ჩვენ ალბათ ამ საუბრის სახით უკვე დავამთავრებთ ტატიანე სირიელის იმ ძეგლის განხილვას, რომელსაც თვით მსმენელთა თხოვნის შესაბამისად საკმაო დრო დავუთმეთ. შეგახსენებთ, რომ წინა განხილვა დავაბოლოვეთ ჯერ დემონთა შესახებ, შემდეგ ასტროლოგიური ე.წ. მოძღვრებების უარყოფით ტატიანესგან და ბოლოს ვეხებოდით ტატიანეს სწავლებას სულის შესახებ. ამ აზრს, ამ მონაკვეთს და ციტატებს, რაც ჩვენ მაშინ მოვიტანეთ, პირობითად შეგვიძლია სწავლება დავარქვათ, ესაა რაღაც კერძოობითი შეხედულება, ეკლესიური მოძღვრებით აბსოლუტურად უარსაყოფი, განსაკუთრებით ტატიანეს აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს სული არის წყლებშიც, მნათობებშიც და ასე შემდეგ.

      თხზულების ბოლოს, აი ამ ე.წ. პნევმოლოგიური საკითხის ანუ სულთმეტყველების განხილვის შემდეგ ტატიანე აკავშირებს ერთმანეთთან სულსა და აღდგომას და ჩვენს მიერ წინარე საუბრის დასასრულს მოტანილ ციტატას ამგვარად აბოლოვებს: "სამშვინველი კაცნო ელინნო არ არის უკვადვი, არამედ მოკვდავი". რა თქმა უნდა, თავისთავად სამშვინველი არ გახლავთ უკვდავი, ისევე როგორც თავისთავად ცხადია არც ხორცი არ არის უკვდავი, მაგრამ უკვდავობასთან შეერთებული (კერძოდ ამ შემთხვევაში სამშვინველს უკვდავებას ანიჭებს ადამიანური პნევმა) სხეული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განქარვებადი არ გახლავთ და გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ფსიხე მთელი თავისი სამივე ნაწილით ნარჩუნდება და არ ხდება ისე, რომ ფსიხეს ორი ნაწილი (გულისწყრომითი და გულისთქმითი) გაუქმდეს, მოისპოს, ხოლო მარტო პნევმური ნაწილი შენარჩუნდეს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სხეულებრივადაც აღდგება და მართალია ესაა გარდაქმნილი, უხრწნელი და გაუკვდავებული სხეული, მაგრამ მაინც სხეული, რითაც აღდგა უფალი და აი ამ კუთხით არათუ ფსიხე ისპობა ადამიანისა, არამედ მისი სხეულიც არაა მარადიულად მოსპობადი, ის დროებით განეშორება თავის სულს, თავის ფსიხეს და აღდგომის ჟამს კვლავ შეერთდებიან ისინი. ამიტომ ტატიანეს ეს აზრი, რომ სამშვინველი არ არის უკვდავი, არამედ მოკვდავი, თავისთავად სწორია (ალბათ ამას გულისხმობს ტატიანე), რომ ბუნებით სამშვინველი მოკვდავია. მართლაც სამშვინველი რომ ბუნებით უკვდავი იყოს, თუნდაც ღვთივმონიჭებული თვისებით, მაშინ ცხოველური სამშვინველიც უკვდავი უნდა იყოს, რადგან სამშვინველით ადამიანი და ცხოველი, როგორც ავღნიშნეთ, იგივეობრივია. ჩვენ ამაზე დეტალური მსჯელობა გვქონდა, რომ ადამიანური ფსიხე ანუ სული სამი ნაწილისგან შედგება, კერძოდ გულისწყრომითი, გულისთქმითი და პნევმური ნაწილებისგან. ამათგან უკანასკნელი არის ყველაზე ღირსეული ადამიანში და ამ ნაწილის ცალკე გამოყოფის ჟამს, თეორიულად, ჩვენს მსჯელობაში, ადამიანური ფსიხე ორნაწილედი რჩება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ, რომ ადამიანურ ფსიხეს სამშვინველი ვუწოდოთ და ქართულად ასეც ვთარგმნოთ. სხვა შემთხვევაში კი ბუნებითად როცა მასში პნევმასაც ვგულისხმობთ, ფსიხე ქართულად ყოველთვის სულად ითარგმნება, და პნევმის გარეშე დატოვებული ფსიხე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უკვდავი იყოს, ის მოკვდავია, რადგანაც მაშინ ცხოველური ფსიხეც უკვდავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცხოველები არ აღდგებიან და სასუფეველში არ დამკვიდრდებიან. ამიტომ ეს აზრი, რომ სამშვინველი თავისთავად მოკვდავია, სწორი. შემდგომი მსჯელობაც ტატიანესი ამ საკითხს უფრო გაშლის, როცა ეს უკანასკნელი ამბობს: "სამშვინველი კაცნო ელინნო არ არის უკვადვი, არამედ მოკვდავი, თუმცა ძალუძს რომ არ მოკვდეს. კვდება კი იგი და იშლება სხეულთან ერთად, უკეთუ უმეცარია ჭეშმარიტებისა. შემდეგ კი აღდგება სამყაროს აღსასრულის ჟამს სხეულთან ერთად და სასჯელის მიერ სიკვდილს მიიღებს უკვდავებაში (საუბარია იმ ადამიანის სულზე, რომელიც დაეცა და წარწყმდა). უკანასკნელი ფრაზა (სიკვდილს მიიღებს უკვდავებაში) თავისთავად უმშვენიერესი და უშესანიშნავესი ფრაზაა, იმიტომ, რომ ის წარწყმედილნი, რომლებიც ჯოჯოხეთში დამკვიდრდებიან, მარადიულად იმყოფებენ იქ, რომ ჯოჯოხეთი თავისთავად სიკვდილია, მაგრამ სიკვდილი არა ონტოლოგიური გაგებით, არა არარსებობაში გადასვლით, არა მოსპობით, არამედ იმ გაგებით, რომ მასში მყოფნი ცოდვილნი მარადიულად შენარჩუნდებიან იქ, თუმცა კი მათ შენარჩუნებას არავითარი ღირსება არა აქვს. ისინი სრულ უღირსებობაში, აბსოლუტურ დაშორებულობაში ღვთისგან, მათი სულიერი თვისებებითა და მათი მდგომარეობით, მყოფობენ და შესაბამისად ეს მათი სულიერი სიკვდილია. ამიტომ ეს აზრი, რომ წარწყმედილნი სასჯელის მიერ სიკვდილს მიიღებენ უკვდავებაში, გახლავთ უბრწყინვალესი შეფასება წარწყმედილთა მდგოამრეობისა მეორედ მოსვლის შემდეგ. "ხოლო არ მოკვდება იგი, - განაგრძობს ტატიანე, თუნდაც რომ დაირღვეს დრო-ჟამში (დარღვევაში როგორც ჩანს ტატიანე გულისხმობს სხეულის სიკვდილის ჟამს ადამიანის ჯოჯოხეთში ყოფნას), უკეთუ აღასრულებს შეცნობას ღვთისას. იგი (სამშვინველი) თავისთავად ბნელია და არაფერია მასში ნათელი და ამასვე ნიშნავს თქმული: "ბნელი ნათელს ვერ შეიცნობს" (აქ იოანეს სახარებაა ტატიანესგან დამოწმებული). სამშვინველში ამ შემთხვევაში ტატიანე არ დებს პნევმას შინაარსს, არამედ იგი გულისხმობს პნევმა გამოცალკევებულ სამშვინველს, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ტატიანე არის მკვეთრად გამოხატული ტრიქოტომიის მიმდევარი. ადრე ვსაუბრობდით, რომ ეკლესიის მამებთან არავითარი განსხვავება არაა მოძღვრებაში ადამიანის სულის შესახებ, რომ ზოგმა შეიძლება სამნაწილედობა გვიჩვნეოს ჩვენ და ზოგმა ორნაწილედობა სულისა, მაგრამ ისინი არსებითად კი არ სხვაობენ ერთმანეთისგან, არამედ საკითხის განხილვის წესით. ვინც სულის ორ ნაწილედობაზე საუბრობს ის ადამიანის ბუნებით მდგოამრეობაზე მსჯელობს, რომ ადამიანი ორი ბუნებითი ნაწილისგან შედგება - სხეულისგან და სულისგან, მაგრამ რამდენადაც ადამიანის სული შინაგანად სამნაწილედია და უმთავრესი ნაწილი არის პნევმა, ზოგი ეკლესიის მამა ამ პნევმას არა თავისი არსებობის წესით (არსებობის წესით ის ფსიხეს ნაწილია), არამედ თავისი ღირსებით ცალკე გამოყოფს და ადამიანი სამნაწილედად წამოჩნდება, ეს ნაწილებია პნევმა, ამ პნევმის გარეშე დატოვებული ადამიანური ფსიხე, რომელიც ორნაწილედია და მთლიანად ცხოველურ ფსიხეს უიგივდება და მესამე სხეული. და თუ ეკლესიის მართლმადიდებელ მამებთან პნევმას გამოყოფა ადამიანურ ფსიხესგან მხოლოდ პირობითად, თეორიულად, მსჯელობაში ხდება, ტატიანესთან ჩვენ პირუკუ ვითარებას ვხედავთ, იქ პნევმა აშკარად განცალკევებულია ფსიხესგან როგორც სხვა სუბსტანცია, სხვა არსება, რომ თუ ადამიანის ფსიხე ანუ ადამიანის სამშვინველი წაჰყვება ადამიანისვე პნევმას, მაშინ იგი ცხონდება, ხოლო თუ არ წაყვება და სხეულისკენ გადაიხრება, ქვედაიზიდება და დაეცემა, მაშინ ის წარწყმდება. სულის ანუ პნევმას მიყოლა არის სამშვინველის ცხონება და მისი უკვდავყოფა მარადიულ სიკეთეში, ხოლო სხეულისკენ ქვედადრეკა და პნევმასგან მისი მოწყვეტა ანუ სულისგან მისი მოწყვეტა, ადამიანური სამშვინველის მარადიული დაღუპვაა. ამრიგად თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მართლაც ტრიქოტომიის ანუ ადამიანის სამნაწილედობის, სამბუნებოვნების, ამღიარებელი იყო, ესაა სწორედ ტატიანე სირიელი, რომელიც მკვეთრად ცალკე გამოყოფს პნევმას, ასევე მკვეთრად აცალკევებს მისგან ფსიხეს და რა თქმა უნდა სხეულს. ტატიანე განაგრძობს: "არათუ სამშვინველმა იხსნა სული, არამედ სულმა იხსნა იგი (საუბარია იმ სამშვინველზე, რომელიც ცხონებული გახდა) და ამგვარად ნათელმა შეიპყრო ბნელი (ბნელი არის სამშვინველი, ხოლო ნათელი პნევმა). ლოგოსი (ღვთის სიტყვა) არის ნათელი ღვთისა, ბნელი კი უვიცი სამშვინველი. ამიტომ როდესაც ეს უკანასკნელი თავისთვის განცალკევდება (ე.ი. პნევმას განეშორება), ნივთიერებისაკენ ქვედადრკება და მოკვდება ხორცთან ერთად, მაშინ იღუპება. ხოლო თუკი თანამეუღლედ ჰყავს მას საღვთო სული (აქ საღვთო სულში ჩვენ ვერ ვიგულისხმებთ სულიწმინდას, თუმცა ტატიანესთან ზოგჯერ არაა მკვეთრი მიჯნა გავლებული როცა ის პნევმაზე საუბრობს, რომელ პნევმაზეა საუბარი, ადამიანურ პნევმაზე თუ სულიწმინდაზე (მოგეხსენებათ ბერძნულში ორივეს ერთი ტერმინი - პნევმა, გადმოსცემს). როგორც ჩანს არც მას ჰქონდა ამაში გარკვეულობა, თუმცა ჩვენ რამდენიმე ციტატა ადრე მოვიტანეთ, სადაც სულიწმინდა და ადამიანური პნევმა მკვეთრად არის გამიჯნული და ამ შემთხვევაშიც საღვთო სული ანუ საღვთო პნევმა, როგორც ჩანს გულისხმობს ადამიანური პნევმის იმ მდგომარეობას, როდესაც იგი სულიწმინდით არის განათლებული) აღარ არის შეუწევნელი, არამედ ამაღლდება იგი იმ მხარეებისკენ, საითკენაც უწინამძღვრებს მას სული. ამ უკანასკნელს ზემოთკენ აქვს სავანე, მას (სამშვინველს) კი ქვემოდან აქვს დასაბამი (ესეც რა თქმა უნდა, ასბოლუტურად მცდარი აზრი გახლავთ). დასაბამიდანვე სამშვინველის თანამცხოვრებლად იქცა სული, მაგრამ როდესაც სამშვინველმა არ ისურვა მისი თანხლება, სულმა მიატოვა იგი. სამშვინველს შემორჩა მისი ძალის, ასე ვთქვათ, ფერფლი (ეს ტერმინი შემოაქვს ტატიანეს აღმნიშვნელად იმისა, რომ პნევმას აღბეჭდილობა მასზე მაინც არის). და რადგან იგი (სამშვინველი) უძლური იყო სულის გარეშე, კერძოდ რომ სულის გარეშე განეჭვრიტა მას ზეციურნი, ეძიებდა კი ღმერთს, ცთომილების გამო მრავალი ღმერთი წარმოსახა". აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ცდა მოცემული მრავალღმერთიანობის წარმოშობის ახსნისა. ეს ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო ცდა, თუ საიდან მომდინარეობს მრავალღმერთიანობა, დაახლოებით ამავე ეპოქის მოძღვართან – თეოფილე ანტიოქიელთან, სხვაგვარადაა გადმოცემული. ჩვენ შემდგომ ლექციებში ამ საკითხს, საკუთრივ თეოფილე ანტიოქიელთან დაკავშირებით, დეტალურად წარმოვაჩენთ და მის მოძღვრებას ცხადს გავხდით, მაგრამ ტატიანეს აზრი ამგვარია, რომ სამშვინველი ანუ ფსიხე როდესაც პნევმას ანუ სულს დასცილდა და შესაბამისად აღარ ძალედვა, აღარ შეეძლო მას ზეციურთა, ჭეშმარიტ სიკეთეთა და ჭეშმარიტ სინამდვილეთა ჭვრეტა, არადა ამ დროს იყო მასში მარცვალი იმისა, რომ ღმერთი მოეძია და დასაბამი ყოვლისა გამოეძია, თავისი ამ უმეცრებით, უგუნურებით და პნევმასგან მოკლებულობით ცთომილება წარმოსახა თავის თავში ანუ მრავალი ღმერთი ეზმანა მას, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი გეზი დაჰკარგა, ღმერთს ეძიებდა ყველგან და ყველაფერი ღმერთად მიიჩნია. აი ესაა საფუძელი ტატიანესთვის მრავალღმერთიანობის წარმოქმნისა. "სული ღვთისა ყველაში არ მკვიდრობს, - განაგრძობს ტატიანე, მხოლოდ მათ შორის დაივანა მან, რომლებიც სიმართლით მოქალაქეობდნენ. მათსავე სამშვინველს თანაშეეწმასნა იგი და წინასწარმეტყველების გზით დანარჩენ სამშვინველთ დაფარული აუწყა". ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ ადგილებში, იმ პნევმაში, რასაც ადამიანს უკავშირებს ტატიანე, გავიგოთ არა რაღაც მართლაც არსებული სუბსტანცია, არამედ როგორც საღვთო მადლი. ესაა მადლი, ღვთივმოცემული ადამიანის ფსიხესადმი (ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ფსიხეს სული ვუწოდოთ), ადამიანის სულისადმი. თუ ამ მადლს შეინარჩუნებს ადამიანი და მას გაჰყვება განიღმრთობა, თუ ამ მადლს გამოაკლდება და გაშიშვლდება მისგან, ის წარწყმედას მიეცემა. აი ეს თავისებური გაგება პნევმასი სავსებით შესაძლებელია და მაშინ ტატიანეს მოძღვრების ეს ნაწილი მართლმადიდებლობისგან დიდად დაშორებული არ აღმოჩნდება. არ აღმოჩნდება იმიტომ, რომ ეკლესიურ სწავლებაში სულიწმინდის ნიჭებს, სულიწმინდის სხვადასხვა მადლს სწორედ "პნევმატა" ანუ სულნი ეწოდება. ეს რამდენიმე მოძღვრისგან აბსოლუტურად ცალსახად და აშკარად არის თქმული, განსაკუთრებით წმ. კირილე ალექსანდრიელისგან, რომელიც, როდესაც სულიწმინდის მოფენის საიდუმლოს და დღესასწაულს განმარტავს, ამბობს, რომ ნიჭნი, რომელნიც მოციქულებს მიეცათ სულიწმინდისგან, სულთა სახით გადავიდა მათზე. სხვათაშორის ჩვენ ადრე განხილული გვქონდა ერთ-ერთ ჩვენს საუბარში ამ მოვლენისა და ამ დღესასწაულის ამსახველი ქართული ტერმინი "სულთმოფენობა" და მაშინ მივუთითებდით, რომ თუ ჩვენ აი ეს ეკლესიური განმარტება სულიწმინდის ნიჭთა გარდამოსვლისა არ გვაქვს, ცეცხლის სახით როდესაც გარდამოვიდა ეს ნიჭები, მაშინ თავისთავად სულთმოფენობა ძალიან მცდარი ტერმინია, რადგან ერთი სულიწმინდის მოფენა ხდება აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ხოლო სიტყვა "სულთ" მრავლობითობას გულისხმობს, მაგრამ თუ ვიგულვებთ იმას, რაც კირილე ალექსანდრიელმა, ათანასე ალექსანდრიელმა და სხვა მოძღვრებმა განგვიმარტეს, რომ სულიწმინდის მოფენა ნიშნავს სწორედ ნიჭთა, როგორც, პირობითად და სიმბოლურად, სულთა შთანერგვას და შთაბერვას ამ მადლის მიმღებ ადამიანებში, მაშინ ეს ტერმინი სულთმოფენობა სავსებით მართებული ტერმინია. ანუ სულთმოფენობაში ჩვენ უნდა ჩავდოთ ასეთი შინაარსი - მადლთმოფეონობა, ნიჭთმოფენობა, სულიწმინდის მადლთა, სულიწმინდის ნიჭთა მოფენობა, აი ამ შინაარსით უნდა დავტვირთოთ პირველი ნაწილი კომპოზიტისა "სულთ". აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ზოგს მიაჩნია თითქოს არ შეიძლება მადლი მრავლობითში ითქვას, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. როგორც ნიჭი ანუ ხარიზმა ითქმის მრავლობითში, ასევე "ხარის" ანუ მადლი ეკლესიის მამათა მიერ ძალიან ხშირად ითქმის მრავლობითში. რომ მადლთმოფენობა და ნიჭთმოფენობა გახლავთ შინაარსი იმ ტერმინისა, რასაც სულთმოფენობად ვამბობთ ჩვენ და თუ ასეთ შემთხვევაში სრულიად აშკარად ტერმინი სული ანუ პნევმა სწორედ მადლს, ნიჭს გულისხმობს სულიწმინდისას, სავსებით უფლებამოსილნი ვართ ვიფიქროთ, რომ ტატიანე სირიელის მოძღვრების ამ ნაწილში, სადაც პნევმასა და ფსიხეს ანუ სულისა და ადამიანური სამშვინველის (ამ შემთხვევაში სამშვინველს შეგვიძლია ჩვენ უკვე სული ვუწოდოთ), პნევამსა და ადამიანის სულის ურთიერთობაზეა საუბარი, პნევმაში მხოლოდ ეს შინაარსი უნდა ჩავდოთ, რომ საუბარია საღვთო მადლზე ანუ იმ ნიჭზე, რომელიც შთაენერგება ადამიანს სულისებრ და თუ ამ სულს, ამ მადლს, ამ ნიჭს მიჰყვება ადამიანის ფსიხე, ეს ფსიხე და შესაბამისად ადამიანი გადარჩება, ხოლო თუ არა ის დაიღუპება. და ზემოთ როდესაც იყო ნათქვამი, რომ სწორედ ეს პნევმაა ხატი და მსგავსება ღვთისა, ესეც ამ აზრს თანხვდება, რომ პნევმა რომელსაც ადამიანის მიმართ იყენებს ტატიანე ჩვენ სულიწმინდად არ უნდა ჩავთვალოთ, რომელსაც ასევე პნევმა ეწოდება ბერშნულში და თვით ტატიანესგანაც, იმიტომ, რომ არ ითქმის სულიწმინდა არის ხატი და მსგავსი ღვთისა, რადგან თვითვეა ბუნებითი ღმერთი და მისდამი ხატად და მსგავსად ითქმის სწორედ ადამიანი, მისდამი, მამისადმი და ძისადმი, ერთარსება სამებისადმი. შესაბამისად სრულიად აშკარაა, რომ ადამიანის ფსიხესთან დაკავშირებულ პნევმაში ტატიანე სრულ სხვა შინაარსს დებს და არა ბუნებითი ღმერთის, არა სულიწმინდის შინაარსს, ეს სხვა შინაარსი მხოლოდ საღვთო მადლად, სულიწმინდის ნიჭად, სულიწმინდის მადლად უნდა გავიგოთ და ღვთის ხატება და მსგავსება სხვა არაფერია თუ არა საღვთო მადლი ადამიანში, ღვთივბოძებული მადლი სულიწმინდის მიერ, როგორც კირილე ალექსანდრიელი ამბობს, შთატვიფრული და შთანერგილი ადამიანში. როგორც ეს თავდაპირველად მოხდა შთაბერვით ადამში, როდესაც შთაებერა მას ღვთისგან და ადამიანი გახდა სული ცხოველი ამ შთაბერილობის ძალით, იგივე შთაბერილობა კვლავ განუახლდა კაცობრიობას მაცხოვრის გზით, როცა მაცხოვარმა შეჰბერა მოციქულებს და უთხრა "მიიღეთ სული წმინდა". აი ეს შთაბერილობა, სულიწმინდის მადლის მიღებულობა და მადლმოსილება გახლავთ ადამიანის მაცხოვნებელი, ხოლო ამ მადლმოსილებისგან განდგომილება გახლავთ სამშვინველის, ხორცისა და მთელი მისი პიროვნების დაღუპვა. ვფიქრობთ ამგვარად შეიძლება გაგებულ იქნეს ტერმინი "პნევმა" ადამიანთან კავშირში ტატიანეს მიერ გამოყენებული, როგორც სულიწმინდის მადლის, სულიწმინდის ნიჭის აღმნიშვნელი ცნება და ამ აზრით  უკვე მთელი ზემორე მსჯელობა, რაც ჩვენ მოვიტანეთ, სავსებით ცხად და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრ შინაარსს იძენს. ამ სწავლებას ტატიანე შემდეგი ფრაზით აბოლოებს: "ხოლო რომელთაც ირწმუნეს სიბრძნე, მათკენ მოიზიდეს მათივე თანატომი სული (ე.ი. პნევმა), ხოლო სამშვინველთაგან ურწმუნონი უარყოფენ აგრეთვე მსახურსაც ვნებული ღვთისა და ამის გამო ღვთის მოსავთა ნაცვლად ღვთის მბრძოლებად გვევლინებიან". მსახურნი ვნებული ღვთისა არიან ის პირები, რომლებმაც პნევმას ანუ საღვთო მადლის საკუთარ თავში დამკვიდრებით საკუთარი სამშვინველი გააუკვდავეს, ანუ განღმრთობილნი, რომელნიც, როგორც ვნებული ღვთის მსახურნი, უარყოფილნი არიან ურწმუნოთაგან. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ტატიანე თავის თავსაც გულისხმობდეს, რომ ურწმუნონი, ელინნი მის ქადაგებას, მოქცევისკენ მათ მოწვევას უარყოფენ და შესაბამისად ღვთის მბრძოლებად გვევლინებიან ანუ ჭეშმარიტებას განუდგებიან.

      ჩვენ ამ ბოლო ფრაზას "მსახური ვნებული ღვთისა", შეიძლება ცალკეც შევეხოთ (ერთ-ერთ წერილობით შრომაში ცალკეც ვეხებოდით), იმიტომ, რომ ტატიანეს შრომის გამომცემელი ამ ფრაზაში სულიწმინდის შინაარსს დებს, რომ მისი აზრით მსახურში ტატიანე სულიწმინდის გულისხმობს. ჩვენი აზრით ეს მოსაზრება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, რადგან ვნებული ღმერთი უთუოდ განკაცებული ძე ღმერთია, იესო ქრისტეა და გამომცემელი, სხვათაშორის, რა თქმა უნდა მიუთითებს, რომ ეს ასეა, როდესაც ის საკუთრივ ამ ფრაზას "ვნებული ღმერთი" კომენტარს უკეთებს: "ცხადია ეს ძის შესახებაა ნათქვამი". და თუ ეს ასეა მაშინ მსახური ძე ღმერთისა აშკარად უნდა ნიშნავდეს უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლოს ანუ ვნებული ღმერთის სისხლთან და ხორცთან ზიარების საიდუმლოს აღმსრულებელს, ღვთისმსახურს, ეკლესიის წევრს, იგივე ქრისტეს მსახურს, ოღონდ ისეთს, რომელიც ჭეშმარიტად ღვთის მსახურია, ჭეშმარიტად ქრისტეს მსახურია და ჭეშმარიტად განღმრთობილია. და როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ ტატიანეს სიტყვებში ჩვენი აზრით სწორედ ისაა თქმული, რომ ურწმუნო პირი ძველ აღთქმასთან ერთდ ახალი აღთქმის ანუ თავად იესო ქრისტეს და მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის და ამ ეკლესიის მღვდელმსახურთა და ზოგადად ქრისტიანული ლიტურგიის უარმყოფელიცაა. აი ეს აზრი იკვეთება ჩვენი შეხედულებით ტატიანეს ზემორე ფრაზაში და ამ კუთხით ზემორე გამონათქვამიც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობას არ ემიჯნება.

      ამგვარი სწავლებანი ტატიანეს შრომებში სხვაც ბევრია, თუმცა ვფიქრობთ რაც დავიმოწმეთ ამ ყოველივემ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა ტატიანეს შესახებ. წარმოჩნდა მისი ზიგზაგებით მავალი სულიერი წვდომანი, სადაც გამონათებანიც ხშირია, ზოგიერთი გამონათქვამი კი ძალიან საყურადღებო და დღეისთვისაც ჩვენთვის ზეპირად დასასწავლი და ხშირად გამოსაყენებელია, მაგრამ არაიშვიათია და ძალიან მძლავრობს ცალკეულ მონაკვეთებში გაუკუღმართებული თვალსაზრისებიც, რის გამოც, რა თქმა უნდა, ტატიანეს ჩვენამდე მოღწეულ თხზულებებს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოპყრობა და მიუხედავად იმისა, რომ ტატიანეს დღესაც ავტორიტეტი აქვს გარკვეულ პირებში, ჩვენ ეკლესიის ხმას ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვდენილობა-თანუხვდენელობის პრინციპით უნდა ვაანალიზებდეთ და ვწონიდეთ მის თითოეულ გამონათქვამს.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, პატროლოგია, სული, ტატიანე

ნახვა: 555

გამოხმაურებები!

ტატიანე სირიელის შესახებ აქ დადებული ყველა მასალა შესულია პატროლოგიის საფინალო გამოცდის საკითხებში,ბავშვებს შეუძლიათ qwelly.com - ის მეშვეობით გამოიყენონ იგი.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters