ფსიქოლოგიის ისტორია, XIII თავი, ნაწილი II

13.2. უზნაძე და მისი სკოლა

      გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი უზნაძემ (1886-1950) შექმნა ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის მოძღვრება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება XX საუკუნის სხვა ფსიქოლოგიური სისტემებისაგან როგორც მეთოდოლოგიური ამოცანებითა და პრინციპებით, ისე საკუთრივ თეორიის შინაარსით.

      უზნაძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ საქარაში (ამჟამად ზესტაფონის რაიონი) შეძლებული გლეხის ოჯახში, სადაც განათლება დიდად ფასობდა. სასკოლო განათლება უზნაძემ ქუთაისის პრესტიჟულ გიმნაზიაში მიიღო, ხოლო 1905 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც შევიდა ლაიფციგის უნივერსისტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ბრწყინვალე პროფესურით ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სფეროში. საკმარისია ითქვას, რომ აქ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თვით ვილჰელმ ვუნდტი - ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამამთავარი, მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიისა და ინსტიტუტის ფუძემდებელი. უზნაძემ სწორედ ამ ინსტიტუტში, ვუნდტის უშუალო ხელმძღვანელობით გაიარა მეცნიერული წრთობა. თავად ვუნდტის გარდა, აქ სხვადასხვა კურსები ისეთ თვალსაჩინო მეცნიერებს მიჰყავდათ, როგორიც იყო ბარტი, კრიუგერი, ფოლკელტი, შპრანგერი და სხვა.

      1907 წელს უზნაძე წერს თავის პირველ სამეცნიერო შრომას. იგი ლაიბნიცს მიეძღვნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ პრემიით დაჯილდოვდა. 1909 წელს იგი ქმნის სერიოზულ ნაშრომს ვლ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაზე, რომელშიც დოქტორის ხარისხს ანიჭებენ. უზნაძე ამავე წელს ბრუნდება სამშობლოში, როგორც განათლებული ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი. მაგრამ მისი განათლების პროცესი გერმანიაში მიღებული ცოდნით არ სრულდება. საზღვარგარეთ მიღებული დიპლომი რუსეთის იმპერიაში ოფიციალურ დოკუმენტად არ ითვლებოდა. ამიტომ უზნაძე იძულებული გახდა ექსტერნის წესით ჩაებარებინა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე და 1913 წელს მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.

      ამ დროისთვის უზნაძე უკვე მთლიანად ჩართულია პრაქტიკულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში. მისი მეცნიერული ინტერესები იმ ხანად მიმართული იყო ლიტერატურათმცოდნეობის, ესთეტიკის თეორიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკითხებისადმი. ესთეტიკური აღქმის ორიგინალურ გააზრებაზე დაყრდნობით, უზნაძემ ქუთაისში მოღვაწეობის პირველივე წლებში შექმნა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების ფსიქოლოგიური ანალიზის მშვენიერი ნიმუშები.

      უზნაძე სერიოზული ფილოსოფოსი იყო. მისი შემოქმედება ამ სფეროში მოიცავს როგორც ფილოსოფიის ისტორიას (მონოგრაფიები სოლოვიოვისა და ბერგსონის ფილოსოფიური სისტემები შესახებ), ისე აქტუალურ ფილოსოფიურ პრობლემატიკას: სიკვდილი და უკვდავება, ომი და ცხოვრების რაობა, პირადი ბედნიერება და ერისა თუ კულტურის სამსახური, ადამიანის ინდივიდუალობა და შემეცნების თავისებურება - აი იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელთაც უზნაძე ამუშავებდა. უზნაძის ფილოსოფიურ თხზულებებს დღესაც არ დაუკარგავთ მეცნიერული მნიშვნელობა და აქტუალობა, ხოლო მათი ავტორი კი სამართლიანად ითვლება არა მხოლოდ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის, არამედ ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც.

      ძალიან მდიდარია და საინტერესო მისი პედაგოგიური შემოქმედებაც. უზნაძემ წარმოადგინა შეხედულებათა მთლიანი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც პედაგოგიკის, ისე ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს (იხ. თავი 7.3.). 1910-1916 წლებში უზნაძე აქვეყნებს წერილების სერიას თეორიულ პედაგოგიკაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს წიგნი „შესავალი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“ (1912), რომელმაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდო საქართველოში ორ ახალ დისციპლინას - ექსპერიმენტულ პედაგოგიკას და ბავშვის ფსიქოლოგიას. ამავე პერიოდში ახალგაზრდა სწავლულმა შექმნა ოთხი სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში. ეს იყო ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სერიოზული სახელმძღვანელოები, რომლებზეც დიდი მოთხოვნილება არსებობდა. უზნაძე თავად ასწავლიდა ისტორიას გიმნაზიაში, მაგრამ მისი პრაქტიკულ-პედაგოგიური საქმიანობა ამით არ ამოიწურებოდა. გარემოებებმა მას საშუალება მისცა პრაქტიკაში შეემოწმებინა თავისი პედაგოგიური სისტემა. 1915 წელს ქუთაისში გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა „სინათლე“, რომლის დირექტორად უზნაძე დაინიშნა. მას დაეკისრა სწავლა-აღზრდის პროცესის ორგანიზაციული, შინაარსეული და მეთოდური პრინციპების ჩამოყალიბება და მათი პრაქტიკული განხორციელება. უზნაძემ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და ორიოდ წელიწადში შექმნა ნოვატორული სკოლა. მან თავისი მუშაობის პრინციპები სპეციალური ანგარიშის სახით გამოაქვეყნა, რომელსაც პრესამ „ბრწყინვალე პედაგოგიური ტრაქტატი“ უწოდა.

      1917 წელს უზნაძე საცხოვრებლად გადმოდის თბილისში და მთლიანად ერთვება ი. ჯავახიშვილის თაოსნობით განხორციელებულ უზარმაზარი ნაციონალური მნიშვნელობის პროექტში - თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. მისი მუშაობის დაწყებისთანავე (1918) უზნაძემ გახსნა ფსიქოლოგიის კათედრა, ფსიქოლოგიური ლაბორატორია და საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებას შეუდგა. ამ მიმართულებით მან უამრავი რამ გააკეთა. უზნაძე კითხულობდა ლექციებს, მიყავდა ლაბორატორიული მეცადინეობები, წერდა სახელმძღვანელოებს, ქმნიდა ტერმინოლოგიას, ამზადებდა კადრებს. სულ მალე მეცნიერულმა ფსიქოლოგიამ ჩვენში ისეთი ძალა მოიკრიფა, რომ აუცილებელი გახდა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების შექმნა (1927). ამ ფაქტით გაცხადდა, რომ ჩვენში არსებობდა სერიოზული სამეცნიერო სკოლა, რომელშიც სახელოვანი ქართველი ფსიქოლოგების მთელი პლეადა გაერთიანდა. თავდაპირველად მისი ერთადერთი ცენტრი უნივერსიტეტი იყო. მოგვიანებით, 1941 წელს შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი უზნაძეც იყო. აკადემიის ფარგლებში მან მაშინვე ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის სექტორი, რომლის ბაზაზეც ორ წელიწადში გაიხსნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. უზნაძის ხელმძღვანელობით ამ ინსტიტუტში ძლიერი სამეცნიერო კოლექტივი ჩამოყალიბდა. იგი გახდა ქართული ფსიქოლოგიის ცენტრი, სადაც უზნაძის გარდაცვალების შემდეგაც წარმატებით ვითარდებოდა და ვითარდება მის მიერ შექმნილი განწყობის ფსიქოლოგია. უზნაძე მოულოდნელად გარდაიცვალა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ე.წ. „ოთხშაბათობაზე“, განწყობის შესახებ მსჯელობის დროს.

      უაღრესად ფართოა უზნაძის ფსიქოლოგიური ინტერესების სფერო. გარდა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხებისა, იგი ერთ ხანს ფსიქოტექნიკის (შრომის ფსიქოლოგიის) საკითხებსაც იკვლევდა. ძალზე მრავალფეროვანია იმ პრობლემების წრე, რომელთაც უზნაძე ამუშავებდა ზოგად ფსიქოლოგიაში. იგი იკვლევდა ფსიქოლოგიის ისტორიის და მეთოდოლოგიის პრობლემატიკას; შეისწავლიდა ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციებს და გამოთქვა მრავალი საყურადღებო მოსაზრება კოგნიტური, ემოციური და ვოლიტური ფსიქიკური პროცესების შესახებ. მის კალამს ეკუთვნის ორი სქელტანიანი სახელმძღვანელო ზოგად ფსიქოლოგიაში. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი საქმე, რა თქმა უნდა, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია იყო.

      უზნაძემ კვლევითი მუშაობა ფსიქოლოგიაში გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფსიქოლოგია ე.წ. „ღია კრიზისის“ ხანაში შევიდა და ტრადიციული ფსიქოლოგიის უნაყოფობა საყოველთაოდ ნათელი გახდა. ევროპასა და ამერიკაში თავი იჩინა ფსიქოლოგიის რეფორმირების ძლიერმა ტენდენციამ. გაჩნდა სრულიად ახალი ფსიქოლოგიური სისტემები (ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია და ა.შ.), რომლებიც სხვადასხვა ასპექტში დაუპირისპირდნენ კლასიკურ ფსიქოლოგიას. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური კონცეფციები ერთმანეთსაც უპირისპირდებოდნენ და ბევრი მხრივ ურთირთგამომრიცხავნიც იყვნენ. ფსიქოლოგიური კვლევა განსხვავებული და შეუთავსებელი პროგრამების საფუძველზე მიმდინარეობდა. არ არსებობდა ერთიანი ფსიქოლოგიური მეცნიერება; არსებობდა მრავალი ფსიქოლოგია. საჭირო იყო მოცემული ფსიქოლოგიური სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეების გარკვევა და პრინციპული ხარვეზების დაძლევის გზის პოვნა.

      თავდაპირველად უზნაძემ სწორედ ასეთ უმნიშვნელოვანეს მეთოდოლოგიურ სამუშაოს მოჰკიდა ხელი. სათანადო ანალიზის შედეგად იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქამდე არსებულ ყველა ფსიქოლოგიურ შეხედულებას ერთი საერთო შეცდომა ახასიათებდა. ისინი დაფუძნებულნი იყვნენ შეუმოწმებელ და უკრიტიკოდ მიღებულ მეთოდოლოგიურ პრინციპზე, რომელსაც უზნაძემ უშუალობის პოსტულატი უწოდა. თავის ორიგინალურ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში მან ამოცანად აღნიშნული პოსტულატის დაძლევა დაისახა. ამ მეთოდოლოგიურ ამოცანას შემდგომში „უზნაძის ამოცანა“ უწოდეს.

      უშუალობის პოსტულატი ფსიქოლოგიაში ბუნებისმეტყველების, კერძოდ, ფიზიკის პირდაპირი მიბაძვით იქნა შემოტანილი. იმჟამინდელ ფიზიკაში კი მექანიკური მიზეზობრიობის პრინციპი ბატონობდა, რომლის თანახმად ერთი ფიზიკური მოვლენა უშუალოდ იწვევს მეორეს; მიზეზსა და შედეგს შორის უშუალო კავშირი არსებობს. ეს პრინციპი ფსიქიკის სფეროშიც გადმოიტანეს: რაც არ უნდა იყოს ფსიქიკური მოვლენის მიზეზი, გარემოს ფაქტორი თუ სხვა ფსიქიკური ფაქტი, იგი მას უშუალოდ და პირდაპირ იწვევს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ფსიქოფიზიკურ პრობლემასთან დაკავშირებით უშუალობის პრინციპის რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე. ურთიერთზემოქმედების თეორიის მიხედვით გარეგანი იწვევს შინაგანს ანუ განცდას. პარალელიზმის მოძღვრების თანახმად, ერთი განცდის მიზეზი მხოლოდ მეორე განცდა შეძლება იყოს. ფსიქიკური ფაქტის უშუალო გამომწვევი ყველა შემთხვევაში ან გარე სტიმულია, ან სხვა ფსიქიკური ფაქტი. განსხვავებული ბუნების მქონე რეალობა, რომელიც მათ ურთიერთობას აშუალებს, ამ სქემაში არ მოიაზრება.

      უზნაძის აზრით, უშუალობის პოსტულატს აქამდე არსებული მთელი ფსიქოლოგია ეფუძნება. ასეა კლასიკურ ფსიქოლოგიაში, სახელდობრ ფსიქოფიზიკაში, სადაც გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს შეგრძნებას; ასევეა ასოციაციონიზმში, სადაც ერთ წარმოდგენას ავტომატურად მოჰყვება მასთან რაიმე სახით დაკავშირებული მეორე წარმოდგენა. იგივე ითქმის ვუნდტზეც, რომელიც ფსიქიკური წარმონაქმნების ახსნას ასეთივე ფსიქიკური მოვლენების უშუალო ურთიერთზემოქმედებით ცდილობს. უშუალობის პოსტულატს ეფუძნება შედარებით ახალი ფსიქოლოგიური შეხედულებებიც. გეშტალტფსიქოლოგია ერთმანეთისაგან მიჯნავს მარტივ, კერძო და რთულ მთლიანობით ფსიქიკურ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ პირველს მეორე განსაზღვრავს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ორივე ჩვეულებრივი ფსიქიკური მოვლენების სამყაროს კუთვნილებაა და ამიტომ ზეგავლენის წესიც უშუალო რჩება.

      ბიჰევიორიზმის დახასიათება ამ მხრივ არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. კლასიკური (უოთსონი) და რადიკალური ბიჰევიორიზმის თანამედროვე ვარიანტებში (სკინერი) სტიმული უშუალოდ განსაზღვრავს რეაქციას. რაც შეეხება ნეობიჰევიორიზმს, სადაც ნაცადია სტიმულსა და რეაქციას შორის ე.წ. შუალედური ცვლადების შემოტანა, ძირითადი არსი, პრინციპში, აქაც უცვლელი რჩება. საქმე ისაა, რომ ეს ცვლადები ან წმინდა ოპერაციონალურადაა განსაზღვრული და ამ გამაშუალებლების ჭეშმარიტი ფსიქლოგიური ბუნების შესახებ ვარაუდებიც არ გამოითქმის, ან მათი დახასიათება ისეთი ტერმინებით ხდება (ცოდნა, გეშტალტი, მოლოდინი, ლტოლვა, მიზანი), რომლებსაც ისევ და ისევ ჩვეულებრივ ფსიქიკურ წარმონაქმნებსა და პროცესებთან მივყავართ. ერთი სიტყვით, „თუ გარემო - ფიზიკური იქნება იგი თუ ფსიქიკური - უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, თუ ჩვენი მოტორული და ფსიქიკური პროცესები მათზე მომქმედი სტიმულების უშუალო პასუხს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ სინამდვილესთან ურთიერთობას სუბიექტი კი არა, მისი ფსიქიკა, ან კერძოდ, მისი მოტორიკა ამყარებს, რომ ჩვენი ქცევა თუ განცდა სუბიექტის არსებითი მონაწილეობის გარეშე ჩნდება და, მაშასადამე, მათზე მომქმედი სტიმულებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება“. ამრიგად, ასკვნის უზნაძე, კლასიკური ფსიქოლოგია უსუბიექტო ფსიქოლოგიაა.

      ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე არსებული ფსიქოლოგიისთვის სუბიექტის, პიროვნების ცნება სრულიად უცხოა. პირიქით, ფსიქოლოგიაში ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ გარე ზემოქმედება ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს ფსიქიკური რეაგირების ამა თუ იმ ფორმას, ვინაიდან მათ შორის სუბიექტია მოთავსებული, რომელიც თავისი თვისებებით აშუალებს ამ ურთიერთობას. უშუალობის პრინციპი ერთი შეხედვით დაძლეულია, მაგრამ უზნაძე აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ენიჭება, თუ რა შინაარსია ჩადებული ტერმინ სუბიექტში. თუ სუბიექტი მხოლოდ ფსიქიკურ მოვლენათა ერთობლიობად იქნება მიჩნეული (ვუნდტი), საქმის ვითარება არსებითად არ შეიცვლება. ეს ეხება შტერნის პერსონოლოგიასაც, სადაც თითქოს ყველაზე მეტადაა ნაცადი პიროვნების ფენომენის თავისებურებების ჩვენება. მაგრამ შტერნი არ მიუთითებს ისეთ განმასხვავებელ არეზე, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა პიროვნების ცნების სპეციფიკური შინაარსი. აქედან გამომდინარე, იგი იძულებული ხდება პიროვნების დახასიათებისას ისევ ტრადიციული მოვლენებით შემოისაზღვროს. უშუალობის პრინციპი აქაც ძალაში რჩება, ვინაიდან სუბიექტსა და გარემოს შორის ასე გაგებული ურთიერთობა კვლავ ცნობიერების კარგად ცნობილ (შემეცნებით, ემოციურ თუ ვოლიტურ) პროცესებსა და სინამდვილეს შორის ურთიერთობას ნიშნავს.

      ამრიგად, თუ ფსიქოლოგიას მყარ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე დადგომა და იმ ჩიხიდან გამოსვლა სურს, რომელშიც უშუალობის პრინციპის მიღებამ შეიყვანა, მან ამოსავალ წერტილად უნდა დაისახოს არა ფსიქიკური ცხოვრების ცალკეული აქტები, არამედ თვით სუბიექტი, როგორც მთელი, რომელიც სინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში ამ აქტებს მიმართავს და მათ ხასიათსა თუ მიმდინარეობას განსაზღვრავს. ამისთვის საჭიროა მოინახოს ისეთი სპეციფიკური რეალობა, რომელიც სუბიექტის მთლიანობით მდგომარეობას გამოხატავს და, ამ სახით, აშუალებს ურთიერთობას როგორც გარემოსა და ფსიქიკურ აქტივობას, ისე ცნობიერების სხვადასხვა შინაარსებს შორის. აღნიშნული მეთოდოლოგიური მოთხოვნიდან გამომდინარე, სუბიექტის ამ სპეციფიკურ მდგომარეობას ორი აუცილებელი ნიშანი უნდა გააჩნდეს: მთლიანობა (რადგანაც ყველა კერძო ფსიქიკური პროცესი მისგან გამომდინარეობს) და არაცნობიერობა (ვინაიდან ცნობიერების შინაარსების გამაშუალებელი ინსტანცია ცნობიერი მოვლენა ვერ იქნება).

      დაისახა რა აღნიშნული მეთოდოლოგიური ამოცანა, უზნაძე ახალი ფსიქოლოგიური სისტემის შექმნას შეუდგა. კვლევა-ძიება თავიდანვე ერთდროულად თეორიულ და ემპირიულ პლანში მიმდინარეობდა. დამუშავდა სისტემის ცენტრალური ცნება - განწყობა; გამოიკვეთა მისი არსებითი ნიშნები. პარალელურად დაიწყო განწყობის სპეციფიკური ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და კანონზომიერებების ექსპერიმენტული შესწავლა.

      აღსანიშნავია რომ განწყობის ცნება ფსიქოლოგიისთვის ახალი არ იყო. მისი დამუშავება XIX საუკუნეში დაიწყო და შემდგომ საუკუნეში გაგრძელდა. ზოგ შემთხვევაში იგი ამა თუ იმ ფიქოლოგიური კონცეფციის საყრდენ ცნებადაც კი მოიაზრებოდა (კ. მარბე და სხვა). მაგრამ განწყობის ცნების გამოყენების ყველა შემთხვევაში მასში იგულისხმებოდა რაიმე ემოციური განცდა ან მოტორული მდგომარეობა, რომელიც სხვა განცდაზე (მაგ., აღქმაზე) ან მოტორულ პროცესზე (მაგ., რეაქციის დროზე) მოქმედებს და მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასე გაგებული განწყობა ჩვეულებრივ, კერძო ხასიათის ფსიქოფიზიკურ პროცესად წარმოგვიდგება და, ცხადია, ვერ შეასრულებს ამ პროცესებსა და სინამდვილეს შორის შუამდებარე რგოლის როლს.

      სწორედ ეს ფუნქცია აკისრია განწყობას უზნაძის თეორიაში. იგი უნივერსალური გამაშუალებელი ცვლადია გარემოსა და ცნობიერებას, თვითონ ცნობიერების მოვლენებსა და, აგრეთვე, ცნობიერებასა და ქცევას შორის. ამ ფუნქციების შესრულება მას იმიტომ შეუძლია, რომ მთლიანი სუბიექტის სპეციფიკურ მოდიფიკაციას წარმოადგენს და მის სამოქმედოდ მომართვას განაპირობებს. უზნაძის მიხედვით, მოთხოვნილებით აღძრულ ინდივიდში სიტუაციის ზემოქმედების შედეგად იქმნება სპეციფიკური მთლიანი მდგომარეობა - განწყობა. მისი ფსიქოლოგიური არსი მოთხოვნილებისა და სიტუაციის შესაბამისი აქტივობის განხორციელების მზაობაში მდგომარეობს. განწყობა აქტივობისთვის მომზადების, მომართვის მდგომარეობაა, მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს ერთიან სუბიექტს როგორც მთლიანობას და არა მის ცალკეულ პროცესსა თუ ფუნქციას.

      განწყობა პირველადი მდგომარეობაა, რომელთან მიმართებაში სუბიექტში მიმდინარე ყველა ფსიქოფიზიკური პროცესი მეორადი ხასიათისაა. ეს პროცესები, ჩვეულებრივ, ქცევას ემსახურება და ამა თუ იმ კონკრეტული ქცევის ფორმაშია მოცემული; ქცევა კი საზოგადოდ „გარე სინამდვილის ზემოქმედებით განისაზღვრება არა უშუალოდ, არამედ გაშუალებულად, სახელდობრ, სუბიექტის ქცევაში მისი მთლიანობითი ასახვის, სუბიექტის ქცევის განწყობის საშუალებით. ქცევის ცალკე აქტები, მთელი ფსიქიკური ცხოვრება, ამისდა მიხედვით, მეორადი წარმოშობის მოვლენას წარმოადგენს“. უზნაძის თეორიის ძირითადი სქემა ასათია: გარემო - სუბიექტი (განწყობა) - ქცევა. განწყობა გააზრებულია როგორც შუალედური ცვლადი გარემოსა და ქცევას შორის. იგი ქცევის უშუალო მიზეზია, ქცევის რეალური ფსიქოლოგიური მექანიზმია. განწყობა წინ უსწრებს ქცევას და განსაზღვრავს მის მიზანშეწონილ ხასიათს; იგი ქცევის მიზანშეწონილების საფუძველია. განწყობა მთლიანი სუბიექტის ქცევისათვის მზაობაა. მასში თავმოყრილია ყველა ის მომენტი, რომელიც აქტივობის მიზანშეწონილი განვითარებისთვისაა აუცილებელი. ვინაიდან განწყობა მოთხოვნილებისა და სიტუაციის საფუძველზე აიგება, მას შეუძლია აღძრას და წარმართოს ქცევა საჭირო მიმართულებით.

      განწყობის ფსიქოლოგია არც მხოლოდ გაშუალების მეთოდოლოგიური პრინციპის რეალიზაციაა და არც მხოლოდ ქცევის მიზანშეწონილების ამხსნელი თეორიული მოდელი. განწყობა, პირველ ყოვლისა, რეალური მოვლენაა, სუბიექტის სპეციფიკური მთლიანობითი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ის ემპირიულად უნდა იქნეს შესწავლილი. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მექაში - ლაიფციგში ნასწავლმა უზნაძემ თავიდანვე მიაგნო განწყობის ექსპერიმენტული კვლევის მარტივ, მოხდენილ და ეფექტურ მეთოდს. ცდისპირს ტაქტილურად (ხელებში) ან ვიზუალურად მიეწოდება ორი არატოლი ბურთი (ან წრე) - ვთქვათ მარჯვნივ დიდი, მარცხნივ პატარა. ყოველი ექსპოზიციისას ცდისპირი აფასებს ბურთების სიდიდეს და აფიქსირებს მათ არატოლობას. ცდის ეს საფიქსაციო ნაწილი 10-15 ექსპოზიციას მოიცავს. მოულოდნელად ექსპოზიცია იცვლება და ცდისპირს ტოლი ბურთები (წრეები) მიეწოდება. იწყება ცდის კრიტიკული ნაწილი, რომლის დროსაც უმრავლეს შემთხვევაში იქმნება ილუზია, ანუ ცდისპირი ობიექტურად ტოლ ბურთებს (წრეებს) არატოლად აფასებს. ილუზია უმეტესწილად კონტრასტულია, ე.ი. უფრო დიდად ეჩვენება იმ მხარეს, სადაც მანამდე მცირე ზომის მასალა ეძლეოდა და პირიქით. თუმცა, შედარებით იშვიათად, თავს იჩენს ასიმილაციური ილუზიაც, ე.ი. ილუზიური აღქმა საფიქსაციო აღქმის მიმართულებით წარიმართება.

      უზნაძის და მისი მოწაფეების ინტენსიური კვლევა-ძიების შედეგად საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად დამტკიცდა, რომ ილუზიის რა სახესთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ის გამოწვეულია ცდის პირველ ნაწილში დაფიქსირებული განწყობის მოქმედებით. განწყობა, რომელიც იქმნება და მტკიცდება საფიქსაციო ცდაში, განსაზღვრავს და წარმართავს პერცეპტულ პროცესს - აღქმის ილუზიას. ეს მეთოდი ფიქსირებული განწყობის მეთოდის სახელითაა ცნობილი, ხოლო მისი გამოყენებით მიღებულ განწყობის ეფექტებს პიაჟემ „უზნაძის ეფექტები“ უწოდა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამდაგვარი განწყობის ეფექტების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ აღქმის, არამედ აზროვნების, წარმოსახვის, ფსიქო-მოტორული აქტივობის თუ სხვა სფეროში. ეს სავსებით ადასტურებს იმას, რომ განწყობა ყოველგვარი ფსიქოფიზიკური აქტივობის საფუძველი და გამსაზღვრელი მექანიზმია. უზნაძის მეთოდი უბრალოდ საშუალებას იძლევა განწყობა ხელოვნურად შევქმნათ, გავაძლიეროთ და შემოვინახოთ, დავადგინოთ მისი აქტივობაში გამოვლენის კანონზომიერებანი.

      ამრიგად, არსებობს განწყობის ორი სახე: პირველადი (აქტუალური) და მეორადი (ფიქსირებული). გამეორების ან დიდი პიროვნული წონის შემთხვევაში აქტივობის წინ შექმნილი პირველადი განწყობა ფიქსირდება და ლატენტურ ფორმაში გადადის. შემონახული ფიქსირებული განწყობები სათანადო პირობებში აქტუალიზირდებიან და შესაბამის აქტივობას წარმართავენ. მაშასადამე, განწყობათა ფიქსაციის მექანიზმი, უზნაძის თანახმად, საზოგადოდ გამოცდილების შეძენისა და შემონახვის მექანიზმია. რაკი ფიქსირებული განწყობა ყველა იმ არსებითი ნიშნის მატარებელია, რაც საერთოდ განწყობას ახასიათებს, მისი კვლევით შესაძლებელი ხდება იმ სპეციფიკური ზოგადფსიქოლოგიურ თუ დიფერენციალურფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა დადგენა და შესწავლა, რაც განწყობის მოვლენას ახასიათებს. უზნაძის და მისი მიმდევრების რამდენიმე თაობის ფართო კვლევითი მუშაობის შედეგად მოპოვებულ იქნა მრავალი ემპირიული მონაცემი, რამაც უზნაძის სკოლა გამორჩეული ექსპერიმენტული კულტურის სკოლად აქცია.

      პირველ რიგში დამტკიცდა თეორიის ძირითადი დებულებები განწყობის ბუნების შესახებ. კერძოდ, განწყობის მთლიანობა და არაცნობიერობა. ამ უკანასკნელის დასადგენად გამოყენებულ იქნა ფიქსირებული განწყობის კლასიკური ცდები, ოღონდ ჰიპნოზურ მდგომარეობაში. ჰიპნოზში მყოფ ინდივიდს უტარდება საფიქსაციო ცდები; კრიტიკულ ცდებში ბურთები შესაფასებლად ეძლევა ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში ადამიანი სრულიად ჩვეულებრივ ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება, ოღონდ მას არაფერი ახსოვს ჰიპნოზის დროს განწყობის შესაქმნელად და გასაძლიერებლად ჩატარებული პროცედურების თაობაზე, ე.ი. აქვს ე.წ. პოსტჰიპნოზური ამნეზია. მიუხედავად ამისა, განწყობა თავს მაინც იჩენს - ცდისპირი ილუზორულად აღიქვამს კრიტიკულ ექსპოზიციას. ეს ცდები ადასტურებს, რომ განწყობის წარმოშობისა და მოქმედების პროცესები არ ცნობიერდება. მაშასადამე, განწყობა არაცნობიერია.

      მაგრამ არის კი ეს არაცნობიერი პროცესი მთლიანპიროვნებისეული ხასიათისა? ამ ცდების მიხედვით ხომ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს ლოკალური, პერიფერიული პროცესია, რომელიც ინდივიდის რომელიმე კერძო, ვთქვათ მოტორულ ან პერცეპტულ სისტემაში წარმოიქმნება და მოქმედებს. უზნაძემ სპეციალურად აჩვენა, რომ ეს ასე არ არის, რომ განწყობა ცენტრალური სახის მოვლენა და მართლაც სუბიექტის მთლიანი მდგომარეობაა. ამისთვის საფიქსაციო ცდები ხელებით მოსინჯვის გზით ანუ ჰაპტურ არეში ჩატარდა, ხოლო კრიტიკული ცდები მხედველობით არეში (ან პირიქით). გამოირკვა, რომ ამ შემთხვევაშიც ფიქსირებული განწყობის ჩვეულებრივ ეფექტებთან გვაქვს საქმე. მაშასადამე, ხდება განწყობის გავრცელება, ირადიაცია ერთი ფუნქციონალური სისტემიდან მეორეში. ეს, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნებოდა, თუ განწყობა ერთ კერძო პროცესთან, ვთქვათ მოტორულთან ან პერცეპტულთან იქნებოდა დაკავშირებული.

      არსებითად იმავეზე მეტყველებს ექსპერიმენტების სხვა ციკლის მონაცემები, რომლებითაც დადასტურდა, რომ გარკვეულ მასალაზე (მაგ., წრეებზე) ფიქსირებული განწყობა ადვილად ტრანსპონირდება სხვა მასალაზე (მაგ., კვადრატებზე). ე.ი. მიმართებაზე (ამ შემთხვევაში დიდი-პატარა) შექმნილი განწყობა ერთი რომელობითი მასალიდან მეორეზე გენერალიზირდება. უზნაძის აზრით, ირადიაციისა და გენერალიზაციის ეფექტები განწყობის მთლიანპიროვნებისეულ ხასიათზე მიუთითებენ. ვინაიდან განწყობილია მთელი სუბიექტი, ეს მდგომარეობა მის ყველა სტრუქტურულ არეში აისახება და ყოველგვარი მასალის აღქმასა თუ სხვა სახის აქტივობაზე ვრცელდება.

      ფიქსირებული განწყობის ცდებში ილუზია წარმოიქმნება. ისმის კითხვა, ხდება თუ არა ადეკვატურ აღქმაზე გადასვლა და, თუ ხდება, როგორ. საკითხი ფიქსირებული განწყობის ჩაქრობას ეხება. აქ გარკვეული კანონზომიერებები გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოდ განწყობის შექმნისა და ჩაქრობის პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობს სხვადასხვა ინდივიდებში. უფრო მეტიც, ამ პროცესების დინამიკის რაგვარობის მიხედვით ადამიანთა ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე შეიძლება მსჯელობა. ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა დიფერენციალურფსიქოლოგიური მნიშვნელობაც შეიძინა. იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად ფიქსირდება განწყობა, როგორია ილუზიის სიდიდე, მისი ჩაქრობის პროცესის დინამიკა, რამდენად გამძლეა დროში საგანწყობო ეფექტები და სხვა, შესაძლებელია გამოიყოს განწყობის ესა თუ ის ტიპი (მაგ., სტატიკური ან დინამიკური, პლასტიკური ან ტლანქი, კონსტანტური ან ვარიაბილური, სტაბილური ან ლაბილური). განწყობის ამ ფორმალურ-დინამიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით პიროვნების ქარაქტეროლიგიურ თვისებებზე შეიძლება ლაპარაკი. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ განწყობა მართლაც მთლიანი სუბიექტის მოცემულობა და მისი გამოხატვის ფორმაა.

      უზნაძის მიერ დაწყებულმა პიროვნების განწყობისეული თავისებურებების შესწავლამ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ფართო ხასიათი მიიღო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვ. ნორაკიძისა და მისი თანამშრომლების გამოკვლევები. სახელდობრ, დადგენილ იქნა, რომ განწყობის ტიპსა და სხვა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდებით მიღებულ მონაცემებს შორის მყარი კორელაციური კავშირი არსებობს. მაგალითად, სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით დადებითი ნიშნები (მეგობრულობა, კოლექტიურობა, აფილაცია და სხვა), რომლებიც დგინდება თემატური აპერცეფციის მეთოდით, აღმოაჩნდათ პლასტიკურ-დინამიკური განწყობის მქონე ადამიანებს, ხოლო სოციალური ადაპტაციის მხრივ უარყოფითი ნიშნები - ეგოცენტრიზმი, აგრესიულობა, რიგიდულობა და სხვა - სტატიკური ან ლაბილური განწყობის ტიპებს. ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა სერიოზული ფსიქოდიაგნოსტიკური ტექნიკის სახე მიიღო, რომელიც პიროვნების ხასიათობრივი თავისებურებების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

      ფიქსირებული განწყობის მეთოდის მაღალ ფსიქოდიაგნოსტიკურ პოტენციალზე მიუთითებს გამოკვლევათა ციკლი, რომელიც უზნაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფსიქოპათოლოგიის სფეროში. უზნაძე ამოდიოდა მოსაზრებიდან, რომ ფსიქიკური მოქმედების ყოველგვარმა გადახრამ პირველ ყოვლისა მის საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიურ მექანიზმში ანუ განწყობაში უნდა იჩინოს თავი. ამიტომაც ავადმყოფური ფსიქიკის შემთხვევაში განწყობის შექმნის, მოქმედების და შეცვლის პროცესებს თავისებური ხასიათი უნდა ჰქონდეს. კვლევაში ეს ვარაუდი სავსებით დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათოლოგიის სხვადასხვა შემთხვევებში ფიქსირებული განწყობის მახასიათებლები არსებითად განსხვავდება ნორმისაგან. ამასთან, ეს განსხვავება ყოველი კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში (შიზოფრენია, ეპილეფსია, ისტერია, ფსიქასთენია და ა.შ.) სპეციფიკურ სახეს ატარებს. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ განწყობის ფორმალური სტრუქტურა გამოჯანსაღების ან მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად იცვლება. შემდგომში ეს კვლევა გასცდა ფსიქოპათოლოგიის სფეროს და მრავალი ფსიქოსომატური დაავადებაც მოიცვა.

      როგორც ვხედავთ, განწყობის ფსიქოლოგიაში პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი. აქ შეიძლება რამდენიმე ასპექტი გამოიყოს; ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოცემულია შეხედულება იმის შესახებ, რომ ქცევის მთლიანი სუბიექტის (მათ შორის პიროვნების) ფსიქოლოგიური არსებობის ფორმა, მოდუსი არის განწყობა. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ქცევის ყოველი სუბიექტი მთლიანია, მაგრამ ყოველი სუბიექტი არ არის პიროვნება (მაგ., ცხოველი). აქედან გამომდინარე, ბუნებრივად დაისმის საკითხი პიროვნების, როგორც სპეციფიკური ადამიანური ქცევის სუბიექტის თავისებურების შესახებ. ქცევისა და ფსიქიკის ადამიანური დონის სპეციფიკის ცხადყოფა უზნაძესთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. ამას ადასტურებს მისი შეხედულებების სისტემა ნებელობაზე (აგრეთვე ე.წ. ობიექტივაციაზე, რაც ქვემოთ იქნება განხილული). ავტორი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ნებელობა ადამიანის (პიროვნების) ის უნარია, რომელიც მას ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან გამოარჩევს. ნებელობის საშუალებით ყალიბდება განწყობა, რომელიც სპეციფიკურ ადამიანურ ქცევას ედება საფუძვლად; ამ განწყობის შექმნისა და მოქმედების კანონზომიერებანი მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ შინაგან და გარეგან ფაქტორებს გულისხმობს. პიროვნების ფსიქოლოგიის კონტექსტში მთავარია ის, რომ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი ქცევის განწყობის შექმნას განსაზღვრავს და აადვილებს წინასწარი მიდრეკილება (დისპოზიცია), რომელიც ადამიანს აქვს აღნიშნული ქცევის მიმართ. ასეთი მიდრეკილება პიროვნების ხასიათის სახითაა მოცემული; ხასიათი ნებელობის დისპოზიციაა. იგი ყალიბდება ცხოვრების განმავლობაში გარკვეული ქცევების შესრულებისა და მათი ქვემდებარე განწყობების ფიქსაციის გზით. ასეთი განმტკიცებული, დისპოზიციური განწყობები ქმნიან პიროვნების ხასიათის სტრუქტურას. უზნაძე მიუთითებს, რომ „ნებელობის აქტის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა პიროვნებას ამ სიტუაციის ზეგავლენით ამ განწყობის აქტუალიზაციის უნარი, ე.ი. აქვს თუ არა მას ეს განწყობა დისპოზიციურად. მაშასადამე, გამოდის, რომ ის, რასაც ჩვეულებრივ, ხასიათს ვუწოდებთ, ნამდვილად პიროვნების დისპოზიციურ განწყობას, გარკვეულ განწყობათა აქტუალიზაციის უნარს წარმოადგენს“. საზოგადოდ პიროვნებას, მის სტრუქტურას ეს განწყობები ქმნიან; ისინი განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით წარიმართება ადამიანის მოქმედება კონკრეტულ პირობებში.

      შემდგომში დიდი პიროვნული წონის მქონე დისპოზიციური განწყობების, როგორც პიროვნების სტრუქტურის ძირეული ერთეულების, პიროვნული ნიშნების განხილვას უზნაძის სკოლაში სერიოზული ყურადღება მიექცა. ეს ცნება ნაყოფიერად გამოიყენება შ. ნადირაშვილის მიერ, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად წინ წამოსწიოს პიროვნების ზოგადი თეორიის პრობლემატიკა განწყობის ფსიქოლოგიაში და თავის მოდელს „განწყობის ანთროპულ თეორიას“ უწოდებს. მის მიერ ნაჩვენებია დისპოზიციური განწყობების შექმნისა და შეცვლის მრავალი მნიშვნელოვანი კანონზომიერება. საბოლოო ჯამში, პიროვნება დისპოზიციური განწყობების სახითაა წარმოდგენილი.

      გარდა ამისა, განწყობის თეორიაში პიროვნების პრობლემა დამუშავებულია დიფერენციალურფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც - იგულისხმება პიროვნების განწყობისეული ტიპოლოგია - და სამედიცინო ფსიქოლოგიის კუთხითაც - შეხედულება განწყობაზე, როგორც პიროვნების ფსიქოფიზიკური სისტემების დარღვევისა და ნორმალიზციის მექანიზმის შესახებ.

      პიროვნების (სუბიექტის) კატეგორიასთან ერთად განწყობის თეორიაში დამუშავებულია ფსიქოლოგიის ისეთი ძირეული კატეგორიებიც, როგორებიცაა ქცევა, ცნობიერება და არაცნობიერი. სრულყოფილი, უნივერსალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია ამ კატეგორიებს ერთიანი პრინციპიდან გამომდინარე უნდა განიხილავდეს. ასეა განწყობის თეორიაში.

      როგორაა მასში წარმოდგენილი თუნდაც არაცნობიერის კატეგორია? არაცნობიერის სფერო განწყობის სფეროა - ესაა ამოსავალი დებულება. თეორიის წინაშე მდგარი ძირითადი მეთოდოლოგიური ამოცანიდან გამომდინარე, განწყობა გაგებულია როგორც რეალობა, რომელიც აშუალებს ცნობიერების მიმართებას ფიზიკურთან და ფიზიოლოგიურთან და მიმართებას თავად ცნობიერების მოვლენებს შორის. ამიტომ განწყობა თვითონ აუცილებლად არაცნობიერია. უზნაძე არა ერთხელ აღნიშნავდა, რომ „განწყობა ცნობიერების შინაარსს არ წარმოადგენს, იგი ისეთი კატეგორიის მოვლენაა, რომელიც განცდისეულად არ გვეძლევა, განცდით წრეში არ ხვდება“. იგი კატეგორიულად უსვამდა ხაზს, რომ „ცნობიერი განცდები შეიძლება ჩვენი განწყობის გარკვეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, განწყობისა, რომელიც თავის მხრივ არავითარ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების შინაარსად არ ჩაითვლება“. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ეს ვითარება ექსპერიმენტულადაც იქნა ნაჩვენები. მაგრამ დგება საკითხი განწყობის ონტოლოგიური ბუნების შესახებ: რა რეალობას მიეკუთვნება იგი? არის თუ არა ის ფსიქიკური? თეორიის შემუშავების საწყის ეტაპზე უზნაძე ფიქრობდა, რომ განწყობა „სინამდვილის ჯერ უცნობ არეს წარმოადგენს, რომლისთვისაც სუბიექტურისა და ობიექტურის საწინააღმდეგო პოლუსები სრულიად უცხოა და რომელშიც ჩვენ მათი შინაგანი, გაუნაწევრებელი არსებობის შეურყვნელ ფაქტთან გვაქვს საქმე“. ამ ქვეფსიქიკურ არეს თავდაპირველად ბიოსფერო ეწოდა. ეს სახელწოდება ნათლად გამოხატავს იმას, რომ შემდგომში განწყობად ცნობილი მოვლენა სიცოცხლის პრინციპად იყო წარმოდგენილი; იგი ფსიქოფიზიკურად ნეიტრალურ რეალობად მოიაზრებოდა.

      მოგვიანებით უზნაძემ განწყობა ერთმნიშვნელოვნად ფსიქიკის სფეროს მიაკუთვნა. განწყობა არაცნობიერი ფსიქიკურია. მაგრამ განწყობის სახით ფსიქიკის ისეთ განსაკუთრებულ სახეობასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენს უშუალო ცნობიერებაში დღემდე დადასტურებული ფსიქიკურისაგან არსებითად განსხვავდება. თუ ფსიქიკურ სამყაროს განვითარების თვალსაზრისით შევხედავთ, საჭირო გახდება „ფსიქიკის ჩვეული საზღვრების გარღვევა“ და მისი სპეციფიკური არაცნობიერი ფორმის დაშვება. ფსიქიკა თავიდანვე ცნობიერების სახით ვერ ჩამოყალიბდებოდა. მან ხანგრძლივი ევოლუციური განვითარების გზა გაიარა. უნდა არსებობდეს ათვლის წერტილი, განვითარების ის საწყისი დონე, რომელიც სიცოცხლისა და ფსიქიკურის მიჯნაზეა. განწყობა სწორედ ასეთი არაცნობიერი ფსიქიკური რეალობაა. ფსიქიკის განვითარების რა სახეც არ უნდა გვქონდეს მხედველობაში (ფილოგენეზი, ონტოგენეზი, აქტუალგენეზი), განწყობა წინ უსწრებს და აპირობებს ფსიქიკის ჩვეულებრივ გამოვლინებებს (წარმოდგენებს, აზრებს, გრძნობებს და სხვა).

      განწყობა ორგანიზმის ჩარჩოებში მოქცეული სინამდვილეა, იგი სუბიექტის მდგომარეობაა და ცნობიერების ყოველგვარი შინაარსი მისი გამოვლინებაა. მაგრამ ეს მხოლოდ ცნობიერებას, განცდას არ ეხება. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოდ აქტივობაც და ქცევაც, პრინციპში, ფსიქოფიზიკური ბუნებისაა. ქცევაში ჩართული სხეულებრივი და მოტორული პროცესები ცნობიერების (შემეცნებით, ემოციურ, ვოლიტურ) პროცესებთან ერთიანობაში აღმოცენდება იმ არაცნობიერი საწყისიდან, რომელსაც განწყობა ეწოდება. თვით განწყობა კი თავისებური ფსიქიკური ფენომენია, სპეციფიკური რომელობითა და კანონზომიერებით. „როდესაც სუბიექტზე სინამდვილე მოქმედებს იგი, როგორც მთლიანი, უპასუხებს მას, როგორც ეს სპეციფიკური, ეს თავისებური რეალობა, რომელიც წინ უსწრებს კერძოულ ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს და მათზე არ დაიყვანება“. ამავე დროს „თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის მდგომარეობაა, მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობიერებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს“.

      მართალია, განწყობა სუბიექტის მდგომარობაა, მაგრამ ის გარემოთია პირობადებული და ობიექტური შინაარსით არის დატვირთული. განწყობა მოთხოვნილების ფონზე გარემოს, სიტუაციის ზემოქმედებას ასახავს. უზნაძის თქმით, განწყობა სუბიექტში გადმოსული ობიექტური ვითარებაა. დაბოლოს, განწყობის სახით საკმაოდ სომატიზირებულ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე. განწყობა მართლაც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულებრივ პროცესებთან. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ქცევა ფსიქოფიზიკური მოვლენაა, განწყობა კი - მისი რეალიზაციის მექანიზმი. ქცევისათვის მომზადება გულისხმობს როგორც გარკვეული ინფორმაციის არსებობას ორგანიზმის მოტივაციური და ოპერაციული სისტემების შესახებ, ისე მათ მობილიზაციამომართვას გარკვეული მოქმედების შესასრულებლად. უფრო ფართო მეთოდოლოგიურ კონტექსტში უზნაძე ლაპარაკობდა, რომ არსებობს „სხეულებრივი და ფსიქიკური, როგორც ერთი მთლიანი მოვლენა - სიცოცხლის მოვლენა. ამიტომ ცალკე შესწავლა არც ერთის შეიძლება (ფსიქიკურის) და არც მეორის (სხეულებრივის). ფსიქოლოგია ამას სწავლობს და საფუძველსაც ხედავს ამისას, განწყობას“. ექსპერიმენტული კვლევის შედეგად საფუძვლიანად იქნა შესწავლილი განწყობის მოქმედების კანონზომიერებანი სენსო-მოტორულ სფეროში.

      ფსიქოლოგიაში არაცნობიერის შესწავლა ტრადიციულად ფსიქოანალიზის დომინირების ნიშნით მიმდინარეობდა. უზნაძე თავიდანვე დაუპირისპირდა არაცნობიერის ფროიდისტულ გაგებას. მას მიაჩნდა, რომ ფროიდის თვალსაზრისი არაცნობიერის ბუნებისა და წარმოშობის თაობაზე არ გვაძლევს რაიმე ახალ ცოდნას ფსიქიკის რაობისა და მისი განვითარების შესახებ. ფროიდისეული არაცნობიერი შინაარსები ხომ ჩვეულებრივი ფსიქიკური მოვლენებია, რომლებიც, უბრალოდ, ცნობიერების ნიშანს არიან მოკლებულნი. ცნობიერებიდან გასვლისას (განდევნისას) ისინი ამ ნიშანს კარგავენ, ხოლო უკან დაბრუნებისას კვლავ იძენენ და ჩვეულებრივ განცდებად იქცევიან. უზნაძის შეფასებით ფროიდის მიერ არაცნობიერ წარმოდგენაზე ან არაცნობიერ გრძნობაზე ლაპარაკი არაგანცდადი განცდის დაშვების ტოლფასია. ფსიქოანალიზის მიერ დახასიათებული არაცნობიერი, როგორც განცდა მინუს ცნობიერება, მეცნიერებას პოზიტიურს არაფერს აძლევს, ვინაიდან თავისი შინაგანი ბუნებითა და სტრუქტურით, არსებითად, ცნობიერი ფსიქიკის იგივეობრივია. გარდა ამისა, ეს თვალსაზრისი არაცნობიერ და ცნობიერ მოვლენებს ფსიქიკური განვითარების ერთ საფეხურზე ათავსებს. იგი ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკაა და, ამდენად, ცნობიერება მისი წარმოქმნის პირობაა; ცნობიერების განვითარებას იგი ვერ აგვიხსნის. უზნაძის მიხედვით კი არაცნობიერი და ცნობიერება ფსიქიკის სხვადასხვა სახეები და სხვადასხვა საფეხურებია. არაცნობიერი, რომელიც განწყობის სახითაა მოცემული, ლოგიკურად და ფაქტობრივად წინ უსწრებს და განსაზღვრავს ცნობიერების ყოველგვარ გამოვლინებას, როგორც აქტუალგენეზში, ისე ფილოგენეზში და ონტოგენეზში.

      ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის ურთიერთმიმართების საკითხი განსაკუთრებით გამოიკვეთა თბილისის 1979 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც არაცნობიერის პრობლემას მიეძღვნა. მისი ჩატარება თბილისში თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია, ვინაიდან ეს იყო მსოფლიო ფსიქოლოგიის ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმი არაცნობიერის შესახებ. თავის გამოსვლებსა და სიმპოზიუმის ამსახველ მასალებში ქართველმა ფსიქოლოგებმა ნათლად აჩვენეს, რომ არაცნობიერი განწყობა ფუნდამენტური მნიშვნელობის ზოგადფსიქოლოგიური კატეგორიაა. მისი გამოყენება აუცილებელი და სასარგებლოა არა მხოლოდ ისეთი „ტრადიციულად ფსიქოანალიტიკური“ მოვლენების გასათვალისწინებლად, როგორიცაა ჰიპნოზი, სიზმარი ან ნევროზი, არამედ ყოველგვარი ცნობიერი პროცესის მიმდინარეობის ასახსნელად. საქმე ისაა, რომ ცნობიერი პროცესები და ფსიქიკური აქტივობა საზოგადოდ, მიზანშეწონილი და მიზანმიმართული პროცესებია. ისინი თავიდანვე არიან განსაზღვრულნი პროცესის ბოლო წერტილით, იმით, რაც მისაღწევია და რაც, ცხადია, პროცესის დასაწყისში ცნობიერებაში არ შეიძლება იყოს მოცემული. „ეს შესაძლებელია, მხოლოდ, პროცესის მიმართულების მიმცემი მიმართებების წინასწარი ცნობიერებამდელი ასახვის შემთხვევაში. ცნობიერებას უნდა გააჩნდეს კანონი, რომელიც განაპირობებს მისი გარკვეული მიმართულებით მსვლელობას. ცნობიერების ყველაზე აქტიურ პროცესსაც კი ესაჭიროება ცნობიერებამდელი ასახვა“ (მ. საყვარელიძე). ეს არაცნობიერი ასახვის ფორმა, „მოქმედების კანონი“ განწყობის ცნების საშუალებით შემოდის ფსიქოლოგიაში.

      უდავოა, რომ არაცნობიერის (ე.ი. განწყობის) უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. მაგრამ უზნაძის სკოლაში ნაჩვენებია, რომ არსებობს ცნობიერების მრავალი მოვლენა, რომელთა აღმოცენებისა და მიმდინარეობის თავისებურებანი გაუგებარი დარჩება, თუ არ დავუშვებთ მათი განმსაზღვრელი არაცნობიერი მექანიზმის, ანუ განწყობის არსებობას. გაუგებარი იქნება, მაგალითად, თუ როგორ ხდება მეხსიერების საცავებიდან სწორედ იმ შინაარსის ამოტანა ცნობიერებაში, რაც აქტუალურად არის საჭირო სუბიექტისთვის. გარდა ამისა, თვით მეხსიერებაში ინფორმაციის შემონახვასაც თავისი არაცნობიერი ფსიქიკური სუბსტრატი ესაჭიროება. გაუგებარი იქნებოდა, თუ როგორ ხდება მეტყველების პროცესში სიტყვების შერჩევა და კონკრეტული გრამატიკული შეთანხმებების გამოყენება, რადგანაც ეს ცნობიერად არ სრულდება და სუბიექტს უკვე გამზადებული ეძლევა მოცემული ვითარების შესატყვისად. ასევე განწყობისეულადაა ფორმირებული მსჯელობისას გამოსათქმელი აზრი, რომელიც, რიგ შემთხვევებში, საერთოდ ვერ იქნება ცნობიერებაში სრული სახით მოცემული, თუნდაც თავისი დიდი მოცულობის გამო. განწყობის ფორმით ფუნქციონირებს მიზანიც, რომელიც დასახვის მერე, როგორც წესი, გადის ცნობიერებიდან, მაგრამ მაინც განაგრძობს მოქმედებას. ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს და სხვა შემეცნებითი, ემოციური თუ ვოლიტური პროცესებიც მოიცვას (შ. ჩხარტიშვილი).

      განწყობა, როგორც ფსიქიკური აქტივობის მიზანშეწონილების და მიზანმიმართულობის არაცნობიერი საფუძველი, ფუნქციონალურად და შინაარსეულად არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც „იდ“-ის საზღვრებში მოქცეული არაცნობიერი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ირაციონალური ენერგეტიკული წარმონაქმნების სფეროა, სადაც მხოლოდ სიამოვნების პრინციპია გაბატონებული. მისთვის უცხოა ყოველგვარი შეფასება, მორალი; აქ არ მოქმედებს აზროვნებისა და ლოგიკის კანონები. იდი უგრძნობია შეუსაბამობათა და წინააღმდეგობათა მიმართ. მისთვის არ არსებობს დროულობა - წარსული და მომავალი; დრო აწმყოთია შემოფარგლული, ხოლო ის, რაც აქტუალურად არის მოცემული, სრული განუკითხაობისა და ქაოსის მდგომარეობაა. ერთი სიტყვით, ფროიდის მიერ აღწერილი არაცნობიერი ფსიქიკა შეგუებაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. უზნაძის განწყობას რაც შეეხება, ის, პირველ ყოვლისა, შეგუებაზე, ქცევის მიზანშეწონილების მიღწევაზეა ორიენტირებული და, ამდენად, „რეალობის პრინციპით“ ხელმძღვანელობს. განწყობა სინამდვილის ასახვის სპეციფიკური ფორმაა; რაც უფრო სრულად და სწორად იქნება მასში ასახული გარეგანი და შინაგანი რეალობის მონაცემები, მით უფრო მიზანშეწონილი იქნება მის მიერ გამოწვეული ცნობიერების პროცესები და, საზოგადოდ, ქცევა.

      დიდი ხანი არ არის, რაც კოგნიტური ფსიქოლოგიის ფარგლებში დაიწყეს ე.წ. ფსიქოანალიტიკური და კოგნიტური არაცნობიერი პროცესების გამიჯვნა. კოგნიტური არაცნობიერი, ცნობიერების მსგავსად, გონიერი, ლოგიკური და რაციონალურია; შინაარსის თვალსაზრისით იგი არ არის შეზღუდული სექსუალური და აგრესიული ლტოლვებით. ამ სახის არაცნობიერის კვლევა დიდწილად სუბსენსორული გამღიზიანებლების მეთოდოლოგიის საფუძველზე მიმდინარეობს. კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ბოლომდე არ მომწიფებულა აზრი, რომ ცნობიერების შესწავლა მისი ქვემდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოვლენის გარეშე შეუძლებელია, რომ ყოველგავარ ცნობიერს პრინციპულად თან ახლავს და განსაზღვრავს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე. კოგნიცია და კოგნიტური არაცნობიერი აუცილებლობით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და საჭიროა ამ კავშირის ბუნების დადგენა.

      უზნაძემ ასეთი არაცნობიერის შესახებ მოსაზრებები ჯერ კიდევ ოციან წლებში გამოთქვა, ხოლო შემდგომში, განწყობის თეორიის სახით, შეხედულებათა ფართო სისტემა შექმნა არაცნობიერის ფუნქციონალური და შინაარსეული ასპექტების შესახებ. ამასთან, განწყობის ფსიქოლოგია არ იზღუდება მხოლოდ არაცნობიერი ადაპტაციური მექანიზმების თეორიული დახასიათებით. არსებობს მდიდარი თეორიული და ექსპერიმენტული მასალა არაცნობიერი განწყობის როლის შესახებ განსხვავებული ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობაში. იგი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: აღქმა, აზროვნება, მეტყველება, მეხსიერება, წარმოსახვა, ჩვევა, ნებელობა.

      უზნაძე აკრიტიკებდა ფროიდის არაცნობიერის კონცეფციას, მაგრამ აღიარებდა ფსიქოანალიზის წარამატებებს მკურნალობის პროცესში. მისი აზრით, ფროიდი მართლაც ხშირად ახერხებდა იმის დადგენას, რაც რეალურად აპირობებდა დაავადების პროცესს. უზნაძე თვლიდა, რომ ეს იყო ე.წ. არარეალიზებული განწყობები. ნევროტული მოვლენების გარდა ამ განწყობათა გამოვლენებია ფსიქოანალიზის სხვა ფაქტოლოგიაც: წამოცდენები, სიზმრები, ასოციაციები და სხვა. არარეალიზებულ განწყობებად ის შემთხვევებია მიჩნეული, როდესაც განწყობა, რაღაც ვითარების გამო, ვერ ახერხებს მოქმედებაში გადასვლას და განუხორციელებელი რჩება. სუბიექტს მრავალი ასეთი განწყობა აქვს. ისინი მუდამ ისწრაფვიან რეალიზაციისკენ, რაც ვლინდება ან აქტიურ ფანტაზიაში (მაგ., შემოქმედება), ან ე.წ. ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში (მაგ., სიზმარი ან ოცნება).

      მაგრამ განწყობა, პირველ ყოვლისა, ჩვეულებრივი, ანუ ღვიძილის ცნობიერების გამაპირობებელი მექანიზმია. უზნაძისთვის ცნობიერების კატეგორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იგი მრავალი ასპექტით აანალიზებს მას. ცნობიერების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ე.წ. დარწმუნებულობის განცდაა, განცდა, რომელიც თან ახლავს ცნობიერების პროცესთა უმრავლესობას და რომლის აღმოცენების საიდუმლო ტრადიციული ფსიქოლოგიისთვის დაუძლეველ პრობლემად რჩებოდა. ადამიანი, ჩვეულებრივ, დარწმუნებულია თავისი აღქმის შინაარსის რეალურობაში, მსჯელობის ჭეშმარიტებაში, მოგონების სისწორეში და გადაწყვეტილების მართებულობაში.

      ფსიქიკური პროცესები ყოველთვის რაიმეს ასახავენ. თუ ფსიქიკაში ცნობიერების მიღმა არაფერია, მის შინაარსს ვერაფერს შევადარებთ და გაუგებარი დარჩება თუ საიდან ჩნდება რაიმეს სწორად ასახვის რწმენა. განწყობის თეორია ადვილად წყვეტს ამ პრობლემას. ცნობიერი ასახვის გარდა არსებობს არაცნობიერი, მთლიანპიროვნებისეული, განწყობისეული ასახვაც; ობიექტური ვითარება სუბიექტის განწყობაში მანამდე აისახება, ვიდრე ცნობიერი განცდის სახით ჩამოყალიბდება. ამიტომ სუბიექტს შეუძლია ეს ორი რამ ერთმანეთს დაუპირისპიროს და მათი შესატყვისობა დაადასტუროს. „ჩვენი ფსიქიკის მუშაობა ჩვენი განწყობის რეალიზაციას წარმოადგენს, და როდესაც ეს დაუბრკოლებლად ხერხდება, როდესაც ფსიქიკა იმას ასახავს, რაც განწყობშია ასახული, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენი ფსიქიკური მუშაობის სისწორეს განვიცდით, გვიჩნდება დარწმუნებლობა, რომ ჩვენი აღქმა, მსჯელობა, მოგონება ობიექტურ ვითარებას ასახავს“.

      უზნაძის ეს გამონათქვამი განწყობის დაუბრკოლებელ რეალიზაციას გულისხმობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც აქტივობის პროცესში დაბრკოლება ჩნდება და განწყობა შესაბამის პროცესებს ვეღარ იწვევს? შეფერხების ობიექტური ფაქტი ნიშნავს, რომ აქტივობის დამაბრკოლებელი მომენტები არ იყო სათანადოდ ასახული განწყობაში. ამ შემთხვევაში იწყება ცნობიერების განწყობაზე უკუზემოქმედების პროცესი. ყველა დამაბრკოლებელი ფაქტორი ცნობიერების საგნად იქცევა, კოგნიტურად დამუშავდება და სათანადო კორექტივებს შეიტანს განწყობაში. ამის შედეგად განწყობა არსებული ვითარების მიმართ უფრო შესაფერისი და მოქნილი ხდება. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ცნობიერებით განწყობის კორექტირება მისი ფაქტორების (ვთქვათ სიტუაციის) ფსიქიკური აქტივობის უფრო მაღალ დონეზე ასახვისა და დამუშავების საშუალებით ხდება. ამაშია ე.წ. ობიექტივაციის თეორიის არსი, რომელიც უზნაძემ თავისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე დაამუშავა.

      უზნაძემ მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ფსიქიკის მუშაობის ორი პლანი და, შესაბამისად, ფსიქიკური ცხოვრების ორი დონე. პირველ დონეზე ქცევა უშუალოდ მოცემული მოტივაციისა და სიტუაციის ურთიერთქმედების საფუძველზე შექმნილი განწყობით წარიმართება. შეფერხება, რომლის გადალახვა ამ განწყობით შეუძლებელია, წყვეტს პრაქტიკული აქტივობის პროცესს - ხორციელდება ობიექტივაცია. აქტივობა გადადის მეორე პლანში, რომელიც ცნობიერების სხვადასხვა პროცესების ჩართვას გულისხმობს. იწყება პრობლემური ვითარების გარკვევა, შეფასება, შემეცნება. თუ პრობლემა გადაიჭრება, სათანადო მონაცემები განწყობაში აისახება, გადაახალისებს მას და აქტივობა ისევ პირველ პლანში გაგრძელდება. უზნაძემ და მისმა მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს შეხედულებათა მწყობრი სისტემა იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს თითოეული ფსიქიკური ფუნქცია ობიქტივაციის დონეზე გაშლილი ცნობიერი აქტივობის პროცესში.

      ფსიქოლოგიის ძირეულ კატეგორიებს შორის უზნაძისთვის ერთ-ერთი უმთავრესია ქცევის კატეგორია. განწყობა ქცევის მექანიზმად მოიაზრება და, ამიტომ, უზნაძის მოძღვრებას ხშირად ქცევის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიადაც მიიჩნევენ. უზნაძე ქცევას განიხილავს როგორც აღწერითი, ისე ახსნითი თვალსაზრისით. აღწერით ნაწილში იგი ცდილობს მოგვცეს ქცევის სტრუქტურისა და მისი ნაირსახეობების მაქსიმალურად სრული დახასიათება. უზნაძის მიხედვით, ფსიქიკური შინაარსის გარეშე ქცევა არცაა ფსიქოლოგიის საგანი. ფსიქიკისაგან დაცლილი აქტივობა არის ფიზიკური ქცევა, რომელსაც შეისწავლის ფიზიოლოგია და ბიჰევიორიზმი.

      ქცევის ფსიქოლოგიურ შემადგენლობაში განსაკუთრებით გამოიყოფა მოთხოვნილება, მოტივი და მიზანი. მოთხოვნილებას ქცევის სტრუქტურაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქცევის სტრუქტურის ყველა ელემენტი, ასე თუ ისე, მასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მოტივი, რომელიც უზნაძის თანახმად გადაწყვეტილების საფუძველია, პირველ ყოვლისა ე.წ. მაღალ მოთხოვნილებებში იღებს თავის გარკვეულობას. მიზანი, არსებითად, ცნობიერებაში მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი საგნობრივი ვითარების წინასწარი მოცემულობაა. გარდა ამისა, მოთხოვნილების სახეობების შესაბამისად, ქცევის განსხვავებული ფორმები გამოიყოფა. უზნაძე მოთხოვნილებათა ორ ჯგუფს განასახვავებს - სუბსტანციონალურ და ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს. პირველს მიეკუთვნება ყველა მოთხოვნილება, რომელსაც ფიზიკური თუ კულტურული სინამდვილის საგანი და მოვლენა აკმაყოფილებს; ისინი ყოველთვის რაიმე საგნის ან მოვლენის საჭიროების სახით განიცდებიან. ფუნქციონალური მოთხოვნილებები კი ინდივიდის ფსიქოფიზიკური ფუნქციების აქტივობაში მოყვანის ტენდენციას გამოხატავენ. მათ თვით აქტივობა, ფუნქციონირება აკმაყოფილებს. შესაბამისად, გამოიყოფა ქცევათა ორი დიდი კლასი: ექსტროგენული ქცევები, რომლებიც სინამდვილის საგნებისა და ღირებულებების შეთვისებასა და შექმნაზე არიან მიმართულნი და ინტროგენური ქცევები, რომელთა ფსიქოლოგიური აზრი თვითონ აქტივობის რეალიზაციაში მდგომარეობს. პირველ კლასს მიეკუთვნება ქცევის ისეთი ფორმები, როგორიცაა მოხმარება, მომსახურება, მოვლა, ცნობისმოყვარეობა, შრომა, საქმე; მეორეს - თამაში, ესთეტიკური ტკბობა, მხატვრული შემოქმდება, სპორტი, გართობა. მათ შორის თავსდება ქცევის გარდამავალ ფორმად მიჩნეული სწავლა. ქცევათა ეს კლასიფიკაცია ტაქსონომიური პრინციპების სიმარტივითა და ქცევის ძირითადი სახეობების მომცველობის მხრივ დღემდე უნიკალურია ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში.

      უზნაძე ქცევების სახეობათა სხვაგვარ დაყოფასაც გვთავაზობს. იგი ასხვავებს იმპულსურ და ნებისმიერ ქცევებს. ქცევების ამ ორი კლასის გამოყოფის საფუძველია მათი წარმართველი ფსიქიკური პროცესებისა და მექანიზმების სირთულის დონე. იმპულსური ქცევა იწყება მოთხოვნილების აღმოცენებისთანავე, და მიმდინარეობს სუბიექტის მიერ ქცევის შეფასებისა და კონტროლის გარეშე. რაც შეეხება ნებისმიერ ქცევას, იგი განზრახული, მიზანდასახული და გაცნობიერებული აქტივობაა. ის არის რთული ფსიქიკური მექანიზმებით გაშუალებული ქმედება.

      ნებისმიერი ქცევა სამ პერიოდს მოიცავს: მოსამზადებელი, გადაწყვეტილების მიღების და შესრულების. პირველი ორი აუცილებლად ობიექტივაციის დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ ამ პერიოდების ფსიქოლოგიური შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჯერ ხდება ქცევის შერჩევა მისი მიზანშეწონილების გათვალისწინებით, რაც აზროვნების გამოყენებასა და საერთოდ კოგნიტურ ფუნქციონირებას გულისხმობს. ამას მოყვება ქცევის სუბიექტური ღირებულების დადგენა, მოტივის მონახვა და ბოლოს, მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ეს აქტივობა მოტივაციურ-ვოლიტური პროცესების მეშვეობით ხორციელდება. იგი კოგნიტურ აქტივობასაც გულისხმობს, მაგრამ მასზე არ დაიყვანება და ფსიქიკის მუშაობის უფრო მაღალ დონეს გულისხმობს.

      ამ ვითარების კონცეპტუალური გააზრება მოცემულია ფსიქიკური აქტივობის „სამდონიან მოდელში“, რომელიც შ. ნადირაშვილს ეკუთვნის. მასში გამოიყოფა სამი დონის აქტივობა: პრაქტიკული ანუ იმპულსური ქცევა, თეორიული ანუ შემეცნებითი აქტივობა და ვოლიტური ანუ ნებისმიერი ქმედება. ისინი სირთულით განსხვავებული ქცევებია, რომლებიც ინდივიდის, სუბიექტის და პიროვნების დონეზე მიმდინარებს. აქტივობის ძირეული ფსიქიკური მექანიზმი ყველგან განწყობისეულია. განსხვავება ეხება სათანადო დონის განწყობათა შემადგენელი ფაქტორების თავისებურებებს. ინდივიდის დონეზე განწყობას აქტუალური მოთხოვნილება და აქტუალური სიტუაცია ქმნის; სუბიექტის დონეზე განწყობის შექმნაში შემეცნების მოთხოვნილება და პრობლემური სიტუაცია მონაწილეობს, ხოლო პიროვნების დონეზე განწყობის ფაქტორებად მაღალი მოთხოვნილებები (პიროვნების ღირებულებათა სისტემა) და წარმოსახული სიტუაცია გვევლინება.

      სამდონიან მოდელს უფრო დაზუსტებული სახე რომ მიეცეს, მეორე დონის განწყობა მხოლოდ შემეცნებითი მოტივაციით აღძრულ თეორიულ აქტივობას კი არ უნდა დავუკავშიროთ, არამედ, საზოგადოდ, ყოველგვარ გაცნობიერებულ ქცევას, ხოლო მესამე დონის განწყობა განვიხილოთ ცალსახად ნებელობითი ქმედების საფუძვლად.

      ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ განწყობებს შორის განსხვავებას მხოლოდ მათი მოტივაციური და სიტუაციური ფაქტორების შემადგენლობა არ ქმნის. სათანადო განწყობები ინდივიდის, სუბიექტის და პიროვნების არსენალში მყოფი სხვადასხვაგვარი ფსიქოფიზიკური ძალების თუ უნარების გათვალიწინებით ყალიბდება. ამ შემთხვევაში ლაპარაკია განწყობისა და ქცევის კიდევ ერთ, მესამე ფაქტორზე - ინსტრუმენტულ ან ოპერაციულ შესაძლებლობებზე. განწყობის ამ ფაქტორზე პირველად შ. ჩხარტიშვილმა მიუთითა.

      აღსანიშნავია, რომ განწყობის სტრუქტურაში მესამე ფაქტორის შემოტანის იდეა უცებ არ გაჩენილა. თანდათანობით ნათელი გახდა, რომ მისი გათვალისწინების გარეშე ქცევის მიზანშეწონილების სრულყოფილად ახსნა შეუძლებელი იქნებოდა. თავად უზნაძე ოპერაციულ შესაძლებლობებს არ გამოყოფდა განწყობის დამოუკიდებელ ფაქტორად, თუმცა ქცევის ამ მომენტს სერიოზულ ანგარიშს უწევდა. მისი აზრით, იმისთვის, რომ გარემომ სიტუაციის სახე მიიღოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს რაიმე მითხოვნილებას და შეესაბამებოდეს სუბიექტის შესაძლებლობებს. მშიერი ადამიანისათვის, ამბობდა იგი, „თევზი წყალში“ მხოლოდ მაშინ გადაიქცევა აქტუალურ სიტუაციად, თუ მას გააჩნია სათანადო მოქმედების ძალები, პერცეპტული, მოტორული და ინტელექტუალური შესაძლებლობები. „სიტუაციის ცნებაში, მაშასადამე, არა მარტო ის შედის, რომ იგი მომენტალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებებს უნდა შეიცავდეს, არამედ უეჭველად ისიც, რომ იგი სუბიექტის აქტუალური ძალებისათვისაც იყოს შესატყვისი“.

      ნათელია, რომ ინდივიდის ფსიქოფიზიკური ძალები და უნარები, აგრეთვე შეძენილი ოპერაციული შესაძლებლობები (ცოდნა-ჩვევები) ქცევის მომზადებისა და განხორციელების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. მოთხოვნილებებთან ერთად ისინი შიგნიდან, ინდივიდის მხრიდან განსაზღვრავენ, განეწყობა თუ არა სუბიექტი სამოქმედოდ კონკრეტულ სიტუაციაში. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, განწყობა ქცევისთვის მომზადების მდგომარეობაა, რომელშიც განსაზღვრულია რა, როგორ და რატომ უნდა გაკეთდეს. ამიტომ, იგი შეიცავს მონაცემებს მოთხოვნილების, სიტუაციისა და ოპერაციული შესაძლებლობების შესახებ. ასეთი მოდელი უფრო ადეკვატურია ქცევის მიზანშეწონილების პრობლემის გადაჭრისთვის. საბოლოო სახე მას შ. ჩხარტიშვილმა და შ. ნადირაშვილმა მისცა.

      მკვლევართა უმეტესობა აღიარებს, რომ ქცევა შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ფსიქოლოგიაში ე.წ. ინტერაქციული შეხედულება საკმაოდ არის გავრცელებული. მაგრამ ქცევის ფაქტორთა ურთიერთქმედების მოვლენას შემდგომი ანალიზი ესაჭიროება. ისმის საკითხი, თუ როგორია კავშირი შინაგან და გარეგან ფაქტორებს შორის, რამდენად ორგანული და არსებითია იგი. დაბოლოს, მიზანშეწონილი ქცევის თეორიამ უნდა განმარტოს, თუ რა ფსიქიკურ ფორმაში ხდება ქცევის ფაქტორების გაერთიანება, სად და როგორ მყარდება მათ შორის კავშირი.

      ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის ძიებაში უზნაძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქცევის თეორიების უმრავლესობა ინდივიდისა და გარემოს პრინციპული განცალკევებულობის შეხედულებიდან ამოდიან. ორგანიზმსა და გარემოს შორის უფსკრული იგულისხმება; მოთხოვნილებები, ინდივიდის ძალები და გარემოს მონაცემები თვითკმარ და აბსოლუტურად განცალკევებულ რეალობებად წარმოგვიდგება; მათი დაკავშირება ქცევაში, ანუ ინდივიდის მიერ გარემოში მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში, სრულიად შემთხვევით, ცდებისა და შეცდომების წყების შედეგად ხდება. ამ პრინციპს უზნაძემ ემპირიული კავშირების შემთხვევითობის, ან უბრალოდ, ემპირიული პოსტულატი უწოდა. მისი აზრით უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ აქტივობისა და განვითარების პროცესების შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთქმედებაზე, ან კონვერგენციაზე, როგორც ეს მაგალითად შტერნთანაა, არამედ მათ პრინციპულ და თავდაპირველ ერთიანობაზე ანუ კოინცინდენციაზე. თუ ცხოველქმედებისა და განვითარების შინაგანი და გარეგანი გარემოებანი იმთავითვე განცალკევებულნი არიან, მაშინ ვერავითარი თეორია მათ ვერ გაამთლიანებს. მეცნიერების ისტორია ცხადყოფს, რომ ამგვარ მცდელობებს ყოველთვის ხელოვნური ხასიათი ჰქონდა და უნაყოფო რჩებოდა. ამის ნაცვლად უზნაძე გვთავაზობს აქტივობის შინაგანი და გარეგანი პირობებისა და ფაქტორების პირველადი, არსებითი და გაუნაწევრებელი ერთიანობის იდეას. ესაა ქვაკუთხედი მისი შეხედულებათა სისტემისა ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებათა შესახებ.

      უზნაძეს მიაჩნია, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. ასე, მოთხოვნილება მის დამაკმაყოფილებელ საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო - სათანადო გამღიზიანებელს და ა.შ. ამიტომ, შინაგანი სისტემების ორგანიზაცია გარეგანი პირობების თავისებურებებთან მიმართებაში ხდება. აქედან გამომდინარე „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან, და პირიქით, გარეგანი იმას, რასაც შინაგანად თვლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნებათა შინაარსის ურთიერთისაგან გამოთიშვა სრულიად მოუხერხებელია, და მაშასადამე, ჩვენს წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინცინდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ შორის კავშირი არსებითია და არა შემთხვევითი.

      კოინციდენციის კონცეფცია უზნაძემ ონტოგენეტური განვითარების საკითხის გააზრებისას შეიმუშავა. თუმცა, სწორედ განწყობის თეორია ერთიანობის ამ პრინციპის ყველაზე თვალსაჩინო რეალიზაციაა. განწყობის ცნების ერთ-ერთი ძირითადი ღირსება ისაა, რომ მასში ორგანულადაა გაერთიანებული ქცევის შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, ინდივიდი და სიტუაცია. განწყობა ხომ სუბიექტის ისეთი მთლიანობითი მოდიფიკაციაა, რომელშიც მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო ძალები სიტუაციის შესაბამისადაა მომართული. განწყობა, ასე ვთქვათ, ერთ მთლიანობაში ადუღაბებს ქცევის ფაქტორებს და მათი კავშირის ფსიქიკური სუბსტრატის სახით გვევლინება.

      მიზანშეწონილების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია უზნაძესთვის და, გაშუალების პრობლემასთან ერთად, განწყობის თეორიის შექმნის ძირითადი სტიმული იყო. ქცევის მიზანშეწონილება იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი მოცემულ გარემოში სწორედ ისეთ აქტებს ახორციელებს, რომლებიც მის აქტუალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ. პრობლემა იმის ახსნას ეხება, თუ როგორაა ეს შესაძლებელი. უზნაძე საგანგებოდ აანალიზებს მისი გადაჭრის ორ კლასიკურ ვარიანტს - მექანიციზმს და ვიტალიზმს. მექანიციზმი ცოცხალ ორგანიზმს განიხილავს როგორც მანქანას, რომლის ფუნქციონირება გარედან მომდინარე ზემოქმედებითაა გაპირობებული. გარემოსა და ინდივიდის ურთიერთობისას, ისევე როგორც თვით ორგანიზმის შიგნით, ფიზიკო-ქიმიური, მექანიკური ხასიათის მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერებანი მოქმედებენ. ვიტალიზმის მიხედვით, ცოცხალი არსების ქცევის მიზანშეწონილებას სიცოცხლისთვის სპეციფიკური არამატერიალური ფაქტორი, შინაგანი ვიტალური ძალა, ე.წ. ენტელექია ან ფსიქოიდი განსაზღვრავს. უზნაძის შეფასებით ორივე პოზიცია მცდარია. პირველი იმიტომ, რომ უარყოფს ცოცხალი ორგანიზმის სპეციფიკურობას და მისი თავისებურებები მთლიანად არაორგანულ კანონზომიერებებზე დაჰყავს. მეორე მცდარია იმის გამო, რომ უფსკრულს თხრის ორგანულსა და არაორგანულს შორის, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ მოვლენებად მიიჩნევს და სიცოცხლის სპეციფიკურობას არამატერიალურ საწყისში ხედავს.

      მიზანშეწონილების პრობლემის ჭეშმარიტი მეცნიერული გადაწყვეტა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცოცხალი ორგანიზმის სპეციფიკას მექანიკურ კანონზომიერებებზე არ დავიყვანთ და, ამავე დროს, მისი ფუნქციონირების ადაპტურობის ასახსნელად მეტაფიზიკურ ძალებს არ მივმართავთ. ამისთვის კი უნდა გამოიყოს ქცევის რეალური განხორციელებისთვის საჭირო ფაქტორები და დადგინდეს მათი კოორდინირებული თანამოქმედების წესი. განწყობაში ეს ყველაფერი მოცემულია. მასში თავმოყრილია მიზანშეწონილი ქცევის შესრულებისთვის აუცილებელი და საკმარისი პირობები. განწყობა შეიცავს მონაცემებს ინდივიდის მოტივაციური და ოპერაციული სისტემების მდგომარეობისა და სიტუაციური ვითარების შესახებ. ყოველივე ამის საფუძველზე განწყობაში წინასწარ არის მომზადებული ისეთი ქცევა, რომელიც სუბიექტისთვის საჭიროცაა და შესაძლებელიც.

      განწყობა, როგორც მიზანშეწონილი ქცევის შესრულების ფსიქოლოგიური მექანიზმი, ქცევის მთელი პროცესის მუდმივ მართვა-რეგულაციას უზრუნველყოფს. ქცევა განწყობიდან გამომდინარეობს და, ამიტომ, მასში მოცემული უნდა იყოს განსახორციელებელი აქტივობის მოდელი. მოქმედების დაწყებამდე განწყობაში მოცემულია ქცევის მონახაზი, მისი ძირითადი პარამეტრები. განწყობა ქცევის ესკიზიაო, ამბობდა უზნაძე. ეს ნიშნავს, რომ განწყობისეულ პროგრამაში მოქმედების ყველა დეტალი არ არის განსაზღვრული. მათი დაზუსტება ქცევის მსვლელობაში ხორციელდება. სამსახურში მიმავალ ადამიანს წინასწარ განწყობის სახით მოცემული აქვს სამოქმედო სიტუაციური გეგმა, მაგრამ ამ უკანასკნელში ვერ იქნება ჩაწერილი მისი ყველა ნაბიჯი თუ ოპერაცია, ვინაიდან ისინი კონკრეტული საგზაო ვითარების მიხედვით იგეგმება და სრულდება. ამიტომ წინასწარ ვერ იქნება გათვალისწინებული. ინფორმაცია აქტუალური სიტუაციის შესახებ პერცეპტულად, ე.წ. სიტუაციური ხატების სახით შემოდის სუბიექტში და განწყობაში აისახება. აქედან გამომდინარე, განწყობის მუდმივი დაზუსტება და დაკონკრეტება ხდება. ერთი სიტყვით, ქცევის პროცესში სიტუაციური ვითარების განუწყვეტელი ცვალებადობის გამო, განწყობის სტრუქტურა ცვალებად ან „დინებად“ ხასიათს იძენს. ესაა განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის დედააზრი, რომლითაც შ. ჩხარტიშვილმა გარკვეულად დააზუსტა უზნაძის თვალსაზრისი ქცევის მიზანშეწონილების განწყობისეული მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ.

      საფიქრებელია, რომ განწყობის სტრუქტურის პროცესუალურ ცვალებადობას მხოლოდ სიტუაციური ფაქტორის დინამიკა არ განაპირობებს. იგივე ითქმის მოტივაციური ფაქტორის მიმართაც. ადამიანის ქცევა უმეტესწილად მოთხოვნილებათა სისტემით არის მოტივირებული. აქტივობის პროცესში ამ სისტემის სერიოზული ტრანფორმაცია ხდება. არსებითად იგივე ითქმის შესაძლებლობათა ფაქტორის მიმართაც. ყოველივე ეს პირველ რიგში აისახება განწყობის სტრუქტურაში და, შესაბამისად, ქცევის დინამიკურ თუ შინაარსეულ მახასიათებლებში. განწყობაში მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია აქტივობის შედეგების შესახებ. ამის შესაბამისად მასში იგეგმება მომდევნო მოქმედებები და ოპერაციები. ერთი სიტყვით, განწყობა, როგორც მიზანშეწონილი ქცევის მექანიზმი, უკუკავშირების პრინციპის საფუძველზე მოქმედებს. ეს განწყობის თეორიას აახლოვებს ქცევის თანამედროვე მოდელებთან, სადაც აღნიშნული პრინციპია გამოყენებული.

      რადგან განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის სხვა თეორიებთან მიმართება ვახსენეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განწყობის ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო, სციენტისტური ტიპის მოძღვრებაა და მისი მიმართება სხვა დიდი მასშტაბის ფსიქოლოგიურ სისტემებთან ამ გარემოებით განისაზღვრება. განწყობის ფსიქოლოგია მიმართულია ზოგადი კანონზომიერებათა და ძირეული მექანიზმების დადგენაზე ზუსტი და შემოწმებადი ექსპერიმენტული პროცედურების საშუალებით. განწყობის ფსიქოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქიკური აქტივობის პროგნოზირებას; განწყობიდან ქცევის წინასწარმეტყველების შესაძლებლობა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. დაბოლოს, განწყობის ფსიქოლოგია დეტერმინისტული ფსიქოლოგიაა. ინდეტერმინიზმი უზნაძისთვის მიუღებელია. იგი ხაზს უსვამს, რომ განწყობის თეორიის მიხედვით, ქცევის არც ერთი რგოლი არ არის ამოვარდნილი მიზეზობრივი ჯაჭვიდან. ამასთან, მას კარგად აქვს გაცნობიერებული მექანიკური კაუზალობის პრინციპების ფსიქოლოგიის სფეროში გადმოტანასთან დაკავშირებული სირთულეები. უზნაძე უშვებს ფსიქოლოგიის სფეროში დეტერმინაციის სპეციფიკური სახის არსებობას. სწორედ ამ მიმართულებით წარმოებული კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ განწყობა გამაშუალებელი ინსტანციაა, რომელშიც მოხსნილია სუბიექტ-ობიექტის დაპირისპირება. გარდა ამისა, განწყობაში ქცევა წინასწარაა მოდელირებული. ამიტომ „განწყობა არა მარტო როგორც ნამდვილი მიზეზი მოქმედებს ქცევაზე, არამედ ამავე დროს თითქოს მიზნის მსგავსადაც: როგორც მიზანში წინასწარაა მოცემული ის, რაც შემდგომში უნდა მოხდეს, სწორედ ასეა განწყობაშიც“. ეს მოსაზრება თანამედროვე ქცევის მეცნიერებათა თვალსაზრისით ძალიან აქტუალურად გამოიყურება.

      ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია თავისი მეთოდოლოგიური ამოცანებით, მეცნიერული იდეალებით და კვლევის პრინციპებით არსებითად განსხვავდება ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიური კონცეფციებისგან (იხ. თავი 11.1.). სამაგიეროდ, მასთან ბუნებით ნათესაურ ზოგადფსიქოლოგიურ სისტემებთან განწყობის ფსიქოლოგია საკმაოდ მჭიდრო მიმართებას ამყარებს. თვით უზნაძე, მისი დროის ფსიქოლოგიის კრიტიკული ანალიზისას, მუდამ ეძებდა (და პოულობდა კიდეც) პოზიტიურ ელემენტებს ნეობიჰევიორიზმშიც (ტოლმენი), გეშტალტფსიქოლოგიაშიც (კელერი), ველის თეორიაშიც (ლევინი) და პერსონოლოგიაშიც (შტერნი). რაც შეეხება თანამედროვე ფსიქოლოგიას, აქ შეიძლება გავავლოთ ბევრი საინტერესო პარალელი განწყობის თეორიასა და ქცევითი კოგნიტივიზმის მთელ რიგ დებულებებს შორის (იხ. თავი 12.2.).

      აღსანიშნავია, რომ უზნაძის სკოლაში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობათა შესწავლას და კრიტიკულ ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა სათანადოდ შეფასდეს განწყობის თეორიის ადგილი და როლი მთელი ფსიქოლოგიური მეცნიერების მასშტაბით. ამ ტრადიციას თვითონ უზნაძემ ჩაუყარა საფუძველი თავისი დროის ძირითადი ფსიქოლოგიური კონცეფციების ბრწყინვალე ანალიზით. მსგავსი ანალიზის ნიმუშია ა. ბოჭორიშვილის კაპიტალური ნაშრომი, რომელიც ფსიქოლოგიის საგნის განსხვავებულ გაგებებს ეძღვნება. XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები განწყობის ფსიქოლოგიის პოზიციებიდან გაანალიზებულია ი. იმედაძის მონოგრაფიაში. სერიოზული გამოკვლევები აქვთ შესრულებული ამ მიმართულებით ე. აბაშიძეს (პერსონოლოგია), ნ. ადამაშვილს (ველის თეორია), ო. ტაბიძეს (ბიჰევიორიზმი), ა. შეროზიას, ვ. კაკაბაძეს (ფსიქოანალიზი), გ. ცინცაძეს (კ. მარბე), ფ. ხარაზიშვილი (გეშტალტფსიქოლოგია).

      რადგან უზნაძის სკოლაში ჩატარებულ კვლევაზე დავიწყეთ საუბარი, უნდა ითქვას, რომ განწყობის ზოგადფსიქოლოგიურმა თეორიამ ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა. თვით უზნაძეს მუდამ შეჰქონდა ცვლილებები და დაზუსტებები თავის სისტემაში. სხადასხვა დროს იგი არაერთი ახალი დებულებითა და მონაცემით შეავსო. ეს ტენდენცია შემდგომშიც შენარჩუნდა. განწყობის ფსიქოლოგიის მრავალი ასპექტი ღრმად იქნა დამუშავებული და განვითარებული მის მიერ დაფუძნებული სკოლის სხვადასხვა თაობის მკვლევართა მიერ. განწყობის მოქმედების ზოგად კანონზომიერებათა დადგენაში დიდი წვლილი შეიტანეს უზნაძის თანამშრომლებმა (ე. აბაშიძე, ნ. ადამაშვილი, ბ. ხაჭაპურიძე, გ. ხმალაძე, ზ. ხოჯავა და სხვა). შემდგომში ქართველმა მეცნიერებმა შეიმუშავეს განწყობის კვლევის სხვა ხერხები და მეთოდები (ი. ბჟალავა, ვ. გრიგოლავა, ზ. ვახანია, ნ. ელიავა, ა. კინწურაშვილი, რ. ნათაძე, შ. ნადირაშვილი თ. ნონიაშვილი, მ. ჩიტაშვილი, შ. ჩხარტიშვილი, ჯ. ყვავილაშვილი და სხვა), რამაც კიდევ უფრო მრავალმხრივი გახადა ჩვენი ცოდნა განწყობის მოქმედების ემპირიულ კანონზომიერებათა შესახებ. პარალელურად იბეჭდება განმაზოგადებელი ხასიათის თეორიულმეთოდოლოგიური გამოკვლევები, რომლებშიც გაანალიზებულია განწყობის ფსიქოლოგიის ძირითადი და განსაკუთრებით აქტუალური საკითხები (ნ. ბერულავა, ი. ბჟალავა, ზ. ვახანია, ი. იმედაძე, შ. ნადირაშვილი, ვ. ნორაკიძე, დ. რამიშვილი, რ. საყვარელიძე, ა. ფრანგიშვილი, ბ. ქოჩორაძე, ზ. ხოჯავა, შ. ჩხარტიშვილი და სხვა);

      საქართველოში ზოგადი ფსიქოლოგიის მრავალი საკითხია შესწავლილი განწყობის თეორიის პოზიციიდან. გამოკვლეულია შეგრძნების, აღქმისა და წარმოსახვის პროცესები (ი. ბჟალავა, ჯ. კუპრაშვილი, ი. კუტალაძე, ვ. მანჯგალაძე, შ. ნადირაშვილი, რ. ნათაძე, მ. რაგოვსკაია, ო. ტაბიძე, გ. ქირია, ზ. ხოჯავა, გ. ხოსროშვილი და სხვა); მეხსიერება (დ. ფარჯანაძე, ა. ფრანგიშვილი, ლ. ყვავილაშვილი, მ. წერეთელი და სხვა); ყურადღება (გ. ბაქრაძე, ა. მოსიავა, ჟ. ნეფარიძე და სხვა); აზროვნება (თ. გოგიჩაიშვილი, გ. დარახველიძე, ზ. ვახანია, ნ. ელიავა, ნ. კენჭაძე, შ. ნადირაშვილი, რ. ნათაძე, დ. რამიშვილი, მ. ყოლბაია, დ. ძიძიგური და სხვა); ენა და მეტყველება (ა. ალხაზიშვილი, ა. ავალიშვილი, ა. ბაინდურაშვილი, ზ. გაბაშვილი, თ. ზარიძე, ნ. იმედაძე, გ. მჭედლიშვილი, დ. რამიშვილი, რ. საყვარელიძე, ქ. ჩიგოგიძე, ნ. ჭრელაშვილი, დ. ჯვარიშეიშვილი და სხვა); ემოციები (თ. აბაშიძე, დ. ბერეკაშვილი, ნ. იმედაძე, მ. კაკიაშვილი, რ. მირცხულავა, დ. რამიშვილი, ლ. თოფურიძე და სხვა); ჩვევა (ა. გრიგოლავა, ო. ტაბიძე, ზ. ხოჯავა და სხვა). ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ქცევის ფსიქოლოგიის პრობლემატიკა, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან განწყობის თეორია პირველი რიგში ცნობილია, როგორც ქცევის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია. უზნაძეს გამოთქმული აქვს მრავალი საყურადღებო მოსაზრება ქცევის აღწერით და ახსნით მახასიათებლებთან დაკავშირებით. იგი მსჯელობდა ნებელობასა და მის მოტივაციაზეც. ყოველივე ამან დასაბამი მისცა ფართო დიაპაზონის კვლევებს ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიაში (ა. ალხაზიშვილი, ნ. ბარამიძე, დ. გოგუაძე, ი. იმედაძე, ვ. კაკაბაძე, დ. კიკნაძე, ვ. ნადარეიშვილი, შ. ნადირაშვილი, გ. ნიჟარაძე, ნ. როგავა, ნ. სარჯველაძე, რ. ქვარცხავა, დ. ჩარკვიანი, შ. ჩხარტიშვილი და სხვა).

      როგორც უკვე აღინიშნა, განწყობის თეორია სამედიცინო ფსიქოლოგიის სფეროშიც გავრცელდა. ამ მიმართულებით კვლევას თავად სკოლის ფუძემდებელმა ჩაუყარა საფუძველი, ხოლო შემდგომში ხელმძღვანელობდნენ ი. ბჟალავა და მ. საყვარელიძე. მეცნიერთა რამდენიმე თაობის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პათოფსიქოლოგიის განყოფილებაში მნიშვნელოვანი მონაცემები იქნა მიღებული ფსიქიკური გადახრების განწყობისეული გააზრების თვალსაზრისით (მ. ბარკალაია, თ. ბჟალავა, ე. ვაჩნაძე, ნ. ელიავა, ქ. მაყაშვილი, ქ. მდივანი, კ. ცინცაძე, ზ. ჯაფარიძე და სხვა). შემდგომში ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. იგი გასცდა ფსიქოპათოლოგიის სფეროს და ფსიქოსომატური დაავადებებიც მოიცვა (ა. გრიგოლავა, გ. მერაბიშვილი და სხვა). აქვე უნდა აღინიშნოს ნეიროფსიქოლოგიური კვლევა, რომელშიც ომის დროს ბევრი ქართველი ფსიქოლოგი იყო ჩართული და რომელიც შემდგომშიც გაგრძელდა (მ. ბუაჩიძე, თ. გაგოშიძე, რ. მხეიძე და სხვა).

      60-იანი წლებიდან თანდათან იკიდებს ფეხს სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევები. თუმცა, ამ მიმართულებით პირველი ნაშრომი ჩვენში ა. ფრანგიშვილის მიერ შესრულდა ჯერ კიდევ 1943 წელს. იგი მიეძღვნა პანიკის ფსიქოლოგიას. მანამდე კვლევის ეს სფერო სახელმწიფო დონეზე იყო აკრძალული. იგი შეუთავსებადი იყო საბჭოთა იდეოლოგიასთან, რომელიც სოციალურ პროცესებს მხოლოდ პოლიტეკონომიური კუთხით განიხილავდა. დაიწყო უცხოური სოციალური ფსიქოლოგიის თეორიული და ემპირიული მონაცემების ათვისებისა და განწყობის თეორიასთან ასიმილაციის პროცესი. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შ. ნადირაშვილის მეცნიერული და პედაგოგიური საქმიანობა. უაღრესად მნიშვნელოვან თეორიულ საკითხად იქცა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული სოციალური განწყობის - ატიტუდის ცნების გააზრება უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის თვალსაზრისით. სათანადო კვლევის შედეგად სოციალური განწყობის ცნება ამ თეორიის ბაზაზე დამუშავდა. იგი გასაგებს ხდის ადამიანის ფსიქიკური აქტივობის იმ მექანიზმს, რომლითაც პიროვნების ქმედებაში შემოდის საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ღირებულებები. სოციალური განწყობა გამოხატავს ადამიანის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფასეულობის, საქმიანობის, ნორმების, იდეოლოგიის, წეს-ჩვეულებებისა და სხვათა მიმართ. ამიტომ გასაგებია, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური განწყობების ფორმირების, მოქმედებისა და შეცვლის კანონზომიერებათა გარკვევას. ამ მხრივ ჩვენში სერიოზული მუშაობა ჩატარდა (შ. აბზიანიძე, ლ. არუთინოვა, მ. ბალიაშვილი, ნ. ბელქანია, ნ. ბურდული, რ. მშვიდობაძე, შ. ნადირაშვილი, დ. ნადირაშვილი, ლ. სურმანიძე, რ. ქვარცხავა, ა. ქიტიაშვილი, გ. ყიფიანი, დ. ჩარკვიანი, ე. ჩომახიძე, ლ. ჩხიკვიშვილი, თ. ჩხეიძე, ნ. ცხვედაძე, ნ. ჭავჭავაძე, ვ. ჭელიძე, მ. ხარშილაძე, რ. ჯორბენაძე, და სხვა). სოციალური განწყობების კვლევამ საგრძნობლად გაამდიდრა ჩვენი ცოდნა განწყობის ფუნდამენტური მექანიზმების შესახებ. ამასთანავე, შეისწავლებოდა და ახლაც შეისწავლება კონკრეტული სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენები: სოციალური მოლოდინები, კონფლიქტები, კონფორმიზმი, შეჯიბრი, თანამშრომლობა, მიზიდულობა და ა.შ. (მ. გომელაური, მ. კეკელია, გ. მაღრაძე, ნ. სუმბაძე, გ. ჩაგანავა და სხვა).

      საქართველოში მეცნიერულ-ფსიქოლოგიური კვლევის დასაბამიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვის, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხებს. განწყობის თეორიის შექმნის პარალელურად, უზნაძე აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით. ოციან წლებში მან შეასრულა რამდენიმე ექსპერიმენტული გამოკვლევა, რომლებშიც შესწავლილი იყო ბავშვის ინტერესი სასწავლო საგნებისადმი, ასევე განზოგადებისა და ცნებაში არსებითის წვდომის ონტოგენეზთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული მონაცემები გერმანულ ჟურნალებში გამოქვეყნდა და სპეციალისტების დიდი ყურადღება დაიმსახურა (ლ. ვიგოტსკი, ა. ლაჩინსი, ს. რუბინშტეინი, ვ. შტერნი და სხვა). ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სფეროში უზნაძე სიცოხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა თავის თანამშრომლებთან ერთად (ნ. ადამაშვილი, ე. კეჟერაძე, ბ. ხაჭაპურიძე, ფ. ხუნდაძე და სხვა). 1936 წელს გამოვიდა მისი „პედოლოგია“, ხოლო 1947 წელს - „ბავშვის ფსიქოლოგია“. ამ კაპიტალურ ნაშრომებში მდიდარ ემპირიულ მასალასთან ერთად მოცემულია ახალი ცნებები და ორიგინალური შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განვითარების მამოძრავებელი ძალები (კოინციდენციის თეორია), ასაკობრივი პერიოდიზაცია (ასაკობრივი გარემოს ცნება), თამაშისა და სწავლის თეორია (ფუნქციონალური ტენდენციის ცნება). გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უზნაძემ სერიოზულად გაამდიდრა განვითარების ფსიქოლოგიის თეორიული ბაზა (იხ. თავი 7.3.).

      უზნაძის კვლევას ამ სფეროში ყოველთვის პრაქტიკული მიმართულებაც ჰქონდა. იგი მუდამ ზრუნავდა იმაზე, რომ დახმარებოდა სკოლას სწავლააღზრდის პროცესის ოპტიმიზაციის საქმეში. მაგალითად, როდესაც ორმოციანი წლების მეორე ნახევარში, დაისვა საკითხი სასკოლო ასაკის შემცირების თაობაზე, უზნაძემ მაშინვე დაიწყო სასკოლო ასაკის განსაზღვრისა და სკოლისათვის მზაობის საკითხების დამუშავება. მოგვიანებით, 70-იან წლებში, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილებაში შ. ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ინტენსიური კვლევა სკოლაში შემსვლელი ბავშვების სასკოლო სწავლებისადმი მზაობასთან და მათ სწავლებასთან დაკავშირებით (ნ. დევიძე, მ. ზარანდია, ი. კეჭაყმაძე, მ. მაღრაძე, თ. მუსერიძე, ი. იმედაძე და სხვა). ამან სტიმული მისცა მრავალმხრივ და კომპლექსურ მუშაობას დაწყებითი სკოლის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. ამ კვლევას ახორციელებდნენ ი. კოტეტიშვილი და მისი თანამშრომლები (დ. კახიანი, თ. კერძაია, მ. მელიქიშვილი, დ. მირიანაშვილი, მ. ჯაფარიძე და სხვა). მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუშაობა აღზრდისა და სწავლების პროცესის ოპტიმიზაციის მიმართულებით (ზ. გაბაშვილი, ზ. ვახანია, ა. მოსიავა და სხვა).

      საკმაოდ ბევრი გამოკვლევა შესრულდა საინჟინრო და შრომის ფსიქოლოგიაში. დიდ ინტერესს იწვევს ნაშრომები, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანის სენსომოტორული, ინფორმაციული, კონსტრუქციულ-ტექნიკური და სხვა უნარებისა და შესაძლებლობების დადგენას, მათი ფსიქოლოგიური მექანიზმების გარკვევას (ო. ბერეკაშვილი, ზ. ბიგვავა, გ. გოროშიძე, ტ. იოსებაძე, გ. კეჩხუაშვილი, გ. მერაბიშვილი, ი. ფილიპაშვილი, გ. ქირია და სხვა). ამჟამად უფრო პოპულარული ხდება ორგანიზაციის ფსიქოლოგიის პრობლემატიკა (ე. კერესელიძე, ი. კუტალაძე, დ. ჩარკვიანი და სხვა).

      საინტერესო შედეგებია მიღებული შედარებითი ფსიქოლოგიის (ნ. ადამაშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. რამიშვილი, ნ. ჭრელაშვილი და სხვა) სპორტის ფსიქოლოგიის (ა. გრიგოლავა, გ. დვალი, ვ. ნორაკიძე, გ. სამსონაძე და სხვა), შემოქმედების ფსიქოლოგიის (თ. გოგოტიშვილი, დ. დოლიძე, რ. მირცხულავა, ვ. ნორაკიძე, გ. კეჩხუაშვილი) სფეროში.

      განწყობის ფსიქოლოგიის განვითარების პროცესი დღესაც მიმდინარეობს, თუმცა ოთხმოცდაათიანი წლებიდან იგი მკვეთრად შენელდა. ეს სრულიად გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური (როგორც მეცნიერების მეთოდოლოგიაში ამბობენ, ექსტერნალური) ფაქტორებით იყო გაპირობებული. განწყობის თეორიას უთუოდ აქვს ზრდის საკმაოდ მაღალი პოტენციალი, მაგრამ მისი რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გათვალისწინებული და ურთიერთშესაბამისობაში მოყვანილი იქნება მოცემული თეორიის შინაგანი ლოგიკა და თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოვლენილი ტენდენციები. მათ შორის შეიძლება გამოიყოს თეორიული შეხედულებათა საერთო ჰუმანიზაცია-ანთროპომორფიზაცია, გამოყენებითობის პრიმატი და დისციპლინათშორისი კავშირების გაღრმავება.

      უდავოდ აქტუალურია განწყობის ფსიქოლოგიის საზოგადოებრივ პრაქტიკასთან დაახლოების ამოცანა, რადგან დღეს, ფსიქოლოგიური თეორიის შეფასებისას, ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად მისი გამოყენებითი ღირებულებაა მიჩნეული. კონცეფცია რეალურ საფუძველს უნდა ქმნიდეს ნაყოფიერი ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული (კერძოდ, ფსიქოთერაპიული) მუშაობისთვის. თუ პირველ სფეროში განწყობის ფსიქოლოგიას სრულიად გარკვეული მონაცემები მოეპოვება (თუმცა აქაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი), მეორე სფერო ფაქტობრივად დაუმუშავებელია და განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ამ ვითარებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. პოლიტიკურ-იდეოლოგიური გარემო, რომელშიც მოცემული ფსიქოლოგიური სისტემა ყალიბდებოდა, საერთოდ არ იყო ფსიქოთერაპიის განვითარების ხელშემწყობი. საბჭოთა სახელმწიფოში პერიოდულად მიმდინარე იდეოლოგიურ კომპანიებს შეეწირა გამოყენებითი ფსიქოლოგიის ისეთი დარგები, როგორიცაა ფსიქოტექნიკა და პედოლოგია (ორივეში უზნაძემ სერიოზული ნაშრომების შესრულება მოასწრო). ფსიქოთერაპია იმ გარემოში, სადაც უზნაძის სკოლა ფუნქციონირებდა, თითქმის ყოველთვის ფროიდთან იყო ასოცირებული. ე.წ. „საბჭოთა ფროიდიზმთან“ დაკავშირებული კამპანიის შემდეგ იგი ყველაზე მტრულ იდეოლოგიურ საფრთხობელად იქნა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ეს ინერცია საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე გაგრძელდა. ამიტომ ფსიქოთერაპია ფაქტობრივად არ ვითარდებოდა. ამჟამად ნათლად ჩანს ფსიქოთერაპიის ისეთი კონცეფციისა და ტექნიკის შექმნის საჭიროება, რომელიც, არსებითად, განწყობის ფსიქოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ამ თეორიაში უთუოდ არსებობს ამის პოტენციალი, თუმცა ამოცანა საკმარისად რთულია. რაც შეეხება დისციპლინათშორის კავშირებს, აქ, პირველ რიგში, მომიჯნავე ბიოლოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა მონაცემთა გათვალისწინება იგულისხმება. სოციალურ დისციპლინებთან კონტაქტი სახეზეა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ფარგლებში წარმატებით ვითარდება სოციალურ-ფსიქოლოგიური შეხედულებების მთელი სისტემა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სამუშაო, რომელიც წარმოებს ე.წ. სოციალურ განწყობათა ბუნების თეორიული გააზრებისა და ემპირიული შესწავლის მიმართულებით.

      ამავე დროს საჭიროა, კიდევ უფრო გაძლიერდეს კავშირი ბიოლოგიურ დისციპლინებთან, რასაც ხელს შეუწყობს განწყობის ფსიქოფიზიოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქოგენეტიკური მიმართულებით კვლევა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მეცნიერებაში ენიჭება ფსიქიკისა და პიროვნების გენეტიკური ასპექტების კვლევას. განწყობის ეს მხარე თითქმის შეუსწავლელია, რაც, ასევე, მეცნიერების განვითარების ექსტერნალური ფაქტორებითაა პირობადებული; იგულისხმება სოციალისტურ ქვეყანაში გამეფებული რადიკალური სოციოცენტრისტული დოქტრინა და გენეტიკასთან ბრძოლის კამპანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უზნაძეს თავიდანვე ძალზე შეწონასწორებული პიზიცია ეკავა თანდაყოლილობა-შეძენილობის დიქოტომიასთან დაკავშირებით. ამას ნათლად ადასტურებს მისი ზემოთ მოყვანილი კოინცინდენციის კონცეფცია, რომელმაც, აღნიშნული მიზეზების გამო, განვითარება ვერ ჰპოვა. შესაბამისად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არ ჩატარებულა სერიოზული კვლევა-ძიება განწყობაში მემკვიდრული ელემენტის გამოსავლენად, რომელიც უთუოდ უნდა არსებობდეს თუნდაც იმიტომ, რომ განწყობის ტიპი სანდოდ კორელირებს ტემპერამენტის ტიპთან და პიროვნულ ნიშნებთან; მათი ძლიერი გენეტიკური გაპირობებულობა კი თანამედროვე მეცნიერებაში დადასტურებულად ითვლება.

      სხვადასხვა სახის შეფასება განწყობის ფსიქოლოგიას არ დაკლებია. დასავლეთში იგი არსებითად განიხილებოდა ე.წ. „საბჭოთა ფსიქოლოგიის“ ნაწილად. ეს, შესაძლოა, ფორმალურად მართებულიც იყო, მაგრამ განწყობის თეორია მაინც ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა ფსიქოლოგიის სხვა კონცეფციებისაგან მთელი რიგი ნიშნებით; პირველ ყოვლისა იმით, რომ ის პრაქტიკულად არ იყო იდეოლოგიზირებული. ეს გარემოება, სხვათა შორის, შედარებით ობიექტურ დასავლელ ექსპერტებსაც არ გამოჰპარვიათ. (მაგ., ჯ. მაკ-ლიში). ყველა წამყვანი საბჭოთა თეორეტიკოსი თავისი შეხედულებათა სისტემის აგების საჭიროებას მარქსისტული ფსიქოლოგიის შექმნის აუცილებლობით ასაბუთებდა (ლ. ვიგოტსკი, ა. ლეონტიევი, ს. რუბინშტეინი და სხვა). უზნაძეს არასდროს დაუსვამს ასეთი ამოცანა და არც ოფიციოზის საამებლად მოუხდენია ამგვარი განზრახვის დეკლარირება. როგორც ზემოთაც აღინიშნა, განწყობის თეორიის შექმნის მოტივაცია დაკავშირებულია მეცნიერების ფუნდამენტურ პრობლემებთან, ისეთებთან, როგორიცაა ფსიქოფიზიკური პრობლემა, სუბიექტის პრობლემა, ქცევის მიზანშეწონილების პრობლემა და ფსიქიკის განვითარების პრობლემა. ბუნებრივია, რომ იმ სახელმწიფოში, რომელშიც განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია ჩამოყალიბდა, მისი იდეოლოგიური კორექტულობის საკითხი თითქმის მუდმივად იდგა დღის წესრიგში. იგი მრავალჯერ გამხდარა განხილვის, შეფასებისა და უაღრესად მწვავე დისკუსიების საგანი. სამწუხაროდ, ეს დისკუსიები ხშირად სცილდებოდნენ მეცნიერების ჩარჩოებს და ოდეოლოგიური კამპანიის ხასიათს ღებულობდნენ. ქართული ფსიქოლოგიური სკოლის რამდენიმე თაობამ ღირსეულად წარმოაჩინა თავი ამ დისკუსიებში. განსაკუთრებულ მოხსენიებას იმსახურებენ უზნაძის სკოლის პირველი თაობის შესანიშნავი მკვლევარები: ერეკლე აბაშიძე (1902-1956), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), იოსებ (სოსო) ბჟალავა (1904-1972), ნინო ელიავა (1900-1973), რევაზ ნათაძე (1904-1984), ვლადიმერ (მიტო) ნორაკიძე (1905-1993), დარეჯან რამიშვილი (1907-1991), ალექსანდრე (ვასო) ფრანგიშვილი (1904-1989), ბარნაბ ხაჭაპურიძე (1905-1974), ზოსიმე ხოჯავა (1903-1990), შალვა ჩხარტიშვილი (19101978) და სხვა.

      პირველი საჯარო პაექრობა სახელწოდებით „ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხი“, შედგა თბილისში, 1952 წლის გაზაფხულზე, როდესაც უზნაძის გარდაცვალებიდან ორი წელიც არ იყო გასული. იგი ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ და ერთგვარ გამოხმაურებას წარმოადგენდა უზნაძის თეორიის წინააღმდეგ მიმართულ იმ წერილებზე, რომლებიც ეკუთვნოდა ფიზიოლოგ დ. გედევანიშვილსა და ფილოსოფოს ა. ქუთელიას. უზნაძის სკოლის წარმომადგენლებმა დამაჯერებლად დაიცვეს განწყობის თეორიის მეცნიერული ღირსება აშკარად იდეოლოგიური ხასიათის მქონე კრიტიკისაგან. ამ სახის კრიტიკა ყველაზე სახიფათოა, ვინაიდან თავისი არსით დოგმატურია და პოლიტიზირებული. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა სავალალო, ხშირად ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ ბრალდებებს იმდროინდელ საბჭოთა იმპერიაში. ამ დისკუსიას გამოეხმაურა ოფიციოზი და თბილისში ჩამოვიდა სპეციალური კომისია მოსკოვიდან, რომელსაც ცენტრში უნდა წარედგინა დასკვნა უზნაძის ფსიქოლოგიური სკოლის მეცნიერული და პოლიტიკური სახის შესახებ.

      სულ მალე ქართული ფსიქოლოგია რეალური საფრთხის წინაშე დადგა. 1955 წლის ივლისში მოსკოვში ჩატარდა თათბირი განწყობის თეორიის გარშემო, რომელშიც მონაწილეობდა იმდროინდელი საბჭოთა ფსიქოლოგიის ყველა წამყვანი ფიგურა. მოხსენებებში, ერთი შეხედვით, მეცნიერული საკითხები განიხილებოდა, მაგრამ ბევრ გამოსვლაში, ღიად ან ქვეტექსტის სახით, ეჭვის ქვეშ დგებოდა უზნაძის თეორიის იდეოლოგიური კორექტულობა. ეს კიდევ უფრო ცხადად გამოვლინდა იმ დისკუსიაში, რომელიც რამდენიმე წელს გრძელდებოდა ცენტრალური ფსიქოლოგიური ჟურნალის ფურცლებზე.

      აქ არ შევუდგებით იმის განხილვას, თუ როგორ მიმდინარეობდა პოლემიკა განწყობის თეორიის იდეალისტურობასა და პავლოვის სწავლებასთან შესაბამისობის თაობაზე. შედარებით სერიოზულად გამოიყურებოდა შენიშვნა განწყობის ფსიქიკურობასთან დაკავშირებით. იმ დროის მოსკოვური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელი ასე სვამდა საკითხს: თუ განწყობა არ არის ცნობიერი ფაქტი, იგი არც ფსიქიკური ფაქტია. განწყობის ფაქტები ამომწურავად შეიძლება ავხსნათ ფიზიოლოგიურად; ამიტომ, ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრალურ ცნებად განწყობა ვერ გამოდგება (ბ. ტეპლოვი). უზნაძის მიმდევრებს იმის ახსნა მოუხდათ, რომ ცხოველებს, მაგალითად, არა აქვთ ცნობიერება, მაგრამ აქვთ ფსიქიკა - სწორედ ფსიქიკა და არა მხოლოდ ფიზიოლოგია. გარდა ამისა, ფსიქოლოგია შეისწავლის ე.წ. დისპოზიციებს (ტემპერამენტი, ხასიათი, უნარები), რომლებიც არ არიან ცნობიერების ფაქტები, მაგრამ პიროვნების ფსიქიკურ თვისებებად ითვლებიან. ამდენად, ფსიქიკა არ ამოიწურება ცნობიერებით, ხოლო ის, რაც ცნობიერი არ არის, არ უნდა იქნეს დაყვანილი ფიზიოლოგიაზე.

      იქვე გამოითქვა მოსაზრება განწყობის ცნების უნივერსალიზაციის დაუშვებლობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ფსიქოლოგიაში, როგორც ყველა მეცნიერებაში, არსებობს ცნებათა იერარქია თავისი ზოგადობისა და ფუნდამენტურობის შესაბამისად. ქცევისა და ფსიქიკის ძირეული მექანიზმები, რომელთაც ასე თუ ისე ყველა ზოგადფსიქოლოგიური თეორია მოიაზრებს, ყოველთვის და აუცილებლად ზოგადი ხასიათისაა. მეთოდოლოგიაში ცნობილია სისტემური ცნებები - განწყობა სწორედ ასეთი ცნებაა.

      გაცილებით არსებითი ხასიათი ჰქონდა კამათს განწყობისა და ქცევის (ქმედების) პირველადობის საკითხის გარშემო. იგი მრავალი წელი მიმდინარეობდა და ნაყოფიერიც გამოდგა, თუნდაც მხარეთა პოზიციების დაზუსტებისა და გაღრმავების თვალსაზრისით. უზნაძის მომხრეები ყოველთვის ამოდიოდნენ იმ მოსაზრებიდან, რომ განწყობა ქცევის მიზანშეწონილების მექანიზმია და, როგორც ასეთი, უნდა აპირობებდეს მას. ოპონენტების აზრი ორად გაიყო. ა. ლეონტიევი და მისი სკოლა კატეგორიულად უარყოფდა თეზისს განწყობის პირველადობის შესახებ. სამოცდაათიან წლებში ა. ასმოლოვი შეეცადა მოენახა განწყობის ცნების ადგილი ლეონტიევის ქმედების თეორიაში. განწყობა განიხილება, როგორც ქმედებიდან ნაწარმოები, მეორადი მოვლენა, რომელსაც ქმედების და მისი სტრუქტურული ელემენტების (მოქმედებები და ოპერაციები) სტაბილიზაციის ფუნქცია ეკისრება. ასე ჩნდება მის მოდელში ე.წ. საზრისული, მიზნობრივი და ოპერაციული განწყობები. ამ შეხედულებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განწყობას მხოლოდ ქმედების სტაბილიზაციის ფუნქციას მივაწერთ. მაგრამ, თუ განწყობაში იმ მნიშვნებლობას ჩავდებთ, რომელიც უზნაძის თეორიაშია, მაშინ იგი უთუოდ ქმედების წინ წარმოიქმნება და მისი სტრუქტურის ყველა ნაწილის მოწესრიგებულ და მიზანშეწონილ განხორციელებას განაპირობებს. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, განწყობა ქცევის მიმართ პირველადი მოვლენაა.

      შემდგომი თვალსაზრისი განწყობა-ქმედების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით პირველად ს. რუბინშტეინმა ჩამოყალიბა 1955 წლის დისკუსიაზე. მოგვიანებით ფაქტობრივად იგივე პოზიცია დაიკავეს ა. ზაპოროჟეცმა და ვ. ზინჩენკომ. ამ შეხედულების თანახმად, განწყობა ფუნქციონალურად პირველადია ქმედების მიმართ, ხოლო გენეტიკურად - მეორადი. აღნიშნული მოსაზრება არსებითად რუბინშტეინის ცნობილ პრინციპს ეფუძნება - გარეგანის მოქმედება შინაგანით არის გაშუალებული. რუბინშტეინისთვის განწყობა ასეთი „შინაგანია“ და, ამდენად, ფუნქციონირების თვალსაზრისით (ე.ი. აქტუალგენეზში) პირველადია. ეს პოზიცია განწყობის ფსიქოლოგიისთვის პრინციპში მისაღებია, ოღონდ საჭიროა სიცხადის შეტანა თეზისში ქმედების მიმართ განწყობის გენეტიკური მეორადობის შესახებ. იგი სავსებით სამართლიანია განწყობის ფაქტორებთან დაკავშირებით. მართლაც, ადამიანის გარემო (სიტუაცია) და მოთხოვნილებები (განსაკუთრებით ე.წ. „მაღალი“) კულტუროლოგიური წარმოშობისაა და, შესაბამისად, ისინი ადამიანის ქცევის შედეგს წარმოადგენენ. ასეთი გაგებით განწყობა, გენეტიკურად, ქმედების მიმართ მეორად მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს (იგულისხმება ანტროპოგენეზი, სოციოგენეზი და ონტოგენეზი). მაგრამ ფილოგენეტურად, თუ განწყობა სიცოცხლის პრინციპია, ქცევის ძირეული მექანიზმია, იგი ცალსახად მეორადი მოვლენა ვერ იქნება. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ჯერ გაჩნდეს ფსიქოფიზიკური მოვლენა, პროცესი (ქცევა) და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნას მისი განხორციელების მექანიზმი. განწყობა ქცევის (ქმედების) არსებითი მხარეა. ყველაზე პრიმიტიული ქცევაც იმთავითვე გულისხმობს განწყობისეულ მექანიზმს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ განწყობისა და ქცევის ურთიერთმიმართების საკითხის გააზრება ფილოგენეტური განვითარების კუთხით კვერცხისა და ქათმის დილემის სახეს იღებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს პირველად განწყობას ეხება. რაც შეეხება ფიქსირებულ განწყობას, იგი, ფართო მნიშვნელობით, გამეორების, სწავლის, ე.ი. გარკვეული აქტივობის შედეგია და, ამდენად, პრინციპულად მეორადია.

      დასავლეთში ყოველთვის იჩენდნენ გარკვეულ ინტერესს უზნაძის სკოლის მიმართ. ამ მხრივ სამი ტენდენცია იკვეთება: ერთ შემთხვევაში უზნაძის განწყობის თეორია განიხილება პიროვნების ფსიქოლოგიის სიბრტყეში. ცდილობენ, რომ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში წარმოდგენილი პიროვნების განწყობისეული ტიპოლოგია მიმართებაში მოიყვანონ პიროვნების ტიპოლოგიის სხვა მოდელებთან. მაგალითად, მიუთითებენ, რომ არსებობს სრულიად გარკვეული შესაბამისობა აიზენკის მიერ გამოყოფილ ფაქტორებსა და განწყობის ტიპებს შორის (ჯ. ჰრიცუკი, რ. ჰერცოგი და სხვა). მეორე შემთხვევაში უზნაძის და მისი მიმდევრების მიერ მეცნიერებაში შეტანილი წვლილი კოგნიტური ფსიქოლოგიის კუთხით არის შეფასებული. აქ მთავარი ყურადღება ექცევა განწყობის ფსიქოლოგიის ემპირიულ მხარეს: განწყობის ფიქსაციის თუ ჩაქრობის, ილუზიის სიდიდისა თუ ტრანსპოზიციის მიმართებებს კოგნიტური განვითარებისა და ფუნქციონირების ამა თუ იმ ასპექტთან (ბ. ბეინი, ჯ. კუმინსი, ვ. მათეუსი, ჟ. პიაჟე და სხვა). ამასთან, უზნაძის ეფექტების ინტერპრეტაციისას უფრო ხშირად ეყრდნობიან არა თვით მის თეორიას, არამედ სხვა, უპირატესად კოგნიტივისტურ შეხედულებებს. პიაჟე, მაგალითად, მათ განიხილავს ინტელექტის განვითარების საკუთარი კონცეფციის თვალსაზრისით, კერძოდ, სენსო-მოტორული ინტელექტის თვისებებთან მიმართებაში. ინტერპრეტაციისთვის გამოიყენება აგრეთვე ლურიას ცენტრალური სინთეზის კონცეფცია, ვერნერ-ვაპნერის ორგანიზმულგენეტიკური თეორია, უიტკინის ველზე დამოკიდებულების თეორია და სხვა კოგნიტივისტური მოდელები. არსებობს სხვაგვარი მიდგომაც. ასე მაგალითად, კანადელი ფსიქოლოგი რ. ჰერცოგი თავის კვლევით პროგრამას არსებითად უზნაძის განწყობის თეორიაზე აფუძნებს. იგივე ითქმის იაპონელ მეცნიერზე ი. კავაგუჩიზე.

      ქართველმა მკვლევარებმა ნათლად აჩვენეს აღნიშნული ემპირიული ფაქტების განწყობისეული ახსნის უპირატესობა სხვა სახის ინტერპრეტაციებთან შედარებით. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ დასახელებულ მოდელებში ავტორებს ისეთი ცნებები შემოაქვთ, რომლებიც თავისი შინაარსით საკმაოდ უახლოვდებიან უზნაძის განწყობის ცნებას.

      გვერდს ვერ ავუქცევთ იმას, რომ ზოგჯერ განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია აბსოლუტურად არაადეკვატურად არის გაგებული. სახელდობრ, ერთ-ერთ რეცენზიაში, რომელიც ინგლისურად უზნაძის წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაიწერა, ფიქსირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული კვლევა-ძიება აღქმის შესწავლად ჩაითვალა, ხოლო ამ მონაცემების განზოგადება ქარაქტეროლოგიის, პათოლოგიის და, საზოგადოდ, ქცევის სფეროში, არაკორექტულად იქნა მიჩნეული. ამრიგად, უზნაძის განწყობის თეორიამ აღქმის თეორიის კვალიფიკაცია მიიღო (რ. ლუნი). ეს, ცხადია, სრული გაუგებრობაა, თუმცა, კოგნიტივისტური მიდგომის ფარგლებში გვხვდება სავსებით კომპეტენტური შეფასებებიც. მაგალითად, ცნობილი გარმანელი სპეციალისტი ვ. მათეუსი განწყობის თეორიაზე აზროვნების ფსიქოლოგიის კონტექსტში მსჯელობს, მაგრამ კარგად აცნობიერებს ამ კონცეფციის ზოგადფსიქოლოგიურ მასშტაბს. იგი განწყობას მოტივაციურკოგნიტურ კონსტუქტს უწოდებს, რომელიც განაპირობებს ქცევის რეგულაციის ორ დონეს (იმპულსურს და ნებელობითს). გარკვეული აზრით, განწყობა მართლაც შეიძლება წარმოვიდგინოთ მოტივაციურ-კოგნიტურ წარმონაქმნად; მასში ხომ გაერთიანებულია მოთხოვნილება, სიტუაცია და შესაძლებლობები, ანუ აქტივობის დინამიკური, შემეცნებითი და გამოცდილებისეული მომენტები. აქ ნათლად იკვეთება გარკვეული პარალელები განწყობის თეორიას და ქცევის (მოტივაციის) კოგნიტივისტურ მოდელებს შორის, მაგალითად, დეცის, იზარდის, ნიუტენის, ჰეკჰაუზენის და სხვა. ამავე დროს მათეუსი განწყობის თეორიას შემეცნებითი პროცესების ამხსნელ მოდელადაც განიხილავს; იგი უპირისპირებს მას თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის კომპიუტერულ მიდგომას და უჩვენებს უზნაძის შეხედულების უპირატესობას ამ უკანასკნელთან შედარებით. საინტერესოა, რომ უზნაძის ბიოსფერულ კონცეფციას ვ. მათეუსი, დღევანდელი ტერმინოლოგიის შესაბამისად, ეკოლოგიურ სისტემას უწოდებს. არ არის გამორიცხული, რომ აქაც აღმოჩნდეს საინტერესო მიმართებები თანამედროვე ეკოლოგიურ ფსიქოლოგიასთან.

      დაბოლოს, არსებობს შეფასების მესამე სახეობა, რომლის მიხედვით უზნაძის განწყობის თეორია განიხილება ფსიქოანალიზთან მიმართებაში. აქ ორი მიმართულება იკვეთება. ერთ შემთხვევაში უზნაძის თეორია უბრალოდ გაიგივებულია ფსიქოანალიზთან. გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი ვ. ლაკვერი პირდაპირ ამბობს, რომ „უზნაძემ და მისმა მიმდევრებმა ფაქტობრივად გადაიღეს ფროიდის მოძღვრება არაცნობიერის შესახებ“. ეს, რა თქმა უნდა, სრული გაუგებრობაა. როგორც ზემოთაც აღინიშნა, უზნაძე მკვეთრად უპირისპირდებოდა არაცნობიერის ფროიდისეულ გაგებას. მეორე მიმართულება სწორედ ამას ითვალიწინებს და განწყობის თეორიას ფსიქოანალიზის საბჭოთა ალტერნატივად მიიჩნევს (ჯ. ბროზეკი, ლ. გრეჰემი, დ. სლობინი და სხვა). იგი არსებითად ემთხვევა ზოგიერთი ქართველი ავტორის პოზიციას (ი. ბჟალავა, ა. ფრანგიშვილი, ა. შეროზია). თუ გავითვალისწინებთ, რომ უზნაძე თვითონ უპირისპირდებოდა თავისი თეორიით ფსიქოანალიზს და ფროიდის არაცნობიერის განწყობის ცნებით ჩანაცვლების მომხრე იყო (რაზედაც ზემოთ ითქვა), განწყობის ფსიქოლოგიის ამდაგვარი კვალიფიკაცია, პრინციპში, კანონიერად გამოიყურება. არაცნობიერის ცნობილი სპეციალისტი ფ. ბასინი სწორედ ამ კუთხით განიხილავდა უზნაძის კონცეფციას. განწყობის ფსიქოლოგიის ასეთი შეფასება თითქმის დააკანონა უკვე ნახსენებმა თბილისის არაცნობიერის სიმპოზიუმმა. მისი მასალების ფუნდამენტური ოთხტომეულის რედაქტორები ყველანაირად ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ ეს აზრი. ამავე სიმპოზიუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა განიხილეს ფსიქოანალიზისა და განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიმართების მრავალი საინტერესო ასპექტი.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

ტეგები: Qwelly, განწყობა, იმედაძე, საქართველო, უზნაძე, ფსიქოლოგია

ნახვა: 3817

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Qwelly World

free counters