კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 7
ნაწილი I

ბუნებრივი კვლევა-ძიების[1] ელემენტები

      სოციალური და განათლების სამყარო უწესრიგო ადგილია, რომელიც სავსეა წინააღმდეგობებით, მრავალფეროვნებით, კომპლექსურობით, ლოგიკურობით, კავშირებითა და წყვეტებით. ის მრავალშრიანია და ადვილად არ ექვემდებარება დანაწევრების პროცესს, რომელიც რაოდენობრივი კვლევების უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია. თუ რეალურად გვსურს ამ სამყაროს გაგება, ის მთლიანობაში უნდა შევისწავლოთ და არა - ფრაგმენტულად. წიგნის პირველ თავში ითქვა, რომ განათლების სფეროში კვლევისადმი ზოგიერთი მიდგომა თვისებრივი, ბუნებრივი და ეთნოგრაფიული კვლევის პარადიგმებში ერთიანდება. ამ პარადიგმების მახასიათებლებია (Boas 1943; Blumer 1969; Lincoln and Guba 1985; Woods 1992; Lecompte and Preissle 1993):

  • ადამიანები აქტიურად ქმნიან სიტუაციის ისეთ მნიშვნელობას, ანუ შინაარსს, რომელიც ამ სიტუაციის მათეულ ხედვას ასახავს.
  • შინაარსი სოციალური სიტუაციიდან გამომდინარეობს და მისი გააზრება ინტერპრეტაციული პროცესებით ხდება.
  • ქცევა და, აქედან გამომდინარე, მონაცემები სოციალური სიტუაციით არის განსაზღვრული, მის კონტექსტს უკავშირდება, მასზეა დამოკიდებული და შინაარსობრივად მდიდარია. სიტუაციის გასაგებად კონტექსტის გაგებაა საჭირო, ვინაიდან სიტუაციები ზემოქმედებენ ქცევასა და ხედვის კუთხეზე და - პირიქით.
  • რეალობა მრავალჯერადი, შედგენილი და ჰოლისტურია.
  • შემმეცნებელი და შესამეცნებელი ურთიერთმოქმედი და ერთმანეთისგან განუყოფელია.
  • მხოლოდ დროით და კონტექსტით შეზღუდული სამუშაო ჰიპოთეზების (იდეოგრაფიული მტკიცებების) წარმოყენებაა შესაძლებელი;
  • ყველა ერთეული მონაწილეობს ერთდროული ურთიერთფორმირების პროცესში და ამიტომ შეუძლებელია მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთისგან გამიჯვნა;
  • კვლევა-ძიება მეცნიერული ღირებულებითაა შეზღუდული;
  • კვლევაზე გავლენას ახდენს მკვლევრის ღირებულებები, რომლებიც აისახება პრობლემის შერჩევაში, შესაფასებლის ან სტრატეგიის არჩევაში და ამ პრობლემის, შესაფასებლის ან არჩეული სტრატეგიის ფორმირებაში, შეზღუდვასა და ფოკუსირებაში.
  • კვლევაზე გავლენას ახდენს პარადიგმის არჩევა, რომელსაც კვლევა-ძიება პრობლემისკენ მიჰყავს.
  • კვლევაზე გავლენას ახდენს არსებული თეორიის არჩევა, რომელიც წარმართავს მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას.
  • კვლევაზე გავლენას ახდენს კონტექსტისთვის დამახასიათებელი ღირებულებები.
  • კვლევა ან თანხმობაში მოდის ღირებულებებთან (განმამტკიცებელია ან კონგრუენტული), ან ეწინააღმდეგება მათ (კონფლიქტში შედის მათთან). კვლევამ აზრიანი, მნიშვნელოვანი შედეგები რომ მოგვცეს, პრობლემა, შესაფასებელი, სტრატეგიის ვარიანტი, პარადიგმა, თეორია და კონტექსტი კონგრუენტული უნდა იყოს (ღირებულებებთან თანხმობაში უნდა მოდიოდეს).
  • კვლევა ვალდებულია, რომ კონტექსტში მოცემული ქცევის "გაჯერებულ აღწერას" იძლეოდეს.
  • საზრისის, მნიშვნელობის მინიჭება უწყვეტი და დროში განვითარებადი პროცესია;
  • ადამიანი მოქმედებისას წინდახედული, მიზანმიმართული და კრეატულია.
  • ისტორია და ბიოგრაფია კვეთს ერთმანეთს - ჩვენ ვიქმნით საკუთარ მომავალს, მაგრამ არა აუცილებლად ჩვენს მიერ არჩეულ სიტუაციებში.
  • სოციალურმა კვლევამ მონაწილეთა თვალით უნდა შეხედოს სიტუაციებს: მალინოვსკის (Malinowski 1922: 25) თქმით, ეთნოგრაფების ამოცანაა "ადგილობრივების თვალსაზრისის, სამყაროს მათეული ხედვისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების წვდომა".
  • კვლევის ინსტრუმენტს მკვლევარი წარმოადგენს (Eisner 1991).
  • მკვლევარი გამოთქვამს ჰიპოთეზებს და არა ამოწმებს მათ.
  • მკვლევარმა წინასწარ არ იცის, რა დახვდება, ან რას იპოვნის
  • ადამიანს წინასწარ განჭვრეტა შეუძლია.
  • ადამიანური ფენომენი, როგორც ჩანს, უფრო მეტ პირობით შეთანხმებებს საჭიროებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფენომენი.
  • დასაბუთებას შინაარსი (მნიშვნელობა) და გააზრება ცვლის.
  • განზოგადება გაიგება არა როგორც ყველაფრის, არამედ მხოლოდ იდენტიფიცირებადი, კონკრეტული გარემოებებისა და სუბიექტების გენერალიზაცია.
  • სიტუაციები უნიკალურია ანუ არ მეორდება.
  • კვლევისა და ქცევის პროცესები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც - მათი შედეგები.
  • ადამიანებს, სიტუაციებს, მოვლენებსა და საგნებს მნიშვნელობა, ანუ შინაარსი გარედან აქვთ მინიჭებული, საკუთარი შინაგანი მნიშვნელობა მათ არ გააჩნიათ.
  • სოციალური კვლევა ბუნებრივ, არახელოვნურ, რეალურ გარემოში უნდა ჩატარდეს მკვლევრის, შეძლებისდაგვარად, მინიმალური ჩარევით.
  • სოციალური რეალობა, გამოცდილება და სოციალური ფენომენი მრავალგვარი, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევიან; მათზე სოციალური ურთიერთქმედების მეშვეობით მიგვიწვდება ხელი.
  • უნდა აიხსნას ყველა ფაქტორი და არა - ცვლადების შეზღუდული რაოდენობა.
  • მონაცემების გაანალიზება ინდუქციურად ხდება, კვლევის პროცესში მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე კონსტრუქტებით.
  • თეორიის წარმოქმნა მონაცემებზეა დაფუძნებული (Glaser and Strauss 1967) - მონაცემები გვთავაზობს თეორიას და არა - პირიქით.

ლინკოლნი და გუბა (1985: 37–43) გვთავაზობენ ამ აქსიომებიდან გამომდინარე შედეგების ჩამონათვალს:

  • კვლევა ბუნებრივ გარემოში უნდა დაიგეგმოს, რადგან კონტექსტი ძალიან ზემოქმედებს შინაარსზე.
  • კვლევის ინსტრუმენტი ადამიანია.
  • გარდაუვალია ნაგულისხმევი ცოდნის გამოყენება.
  • ცნებას "ადამიანი, როგორც ინსტრუმენტი" თვისებრივი მეთოდები უფრო ერგება, ვიდრე - რაოდენობრივი.
  • საკვლევი საკითხების სრულად დაფარვის შესაძლებლობას მიზნობრივი შერჩევა იძლევა.
  • მონაცემების ანალიზი ინდუქციურია და არა - აპრიორული და დედუქციური.
  • თეორიები წარმოიქმნება და არ არის წინასწარ შეთანხმებული. აპრიორულ თეორიას მონაცემებზე დაფუძნებული თეორია ანაცვლებს.
  • კვლევის სქემა დროთა განმავლობაში ყალიბდება (ისევე, როგორც იცვლება შერჩევა).
  • კვლევის შედეგები მოლაპარაკების შედეგად მიიღწევა.
  • ანგარიშის წარდგენის ბუნებრივი ფორმაა შემთხვევის შესწავლა.
  • ნომოთეტურ ინტერპრეტაციას იდიოგრაფიული ანაცვლებს.
  • პრაქტიკული გამოყენება საორიენტაციო, სავარაუდო და პრაგმატულია.
  • კვლევის ფოკუსი განსაზღვრავს მის საზღვრებს.
  • ნდობის ღირსად ყოფნა და მისი კომპონენტები ანაცვლებს სანდოობისა და ვალიდობის უფრო ტრადიციულ ხედვას.

ლეკომტი და პრეისლი (1993) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ეთნოგრაფიული კვლევა არის პროცესი, რომელიც მოიცავს კვლევა-ძიების მეთოდებს, შედეგს და კვლევის შემაჯამებელ საბოლოო ჩანაწერს. კვლევა მიმართულია შესასწავლი კულტურის ან ჯგუფების, შეძლებისდაგვარად, ნათელ, თვალსაჩინო რეკონსტრუქციაზე (გვ. 235). თვისებრივ კვლევას რამდენიმე მიზანი აქვს, მაგალითად, აღწერა და ანგარიშის მომზადება, ძირითადი ცნებების შექმნა, თეორიის გენერაცია და შემოწმება. ლეკომტი და პრეისლი (1993) ეთნოგრაფიული კვლევის მიდგომების რამდენიმე ძირითად ელემენტზე მიგვითითებენ:

  • მოიპოვებენ ფენომენოლოგიურ მონაცემებს (Lecompte and Preissle 1993: 3).
  • იკვლევენ და წარმოადგენენ მონაწილეების მსოფლმხედველობას - "სიტუაციის მათეულ განსაზღვრებას" (Thomas 1923).
  • ფენომენს მნიშვნელობას მკვლევარი და მონაწილეები სძენენ; მაშასადამე, კვლევის პროცესი ჰერმენევტიკულია და მნიშვნელობის გამოვლენაზეა მიმართული (Lecompte and Preissle 1993: 31 – 2).
  • კვლევის ასაგებად მონაწილეების კონსტრუქტები გამოიყენება.
  • ემპირიული მონაცემები ბუნებრივ გარემოში გროვდება (ლაბორატორიებისგან ან კონტროლირებული სიტუაციებისგან განსხვავებით, როგორც ისეთ კვლევებში, სადაც ცვლადებით მანიპულირებენ).
  • რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან მონაცემების მისაღებად ფართოდ გამოიყენება დაკვირვების (როგორც მონაწილის, ისე, არამონაწილის) სხვადასხვა ტექნიკა.
  • კვლევა ჰოლისტურია, ანუ "მთლიანი ფენომენების" აღწერასა და ინტერპრეტაციას ცდილობს.
  • აღწერიდან და მონაცემებიდან მიდიან ახსნისკენ, მიზეზების შეთავაზებისკენ და თეორიის გენერირებისკენ.
  • მეთოდები "მულტიმოდალურია" და ეთნოგრაფი "მეთოდოლოგიური ყველაფრისმჭამელია" (Lecompte and Preissle 1993: 232).

ჰიჩკოკსა და ჰაგისს (1989: 52 – 3) მიაჩნიათ, რომ ეთნოგრაფიული კვლევა მოიცავს:

  • ჯგუფის კულტურის აღწერას და ამ კულტურის შესახებ ცოდნის ჩამოყალიბებას.
  • აქტივობების აღწერას კონკრეტულ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში თავად ამ ჯგუფის წევრების თვალთახედვით;
  • იმ ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალის შექმნას, რომელიც ჯგუფის, ან კულტურის წევრობისთვის არის აუცილებელი;
  • სოციალური ურთიერთქმედების პატერნების აღწერასა და ანალიზს;
  • "შიგნიდან ახსნის" უზრუნველყოფას, რამდენადაც ეს შესაძლებელია;
  • თეორიის შემუშავებას.

ლოფლანდი (Lofland 1971) თვლის, რომ ბუნებრივი მეთოდები სამ მთავარ კითხვაზე იძლევა პასუხს:

  • რა მახასიათებლები აქვს სოციალურ ფენომენს?
  • რა მიზეზები იწვევს სოციალური ფენომენის წარმოქმნას?
  • რა შედეგები მოაქვს სოციალური ფენომენის არსებობას?

ამ ჩარჩოს გამოყენებით შეგვიძლია დავაკვირდეთ: გარემოს, ადამიანებსა და მათ ურთიერთობას; ქცევებს, მოქმედებებსა და აქტივობებს; ფსიქოლოგიურ მდგომარეობას; ისტორიებს; ფიზიკურ საგნებს (Baker 1994: 241–244).

ბუნებრივ და პოზიტივისტურ მიდგომებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, რომლებზეც პირველ თავში ვისაუბრეთ. ლეკომტი და პრეისლი (1994: 39 – 44) თვლიან, რომ ეთნოგრაფიულ მიდგომებს აღწერა აინტერესებს და არა - წინასწარმეტყველება, ინდუქცია და არა - დედუქცია, თეორიის გენერაცია და არა - შემოწმება, სტრუქტურა და არა - დათვლა, სუბიექტური და არა - ობიექტური ცოდნა. ამ უკანასკნელთან მიმართებით, ავტორები ერთმანეთისგან განასხვავებენ ორგვარ მიდგომას: -ემურ-ს (როგორც ტერმინში "ფონემური", სადაც სუბიექტური, მონაწილის მიერ სიტუაციისთვის მიწერილი შინაარსის, მნიშვნელობის წვდომა აინტერესებთ) და -ეტიკურ-ს (როგორც ტერმინში "ფონეტიკური", სადაც სიტუაციის ობიექტური ან მკვლევრისეული მნიშვნელობებისა და წყობის იდენტიფიცირებას ისახავენ მიზნად) (Lecompte and Preissle 1993: 45)

თუმცა ვუდსი (Woods 1992: 381) ამტკიცებს, რომ რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებს შორის არსებული ზოგიერთი განსხვავება გაზვიადებულია. მაგალითად, ის ამბობს, რომ 70-იან წლებში არსებობდა არაფრის მომცემი დიქოტომია, როდესაც რაოდენობრივი კვლევა მკაცრად ჰიპოთეტურ-დედუქციურ მოდუსად (თეორიების შემოწმებად) იყო მიჩნეული, თვისებრივი კვლევა კი - თეორიების გენერაციის ინდუქციურ მეთოდად. მას მიაჩნია, რომ ეპისტემოლოგიური კონტრასტი, რომელიც ამ ორ მიდგომას შორის არსებობს, გადაჭარბებულია, ვინაიდან თვისებრივი ტექნიკები თეორიების გენერაციისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და მათ შესამოწმებლადაც.

დობერტი და კურთ-სქაი (Dobbert and Kurth-Schai 1992: 94 – 5) ამტკიცებენ, რომ ეთნოგრაფიული მიდგომები არა მარტო მეტად სისტემური გახდა, არამედ ისინი ინტერესდებიან სოციალური ქცევისა და სოციალური სტრუქტურის კანონზომიერებებით და შეისწავლიან მას. ეთნოგრაფების ამოცანაა, რომ თანაბრად შეიტანონ წვლილი, ერთი მხრივ, სოციალური ურთიერთქმედებების მრავალფეროვნების, ცვალებადობის, კრეატულობის, ინდივიდუალობის, უნიკალობისა და სპონტანობის შესწავლაში (მაგალითად, "გაჯერებული აღწერებით") და, მეორე მხრივ, სოციალურ მეცნიერებაში, რომლის ამოცანაა, ამ მრავალფეროვნებაში მოიძიოს კანონზომიერებები, წესრიგი და მოდელები. როგორც დურქჰემი (1950) შენიშნავს, არსებობს "სოციალური ფაქტები".

ამ ხაზს თუ გავყვებით, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ეთნოგრაფიულ კვლევას შეუძლია გენერალიზების საკითხის - პოზიტივისტური კვლევის პრინციპის - მოგვარება, რომელიც აქ ინტერპრეტირდება, როგორც "შედარებადობა" და "გადატანადობა" (Lecompte and Preissle 1993: 47). შედარებადობის შემთხვევაში შესასწავლი ჯგუფის მახასიათებლები იმდენად ექსპლიციტურად და გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მკითხველმა შეძლოს მათი შედარება სხვა მსგავს, ან განსხვავებულ ჯგუფებთან. გადატანადობის შემთხვევაში კვლევაში ანალიზისთვის გამოყენებული კატეგორიები, ჯგუფების მახასიათებლების მსგავსად, ექსპლიციტურად უნდა იყოს მოცემული, რათა შესაძლებელი იყოს მნიშვნელოვანი შედარებების გაკეთება სხვა ჯგუფებთან ან დისციპლინებთან.

სპინდლერი და სპინდლერი (Spindler and Spindler 1992: 72-4) ეფექტური ეთნოგრაფიების რამდენიმე ძირითად მახასიათებელს აღწერენ:

  • დაკვირვება შეესატყვისება როგორც იმ უშუალო გარემოს კონტექსტს, სადაც აკვირვებიან ქცევას, ისე, ამ კონტექსტის მიღმა არსებულ სხვა კონტექსტებსაც.
  • ჰიპოთეზები ადგილზე, მუშაობის პროცესში, დასაკვირვებელ გარემოში კვლევის განვითარებასთან ერთად წარმოიქმნება.
  • დაკვირვება ხანგრძლივია და ხშირად მეორდება. დაკვირვების მონაცემების სანდოობის დასადგენად მოვლენებსა და მოვლენათა სერიებს ერთ ჯერზე მეტად აკვირდებიან.
  • დაკვირვებაზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები და ეთნოგრაფიული კვლევის სხვადასხვა ფორმა შიგნიდან დანახული რეალობის შესწავლისთვის გამოიყენება.
  • ეთნოგრაფიული ამოცანების ძირითადი მიზანი მონაწილეებისგან სოციოკულტურული ცოდნის მიღებაა, რაც სოციალურ ქცევას გასაგებს ხდის.
  • ინსტრუმენტები და მიწოდების გრაფიკები ინტერვიუებისთვის, კითხვარებისთვის და ა. შ. ადვილზევე უნდა იქმნებოდეს, დაკვირვებისა და ეთნოგრაფიული კვლევა-ძიებიდან გამომდინარე.
  • ჩვეულებრივ, გამოიყენება ტრანსკულტურული, ისტორიულ-შედარებითი ხედვა, თუმცა ხშირად ეს ნაგულისხმევი დაშვებაა; კულტურული ვარიაცია (დროსა და სივრცეში) ბუნებრივი მოვლენაა.
  • გარკვეული სოციოკულტურული ცოდნა, რომელიც გავლენას ახდენს შესასწავლ ქცევასა და კომუნიკაციაზე, ნაგულისხმევია/იმპლიციტურია და შეიძლება მონაწილეებმაც არ იცოდნენ, ან ბუნდოვნად იცოდნენ. აქედან გამომდინარობს, რომ ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ამოცანაა, აუხსნას მკითხველს, თუ რას გულისხმობენ ინფორმანტები, ანუ რა არის მათთვის იმპლიციტური მოცემულობა.
  • ეთნოგრაფმა ინტერვიუერმა არ უნდა შეზღუდოს, ან წინასწარ განსაზღვროს პასუხები დასმული კითხვების ფორმულირებებით, ვინაიდან ინფორმანტებს თავად აქვთ საკუთარი გულუბრყვილო, ყოფითი კულტურის ცოდნა.
  • შეძლებისდაგვარად მეტი მონაცემის მოსაგროვებლად ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებაა შესაძლებელი.
  • მონაწილეებმა უნდა იცოდნენ, რომ არიან ეთნოგრაფიული კვლევის სუბიექტები და მათთვის ცნობილი უნდა იყოს მკვლევრის პირადი, სოციალური და ინტერაქციული სტატუსი.

მკვლევრისა და მონაწილეების "ურთიერთფორმირებისა და ინტერაქციის" პირობებში (Lincoln and Guba 1985: 155) მკვლევარი ხდება კვლევის "ადამიანიინსტრუმენტი", რომელიც დეკლარირებულთან ერთად, ნაგულისხმევ, იმპლიციტურ ცოდნას ეყრდნობა და იყენებს ადამიანის კვლევისთვის კარგად მორგებულ მეთოდებს, მაგალითად, დაკვირვებას, ინტერვიუს, დოკუმენტების ანალიზსა და "ნაკლებად შესამჩნევ, მორიდებულ" მეთოდებსაც (Lincoln and Guba 1985: 187). "ადამიანი-ინსტრუმენტის" უპირატესობას ქმნის მისი ადაპტირებადობა, რეაქტიულობა, ცოდნა, სენსიტიურ საკითხებთან გამკლავების ძალა, ერთიანი სურათის დანახვის ნიჭი, ატიპური ან იდიოსინკრაზული პასუხების ნათელყოფის, შეჯამების, შესწავლის, ანალიზისა და გარჩევის უნარი (Lincoln and Guba 1985: 193-194).

ბუნებრივი კვლევა-ძიების ძირითადი ფორმებია (Arsenault and Anderson 1998: 121; Flick 2004):

  • შემთხვევის შესწავლა: კონკრეტული ეპიზოდის ან ფენომენის შესწავლა რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტში.
  • შედარებითი შესწავლა: რამდენიმე შემთხვევის შედარება მკვლევრისთვის საინტერესო ძირითადი სფეროების მიხედვით.
  • რესტროსპექტული შესწავლა: ფოკუსირდება მონაწილეების ბიოგრაფიებზე, ან მონაწილეებს წარსულში დარჩენილი მოვლენებისა და თემების გახსენებას სთხოვს.
  • მომენტალური კადრები: დროის ერთ კონკრეტულ მომენტში კონკრეტული სიტუაციის, მოვლენის ან ფენომენის ანალიზი.
  • ლონგიტუდური შესწავლა: ადამიანების ან საკითხების დროში გახანგრძლივებული შესწავლა.
  • ეთნოგრაფია: სოციალური ჯგუფების და სიტუაციების პორტრეტული აღწერა და მათი ახსნა რეალური ცხოვრების კონტექსტში.
  • მონაცემებზე დაფუძნებული თეორია: თეორიის განვითარება ფენომენების ასახსნელად. თეორია მონაცემებზე დაყრდნობით იქმნება და არა - მონაცემების მოგროვებამდე, წინასწარ წარმოისახება ან განისაზღვრება.
  • ბიოგრაფია: ინდივიდუალური ან კოლექტიური.
  • ფენომენოლოგია: ნივთების რეალური ხედვა, მათი საზრისისა და მნიშვნელობისთვის ნათლის მოფენა ახსნით და არა ტაქსონომიური მიდგომებითა და აბსტრაქციებით; თეორიის ჩამოყალიბება მკვლევრისა და კვლევაში მონაწილის დიალოგის მეშვეობით.

ბუნებრივ კვლევა-ძიებაში მონაცემების შეგროვების ძირითადი მეთოდებია (Hammersley and Atkinson 1983):

  • მონაწილის დაკვირვება;
  • ინტერვიუ და საუბარი;
  • დოკუმენტები და საველე ჩანაწერები;
  • ანგარიშები;
  • ჩანაწერები და სამახსოვრო შენიშვნები.

ბუნებრივი კვლევის დაგეგმვა

ბუნებრივი კვლევის დაგეგმვისას მოსაგვარებელი საკითხები დიდად არ განსხვავდება იმ საკითხებისგან, რომელთა მოგვარებაც სხვა ტიპის კვლევებში უწევთ, მაგალითად, პრობლემისა და კვლევის მიზნების დადგენა, კვლევის ფოკუსის განსაზღვრა, კვლევის სქემისა და ინსტრუმენტების შერჩევა, სანდოობისა და ვალიდობის საკითხის მოგვარება, ეთიკური საკითხები, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის საკითხის გადაწყვეტა. ეს თემები საერთოა ყველა კვლევისთვის. უფრო ახლოდან თუ შევხედავთ საკითხს, უოლკოტი (Wolcott 1992: 19) თვლის, რომ ნატურალისტმა მკვლევრებმა დაკვირვების, კითხვების დასმისა და გადახედვის ეტაპებს ანუ, როგორც ის ამბობს, გამოცდილების მიღებას, ძიებასა და შესწავლას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ბუნებრივ კვლევაში შესაძლებელია კვლევა-ძიების პროცესში გასავლელი ეტაპების უფრო დეტალურად აღწერა (Hitchcock and Hughes 1989; 57–71; Bogdan and Bilken 1992; Lecompte and Pressle 1993). ქვემოთ წარმოდგენილია ის თერთმეტი ეტაპი, რომელსაც მკვლევარი გადის ბუნებრივი კვლევისას. შემდგომში თითოეული მათგანი დეტალურად არის განხილული.

  1. საკვლევი ველის განსაზღვრა;
  2. ეთიკური საკითხების მოგვარება;
  3. გადაწყვეტილების მიღება შერჩევის შესახებ;
  4. როლის მორგება და კონტექსტში შესვლა;
  5. ინფორმანტების მოძიება;
  6. ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება საკვლევ ველში;
  7. მონაცემების შეგროვება ადგილზე;
  8. მონაცემების შეგროვება ველის გარეთ;
  9. მონაცემების ანალიზი;
  10. ველის დატოვება;
  11. ანგარიშის დაწერა.

ეს ეტაპები გაჟღენთილია მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც გავლენას მოახდენს კვლევაზე, მათ შორისაა:

  • პიროვნული საკითხები: მკვლევრის სიმპათიები დისციპლინის კონკრეტული თემებისადმი, მისი სუბიექტური დამოკიდებულებები და მახასიათებლები. ჰიჩკოკი და ჰაგისი (1989: 56) მიუთითებენ, რომ საველე სამუშაოს წარმოებისას არსებობს გარკვეული სერიოზული დაძაბულობა იმის გამო, რომ მასში მკვლევარს საკუთარი ემოციები, დამოკიდებულებები, რწმენები, ღირებულებები და მახასიათებლები შეაქვს. პრაქტიკულად, რაც უფრო მეტად ხდება ასე, მით უფრო ნაკლებია მონაწილეების თვალსაზრისებისა და შინაარსების წვდომის ალბათობა.
  • რა სახით მიიღებს მკვლევარი მონაწილეობას - რა როლს მოირგებს და როგორ ჩაერთვება კონტექსტში.
  • მხარდაჭერის საკითხები: როდის არის მოსალოდნელი, რომ მკვლევარი გაითავისებს შესასწავლი ჯგუფის წევრების ემოციებს, საზრუნავსა და პრობლემებს და მათი მიზნების მიღწევაში ჩაერთვება. ეს ხშირად ახასიათებს კვლევის დასაწყისსა და დასასრულს, როდესაც მკვლევარი ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელია.
  • როლური ურთიერთობები.
  • საზღვრების დაცვა კვლევაში.
  • წონასწორობა დისტანციასა და ჩართულობას შორის.
  • ეთიკური საკითხები.
  • რეფლექსურობა.

რეფლექსურობა აღიარებს, რომ მკვლევრები გარდაუვლად არიან იმ სოციალური სამყაროს ნაწილი, რომელსაც იკვლევენ (Hammersley and Atkinson 1983: 14) და ეს სამყარო, ფაქტიურად, უკვე აქტორების მიერ ინტერპრეტირებული სამყაროა, რაც არღვევს ობიექტური რეალობის ცნებას. მკვლევრები არიან სამყაროში და იკვლევენ ამ სამყაროს. ისინი საკუთარი ბიოგრაფიებით შედიან საკვლევ სიტუაციაში და მონაწილეები გარკვეულად იქცევიან მათი თანდასწრებით. რეფლექსიურობა მოიაზრებს, რომ მკვლევრებმა კვლევის პროცესში გააცნობიერონ და გახსნან საკუთარი თავი და ეცადონ, გაიგონ საკუთარი როლი, ან გავლენა. მკვლევრის ეფექტის განეიტრალების ნაცვლად (რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან მკვლევარი იმ სამყაროს ნაწილია, რომელსაც იკვლევს), მკვლევრები დღის შუქზე უნდა რჩებოდნენ, რაც "სარკის თვითობის"[2] ქულისეულ (1902) ცნებას ეხმიანება. როგორც ჰამერსლი და ატკინსონი (1983) ამბობენ:

ის [მკვლევარი] პარ ეხცელლენცეკვლევის ინსტრუმენტია. ის ფაქტი, რომ ქცევა და დამოკიდებულებები ხშირად კონტექსტიდან კონტექსტში სტაბილურად გადადის, და მკვლევარს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს კონტექსტის ფორმირებაში, ცენტრალური ხდება ანალიზისთვის . . . თეორიები, რომლებსაც ადამიანების ქცევის ასახსნელად ვქმნით, ჩვენი, როგორც მკვლევრის, საკუთარი აქტივობების რელევანტურიც უნდა იყოს.
(Hammersley and Atkinson 1983: 18 – 19)

მართლაც რეფლექსური მკვლევარი კარგად გააცნობიერებს, თუ როგორ აყალიბებს კვლევას მისი სელექციურობა, აღქმა, წარსული, ინდუქციური პროცესები და პარადიგმები. ისინი კვლევის ინსტრუმენტებია. მაკკორმიკი და ჯეიმსი (1988: 191) ამტკიცებენ, რომ რეაქტიულობის რეფლექსიურობით დასაძლევად მკვლევრები ზუსტად და უწყვეტად უნდა დააკვირდნენ მონაწილეებთან თავიანთ ურთიერთქმედებას, საკუთარ რეაქციებს, როლებს, მიკერძოებასა და სხვა თემებს, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს კვლევაზე. ეს თემა უფრო სრულად განვიხილეთ მეხუთე თავში, როდესაც ვალიდობის, ტრიანგულაციისა და რესპონდენტის მიერ ვალიდაციის საკითხებზე ვსაუბრობდით.

ლინკოლნი და გუბა (1985: 226 – 47) ბუნებრივი კვლევებისთვის კვლევის სქემის ათ ელემენტს გამოყოფენ:

  1. კვლევა-ძიების ფოკუსის განსაზღვრა;
  2. განსაზღვრა, ერგება თუ არა პარადიგმა ფოკუსს;
  3. განსაზღვრა, ერგება თუ არა კვლევის პარადიგმა არსებულ თეორიას, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს კვლევა;
  4. განსაზღვრა, თუ სად და ვისგან უნდა მოიპოვებოდეს მონაცემები;
  5. კვლევის თანმიმდევრული ფაზების განსაზღვრა;
  6. ინსტრუმენტების შერჩევა;
  7. მონაცემების შეგროვებისა და ჩაწერის წესების დაგეგმვა;
  8. მონაცემების ანალიზის პროცედურების დაგეგმვა;
  9. ორგანიზების დაგეგმვა:
    • მთელი პროექტის ორგანიზების გააზრება წინასწარ;
    • საკვლევ ველში შესვლამდე მისი მონახულების ორგანიზება;
    • ველში ყოფნისას იქ მოძრაობის ორგანიზება;
    • ველის მონახულების შემდგომი აქტივობების ორგანიზება;
    • კვლევის დასრულების ორგანიზება.
  10. კვლევის ნდობის ღირსად ყოფნის დაგეგმვა.

ეს ელემენტები ბუნებრივი კვლევის დაგეგმვის თანმიმდევრულ, ეტაპობრივ მიდგომად შეიძლება დალაგდეს (მაგალითისთვის იხილეთ Schatzman and Strauss 1973; Delamont 1992). სპრადლი (Spradley 1979) შემდეგ ეტაპებს ასახელებს: კულტურის შესახებ მონაცემების შეგროვება, კულტურის შესახებ მონაცემების ანალიზი; ეთნოგრაფიული ჰიპოთეზების ფორმულირება; ეთნოგრაფიული კვლევის დაწერა სრულ, თერთმეტეტაპიან მოდელს ამ თავში ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კვლევის სხვა სახეების მსგავსად, ბუნებრივ და თვისებრივ მეთოდებს კითხვების ფორმულირება სჭირდება, რომლებიც გასაგები და არაბუნდოვანი, მაგრამ კვლევის პროცესში მომხდარი ცვლილებისადმი ღია უნდა იყოს. სტრაუსი (1987) მათ უწოდებს "გენერაციულ კითხვებს", რომლებიც კვლევის მიმართულების, საწყისი ჰიპოთეზისა და მონაცემების მოგროვების არეალის სტიმულირებას ახდენს, თუმცა არ გამორიცხავს კვლევის წინსვლასთან ერთად მოდიფიკაციის შესაძლებლობებს. უნდა შენარჩუნდეს ბალანსი ერთი მხრივ, ძალიან ზოგად კითხვებს, რომლებიც არც ერთი კონკრეტული მიმართულებით არ წარმართავს კვლევას და ძალიან ვიწრო კითხვებს შორის, რომლებიც ახალი მიმართულებებისკენ კეტავს გზას (Flick 2004: 150).

მაილსი და ჰუბერმენი (1994) თვისებრივი კვლევის სქემის ორ ტიპს განასხვავებენ: ფართოსა და ვიწროს. ფართო კვლევის სქემაში ფართოდ განსაზღვრული ცნებები და კვლევის სფეროებია და, ფაქტიურად, ღიაა მეთოდოლოგიის ცვლილებებისთვის. ავტორები თვლიან, რომ ასეთი სქემა მაშინ არის გამოსადეგი, როდესაც მკვლევარი გამოცდილია და ახალ სფეროს იკვლევს, ან ახალ კონსტრუქტებს ქმნის, რაც გლაზერისა და სტრაუსის (1967) მოქნილობასა და თეორიული შერჩევის ღიაობას უახლოვდება. ამის საპირისპიროდ, ვიწრო კვლევის სქემა ვიწროდ აყალიბებს კვლევის კითხვებს და წინასწარ საზღვრავს პროცედურებს, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას. ავტორების აზრით, ასეთ სქემას მაშინ მოაქვს სარგებელი, როდესაც მკვლევარი არ არის გამოცდილი, კვლევა კონკრეტულ სპეციფიკურ საკითხებს, კონსტრუქტებს, ჯგუფებს ან ინდივიდებს იკვლევს, ან როდესაც კვლევა აშკარად ხანმოკლეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ კვლევაში თემები და თეორიები მონაცემებიდან მომდინარეობს, ეს არ ამცირებს კვლევის კითხვების ღირებულებას. ფლიკი (Flick 1998: 51) თვისებრივ კვლევაში სამი ტიპის კვლევის კითხვებს გვთავაზობს, რომლებიც შეეხება: (1) მდგომარეობის, მათი მიზეზებისა და შენარჩუნების მექანიზმებს; (2) ამ მდგომარეობის ცვლილების პროცესებისა და შედეგების აღწერას; (3) იმას, თუ რამდენად გამოდგება ეს კითხვები ჰიპოთეზების ან დაშვებების მხარდასაჭრად ან უარსაყოფად, ან ახალი ჰიპოთეზებისა და დაშვებების გენერაციისთვის ("გენერაციული კითხვები", როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ).

საჭიროა თუ არა ჰიპოთეზა თვისებრივ კვლევაში?

პირველ თავში აღვნიშნეთ, რომ პოზიტივისტური მიდგომები, ჩვეულებრივ, წინსწარ ფორმულირებულ ჰიპოთეზებს ამოწმებს. ასევე, ვთქვით, რომ ბუნებრივი და თვისებრივი მიდგომების განმასხვავებელი ნიშანი ჰიპოთეტურ-დედუქციურ პარადიგმაზე უარის თქმაა (მაგალითად, Meinefeld 2004: 153), კერძოდ, იმიტომ, რომ აღიარებულია მკვლევრის გავლენა კვლევაზე და იმიტომ, რომ კვლევა გაცილებით მეტად ღია და განვითარებადია თვისებრივ მიდგომებში. მეინეფილდი (2004) ისეთ კლასიკურ შრომებს იშველიებს, როგორიცაა უაიტის (1955) შტრეეტ ჩორნერ შოციეტყ და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შეუძლებელია ჰიპოთეზის წინასწარ განსაზღვრა, განურჩევლად იმისა, სურს ეს მკვლევარს თუ არა, ვინაიდან ცოდნას წინასწარ ვერ ივარაუდებ. გლასერი და სტრაუსი (1967) თვლიან, რომ მკვლევრები შეგნებულად უნდა განთავისუფლდნენ ყოველგვარი წინასწარი ცოდნისგან; იმასაც კი ამბობენ, რომ წინასწარ ლიტერატურის გაცნობაც კი შეუძლებელია, ვინაიდან გაურკვეველია, წაკითხული რელევანტური აღმოჩნდება თუ არა - მონაცემები თავად მეტყველებს საკუთარ თავზე. თეორია კვლევის საბოლოო პუნქტია და არა - საწყისი.

უნდა გვახსოვდეს, რომ მკვლევრის საკუთარი ინტერესები, ცოდნა და ბიოგრაფია წინ უსწრებს კვლევას და ამიტომ, შესაძლებელია, რომ თვისებრივ კვლევაში არ გამოითქვას საწყისი ჰიპოთეზა, თუმცა კვლევის თავდაპირველი დაფუძნება მოიაზრებს ინტერესის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემას, ანუ კვლევა და სამიზნე მონაცემები არ არის თეორიისგან დამოუკიდებელი; ცოდნა არ არის თეორიისგან დამოუკიდებელი. ფაქტიურად, გლასერი და სტრაუსი (1967) აღიარებენ, რომ მათ წინასწარი ცოდნით დაიწყეს თავიანთ კვლევა, რომელშიც გარდაცვალების პროცესს შეისწავლიდნენ.

აქ აშკარა წინააღმდეგობაა: ერთი მხრივ, თვისებრივ კვლევაში საწყისი ჰიპოთეზის უარყოფისკენ მოწოდებაა და, მეორე მხრივ, აღიარება, რომ ყველა კვლევა თეორიის გარკვეული წინასწარი ცოდნით იწყება, რომელიც დასაბამს აძლევს მას. ამ წინააღმდეგობის დაძლევის გზა, მართალია, ჯერჯერობით ჩანასახოვან ფორმაშია, მაგრამ, შესაძლოა, რამდენიმე სფეროში მაინც აღმოჩნდეს. აქ შედის: მონაცემების ღიაობა (Meinefeld 2004: 156 – 7); წინასწარი დაშვებებისა და პოზიციის შეცვლისთვის მზაობა; განცხადება იმისა, თუ რამდენად შეიძლება იმოქმედოს კვლევაზე მკვლევრის წინასწარმა ცოდნამ (ანუ რეფლექსიურობამ); ჰიპოთეზების პირობითობის გაცნობიერება; კვლევის გამოყენებით ჰიპოთეზის ფორმულირებისთვის მზაობა; და, როგორც უკიდურესი პოზიცია, გაცნობიერება და აღიარება იმისა, რომ ჰიპოთეზა შეიძლება მხოლოდ იმდენად იყოს თვისებრივი კვლევის ნაწილი, რამდენადაც ის რაოდენობრივი კვლევის ნაწილია.


[1] მთარგმნელის შენიშვნა: ტერმინ "კვლევა-ძიებას" ვიყენებთ იმისათვის, რომ ავსახოთ განსხვავება ინგლისურენოვან ტერმინებს: : research and inquiry-ს შორის. ინქუირყ სწორედ თვისებრივ კვლევაში იხმარება.

[2] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ქულის ეს ცნება ნიშნავს, რომ პიროვნება სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება და საკუთარი თავის (თვითობის) აღქმა დამოკიდებულია სოციალურ ინტერაქციებზე.

ტეგები: Qwelly, კვლევა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 2155

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters