განათლების სფეროში კვლევის დაგეგმვა

      კვლევის დაგეგმვა განათლების სფეროში არ არის შემთხვევითი საქმე. თავად კვლევა უცილობლად ეთიკური წამოწყებაა. ამის საჩვენებლად ეთიკურ საკითხებს წიგნის დასაწყისშივე განვიხილავთ. მკვლევართა საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ კვლევის შედეგებს, უფლება აქვთ, მოელოდნენ, რომ კვლევა ზუსტად, სკრუპულოზურად და ეთიკურად გამართლებული სახით ჩატარდება. ეს კი დეტალურ დაგეგმვას აუცილებელს ხდის. ამ ნაწილში დაგეგმვის ძირითად საკითხებს გავეცნობით. კვლევის დაგეგმვის სულ ადრეულ ეტაპზე უნდა განვიხილოთ შერჩევის, სანდოობისა და ვალიდობის საკითხები და წიგნის ეს ნაწილი სწორედ მათ ეძღვნება. ამ რთულ საკითხებს მკითხველს მეთოდურად წარვუდგენთ. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩართულია ახალი თავი, რომელიც განათლების სფეროში სენსიტიური საკითხების კვლევას ეხება. სენსიტიურობა მოიაზრება არა მარტო შინაარსის თვალსაზრისით, არამედ _ პროცესის, მიზნის, შედეგისა და გამოყენების თვალსაზრისითაც. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხშირად თავად ხელმისაწვდომობაც სენსიტიური თემაა და ეს მთავარი საკითხი უნდა იყოს კვლევის დაგეგმვისას. აქვე მოცემულია მთელი რიგი დაგეგმვის შესაძლო ვარიანტებისა, რათა შერჩევის პროცედურების, სანდოობისა და ვალიდობის ვერსიების საბოლოო დადგენა მიზნისთვის შესატყვისობის საფუძველზე მოხდეს, წინასწარ განიჭვრიტოს და გადაიჭრას კვლევის სენსიტიური საკითხები.

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი I

შესავალი

      კვლევაში ეთიკური პრობლემების არსებობის ცოდნა ფასეული ლიტერატურის მატებასა და კვლევის პრაქტიკის მარეგულირებელი კოდექსების გამოჩენაში აისახება, რასაც სხვადასხვა სააგენტო და პროფესიული გაერთიანებები ქმნიან.[1] მთავარი ეთიკური დილემაა წონასწორობის შენარჩუნება ჭეშმარიტების ძიებაში, ერთი მხრივ, პროფესიონალი მეცნიერებისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და, მეორე მხრივ, მონაწილეების უფლებებსა და ღირებულებებს შორის, რომელთაც კვლევა პოტენციურ საფრთხეს უქმნის. ეს ვითარება "ხარჯისა და სარგებლის თანაფარდობის" სახელით არის ცნობილი. ფრანკფორტ-ნახმიასმა და ნახმიასმა (Frankfort-Nachmias and Nachmias, 1992) ზოგადი შტრიხებით აღწერეს მისი არსი, რომელიც წარმოდგენილია 2.1. ჩანართში ამ ცნებას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით. მკვლევრების წინაშე მდგარმა ეთიკურმა პრობლემებმა შეიძლება იმრავლოს, როდესაც ზოგადიდან კერძოზე და აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე გადაინაცვლებენ.

      ეთიკური საკითხები შეიძლება მომდინარეობდეს იმ პრობლემებიდან, რომელსაც იკვლევენ სოციალური მეცნიერები და იმ მეთოდებიდან, რომელსაც ისინი იყენებენ ვალიდური და სანდო მონაცემების მისაღებად. ეს ნიშნავს, რომ ეთიკური საკითხები კვლევის ყოველ ეტაპზე წამოიჭრება. ისინი შეიძლება წარმოქმნას თავად კვლევითი პროექტის ბუნებამ (მაგალითად, ინტელექტის თავისებურებების ეთნიკური განსხვავებების კვლევა), კვლევის კონტექსტმა (წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარებული კვლევა), გამოსაყენებელმა პროცედურებმა (ძლიერი შფოთვის გამომწვევი ექსპერიმენტი), მონაცემების შეგროვების მეთოდებმა (ფარული დაკვირვება), მონაწილეთა ბუნებამ/მახასიათებლებმა ხომ არა? (ემოციური პრობლემების მქონე მოზარდები), შეგროვებული მონაცემების სახეობამ (უკიდურესად პიროვნული და სენსიტიური ინფორმაცია) და, ასევე, იმანაც, თუ, სად აღმოჩნდება და რა მსვლელობა მიეცემა ამ მონაცემებს (ისეთი ფორმით გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება მონაწილეები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს).


ჩანართი 2.1.

დანაკარგისა და სარგებლის თანაფარდობა

      დანაკარგისა და სარგებლის თანაფარდობა ფუნდამენტური ცნებაა, რომელიც ასახავს ძირითად ეთიკურ დილემას სოციალურ მეცნიერებაში. კვლევის დაგეგმვისას სოციალურმა მეცნიერებმა ერთმანეთს უნდა შეადარონ თავიანთი წამოწყების მოსალოდნელი სოციალური სარგებელი და კვლევაში მონაწილე ინდივიდების პიროვნული დანაკარგი. კვლევიდან მიღებული შესაძლო სარგებელი შეიძლება იყოს მნიშვნელვანი აღმოჩენები, რომელსაც თეორიული და გამოყენებითი ცოდნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე მივყავართ. თუ კვლევა ვერ განხორციელდება, ეს შეიძლება საზოგადოებას კვლევის შედეგებით მიღებული უპირატესობების დაკარგვისა და, საბოლოო ჯამში, ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ფასად დაუჯდეს. მონაწილეებისთვის დანაკარგში შეიძლება მოიაზრებოდეს ღირსების შელახვა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენა, სოციალური ურთიერთობებისადმი ნდობის დაკარგვა და დაქვეითებული თვითპატივისცემა. მეორე მხრივ, მონაწილეების სარგებელმა შეიძლება მიიღოს მეცნიერებაში შეტანილი წვლილის გამო კმაყოფილების, საკვლევი სფეროს შესახებ მეტი პიროვნული ცოდნის ფორმა. შესაძლო დანაკარგსა და სარგებელს შორის წონასწორობის შენარჩუნების პროცესი, უმთავრესად, სუბიექტურია და სულაც არ არის იოლი. არსებობს სულ რამდენიმე ან საერთოდ არ არსებობს აბსოლუტურად იდეალური გადაწყვეტილება, ამიტომ კვლევის შინაარსისა და პროცედურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მკვლევრებს უწევთ პროფესიული და პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე. დანაკარგისა და სარგებლის თანაფარდობა ბაზისური დილემაა, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებით ხშირად გვხვდება სოციალურ კვლევაში.

      წყარო: ადაპტირებულია Frankfort-Nachmias and Nachmias 1992


      წინამდებარე თავში წარმოგიდგენთ კონსენსუსს იმ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მკვლევარი. თითოეული კვლევა უნიკალური მოვლენაა და მკვლევართა ქცევა ვერ იქნება და, ფაქტობრივად, არც უნდა იყოს იძულებით მოქცეული ეთიკის უმკაცრეს, დაუნდობელ სისტემაში. როდესაც საქმე კონკრეტული მორალური პრობლემის მოგვარებამდე მიდის, თითოეულ სიტუაციაში ხშირად შესაძლებლობათა მთელი სპექტრია შემოთავაზებული.

      ამ თავში თანმიმდევრულად მიმოვიხილავთ ეთიკური სფეროს რამდენიმე საკითხს. ქვემოთ მოცემულია იმ წინასწარ განსახილველი საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც მკვლევარმა უნდა მოაგვაროს კვლევის დაგეგმვისას:

  • ინფორმირებული თანხმობა;
  • საკვლევ გარემოში შესვლის უფლების მოპოვება და ამ გარემოს მიერ მისი მიღება;
  • ზოგადად ეთიკის ბუნება სოციალურ კვლევაში;
  • დაძაბულობის წყაროები ეთიკურ დებატში: ზიანის არიდება, სარგებლიანობა და ადამიანის ღირსება, აბსოლუტური და რელატიური ეთიკა;
  • მკვლევრის წინაშე მდგარი პრობლემები და დილემები: პირადულობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა, ინფორმაციის გაცემა და მოტყუება;
  • კონკრეტული კვლევის მეთოდების ენდემური ეთიკური პრობლემები;
  • ეთიკა და შეფასებითი კვლევა;
  • მარეგულირებელი ეთიკური ჩარჩოები, კვლევის პრაქტიკის სახელმძღვანელოები და კოდექსები;
  • პრაქტიკის პირადი კოდექსები;
  • კვლევა, რომელსაც სპონსორი აფინანსებს;
  • პასუხისმგებლობები მკვლევართა საზოგადოების წინაშე.

      მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი საკითხებიდან ბევრი პროცედურულ ეთიკას შეეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ ეთიკა ეხება სწორსა და მცდარს, კარგსა და ცუდს, ამიტომ პროცედურული ეთიკა საკმარისი არ არის. მკვლევარმა უნდა გაიაზროს, როგორ დარჩება კვლევის მიზნები, შინაარსები, მეთოდები, ანგარიშები და შედეგები ეთიკური პრინციპებისა და პრაქტიკის ფარგლებში. თუმცა, მანამდე სხვა ფუნდამენტური ცნება უნდა განვიხილოთ, რომელსაც, დანაკარგებისა და სარგებლის თანაფარდობასთან ერთად, წვლილი შეაქვს ეთიკური პროცედურის საფუძვლებში. ეს არის ინფორმირებული თანხმობა.

ინფორმირებული თანხმობა

      სოციალური კვლევის დიდი ნაწილი საჭიროებს თანამშრომლობასა და თანხმობის მიღებას მონაწილეებისგან, რომლებიც დახმარებას უწევენ მკვლევრებს და მნიშვნელოვან პირებს იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სადაც ტარდება კვლევა. თუ ზოგიერთი კულტურა მკაცრად არ უდგება ინფორმირებული თანხმობის საკითხს, სხვაგან მისი მიღების მკაცრად გაწერილი ოქმები არსებობს. ფრანკფორტ-ნახმიასს და ნახმიასს (1992) მიაჩნიათ, რომ ინფორმირებული თანხმობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მონაწილეებმა უნდა განიცადონ სტრესი, ტკივილი, პირად სივრცეში შეჭრა ან თუ კონტროლი უნდა დაკარგონ იმაზე, რაც ხდება (მაგალითად, წამლების კვლევაში). ასეთ ინფორმირებულ თანხმობას სჭირდება სრული ინფორმაცია შესაძლო შედეგებისა და საშიშროების შესახებ.

      ინფორმირებული თანხმობის პრინციპი მონაწილის თავისუფლებისა და თვითგანსაზღვრის უფლებიდან მომდინარეობს. დემოკრატიულ გარემოში თავისუფლება ცხოვრების პირობაა და როდესაც ის იკრძალება და იზღუდება, აუცილებელია მისი გამართლება და უფლების მოპოვება ისევე, როგორც კვლევაში. ამგვარად, თანხმობა იცავს და პატივს სცემს თვითგანსაზღვრის უფლებას და მონაწილეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს, თუ კვლევაში რაღაც ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი იყო. თვითგანსაზღვრის უფლების ნაწილია უარი მონაწილეობაზე ან კვლევიდან გამოთიშვა მისი დაწყების შემდეგ (იხ. Frankfort-Nachmias and Nachmias 1992). ამრიგად, ინფორმირებული თანხმობა ინფორმირებულ უარსაც მოიცავს.

      ინფორმირებული თანხმობა დაინერმა და კრენდელმა განსაზღვრეს (Diener and Crandall 1978), როგორც "პროცედურა, რომლის დროსაც ინდივიდი მას შემდეგ აკეთებს არჩევანს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კვლევაში, რაც გაეცნობა ფაქტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მის გადაწყვეტილებებზე". ეს განსაზღვრება ოთხ ელემენტს მოიცავს: კომპეტენტურობას, ვოლუნტარიზმს, სრულ ინფორმაციას და გაგება-გააზრებას.

      კომპეტენტურობა გულისხმობს, რომ პასუხისმგებლობის მქონე, მოწიფული ინდივიდები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ მათ არსებითი ინფორმაცია მიეწოდებათ. მკვლევრის მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ კვლევაში არ დააკავოს ისეთი ინდივიდები, რომელთაც მოუმწიფებლობის ან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო არ შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.

      ვოლუნტარიზმი გულისხმობს ინფორმირებული თანხმობის პრინციპის გამოყენებით ინდივიდთა თავისუფალი არჩევნის უზრუნველყოფას კვლევაში მონაწილეობის (ან არ მონაწილეობის) შესახებ და გარანტიას, რომ რისკის წინაშე დადგომა ნებაყოფლობითია და ინფორმირებულობაზეა დაფუძნებული. ეს ელემენტი შეიძლება პრობლემური იყოს, განსაკუთრებით, სამედიცინო კვლევის სფეროში, სადაც "საცდელ კურდღლებად" არაინფორმირებულ პაციენტებს იყენებენ.

      სრული ინფორმაცია გულისხმობს, რომ თანხმობა სრულად ინფორმირებულია, თუმცა პრაქტიკაში ხშირად შეუძლებელია, რომ მკვლევარმა მონაწილეს ყველაფერი უთხრას, მაგალითად, რა სტატისტიკურ პროცედურებს გამოიყენებს მონაცემების დამუშავებისას, მით უფრო, როგორც შემდგომში ვნახავთ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკვლევრებმა თავად არ იციან ყველაფერი კვლევის შესახებ. ასეთ ვითარებაში საკმარისად ინფორმირებული თანხმობის სტრატეგია უნდა გამოიყენონ. 2.2 ჩანართში მოცემულია რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება და საკმარისად ინფორმირებული თანხმობის იდეას ეფუძნება.[2]

      გაგება-გააზრება გულისხმობს, რომ მონაწილეებს სრულად ესმით კვლევითი პროექტის ბუნება მაშინაც კი, თუ პროცედურები რთულია და რისკის შემცველი. სასურველია, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მონაწილეებმა სრულად გააცნობიერონ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებიან თანხმობის შემთხვევაში. ეს შესაძლებელია, მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მონაწილეების გამოყენებით, კონსულტანტის მოწვევით სირთულეების ასახსნელად, ანდა მოსაფიქრებელი დროის მიცემით კვლევის დაწყებამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე.

      თუ ეს ოთხი ელემენტი სახეზეა, მკვლევარს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მონაწილის უფლებები სათანადოდ იქნება გათვალისწინებული. თუმცა, როგორც ფრანკფორტ-ნახმიასი და ნახმიასი (1992) აღნიშნავენ, ინფორმირებული თანხმობა ყოველთვის შეიძლება არ იყოს აუცილებელი (მაგალითად, შეიძლება ტყუილის გამართლება), მაგრამ არსებობს ზოგადი წესი: რაც მეტია რისკი, მით უფრო მნიშვნელოვანია ინფორმირებული თანხმობის მიღება.


ჩანართი 2.2.

რეკომენდაციები საკმარისად ინფორმირებული თანხმობისთვის

      1. საჭიროა პროცედურების და მათი მიზნების გასაგებად ახსნა;
2. წინასწარგანჭვრეტილი თანმხლები დისკომფორტისა და რისკების ახსნა;
3. წინასწარგანჭვრეტილი სარგებლის აღწერა;
4. სათანადო ალტერნატიული პროცედურების მოძიება, რომელთაც შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ მონაწილეებისთვის;
5. პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შეთავაზება;
6. ახსნა, რომ მონაწილეს შეუძლია უარის თქმა და ნებისმიერ დროს პროექტიდან გამოთიშვა, რაც მის წინააღმდეგ განწყობას არ გამოიწვევს.

      წყარო: Us Department of health, Education and Welfare et al. 1971


      რუანი (Ruane 2005:21) კითხულობს: "რა მოცულობის ინფორმაციაა საკმარისი?" ის ამტკიცებს, რომ შეიძლება რაღაც არ ვიცოდეთ და არ არის აუცილებელი, განზრახ არ მივაწოდოთ ინფორმაცია. ამასთან, ინფორმაციის მიწოდებამ, შეიძლება, არა მარტო შედეგები გახადოს ტენდენციური (ანუ კვლევის სისუფთავისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ არაფერი იცოდეს მისი მიზნების ან შინაარსის შესახებ. ამის მაგალითად გამოდგება მილგრემის ექსპერიმენტი, იხ. თავი 21), არამედ რეალურად დააბნიოს რესპონდენტებიო, - ამბობს იგი.

      ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ზოგიერთი კვლევის მეთოდი, რომელშიც პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმირებული თანხმობის მიღება. მაგალითად, ფარული დაკვირვება, რომელიც გამოიყენეს გლაზგოს ბანდის პატრიკისეულ (1973) კვლევაში (თავი 11), ან მოტყუების შემცველი ექსპერიმენტული ტექნიკები, როგორიც იყო მილგრემის ძალაუფლების მორჩილების ექსპერიმენტი (თავი 21). ასეთი მეთოდები თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხავენ სხვა ვარიანტს. ამასთან, ცხადია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ თანხმობის მიღებისდა მიუხედავად, მაინც წარმოიქმნას პრობლემები. ბარგესი (Burgess 1989), მაგალითად, აღწერს საკუთარ კვლევას, რომელის დროსაც მასწავლებლებს უთხრეს, რომ ტარდებოდა კვლევა, მაგრამ შეუძლებელი იყო ზუსტად თქმა, თუ რა სახის მონაცემები შეიკრიბებოდა და როგორ გამოიყენებდნენ მათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდები არ იყვნენ სრულად ინფორმირებულნი, თანხმობა არ იქნა მიღებული და დაირღვა მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. თუმცა, როგორც ზოგადი წესი, ინფორმირებული თანხმობა მნიშვნელოვანი პრინციპია. სწორედ ეს პრინციპი შექმნის მკვლევარსა და კვლევის მონაწილეებს შორის იმპლიციტური შეთანხმების საფუძველს და მასზე იქნება შესაძლებელი შემდგომი ეთიკური მოსაზრებების აგება.

      ინფორმირებული თანხმობის შესახებ აქამდე გამოთქმული მოსაზრებებიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ვუშვებთ წყვილებს შორის ურთიერთობას, მაგალითად, მკვლევარი და მასწავლებლები, ან კვლევის პროფესორი და დოქტორანტები. ეს დაშვება საფუძვლად უდევს ეთიკური ხასიათის მრავალ დისკუსიას ზოგადად კვლევით ლიტერატურაში. თუმცა, განათლების სფეროს კვლევის დიდ ნაწილში ჩართული არიან ბავშვებიც, რომელთაც ვერ მივიჩნევთ მკვლევართან თანაბარ პირობებში მყოფებად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევის ყველა ეტაპზე გვახსოვდეს, იმ მომენტის ჩათვლით, როდესაც ინფორმირებული თანხმობის მიღებას ვცდილობთ. ამასთან დაკავშირებით გირჩევთ ფაინისა და სენდსტრომის (Fine and Sandstrom 1988) მნიშვნელოვან ნაშრომს. მათ მიერ წარმოებული ეთნოგრაფიული კვლევა, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მონაწილის დაკვირვებას მოიაზრებდა, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ასიმეტრიაზე ფოკუსირდება, რომელიც პატარა მონაწილეებისგან ინფორმირებული თანხმობის მიღებისა და მათთვის კვლევის გასაგებად ახსნის პრობლემებთან მიმართებით არსებობს. სახელმძღვანელო პრინციპის სახით ისინი გვირჩევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასურველია ბავშვებისა და უფროსი/ზრდასრული მკვლევრების უფლებებს შორის სხვაობის შემცირება, ეს განსხვავება მაინც დარჩება და მისი მთლიანად აღმოფხვრა შეიძლება ეთიკურად არამიზანშეწონილიც კი იყოს.

      არსებობს ინფორმირებული თანხმობის (ან უარის) პრობლემის სხვა ასპექტები, რომლებიც პატარა ან ძალიან პატარა ბავშვებს უკავშირდება. მათთან დაკავშირებული ინფორმირებული თანხმობის მიღება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მკვლევრები პოტენციურ მონაწილეებზე პასუხისმგებელ უფროსებს ხვდებიან და მათგან ცდილობენ უფლების მიღებას, მეორე ეტაპზე კი თავად პატარებს ესაუბრებიან. ასეთი უფროსი შეიძლება იყოს მშობელი, მასწავლებელი, რეპეტიტორი, ფსიქიატრი, ახალგაზრდების ლიდერი ან გუნდის მწვრთნელი, გააჩნია კვლევის კონტექსტს. მათ უხსნიან კვლევის იდეას, პასუხს სცემენ ყველა კითხვაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებართვას იღებენ. ნებისმიერი მიზეზით წარმოქმნილი წინააღმდეგობა სათანადოდ იქნება გათვალისწინებული. უფროსებისაგან/ზრდასრულებისაგან ნებართვის მიღება შეიძლება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე თავად ბავშვებისგან, მაგრამ პატარების სენსიტიურობის გათვალისწინებით, მკვლევრებისთვის აუცილებელია ნებართვა მიიღონ ბავშვის თანმხლები უფროსი პირისგან. ბავშვებისგან თანხმობის მიღებისას მკვლევრებს შეიძლება გამოადგეთ ქვემოთ მოცემული წინასწარი კომენტარები.

      მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისგან ნებართვის აღება და თანამშრომლობის მიღწევა რაოდენობრივი კვლევის განუყოფელი ნაწილია (ბავშვი ვერ შეავსებს მარტივ კითხვარსაც კი, თუ ამის შესახებ გაფრთხილებული არ არის), თვისებრივ კვლევაში ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ მონაწილის დაკვირვებაზე, ფაინი და სენდსტრომი (1988) ამბობენ, რომ მკვლევარმა დამაჯერებლად და გასაგებად უნდა ახსნას თავისი მიზნები, განსაკუთრებით, ისეთ სიტუაციებში, სადაც ის არ არის ავტორიტეტი და ბავშვებს უნდა მიეცეთ რეალური და კანონიერი შესაძლებლობა, თქვან, სურთ თუ არა მონაწილეობის მიღება. ავტორები გვირჩევენ, რომ როდესაც მონაწილეები უარს ამბობენ, მათ აღარაფერი უნდა ვკითხოთ, აღარ უნდა ჩავიწეროთ მათი მოქმედებები და არ უნდა მოვიხსენიოთ (ფსევდონიმითაც კი) არცერთ წიგნსა თუ სტატიაში. ჯგუფის გარკვეული ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით უარს ამბობს მონაწილეობაზე, შეიძლება მოგვიანებით ჩართოს კვლევაში. ფაინი და სენდსტრომი (1988) თვლიან, რომ უარი ზოგჯერ მკვლევრისადმი უნდობლობით არის გამოწვეული. ისინი ფიქრობენ, რომ, როდესაც, მოგვიანებით, მკვლევარი უკეთეს ურთიერთობას დაამყარებს ჯგუფთან, ისინი, ვინც დასაწყისში უარი თქვა, შეიძლება ისევ დაბრუნდნენ და, სავარაუდოდ, პირადად მიმართონ მკვლევარს თხოვნით, ჩართოს კოლექტივში.

      განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ბავშვების ორი კონკრეტული ჯგუფი: ძალიან პატარების და მათი, ვისაც არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. მკვლევრებმა, რომლებიც საბავშვო ბაღის ან ბაგის ასაკის ბავშვებთან აპირებენ მუშაობას, შეიძლება არ ჩათვალონ საჭიროდ კვლევის სავარაუდო მონაწილეებისგან ინფორმირებული თანხმობის მიღება მათი ასაკის გამო, მაგრამ ფაინი და სენდსტრომი (1988) სხვა რეკომენდაციას მისცემდნენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ვერ გაიგებენ, თუ რას ეხება კვლევა, ეს ავტორები ურჩევდნენ, რომ ბავშვებს რაღაც მაინც აუხსნან. მაგალითად, ამ ასაკის ბავშვებისთვის საკმარისი იქნება და მათი გაგების დონეს სავსებით შეესატყვისება ინფორმირებული თანხმობის ისეთი საზომი, როგორიცაა უფროსის მათთან ყოფნა და თამაში კვლევის დროს. როგორც ფაინი და სენდსტრომი ამბობენ:

      ვფიქრობთ, ბავშვებს შეძლებისდაგვარად ბევრი რამ უნდა ვუთხრათ მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი მათგანი ვერ იგებს სრულ განმარტებას. მათი ასაკი არ უნდა აკნინებდეს მათ უფლებებს, თუმცა მიწოდებულ განმარტებებში უნდა გავითვალისწინოთ მათი გაგების დონე.
(Fine and Sandstrom 1988)

      მეორე ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ დაინერისა და კრენდელის (1978) "კომპეტენტურობის" კრიტერიუმს (მაგალითად, ფსიქიკურ განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვების ჯგუფი. კვლევებში მათი მონაწილეობის შემთხვევაში "უფლებების დაცვის" საკითხი დგება). ასეთ ვითარებაში შეიძლება არსებობდეს ინსტიტუციური ან ადგილობრივი კანონმდებლობის ინსტრუქციები და თუ არ არსებობს, ინფორმირებული თანხმობის მიღების პირობები შეიძლება დაკმაყოფილდეს ნებართვის აღებით სასწავლო ნაწილისგან, რომელიც მშობლის ნაცვლად მოქმედებს ან, რომელსაც მშობლებმა მიანდეს ინფორმირებული თანხმობის მიცემის პასუხისმგებლობა.

      აქვე ორი გაფრთხილება: პირველი, როდესაც დაგეგმილია კვლევის უკიდურესი ფორმა, მშობლებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და მათგან მიღებულ უნდა იქნას თანხმობა. მეორე, რა კვლევაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა მონაწილეობდეს მასში, როგორც კი ბავშვი დისკომფორტის ან სტრესის ნიშნებს გამოავლენს, კვლევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბავშვებთან მუშაობისას საყურადღებო საკითხების უფრო დეტალური განხილვისთვის გირჩევთ შემდეგ წყაროებს: Graue and Walsh (1998); Greig and Taylor (1998); Holmes (1998).

      ინფორმირებული თანხმობა საჭიროებს რამდენიმე ფაქტორის ახსნასა და აღწერას. ზოგიერთი მათგანი მაგალითის სახით ქვემოთ არის წარმოდგენილი:

  • კვლევის მიზნები, შინაარსები და პროცედურები;
  • ნებისმიერი სავარაუდო რისკები და უარყოფითი შედეგები, დისკომფორტი ან შედეგები და მათთან გამკლავების გზები;
  • სარგებელი, რომელიც შეიძლება კვლევას ჰქონდეს;
  • მონაწილეობის სტიმულები და ჯილდო მონაწილეობისთვის;
  • უფლება იმისა, რომ საკუთარი ნებით უარი თქვას მონაწილეობაზე, პროექტიდან გამოთიშვისა და უკან დაბრუნების უფლება;
  • კონფიდენციალობისა და კვლევის, მონაწილეებისა და შედეგების საიდუმლოდ შენახვის უფლებები და მოვალეობები;
  • ნებისმიერი ალტერნატიული უკეთესი პროცედურის მოძიება;
  • მონაწილეებისთვის კვლევის ნებისმიერი ასპექტის თაობაზე კითხვების დასმის შესაძლებლობის მიცემა;
  • მონაწილეობაზე ხელმოწერილი კონტრაქტი.

      კიდევ მრავალი საკითხი არსებობს და მკვლევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ჩართავენ ინფორმირებულ თანხმობაში. მათ შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია მოხალისეობის საკითხი. ზოგიერთები შეიძლება მიიჩნევდნენ, რომ აიძულეს (მაგალითად, სკოლის დირექტორმა) კვლევაში მოხალისედ მონაწილეობა; ან არ სურთ მკვლევრის წყენინება მონაწილეობაზე უარის თქმით, ან ემორჩილებიან თანატოლთა ზეწოლას და თანხმდებიან (ან არ თანხმდებიან) მოხალისეობაზე, ანდა მკვლევრის მიზეზებისგან სრულიად განსხვავებული მიზეზებით სურთ მონაწილეობა (მაგალითად, სახელი გაუტეხონ სკოლის დირექტორს ან უფროს კოლეგებს, მოიპოვონ ფაკულტეტისთვის რესურსები, ან კოლეგების შექება დაიმსახურონ). მკვლევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ მოხალისეები ნამდვილად თავისუფალი არჩევანის საუძველზე იძლევიან ინფორმირებულ თანხმობას.

ხელმისაწვდომობა და ნებართვის მიღება

      ინფორმირებული თანხმობის პრინციპის მნიშვნელობა ცხადი ხდება კვლევითი პროექტის საწყის ეტაპზე, როდესაც დგება იმ ინსტიტუტის თუ ორგანიზაციის ხელმისაწვდომობის საკითხი, სადაც უნდა ჩატარდეს კვლევა. იქ შესაღწევად საჭიროა უფლებამოსილი პირისგან ნებართვის მიღება, რათა საქმეზე გადავიდეთ. ხელმისაწვდომობისა და ნებართვის მიღების ეტაპი იმიტომ გამოვყავით ცალკე, რომ ის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს მკვლევარს, წარმოაჩინოს თავისი ღირსებები, როგორც სერიოზულმა მეცნიერმა და ჩამოაყალიბოს საკუთარი ეთიკური პოზიცია დაგეგმილ კვლევასთან მიმართებაში.

      მკვლევრები არ უნდა მოელოდნენ, რომ მათ აქვთ საბავშვო ბაღში, სკოლაში, კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში უბრალოდ შესვლის უფლება. მათ უნდა აჩვენონ, რომ ისინი, როგორც მკვლევრები და ადამიანები, იმსახურებენ თანხმობა მიიღონ, რომ გამოიყენონ ის საშუალებები, რაც კვლევის განსახორციელებლად სჭირდებათ. ბელი (Bell 1991: 37) გვირჩევს, რომ ნებართვა ადრევე ავიღოთ სრულად ინფორმირებულ თანხმობასთან ერთად და ინდივიდებს კვლევაში მონაწილეობისგან მიღებულ შესაძლო სარგებელზე მივუთითოთ.

      ამგვარად, პირველი ეტაპი მოიცავს სამიზნე საზოგადოებაში კვლევის ჩატარებაზე ოფიციალური უფლების მიღებას. ეს ნიშნავს ზეპირი ან წერილობითი კონტრაქტის გაფორმებას სათანადო ოფიციალურ პირთან და/ან მის წარმომადგენელთან, სასწავლო ნაწილის გამგესთან ან დირექტორთან, თუ მკვლევარი სკოლაში აპირებს მუშაობას. შემდგომში საჭირო იქნება იმ მნიშვნელოვან ფიგურებთან დაკავშირება, ვინც იქნება პასუხისმგებელი ან დაეხმარება მკვლევარს კვლევის ორგანიზებასა და ადმინისტრირებაში. თუ კვლევაში ბავშვები მონაწილეობენ, ეს შეიძლება იყოს მოადგილე ან უფროსი მასწავლებელი. ვინაიდან მკვლევარი მნიშვნელოვნად იჭრება გარემოში და, სავარაუდოდ, არღვევს კიდეც მას, მან შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოიპოვოს და შეინარჩუნოს კლასის მასწავლებლის კეთილგანწყობა. თუ კვლევაში მასწავლებლები მონაწილეობენ, მკვლევარმა წინადადებით უნდა მიმართოს დაინტერესებულ მხარეებს და პირობებზე მოელაპარაკოს. თუ კვლევა სხვა ტიპის ინსტიტუტში უნდა ჩატარდეს, მაგალითად, ახალგაზრდულ კლუბში ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ორგანიზაციის სტრუქტურის განსხვავებულობისდა მიუხედავად, მიდგომა იგივე იქნება.

      კეთილი ნებისა და თანამშომლობის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაგეგმილი კვლევა დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს: ეთნოგრაფიული კვლევის შემთხვევაში, ალბათ, დღეებს, ლონგიტუდური კვლევის შემთხვევაში კი - თვეებს (ან, სავარაუდოდ, წლებს). ხელმისაწვდომობა არ არის დიდი პრობლემა, როდესაც, მაგალითად, ერთჯერად გამოკითხვაში რესპონდენტებმა მხოლოდ ნახევარი საათი უნდა დაუთმონ მკვლევარს, ან როდესაც მკვლევარი იმ ორგანიზაციის ჩვეულებრივი წევრია (შინაურია), სადაც კვლევა ტარდება. თუმცა, ბოლო შემთხვევის მსგავს სიტუაციებში, ზოგადად, არასწორია, რომ თანამშრომლობა გარანტირებულად ჩაითვალოს. ხელმისაწვდომობის პრობლემა გაცილებით მნიშვნელოვანია და მეტ მომზადებას მოითხოვს ისეთ შემთხვევებში, როდესაც კვლევის პროცედურები ექსტენსიური და რთულია, გამოიყენება განვითარების ან ლონგიტუდური დიზაინი, ანდა, როცა მკვლევარი არ არის სამიზნე საზოგადოების წევრი. 2.3 ჩანართში წარმოდგენილია ხელმისაწვდომობის სხვადასხვა სახის პრობლემა, რომლებიც შეიძლება მუშაობისას წარმოქმნას გაჩნდეს? (Foster 1989).


ჩანართი 2.3.

უშუალო კონტაქტი მკვლევრის გადმოსახედიდან

      კოლეჯის თანამშრომელთა წინაშე ჩემს პირველ გამოჩენას ოთახში წიგნებისა და სკამების მიწევ-მოწევა და ჩემთვის კომფორტული დასაჯდომი ადგილის გამონახვა მოჰყვა. ჯგუფის ხელმძღვანელი ფეხზე დამდგარი მესაუბრებოდა. დროის გასვლასთან ერთად, ჩემი იქ ყოფნა თითქმის ჩვეულებრივ ამბად იქცა და, მოგვიანებით, როდესაც მოვლენები ხელმძღვანელთა უსაფრთხოებას დაემუქრა, მე ყურადღება აღარავინ მომაქცია. არავინ დაინტერესებულა, მჭირდებოდა თუ არა რაიმე სახის დახმარება. ჩემს კითხვებზე ზედაპირულ პასუხებსა და დაბნეულ მზერას ვიღებდი, რასაც ქაღალდების დასტით დატვირთული შეწუხებული ადამიანების გაუჩინარება სდევდა თან. სამწუხაროდ, როდესაც ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, როდესაც მათ სამყაროს ისეთი ცვლილება ემუქრება, რომელსაც თავად ვეღარ აკონტროლებენ, არის ალბათობა იმისა, რომ ისინი თავიანთ წრეში მყოფ ადამიანებს არაპროგნოზირებულად მოექცნენ, თუ მათთვის ბუნდოვანია ამ ადამიანების როლი; მკვლევრის როლი კი იშვიათად არის გასაგები მისთვის, ვინც თავად არ არის კვლევაში ჩართული.

      წყარო: Foster 1989: 194


      მას შემდეგ, რაც გაირკვევა ოფიციალური და მნიშვნელოვანი ფიგურები, ვისგანაც უნდა მიიღონ ნებართვა, სანამ რეალურად შეხვდებიან მათ, მკვლევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი კვლევა და მისი ფარგლები. თუ კვლევის მთლიანი სქემის მხოლოდ წინასწარი მონახაზი აქვთ, სასურველია, მთლიანობაში კარგად ჰქონდეთ წარმოდგენილი, რა შეიძლება მოჰყვეს კვლევას, (წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება, მოგვიანებით, პრობლემები შეგვექმნას). ამ თვალსაზრისით, მკვლევრებმა, მაგალითად, უნდა განსაზღვრონ: კვლევის მიზნები; მისი პრაქტიკული გამოყენება, თუ ასეთი არსებობს; გამოსაყენებელი სქემა, მეთოდები და პროცედურები; შერჩევის ანუ ჯგუფების ხასიათი და ზომა; რა ტესტებს მიაწოდებენ და როგორ; რა აქტივობებს დააკვირდებიან; რომელ მონაწილეებთან ჩაატარებენ ინტერვიუს; რა არის საჭირო დაკვირვებისთვის; რა დროა საჭირო; პროცესის ჩაშლის სავარაუდო ხარისხი; მონაცემების კონფიდენციალობის გარანტირებისთვის (თუ ეს აუცილებელია) საჭირო ღონისძიებები; უკუკავშირის როლი და ის, თუ როგორ გავრცელდება კვლევის შედეგები; კვლევისთვის საჭირო მთლიანი დროის განაწილება და, ბოლოს, სჭირდებათ თუ არა დახმარება კვლევის ორგანიზებასა და ადმინისტრირებაში.

      ასეთი დაგეგმვისა და წინასწარი განჭვრეტის პირობებში მკვლევრებსაც და ინსტიტუტებსაც ზუსტად ეცოდინებათ, თუ რა მოთხოვნებს უყენებს კვლევა როგორც კვლევის მონაწილეებს (იქნებიან ისინი მოსწავლეები თუ მასწავლებლები), ისე - ორგანიზაციებს. ეს მოსალოდნელი, განსაკუთრებით, პრაქტიკული ხასიათის პრობლემების განჭვრეტისა და გადაჭრის კარგი შესაძლებლობაცაა. მაგალითად, გრძელი და რთული კითხვარი შეიძლება ზედმეტ მოთხოვნებს უყენებდეს კონკრეტული კლასის 13 წლის ბავშვების გაგების უნარსა და ყურადღების მოცულობას, ანდა შედარებით გამოუცდელი მასწავლებლისთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს უწყვეტი კონტროლი კვლევის პერიოდში. მას შემდეგ, რაც ასეთი ინფორმაცია დახარისხდება და დაიწურება, მკვლევრებს თავდაჯერებით შეეძლებათ თავიანთი გეგმების განხილვა ინფორმირებულობის, ღიაობისა და გულწრფელობის ვითარებაში (თუმცა, როგორც ვნახავთ, არც თუ ძალიან ღიად), ამ გზით შესაძლოა, უფრო სწრაფად მიიღონ საკვლევ გარემოში შესვლის ნებართვა და მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ მასპინძლები თავისებურად აღიქვამენ მკვლევრებსა და მათ მიზნებს და ეს აღქმა დადებითი უნდა იყოს. მკვლევრებს შეუძლიათ მაქსიმალურად დადებითად იმოქმედონ მათ აღქმებზე, თუ კომპეტენტურ, სანდო და თავაზიან ადამიანებად წარმოჩინდებიან.

      ამ წინასწარი ინფორმაციის მოგროვების შემდეგ, მკვლევრები სათანადოდ ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის: სავარაუდოდ, გასაცნობი წერილის გაგზავნის შემდეგ, რეალურად ამყარებენ პირად კონტაქტს შესაბამის ადამიანებთან ორგანიზაციაში შესვლაზე მოსალაპარაკებლად. თუ კვლევა უნივერსიტეტის ფარგლებში ტარდება, მათ თავიანთი უნივერსიტეტისა და ზედამხედველის მხარდაჭერა ექნებათ. ფესტინგერი და კაცი (Festinger and Katz 1966) თვლიან, რომ მართლაც ეკონომიურია, თუ თანხმობისა და თანამშრომლობის პირობის მისაღებად პირდაპირ ჩვენთვის საინტერესო ორგანიზაციის ან სისტემის ხელმძღვანელობასთან დავამყარებთ კონტაქტს. ეს განსაკუთრებით ძალაშია, როდესაც სტრუქტურა მკაფიოდ იერარქიულია და დაბალი დონის მუშაკები ყოველთვის დამოკიდებული არიან თავიანთ უფროსებზე. ავტორები თვლიან, რომ, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, კვლევის ბუნების საკითხი მაინც მიაღწევს ორგანიზაციის მმართველობამდე და გაცილებით მეტი შანსია, რომ მკვლევრისთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუ თავიდანვე მმართველებთან დაიჭერს საქმეს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ხელმძღვანელები უფრო სამართლიანი და ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი იყვნენ, ვიდრე შედარებით ქვედა საფეხურზე მდგომი მუშაკები, რომლებიც, უსაფრთხოების გარანტიის არქონის გამო, შეიძლება ნაკლებად დათანხმდნენ თანამშრომლობაზე.

      ფესტინგერი და კაცი (1996) ორგანიზაციაში შესვლის მარტივი გზების გამოყენებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, როდესაც საქმე ნებართვის მიღებას ეხება. მკვლევარმა, შეიძლება, ურთიერთობის დამყარება სცადოს ისეთ ინდივიდებთან და ჯგუფებთან, რომელთაც თავიანთი კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ და კვლევას მათი მიღწევის საშუალებად თვლიან, ნაცვლად იმისა, რომ ყველა მხარის ინტერესი თანაბრად გაითვალისწინონ და შედეგები ერთნაირად ხელმისაწვდომი გახადონ ყველა ჯგუფისა და პიროვნებისთვის (Festinger and Katz 1966). ამგვარად, მკვლევრებმა მხარდაჭერისთვის შეძლებისდაგვარად მყარი დასაყრდენი უნდა მოიძიონ. სხვა პოტენციური პრობლემების გვერდის ავლა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში არსებული კომუნიკაციის არხების გამოყენებით არის შესაძლებელი. ფესტინგერი და კაცი (1966) გვაფრთხილებენ, რომ თუ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ერთი არხით ხდება, კვლევა ამ არხთან დაკავშირებულ ინტერესებთან ასოცირების რისკის წინაშე დგება.

      კონტაქტის შემდეგ იწყება მოლაპარაკების პროცესი. ამ ეტაპზე მკვლევარი იძლევა სათანადო ოდენობის ინფორმაციას კვლევის მიზნების, ბუნებისა და პროცედურების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისგან, რომელიც დააზიანებს შედეგებს. არონსონი და კარლსმითი (Aronson and Carlsmith 1969), მაგალითად, აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია ისეთი მკვლევრის პოვნა, რომელიც კონფორმულობაზე ჯგუფის ზეწოლის ეფექტს სწავლობს და წინასწარ აცხადებს კვლევის მიზნებს. მეორე მხრივ, მკვლევრებმა შეიძლება საფრთხეში ჩაიგდონ თავი, თუ მეორე უკიდურესობაში გადავლენ და თუ "დუმილის აღთქმის" პოზიციაზე დადგებიან, ვინაიდან, როგორც ფესტინგერი და კაცი შენიშნავენ, ძნელია ასეთი პოზიციის შენარჩუნება, თუ კვლევა ექსტენსიურია და რამდენიმე დღეს ან კვირას გრძელდება და საიდუმლოს შენახვის მცდელობა გაზრდის ჭორების გავრცელების არეალსა და შექმნის აბსურდულ გარემოს (Festinger and Katz 1966). თუ მკვლევრებს სურთ, რომ მათმა პოტენციურმა მასპინძლებმა და/ან კვლევის მონაწილეებმა ძალიან ბევრი იცოდნენ კონკრეტული ჰიპოთეზებისა და მიზნების შესახებ, მაშინ სიტუაციიდან გამოსვლის მარტივი გზაა საკმაოდ ზოგადი ხასიათის მკაფიო განცხადების გაკეთება ერთი ან ორი ისეთი მაგალითის თანხლებით, რომელთაც არ აქვთ არსებითი მნიშვნელობა მთლიანი კვლევისთვის. თითქმის ყველა კვლევა მოიცავს გარკვეულ რისკებს, განსაკუთრებით, საველე სამუშაოების ჩატარებისას. შესაძლოა, ჯგუფის ყველა წევრს არ სიამოვნებდეს, როცა ვიღაც, ვინც დეტალურად იკვლევს საზოგადოების ან სკოლის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, გამუდმებით აკვირდება მათ. ამიტომ მკვლევრებმა უნდა გაითვალისწინონ მონაწილეების მდგომარეობა, დაამშვიდონ ისინი და, ნებისმიერი მათგანი, ვისაც აშინებს მათი სამუშაო, უნდა დაარწმუნონ უსაფრთხოებაში. თანაც მუდმივად უნდა გამოხატონ გულითადი მადლიერება და დააფასონ მასპინძლები. ასეთმა მოპყრობამ, შეიძლება, მოლაპარაკების ეტაპზე განსაზღვრული პირობებისა და მკვლევრის მიერ მიცემული გარანტიების გამჟღავნების ფორმა მიიღოს. 2.4 ჩანართში, საილუსტრაციოდ, ღია უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სკოლაში განსახორციელებელი კვლევითი პროექტისთვის შედგენილი პირობებია მოცემული.


ჩანართი 2.4.

სკოლაში განსახორციელებელი კვლევითი პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პირობები და გარანტიები

      1. ყველა მონაწილეს უნდა მიეცეს ანონიმურობის გარანტია;
2. ყველა მონაცემი მკაცრად კონფიდენციალური უნდა იყოს;
3. რესპონდენტებს უნდა ჰქონდეთ ანგარიშის მომზადების ეტაპზე მონახაზის შემოწმების შესაძლებლობა;
4. მონაწილეებს უნდა მისცენ საბოლოო ანგარიშის ასლი;
5. მონაწილეებისგან უნდა აიღონ პუბლიკაციის უფლება;
6. თუ შესაძლებელია, სკოლამ და მონაწილეებმა უნდა ისარგებლონ კვლევის ანგარიშით.

      წყარო: ადაპტირებულია Bell 1991


      კვლევის მთელი პროცესი გაჟღენთილია ეთიკური მოსაზრებებით. ყველაზე მეტად ასეთი ვითარება ხელმისაწვდომობისა და მიღების ეტაპზე გვაქვს, როდესაც უნდა მოხდეს საკვლევი თემის ადეკვატურობის, კვლევის დიზაინის, მეთოდების, კონფიდენციალობის გარანტიების, შედეგების ანალიზისა და გავრცელების შესახებ მოლაპარაკება და შეთანხმება ფარდობითი ღიაობის, სენსიტიურობის, პატიოსნების, სიზუსტისა და მეცნიერული მიუკერძოებლობის პირობებში. ამ კონტექსტში ვერ იარსებებს მკაცრი წესები. ეს არის კონკრეტული მკვლევრის მიერ მოცემული პირობებით განსაზღვრული ეთიკის ფორმულირებისა და შესრულების შემთხვევა. ეს განსაზღვრავს, რა არის მისაღები და რა - არა. როგორც ჰიჩკოკი და ჰაგისი (1995) ამბობენ:

      საბოლოო მსაჯული კონკრეტული ვითარება უნდა იყოს. რამდენადაც შესაძლებელია, უკეთესი იქნება, თუ მასწავლებელს შეეძლება კვლევის განხილვა მასში ჩართულ ყველა მხარესთან. სხვა შემთხვევებში, შეიძლება მასწავლებლისთვის უმჯობესი იყოს პილოტური კვლევის ჩატარება და კვლევისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი პრობლემის წინასწარ გამოვლენა. თუ აღმოჩნდება, რომ კვლევა უპირისპირდება სკოლის პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტს, მართვის სტილს ან ცალკეულ პიროვნებებს, უმჯობესია, პირდაპირ დავიწყოთ ამ საკითხების მოგვარება, დაველაპარაკოთ შესაბამის მხარეებს და ისე შევცვალოთ კვლევის სქემა, როგორც საჭიროა, ან სადაც შესაძლებელია.
(Hitchcock and Hughes 1995: 41)

      სადაც შეუძლებელია პილოტური კვლევის ჩატარება, სავარაუდო პრობლემებისა და რისკების გამოსავლენად შესაძლებელია ერთი ან ორი "დაზვერვითი ოპერაციის" ჩატარება. ზემოთ განხილული საკითხები შეჯამებულია 2.5. ჩანართში


ჩანართი 2.5.

ხელმისაწვდომობის შესახებ მოლაპარაკების ეტაპების საკონტროლო ჩამონათვალი

      1. პროექტის გეგმის დამტკიცების შემდეგ, რაც შეიძლება მალე, კვლევის ჩატარების ნებართვის ფორმალურად მოთხოვნისთვის გამჭვირვალე ოფიციალური არხების მოძიება.
• განათლების ზოგიერთი ადგილობრივი ორგანო ითხოვს, რომ მას მიმართონ კვლევის ჩატარების მოთხოვნით. გაარკვიეთ, რა მოთხოვნებია თქვენთან.

      2. იმ ადამიანებთან დალაპარაკება, ვისაც თანამშრომლობა უნდა სთხოვოთ.
• განათლების ადგილობრივი ორგანოს ან ხელმძღვანელის ნებართვის მიღება ერთი საქმეა, მაგრამ თქვენ იმ ადამიანების მხარდაჭერაც უნდა გქონდეთ, ვისაც ინტერვიუს ან კითხვარების შევსებას სთხოვთ.

      3. წარუდგინეთ პროექტის გეგმა ხელმძღვანელს, თუ კვლევას თქვენს ან სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტში ატარებთ.
• შეადგინეთ იმ ადამიანების სია, რომლებთანაც გსურთ ინტერვიუს ჩატარება ან ვისაც კითხვარები უნდა დაუგზავნოთ და აღწერეთ კვლევის ჩატარების პირობები.

      4. განსაზღვრეთ, რას გულისხმობთ ანონიმურობასა და კონფიდენციალობაში.
• გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ წერთ "ინგლისური ენის განყოფილების უფროსის" შესახებ და დაწესებულებაში ინგლისური ენის განყოფილების მხოლოდ ერთი უფროსია, ამ ადამიანს მაშინვე ამოიცნობენ.

      5. გადაწყვიტეთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეები ანგარიშის ასლს და/ან ნახავენ თუ არა მონახაზს ან ინტერვიუს ტრანსკრიპტებს.
• აქ ხარჯებისა და დროის საკითხი დგება. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს დაპირდებით.

      6. უთხარით მონაწილეებს, რას უპირებთ მათგან მიღებულ ინფორმაციას:
• ნახავთ მხოლოდ თქვენ და ექსპერტი, აჩვენებთ ხელმძღვანელს, განათლების ადგილობრივ ორგანოს თუ კიდევ ვინმე სხვას?

      7. მოამზადეთ თქვენი მიზნებისა და კვლევის ჩატარების პირობების წერილობითი ჩამონათვალი და დაურიგეთ მონაწილეებს;
• თუ მხოლოდ სიტყვიერად გააცნობთ კვლევის მიზნებს, პირობებს და გარანტიებს, შეიძლება, მონაწილეებს დაავიწყდეთ მოსმენილი.

      8. კვლევის მიზანი და პირობები გულწრფელად გაამჟღავნეთ.
• თუ ამბობთ, რომ ინტერვიუ ათ წუთს გაგრძელდება და ის ერთი საათი იწელება, ამით მონაწილის ნდობას კარგავთ. თუ კვლევა თქვენი სადიპლომო ნაშრომია ან ხარისხის მისაღებად გჭირდებათ, უთხარით ეს მონაწილეებს.

      9. გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან, დაგეხმარონ, სამსახურს გიწევენ.
• დარწმუნდით, რომ დოკუმენტები და წიგნები კარგ მდგომარეობაშია და დროულად დააბრუნეთ. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, უნდა დაგზავნოთ მადლობის წერილები.

      10. არასოდეს დაუშვათ, რომ "ყველაფერი კარგად იქნება". ორგანიზაციაში შეღწევის შესახებ მოლაპარაკება თქვენი კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპია.
• თუ თქვენ შინაური მკვლევარი ხართ, თქვენი დაშვებული შეცდომები თანამშრომლებს ემახსოვრებათ, ამიტომ ფრთხილად იყავით.

      წყარო: ადაპტირებულია Bell 1991


ეთიკის სფერო

      როგორი სპეციფიკურიც არ უნდა იყოს მათი სამუშაო, სოციალურმა მკვლევრებმა უნდა გაითვალისწინონ მონაწილეებზე კვლევის გავლენა და ისე უნდა იმოქმედონ, რომ დაიცვან მათი, როგორც ადამიანების, ღირსება - აიღონ მონაწილეებზე პასუხისმგებლობა. ასეთია ეთიკური ქცევა. ფაქტობრივად, ეთიკა განმარტებულია, როგორც "სხვების უფლებებისადმი პრინციპული სენსიტიურობის საკითხი"; ამასთან, "სიმართლე კარგია, მაგრამ ადამიანის ღირსების პატივისცემა - უკეთესი" (ჩავან 1977: 810).

      ქიმელის (Kimmel 1988) მითითებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეთიკურ და არაეთიკურ ქცევას შორის განსხვავება არ არის დიქოტომიური, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პროფესიის ეთიკურ სტანდარტებშია წარმოდგენილი, ნორმატიული კოდექსი ადგენს მისაღებ ("უნდა") და მიუღებელ ("არ უნდა") ქცევებს, რაც, ერთი შეხედვით, ასეა. იმის შეფასება, ეწინააღმდეგება თუ არა ქცევა პროფესიულ ღირებულებებს, თავსდება კონტინუუმზე მკაფიოდ ეთიკურიდან - მკაფიოდ არაეთიკურამდე. აქ აზრი ისაა, რომ ეთიკური პრინციპები, ზოგადად, არ არის აბსოლუტური, თუმცა ზოგიერთი, როგორც ვნახავთ, ამტკიცებს, რომ ეს პრინციპები აბსოლუტურია, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია კვლევის კონტექსტისა და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების პრიზმაში უნდა მოხდეს.

      ცხადია, საკმრისად მრავლადაა კვლევა, რომელიც არ იწვევს ტკივილსა და ღირსების დამცირებას, აუცილებელი არ არის დაირღვეს მონაწილეების თვითპატივისცემა და გამჟღავნდეს საიდუმლო. სოციალური მეცნიერი შეიძლება, მხოლოდ იშვიათად დადგეს გადაუჭრელი ეთიკური დილემის წინაშე. თუმცა, როდესაც კვლევა ეთიკურად სენსიტიურია, მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს და ისინი შეიძლება იცვლებოდნენ სიტუაციიდან სიტუაციამდე, ცვალებადობა, შეიძლება, დამოკიდებული იყოს, მაგალითად: კვლევის მონაწილეთა ასაკზე, საკვლევი თემის სენსიტიურობაზე, იმაზეც, გამოიწვევს თუ არა კვლევის მიზნები რაიმე სახის ჩაგვრას (კვლევის მონაწილეების, მასწავლებლების ანდა ინსტიტუტის), რამდენად შეუძლიათ მკვლევარსა და ცდის პირს მონაწილეობა და თანამშრომლობა კვლევის დაგეგმვისას, როგორ დაამუშავებენ, როგორ ინტერპრეტაციას მოახდენენ და რისთვის გამოიყენებენ მონაცემებს. ლეინგი (Laing 1967: 53) გვთავაზობს მონაცემების საინტერესო და გამაფრთხილებელ ხედვას. ის წერს, რომ მონაცემებს კი არ ვიღებთ, არამედ ხდომილობების მოუხელთებელი მატრიციდან მოვიპოვებთ. ჩვენ მოპოვებებზე უფრო უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე მონაცემებზე.[3]

დაძაბულობის წყაროები

      ზიანის არიდება, კეთილდღეობა და ადამიანური ღირსება

      პირველი დაძაბულობა, როგორც არონსონი და კარლსმითი აღწერენ (1969), წარმოიქმნება საზოგადოებაში არსებული ღირებულებების ორ ჯგუფს შორის: ერთი მხრივ, ჭეშმარიტებისა და ცოდნის ძიებისთვის თავისუფალი მეცნიერული კვლევა-ძიების რწმენასა და, მეორე მხრივ, ინდივიდების ღირსებისა და მისგან გამომდინარე მოსაზრებების უფლების რწმენას შორის. ეს ის პოლარულობაა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, როგორც დანახარჯებისა და სარგებლების თანაფარდობა და რომლითაც "კარგად უნდა იქნას გააზრებული რისკები, რაც ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ადამიანურ, საკუთრების და კულტურულ ღირებულებებს ემუქრება" (Social Sceinces and Humanities Research Council of Canada 1981), ანუ ეს არის ზიანის არიდების საკითხი (როდესაც მონაწილეებს არ აყენებენ ან სურთ, რომ არ მიაყენონ ზიანი).

      ზიანის მიუყენებლობა ("არ ავნო") ჩადებულია ჰიპოკრატეს ფიცში, რომელშიც პრინციპი პრიმუმ ნონ ნოცერე (უპირველეს ყოვლისა, არ ავნო) წამყვანი წესია. ასევეა კვლევაშიც. ერთი შეხედვით, ეს უდავოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს კვლევის მონაწილეებისთვის ზიანის მიყენება; თუმცა, რა ქმნის "ზიანს", ბუნდოვანია. ისმის კითხვა: დასაშვებია თუ არა ერთი ან რამდენიმე ადამიანისთვის ზიანის მიყენება, თუ თავად ისინი ან მთელი საზოგადოება სანაცვლოდ დიდ სარგებელს მიიღებს? აქ ვლინდება ამ სიტუაციაში არსებული დაძაბულობა. საკითხავია, ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას. ზოგადი პრინციპის სახით ჩვენ პრიმუმ ნონ ნოცერე პოზიცია უნდა დავიკავოთ და, ფაქტობრივად, ეთიკის მარეგულირებელი საბჭოები, მაგალითად, უნივერსიტეტებში, კვლევითი პროექტების დეტალურად განხილვისას სწორედ ამ პრინციპს იყენებენ (ამ საკითხს მოგვიანებით შევეხებით). თუმცა, შეიძლება, სხვადასხვაგვარი დაძაბულობაც იყოს. რას მოიმოქმედებთ, თუ აღმოაჩენთ, რომ სასწავლო ნაწილის გამგეს სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლთან დაკავშირებით ან რომანი აქვს მშობელთან? რას გააკეთებთ, თუ თქვენი კვლევა აჩვენებს, რომ სკოლაში მასწავლებლები იმდენად სუსტები არიან, რომ კონტრაქტები უნდა შეუწყდეთ სტუდენტების ინტერესების გამო?

      როდესაც მკვლევარი ასეთი დილემების წინაშე დგება (თუმცა, მათი წარმოქმნა გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელია განათლებაში, ვიდრე სოციალურ ფსიქოლოგიაში ან მედიცინაში), ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ისინი იმგვარად უნდა გადაწყდეს, რომ თავი ავარიდოთ უკიდურესობებს, ერთი მხრივ, კვლევის იდეაზე უარს და, მეორე მხრივ, მონაწილეების უფლებების იგნორირებას. სულ უნდა გვახსოვდეს მონაწილეების კეთილდღეობა, მაშინაც კი, თუ ის აზიანებს კვლევის შედეგიანობას. მკვლევარს არასოდეს უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულება, რომელიც აკისრია მათ წინაშე, ვინც ეხმარება და მუდმივად უნდა ჰქონდეს მზად ალტერნატიული ტექნიკა, როდესაც მიმდინარე სიტუაციაში გამოყენებული საშუალებები საეჭვო ხდება. ეს პოლარულობა კვლევასა და კვლევის მონაწილეს შორის, ფაქტობრივად, ასახულია ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრინციპებში. ზეჩმეისტერი და შოჰნესი (Zecmeister and Shaunghnessy 1992) თვლიან, რომ ეს პრინციპები ცდილობს დააბალანსოს, ერთი მხრივ, მკვლევრის უფლება, იკვლიოს და ჩაწვდეს ადამიანის ქცევის ბუნებას და, მეორე მხრივ, კვლევაში მონაწილე ინდივიდების უფლებები და კეთილდღეობა. საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი კვლევითი პროექტის განხორციელების დაშვების გადაწყვეტილება ორივეს, ინდივიდისა და საზოგადოების, დანახარჯებისა და სარგებლის სუბიექტურ შეფასებას ემყარება.

      კვლევის უვნებლობას შედეგად მოაქვს კეთილდღეობა. აუცილებელია, განისაზღვროს, რა სარგებელს მოიტანს კვლევა და ვისთვის? კვლევაში მონაწილეობაზე შეიძლება მრავალი პოტენციური მონაწილე დავიყოლიოთ, თუ კარგად გავაგებინებთ, რომ ის პიროვნულ, საგანმანათლებლო ან სოციალურ სარგებელს მოიტანს. მაგალითად, კვლევას შეიძლება მოჰყვეს სწავლის გაუმჯობესება, კონკრეტული სასწავლო პროგრამისთვის დაფინანსების და რესურსების გაზრდა, საგნის სწავლებისადმი მიდგომის გაუმჯობესება ან სკოლაში დამატებითი მასწავლებლების მიღება. ხანდახან ღირს, რომ სკოლებთან და ინდივიდებთან კონტრაქტის დადებისას ჩართული იყოს დებულება პოტენციური სარგებლის შესახებ, თუმცა ეს დებულება შეიძლება ეთიკის მარეგულირებელი საბჭოების ან სპონსორების რეალური მოთხოვნაც იყოს.

      ამ დისკუსიაში სარგებლის მიმღებებიც უნდა გავითვალისწინოთ. კვლევის შედეგად მკვლევარმა შეიძლება მიიღოს დაწინაურება, პუბლიკაცია, ხარისხი, კვლევის დაფინანსება და პოპულარობა. მონაწილეები კი შეიძლება, უყურადღებოდ, სიღარიბეში, მხარდაჭერის გარეშე, ჭუჭყიან და არასაკმარისი რესურსების მქონე პირობებში დარჩნენ, რადგან კვლევა არ მოიტანს მათი ცხოვრებისა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, არც მატერიალურ, არც საგანმანათლებლო და არც რაიმე სხვა სახის სარგებელს. ერთი მხრივ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თუ კვლევას არ ახლავს ასეთი სარგებელი, ის არაეთიკურია; მეორე მხრივ, კი შეიძლება ისიც მოხდეს, რომ კვლევამ დახმარება გაგვიწიოს გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში კეთილდღეობის შესახებ საკითხების ჩართვაში და, ხანგრძლივ პერსპექტივაში, წვლილი შეიტანოს იმ აზრის გაძლიერებაში, რომ აუცილებელია მეტი კეთილგანწყობა მონაწილეებისადმი, რაც, თავის მხრივ, ცვლილებას მოიტანს. შეიძლება ახირება იყოს რწმენა იმისა, რომ ერთი ცალკეული კვლევა ავტომატურად მიგვიყვანს გაუმჯობესებამდე, მაგრამ აქ გაჩენილი ეთიკური კითხვა - ვინ სარგებლობს? - გვაფიქრებინებს, რომ მკვლევრის მხრიდან არაეთიკურია კვლევით მოტანილი სარგებლისადმი ეგოისტური მიდგომა.

      ეს უკანასკნელი აზრი მკვლევრებისგან მოითხოვს, რომ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე, უბრალოდ, ილაპარაკონ, რომ კვლევის მონაწილეებს მოეპყრობიან, როგორც სუბიექტებს და არა როგორც ობიექტებს, უბრალო ინსტრუმენტებს, კვლევის მასალას; რომ პატივს სცემენ მათ და მათგანაც იგივეს მოითხოვენ. ადამიანებს შეიძლება პატივისცემით ექცეოდნენ, მაგრამ კვლევამ მათ ცხოვრებაში არანაირი მატერიალური ცვლილება არ მოიტანოს. რადგან ადამიანებისადმი სათანადო პატივითა და ღირსებით მოპყრობას ალტერნატივა არ გააჩნია, დგება მკვლევრის ვალდებულებებისა და მოვალეობების საკითხი. ვთქვათ, მკვლევარი ერთი ან ორი წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა სკოლასთან. თუ მას აღებული აქვს კვლევის მონაწილეთა ცხოვრების გაუმჯობესების ვალდებულება, ის კი მათ მხოლოდ მონაცემების მოგროვებისთვის იყენებს, ეს იქნებოდა არაადამიანური და უდიერი მოპყრობა. ისმის კითხვა: კვლევა ადამიანებისთვის და საკითხებისთვის ტარდება, თუ - ადამიანებისა და საკითხების შესახებ? ჩვენ ნათლად უნდა ვიცოდეთ პასუხი ამ კითხვაზეც: "რას მოუტანს ეს კვლევა მასში მონაწილეებს და უფრო ფართო საზოგადოებას და რას - მკვლევარს?"

      ბეილის (Bailey 1994: 457) მიაჩნია, რომ კვლევის მონაწილეთა ზიანის ასარიდებლად არსებობს რამდენიმე მიდგომა, მათ შორის:

  • კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება;
  • ისეთი სიტუაციის პოვნა, რომელშიც უკვე არსებობს ზიანის ნეგატიური ეფექტი, ანუ სადაც კვლევას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პირობების შექმნაზე;
  • პოტენციური ზიანის ძალიან დაბალი დონის გამოყენება, ან ზიანის მიყენება მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში ისე, რომ ნებისმიერი ეფექტი მინიმალური იყოს;
  • ინფორმირებული თანხმობის მიღება (პოტენციური ნეგატიური ეფექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეთა თანხმობის უზრუნველყოფა);
  • ზიანის გამართლება იმით, რომ კვლევით გამოწვეული მისი ოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე არსებული სიტუაციით მიყენებული (რომლის გამოსწორებასაც ცდილობს კვლევა);
  • შერჩევების და არა პოპულაციების გამოყენება კვლევისას - ასე მხოლოდ ადამიანთა მცირე რაოდენობას მიადგება ზიანი;
  • მონაწილეთა პირადი საიდუმლოების შენახვა კრებითი და ანონიმური მონაცემების გამოყენებით.

      ამ ჩამონათვლის ზოგიერთი პუნქტი არ არის სადავო, დანარჩენი კი - საკამათოა და მკვლევრებს უნდა შეეძლოთ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.


[1] მაგალითად, სოციალური კვლევის ასოციაცია (2003); ამერიკის სოციოლოგიური ასოციაცია (1999); ბრიტანეთის განათლების სფეროში კვლევის ასოციაცია (2000); ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია (2002); ბრიტანეთის სოციოლოგიური ასოციაცია (2002); ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოება (2005). კვლევის სხვა სფეროებში შესაძლებელია შედარებადი ტენდენციების ნახვა. მაგალითად, მედიცინაში, ბიზნესში და ჟურნალისტიკაში ძირითადი ეთიკური საკითხების და, ასევე, ამ სფეროებისთვის საერთო ეთიკური თემების გასაცნობად იხილეთ Serafini, A. (ed.) (1989) Ethics and Social Concern. New York: Paragon House. წიგნი, ასევე, მოცემულია ეთიკის ძირითადი თეორიები სოკრატედან რ. მ. ჰერიმდე (R. M. Hare).

[2] US Dept of Health, Educatin and Welfare, Public Health Service and National Institute of Health (1971) The Institutional Guide to D. H. E. W. Policy on Protecting Human Subjects. DHEW Publication (NIH): 2 December, 72 – 102

[3] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ინგლისურ ტექსტში დაპირისპირებულია ტერმინები "capta" და "data". ტერმინი "capta" ნაწარმოებია სიტყვიდან "capture". შესაბამისად, ეს ტერიმინი გულისხმობს, რომ მონაცემებს მკვლევრები მოიპოვებენ, ისინი მათ ასე ადვილად არ უვარდებათ ხელში.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1870

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters