ცივილიზაციის ცნების თანამედროვე განსაზღვრებანი

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      ტოინბისთან ცივილიზაციებზე მსჯელობა უფრო ფართო მოცულობისაა, ვიდრე ჩვენ გადმოვეცით. ერთი რამ ცხადია, ტოინბის თეორიაში ცივილიზაციის ცნება ის ღერძია, ცენტრია, რომლის ირგვლივ ტრიალებს ისტორიული პროცესის მთელი ანალიზი. სხვა მოაზროვნეებიც აანალიზებენ ცივილიზაციას, მაგრამ მათი შედარება ტოინბისთან, შეუძლებელია. ტოინბისათვის ეს ცნება მისი კვლევის ალფა და ომეგაა. ტოინბის შრომის "ცივილიზაცია ისტორიის სასამართლოს წინაშე" წინასიტყვაობაში ვ. ი. უკოლოვა აღნიშნავს პარადოქსულ ვითარებას, როცა ზოგიერთი მოძველებულად აცხადებს მის მოძღვრებას და საზოგადოებას მოუწოდებენ დაივიწყონ ტოინბი, თავი დააღწიონ "ისტორიის ფილოსოფიური ხედვის მახეს". სოციოლოგები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, რამდენადაც ისინი ცდილობენ გადალახონ პრაგმატიკის ჩარჩოები და თეორიულად იაზროვნონ, უმეტესწილად ტოინბისეულად აზროვნებენ, თუმცა, ამის აღიარება არ სურთ. საქმე მარტო ის არ არის, რომ "ცივილიზაციის" ცნებამ ყოველივე გამსჭვალა, ტოინბის ხომ არ გამოუგონებია "ცივილიზაციის" ცნება, თუმცა, სწორედ მან სცადა მისთვის კატეგორიული სტატუსის მინიჭება, მთავარია, რომ ტოინბიმ შეიმუშავა "გამოწვევა-პასუხის" კონცეფცია, როგორც საყოველთაო-საკაცობრიო და მის შემადგენელ ლოკალურ ცივილიზაციათა ისტორიის გასაღები" . საინტერესოა, რომ ტოინბი ამდენს მსჯელობს ცივილიზაციებზე და სადღაც ბოლოს გაიხსენებს მისი ცნებობრივი განსაზღვრების აუცილებლობას. მანამდის კი, ცივილიზაციათა ანალიზს ცნებობრივი განსაზღვრება არ ახლდა. როგორც ჩანს, თვითონაც გრძნობს ამ ვითარების უხერხულობას და როდესაც "ცივილიზაციათა შეჯახების" წარსული და მომავალი განსაზღვრა, აღნიშნა: "სანამ დავამთავრებდეთ, შევეცდები, ვუპასუხო კითხვას, რომლის განხილვიდან აქამდე თავს ვიკავებდი, სახელდობრ, რა გვესმის სიტყვა "ცივილიზაციაში"? სრულიად ნათელია, რომ ეს სიტყვა ჩვენთვის მისი ზუსტი განსაზღვრების მცდელობამდეც შინაარსით აღსავსეა. როცა ადამიანთა საზოგადოებების კლასიფიკაციას ვახდენდით დასავლურ, ისლამურ, შორეულ-აღმოსავლურ, ინდუისტურ ცივილიზაციებად, მასში გარკვეულ საზრისს ვდებდით. ეს სახელები ჩვენში გარკვეულ ასოციაციებს იწვევს. რელიგიის, არქიტექტურის, მხატვრობისა და ზნე-ჩვეულებების სფეროში. ამის მიუხედავად, აზრი აქვს ღრმად გავაანალიზოთ, თუ რა გვესმის ტერმინში, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებთ" .

      ტოინბი სვამს კითხვას ცივილიზაციის ცნების საზრისის შესახებ არა იმისთვის, რომ ამ ცნების მნიშვნელობა თავისთვის გაარკვიოს, მას ამ ცნების საზრისი თავიდანვე ჰქონდა მოაზრებული და მისივე აღიარებით სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა საკითხი დგას მკითხველის წინაშე, ცივილიზაციაზე ამდენი მსჯელობა რატომ არაა გამაგრებული ამ ცნების მნიშვნელობის ანალიზით, მისი განსაზღვრებით და მკითხველის ამ სამართლიან მოთხოვნას პასუხობს ტოინბი: "ცივილიზაციებში მესმის ისტორიული მასალის უმცირესი ბლოკი, რომელსაც მიმართავს ის, ვინც ცდილობს საკუთარი ქვეყნის ისტორია შეისწავლოს. თუ თქვენ ეცდებით შეისწავლოთ განცალკევებულად შეერთებული შტატების ისტორია, ის არაინტელიგებელური აღმოჩნდება, ვერ გაიგებთ, რა როლი ითამაშა ამერიკის ცხოვრებაში ფედერალურმა მთავრობამ, წარმომადგენლობითმა მმართველობამ, დემოკრატიამ, ინდუსტრიალიზმმა, თუ თქვენს მხედველობას შორს, მის საზღვრებს გაღმა სხვა ქვეყნებისაკენ არ წარმართავთ. სწორედ ეს საზღვრები დროსა და სივრცეში გვაძლევს საზოგადოებრივი ცხოვრების ინტელიგიბელურ ერთეულს. ევროპის საზღვრების მიღმა სხვა საზღვრები იწყება, მაგრამ ამერიკის გასაგებად, არ გჭირდებათ დასავლეთ ევროპის საზღვრების გადალახვა. ამ გზით მიღებული ინტელიგიბელური სურათი, სულერთია, რას ვუწოდებთ მას - დასავლურ ქრისტიანობას, დასავლურ ცივილიზაციას, დასავლურ საზოგადოებასა თუ დასავლურ სამყაროს, არის ისტორიული კვლევის ველი. ცივილიზაცია ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე - სახელმწიფო. ცივილიზაცია მოიცავს სხვა ქვეყნების მოსახლეობასაც. ის ჩვენს სახელმწიფოზე უფროსია" . ზემოთქმული ნიშნავს, რომ ცივილიზაცია ტოინბისთან "განუყოფელი მთელია, რომელშიც ყველა ნაწილი ერთიმეორეზეა დამოკიდებული. მისთვის ცივილიზაციები ლაიბნიცის მონადების ანალოგიურია: ისე, როგორც მონადებისაგან შედგება სამყარო, ისტორია ცივილიზაციებისაგან შედგება".

      ცივილიზაციათა აღება ისტორიული კვლევის ველად და ცივილიზაციათაშორისი კონფლიქტების ანალიზი, ამოსავალია ტოინბის მიმდევრებთანაც, იქნება ეს ჰანტინგტონი, ფუკუიამა თუ სხვები. ჰანთინგტონიც ისტორიის სოციალურ ატომებად ცივილიზაციებს მიიჩნევს და ისტორიას განიხილავს ცივილიზაციათა შეხლის რაკურსში, მისთვისაც ცივილიზაციის ცნება განმსაზღვრელია, ამიტომ ცივილიზაციათა არსებისა და მათ შორის მიმართებების ანალიზთან ერთად, ამ ცნების განსაზღვრებასაც გვთავაზობს. "განა რას ვგულისხმობთ, როდესაც ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ? ნებისმიერი ცივილიზაცია კულტურული რაობაა. ამა თუ იმ სოფელს, რეგიონს, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს, ეროვნებას - ყველას თავისი გამორჩეული კულტურა აქვს კულტურული თვითმყოფადობის განსხვავებულ დონეზე. სამხრეთ იტალიის სოფლის კულტურა შეიძლება განსხვავდებოდეს ჩრდილო იტალიის სოფლის კულტურისაგან, მაგრამ ორივეს მაინც საერთო იტალიური კულტურა აერთიანებს, რითაც ერთნაირად განსხვავდებიან ვთქვათ, გერმანული სოფლებისაგან. ოღონდ არც არაბები, არც ჩინელები და არც დასავლელები უკვე თავისთავად აღარ არიან რაღაც უფრო ფართო კულტურული რაობის ნაწილები, რამდენადაც თავადვე აფუძნებენ ცივილიზაციებს. აქედან გამომდინარე, ცივილიზაცია ადამიანთა კულტურული დაჯგუფების ყველაზე მაღალი საფეხურია, კულტურული რაობის განსაზღვრის ის უმაღლესი დონე, რაც სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად გამოარჩევს ადამიანს დანარჩენ ბიოლოგიურ სახეობათაგან. ამა თუ იმ ცივილიზაციის გამორჩეულობას განაპირობებს როგორც საერთო, ობიექტური შემადგენელი - ენა, ისტორია, რელიგია, ადათები, წეს-ჩვეულებები - ისე ადამიანის მიერ საკუთარი მეობის განსაზღვრის სუბიექტური ნება. ამ მეობის განსაზღვრაც სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი, ქალაქ რომის მაცხოვრებელს შეუძლია თავი მიიჩნიოს რომაელადაც, იტალიელადაც, კათოლიკედაც, ქრისტიანადაც, ევროპელადაც და დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლადაც, სწორედ ცივილიზაციაა იდენტიფიკაციის ის უმაღლესი დონე, რასთანაც მისი მეობა ყველაზე ინტენსიურად იგივდება. რა თქმა უნდა, ადამიანებს შეუძლიათ გადასინჯონ და ხელახლა განსაზღვრონ თავიანთი "გაიგივების" საკითხი და, ამის შედეგად, ცივილიზაციათა შედგენილობაც და საზღვრებიც იცვლება ხოლმე ". ისე, როგორც ტოინბი, ჰანთინგტონიც კაცობრიობის ისტორიის ატომებად თუ მონადებად ცივილიზაციებს მიიჩნევს და ამტკიცებს: "კაცობრიობის ისტორია ფართო გაგებით სწორედ ცივილიზაციათა ისტორიაა" . ჰანთინგტონს ცივილიზაციათაშორისი კონფლიქტები მომავალშიც აუცილებლად მიაჩნია, რადგან მათი წყალგამყოფი მრავალი განმსაზღვრელი ფაქტია: ისტორია, ენა, კულტურა, ტრადიცია და რელიგია. უმთავრესი რელიგიაა. შემდეგ - ეთნიკურობა, რაც მთავარია, ტოინბისა და მის მიმდევრებს ცივილიზაცია და კულტურა ერთიანობაში წარმოუდგებათ და მათ შორის დაპირისპირებას გამორიცხავენ. მათი ამოსავალია ტეილორის მიერ ცივილიზაციისა და კულტურის გაიგივება.

      თუ ინგლისურ-ამერიკულ სკოლაში კულტურა და ცივილიზაცია იგივეობრივ განზომილებაში განიხილება, გერმანულ სკოლაში მკვლევარები კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირებას ხედავენ. კულტუროლოგ იონინის აზრით, "კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირება გერმანიაში მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში წარმოიშვა". იგი გამოწვეული იყო გერმანიის დაქუცმაცებულობით, რომელიც აისახა ფერდინანდ ტიონისთან. ტიონისი ამოდის ორი სახის სოციალური ერთობიდან. ერთია ერთობა (Gemeinschaft) და მეორე საზოგადოება (Geselschaft) პირველისათვის დამახასიათებელია ემოციონალურ-გრძნობადი თემური ურთიერთობანი, აქ ერთობა მიიღება ოჯახების, მეზობლობის, გვარის, ეთნოსისა და ერის დონეზე, მათი ტრადიციების,

      ჩვევებისა და ენის საფუძველზე. მეორე ტიპი საზოგადოებაა და საზოგადოებრივი ურთიერთობანი აიგება რაციონალურ გაცვლაზე. იონინის აზრით, პირველი კულტურულ ურთიერთობათა სისტემაა, მეორე - ცივილიზაციის. ტიონისის გარდა, იონინი ასახელებს შპენგლერსა და ჰერბერტ მარკუზეს როგორც კულტურისა და ცივილიზაციის დამპირისპირებელთ . უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირების კლასიკური ფორმა შპენგლერთანაა მოცემული, ამიტომ, კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების თეორიას შპენგლერის მიხედვით გადმოვცემთ.

      თუ ტოინბისთან ისტორია ცივილიზაციებისაგან შედგება, შპენგლერთან ისტორიის სამშენებლო მასალა კულტურაა. ისტორიაში რვა კულტურა არსებობდა, რომელთაგან შვიდი დაიღუპა. დარჩა ერთი, ევროპული კულტურის სახით. "შპენგლერი კულტურის ცნებას ორი მნიშვნელობით იყენებს: ფართო მნიშვნელობით კულტურა ნიშნავს გარკვეულ ისტორიულ ორგანიზმს, ვიწრო მნიშვნელობით კი - ისტორიული ორგანიზმის განვითარების ერთ ეტაპს, საიდანაც გამოყოფილია ეთნოგრაფიული და ცივილიზაციის პერიოდები. როდესაც შპენგლერი კულტურასა და ცივილიზაციას ერთიმეორეს უპირისპირებს, ის კულტურის ცნებას იყენებს ვიწრო მნიშვნელობით, როგორც ორგანიზმის მოწიფულობის აღმნიშვნელს და მას უპირისპირებს ორგანიზმის კვდომის პერიოდს ცივილიზაციის სახით. შპენგლერის მიხედვით, კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირება ვლინდება მათ ძირითად ნიშნებში.

      კულტურის საფეხური წარმოადგენს სულის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გაშლას. ეს არის სიცოცხლის ეტაპი. ცივილიზაცია კი იწყება სულის შესაძლებლობათა ამოწურვით. იგი სიკვდილის ეტაპია. კულტურა სულის ბატონობაა, ცივილიზაცია - ინტელექტისა. ამდენად, კულტურის პერიოდში ღმერთისადმი სიყვარული ბატონობს, ცივილიზაციის პერიოდში კი - უღმერთობა. გაბატონებულ სულიერ ძალებსა და ინტერესებს ცივილიზაციის საფეხურზე ცვლის მატერიალური ძალები და ინტერესები. კულტურა აყვავების საფეხურია, ცივილიზაცია - ბარბაროსობისა". თუ კულტურის ხანაში სფელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ცივილიზაციის დროს იგი კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას.

      ცივილიზაცია ხასიათდება ქალაქისაკენ ლტოლვით. მსოფლიოს მართავს სამი-ოთხი ქალაქი, დანარჩენები კი პროვინციული არსებობისათვის არის განწირული. კულტურის საფეხურზე ადამიანი მიჯაჭვულია თავის საცხოვრებელ კუთხეს, მას აქვს პატრიოტიზმის ყველა ნიშანი, ცივილიზაციის დროს კი იგი წარმოადგენს მოხეტიალე კოსმოპოლიტს. თუ კულტურის პერიოდში ადამიანის ენერგია მიმართულია შემოქმედებისაკენ, ცივილიზაციის ძირითადი ნიშანია იმპერიალიზმი. შპენგლერის აზრით, იმპერიალიზმის თანმხლები მოვლენებია: სოციალიზმი, ბუდიზმი და სტოიციზმი. შპენგლერი ამტკიცებს, რომ ცივილიზაციის ძირითადი ნიშანია პიროვნების გაუფასურება და მისი მასებში გათქვეფა - ადამიანი კარგავს ღირებულებას. ძირითადი ღირებულება ფული ხდება, ფული ყველაფერია. იგი ხდება ყოვლისშემძლე ძალად, რასაც მოჰყვება ადამიანის დამონება მანქანის მიერ. მანქანა ადამიანს არა მარტო ცვლის, არამედ იმორჩილებს კიდეც - ადამიანის თავისუფლებას ბოლო ეღება. ფულისა და მანქანის როლი იმდენად დიდია ცივილიზაციის პერიოდში, რომ, შპენგლერის აზრით, ცივილიზაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულის დიქტატურა. ეს არის კაპიტალიზმის ხანა, რომელიც შეიცვლება სოციალიზმით - პოლიტიკური დიქტატურით. შპენგლერთან როგორც კაპიტალიზმი, ისე სოციალიზმი ცივილიზაციის საფეხურებს წარმოადგენს. მისი აზრით, ევროპის პირველ სოციალისტურ მოძღვრებათა შექმნა ცივილიზაციაზე გადასვლის მაჩვენებელია. ცივილიზაციასა და კულტურას შპენგლერი ადარებს საბადოს. კულტურა, მისი აზრით, მადნით სავსე საბადოა, ხოლო ცივილიზაცია ჰგავს იმ საბადოს, საიდანაც მადნის მთელი მარაგი უკვე ამოიღეს. ცივილიზაციის პერიოდის ადამიანის მთელი უბედურება ისაა, რომ მას არ ესმის ეს ვითარება და ცდილობს ახალი მადანი იპოვოს დაცარიელებულ საბადოში. ცივილიზაციის საფეხურზე ხელოვნებამ და ფილოსოფიამ ამოწურეს თავისი შესაძლებლობანი. ყოველი ახალი მიმართულებისა და ახალი სტილის შექმნის ცდა იფუშება, ამიტომ ამ ეტაპზე ფილოსოფოსობა შეუძლებელი ხდება, მთელი თანამედროვე ფილოსოფია არ ღირს ერთ პრაქტიკულ გამოგონებად. "მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ახალი თაობის ადამიანები ლირიკის ნაცვლად ხელს მოჰკიდებენ პრაქტიკას, მხატვრობის ნაცვლად - პოლიტიკას". ფილოსოფიისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება, შპენგლერის აზრით, ზედმეტს არ ხდის მის ფილოსოფიას. ცივილიზაციის პერიოდში ფილოსოფია წარმოდგენილია სკეპტიციზმის სახით, ამიტომ შპენგლერის ფილოსოფიაც სკეპტიციზმია. მისი აზრით, ცივილიზაცია, როგორც კულტურის სიკვდილი, შეიძლება შევადაროთ "უზარმაზარ გამხმარ ხეს პირველყოფილ ტყეში, რომელსაც კიდევ დიდხანს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი დამპალი ტოტები".

      ცივილიზაციის ნიშნების ჩამოყალიბებით და იმის აღიარებით, რომ დასავლეთ ევროპის კულტურა უკვე შევიდა ცივილიზაციის ეტაპში, შპენგლერმა გამოთქვა თავისი დამოკიდებულება დასავლეთ ევროპის მომავალ ბედზე. მისი აზრით, ეს არის დასავლეთ ევროპის დაისი, ამას ის ასაბუთებს ისტორიული ანალოგიის მეთოდით. კერძოდ, ჩვენი კულტურის ამ ეპოქას იგი ადარებს ანტიკური კულტურის ზამთარს რომაული პერიოდის სახით, როდესაც დაიწყო ანტიკური კულტურის ცივილიზაცია. რომი იყო ანტიკურობის იმპერიალიზმი. ასეთივეა, მისი აზრით, დასავლეთ ევროპის კულტურა თანამედროვე ეტაპზე. დასავლეთ ევროპის კულტურისათვის ცივილიზაცია არის მისი გარდაუვალი ბედი. ჩვენი საუკუნე, შპენგლერის მტკიცებით, არის წმინდა ექსპანსიური მოქმედების საუკუნე, რომელიც მოკლებულია უმაღლეს მხატვრულ და მეტაფიზიკურ პროდუქტულობას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაცემის ეპოქაა. მაგრამ ჩვენ არ ამოგვირჩევია ეს დრო და არც ძალა შეგვწევს შევცვალოთ ის ფაქტი, რომ დავიბადეთ სრული ცივილიზაციის - ზამთრის დასაწყისის ადამიანებად. ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ამ მდგომარეობას და თავი არ მოვიტყუოთ ცრუ ილუზიით, თითქოს ხელგვეწიფებოდეს რაიმეს შეცვლა.

      შპენგლერი მომავალს წრებრუნვის თეორიის საფუძველზე განსაზღვრავს და რადგან თანამედროვე კულტურას, მისი აზრით, უკვე გავლილი აქვს წარმოშობისა და აყვავების ხანა, იგი გარდუვალი დაღუპვის წინაშე დგას. ისმის საკითხი, როგორ უნდა გავიგოთ თანამედროვე კულტურის დაისი: დაიღუპება იგი ცივილიზაციის ასაკის დამთავრების პერიოდში (ორი ათასი წლის ფარგლებში) თუ ისევ გააგრძელებს არსებობას? შპენგლერის შესახებ არსებულ ლიტერატურაში ამ საკითხზე ორი აზრია. უმრავლესობის აზრით, შპენგლერი დაღუპვის მაუწყებელია, ნაწილს კი, "მზის ჩასვენება" არ მიაჩნია დაღუპვად ფიზიკური მოსპობის გაგებით. ამ აზრს იცავს ჰენკელი, რომლის მტკიცებითაც "მზის ჩასვენება" ნიშნავს ძველი კულტურის დასასრულს და ახლის აღმოცენებას, მაგრამ არა ძველი კულტურის დაღუპვას. რასაკვირველია, ძველი კულტურა, შპენგლერის მიხედვით, ახლის გვერდით ვერ იარსებებს. დიდი კულტურები "აღმოცენდებიან უეცრად, ვრცელდებიან დიად ხაზებში, კვლავ თანასწორდებიან და ქრებიან, უფსკრულის სარკე კვლავ დევს ჩვენს წინაშე განმარტოებული და მთვლემარე". უფრო საინტერესოა საკითხის მეორე მხარე, სახელდობრ, "მზის ჩასვენება" ისტორიულ კულტურათა საერთო დასასრულია თუ ევროპის მზის ჩასვენებას უნდა მოჰყვეს ახალი კულტურის აღმოცენება? შპენგლერი ამტკიცებს, რომ მომავლის კულტურა არის რუსული კულტურა, მაგრამ ამ აზრს შემდეგ აღარ ავითარებს. კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელობათა ზემოდასახელებული ორი გაგებისაგან განსხვავებული ინტერპრეტაციაა, როდესაც ცივილიზაციასა თუ კულტურას განიხილავენ როგორც ერთიან პროცესს მთელი ისტორიის მანძილზე, დაწყებული ბარბაროსობისშემდგომი ხანიდან, რომელსაც მორგანმა უწოდა ცივილიზაცია და დამთავრებული დღევანდელობით. ამ თეორიის წარმომადგენლებია მორგანი, ენგელსი, ფურიე. ველურობისა და ბარბაროსობის შემდგომი საფეხური, ცივილიზაცია, ამ ავტორების აზრით, განსხვავდება საარსებო საშუალებათა მოპოვების წესით. ველურობის უმაღლესი ეტაპი მორგანთან დაკავშირებულია მშვილდ-ისრის გამოგონებასთან და კვების ძირითად საშუალებად ნანადირევის გამოყენებასთან.

      ბარბაროსობის უმაღლეს სფეროს მახასიათებლად რკინის მადნის გადადნობა, სამჭედლო საქმიანობა და კვების საშუალებად დამუშავებული სახით ცხოველური პროდუქტების გამოყენება ხდება. აქედან გადადიან ცივილიზაციაზე, რომელიც ლითონის დამუშავებას შემდგომ ავითარებს, ქმნის ხელოვნების პირველ ნიმუშებს, გალავნებითა და კოშკებით გარშემორტყმულ ქალაქებს. მორგანის მიმდევარი ენგელსი ამ ვითარებას ასე ახასიათებს: "ველურობა - პერიოდი უმთავრესად ბუნების მზა პროდუქტების მითვისებისა, ადამიანის მიერ შექმნილი პროდუქტები ძირითადად ასეთი მითვისების დამხმარე იარაღს წარმოადგენენ. ბარბაროსობა - მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების შემოღების პერიოდი - პერიოდი, როცა ადამიანის საქმიანობის შემწეობით ბუნების პროდუქტების წარმოების გადიდების მეთოდების ათვისება ხდება. ცივილიზაცია - პერიოდი ბუნების პროდუქტების შემდგომი დამუშავების ათვისებისა, პერიოდი მრეწველობისა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და ხელოვნებისა" .

      ველურობისა და ბარბაროსობის შემდგომი მთელი ისტორია მორგანთან და ენგელსთან გაგებულია როგორც ცივილიზაციის განვითარება. ისე კი არაა, რომ ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიის ერთი რომელიმე საფეხურთაგანი იყოს და სხვა საფეხურები მას მოსდევდეს. მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია ჩაისახა, ის უწყვეტი განვითარების ხაზია მთელ ისტორიაში. ენგელსთან ის კლასობრივი საზოგადოების თანაბარმნიშვნელოვანია. ცივილიზაციის ცნების ასეთი გაგება დამახასიათებელია მეოცე საუკუნის მრავალი ისტორიკოსისათვისაც. ცივილიზაციის დახასიათებისას მხედველობაში აქვთ, ერთის მხრივ, მაღალი ტექნიკური განვითარება, ცხოვრების მატერიალური დაკმაყოფილების საშუალებათა ზრდა და, საერთოდ, ცხოვრების კულტი, მეორე მხრივ, გონითი განვითარების სფეროში დეგრადირება. თანამედროვე კულტურის ფილოსოფია ცივილიზაციის ცნების განხილვისას მხედველობაში იღებს მის ერთ ან რამდენიმე ნიშანს. ზოგიერთს ტექნიკის ბატონობა მიაჩნია ცივილიზაციის მაჩვენებლად, ზოგს - დიდი ქალაქების ზრდა, ზოგს - დეჰუმანიზაცია. ფაქტობრივად, ეს თვისებები ახასიათებს ცივილიზაციას, მაგრამ ცალ-ცალკე არც ერთი მათგანი არაა საკმარისი მის დასახასიათებლად. ჯერ კიდევ ფურიე, რუსოს მსგავსად, აღნიშნავდა, რომ საზოგადოების დაღმავალი განვითარება ცივილიზაციის გზით საზოგადოების დაღუპვამდე მიგვიყვანს. სწორედ ფურიეზე დაფუძნებით ამტკიცებს შპენგლერი, რომ ცივილიზაცია დაცემის ეპოქაა. კულტურისა და ცივილიზაციის მიმართება არც მათი გაიგივებითა და არც მათ შორის დაპირისპირებით გამოიხატება ადეკვატურად. ალბათ, უფრო მართლზომიერი იქნება, კულტურისა და ცივილიზაციის გაიგივების გვერდით, კულტურაცა და ცივილიზაციაც განვიხილოთ როგორც საზოგადოების განვითარების განსხვავებული ეტაპები. შესაბამისად, კულტურას თუ განვიხილავთ როგორც სულიერ ღირებულებათათვის უპირატესობის მიმნიჭებელს და ამ სახის ღირებულებათა განვითარების ყველაზე მყარ საფუძველს, ხოლო ცივილიზაციაში პრიორიტეტს მივანიჭებთ ტექნიკის განვითარებას, მომხმარებლურ საზოგადოებას, რომლისათვისაც მთავარია "კარგი ცხოვრების" იდეალი, მატერიალური უზრუნველყოფა და მაღალი სულიერი იდეალებისადმი ნაკლები ყურადღება. სოციალიზაციის პროცესში ადამიანებმა მიაღწიეს იმ საფეხურს, როდესაც ისინი სულიერი ღირებულების მოხმარებაზე არიან ორიენტირებულნი და ღვთისადმი მოწიწებასაც კარგავენ, მათთვის მთავარია მატერიალური კეთიდლღეობა და სოციალური კომფორტი. ამ ვითარებას პირველად მარქსმა გაუსვა ხაზი, როდესაც ისტორიის განმსაზღვრელად ეკონომიკური ფაქტორი გამოაცხადა. ამით ის ცივილიზაციის იდეოლოგი გახდა. ალბათ, შპენგლერი მართალი იყო, როდესაც სოციალიზმს ცივილიზაციის მაუწყებლად მიიჩნევდა, რაც მარქსმა იდეოლოგიურად დაასაბუთა მტკიცებით, რომ მატერიალური განსაზღვრავს სულიერს და არა სულიერი მატერიალურს. სოციალიზმი მასის საზოგადოებისა და მასის კულტურის იდეალად დასახვაა, რაც ცივილიზაციას მიესადაგება. მოკლედ, კულტურა ცივილიზაციასთან მიმართებაში მოიაზრება როგორც სულიერ ღირებულებებზე ორიენტირებული, ცივილიზაცია კი მატერიალურ ღირებულებებზეა მიმართული. ორივესათვის საერთოა ღირებულებებზე ორიენტაცია. განსხვავება ღირებულებათა სახეებშია. ორივე არა მარტო ორიენტირდება შესაბამის ღირებულებებზე, არამედ ამ ღირებულებათა შექმნაზეც. არ შეიძლება ცივილიზაციის შედარება ცარიელ საბადოსთან, ან გამხმარ ხესთან. ცივილიზაციასაც ახასიათებს შემოქმედებითობა, მაგრამ ძირითადად ის მატერიალური ღირებულებების შექმნაზეა ორიენტირებული. ცივილიზაცია კულტურისაგან განსხვავებით არა მარტო მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტირდება, არამედ სულიერ ღირებულებათა მატერიალიზაციასაც ახდენს. მატერიალური ღირებულებანი უტილიტარული სასარგებლოს პრინციპით აიგება და მხოლოდ კომფორტის დანიშნულება აქვს. როდესაც ეს უტილიტარიზმი ხელოვნებაზეც ვრცელდება და ხელოვნების ფუნქციას კომფორტის უზრუნველყოფაში ხედავს. სწორედ აქ იჩენს თავს ცივილიზაცია. გასეტის მტკიცებით, ასეთი უტილიტარიზმით ინგლისელები ხასიათდებიან. "რაც ფრანგისათვის მგრძნობელობაა და გერმანელისათვის ფილოსოფია, ის ინგლისელისათვის კომფორტია". კომფორტისადმი სწრაფვის ინგლისურ ნიმუშად გასეტი რესკინს ასახელებს, რომელმაც ხელოვნება ცხოვრებისეულ ფუნქციაზე დაიყვანა, რომელიც უნდა ემსახუროს ხელსაყრელი სიტუაციის შექმნას, სულიერ ღირებულებათა დეკორატიულ და მხატვრულ მრეწველობაზე დაყვანით, გასეტის აზრით, რომლებიც არსებითად, არც არიან ხელოვნების სახეები, ყოველ შემთხვევაში, მათში სილამაზე მხოლოდ ფასადია და ეს კომფორტისადმი სწრაფვის გამოხატულებაა, ხელოვნების ასეთი გაგება არის სწორედ ცივილიზაციის ნიშანი. "რესკინმა შეძლო ხელოვნებისათვის ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, რომელიც ხელოვნებას მხოლოდ იმით შემოფარგლავს, რაც შეიძლება ყოველდღიური საქმიანობა გახდეს. მისი ევანგელიეა ხელოვნება, როგორც სარგებლობა და მოხერხებულობა. რასაკვირველია, ასეთ პრინციპს უპასუხებენ მხოლოდ ის ხელოვნებანი, რომელნიც, მკაცრად თუ ვიტყვით არც არის ხელოვნება, ე. ი. - სამრეწველო ან დეკორატიული. იმას კი არ ვამბობ, რომ დეკორი და მხატვრული მრეწველობა სრულიად მოკლებულია სილამაზეს, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მათი სილამაზე სილამაზე კი არაა, არამედ სარგებლობა, სილამაზით შეფერადებული. ამიტომ თანამედროვე ადამიანი ალალმართალი რომ იყოს, აღიარებდა, რომ ესთეტიკური ტკბობა არაფრით განსხვავდება სიამოვნებისაგან, რომელსაც მას ნატიფი და კარგად განლაგებული ნივთები ანიჭებს" . სწორედ ეს მომენტი სილამაზის სიამოვნებასთან გაიგივებისა და სულიერი ტკბობის კარგად განლაგებული ნივთების სამეფომდე დაყვანა, არის დამახასიათებელი ცივილიზაციის ადამიანისათვის. რომლისთვისაც, ფრომის ენაზე თუ ვიტყვით, განმსაზღვრელია ქონება და არა ყოფიერება. ასეთი ადამიანისათვის გამოყენება და მოხმარებაა მთავარი. ეს კი ნივთების ნიშანია. ამიტომ ცივილიზაცია ხასიათდება ნივთების ბატონობით.

      ვერკორისა და კორონელის რომანში "კვოტა ანუ სიუხვის საზოგადოება" საფუძვლიანადაა ნაჩვენები, რა დონეზე დასცემს ადამიანს ნივთებისადმი მონობა, ნივთის კერპად გახდომა. იგივე მოტივაციაა განსახიერებული პერეკის რომანში "ნივთები". "ნივთთა ტირანიას" უწოდებენ ცივილიზაციის ადამიანის ვითარებას. როგორც ჩანს, სავალდებულო არაა კლასიკური ტირანები განაგებდნენ საზოგადოებას, რათა ადამიანი აღმოჩნდეს მონის მდგომარეობაში. ის მონაა მაშინაც, როდესაც მისი თვალსაწიერი ნივთთა სამყაროთია შეზღუდული, როცა მისი კერპი მატერიალური კეთილდღეობაა. ცივილიზაციის ადამიანი სწორედ ამ ნიშნით ხასიათდება. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ჰომო ფაბერი სულიერობას მოკლებული მეწარმეა, მწარმოებელია, მაგრამ არა - შემოქმედი. მისთვის პოეზიაც, შემოქმედებაც, მხოლოდ ნივთიერზე დაყვანით ხდება სასურველი. მისი ძირითადი ნიშანი ნივთომანიაა. ნივთის გაღმერთება ვრცელდება ადამიანზეც. ადამიანი სხვა ადამიანს განიხილავს როგორც ნივთს და გამორიცხავს სხვა ადამიანისათვის ვითარებას, რომელშიც მას შეუძლია თავი "მე"-დ იგრძნოს. სასურველ "მე" და "შენ"-ის მიმართებას ცვლის "მე"-ს "არა-მე"-სთან მიმართება. გასეტის მტკიცებით, "მე"-ს ვერ გადავაქცევთ ნივთად, "მე" ერთადერთია, რომელიც ასეთ მეტამორფოზას არ ექვემდებარება, მაგრამ ისტორიამ დაგვანახა, რომ ისეთი კლასიკოსებიც კი, როგორიც პლატონი და არისტოტელეა, მონის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს პირუტყვზე დაბლა აყენებდნენ. მათთვის მონები სწორედ ნივთები იყო. შემდგომ ცივლიზაციებშიც, ადამიანები ისევე იყიდებოდა ბაზარზე, როგორც ნივთები და ეს იყო ადამიანის ნივთთან გაიგივების შედეგი. თანამედროვე ადამიანი ცდილობს მეობა შეინარჩუნოს, მაგრამ სხვა "მე"-სადმი ასეთი დამოკიდებულება არ ახასიათებს, სხვა მის თვალში საშუალებაა, მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების გზაა. ის, რომ სხვა ადამიანი განიხილება როგორც საშუალება და არა როგორც მიზანი, მისი ნივთთან გაიგივების მაჩვენებელია. კანტმა სცადა ისეთი მორალური პრინციპების შემუშავება, რომელიც ადამიანის ნივთთან გაიგივებას გამორიცხავდა, თუმცა, გასეტს კანტის ეს იმპერატივი უფრო ამაღლებულად ესმის. გასეტის აზრით, კანტის იმპერატივის ფორმულაა "მოიქეცი ისე, რომ სხვა ადამიანები არ მოიხმარო როგორც საშუალებანი, არამედ ისე, რომ ისინი ყოველთვის შენი მოქმედების მხოლოდ მიზანი იყვნენ". გასეტის ეს ფორმულა არ არის კანტის კატეგორიული იმპერატივის სწორი გაგება. კანტი ადამიანს მოუწოდებდა სხვა ადამიანს არ მოქცეოდა როგორც მხოლოდ საშუალებას, სხვა ადამიანი მისთვის მიზანიც უნდა ყოფილიყო. ე. ი. საშუალებად ყოფნა არ იყო გამორიცხული, მაგრამ საშუალებაზე არ უნდა ყოფილიყო დაყვანილი. ეს ერთი მომენტი უნდა ყოფილიყო სხვა ადამიანთან დამოკიდებულებაში. უტოპიურია გასეტის მოთხოვნა, "რაიმე გავხადოთ "მე"-დ, ეს არის ერთადერთი საშუალება მივაღწიოთ იმას, რომ მან ნივთად ყოფნა შეწყვიტოს" . ვფიქრობთ, ეს კანტის იმპერატივისათვის ზედმეტი მოთხოვნისა თუ ზედმეტად გაჰუმანიზირების მცდელობაა, ევანგელიეს ფორმულირებას უფრო მიესადაგება "გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი". კანტი ადამიანს მიზან-საშუალებად განიხილავს და არა უბრალოდ საშუალებად ან მხოლოდ მიზნად. დღეს ეს მოთხოვნაც დავიწყებულია და მომხმარებლური საზოგადოება ადამიანს საშუალებად მიიჩნევს. სწორედ ამის გამოა, დღევანდელი საზოგადოება ცივილიზაციის დონეზე. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ კულტურისა და ცივილიზაციის ცნებებს მრავალმნიშვნელოვანება ახასიათებს.

      მიუხედავად იმისა, რომ კულტურისა და ცივილიზაციის ზემოთგანხილული თეორიები როგორც წარსულის, ისე თანამედროვეობის გააზრებაში მეტად მნიშვნელოვანია, მკვლევრები მათი ანალიზით არ კმაყოფილდებიან და ერთხმად მიუთითებენ სოციალური პროცესების გააზრებისათვის ნორბერტ ელიასის ორტომეულს, სათაურით - ცივილიზაციის პროცესის შესახებ სოციო-გენეტური და ფსიქოგენეტური გამოკვლევები. ელიასი აგრძელებს და ავითარებს იმ ხაზს, რომელიც მისმა მასწავლებელმა, ალფრედ ვებერმა შეიმუშავა და, რომლის არსება გამოიხატება ემპირიულობით, არასპეკულატური ხასიათითა და სოციალური მოქმედების შემეცნებით. ელიასი გლობალური ფილოსოფიური თეორიებისაგან განსხვავებით, სოციალურ ცვლილებებს იკვლევს უშუალოდ სინამდვილის ანალიზით და ქმნის სოციალურ ცვლილებათა არადოგმატურ, ემპირიულად დაფუძნებულ სოციოლოგიურ თეორიას. მისი ნააზრევის ერთ-ერთი თავისებურება ისიცაა, რომ კულტურისა და ცივილიზაციის ცნებათა მიმართებას ის ცალკეული ქვეყნების მიხედვითაც აანალიზებს, აჩვენებს, როგორ განვითარდა ეს მიმართება გერმანიასა და საფრანგეთში, როგორ გადავიდა ამ ცნებათა ფრანგული გაგება ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორ გადაიზარდა გერმანული წარმოშობის ტერმინი და შესაბამისი ცნება - კულტურა - სოციალურობის გამომხატველობიდან ნაციონალური თვითცნობიერების გამომხატველ მნიშვნელობაში. ანალოგიური რამ მოხდა საფრანგეთსა და ინგლისურენოვან ხალხებში ცივილიზაციის მიმართ.

      ნორბერტ ელიასი ანალიზს იწყებს ცივილიზაციის ცნების მრავალმნიშვნელოვნობის ფიქსირებით. მისი მტკიცებით, ცივილიზაციით აღნიშნავენ ტექნიკის ვითარებას, ადამიანთა მანერებს, მეცნიერულ შემეცნებას, რელიგიურ იდეებს, ცხოვრების წესს, ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ცხოვრების ფორმებს, სამართლებრივ სანქციებს, საკვების მიღების ფორმებსა და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ცივილიზაციის გამოყენების არეალი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. იმდენად, რომ ჩვენს გარშემო არაფერი არაა, რასაც მიმართება არ ექნებოდა ცივილიზებულ თუ არაცივილიზებულ ფორმებთან. ამიტომ, სიტყვათა მცირე მარაგით ვერ იქნება ნაწვდომი ყოველივე ის, რასაც ცივილიზაციით აღვნიშნავთ” .

      ნორბერტ ელიასის სააზროვნო სიტუაციისთვის, გარკვეულწილად, შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგა მისი პიროვნული ტრაგედია გერმანიაში ფაშიზმის დიქტატურასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გერმანიიდან ინტელექტის მასობრივი გადინება მოხდა. ამ ტალღაში მოხვდა ნორბერტ ელიასიც, რომელმაც 1933 წელს სამშობლო დატოვა და პარიზში გადავიდა. შემდეგ ლონდონში მოღვაწეობდა და ბოლოს, 1990 წელს, 93 წლის ასაკში, ამსტერდამში გარდაიცვალა. ემიგრაციამ მას საშუალება მისცა საფუძვლიანად გასცნობოდა საფრანგეთისა და ინგლისის ცივილიზაციებს და მათი ემპირიული ანალიზი იმავე დონეზე წარემართა, რა დონეზეც გერმანიაში - კულტურისა და ცივილიზაციის მიმართება.

      ელიასთან კულტურისა და ცივილიზაციის მიმართების მრავალ მნიშვნელობასთან გვაქვს საქმე. მისთვის ცივილიზაცია ერთ შემთხვევაში ნიშნავს უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში სოციალურ ცვლილებათა ტემპის შეცვლას. მანამდე კულტურა ვითარდებოდა სტაბილური ტემპით, რაც ადამიანს საშუალებას აძლევდა როგორც გარემოს, ასევე საკუთარი ცვლილებისათვის მშვიდად ედევნებინა თვალი. მაგრამ უკანასკნელ საუკუნეთა მსვლელობამ დაარღვია ეს ჩვეულებრივი რიტმი და ტექნიკის არნახული განვითარების ტემპების ფონზე ადამიანის ტრადიციული ცვლილების მსვლელობაც შეიცვალა. ადამიანი ბუნებასთან შეგუებიდან ბუნებასა და საკუთარ თავზე გაბატონების ვითარებაზე გადავიდა, რამაც გამოიწვია ევროპელი ადამიანის თვითცნობიერების რადიკალური ცვლილება: როცა საკითხი ისმის - რა ფუნქცია აქვს ცივილიზაციის ცნებას და ადამიანის ცნება აღინიშნება როგორც ცივილიზებული, აღმოჩნდება, რომ ეს ცნება ევროპის თვითცნობიერებას გამოხატავს. შეიძლება ითქვას, აგრეთვე, ეროვნულ თვითცნობიერებასაც. ის ასახავს ყველაფერს იმას, რაც უკანასკნელი ორი-სამი საუკუნის ევროპულ საზოგადოებას სწამს და ადრეულ საზოგადოებებთან შედარებით მის უპირატესობად მიაჩნია. მისი გზით, ევროპული საზოგადოება ცდიობს დაახასიათოს ის, რაც მის საკუთრივობას ქმნის და რითაც ის ამაყობს - იქნება ეს მისი ტექნიკის ვითარება, მანერების ფორმები, მეცნიერული შემეცნების წინსვლა, ან კიდევ, მისი მსოფლმხედველობა და, შეიძლება, კიდევ მრავალი სხვა” .

      როგორც ვხედავთ, ადამიანის ყოფიერების წესის რადიკალური ცვლილება ცივილიზაციის ცნებით გამოიხატება. ეს ცნება იმ სიახლის შედეგია, რაც ადამიანს შემეცნების განვითარებამ და ინტელექტის ბატონობამ მოუტანა, რამაც შეცვალა როგორც სოციალური გარემო, ისე, საკუთრივ, ადამიანიც. დეკარტის მიერ აზროვნებით ყოფიერების გაგების დაფუძნება და ინტელექტუალურ შესაძლებლობათა სრული სახით გამოყენება, ადამიანის მოქმედებაში წარმოშობს ახალ, რაციონალური ტიპის ადამიანს და, შესაბამისი დოზით, საზოგადოების ცივილურობას.

      ელიასი არ ჩერდება ცივილიზაციის ამ გაგებაზე. მას მიაჩნია, რომ ცივილიზაცია კულტურასთან მიმართებაში შეიძლება ნიშნავდეს ტექნიკის განვითარებას, კულტურა კი, მასზე მოთხოვნილებასა და მის ათვისებას. ამ გაგებით, ცივილიზაციით აღინიშნება ტექნიკა, ხოლო ადამიანის მიერ ტექნიკის გამოყენების მოთხოვნილება და გამოყენების წესები, შესაბამისად, ქცევის მანერები, კულტურით აღინიშნება. როგორც ჩანს, კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების ამ გაგებას ემყარება ოგბორნის ადამიანის კულტურული ჩამორჩენილობის თეორია, რომლის მიხედვით, ცივილიზაციის განვითარებამ უფრო სწრაფი ტემპი გამოავლინა, ვიდრე - ადამიანის კულტურისამ.

      ადამიანი ქმნის ტექნიკას, მაგრამ მისი გამოყენების, მასთან მიმართების შესაბამისი კულტურა არ გააჩნია. ჩამორჩება ტექნიკის დონეს, ამიტომ, ტექნიკა მასობრივი გამოყენების საგანი ვერ ხდება. ტექნიკოსები ისეთ ტექნიკას ქმნიან, რომლის მოქმედების პრინციპები, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა მისაწვდომი. ტექნიკა გაცილებით სწრაფად ვითარდება მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში, ადამიანის განვითარების ტემპი კი ჩამორჩება. ტექნიკა იქცევა იმ გოლემად, რომელსაც ადამიანი ვერ მართავს. ამიტომ, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეოქაში ერთ-ერთი ძირითადი და ადამიანის ყოფიერებისათვის გადამწყვეტი დაპირისპირებაა წინააღმდეგობა ტექნიკასა და ადამიანს შორის. ელიასთან ეს დაპირისპირება არა მარტო ტექნიკის დონესა და მისი გამოყენების წესთა ცოდნას შორის განსხვავებას მოიცავს, არამედ, ტექნიკის დონესა და ამ დონეზე ადამიანის მოთხოვნილებას შორის განსხვავებასაც. ცივილიზაციის მაღალი დონე თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მასზე რეალურ მოთხოვნილებას და შესაბამის კულტურას. აფრიკის ქვეყნებში თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევები შესაბამის გამოყენებას ვერ პოულობს და უახლესი მარკის მანქანებით ზოგჯერ თხები და ცხვრები გადაყავთ. ბევრგან, უახლესი ტექნიკის გვერდით, სამგზავროდ კვლავ ტრადიციული საშუალებები - ცხენი და აქლემი გამოიყენება. ევროპული ტექნიკა, ცივილიზაციის ეს უახლესი მონაპოვარი, ბევრმა რეგიონმა ვერ გაიშინაგანა და ეს მარტო ტექნიკური განათლების ჩამორჩენით არ აიხსნება - ამ შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნილების უქონლობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ეს ნიშნავს ცივილიზაციისა და ტექნიკის დაპირისპირების ერთ-ერთ ასპექტს.

      ელიასის მტკიცებით, ცივილიზაცია არაა ერთმნიშვნელოვანი ცნება, არა მარტო ეპოქების თუ საკაცობრიო განვითარების, არამედ, ეროვნული მნიშვნელობის თვალსაზრისითაც ცივილიზაცია ევროპის სხვადასხვა ერებისთვის ერთსადაიმავეს არ ნიშნავს. ერთი მხრივ, ამ სიტყვის ფრანგულ და ინგლისურ გამოყენებასა და, მეორე მხრივ, გერმანულს შორის, დიდი განსხვავებაა. ელიასის აზრით, ცივილიზაცია ფრანგულ და ინგლისურ გამოყენებაში ნიშნავს ადამიანის მიღწევებს, მისი განვითარების უმაღლესი საფეხურისაკენ მსვლელობას. ის პირველადი ღირებულებაა და, თანაც, განმსაზღვრელი, ადამიანის ყოფის საამაყო წესი. გერმანელისთვის კი პირველადი განმსაზღვრელი და, მთავარი, კულტურაა. ცივილიზაციას მხოლოდ მეორადი ღირებულება მიეწერება. ის ადამიანისათვის შინაგანი კი არაა, გარეგანია. ცივილიზაცია არაა ადამიანის ადამიანობის მაჩვენებელი, არც ადამიანური ყოფიერების თვალსაზრისით საამაყო. გერმანელის პოზიცია, ამ შემთხვევაში, უახლოვდება სენტ ეგზიუპერის გმირის, პატარა პრინცის თვალსაზრისს, რომელიც ცივილიზაციის მიღწევებისადმი ინტერესს არ ავლენს და ონკანიდან წყლის დალევას, წყურვილის უშუალოდ წყაროდან დაკმაყოფილება ურჩევნია. ტექნიკა რომ საქმეს გვიადვილებს, ეს მისთვის ღირებული არაა. გერმანელისთვისაც ასეა.

      მთავარია კულტურა, როგორც შემოქმედების არეალი, როგორც სულიერ ღირებულებათა შექმნისა და მოხმარების სფერო. ცივილიზაცია კი მატერიალურთანაა დაკავშირებული, თანაც ადამიანისთვის შინაგანი არაა. გერმანელი კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირებას ყველა სფეროში პოულობს და ყველგან კულტურას ანიჭებს უპირატესობას. ელიასის მტკიცებით, ცივილიზაციის ფრანგული და ინგლისური ცნება შეიძლება მიმართებაში იყოს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ, რელიგიურ ან ტექნიკურ, მორალურ ან საზოგადოებრივ აქტებთან. გერმანული კულტურის ცნება არსებითად მიმართებაშია გონით, ხელოვნებისეულ, რელიგიურ ფაქტებთან და ის ავლენს მიდრეკილებას, ტიხარი გაავლოს, ერთი მხრივ, აღნიშნულ ფაქტებსა (გონით, ხელოვნებისეულ, რელიგიურ და სხვა) და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ფაქტებს შორის. ცივილიზაციის ფრანგული და ინგლისური ცნება შეიძლება მიმართებაში იყოს ფუნქცირებასთან, მაგრამ ის ადამიანის პოზიციისა და ქცევის მიმართ გულგრილია. კულტურის გერმანული ცნება კი, პირიქით, მიმართებაშია ქცევისა და ღირებულებებისადმი ყოველგვარი ფუნქცირების გარეშე და კულტურა გამოხატულებას პოულობს კულტურულში. ეს სიტყვა კულტურული უშუალოდ არ გადაიტანება ფრანგულსა და ინგლისურზე .

      ელიასი განასხვავებს კულტივირებისა და კულტურულის ცნებებსაც. კულტურულობა მისი აზრით, ახლოა ცივილიზაციის ფრანგულ და ინგლისურ გაგებასთან. ის ცივილიზებულ ყოფიერებას გამოხატავს. კულტივირებული შეიძლება იყოს ადამიანი და ოჯახი. ცივილიზებულის მსგავსად, კულტივირებულიც მიმართებაში ადამიანის მოქმედებასთანაა და მის საზოგადოებრივ ყოფიერებას, მის საცხოვრისს, ურთიერთობის ფორმებს, ენას, ტანსაცმელსა და სხვას, გამოხატავს, განსხვავებით კულტურულისაგან, რომელიც მხოლოდ ადამიანის ფუნქცირებასთანაა დაკავშირებული. ელიასის აზრით, ცივილიზაცია იმას უკავშირდება, რაც მუდმივ წინსვლას განიცდის. ის პროცესსა და მის შედეგს გამოხატავს. გერმანული სიტყვა კულტურა კი მიმართებაშია ხელოვნების ნაწარმოებებთან, რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემებთან, მოკლედ, სულიერ მოღვაწეობასთან, რომელიც ისეთივე წესით ხარობს, როგორც ყვავილები ველზე. ცივილიზაცია იმას გამოხატავს, რაც ყველა ერისთვის საერთოა, კულტურა კი - ეროვნულ ფენომენს. ცივილიზაციის პროდუქტები არაა ეროვნული, ისინი ყველა ადამიანისათვის თანაბრად მნიშვნელობს. კულტურის პროდუქტები ეროვნული შემოქმედების შედეგია და ეროვნულობით ხასიათდება.

      ელიასის აზრით, აღნიშნულის გარდა, კულტურისა და ცივილიზაციის ცნებები, ერთი მხრივ, გერმანელებსა და, მეორე მხრივ, ფრანგებსა და ინგლისელებში, მათი თვითცნობიერების გამოსახატად გამოიყენება. მათ ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება. ის, რითაც გერმანელი თავის ეროვნულ ცნობიერებას ანუ თვითცნობიერებას გამოხატავს, კულტურაა, ხოლო ის, რითაც ფრანგი და ინგლისელი თავიანთ თვითცნობიერებას გამოხატავენ, ცივილიზაციაა. რადგან განსხვავებული ერები, ამ შემთხვევაში გერმანელები კულტურით, ხოლო ფრანგები და ინგლისელები ცივილიზაციით თვითცნობიერებას გამოხატავენ, ამდენად, ორივე ცნება ამ ხალხთა წინაშე დასმულ კითხვაზე: რაა საკუთრივ ჩვენი თავისებურება? სხვადასხვა სიტყვითა და ცნებით გამოხატულ პასუხს იძლევა. თუმცა, მათი შინაარსები იდენტურია - ერის არსება, მისი ყოფიერების გამოხატვა. კითხვა - რაა საკუთრივ ფრანგული? რაა საკუთრივ ინგლისური? - ეს ფრანგისა და ინგლისელის თვითცნობიერებაა და, დიდიხანია, უდავოა. კითხვა - რაა საკუთრივ გერმანული? - საუკუნეების განმავლობაში ვერ ირკვევა და, ამ კითხვაზე პასუხს გარკვეულ ფაზაში კულტურის ცნება იძლევა . ამ ცნებათა ის მნიშვნელობა, რომელიც მათ ერთა თვითცნობიერების გამომხატველად სახავს, განსხვავებულ ობიექტებს აერთიანებს მათ მნიშვნელობათა იდენტურობით და ისინი ამ ერებში ანალოგიურ ფუნქციას ასრულებენ. ამდენად, ეროვნული თვითცნობიერების ნაგებობა, რომელიც რეპრეზენტირებულია კულტურის ან ცივილიზაციის ცნებით, სრულიად განსხვავებულია. გერმანელი, რომელიც ამაყად ლაპარაკობს თავის კულტურაზე, ისევე, როგორც ფრანგი და ინგლისელი - თავიანთ ცივილიზაციაზე, მათ განიხილავენ როგორც სრულიად თავისთავად გასაგებს. ეს ის წესია, რომლითაც ადამიანი სამყაროს როგორც მთელს განიხილავს და აფასებს .

      ელიასი ამ ცნებათა მრავალმნიშვნელოვნობის ანალიზთან ერთად მათ ისტორიულ გენეზისსაც გვთავაზობს. მას მიაჩნია, რომ კულტურისა და ცივილიზაციის ცნებათა დაპირისპირება გერმანულ ცნობიერებაში მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ განვითარდა, ამ საუკუნეში არ დაწყებულა. ამ დაპირისპირებას საფუძველი კანტმა დაუდო თავისი შრომით: საყოველთაო ისტორიის იდეები მსოფლიო მოქალაქის განზრახვა (Ideen Zu einer allgemein Geschichte in Weltb?rgerlicher Absicht) ცივილიზაციის ცნების ისტორიას კი 1797 წელს გამოსული ფრანგი ემიგრანტის მენორეტის ნაშრომიდან იწყებს, რომლის კომენტარებში აღნიშნულია ცივილიზებული ქვეყნების ხალხებზე და საუბარია ფრანგებზე. მაშასადამე, ცივილიზაცია ფრანგებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა ამ სიტყვის რომაელებთან დაკავშირება, რადგან ლათინური ფუძის მქონეა, რომლის ვრცელი განმარტება მოცემულია დომინიკ კოლას ნაშრომში - პოლიტიკური სოციოლოგია.

      უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, თანამედროვე აზროვნება, უმეტეს შემთხვევაში, თითქმის სტიქიურად მიჰყვება კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების იმ მოდელს, რომელიც შპენგლერმა წარმოადგინა. მისი ნააზრევის მიხედვით, კულტურა და ცივილიზაცია ერთმანეთს უპირისპირდება როგორც შემოქმედება და შემოქმედების ამოწურვა, სულის ბატონობა და ტექნიკის ბატონობა, ადამიანური და არაადამიანური სამყაროს, ქალაქისა და სოფლის დაპირისპირების გამოხატულება. ამ დაპირისპირებაში უპირატესობა დილემის პირველ მხარეს, ესე იგი, კულტურას ენიჭება და ცივილიზაცია უარყოფითადაა შეფასებული.

      ვფიქრობთ, ეს თვალსაზრისი სუბიექტურია და ნივთთა ვითარებას არ გამოხატავს. სინამდვილეში, ცივილიზაცია კულტურის საპირისპირო კი არა, არამედ მისი გაგრძელება და განვითარებაა, თანაც, დიდი ნახტომია ტრადიციულიდან ინოვაციურ საზოგადოებაში. ცივილიზაცია ადამიანის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენის არენაა. ტექნიკა ადამიანის მტერი და შემოქმედების ამოწურვის მაჩვენებელი კი არაა, არამედ, - ადამიანობის გამაძლიერებელი, ადამიანის ბუნებასა და საკუთარ თავზე ბატონობის გამაღრმავებელი, რითაც ადამიანს მეტი დრო და საშუალება ეძლევა სამყაროსა და საკუთარი თავის როგორც საწვდომად, ისე დასამკვიდრებლად. მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ ადამიანს მანამდე არნახული შესაძლებლობები შეუქმნა სამყაროში საკუთარი ყოფიერების დასამკვიდრებლად, თუმცა, იმავე ზომით გაჩნდა ადამიანისა და სოციალურის ამოძირკვის, საერთოდ, სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობა. ახლა ადამიანზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით წარმართავს ამ შესაძლებლობებს, რომლის რეალიზაციას მოახდენს. წარსულში ადამიანის შესაძლებლობანი ორივე აღნიშნული მიმართულებით შეზღუდული იყო. ამჟამად ეს შეზღუდვა მოიხსნა და ყველაფერი ადამიანის რაციომ უნდა განსაზღვროს. ადამიანმა უნდა უჩვენოს, რომ ის მართლა რაციონალური არსებაა, რომ საზოგადოება, რომლის წევრიც ის არის და რომელსაც ის აშენებს, რაციონალიზმის პრინციპებით იმოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციით შექმნილი შესაძლებლობანი რეალიზდება და ჭეშმარიტი ადამიანური სამყაროს დამკვიდრების საშუალება იქნება. ეს კი გოლიათური ნაბიჯია კულტურის განვითარების გზაზე.

      მაშასადამე, ცივილიზაცია კულტურის განვითარებას წერტილს კი არ უსვამს და კი არ უპირისპირდება მას, არამედ კულტურას აგრძელებს, თანაც მანამდე უნახავი ტემპით და აღმოჩნდება რომ ადამიანს მხოლოდ ცივილიზაციის ვითარებაში შეუძლია მისი არსების შესაბამისი სამყაროს აგება. წარსულს კი არ უნდა მივტიროდეთ, არამედ აწმყოსა და მომავლის პერსპექტივები უნდა განვჭვრიტოთ და გავითვალისწინოთ სოციალური ყოფიერების დამკვიდრების აუცილებლობა. თუ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით წარიმართება, ადამიანი შეძლებს იყოს სამყაროს უმძლავრესი არსება, რომელიც მშვენიერ ყოფიერებას დაამკვიდრებს. ტექნიკის განვითარებამ და ქალაქების ზრდამ კი არ უნდა შეგვაშინოს, არამედ ის საშუალებები უნდა მოგვანახინოს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკისა და ურბანიზაციის პირობებში ადამიანის ცხოვრებას საზრისით აღავსებს და გაახანგრძლივებს, უნდა დავემშვიდობოთ რუსოიზმს და მომავალს საღი აზრით შევხედოთ. სწორედ ტექნიკა იძლევა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების, მისი შრომისუნარიანობის პერიოდის გადიდების, დამქანცველი შრომისაგან გათავისუფლების საშუალებას და იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ შრომა ადამიანისათვის ტვირთი კი არა, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი იყოს, რომ არა მარტო წარმოებული პროდუქტები, არამედ წარმოების პროცესიც სასურველი გახდეს. შრომაში თამაშის იმდენი ელემენტი უნდა მონაწილეობდეს, რომ მთლიანად გათავისუფლდეს ქანცგამცლელობისაგან. ადამიანს საკუთარი თავისთვის მეტი დრო უნდა რჩებოდეს. მომავლის გიგანტური ქალაქები კი, დღევანდელისაგან განსხვავებით, ისეთი ესთეტიკური ტკბობის მომნიჭებელი უნდა იყოს, როგორიცაა ფრანგი სოციოლოგის ფურასტიეს რედაქციით გამოცემულ წიგნში - მომავლის ქალაქები. მაშინ წარსული მომავალზე უკეთესად არ მოგვეჩვენება და კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირებასაც ბოლო მოეღება.

ამოსაბეჭდი ვერსია:

ცივილიზაციის ცნების თანამედროვე განსაზღვრებანი

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2298

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters