში? ჰქონდათ თუ არა ავტორებს ისეთი ჩვევები, რომელთაც შეიძლება გავლენა მოეხდინათ ჩანაწერების სიზუსტეზე? ძალიან ანტაგონისტურად იყვნენ განწყობილი რეალობისადმი თუ ზედმეტი სიმპათიით განმსჭვალული? მოვლენიდან რა დროის გასვლის შემდეგ გააკეთეს ჩანაწერები? შეეძლოთ თუ არა ზუსტად გაეხსენებინათ მომხდარი? და ბოლოს, თანხმდებიან თუ არა ისინი სხვა დამოუკიდებელ მოწმეებთან? განათლების სფეროს ისტორიაში მრავალი დოკუმენტი ნეიტრალურია თავისი ბუნებით, თუმცა დამკვირვებლის ზემოთ დასახელებული მახასიათებლების გამო, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი მცდარი იყოს. ტრავერსის (1969) მიერ დასმული კითხვებიდან მომდინარე კონკრეტული პრობლემა მიკერძოებას შეეხება. ის განსაკუთრებით მწვავდება ცხოვრების ისტორიების შესწავლისას. როგორც პლამერი (1983) გვახსენებს, აქ მთავარი საზრუნავია მიკერძოების შესაძლო წყაროების მინიმუმამდე დაყვანა და მათი შესწავლა, რაც მკვლევარს თავიდან აარიდებს, იპოვოს, რაც სურს. ასევე, მკვლევრები, ზოგადად, მიკერძოების სამ წყაროს ასახელებენ: წყაროები, რომლებიც უკავშირდება იმ სუბიექტს, ვისი ინტერვიუირებაც ხდება, თავად მკვლევრებს და სუბიექტისა და მკვლევრის ურთიერთქმედებას (Travers 1969).

კვლევის ანგარიშის დაწერა

      მას შემდეგ, რაც მონაცემები შეგროვდა და დაუქვემდებარდა გარეგან კრიტიკას აუთენტურობის და შინაგან კრიტიკას სიზუსტის დასადგენად, მკვლევარი დგება ამოცანის წინაშე, თავი მოუყაროს და ახსნას ის მოვლენები, რომელსაც საკვლევი პრობლემა მოიცავს. ეს ეტაპი ცნობილია, როგორც სინთეზის პროცესი. ეს, ალბათ, ისტორიული კვლევის ყველაზე რთული ეტაპია და მნიშვნელოვან წარმოსახვასა და გამომგონებლობას მოითხოვს. შედეგად მიღებული პატერნი ჰიპოთეზის შესამოწმებლად გამოიყენება.

      საბოლოო ანგარიშის წერაც ბევრს ითხოვს - კრეატიულობას და ობიექტური და სისტემური ანალიზის მაღალ სტანდარტებს.

      ბესტი (1970) იმ პრობლემების ჩამონათვალს იძლევა, რომლებიც სტუდენტების მიერ დაწერილ სხვადასხვა სახის ისტორიულ კვლევით პროექტში იჩენს თავს. მათ შორისაა:

  • პრობლემა ძალიან ფართოდ არის განსაზღვრული;
  • ადვილად საპოვნელი მეორადი წყაროების გამოყენების ტენდენცია რთულად მოსაძიებელი, მაგრამ, როგორც წესი, უფრო სანდო, კვლევისთვის სრულიად საკმარისი პირველადი წყაროების ნაცვლად;
  • მონაცემების არაადეკვატური ისტორიული კრიტიკა, რაც წყაროების აუთენტურობის და მონაცემების სანდოობის დაუდგენლობის შედეგია; მაგალითად, ხშირია ტენდენცია, როდესაც რამდენიმე დამკვირვებელი ეთანხმება ერთმანეთს და დებულებას მიიჩნევს უცილობლად ჭეშმარიტად. არსებობს ალბათობა, რომ ერთი მათგანი გავლენას ახდენდეს დანარჩენებზე, ან ყველა მათგანი ინფორმაციის არაზუსტი წყაროს გავლენის ქვეშ ექცეოდეს.
  • სუსტი ლოგიკური ანალიზი, რომელსაც შეიძლება იწვევდეს:
    • ზედმეტად გამარტივება, როდესაც ვერ ხერხდება გაცნობიერება, რომ მოვლენების მიზეზი, უფრო ხშირად, ბევრი და რთულია და არა - ერთი და მარტივი;
    • ზეგენერალიზაცია არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე და მცდარი ანალოგიით დასკვნა, სიტუაციების ზედაპირულ მსგავსებებზე დაფუძნებით;
    • ადრეულ პერიოდში ხმარებული სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობების აუხსნელობა;
    • სიტუაციაში მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტების ერთმანეთისგან განუსხვავებლობა.
  • პირადი მიკერძოება, გამოხატული კონტექსტიდან წინ წამოწეულ ისეთ დებულებებში, რომლებიც მიზნად ისახავს დარწმუნებას და პიროვნებისადმი ან იდეისადმი ზედმეტად სულგრძელი და არაკრიტიკული (ან ძალზე მტრულად განწყობილი და კრიტიკული) დამოკიდებულების დაშვებას, წარსულით მოჭარბებულ აღტაცებას (ხანდახან ამას „ძველი მუხის კალათის“ ილუზიასაც უწოდებენ). მიკერძოებაა არარეალისტური აღტაცებაც ახლით, ან თანამედროვეობით, როცა ყველა ცვლილება პროგრესის მომასწავებლად მიჩნევა.
  • ნაშრომის წარდგენის სტილი, რომელიც შეიძლება მოსაწყენი და უფერული იყოს, ძალიან მაღალფარდოვანი ან ზედაპირული, ზედმეტად დამაჯერებლად მოწოდებული ან, პირიქით, ნაუცბათევად დაწერილი და სათანადოდ გამოუყენებელი.

      ბორგი და გალი (1979: 400) ჩამოთვლიან ისტორიული კვლევის წარმოებისას შესაძლებელ შეცდომებს:

  • ისეთი თემების შერჩევა, რომლისთვისაც ისტორიული წყაროები არასაკმარისია, ხელმიუწვდომელია ან არ არსებობს;
  • ზედმეტად დაყრდნობა მეორად წყაროებზე;
  • მარცხი ისტორიული წყაროების შინაგანი ან გარეგანი ვალიდობის/კრიტიკის შემოწმებისას;
  • მოუქნელობა და წყაროების გამოყენებისას მკვლევრის სელექციურობა და მიკერძოება;
  • ცნებების გადმოტანა სხვა დისციპლინებიდან;
  • მიზეზ-შედეგობრიობის და ერთი მიზეზის არსებობის შესახებ არალეგიტიმური დასკვნების გაკეთება;
  • მონაცემების მისაღებ ფარგლებს მიღმა განზოგადება;
  • ფაქტების ჩამოთვლა სათანადო თემებად გაერთიანების გარეშე

      გარდა ამისა, სათერლენდი (Satherland 1969) იძლევა ორი გავრცელებული შეცდომის ბრწყინვალე ილუსტრაციას, რომელსაც განათლების ისტორიკოსები უშვებენ ხოლმე. პირველია აწმყოში მიმდინარე მოვლენების წარსულზე პროეცირება, რასაც დამახინჯებამდე მივყავართ და მეორე, „ვაკუუმში აღწერა“, როდესაც ვერ ხერხდება განათლების სისტემასა და საზოგადოებრივ სტრუქტურას შორის არსებული ურთიერთობის ჩვენება.

      შედარებით პოზიტიურ ნოტაზე რომ დავასრულოთ, მოული (Mouly 1978) ისტორიული კვლევის შეფასების ხუთ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფს:

  • პრობლემა: გასაგებად არის პრობლემა განსაზღვრული? საკმაოდ ძნელია ისტორიული კვლევის სათანადოდ წარმოება, თუ მას ბუნდოვნად მოცემული პრობლემით გამოწვეული დაბნეულობა ემატება. შესაძლებელია პრობლემის გადაჭრა? შედის ეს მკვლევრის კომპეტენციაში?
  • მონაცემები: ხელმისაწვდომია პრობლემის გადასაჭრელად საჭირო საკმარისად სრული პირველადი მონაცემები, თუ მეტისმეტად არის კვლევა დამოკიდებული მეორად ან გადაუმოწმებელ წყაროებზე?
  • ანალიზი: ადეკვატურად დადგინდა მონაცემების სანდოობა? ადეკვატურად არის შესწავლილი მონაცემების რელევანტურობა?
  • ინტერპრეტაცია: ჩანს, რომ ავტორი ადეკვატურად ფლობს თავის მონაცემებს და კარგად ესმის მათი ფარდობითი მნიშვნელოვნება? ავლენს ის ადეკვატურ ისტორიულ ხედვას? ინარჩუნებს ობიექტურობას თუ პირადი ტენდენციურობის საშუალებას მტკიცებულების დაზიანება აძლევს? დამაჯერებელად და ადეკვატურად აქვს შემოწმებული ჰიპოთეზები? მთლიანი სიტუაციის საკმარისად ფართო ხედვის კუთხე აქვს აღებული? ხედავს საკუთარ მონაცემებსა და სხვა „ისტორიულ ფაქტებს“ შორის ურთიერთობას?
  • წარდგენა: წერის სტილი მიმზიდველი და ინფორმატიულია? ნაშრომში მოცემულია სიახლე ახალაღმოჩენილი მონაცემების ან ახალი ინტერპრეტაციების სახით, თუ ის უბრალოდ მოსაწყენი, არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოა? მეცნიერულია ნაშრომი?

რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება

      ისტორიული კვლევის უდიდესი ნაწილი თვისებრივია თავისი ბუნებით, ვინაიდან მისი შესატყვისი თემები, უმეტესწილად, ვერბალური და სხვა სახის სიმბოლური მასალისგან შედგება, რომელიც საზოგადოების ან კულტურის წარსულიდან მომდინარეობს. ძირითად უნარებს, რომელიც ამ სფეროში მომუშავე მკვლევარს მოცემული სახის თვისებრივი ან სიმბოლური მასალის ანალიზის პროცესში მოეთხოვება, შეგროვება, კლასიფიცირება, მოწესრიგება, სინთეზირება, შეფასება და ინტერპრეტირება წარმოადგენს. ყველა ამ აქტს საფუძვლად მყარი პიროვნული მსჯელობა და დასკვნები უდევს. თუმცა, შედარებით ახლო წარსულში, ისტორიული პრობლემების გადასაჭრელად რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება სცადეს (Travers 1969). ისტორიული კვლევისთვის ამ მეთოდებიდან ყველაზე რელევანტური კონტენტ ანალიზია, რომლის ძირითადი მიზანი ვერბალური, არარაოდენობრივი დოკუმენტის რაოდენობრივ მონაცემებად გარდაქმნაა (Bailey 1978). კონტენტ ანალიზს უფრო დეტალურად 23-ე თავში განვიხილავთ. თავად კონტენტ ანალიზი განისაზღვრება, როგორც მრავალმიზნობრივი კვლევის მეთოდი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ისეთი პრობლემების ფართო სპექტრის საკვლევად, სადაც კომუნიკაციის შინაარსის მიხედვით კეთდება დასკვნა, სიტყვების დათვლიდან დაწყებული, კატეგორიზაციით დამთავრებული. კონტენტ ანალიზი ფრთხილად უდგება სათანადო კატეგორიებისა და ანალიზის ერთეულების გამოყოფას, რომლიდანაც თითოეულში გასაანალიზებელი დოკუმენტის ბუნება და კვლევის მიზანი აისახება. როგორც წესი, კატეგორიები დოკუმენტის წინასწარი დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ განისაზღვრება და შინაარსის ძირითად სფეროებს მოიცავს. ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენება კონტენტ ანალიზი განათლების სფეროში ისტორიული კვლევის ზოგიერთი ასპექტის შესწავლისას. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დოკუმენტების ანალიზში. დოკუმენტის შინაარსის გარკვევისა და გარჩევის გარდა, მეთოდი ნათელს მოჰფენს კომუნიკაციის წყაროს, მის ავტორს და მის ნაგულისხმევ ადრესატებსაც, ანუ მათ, ვისთვისაც შეიქმნა მოცემული დოკუმენტი. გარდა ამისა, ამ ტიპის ანალიზი მეტს გვეტყვის, მაგალითად, სოციალური კონტექსტის, გამოკვეთილი ან უყურადღებოდ დატოვებული ფაქტორების და პოლიტიკური ფაქტორების გავლენის შესახებ. აქედან გამომდინარეობს, რომ კონტენტ ანალიზმა შედარებითი, ან კროს-კულტურული კვლევების საფუძველი შეიძლება შექმნას. კიდევ ერთი გამოყენება, უახლესი ისტორიის სხვადასხვა მომენტში სახელმძღვანელოების შინაარსის შესწავლა იქნებოდა, როგორც, ვთქვათ, კულტურული განსხვავებების, კულტურული ცენტრის ან კულტურული ცვლილების ჩვენების საშუალება. ჰოლსტიმ (Holsti 1968) ჩამოაყალიბა კონტენტ ანალიზის მიზნები:

  • კომუნიკაციის შინაარსის ტენდენციების აღწერა;
  • წყაროების ცნობილი მახასიათებლების მისადაგება მათ მიერ შექმნილი ტექსტებისადმი;
  • კომუნიკაციის შინაარსის სტანდარტების მიხედვით შემოწმება;
  • დარწმუნების ტექნიკების გაანალიზება;
  • სტილის გაანალიზება;
  • აუდიტორიის ცნობილი თვისებების მისადაგება მათთვის შექმნილი ტექსტებისადმი;
  • კომუნიკაციის პატერნების აღწერა.

      ისტორიულ კონტექსტში კონტენტ ანალიზის გამოყენების სხვადასხვაგვარი მაგალითები შეიძლება ნახოთ შემდეგ ავტორებთან: თომასი და ზნანიეჩკი (1918)3 და ბრედბარნი და ბერლოუ (1961). ისტორიულ გარემოში კონტენტ ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია მაკლელანდისა და მისი კოლეგების (1953) კვლევა, რომელიც საზოგადოების წევრების მიღწევის, მოთხოვნილებისა და კონკრეტული საკვლევი საზოგადოების ეკონომიკური ზრდის ურთიერთმიმართებას შეეხებოდა. და ბოლოს, ისტორიულ კვლევაში რაოდენობრივი მეთოდების გამოყენების უფრო დეტალური და ტექნიკური განხილვისთვის მკითხველს ფლოიდის (Floud 1979) ნაშრომის გაცნობას ვურჩევთ, რომელიც ისტორიული მონაცემების კლასიფიცირებასა და მოწესრიგებას და ელემენტარული აღწერითი სტატისტიკის მიმოხილვას ეძღვნება.

ცხოვრების ისტორიები

      თომასისა და ზნანიეჩკის მონუმენტური კვლევა „პოლონელი გლეხობა ევროპასა და ამერიკაში“ (1918), რომელიც ამ ქვეთავის შესავლად გამოდგება, ცხოვრების პირველ სოციოლოგიურ ისტორიად ითვლება, ვინაიდან მასში დეტალურად არის აღწერილი და ახსნილი ვლადეკ ვისნევსკის ცხოვრება და დროება. პლამერის (1983) მიხედვით, ცხოვრების ისტორია ხშირად ერთი პიროვნების ცხოვრების შესახებ მისივე სიტყვებით დაწერილი ერთი მთლიანი წიგნია. პლამერი აღნიშნავს, რომ ხშირად მასალები ასეთი წიგნისთვის წლების მანძილზე გროვდება და იკრიბება, მკვლევარი ფრთხილად, მსუბუქად წარმართავს სუბიექტს, წაახალისებს მას, რომ დაწეროს, ან ფირზე ჩაიწეროს საკუთარი ცხოვრების ეპიზოდები. საკმაოდ ხშირად ამ მასალებს ზურგს უმაგრებს სუბიექტის ცხოვრებაზე ინტენსიური დაკვირვება, ინტერვიუები მის ნაცნობ-მეგობრებთან და შესატყვისი დოკუმენტებისა და წერილების, დღიურებისა და ფოტოსურათების დეტალური შესწავლა. ცხოვრების ისტორია, პრაქტიკულად, „ინტერაქციული და თანამშრომლობითი ტექნიკაა, რომელშიც მკვლევარი უშუალოდ არის ჩართული“ (Plummer 1983).

      შეხედულებების ახსნები და ინტერპრეტაციები მნიშვნელოვანი და დროულია სხვადასხვაგვარ საგანმანათლებლო გარემოში,4 ვინაიდან ისინი იძლევიან ღირებულ „წვდომას იმ გზების ბუნებაში, რომლითაც განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალი მათ სამუშაო გარემოში არსებულ შეზღუდვებსა და პირობებს ეგუება“. გუდსონი ამტკიცებს, რომ ცხოვრების ისტორიებს „შორსმიმავალი წვლილის შეტანა შეუძლია „პირად უსიამოვნებებსა“ და „საზოგადოებრივ საკითხებს“ შორის კავშირის გაგების პრობლემაში - ამოცანა, რომელიც სოციოლოგიური კვლევის შუაგულშია დაბუდებული“. ის ამბობს, რომ მის მნიშვნელობას „საუკეთესოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ მასწავლებლები ყოველთვის საკუთარი ინიციატივით იყენებენ ცხოვრების ისტორიებს კლასში მიმდინარე მოვლენების ასახსნელად“ (Gოოდსონ 1983).

      მილერი (1999) აჩვენებს, რომ ბიოგრაფიული კვლევა სოციალური აქტივობის კონცეპტუალიზაციის თავისებური, განსხვავებული გზაა. ის ანალიზისადმი სამ ძირითად მიდგომას ასახელებს, ესენია:

  • რეალისტი მონაცემებზე დაფუძნებული თეორიის ტექნიკებზეა ორიენტირებული;
  • ნეოპოზიტივისტი უფრო მეტად სტრუქტურირებულ ინტერვიუს იყენებს;
  • მთხრობელი ცხოვრების ისტორიების აქტიურად ასაგებად ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ურთიერთქმედებას იყენებს.

      დენზინი (1999) თვლის, რომ ბიოგრაფიული კვლევის მეთოდების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორისაა:

  • ბიოგრაფია;
  • ავტობიოგრაფია;
  • ამბავი;
  • დისკურსი;
  • თხრობა;
  • პირადი ისტორია;
  • ზეპირი ისტორია;
  • შემთხვევის ისტორია;
  • ცხოვრების ისტორია;
  • პირადი გამოცდილება;
  • შემთხვევვის შესწავლა

      ამ საკითხს კონელი და კლანდინინიც (ჩონნელლყ ანდ ჩლანდინინ 1999) განიხილავენ და ნარატიული კვლევისადმი რამდენიმე მიდგომას ასახელებენ:

  • ზეპირი ისტორია;
  • ამბები;
  • მემუარები და ქრონიკები;
  • ფოტოსურათები;
  • სამახსოვრო ყუთები;
  • ინტერვიუები;
  • ჟურნალები;
  • ავტობიოგრაფია;
  • წერილები;
  • საუბრები;
  • დოკუმენტები.

      კონკრეტული კვლევის პროექტისადმი ცხოვრების ისტორიის ტექნიკის შესაბამისობის გარკვევისას და დროის ყოველთვის არსებული შეზღუდვების პირობებში, გამოსადეგია ცხოვრებისეული ისტორიების განსხვავება ტიპისა და წარმოდგენის სტილის მიხედვით. ორივე ფაქტორი კვლევის მასშტაბიდან და განხორციელებადობიდან გამომდინარეობს. 8. 2 ჩანართში მოცემულია ჰიჩკოკისა და ჰაგისის (1989) მიერ შემოთავაზებული სქემა. მკითხველს შეიძლება სურდეს 8. 2 ჩანართში მოცემული ისტორიის წარმოდგენის ტიპებისა და სტილების აღწერის გამოყენება, რათა შეაფასოს ის განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც მკვლევრის წინაშე დგება მონაცემების მოგროვებისას, ანალიზისა და წარმოდგენისას. რეტროსპექციული იქნება თუ თანამედროვე, ცხოვრების ისტორიის კვლევა ხუთ ფართო პროცესს მოიცავს. პლამერი (1983) გამოყოფს და აღწერს მათ.

ჩანართი 8.2

ცხოვრების ისტორიების ტიპოლოგია და მათი წარდგენის სტილი

მომზადება

      აქ შედის სათანადო თემის და კვლევის ტექნიკის არჩევა. ამ ეტაპზე უნდა დაისვას კითხვები: პირველი, „ვინ უნდა იყოს შესწავლის ობიექტი?“ - ცნობილი ადამიანი, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, მოხალისე, შერჩეული, იძულებით მოყვანილი? მეორე, „რა ქმნის კარგ ინფორმანტს?“ პლამერი (1983) ყურადღებას ისეთ ძირითად ფაქტორებზე ამახვილებს, როგორიცაა ადგილზე შეღწევადობა და დრო, პოტენციური ინფორმანტის მიერ საკუთარი კონკრეტული კულტურული ვითარების ცოდნა. კარგ ინფორმანტს შეუძლია და მზად არის მკვლევართან მჭიდრო, ახლო ურთიერთობების დასამყარებლად. აქსიომაა, რომ ზოგადი სიმპათიები და ურთიერთპატივისცემა ცხოვრების ისტორიის პროექტის განხორციელებისა და წარმატების წინაპირობაა. მესამე, „რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს კვლევის ადრეულ ეტაპებზე?“ მკვლევარმა თავისი მოტივაციები გასაგებად უნდა აუხსნას კვლევის მომავალ სუბიექტს. ასევე, დასაწყისშივე უნდა გაირკვეს სუბიექტის მიერ გაწეული სამსახურის ანაზღაურების საკითხი. ანონიმურობის საკითხიც უნდა მოგვარდეს; კვლევის სხვა მეთოდოლოგიებისგან განსხვავებით, ცხოვრების ისტორიები ძალიან პირადულ დეტალებს (სახელებს, ადგილებს, მოვლენებს) ამჟღავნებს და არასაკმარისად ფარავს მონაწილეებს ცნობისმოყვარე თვალისგან. პროექტის ადრეულ სტადიებზე კვლევის სუბიექტთან, ასევე, განიხილება ცხოვრების ისტორიის კვლევის ბუნება, ინტერვიუს სიტუაციების ორგანიზაციული მხარე და მონაცემების ჩაწერის ფორმები.

მონაცემების შეგროვება

      ცხოვრების ისტორიის წარმატებისთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს მკვლევრის მიერ ინტერვიუირების სხვადასხვაგვარი ტექნიკის გამოყენების უნარს (ასევე, იხილეთ თავი 16). სიტუაციიდან გამომდინარე, ინტერვიუს ტიპი შეიძლება, იცვლებოდეს. შედარებით სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც კვლევის დასაწყისში ზოგადი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს, შეიძლება, იქცეს არაფორმალურ, არასტრუქტურირებულ ინტერვიუდ, რომელიც კონსულტირებისადმი კარლ როჯერსისეულ (1945) არადირექტიულ მიდგომას მოგვაგონებს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში პლამერი (1083) ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუერი-მკვლევრის მხრიდან ემპათიისა და უპირობო სითბოს გამოვლენის მნიშვნელოვნებაზე. ინტერვიუირების მესამე სტრატეგიაა მონაწილის დაკვირვებისა (იხილეთ თავი 18) და კონკრეტულ თემაზე საუბრის ზომიერი ნარევი, რასაც თან ახლავს ჩანიშვნების გაკეთება.

მონაცემების შენახვა

      ჩვეულებრისამებრ, ცხოვრების ისტორიის კვლევაში უზარმაზარი მოცულობის მონაცემები გროვდება. მკვლევარმა წინასწარ უნდა გადაწყვიტოს, აკეთებს თუ არა აუდიოჩანაწერებს, განსაზღვროს, „როგორ“, „რა“ და „როდის“ გაშიფროს, „როგორ“, „რას“ და „როდის“ გაუკეთოს რედაქტირება, შეიმუშაოს კოდირებისა და ცხრილების სისტემა, თუ სურს, რომ ბოლოს თავზე არ ეყაროს და თავად არ იკარგებოდეს საკუთარ მასალაში. მკითხველს ვურჩევთ მეშვიდე თავში მოცემული მსჯელობის გადახედვასა და ფიდლერის (Fiedler 1978) ნაშრომის გაცნობას, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი ბუნებრივ გარემოში საველე კვლევებისთვის შესატყვისი მეთოდები.

მონაცემების ანალიზი

      ცხოვრების ისტორიის მეთოდოლოგიით შექმნილი მონაცემების ხარისხს სამი ძირითადი საკითხი უდევს საფუძვლად. ეს საკითხები რეპრეზენტაციულობას, სანდოობასა და ვალიდობას შეეხება (ასევე, იხილეთ თავები 4 და 6). პლამერი (1983) ყურადღებას უთმობს ცხოვრების ისტორიის კვლევის ხშირ კრიტიკას, კერძოდ, იმას, რომ მისი შემთხვევები ატიპური უფროა, ვიდრე - რეპრეზენტაციული. ამ ბრალდებისთვის თავის ასარიდებლად, ის მოუწოდებს მკვლევრებს, ვინც ამ მეთოდით აპირებენ მუშაობას, რომ „დაამუშაონ და გასაგებად ახსნან ცხოვრების ისტორიის მიმართება ფართო პოპულაციასთან“ (Plummer 1983) სუბიექტის რეპრეზენტაციულობაარარეპრეზენტაციულობის კონტინუუმზე განთავსებით.

      ცხოვრების ისტორიის კვლევის სანდოობა მიკერძოებულობის წყაროების იდენტიფიკაციასა და მათი შემცირების ტექნიკის გამოყენებაზეა დამოკიდებული. მიკერძოება მომდინარეობს ინფორმანტისგან, მკვლევრისგან და თავად ურთიერთქმედებიდან: იხილეთ 8.2 ჩანართი. ვალიდობის შემოწმების რამდენიმე საშუალება არსებობს. პლამერი (1983) ასახელებს შემდეგს:

  • საბოლოო პროდუქტის წაკითხვის შემდეგ ის შეიძლება, თავად ცხოვრების ისტორიის სუბიექტმა გააკრიტიკოს;
  • ძირითადი მსგავსებისა და განსხვავების პუნქტების დასადგენად შეიძლება, რამდენიმე მსგავსი წერილობითი წყარო შედარდეს ერთმანეთს;
  • ცხოვრების ისტორიის სიზუსტის შესამოწმებლად მიღებული მონაცემები შეიძლება, ოფიციალურ ჩანაწერებს შედარდეს;
  • შედარება, შეიძლება,სხვა ინფორმანტების ინტერვიუირებით განხორციელდეს.

      არსებითად, ცხოვრების ისტორიის ვალიდობა ინფორმანტის სუბიექტური რეალობის, სხვა სიტყვებით, სიტუაციის მისეული ხედვის, წარმოჩენის უნარში მდგომარეობს. დეტალური პირადი ანგარიშები და ცხოვრების ისტორიები შეიძლება, თემატურად დალაგდეს (მაგალითად, თომასისა და ზნანიეჩკის (1918) ნაშრომი). სინამდვილეში ბიოგრაფიების და ავტობიოგრაფიების გამოყენება, მოგონილი აღწერები ან საგაზეთო ჟურნალისტიკა ბადებს კითხვას, თუ რა ითვლება კვლევის ლეგიტიმურ მონაცემებად. ასეთი ანგარიშები, ალბათ, უმჯობესია ცნებებისთვის და კონტექსტებისთვის ყურადღების მისაპყრობად გამოვიყენოთ და არა - კვლევის ძირითად მონაცემებად. საკითხი სანდოობასა და ვალიდობას ეხება. ამ თემებს ვეხებით ქვემოთ და მეექვსე თავში.

მონაცემების წარდგენა

      პლამერი (1983) სამ მიმართულებას უსახავს მკვლევარს, რომელიც ცხოვრებისეული ისტორიის დაწერას აპირებს. პირველი, მკვლევარს ნათლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ ვისთვის წერს და რისი მიღწევა უნდა ნაშრომით; შემთხვევის ისტორიის აღწერას ისახავს მიზნად, თუ შემთხვევის შესწავლას; თუ იმიტომ, რომ შემთხვევის ისტორია „უბრალოდ კარგ ამბავს ყვება“ (Plummer 1983). ამის საპირისპიროდ, შემთხვევის შესწავლა პირად დოკუმენტებს უფრო ფართო თეორიული მიზნებისთვის იყენებს, როგორიცაა თეორიის შემოწმება და/ან შექმნა. მეორე, ცხოვრების ისტორიის მიზნის დადგენის შემდეგ, მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ღრმად უნდა ჩაერიოს მოპოვებულ მონაცემებში. ჩარევა ან შეჭრა ხდება როგორც რედაქტირებით, ისე, ინტერპრეტირებით. რედაქტირების („ამოჭრა“, თანმიმდევრობის დალაგება, სახელების, ადგილების შეცვლა და ა. შ.) გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერი ცხოვრების ისტორიის კვლევა. პლამერის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, რედაქტირება გულისხმობს სუბიექტის სიტყვების აღებას, მათ შიგნიდან დანახვას და უკუღმა გადმობრუნებას სტრუქტურირებული და თანმიმდევრული დებულებების სახით, რომლშიც ალაგალაგ გამოყენებულია სუბიექტის და თავად მკვლევრის სიტყვები, მაგრამ ტექსტი მთლიანდ აუთენტური რჩება. მესამე, ვინაიდან ცხოვრების ისტორია წერის მექანიკურ პროცესსაც მოიცავს, რეგულარულად წერას მოითხოვს. პლამერი აღნიშნავს, რომ წერა ყოველდღიურად მონახაზების გაკეთებას, გადასინჯვასა და ხელახლა მოხაზვას მოითხოვს. ცხოვრების ისტორიის მეთოდოლოგიისა და კვლევის შესახებ იხილეთ ევეტსის ნაშრომი (Evetts 1991).

დოკუმენტური კვლევა

      კვლევაში მონაცემების უამრავი დოკუმენტური წყარო არსებობს და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხმარება მკვლევარს, მათ გამოყენებას მთელი რიგი საკითხების განხილვა ახლავს თან. მაგალითად, ზოგიერთი სოციალური სამყარო, კულტურა და მოვლენა „წიგნიერია“ ანუ მრავლად არის დოკუმენტები და ისინი მონაწილეების ყოფითი სამყაროს ნაწილია, ზოგიერთი კულტურა კი ნაკლებად არის ასეთი. ეს დოკუმენტების სტატუსზე მოქმედებს. გარდა ამისა, ზოგიერთი დოკუმენტი შეიძლება მიზანმიმართულად იყოს კვლევისთვის შექმნილი, თუმცა უმრავლესობა - არა. ზოგიერთი მათგანი მკვლევრის დაწერილია და სხვა მკვლევრებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, ისევ, უმრავლესობა - არა. ფაქტიურად, დოკუმენტების უმრავლესობა დაიწერა გარკვეული მიზნისთვის, გეგმისთვის, აუდიტორიისთვის და არა - მკვლევრისთვის ან კვლევისთვის, რაც მათი სანდოობისა და ვალიდობის საკითხებს აყენებს. დოკუმენტები გამოსადეგია შესასწავლი ფენომენის უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის (Prior 2003: 87). თუმცა, ისინი იმავე დროში გამოვლენილ მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა იქნას შესწავლილი. პრიორი (2003: 173) ოპერის მოსაწყენი ლიბრეტოს ანალოგიას იშველიებს, რომელიც ცალკე კი არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, არამედ მოქმედების, დრამის, მუსიკისა და წარმოდგენის მთლიან კონტექსტში უნდა აღიქვას. ის თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია.

      დოკუმენტებს მრავალგვარი ფორმა აქვს, მათ შორის, მაგალითად:

  • საველე ჩანაწერები;
  • დღიურები და ჟურნალები;
  • ჩანაწერები;
  • ბიოგრაფიები;
  • ავტობიოგრაფიები;
  • ოფიციალური ჩანაწერები;
  • დროის ცხრილები/განრიგები;
  • ტექნიკური დოკუმენტები;
  • შეხვედრის ჩანაწერები;
  • მოსწავლეების ნაშრომების ნიმუშები;
  • სამახსოვროები და ელექტრონული მიმოწერა;
  • საფოსტო მიმოწერა;
  • გეგმები;
  • პამფლეტები და რეკლამები;
  • ცნობარები და მაჩვენებლები;
  • არქივები;
  • ამბები;
  • მემუარები და ქრონიკები;
  • ფოტოსურათები და არტეფაქტები;
  • საუბრები და წარმოთქმული სიტყვები;
  • პოლიციის დოკუმენტები;
  • პირველადი და მეორადი წყაროები;
  • საგაზეთო სტატიები;
  • წიგნები და სტატიები;
  • საჯარო ჩანაწერები.

      ეს მხოლოდ საწყისი ჩამონათვალია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ წერილობითი წყარო წამყვანია დოკუმენტურ კვლევაში.

      დოკუმენტების ანალიზი რამდენიმე თვალსაზრისით არის მიმზიდველი (Bailey 1994: 294 – 6). ის მკვლევარს, ისტორიული კვლევის მსგავსად, მიუწვდომელი პიროვნებების ან თემების წვდომის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, არამონაწილის ან არაპირდაპირი დაკვირვების მსგავსად, მცირეა ან საერთოდ არ არის რეაქტიულობა დოკუმენტის ავტორის მხრიდან, განსაკუთრებით, თუ დოკუმენტის შედგენა არ იყო კვლევისთვის გამიზნული. დოკუმენტური კვლევა დროში განმეორებადი ანალიზისთვისაც გამოსადეგია, ვინაიდან მან შეიძლება აჩვენოს, როგორ ვითარდება სიტუაციები დროთა განმავლობაში. ზოგიერთი დოკუმენტი დიდი მოცულობის შერჩევას წვდება (მაგალითად, დაბადების, ქორწინების და სიკვდილის რეგისტრაცია, მოსახლეობის აღწერები, გაზეთებში გამოქვეყნებული ნეკროლოგები და ა. შ.). დოკუმენტები შეიძლება დაწერილი იყოს „ცოცხლად“ და ადგილზე, შეიძლება ასახავდეს წერის მომენტში არსებული სიტუაციის დინამიკას. ზოგიერთი დოკუმენტი, განსაკუთრებით, პირადი (მაგალითად, წერილები და დღიურები), შეიძლება პირად დეტალებსა და გრძნობებს ასახავდეს („აღსარებებს“: Baily 1994: 296), რომელიც სხვა გზით არ გამომჟღავნდებოდა. თუ დოკუმენტები ცენტრალურ ადგილას ინახება, მაგალითად, ბიბლიოთეკაში, კოლექციაში ან არქივში, შესაძლებელია, დროისა და ფულის დაზოგვა. და ბოლოს, ბევრი დოკუმენტი შეიძლება გაწაფული პროფესიონალების მიერ იყოს დაწერილი და უფრო ღირებულ ინფორმაციას შეიცავდეს, ვიდრე - შედარებით არაინფორმირებული მოყვარულის შედგენილი დოკუმენტები.

      მეორე მხრივ, დოკუმენტებს სირთულეები ახლავს თან (Baily 1994: 296 – 8). ისინი შეიძლება უაღრესად მიკერძოებული და შერჩევითი იყოს, ვინაიდან კვლევისთვის კი არ იყო განკუთვნილი, არამედ სულ სხვა მიზნით, სხვა აუდიტორიისთვის და სხვა კონტექსტში დაიწერა. ისინი თავად შეიძლება იყოს მოვლენების ინტერპრეტაცია და არა - ობიექტური ანგარიში. ფაქტიურად, ცვეთა და „შერჩევითი გადარჩენა“, ავტორისეულ სელექციურ ინტერპეტაციასთან ერთად, შეიძლება შესასწავლი სიტუაციის არასრულ ჩანაწერს ქმნიდეს. ზოგიერთი დოკუმენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მკვლევარს მათზე არ მიუწვდებოდეს ხელი, ამიტომ შეზღუდული იყოს მათი შესწავლა. როდესაც დოკუმენტები არსებობს, ისინი იმდენად მრავალფეროვანი ფორმით შეიძლება იყოს მოცემული, რომ სტანდარტული ანალიტიკური ფორმის გამოყენება შეუძლებელი გახდეს (მაგალითისთვის იხილეთ კონტენტ ანალიზი, რომელიც 23-ე თავშია განხილული). გარდა ამისა, დოკუმენტები საკუთარ კონტექსტში უნდა იქნას შესწავლილი, რათა გასაგები გახდეს მათი იმდროინდელი მნიშვნელობა. ამის გასაგებად მარტივი მაგალითიც საკმარისია: ასი გირვანქა სტერლინგი დღეს შეიძლება მცირე თანხად გვეჩვენებოდეს, მაგრამ როდესაც დოკუმენტი დაიწერა, ვთქვათ, 200 წლის წინ, ეს 100 გირვანქა სტერლინგი დიდი ფული იქნებოდა.

      დოკუმენტური კვლევის დაწყებამდე კითხვების ამომწურავი და, ალბათ, საშინლად გრძელი ჩამონათვალია პასუხგასაცემი.

დოკუმენტის კონტექსტი

  • რა დოკუმენტია?
  • საიდან მოვიდა?
  • როდის დაიწერა?
  • რა სახის დოკუმენტია?
  • რას შეეხება?
  • რაზე ფოკუსირდება?
  • რა თავდაპირველი განზრახვები და მიზნები (ღია და/ან ფარული) ჰქონდა დოკუმენტს?
  • რატომ და რისთვის დაიწერა?
  • რა პოლიტიკური და სოციალური კონტექსტი ჰქონდა დოკუმენტს?
  • რა მოსალოდნელი შედეგები ჰქონდა დოკუმენტს?
  • როგორ გამოიყენეს/აპირებდნენ გამოყენებას?
  • რეალურად როგორ გამოიყენეს?
  • რა ეფექტები/შედეგები ჰქონდა დოკუმენტს?
  • რა ფუნქცია შეასრულა დოკუმენტმა საკვლევ ფენომენში ან სიტუაციაში?
  • სხვა რომელ დოკუმენტებს ეყრდნობოდა, ან სხვა რა დოკუმენტები გამოიყენეს შესასწავლ დოკუმენტთან ერთად?
  • რა გეგმაში იყო გათვალისწინებული მოცემული დოკუმენტი?
  • ვინ იყო დოკუმენტის თავდაპირველი სავარაუდო აუდიტორია?
  • რა სტატუსი ჰქონდა და აქვს დოკუმენტს?
  • თავდაპირველად რა კონტექსტი ჰქონდა დოკუმენტს?
  • რა სტილით და ტონით არის შესრულებული დოკუმენტი?
  • რას მოიცავს და რას გამორიცხავს დოკუმენტი?
  • რას გულისხმობს დოკუმენტის ავტორი (ავტორები) თავისთავად არსებულად მკითხველში (მკითხველებში)?

დოკუმენტის ავტორი

  • ვინ დაწერა დოკუმენტი?
  • რა დასკვნა შეიძლება ავტორის შესახებ?
  • რა ინტერესები ჰქონდა ავტორს?
  • რა სტატუსი/პოზიცია/ცოდნა/შესაძლებლობა ჰქონდა ავტორს (ავტორებს)?
  • რა ამბობს დოკუმენტი მისი ავტორის (ავტორების) შესახებ?

მკვლევარი და დოკუმენტი

  • როგორ უნდა წავიკითხოთ დოკუმენტი?
  • ვის ეკუთვნის/ეკუთვნოდა დოკუმენტი (მაგალითად, მკვლევარს, სხვებს)?
  • მკვლევარი პირადად იცნობს თუ არა დოკუმენტის ავტორს (ავტორებს), ანუ რა ურთიერთობაა მკვლევარსა და ავტორს (ავტორებს) შორის?
  • ესწრებოდა თუ არა მკვლევარი დოკუმენტში აღწერილ მოვლენებს (დგება მკვლევრის ეფექტის საკითხი)?
  • რამდენად ახლოს ან შორს იყო/არის მკვლევარი მონაწილეებისგან?
  • რა (დამატებითი) ინფორმაცია სჭირდება მკვლევარს და აუდიტორიას დოკუმენტის გასაგებად?
  • როგორ შეიძლება დოკუმენტის გამოყენება კვლევაში, ან უნდა იყოს თუ არა ის გამოყენებული?
  • როგორ ახდენს დოკუმენტი მკვლევრის ორგანიზებას?
  • როგორი შეიძლება იყოს დოკუმენტის საუკეთესო ანალიზი?
  • რას გეუბნებათ დოკუმენტი თქვენ, როგორც მკითხველს/მკვლევარს?
  • თქვენ, როგორც მკითხველს/მკვლევარს რა წვლილი შეგაქვთ დოკუმენტის უკეთ გაგებაში?
  • დოკუმენტის რა ალტერნატიული ინტერპრეტაციებია შესაძლებელი და სანდო? როგორ ასაბუთებს მკვლევარი არჩეულ ინტერპრეტაციას?
  • დოკუმენტის კითხვისას სანდოობისა და ვალიდობის რა პრობლემები დგება?
  • რა ადგილი უკავია დოკუმენტს მთლიან კვლევაში?

      აქ დოკუმენტის სანდოობისა და ვალიდობის საკითხები დგება.

      დოკუმენტები სოციალური პროდუქტია და ამიტომ ისინი უბრალოდ კი არ უნდა მიიღონ, არამედ მათ შესახებ კითხვები უნდა დაისვას და პასუხები გაეცეს. დოკუმენტები ხშირად შერჩევითია, მიზანმიმართულად გამორიცხავს გარკვეულ დეტალებს, ან ინფორმაციას და თავიანთ მიზნებსა და აუდიტორიას ემსახურება და არა - მკვლევარს. დოკუმენტები რამდენიმე კონტინუუმზე თავსდება, მაგალითად:

  • ფორმალური/ოფიციალური – არაფორმალური/არაოფიციალური
  • გამოქვეყნებული – გამოუქვეყნებელი
  • საზოგადოებრივი საკუთრება – პირადი ქაღალდები
  • ანონიმური – ავტორიანი
  • ფაქტები – რწმენები
  • პროფესიული – სამოყვარულო
  • მიმოქცევისთვის – არამიმოქცევისთვის

      დოკუმენტების ამ რამდენიმე კონტიმუუმზე განთავსება მკვლევარს, შეიძლება, ზემოთ დასმული კითხვების გრძელ სიაზე პასუხის გაცემაში დაეხმაროს.

დოკუმენტური ანალიზის სანდოობა და ვალიდობა

      ვალიდობა შეიძლება ძლიერი იყოს პირველ პირში დაწერილ ან კონკრეტული მიზნისთვის შექმნილ დოკუმენტებში (Bailey 1994: 317). თუმცა ეს მიზანი შეიძლება არ თანხვდებოდეს კვლევის მიზანს და ამით ირღვეოდეს მისი ვალიდობა. ადრე აღვნიშნეთ, რომ მიკერძოებულობის პრობლემა, შერჩევითობა, აუტიდორიის კუთვნილება და კვლევის მიზნებისგან განსხვავებული ზრახვები, ცვეთა და შერჩევითი გადარჩენა - ეს ყველაფერი აზიანებს ვალიდობას. ისტორიულ კვლევაში დიდ ყურადღებას უთმობენ აუთენტურობასა და წარმომავლობას და დოკუმენტები ქიმიურ ანალიზსაც კი შეიძლება დაუქვემდებარონ (მაგალითად, მელნის, ქაღალდის, პერგამენტის და ა. შ.) გაყალბებების გამოსავლენად. ბეილი (1994: 318) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ზედაპირული და კონსტრუქტის ვალიდობა დოკუმენტებში შეიძლება უფრო ძლიერი და მეტად საკმარისი იყოს, ვიდრე ვალიდობის სხვა ფორმები, თუმცა სხვა დოკუმენტებით განმტკიცება მაინც უნდა მოხდეს, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება სანდოობას, ვინაიდან გარკვეული დოკუმენტები შეიძლება უაღრესად სუბიექტური იყოს, შედარებით და დასაბუთებით სანდოობის მიღწევაც შეიძლება. მკვლევარმა უნდა განაცხადოს სანდოობის სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესახებ. სკოტი (1990) დოკუმენტების გამოყენებისას ვალიდობისა და სანდოობის ოთხ კრიტერიუმს ასახელებს: აუთენტურობა, დამაჯერებლობა (სიზუსტის, ლეგიტიმურობისა და გულწრფელობის ჩათვლით), რეპრეზენტაციულობა (ხელმისაწვდომობის ჩათვლით და რომელმა დოკუმენტებმაც გაუძლო დროის მსვლელობას) და მნიშვნელობა (რეალური და ინტერპრეტაციული). ხშირად ძნელია დოკუმენტში ფაქტის გამიჯვნა ინტერპრეტაციისგან და ასევე გამოიყენება კვლევაში. დოკუმენტების გაგება ჰერმენევტიკული საქმიანობაა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. გიდენსი (1979) შენიშნავს, რომ მკვლევრებმა „ორმაგი ჰერმენევტიკით“ უნდა იცხოვრონ, ანუ მოახდინონ სამყაროს ინტერპრეტაცია, რომელიც უკვე ინტრპრეტირებულია მონაწილეების მიერ, პრეინტერპრეტირებულია. აქტორები, ანუ მონაწილეები სამყაროს ინტერპრეტაციას ახდენენ, ანუ მნიშვნელობებს მიაწერენ. საქმე უფრო შორს მიდის. დოკუმენტებში რეალური მოვლენებია ასახული, ამიტომ სოციალური მოვლენების წერილობითი მონაცემები მეორე ხელის მონაცემები ხდება, ვინაიდან ისინი სამყაროს მკვლევრისეული/ავტორისეული ინტერპრეტაციების/დასკვნების სახით შუამავალ რგოლს გადიან ქმედებიდან წერისკენ - ჰერმენევტიკა სამმაგდება. დოკუმენტები სამყაროს და იმ ქმედების ნაწილია, რომელსაც აღწერენ. შემდეგ მკვლევარი/მკითხველი თავის ინტერპრეტაციას/დასკვნას მიაწერს დოკუმენტს - ეს უკვე ოთხმაგი ჰერმენევტიკაა. თითოეულ ამ ოთხ ეტაპზე შეიძლება შემოვიდეს ინტერპრეტაცია, დასკვნა და მიკერძოება, შედეგად კი - არასანდოობა. როგორც კონელი და კლანდინინი (1997: 84) აღნიშნავენ, ველზე მოპოვებული ტექსტის კვლევის ტექსტად გარდაქმნა (მზარდი) ინტერპრეტაციის პროცესია. ავტორები თვლიან, რომ საველე ტექსტები და დოკუმენტები დახურულია რეალური გამოცდილებისთვის, რომელიც მკლევარს აინტერესებს, ხოლო კვლევის ტექსტები უფრო შორს არის. ეს მანძილი არასანდოობისა და არავალიდობის მატებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარი აცნობიერებს და ითვალისწინებს ამას, იცის კვლევის შეფასების კრიტერიუმები და საკითხების მოგვარების ზოგიერთი გზაც (ანუ რეფლექსიურობა), ამით, შესძლოა, კი არ გადაიჭრას პრობლემა, არამედ - გამოითქვას და დაფიქსირდეს.

      საქმე ისაა, რომ მკვლევარი უკიდურესი სიფრთხილით უნდა მიუდგეს დოკუმენტების გამოყენებას. ვინაიდან დოკუმენტებს თავიანთი საკუთარი ცხოვრება აქვს, მოვლენების ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ. როგორც პრიორი (2003: 26) ამბობს, შინაარსი შეიძლება სულაც არ იყოს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი და დოკუმენტი „სიტუაციური პროდუქტია“. ისინი სოციალური ინტერაქციის წარმმართველები, არხები, მედიატორები (ფილტრები) და შედეგებია (სტრუქტურირების გიდენსისეული თეორიის ნათელი მაგალითი). დოკუმენტის გაგებაში არსებით როლს ასრულებს მათი კონტექსტის გაგება. დოკუმენტები მრავალდონიანია და ამ მრავალ დონეზე უნდა მოხდეს მათი ინტერპრეტირება. ამასთან, საჭიროა მათი კონტექსტში მოთავსება და განხილვა.

      კვლევაში დოკუმენტების გამოყენების ზოგიერთი ასპექტის დეტალური ანალიზისთვის მკითხველს პრიორის (Prior 2003) შრომაზე მივუთითებთ.


[1] თუმცა, თავად ისტორიკოსები, ჩვეულებრივ, უარს ამბობენ თავიანთი ნაშრომების ასეთ პირდაპირ გამოყენებაზე და იშვიათად აკეთებენ ამას იმ მოსაზრებით, რომ შეუძლებელია ერთმანეთს გაუტოლდეს ორი მოვლენა, ან კონტექსტუალური ვითარება, რომელიც გეოგრაფიულად და დროში დაშორებულია ერთმანეთს. როგორც პოპულარულ გამოთქმაშია, „ისტორია არასოდეს მეორდება“ და ამიტომ „ერთადერთი, რაც ისტორიიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, ისაა, რომ ჩვენ არაფრის სწავლა არ შეგვიძლია ისტორიიდან“.

[2] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ნიშნავს ცვლილებების მხარდაჭერას. მისი საწინააღმდეგოა კონსერვატიზმი.

ტეგები: Qwelly, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 3579

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters