ფსიქოლოგიის ისტორია, II თავი, I ნაწილი

2.1. ანტიკური ხანის პირველი ფსიქოლოგიური შეხედულებები

      შეხედულებები სულის შესახებ გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ცივილიზაცია და მისი თანმდევი კულტურული ფენომენები - ფილოსოფია და მეცნიერება. პირველყოფილი ადამიანების ხანაში ანიმისტური შეხედულებები იყო გავრცელებული. მათ მიხედვით, არსებობს რაღაც სულიერი ძალა (ანიმა ლათინურად ნიშნავს: „სული”), რომელიც ზემოქმედებს ბუნების საგნებსა და მოვლენებზე და განსაზღვრავს მათ აღმოცენებასა და მიმდინარეობას. მაგალითად, მასზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა ამინდი, მოსავალი, წარმატებული ნადირობა და ა.შ. ცხოველებთან და ადამიანებთან მიმართებაში ის ერთგვარი სასიცოცხლო ძალის სახეს იღებს და განაპირობებს სხეულებრივ პროცესებს (მათ შორის ავადმყოფობას), მოძრაობას და განცდებს (ტკივილი, შიმშილი და სხვა). ორგანიზმის ფუნქციონირების დროებითი (ძილი, გულყრა, ტრანსი) ან მუდმივი შეწყვეტა (სიკვდილი), სულის სხეულთან დროებითი ან სამუდამო განშორების შედეგია. მაგიური რიტუალები, ტაბუები და ა.შ. სულებთან დაკავშირებას ემსახურება, რათა მან ადამიანების სასარგებლოდ წარმართოს გარე და შიდა პროცესები.

      რაკი ორგანიზმში სასიცოცხლო ძალა სულის სახით შემოდის და გადის, პირველყოფილთა წარმოდგენაში ის ყველაზე მეტად სუნთქვასთან არის დაკავშირებული (თუმცა სხვა სახის ასოციაციებსაც იწვევს, მაგალითად, ღრუბლის, ბოლის, ჩრდილის და სხვა). ნიშანდობლივია, რომ სულის კავშირი ჰაერთან, როგორც სუბსტანციასთან და სუნთქვასთან, როგორც პროცესთან, უძველესი ცივილიზაციების მითოლოგიურ-რელიგიურ შეხედულებებშიც აისახა. მაგალითად, ძველ ჩინურ წარმოდგენებში აქტივობის საწყისი („იანი”) მოცემულია სუნთქვის ან სასიცოცხლო ენერგიის („ჩი”) სახით. ძველინდურ ვედებში სიცოცხლის ძირითადი თვისება სუნთქვას („პრანა”) უკავშირდება. სუნთქვის საშუალებით ხასიათდება სულიერი ძალა ან სასიცოცხლო ენერგია („ბა”) ძველი ეგვიპტის პაპირუსებში. ჰომეროსთან პირველად ვხვდებით სულის აღმნიშვნელ ტერმინს „ფსიქე”, რომელიც ბოლო ამოსუნთქვის, სასიცოცხლო ძალასთან განშორების მნიშვნელობით იხმარება (ქართველები ვამბობთ, სული განუტევაო), ხოლო თანდათან ამ ტერმინს დაუმკვიდრდა ძირითადი მნიშვნერლობა - „სული”.

      სხვათა შორის, ძველი ბერძნების ღმერთები არსებითად ამ სულიერი ძალის ფუნქციებს ინაწილებენ და გარე თუ შიდა სამყაროს მოვლენების მიზეზებად გვევლინებიან. ბერძნული ცივილიზაციის კლასიკურ ეპოქაში მითოლოგიურ-რელიგიური წარმოდგენების გვერდით და ხშირად მათ ნაცვლად ჩნდება ფილოსოფიური შეხედულებები, მიმართული სინამდვილის მოვლენების, მათ შორის ადამიანის შინაგანი სამყაროს რაციონალურ ახსნაზე. დღევანდელი მეცნიერების ძირები ანტიკური პერიოდის ფილოსოფიურ-მეცნიერულ შეხედულებებშია მოცემული. ეს ეხება ფსიქოლოგიასაც. სათავე ფსიქოლოგიური მეცნიერებისა იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად არსებობს, ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ. ფსიქოლოგიური წარმოდგენები იმ ფილოსოფიური სისტემების შემადგენელი ნაწილი იყო, რომლებიც ძველმა ბერძენმა სწავლულებმა შექმნეს ბუნების, საზოგადოებისა და ადამიანის ფუნქციონირების კანონზომიერებათა ასახსნელად.

      აღსანიშნავია, რომ ანტიკური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ბევრი დებულება შეესაბამება აღმოსავლური ფილოსოფიურ-რელიგიური სისტემების შეხედულებებს. ესაა პირველსაწყისის ძიება და წარმოდგენა სულზე, როგორც სხეულის მამოძრავებელ ძალაზე. პანფიქიზმი, სულის გადასახლების რწმენა და სხვა. მაგრამ ფილოსოფიური და მეცნიერული პრობლემების ფორმულირება და თვით აზროვნების სტილი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს ძალზე განხვავებული აქვს. თანამედროვე მეცნიერების სახე ანტიკური სიბრძნიდან წამოსულ დასავლურ ინტელექტუალურ ტრადიციას ეფუძნება.

      ბერძნული ფილოსოფია ძველი წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში იღებს სათავეს. მისი საწყისი ფორმა იყო ე.წ. ნატურფილოსოფია. ნატურფილოსოფოსები ცდილობდნენ გაეგოთ ბუნება (ნატურა ლათინურად ბუნებაა) გონებაჭვრეტის გზით და ამისთვის ეძებდნენ მის ნივთიერ პირველსაწყისს, რომლიდანაც ყოველივე წარმოიქმნა და რომლისგანაც ყველაფერი შედგება. პირველ ბერძენ ფილოსოფოსს, თალესს ასეთად წყალი ჰქონდა წარმოდგენილი, ანაქსიმენს - ჰაერი, ჰერაკლიტეს - ცეცხლი. ემპედოკლე ამ ნივთიერებებს მიწას უმატებდა და საგანთა მრავალგვარობა ოთხი ძირიდან გამოჰყავდა. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამყაროს ეს მატერიალური საფუძვლები, გარკვეული აზრით, სულიერი ბუნებისანი იყვნენ, ვინაიდან, საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ყველაფრის აქტიურ საწყისად სწორედაც სული იყო მიჩნეული. ანაქსიმენი, მაგალითად, ასე გამოხატავს ამ თვალსაზრისს: „როგორც ჩვენი სული, რომელიც არის ჰაერი, გვიჭერს და გვაერთიანებს, ისე სუნთქვა და ჰაერი მოიცავს მთელს სამყაროს”. მაშასადამე, ანტიკური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე გაბატონებული იყო დოქტრინა, რომლის მიხედვით სული ყველგან და ყველაფერშია მოცემული, ანუ სამყარო განსულიერებულია. ამ შეხედულებას პანფსიქიზმი ეწოდება, ხოლო მის ანტიკურ ვარიანტს - ჰილოძოიზმი.

      სულის აქტიურობა ყველაზე მეტად ადამიანის სხეულთან მიმართებაში იჩენს თავს. სული სხეულის ფუნქციონირების საფუძველია. პირველი, ვინც ეს მოსაზრება მკაფიოდ გამოთქვა, ჰერაკლიტე (540-480 ძვ.წ.) იყო. ჰერაკლიტეს მიხედვით, საწყისი სუბსტანცია, რომლიდანაც ყველაფერი წარმოიქმნა, არის ცეცხლი. სული თავის ნამდვილ ბუნებას მაშინ ავლენს, როცა ცეცხლისებურია. ის იწვევს სხეულის მოძრაობას, ორგანიზმულ პროცესებს, ვინაიდან ცეცხლი და წვა არის აქტივობა, მხურვალება და ენერგია. ამ გაგებით „ცეცხლოვანი სული” სიცოცხლის პირობაა. სულის დაკარგვა იგივეა, რაც ცეცხლის ჩაქრობა ანუ სიკვდილი. ჰერაკლიტე იყო პირველი დიდი დიალექტიკოსი. იგი ამტკიცებდა, რომ ყოველივე არსებული მუდმივად ცვალებადობს, „ყველაფერი მიმდინარეობს”. ეს ადამიანს და მის სულსაც ეხება. სულის ცვალებადობა შეიძლება მატებისა და განვითარების, ან კლებისა და დეგრადაციის მიმართულებით ხორციელდებოდეს. ჰერაკლიტე ალბათ პირველი იყო ანტიკურ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაში, ვინც სცადა გაეანალიზებინა ადამიანის ცვალებადობა დაბადებიდან სიკვდილამდე და ის სულის ცეცხლოვანების დონის აწევ-დაწევას დაუკავშირა. ამ თვალსაზრისით, ოპტიმალური დონე მოზრდილობაში მიიღწევა, ხოლო ბავშვობასა და სიბერეში სული „ნესტიანია” და, მაშასადამე, ნაკლებ აქტიური და პროდუქტიული. მაგრამ, ყველა შემთხვევაში ცვალებადობა იქნება არა შემთხვევითი მოვლენა, არამედ საერთო კანონის, ე.წ. ლოგოსის გამოვლენა, რომელსაც მთელი ბუნება ემორჩილება. ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ მისი ქცევა, მასში მიმდინარე პროცესები აუცილებელი ხასიათისაა, ე.ი. დეტერმინირებულია. ადამიანს შესწევს უნარი, გაარკვიოს ამ დეტერმინაციის ბუნება, ანუ შეიმეცნოს კანონზომიერება, წესრიგი, ლოგოსი. ამისთვის მას შემეცნების ორი ორგანო აქვს: შეგრძნება (აღქმა) და გონება (აზროვნება). შემეცნება იწყება გრძნობადი აღქმით, რომელიც სწორად ასახავს სინამდვილეს, მაგრამ ბევრი რამ მისგან დაფარული რჩება. მაგალითად, შეგრძნებაში მხოლოდ საგნის აწმყო მდგომარეობაა მოცემული და არ არის გათვალისწინებული წარსული და მომავალი. რაც მთავარია, შეგრძნება კონკრეტულ მოვლენებს ეხება, ზოგადი კი მხოლოდ აზროვნებისთვისაა მისაწვდომი. ამრიგად, შემეცნება ორსაფეხურიანი პროცესია; მას ორი ძირითადი კოგნიტური ფსიქიკური ფუნქცია განსაზღვრავს - შეგრძნება და აზროვნება. ფსიქოლოგიისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს თავისი თავის, საკუთარი გონების შემეცნებაც შეუძლია. „მე ვეძებდი ჩემსავე თავს” და „ყველა ადამიანს შეუძლია თავის თავის შეცნობა და გონიერად ყოფნა”, ამბობდა ჰერაკლიტე.

      საყოველთაო დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა ძველი დროის უდიდესი მატერიალისტი და ატომისტი დემოკრიტე (460-370 ძვ.წ.). ყველაფერი, რაც ხდება სამყაროში და ადამიანის ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. შემთხვევითობა არ არსებობს, ის ადამიანებმა მოიგონეს მოვლენათა ნამდვილი მიზეზების უცოდინრობის გამო. ყოველივე არსებული შედგება უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისაგან - ატომებისაგან. ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდება ზომით, ფორმით და სიმაგრით. საგანთა მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, თუ რა სახის ატომები ჭარბობს მათში და როგორაა ისინი განლაგებული. საგნების წარმოშობა და მოსპობა არის ატომების გაერთიანება და ამ მთლიანობის დაშლა, რაც მოძრაობას გულისხმობს. თავის მხრივ, მოძრაობის პირობა სიცარიელეა. ამრიგად, დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების საფუძველზეა აგებული, ესენია ატომი, სიცარიელე და მოძრაობა.

      დემოკრიტეს შეხედულება სულის შესახებ სწორედ ამ სამი ცნებიდან ამოდის. სული სხეულის მოძრაობის მიზეზია. სულიც მატერიალურია და შედგება ატომებისაგან. ისინი განსაკუთრებულად მოძრავი, პატარა და მრგვალი ატომებია. სხეულის დაშლისას სულის ატომები ტოვებს მას, ე.ი. სხეულთან ერთად სულიც მოკვდავია. სუნთქვისას ჩვენში შემოდის სულის შემადგენელი ატომები, ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან სულის ნაწილიც ამოდის, ანუ იგი მუდმივი განახლების პროცესშია. საბოლოოდ ყველა ფიზიკურ სხეულს, ქვას, მცენარეს, ცხოველს, მკვდარ ადამიანსაც კი აქვს სულის ატომების მცირე რაოდენობა და, ამ აზრით, აქვს სული. როგორც ვხედავთ, დემოკრიტეც პანფსიქიზმის თვალსაზრისს იზიარებს.

      ავადმყოფობა ატომების პროპორციის დარღვევაა, დაბერება - სულის მოძრავი ატომების რაოდენობის კლება. მძიმე და მსუბუქი ატომების ყველაზე კარგი თანაფარდობა ტვინშია. იგი შემეცნების ორგანოა, გული - მაღალი გრძნობების, ღვიძლი - დაბალი ვნებების, გრძნობის ორგანოები კი - შეგრძნებისა. ასეთია სხეულში სულის ლოკალიზაცია. მანამდე ძველბერძნულ აზროვნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. პირველი, ალკმეონიდან მომდინარე ტრადიცია, სულის სხეულებრივ ადგილსამყოფელად ტვინს მიიჩნევდა, მეორე, ემპედოკლედან მომდინარე – გულს.

      დემოკრიტეს მიხედვით, სულსა და სხეულს შორის თვისებრივი განსხვავება არ არის. ფსიქიკური და მატერიალური პროცესები ერთმანეთისაგან სულის ატომების რაოდენობით განსახვავდება. ეს არის სულის მატერიალიზაცია. აღნიშნული მტკიცების არგუმენტაცია ასეთია: თუ სული სხეულს ამოძრავებს, ისიც მატერიალური უნდა იყოს, ვინაიდან მოძრაობა მხოლოდ მატერიალურმა შეიძლება გადასცეს მატერიალურს. მოძრაობის ფაქტი ატომების დაჯახების შედეგია. სხეულის ორ ატომს შორის სულის ერთი ატომია მოთავსებული და ამის საშუალებით ამოძრავებს სხეულს.

      გრძნობის ორგანოებში მოთავსებული სულის ატომები ზედაპირისკენ მოძრაობს და იქ ხვდება რეცეპტორში შეღწეული საგნების მიკროსკოპულ ასლებს, „სურათებს”, ე.წ. ეიდოლებს. საგნებიდან მუდმივად გამოდიან მათი უმცირესი „სახეები” და ჰაერში მოძრაობენ. გრძნობის ორგანოში შეღწევისას ეიდოლები შეეხება სულის ატომებს და წარმოიქმნება შეგრძნება. ასე ეცნობა სული პირველად გარე სამყაროს (ე.წ. გამოდინების თეორია). შემეცნება შეგრძნებიდან იწყება. მართალია, შეგრძნება საგნის ასლებს „იჭერს”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად სწორად ასახავს სინამდვილეს. შეგრძნება არც თუ იშვიათად ცდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ სულის ატომებთან დაჯახებისას საგნის სრულყოფილი ხატი, ეიდოლა შეიძლება დამახინჯდეს. ასევე, შეცდომა მოსალოდნელია, თუ ეიდოლა შეაღწევს არა გრძნობის ორგანოში, არამედ სხეულის იმ ნაწილებში, სადაც სულის ატომების კონცენტრაცია ნაკლებია და ისინი არაა შეგრძნებაზე სპეციალიზებული. მცდარი აღქმა, ილუზია მაშინაც ჩნდება, როცა ქარი ეიდოლებს წაიღებს შორს იმ საგნებიდან, რომელთა სახეებიც ისინი არიან. ამ დროს ადამიანი ხედავს იმას, რაც მის წინ სინამდვილეში არ არის (მირაჟი). დემოკრიტე სიზმარსაც მძინარე სხეულში ეიდოლების მოხვედრით ხსნის.

      თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეგრძნებები ზოგჯერ დეზინფორმაციის წყაროცაა, გრძნობადი აღქმის საშუალებით მიღებული ცოდნა მაინც შეზღუდულია აქ და ამჟამად არსებული საგნებისა და მოვლენების თვალსაჩინო მოცემულობით. ბევრი რამ მისთვის დაფარული რჩება. ამიტომ გრძნობად შემეცნებას დემოკრიტე „ბნელს” უწოდებს. სამაგიეროდ, აზროვნება ნათელი შემეცნებაა; იგი ნათელყოფს იმას, რაც შეგრძნებისთვის დაფარული დარჩა. მაგალითად, უხილავი ატომების შემეცნება შეგრძნებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მოაზრება გონების საშუალებით. ამდენად, შეგრძნება და აზროვნება, როგორც კოგნიტური ფსიქიკური ფუნქციები, შემეცნების პირველი და მეორე საფეხურებია.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, დემოკრიტე, იმედაძე, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჰერაკლიტე

ნახვა: 4847

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters