ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საბუნებისმეტყველო წინამძღვრები

ფსიქოლოგიის ისტორია, V თავი

5.1. თავის ტვინის, ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგია

      როგორც წინა თავში ვნახეთ, XIX საუკუნის ფილოსოფოსებში, რომელთა სახელებსაც უკავშირდება ემპირიული ფსიქოლოგია, გამოკვეთილად გაისმა თეზისი ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების შესახებ. ამ თეზისს ამყარებდა ბუნებისმეტყველებაში მიმდინარე კვლევა-ძიება. აღნიშნული პერიოდი ბიოლოგიის, კერძოდ ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ინტენსიური განვითარების ნიშნით ხასიათდება. ამ სფეროს შესწავლაში კარდინალური მნიშვნელობის ძვრები მოხდა როგორც ემპირიული, ისე კონცეპტუალური თვალსაზრისით. ფსიქოლოგიის მომავალზე ამან უდიდესი გავლენა მოახდინა: ჯერ ერთი, იგი შეივსო უმდიდრესი ფაქტოლოგიური მასალით, რომელიც მოიპოვეს მომიჯნავე სფეროს მკვლევარებმა. მეორე, და უფრო მნიშვნელოვანი, იმ რწმენის დამკვიდრება იყო, რომ ფსიქიკური მოვლენების შესწავლა წარმატებით შეიძლება საბუნებისმეტყველო-ლაბორატორიული კვლევის გზით. ამ გზამ, საკმაოდ მალე, ფსიქოლოგები საკუთარი ლაბორატორიების კარებამდე მიიყვანა.

      დავიწყოთ თავის ტვინის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევის მონაცემებით. ამ საქმის ერთ-ერთ პიონერად სამართლიანად ითვლება თავის დროზე დიდი სახელის მქონე ავსტრიელი ანატომი და ექიმი ფრანც გალი (1758-1828). მან პირველმა გამოყო ტვინის რუხი და თეთრი ნივთიერება. განსაკუთრებით ფართო გამოხმაურება ჰქონდა მის მოძღვრებას თავის ტვინში ფსიქიკურ თვისებათა ლოკალიზაციის შესახებ, რომელსაც ფრენოლოგია (ბერძნულად ნიშნავს სულს, ზნეს, ხასიათს) ეწოდა. გალი იზიარებდა ნიჭთა ფსიქოლოგიის მოსაზრებებს თანდაყოლილი ფსიქიკური თვისებების და უნარების შესახებ (იხ. თავი 4.2.). კერძოდ, გალმა დაუშვა აღქმის, მეტყველებს, მეხსიერების, ანგარიშის, მხატვრობის, მუსიკის, პოეზიისა და სხვა უნარის არსებობა. აგრეთვე ისეთი ქარაქტეროლოგიური თვისებებისა, როგორიცაა პატივმოყვარეობა, ცბიერება, გაბედულება, კონტაქტურობა, სიფრთხილე, ქედმაღლობა, ეროტიზმი, მშობლების და შვილების სიყვარული და ა.შ. გალმა დაასახელა 27 ასეთი უნარ-თვისება, ხოლო მისმა მოწაფემ და ფრენოლოგიის პოპულარიზატორმა ი. სპრუცჰეიმმა მათი რიცხვი 37-მდე გაზარდა.

      გალის მიხედვით, თითოეული მათგანი თავის ტვინის ქერქის გარკვეულ ადგილას არის მოთავსებული (ლოკალიზებული), ანუ საკუთარი ორგანო აქვს. აქედან გამომდინარე, მისი მოწაფეების მონაწილეობით (კლეისტი, შპრუცგეიმი) შეიქმნა ე.წ. ფრენოლოგიური რუკა. დაშვებული იყო აგრეთვე, რომ უნარ-თვისებების განვითარებასთან ერთად იზრდება თავის ტვინის შესაბამისი უბნებიც. ეს, თავის მხრივ, აისახება თავის ქალის მოყვანილობაზე, რომელიც ტვინის ფორმას იმეორებს. გალის აზრით, ეს საშუალებას იძლევა თავის ქალის ფორმის მიხედვით ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებებზე, მისი ამა თუ იმ ნიჭის განვითარების დონეზე ვიმსჯელოთ.

      გალის დასკვნები შემთხვევით, მეცნიერულ სანდოობას მოკლებულ დაკვირვებებს ეყრდნობოდა. მაგალითად, მან შეამჩნია, რომ ბავშვები, რომელთაც დიდი და წინ წამოწეული თვალები აქვთ, სიტყვებს კარგად იმახსოვრებენ. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ სიტყვების დამახსოვრების უნარი ლოკალიზებულია თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომელიც განლაგებულია თვალის ორბიტების უკან. მეხსიერების სხვა ფორმები სხვა ადგილებში არიან ლოკალიზებული; გალმა კი ასეთი რამდენიმე გამოყო: მეხსიერება რიცხვებზე, სახელწოდებებზე, საგნებზე, ადგილებზე. ამ უკანასკნელის ორგანო არის, ამასთანავე, მოგზაურობის სიყვარულის ცენტრი. ამიტომ ის წარმოდგენილია ორი “კოპის” სახით, რომელიც მოთავსებულია ზონაში ცხვირის ძირიდან შუბლის შუა წერტილამდე. შესაბამისად, ადგილის კარგი მეხსიერების მქონე ადამიანს მოგზაურობისკენ სწრაფვაც ახასიათებს. ავრცელებდა რა თავის მოსაზრებებს ცხოველებზეც, გალი თვლიდა, რომ ეს უნარ-თვისება ყველაზე მეტად ჩიტებშია განვითარებული.

      მიუხედავად იმისა, რომ ფრენოლოგიას რამდენადმე მყარი და სანდო მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნდა, ის არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ არამეცნიერულ საზოგადოებაში, მსგავსად ქირომანტიისა. ობივატელი მასში ეძებდა პასუხებს ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებზე. უფრო გასაკვირია, რომ ფრენოლოგიისა სჯეროდა ბევრ გამოჩენილ ინტელექტუალს (ჰეგელი, მარქსი, ბალზაკი, ელიოტი, უიტმენი და სხვა). რაც შეეხება მეცნიერებას, ფრენოლოგიამ უდავოდ დადებითი როლი შეასრულა იმ მხრივ, რომ მწვავედ დასვა საკითხი ფსიქიკური ფუნქციების ლოკალიზაციის შესახებ და ნათელყო მისი ექსპერიმენტული კვლევის საჭიროება. ამიტომაც მეცნიერების ისტორიის გადასახედიდან სამართლიანად ჟღერს გალის საფლავზე ამოტვიფრული სიტვები: “თავი შევიკავოთ მისი გამტყუნებისაგან, იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ის, რასაც სხვები ვერც კი გაბედავენ, თუმცა გაკვალა ის გზა, რომლითაც ისინი წავლენ”.

      ფრენოლოგიას და, საზოგადოდ, ლოკალიზაციონიზმს დაუპირისპირდა ცნობილი ფრანგი ფიზიოლოგი, თავის ტვინის ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი პიერ ფლორანსი (1794-1867). იგი იყენებდა ე.წ. ექსტრიპაციის ანუ ტვინის სათანადო ადგილების ამოკვეთისა და დაშლის მეთოდს. ძირითადად ფრინველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის ნებისმიერი ადგილის ამოკვეთა მთელი ფსიქიკური აქტივობის მოშლას იწვევს, თანაც მით უფრო ღრმას, რაც უფრო დიდი არეა დაზიანებული. ახლა უკვე ცნობილია, რომ დაბალ ხერხემლიანებში თავის ტვინის ქერქი ნაკლებ დიფერენცირებულია და ფსიქიკური ფუნქციებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი ქერქში. ამიტომ, ქერქის სხვადასხვა უბნის დარღვევისას, ფლორანსის “ცდისპირებში”, დაზიანებული ფსიქიკური ფუნქციების აღდგენა შედარებით ადვილად ხდებოდა. ასეა თუ ისე, ცდისეული მინაცემებიდან გაკეთდა დასკვნა, რომ ტვინი მოქმედებს, როგორც მთელი; ფუნქციური თვალსაზრისით ის ერთგვაროვანი მასაა. ამით ფლორანსი მეორე უკიდურესობაში გადავარდა და მთლიანად უარყო თავის ტვინის ფუნქციური არაერთგვაროვნების იდეა, რომელსაც, მართალია არაექსპერიმენტული გზით, ამკვიდრებდა გალი.

      მიკროსკოპის გამოგონების შემდეგ დადასტურდა, რომ ტვინის უჯრედოვანი აგებულება, სტრუქტურა არაერთგვაროვანია. ეს ფაქტი კი ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას ტვინის მოქმედების ფუნქციური ერთგვაროვნების შესახებ, ვინაიდან ორგანოს სტრუქტურასა და ფუნქციას შორის გარკვეული შესაბამისობა უნდა არსებობდეს. და მართლაც, ამ მიმართულებით წარმოებულმა ინტენსიურმა კვლევამ მალე გამოავლინა ისეთი ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ფლორანსის შეხედულებას. ემპირიული კვლევა ორი გზით მიმდინარეობდა: ერთი - თავის ტვინის ლოკალური დაზიანებების მქონე ავადმყოფებზე დაკვირვება (კლინიკური მეთოდოლოგია) და მეორე - თავის ტვინის ანატომიურ-ფიზიოლოგიური შესწავლა სათანადო ზონების დარღვევის, ამოკვეთის, აგრეთვე დენით ან სხადასხვა ნივთიერებით გაღიზიანების საშუალებით (ექსპერიმენტული მეთოდოლოგია).

      პირველი გზით მოპოვებულ შედეგებს შორის უნდა აღინიშნოს ფრანგი ანატომის პ. ბროკას მიერ მეტყველების მოტორული ცენტრის (1861) და გერმანელი ფსიქიატრის კ. ვერნიკეს მიერ მეტყველების სენსორული ცენტრის (1873) აღმოჩენა. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება მეტყველების დარღვევის (აფაზიის) სხვადასხვა ფორმას. ბროკას ავადმყოფს არ შეეძლო ლაპარაკი, თუმცა სხვისი ნალაპარაკები ესმოდა (მოტორული აფაზია), ხოლო ვერნიკეს პაციენტს თვითონ ლაპარაკი შეეძლო, მაგრამ მოკლებული იყო სხვისი მეტყველების გაგების უნარს, ნორმალური სმენის მუხედავად (სენსორული აფაზია). მათი გარდაცვალების მერე ჩატარებულმა ტვინის პათანატომიურმა გამოკვლევამ გამოავლინა სისხლის ჩაქცევის შედეგად ლოკალური დაზიანების არსებობა ერთ შემთხვევაში შუბლის, ხოლო მეორეში - საფეთქლის წილში. კვლევის მეორე გზით აღმოჩენილ იქნა მოძრაობის ცენტრი - როლანდის ღარში (ფრიჩი და ჰითციგი), მხედველობის ცენტრი - კეფის წილში (ბეცი), სმენის ცენტრი - საფეთქლის წილში (მუნკი), ინტელექტუალურ ფუნქციებთან დაკავშირებული ცენტრები - შუბლის წილში.

      ყოველივე ეს ამტკიცებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტვინი ფუნქციურად დიფერენცირებული ორგანოა. უნდა ითქვას, რომ ზოგადად ბროკას და ვერნიკეს აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა “ცენტრების აღმოჩენის პერიოდს” ნევროლოგიაში - აღწერილ იქნა წერის, ხატვის, ანგარიშის და სხვა ცენტრები. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ იმდროინდელი ნეირომეცნიერება “ლოკალიზაციონიზმის სენით” იყო შეპყრობილი, მაგრამ, ამასთანავე, ფლორანსის მიერ დაფუძნებული ანტილოკალიზაციონისტური ტრადიციაც განაგრძობდა არსებობას. ტვინის მთლიან მოქმედებაზე მეტყველებდა ახალი მონაცემები (გოლცი, ლეშლი და სხვა) იმის შესახებ, რომ: 1) გარკვეულ ფსიქიკურ ფუნქციებთან დაკავშირებული თავის ტვინის ცენტრების დაზიანება არა მხოლოდ ამ ფუნქციების მოშლას, არამედ მთელი ფსიქიკური აქტივობის დარღვევას იწვევს; 2) გარკვეული ცენტრის მთლიანი ექსტრიპაციის მიუხედავად, რამდენიმე ხნის შემდეგ ხდება შესაბამისი ფუნქციის აღდგენა, ვინაიდან ამოკვეთილი ცენტრის როლის შესრულებას ქერქის სხვა უბნები იწყებენ; 3) სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (მაგ., აფაზია) სათანადო ცენტრის პათოლოგიის გარეშეც ვითარდება (გოლცი, ლეშლი, მარი, მონაკოვი, გოლდშტაინი და სხვა).

      70-80-იან წლებში ინგლისელმა ნევროლოგმა ჯონ ჰიუგლინს ჯეკსონმა (1835-1911) ჩამოაყალიბა ახალი შეხედულება ფსიქიკური ფუნქციების ლოკალიზაციის პრობლემის შესახებ, რომლის თანახმად ფსიქიკური ფუნქციები ტვინის სხვადასხვა დონეზე არის წარმოდგენილი: დაბალზე (ზურგის ტვინი ან ღერო), საშუალოზე (თავის ტვინის ქერქის მოტორული ან სენსორული უბნები) და მაღალზე (თავის ტვინის შუბლის წილი). დარღვევა ამა თუ იმ დონეზე იწვევს ფუნქციის ამა თუ იმ მხარის ამოვარდნას. ევოლუციის პროცესში ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დონის განვითარება და ინტეგრაცია. იქმნება კავშირთა სისტემა, რომელიც განაპირობებს ადამიანის რთულ მოქმედებას. ამ ორგანიზებული სისტემის დაშლა ან დეფექტი იწვევს ფსიქიკის სხვადასხვა სახის აშლილობას. ჯეკსონის იდეებმა გარკვეულად გაუსწრო თავის დროს. მათი განვითარება უკვე XX საუკუნეში დ. ჰების მიერ მოხდა.

      ამრიგად, XIX საუკუნეში ლოკალიზაციული და ანტილოკალიზაციული შეხედულებები თანაარსებობდა. თითოეულს თავისი სერიოზული ფაქტოლოგიური ბაზა ჰქონდა, რომელზე დაყრდნობითაც იქმნებოდა ცალმხრივი შეხედულებები. სინამდვილეში, როგორც შემდგომში ნათელი გახდა, ფსიქიკური ფუნქციების თავის ტვინში მოცემულობის ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა ტვინის არადიფერენცირებული და დიფერენცირებული მოქმედების პრინციპების ინტეგრაციას გულისხმობს.

      ფსიქიკური თვისებების თავის ტვინის გარკვეულ ზონებთან ან ცენტრებთან დაკავშირება თავისთავად, სრულებით არ ნათელყოფდა საკითხს ამ ზონის მოქმედების ნეიროფიზიოლოგიური პრინციპების შესახებ. XIX საუკუნის დასაწყისში არა მარტო თავის ტვინის ანუ სხეულის ყველაზე რთული ორგანოს, არამედ საერთოდ ნერვული სისტემის მოქმედების მექანიზმი შეუსწავლელი იყო. ეს ეხებოდა ზურგის ტვინსაც, რომელზეც ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ იგი გარკვეულწილად დაკავშირებულია მოძრაობასთან. ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობის დაზუსტებები შეიტანა ინგლისელმა ნევროლოგმა ჩარლზ ბელმა (1774-1842). მან უარყო ჯერ კიდევ დეკარტედან მომდინარე შეხედულება იმის შესახებ, რომ ნერვული ბოჭკოები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ბელმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზურგის ტვინის წინა და უკანა რქაში სხვადასხვა სახის ნერვი შედის. წინა რქა შეიცავს მოტორულ ნერვებს, რომლებიც მოძრაობას უკავშირდება, ხოლო უკანა რქა, მგრძნობიარე ნერვებს და, შესაბამისად, სენსორულ ფუნქციას. ამით მან რეფლექსის ცნება, როგორც სენსორული ნერვის გაღიზიანებაზე კანონზომიერი პასუხი, ფაქტობრივ მასალაზე დააფუძნა. ცოტა ხანში ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოებში გაჩნდა რეფლექსური ან ნერვული რკალის ცნება, რომლის ანატომიური დასაბუთება ბელს ეკუთვნის: აგზნება გაივლის აფერენტულ, მგრძნობიარე ნერვს, გადამუშავდება ზურგის ტვინის მეშვეობით და ეფერენტული ნერვით გადაეცემა სამოძრაო ორგანოს (1811). ეს პრინციპი ათი წლის მერე დამოუკიდებლად აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიოლოგმა f. მაჟანდიმ და ის ბელ-მაჟანდის კანონის სახელით შევიდა მეცნიერების ისტორიაში. მის მნიშვნელობას ფიზიოლოგიისთვის ჰარვეის მიერ სისხლის მიმოქცევის აღმოჩენას ადარებენ. მაგრამ ბელი უფრო შორს წავიდა და აჩვენა, რომ რეფლექტორული რეაქცია კუნთების ამოძრავებით არ წყდება, ვინაიდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაემართა კუნთს, სპეციალური ნერვით იგზავნება უკან, ნერვულ ცენტრში და იქ მუშავდება. ამრიგად, პირველად იქნა ჩამოყალიბებული უკუკავშირის იდეა, რომელზეც დაფუძნებულია მოქმედების თვითრეგულაციის თანამედროვე ფსიქოფიზიოლოგიური მოდელები. გარე გაღიზიანება მიდის ტვინში, იქიდან კუნთში, კუნთიდან კი ისევ ტვინში. ასე იკვრება ნერვული წრე. ამ წრის რომელიმე პუქტის გაწყვეტა იწვევს მოძრაობის დამახასიათებელ დარღვევას: სამოძრაო ნერვის დაზიანებას მოყვება დამბლა, კუნთიდან ტვინში მიმავალი ნერვის დეფექტის შემთხვევაში თავს იჩენს მოძრაობის კოორდინაციის სხვადასხვა სახის დარღვევა.

      ბელისა და მაჟანდის, აგრეთვე ინგლისელი ექიმის მ. ჰოლის და გერმანელი ფიზიოლოგის ი. მიულერის გამოკვლევების შედეგად თანდათან ყალიბდება შეხედულება რეფლექსზე, როგორც ზურგის (და არა თავის) ტვინის მოქმედების მექანიზმზე. მარშალ ჰოლმა (1790-1957) ბევრი მნიშვნელოვანი დაზუსტება შეიტანა რეფლექტორული სამოძრაო აქტების წარმომავლობასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ აქტებს მიაკუთვნებდა მხოლოდ იმ მოძრაობებს, რომელთა ბუნება პრინციპულად არაფსიქიკურია; მათში განცდა, შეგრძნება საერთოდ არ მონაწილეობს და ისინი, ასე ვთქვათ, წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათისანი არიან. ამ მხრივ ჰოლი იმდენად შორს მიდიოდა, რომ რეფლექსებად მხოლოდ ისეთ მოძრაობებს მიიჩნევდა, რომლებიც აფერენტული ნერვების უშუალო გაღიზიანებით გამოიწვევა და განასხვავებდა იმ მოძრაობებისაგან, რომელთაც თან ახლავს შეგრძნება (მაგ., ცემინება, ხველა და ა.შ.).

      ი.მიულერი რეფლექსის ცნების ასეთი დავიწროების წინააღმდეგი იყო და მიაჩნდა, რომ რეფლექსებად თავის ტვინთან დაკავშირებული ზოგიერთი მოძრაობაც უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, იგი, ფაქტობრივად, რეფლექსებს მხოლოდ ზურგის ტვინის მუშაობის დონეზე განიხილავდა. ისეთი ვითარება იქმნებოდა, თითქოს ნამდვილი ფიზიოლოგია (რეფლექსური მოქმედება) მხოლოდ ზურგის ტვინზე ვრცელდება, ხოლო თავის ტვინი “ცხოველური სულების” ადგილსამყოფელად რჩება. ეს ვითარება, ცხადია, ბუნებისმეტყველურ აზროვნებას ვერ დააკმაყოფილებდა. ამიტომ სამოციანი წლებიდან რეფლექტორული პრინციპი თავის ტვინზეც ვრცელდება - იგი წარმოდგენილია, როგორც ორგანო, რომელიც ასახავს სენსორულ ზემოქმედებას და ავტომატურად გადასცემს მას სამოძრაო სფეროს. თ. ლეიოკს შემოაქვს თავის ტვინის ავტომატური მოქმედების აღმნიშვნელი ცნება - “არაცნობიერი ცერებრაციია”. მეორე ცნობილმა ინგლისელმა ფიზიოლოგმა ვ. კარპენტერმა მის მიერ შექმნილ მიმართულებას “ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგია” უწოდა და განავითარა თეზისი თავის ტვინის არაცნობიერი (და, მაშასადამე, ფიზიოლოგიური) მოქმედების შესახებ. ამასთანავე, მან შემოიტანა იდეომოტორული აქტის ცნება: თავისი არსით ეს რეფლექტორული მოქმედებაა, რომელსაც ავტომატურად იწვევს არა ნერვული დაბოლოების უშუალო გაღიზიანება, არამედ იდეა, ცნობიერი წარმოდგენა ანუ ფსიქიკური მოვლენა. ამ ცნებამ სათანადო ადგილი დაიკავა მეცნიერების კატეგორიალურ აპარატში, მაგალითად უ. ჯეიმსის (იხ. თავი 6.4.) და ი. თარხნიშვილის (იხ. თავი 13.1.) სისტემაში.

      XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიოლოგად მართებულად ითვლება იოჰანეს მიულერი (1801-1858). მისი მოწაფეები იყვნენ ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან ჰელმჰოლცი და დიუბუა-რაიმონი, აგრეთვე გამოჩენილი მეცნიერები ლიუდვიგი და ბრიუკე. მათ სახელებთან არის დაკავშირებული ე.წ. ფიზიკო-ქიმიური სკოლა ფიზიოლოგიაში, რომელიც ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა. ეს მკვლევარები კატეგორიულად უარყოფდნენ ყოველგვარ ვიტალიზმს, როგორც მეცნიერებისთვის უცხოს და ცოცხალ ბუნებას მხოლოდ ფიზიკის და ქიმიის კატეგორიებში განიხილავდნენ.

      როგორც ცნობილია, ვიტალიზმი ბიოლოგიური მოძღვრებაა, რომელიც ყველა სასიცოცხლო პროცესს ხსნის ორგანიზმში არსებული განსაკუთრებული არამატერიალური, ზებუნებრივი ფაქტორების მოქმედებით (ენტელეხია, ფსიქოდი, არქეი, სასიცოცხლო ძალა (ვის ვიტალის) და სხვა), რომლებიც განსაზღვრავენ ცოცხალი სამყაროს სპეციფიკურობას და მის დაუყვანლობას ფიზიკო-ქიმიურ კანონზომიერებებზე. ამ მოძღვრების სათავე დასავლურ აზროვნებაში არისტოტელეს “ენტელექიასთან”, ხოლო აღმოსავლურ ტრადიციაში “ჩი”-ს და “პრანა”-ს წარმოდგენებთან მიდის. XვII-XIX საუკუნეების ვიტალიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებია ე. ბეხერი, გ. შტალი, ვან ჰელმონტი, ი. იუქსკული, გ. დრიში. ი. მიულერთან ერთად, ვიტალიზმის მომხრეთა შორის იყვნენ ისეთი თვალსაჩინო ნატურალისტები, როგორიცაა ვ. გარვეი, კ. ლინეი, ჟ. ბიუფონი და სხვა. ფიზიოლოგიაში ფიზიკო-ქიმიური სკოლის წარმომადგენლებმა, მართლაც, ყველაფერი იღონეს, რათა ფიზიოლოგია ნამდვილი საბუნებისმეტყველო დისციპლინა გამხდარიყო. ორგანიზმი გაგებულ იქნა როგორც სხეული, რომელშიც მოქმედებს ფიზიკის და ქიმიის კანონები, ენერგიის შენახვის პრინციპი და სხვა.

      მიუხედავად იმისა, რომ მიულერი ვიტალიზმის გავლენისაგან თავისუფალი არ იყო, მისი ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო დიდი ხნის განმავლობაში ძირითად კომპენდიუმად ითვლებოდა. მასში სოლიდური ადგილი ეთმობა ნერვული სისტემის ფიზიოლოგიას, რეფლექსური რკალის პრინციპს და ზურგის ტვინის მუშაობის მექანიზმს, აგრეთვე გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიას. ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის ჭრილში მიულერმა ჩამოაყალიბა შეხედულება გრძნობის ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში. ეს შეხედულება ეყრდნობა გარკვეულ ფაქტობრივ ვითარებას: რეცეპტორი (მაგ., თვალი) ადეკვატური (სინათლით) თუ არაადეკვატური (მაგ., ელექტრულით ან მექანიკურით) გამღიზიანებლის საპასუხოდ იძლევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მოდალობის (ამ შემთხვევაში მხედველობით) შეგრძნებას. ამასთან, სხვადასხვა გრძნობის ორგანოზე მოქმედი ერთი და იგივე გარე სტიმული განსხვავებულ შეგრძნებას იწვევს: მაგალითად, თვალზე და ყურზე მოქმედი ელექტროდენი იძლევა, შესაბამისად, სინათლის და სმენის შეგრძნებას.

      მიულერის თანახმად, ეს გაპირობებულია იმით, რომ ყველა სენსორულ ნერვში მოთავსებულია სპეციფიკური ხასიათის ენერგია, რომელსაც ათავისუფლებს ყოველგვარი სახის გამღიზიანებელი - ადეკვატური თუ არაადეკვატური. ამ მხრივ ყველა გამღიზიანებელი ეკვივალენტურია. საბოლოოდ, თითქოს ასე გამოდის - თუ ყოველგვარი გამღიზიანებელი მხოლოდ ისეთ შეგრძნებას იწვევს, რომელიც ამ რეცეპტორისთვის არის დამახასიათებელი, გამღიზიანებლის რაგვარობას მნიშვნელობა არ ჰქონია. მთავარია, როგორ არის მოწყობილი გრძნობის ორგანო, უფრო ზუსტად ის, თუ რა სახის სპეციფიკური ენერგიაა მასში მოთავსებული. ჩვენი შეგრძნებების ხასიათი განპირობებულია გრძნობის ორგანოს ნერვული ორგანიზაციით. ამ მსჯელობამ შეიძლება საკმაოდ აგნოსტიკურ დებულებამდე მიგვიყვანოს: შეგრძნება სამყაროს ნამდვილ სურათს არ გვაძლევს, ობიექტურ სინამდვილეს კი არ გვითვალისწინებს, არამედ ნერვული აპარატის მოწყობილობის რაგვარობას.

      თავდაპირველად მიულერი სწორედ ამდაგვარ თვალსაზრისამდე მივიდა, რომელსაც “ფიზიოლოგიური იდეალიზმიც” კი ეწოდა, მაგრამ ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით მან ერთგვარად შეარბილა თავისი პოზიცია. ადამიანის რწმენას იმის თაობაზე, რომ ის აღიქვამს რეალურ ობიექტებს და არა თავისი ნერვული სისტემის აგებულების სპეციფიკას, ამართლებს სენსორული აპარატის აგებულებასა და გარე ობიექტებს შორის არსებული გარკვეული შესაბამისობა. ამ თვალსაზრისით ადეკვატურ და არაადეკვატურ გამღიზიანებლებს შორის დიდი განსხვავებაა. არაადეკვატური გამღიზიანებელი, რომელიც, ვთქვათ, თვალის ნერვს აღიზიანებს, წარმოქმნის საგნის სუბიექტურ განცდას, მაგრამ სისრულის, სიზუსტის, მკაფიობის თუ განაწევრებულობის თვალსაზრისით ის ახლოც ვერ მოვა სინათლის სხივის მოქმედების შედეგად მიღებულ მხედველობით ხატთან. განსხვავება სხვა მხრივაცაა. არაადეკვატური გამღიზიანებლები უმეტესად ორგანოს დაცვით რეაქციას იწვევენ (მაგ., თვალის დახუჭვას); თუ ადეკვატური გამღიზიანებლის ყველა საზღურბლე ინტენსივობა შეგრძნებას წარმოქმნის, სულ სხვა სურათია არაადექვატური გამღიზიანებლის შემთხვევაში: ეს უკანასკნელი, როგორც წესი, დიდი ინტენსივობის უნდა იყოს (მაგ., დარტყმა მხედველობის ან სმენი ორგანოზე). ბევრ შემთხვევაში რა ინტენსივობისაც არ უნდა იყოს არაადეკვატური გამღიზიანებელი, ის უძლური რჩება გამოიწვიოს შეგრძნება: ბგერა საერთოდ ვერ გააღიზიანებს მხედველობის ან შეხების რეცეპტორს, სინათლე სმენის რეცეპტორს და ა.შ. ერთი სიტყვით, მიულერი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავდაპირველ მოსაზრებაზე ყველა გამღიზიანებლის ეკვივალენტურობის შესახებ. რეცეპტორები უპირატესად კონკრეტული სახის გამღიზიანებლის ზემოქმედების მისაღებად არიან განკუთვნილი. სხვადასხვა აგებულების გრძნობის ორგანოები სწორედ იმიტომ გაჩდა, რომ საჭირო იყო განსხვავებულ გამღიზიანებლებთან შეგუება. ის ფაქტი, რომ ყველა რეცეპტორი სპეციფიკურად მოქმედებს, არ უარყოფს მხოლოდ მისთვის შესატყვისი გამღიზიანებლების არსებობას. თუმცა, ეს ფაქტი არც იმას ამტკიცებს, რომ შეგრძნებები გარემოს შესახებ ცნობებს კი არ გვაწვდის, არამედ მხოლოდ სუბიექტის ნერვულ-სენსორული თავისებურებების შესახებ გვაცნობს. ასეა თუ ისე, სპეციფიკური ენერგიის დოქტრინა მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც XIX საუკუნის შეგრძნებათა ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზოგადება.

      აღსანიშნავია მიულერის პოზიცია სივრცის აღქმის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მწვავედ იდგა იმდროინდელი საბუნებისმეტყველო აზროვნების წინაშე. ამ საკითხში მიულერი გერმანულ ტრადიციას მიჰყვება, კერძოდ ეყრდნობა კანტს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სივრცული სქემა აპრიორულია, ანუ იმთავითვე ახასიათებს ცნობიერებას. მიულერი ამ შეხედულებას ფიზიოლოგიის თვალსაზრისით განიხილავს და ამტკიცებს, რომ სივრცულობა თვით გრძნობის ორგანოს თანდაყოლილი თვისებაა და არა ცნობიერების აპრიორული ფორმა, როგორც ეს კანტს ესმოდა. ჩვენი მხედველობა იმთავითვე სივრცულია, ვინაიდან თვალის ბადურაზე არსებობს სიდიდის, დაშორებულობისა და სხვა სივრცული თვისებების შემგრძნობი სპეციფიკური წერტილები. მიულერი ითვლება ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისის ცენტრალურ ფიგურად, რომლის მიხედვითაც სივრცის აღქმა თანდაყოლილია. ამ თვალსაზრისს დაუპირისპირდა ე.წ. გენეტიზმი, რომელიც სათავეს ინგლისურ ემპირიზმში იღებს, ხოლო გერმანულ ფილოსოფიაში ერთგვარად ლოტცესთან არის წარმოდგენილი (იხ. თავი 4.2., 4.3.). ფიზიოლოგიაში ეს თვალსაზრისი გამოთქვეს ბელმა, შტეინბუხმა და ჰელმჰოლცმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სივრცის აღქმა შეძენილია სენსორული მასალის და კუნთური შეგრძნებების ურთიერთობის შედეგად. მიულერის პოზიცია გაიზიარეს ფსიქოლოგმა კ. შტუმფმა და ფიზიოლოგმა ევალდ ჰერინგმა (1834-1918). ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ თვალს იმთავითვე აქვს სივრცული მხედველობის უნარი. ბადურის სათანადო წერტილები აღიქვამს სიმაღლეს, მიმართულებას და სიღრმეს.

      საერთოდ, ჰერინგი გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ავტორიტეტული მკვლევარი იყო. ცნობილია მისი პოლემიკა ჰელმჰოლცთან შეგრძნებისა და აღქმის პრინციპულ საკითხებზე. ჰელმჰოლცი გენეტისტი იყო, ჰერინგი - ნატივისტი. განსხვავდებოდა მათი თვალსაზრისი ფერთა შეგრძნების საკითხშიც. ჰელმჰოლცი იზიარებდა და იცავდა ფერთა შეგრძნების თეორიას, რომელიც 1801 წელს წარმოადგინა ინგლისელმა მეცნიერმა თ. იანგმა. ამ მოდელის თანახმად, თვალში არსებობს სამი სახის რეცეპტორი (ბოჭკო), რომლებშიც სამგვარი ელემენტარული აგზნების პროცესი მიმდინარეობს; მათ შეესაბამება წითელი, მწვანე და იისფერი შეგრძნებები. დანარჩენი ფერები ამ ბოჭკოების ერთდროული (მეტ-ნაკლები) აგზნების შედეგია. ამ კონცეფციას სამკომპონენტიანი თეორია ეწოდა.

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰერინგმა ჩამოაყალიბა თავის ფოტოქიმიურ თეორია, რომლის თანახმად ფერის შეგრძნება დამოკიდებულია ბადურაში მოთავსებული სამი სახის ფოტორეცეფტორში მიმდინარე ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესებზე. თითოეული რეცეპტორი შეიცავს ქიმიურ სუბსტრატს, რომელიც იძლევა შეგრძნებათა წყვილს: თეთრი-შავი, წითელი-მწვანე, ყვითელი-ლურჯი. დისიმილაციის პროცესი იწვევს წყვილის პირველი წევრის შეგრძნებას, ხოლო ასიმილაციის პროცესი - მეორისას. ამ შეხედულებათა დაპირისპირება მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა; საბოლოოდ, გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა, ვინაიდან ორივე შემთხვევაში არსებობდა ფაქტები, რომელთა დამაკმაყოფილებელი ახსნა ვერ ხერხდებოდა.

      გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით XIX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერ-ბუნებისმეტყველს, ჰერმან ჰელმჰოლცს (1821-1894). ჰელმჰოლცის შემოქმედება მეტად მრავალფეროვანია. იგი ერთნაირი უფლებით შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკოსად, ფიზიოლოგად და ფსიქოლოგად. ზოგიერთი მეცნიერების ისტორიკოსი ჰელმჰოლცს ფეხნერთან და ვუნდტთან ერთად, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად მიიჩნევს. როგორც ფიზიკო-ქიმიური სკოლის ერთ-ერთი ლიდერი, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ჰელმჰოლცი პრიორიტეტს ფიზიკას ანიჭებდა, და თვლიდა, რომ ფიზიკის კანონები, განსაკუთრებით ენერგიის შენახვის კანონი, ცოცხალ ბუნებაზეც უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ, ბორინგის თქმით, ფიზიოლოგიაში ჰელჰოლცი უფრო ფიზიკოსი იყო, ხოლო ფსიქოლოგიაში - უფრო ფიზიოლოგი. სწორედ ამის წყალობით მან უთუოდ განამტკიცა ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო საფუძველი.

      ჰელმჰოლცი მოღვაწეობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ფსიქოლოგიისთვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დაემთხვა მის მუშაობას ჰაიდელბერგში, სადაც მისი ასისტენტი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი ვ. ვუნდტი იყო. აქ შეიქმნა ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: “ფიზიოლოგიური ოპტიკა” და “ტონების შეგრძნება”, რომლებიც სამოციან წლებში გამოქვეყნდა და მხედველობისა და სმენის შეგრძნების სფეროში კლასიკურ გამოკვლევებად იქცა. მათ დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ორივე ამ ნაშრომს ერთნაირი სტრუქტურა აქვს და სამ ნაწილს შეიცავს: სინათლის და ბგერის ფიზიკა, გრძნობის ორგანოს ანატომიაფიზიოლოგია და სათანადო მოდალობის შეგრძნების ფსიქოლოგია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მონოგრაფიებში სრულად განხორციელდა ავტორის ფართო მეცნიერული ინტერესები. მანამდე ჰელმჰოლცმა გამოიგონა ხელსაწყო ოფტალმოსკოპი, რომელსაც თვალის შესწავლისთვის რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა. უფრო ადრე კი (1850) მან პირველმა გაზომა ნერვში აგზნების გავრცელების სიჩქარე. ამ აგზნების ელექტრული ბუნება ერთი წლით ადრე დაამტკიცა მისმა მეგობარმა დიუბუა-რაიმონმა. ეს უდიდესი აღმოჩენები

      იყო, რომლებიც საფუძველს აცლიდნენ ვიტალისტურ სპეკულაციებს ნერვში “ცხოველური სულების” გავრცელების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ იმ დროს ვიტალიზმს ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი პოზიციები ჰქონდა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ისეთმა დიდმა ფიზიოლოგმაც კი, როგორიც იყო მიულერი, კატეგორიულად უარყო ჰელმჰოლცის მიერ მიღებული შედეგები. ძლიერი დარტყმა ვიტალიზმს მიაყენა ჰელმჰოლცის მიერ ენერგიის შენახვის კანონის ფორმულირებამაც, რომელმაც მას საქვეყნო აღიარება მოუტანა, როგორც გამოჩენილ ბუნებისმეტყველს.

      საზოგადოდ, მიუხედავად იმისა, რომ მიულერი ჰელმჰოლცისთვის დიდი ავტორიტეტი იყო, მათი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში სერიოზულად განსხვავდებოდა. მაგალითად, მიულერი მკაცრი ნატივისტი იყო, ჰელმჰოლცი ასეთივე თანმიმდევრული გენეტისტი. ჰელმჰოლცს მიაჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნების სფეროში მიულერის სპეციფიკური ენერგიის კანონი ფუნდამენტური მნიშვნელობის პრინციპს გამოხატავს და იგი ისევე უდავოა, როგორც ნიუტონის ფიზიკის კანონები, მას მაინც გარკვეული დაზუსტება ესაჭიროება. კერძოდ, ის უნდა გავრცელდეს შეგრძნების მოდალობებიდან შეგრძნების რომელობებზეც, ე.ი. სპეციფიკური ენერგია აქვს არა მხოლოდ ცალკე გრძნობის ორგანოს, არამედ ყოველი რეცეპტორი, მაგალითად თვალი ან ყური, იმდენი სპეციფიკური ენერგიის ორგანოს შეიცავს, რამდენი ძირითადი ფერის თუ ტონის შეგრძნებაც არსებობს. სპეციფიკური ენერგიის კანონის ასეთი ფართო მეთოდოლოგიური გააზრება პროდუქტიული აღმოჩნდა კონკრეტულ კვლევებში, რომლებშიც თითოეული რომელობის შეგრძნებისთვის თავისი სპეციფიკური რეცეპტორი იქნა აღმოჩენილი.

      გარდა ამისა, ჰელმჰოლცმა რამდენადმე განსხვავებული შეხედულება გამოთქვა იმაზე, თუ ანალიზატორის რომელ ნაწილშია ჩანერგილი სპეციფიკური ენერგია. მიულერი მას ნერვის ბოჭკოში ათავსებდა. ჰელმჰოლცს მიაჩნდა, რომ არც გამტარ ნერვში და არც გრძნობის ორგანოში რაიმე სახის სპეციფიკური ფიზიოლოგიური პროცესი არ იჩენს თავს - ისინი მუდამ ერთსახოვან აგზნებას ატარებენ. სპეციფიკური ენერგია მოთავსებულია გრძნობის ორგანოს შესატყვის თავის ტვინის ცენტრში. ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა ვუნდტი. იგი სპეციფიკური ენერგიის სამკვიდროდ თვით რეცეპტორს თვლიდა, რომლის აგებულება გარკვეული გამღიზიანებლების მისაღებად ჩამოყალიბდა ხანგრძლივი ევოლუციის პროცესში.

      ასეა თუ ისე, ჰელმჰოლცი იზიარებდა მიულერის კანონის მთავარ იდეას იმის შესახებ, რომ შეგრძნება გამოხატავს არა იმდენად საგნის თავისებურებას, რამდენადაც ნერვულ-სენსორული სისტემის მდგომარეობას. გარე სტიმულები ათავისუფლებენ სპეციფიკურ ენერგიას, რაც სათანადო შეგრძნების სახით განიცდება. მაგრამ, ჩვეულებრივ, შეგრძნებები სუფთა სახით არ არსებობენ; ისინი ყოველთვის მოცემული არიან, როგორც საგნის გრძნობადი თვისებები: ჩვენ განვიცდით, რომ სწორედ საგანია შავი, მჟღერი, ცივი და სხვა. როგორც ბუნებისმეტყველი, ჰელმჰოლცი ვერ უარყოფს გამოცდილებაში მოცემულ კავშირს აღქმის საგანსა და შეგრძნებას შორის. ამასთანავე, იმასაც ვერ ამბობს, რომ შეგრძნება გარე ობიექტს ასახავს, ვინაიდან, შეგრძნების თვისებას, მისი მეთოდოლოგიური პოზიციის თანახმად, ორგანოს თვისება განსაზღვრავს. ამ წინააღმდეგობის დაძლევას ჰელმჰოლცი ე.წ. სიმბოლოების თეორიით ცდილობს. ამ თეორიის მიხედვით, საგანი და შეგრძნება ერთმანეთთან არის დაკავშირებული - შეგრძნება ნიშანია, რომელიც ისევე ჰგავს საგანთა რეალურ თვისებას, როგორც იეროგლიფი თავის მნიშვნელობას. შეგრძნება მხოლოდ საგანთა თვისებებს აღნიშნავს, თუმცა ეს სავსებით საკმარისია ობიექტებთან ნორმალური და წარმატებული ურთიერთობის დასამყარებლად.

      ჰელმჰოლცმა აღმოაჩინა მრავალი ეფექტი თუ ფენომენი მხედველობისა და სმენის სფეროში, რითაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდო ცოდნის ახალ დარგს - ფსიქოფიზიოლოგიას. ამავე დროს, მან შექმნა მხედველობისა და სმენის თეორიები, რომლებიც დღესაც მთავარ ამხსნელ მოდელებად რჩებიან. ჰელმჰოლცის მხედველობის თეორიას ზემოთ უკვე შევეხეთ და აღვნიშნეთ, რომ ჰერინგის თეორიის სახით მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს. რაც შეეხება სმენის თეორიას, რომელსაც “რეზონანსის თეორიას” უწოდებენ, იგი, პრაქტიკულად, საყოველთაოდ არის აღიარებული. ამ შეხედულების თანახმად, ლოკოკინაში მოთავსებულ მემბრანაზე გაჭიმულია ნერვული ძაფები, რომლებიც, არსებითად, რეზონატორებს წარმოადგენენ. თითოეული მათგანის აჟღერება მხოლოდ გარკვეული სიხშირის ტალღას შეუძლია. რაც უფრო გრძელია ნერვული ძაფი, მით უფრო დაბალია ხმა და პირიქით.

      ყოველივე ეს შეგრძნებებს ეხება. რაც შეეხება აღქმას, იგი თითქმის არასდროს არის შედგენილი მხოლოდ აქტუალური სენსორული მონაცემებით. აღქმა ყოველთვის მეტია იმაზე, რაც შეგრძნებებშია მოცემული. აღქმის ხატი შევსებულია გამოცდილებით, რომელიც ასოციაციისა და გამეორების პროდუქტია. აღქმაში გამოცდილებისა და სენსორული მონაცემების გაერთიანება არაცნობიერად, დასკვნის მსგავსად მიმდინარეობს. ასეთია ჰელმჰოლცის ცნობილი არაცნობიერი დასკვნის თეორიის დედააზრი. ერთი შეხედვით ეს თვალსაზრისი იმთავითვე მცდარია, რადგანაც დასკვნა, როგორც აზროვნების ცნობიერი პროცესის შედეგი არ შეიძლება არაცნობიერი იყოს. ჰელმჰოლცი კარგად ხედავდა ამ კონტექსტში აღნიშნული ტერმინის გამოყენების უხერხულობას და პირობითობას. იგი მიუთითებდა, რომ აქ ნამდვილი დასკვნა, ანუ აზროვნების ცნობიერი პროცესი არ იგულისხმება. აღქმის ხატის ჩამოყალიბებისას მხოლოდ დასკვნის მსგავს სენსომოტორულ ან ნერვულ პროცესებთან გვაქვს საქმე, რომელთა ნამდვილი ბუნება ჩვენთვის უცნობია, ხოლო დასკვნასთან შედარება უბრალოდ შედეგის მიხედვით ანალოგიაა.

      ჰელმჰოლცი არაცნობიერი დასკვნის სამ არსებით ნიშანს გამოყოფს: 1) არაცნობიერი დასკვნის შედეგების დაძლევა, შეცვლა ცნობიერების ზემოქმედების გზით ვერ ხერხდება. არაცნობიერი დასკვნა უშუალო და საყოველთაო ხასიათის მქონე განცდაში ვლინდება. ასეა, მაგალითად, კონტრასტის მოვლენათა შემთხვევაში, რაც არაცნობიერი დასკვნის გამოვლინებაა: თეთრ ფონზე რუხი საგანი შავად გამოიყურება, ხოლო ცივის მერე ნელთბილი წყალი თბილად განიცდება და ეს ცნობიერების ზემოქმედებას არ ექვემდებარება. 2) არაცნობიერი დასკვნა გამოცდილების პროდუქტია. მისი შემუშავების მექანიზმი ასოციაციურია. გამეორების გამო ასოციაცია, ანუ არაცნობიერი დასკვნა, ხდება, ერთი მხრივ, დაუძლეველი, ხოლო მეორე მხრივ, ჩვეული და არაცნობიერი. 3) არაცნობიერი დასკვნის მოქმედების სავარაუდო პრინციპი სენსომოტორული კავშირების შექმნაში მდგომარეობს. მაგალითად, დასკვნა საგნის სიდიდის შესახებ ბადურაზე გამოსახულების ზომისა და თვალის კუნთების დაძაბულობის დონის ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღება. იგივე ითქმის საგნის დაშორებულობის, თუ მისი სივრცული განლაგების სხვა მონაცემების მიმართაც.

      საზოგადოდ, სივრცის აღქმა ის სფეროა, სადაც ჰელმჰოლცმა არაცნობიერი დასკვნის კონცეფცია ყველაზე ნაყოფიერად გამოიყენა. ჰელმჰოლცი გენეტიზმის პოზიციაზე იდგა და სივრცის აღქმის ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმის შეძენილობას ამტკიცებდა. როგორც შეგნებული ექსპერიმენტატორი, ჰელმჰოლცი არ დაკმაყოფილდა თეორიული მსჯელობით და თავის მოსაზრებათა ექსპერიმენტულ დასაბუთებას შეეცადა. იგი ვარაუდობდა, რომ სივრცული ორიენტაციის შეძენილობის შემთხვევაში, თუ ცდისპირს დავუმახინჯებთ ტვინამდე მისულ სივრცულ შეგრძნებებს, მან უნდა მოახერხოს ადაპტირება ამ დამახინჯებების მიმართ და ისწავლოს შეგრძნებათა მოცემული მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია. ამის გასარკვევად ჰელმჰოლცმა გააკეთა სათვალე სპეციალური ლინზებით, რომლებიც გადაწევდნენ ხილულ ობიექტს მარჯვნივ მისი რეალური ადგილიდან. როცა ცდისპირები ამ სათვალეებში ცდილობდნენ ხელი მოეკიდათ მათ წინ მდებარე საგნისთვის, ისინი ცდებოდნენ და ხელს იწვდენდენ არა იმ ადგილისკენ, სადაც ნამდვილად იყო ობიექტი, არამედ იქით, სადაც ეჩვენებოდათ. საგნებით რამდენიმე წუთიანი მანიპულირების მერე, ცდისპირები სწავლობდნენ აეღოთ საგნები იქიდან, სადაც ისინი სინამდვილეში იმყოფებოდნენ. მოხდა პერცეპტული ადაპტაცია. ცდისპირების გონებამ მხედველობითი ნერვებიდან წამოსული სიგნალების ახლებური ინტერპრეტაცია გააკეთა და ადამიანმა საგანი რეალობის კონტექსტში დაინახა. სათვალის მოხსნის შემდეგ, საგანის აღების მცდელობისას, ცდისპირები ისევ აცდენდნენ ხელს, მაგრამ უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით. საჭირო იყო გარკვეული დრო ნორმალური სივრცითი ორიენტაციის აღდგენისთვის. ამ ცდებით დასტურდება, რომ სივრცის აღქმა გამოცდილებით ყალიბდება.

      არაცნობიერი დასკვნის თეორიის ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მასში მითითება გაკეთდა ისეთ ფუნდამენტურ ფსიქიკურ პროცესებზე თუ მექანიზმებზე, რომელთა მოცემულობის სახე და მოქმედების წესი ინტროსპექციას არ ექვემდებარება და მხოლოდ ობიექტური ანალიზის გზით შეიძლება იყოს დადგენილი. გარდა ამისა, ეს თეორია შეიცავდა მითითებას სენსორული და ინტელექტუალური კომპონენტების ერთიანობაზე პერცეპტული ხატის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც თანამდეროვე კოგნიტური ფსიქოლოგია მთლიანად ადასტურებს.

5.2. ფსიქოფიზიკა და ფსიქომეტრია

      ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიურ კვლევებში ბევრი მართლაც ფსიქოლოგიური საკითხი გამოჩნდებოდა და შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლებოდა. ეს საკითხები გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიისა და შეგრძნების ფსიქოლოგიის გადაკვეთაზე დაისვა. ასეთი მუშაობის საჩვენებელ მაგალითად ერნსტ ვებერის (1795-1878) მეცნიერული მოღვაწეობა უნდა ჩაითვალოს. ვებერის კვლევის ძირითადი ობიექტი შეხებისა და კუნთური მგრძნობელობა იყო. ვებერი კანის მგრძნობელობაში განასხვავებდა სამი სახის შეგრძნებას: შეხება, ტემპერატურა და ლოკალიზაცია (გაღიზიანების ადგილმდებარეობა კანის ზედაპირზე). ამ უკანასკნელის შესასწავლად გამოიგონა ხელსაწყო, რომელსაც ესთეზიომეტრი ანუ ვებერის ფარგალი ეწოდა. ამ ხელსაწყოს გამოყენებით გაირკვა, რომ კანზე ერთდროულად მოქმედი ორი გამღიზიანებლის ლოკალიზაციის დადგენისთვის ანუ ერთმანეთისაგან გარჩევისთვის, ისინი გარკვეული მანძილით უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. ექსპერიმენტებში ესთეზიომეტრით ერთდროულად ღიზიანდებოდა კანის სხვადასხვა წერტილი და ფიქსირდებოდა ის მინიმალური დაშორება, როცა ცდისპირი პირველად იგრძნობდა მათ შორის განსხვავებას. აღმოჩნდა, რომ ეს მანძილი კანის სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია (მაგ., ზურგზე 30-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თითზე). ვებერი ამას სხვადასხვა ადგილას ნერვული ბოჭკოების განსხვავებული სიხშირით ხსნიდა. მისმა თანამედროვეებმა სწორედ ამ მონაცემებზე გაამახვილეს ყურადღება, მაგრამ, ფაქტობრივად, ვებერის კვლევების ძირითადი მონაპოვარი იყო სხვაობის ზღურბლის იდეა, რომელიც ცენტრალური გახდა ფსიქოფიზიკისთვის. ამ ცდებში ხომ, არსებითად, ორი შეგრძნების ერთმანეთისაგან გარჩევა ხდებოდა. გარჩევის მგრძნობელობის უნარი, ანუ სხვაობის ზღურბლი, სხვა მოდალობებშიც შემოწმდა (კუნთური შეგრძნება, მხედველობა და სხვა). ვებერმა განაზოგადა სხვადასხვა მოდალობაში ჩატარებული გაზომვა და დაასკვნა, რომ საზოგადოდ შეგრძნებათა შორის სხვაობის გასარჩევად საჭიროა, რომ საწყის და მომდევნო გამღიზიანებელთა ინტენსივობას შორის გარკვეული თანაფარდობა არსებობდეს; ამასთანავე, ერთი ორგანოს ფარგლებში ეს თანაფარდობა მუდმივი სიდიდეა. ვებერთან, ფაქტობრივად, მოცემულია მოსაზრება შეგრძნების გაზომვის შესახებ, რომელიც შედგომში შეამოწმა, დააზუსტა და მათემატიკურად გამოხატა ფეხნერმა.

      1860 წელს გამოვიდა ფეხნერის წიგნი “ფსიქოფიზიკის ელემენტები”. ფსიქოლოგიის ისტორიაში ის მართებულად არის მიჩნეული პირველ ფუნდამენტურ შრომად ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში. მართლაც, ფსიქოფიზიკის პრობლემატიკა ჭეშმარიტად ფსიქოლოგიურია, ხოლო კვლევის მეთოდოლოგია - წმინდა ექსპერიმენტული. შეგრძნება, როგორც განცდა, ფსიქოლოგიური მოვლენაა და არა ფიზიოლოგიური. მიუხედავად ამისა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების ფიზიოლოგიური მხარის შესწავლისას აუცილებლად დგებოდა, როგორც საკუთრივ ფსიქოლოგიური, ისე ფსიქოფიზიოლოგიური ანუ ორგანული და ფსიქიკური პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული საკითხები. ფსიქოფიზიკა იმ სახით, როგორც ეს ჩამოაყალიბა ფეხნერმა, არის მოძღვრება ფსიქიკურისა (შეგრძნების განცდა) და ფიზიკურის (ობიექტური გამღიზიანებელი) ურთიერთმიმართების შესახებ. ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ურთიერთმიმართებას ფეხნერი გულისხმობდა, თუმცა არ შეისწავლიდა. ფსიქოფიზიკა კვლევის საგნით, პრობლემატიკით ნამდვილ ფსიქოლოგიაა, რაც გასაგებს ხდის იმ გარემოებას, რომ ფეხნერის მოღვაწეობა საფუძვლად დაედო შემდგომი დროის ინტენსიურ მუშაობას ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელშიც გამორჩეულად დიდი ადგილი თავდაპირველად სწორედ ფსიქოფიზიკურ პრობლემატიკას ეკავა. ობიექტურად ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ თვით ფსიქოფიზიკის ფუძემდებელს არც კი უფიქრია იმაზე, რომ იგი ფსიქოლოგიას ემსახურებოდა. მისი ერთადერთი ჭეშმარიტი გატაცება ფილოსოფია იყო, ფსიქოფიზიკა კი - მხოლოდ საშუალება ფილოსოფიური დებულებების ემპირიული დასაბუთებისა. ფეხნერი ფსიქოფიზიკას ცოდნის დამოუკიდებელ დარგად მიიჩნევდა, რომელიც ექსპერიმენტულად შეისწავლიდა მატერიისა და სულის ურთიერთმიმართების ფილოსოფიურ პრობლემას. რეალურად კი ფეხნერის მეცნიერულმა მოღვაწეობამ უდიდესი როლი ითამაშა ფსიქოლოგიის განვითარებაში და თითქმის არ დასტყობია ფილოსოფიას. ფეხნერის მეცნიერულ ბიოგრაფიაში ყველაზე მეტად ეს მომენტია აღსანიშნავი.

      გუსტავ თეოდორ ფეხნერმა (1801-1887) დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ამ ქალაქში გაატარა. ახალგაზრდა ფეხნერმა სახელი გაითქვა, როგორც ბრწყინვალე ფიზიკოსმა ექსპერიმენტატორმა. მან ჩაატარა მნიშვნელოვანი კვლევები ელექტრობასა და ოპტიკაში. ოპტიკური კვალის მოვლენის შესწავლისას, ფერადი ლინზებით მზის ყურებამ მას მხედველობა დაუზიანა. ამას დაერთო ინტენსიური მუშაობით გამოწვეული დეპრესია. ხანგრძლივმა ავადმყოფობამ რადიკალურად შეცვალა ფეხნერის მსოფლმხედველობა. მას გაუღრმავდა რელიგიურ-ფილოსოფიური ცნობიერება და გაეზარდა ინტერესი სულის პრობლემატიკის მიმართ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1844 წელს ფეხნერმა უარი თქვა ფიზიკოსის აკადემიურ კარიერაზე და მთლიანად ფილოსოფიაზე გადაერთო. მან ბევრი ფილოსოფიური ტრაქტატი დაწერა, მაგრამ ამ შრომებს გამოხმაურება არ მოჰყოლია. და მაინც, რომ არა ფილოსოფიური ინტერესი, იგი ფსიქოფიზიკის ფუძემდებელი ვერ გახდებოდა და ვერც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა მეცნიერების ისტორიაში.

      ფეხნერი ამტკიცებდა, რომ ცნობიერება გამსჭვალავს სამყაროს. ყოველივე არსებული სულიერია. სული და სხეული განუყოფელია, ესაა არა “სხვადასხვა სუბსტანცია, არამედ ერთი და იმავე პირველარსების (ღმერთის) გამოვლინების ორი ფორმა. მატერიალური იგივე სულიერია, მაგრამ იმ ფორმაში, რომელშიც ამ უკანასკნელს სხვები ხედავენ”. სული და სხეული მხოლოდ დამკვირვებლის თვალსაზრისით განირჩევა. რადგან სულიერი მოვლენები, მატერიალური რეალობის მსგავსად, რეალურია. პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი გაზომვაც. საკითხის ასეთ დასმაში ფეხნერის - ფიზიკოსობა გამოჩნდა. ფეხნერს, გამოცდილ ფიზიკოს ექსპერიმენტატორს, არ სურდა დარჩენა განყენებული ფილოსოფიური მსჯელობების დონეზე. იგი ეძებდა თავისი შეხედულების მეცნიერულ საფუძველს. როგორც შემდგომში თვითონ იხსენებდა, 1850 წლის ოქტომბრის ერთ-ერთ დილას მან ბოლოს და ბოლოს მიაგნო იდეას, რომლის თანახმად ფიზიკური ენერგიის (გამღიზიანებლის) ზრდა შესატყვისი ფსიქიკური ინტენსივობის (შეგრძნების) საზომად შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქედან მოყოლებული დაიწყო სისტემატური მუშაობა შესაბამისი ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენების ურთიერთმიმართების შესასწავლად. ფეხნერმა შეიმუშავა გაზომვის მეთოდები, რომლებიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ოქროს ფონდში შევიდა, დაადგინა ამ გაზომვათა განმაზოგადებელი მათემატიკური აპარატი, ჩაატარა კლასიკური ექსპერიმენტები სიმძიმის, შეხებისა და მხედველობის შეგრძნებათა სფეროში, სულ დაახლოებით 25000 ფსიქოფიზიკური ცდა. ამ გრანდიოზული კვლევა-ძიების შედეგები აისახა “ფსიქოფიზიკის ელემენტებში”.

      შეიძლება ითქვას, რომ ფეხნერის ფსიქოფიზიკას ორი წინამორბედი ჰყავდა. ესენი არიან ჰერბარტი და ვებერი. ჰერბარტისაგან მომდინარეობს ფსიქიკურის გაზომვის და მათემატიკური გამოსახვის იდეა, აგრეთვე ზღურბლის ცნება. რაც შეეხება ვებერს, მის მიერ აღმოჩენილი მიმართება ძირითად და დამატებით გამღიზიანებელს შორის, თვით ფეხნერის შეფასებით, ფსიქოფიზიკის საფუძველია და მას სწორედ ფეხნერმა უწოდა ვებერის კანონი. ფეხნერი ასე აკონკრეტებს ფსიქოფიზიკის ამოცანებს: დადგინდეს მიმართება, ერთი მხრივ, ფიზიკურსა და სულიერს, ხოლო, მეორე მხრივ, სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად გამოიყოფა გარეგანი ფსიქოფიზიკა (ტერმინში ფსიქოფიზიკა სწორედ ეს მიმართებაა ასახული) და შინაგანი ფსიქოფიზიკა. ეს უკანასკნელი ფსიქოფიზიოლოგიურ პრობლემატიკას ეხება. “ფსიქოფიზიკის ელემენტებში” კვლევის საგანს მხოლოდ გარეგანი ფსიქოფიზიკა წარმოადგენდა. ამასთან, მის ავტორს კარგად ესმოდა, რომ ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთმიმართების ყველა გამოვლინების შესწავლა შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ შეიზღუდა იმ სფეროს კვლევით, სადაც ეს მიმართება ყველაზე თვალნათლივ და მკაფიოდ არის წარმოჩენილი. ესაა შეგრძნების სფერო. ამგვარად, ფეხნერის ფსიქოფიზიკა გარე გამღიზიანებლისა და შეგრძნების ინტენსივობათა მიმართებას ეხება.

      ფეხნერი შემდეგნაირად მსჯელობს: შეგრძნების განცდის ძალის უშუალო გაზომვა ჩვენ არ შეგვიძლია, ვინაიდან ამისთვის არ არსებობს საზომი ერთეული, ეტალონი. ფიზიკური რაოდენობა უშუალოდ იზომება, რადგანაც არის საზომი ერთეული და შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რამდენჯერ თავსდება ის გასაზომ სიდიდეში. შეგრძნების შესახებ კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის მეტია ან ნაკლები მეორე შეგრძნებაზე. სამაგიეროდ, შესაძლებელია უშუალოდ გაიზომოს სტიმულის ან გამღიზიანებლის ის ინტენსივობა, რომელიც საჭიროა მინიმალური შეგრძნების გამოსაწვევად. გამღიზიანებლის ინტენსივობის ამ დონეს შეგრძნების ქვედა ზღურბლი ეწოდა. ეს ზრურბლი გარკვეული მოდალობის შეგრძნების მგრძნობელობის მაჩვენებელია. რაც უფრო სუსტი გამღიზიანებელი იწვევს შეგრძნების განცდის აღმოცენებას, მით უფრო მგრძნობიარეა რეცეპტორი და პირიქით. გარდა ამისა არსებობს შეგრძნების ზედა ზღურბლიც. ესაა გამღიზიანებლის ის დონე, რომლის შემდეგ გამღიზიანებლის მატებას შეგრძნების გაძლირება აღარ მოჰყვება. ამრიგად, ქვედა და ზედა ზღურბლი (მათ აბსოლუტურ ზღურბლს უწოდებენ) აწესებს იმ საზღვრებს, რომელთა შიგნით შეგრძნების განცდა გამღიზიანებლის ინტენსივობის მატების ან კლების შესაბამისად იცვლება.

      როგორ ხდება ეს ცვალებადობა? დადგინდა, რომ შეგრძნების განცდის ცვალებადობის მისაღებად გამღიზიანებლის ინტენსივობა რაღაც გარკვეული სიდიდით უნდა შეიცვალოს. ამ სიდიდეს სხვაობის ან განსხვავების ზღურბლი ეწოდება. ესაა გამღიზიანებლის ორ ინტენსივობას შორის ის მინიმალური სხვაობა, რომელსაც ადამიანი ამჩნევს, ანუ გამღიზიანებლის ძალის შეცვლის მიმართ შეგრძნების მგრძნობელობის მაჩვენებელია. მაგალითად, იმისთვის, რომ შევამჩნიოთ განსხვავება ორი წონის შეგრძნებას შორის, ერთი მეორეზე 1/40-ით (2,5%) მეტი ან ნაკლები უნდა იყოს. მაშასადამე, ადამიანს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისაგან 40 და 41 გრამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წონებში მინიმალური განსხვავების შესამჩნევად ძირითად წონას ყოველთვის რაიმე გარკვეული ოდენობა (ამ შემთხვევაში 1 გრ.) უნდა დავუმატოთ ან დავაკლოთ. თუკი ძირითადი (ამოსავალი) გამღიზიანებელი არის 80 გრამი, მაშინ მეორე წონისაგან მინიმალური განსხვავების შესამჩნევად უკვე 82 გრამის სიმძიმე იქნება საჭირო. აქ მნიშვნელობა აქვს არა აბსოლუტურ სიდიდეს, არამედ მიმართებას ძირითად (ამ შემთხვევაში 40 და 80 გრ.) და დამატებით გამღიზიანებელს (ამ შემთხვევაში 1 და 2 გრ.) შორის. ვებერმა ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ ამა თუ იმ მოდალობის შიგნით ეს მიმართება მუდმივ სიდიდეს შეადგენს: შეგრძნების ცვალებადობის შესამჩნევად გამღიზიანებლის მოცემულ ინტენსივობას ყოველთვის მისი ერთი და იგივე ნაწილი (პროცენტი) უნდა დააკლდეს ან მოემატოს. ფეხნერმა ვებერის კანონი ასე გამოხატა: დღ/ღ - ცონსტანტა (სადაც დღ-დამატებითი გამღიზიანებელია, ხოლო ღ-ძირითადი გამღიზიანებელი). ყველა მოდალობას განსხვავების ზღურბლის თავისი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, სიგრძის მხედველობითი შეგრძნების დროს ეს მაჩვენებელი 1/50, ხმის სიმაღლის გარჩევისას - 1/160, სინათლის სიკაშკაშისა - 2/100 და ა.შ.

      ვებერი ზომავდა მხოლოდ ზღურბლს, ე.ი. არა თვით შეგრძნების ინტენსივობას, არამედ მიმართებას გამღიზიანებელსა და შეგრძნებას შორის. ფეხნერი უფრო შორს წავიდა. მან არაპირდაპირი გზით თვით შეგრძნების განცდის გაზომვა განიზრახა. იგი შემდეგნაირად მსჯელობდა: სხვაობის - ზღურბლის დადგენისას გვეძლევა ორ შეგრძნებას შორის არსებული ოდნავ შესამჩნევი განსხვავება. თუ ვებერის კანონის შესაბამისად, ამ განსხვავების შესამჩნევად საჭირო გამღიზიანებელთა ინტენსივობა ყოველთვის ერთნაირად იცვლება, შეიძლება დავუშვათ, რომ მათ შესატყვის შეგრძნებებს შორის ოდნავ შესამჩნევი განსხვავებაც ერთნაირი იქნება. წონის შეგრძნების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სიმძიმის ყოველ ობიექტურ საზღურბლე 2,5 პროცენტიან ცვლილებას, ყოველთვის მოჰყვება შეგრძნების განცდის ინტენსივობის ერთნაირი სუბიექტური ცვლილება. აქედან გამომდინარე, შეგრძნების ეს ოდნავ შესამჩნევი განსხვავება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეგრძნების საზომ ერთეულად. ამ ერთეულის გამოყენებით შესაძლებელია კონკრეტული შეგრძნების სიდიდის (ძალის) დადგენა, შეგრძნებათა ურთიერთშედარება. ამისთვის საკმარისია გამოვიანგარიშოთ, თუ რამდენ ოდნავ შესამჩნევ განსხვავებას, ანუ ერთეულს შეიცავს თითოეული შეგრძნება - ქვედა ზღურბლის მინიმალური შეგრძნებიდან გამღიზიანებლის მოცემულ ინტენსივობამდე.

      საბოლოოდ ეს მიმართება გამღიზიანებლისა და შეგრძნების ინტენსივობას შორის ფეხნერმა განაზოგადა შემდეგი ფორმულის სახით:

S = K log R,

      სადაც S არის შეგრძნების ინტენსივობა, ხოლო R - გამღიზიანებლის ინტენსივობა. ამ ფორმულაში, მართლაც, მოცემულია შეგრძნების გაზომვის შესაძლებლობა, რადგანაც იგი იძლევა S-ის ოდენობას R-ის ყოველი მნიშვნელობისთვის. ამრიგად, შეგრძნების ინტენსივობა გამღიზიანებლის ინტენსივობის ლოგარითმის პროპრციულია. ესაა ფსიქოფიზიკის ძირითადი კანონი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირადაც: გამღიზიანებლის ზრდა გეომეტრიული პროგრესიით იწვევს შეგრძნების ზრდას არითმეტიკული პროგრესიით. დღევანდელი გადასახედიდან ეს კანონი შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს, მაგრამ იგი სწორად გამოსახავს კანონზომიერების აზრს: შეგრძნებები იზრდება არა გამღიზიანებლის პროპორციულად, არამედ გაცილებით ნელა.

      ძნელია ფეხნერის ღვაწლის გადაფასება ფსიქოლოგიის განვითარების საქმეში. დ. უზნაძის შეფასებით, „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ისტორიაში ფსიქოფიზიკური საკითხების კვლევამ სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა: ექსპერიმენტი პირველად ამ გზით შეიჭრა ფსიქოლოგიაში და მთელი ათეული წლების განმავლობაში საკითხების დაყენებასა და მათი კვლევის წესს, საზოგადოდ, ფსიქოფიზიკური განწყობა ქმნიდა. ადვილი გასაგებია, რომ ამ პირობებში ყველაზე უფრო დასრულებული და დამუშავებული მეთოდიკა ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქოფიზიკას ეკუთვნის”. ფეხნერმა შექმნა კლასიკური მეთოდიკები, რომლებიც დღესაც გამოიყენება განსხვავებულ ვითარებაში სხვადასხვა სახის ზღურბლების გასაზომად. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს ე.წ. საზღვრის მეთოდი, რომელიც აბსოლუტურ ზღურბლს ადგენს. ამ შემთხვევაში სტიმულის ინტენსივობას თანდათან ზრდიან, სანამ ცდისპირი მას არ უპასუხებს, რაც ოდნავ შესამჩნევი შეგრძნების გაჩენაზე მიუთითებს. როგორც წესი, ამ მეთოდის დაღმავალი ვარიანტიც ტარდება; ასეთ დროს სტიმულის ინტენსივობა თანდათან კლებულობს იმ დონემდე, როცა გამღიზიანებელი სრულიად შეუმჩნეველი გახდება. ამ ორი გაზომვის საშუალო მნიშვნელობა არის აბსოლუტური ზღურბლის მაჩვენებლი. განსხვავების ზღურბლის გასაზომად ფეხნერი იყენებდა ე.წ. ოდნავ შესამჩნევი განსხვავებების მეთოდს. ცდისპირს ეძლევა ორი გამღიზიანებელი, რომელთა ინტენსივობას შორის განსხვავებას იგი ვერ ამჩნევს. შემდეგ იწყება ერთ-ერთი გამღიზიანებლის ინტენსივობის თანდათანობითი მატება იმ დონემდე, როცა ცდისპირი პირველად შეამჩნევს განსხვავებას. ამ მეთოდსაც აქვს დაღმავალი ვარიანტი. გარდა ამისა ფეხნერმა სხვა მეთოდებიც შეიმუშავა.

      ფსიქოფიზიკის გარშემო უამრავი ითქვა და დაიწერა. ზოგი რამ დაკონკრეტდა, დაიხვეწა და დაზუსტდა. მაგალითად აღმოჩნდა, რომ ფსიქოფიზიკის ძირითადი კანონი მოქმედებს მხოლოდ გამღიზიანებელთა ინტენსივობის საშუალო დიაპაზონში. გარდა ამისა, ზოგიერთ მოდალობაში ის არ დასტურდება (მაგ., გემოს შეგრძნება). მიუხედავად ამისა ისტორიული თვალსაზრისით ფსიქოფიზიკური კვლევის მნიშვნელობა უზარმაზარია. ფეხნერმა, არსებითად, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიური პრობლემების სისტემატურ საბუნებისმეტყველო-ექსპერიმენტულ კვლევას. დასაბამი მისცა ფსიქიკურ ფენომენთა რეალურ გაზომვასა და მონაცემების მათემატიკური ენით გამოხატვას.

***

      კიდევ ერთი პრობლემატიკა, რომლის ემპირიულმა შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, ე.წ. ფსიქომეტრიას უკავშირდება. ის გულისხმობს ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის დროის გაზომვას. ფსიქოლოგიური ცოდნის ეს სფერო, თავის მხრივ, რეაქციის დროის კვლევაზე იყო დაფუძნებული. ამ უკანასკნელის შესწავლა პირველად ასტრონომებმა დაიწყეს. ეს ამბავი კარგადაა ცნობილი. 1796 წელს გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა თავისი ასისტენტი იმ საბაბით, რომ იგი ვარსკვლავების მერიდიანზე გავლას თითქმის ერთი წამით (უფრო ზუსტად 0,8 წამით) გვიან აფიქსირებდა, ვიდრე თვითონ. მაშინ ციური სხეულების მერიდიანზე გავლის ფიქსაციის ხერხად გამოიყენებოდა ე.წ. “თვალისა და ყურის მეთოდი”. ის საკმაოდ სანდო მეთოდად ითვლებოდა და შემდეგში მდგომარეობდა: ტელესკოპს აქვს ვერტიკალური ხაზების საორიენტაციო ბადე. შუა ხაზი ასტრონომიულ მერიდიანს ემთხვევა. დამკვირვებელმა უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ვარსკვლავის მიერ მერიდიანის ხაზის გადაკვეთის მომენტი, რასაც იგი მხედველობისა და სმენის მონაცემების შეთანხმების გზით აკეთებს. დაკვირვების პროცესში მას ესმის მეტრონომის ტიკტიკი. ამ ტიკტიკის ინტერვალი ერთ წამის ტოლია. დამკვირვებელი ორჯერ იმახსოვრებს ვარსკვლავის ადგილს ტელესკოპის ბადეზე: პირველად იმას, რომელზედაც ის იმყოფებოდა უკანასკნელ წამში მერიდიანის გავლამდე და მეორედ ადგილს, რომელზეც იგი აღმოჩნდა მერიდიანის გავლიდან მომდევნო წამში. ამ ორი წერტილისა და მერიდიანის ხაზის ურთიერთშეფარდებით დგინდება ვარსკვლავის მიერ მერიდიანის გადაკვეთის ზუსტი დრო. მონაცემები წამის მეათედებში გამოიხატება, ამიტომაც 0,8 წამის ტოლი შეცდომა დაუშვებლად ჩაითვალა, ასისტენტს კი საქმისადმი უდიერი დამოკიდებულება დაბრალდა.

      ამ ინციდენტმა ცნობილი გერმანელი ასტრონომის ბესელის ყურადღება მიიპყრო. მან შეადარა ერთმანეთს საკუთარი და სხვა ასტრონომების დაკვირვების შედეგები და მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოაჩინა. გამღიზიანებელზე რეაგირების სისწრაფის ამ ინდივიდუალურ სხვაობას პირადი განტოლება ეწოდა. ეს მოხდა XIX საუკუნის ოციან წლებში. აქედან მოყოლებული ოთხი ათეული წლის განმავლობაში ასტრონომები ინტენსიურად შეისწავლიდნენ ამ ფენომენს ექსპერიმენტისა და მათემატიკის გამოყენებით. წარმოებდა დამკვირვებლის მოქმედების მოდელირება ე.წ. “ხელოვნური ვარსკვლავის მეთოდით”, გამოიგონილ იქნა არაერთი ხელსაწყო, მათ შორის ქრონოსკოპი, რომლის მეშვეობითაც შემდგომში, უკვე ფსიქოლოგიურ ლაბორატორიებში, შესრულდა უამრავი გამოკვლევა რეაქციის დროის კანონზომიერებათა შესასწავლად. სამოციანი წლებისთვის ნათელი გახდა, რომ ეს პრობლემატიკა ფსიქოლოგიურია, ამიტომაც ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემდგომი კვლევისთვის ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას გადაეცა. შესაბამისად, სრული უფლებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, გარკვეულწილად, ასტრონომიის ნიადაგზე აღმოცენდა: ამ მეცნიერებამ გადასცა მას გარკვეული პრობლემატიკა, ზოგიერთი ფაქტი და სათანადო მეთოდიკური აპარატი.

      დიდი დამსახურება ფსიქომეტრიის განვითარებაში მიუძღვის ჰოლანდიელ მკვლევარს ფ. დონდერსს (1818-1889). მან დაიწყო შესწავლა ე.წ. რთული რეაქციებისა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა ფსიქიკური პროცესი. დონდერსისთვის ამოსავალი გახდა ფაქტი, რომ სტიმულზე პასუხი არასდროს არის მყისიერი, ის ყოველთვის დაყოვნებულია და აღემატება აგზნების იმპულსის ნერვში გასასვლელად საჭირო დროს. ჰელმჰოლცის გამოკვლევების წყალობით ეს დრო ცნობილი იყო. დაყოვნების ის ნაწილი, რომელიც ამ დროის მიღმა რჩება, გარკვეული ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობას უნდა მიეწეროს. დონდერსმა ამ პროცესების დიფერენცირება სცადა. მან გამოყო ე.წ. ა-რეაქცია ანუ მარტივი რეაქციის დრო, რომელსაც ინდივიდი ანდომებს გარკვეულ სტიმულზე გარკვეული რეაქციით პასუხს. სიტუაცია შეიძლება გავართულოთ და მივიღოთ ბ-რეაქცია, როცა სხვადასხვა სტიმულს სხვადასხვა პასუხი შეესაბამება (აქ არჩევანის ფსიქიკური პროცესია ჩართული) და ჩ-რეაქცია, როდესაც პასუხი სხვადასხვა სტიმულთაგან ერთერთს უნდა გაეცეს (აქ გარჩევის, დიფერენცირების პროცესების მონაწილეობა იგულისხმება). თუ ამ რთული რეაქციის დროს გამოვაკლებთ მარტივი რეაქციის დროს, დაგვრჩება დრო, რომელიც სათანადო ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობაზე იხარჯება.

      დონდერსის ხაზი გააგრძელა ავსტრიელმა ფიზიოლოგმა ზ. ექსნერმა. ტერმინი „რეაქციის დრო“ სწორედ მან შემოიტანა. ფსიქომეტრიულ გამოკვლევებს დიდი ადგილი ეკავა ვუნდტის პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის სამუშაო გეგმაში. ამ ლაბორატორიაში 1888 წელს გერმანელმა ფსიქოლოგმა ლიუდვიგ ლანგემ გამოავლინა განსხვავება ე.წ. სენსორულ და მოტორულ რეაქციებს შორის. აღმოჩნდა, რომ რეაქციის დრო საგრძნობლად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რაზეა მიმართული (განწყობილი) ცდისპირი - გამღიზიანებელზე თუ მოძრაობაზე. პირველ შემთხვევაში ის უფრო დიდია. ლანგეს ეს კვლევა ფსიქოლოგიის ისტორიაში განწყობის მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლის საწყის პუნქტად არის მიჩნეული (იხ. თავი 7.1.).

      დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ ფსიქომეტრიულმა კვლევამ, ფსიქოფიზიკის მსგავსად, სათავე დაუდო ფსიქიკური პროცესების რაოდენობრივი მხარის ცდისეულ შესწავლას და, საბოლოოდ, გზა გაუხსნა ფსიქიკური მოვლენებისადმი ობიექტურ-ექსპერიმენტულ მიდგომას.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, გალი, ვებერი, იმედაძე, მიულერი, ფეხნერი, ფსიქოლოგია, ჰელმჰოლცი

ნახვა: 3485

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters