ფსიქოლოგიის ისტორია, X თავი

10.1. კლასიკური გეშტალტფსიქოლოგია

      ბიჰევიორიზმის პარალელურად ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ყალიბდება ძლიერი მიმდინარეობა გეშტალტფსიქოლოგია[1], ანუ ბერლინის სკოლა. ბიჰევიორიზმისა არ იყოს, გეშტალტფსიქოლოგია გამოხატავს პროტესტს ტრადიციული ფსიქოლოგიის მიმართ და ძირფესვიანად ცვლის მიდგომებს ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის, საგნისა და მეთოდის ზოგიერთი არსებითი ასპექტის მიმართ. მისი კრიტიკის ძირითადი სამიზნეა ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის ატომიზმი და მექანიციზმი. ძველი ფსიქოლოგიის ელემენტარისტულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ფსიქიკური მთლიანობები მეორადი და ელემენტებისაგან შედგენილი მოვლენებია, გეშტალტფსიქოლოგიამ დაუპირისპირა თეზისი: მთელი პირველადია და თავად განსაზღვრავს ელემენტებს. ფსიქიკური მთლიანობის საკითხი, თავისთავად, ახალი არ იყო. ტრადიციული ფსიქოლოგიისთვისაც ცნობილი იყო, რომ ფსიქიკური ფენომენები ისეთ მთლიანობია, რომელთა თვისებები არ გამოიყვანება შემადგენელი ელემენტების მექანიკური ჯამიდან. ამაზე მიანიშნებდა ჯ. ს. მილის “სულის ქიმია”; იმავეს გამოხატვას ცდილობდა ვ. ვუნდტი თავისი “შემოქმედებითი სითეზის” ცნებით, თუმცა გეშტალტფსიქოლოგიის კრიტიკის მახვილი სწორედ ვუნდტისა და მისი იდეების ნიადაგზე აღმოცენებული სტრუქტურალიზმის სკოლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

      მთლიანობის იდეის შემდგომი განვითარება მოხდა ე.წ. ავსტრიულ ან გრაცის სკოლაში (XIX საუკუნის 80-იანი და XX საუკუნის 10-იანი წლები). მისი წარმომდგენლებია: ალექსიუს მაინონგი (1870-1920), რისტიან ერენფელსი (1859-1932), შტეფან ვიტაზეკი (1870-1915), ვიქტორ ბენუსი (1878-1927). პირველად 1890 წელს ერენფელსმა შემოიტანა ტერმინი გეშტალტ-თვისება (გეშტალტქვალიტეტი) საგანთა ისეთი თვისებების აღსანიშნავად, რომლებიც არ გამოიყვანება ელემენტარული შეგრძნებებიდან. მაგალითად, მელოდიურობა ახალი თვისებაა, რომელიც ტონების უბრალო ჯამს არ წარმოადგენს. გეშტალტ-თვისება გონებრივი აქტების მიერ შექმნილი, აღნაგობის გამომხატველი რთული ელემენტია. მისი სპეციფიკური ნიშანია ტრანსპოზიცია ანუ გადატანა (სხვა ტონალობაში დაკრული მელოდია იგივე მელოდიად რჩება), და შინაგანი დასრულებულობა. ავსტრიულმა სკოლამ მოამზადა გეშტალტფსიქოლოგია, მაგრამ იგი ვერ გასცდა ელემენტების ფსიქოლოგიას. გეშტალტ-თვისების გამოყოფა და იმის თქმა, რომ მთელი მეტია ნაწილზე, არ არის საკმარისი. ელემენტარისტული ორიენტაციის ძირფესვიანი შეცვლისთვის საჭიროა ითქვას, რომ მთელს პირველადობაც ეკუთვნის, რომ ის კიდევ ერთი ელემენტი კი არ არის, არამედ მთავარი და “უკანასკნელი მოცემულობაა”, რომ ანალიზი მთლიანობიდან უნდა დაიწყოს, ხოლო ნაწილი (ელემენტი) მხოლოდ მისგან გამოიყოფა და მასში პოულობს თავის მნიშვნელობას. ეს დებულებები პირველად ფორმულირებულ იქნა ვერთჰაიმერის წერილში “მოძრაობის ექსპერიმენტული შესწავლა” (1912), რომელიც გეშტალტფსიქოლოგიური მიმდინარეობის ათვლის წერტილად ითვლება.

      გეშტალტფსიქოლოგიის სამი წამყვანი ფიგურა - ვერთჰაიმერი, კელერი და კოფკა ერთმანეთს 1910 წელს შეხვდნენ, მაინის ფრანქფურტში. ვერთჰაიმერს მოძრაობის აღქმის პრობლემა აინტერესებდა, ხოლო კელერი და კოფკა მისი ცდისპირები იყვნენ და მასთან ერთად აანალიზებდნენ ექსპერიმენტულ მონაცემებს. მაქს ვერთჰაიმერი (1880-1943) დაიბადა პრაღაში; აქვე სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ბერლინში (კ. შტუმფთან) და ვიურცბურგში (ო. კიულპესთან). 1910 წლიდან იგი ფრანკფურტშია, ხოლო 1922 წელს ბერლინს უბრუნდება. სწორედ აქ მიაღწია გეშტალტფსიქოლოგიამ თავის ზენიტს და ამიტომაც ეწოდა ბერლინის სკოლა. 1933 წლიდან ვერთჰაიმერი ემიგრაციაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში.

      ხსენებულ გამოკვლევაში, ვერთჰაიმერმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ცდაში გამოვლენილი აღქმის ხატების გამოყვანა შესაძლებელია პირველადი სენსორული ელემენტებიდან. ექსპერიმენტი ადგენდა, რომ ორი ერთნაირი გამღიზიანებლის (ერთმანეთთან ახლომდებარე ჰორიზონტალური და დახრილი განათებული ხაზი) ეკრანზე მიწოდების მონაცვლეობის სისწრაფე სხვადასხვაგვარ აღქმით ხატებს გვაძლევს - დიდი ინტერვალის შემთხვევაში თანმიმდევრულად მოცემულ განცალკევებულ ხაზებს, მცირე ინტერვალის დროს კუთხეს, ხოლო საშუალო ინტერვალისას დახრილი ხაზის გადანაცვლებას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ეს მოჩვენებითი მოძრაობა, რომელსაც F-ფენომენი უწოდეს, ნამდვილ მოძრაობად აღიქმება და მისი დახასიათება უნდა მოხდეს ისე, როგორც ის განცდაშია მოცემული. სწორედ ეს გამოარჩევს ე.წ. ფენომენოლოგიური თვითდაკვირვების მეთოდს, რომელიც გეშტალტფსიქოლოგიური ექსპერიმენტული კვლევის მთავარ ინსტრუმენტად იქცა: აღვწეროთ გამოცდილება მის უშუალო მოცემულობაში, დაუმახინჯებლად და არა ანალიტიკურად, ე.ი. მასში რაღაც ნაგულისხმევი ნაწილების გამოვლენის მიზნით, რაც ვუნდტისეული ექსპერიმენტული თვითდაკვირვებისთვის იყო დამახასიათებელი. ვერთჰაიმერის აზრით, აღწერილ განცდაში არ უნდა ვეძებოთ ელემენტები, მოძრაობა არ არის გამღიზიანებლებისა და მათი შესატყვისი შეგრძნებების სივცითი სერია. მოძრაობა უნდა გავიგოთ, როგორც მთლიანობა, გეშტალტი და არა როგორც “შეგრძნებათა კონა”. სტიმულსა და აღქმულ ფენომენს შორის, ამ შემთხვევაში, არ არის ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა. მოძრაობის ფსიქიკური ფენომენი სახეზეა, თუმცა ფიზიკურად საგანი არ მოძრაობს - იგი არ გაივლის სივცეში ყველა იმ წერტილს, რომელთაგან წამოსული გაღიზიანება შეგრძნებების რიგის სახით უნდა მოგვეცეს, რათა მოძრაობა განვიცადოთ; ასე ფიქრობდა ტრადიციული ფსიქოლოგია.

      ტრადიციული ფსიქოლოგია შეგრძნებათა კონსტანტობის ჰიპოთეზაზეა აგებული. ეს ტერმინი კელერმა შემოიღო, მასვე ეკუთვნის ამ მეთოდოლოგიური პრინციპის დასაბუთებული კრიტიკა. ძველი ფსიქოლოგია იქიდან ამოდის, რომ ყველა გამღიზიანებელს თავისი შესაბამისი შეგრძნება მოსდევს. რთული გამღიზიანებლის თითოეულ შემადგენელ მომენტს თავისი შეგრძნებითი ელემენტი შეესაბამება და, ამიტომ, სახეზეა შეგრძნებათა კომპლექსი. მაგალითად, აკორდი ტონების კრებადობაა, ე.ი. აკორდის აღქმა ამ ტონების შესატყვისი შეგრძნებების შეერთების შედეგია. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ აკორდის აღქმა მარტივია, მასში არ განიცდება შესაბამისი შეგრძნებები. მიუხედავად ამისა, დაშვებულია, რომ ისინი აუცილებლად არსებობენ, რადგან კავშირი გამღიზიანებელსა (ტონი) და შეგრძნებას შორის უცვლელია (კონსტანტურია). ამ დოგმატური პოსტულატის გადასარჩენად სრულიად მიუღებელი ვარაუდები გამოითქმება, მაგალითად ვარაუდი შეუმჩნეველი შეგრძნებების არსებობის შესახებ; ეს ხდება ცნობიერების ფსიქოლოგიის ფარგლებში, სადაც ამგვარი რამ არაგანცდადი განცდის დაშვების ტოლფასია.

      რეალური, ფენომენოლოგიურად მოცემული გამოცდილება არ ადასტურებს კონსტანტობის ჰიპოთეზას. ფენომენოლოგიური მეთოდი, რომელსაც აღიარებს გეშტალტფსიქოლოგია, მოითხოვს ცნობიერების მოვლენების განხილვას თავის უშუალო, ნადვილ მოცემულობაში; ცნობიერების მონაცემები, სახელდობრ აღქმები, ყოველგვარი წინასწარი დაშვების, მოსაზრების თუ დაკვირვების სქემის გარეშე უნდა იქნას აღწერილი და განხილული. ანალიტიკური ინტროსპექციით აღჭურვილი ტრადიციული ფსიქოლოგია იქიდან ამოდიოდა, რომ აღქმა არ არის პირველადი მოცემულობა, რომ იგი შენაერთია და ამიტომ უნდა დაიშალოს ელემენტებად, დაყვანილ იქნას შეგრძნებებზე. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიაში სწორედ შეგრძნებები, ანუ ანალიზის ხელოვნური ნაყოფი შეისწავლებოდა. ფენომენოლოგიურ მეთოდზე დამყარებულ ახალ ფსიქოლოგიას აღქმა შეგრძნებიდან კი არ გამოჰყავს, არამედ პირიქით, თვლის, რომ განცდაში პირველადი მოცემულობა მთელს აქვს და არა ნაწილს. მთელი უშუალოდ განიცდება და ყოველგვარი პრიორიტეტიც მას ეკუთვნის. ძველი ფსიქოლოგიის ობიექტი ნაწილი (შეგრძნება) იყო, ახლის ობიექტია მთელი (აღქმის ხატი). ფსიქიკის კანონები ნაწილის (ასოციაციის) კანონები კი არ არის, არამედ მთელისა, ისინი გეშტალტკანონებია. აქამდე გეშტალტი ფსიქოლოგიის ერთერთი პრობლემა იყო: არსებობენ ფსიქიკური მთლიანობები და ისინი უნდა შევისწავლოთ. გეშტალტფსიქოლოგიაში მთლიანი ერთ-ერთი მოვლენა ან საკითხი აღარ არის, იგი ძირითადი კანონია, პრინციპია, რომლიდანაც ყველა სხვა ფსიქიკური ფენომენი უნდა იყოს გამოყვანილი და ახსნილი. ასეთია გეშტალტფსიქოლოგიის კრედო.

      ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის მეთოდს აღიარებდნენ აგრეთვე ახალგაზრდა ფსიქოლოგები დავიდ კაცი (1884-1953) და ედგარ რუბინი (18861951), რომლებიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ცენტრში, გიოტინგენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში მოღვაწეობდნენ გ. ე. მიულერის ხელმძღვანელობით. განიხილავდნენ რა აღქმას ფენომენოლოგიურად, ანუ წინასწარი სტერეოტიპების გარეშე, მათ აღქმის ხატში ახალი თვისებები და კანონზომიერებები აღმოაჩინეს. დ. კაცის გამოკვლევაში გამოიკვეთა აღქმის ხატის ისეთი თვისება, როგორიც კონსტანტობაა. მაგალითად, ქაღალდის თეთრი ფერი უცვლელი რჩება განათების ფიზიკური პირობების ცვალებადობის მიუხედავად. ამასთან, რასაც გეშტალტფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, კონსტანტობა ირღვევა, თუ ობიექტი მთლიანი სიტუაციის აღქმის ველიდან ამოვარდნილია, იზოლირებულია; მაშასადამე, აღქმის ეს თვისება მთლიანობითი ბუნებისაა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1915 წელს რუბინის მიერ ორმაგი მნიშვნელობის სურათების მეშვეობით ფიგურა-ფონის ეფექტის აღმოჩენას.

      გეშტალტფსიქოლოგიის განვითარების პირველ ეტაპზე საკმაოდ მდიდარი ფაქტობრივი მასალა იქნა მოპოვებული. ამ მხრივ აღსანიშნავია კელერის გამოკვლევათა სერია ცხოველებზე. ვოლფგანგ კელერი (1887-1967) დაიბადა რეველში (ტალინი). საუნივერსიტეტო განათლება მიიღო ტიუბინგენში, ბონში და ბერლინში. აქ შტუმფის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია სმენის ფსიქოლოგიის საკითხებზე; იმავდროულად ეუფლებოდა ფიზიკას მაქს პლანკთან. 1910 წელს იგი ფრანკფურტშია, სადაც ხვდება ვერთჰაიმერსა და კოფკას. 1913 წელს პრუსიის აკადემიის მიწვევით ხდება კანარის კუნძულებზე განთავსებული ანთროპოიდების შემსწავლელი სადგურის დირექტორი. პირველი მსოფლიო ომის გამო აქ მას დიდი ხნით მოუწია დარჩენა, რამაც საშუალება მისცა, ფართო კვლევითი სამუშაო გაეშალა. გერმანიაში დაბრუნების მერე მან დაიკავა შტუმფის ადგილი ბერლინის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტზე. 1935 წლიდან, გეშტალტფსიქოლოგიის სხვა ლიდერების მსგავსად, განერიდა ფაშიზმს და გადასახლდა შეერთებულ შტატებში, სადაც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა (პრინსტონი – სოუტმორის კოლეჯი) და ერთ ხანს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც კი ასრულებდა.

      კელერის პირველი გეშტალტფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქათმებზე და ეხებოდა ტრანსპოზიციის ფენომენის შესწავლას. მას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა მთელისა და ელემენტის ურთიერთმიმართების ბუნების ცხადყოფის კუთხით. ქათმებს ავარჯიშებდნენ, რომ საკენკი აეკენკათ იმ კვადრატიდან, რომელიც უფრო ბაცი იყო ორ მოცემულ კვადრატს შორის. კრიტიკულ ცდაში მათ მიეწოდებოდა კვადრატების წყვილი, სადაც შეჩვეული ფერის კვადრატი მეორეზე უფრო მუქი იყო. ქათმები ამ მეორეს ირჩევდნენ, ანუ უფრო ბაცს. ეს ცდები ადასტურებს, რომ მნიშვნელობა აქვს მიმართებას, მთლიან სტრუქტურას და არა ელემენტს, მის აბსოლუტურ თვისებას (განათების კონკრეტულ ხარისხს). ის გარემოება, რომ მოცემული ეფექტი მიღებულ იქნა ქათმებთან, მიუთითებს აღქმის სტრუქტურების პირველად და პრიმიტიულ ხასიათზე. სტრუქტურული მთლიანი არ არის მაღალი ფსიქიკური ფუნქციების ჩარევის შედეგი; ის არაა ინტელექტიდან, შემოქმედებითი სინთეზიდან ან რაიმე მსგავსიდან ნაწარმოები თვისება. შემდგომ შრომაში “ადამიანის მსგავსი მაიმუნების ინტელექტის გამოკვლევა” (1917), კელერმა განაზოგადა ანთროპოიდების კვლევისას მიღებული შედეგები. ეს კლასიკური მონოგრაფიაა; მასში ჩამოყალიბებულია მოსაზრებათა სისტემა ამოცანის გადაწყვეტის პროცესის შესახებ, რომელიც აღქმის სტრუქტურის შეცვლის, ახალი გეშტალტის წარმოქმნის მექანიზმს ეფუძნება.

      1921 წელს კოფკამ გამოაქვეყნა წიგნი “ფსიქიკური განვითარების საფუძვლები”, რომელშიც სტრუქტურის პრინციპზე დაყროდნობით განიხილა ფსიქიკური განვითარების ფაქტები ფილოგენეზში და ონტოგენეზში. კურტ კოფკა (1886-1941) დაიბადა ბერლინში. სტუდენტური გატაცება ფილოსოფიით შეცვალა ფსიქოლოგიის ინტერესმა. ვერთჰაიმერისა და კელერის მსგავსად, ისიც შტუმფთან სწავლობდა. შემდეგ მუშაობდა ასისტენტად კიულპესთან ვიურცბურგში და შუმანთან ფრანკფურტში, სადაც დაუახლოვდა გეშტალტფსიქოლოგიური ტრიუმვირატის სხვა წევრებს. 1911-1924 წლებში ასწავლიდა გესენის უნივერსიტეტში. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელთაგან იგი ყველაზე ადრე გადასახლდა ამერიკაში, სადაც 1927 წლიდან სიკვდილამდე ეკავა პროფესორის თანამდებობა სმიტის კოლეჯში ნორჰემპტონში (მასაჩუსეტსი). კოფკას აზრით, განვითარება გეშტალტების წარმოქმნაში, დიფერენცირებაში და ამ სტრუქტურებს შორის კავშირების დამყარებაში მდგომარეობს. სულ პატარა ბავშვის სამყაროც ერთგვრად გეშტალტიზებულია, მაგრამ მისი გეშტალტები ნაკლებად სტრუქტურირებულია და ისინი განმხოლოებულნი არიან. ვინაიდან გეშტალტის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს გარესამყაროს აღქმა განაპირობებს, სწორედ ის წარმოადგენს წამყვან ფუნქციას ფსიქიკურ განვითარებაში. აღქმის ძირითადი ნიშნები (კონსტანტობა, საგნობრიობა, სიზუსტე) თანდათან ყალიბდება, გეშტალტიზაციის თვისების მომწიფებასთან ერთად. თავის ლაბორატორიულ კვლევებში კოფკამ აჩვენა, რომ თავდაპირველად ბავშვს გარე სამყაროს ერთობ ბუნდოვანი და არც თუ ადექვატური სურათი აქვს. ასეთია, მაგალითად, სხვა ადამიანის ხატი ახალშობილთან. ამ გეშტალტში შედის სახე, თმა, ხმა, სუნი, მოძრაობები და სხვა; ამიტომ, თოთო ბავშვმა შეიძლება ვერც იცნოს ახლობელი ადამიანი, თუ ის შეიცვლის ვარცხნილობას ან ჩვეულ ტანსაცმელს. რამდენიმე თვეში ვითარება იცვლება, ეს დიფუზური საერთო წარმოდგენა დიფერენცირდება; ადამიანის სახე ცალკე გეშტალტად გამოიყოფა და მისი ნაკვთები ამ საერთო სტრუქტურაში ერთიანდება; ჩნდება ხმასთან, მიმიკაპანტომიმკასთან დაკავშირებული სტრუქტურები. იგივე ითქმის ფერების აღქმის შესახებ. თავდაპირველად ბავშვები აღიქვამენ გარემოს მხოლოდ როგორც შეფერილს და უფეროს; უფერო განიცდება ფონად, შეფერილი - ფიგურად. თანდათან შეფერილობის გეშტალტი დიფერენცირდება თბილ და ცივ ფერებად; უფრო მოგვიანებით კი თბილი ფერის მთლიან სტრუქტურაში გამოიყოფა ყვითელი და წითელი, ხოლო ცივისაში - მწვანე და ლურჯი. საწყისი დიფუზური გეშტალტის დიფერენცირება გრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ფერის სწორი აღქმა არ ჩამოყალიბდება.

      ონტოგენეტური განვითარების კიდევ ერთი ხაზი აღქმითი და ქცევითი ანუ სენსომოტორული სტრუქტურების განმტკიცებასა და გართულებაში მდგომარეობს. სენსომოტორული სტრუქტურები ნამდვილად ერთიანი და მთლიანი წარმონაქმნებია - მათი ნაწილებად დაშლა გამარტივების, უკუსვლის ტოლფასია. ამრიგად, ამ შემთხვევაშიც გეშტალტი პირველადია. ოღონდ აქ უკვე ლაპარაკია არა ერთი სფეროს (მაგ., აღქმის) შიგნით, არამედ ორი სფეროს კავშირის გამომხატველ მთლიანობაზე. კოფკა იხილავს ასეთი კავშირების შემთხვევებს, ვთქვათ ბგერაზე თავის მობრუნების ან ტაცების პროცესს და ასაბუთებს სენსომოტორული მთლიანობის არსებობას. აქ სახეზეა არა სენსორული და მოტორული ერთეულების ასოციაციური კავშირი, არამედ კომპონენტების ერთიანობა ახალი სტრუქტურული მთლიანობის, ანუ გეშტალტის შიგნით.

      1921 წელს გეშტალტფსიქოლოგიური ტრიუმვირატი აარსებს თავის საკუთარ ჟურნალს “ფსიქოლოგიური გამოკვლევები”, სადაც იბეჭდება ვერთჰაიმერის საპროგრამო წერილები გეშტალტფსიქოლოგიის შესახებ. ამ წერილებში, კელერის წიგნში “გეშტალტფსიქოლოგია” (1929) და კოფკას მონოგრაფიაში “გეშტალტფსიქოლოგიის პრინციპები” (1935) ჩამოყალიბებულია ამ თეორიის ძირითადი შინაარსი. გეშტალტფსიქოლოგების პუბლიკაციებზე მსჯელობისას უთუოდ უნდა აღინიშნოს კელერის შრომა “ფიზიკური გეშტალტები მოსვენებულ და სტაციონალურ მდგომარეობაში” (1920), რომელშიც განხილულია პრინციპული მეთოდოლოგიური პრობლემები და მოცემულია ე.წ. იზომორფიზმის კონცეფცია. აქ გეშტალტის იდეა ფსიქოლოგიის საზღვრებს სცილდება და ზოგადმეცნიერული პრინციპის სახეს იღებს. მთლიანობა სამყაროს (მატერიალური, ცოცხალი, სულიერი) არსებობის პრიციპად და ძირეულ თვისებად არის მიჩნეული. ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მოვლენების ურთიერთმიმართების გააზრებას კელერი სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე ცდილობს.

      კელერი ამოდის იქიდან, რომ სამყაროში ყველა პროცესი გეშტალტურია. გეშტალტი უნივერსალური პრინციპია. ფსიქიკის ახსნა ნიშნავს მისი შესატყვისი (იზომორფული) მთლიანი პროცესის მონახვას ტვინში, რომელსაც, თავის მხრივ, შეესაბამება ფიზიკური პროცესი. კელერს ფიზიკოსის განათლება საშუალებას აძლევს თავისუფლად ილაპარაკოს მაქსველისა და ფარადეის მიერ აღმოჩენილ ველებზე. იგი უშვებს მათ არსებობას ტვინში. თვით ელემენტარული პროცესიც მთლიანია - ერთ ადგილას მომხდარი ცვლილება პრაქტიკულად მთელი სისტემის რეაქციას და ცვლილებას იწვევს. ელექტრომაგნიტურ ველს თავისი სტრუქტურა გააჩნია. ის არ იყოფა სეგმენტებად და არ შედგება ნაწილებისაგან, რადგან მისი სრუქტურული მომენტები ერთმანეთისმიერნი არიან: მომენტი მთლიანისმიერია, მთელი მომენტისმიერი. მაშასადამე, ფიზიკურ სამყაროში არსებობს მოვლენები, რომელთაც გეშტალტის თვისება გააჩნიათ. ახლა უკვე შესაძლებელი ხდება ფსიქიკურის ფიზიოლოგიური კორელატის ნამდვილად მთლიან, გეშტალტურ ბუნებაზე ლაპარაკი. გეშტალტის აღქმისას, პერცეპტულ აპარატში (თვალის ბადურაზე), იმთავითვე მთლიანი პროცესი ჩნდება და შემდგომში, ამავე სახით ცენტრალურ სფეროზე გადადის. მთელი ოპტიკური სექტორი, პერიფერიიდან ცენტრამდე, ერთ მთლიან გეშტალტურ ველს წარმოადგენს, ისეთივეს, როგორიცაა მაგალითად, მაგნიტური ველი. ფიზიოლოგიური გეშტალტური პროცესები ფიზიკო-ქიმიური პროცესების, ე.ი. ფიზიკური გეშტალტების იზომორფულია. თუ ადამიანი აღიქვამს თეთრ წრეს რუხ ფონზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინში არსებობს წრის ფორმის მქონე შემოზღუდული არე. ამ ფიგურის კონტურებზე სპეციფიკური ელექტრული ძალები მოქმედებენ. ისინი უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე მათ გარშემო არსებული ელექტრული ველი, რომელიც რუხ ფონს შეესაბამება. ენერგიის სიმკრივე ტვინის არეში, რომელიც შეესაბამება ფიგურას, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ფონის არეში, ამბობს კელერი. აქედან გამომდინარეობს ფიგურა-ფონის ფენომენოლოგია: ფიგურა უფრო გამოკვეთილია, საგნობრივია; კონტური ფიგურას ეკუთვნის, ველის არე კი ფონს; ფიგურა უფრო გეშტალტურია. ასე ხსნის იზომორფიზმის კონცეფცია გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი კანონს - ფიგურაფონის კანონს.

      კიდევ ერთი კანონი, ე.წ. პრეგნანტობის კანონი, უკეთესი გეშტალტისკენ, დასრულებული და კარგი ფორმისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ფიზიოლოგიის სფეროში მასაც თავისი შესაბამისი ტენდენცია მოეპოვება, რომელიც, თავის მხრივ, ფიზიკაში ცნობილი ენერგიის მინიმუმის, ენთროპიის პრინციპზეა დაფუძნებული. ცნობილია, რომ თუ რთულად დახვეულ ლითონის მავთულში ძლიერ დენს გავატარებთ, ეს ფიგურა იქამდე იმოძრავებს, ვიდრე უმარტივეს და ეკონომიურ (წრისებრ) ფორმას არ მიიღებს. ამგვარად, ფსიქიკურ ტენდენციას აქაც პარალელური ფიზიკური ტენდენცია ახლავს და ასეა ყველგან. კელერის იზომორფიზმის თეორია ფსიქოფიზიკური და ფსიქოფიზიოლოგიური პარალელიზმის გეშტალტფსიქოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს.

      აღნიშნული გეშტალტიზაციის კანონები, ფაქტობრივად, აღქმის კანონებია, ვინაიდან ისინი აღქმის სფეროში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით არის დადგენილი. ამ გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ აღქმა გეშტალტურია, მთლიანია. პირველადი განცდა მთელის განცდაა, ხოლო ნაწილები მთლიანით განისაზღვრება და მისგან გამოიყვანება. ელემენტი ნაწარმოები, მეორადი განცდაა. ამას ადასტურებს სხვადსხვა ილუზიის ეფექტები, მაგალითად ზანდერ-ფუქსის ილუზია, სადაც მოყვითალო-მომწვანო წრე ხან მწვანედ განიცდება, ხან ყვითლად იმის მიხედვით, თუ რა ფერის წრეებს შორისაა ის მოთავსებული. იმავეზე მეტყველებს მიულერ-ლაიერის ცნობილი ილუზია, სადაც დიდი გეშტალტის შემადგენლობაში შესული ხაზი დიდად გვეჩვენება და პირიქით.

      გეშტალტის ჰეგემონია ნაწილებზე იმდენად დიდია, რომ გარკვეულ დონემდე ის დამოუკიდებელი ხდება სენსორული მასალისაგან, ნაწილებისაგან: შეგრძნების მასალა იცვლება, აღქმის გეშტალტი კი უცვლელი რჩება. მაგალითად, შესაძლებელია მელოდიის შესრულება სხავადსხვა ოქტავაში, სამკუთხედის გამოსახვა სხვადასხვა ფერით და ა.შ. ამ მოვლენას, გეშტალტის ტრანსპონირება ეწოდება. გეშტალტს ახასიათებს შევსებულობა, სისრულე; გარკვეულ ფარგლებში მას ვერ არღვევს ხარვეზები. ხარვეზი აღქმაში ივსება, ამიტომ ვერ ვამჩნევთ გამოტოვებულ ასოებს სიტყვაში, ხაზის წყვეტას სამკუთხედში და სხვა. ამ მოვლენას ამპლიფიკაცია ეწოდება. მისი გამოვლინებაა ე.წ. დაუმთავრებლობის განცდა. ის მაშინ ჩნდება, როცა ჩვენ ვამჩნევთ ხარვეზს და განცდაში მისი შევსების, დასრულების ტენდენცია აღმოცენდება. ეს სპეციფიკური, დაძაბულობის იერის მქონე და მისწრაფების ტენდენციის შემცველი განცდაა (მაგ., უეცრად შეწყვეტილი მელოდიის დასრულების სურვილი). როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, დაუმთავრებლობის ფენომენის ეს მოტივაციური ასპექტი შემდგომში კვლევის საგანი გახდა გეშტალტფსიქოლოგიის საფუძველზე აღმოცენებულ კ. ლევინის სკოლაში.

      აღწერილ ფენომენებს სათანადო გეშტალტფსიქოლოგიური კანონები შეესაბამება, მაგრამ ძირითად კანონებად პრეგნანტობისა და ფიგურა-ფონის კანონები რჩება. აღქმის და, განსაკუთრებით, მხედველობის ველი იყოფა ფიგურად და ფონად. ფიგურა დახშულია, გაფორმებულია, დაკონკრეტებულია, წინაა წამოწეული; ფონი განიცდება დიფუზურად, ნაკლებ დანაწევრებულად, ის ფიგურის უკანაა, უფრო დიდია და ცუდადაა ლოკალიზებული. რუბინის ორმაგ ფიგურებში, ფიგურა-ფონის მონცვლეობის განცდა ამ ფენომენოლოგიას ადასტურებს.

      პრეგნანტობა აღქმის კონსტიტუციური პრინციპია. ყოველი გეშტალტი თავის დამახასიათებელ სტრუქტურულ ნიშნებს გამოკვეთს. გეშტალტი მიისწრაფის მისთვის დამახასიათებელი ფორმის პრეგნანტული ანუ გამოკვეთილი, მკვეთრი, ზუსტი ჩამოყალიბებისკენ, ე.ი. კარგი გეშტალტისკენ. ამიტომ, ხელით გავლებული ხაზი სწორი გვეჩვენება, წრე კი - მრგვალი; საათის წიკწიკს 3-4 ტაქტიან რიტმებად ვყოფთ (რიტმი კარგი გეშტალტია); 90 გრადუსით მოღუნულ რკალს მართ კუთხედ აღვიქვამთ და ა.შ.

      ვერთჰაიმერისა და კელერის ცდებით დადგინდა ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ გეშტალტიზაციის პროცესს, ანუ ნაწილების გაერთიანებას მთელში, ესენია: სიახლოვე, მსგავსება, შინაგანი კუთვნილება, დახშულობა, უწყვეტობა, მდებარეობა ან განლაგება ერთმანეთის მიმართ, დისპოზიცია ანუ განწყობა, გამოცდილება.

      გეშტალტის კანონები აღქმის მასალაზე იქნა დადგენილი და ბუნებრივია, რომ გეშტალტფსიქოლოგიამ, მთლიანობის იდეის გათვალისწინებით, აღქმის პროცესი სრულიად ახლებურად დაახასიათა. ეს ნოვაცია არ შემოიფარგლა აღქმის სფეროთი და სხვა ფსიქიკურ პროცესებზეც გავრცელდა. მართებულად შეიცვალა რეპროდუქციის და, საერთოდ, მეხსიერების მოვლენების გააზრებაც. ტრადიციულ ფსიქოლოგიაში ეს ასოციაციის მექანიზმის გამოყენებით ხდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთი წარმოდგენა მეორის მოგონებას ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენციის გამო იწვევს. გეშტალტთეორიის მიხედვით, ერთდროული წარმოდგენები მთლიანი სტრუქტურის ნაწილებად განიხილება და ერთის მიერ მეორის გამოწვევა ამ სტრუქტურის განახლების ტენდენციითაა გაპირობებული. მაშასადამე, მეხსიერებაშიც გეშტალტის დასრულების კანონი მოქმედებს. საჩვენებლად შეიძლება თუნდაც ვულფის ექსპერიმენტებზე მითითება, სადაც ცდისპირებს გეომეტრიული ნახაზების აღქმის მერე მათ აღდგენას სთხოვდნენ. გამოირკვა, რომ მოგონების პროცესში მეხსიერების წარმოდგენები გარკვეულ ცვალებადობას განიცდიან და ეს ცვლილება გეშტალტის გამოკვეთის მიმართულებით წარიმართება. ამრიგად, დამახსოვრების, რეპროდუქციის და დავიწყების პროცესებიც გეშტალტ-კანონებს ექვემდებარება.

      გეშტალტური კანონზომიერებები აზროვნების სფეროშიც მოქმედებს. ე.წ. აზრ-გეშტალტები აღქმის გეშტალტებს ენათესავება თუნდაც იმიტომ, რომ აზროვნება სივრცით და სენსომოტორულ სქემებს იყენებს და ხშირად იმის გარჩევაც კი ძნელია, ეს აღქმის გეშტალტია თუ აზროვნებისა. მაგრამ გეშტალტფსიქოლოგები უფრო შორს მიდიან და უშვებენ, რომ ლოგიკური კავშირები - გეშტალტ-კავშირებია, ლოგიკური პროცესები - მსჯელობა, დასკვნა და სხვა - გეშტალტ-პროცესები.

      აზროვნების შესწავლა გეშტალტფსიქოლოგიაში საკმაოდ ადრე დაიწყო. მას დასაბამი დაუდო კელერის ზემოხსენებულმა გამოკვლევამ შიმპანზეების ინტელექტის შესახებ. მის გახმაურებულ ექსპერიმენტებში მაიმუნებს უქმნიდნენ პრობლემურ სიტუაციას, რომელშიც მიზნის მიღწევა (საკვების მოპოვება) პირდაპირი გზით შეუძლებელი იყო და ამისთვის უნდა მიემართათ შემოვლითი გზისთვის. მათ უნდა გამოეყენებინათ სხვადასხვა საგნები, რომლებიც იარაღის ფუნქციას ასრულებდნენ, მაგალითად ჯოხი ბანანის ხელში ჩასაგდებად. ცდის უფრო რთულ ვარიანტებში (ე.წ. ორფაზიანი ამოცანები) მიზნის მისაღწევად ჯერ იარაღის მოპოვება ან შექმნა იყო საჭირო. მაგალითად, მოკლე ჯოხის საშუალებით მაიმუნს უნდა მიეზიდა გალიის გარეთ მდებარე უფრო გრძელი ჯოხი და მისი საშუალებით მისწვდომოდა ბანანს; ძალიან გართულებულ სიტუაციაში საჭირო იყო გრძელი ჯოხის შექმნა ორი არასაკმარისი სიგრძის ბამბუკის ჯოხის ერთმანეთში ჩარჭობით. ცდებმა აჩვენა, რომ პირდაპირი გზით ამოცანის გადაწყვეტის უშედეგო მცდელობის შემდეგ მაიმუნები წყვეტენ უაზრო მოქმედებას, გარკვეული ხანი აკვირდებიან სიტუაციას და მერე უცებ ასრულებენ სწორ მოქმედებას.

      კელერის ინტერპრეტაციით ამ ცდებში საქმე გვაქვს ინსაიტის მოვლენასთან. ინსაიტი - ამოცანის უცაბედი გადაწყვეტა, მიხვედრაა; აღწერილ შემთხვევაში ეს ნიშნავს მაიმუნის მიერ პრობლემური სიტუაციიდან თავის დასაღწევად აუცილებელი საგნობრივი მიმართებების უცაბედ წვდომას. ამოცანის ასეთი გადაწყვეტა ნამდვილ აზროვნებად არის მიჩნეული და იგი უპირისპირდება პროცესის ბიჰევიორისტულ, სახელდობრ, თორნდაიკისეულ ინტერპრეტაციას. თორნდაიკის ექსპერიმენტებში პრობლემური გალიიდან გამოსვლის ამოცანა თანდათანობით, მრავალი ცდისა და შეცდომის გავლით წყდება. კელერის აზრით, იქ ცხოველი ისეთ სიტუაციაშია მოქცეული, რომ იძულებულია იაროს ბრმა დასწავლის გზით, რადგან მოკლებულია შესაძლებლობას, აღიქვას პრობლემის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი. ინსაიტი შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ სიტუაციის მთელი სტრუქტურა სახეზეა. კელერის ცდებში ინსაიტი აღქმის სრუქტურის ელემენტებს შორის ისეთი მიმართებების წვდომაა, რომლებიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო. ინსაიტი, ფაქტობრივად, ახალი გეშტალტის შექმნის ან, როგორც ავტორი ამბობს, გეშტალტის გადასტრუქტურების აქტია.

      საზოგადოდ, ინსაიტისთვის რამდენიმე ნიშანია დამახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია უცაბედობა ან მყისიერება და ტრანსპოზიცია. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის უკვე მიგნებული ხერხის გადატანას სხვა მსგავს პრობლემებზე. ტრანსპოზიციის ფენომენის შესწავლას დიდი ყურადღება დაეთმო გეშტალტფსიქოლოგიურ კვლევაში. საერთოდ კი ინსაიტის ცნებამ გეშტალტთეორიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა და საფუძვლად დაედო აზროვნების პროცესის ყველა გამოვლინების დახასიათებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. პროდუქტიული აზროვნების კვლევა, რომელიც ვერთჰაიმერმა განახორციელა. კვლევის შედეგები განზოგადებულია წიგნში “პროდუქტიული აზროვნება”, რომელიც ავტორის გარდაცვალების მერე გამოქვეყნდა და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შრომად ითვლება.

      ვერთჰაიმერმა მდიდარ ემპირიულ მასალაზე (ბავშვებზე და მოზრდილებზე მიღებული ექსპერიმენტული მონაცემები, დიდი აღმოჩენების ანალიზი, უაღრესად საგულისხმო საუბრები აინშტაინთან) შეისწავლა შემეცნებითი სტრუქტურების, სახეცვლილების, ტრანსფორმაციის კანონზომიერებები. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ აზროვნების პროცესს პროდუქტიული, შემოქმედებითი ხასიათი აქვს და გულისხმობს საწყისი მასალის ცენტრირების შეცვლას, მის ახალ დინამიკურ მთლიანობად რეორგანიზაციას ან სტუქტურირებას. ამ ტერმინებით აღიწერება ინტელექტუალური მოქმედების ლოგიკურისაგან განსხვავებული, რეალური ფსიქოლოგიური ასპექტები. ვერთჰაიმერმა გამოყო აზროვნების პროცესის რამდენიმე ეტაპი. 1) თემის წარმოქმნა, საკითხის დასმა. აქ აღმოცენდება საკითხზე “მიმართული დაძაბულობა”, რომელიც მობილიზაციას უკეთებს ადამიანის შემოქმედებით ძალებს. 2) პრობლემის გაცნობიერება და სიტუაციის ყველა ნიუანსის ანალიზი. ამ ეტაპზე პრობლემური სიტუაციის მთლიანი წარმოდგენა ყალიბდება. 3) პრობლემის გადაჭრა, საჭირო სტრუქტურის მონახვა ინსაიტის გზით. სააზროვნო პროცესის ეს სტადია, უპირატესად, არაცნობიერად მიმდინარეობს. 4) საშემსრულებლო სტადია, ანუ ამ სტრუქტურის შესაბამისი რეალიზაციის გზების გამონახვა.

      ვერთჰაიმერი განსაკუთრებით აღნიშნავს ამოცანის პირობების შემცველი მონახაზის, თვალსაჩინო სქემის მნიშვნელობას. სქემის ადეკვატურობა განსაზღვრავს ამოცანის გადაწყვეტის პროცესის მიმართულებას და სისწრაფეს, პრობლემის სხვადასხვა ნიუანსების დანახვისა და, საბოლოოდ, ახალი გეშტალტის შექმნის სიადვილეს. აზროვნება სწორედ ეს არის; იგი “სტრუქტურული თვისებებისა და სტრუქტურული მოთხოვნების დანახვაში, გაცნობიერებაში მდგომარეობს; ისეთი მოქმედებების შერჩევაში, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეესაბამებიან, მათ მიერ განისაზღვრებიან და, ამდენად, სიტუაციას ცვლიან მისი სტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით”. რაც უფრო მეტ ახალ მნიშვნელობას იძენს სტრუქტურებში ჩართული საგნები, მით უფრო მრავალფეროვანია აზრითი გეშტალტები და ეფექტურია აზროვნება. გეშტალტების გადასტრუქტურების პროცესი უფრო ადვილად წარიმართება მაშინ, როცა მასალა თვალსაჩინოა; ვერბალური მასალის შემთხვევაში პროცესი რთულდება. ამიტომ ვერთჰაიმერი მიიჩნევს, რომ ლოგიკურ აზროვნებაზე ნაადრევი გადასვლა ხელს უშლის ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას; იგივე ითქმის, სხვათა შორის, მასალის მექანიკურ გამეორებაზეც. მიუხედავად იმისა რომ ვერთჰაიმერის დასკვნები აზროვნების მთელ პროცესს ეხება და ზოგად ხასიათს ატარებს, მისი გამოკვლევა, უპირატესად, “ვიზუალურ” აზროვნებას უკავშირდება. აქ კვლავ გამოჩნდა ის პრიორიტეტული როლი, რომელსაც გეშტალტფსიქოლოგია აღქმას ანიჭებს.

      რადგან სიტყვამ მოიტანა, ისიც ავღნიშნოთ, რომ გეშტალტფსიქოლოგების ყურადღების კონცენტრაცია პერცეფციის საკითხებზე ბუნებრივია და კანონზომიერი. გეშტალტფსიქოლოგები, პირველ ყოვლისა ვუნდტის სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამ უკანასკნელის მთავარი დასაყრდენი კი შეგრძნებებისა და აღქმის კვლევის შედეგები იყო. ამიტომ გასაგებია, რომ საკუთარი კვლევა მათაც ამ მიმართულებით წარმართეს, რათა ოპონენტი საკუთარ მინდორზე დაემარცხებინათ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პერცეპტული და, განსაკუთრებით, ვიზუალური პროცესების კვლევა ექსპერიმენტული ცვლადების მკაცრი გაკონტროლების საშუალებას იძლევა, რაც ისეთი მომთხოვნი ექსპერიმენტატორებისთვის, როგორც გეშტალტისტები იყვნენ საკმაოდ წონიან გარემოებას წარმოადგენდა.

      საინტერესოა გეშტალტფსიქოლოგიისა და ბიჰევიორიზმის ურთიერთმიმართება, ვინაიდან ეს ორი მიმდინარეობა ერთი ტიპის, სახელდობრ, საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგიას მიეკუთვნება. ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში ერთდროულად ვითარდებოდნენ და, რიგ შემთხვევებში, საკმაოდ მძაფრად ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გეშტალტფსიქოლოგიის შესახებ ოციანი წლების დასაწყისში გაიგეს გეშტალტფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული ვერთჰაიმერის წერილებიდან. უკვე ამ დროს, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნეობიჰევიორისტი ტოლმენი, ლაბირინთში ვირთხების ქცევის ახსნისას იყენებს ტერმინებს “საგნობრივი გეშტალტი” და “გეშტალტ ნიშანი”. 1924 წელს კორნელის უნივერსიტეტში ლექციებით ჩამოდის კოფკა, ხოლო ერთი წლის მერე ჰარვარდში, კელერი. მალე კოფკა ამერიკაში დასახლდა და მუშაობა დაიწყო სმითის კოლეჯში; 30-იან წლებში, განერიდა რა ნაციზმსა და ანტისემიტიზმს, გეშტალტფსიქოლოგიურმა ტრიუმვირატმა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა. აქ ისინი დაიქსაქსნენ და გეშტალტფსიქოლოგიამ, როგორც ერთიანმა სკოლამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა თავისი არსებობა.

      ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი აზრი იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა გეშტალტფსიქოლოგიამ ამერიკულ ფსიქოლოგიაზე. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს გავლენა ერთობ მნიშვნელოვანი იყო. მათი აზრით, გეშტალტფსიქოლოგიას დიდი წვლილი მიუძღვის თავდაპირველი, კლასიკური ბიჰევიორიზმის გარდაქმნაში ნეობიჰევიორიზმად. სხვათა შეფასებით, გეშტალტფსიქოლოგიური იდეების გავრცელება ამერიკაში რთულად მიდიოდა; იქ ბიჰევიორიზმის ზეობის ხანა იყო. ამ უკანასკნელისთვის კი გეშტალტფსიქოლოგია თავისი მენტალურობის, ფილოსოფიურობისა და გერმანული აზროვნების “დამძიმებულობის” გამო, ცოტა არ იყოს უცნაურ, არაერთმნიშვნელოვან და “თითქმის მისტიკურ” თეორიად რჩებოდა. როგორც ჩანს, ორივე პოზიცია შეიცავს სიმართლეს და უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ შუალედური თვალსაზრისით ვიხემძღვანელებთ. ერთგვარი გავლენა ბიჰევიორიზმზე გეშტალტფსიქოლოგიამ უთუოდ იქონია და ამის საჩვენებლად თუნდაც ტოლმენის კონცეფციაზე მითითებაა საკმარისი. ამ გახმაურებულ მოდელში ასიმილირებულია გეშტალტფსიქოლოგიის ზოგიერთი იდეა და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დასწავლის პროცეში გეშტალტური სტრუქტურების ჩამოყალიბება ხდება (იხ. 9.2.). მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ გეშტალტფსიქოლოგია ვერასდროს უწევდა ამერიკაში სერიოზულ კონკურენციას ბიჰევიორიზმს; მათ შორის ყოველთვის ბევრად მეტი განსხვავება იყო, ვიდრე მსგავსება. ეს ყველაზე კარგად ჩანს ამ ორი თეორიის მიმართებაში ვუნდტიდან მომდინარე კლასიკურ ფსიქოლოგიასთან, რომელსაც ორივე უპირისპირდება, მაგრამ განსხვავებული მოტივებით.

      ტრადიციულ ფსიქოლოგიას, ჩვეულებრივ, ხუთი ნიშნით ახასიათებენ. ეს ფსიქოლოგია არის 1) ექსპერიმენტული, 2) ინტროსპექციული, 3) სისტემური ანუ ფილოსოფიური, 4) ელემენტარისტული და 5) ასოციაციონისტური. ექსპერიმენტულობა ერთნაირად მიესადაგება გეშტალტფსიქოლოგიასაც და ბიჰევიორიზმსაც. დანარჩენი ნიშნების მიმართ კი მათი პოზიციები განსხვავებულია. გეშტალტფსიქოლოგია არ უარყოფს კლასიკური ფსიქოლოგიის ინტროსპექციონიზმს; მისი ფენომენოლოგიური მეთოდი ხომ ექსპერიმენტული თვითდაკვირვების სახეობაა. ბიჰევიორიზმის მთავარი და არსებითი ნიშანი კი ინტროსპექციისა და ცნობიერების უარყოფაა. გეშტალტფსიქოლოგია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი ფილოსოფიის მიმართაც - მას არ დაუკარგავს კავშირი დიდ სისტემებთან და მათ პრობლემებთან. კლასიკური ბიჰევიორიზმი (ნეობიჰევიორიზმს ეს ნაკლებად ეხება) გაურბის ფილოსოფიას, თუმცა, მაინც იძულებულია პასუხი გასცეს ზოგიერთ ფილოსოფიურ კითხვას. გეშტალტფსიქოლოგია კატეგორიულად უარყოფს ელემენტარიზმს; ყველაზე მეტად მისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი. ბიჰევიორიზმი ცნობიერებასთან ერთად უარყოფს ცნობიერების ელემენტებსაც, მაგრამ ელემენტარიზმზე, როგორც მეთოდოლოგიურ მიდგომაზე, უარს არ ამბობს და, სადაც ხელი მიუწვდება (პირველ ყოვლისა ქცევის ანალიზისას), მიუთითებს ელემენტებზე და შეისწავლის მათ (შ-ღ კავშირები, რეფლექსური რკალი და სხვა). დაბოლოს, გეშტალტფსიქოლოგია გადაჭრით უარყოფს ასოციაციონიზმს, რადგან იგი ელემენტარიზმს გულისხმობს, ხოლო ბიჰევიორიზმი სავსებით ლოიალურია მის მიმართ; იგი პირდაპირ ლაპარაკობს ასოციაციურ კავშირებზე, თუმცა არა ცნობიერების შინაარსების, არამედ სტიმულისა და რეაქციის ტერმინებში. ზოგიერთ შემთხვევაში ასოციაცია იცვლება სხვა, მონათესავე ცნებებით - რეფლექსი, კონექცია და სხვა, მაგრამ ეს საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის.

      გეშტალტფსიქოლოგიის უდიდესი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან საბოლოოდ გაათავისუფლა ფსიქოლოგია ელემენტარიზმის ბორკილებისაგან. ეს საყოველთაოდ არის აღიარებული. ამავე დროს, გეშტალტფსიქოლოგიის მიმართ სერიოზულ შენიშვნებსაც გამოთქვამენ. არაერთხელ იქნა მითითებული გეშტალტურობის პრინციპის უკიდეგანო უნივერსალიზაციის დაუშვებლობაზე. მართლაც, გეშტალტთეორიაში გეშტალტის კანონები არა მხოლოდ ყველა ფსიქიკურ მოვლენაზე, არამედ, ფაქტობრივად, მთელ სამყაროზე იქნა გავრცელებული. მრავალმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა თვით ფსიქიკის სფეროშიც არ წარმოადგენს გეშტალტს, ანუ გარედან გამოყოფილ და შიგნით დიფერენცირებულ მთლიანს. არსებობს უაღრესად დიფუზური, არასტრუქტურირებული მთლიანობებიც. ეს, როგორც კრიუგერმა აჩვენა, პირველ რიგში, გრძნობებს ეხება[2]. მაგრამ ზოგიერთი აღქმაც, გეშტალტფსიქოლოგიის ეს საჩვენებელი ობიექტი, არაგეშტალტური ბუნებისაა. შტერნის ანალიზში მოცემულია ნამდვილად მთლიანი, მაგრამ გაუნაწევრებელი, არასტრუქტურირებული აღქმის არაერთი მაგალითი. ეს აღქმები ნაკლებადაა პიროვნებისგან გამოყოფილი და სუბიექტურ შინაგან მდგომარეობასთან ერთიანობაში განიცდება. ასეთ განცდებს იწვევს ნიავი სიცხეში, აბაზანა სიცივეში, ყვავილების სურნელი ველზე და სხვა. ეს ნამდვილი აღქმებია, ოღონდ იმდენად ძლიერ შეფერილი ემოციური ტონით, რომ მათი განცდა უფრო ფონის დიფუზურ გაცდას უახლოვდება, ვიდრე ფიგურის დანაწევრებულ გეშტალტს.

      რაც შეეხება უფრო შორს მიმავალ უნივერსალიზაციას, უნდა ითქვას, რომ თუ თავდაპირველად გეშტალფსიქოლოგიური კვლევა ზოგადი ფსიქოლოგიის ჩარჩოებში მიმდინარეობდა და კოგნიტურ პროცესებს მოიცავდა, საკმაოდ მალე იგი ფსიქოლოგიის სხვა დარგებზეც გავრცელდა; “მან ზოოფსიქოლოგიაც ჩართო. აღმოჩნდა, რომ მაიმუნების აზროვნებაც გეშტალტურია; იგი გავცელდა ხელოვნებისა და ეთნიკურ ფსიქოლოგიაში - აღმოჩნდა, რომ პირველყოფილი წარმოდგენები მსოფლიოზე და ხელოვნების წარმოშობა აგრეთვე გეშტალტია; ბავშვის ფსიქოლოგიასა და ფსიქოპათოლოგიაში გეშტალტიზაციის პროცესად იქცა ბავშვის განვითარება და ფსიქიკური დაავადება. საბოლოოდ, ერთიან მსოფლმხედველობად გადაქცევის კვალდაკვალ, გეშტალტფსიქოლოგიამ გეშტალტი ისეთ დარგებშიც აღმოაჩინა, როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, ფიზიოლოგია და ბიოლოგია. ლოგიკური ფორმულის სახით ჩამოყალიბებული გეშტალტი სამყაროს საფუძველში აღმოჩნდა. როცა სამყაროს ქმნიდა, ღმერთმა ბრძანა: დე იყოს გეშტალტი - და იგი გაჩნდა ყველგან”. ლ. ვიგოტსკის ეს ირონიული შეფასება ერთგვარი გაფრთხილებაა იმათთვის, ვინც კერძო ფსიქიკური მოვლენისა და თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის მსოფლიო მიზიდულობის კანონის რანგში აყვანას შეეცდება.

      გეშტალტფსიქოლოგიის კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი მის უკიდურეს ობიექტივიზმში მდგომარეობს. გეშტალტთეორიის თანახმად, ქცევას მთლიანად განსაზღვრავს საგანთა ის ობიექტური მიმართებები და ველის ის ობიექტური სტრუქტურა, რაშიც უნდა გაერკვეს ცნობიერება. ასეა აღქმის შემთხვევაში; ის განიხილება როგორც პასიური პროცესი, რომლის ყველა თვისება ხატის სტრუქტურული ორგანიზაციის კანონზომიერებებით აიხსნება. ასევეა აზროვნებაშიც, მის რომელ ფორმაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ. პრაქტიკული ინტელექტის შემთხვევაში ამოცანის გადაწყვეტა ხდება მთლიანობითი სტრუქტურის, გეშტალტის შექმნის შედეგად, რომელიც მოიცავს როგორც მიზანს (ბანანი), ისე საშუალებას (ჯოხი). უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ მაიმუნი კი არ წყვეტს ამოცანას, არამედ მას თავისთავად აღმოუცენდება გეშტალტი - სიტუაციის მთლიანი ხედვა, საგანთა შორის მიმართებათა წვდომა. იგივე ითქმის პროდუქტიულ აზროვნებაზეც; იგი ისე აღიწერება, თითქოს ამოცანის გადაწყვეტა ადამიანის, სუბიექტის გონებრივი მოქმედების შედეგი კი არაა, არამედ თვითონ ამოცანა ხსნის თავის თავს, თავად მიისწრაფის ამოხსნისკენ ანუ გეშტალტიზაციისკენ. ერთი სიტყვით, გეშტალტთეორიაში იგნორირებულია სუბიექტის, პიროვნების როლი ფსიქიკურ აქტივობაში; იგი ანგარიშს არ უწევს ფსიქიკური მოქმედების შინაგან, სუბიექტისმიერ, პიროვნებიდან მომდინარე დეტერმინაციას. გეშტალტები პიროვნებისაგან დამოუკიდებლად აღმოცენდებიან და მოქმედებენ. გეშტალტის მოწყვეტა პიროვნებისაგან დაუშვებელია. როგორც შტერნი ამბობდა, არ არსებობს გეშტალტი გეშტალტმყოფელის გარეშე. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ გეშტალტის ფორმირება და ფუნქციონირება, “დამოკიდებულია არა მარტო გარემოს ობიექტურ შემადგენლობასა და სიტუაციის თვისებებზე, არამედ ცნობიერების წინასწარ განწყობაზეც” (კ. მეგრელიძე). დ. უზნაძის ზოგაფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად კი ეს, პირველ რიგში, სწორედ განწყობაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გეშტალტფსიქოლოგები ღიად არ უარყოფენ სუბიექტის როლს და გარკვეულად ითვალისწინებენ კიდეც მას (გეშტალტიზაციის ფაქტორებს შორის ვერთჰაიმერი “დისპოზიციის” ფაქტორს აღნიშნავს და ამით მიუთითებს პიროვნების განწყობის როლზე); მაგრამ, არც თეორიული სისტემისა და არც ემპირიული კვლევის დონეზე პიროვნების ფაქტორს ყურადღება არ ექცევა; იგი, არსებითად, უგულებელყოფილია.

      რაც შეეხება საკუთრივ მთლიანობის იდეას, ფსიქოლოგიისთვის იგი მხოლოდ სასარგებლო კი არა, სრულიად აუცილებელი და ფუნდამენტურია. მაგრამ ის შეიძლება ნაყოფიერის ნაცვლად მავნეც აღმოჩნდეს, თუ იმდენად იქნება აბსოლუტიზირებული, რომ ნაწილების ან კერძოს კვლევას შეაფერხებს და სრულებით დაჩრდილავს. გარკვეული აზრით, ასე დაემართა გეშტალტფსიქოლოგიას. უპირატესად აღქმის სფეროში მიმდინარე კვლევა თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა ნაწილების მიმართ მთლიანის აბსოლუტური ჰეგემონიის იდეას. სავსებით გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ნაწილის როლი მთელის განსაზღვრულობაში.

10.2. ველის თეორია

      კ. ლევინის გეშტალტფსიქოლოგიასთან კავშირის შეფასება არაერთმნიშვნელოვანია. ხშირად მას მიიჩნევენ გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთ წარმომადგენლად, რომელმაც, უბრალოდ, ფსიქოლოგიის სხვა სფეროებზე (პიროვნება, მოტივაცია, სოციალური ჯგუფი) განავრცო გეშტალტთეორიის პრინციპები. ლევინს მართლაც ბევრი რამ აკავშირებს გეშტალტფსიქოლოგიასთან. იგი ბერლინში მოღვაწეობდა ამ სკოლის წამყვან ფიგურებთან ერთად. მისი მოძღვრების ცენტრალური ცნება არის დინამიკური ველი, რომლის ყველა პუნქტი ერთმანეთთან ურთიერთობს და ნებისმიერ ადგილას წარმოქმნილი დაძაბულობა იწვევს მისი მოხსნისა და საერთო დინამიკური წონასწორობის აღდგენის ტენდენციას. ლევინს გეშტალტფსიქოლოგიასთან აახლოებს აგრეთვე ორიენტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მოდელებზე. მისთვის არც მთლიანობის, ინსაიტისა თუ იზომორფიზმის იდეებია უცხო. ყოველივე ამასთან ერთად, ლევინის მიერ რეალიზებული მეთოდოლოგიური და თეორიული პრინციპები გამოკვეთილად თავისებური და ორიგინალურია; რაც მთავარია, არსებითად განსხვავებულია კვლევის საგანი. გეშტალტფსიქოლოგია კოგნიტურ, უპირატესად, პერცეპტულ სტრუქტურებს შეისწავლიდა, ხოლო ლევინი - ზოგადად ქცევას. იგი ქცევის მოტივაციის ექსპერიმენტული კვლევის პიონერია, რის გამოც დამოუკიდებელი მიმდინარეობისა და სკოლის შემქმნელად ითვლება. თავად ლევინი ყოველთვის ღრმა პატივისცემას გამოხატავდა თავისი გეშტალტფსიქოლოგი კოლეგების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მკაფიო საზღვარს ავლებდა მათ შეხედულებებთან და სპეციალურად არქმევდა თავის სისტემას ხან ველის თეორიას, ხან დინამიკურ თეორიას, ხან ტოპოლოგიურ ფსიქოლოგიას.

      კურტ ლევინი (1890-1947) დაიბადა პრუსიაში, ქალაქ მოგილნოში. სწავლობდა ფრაიბურგის, მიუნჰენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ამ უკანასკნელში 1914 წელს შტუმფის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა; იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა საბრძოლო ჯილდოები. ომის მერე დაუბრუნდა ბერლინის უნივერსიტეტს და ჩაერთო აქტიურ პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში. 1933 წელს გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა გადასახლებულიყო აშშ-ში. აქ იგი ჯერ სტენფორდის, შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა; 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ლევინის ძირითადი შრომებია: “განზრახვა, ნებელობა და მოთხოვნილება” (1926), “პიროვნების დინამიკური თეორია” (1935), “ტოპოლოგიური ფსიქოლოგიის პრინციპები” (1936).

      ლევინს ფართო მეცნიერული ინტერესები ჰქონდა - კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. იგი დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით და ცდილობდა, გაეაზრებინა ფსიქოლოგიის კრიზისული მდგომარეობა მეცნიერების განვითარების საერთო კანონზომიერებების ფონზე. ამისთვის იგი მიმართავდა ანალოგიას ფიზიკასთან, რომლის დიდი წარმატებები, ლევინის აზრით, დაკავშირებული იყო ძველი, არისტოტელესეული აზროვნების წესიდან ახალ, გალილეისეულ აზროვნების წესზე გადასვლასთან. არისტოტელეს მიხედვით, სამყარო ჰეტეროგენულია, ყველა ფიზიკურ სხეულს თავისი საკუთარი, იმანენტური თვისება გააჩნია. მაგალითად, ობიექტი ზევით იმიტომ მოძრაობს, რომ მსუბუქია; ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მისი ძირითადი ელემენტი ჰაერია; მძიმე სხეული ქვევით მოძრაობს, ვინაიდან მისი ძირითადი ელემენტი მიწაა. მაშასადამე, საგანთა “ყოფაქცევა” დეტერმინირებულია მათთვის შინაგანად დამახასიათებელი უცვლელი თვისებებით. ამასთან, სამყარო გაყოფილია მიწიერ და ციურ სფეროებად, სხეულთა განსხვავებული თვისებებით. ამიტომ დედამიწის ობიექტებისთვის დამახასიათებელია მოძრაობის ერთი სახე (ვერტიკალური), ხოლო კოსმოსურისთვის - მეორე (ბრუნვადი). ამავე დროს ითვლება, რომ ეს უკანასკნელი მოძრაობის უფრო მაღალ დონეა. ერთი სიტყვით, არისტოტელეს მიხედვით, სამყაროს მოვლენები დაყოფილია იარუსებად და მოვლენათა თითოეულ კლასს საკუთარი კანონზომიერება აქვს. კანონზომიერება კი ნიშნავს მოვლენის განმეორებადობას, რეგულარულობას.

      ახალი დროის ფიზიკა სრულიად სხვაგვარად განიხილავს სამყაროს. გალილეისეული მიდგომის თანახმად, იგი ამოდის არა საგანთა საკუთარი თვისებებიდან, არამედ მათ შორის არსებული მიმართებებიდან. სამყარო ჰომოგენურია; ყველა საგანი თუ მოვლენა საერთო კანონებს ემორჩილება. ფიზიკა ამ კანონებს ადგენს (მაგ., ნიუტონის მექანიკის კანონები), რაც საშუალებას გვაძლევს, ვიწინასწარმეტყველოთ ყოველი კონკრეტული ობიექტის ქცევა. ლევინის აზრით, ფსიქოლოგია არისტოტელესეული აზროვნების წესით შემოიფარგლა და ამ დონეზე შეჩერდა. ფსიქოლოგიაშიც, მიწიერი და ციური სფეროების გამიჯვნისა არ იყოს, სულიერი სამყარო დაყოფილია მოვლენათა განსხვავებულ კლასებად თავისი საკუთარი თვისებებითა და კანონებით. მათ ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგი შეისწავლის განსხვავებული პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით. ლევინის რწმენით, ფსიქოლოგიის პროგრესი შესაძლებელია, თუ ყოველი ფსიქიკური ფაქტი მიზეზობრივი მიმართებების ერთიანი სისტემის საფუძველზე იქნება განხილული. სწორედ ასეთი მიმართებების დადგენა მოგვცემს შესაძლებლობას, ვიწინასწარმეტყველოთ კონკრეტული, კერძო ფსიქოლოგიური მოვლენა; ამის გარეშე ფსიქოლოგია გამართული საბუნებისმეტყველო მეცნიერების რანგში ვერასდროს ამაღლდება. აუცილებელია ფსიქოლოგიის ჰომოგენიზაცია; კანონის მოქმედება მთელ ფსიქიკურ სფეროზე უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან ერთად, “ყოველი ფსიქოლოგიური კანონი უნდა სრულდებოდეს გამონაკლისის გარეშე”. ეს შესაძლებელს გახდის, მოიხსნას გადაულახავი საზღვარი და დაპირისპირება ნორმასა და პათოლოგიას, ადამიანსა და ცხოველს, ბავშვსა და მოზრდილს, სულსა და სხეულს შორის. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა ფსიქოანალიზმა და ბიჰევიორიზმა. თუმცა, განსაკუთრებულ იმედებს, ბუნებრივია, ლევინი მთლიანობის ფსიქოლოგიაზე ამყარებს; მის მიერ ოპტიკურ სფეროში აღმოჩენილი სტრუქტურის (გეშტალტის) კანონები ვალიდური აღმოჩნდა არა მხოლოდ მთლიანად კოგნიტური სფეროს მიმართ, არამედ ისეთი მოვლენების მიმართაც, როგორიცაა ნებელობა, მოტივაცია, ემოცია და ა.შ. მათ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ პიროვნებისა და მისი ქცევის ორგანიზაციისთვის.

      სწორედ ეს პრობლემატიკა გახდა ცენტრალური ლევინის კვლევა-ძიებაში. ყველგან, სადაც არის ქცევა, უნდა არსებობდეს სათანადო დინამიკური, მოტივაციური ფაქტორი. ლევინმა მრავალი ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევა მიუძღვნა იმის გარკვევას, თუ რა სახისაა ეს ფაქტორი და როგორ მოქმედებს იგი.

      ლევინის თანახმად, ყოველგვარი აქტივობის აღძვრელ მიზეზს, მოტორს, ფსიქიკური ენერგიის შემცველი დაძაბულობის სისტემა წარმოადგენს. დაძაბულობის სისტემა, არსებითად, წონასწორობის დარღვევის გამოხატულებაა და მისი აღდგენის ტენდენციას შეიცავს. ლევინმა დაძაბულობის დინამიკური სისტემის ორი სახეობის არსებობა დაუშვა; ესენია ბუნებრივი მოთხოვნილება და კვაზი-მოთხოვნილება. ნამდვილი ან პირველადი მოთხოვნილებები თანდაყოლილი და მდგრადი ხასიათისაა. კვაზი-მოთხოვნილებები ცხოვრებისეული ამოცანების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ განზრახვების შედეგად წარმოიქმნება. ფუნქციონალურად, აქტივობის დინამიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, ისინი ბუნებრივ მოთხოვნილებათა ექვივალენტურები არიან. “დინამიკურად, განზრახვა უნდა განისაზღვროს, როგორც კვაზი-მოთხოვნილების, ანუ ერთგვარი დაძაბულობის მდგომარეობის შექმნა, რომელიც ნამდვილ მოთხოვნილებებთან შორს მიმავალ პარალელებსა და რეალურ მიმართებებს ავლენს”.

      როგორიც არ უნდა იყოს მოტივაციური ფაქტორი, ის ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს მოქმედების განხორციელებას, შესრულების კონკრეტულ სახესა და გამოვლინებას. ამის დასადგენად საჭიროა გვქონდეს მონაცემები გარემოს შესახებაც. აქედან გამომდინარე, ლევინი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს ადეკვატურ დახასიათებას. გარემოს ან სიტუაციის შემადგენლობაში მას შეჰყავს ფიზიკური, სოციალური და ცნებითი სამყაროს ყველა ფაქტი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, როგორც ისინი ობიექტურად არსებობენ ან მოიაზრებიან, არამედ მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობით, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ამჟამად მომქმედ სუბიექტზე. ინდივიდთან, მის მოთხოვნილებებთან თუ კვაზი-მოთხოვნილებებთან კავშირის გამო გარემოს ობიექტები და მოვლენები არ არიან ნეიტრალური, ისინი ამჟღავნებენ ჩვენს მიმართ გარკვეულ “ნებას”, გვიწვევენ სამოქმედოდ. კარგი ამინდი, გარკვეული ლანდშაფტი, ამბობს ლევინი, გვიზიდავს სასეირნოდ, ლეკვი - საალერსოდ; კარი ბავშვს უბიძგებს გაღებისა ან დახურვისკენ, კუბიკები - სათამაშოდ, ხოლო შოკოლადის ან ნამცხვრის ნაჭერს “უნდა”, რომ ის შეჭამონ. გარემოს ობიექტების ამ თვისების აღსანიშნავად ლევინს შემოაქვს ცნება გამომწვევი ხასიათი (აუფფორდერუნგსცჰარაცტერ). ამ ფენომენის გამოვლენის ფორმები მთლიანად განისაზღვრება დაძაბულობათა სისტემის აქტუალური მდგომარეობით. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რა ტენდენციასთან არის დაკავშირებული, ობიექტის გამომწვევი ხასიათი ვლინდება მისკენ მიზიდულობის ან მისგან უკუქცევის სახით. ასევე ცვალებადია ამ მოვლენის ინტენსივობა; ის ვარირებს სუსტი მიზიდულობიდან e.w. ბრძანებით ხასიათამდე. ბუნებრივი ან პირველადია ისეთი სახის გამომწვევი ხასიათი, როდესაც ობიექტი მოთხოვნილებისა ან კვაზი-მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირდაპირ საშუალებას წარმოადგენს, ხოლო მასთან გარკვეულ მიმართებაში მყოფი საგნები და მოვლენები ე.წ. ნაწარმოები გამომწვევი ხასიათისაა. მაგალითად სახლმა, ქუჩამ, ქალაქმა, სადაც სატრფო ცხოვრობს, შეიძლება თვითონაც შეიძინოს გამომწვევი ხასიათი. ამერიკული პერიოდის შრომებში ობიექტების გამომწვევი ხასიათის გამოსახატად ლევინს დამატებით ვალენტობის ტერმინიც შემოაქვს და ლაპარაკობს საგნების დადებით და უარყოფით ვალენტობებზე.

      აქტივობის აღმოცენებისა და მიმდინარეობისთვის საჭირო ძალა, ენერგია, ყოველთვის დაძაბულობის სისტემებიდან, ინდივიდის მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს. ამიტომ გარემოს საგანთა ვალენტობა, მათი გამომწვევი ხასიათი ქცევის აღძვრას როდი ნიშნავს. დინამიკურ პროცესს, რომელსაც ქცევა ეწოდება, ყოველთვის გარკვეული მიმართულება აქვს. დადებითი და უარყოფითი ვალენტობის მქონე ობიექტები სწორედ ამას ემსახურება - ისინი განსაზღვრავენ ქცევის კონკრეტულ გზას, მარშრუტს, მიმართულებას. მაგალითად, მაგიდაზე დადებული ტკბილეული იზიდავს ბავშვს და იგი პირდაპირ მიემართება მისკენ. მაგრამ, თუ კი მაგიდასა და ბავშვს შორის ძაღლი წევს, იგი ძაღლს შორიდან მოუვლის და მაგიდას მეორე მხრიდან მიუახლოვდება. აქ კარგად ჩანს, რომ გარკვეული მოთხოვნილებით აღძრული აქტივობის მიმართულება კონკრეტული სიტუაციის ობიექტების მიზიდულობისა და განზიდულობის ძალების მოქმედებით არის განსაზღვრული. ამრიგად, ფსიქოლოგიური გარემო ქცევის განხორციელების აუცილებელი ფაქტორია. ეს დებულება ძალაშია ყოველგვარი ქცევის მიმართ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ეს ქცევები ერთმანეთისაგან გარემოსთან ურთიერთმიმართების თვალსაზრისით; ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ლევინი ერთმანეთისაგან მიჯნავს ველისმიერ, ანუ არადაუფლებულ და ნებელობით, ანუ დაუფლებულ მოქმედებას. პირველ შემთხვევაში ქცევა ფსიქოლოგიური ველის ვალენტობების შესატყვისად მიმდინარეობს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რითაა იგი აღძრული, ბუნებრივი მოთხოვნილებით თუ განზრახვის საფუძველზე წარმოქმნილი კვაზი-მოთხოვნილებით. ორივე შემთხვევაში ვითარება პრინციპულად ერთნაირია - არსებობს დაძაბულობის სისტემა, რომლის შესაბამისად სტრუქტურირდება ფსიქოლოგიური ველი. ობიექტები იძენენ მეტნაკლებ ვალენტობას და სათანადოდ განსაზღვრავენ აქტივობის მიმდინარეობას. განზრახული ქცევაც, უმეტესწილად, თავისთავად, ველის ძალების შესაბამისად ხორციელდება და ამიტომ უფრო ველისმიერ მოქმედებებს უნდა მიეკუთვნოს, ვიდრე დაუფლებულ მოქმედებებს. განზრახული არ ნიშნავს აუცილებლად ნებელობითს, როგორც ეს ტრადიციულად ითვლებოდა ფსიქოლოგიაში. ლევინი ველისმიერი ქცევის ორ სახეობას განასხვავებს: 1) როცა კავშირი გამომწვევი ხასიათის ობიექტსა და მოთხოვნილებას შორის აშკარაა. მაგალითად, იმპულსურ ქცევაში ურთიერთმიმართება შიმშილსა და საჭმელს შორის, როგორც წესი, თვალსაჩინოდაა მოცემული; ასეთივე მიმართებას ვხედავთ წერილის გაგზავნის განზრახვისა და საფოსტო ყუთის შემთხვევაში. 2) როცა ასეთი კავშირი ნათლად არ ჩანს და აქტივობას შემთხვევითი სიტუაციური ფაქტორები განსაზღვრავს. მოხტუნავე ან გამოგორებული ბურთი, ჩვეულებრივ, დაჭერის ან ფეხის გარტყმის სურვილს აღძრავს, ხოლო ძაფი კოსტუმზე მისი მოცილების ტენდენციას და ა.შ. ნორმის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია არ დაემორჩილოს ამ ტენდენციებს, წინ აღუდგეს დაძაბულობის სხვა სისტემებს და დაეუფლოს თავის ქცევას. ლევინის აზრით, სწორედ ასეთ მოქმედებებს უნდა ეწოდოს ნებელობითი. “რასაკვირველია, დაუფლებული მოქმედებაც ექვემდებარება მთლიანი ფსიქიკური ველის ძალებს. მაგრამ, დაუფლებული მოქმედების შემთხვევაში, ადამიანი, ჩვეულებრივ, არ არის მთლიანად ჩართული მოცემულ ველში; გარკვეული ხარისხით ადგილი აქვს შეკავებას, საგნობრივი ვითარების ზემოთ დგომას; აქ უფრო მეტად ხორციელდება მოქმედების კონტროლი. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულიერი სისტემების შემოფარგვლა დაუფლებული მოქმედების დროს სხვაგვარია, ვიდრე არადაუფლებული მოქმედებისას, რასაც, პირველ ყოვლისა, “მე”სისტემის მეტი დამოუკიდებლობა, ანუ მისი უკეთესი ბატონობა განაპირობებს”.

      “მე”-სისტემა ინდივიდის, პიროვნების შედარებით ღრმა შრეებს მიეკუთვნება. პერიფერიულ შრეებში შემავალ დაძაბულობის სისტემებთან შედარებით, “მე”-სთან დაკავშირებულ დაძაბულობებს ფუნქციონალურად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საერთოდ კი, ლევინის მიხედვით, პიროვნების სტრუქტურაში შეიძლება გამოიყოს შიდა და გარე რეგიონი ანუ დაძაბულობის სისტემების სფერო (მოთხოვნილებები და კვაზი-მოთხოვნილებები) და მოტორულ-პერცეპტული სფერო. გარემოსთან კავშირი ამ უკანასკნელის საშუალებით მყარდება. გარემოს ზეგავლენა ინდივიდზე პერცეპტული გზით ხორციელდება, ხოლო დაძაბულობის სისტემების ზეგავლენა გარემოზე - მოტორული სფეროს საშუალებით. პიროვნების მოტივაციური შრეც სტრუქტურირებულია. აქ არსებული რეგიონების რაოდენობა, მათ შორის კომუნიკაციის ინტენსივობა და საერთოდ, მთელი სასიცოცხლო სივრცის დიფერენცირებულობის ხარისხი ადამიანის განვითარების დონის მაჩვენებლად ითვლება. ასეთივე მაჩვენებელია რეგიონების საზღვრების სიმტკიცე, დაძაბულობის სისტემების ორგანიზაცია და იერარქიზაცია. როგორც ნორმალური ონტოგენეტური პროცესის, ისე ფსიქიკური დაქვეითებაჩამორჩენის ან რეგრესიის ანალიზი ამ ტერმინებში მიმდინარეობს.

      ამრიგად, აქტივობის პროცესის დახასიათებისთვის ლევინი ორ ძირითად ფაქტორს მიმართავს: ერთი მხრივ, შიდადაძაბულობის სისტემებს და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურ გარემოს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ყოველი მათგანის ზემოქმედება ქცევაზე მხოლოდ ერთიმეორესთან მიმართებაში შეიძლება იქნას გაგებული. ქცევის დეტერმინაციის პროცესში მოვლენები, რომლებიც ინდივიდსა და გარემოს მიეკუთვნებიან, გარკვეულ ერთიანობას, მთლიანობას ქმნიან. ამ რეალობას ლევინი მთლიან ფსიქოლოგიურ ველს ან ინდივიდის სასიცოცხლო სივრცეს უწოდებს, რომელიც გრაფიკულად ასე გამოიხატება:

      ინდივიდის სასიცოცხლო სივრცე (LSp) შეიცავს იმ ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის ქცევას (ბ) გარკვეულ მომენტში, ე.ი. პიროვნებას (P) და გარემოს (E). ყოველივე ეს გამოიხატება ფორმულით: ბ = F(P,E) = F(LSp). ის გვეუბნება, რომ სასიცოცხლო სივრცის მოცემული სტრუქტურა ფუნქციონალურად განსაზღვრავს ქცევის აღწერით თვისებებს. ავტორი საგანგებოდ აზუსტებს, რომ “ეს მტკიცება ერთნაირად მართებულია როგორც ემოციური აფეთქების, ისე “მიზანდასახული” ქმედებისთვის; როგორც სიზმრისთვის, სურვილისთვის და აზროვნებისთვის, ისე მოქმედებისთვის და მეტყველებისთვის”. ლევინი სპეციალურად აღნიშნავს იმასაც, რომ ქცევის მოცემული ფორმულის ორი წევრი, ადამიანის მდგომარეობა (P) და გარემოს თავისებურებები (ე), არ არიან ერთმანეთისაგან მთლიანად დამოუკიდებელი. მართებულია დებულება, რომ გარემო განსაზღვრულია პიროვნების მახასიათებლებით E = F(P); ერთი და იგივე ადამიანის სამყარო განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, მშიერია იგი თუ მაძღარი, ენერგიით სავსე თუ დაღლილი და ა.შ. ზუსტად ასევე, სამართლიანი იქნება შებრუნებული მტკიცებაც - ადამიანის მდგომარეობა დამოკიდებულია მის გარემოზე P = F(ე); სუბიექტის მდგომარეობა განსხვავებულია გაკიცხვისა და დაჯილდოების სიტუაციაში, კეთილგანწყობილ და მტრულ ატმოსფეროში, დემოკრატიულ და ავტორიტარულ ჯგუფში; ადამიანის აზრთა წყობა, ღირებულებები, განწყობები იმ კულტურის ძლიერ გავლენას განიცდის, რომელშიც იგი აღიზარდა, ასევე იმ სოციალური და ეკონომიკური ჯგუფისა, რომელსაც მიეკუთვნება და ა.შ. ერთი სიტყვით, ქცევის წინასწარმეტყველებისთვის ინდივიდი და მისი გარემოცვა ურთიერთდამოკიდებული ფაქტორების კომპლექსად უნდა ჩაითვალოს. ამ ფაქტორების ერთობლიობა აღინიშნება “სასიცოცხლო სივრცის” ტერმინით.

      ფსიქოლოგია შეისწავლის იმას, რაც ინდივიდის სასიცოცხლო სივრცეშია მოქცეული. სასიცოცხლო სივრცე “ფსიქოლოგიის სამყაროა”, მთელი ფსიქოლოგიური სინამდვილეა. ქცევის ფსიქოლოგიური გაგება მისი გამომწვევი სასიცოცხლო სივრცის ზუსტ დახასიათებას გულისხმობს. ეს კი გარკვეული მეთოდოლოგიური და თეორიული ამოცანების გადაჭრასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში საჭიროა გაირკვეს, თუ რა მიეკუთვნება სასიცოცხლო სივრცეს და რა - არა. როგორც უკვე ითქვა, გარემოს მხრიდან მასში შეიძლება შევიდეს ფიზიკური, სოციალური და ცნებითი სამყაროს ყველა ფაქტი, რომელიც სუბიექტურად, ფსიქოლოგიურად არსებობს და ამჟამად აქტუალურია ინდივიდისთვის. პიროვნების სისტემის დახასიათებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აქ და ამჟამად მომქმედი ფაქტორები. ეს სულაც არ - ნიშნავს, რომ ინდივიდისთვის წარსული და მომავალი არ არსებობს. ერთიც და მეორეც უსათუოდ მონაწილეობს სასიცოცხლო სივრცის აგებაში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი აწმყოსთან არის დაკავშირებული. ლევინის თქმით, მიზანი, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს და შიში იმისა, რაც წარსულში მოხდა, რეალური ფსიქიკური მოვლენების სახით აწმყოში არსებობს და მხოლოდ ამიტომ განსაზღვრავს აქტივობას.

      უფრო რთულია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ, გამოვხატოთ სასიცოცხლო სივრცე. ლევინისთვის ეს პრინციპული მნიშვნელობის მქონე პრობლემაა. რაც უფრო სრულად და ზუსტად იქნება დახასიათებული სასიცოცხლო სივრცე, მით უფრო ღრმად და სწორად იქნება გაგებული კონკრეტული ქცევა. რა საშუალებებით უნდა მოხდეს ეს? ლევინის რწმენით, მისი თანამედროვე ფსიქოლოგიის განკარგულებაში არ არის ასეთი აღწერისთვის აუცილებელი მეცნიერული ენა და მეთოდი. ამიტომ, სასიცოცხლო სივრცის ადეკვატური დახასიათებისთვის, იგი მათემატიკას მიმართავს, კერძოდ კი გეომეტრიის ერთ-ერთ ნაწილს - ტოპოლოგიას. ტოპოლოგია შეისწავლის ისეთ სივრცით მიმართებებს, როგორიცაა ნაწილიმთელი, ჩართულობა, კავშირის არსებობა-არარსებობა და სხვა. სასიცოცხლო სივრცე იყოფა სხვადასხვა რაოდენობის სფეროებად, რეგიონებად, რომელთაც აქვს მეტ-ნაკლებად მყარი ან ცვალებადი ფორმა, გამოყოფილი არიან განსხვავებული სიმტკიცის საზღვრებით, ბარიერებით და ა.შ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს სფეროები ერთმანეთთან გარკვეულ კავშირში იმყოფება: ახლო და შორი, უშუალო და გაშუალებული, რთული და მარტივი, ნათესაური და ანტაგონისტური; ამაში ვლინდება ადამიანის სხვადასხვა ინტერესებისა და ტენდენციების ურთიერთმიმართება.

      სასიცოცხლო სივრცეში სხვადასხვა ინტენსივობისა და მიმართულების ძალები მოქმედებს. ლევინს მიაჩნია, რომ ძალის ცნების გარეშე საერთოდ შეუძლებელია აქტივობის დინამიკის გაგება. მართალია, ძალის ცნება ფიზიკიდან მომდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიაში მისი გამოყენება არ შეიძლება. ლევინი სპეციალურად აღნიშნავს: “როდესაც ვიყენებთ ამგვარ ექვივალენტურ ცნებებს, ჩვენ არ ვცდილობთ ფსიქოლოგიური ცნებების გამოყვანას ფიზიკური ცნებებიდან”. ამრიგად, იგი უარს ამბობს ფიზიკურ რედუქციონიზმზე, რაც დამახასიათებელია გეშტალტფსიქოლოგიისთვის და, განსაკუთრებით, ვ. კელერისთვის (ე.წ. იზომორფიზმის პრინციპი). ლევინი ძალას განიხილავს, როგორც ფსიქო-დინამიკურ ფაქტორს, თუმცა არ ცდილობს მისი ფსიქოლოგიური ბუნების შინაარსობრივ გახსნას და ძალის ფუნქციონალური დახასიათებით კმაყოფილდება: ძალა არის ფაქტორი, რომელიც იწვევს ლოკომოციას. ფსიქოლოგიური მოძრაობის (ლოკომოციის) ქვეშ ლევინი გულისხმობს არა მხოლოდ რეალურ გადაადგილებას სივრცეში მიზნის მიმართულებით (ანუ მოტორულ პროცესს), არამედ “შინაგან მოძრაობასაც”, ე.ი. წარმოდგენების, აზრების, გრძნობების და ა.შ. ცვალებადობას (ანუ მენტალურ პროცესს). ლოკომოცია, საზოგადოდ, მთელი სიტუაციის სტრუქტურის შეცვლას გულისხმობს. ძალის გრაფიკული გამოხატვა ვექტორის საშუალებით ხდება - ვექტორის სიგრძე ძალის ოდენობაზე მიანიშნებს, ხოლო ისარი - მიმართულებაზე. სასიცოცხლო სივრცეში, ჩვეულებრივ, ერთმანეთს უპირისპირდება დადებითი და უარყოფითი ვალენტობის მქონე ობიექტებიდან მომდინარე ძალები; თავად აქტივობა მოცემულ ტოპოლოგიურ არეში არსებული ყველა ძალების ურთიერთქმედების შედეგია. ვექტორების დაჯამებით და გამოკლებით ლევინი ცდილობდა მოენახა მათი ტოლქმედი, რომელიც ინდივიდის მოქმედების ინტენსივობისა და მიმართულების მაჩვენებელი იქნებოდა. ლევინის ფსიქოლოგიური სისტემის მთავარი მიზანი სწორედ ესაა. იგი გრაფიკულად აღწერს გზებს, რომლითაც მიემართება ინდივიდი სასიცოცხლო სივრცის ერთი რეგიონიდან მეორისკენ. ამით ლევინმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიაში მათემატიკური მოდელების გამოყენების ტრადიციას. ეს ტრადიცია, სხვადასხვა სახით, XX საუკუნის ფსიქოლოგიის არა ერთ მიმდინარეობაში გამოვლინდა, განსაკუთრებიღ კი იმათში, რომლებიც საბუნებისმეტყველო პარადიგმის კალაპოტშია მოქცეულია.

      ლევინი მხოლოდ უდიდესი თეორეტიკოსი კი არა, ბრწყინვალე ექსპერიმენტატორიც იყო. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი კლასიკური გამოკვლევა, რომლებმაც სათავე დაუდო მრავალი საკითხის ემპირიულ შესწავლას, ერთი მხრივ, ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიის სფეროში და, მეორე მხრივ, სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ლევინის სკოლაში ჩატარებული ექსპერიმენტები უმეტესწილად თეორიიდან გამომდინარეობდა და თეორიის სხვადასხვა ასპექტების დასაბუთებას ემსახურებოდა. ეს ექსპერიმენტული სამუშაო გარკვეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებს ეყრდნობოდა; ერთ-ერთი ფუძემდებლური იყო იდეა ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ. თუ ფსიქიკური მოვლენების სფეროში, ფიზიკური სამყაროს მსგავსად, ზოგადი კანონები მოქმედებს, ყოველგვარი კონკრეტული შემთხვევა კანონზომიერია და არა შემთხვევითი; ამდენად, იგი ისევე იმსახურებს შესწავლასა და გაანალიზებას, როგორც “გასაშუალოებული” შემთხვევა (ამა თუ იმ ასაკის საშუალო ინდივიდი, ამა თუ იმ ჯგუფის საშუალო წარმომადგენელი და სხვა). ის გარემოება, რომ ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლა ხშირად ისეთ შედეგს არ გვაძლევს, რასაც თეორია ვარაუდობს, იმით კი არ არის გამოწვეული, რომ პროცესი შემთხვევითია, არამედ იმით, რომ კონკრეტული მოვლენა არასდროს გვეძლევა “სუფთა სახით”, არ იმართება მხოლოდ ერთი კანონზომიერებით. ინდივიდუალური შემთხვევისას, როგორც წესი, მოქმედებს კანონების მთელი რიგი, თუმცა, ერთი შეხედვით, შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს საქმე გვაქვს ერთიან პროცესთან. სინამდვილეში აქ ერთმანეთში გარდამავალი პროცესების ერთობლიობაა და თითოეული იმართება თავისი ზოგადი კანონზომიერებით. სერიოზული ყურადღება ექცევა ყოველდღიურ, ბუნებრივ სიტუაციებს, ფენომენის ამა თუ იმ ინდივიდუალურ გამოვლინებას. ამის გამო ლევინის სკოლის ემპირიული კვლევა, მიუხედავად თავისი ლაბორატორიულობისა, ბუნებრივი ექსპერიმენტის გარკვეულ ნიშნებს შეიცავს. ეს ვლინდება უკვე ცდის დაგეგმვაში, მის სცენარში, რომელიც ექსპერიმენტატორს ზოგჯერ საკმაოდ რთული როლის შესრულებას აკისრებს და მისგან გარკვეულ არტისტიზმსაც მოითხოვს. ექსპერიმენტატორს ცდის მსვლელობაშიც უხდება თავისი ქცევის გარკვეულ ფარგლებში ვარირება კონკრეტული სიტუაციის (ცდისპირის ქცევის) შესაბამისად.

      ემპირიული კვლევის ეს ნიშნები ყველაზე თვალნათლივ აისახა ე.წ. შეწყვეტილი მოქმედების მეთოდით შესრულებული გამოკვლევების ციკლში. მათი უმეტესობა დაძაბულობის სისტემების დინამიკის შესწავლაზე იყო მიმართული. ერთ-ერთ ასეთ გამოკვლევას სკოლის ლიდერის გამჭრიახი დაკვირვება დაედო საფუძვლად. თავის თანამშრომლებთან კაფეში მყოფი ლევინი მოულოდნელად უძახის ოფიციანტს და ეკითხება, რა დაკვეთები მიიღო მის მომსახურებაში მყოფი რამდენიმე მაგიდიდან. ოფიციანტი, წიგნაკში ჩაუხედავად, ამომწურავ პასუხს იძლევა. შემდეგ იგივე კითხვას უსვამს კაფედან გამავალი წყვილის დაკვეთასთან დაკავშირებით, რომელსაც ოფიციანტი უკვე მოემსახურა. აქ ოფიციანტი დაყოვნებულ, მერყევ და უზუსტო პასუხს იძლევა. ლევინი სვამს კითხვას - რატომ დაიმახსოვრა ოფიციანტმა უკეთ ის შეკვეთა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა? ასოციაციის კანონების თანახმად, მას უკეთ უნდა დაემახსოვრებინა დასრულებული მოქმედება, რომელშიც ასოციაციების გრძელი რიგია რეალიზებული. პასუხი ასეთია: ოფიციანტს აღარ აქვს მოთხოვნილება დაიმახსოვროს იმ კლიენტის შეკვეთა, რომელიც მიდის. მიზეზი ისაა, რომ სათანადო დაძაბულობის სისტემა მოხსნილია; სხვა შემთხვევებში ასეთი კვაზი-მოთხოვნილება აქტუალურად მოქმედებს.

      ამ იდეის შესამოწმებლად ბ. ზეიგარნიკმა ჩაატარა სპეციალური გამოკვლევა, რომელშიც პირველად (1927წ.) იქნა აპრობირებული აღნიშნული შეწყვეტილი მოქმედების მეთოდი. ცდისპირს აძლევენ დავალებების რიგს, რომელთაგან ნახევარს აწყვეტინებენ, ნახევარს კი ასრულებინებენ. შემდეგ მას სთხოვენ აღადგინოს მეხსიერებაში ყველაფერი, რაც გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ცდისპირებს დაუმთავრებელი მოქმედებები თითქმის ორჯერ უკეთ ამახსოვრდებათ. ამ მოვლენას შემდგომში ზეიგარნიკის ეფექტი დაერქვა. მისი მიზეზი, ლევინის მიხედვით, დაძაბულობის სისტემების ნაწილობრივ ან სრულ განტვირთვაში უნდა ვეძებოთ.

      თუ ზეიგარნიკის ცდებში კვაზი-მოთხოვნილების დაკმაყოფილების დინამიკა მნემურ პროცესებზე მისი ზეგავლენის საშუალებით შეისწავლებოდა, ლევინის კიდევ ერთი, რუსეთიდან ჩასული მოწაფის, მ. ოვსიანკინას, გამოკვლევაში დაძაბულობის სისტემის მოქმედების კანონზომიერება უშუალოდ ქცევის შესრულების პროცესში იქნა შემოწმებული. ამ ცნობილ გამოკვლევაში ნათლად გამოჩნდა ექსპერიმენტის ის თავისებურებები, რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. აქაც შეწყვეტილი მოქმედების მეთოდია გამოყენებული. ცდისპირებს შესასრულებლად სთავაზობენ საკმაოდ მარტივ და არცთუ საინტერესო დავალებების სერიას; მაგალითად, ცდისპირმა ნაწილებისაგან უნდა ააწყოს ფიგურა, გადათვალოს საგნები, დახატოს გამოსახულება და სხვა. ცდისპირს დავალების შესრულებას შუაში აწყვეტინებენ და სთხოვენ გადავიდეს სხვა მოქმედებაზე. მომდევნო მოქმედება თავისი სტრუქტურით სრულიად განსხვავდება წინასაგან და მას ბოლომდე ასრულებინებენ. ამ დავალების შესრულების მსვლელობისას ექსპერიმენტატორი ახერხებს წინა მოქმედების მასალის ნარჩენების დამალვას, მაგალითად, ვითომ შემთხვევით, მას ზემოდან აფარებს გაზეთს. მეორე მოქმედების დასრულების შემდეგ ცდის ხელმძღვანელი თავს ისე აჩვენებს ცდისპირს, თითქოს რაღაც საქმითაა დაკავებული (რაიმეს ეძებს მაგიდაზე, მიდის ფანჯარასთან, რაღაცას წერს); ამავე დროს, შეუმჩნევლად აკვირდება მის ქცევას. გამოირკვა, რომ ასეთ სიტუაციაში ცდისპირების 86% უბრუნდება წინა, შუა გზაზე მიტოვებულ მოქმედებას. მიღებული შედეგი (ე.წ. ოვსიანკინას ეფექტი) მართლაც შთამბეჭდავია. ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკია იმაზე, რომ მოზრდილ, ნორმალურ ადამიანს უჩნდება უძლიერესი ტენდენცია ყოველგვარი დავალების გარეშე, საკუთარი ინიციატივით კვლავ მიუბრუნდეს ისეთ “არასერიოზულ” მოქმედებას, როგორიც, ვთქვათ, ფიგურების აწყობაა. შეწყვეტილი მოქმედებისადმი ესოდენ გამოკვეთილი მისწრაფება, ლევინის შეხედულების თანახმად, სათანადო კვაზი-მოთხოვნილების, დაძაბულობის სისტემის არასრული განტვირთვით, მის მიერ ენერგეტიკული მუხტის შენარჩუნებით აიხსნება.

      კვლევის ამ ხაზის გაგრძელებას წარმოადგენს ლევინის სკოლაში შესრულებული შრომების ციკლი, რომლებიც ე.წ. შენაცვლებითი მოქმედების შესწავლაზეა მიმართული (ა. მალერი, კ. ლისნერი, ს. სლოსბერგი). მათში განხილულია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია ამოცანით გამოწვეული დაძაბულობის სისტემის თუნდაც ნაწილობრივი განტვირთვა არაპირდაპირი გზით, შენაცვლებითი მოქმედების შესრულების საშუალებით და რა პირობებია ამისთვის საჭირო. აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც შესაძლებელია: თუ შეწყვეტილი მოქმედების შემდეგ ცდისპირი ასრულებს ამ მოქმედების მსგავს ან იდენტურ დავალებას, მას თითქმის არასდროს უჩნდება ტენდენცია დაუბრუნდეს დაუმთავრებელ მოქმედებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მოქმედებამ განტვირთა დაძაბულობის სისტემა, ანუ ნამდვილად შემნაცვლებელი მოქმედების როლი ითამაშა. ლევინის ტერმინოლოგიით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კვაზი-მოთხოვნილებების კომუნიკაციას, რაც ენერგიის ურთიერთგადადინებაში გამოიხატება. ამ მოვლენას ადამიანის აქტივობაში დიდი ადგილი უკავია.

      ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ შენაცვლებითი ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მსგავსია მოქმედებები, რაც უფრო ნაკლებია მათ შორის დროითი ინტერვალი, რაც უფრო რთულია შემნაცვლებელი მოქმედება და რაც უფრო მიმზიდველია იგი. მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, პიროვნულ და სოციალურ მომენტებს.

      დაძაბულობის სისტემის აღკვეთის დინამიკას ეხება ე.წ. სიმაძღრისა და მოყირჭების მოვლენების კვლევა, რომელიც ა. კარსტენს ეკუთვნის. ბიოლოგიური მოთხოვნილებების შემთხვევაში გამოვლენილია შემდეგი დინამიკა: დეპრივაცია - დაკმაყოფილება - მოყირჭება. ლევინი თვლის, რომ ასეთივე დინამიკა უნდა არსებობდეს კვაზი-მოთხოვნილების შემთხვევაშიც. სპეციალურმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ეს მოსაზრება. ცდისპირებს ეძლევათ ხანგრძლივი, მონოტონური დავალება, რომლის შესრულება მათ საკმაოდ მალე ბეზრდებათ (მაგ., უნდა დახატონ ხაზები ან წრეები ფურცლების დასტაზე). ვინაიდან ამოცანით შექმნილი დაძაბულობის სისტემა მაინც მოქმედებს, ისინი ცდილობენ გააგრძელონ დავალების შესრულება, მაგრამ ამ პროცესში გარკვეული ცვლილებები შეაქვთ, რითიც იადვილებენ მობეზრებული და არასასურველი საქმის კეთებას; მაგალითად, ცვლიან ხაზების ან წრეების ზომას, სამუშაოს ტემპს, რიტმს და ა.შ. ზოგჯერ მიმართავენ “მიმყოლ” მოქმედებებს: ღიღინებენ, უსტვენენ, ფეხებს აბაკუნებენ. რაც უფრო მატულობს სიმაძღრის დონე, მით უფრო გამოკვეთილი და ხშირი ხდება სტერეოტიპულ მოქმედებაში შეტანილი ცვლილებები, იქამდე, რომ ზოგჯერ იგი ფაქტობრივად სხვა მოქმედების სახეს იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ცდის პირობები გამკაცრდება და მოქმედების ამგვარი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა გამოირიცხება, ცდისპირები საერთოდ წყვეტენ დავალების შესრულებას, ვინაიდან ის მათთვის აუტანელი ხდება. ამ დროს სიმაძღრე უკვე მოყირჭების სტადიაში გადადის. სიმაძღრის მოვლენა გასაგებს ხდის ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადასვლის დინამიკას. მოქმედების განხორციელება ამცირებს მისი შესრულების ტენდენციას, რის გამოც სასიცოცხლო სივრცეში დომინანტური ხდება დაძაბულობის სხვა სისტემები და აქტივობაც მათ შესაბამისად წარიმართება.

      აღნიშნული გამოკვლევები, არსებითად, მოტივაციის დინამიკური ასპექტის შესწავლაზე იყო მიმართული, ასეთია დაძაბულობის წარმოქმნა და მისი განტვირთვა, ბლოკირება, გადართვა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციის პიროვნულ ასპექტს ამ კვლევებში პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება, რიგ შემთხვევაში ის მაინც იჩენდა თავს. იმავე ზეიგარნიკის ზემოთ მოყვანილ გამოკვლევაში, სადაც გაირკვა რომ დაუმთავრებელი მოქმედება უკეთ აღიბეჭდება მეხსიერებაში, ამ ზოგადი კანონზომიერების გარდა ერთი საგულისხმო მომენტიც დადასტურდა, კერძოდ ის, რომ მნიშვნელობა აქვს მოქმედების პიროვნულ ღირებულებას. ზეიგარნიკის ეფექტი ბევრად მეტია, თუ შეწყვეტილი მოქმედება სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია (ვთქვათ, დაკავშირებულია მის პატივმოყვარეობასთან). ეფექტი ნაკლებია, როცა დავალების შესრულებას ცდისპირი არ განიცდის პიროვნულ მიღწევად. მსგავსი რამ დადასტურდა კარსტენის ცდებშიც, სადაც აღმოჩნდა რომ მოყირჭების მდგომარეობა უფრო ადვილად იქმნება მაშინ, თუ მოქმედება პიროვნულად ნაკლებ ღირებულია. მოტივაციის პიროვნული ასპექტის მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა გამოკვლევებში პრეტენზიის დონის შესახებ. ეს ცნება შემოიტანა ლევინის სკოლის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ფ. ჰოპემ. იგი აღნიშნავს მიზნის სირთულის იმ დონეს, რომლისკენაც სუბიექტი მიისწრაფის. ამას განსაზღვრავს, თუ რამდენად წარმატებით დამთავრდა ამოცანის გადაწყვეტის წინა მცდელობა. ცდისპირებს გადასაწყვეტად აძლევენ სხვადასხვა სირთულის გონებრივ ამოცანებს; ისინი თავისუფალი არიან ამოცანის სირთულის შერჩევაში. ცდისპირები თავდაპირველად სირთულის გარკვეულ დონეს ირჩევენ; მომდევნო ეტაპზე, შემდგომი ამოცანების სირთულის შერჩევისას, ისინი თავიანთ პრეტენზიებს ცვლიან. ჰოპეს მიხედვით, პრეტენზიის დონის ცვლილების დინამიკა დამოკიდებულია მყარ პიროვნულ ფაქტორზე, სახელდობრ იმაზე, რომ ადამიანს აქვს ზოგადი ტენდენცია, რაც შეიძლება მაღალ დონეზე შეინარჩუნოს თავისი “მე”, ანუ ის, რასაც შემდგომში თვითშეფასება ეწოდა. ეს ზოგადი ტენდენცია წარმოშობს ორ კონფლიქტურ მოტივაციურ ძალას: მისწრაფებას წარმატებისკენ და მისწრაფებას წარუმატებლობის არიდებისკენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეტენზიის დონის სტრუქტურა პიროვნების მოტივაციის მყარი თვისებაა რომელიც განსაზღვრავს მის მიერ მიზნის შერჩევის ხასიათს. ის ინდივიდები, ვისთანაც წარმატების მიღწევის ტენდენცია დომინირებს, ჩვეულებრივ, საშუალო სირთულის, რეალისტურ მიზნებს ისახავენ; წარუმატებლობის არიდებაზე ორიენტირებული პირები კი, როგორც წესი, ირჩევენ ან ძალიან რთულ, ან პირიქით, ძალიან მარტივ მიზნებს.

      ძნელი დასანახი არ არის, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს პრეტენზიის დონის პრობლემატიკასა და ქცევის ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს შორის; ასეთებია: მიღწევის მოტივაცია, ქცევის სუბიექტური ალბათობა, არჩევანი, გადაწყვეტილება, კონფლიქტი და სხვა. ლევინის სამეცნიერო მოღვაწეობის ამერიკულ ეტაპზე მათ დიდი ყურადღება ექცეოდა. ლევინი შინაგანი კონფლიქტის ფსიქოლოგიური კვლევის პიონერად ითვლება. ჯერ კიდევ 1931 წელს, სპეციალურ გამოკვლევაში მან განსაზღვრა კონფლიქტი, როგორც ვითარება, როდესაც სუბიექტზე მოქმედებს ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული და დაახლოებით თანაბარი ძალის მქონე ტენდენციები. მანვე მოგვცა კონფლიქტის სახეების კლასიკური დაყოფა მიახლოებისა და განრიდების ტენდენციების ურთიერთმიმართების მიხედვით, ესენია: 1) მიახლოება-მიახლოების ტიპის კონფლიქტი, როდესაც მოცემულია თანაბარი დადებითი ვალენტობის მქონე ორი მიზან-ობიექტი. ამ კონფლიქტის კლასიკური მაგალითი ბურიდანის ვირის შემთხვევაა. 2) განრიდებაგანრიდების ტიპის კონფლიქტი, როდესაც არჩევანი უნდა მოხდეს ორ თანაბრად უსიამოვნო ალტერნატივას შორის. ამის მაგალითია სცილასა და ქარიბდას შემთხვევა ბერძნული მითოლოგიიდან; ყოფაში კონფლიქტის ეს სახე ხშირად იჩენს თავს, როცა მოზრდილები ცდილობენ, დასჯის მუქრით აიძულონ ბავშვი გააკეთოს მისთვის არასასურველი რამ. 3) განრიდება-მიახლოების ტიპის კონფლიქტი, როდესაც ერთი და იმავე მიზან-ობიექტთან დაკავშირებულია როგორც მიზიდულობის, ისე უკუქცევის ტენდენციები. ასეთ სიტუაციაშია, მაგალითად, სუბიექტი, რომელსაც უნდა იქორწინოს და ამავე დროს ეშინია დაკარგოს თავისუფლება; ბავშვი, რომელსაც სურს მოეფეროს ძაღლს და თან უფრთხის მას. მოგვიანებით კონფლიქტის ეს ტიპები სისტემატურად იქნა შესწავლილი კ. ჰალის სკოლაში, კერძოდ ნ. მილერის მიერ (იხ. 9.2.).

      გადაწყვეტილების მიღებისა და სათანადო ქცევის განხორციელების შედეგად აქტივობის პლანში კონფლიქტი შეიძლება მოხსნილად ჩაითვალოს. ამავე დროს გონებაში, კოგნიციის პლანში, მოცემული ალტერნატივები არსებობას განაგრძობს; მათი დაპირისპირება ქმნის დაძაბულობის სისტემას, რომელიც უნდა აღიკვეთოს ან შემცირდეს. ეს მოსაზრებები დაედო საფუძვლად ლევინის ერთ-ერთი ამერიკელი მოსწავლის, ლ. ფესტინგერის ცნობილ თეორიას, რომელიც სოციალურ ფსიქოლოგიაში გავრცელებულ ე.წ. კოგნიტური შესატყვისობის მოდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა (იხ. 12.2.). საზოგადოდ, ლევინის იდეები სოციალურ ფსიქოლოგიაში კოგნიტივისტური ორიენტაციის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. ლევინი სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოსად არის აღიარებული. ცალკეული ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების აღსაწერად შემოღებული ცნებები (ველი, დაძაბულობა, ვალენტობა, ვექტორი და სხვა) მან გამოიყენა სოციალური ჯგუფის შიგნით და ჯგუფებს შორის მიმდინარე პროცესების დახასიათებისთვის. ინდივიდის მსგავსად, ჯგუფი და მისი გარემოცვა ქმნის სოციალურ სივრცეს; მის სტრუქტურაში შედიან ცალკეული ინდივიდები, მიკრო ჯგუფები, სოციალური ნორმები, ღირებულებები, კომუნიკაციის არხები და ა.შ. ამდენად, ჯგუფური ქცევა ყოველ მომენტში განსაზღვრულია სოციალურ ველში მოქმედი რეალური ძალებით.

      ამ მიმართულებით გაწეული ემპირიული და პრაქტიკული სამუშაო ეყრდნობა ე.წ. ქმედითი კვლევის მოდელს. თავისი არსით ესაა ფუნდამენტურგამოყენებითი კვლევის მეთოდი, რომელიც ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: სოციალური პრობლემის სისტემატური, უპირატესად ექსპერიმენტული შესწავლა და ძალისხმევა მისი პრაქტიკული გადაწყვეტის მიმართულებით. მაშასადამე, კვლევა ჩართულია სოციალური ამოცანების რეალური გადაწყვეტის საქმეში, მაგალითად, ისეთისა, როგორიცაა ჯგუფური ურთიერთობების შეცვლა. ამ იდეოლოგიით, ლევინის ხელმძღვანელობით, ჯგუფური დინამიკის კვლევის ცენტრში განხორციელდა მცირე ჯგუფების ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტების უაღრესად მრავალფეროვანი და ნაყოფიერი კვლევა. შეისწავლებოდა ლიდერობა და მართვის სტილი, ჯგუფური ატმოსფერო და ჯგუფის შეჭიდულობა, ადაპტაცია და კომუნიკაცია ჯგუფში და ჯგუფებს შორის, სოციალური პერცეფცია და ჯგუფის პროდუქტიულობა და სხვა. ლევინი უფრო შორს წავიდა და უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზაციას მოჰკიდა ხელი. მაგალითად, შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად იგი მიმართავდა ლიდერობის სტილის შეცვლას; ჯგუფის შიგნით და ჯგუფთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების, მათ შორის რასობრივ ნიადაგზე აღმოცენებული დაძაბულობის შესუსტების მიზნით ლევინი ატარებდა სპეციალურ ტრენინგებს; ისინი, მოგვიანებით, ძალიან პოპულარული “შეხვედრის ჯგუფების” პროტოტიპად იქცნენ. ლევინი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გამოყენებითი და თეორიული ფსიქოლოგია მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. თანამშრომლობა ამ სფეროებში მომუშავე სპეციალისტებს შორის სავსებით შესაძლებელია, “თუ თეორეტიკოსი ქედმაღლურად არ იბრუნებს პირს გამოყენებითი პრობლემებისაგან და სოციალურ პრობლემებს არ შეუშინდება, ხოლო გამოყენებითი ფსიქოლოგი გააცნობიერებს, რომ არ არსებობს იმაზე უფრო პრაქტიკული რამ, ვიდრე კარგი თეორია”. ლევინის მოღვაწეობა ფსიქოლოგიაში ამ თეზისის შესანიშნავი ილუსტრაციაა.

      გ. ოლპორტი, რომელიც პირადად იცნობდა გასული საუკუნის ფსიქოლოგიის ბევრ მთავარ ფიგურას, წერილში “კურტ ლევინის გენია”, მას ყველაზე ორიგინალურ მოაზროვნედ მოიხსენიებს. ლევინმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა თანამედროვე ფსიქოლოგიის სახე. ყოველ შემთხვევაში, ეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო ორიენტაციის ფსიქოლოგიაზე. მის მიერ შემოტანილი მრავალი ცნება ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანული ნაწილი გახდა. მთელ რიგ შემთხვევებში ლევინმა მეცნიერება ფაქტობრივად მიმართა ახალი სფეროების ათვისებისკენ თეორიული და პრაქტიკული კუთხით (მაგ., ჯგუფური დინამიკა); რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგიის წინაშე უკვე მდგარი საკითხების ექსპერიმენტული შესწავლის გზა გაკვალა და მდიდარი ემპირიული მონაცემები მოიპოვა (მაგ., ადამიანის მოტივაციის საკითხი); ასევე, ნათელი მოჰფინა მანამდე არსებულ საკმაოდ ბუნდოვან თეორეტიზაციებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო (ასეთი ბუნდოვანი სახით იყო წარმოდგენილი, მაგალითად, კონფლიქტის მოვლენა ფსიქოანალიზში).

      რაც უფრო ღრმა და მასშტაბურია თეორიული სისტემა, მით უფრო სერიოზულია მისი შეფასება და მძაფრია კრიტიკა. ყოველ შემთხვევაში, ასეა ფსიქოლოგიაში. გამონაკლისი არც ლევნის სისტემა გამხდარა. ამ სისტემის კონკრეტული ასპექტების მიმართ მრავალი შენიშვნაა გამოთქმული განსხვავებული თეორიული ორიენტაციის მქონე მეცნიერის მიერ. შევჩედეთ მხოლოდ ყველაზე არსებითზე. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში სერიოზული პრეტენზიები არსებობს კვაზი-მოთხოვნილების ცნებასთან დაკავშირებით. შ. ჩხარტიშვილის აზრით, ლევნმა ტერმინი “კვაზი” (ვითომდა) იმიტომაც იხმარა, რომ კვაზი-მოთხოვნილება სინამდვილეში საერთოდ არ არის მოთხოვნილება. კვაზი-მოთხოვნილება განზრახვის მომქმედი ძალის გამოხატულებაა, მაგრამ “გადაწყვეტილება შეიძლება ერთბაშად მოიხსნას, თუ მისი განხორციელება აშკარად მიზანშეუწონელი აღმოჩნდება”, მაშინ როდესაც “მოთხოვნილებები არ იხსნებიან და არც მიზანშეწონილებას ღებულობენ მხედველობაში, როცა თავიანთვის საჭირო იმპულსებს იძლევიან”. ზ. ხოჯავას აზრით ლევინის შეცდომა იმაშია, რომ მან ნამდვილ მოთხოვნილებებად მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებანი ჩათვალა და მხედველობაში არ მიიღო მაღალი, პიროვნული ხასიათის მოთხოვნილებათა არსებობა. დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გადაწყვეტილების აქტს უკავშირდება, უთუოდ ამ კატეგორიის მოთხოვნოლებათაგან გამომდინარეობს და მაშინ კვაზიმოთხოვნილების ცნებაც ზედმეტი ხდება.

      რა უნდა ითქვას ამ შენიშვნებზე? ნამდვილ მოთხოვნილებებად მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა აღიარება, მართლაც არ უნდა იყოს მართებული. არსებობს არაორგანიზმული მოთხოვნილებები, რომლებიც თავად წარმოადგენენ გადაწყვეტილების საფუძვლს, ხოლო განზრახვის შედეგად აღმოცენებული დინამიკური მდგომარეობა უკვე სხვა ცნებით უნდა დახასიათდეს და არა მოთხოვნილებით, თუნდაც კვაზი-მოთხოვნილებით.

      მართებული საყვედურია გამოთქმული იმის თაობაზეც, რომ ლევინის თეორიაში იგნორირებულია ფსიქიკური მოვლენების, სახელდობრ მოთხოვნილებების, როგორც დაძაბულობის სისტემების შინაარსეული მხარე და მხოლოდ მათ დინამიკურ ასპექტზეა გამახვილებული ყურადღება. უფრო მძიმეა შენიშვნა, რომ ლევინი, ფაქტობრივად, აღწერით იფარგლება და იქ ჩერდება, სადაც მოვლენის ახსნის ამოცანა დგება. იგი საკითხსაც არ სვამს იმის შესახებ, თუ რატომ არსებობს მოცემული დინამიკური მიმართებები. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ლევინის მიერ გაკეთებული ქცევის ტოპოლოგიური და ვექტორული დახასიათება არაფერს ახალს არ ავლენს ქცევაში; ის არის მხოლოდ გარკვეული ფენომენების პოსტ-ფაქტუმ ილუსტრაცია, თვით მოვლენები კი აუხსნელი რჩება. მაგალითად, ლევინის მახვილი თვალი ამჩნევს კვაზი-მოთხოვნილებასა და საგნის გამომწვევ ხასიათს შორის არსებულ მიმართებას, მაგრამ, უზნაძის სამართლიანი შენიშვნისა არ იყოს, ამის დადასტურება, საუკეთესო შემთხვევაში, მოვლენის ზუსტი აღწერაა და არა მისი ახსნა.

      ლევინი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მტკიცედ და თანმიმდევრულად დადგა ინტერაქციულ პოზიციაზე. მისთვის ქცევისა და სასიცოცხლო სივრცის სიტუაციური და პიროვნული ფაქტორები თანაბარუფლებიანი წევრები არიან ფორმულისა B = F(P,E) = F(LSp). შესაბამისად, ყველა, ვინც ამ ფორმულის ერთ-ერთ წევრზე აკეთებს აქცენტს, ავტომატურად მის ოპონენტად იქცევა. მაგალითად, პერსონალისტებს მიაჩნიათ, რომ ლევინი სათანადო ყურადღებას არ აქცევს პიროვნებას, მის ისტორიას, ფორმირების პროცესს და ამ პროცესის მექანიზმებს - მემკვიდრეობას, მომწიფებას, დასწავლას და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში ლევინის სისტემა არც განიხილება პიროვნების კონცეფციად, რაზეც ის ვითარება მეტყველებს, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პიროვნების თეორიებისადმი მიძღვნილ სქელტანიან კომპენდიუმებში ლევინის სისტემა იგნორირებულია. ეს ერთობ უცნაური და, ამავე დროს, ნიშანდობლივი გარემოებაა.

      ლევინის თეზისი, რომ პიროვნებისეული გულისხმობს გარემოსეულს და პირიქით, არსებითად სწორია; ისიც მართებულია, რომ მხოლოდ ამ ფაქტორების ერთიანობა შეიძლება იყოს ქცევის საფუძველი. კითხვა იმას ეხება, თუ როგორ უნდა გამთლიანდნენ ისინი ისე, რომ შექმნან რაღაც თავისებური რეალობა სასიცოცხლო სივრცის სახით. ეს უკანასკნელი ხომ მდგენელების უბრალო ჯამი არ არის; იგი ახალი სტრუქტურა, მთლიანობა, გეშტალტია, რომელიც თითქოს არც სუბიექტს ეკუთვნის და არც გარემოს. სამწუხაროდ, არც სასიცოცხლო სივრცის სიტყვიერი დახასიათება, არც გრაფიკული გამოსახულება არაფერს გვეუბნება მისი ნამდვილი ონტოლოგიური ბუნების შესახებ. სად, რომელ ინსტანციაში უნდა შეხვედნენ და გამთლიანდნენ გარემო და ინდივიდი - ეს საკითხი ღიად რჩება. ნახაზიდან ჩანს, რომ ეს არ ხდება პიროვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახულება სხვაგვარი იქნებოდა და ამაზე პირდაპირი მითითება გაკეთდებოდა. ამავე დროს აღნიშნულია, რომ სასიცოცხლო სივრცე ფსიქოლოგიური სამყაროა. თუ ეს ასეა, იგი სუბიექტში უნდა იყოს მოთავსებული; ფსიქოლოგიური სამყაროს ადგილი ფსიქიკაშია. ის, ცხადია, გარემოს გულისხმობს, მაგრამ იმ გარემოს, რომელიც სუბიექტის მიერ არის ასახული და სუბიექტში გადმოტანილი. ამდენად, მოტივაცია და სიტუაცია (ფსიქოლოგიური გარემო) მხოლოდ ინდივიდში შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და გაერთიანდნენ, როგორც ქცევის აღმოცენება-შესრულებისთვის აუცილებელი ორი მოცემულობა (ფაქტორი). აქაც (ანუ სუბიექტის, P-ს შიგნით) მოსანახია ისეთი მთლიანი მდგომარეობა, რომელიც მათ განუყრელად დააკავშირებს, პიროვნების მდგომარეობა, რომელიც გააერთიანებს ფსიქიკურ მონაცემებს გარეგანისა და შინაგანის შესახებ და, ამის მეოხებით, ინდივიდის მიერ გარემოში ქცევის განხორციელების მექანიზმის ფუნქციას შეასრულებს. ველის თეორიაში ასეთი მექანიზმი საერთოდ არ არის ნაგულისხმები. ლევინის აზრი, პრინციპში, სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ მან ვერ მიაღწია საჭირო ცნებამდე და შეხედულებათა სისტემამდე; ვერ მოინახა ის რეალობა, რომელშიც ბუნებრივადაა გამთლიანებული აქტივობის დეტერმინაციისთვის აუცილებელი ყველა ფაქტორი. მოტივაციისა და სიტუაციის გაერთიანება გაურკვეველი ბუნებისა და ფენომენოლოგიის მქონე სასიცოცხლო სივრცეში საკითხის გადაწყვეტად ვერ ჩაითვლება. ასეთი ცნებისა და თვალსაზრისის დამუშავების მცდელობა მოცემულია დ. უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში (იხ. 13.2.).

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

[1] გერმანულად სიტყვა გეშტალტი ნიშნავს ფორმას, სტრუქტურას, მთლიანობით კონფიგურაციას.

[2] მთლიანობის იდეა ერთ-ერთი უმთავრესი იყო ფელიქს კრიუგერის (1874-1948) შემოქმედებაშიც. ვუნდტის გადადგომის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ლაიფციგის სახელგანთქმულ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს. აქ მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ე.წ. ლაიფციგის მეორე სკოლა (იგულისხმება, რომ პირველი ვუნდტის სკოლა იყო), რომელშიც შედიოდნენ ისეთი ცნობილი მკვლევარები, როგორიცაა ჰანს ფოლკელტი (1886-1945), აგრეთვე ფ. ზანდერი და ო. კლემი. ეს სკოლა გეშტალტფიქოლოგიის სკოლის პარალელურად არსებობდა 30-ანი წლების ბოლომდე. ამ შემთხვევაშიც ატომიზმთან დაპირისპირებულ მთლიანობის ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე. მთლიანობის საწყის, გენეტიკურად პირველად ფორმად გრძნობა ითვლება, ამიტომ მას ყოველგვარი ფსიქიკური შეიცავს. იგი დიფუზურია და არასტრუქტურირებული. დანაწევრებულობა და სხვა განცდებისაგან გამოყოფილობა უფრო მაღალი დონის მთლიანობების, ე.წ. კოგნიტური გეშტალტებისთვის არის დამახასიათებელი.

ტეგები: Qwelly, გეშტალტფსიქოლოგია, ვერთჰაიმერი, იმედაძე, კელერი, კოფკა, ლევინი, ფსიქოლოგია

ნახვა: 3032

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters