ფსიქოლოგიის ისტორია, XII თავი, ნაწილი I

12.1. კოგნიტივიზმი როგორც შემეცნების პროცესების ფსიქოლოგია

      წინა თავში ჩვენ ვნახეთ, რომ XX საუკუნის სამოციან წლებში ამერიკაში ჩამოყალიბება დაიწყო ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ, რომელიც მისმა ლიდერებმა მესამე ძალად მონათლეს. იგულისხმება, რომ იგი, ბიჰევიორიზმთან და ფსიქოანალიზთან ერთად, იგი არის კიდევ ერთი მასშტაბური ფსიქოლოგიური მიმდინარეობა ან ორიენტაცია. თანამედროვე ფსიქოლოგიაც, არსებითად, სამი ძირითადი მიმართულებითაა წარმოდგენილი, ოღონდ, ბიჰევიორიზმის ნაცვლად, უკვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე, ან სხვაგვარად, კოგნიტივიზმზე უნდა ვილაპარაკოთ. მან საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო განვითარება, თანდათან გამოდევნა ბიჰევიორისტული ორიენტაცია და მისი ნიშა დაიკავა. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ კოგნიტურ ფსიქოლოგიას, ბიჰევიორიზმისაგან მნიშვნელოვანი განსხვავებულობის გარდა, მასთან სრულიად გარკვეული ნათესაობაც აკავშირებს. ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ფსიქოლოგიური აზრის ამ ორ მიმართულებას შორის ორია: ერთი ის, რომ კოგნიტივიზმი ფსიქიკურ პროცესებს რეალური მოვლენების სახით განიხილავს, მაშინ, როდესაც ბიჰევიორიზმის სხვადასხვა ვარიანტებში მათი არსებობა ან უარყოფილია, ან უგულვებელყოფილი, ან, საუკეთესო შემთხვევაში, ჰიპოთეტური ცვლადის ფორმითაა დაშვებული. მეორე - კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ ბიჰევიორიზმისთვის დამახასიათებელი გარეგანი მიზეზობრიობიდან აქცენტი შინაგან მიზეზობრიობაზე გადმოიტანა. რაც შეეხება მათ მსგავსებასა და მემკვიდრეობითობას, აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კოგნიტივიზმი, ისევე როგორც ბიჰევიორიზმი, საბუნებისმეტყველო ტიპის ფსიქოლოგიაა თავისი ექსპერიმენტული და სტატისტიკური პროცედურებით, აგრეთვე იმ ჰიპოთეტიკო-დედუქციური მეთოდოლოგიით, რომელიც ემპირიული ჰიპოთეზებიდან თეორიის გამოყვანას გულისხმობს. მან შეინარჩუნა ბიჰევიორიზმის ინტერესი მოდელირების მიმართ (ოღონდ მექანიკურ-მანქანური მოდელები კომპიუტერულით შეცვალა) და, აგრეთვე, დასწავლისა და მეხსიერების პრობლემის მიმართ.

      უნდა ითქვას, რომ ბიჰევიორიზმის ჩანაცვლება კოგნიტივიზმით საკმაოდ უმტკივნეულოდ მოხდა. ამის მიზეზი თვით ბიჰევიორიზმის ევოლუციასა და ეტაპობრივ ტრანსფორმაციაში უნდა ვეძებოთ. ერთი მხრივ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ადასტურებენ, XX საუკუნის შუა პერიოდში ნებისმიერ ამერიკელ ფსიქოლოგს შეიძლებოდა კარიერის ფასად დასჯდომოდა რაიმე ნაშრომის გამოქვეყნება გონების, ცნობიერების ან ნებელობის თემაზე. ასეთი ცნებების განხილვა ნიშნავდა იმ “მენტალისტებისადმი” მიკუთვნებულობას, რომელთაც სჯეროდათ მოძველებული, სუბიექტური, მისტიკური კონცეფციებისა (გ. ჰანტი). მეორე მხრივ, როგორც ცნობილია, ოცდაათიანი წლებიდან კლასიკურ ბიჰევიორიზმს ცვლის ნეობიჰევიორიზმი; სტიმულსა და რეაქციას შორის ჩნდება შუალედური ცვლადები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლადებს, ერთი შეხედვით, საკმაოდ მენტალისტური ჟღერადობა ჰქონდათ (განზრახვა, მოლოდინი, ცოდნა და სხვა), მათი განსაზღვრება წმინდა ოპერაციონალისტურ, არაფენომენოლოგიურ ხასიათს ატარებდა, რაც, თითქოს, თანხვდებოდა ბიჰევიორიზმისთვის დამახასიათებელ ანტიმენტალისტურ პოზიციას. და მაინც, იგივე ტოლმენისეულ ბიჰევიორიზმში გამოყენებულ ისეთ ცნებებს, როგორიცაა მიზანი, მიზნობრივი ქცევა, კოგნიტური რუქა, გეშტალტი, არ შეეძლო გარკვეულად არ შეერყია ეს პოზიცია. ამიტომ არის, რომ ტოლმენის თეორიას ხშირად შემეცნებით ან კოგნიტურ ბიჰევიორიზმს უწოდებენ და კოგნიტური ფსიქოლოგიის წინაპრად მოიხსენიებენ.

      დაახლოებით იმავე პერიოდში ბიჰევიორიზმს საგრძნობი დარტყმა მიაყენა ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა რობერტ ვუდვორთმა; იგი გადაჭრით ამტკიცებდა, რომ ტაბუ, რომელიც ბიჰევიორიზმა დაადო განცდებს, წარმოდგენებს, იდეებს, ამუხრუჭებდა ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას. იგი ებრძოდა ბიჰევიორიზმისთვის დამახასიათებელ უფსიქიკო ფსიქოლოგიას და თვლიდა, რომ “ქცევა ბუნებრივი მოვლენების სამყაროს მიეკუთვნება, ინდივიდის ცნობიერი გამოცდილება კი მჭიდროდაა დაკავშირებული მის გარე ქცევასთან; ამგვარად, ორივე მათგანი ერთი და იგივე ქმედების ნაწილს წარმოადგენს”. ბიჰევიორიზმის კლასიკურ სქემაში ვუდვორთმა ორგანიზმი, სუბიექტი (S-O-R) შემოიყვანა და განსაკუთრებული გულისყურით დაიწყო იმ შემეცნებითი ფუნქციების შესწავლა, რომლებიც ქცევის რეგულაციას ახორციელებენ; უპირატესად ეს აღქმას ეხებოდა. ამ მიმართულებით 30-50-იან წლებში მუშაობდნენ, როგორც ფუნქციონალური ფსიქოლოგიის მიმდევრები (ბრუნსვიკი, ვუდვორთი), ასევე, ე.წ. ახალი ხედვის (New look) წარმომადგენლები (ბრუნერი, კრეჩი, პოსტმანი და სხვა). ამ ახალი ხედვის მქონე მკვლევარები აღქმის, პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის გადაკვეთაზე მუშაობდნენ და ფიქრობდნენ შეესწავლათ პიროვნება აღქმის მეშვეობით. მათ დაადასტურეს, რომ აღმქმელი სუბიექტის თავისებურებები და სოციალური ფონი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ იმას, თუ რას და როგორ ხედავს ადამიანი. მაგალითად, ერთი და იმავე მოცულობის მონეტას ღარიბი ბავშვები უფრო დიდად ხედავენ, ვიდრე მდიდარი. რაც უფრო დიდია ობიექტის სოციალური ღირებულება, მით მეტია მისი აღქმული სიდიდის დამახინჯება. მაშასადამე, ღირებულებათა სისტემა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მსოფლაღქმის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

      მაგრამ, ყველაზე ცნობილი გამოკვლევები ეხებოდა ე.წ. პერცეპტული დაცვის ეფექტებს აღქმაში. გართულებული აღქმის პირობებში ცდისპირებს უნდა ამოეცნოთ სხვადასხვა ემოციონალური შინაარსის სიტყვები - ნეიტრალური და ტაბუირებული (მაგ., უხამსი, სექსუალური შინაარსის და ა.შ.) აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელთა ამოცნობას მეტი დრო ესაჭიროება. გამოითქვა, რომ ცდისპირები არაცნობიერად აღიქვამენ ტაბუირებული (უსიამოვნების მომგვრელი) სიტყვების უარყოფით ემოციურ შინაარსს და თრგუნავენ მის გაცნობიერებას. პერცეპტული დაცვის ფენომენის გარშემო თავიდანვე გაცხოველებული კამათი გაიმართა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ახალი ხედვა პერცეფციას განიხილავდა აქტიური ცნობიერი და არაცნობიერი პროცესის სახით, რომელიც სტიმულსა (შეგრძნებას) და საპასუხო რეაქციას შორის არის მოთავსებული. ამდენად, ნათელია, რომ ეს ახალი ხედვა ბიჰევიორიზმისკენ ნამდვილად არ იყო მიმართული.

      იმის დადგენამ, რომ აღქმაში აქტიურად მონაწილეობენ გონება და პიროვნება, ჯერომ ბრუნერის (1915-2016) ინტერესი იმდროინდელ ამერიკულ ფსიქოლოგიაში მივიწყებული უმაღლესი ფსიქიკური პროცესებისკენ წარმართა. მან ერთ-ერთმა პირველმა წამოიწყო კატეგორიზაციის ექსპერიმენტული კვლევა და აჩვენა, რომ ახალი ცნების ფორმირება აქტიური ინტელექტუალური პროცესია, რომლის დროსაც სუბიექტი იმუშავებს სხვადასხვა სტრატეგიებს და მათ საფუძველზე ახორციელებს სტიმულების მიკუთვნებას გარკვეული კონცეპტუალური კატეგორიებისადმი. მოკლედ, აქაც სტიმულსა და რეაქციას შორის მოქცეული კოგნიტური სფერო შეისწავლებოდა. 1960 წელს ბრუნერმა ჯორჯ მილერთან (1920-2012) ერთად კოგნიტური კვლევების ცენტრი ჰარვარდის უნივერსიტეტთან. სიმბოლურია, რომ ეს ცენტრი განათავსეს შენობაში, რომელშიც თავის დროზე ცხოვრობდა თვით ჯეიმსი, რომელმაც ფსიქოლოგიის ისტორიას ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დახასიათება დაუტოვა. აქ დაიწყო ისეთი თემების დამუშავება (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება), რომლებიც ბიჰევიორიზმს საფუძვლიანად გადაავიწყდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამავე პერიოდში ნ. ხომსკის მიერ დაწყებულ ლინგვისტურ კვლევებს, რომლებმაც სერიოზულად შეარყია ბიჰევიორიზმის პოზიციები არა მხოლოდ ვერბალური ქცევის, არამედ, საზოგადოდ ადამიანის ქცევის გააზრების საქმეში (იხ. თავი 9.3).

      როგორც ვხედავთ, თვით ამერიკაში მიმდინარეობდა ბიჰევიორისტული პროგრამის საერთო დისკრედიტაციის პროცესი მისი რადიკალური ანტიმენტალიზმის გამო. საუკუნის მეორე ნახევრისათვის მან უკვე გამოხატული სახე მიიღო. ამას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ევროპული ფსიქოლოგიის გავლენამ, სადაც ე.წ. ბიჰევიორისტულმა რევოლუციამ გაცილებით მშვიდობიან ფორმაში ჩაიარა და სადაც ცნობიერება ბოლომდე არასოდეს განდევნილა ფსიქოლოგიიდან. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ითამაშა ლევინმა და გეშტალტფსიქოლოგიამ, რომლის ყველა წამყვანი ფიგურა, ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკაში მოღვაწეობდა. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია; მათმა მოწაფეებმა (ჰაიდერმა, ფესტინგერმა და სხვა), სოციალურ ფსიქოლოგიაში შექმნეს ახალი, ძლიერი მიმართულება, რომელსაც კოგნიტივისტური ორიენტაცია ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორიენტაციაში გაერთიანებულ მოდელებს ტრადიციულად სოციალურ ფსიქოლოგიას აკუთვნებენ, მათი ავტორები არ აიგივებენ თავს უთუოდ სოციალურ ფსიქოლოგიასთან. შემეცნებითი სტრუქტურებისა და ადამიანის კოგნიტური ორგანიზაციის პრობლემა, ფართო გაგებით, ზოგადფსიქოლოგიურია; სოციალური ფსიქოლოგიისთვის მხოლოდ მისი ზოგიერთი ასპექტია საინტერესო. კოგნიტური თავსებადობის თეორიები, რომლებიც ორმოცდაათიანი წლებიდან გამოჩნდნენ, კოგნიტივიზმის, როგორც ქცევის კონცეფციის კონკრეტული სახეობებია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თეორიები, პირველ რიგში, სოციალურ ფსიქოლოგიურ მასალას ეფუძნება.

      ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის შუა ხანებში ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც სტიმულს აძლევდა ცნობიერების ფსიქოლოგიის ხელახალ აღორძინებას. მაგრამ კოგნიტური ფსიქოლოგიის დაფუძნების და სწრაფი გავრცელების უშუალო ფაქტორი სხვა რამეა. იგი დაკავშირებულია კიბერნეტიკასთან და გამოთვლითი მანქანების შექმნასთან. როგორც ცნობილია, კიბერნეტიკაში არსებობს დისციპლინათა სინთეზის ძლიერი ტენდენცია. ნორბერტ ვინერის 1948 წელს გამოსულ წიგნში “კიბერნეტიკა ანუ მართვა და კავშირი ცხოველსა და მანქანაში” გაღრმავებულია უკუკავშირების იდეა, რომელსაც მანამდეც ექცეოდა ყურადღება ცოცხალი არსებების მიზანშეწონილი ქცევის ახსნისას; მოცემულია, აგრეთვე, რთული სისტემების მართვის ზოგადი თეორია. კიბერნეტიკა ეყრდნობა იდეას, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესი ყოველგვარ რთულ სისტემაში - კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც - საერთო, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება. ბიჰევიორისტული კრიზისით გზააბნეული ფსიქოლოგიისთვის ეს პრინციპები, ერთი შეხედვით, უაღრესად პროდუქტიული და ევრისტიკული ჩანდა. იხსნებოდა ახალი გზა მენტალური და, კერძოდ, კოგნიტური პროცესების შემეცნებისკენ. გამოთვლითი მანქანების მსგავსად, ადამიანის ფსიქიკაში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, ტრანსფორმირდება, კლასიფიცირდება, შეინახება, რეპროდუცირდება და გამოიყენება. ერთი სიტყვით, ხდება ინფორმაციის გადამუშავება. ბიჰევიორიზმის მიერ ტაბუირებული კოგნიტური პროცესები (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, ამოცნობა, ამოცანის გადაწყვეტა და სხვა) რეალური მოვლენების სტატუსს იძენენ, როგორც ინფორმაციის გადამუშავების ერთიანი, რთული პროცესის სტადიები თუ ელემენტები. 50-60-ანი წლებიდან ინფორმატიკის და გამოთვლითი მათემატიკის სპეციალისტები (ალან ტიურინგი, კლოდ შენონი, ალან ნიუელი, ჰერბერტ საიმონი და სხვები) იწყებენ იმის შესწავლას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერების გამოყენება ლოგიკური და მეცნიერულ-კვლევითი პრობლემების გადაჭრისთვის. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს სამუშაო გახდებოდა იმის მოდელი, თუ როგორ ხსნიან საზოგადოდ ადამიანები პრობლემებს.

      გამოთვლით მანქანასთან ანალოგია, ანუ, როგორც ამბობენ, კომპიუტერული მეტაფორა, საშუალებას იძლევა, რომ კოგნიტური პროცესები რეალურად იქნეს შესწავლილი და, შესაძლოა, გაგებულიც. იქმნება უზუსტეს გაზომვებზე დამყარებული ექსპერიმენტული მეთოდიკები; ახალი ცნებებით მდიდრდება ლექსიკონი, რომლითაც აღიწერება კოგნიტური ფუნქციონირების ელემენტები: ინფორმაცია, სისტემის შესავალი, გადამუშავება, კოდირება, პროგრამა და ა.შ. მართალია, თავიდანვე დადგა და ახლაც მწვავედ დგას საკითხი მანქანური და ფსიქიკური პროცესების სტრუქტურულ-ფუნქციონალური იგივეობის მართებულობის შესახებ, ანუ ხელოვნური ინტელექტის პრობლემა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ კომპიუტერთან ფსიქიკური პროცესების ანალოგიამ შეიძლება გარკვეული სარგებლობა მოუტანოს თანამედროვე ფსიქოლოგიას.

      1967 წელს გამოდის ნაისერის საპროგრამო წიგნი “კოგნიტური ფსიქოლოგია”. ფსიქოლოგიის ისტორიაში მას ხშირად კოგნიტივიზმის, როგორც ახალი მიმდინარეობის ათვლის წერტილად მოიხსენიებენ. ულრიკ ნაისერი (1928-2012) სწავლობდა ჰარვარდში ჯ. მილერთან და სვარტმორის კოლეჯში ვ. კელერთან; მუშაობდა ბრანდეისის უნივერსიტეტში, სადაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტს სათავეში ა. მასლოუ ედგა.

      აღნიშნულ ნაშრომში კოგნიტური ან შემეცნებითი აქტივობა განსაზღვრულია ისეთ ქმედებად, რომელიც ცოდნის ან ინფორმაციის მიღებას, ორგანიზაციასა და გამოყენებას უკავშირდება. კოგნიტური ფსიქოლოგიის ამოცანა, არსებითად, იმის დახასიათებაა, თუ როგორ მოძრაობს ინფორმაციის ნაკადი სისტემაში. ამგვარი ინფორმაციული მიდგომა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების შესწავლის მიმართ ორ ძირითად დაშვებაზეა დამყარებული: 1) ფსიქიკაში, როგორც რთულ სისტემაში, ხდება ინფორმაციის ეტაპობრივი გადამუშავება და 2) სისტემის მოცულობა და გამტარუნარიანობა შეზღუდულია; ამას უკავშირდება მოსაზრება ინფორმაციის გადამუშავების პროცესების უწყვეტობის შესახებ.

      პირველი დაშვების არსი შემდეგშია: ინფორმაციის გადამუშავების პროცესი მთელ რიგ ქვეპროცედურებს ან ეტაპებს გაივლის. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისას ინფორმაცია მნიშვნელოვან სახეცვლილებას განიცდის. ამის საილუსტაციოდ შემდეგი ყოფითი ფაქტი გამოდგება - ადამიანი აჩერებს მანქანას წითელ შუქზე. ეს თითქოს მარტივი პროცესი ეტაპებად იყოფა: ჯერ ერთი, ჩვენი მხედველობითი სისტემა რეგისტრაციას უკეთებს წითელ სინათლეს; მეორე, ჩვენ ამოვიცნობთ მოცემულ მხედველობით გამღიზიანებელს, როგორც იმას, რაც სინამდვილეში არის ანუ, შუქნიშნის წითელ სინათლეს. აქ შემოდის მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება შუქნიშნის წითელი სიგნალი; მესამე, ჩვენ ვიყენებთ წესს, რომელიც აგრეთვე მეხსიერებაშია შემონახული - “წითელ სიგნალზე მანქანის გაჩერება აუცილებელია”. ცხადია, რომ პრინციპში, ეს პროცესი, შეიძლება უფრო მეტადაც დანაწევრდეს. მაგრამ მთავარი სხვაა; კერძოდ, ის, რომ აღწერილ ეტაპებზე პირველადმა ინფორმაციამ საგრძნობი გარდაქმნა განიცადა. უბრალო მხედველობითი შეგრძნებიდან იგი გადაიქცა ამოცნობილ კატეგორიად (წითელი სიგნალის საგნობრივ აღქმად), რის შემდეგაც, იგი ისევ შეიცვალა და გადაიქცა გარკვეული წესის შესრულების პირობად. აქედან ჩანს, რომ პროცესის ყოველი ეტაპი ან დონე შეესაბამება სტიმულში ჩადებული ინფორმაციის სხვადასხვა ფსიქიკურ კორელატებს. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისას იცვლება ინფორმაციის ფსიქიკური რეპრეზენტაციის სახე.

      იგივე მაგალითი შეიძლება განხილულ იქნეს სისტემის ინფორმაციული გამტარიანობისა და მოცულობის თვალსაზრისითაც. ყოველ ეტაპს ინფორმაციის გადამუშავების გარკვეული ფარგლები აქვს. თუ შუქნიშნის წითელ სინათლეს დავუმატებთ მოძრაობის მომწესრიგებელ პოლიციელს, რამდენიმე მოსეირნეს და სასწრაფო დახმარების მანქანას, ერთეულთა რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს იმ საზღვარს, რომელშიც მხედველობით სისტემას შეუძლია სტიმულთა ერთდროული რეგისტრაცია. ხდება რეგისტრის გადატვირთვა, რასაც მთელი რიგი გართულება შეიძლება მოყვეს. მაგალითად, ინფორმაციის ნაწილი არ შევიდეს სისტემაში; მოხდეს სტიმულური სიტუაციის სრულიად ახლებური კოდირება და მან სხვა სტიმულის სახე მიიღოს (სახიფათო სიტუაცია), ან კიდევ დაიწყოს ინფორმაციის უფრო სელექტიური გადამუშავება - მაგალითად, მთელი ყურადღება დაფიქსირდეს პოლიციელზე და სტრუქტურის დანარჩენი ელემენტები საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს. ადამიანის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების უნარის შეზღუდულობის შესახებ შემეცნებითი პროცესების კლასიკურ ფსიქოლოგიაშიც ბევრი რამ იყო ცნობილი. არსებითად, ამაზე მეტყველებს ყურადღების მოცულობასთან და განაწილებასთან, მის რხევადობასთან და მდგრადობასთან დაკავშირებული ფაქტები. კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ ამ ფენომენების ბევრად უფრო ღრმა, ზუსტი და მრავალმხრივი შესწავლა მოახერხა. ამისთვის შეიქმნა მრავალი ახალი, უფაქიზესი და უზუსტესი ლაბორატორიული მეთოდიკა. შემეცნების პროცესში მონაწილე მოვლენების უფრო დიფერენცირებული და მკაცრი აღწერა-დახასიათებისთვის შემოღებული იქნა ბევრი ახალი ტერმინი: მხედველობითი, ვერბალური, სივრცითი თუ სხვა კოდები, ანალოგობრივი და სივრცითი რეპრეზენტაციები, სხადასხვა რიგის იზომორფიზმები, სენსორული რეგისტრები, იკონიკური და ექოიტური მეხსიერება, მრავალგანზომილებიანი სივრცეები, შაბლონები, სტრუქტურული აღწერები, სემანტიკური ბადეები, მულტიკომპონენტური ფაქტორები და ჰოლოგრამებიც კი. მაგრამ, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის ს. პალმერის თქმით, ეს ტერმინოლოგიური სიჭარბე სასარგებლო არ აღმოჩნდა იმის გამო, რომ ტერმინებს შორის არსებული მიმართებები და განსხვავებები, უმრავლეს შემთხვევაში, ბოლომდე გასაგები არ არის. ეს კი შეუთავსებელია ცოდნის იმ დარგისათვის, რომელსაც ღრმად ესმის თავისი პრობლემები და სერიოზულად არის მიმართული მათ გადასაწყვეტად, დაასკვნის იგი.

      როგორც ვხედავთ, შეფასება საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ 70-90-იანი წლები უკვე კოგნიტივიზმის ტოტალური ბატონობის სურათს წარმოაჩენს, დღეს ამ მიმართულების მიღწევების შეფასება თვით მისი წარმომადგენლების მხირივაც საკმაოდ თავშეკავებულია. კომპიუტერული მიდგომის შემოტანამ თავდაპირველად მართლაც დიდი ენთუზიაზმი აღძრა. ახალი მეთოდიკების სიუხვემ, ცდების დაგეგმვაში, წარმართვაში და მასალის დამუშავებაში გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებამ, ინფორმაციულ-კომპიუტერულმა ცნებებმა და ანალოგიებმა პროგრესის მათრობელი განცდა გამოიწვია. გაჩნდა იმედი, რომ კოგნიტური ფსიქოლოგია დაძლევდა ყველა იმ სირთულეს, რომლებმაც, საბოლოოდ, ჩიხში შეიყვანეს შემეცნებითი პროცესების შესწავლა კლასიკურ ფსიქოლოგიაში. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოლოდინები გადაჭარბებული იყო; ფსიქოლოგიის ისტორიკოსების დასკვნით, ე.წ. კოგნიტური რევოლუცია მითი აღმოჩნდა. კვლევის მეთოდოლოგიაში კოგნიტური ფსიქოლოგიის დამკვიდრებას თვისებრივი ცვლილება არ მოჰყოლია. მან მართლაც მიაკვლია ტრადიციული ფსიქოლოგიის პრობლემების ბევრ ახალ ასპექტს, მაგრამ პარადიგმატული გადატრიალებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აუცილებელი იყო ამოსავალი მეთოდოლოგიური მიდგომის კარდინალური შეცვლა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ნაისერი თავის შემაჯამებელ წიგნში “შემეცნება და რეალობა” (1976) გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გადამუშავებასთან დაკავშირებული “თანამედროვე კვლევების საფუძვლადმდებარე პოსტულატები, ინტროსპექციაზე უარის თქმის მიუხედავად, განსაცვიფრებლად მცირედ განსხვავდება XIX საუკუნის ინტროსპექციული ფსიქოლოგიის პოსტულატებისაგან”.

      ნაისერი საკმაოდ კრიტიკულია იმ მიმართულების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც თავად არის. მას არ აკმაყოფილებს ცოდნის ის დონე, რომელიც არსებობს მთლიანად შემეცნებითი პროცესების კვლევაში და, კერძოდ, მეხსიერების ფსიქოლოგიაში. ნაისერი ასეთ დასკვნამდე მიდის: მეხსიერების ასწლიანმა შესწავლამ საკმაოდ შემაცბუნებელი შედეგები მოგვცა. ჩვენ დავადგინეთ სანდო ემპირიული განზოგადოებები, მაგრამ მათი უმრავლესობა იმდენად აშკარაა, რომ ათი წლის ბავშვისთვისაცაა ცნობილი. მეხსიერების თანამედროვე მოდელები თითქოს უშეცდომონი არიან, მაგრამ ისინი იმდენად ცოტას ამბობენ მეხსიერების ყოველდღიური გამოყენების შესახებ, რომ საბოლოო ჯამში, იმავე ბედს იზიარებენ, რაც დასწავლის თეორიას ეწია. ერთი სიტყვით, კოგნიტური ფსიქოლოგიის მოდელები ეკოლოგიურად ვალიდური არ არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხელოვნურობისა და ლაბორატორიულობის გამო, ისინი ვერ გამოხატავენ შემეცნებითი პროცესების ყოველდღიურ და ბუნებრივ ფუნქციონირებას. კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ ვერ შექმნა შემეცნებითი პროცესების ერთიანი სურათი. სადღეისოდ არსებობს უამრავი ფაქტი და მინითეორია, რომელთა გაერთიანება მწყობრ სისტემაში ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. შეიძლება ითქვას, რომ კოგნიტივისტური მიდგომა, ადრეული მენტალისტური ფსიქოლოგიის მსგავსად, სერიოზულ სირთულეებს განიცდის შინაგანი ფსიქიკური პროცესების ადეკვატურ მეცნიერულ ენაზე წარმოდგენის საქმეში.

      მაგრამ ნაისერის პრეტენზიები კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართ უფრო არსებითი და პრინციპული ხასიათისაა. ნაისერს არ აკმაყოფილებს ის გარემოება, რომ კოგნიტივიზმი რჩება მხოლოდ შემეცნების პროცესების ფსიქოლოგიად. ნამდვილმა ფსიქოლოგიამ უნდა დასვას და გადაჭრას უფრო ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც ადამიანის ბუნებასთან და ქცევის დეტერმინაციასთან არის დაკავშირებული. ეს პრობლემები, ამბობს იგი, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება მათი მიტოვება ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის ამარა. რამდენადაც ისინი ქცევისა და პიროვნების ზოგადფსიქოლოგიური თეორიებია, გამოდის, რომ კოგნიტურ ფსიქოლოგიასაც მსგავსი პრეტენზიები უნდა გააჩნდეს. როგორც ჩანს, ნაისერი მართლაც ასე ფიქრობს, ვინაიდან თავის საპროგრამო წიგნში კოგნიტური ფსიქოლოგიის საბოლოო ამოცანად იმას მიიჩნევს, რომ აჩვენოს ცოდნის როლი ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, თუ როგორ აპირებს ავტორი ამ ამოცანის გადაწყვეტას, რადგანაც მთელი შრომა ფსიქიკაში ინფორმაციის გადამუშავების პროცესებს ანუ შემეცნების ფსიქოლოგიას ეძღვნება.

      იბადება კითხვა, შეიძლება კი, საერთოდ, შემეცნების ფსიქოლოგიიდან, როგორც ზოგადი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ნაწილიდან, მივიღოთ ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის კონცეფცია? ცხადია, არ კმარა მხოლოდ იმის თქმა, რომ ქცევა ცოდნით არის განსაზღვრული (რასაც ნაისერი ამბობს კიდეც). კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ ზოგადფსიქოლოგიური თეორიის სახე რომ მიიღოს, აუცილებელია იმ კანონზომიერებათა ჩვენება, თუ როგორ განსაზღვრავს რეალურად ცოდნა ადამიანის ქცევას. აქ კი ნაისერი და მისი ორიენტაციის ყველა მკვლევარი უძლურია რამდენადმე მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ თქვას, ვინაიდან იგი, ფაქტობრივად, ამ პრობლემას არც შეისწავლის. მისი შესწავლის საგანი, ძველი ფსიქოლოგიის ენით რომ ვთქვათ, შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქციებია. აქ მოპოვებული ფაქტები და მათი ამხსნელი თეორიები კერძო, ანუ ე.წ. მცირე ფსიქოლოგიური თეორიებია; ისინი ეხებიან კონკრეტულ ფსიქიკურ პროცესებს (აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას და, შესაძლოა, მათ კავშირებსაც), მაგრამ არა ადამიანის მთელ ქცევას, მის ყოველგვარ აქტივობას და, მითუმეტეს, პიროვნების ბუნებას. ის ზოგადი, არსებითი, ფუნდამენტური კანონზომიერებანი, რაც ყოველივე ამას უდევს საფუძვლად, პრინციპულად ვერ მოთავსდება მცირე, კერძო თეორიის ჩარჩოებში.

      ნაისერი, როგორც ჩანს, ამას არ აცნობიერებს; იგი ავითარებს შემეცნების ფსიქოლოგიას და სურს, რომ მან გადაწყვიტოს ქცევისა და პიროვნების საკითხები. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კოგნიტივიზმის ფარგლებში უკვე საკმაო ხანია არსებობს თეორიები, რომლებიც ყველა ნიშნის მიხედვით უნდა მივაკუთნოთ ქცევის მასშტაბურ კონცეფციებს. პირველ რიგში ეს ეხება კოგნიტური კონსისტენტობის ან კონგრუენტობის თეორიებს, რომლებიც ორმოცდაათიან წლებში გამოჩნდნენ ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაში და მასში კოგნიტივისტური ორიენტაცია დაამკვიდრეს. აღსანიშნავია აგრეთვე ქცევის ზოგადი კონცეფცია, რომელიც გადმოცემულია ჯ. მილერის, ი. გალანტერის და კ. პრიბრამის 1960 წელს გამოქვეყნებულ კლასიკურ ნაშრომში “ქცევის გეგმები და სტრუქტურები”. ეს თეორიები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი არსებითი გარემოება აერთიანებს: ისინი კოგნიტურ ფაქტორებზე დაფუძნებული ზოგადი ამხსნელი თეორიებია. მათი ძირითადი ნიშანი ქცევის კოგნიტური, ცოდნისეული გაპირობებულობის მტკიცებაა.

      ამრიგად, კოგნიტივიზმი ან კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც თანამედროვე ფსიქოლოგიის ყველაზე გავრცელებულ და გავლენიან მიმდინარეობად შეიძლება ჩაითვალოს, ორი სახით არის წარმოდგენილი: ერთი, როგორც შემეცნებითი პროცესების შემსწავლელი დარგი, თავისი სპეციფიკური მეთოდოლოგიური, მეთოდური, ტერმინოლოგიური და კონცეპტუალური ასპექტებით (ჩვენი ანალიზის კონტექსტში მთავარი ისაა, რომ ყოველგვარი განზოგადება მოცემულ სფეროში კერძო ან მცირე თეორიის ფარგლებს არ სცილდება) და მეორე - კოგნიტივიზმი, როგორც საერთო კონცეფცია ადამიანის ყოველგვარი აქტივობის შესახებ, ანუ როგორც დიდი ზოგადფსიქოლოგიური თეორია. სამწუხაროდ, სპეციალურ ლიტერატურაში კოგნიტური ფსიქოლოგიის ანალიზისას ეს გარემოება სათანადოდ არ არის გააზრებული. როგორც წესი, მკვლევართა მხედველობის ველში კოგნიტივიზმის მხოლოდ ერთი სახეობა, ერთი მხარე ექცევა და ანალიზიც ამით შემოიფარგლება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, ბრუნერი, იმედაძე, კოგნიტური, მილერი, ნაისერი, ფსიქოლოგია, ხომსკი

ნახვა: 3315

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters