ფსიქოლოგიის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის პირველი თეორიული სისტემები

ფსიქოლოგიის ისტორია, VI თავი, I ნაწილი

6.1. ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია

      ვუნდტი უდიდესი ფიგურაა ფსიქოლოგიის ისტორიაში. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბება ყველაზე მეტად მის სახელთან არის დაკავშირებული. მასვე ეკუთვნის ფსიქოლოგიური მეცნიერების პირველი თეორიული სისტემა.

      ვილჰელმ მაქსიმილიან ვუნდტი (1832-1920) დაიბადა გერმანიაში, ბადენის მიწის პატარა ქალაქ ნეკარაუში, პროტესტანტი პასტორის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას ტიუბინჰემის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. ერთი სემესტრი გაატარა ბერლინში. აქ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი წვრთნას გადიოდა ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის მამად აღიარებულ იოჰანეს მიულერთან. მაშინდელი გერმანიის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები ფართო აკადემიურ ცოდნას იძლეოდნენ: სტუდენტს საშუალება ჰქონდა გამოსულიყო როგორც პრაქტიკოსი ექიმი, ისე მეცნიერი ფიზიოლოგი. ვუნდტმა სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. 1855 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას ჰაიდელბერგში და აქვე იწყებს მუშაობას: კითხულობს ლექციებს პრივატ დოცენტის რანგში და ასრულებს მისი სათაყვანებელი მეცნიერის ჰელმჰოლცის ასისტენტის მოვალეობას. ათი წლის მერე მას ენიჭება ექსტრაორდინალური პროფესორის წოდება. ვუნდტის მოღვაწეობის ჰაიდელბერგული პერიოდი ოც წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან გაიარა საკმაოდ გრძელი გზა ფიზიოლოგიიდან ფსიქოლოგიამდე. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა მის ნაშრომებში. თავდაპირველად ისინი წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათისა იყო: „მოძღვრება კუნთის მოძრაობათა შესახებ“ (1858) და „მასალები გრძნობითი აღქმის თეორიის შესახებ“ (1862). ორივე ეს თემა იმდროინდელ ფიზიოლოგიაში ფრიად პოპულარული იყო, თუმცა მათი ვუნდტისეული განხილვა, განსაკუთრებით გრძნობადი აღქმის შემთხვევაში, ბევრ ფსიქოლოგიურ მომენტს შეიცავდა. ვუნდტის ინტერესი ფსიქოლოგიისადმი სულ უფრო იზრდებოდა, რაც გამოვლინდა მისი ლექციების კურსში. ეს კურსი 1863 წელს გამოქვეყნდა წიგნად, სათაურით „ლექციები ადამიანისა და ცხოველის სულის შესახებ“. ამ ნაშრომში უკვე მონიშნულია ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამის ზოგიერთი პუნქტი. ეს პროგრამა სულ უფრო იხვეწებოდა ლექციების კითხვის კვალდაკვალ, რომელთაც საბოლოოდ „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ კურსი დაერქვა. 1873-74 წლებში გამოდის ვუნდტის განთქმული „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც ფსიქოლოგიის განვითარებაში ეპოქა შექმნა. ამ ორტომიან მონოგრაფიაში სისტემატურად არის დალაგებული მთელი იმდროინდელი ფსიქოლოგია და, ამავე დროს, მოცემულია ვუნდტის ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემა. ეს წიგნი შემდგომში ხუთჯერ გამოიცა. ყოველი მომდევნო გამოცემა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელისაგან ახალი მასალის სიუხვით. თვით მოძღვრებამ გაცილებით ნაკლები ცვლილება განიცადა.

      1875 წლიდან იწყება ვუნდტის სამეცნიერო მოღვაწეობის ლაიფციგის პერიოდი. აქ იგი ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა და ერთ ხანს ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორიც იყო. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 1879 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში ვუნდტის მიერ დაარსდა ფსიქოლოგიური ლაბორატორია. თავდაპირველად ის რამდენიმე ოთახში იყო განთავსებული, ხოლო ცოტა ხანში გადავიდა სპეციალურ შენობაში და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. ეს იყო პირველი ოფიციალურად ჩამოყალიბებული დაწესებულება, სადაც მიმდინარეობდა ფსიქოლოგიურ-ექსპერიმენტული კვლევა-ძიება და მზადდებოდა პროფესიონალი ფსიქოლოგების კადრები. ამიერიდან ფსიქოლოგია ორგანიზაციულადაც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი ხდება, რომელსაც აკადემიური, საუნივერსიტეტო სტატუსი აქვს. აქამდე, როგორც ვიცით, ფსიქოლოგია უპირატესად ფილოსოფოსებისა და ფიზიოლოგების ძალებით ვითარდებოდა. ამ მხრივ ძალიან სიმბოლურია, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი იმავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფსიქოლოგია ორივესაგან დამოუკიდებელი გახადა. ვუნდტის ფიზიოლოგობაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ფილოსოფიას, ოთხმოციანი წლები მისი შემოქმედების ფილოსოფიურ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. ზედიზედ გამოდის სქელტანიანი მონოგრაფიები: „ლოგიკა“, „ეთიკა“ და „ფილოსოფიის სისტემა“. პარალელურად ვუნდტი ხელმძღვანელობს ინსტიტუტში მიმდინარე ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას. ამ კვლევების შედეგები ქვეყნდება მის მიერ 1881 წელს დაარსებულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელსაც „ფსიქოლოგიური კვლევები“ ეწოდა.

      ვუნდტს ურყევად სწამდა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებისა და თანმიმდევრულად ახორციელებდა ზოგადი ფსიქოლოგიის აგების იმ პროგრამას, რომელიც ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პირველივე გამოცემაში ჩამოაყალიბა. ამ პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ფსიქოლოგიის ორი სახეობის ან შტოს არსებობას. პირველი ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს არის მეცნიერების ექსპერიმენტული დარგი, რომლის კვლევის ობიექტს ელემენტარული ფსიქიკური პროცესები (შეგრძნება-აღქმა, მარტივი ასოციაციები, რეაქციები, გრძნობები და სხვა) შეადგენს. მაღალი რიგის ფსიქიკური მოვლენები და რთული პროცესები ექსპერიმენტული მეთოდით კვლევას არ ექვემდებარება და უნდა შეისწავლებოდეს კაცობრიობის სულიერი ისტორიის პროდუქტების - ენის, მითოლოგიის, ხელოვნების, მორალის, რელიგიისა და სხვათა ანალიზის გზით. ამ ფსიქოლოგიას ვუნდტმა ხალხთა ფსიქოლოგია უწოდა. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ვუნდტმა ჩათვალა, რომ ძირითადად შეასრულა თავისი პროგრამის პირველი ნაწილი და შეუდგა ხალხთა ფსიქოლოგიის წერას. ეს გრანდიოზული თხზულება ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ათი მსხვილტანიანი ტომი მოიცვა. ბოლო წიგნი 1920 წელს გამოიცა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი ავტორი. მან მთლიანად მოასწრო დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური დისციპლინის დაფუძნების საკუთარი პროგრამის განხორციელება.

      ვუნდტის ცხოვრების და მოღვაწეობის მნიშვნელობა და მთავარი შინაარსი ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში მდგომარეობდა. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა მისთვის არსებითი იყო. დამოუკიდებელ მეცნიერებას თავისი საკუთარი საგანი, კვლევის სფერო უნდა ჰქონდეს. ფიზიოლოგიიდან წამოსული ვუნდტისთვის საკითხი ასე იდგა: ფსიქოლოგია, როგორც ემპირიული, ექსპერიმენტული დისციპლინა ბუნებისმეტყველების ყაიდაზე უნდა იყოს აგებული. მან უნდა მოიპოვოს უტყუარი ფაქტები, განაზოგადოს ისინი და დაადგინოს კანონზომიერებები. მეორე მხრივ, მას იმ მეცნიერებათაგან განსხვავებული საგანი უნდა ჰქონდეს, რომლებმაც უკვე „დაინაწილეს“ ბუნების სინამდვილე. ვუნდტამდელ ემპირიულ ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საგანთა გამიჯვნა ლოკიდან მომდინარე ტრადიციის საფუძველზე ხდებოდა. ამ თვალსაზრისის თანახმად, ყოველგვარ გამოცდილებას, რომელიც ადამიანის სულში იდეების სახით არის წარმოდგენილი, ორი წყარო აქვს. პირველია ბუნების ობიექტები და მოვლენები, რომელთა შესახებ იდეებს სული შეგრძნებათა ანუ ე.წ. გარეგანი ცდის საშუალებით იძენს. მეორე სახის გამოცდილება თვით სულიერი სამყაროდან მომდინარეობს, ე.წ. რეფლექსიის ანუ შინაგანი ცდის საშუალებით. ასე გამოიყო გარეგანი და შინაგანი გამოცდილება და შესაბამისად, ბუნებისმეტყველება და ფსიქოლოგია.

      ვუნდტი უკუაგდებს ასეთ გაგებას. შინაგანი და გარეგანი ცდის განსხვავება მართებული არ არის. გრძნობა „შინაგანია“, რადგან იგი სუბიექტის მდგომარეობას გამოხატავს, ხოლო აღქმა „გარეგანი“, ვინაიდან იგი ობიქტებზე მიუთითებს. ფსიქოლოგიას ორივესთან თანაბრად აქვს საქმე, რამდენადაც ორივე განცდაა. ვუნდტი ასაბუთებს გამოცდილების ერთიანობის პრინციპს. არსებობს მხოლოდ ერთი ემპირიული სინამდვილე, რომელიც ადამიანს ეძლევა. ეს არის მისი ცნობიერების უშუალო გამოცდილება, ანუ სუბიექტის განცდა. უშუალო გამოცდილებაში არ გამოიყოფა გარეგანი და შინაგანი, ყოველივე მოცემული უკვე ცნობიერებაა, განცდაა. პირველადი მასალა მხოლოდ ეს არის. უშუალო გამოცდილება ყოველგვარი შემეცნების პირველწყაროა - ბუნებისმეტყველურისაც და ფსიქოლოგიურისაც. მასალის მიხედვით მათი გაყოფა არ შეიძლება, სამაგიეროდ შეიძლება მეცნიერული მიდგომის ანუ თვალსაზრისის მიხედვით. თუ უშუალო გამოცდილება განიხილება თავის ნამდვილ, ბუნებრივ მოცემულობაში, სუბიექტის განცდის სახით, იგი ფსიქოლოგიური ცოდნის წყაროდ გვევლინება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გრძნობადი მოცემულობა, ფსიქიკური ფორმა, რომელშიც სულიერი მოვლენები, განცდათა სამყაროა წარმოდგენილი. ასეთი მიდგომისას სინამდვილე გვეძლევა ხატების, წარმოდგენების, გრძნობების, აზრების, ე.ი. ფსიქიკური მოვლენების ან პროცესების სახით. მაგრამ უშუალო გამოცდილებას შესაძლებელია სხვა თვალსაზრისითაც მივუდგეთ, სახელდობრ, განვიხილოთ მისი შინაარსები სუბიექტურისაგან, განცდისაგან განყენებით, როგორც გარე სამყაროში, ჩვენგან დამოუკიდებლად და თავისთავად არსებული ობიექტები თუ მოვლენები. ასეთი თვალსაზრისით დანახული და გადასხვაფერებული უშუალო გამოცდილება ბუნებისმეტყველების კვლევის საგანს შეადგენს.

      ავიღოთ ნებისმიერი ფიზიკური მოვლენა, ამბობს ვუნდტი, მაგალითად, სინათლე, ბგერა, ტემპერატურა ან რომელიც გნებავთ საგანი; ისინი მხოლოდ ფიზიკური ფენომენები კი არ არის, არამედ უთუოდ ფსიქიკურიც. ამრიგად, მთელ სინამდვილეს ორი მხარე აქვს. პირველ ყოვლისა, ის აუცილებლად ჩვენს მიერ განიცდება. ამის გარეშე ის არც იქნებოდა ჩვენი გამოცდილების შინაარსი და, შესაბამისად, შემეცნების საგნად ვერ იქცეოდა. მაშასადამე, გამოცდილებაში არ არსებობს არც ერთი მოვლენა, „ჩვენი სულის ბრძმედში რომ არ იყოს გატარებული“. ფსიქოლოგიის საგანი მთელი გამოცდილებაა იმ სახით, როგორც ის ჩვენ გვეჩვენება. ბუნებისმეტყველებაც იმავე გამოცდილებას იკვლევს, ოღონდ ისე, თითქოს ის არავის მიერ არ იყოს განცდილი, თითქოს სავსებით ობიექტურად არსებობდეს. შეიძლება ასეც გვეთქვა: ფსიქოლოგია შეისწავლის გამოცდილებას, როგორც განცდას, სულიერ მოვლენას, ხოლო ბუნებისმეტყველება - ამ განცდის ობიექტურ შინაარსს. მაგალითად, ცისარტყელას ხილვისას აღმოცენებული სენსორული თუ ემოციური განცდები ფსიქოლოგიის საქმეა. ფიზიკა ცისარტყელას შესახებ იტყოდა, რომ ეს არის ფერადი რკალი ცის კამარაზე, რომელიც აიხსნება წვიმის წვეთებში სინათლის გარდატეხით, არეკვლით და დიფრაქციით. ე.ი ფიზიკა მსჯელობს არა იმაზე, რაც უშუალო გამოცდილებაში „ხელშესახებად“ არის მოცემული, არამედ ცნებითად კონსტრუირებულ სინამდვილეზე; მისი მონაცემები ცნებითი ბუნებისაა: მატერიის მარადიულობა ცნებისეულია, ვინაიდან არც ერთი ცდა თავისთავად არ არის მარადიული.

      რა ამოცანები უნდა გადაჭრას ფსიქოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ უშუალო გამოცდილების შესახებ? პირველ ყოვლისა, საჭიროა დადგინდეს, თუ რა ელემენტებისაგან შედგება ცნობიერების ყოველი მოვლენა. შემდგომში უნდა გაირკვეს, თუ რა კავშირებს, რა ფსიქიკურ შენაერთებს ქმნის ეს ელემენტები და როგორ ურთიერთობაში იმყოფება ერთმანეთთან; დაბოლოს, ფსიქოლოგიამ უნდა დაადგინოს კანონები, რომელთა მიხედვითაც მყარდება კავშირები ცნობიერების ფენომენებს შორის და რომელთაც ექვემდებარება მთელი სულიერი სამყარო.

      ფსიქიკურ ელემენტებზე მსჯელობისას ვუნდტი საჭიროდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას შემდეგ გარემოებას: სულიერი სამყაროს ყოველი შინაარსი თავისი ბუნებით რთულია. ამიტომ მოსაზრება ცნობიერების ელემენტების შესახებ იმ გაგებით, რომ ისინია ფსიქიკურ მოვლენათა აუცილებლად მარტივი და დაუნაწევრებელი შემადგენელი ნაწილები, გარკვეულად, ანალიზისა და აბსტრაქციის შედეგია. მიუხედავად ამისა, გაწაფული თვითდაკვირვება საშუალებას იძლევა, გამოიყოს ისეთი ფსიქიკური ელემენტები, რომელთაგანაც შედგება ყოველი რთული სულიერი წარმონაქმნი. ეს ელემენტები ორი სახისაა: შეგრძნებები და მარტივი გრძნობები. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, თან სდევს სინათლის, ხმის, გემოს და ა.შ. შეგრძნებებს, საგნების აღქმას, რომლებიც მოგვწონს ან არ მოგვწონს, ყურადღებისა და ნებელობის აქტებს.

      ყოველგვარ შეგრძნებას და გრძნობას ორი აუცილებელი თვისება აქვს: რომელობა და ინტენსივობა. ფსიქიკური ელემენტების დახასიათებისას ჩვენ სწორედ მათში არსებულ რომელობით განსხვავებულობებს აღვნიშნავთ. შეგრძნების სფეროში ასე ვასხვავებთ ერთმანეთისაგან, მაგალითად, მწვანეს და წითელს, ცივს და ცხელს, ტკბილს და მწარეს და ა.შ. ეს რომელობები ყოველთვის სხვადასხვა ინტენსივობით არის წარმოდგენილი: სუსტი, საშუალო, ძლიერი, ძალიან ძლიერი. გარდა ამისა, შეგრძნებათა სიმრავლეში გამოიყოფა რამდენიმე სისტემა ისეთი შეგრძნებებისა, რომელთა ელემენტებს შორის არავითარი რომელობითი მსგავსება არ არის. ამიტომ შეგრძნებებს, რომლებიც სხვადასხვა სისტემას მიეკუთვნება, დისპარატულს უწოდებენ. ასეთებია ტონი და ფერი, სითბო და დაწოლვა და ა.შ. ვუნდტი შეგრძნებათა რვა ასეთ ჯგუფს გამოყოფს: სინათლის, ბგერის, სუნის, გემოს შეგრძნებებს და ე.წ. საერთო მგრძნობელობაში შემავალ შეგრძნებათა ოთხ ჯგუფს: ტკივილის, დაწოლვის, ტემპერატურისა და ორგანულ შეგრძნებებს. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ამ დისპარატულ სისტემებს შეგრძნებათა მოდალობები ეწოდება.

      რაც შეეხება გრძნობებს, ყოველი მათგანი თვისებრივად განსხვავებულ რომელობას ქმნის. მაგრამ მარტივი გრძნობების დახასიათებისას ვუნდტი არ იფარგლება მხოლოდ სიამოვნება-უსიამოვნების განზომილებით, როგორც მანამდე იყო გავრცელებული. იგი გრძნობათა უფრო ზუსტ და ხარისხიან ფენომენოლოგიურ ანალიზს აკეთებს და გამოყოფს აგრეთვე აგზნებადამშვიდებისა და დაძაბვა-შვების კატეგორიებს, რომლითაც ხასიათდება თითოეული გრძნობა. ორი განსხვავებული ფერი, მაგალითად წითელი და ცისფერი, შეიძლება ერთნაირად მოგვწონდეს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული გრძნობა მაინც განსხვავებული იყოს, ვინაიდან პირველი აგვაგზნებს, მეორე კი გვამშვიდებს. ასევე, მეტრონომის ნელი ძგერის მოსმენისას ჩვენი გრძნობა მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ბგერებს შორის ინტერვალში სულ უფრო ძლიერდება გრძნობა, რომელსაც ყველაზე კარგად სიტყვა „დაძაბვა“ გამოხატავს, ხოლო უშუალოდ დარტყმის შემდეგ იგი თავის საწინააღმდეგო ემოციაში გადადის, რომელსაც შვების გრძნობა შეიძლება ეწოდოს. აღსანიშნავია, რომ გრძნობათა ეს მიმართულებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არ არის და, ასე ვთქვათ, ემოციათა სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის, რომელშიც თითოეული ცალკეული ემოცია თავის ადგილს იჭერს. სიამოვნება-უსიამოვნების მსგავსად, აგზნება-დამშვიდებისა და დაძაბვა-შვების პროცესებს შორისაც გრძნობათა უამრავი რომელობითად განსხვავებული სახეა.

      ელემენტები მეტ-ნაკლებად რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს, ანუ, ვუნდტის თქმით, „შენაერთებს“ ქმნიან. თუ შენაერთი უპირატესად შეგრძნებებისაგან შედგება, მას წარმოდგენა ეწოდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროს განეკუთვნება იგი - აღქმის, მეხსიერებისა თუ წარმოსახვის. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ყოველი წარმოდგენის, ისევე როგორც „ყოველი ფსიქიკური შენაერთის თვისება არ ამოიწურება მასში შემავალი ელემენტების თვისებებით; ელემენტების გაერთიანების ძალით ყოველთვის წარმოიქმნება ახალი თვისება“.

      წარმოდგენა, როგორც რთული ფსიქიკური წარმონაქმნი, არ დაიყვანება ელემენტების ჯამზე. ის მეტია, ვიდრე თავისი შემადგენელი ნაწილები. მასში ახალი თვისებრიობაა მოცემული. რამდენიმე ტონის მიერ შედგენილი მელოდია ამ ტონებზე დაუყვანელი ახალი თვისებრიობაა, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის შეიძლება ტრანსპონირებულ იქნეს სხვა ტონალობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ მელოდიაში შესაძლებელია მისი შემადგენელი ტონების გამოყოფა. სხვადასხვა ფერი სურათზე ახალ ერთობლიობას ქმნის, მაგრამ მაინც ერთდროულად არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ერთი სიტყვით, შეგრძნებები შეიძლება შეურევლად განიცდებოდნენ. ემოციების სფეროში ასეთი რამ არ ხდება. ერთდროულად მოცემული მარტივი გრძნობების შერწყმით მიიღება სრულიად ახალი ერთიანი გრძნობა ან ემოციური მდგომარეობა. მის შექმნაში მონაწილე გრძნობების ცალ-ცალკე განცდა უკვე შეუძლებელია. ამას ვუნდტი ემოციურ მდგომარეობათა ერთიანობის პრინციპს უწოდებს. ხოლო შეგრძნებები და წარმოდგენები ყოველთვის დაკავშირებულია გრძნობებთან, ვინაიდან გრძნობა ამ უკანასკნელთა მოცემულობის გარეშე არ წარმოიქმნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს კავშირი არ არის მყარი და ერთნაირი, როგორც სხვადასხვა ინდივიდებში, ისე ერთი ინდივიდის შიგნით. ერთი და იგივე ტონი ან მელოდია სხვადასხვა ინდივიდებში და განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა გრძნობას უკავშირდება.

      გრძნობათა გაერთიანების შედეგად ხშირად აღმოცენდება რთული ემოცია, რომელსაც ვუნდტი აფექტს უწოდებს. აფექტში აგრეთვე შეიძლება გადავიდეს ცალკეული გაძლიერებული გრძნობა. აფექტი, გარდა იმისა, რომ ის ძლიერი გრძნობაა, ხასიათდება ორგანიზმის შიდა პროცესების ინტენსიფიკაციით და გამომხატველ მოძრაობებთან მჭიდრო კავშირით. აფექტებიდან იღებს სათავეს ნებითი მოქმედებები, რომლებიც სულიერი აქტივობის ურთულეს ფორმას წარმოადგენენ. გრძნობა, აფექტი და ნებელობა ერთიანი აფექტურ-ვოლიტური პროცესის სამ საფეხურს შეადგენენ. ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს განსაზღვრავენ. ამავე დროს, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა გრძნობა აფექტში გადადის, ან ყველა აფექტი ნებითი მოქმედებით მთავრდება. იმისთვის, რომ რაიმე მოქმედება მოხდეს, უნდა წარმოიქმნას გრძნობისა და წარმოდგენის კავშირი, რომელიც მას მოამზადებს. ასეთ ფსიქიკურ შენაერთს ვუნდტი მოქმედების მოტივს უწოდებს. მოტივის წარმოდგენით მხარეს ეწოდება მოქმედების საფუძველი, ხოლო გრძნობით მხარეს - მოქმედების აღმძვრელი. როდესაც, მაგალითად, ცხოველი თავს ესხმის მსხვერპლს, მისი მოქმედების საფუძველი მსხვერპლის პერცეპტული ხატია, ხოლო აღმძვრელი - შიმშილის უსიამოვნო გრძნობა. ადამიანის შემთხვევაში მკვლელობის ქმედების საფუძველი შეიძლება იყოს მტრის განადგურების წარმოდგენა, აღმძვრელი კი - სიძულვილი, ეჭვი, შური და სხვა. მაშინ, როდესაც მოტივის როლში გვევლინება ერთი გრძნობა თავისი თანმხლები წარმოდგენებით, საქმე გვაქვს მარტივ ნებელობით პროცესთან ანუ იმპულსურ მოქმედებასთან. ამ შემთხვევაში ნებელობით პროცესს მხოლოდ ერთი მოტივი განსაზღვრავს. მაგრამ, თუ ამ პროცესში რამდენიმე მოტივია ჩართული, თუ გრძნობისა და წარმოდგენის რამდენიმე კომპლექსი ერთდროულად აქტუალიზირდება და სხვადასხვაგვარი მოქმედების შესრულების ტენდენციას ქმნის, მაშინ უკვე ადგილი აქვს საკუთრივ ნებელობით ან რთულ განზრახულ მოქმედებას. ამ შემთხვევაში ის მოტივი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მოქმედებას, თანდათანობით გამოიკვეთება ურთიერთდაპირისპირებული მოტივებიდან. როდესაც მოტივთა ბრძოლა ალტერნატივების ცნობიერი აწონ-დაწონის გზით ხდება და არჩევანის აქტით მთავრდება, ნებელობითი მოქმედება არჩევითი ქმედების სახეს იღებს. ამ პროცესის სპეციფიკურ გრძნობით მხარეს ქმნის ყოყმანის, დაეჭვებისა და გადაწყვეტილების თანმხლები გრძნობები.

      ელემენტების ფსიქიკურ შენაერთებად გაერთიანება და ამ შენაერთებს შორის კავშირების დამყარება გარკვეულ ფსიქიკურ მექანიზმს ეფუძნება. ასეთად ვუნდტი ასოციაციას და აპერცეფციას მიიჩნევს. მათ შორის ძირეული განსხვავება ისაა, რომ ასოციაცია ცნობიერების პასიური მექანიზმია, ხოლო აპერცეფცია ყოველთვის აქტიურ ცნობიერ მოქმედებას გულისხმობს. ასოციაცია შეიძლება იყოს ერთდროული (სიმულტანური) და თანმიმდევრული (სუქცესიური). ამასთან ერთად, გამოიყოფა ასოციაციური მექანიზმის სამი სახეობა: შერწყმა, ასიმილაცია და კომპლიკაცია. შერწყმა არის ელემენტების (შეგრძნების ან გრძნობის) შერევა. ამავე დროს, შერწყმით მხოლოდ ერთი და იმავე მოდალობის ელემენტები ერთიანდება: ტონები, ფერები და ა.შ. წითლისა და ყვითლის შერევის შედეგად მიღებული ნარინჯისფერი შერწყმის მაგალითია. ასიმილაცია ახალ და ძველ შთაბეჭდილებათა ურთიერთობაში ვლინდება. ამ შემთხვევაში თავს იჩენს მიმსგავსებისა და კონტრასტის მოვლენები, რის შედეგად აღქმისა და მეხსიერების სფეროში ხშირად წარმოიქმნება ილუზიები. როდესაც ცხელი წყლის შემდეგ ნელთბილი წყალი ცივად გვეჩვენება, ეს ასიმილაციის გამოვლინებაა. ასიმილაციის მექანიზმით აიხსნება ცნობის მოვლენაც. როდესაც ვხედავთ წიგნს, ჩვენ ადვილად ვცნობთ მას ასიმილაციის მეშვეობით, ვინაიდან ამ წუთას აღქმული წიგნი ასოცირდება უწინ ნანახთან. ცნობა, როგორც ასიმილაციის ფორმა, შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს - ნაცნობობის ბუნდოვანი განცდა და საკუთრივ ცნობის აქტი. ისეც ხდება, რომ ნაცნობობის განცდა გვატყუებს და ცნობის ილუზიაში ვვარდებით - ნაცნობი უცნობად გვეჩვენება ან პირიქით. ასოციაციის მესამე სახეობა, კომპლიკაცია, სხვადასხვა მოდალობის ელემენტების ან სხვადასხვა სახის შენაერთების გაერთიანებას გულისხმობს. შერწყმისაგან მას ისიც განასხვავებს, რომ კომპლიკაციური გაერთანების დროს მის შემადგენელ ნაწილებს არ ეკარგება თავისი თვისებრიობა (როგორც, მაგალითად, ნარინჯისფერის შემთხვევაშია, რომელშიც წითელი და ყვითელი უშუალოდ აღარ ჩანს). ყველა რთული ინტერმოდალური აღქმა, ვუნდტის აზრით, კომპლიკაციის ნიმუშია: ვაშლი ფორმის, ფერის, გემოს, სუნის ერთიანობაა. შერწყმისა და კომპლიკაციის ცნებები ვუნდტს არსებითად ისევე ესმის, როგორც ჰერბარტს.

      შესაძლოა ჰერბარტისგანვეა აღებული ტერმინი აპერცეფციაც, მაგრამ მას უფრო გრძელი ისტორია აქვს. აპერცეფციის ცნებას იყენებდა როგორც ემპირიული ფსიქოლოგია, ჰერბარტის სახით, ისე რაციონალური ფსიქოლოგია, კერძოდ ლაიბნიცი, ვოლფი, კანტი. აპერცეფციის გაგებაში, როგორც ჩანს, ვუნდტი უფრო ამ უკანასკნელ ტრადიციას გაჰყვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თუ ჰერბარტთან აპერცეფცია აღნიშნავდა ძველ შთაბეჭდილებებთან (ე.წ. აპერცეფციულ მასასთან) მათი მსგავსი ახალი შთაბეჭდილების მიერთების მექანიკურ პროცესს, ვუნდტთან აპერცეფცია სხვა ნიშნით ხასიათდება: ის არის აქტიური, შეგნებული და აზრიანი პროცესი. ცნობიერებაში ყოველი შინაარსი შეიძლება ორგვარი სახით, ე.წ. პერცეფციის ან აპერცეფციის სახით იყოს მოცემული: „პერცეფციის ქვეშ ცნობიერებაში რაიმე შინაარსის უბრალო ფაქტობრივი შემოსვლა უნდა გვესმოდეს, ხოლო აპერცეფციაში - ამ შინაარსზე ყურადღების მიპყრობა“. აპერცეფცირებული შინაარსი ცნობიერების ცენტრში გადადის და ამით უფრო ნათელი და მკაფიო ხდება.

      ამის მიუხედავად, აპერცეფცია არ უნდა გავაიგივოთ ყურადღებასთან. პირველი ცნების მოცულობა ბევრად უფრო ფართოა. რაიმე შინაარსებზე ყურადღების მიპყრობა მხოლოდ პირობაა იმისა, რომ მათზე სხვადასხვა სახის პროცედურები ჩატარდეს, მათი გადამუშავება მოხდეს. აქ იგულისხმება ცნობიერების შინაარსების დანაწევრება, ურთიერთმიკუთვნება, შედარება, აწონ-დაწონა, შეკავშირება და გაერთიანება. ამ მარტივი აპერცეფციული ოპერაციების საფუძველზე წარმოიქმნება ანალიზისა და სინთეზის რთული ოპერაციები. როდესაც ისინი მიმართულია იმაზე, რომ განსხვავებული შესაძლებლობებიდან არჩეულ იქნეს მოქმედების საუკეთესო ვარიანტი, აპერცეფცია ნებელობის ფუნქციას ასრულებს. აპერცეფციის ძირითადი ფუნქციებია აგრეთვე აზროვნება და ფანტაზია. კერძოდ, აზროვნების ისეთი პროდუქტი, როგორიცაა მსჯელობა ანალიზის ოპერაციის შედეგია, რადგანაც მსჯელობაში სუბიექტის და მისი თვისებებისა თუ მოქმედებების გამიჯვნა და შემდგომ მათ შორის არსებული ურთიერთმიმართების დადასტურება ხდება. ცნება კი სინთეზის ოპერაციის წყალობით წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე ნიშანთვისებას წინ წამოვწევთ და სინთეზის გზით მას თავის შესატყვის წარმოდგენებს ვუკავშირებთ. ცნება ზოგადი წარმოდგენაა. იგი ხშირად საკმაოდ ბევრი წარმოდგენის ერთობლიობაა, რომელთაც აერთიანებს საერთო ნიშანთვისება. ზოგადად კი აზროვნების სფეროში აპერცეფცია ცნობიერების შინაარსებს ლოგიკურად აწესრიგებს. ფანტაზიის შემთხვევაში წარმოდგენათა კავშირი შედარებით ნაკლებად მჭიდრო და უფრო თავისუფალია.

      აპერცეფციის შედეგად ფსიქიკურ შინაარსებს შორის ყოველთვის მიმართებები დამყარდება. ყურადღება, აზროვნება, წარმოსახვა, ნებელობა - აპერცეფციის გამოვლინებებია. აპერცეფციის ცნების საშუალებით ვუნდტის სისტემაში ხდება ამ ფსიქიკური პროცესების მნიშვნელობის გარკვევა. მათი მეშვეობით აპერცეფცია ცნობიერების შემაკავშირებელ და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს. ფაქტობრივად იმავე ამოცანას ემსახურება ასოციაციის მექანიზმებიც. მაგრამ, როგორც ითქვა, ასოციაციასა და აპერცეფციას შორის არსებითი განსხვავებაა: პირველი პასიურია, ხოლო მეორე - აქტიური. აქტიურობა აპერცეფციის ძირეული თვისებაა და ფენომენალურად არის მოცემული უშუალო გამოცდილებაში; ცნობიერებას იგი ეძლევა თვითაქტივობის, თვითგანხორციელებისა თუ თვითკონტროლის გრძნობათა სახით.

      ერთი სიტყვით, ვუნდტის მიხედვით, აპერცეფცია სულიერი აქტივობისა და მოწესრიგებულობის წყაროა. იგი მოწოდებულია, ახსნას ფსიქიკური ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი თავისებურებანი, თუმცა თავად რაიმე ახსნას ან გარეშე დეტერმინაციას არ ექვემდებარება. აპერცეფცია ცნობიერების იმანეტური ნიშანი და უნივერსალური ამხსნელი მექანიზმია. ამ თვალსაზრისით აპერცეფცია იმ „განსაკუთრებული შინაგანი სულიერი ძალის“ ნიშნებს შეიძენს, რომლებიც, ნებელობის სახით, ვოლუნტარიზმის მოძღვრებაშია მოცემული. ეს შეხედულება ა. შოპენჰაუერის, ფ. ნიცშეს, ე. ჰარტმანის და სხვათა გავლენით საკმაოდ იყო გავრცელებული იმ ხანის გერმანულ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ აზროვნებაში. მასში ნებელობა ადამიანის ყოფიერების პირველად და აბსოლუტურ ძალად არის აღიარებული. განსაზღვრავს რა ფსიქიკური პროცესების მსვლელობას, ნებელობა არავითარ ახსნას არ ემორჩილება და, მაშასადამე, არსებითად, ზებუნებრივ საწყისად გვევლინება.

      ვუნდტის სისტემაში ნებელობა მართლაც ცნობიერების სტრუქტურის უმთავრესი საწყისის სახეს იღებს. ვუნდტი ამ გარმოებას თავადვე უსვამს ხაზს. იგი თავის ფსიქოლოგიას ვოლუნტარისტულს უწოდებს და ამით განასხვავებს მას ადრინდელი ფსიქოლოგიის ინტელექტუალიზმისაგან. ვუნდტის სისტემის ვოლუნტარისტული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ იმაში ვლინდება, რომ აქ ნების ცნება ფაქტობრივად ენაცვლება სუბიექტის ან პიროვნების ცნებას. ვუნდტის ფსიქოლოგია არსებითად უსუბიექტო ფსიქოლოგიაა. ის, რომ ასოციაციური პროცესები სუბიექტის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ცნობიერების მუშაობის უმაღლეს დონეზეც, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის საკუთარი მე-ს განცდით, ვუნდტი არ უშვებს რაიმე გამაერთიანებელი და მაკონტროლებელი ინსტანციის არსებობას პიროვნების სახით და ისევ ნებელობის აპერცეფციულ პროცესს მიმართავს.

      ბოლო საკითხი, რომელიც ვუნდტის ზოგადფსიქოლოგიურ სისტემაშია დამუშავებული, ეს არის საკითხი ფსიქიკის უზოგადესი კანონების ან პრინციპების შესახებ. ამ კონტექსტში ვუნდტი აყალიბებს თავის სულის აქტუალობის პრინციპს. ტერმინი „აქტუალობა“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება. ერთი, როგორც სუბსტანციურობის ოპოზიცია. სული არ არის რაიმე არსი ან სუბსტანცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური პროცესებისაგან; ის თვით ამ პროცესების მსვლელობაა. აქედან გამომდინარეობს აქტუალობის მეორე მნიშვნელობაც: ფსიქიკურის აქტუალობა ნიშნავს აქ და ახლა არსებულ განცდას ან პროცესს. მესამე მნიშვნელობით აქტუალობა პასიურობისა და სტატიკურობის ოპოზიციაა; ფსიქიკური აქტიურია, რამდენადაც ის არის გამოცდილების მუდმივი ქმნადობა, აღდგენა ან განახლება. ამ გაგებით იგი პროცესუალური ბუნებისაა. ამავე დროს, ცნობიერების მიმდინარეობა და ცვალებადობა არ არის შემთხვევითი. მას აქვს მიმართულება, რაგვარობა, თანმიმდევრობა, ერთი სიტყვით ის, რაც კანონზომიერების ცნებით აღინიშნება. ფსიქიკური პროცესები კანონზომიერი პროცესებია.

      ვუნდტის თეორიულ სისტემაში საგანგებოდ არის დამუშავებული საკითხი ფსიქოლოგიური კანონზომიერების სპეციფიკის შესახებ. ვუნდტის აზრით, ფსიქიკის სფეროშიც უნდა ვილაპარაკოთ მიზეზობრიობაზე, მაგრამ სხვა მნიშვნელობით, ვიდრე ეს ბუნების მეცნიერებათა სფეროში ხდება. იქ მექანისტური მიზეზობრიობის თვალსაზრისია გამეფებული. ამ უკანასკნელის თანახმად, შედეგსა და მიზეზს შორის სრული რაოდენობრივი და თვისებრივი იგივეობა და შესატყვისობაა. შედეგში ვერ მონახავ ისეთ რაიმეს, რაც უკვე მიზეზში არ იყო მოცემული. ფიზიკური მიზეზობრიობა ენერგიის შენახვის პრინციპს ეფუძნება. ეს არ არის უბრალოდ ორი ურთიერთშეთანხმებული მოვლენა, როდესაც ერთი წინ უსწრებს მეორეს, როგორც ამას ჰიუმი ფიქრობდა. ფიზიკური მოვლენები მართლაც იწვევენ ერთმანეთს ისე, რომ არასოდეს ირღვევა ენერგიის რაოდენობრივი ექვივალენტობის პრინციპი. მიზეზი ისე გადადის შედეგში, რომ მათი ენერგიები ყოველთვის ექვივალენტური რჩება.

      სულ სხვა მდგომარეობაა ფსიქიკურ მოვლენათა სფეროში. რაკი არ არსებობს სულიერი სუბსტანცია, არ არსებობს სულიერი ენერგიაც და, მაშასადამე, ფსიქიკურ კაუზალობაზე საუბრისას არ იგულისხმება რაიმე სახის ექვივალენტობა. ფიზიკურ სამყაროში მოვლენათა თანაქმედების რეზულტატი ამ მოვლენათა ჯამის ტოლია, ხოლო რთული ფსიქიკური შენაერთი, მისგან განსხვავებით, ყოველთვის ახალი თვისებრიობის მქონეა, თვისებრიობისა, რომელიც არ გამოიყვანება მისი შემადგენელი ელემენტებიდან; იგი მათ უბრალო ჯამზე მეტია. ყოველივე ეს ჯ.ს. მილის „სულის ქიმიის“ ანალოგიურია. ვუნდტი ფსიქიკური კაუზალობის ამ თავისებურებას „ფსიქიკური რეზულტანტების“ კანონს უწოდებს. ამ კანონში განხორციელებულია ე.წ. შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი. იგი შემოქმედებითია იმდენად, რამდენადაც უშუალო გამოცდილების ელემენტების სინთეზი ახალი თვისებრიობის ქმნადობაა.

      ფსიქიკური კაუზალობის მეორე კანონია ფსიქიკურ მიმართებათა კანონი. ამ კანონის თანახმად, ყოველი კერძო ფსიქიკური შინაარსი მნიშვნელობას იძენს იმ მიმართებაში, რომელშიც ის ცნობიერების სხვა შინაარსებთან იმყოფება. ამ კანონის მოქმედების გამოვლინებაა, რომ ერთი და იგივე შთაბეჭდილება განსხვავებულად განიცდება იმის მიხედვით, თუ ცნობიერების რა შინაარსების კონტექსტშია მოცემული. მაგალითად, სიტყვებს მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მოცემული ან ნაგულისხმევი წინადადების გათვალისწინებით, ხოლო გამოთქმულ წინადადებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ კავშირის წყალობით, რაც მას რაიმე უფრო ფართო მენტალურ კომპლექსთან აქვს. დაბოლოს, კიდევ ერთი კანონი განასხვავებს ფსიქიკურ მოვლენებს ფიზიკური მოვლენებისაგან. ეს არის ე.წ. კონტრასტის კანონი. გარკვეულ პირობებში ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკური მოვლენები აძლიერებენ ერთმანეთს. მაგალითად, ძლიერი ტკივილის მერე მცირედი სიამოვნებაც ნეტარებად განიცდება. ასევე, რაიმე ტკბილი კიდევ უფრო ტკბილად გვეჩვენება, თუ ის მჟავე საჭმლის მერე გავსინჯეთ. ფსიქიკურის ეს თავისებურება არსებითად განასხვავებს მას ფიზიკურისაგან, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები თუ პროცესები ერთმანათს ასუსტებენ ან სპობენ.

      ცნობიერება არის მუდმივად ცვალებადი შინაარსების მსვლელობა. ისინი თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს ფსიქიკური კაუზალობის კანონების შესაბამისად, მაგრამ ეს კანონები მხოლოდ ცნობიერების დახშული სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ამ სისტემაში, ანუ ცნობიერების სამყაროში, სხვა, არაფსიქიკური ბუნების მოვლენები (ფიზიკური, ფიზიოლოგიური) არ შემოდის. ეს უკანასკნელნი საკუთარ დახშულ სისტემას ქმნიან, სადაც მექანიკური კაუზალობის პრინციპი ბატონობს. ამდენად, საკითხი სხეულისა და სულის, ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის ურთიერთობის შესახებ ვუნდტთან ცალსახად არის გარკვეული; იგი პარალელისტია. ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები არ შეიძლება ურთიერთზემოქმედებდეს. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიკურ, ანუ ცნობიერების მოვლენებს შორის. ფიზიოლოგიური ფენომენები ფსიქოლოგიური მოვლენების რიგში ვერ აღმოჩნდება. ისინი თავის რიგს ქმნიან, რომელიც ფსიქიკური მოვლენების რიგის პარალელურია. სხეულებრივი და სულიერი მოვლენები ერთმანეთს არ განაპირობებს, მაგრამ სრულ შესატყვისობაშია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიის მონაცემები, მართალია ვერაფერს მატებენ ფსიქოლოგიურ ახსნას, მაგრამ მაინც ამდიდრებენ და ავსებენ ფსიქოლოგიურ კვლევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სხეულებრივი პროცესები ფსიქიკური პროცესების სიმპტომებად გვევლინება ფიზიოლოგიური მონაცემები, რომლებიც საკმარისად ზუსტად იზომება, ხშირად, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს სულიერი პროცესების რაგვარობასა და დინამიკაზე.

      ტერმინი „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია“ ვუნდტმა იმ მეცნიერების აღსანიშნავად იხმარა, რომელსაც თავის ლაბორატორიაში ავითარებდა. აქ, ცხადია, არ იგულისხმება, რომ ფსიქოლოგიის კვლევის საგანი ფიზიოლოგიური მოვლენები უნდა იყოს. ეს ტერმინი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიამ თავისი კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, კერძოდ, ფიზიოლოგიის მსგავსად უნდა წარმართოს. ეს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტულ მეცნიერებად აქცევს; იგი საბოლოოდ გამოეყოფა ფილოსოფიას და დამოუკიდებელი პოზიტიური დისციპლინის სტატუსს შეიძენს. ამგვარად, ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას ნიშნავს. ვუნდტმა ფსიქოლოგია საბოლოოდ გადააქცია ექსპერიმენტულ მეცნიერებად, მაგრამ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის დამკვიდრება სრულებითაც არ ნიშნავს თვითდაკვირვების უარყოფას. იმდენად, რამდენადაც ფსიქოლოგია, ვუნდტის მიხედვით, უშუალო გამოცდილებას ანუ განცდათა სამკვიდროს შეისწავლის, მისი კვლევის ერთადერთ პირდაპირ მეთოდად ინტროსპექცია რჩება. აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი, ყოფითი, უსისტემო თვითდაკვირვება, არამედ ექსპერიმენტულად ორგანიზებული ინტროსპექცია. ვუნდტის ექსპერიმენტულ ინტროსპექციაში თვითდაკვირვება მოწესრიგებული და კონტროლირებადი პროცედურის სახეს იღებს: „ექსპერიმენტის ამოცანა ისაა, რომ შესაძლებელი გახადოს ზუსტი თვითდაკვირვება“. ცდა ისეა ორგანიზებული, რომ ცდისპირმა თავიდან ბოლომდე და მაქსიმალური ყურადღებით განიცადოს გამოსაკვლევი ფსიქიკური მოვლენა, რათა მის შესახებ სრულყოფილი ანგარიში წარადგინოს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ექსპერიმენტის სტანდარტული მოთხოვნები, რაც გულისხმობს დაკვირვების მრავალჯერადი გამეორებისა და მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაციის შესაძლებლობას.

      ამ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფართო კვლევითი მუშაობა წარიმართა. თუ როგორ მიმდინარეობდა იგი, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ (იხ. თავი 7.1.). აქ მხოლოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლაბორატორიული კვლევა შედარებით მარტივ ფსიქიკურ პროცესებს ეხებოდა. რაც შეეხება რთულ ფსიქიკურ მოვლენებს, ისეთებს, როგორიცაა ნებისმიერი მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, მაღალი გრძნობები, ნებელობა - ვუნდტი უარყოფდა მათი ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობას იმის საფუძველზე, რომ ამ მოვლენებს ხელოვნურად ვერ გამოვიწვევთ და უცვლელად ვერ გავიმეორებთ. შეუძლებელია, ამბობდა იგი, ლაბორატორიაში მაღალი ინტელექტუალური პროცესებისა თუ რელიგიური ან ზნეობრივი განცდების სურვილისამებრ გამოწვევა. მათ თითქმის არ ახლავს სხეულებრივი ცვლილებები, შეუძლებელია მათი გაზომვა. გარდა ამისა, აღნიშნულ მოვლენებში ყველაზე მეტად იჩენს თავს თვითდაკვირვებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებზეც ი. კანტმა და ო. კონტმა გაამახვილეს ყურადღება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ფსიქიკურ პროცესზე ან განცდაზე დაკვირვების ფაქტი ცვლის ან სპობს ამ უკანასკნელს. სამაგიეროდ, ამ განცდების კვალი აისახება სხვავადასხვა ხალხთა კულტურაში - ენაში, ხელოვნებაში, რელიგიაში, სამართალში, მითებში, ადათ-წესებში. აქ უკვე სოციალური ჯგუფების, ტომების, ერების შემოქმედების პროდუქტებთან გვაქვს საქმე. ყოველივე ამის შესწავლით და ურთიერთშედარებით შესაძლებელი ხდება ფსიქიკის ზოგადი კანონების ჩამოყალიბება. ამისთვის არის მოწოდებული ე.წ. ხალხთა ფსიქოლოგია.

      ფსიქოლოგიის შემდგომმა განვითარებამ ნათლად აჩვენა ვუნდტის მოსაზრების უსაფუძვლობა მაღალი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შეუძლებლობის შესახებ. ეს აშკარა გახდა მის სიცოცხლეშივე, თუნდაც მეხსიერებისა (ჰ. ებინჰაუსი, გ.ე. მიულერი) და აზროვნების (ვიურცბურგის სკოლა) პროცესების წარმატებული ექსპერიმენტული კვლევის შემდეგ (იხ. თავი 7.1.). მიუხედავად ამისა, ვუნდტი მაინც მყარად იდგა თავიდანვე არჩეულ პოზიციაზე. მართალია, წლების განმავლობაში მას შეჰქონდა გარკვეული ცვლილებები თავის სისტემაში, მაგრამ პრინციპული საკითხების უმეტესობაში მისი შეხედულება ურყევი იყო. ფსიქოლოგიის ერთერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ვუნდტი სულ უფრო ექცეოდა თავისი სისტემის ტყვეობაში, რომლის მიმართ კრიტიკულობას ნაკლებად იჩენდა. სამაგიეროდ, საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდა მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა. ასეთები კი მრავლად იყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიის ისტორიის აღიარებული მეტრი ედვინ ბორინგი მიუთითებს, რომ თითქმის ყველა ახალი ფსიქოლოგიური სკოლის (იგულისხმება ფსიქოლოგია XX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე) ჩამოყალიბებას განსაზღვრავდა პროტესტი ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემის ამა თუ იმ მხარის წინააღმდეგ. იგულისხმება, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია იყო 1) ინტროსპექციული, 2) ელემენტარისტული, 3) ასოციაციონისტური და 4) ცნობიერების ფსიქოლოგია (ვუნდტი მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკის არსებობას ცნობდა). პირველს განსაკუთრებით ბიჰევიორიზმი შეებრძოლა, მეორეს და მესამეს - გეშტალტფსიქოლოგია, ხოლო მეოთხეს - ფსიქოანალიზი.

      ყოველივე ეს, ამავე დროს, იმაზე მიუთითებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვუნდტის სამეცნიერო საქმიანობას სხვა ფსიქოლოგები და რაოდენ დიდი იყო მისი ავტორიტეტი. დისკუსიებმა მისი თეორიული პოზიციების გარშემო, ექსპერიმენტის გამოყენების, ფსიქოლოგიის საგნისა და სხვა მრავალი პრობლემის შესახებ, სტიმული მისცა ახალი კონცეფციებისა და მიმდინარეობების გაჩენას, რომელებმაც გაამდიდრეს ფსიქოლოგია ახალი წარმოდგენებით და იდეებით. ვუნდტმა მართლაც კოლოსალური სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა დათვალეს, რომ 67 წლის განმავლობაში, პირველი სამეცნიერო ნაშრომის გამოცემიდან სიკვდილამდე, ვუნდტმა დაწერა 53735 გვერდი, რაც ნიშნავს საშუალოდ 2,2 გვერდს დღეში. ამასთან, უზარმაზარი მეცნიერული პროდუქცია გაჯერებული იყო ეკლექტიკური იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკლექტიზმი ფსიქოლოგიაში კარგ ტონად არ ითვლებოდა, ვუნდტის ეკლექტიზმმა გარკვეულად პოზიტიური როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ მან მოიზიდა ვუნდტთან სხვადასხვა წარმომავლობისა და მრწამსის ახალგაზრდა მეცნიერები. ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფსიქოლოგიის ნამდვილი მექა იყო. აქ ჩამოდიოდნენ სასწავლებლად და სამუშაოდ ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან. ბევრი მათგანი საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარი გახდა. მათი გვარების უბრალო ჩამოთვლაც კმარა: კიულპე, კლემი, კრიუგერი, კრეპელინი, ლიფსი, მარბე, მიუნსტენბერგი, მოიმანი (გერმანია), სპირმენი, ტიჩენერი (ინგლისი), ენჯელი, კეტელი, სკრიპჩარი, უიტმენი, უორენი, ჰოლი (ამერიკა), მიშოტი, ტიერი (ბელგია), ლემანი (დანია), ბეხტერევი, ნ. ლანგე (რუსეთი), უზნაძე (საქართველო). ვუნდტის ხელმძღანელობით დაცული იყო ორასამდე სადოქტორო დისერტაცია ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის დისერტაცია ვლადიმერ სოლოვიოვის მოძღვრების შესახებ.

      რაც შეეხება ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმს, ის ყოველთვის ართულებდა ამ მოძღვრების ნამდვილი ბუნების გარკვევის ამოცანას. განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინა ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს საკითხმა ვუნდტის სისტემის ელემენტარიზმის შესახებ. მართლაც, რა არის მთავარი ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამისთვის - ფსიქიკური ელემენტების გამოყოფა და ცხადყოფა თუ რთული ფსიქიკური წარმონაქმნების, ფსიქიკური შენაერთების შესწავლა? ანალიზია მთავარი თუ სინთეზი? ვუნდტის ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი მიმდევრის, ტიჩენერის გავლენით, ერთ ხანს აქცენტი ვუნდტის ფსიქოლოგიის ელემენტარისტულ და ანალიტიკურ მხარეებზე იყო გადატანილი. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერების ამოცანების ფორმულირებისას ვუნდტს პირველ ნომრად მართლაც უშუალო გამოცდილების უმარტივესი ფორმების, მისი ელემენტების გამოყოფა და შესწავლა აქვს დასახელებული. ელემენტები ვუნდტისთვის არაა ცარიელა აბსტრაქცია, ისინი რეალურად არსებობენ, როგორც ჩვენი ცნობიერების ფაქტი. გაწაფულ ინტროსპექციას შეუძლია მათი განცდაში დაფიქსირება. მაგრამ ელემენტების ცხადყოფა სპეციალურ ძალისხმევას მოითხოვს, ხშირად კი ანალიზი უძლურია, როგორც ეს უმაღლესი ფსიქიკური პროცესების შემთხვევაშია. საზოგადოდ, ჩვენი ცნობიერება შედგება ფსიქიკური კომპლექსებისაგან, შენაერთებისაგან ანუ სინთეტური წარმონაქმნებისაგან. ამიტომ ანიჭებს ვუნდტი ესოდენ დიდ მნიშვნელობას იმის გარკვევას, თუ რა სახის შენაერთები არსებობს და რა კანონები განაპირობებენ ელემენტებიდან მათ წარმოქმნას. ამ კანონების რიგში პირველ ადგილზე შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი მოიაზრება. ვუნდტი ასე ამბობს: „არ არსებობს არავითარი ფსიქოლოგიური სტრუქტურები, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით ან შინაარსის ღირებულებით შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მათი შემადგენელი ელემენტების ჯამი ან შემადგენელი ნაწილების უბრალო მექანიკური შედეგი“. აქედან ჩანს, რომ იგი ცნობს ელემენტებს, მაგრამ არ ცნობს მექანიციზმს ფსიქოლოგიის სფეროში. ამდენად, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა ელემენტარისტულიც არის და მთლიანობითიც, ანალიზურიც და სინთეზურიც.

      ეკლექტიზმი შეინიშნება იმაშიც, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია ერთდროულად ინტროსპექციულიც არის და ექსპერიმენტულიც. ცნობილია, რომ ვუნდტი ტრადიციული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. ამავე დროს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ცდებოდნენ ბიჰევიორიზმის გერმანელი ინტროსპექციონისტი წინამორბედები, როგორც წესი, ვუნდტზე მიუთითებენ. არადა, ვუნდტი ნამდვილად იყო ყველაზე შეუპოვარი მებრძოლი კლასიკური აკადემიური ინტროსპექციის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს უკანასკნელი კაბინეტურ თვითანალიზს ეფუძნებოდა. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის თქმით, მიცვალებულს რომ ასეთი რამ შეეძლოს, ვუნდტის სხეული არა ერთხელ გადატრიალდებოდა კუბოში, თუ გაიგებდა, რომ მას ინტროსპექციული სკოლის მამის სახელს მიაწერდნენ. ვუნდტი საგანგებოდ უსვამდა ხაზს, რომ მისი ახალი ფსიქოლოგია იყენებს თვითდაკვირვებას, როგორც მკაცრ, „ობიექტურ“ მეთოდს, რადგან შეუძლია მისი გამეორება და რეგულირება. მიუხედავად ამ განმარტებებისა, თვითდაკვირვება და ექსპერიმენტი განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მეთოდად რჩება. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ამ ეკლექტიზმის შედეგი ის იყო, რომ ექსპერიმენტული ინტროსპექციის მეთოდით ერთი და იმავე საკითხის კვლევა სხვადასხვა ლაბორატორიში განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ეს „უზუსტობა“ ექსპერიმენტში თვითდაკვირვების სუბიექტურობას შეჰქონდა, რაც „ობიექტური ფსიქოლოგიის“ (ბიჰევიორიზმის) მიმდევრებს არ გამოჰპარვიათ (იხ. თავი 9.1.).

      ვუნდტის ფსიქოლოგიის ეკლექტიზმი იმაშიც ჩანს, რომ ის ერთდროულად დეტერმინისტულიც არის და ვოლუნტარისტულიც. ვუნდტმა მთელი მოძღვრება შექმნა ფსიქიკური კაუზალობის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების სფეროში ყველაფერი მიმდინარეობს გარკვეული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონზომიერების მიხედვით. ამავე დროს, იგი თავის სისტემას ვოლუნტარიზმს უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ ფსიქიკის იმანენტური აქტივობის უნარი ახსნას არ ექვემდებარება.

      ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმი ალბათ ყველაზე მეტად გამოვლინდა მის პოზიციაში ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიისა და ხალხთა ფსიქოლოგიის არსებობის შესახებ. ამ პოზიციას ფსიქოლოგიის ორად გაყოფასთან მივყავართ, რომელთაგან ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლასში ხვდება, ხოლო მეორე - ე.წ. გონის (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათა კატეგორიაში. გამოდის, რომ ფსიქოლოგია ეკუთვნის ბუნებისმეტყველებასაც და ჰუმანიტარიასაც. ასეთი რამის დაშვება ერთიანი დისციპლინის ფარგლებში უმძიმეს მეთოდოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის, რის შესახებაც ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ (იხ. თავი 6.7.).

      ვუნდტის ღვაწლი ფსიქოლოგიის წინაშე არ არის ერთმნიშვნელოვნად შეფასებული. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების ნაწილი მართებულად აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამა შეიცავდა ისეთ მომენტებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგებოდნენ ფსიქოლოგიის განვითარების ობიექტურ ლოგიკას. ასეთია, მაგალითად, მისი პოზიციის გამოკვეთილი სუბიექტივიზმი; იგი კვლევიდან გამორიცხავს ყველაფერს, რაც არ წარმოადგენს ცნობიერებას - იქნება ეს ადამიანისა და ცხოველის ქცევა თუ არაცნობიერი ფსიქიკა. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი პოზიციის სტრუქტურალიზმი, რომელიც ზღუდავს ფსიქოლოგიის კვლევითი ამოცანების წრეს ფსიქიკური მოვლენების შემადგენლობის აღწერითა და ახსნით. მაგრამ ფსიქოლოგია ვალდებულია შეისწავლოს ფსიქიკური მოვლენები და პროცესები არა მხოლოდ მათი სტრუქტურის, არამედ მათი დანიშნულების, როლისა და იმ ფუნქციის მხრივაც, რასაც ისინი ასრულებენ ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან შეგუების პროცესში.

      აღსანიშნავია ვუნდტის ფსიქოლოგიის მეთოდური მხარეც. ექსპერიმენტის „მიბმა“ ინტროსპექციაზე ზღუდავს მისი გამოყენების ჩარჩოებს. ასეთი ექსპერიმენტის გამოყენება შეუძლებელია ცხოველებზე, ბავშვებზე, სულით ავადმყოფებზე და სხვა. ექსპერიმენტული კვლევის მიღმა რჩება უამრავი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საკითხი. გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართ ვუნდტი არც იჩენდა რამდენადმე სერიოზულ ინტერესს. მას არასანდოდ მიაჩნდა ბავშვისა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში მოპოვებული მონაცემები. ზოგად კანონზომიერებებზე ორიენტირებული ვუნდტი ხელისშემშლელად მიიჩნევდა ყველაფერს, რაც ინდივიდუალურ განსხვავებებს უკავშირდებოდა. აქედან მომდინარეობს მის მიერ დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტესტოლოგიის მიუღებლობა. ზოგადი ფსიქოლოგიის მეტრი დიდი ეჭვით უყურებდა ფსიქოტექნიკის, იურიდიული, სამედიცინო თუ გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვა დარგების განვითარებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ რა დაუფარავი სარკაზმით ეხმიანებოდა ვუნდტი თავისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფის, ჰ. მიუნსტენბერგის აშკარად წარმატებულ და საყოველთაოდ აღიარებულ მოღვაწეობას ამ სფეროში.

      მაშინ რატომ ითვლება ვუნდტი ფსიქოლოგიის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტად? რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ვუნდტის თეორიულმა შეხედულებებმა სწორედ რადიკალურად და მკვეთრად გამოთქმული „შეცდომებითაც“ შეიტანა დიდი წვლილი მეცნიერების განვითარებაში. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ეკლექტიკოსის შემოქმედებაში ყველა პოულობდა მისაღებსაც და მიუღებელსაც; ეს უკანასკნელი კი ხდებოდა შემოქმედების, ახალი იდეებისა და, საბოლოოდ, ფსიქოლოგიის პროგრესის ქვაკუთხედი. ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა არც თუ ყოველთვის ადექვატური კრიტიკის სამიზნე გახდა იმათთვის, ვინც ახალ გზებს ეძებდა ჩვენს მეცნიერებაში მაშინ, როდესაც იგი პირველ ნაბიჯებს დგამდა აკადემიური მეცნიერების ასპარეზზე და სერიოზული პრეტენზიების მქონე დამოუკიდებელ დისციპლინად ყალიბდებოდა. იმ დროის პოზიტივისტური სულისკვეთების გათვალისწინებით, ეს სტატუსი ფსიქოლოგიას მისმა ექსპერიმენტულობამ მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტირება ფსიქიკის სფეროში ვუნდტს არ დაუწყია, მისი მოღვაწეობა სისტემატური ექსპერიმენტული კვლევების ორგანიზაციის საქმეში ფასდაუდებელია. ვუნდტის ინსტიტუტის ფუნქციონირება აღმოჩნდა ის საბოლოო იმპულსი, რომელმაც ფსიქოლოგიაში ფართო ექსპერიმენტულ კვლევა-ძიებას გზა გაუხსნა. ვუნდტმა შექმნა უდიდესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც გაიარა მრავალმა ახალგაზრდა მეცნიერმა მთელი მსოფლიოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი აყალიბებდნენ კვლევით ცენტრებს, სადაც ახალი მეცნიერების აქტიური განვითარება ხდებოდა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების საერთო შეფასებით, ვუნდტმა უნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მკვლევართა კონსოლიდაციის საქმეში. ისინი თანდათან ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ფსიქოლოგებად. თავად ვუნდტი კი შეიძლება პირველ პროფესიონალ ფსიქოლოგად ჩაითვალოს.

      ვუნდტთან წვრთობაგამოვლილი სპეციალისტების უმრავლესობა მაინც თავისი საკუთარი გზით წავიდა ფსიქოლოგიაში. მათ საფუძველი ჩაუყარეს მთელ რიგ დარგებს, ორიგინალურ თეორიულ ორიენტაციებსა და სამეცნიერო სკოლებს, მაგრამ ერთი მეცნიერი ბოლომდე დარჩა თავისი სათაყვანებელი მასწავლებლის, ვილჰელმ ვუნდტის მიმდევრად. ეს იყო ე. ტიჩენერი.

6.2. სტრუქტურული ფსიქოლოგია

      ედვარდ ბრედფორდ ტიჩენერი (1867-1927) დაიბადა სამხრეთ ინგლისში, ჩიჩესტერში. ოქსფორდში მიიღო ფილოსოფიური განათლება. ერთხანს იქვე მუშაობდა ფიზიოლოგიის კათედრაზე, მაგრამ გული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისკენ მიუწევდა. ინგლისში იმ დროს ჯერ კიდევ ფილოსოფიურასოციაციონისტური ფსიქოლოგია ზეობდა. ამიტომ ტიჩენერი გაემგზავრა ლაიფციგში, სადაც ორი წელი დაჰყო და ვუნდტის ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის გულანთებული მომხრე გახდა. 1892 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა სამშობლოში. ძალიან მალე ტიჩენერი მიხვდა თავისი მეცნიერული მრწამსის სრულ შეუსატყვისობას ინგლისური ფსიქოლოგიის სულისკვეთებასთან და იძულებული გახდა გადასახლებულიყო ამერიკაში, სადაც ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა ახალი ფსიქოლოგიური ლაბორატორიები. 1893 წელს ტიჩენერი სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიას ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტში, შემოიკრიბა მოწაფეები და შექმნა ე.წ. სტრუქტურული ფსიქოლოგიის სკოლა, რომელიც ამერიკაში გერმანული მენტალისტური ფსიქოლოგიის ბასტიონად გადაიქცა. ის გამიჯნული იყო მთელი ამერიკული ფსიქოლოგიისაგან, სადაც უპირატესად ვითარდებოდა ისეთი დარგები, როგორიცაა დიფერენციალური, ცხოველთა, ბავშვის ფსიქოლოგია. მათგან განსხვავებით, ტიჩენერის ფსიქოლოგია კლასიკური, ვუნდტისეული ზოგადი ფსიქოლოგიაა. იგი ექსპერიმენტულია და ინტროსპექტული, მაშინ როცა ამერიკაში სულ უფრო მეტ პოპულარობას კვლევის ობიექტური მეთოდები იძენენ.

      ძალიან მალე ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია დაუპირისპირდა ე.წ. ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ბიჰევიორიზმის გაბატონებამდე ამერიკული ფსიქოლოგიის მთავარ თეორიულ ორიენტაციას წარმოადგენდა (იხ. თავი 6.5.). სტრუქტურულ ფსიქოლოგიას არ აინტერესებს, თუ რა როლს ასრულებს ესა თუ ის ფსიქიკური წარმონაქმნი ქცევაში, რა ფუნქცია აქვს მას. სტრუქტურული ფსიქოლოგიის ამოცანა საკუთრივ ცნობიერების შემადგენლობის, სტრუქტურის შესწავლაა. სტრუქტურის ცნება მოიცავს რაიმე მოვლენის შემადგენელ ნაწილებს და მათ შორის არსებულ კავშირებს. აქედან გამომდინარე, სტრუქტურულმა ფსიქოლოგიამ უნდა გამოყოს ცნობიერების უმთავრესი ელემენტები (ანალიზი), გაარკვიოს, თუ რა სახის კავშირებს ქმნიან ისინი (სინთეზი) და ახსნას, თუ რატომ იქმნება სწორედ ასეთი კავშირების კომბინაციები (კანონები). ადვილი დასანახია, რომ ტიჩენერთან ფსიქოლოგიური კვლევის ამოცანები არსებითად ისევეა ფორმულირებული, როგორც ვუნდტთან. განსხვავება ეხება აქცენტებს და პრობლემების გადაწყვეტის მეთოდოლოგიას.

      მაგალითად, ფსიქოლოგიური ახსნისა და კანონების საკითხს ტიჩენერი სხვანაირად უდგება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი, ვუნდტთან შედარებით, გაცილებით ძლიერი პოზიტივისტური ორიენტაციით გამოირჩევა. ტიჩენერი თამამად ლაპარაკობს ანალოგიებზე ფსიქოლოგიასა და ფიზიკას შორის, რასაც მისი მასწავლებელი ძალიან ერიდებოდა. ცხადია, ტიჩენერიც ცდილობს გამიჯნოს ბუნებისმეტყველებისა (ფიზიკის) და ფსიქოლოგიის შესასწავლი მოვლენები. ისიც თვლის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია უშუალო გამოცდილებისადმი განსხვავებული მიდგომით. ერთ შემთხვევაში გამოცდილება წარმოდგენილია კონკრეტული პიროვნებისაგან სრულიად დამოუკიდებელი, ანუ ობიექტური რეალობის სახით. მეორე შემთხვევაში ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ეს გამოცდილება მთლიანად პიროვნებაზეა დამოკიდებული და მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც მას ვინმე აღიქვამს. მაგალითად, ფუნდამენტური ფიზიკური მოვლენები, როგორიცაა სივრცე, დრო, მასა, ყველგან და ყოველთვის მუდმივია, იზომება უცვლელი სიდიდეებით და ამ თვალსაზრისით არ არიან მკვლევარის პიროვნებაზე დამოკიდებულ ცვლადები.

      სამაგიეროდ, სუბიექტურ გამოცდილებაში ამ მოვლენათა შეფასება ძალიან ცვალებადობს - ორი ტოლი ხაზი არატოლად გვეჩვენება იმის მიხედვით, თუ საითაა მიმართული ბოლოებში მიბმული ისრები (მიულერლაიერის ილუზია); ორი ტოლი წონის საგნიდან ის გვეჩვენება უფრო მსუბუქი, რომელიც დიდად გამოიყურება (შარპანტიეს ილუზია); დროის ერთნაირი მონაკვეთი ხან ძალიან იწელება, ხანაც სწრაფად გარბის, გამომდინარე იქიდან, თუ რა სიტუაციაში ვიმყოფებით. ფიზიკამ იცის, რომ სითბო, არსებითად, მოლეკულების მოძრაობაა, სინათლე - ელექტრომაგნიტური ტალღების გადაადგილება, ხოლო ბგერა - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. ფიზიკური სამყარო, რომელშიც გამოცდილების ეს სახეები მკვლევარი სუბიექტისაგან დამოუკიდებლად განიხილება, არც თბილია და არც ცივი, არც ნათელია და არც ბნელი, არც ხმაურიანია და არც მდუმარე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოცდილება ადამიანზე დამოკიდებულად განიხილება, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ ტემპერატურას, მრავალ სხვადასხვა ფერს და ტონს. ყოველივე ეს არის ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანი.

      ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგია ვერ შეიზღუდება უშუალო გამოცდილების აღწერით. ფიზიკის მსგავსად, მან მოვლენების ახსნაზეც უნდა იზრუნოს. აქ კი ჩვენ სერიოზულ სირთულეს ვაწყდებით, ვინაიდან „ერთ ფსიქიკურ პროცესს მეორის მიზეზად ვერ განვიხილავთ“. ამავე დროს, ვერც ნერვული პროცესები ჩაითვლება ფსიქიკურის მიზეზად, რადგან ისინი მოვლენათა პარალელურ რიგს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ახსნის ამოცანის გადაწყვეტისას ფსიქოლოგიამ ისევ სხეულებრივ პროცესებს უნდა მიმართოს. ისინი არ იწვევენ ფსიქიკურ მოვლენებს, მაგრამ გვეხმარებიან მათი ერთიანობისა და თანმიმდევრობის გაგებაში ისევე, როგორც რუკა გვეხმარება გორაკების, მდინარეების, ქალაქების ადგილმდებარეობის, გარკვევაში. ერთი სიტყვით, „ფიზიკა ხსნის მოვლენას მისი მიზეზის დადგენის საშუალებით. ფსიქოლოგია იძლევა ახსნას იმ ნერვულ პროცესებზე მითითების გზით, რომლებიც დაკვირვებად ფსიქიკურ მოვლენებთან ურთიერთკავშირშია. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორივე მეთოდი, თუ ახსნას მივიჩნევთ იმ გარემოებათა გარკვევად, რომლებშიც აღწერილი მოვლენა ხორციელდება. „ნამი წარმოიქმნება ჰაერისა და მიწის ტემპერატურების სხვაობის პირობებში; აზრები წარმოიქმნება ნერვულ სისტემაში მიმდინარე გარკვეული პროცესების პირობებში. შესასწავლი ობიექტი და ახსნის წესი ორივე შემთხვევაში არსებითად ერთნაირია“. ამრიგად, ტიჩენერის მიხედვით, ფსიქოლოგია თავისი ამოცანებით და საერთო მეთოდოლოგიით ემსგავსება საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, იმავე ფიზიკას და ფიზიოლოგიას. უფრო მეტიც, ახსნით ნაწილში ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ფიზიოლოგიის კანონებს მიმართავს. ეს პოზიცია საკმაოდ შორდება ვუნდტის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც სწორედ სპეციფიკური ფსიქოლოგიური კაუზალობის არსებობა განასხვავებს მას ყველა სხვა მეცნიერებისაგან.

      ვუნდტის პოზიციიდან ერთგვარი განსვლა იგრძნობა ფსიქოლოგიური კვლევის მეორე ამოცანასთან დაკავშირებითაც. ეს ამოცანა ელემენტებიდან მიღებული რთული ფსიქიკური მოვლენების დახასიათებასა და მათი წარმოქმნის (სინთეზის) წესის განსაზღვრაში მდგომარეობს. ტიჩენერისთვის მიუღებელია აპერცეფცია და მასთან დაკავშირებული ვუნდტისეული ვოლუნტარიზმი, ვინაიდან ისინი აუხსნელ ძალებსა თუ მექანიზმებს გულისხმობენ. ამავე დროს, აპერცეფციის ცნების გარეშე ძნელი ხდება რთულ ფსიქიკურ შენაერთებზე მსჯელობა ანუ სინთეზის ამოცანის რამდენადმე პროდუქტიული გადაწყვეტა. რაკი ავტორი სხვა ალტერნატივას არ გვთავზობს, რჩება მხოლოდ ასოციაციის მასინთეზირებელი მექანიზმი, რაც ახალი გერმანული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მქადაგებელი ტიჩენერის ბრიტანულ ასოციაციურ ფსიქოლოგიასთან პარადოქსულ დაბრუნებას ნიშნავს.

      შესაძლოა, ამითაც იყო გამოწვეული, რომ ტიჩენერმა თავისი ექსპერიმენტული კვლევა-ძიების ძირითად ამოცანად ფსიქიკის ანალიზი აქცია. ტიჩენერი და მისი თანამშრომლები შესაშური ენთუზიაზმით ეძებდნენ ფსიქიკის ახალ ელემენტებს და მათ თვისებებს შეისწავლიდნენ. ამ კვლევის შედეგად ტიჩენერმა გამოყო ელემენტების სამი ჯგუფი, ესენია: შეგრძნებები (აღქმის ელემენტები), წარმოდგენები (მეხსიერებისა და ფანტაზიის ელემენტები) და ემოციური მდგომარეობები (რთული გრძნობების ელემენტები). შეგრძნებათა და წარმოდგენების ძირითადი ნიშნებია: რომელობა, ინტენსივობა, მკაფიობა და ხანგრძლივობა. წარმოდგენები, როგორც შეგრძნებათა ასლები, მათზე ნაკლებ მკაფიოა, ხოლო ემოციურ მდგომარეობებს ეს თვისება სულ არ ახასიათებს. ამასთან, ტიჩენერი ფიქრობდა რომ გრძნობებს მხოლოდ ორი რომელობა აქვთ - სიამოვნება და უსიამოვნება. ამით იგი დაუპირისპირდა ვუნდტს, რომელიც გრძნობების რომელობათა სამგანზომილებიანობის თვალსაზრისზე იდგა. რაც შეეხება შეგრძნებებს (და შესაბამის წარმოდგენებს), ისინი უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნიან.

      ცნობიერების მოვლენები ერთგვარ შინაგან სამყაროს შეადგენენ, რომელსაც თავისებური მასალა და წყობა აქვს. ტიჩენერი ე.წ. „ფსიქიკის მატერიაზე“ ლაპარაკობდა. მისი ანალიზი, ცხადია, მხოლოდ თვითდაკვირვების საშუალებით შეიძლება. იგი თავის ინტროსპექციონიზმში ვუნდტზე შორს მიდიოდა და ლაპარაკობდა განსაკუთრებულ, წმინდა, ან სხვანაირად, ანალიტიკურ თვითდაკვირვებაზე. ეს არის სპეციალურად გაწაფული ინტროსპექცია, რომლის მონაცემები გამორიცხავენ ე.წ. სტიმულის შეცდომას. თვითდაკვირვებისას ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ, ვინაიდან ჩვენი შინაგანი სამყაროს აღწერისას, ფაქტობრივად, გარე მოვლენებზე და ობიექტებზე ვსაუბრობთ. სტიმულის შეცდომის დროს ერთმანეთშია არეული თვითონ ფსიქიკური პროცესი და ამ პროცესის სტიმული (გარემოს მოვლენა ან საგანი). ამის თავიდან ასაცილებლად ანალიზური თვითდაკვირვების მონაცემები მხოლოდ „ცნობიერების წმინდა შინაარსებისაგან“ უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ინტროსპექციული ანგარიშისას ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ „გზა უსწორმასწოროა“, რაც გარე ობიექტის თვისებას აღნიშნავს, არამედ ის, რომ „წნევა ტერფებზე სულ უფრო არაერთგვაროვანი ხდება“, რაც წმინდა სახით შეგრძნების რაგვარობაზე მიუთითებს. ასევე, ლამპარზე ლაპარაკის ნაცვლად უნდა აღვწეროთ სინათლის, სითბური, სივრცითი და სხვა სახის შეგრძნებები ან უფრო რთული ფსიქიკური მოვლენები, რომელთაც ეს საგანი (სტიმული) იწვევს ცნობიერებაში.

      თავის ლაბორატორიაში ტიჩენერი ცდისპირებს ექსპერიმენტულ პირობებში, ხელოვნურად აწვდიდა სათანადო სტიმულებს და სთხოვდა ისეთ „რაფინირებულ“ ინტროსპექციულ პასუხებს, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებშია წარმოდგენილი. ასე შეიქმნა ელემენტარულ შეგრძნებათა სია, რომელიც სენსორული განცდის 44 ათას ნიუანსს შეიცავდა. მათგან უმეტესობა მხედველობით (32 820) და სმენით (11 600) სფეროს მიეკუთვნებოდა. ტიჩენერის შემდეგ მის ლაბორატორიაში ანალიზური ინტროსპექციის უამრავი ოქმი დარჩა. მათ მიმართ ინტერესი აღარავის გამოუჩენია, ვინაიდან შემდგომმა მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ეს მონაცემები არ იყო ღირებული არც აკადემიური და არც გამოყენებითი მეცნიერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოყენებით ფსიქოლოგიას თვითონ ტიჩენერი არ ცნობდა, რაც აშკარა დისონანსში იყო ამერიკული ფსიქოლოგიის საერთო პრაქტიკულ სულისკვეთებასთან.

      ტიჩენერის მოძღვრება და კვლევა-ძიება არც ევროპული ფსიქოლოგიის განვითარების ძირითად ტენდენციებს ეთანხმებოდა (რა თქმა უნდა, ვუნდტის სკოლის გამოკლებით). ამის სარწმუნო მაგალითია მწვავე კამათი, რომელიც გაიმართა ტიჩენერისა და ვიურცბურგის სკოლებს შორის არათვალსაჩინო აზროვნების პრობლემის გარშემო. ვიურცბურგელებმა აღმოაჩინეს, რომ რაიმეს მოაზრება შესაძლებელია შინაარსის წარმოდგენითი მოცემულობის გარეშე (იხ. თავი 7.1.). ტიჩენერი ამას უჩვეულო სიჯიუტით უარყოფდა. იგი შეუვალი სენსუალისტი იყო და შეგრძნებით საწყისს ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში ეძებდა. ამაში, შესაძლებელია, მისი დიდი თანამემამულეების, ბრიტანელი სენსუალისტების გავლენაც დავინახოთ. ასეა თუ ისე, იგი თვლიდა, რომ აზროვნების შინაარსი ყოველთვის რაიმე გრძნობად-თვალსაჩინო ფორმაშია მოცემული და მიაჩნდა, რომ ვიურცბურგელთა სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვება უბრალოდ ვერ იჭერდა იმ სენსორულ ფენომენებს, რომელთა სახითაც არის წარმოდგენილი მნიშვნელობა აზროვნების დროს. ტიჩენერის რწმენით, მისი ოპონენტები სტიმულის შეცდომაში ვარდებიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ რაიმე მნიშვნელობა არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული, ვინაიდან მისი მოაზრებისას თვითდაკვირვება არ ადასტურებს ცნობიერებაში სათანადო ხატის, წარმოდგენის არსებობას. ტიჩენერის მნიშვნელობის კონტექსტური თეორიის თანახმად, ყოველგვარი ცოდნა ობიექტის შესახებ აიგება გრძნობადწარმოდგენითი ელემენტების ერთობლიობიდან. ასეთ კონტექსტში არსებობს ე.წ. სენსორული ბირთვი, რომელსაც უპირატესად ძნელად შესამჩნევი კუნთური და ორგანული შეგრძნებები ქმნიან. მაშინაც, როდესაც კონტექსტის დანარჩენი ელემენტები ცნობიერებაში არაა, სენსორული ბირთვი ყოველთვის სახეზეა. ის ცნობიერებაში მთელ მნიშვნელობას წარმოადგენს და კარგად გავარჯიშებული ანალიზური თვითდაკვირვება მას აუცილებლად აღმოაჩენს. მაშასადამე, აზროვნება მაინც თვალსაჩინო, სენსორულ-წარმოდგენითი ბუნებისაა.

      მთელი ეს მსჯელობა დინების წინააღმდეგ სვლა იყო, ხელოვნური და არაადეკვატური თეორიული კონსტრუქცია, რომელიც დისკრედიტირებული სენსუალისტური იდეის გადარჩენას ემსახურებოდა. ტიჩენერის ტიტანური, მაგრამ პრინციპში უნაყოფო შრომა ლოგიკურად ასრულებს ელემენტარისტული ფსიქოლოგიის ხაზს, რომელსაც მეცნიერება ჩიხში შეჰყავდა. ტიჩენერმა ეს გზა ბოლომდე გაკვალა, მაგრამ მას აღარავინ გაჰყვა.

6.3. ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია

      ფრანც ბრენტანო (1838-1917), გერმანიაში გადასახლებული ძველი იტალიური გვარის ჩამომავალი, დაიბადა რაინზე მდებარე ქალაქ მარიენბერგში. ოჯახი მას თავიდანვე სასულიერო პირად ამზადებდა. მიიღო რა საფუძვლიანი საუნივერსიტეტო ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება მიუნჰენში, ვიურცბურგში, ბერლინსა და მიუნსტერში, ბრენტანომ 1862 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტიუბინგენში, ორი წლის შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და დაიწყო ფილოსოფიის სწავლება ვიურცბურგის უნივერსიტეტში. ამ დროისთვის მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომი არისტოტელეს მოძღვრებაზე. უნდა ითქვას, რომ არისტოტელე ბრენტანოსთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში კერპად დარჩა. ბრენტანო აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დისკუსიაში პაპის უცოდველობის შესახებ. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ვატიკანმა მიიღო უცოდველობის დოგმა, რასაც ბრენტანო კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მან ანაფორა გაიხადა და უარი თქვა პროფესორის წოდებაზე, რომელიც, როგორც მღვდელმა, მიიღო. ამიერიდან იგი მხოლოდ მეცნიერებას ემსახურებოდა. 1874 წელს გამოქვეყნდა ბრენტანოს კლასიკური ნაშრომი „ფსიქოლოგია ემპირიული თვალსაზრისით“. თუ გავიხსენებთ, რომ ამავე წელს გამოიცა ვუნდტის „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ მეორე ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია ფსიქოლოგიის ისტორიისთვის, ვინაიდან ეს არის თარიღი ორი უმნიშვნელოვანესი წიგნის გამოსვლისა, რომლებმაც არსებითად განსაზღვრეს იმდროინდელი ფსიქოლოგიის სახე. ამ საეტაპო წიგნის გარდა, თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები ბრენტანოს გადმოცემული აქვს კიდევ ორ ნაშრომში: „შეგრძნების ფსიქოლოგიის შესახებ“ (1907) და „ფსიქიკურ ფენომენთა კლასიფიკაციისთვის“ (1911). ისე კი ბრენტანოს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში არც თუ ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. იგი უფრო „მოლაპარაკე“ მეცნიერი იყო, ვიდრე „მწერალი“. ბრენტანოს ლექციები ვენის უნივერსიტეტში, სადაც მან 1974 წელს დაიწყო პროფესორად მუშაობა, ძალიან პოპულარული იყო. მის მრავალრიცხოვან მსმენელთა შორის ბევრმა გაითქვა სახელი: მაგალითად, ტ. მასირაკი ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, ხოლო გ. ფონ ჰეთლინგი - ავსტრიის რეიხსკანცლერი. ხოლო მეცნიერთაგან საკმარისია დავასახელოთ ისეთი თვალსაჩინო მოაზროვნეები, როგორიცაა ზ. ფროიდი (ფსიქოანალიზის ავტორი), ე. ჰუსერლი (ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ავტორი), კ. შტუმფი (ბერლინის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), ა. მაინონგი და ქ. ერენფელსი (გრაცის ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლები). ვენაში ბრენტანომ ოც წელს იმუშავა. პედაგოგიური საქმიანობიდან წასვლის შემდეგ იგი ათ წელს ცხოვრობდა ფლორენციაში, შემდეგ ციურიხში. ავადმყოფობის მიუხედავად, ბრენტანო სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა მუშაობას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში.

      ბრენტანო, ვუნდტის მსგავსად, პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავდა, რომ ფსიქოლოგია დამოუკიდებელ ემპირიულ მეცნიერებად დაემკვიდრებინა. ამიტომ მის წინაშეც ბუნებრივად დადგა ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა, სახელდობრ, საკრამენტული საკითხი ფიზიკურისა და ფსიქიკურის გამიჯვნის შესახებ. ბრენტანომ მისი გადაჭრა სხვა გზით სცადა. როგორც ვნახეთ, ვუნდტისთვის ფიზიკური და ფსიქიკური სინამდვილე ერთიანია - ეს არის უშუალო გამოცდილება, რომელშიც ბუნებისმეტყველებისა და ფსიქოლოგიის საგანთა გამოცალკევება სხვადასხვა თვალსაზრისის საფუძველზე ხდება. რეალობა, მასალა ერთია, განსხვავებულია გნოსეოლოგიური პოზიცია.

      ბრენტანოს მიაჩნდა, რომ თვალსაზრისის პრინციპი არ არის საკმარისი. ამ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიური დაფუძნებისთვის მათ იმთავითვე საკუთარი ობიექტი, საგანი უნდა მოეძებნოს. იგი თითქოს ნახულობს კიდეც ასეთ საგანს გამოცდილების იმანენტურ სტრუქტურაში. ამისთვის არ არის საჭირო გამოცდილების (ცნობიერების) სხვადასხვა თვალსაზრისით ანალიზი; საკმარისია მისი განხილვა ისე, როგორც ის ბუნებრივად არის მოცემული. თუ ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ემპირიულად მოცემული გამოცდილება არ შედგება მხოლოდ შინაარსებისაგან, რომელთაც ტრადიციული ფსიქოლოგია ხატების, წარმოდგენებისა თუ სხვა, ე.წ. ფსიქიკური მოვლენების სახით წარმოაჩენდა. გამოცდილება, პირველ რიგში, შედგება ე.წ. აქტებისაგან. აქტები ცნობიერების პირველადი მოცემულობაა. თითოეული აქტი ყოველთვის რაიმე შინაარსს გულისხმობს, ის აუცილებლად რაიმე ობიექტზეა მიმართული. აქ ბრენტანოს შემოაქვს შუა საუკუნეების სქოლასტიკიდან ნასესხები ტერმინი ინტენცია, რომელიც ცნობიერების რაიმე საგანზე მიმართულობას აღნიშნავს. თვითონ ინტენციის საგანი, ანუ შინაარსი, ფსიქოლოგიის ობიექტი არ არის. საკუთრივ ფსიქიკური ფენომენი არის ინტენციონალური აქტი. ფერი არ არის ფსიქიკური; ფსიქიკურია ხედვა, ხედვის აქტი. ან კიდევ, როდესაც ადამიანს სიტყვა ესმის, მისი ცნობიერება ბგერით-მატერიალური გარსის მიღმა იმ საგნისკენ მიემართება, რომელსაც ის აღნიშნავს. სიტყვის გაგება არის აქტი და, მაშასადამე, ფსიქიკური ფენომენი. ის დაირღვევა, თუკი თავად აქტს აკუსტიკური გამღიზიანებლისა (ბგერის) და მის მიერ აღნიშნული ფიზიკური საგანისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ინტენციონალური აქტი მათზეა მიმართული და მათ გულისხმობს, მაგრამ არც გამღიზიანებელი და არც საგანი თავისთავად, ფსიქოლოგიის შესასწავლ სფეროს არ მიეკუთვნება. ერთი სიტყვით, შინაარსები, რომლებზეც აქტებია მიმართული, ბუნებისმეტყველების საკვლევ სფეროს შეადგენს, აქტები - ფსიქოლოგიისას. ამრიგად, აქტისა და მისი შინაარსის ანალიზის გზით, ბრენტანო ბუნებისმეცნიერებათა და ფსიქოლოგიის დიფერენციაციამდე მიდის.

      ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუნების ობიექტები თავისთავად, ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად არსებობენ. ერთადერთი, რისი დარწმუნებით თქმაც შეუძლია ცნობიერების ფსიქოლოგიას და მასზე დამყარებულ „მეცნიერულ ფილოსოფიას“, არის ის, რომ მათი მოცემულობის ფორმა ყოველთვის აქტის შინაარსად ყოფნაა. ფიზიკური მოვლენები ყოველთვის ფსიქიკური ინტენციის ობიექტებია. თვითონ მათ ინტენციონალობის ნიშანი არ ახასიათებთ. ფიზიკური ობიექტები არ არიან აუცილებლად რაიმეზე მიმართული. ინტენციონალობა ფსიქიკური მოვლენების (აქტების) განსაკუთრებული თვისებაა. ფიზიკურსა და ფსიქიკურს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანი ფსიქიკურის იმანენტური ინტენციონალობაა. ამ აზრს ავტორი მკაფიოდ აყალიბებს: „ყოველი ფსიქიკური ფენომენი ხასიათდება იმით, რასაც შუა საუკუნეების სქოლასტები საგნის ინტენციურ (ან მენტალურ) შინაგან არსებობას უწოდებდნენ და რისთვისაც ჩვენ შეგვეძლო გვეწოდებინა შინაარსისადმი მიმართება, ობიექტზე მიმართულობა ... ყოველი ფსიქიკური ფენომენი რაიმეს შეიცავს, როგორც თავის ობიექტს, თუმცა ყველა ერთგვარად არა. ამის მიხედვით წარმოდგენაში უთუოდ რაღაცის წარმოდგენა ხდება, მსჯელობაში - დადასტურება ან უარყოფა, სიყვარულში - შეყვარება, სიძულვილში - შეძულება და ა.შ.“.

      მოყვანილი გამონათქვამის მეორე ნახევარში მოცემული მსჯელობა, არსებითად, ეხება ფსიქიკური მოვლენების კლასიფიკაციის საკითხს. ბრენტანო ამტკიცებს, რომ ცნობიერების აქტებში შინაარსის მოცემულობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამის მიხედვით იგი აქტების სამ სახეობას გამოყოფს: იდეაციის, განსჯისა და გრძნობის აქტებს. იდეაციის აქტებში (შეგრძნება, წარმოსახვა) საგანი ხატის ან წარმოდგენის სახით არის მოცემული. წარმოდგენა ყველა ფსიქიკური ფენომენის საფუძველია. არ შეიძლება იმსჯელო და არ გქონდეს წარმოდგენა, რაზეა მსჯელობა; არ შეიძლება გიყვარდეს და იმის წარმოდგენა არ გქონდეს, თუ ვინ გიყვარს, ისურვო - სურვილის ობიექტის წარმოდგენის გარეშე და ა.შ. განსჯის აქტებში ხდება დადასტურება ან უარყოფა, შემჩნევა ან მოგონება. აქ აქტის შინაარსი მოცემულია ჭეშმარიტ-მცდარობის განზომილებაში. დაბოლოს, გრძნობის აქტებში საგანი ფასდება, როგორც სასურველი ან მავნე. როგორც ვხედავთ, ცნობიერების მოვლენები ამ შემთხვევაშიც სამ კლასად იყოფა, ოღონდ აქ იგულისხმება არა ფსიქიკური შინაარსები ან სტრუქტურის ელემენტები, არამედ ფსიქიკური პროცესები, აქტები - აქტი აღქმისა, აქტი აზროვნებისა, აქტი ემოციისა.

      ამრიგად, ბრენტანოს თვალსაზრისით, ფსიქიკური მოვლენები არის აქტები, აქტის ძირითადი თვისება კი მისი ინტენციონალობაა. გარდა ამისა, აქტს კიდევ აქვს სხვა თვისებები, რომელთა გარეშე მისი ცნობიერი ფენომენის სახით გააზრება შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ, განსაზღვრების თანახმად, აქტში შინაარსი ცნობიერდება, როგორც ინტენციის საგანი, ხოლო ის, რაზეც მიმართულია აქტი (შინაარსი, საგანი) არაფსიქიკურია (ფიზიკურია). მაშინ დგება საკითხი თვით აქტის გაცნობიერების შესახებ. ფაქტია, რომ თუნდაც განსჯის აქტი ცნობიერია, მაგრამ როგორ ხდება ის ცნობიერი? თუ ამ აქტის გასაცნობიერებლად მეორე აქტია საჭირო, მაშინ ეს პირველი აქტი (აზროვნება) სხვა აქტის შინაარსად (საგნად) იქცევა. ამით მას ავტომატურად დაეკარგება ფსიქიკურობის ნიშანი და ფიზიკურ მოვლენად გადაიქცევა, რაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თუ მივიღებთ დებულებას, რომ აქტის გაცნობიერება სხვა აქტის მეშვეობით ხდება, მაშინ აქტის გამაცნობიერებელ აქტსაც დასჭირდება გაცნობიერება და შესაბამისი აქტი, ამ უკანასკნელს კიდევ თავისი და ასე, უსასრულოდ. ერთი სიტყვით, აქტის გაცნობიერება შეუძლებელი გახდება.

      ამ სირთულეებიდან თავის დასაღწევად ბრენტანოს ფსიქიკურის კიდევ ერთი არსებითი ნიშანი შემოაქვს. მისი აზრით, ფსიქიკურს და ფიზიკურს ისიც განასხვავებს, რომ ერთი ე.წ. შინაგანი აღქმით არის მოცემული, მეორე კი - გარეგანი აღქმით. ფსიქიკურის (აქტის) შინაგან აღქმაში მოცემულობის თეზისი იმ მტკიცებიდან გამომდინარეობს, რომ აქტები ორმიმართულებიანი ფსიქიკური ფენომენებია. ერთი მხრივ, ისინი მიმართული არიან სხვაზე (შინაარსზე, საგანზე) და ეს არის გარეგანი აღქმა, ხოლო მეორე მხრივ - თავის თავზე, რაც შინაგანი აღქმაა. ყოველ აქტს ასეთი თვისება აქვს: ის აცნობიერებს არაფსიქიკურ შინაარსებს და, იმავდროულად, თვით ამ ფსიქიკურ აქტს. ჩვენ არა მარტო რაიმეს გავიაზრებთ, არამედ ვიცით, რომ ვაზროვნებთ; არა მხოლოდ გვიყვარს ვინმე, არამედ ვაცნობიერებთ, რომ შეყვარებულები ვართ. აქტი უშუალოდ არის მოცემული თვითცნობიერებაში. აქტი და მისი თვითგანცდა, არსებითად, ერთი და იგივე პროცესია, ამიტომ აქტის გასაცნობიერებლად სხვა აქტი საჭირო არ არის. აქტის თვითგანცდა მოიცავს როგორც თვითწარმოდგენას, ისე თვითშემეცნებასა და თვითგრძნობას.

      ფსიქიკურის შინაგან აღქმაში მოცემულობას მჭიდროდ უკავშირდება ფსიქიკურის კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი. ეს არის მისი უშუალო, ნამდვილი და უეჭველი არსებობა, ანუ ე.წ. ევიდენტურობა. გარეგანი აღქმის საგნები, როგორც ბუნებისმეტყველების მოვლენები, ყოველთვის ინტენციონალურად არის მოცემული. ისინი თვითონ არ წარმოადგენენ ფსიქიკას და მის გარეთ არსებულად იგულისხმებიან. არის თუ არა მათი ცნობიერებაში მოცემულობა იმის ადექვატური, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ყოველთვის კითხვის ქვეშაა. აქ შესაძლებელია შეცდომები, ილუზიები, ჰალუცინაციები. რაიმე საგანი შეიძლება სულ სხვა საგნად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფსიქიკურ მოვლენაზე, აქტზე, განცდაზე ეს არ ვრცელდება. ფსიქიკური აქტი ნამდვილად ისეთია, როგორც ის განიცდება. არ შეიძლება გქონდეს რაიმე განცდა და აღმოჩნდეს, რომ ეს განცდა არა გაქვს. შინაგან აღქმაში მოცემული ფსიქიკური მოვლენები უეჭვლად და რეალურად არსებობენ თავისი ნატურალური სახით. ბრენტანო ასე ამბობს: „შემეცნება, სიხარული, სურვილი არიან ნამდვილად; სინათლე, ბგერა, სითბო - მხოლოდ ფენომენალურად და ინტენციონალურად“.

      ფსიქიკურის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი მისი სპეციფიკური მთლიანობაა. ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენები სხვადასხვაგვარად უკავშირდება ერთმანეთს და განსხვავებულ მთლიანობებს ქმნიან. აღქმაში ერთდროულად მოცემული შინაარსი (ფერი, ტონი, სუნი და სხვა) შეიძლება სხვადასხვა ფიზიკურ ობიექტებს თუ ნივთებს მივაკუთვნოთ, მაგრამ მათი შესაბამისი აღქმის აქტები (ხედვა, სმენა, ყნოსვა) და მათთან დაკავშირებული გრძნობები, მოგონებები, მსჯელობები ერთ მთლიან ფსიქიკურ მოვლენას ქმნის და ამ ფსიქიკური ტოტალობის ნაწილობრივ ფენომენებად განიცდება. ცნობიერებას, როგორც აქტების მთლიანობას, ბრენტანო ადარებს მდინარეს, სადაც ერთი ტალღა მეორეს მიჰყვება.

      ბოლო ნიშანი, რომლითაც ფსიქიკური ხასიათდება, მისი განუფენლობაა. ფიზიკური მოვლენა ყოველთვის სივრცეშია მოცემული, ანუ განფენილია, ფსიქიკურს კი სივრცესთან არაფერი აქვს საერთო.

      ასეთია ბრენტანოს შეხედულება ფსიქიკის შესახებ. ფსიქიკის შემსწავლელი მეცნიერება - ფსიქოლოგია - ემპირიული მეცნიერებაა. ის რეალურად არსებულ, სუბიექტურ გამოცდილებაში მოცემულ ცნობიერების მოვლენებს იკვლევს, მაგრამ ეს მოვლენები ცნობიერების შინაარსები კი არ არის, არამედ ცნობიერების აქტები, ოპერაციები. ვუნდტი (და საზოგადოდ სტრუქტურალიზმი) ექსპერიმენტული პროცედურების მეშვეობით უშუალო გამოცდილების სტრუქტურის, მისი შემადგენელი შინაარსების რაგვარობისა და თვისებების შესწავლას შეეცადა, ხოლო ბრენტანომ ფსიქოლოგიური კვლევის ძირითად გზად უშუალო გამოცდილების სისტემატური დაკვირვება ჩათვალა. ეს დაკვირვება არ გულისხმობს ლაბორატორიულ, ხელოვნურ პროცედურებს ფსიქიკურ მოვლენებზე და აქტების ბუნებრივი მიმდინარეობის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ექსპერიმენტული და ანალიზური ინტროსპექცია აუცილებლად ამახინჯებს ფსიქიკური მოვლენების ბუნებრივ სახეს. ესმოდა რა ტრადიციული თვითდაკვირვების ნაკლოვანებებიც, ბრენტანო გვთავაზობდა აქტების შესწავლის სხვადასხვა ხერხს. მაგალითად, შესაძლებელია აქტის კვლევისას გამოვიყენოთ მეხსიერება და ფანტაზია. ერთ შემთხვევაში ვიხსენებთ, თუ რა განცდები ერთვოდა, ვთქვათ, იდეაციის აქტს, ხოლო მეორეში წარმოვიდგენთ ამ აქტს და ვაკვირდებით მის თანმხლებ ფსიქიკურ მდგომარეობებს. ასეა თუ ისე, ბრენტანოს აზრით, ნამდვილმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ფსიქიკური აქტები უნდა შეისწავლოს ცალკეული ელემენტების ანალიზისა და საერთოდ რაიმე წინასწარი მოლოდინებისა თუ ვარაუდების გარეშე, ანუ ისე, როგორც უშუალო გამოცდილებაშია მოცემული. კვლევის ასეთ მეთოდოლოგიას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ჰუსერლის შემდეგ, ფენომენოლოგია ეწოდა და მან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი მეცნიერების ისტორიულ განვითარებაზე.

      ინტროსპექციული კვლევის ეს ორი მეთოდოლოგია გახდა იმ მწვავე დისკუსიის მიზეზი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში მიმდინარეობდა ვუნდტსა და ბრენტანოს მოწაფეს, შტუმფს შორის. კარლ შტუმფი (1848-1936) იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მან დააარსა ფსიქოლოგიური ინსტიტუტები მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებთან. მის მოწაფეთა შორის იყვნენ ე. ჰუსერლი და გეშტალტფსიქოლოგიური მიმართულების ყველა წამყვანი ფიგურა: მ. ვერთჰაიმერი, ვ. კიოლერი, კ. კოფკა, კ ლევინი. შტუმფის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის, რომ იგი აირჩიეს ფსიქოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტად (მიუნჰენი 1896). შტუმფის კვლევის ძირითად საგანს მუსიკალური ტონების ფსიქოლოგია შეადგენდა. ამ თემატიკაში გაერთიანდა მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ინტერესი - მეცნიერება და მუსიკა. თავადაც კარგი მუსიკალური განათლების მქონე შტუმფი (წერდა მუსიკას და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე) ემპირიულ კვლევაში უპირატესობას პროფესიონალ მუსიკოსთა გამოცდილებას, დაკვირვებას, განცდას ანიჭებდა. ვუნდტი კი, როგორც ვიცით, თვითდაკვირვებაში გაწაფულ ფსიქოლოგებს ენდობოდა. შტუმფის აზრით, ეს ცდისპირები ხელოვნურად შლიდნენ უშუალო გამოცდილებას ელემენტებად და უკარგავდნენ მას ბუნებრიობას. ფენომენოლოგიურად ორიენტირებული ექსპერტი მუსიკოსები სმენასთან დაკავშირებულ განცდას მის ნამდვილ მოცემულობაში აღწერდნენ.

      შტუმფის თეორიული შეხედულება, პრინციპში, ბრენტანოს ხაზს აგრძელებს. მისი აზრით, ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანია ე.წ. ფსიქიკური ფუნქციები. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოს აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. შტუმფმა, ამავე დროს, ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და ა.შ.), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში ბოლომდე არ იყო გარკვეული. საქმე ისაა, რომ ბრენტანომ ფსიქიკურ მოვლენებს აქტის იმანენტურ სტრუქტურაში მოუნახა ადგილი მისი ინტენციონალური შინაარსის სახით. ყოველი აქტი მიმართულია მოვლენაზე, როგორც თავის შინაარსზე, მაგრამ საკუთრივ შინაარსი ფსიქიკური არ არის; ფსიქიკურია მხოლოდ აქტი, მოვლენებს კი შეისწავლის ბუნებისმეტყველება. ეს კონსტრუქცია გაუგებრობათა წყაროდ იქცა. გამოდის, რომ აქტი, თავისი შინაარსით (მოვლენით), ფსიქოლოგიის კვლევის საგანია, ხოლო ცალკე მოვლენა, რომელიც აქტისაგან დამოუკიდებლად არც განიხილება - ბუნებისმეტყველებისა. აქტის ცნების შემოტანა უდავოდ ამდიდრებს ცნობიერების ანალიზს, რომელიც, შინაარსების ფსიქოლოგიის მიხედვით, მხოლოდ მოვლენებისაგან შედგებოდა, მაგრამ აქტის ცნებამ არ უნდა განდევნოს ფსიქოლოგიიდან ფსიქიკური მოვლენები. ვაშლის ყურება (აქტი) და ვაშლის ხატი (მოვლენა) ერთადაა და ორივე ფსიქოლოგიის ფარგლებში მოიაზრება. ფსიქოლოგიის გარეთ შეიძლება დარჩეს „ობიექტურად არსებული“ ვაშლი, რომლის რეალურ არსებობა-არარსებობაზე მსჯელობას ბრენტანო შეუძლებლად მიიჩნევს და მას მხოლოდ ინტენციის ობიექტად განიხილავს; ამ ობიექტს კი ბუნებისმეტყველება შეისწავლის. აქ თავისთავად იბადება კითხვა: ვინ უნდა შეისწავლოს ვაშლის ფსიქიკური ხატი - ბოტანიკამ?! კიდევ უფრო მეტი უხერხულობა იქმნება, თუ ამ ლოგიკით წარმოსახვის აქტზე ვისაუბრებთ. კენტავრი ფანტაზიის აქტის ინტენციის ობიექტია. საკითხავია, რომელი საბუნებისმეტყველო დისციპლინის კვლევის საგანს წარმოადგენს იგი - იქნებ ზოოლოგიის?! მითოლოგიური არსებები ბუნებაში არ გვხვდებიან, ამიტომ, შინაარსის მხრივ, ისინი ბუნების კი არა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპეტენციაში შედიან, რომელთა შესახებ ბრენტანო სულ არაფერს გვეუბნება. უფრო მნიშვნელოვანი აქ ის არის, თუ რა ფსიქიკურ ფორმაშია მოცემული ეს შინაარსი. ამ შემთხვევაში იგი წარმოდგენის სახით გვეძლევა. რეალურ საგანს წარმოიდგენთ თუ არარეალურს, წარმოდგენა რჩება წარმოდგენად, ანუ გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენად. ის განსხვავდება ფსიქიკური აქტისაგან (წარმოსახვის ან მოგონების პროცესი) და, ამ უკანასკნელთან ერთად, უთუოდ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის შემოსაზღვრა აქტებით უმართებულოა.

      შტუმფის ცნობიერების ფაქტების ცნობილი კლასიფიკაცია ნაწილობრივ ხსნის ამ სირთულეებს. ფუნქციებთან ერთად და პირველ რიგში, გამოიყოფა ე.წ. ფსიქიკური მოვლენები (ფენომენები). ისინი ცნობიერების გრძნობად მონაცემებს (ფერები, ტონები, ხატები, ტკივილისა თუ სიამოვნება-უსიამოვნების განცდები და ა.შ.) და მათ რეპროდუქციულ ფორმებს ანუ წარმოდგენებს აერთიანებენ. მოვლენები მიეკუთვნება სპეციალურ მეცნიერებას, ფენომენოლოგიას [1], რომელიც არის ფიზიკისა და ფსიქოლოგიის წინა დისციპლინა, მათი პროპედევტიკა. მოვლენების ცნობიერებაში მოცემულობა ყოველგვარი მეცნიერების - საბუნებისმეტყველოსი თუ გონითის (ანუ ჰუმანიტარულის) პირობაა. შტუმფი გამოყოფს მეცნიერებათა ორ ჯგუფს. პირველი ჯგუფის ცენტრალური დისციპლინა ფიზიკაა, მეორისა - ფსიქოლოგია. ამდენად, ფიზიკაც და ფსიქოლოგიაც მოვლენათა შესახებ მონაცემებით საზრდოობს. ფიზიკა, მათზე დაყდნობით, მიემართება ობიექტური სინამდვილის პროცესებისკენ, რომელთა არსებობასაც ის მოვლენათა მიღმა უშვებს. ფსიქოლოგია მიემართება მოვლენებთან დაკავშირებული ფსიქიკური ფუნქციებისკენ. სწორედ ეს უკანასკნელნი, როგორც ითქვა, შეადგენენ საკუთრივ ფსიქოლოგიის საკვლევ სფეროს.

      განასხვავებდა რა ცნობიერების მოვლენებსა და ფუნქციებს, შტუმფი თვლიდა, რომ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული არ არიან და დამოუკიდებლად ცვალებადობენ. ამ დებულების დასაბუთებას იგი ფენომენოლოგიური ანალიზით ცდილობს. ერთი მხრივ, შეიძლება ფუნქცია იცვლებოდეს, ხოლო მოვლენა უცვლელი იყოს. ამის მაგალითია ის შემთხვევები, როცა ჩვენ ვამჩნევთ ადრე შეუმჩნეველ ფენომენს, თუმცა ის ობიექტურად არ შეცვლილა: უცებ ყურადღებას მივაქცევთ საათის რეკვას ან ცალკე ტონს აკორდში. აქ ფუნქცია შეიცვალა და არა გამღიზიანებელი, ანუ მოვლენა. მეორე მხრივ, შეიძლება პირიქითაც მოხდეს - მოვლენა შეიცვალოს ფუნქციისაგან დამოუკიდებლად. ამაზე ის ფაქტები მიგვითითებენ, როცა გამღიზიანებლის თანდათანობითი, უწყვეტი ცვლილების პირობებში მისი ცვალებადობის დისკრეტული, ან უცაბედი განცდა გვიჩნდება. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც შეუმჩნევლად შემოგვეპარება ბინდი, თუ სხვა რამეზე გვაქვს მიმართული ყურადღება. შტუმფის ანალიზით, ამ შემთხვევაში ჩვენ თანდათან განვიცდიდით მოვლენის ცვალებადობას (სინათლის კლებას), მაგრამ ვერ ვამჩნევდით ამას, ვინაიდან ყურადღება (ანუ ფუნქცია) მყარად და უცვლელად იყო მიპყრობილი სხვა საგანზე.

      ადვილი დასანახია, რომ ეს მსჯელობა შეუმჩნეველი ანუ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენების არსებობას გულისხმობს. მართლაც, შტუმფი ახალი ფსიქოლოგიის იმ შედარებით მცირერიცხოვან ავტორებს მიეკუთვნება, ვინც აღიარებს არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებს. ჩვენი ანალიზის კონტექსტში კი მთავარი ის არის, რომ შტუმფმა სცადა ზოგადად ფსიქიკური მოვლენებისა და შინაარსების ერთგვარი რეაბილიტაცია და ისინი ფიზიკისა და ფსიქოლოგიის საფუძვლადმდებარე მეცნიერებაში - ფენომენოლოგიაში მოათავსა. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე მათი შეტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, როგორც ეს ბრენტანოსთანაა. ამავე დროს, დაუქვემდებარა რა ისინი სხვადასხვა მეცნიერებას, შტუმფმა რადიკალურად გამიჯნა ერთმანეთისაგან ცნობიერების მოვლენები და ფუნქციები, თუმცა არათუ ლოგიკა, უბრალოდ საღი აზრიც მოითხოვდა მათ განხილვას ერთი დისციპლინის ფარგლებში. ეს მართლაც ასეა, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ორივე მათგანი ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება - ცნობიერს თუ არაცნობიერს. ფსიქოლოგიამ, საბოლოოდ, აქტებიც (ფუნქციები) და მოვლენებიც (შინაარსები) თავისი შესწავლის ობიექტად აქცია. ამით ერთგვარად მოიხსნა ბრენტანოდან წამოსული დაპირისპირება შინაარსისა და აქტის ფსიქოლოგიას შორის და გზა გაეხსნა კონკრეტულ კვლევებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვადასხვა ცენტრებში.

      ამ კონტექსტში აღსანიშნავია ედმუნდ ჰუსერლის (1859-1938) ღვაწლი. მან გარკვევით განაცხადა, რომ აქტებიც (მისი ტერმინოლოგიით „ინტენციონალური განცდები“) და მათი შინაარსებიც („გრძნობადი მონაცემები“) ერთ სფეროს, კერძოდ, ცნობიერებას ეკუთვნის. ამ შინაარსების მიღმა იგულისხმება „საგნები“, რომლებიც ბუნებისმეტყველებისა და გონისმეცნიერების ინტერესის სფეროს შეადგენენ. ჰუსერლის მაგალითში ისინი ნათლად იმიჯნება. რაიმე საგანი, ვთქვათ კოლოფი, აღქმის აქტში შეიძლება სრულიად განსხვავებული გრძნობადი შინაარსით იყოს მოცემული: მას, შესაძლებელია, ვუყურებდეთ სხვადასხვა მხრიდან, ვსინჯავდეთ ხელით, ვყნოსავდეთ და ა.შ. ასეთ დროს საგანი ერთი და იგივე რჩება, მაგრამ იცვლება გრძნობადი მონაცემები. იგივე ხდება სხვა აქტების დროსაც, მაგალითად ამ საგნის გააზრების შემთხვევაში. აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია, გარდა ერთისა, რასაც ფსიქოლოგიის საგნის განსაზღვრის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, რომელი დისციპლინა უნდა შეისწავლიდეს ინტენციონალურ განცდებს (აქტები, ფუნქციები) და გრძნობად მონაცემებს (ფსიქიკური მოვლენები, შინაარსები)? ბუნებრივი პასუხი თითქოს ნათელია - ფსიქოლოგია, მაგრამ სწორედ ამას ეწინააღმდეგება ჰუსერლი. ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ფუძემდებლის განწყობა ზოგადად ანტიფსიქოლოგიური იყო. იგი ებრძოდა ფსიქოლოგიზმს და სურდა გაეწმინდა ფილოსოფიური შემეცნება ფსიქოლოგიის ყოველგვარი შინაარსისაგან. მიისწრაფოდა რა ცნობიერების საყოველთაო, წმინდა ან ტრანსცენდენტური სტრუქტურების გამოვლენისკენ, ჰუსერლმა შეიმუშავა ფენომენოლოგიური მეთოდი, რომელიც ე.წ. „რედუქციის პროცედურებს“ გულისხმობს. მათი არსი იმაშია, რომ „ნატურალისტურ განწყობათა“ გადალახვით გამოიყოს ცნობიერება, როგორც ანალიზის ერთადერთი ობიექტი და შემდგომ თვითონ ცნობიერება გაიწმინდოს ყოველგვარი კულტუროლოგიური, პირველ ყოვლისა, ემპირიულ-ფსიქოლოგიური გამოცდილებისაგან.

      ჰუსერლის ურთულეს მოძღვრებაში ფსიქოლოგიისა და ფენომენოლოგიის, როგორც ფილოსოფიის ურთიერთობის პრობლემა სათანადოდ ვერ გადაწყდა. ჰუსერლის პოზიცია ამ საკითხში შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. ვუნდტიდან მომდინარე ემპირიულექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას იგი თავიდანვე არ ცნობდა მისი ნატურალიზმისა და საბუნებისმეტყველო ელფერის გამო. ჰუსერლის აზრით, ბუნების შემსწავლელი მეცნიერებებისადმი მიბაძვა ფსიქოლოგიას ღუპავს და მუდმივი კრიზისის მდგომარეობაში აყენებს. ფენომენოლოგიური რედუქცია საშუალებას იძლევა „გამოირთოს“, „ფრჩხილებში ჩაისვას“ ტრადიციული ფსიქოლოგია, რათა გზა გაეხსნას ნამდვილ ფსიქოლოგიას. მაგრამ ამ ნამდვილი, ანუ ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის შესაძლებლობათა დასაბუთება ჰუსერლმა ვერ შეძლო და, საბოლოო ჯამში, იგი ფენომენოლოგიასთან, ანუ ფილოსოფიასთან გააიგივა. მხოლოდ ამ უკანასკნელის ფარგლებშია შესაძლებელი წმინდა ცნობიერების ან წმინდა სუბიექტურობის პირდაპირი ჭვრეტა, მისი არსებითი მხარეების გათვალისწინება, ინტუიციური წვდომა. ცნობიერების შემეცნების ყოველგვარი სხვა გზა აუცილებლად მარცხს განიცდის. მაშასადამე, ასე კარგად დახასიათებული ფსიქიკური აქტიც და მოვლენაც, საბოლოოდ, ფენომენოლოგიური ფილოსოფიის „საკუთრებად“ იქცევა, ხოლო ფსიქოლოგია უსაგნოდ რჩება; იგი, როგორც მეცნიერება, არსებითად, უქმდება.

      ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, ეს იყო უკუსვლა, ფილოსოფიაში დაბრუნება, და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერული აზრის მთავარი ვექტორი სწორედ საპირისპიროდ იყო მიმართული. აქტიურად მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე დისციპლინის, მეცნიერებათა სისტემაში დამკვიდრების პროცესი. ამ მხრივ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას უკვე ჰქონდა მიღწევები როგორც ემპირიული მონაცემების მოპოვების, ისე მათი თეორიული გააზრების სარბიელზე. მოგვიანებით, ჰუსერლის იდეებმა გამოხმაურება ჰპოვა ე.წ. ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც არასდროს ყოფილა ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ხაზი.

      რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფენომენოლოგიას, ის გულისხმობს ცნობიერების კვლევის მეთოდს, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე გამოიყენება. ამ გაგებით, იგი უნდა განვასხვავოთ ფილოსოფიური ანუ ტრანსცენდენტური ფენომენოლოგიისაგან, რომელიც მიმართულია მოვლენების არსზე და საბოლოო სინამდვილის ცოდნაზე. ფსიქოლოგი, რომელიც ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებს, უბრალოდ ცდილობს, განიხილოს სულიერი მოვლენა ისე, როგორც ის უშუალოდ არის მოცემული განცდაში. ეს არის ერთგვარი დაკვირვების მცდელობა იმ წინასწარი დაშვებებისა და ვარაუდების გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ დაამახინჯონ უშუალო გამოცდილება ჩვენი თეორიებისა თუ დოგმების შესაბამისად. პირველ რიგში ამით განსხვავდება იგი ექსპერიმენტული ინტროსპექციისაგან, რომლის დროსაც კარგად გაწაფული დამკვირვებელი, გარკვეული სტიმულაციის შემთხვევაში, გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს და ცდილობს, დაიყვანოს ისინი უმარტივეს მენტალურ ელემენტებამდე, დაადგინოს მათი თვისებები. ფენომენოლოგიური დაკვირვებისას კი არ არსებობს არავითარი წინასწარი ვარაუდი, რომელიც ეხება შთაბეჭდილებათა რაგვარობას ან თვისებათა ერთობლიობას. უფრო მეტიც, ინტროსპექტულ პასუხებში ობიექტები და მნიშვნელობები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს, რათა, ტიჩენერის თქმით, არ მოგვივიდეს „სტიმულის შეცდომა“, ხოლო ფენომენოლოგიური კვლევისას ისინი არსებითია. ფენომენოლოგიას აინტერესებს სტიმულებისა და სიტუაციების ის მნიშვნელობები, რომლებიც მათ დამკვირვებლისთვის აქვთ.

      ფენომენოლოგიური აღწერის სისტემატური და ეფექტური გამოყენების პირველ მაგალითებს XIX საუკუნის დასაწყისში ვხვდებით. ასეთებია ი. გოეთესა და ი. პურკინიეს კვლევები მხედველობითი აღქმის სფეროში. მოგვიანებით, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების შემდეგ, ამ მეთოდს მიმართავდენენ ე. ჰერინგი, კ. შტუმფი, გ.ე. მიულერი, ვ. ფენდერი, თ. რიბო და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში ფენომენოლოგიური კვლევა ახალ საფეხურზე აიყვანეს დ. კაცმა და მ. ვერთჰაიმერმა. მათი ნაშრომები ფერისა და მოძრაობის აღქმას მიეძღვნა. ამ კლასიკურ გამოკვლევებში განხორციელდა ლაბორატორიული ტექნიკისა და ფენომენოლოგიური აღწერის ორგანული შერწყმა, რამაც მოგვიანებით ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის სახელწოდება მიიღო. აქ საქმე გვაქვს უშუალო გამოცდილების, განცდის ისეთ თავისებურებათა გამოვლენასთან, რაც პირდაპირ არ გამოიყვანება ფიზიკური სტიმულების თვისებებიდან. ასე აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო ფენომენი ვიზუალური აღქმის სფეროში (კონსტანტობა, ფიგურა-ფონი, სხვადასხვაგვარი ილუზიები). ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის ფარგლებში მუშაობდნენ ისეთი თვალსაჩინო მეცნიერები, როგორიცაა ნ. ახი, კ. ბიულერი, ვ. ბოიტენდაიკი, ვ. კელერი, ვ. კოფკა, ფ. კრიუგერი, ა. მიშოტი, ე. რუბინი და სხვა. ამრიგად, ფენომენოლოგიურ კვლევას ფსიქოლოგიაში დიდი ტრადიცია აქვს და მას სრულიად განსხვავებული ორიენტაციის მკვლევარები აწარმოებდნენ.

      ასე წარიმართა ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ძიებანი, რომელიც წამოიწყო ბრენტანომ ახალი ემპირიული ფსიქოლოგიის დაფუძნების განზრახვით და დაასრულა ჰუსერლმა ფსიქოლოგიის უარყოფით. ამ ფსიქოლოგიურმა მიმდინარეობამ, განსაკუთრებით ბრენტანოსა და შტუმფის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის წყალობით, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ფსიქოლოგიური მეცნიერების შემდგომი სახე. მისი გავლენა მეტნაკლებად აისახა ვიურცბურგის, გრაცის და ბერლინის (იმავე გეშტალტფსიქოლოგიის) სკოლების კვლევითი მუშაობის პრინციპებზე.

      დასასრულს, მხოლოდ ერთ გარემოებას აღვნიშნავთ ინტენციონალურფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. ის გამოხატავს ამ მიმდინარეობის საკვანძო ნიშანს, ეს არის ინტენციონალური აქტების შესწავლა ფენომენოლოგიური მიდგომით. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მას საკმაოდ ხშირად უწოდებენ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას და ფუნქციონალისტური მიმდინარეობის ევროპულ ვარიანტად მიიჩნევენ. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის შესახებ ქვემოთ საგანგებო საუბარი გვექნება (იხ. თავი 6.5.). მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის მომდინარეობს სიტყვა „ფუნქციიდან“ და მიუთითებს ფსიქიკის დანიშნულებასა და როლზე ორგანიზმის გარემოსთან შეგუების პროცესში. არც ბრენტანო, არც შტუმფი და მათი მიმდევრები ამ კუთხით არ განიხილავდნენ ფსიქიკას, ხოლო „ფუნქციას“ უბრალოდ აქტის ექვივალენტურ ცნებად იყენებდნენ. ნამდვილი ფუნქციონალური ფსიქოლოგია არ მომდინარეობს აქტ-ფსიქოლოგიიდან (როგორც თავის სისტემას ბრენტანო უწოდებდა). ფსიქიკის ადაპტაციური თვალსაზრისით განხილვა არ იყო უცხო იმდროინდელი ევროპელი ფსიქოლოგებისთვისაც. მიუხედავად ამისა, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, როგორც ერთიანი მიმდინარეობა, ამერიკული მოვლენა იყო, და თუ ვინმე მისი ნამდვილი წინამორბედია, ეს არის უ. ჯეიმსი.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »


1 ტერმინი „ფენომენოლოგია“ აქ არა კვლევის მეთოდის, არამედ სპეციალური მეცნიერებული დისციპლინის მნიშვნელობით იმარება.

ტეგები: Qwelly, ბრენტანო, ვუნდტი, იმედაძე, ტიჩენერი, ფენომენოლოგია, ფსიქოლოგია, ჰუსერლი

ნახვა: 3729

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters