← დასაწყისი

   „მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგეს ამხ. ი. ი. დიდიძეს. მე-4 საშ. სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა მშობლების კოლექტიური განცხადება. მოგახსენებთ, რომ ღრმად შეშფოთებული ვართ ჩვენი შვილების ბედისა გამო, რაც, ბუნებრივია, თავის დაღს ასვამს აგრეთვე ჩვენი შრომის ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას. საქმე ეხება პედაგოგ სოლომონ იასონის ძე კიტარიძეს. შესაძლებელია, ზემოხსენებული ს. კიტარიძის პროფესიული დონე, პედაგოგიური ალღო და მეთოდიკა თავის დროზე შეესაბამებოდა ეპოქას, არ ვიცით, მაგრამ დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნებს ნამდვილად ვეღარ პასუხობს. მისი მოწაფეები, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში მიდიან მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევენ იქაურ სულ სხვა პედაგოგიური წიაღიდან გამოსულ კადრებს. პლუს ამას გაკვეთილებისთვის განკუთვნილი დროის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც სასკოლო პროგრამა ისედაც გადატვირთულია და თვითოეული მასწავლებლისგან მოითხოვს დაძაბულ შრომასა და ნამდვილ შემოქმედებით თავგანწირვას, ს. კიტარიძე თავის გაკვეთილებზე მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაზე ესაუბრება მაშინ, როცა ისტორიისთვის ცალკე საათები და, რაც მთავარია, ცალკე პედაგოგიური კადრები არსებობს. პლუს ამას ზოგი აუხსნელი სტუმრობა მარტოხელა ქალთან, რასაც აქ გაკვრით შევეხებით და რაც კვალიფიცირებულ უნდა იქნას, როგორც მორალურად საეჭვო, რამდენადაც, ადვილი შესაძლებელია, ჩირქი მოსცხოს უდანაშაულო და პატიოსან ადამიანს. პლუს ამას ტენდენციურობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ სასწავლო წელს ს. კიტარიძემ დამამთავრებელი კლასის ორი მოწაფეს დაუმსახურებლად აუწია ნიშანი. ბუნებრივად ისმის კითხვა: უანგაროდ? დაე, ამ კითხვის პასუხი ს. კიტარიძის სინდისზე იყოს. დავუშვათ, უანგაროდ, მაგრამ ტენდენციურობას რაღა ვუყოთ? ყველა ყველა და, შეიძლება პედაგოგი ტენდენციური იყოს? ამით ხომ გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვაყენებთ ბავშვის ფაქიზ სულს, რომელიც, როგორც ცნობილია, სუფთა ფურცელია და იგი ჩვენ უნდა შევავსოთ! განა პედაგოგი ის პიროვნება არ არის, ვინც საზოგადოებას ღირსეულ ცვლას უმზადებს? და რა ღირსეული ცვლა შეიძლება მოუმზადოს ჩვენს მოწინავე საზოგადოებას ისეთი ტენდენციური მიმდინარეობის პედაგოგმა, როგორიცაა ს. კიტარიძე? ჩვენ ვიცნობთ სკოლის დირექტორს ამხ. ჰ. თვალაბეიშვილს, როგორც პრინციპულ, მომთხოვნ და მაღალი ჰუმანური იდეების მატარებელ ხელმძღვანელ მუშაკს, და მიგვაჩნია, რომ იგი ალბათ კოლეგიალობის გრძნობასა და აგრეთვე პირადი სულგრძელობის გამო ითმენს ს. კიტარიძეს. მაგრამ ამჟამად ისეთი ვითარება შეიქნა, როცა პირადული საზოგადოებრიულის სამსხვერპლოზე უნდა მივიტანოთ, ვინაიდან სასწორის პინაზე ჩვენი მომავალი დევს. ჩვენ ბევრი ვითმინეთ, მაგრამ მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია და ამიტომ, გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, დაბეჯითებით მოვითხოვთ გადააყენოთ ს. კიტარიძე და მის ადგილას დაგვინიშნოთ ისეთი პედაგოგი, ვინც ცოდნას მისცემს ბავშვებს და ამ ცოდნის შესაფერის ნიშნებს დაუწერს, რათა ჩვენი შვილების მომავალი საიმედო ხელში იყოს და ჩვენც, დაწყნარებულებმა, მთელი ჩვენი ნიჭი და ენერგია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას მოვახმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული შევიქნებით ბოიკოტის სახით ბავშვები ს. კიტარიძის გაკვეთილებს არ დავასწროთ, რაც ისეთი მნიშვნელობის აქტია, რომ არც ჩვენთვინ იქნება კარგი და არც თქვენთვინ. იმედია, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს თხოვნას და დააკმაყოფილებთ მას. პატივისცემით“. ოცდახუთი ხელმოწერა ახლავს ალფავიტზე გაწყობილი. წავიკითხო? და რეზოლუცია: „ამხ. ჰ. თვალაბეიშვილს. გთხოვთ გულდასმით განიხილოთ და მიღებული ზომების შესახებ მაცნობოთ. ი. დიდიძე“.
როდესაც ბესარიონ ჭედიამ კითხვა დაამთავრა, სამასწავლებლოში უკვე კარგა ხანია მძიმე სიბნელე იწვა.

   იმ წამს, რა წამსაც მან თავისი მსუყე, საამო ბანით წარმოთქვა ფრაზა, საქმე ეხება სოლომონ იასონის ძე კიტარიძესო, სოლომონის თავში ტკაცანი გაისმა, თითქოს მოკლე ჩართვა მოხდაო, და ვეება, ცარიელი სივრცე თეთრმა და არნახულად მძაფრმა, თვალისმომჭრელმა სინათლემ გაანათა. მაგრამ ეს დიდი სინათლე ანთებისთანავე ჩაქრა და ზემოდან სიბნელე დაეშვა. სიბნელე ეშვებოდა არა მსუბუქად და ნარნარად, როგორც შემოღამების წესია, არამედ მძიმედ, სწრაფად და სახიფათოდ, თითქოს განყენებული ფერი კი არა, სქელი, შედედებული კუპრი ყოფილიყო. მოდიოდა მრისხანედ, გზადაგზა ყველაფერს იწოვდა და საბოლოოდ ყოველივე ბლანტ, გაუვალ წყვდიადად იქცა. სოლომონი ერთხანს უგონოდ იყო ამ წყვდიადში. მერე უეცრად შორეულმა ზარმა მწუხარე ხმაზე ჩამოჰკრა და სიბნელე გაიხსნა. ჯერ პატარა ნახვრეტი გაჩნდა შუაში, მერე ნახვრეტი თანდათან გაიზარდა. გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა და შავი წყვდიადის მიღმა უკიდეგანო ოკეანე გამოჩნდა, რომლის შუაგულში, შიშველი და გავარვარებული მზის ქვეშ, პაწაწკინტელა კლდოვან კუნძულზე, ეული პალმა იდგა. პალმა მარტოდმარტო იყო. არათუ ხე, ირგვლივ, ბალახი რა არის, ბალახიც არ ჭაჭანებდა. ოთხივე მხარეს, სადამდეც კი თვალი წვდებოდა, ყვითელი წყალი ჩანდა, რომელსაც ბოლოში ცა ჩამომხობოდა და ყველა გასასვლელს კეტავდა. მერე კუპრის შავმა კედელმა პირი ისევ შეიკრა, ყვითელი ოკეანე თანდათან გაქრა და სოლომონი კვლავ წყვდიადში მოექცა. მაგრამ ბოლოს - სოლომონი ვერ მიხვდა, თვალი შეაჩვია სიბნელეს თუ საიდანღაც სინათლის სხივი შემოიპარა - სამყარო ძველებური სახით აღდგა. ჯერ კედლებისა და ფანჯრების ბუნდოვანი მოხაზულობა შემოცურდა მხედველობის არეში, მერე ერთიმეორეში ათქვეფილი წვრილ-წვრილი საგნებიც დაცალკევდნენ და, თუმცა ჯერ კიდევ ყოველივე მსუბუქ ბურუსში იყო გახვეული, სოლომონს მხედველობა დაუბრუნდა.
მაგიდა ტორტმანებდა. ტორტმანებდა გამაღიზიანებლად, როგორც მოცეკვავე, რომელიც რიტმიდან ამოვარდა და ახლა სასოწარკვეთით ცდილობს კვლავ რიტმში მოექცეს, რითაც კიდევ უფრო გვაღიზიანებს, ვინაიდან, როცა მისი განწირული ილეთები და მუსიკის დინება საერთო კალაპოტს მიადგება და იმედის ნაპერწკალი გაჩნდება, დაძაბული მოლოდინისაგან წამით გული გვიჩერდება, რაც მერე მწვავე ტკივილში გადადის, რაკიღა უკანასკნელ მომენტში მოცეკვავე და მუსიკა ისევ აცდებიან ერთმანეთს და თავთავიანთი გზით წავლენ.

   კაბინეტში დუმილი იდგა და სოლომონი გრძნობდა, რომ, სანამ ეს დუმილი არ დაირღვეოდა, მაგიდა ტორტმანს არ შეწყვეტდა.
ბესარიონ ჭედიამ სათვალე მოიხსნა, მშობელთა კოლექტიურ განცხადებაზე დადო, რბილი სკამის საზურგეს მიაწვა, ხელები ვიწრო მკერდზე დაიკრიბა და ისეთი სახით მიაჩერდა მოპირდაპირე კედელს ეთერ გვალიასა და გურამ ხომერიკის თავებშუა, როგორც მსახიობი, რომელიც ჩუმი სიამაყით ცდილობს მოსალოდნელ აპლოდისმენტებს მშვიდად და ღირსეულად შეხვდეს.
ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რომელსაც მხოლოდ ნუკრი ვაჩეიშვილის საჩვენებელ თითზე წამოცმული გასაღებების ასხმა არღვევდა, დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა, რაღაც წასჩურჩულა (რაზედაც ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია), ისევ გაიმართა, სხდომის მონაწილეებს ნელა, დაკვირვებით მოავლო თვალი (ოღონდ სოლომონს აარიდა მზერა, როგორც ჯიბის ფარნის შუქს ავარიდებთ ბნელ ოთახში რაიმე საგანს, რომლის დანახვა უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს) და თქვა: - შეკითხვა თუ გაქვთ ვინმეს?
   ალექსანდრე ღუდუშაური მსუბუქად თვლემდა. ეთერ გვალიას ნიკაპი ხელისგულზე ჩამოეყრდნო და თვალებმოწკურული მისჩერებოდა დირექტორს. გურამ ხომერიკს თან მოტანილი ჟურნალი გადაეშალა და ბოლო გვერდზე ასუჯრედიანი შაშის ამოცანას ჩაღრმავებოდა. ნესტან ვაჩეიშვილს ყელი მოეღერებინა და სხდომას ალამაზებდა. ნუკრი ვაჩეიშვილი საჩვენებელ თითზე წამოცმულ გასაღებების ასხმას ზანტად ატრიალებდა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს მძიმეწონოსან მოკრივეს, რომელსაც ჩია, კაფანდარა კაცი დედას შეაგინებს. კატო მასწავლებელი მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დასცქეროდა და შიგადაშიგ თვალებს ახამხამებდა. ნატალია დავიდოვნას სახე ასწითლებოდა, რაც მშობელთა კოლექტიური ქარაგმის ბრალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან შეუძლებელია მისი მიამიტობის პატრონს ეს ქარაგმა გაეგო. ბესარიონ ჭედია განზე გადგმული იდაყვებით მაგიდას დამხობოდა, წინ ქაღალდის დასტა ედო და ფხაჭა-ჭხუჭით წერდა სხდომის ოქმს. ბატონი დიმიტრი სივრცეს გასცქეროდა და წყნარად, თითქმის შეუმჩნევლად, უღიმოდა თავის ფიქრებს. ქალბატონი ცისანა იჯდა.
- არავისა გაქვთ შეკითხვა? - გაიმეორა დირექტორმა.
ამჯერად სიჩუმე დაირღვა. სოლომონმა ხელი აიწია და თქვა: - მე მაქვს.
ყველამ, ვინ ქურდულად და ვინ აშკარად, სოლომონს შეხედა.
- ბრძანე, სოლომონ ბატონო, - უთხრა დირექტორმა.
- ოცდახუთი ხელმოწერა თქვი, მგონი, ბესარიონ, არა? - სოლომონს საკუთარი ხმა ისე მკაფიოდ ჩაესმოდა, ისე ცხადად და ამავე დროს ისე უცხოდ, თითქოს სხვა ლაპარაკობდა.
- კი, - მიუგო ბესარიონ ჭედიამ, - ოცდახუთი.
- მეათე კლასში ოცდაექვსი მოწაფე მყავს და, თუ კაცი ხარ რომელია ოცდამეექვსე, ხელი რომ არ მოუწერია?
- ნამიჭეიშვილი, - სწრაფად მიუგო ბესარიონმა, რომელმაც ეჭვი არაა, საკითხი ღრმად იცოდა.
სოლომონის გონების თვალმა წამსვე გამოკვეთა სივრცეში ნამიჭეიშვილი, გამხდარი, სუსტი ბიჭი, რომელსაც ცნობისმოყვარე, ცოტა გაკვირვებული თვალები და სასაცილოდ (უფრო საყვარლად) მოპრუწული ტუჩები ჰქონდა. და უეცრად რაღაც თბილი, რაღაც საამო ნაკადი სამყაროს წვენივით გამოეყო, ყოველი მხრიდან დაიძრა და ნამიჭეიშვილის ირგვლივ იწყო თავმოყრა. ეს გრძნობიერი პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც დირექტორმა თქვა: - ნამიჭეიშვილის მშობლებს განცხადება აქვთ შემოტანილი. ბინა გამოიცვალეს და ბავშვი სხვა სკოლაში გადაჰყავთ.
ამის შემდეგ კვლავ დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ უკვე ნუკრი ვაჩეიშვილმა დაარღვია. მან საჩვენებელი თითი, რომელზედაც გასაღებების ასხმა ჰქონდა წამოცმული, ჰერში გააშეშა და ბესარიონ ჭედიას მიუბრუნდა: - მაშ, ოცდახუთი არა, ბესარიონ?
- ოცდახუთი, კაცო, მე მგონი გარკვევით ვთქვი! - ცოტა მოთმინებამ უღალატა ბესარიონ ჭედიას.
- მერე რა განერვიულებს, შე კაცო! - დაამშვიდა ნუკრი ვაჩეიშვილმა, - შენ ნუ იღელვებ და, ჩემდათავად, მაგათ, ოცდახუთივეს, და იმასაც, ოცდამეექვსესაც...
საერთოდ, დიდი ბედნიერებაა, კაცს რომ გვერდით ღვიძლი ბიძაშვილი გიზის, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ მომენტში მწარედ გიჩქმიტოს მკლავზე და სოლიდური სხდომა უწმაწური სიტყვებისაგან იხსნას, მაგრამ ამჯერად ნესტანს ალბათ მაინც დააგვიანდებოდა, ნუკრი ვაჩეიშვილს რომ ოცდამეექვსეზე არ გაემახვილებინა ყურადღება და ამის გამო ცოტა არ შეყოვნებულიყო. სწორედ ამ ოცდამეექვსემ უშველა საქმეს და ნესტანმა ჩქმეტა მოასწრო, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ნუკრი ვაჩეიშვილი მოულოდნელობისაგან შეკრთა, ბიძაშვილს მწყრალად მოხედა და, მის თვალებში რომ განათლების განყოფილების აჩრდილი აირეკლა, მთავარი სათქმელი უკვე ხმადაბლა, თითქმის თავისთვის წაიბურდღუნა, ისე რომ თავად ნესტანის, სოლომონის, კატო მასწავლებლისა და ნატალია დავიდოვნას გარდა ალბათ არავის გაუგონია. მაგრამ ეს მაინც ფორმალური თავშეკავება იყო და მთლად უყურადღებოდ დატოვება არ ივარგებდა, ამიტომ დირექტორმა საჩვენებელი თითი სამჯერ მკაცრად დაჰკრა მაგიდას და ნუკრი ვაჩეიშვილს თვალები დაუბრიალა, რაც ამ უკანასკნელს აინუნშიაც არ ჩაუგდია.
   აი, ამ დროს ნატალია დავიდოვნამ, რომელიც უკანასკნელ წამს კიდევ უფრო გაწითლდა, უეცრად სწრაფად, სხაპასხუპით, თითქოს ეშინოდა, ვინმეს პირზე ხელი არ აეფარებინა, დაიწყო: - ყველაფერი ეს ხომ სისულელეა და აშკარა ცილისწამება, - ოღონდ, სიჩქარის თუ მღელვარების გამო, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ჩვეულებრივ არ უშვებდა ხოლმე, კერძოდ, „ცილისწამების“ ნაცვლად თქვა „წილისცამება“. ამან ცოტა დააბნია, რაც იმაში გამოიხატა, რომ ხელი ისე აიქნია და დაიქნია, თითქოს თვალებში ბოლი შეუვიდაო, მაგრამ მაინც სხაპასხუპით განაგრძო, - ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ბატონი სოლომონი უმწიკვლო (უშეცდომოდ თქვა) და პატიოსანი კაცია. ძალიანაც კარგად იცის თავისი საგანი და მოსწავლეებიც...
   ნატალია დავიდოვნა, - უფლებამოსილი, მაგრამ ამავე დროს მოთმინებით სავსე კილოთი შეაწყვეტინა დირექტორმა, - ჯერ ერთი, მე ვთქვი, შეკითხვები თუ გაქვთ-მეთქი, სიტყვებზე ჯერ არ გადავსულვართ, და მეორეც, ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნით, თითქოს მარტო თქვენ შეგტკივათ გული სოლომონზე, ჩვენ კი შორიდან ვუცქერით სეირს.
ნატალია დავიდოვნა სულ მთლად აირია, კიდევ მეტად გაწითლდა, რაღაც გაუგებრად წაიბუტბუტა, თავი ჩაღუნა და მაგიდას ჩააცქერდა.
- კიდევ აქვს ვინმეს შეკითხვა? - გაიმეორა დირექტორმა, ერთხანს შეიცადა და, რაკი არავინ გამოეხმაურა, დაასკვნა, - არავის. კეთილი, მაშინ გადავიდეთ სიტყვებზე, - და ნატალია დავიდოვნას მიუბრუნდა, - ახლა ბრძანეთ, თუ რამე გაქვთ სათქმელი, - მაგრამ ნატალია დავიდოვნამ უხმოდ გაიქნია თავი უარის ნიშნად, - ვინ დაიწყებს? - სხდომის მონაწილეები რომ ამ მოწოდებასაც დუმილით შეხვდნენ, განაგრძო, - კარგი, მე თვითონ დავიწყებ, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და რაღაც მოსაზრებებიც მაქვს. მადა ჭამაში მოდისო და, - აქ კეთილმოსურნე ღიმილით გაიღიმა, - მერე იქნებ თქვენც აგეშალოთ ლაპარაკის საღერღელი. ამგვარად გვაქვს კოლექტიური განცხადება, კოლექტიური საჩივარი. კოლექტიურ საჩივარს კი, ჩემი სწავლება რად გინდათ, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს. ოცდახუთი კაცი აწერს ხელს. ჯერ ერთი, იმას ხომ ვერ დავუშვებთ, რომ ოცდახუთი კაცი ტყუის და ერთი კაცია მართალი...
- მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს ერთად თავმოყრილი, - ჩაურთო მოულოდნელად ნუკრი ვაჩეიშვილმა.
- რაო? - ვერ გაიგო დირექტორმა.
- მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს-მეთქი ერთად თავმოყრილი, - გაიმეორა ნუკრი ვაჩეიშვილმა.
   დირექტორმა ჯერ კბილი კბილს მაგრად დააჭირა, რის გამოც ლოყების ქვედა ნაწილი, ყბების არეში, თითქოს დაეწნეხა, კანი დაეჭიმა და შიგნიდან მოწოლილი ძვლების ფორმა მკაფიოდ დაემჩნა. მერე წყნარად თქვა: - ჩემო ნუკრი, მე შეკითხვების საშუალებაც მოგეცით ყველას და აზრის გამოთქმისაც, მაგრამ არ მოისურვეთ. ახლა კეთილი ინებეთ და მე მომისმინეთ.
- კაი, კაი, - თქვა ნუკრი ვაჩეიშვილმა.
- მეორეც, - ზუსტად იქიდან განაგრძო დირექტორმა, სადაც შეწყვიტა, - გინდაც ოცდახუთივე ტყუოდეს, კოლექტიური განცხადება მაინც კოლექტიური განცხადებაა. არ დაგავიწყდეთ, ბოიკოტით გვემუქრებიან და, ღმერთმა ნუ ქნას და, რომ შეგვისრულონ, სკანდალს ვერ გადავურჩებით. მეორე მხრივ, ყველანი ვიცნობთ ჩვენს სოლომონს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ. ყოველთვის მართლები და ყოველთვის შეუმცდარები ანგელოზები არიან ცაში, - ისევ გაიღიმა დირექტორმა, - ჩვენ, ჩემო ბატონო, ადამიანები ვართ და ადამიანი რისი ადამიანი იქნება, ხანდახან შეცდომა თუ არ დაუშვა. დავიჯერო, ამ ოცდახუთი კაციდან, ვინც ამ განცხადებას ხელს აწერს, - საჩვენებელი თითი საქაღალდეს მიაშვირა, რომელიც ბესარიონ ჭედიას ედო წინ, - ერთი მაინც ურევია ისეთი, რომ თავის დღეში არ შემცდარიყოს?! სამწუხარო ის არის, რომ განცხადებაში მოტანილი რამდენიმე ფაქტი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, არც ისე მნიშვნელოვანი, სინამდვილეს შეეფერება. ყველას გვჭირს პატარ-პატარა სისუსტე. ხანდახან მეც წამოვიწყებ ხოლმე საქართველოს ისტორიაზე ლაპარაკს ისეთ ვითარებაში, სადაც არც დროა ამისი და არც ადგილი. მიყვარს ეს ოხერი და რა ვქნა! მაგრამ თავის მოთოკვაც უნდა ვიცოდეთ, მეტი გზა არ არის. რაც შეეხება ნიშნების აწევას, რაზედაც განცხადებაშია ლაპარაკი, ფაქტიურად, საქმე ეხება არა თითო ნიშნის წამატებას, არამედ უფრო ნახევარ-ნახევარი ნიშნის წამატებას. ეს კი, კაცმა რომ თქვას...
- კაცმა რომ თქვას, - ისევ ჩაერია თავისი არხეინი კილოთი ნუკრი ვაჩეიშვილი, - არ ჯობია, ამ კაცს პირდაპირ ვუთხრათ, რაზე უჩივიან, ნიშნებს რომ უმატებს, იმაზე, თუ ნიშნებს რომ არ უმატებს, იმაზე.
აქ დირექტორმა გაშლილი ხელისგული მაგიდას დაჰკრა, ფეხზე წამოდგა და დაიყვირა: - ახლავე შეწყვიტე ეს დემაგოგია! - მერე, სრულ სიჩუმეში, უკვე წყნარად, მაგრამ მკაცრი კილოთი დაუმატა, - თუ მოსმენა და თავის შეკავება არ შეგიძლია, მიბრძანდი აქედან!
   სანამ დირექტორი ლაპარაკობდა, ნუკრი ვაჩეიშვილი მას უყურებდა. უყურებდა მშვიდად, აუღელვებლად. მერე, დირექტორმა რომ სათქმელი მოათავა, სოლომონს შეხედა. არავინ იცის, რა დაინახა სოლომონის სახეზე, უეცრად გაიღიმა, ხელი ჩაიქნია და თქვა: - მართლა რას ვეჩრები სხვის საქმეში უტარო კოვზივით! ერთი თქვენი ყველასი, ბრალმდებლიან-ბრალდებულიანად...
   ამ სიტყვებით წამოდგა და ისე ნელა, თითქმის სეირნობა-სეირნობით გაემართა კარისკენ, რომ სხდომის მონაწილეებს კარგა ხანს ედგათ თვალწინ მისი განიერი ბეჭები და ათლეტის ჩამოქნილი ტანი.
ნუკრი ვაჩეიშვილი რომ გავიდა, კაბინეტში სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც დირექტორის მშვიდი თავდაჯერების მეოხებით სულ მალე დაირღვა. დირექტორს თავისი გონების საუფლოში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ერთი პატარა კუთხე მუდამ თავისუფალი ჰქონდა და იქ არავითარი საჭოჭმანო და თავსამტვრევ კითხვებს არ აჭაჭანებდა. ეს კუთხე მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნოდა ლაღსა და ამო აზრს იმის შესახებ, რომ ლამაზი იყო, წარმოსადეგი, ელეგანტური, ქალების ნებიერი, და განათლების განყოფილებაში მრავალი მეგობარი ჰყავდა. ამიტომ, რა რთული და მძიმე პრობლემაც არ უნდა გასჩენოდა, ამ კუთხეში ყოველთვის ეგულებოდა მკვიდრი საყრდენი ოპტიმიზმისა და თვითრწმენისათვის, რაც ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის უმთავრესი საწინდარია. ასე რომ, მცირე პაუზის შემდეგ იგი ქალბატონ ცისანასკენ გადაიხარა, თხელ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და, ქალბატონმა ცისანამ რომ თავი დაუქნია, მშვიდად, დაჯერებულად, ცოტა ხაზგასმული სილაღითაც კი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ვაჩეიშვილის პრობლემა დიდი ყურადღების ღირსი არ არის, მიმართა სხდომის მონაწილეებს: - მაგას ცალკე მოველაპარაკები, ახლა კი ჩვენი საქმე განვაგრძოთ. ამგვარად, საკითხი ასე დგას: ერთი მხრივ, არავითარი უფლება არა გვაქვს რეაგირების გარეშე დავტოვოთ ასეთი განცხადება, ერთი კაცი რომ აწერდეს ხელს, ან თუნდაც ორი კაცი, იცოცხლეთ, დავტოვებდი, მეორე მხრივ, სოლომონი ჩვენი კოლეგაა, საყვარელი და პატისაცემი ადამიანი და მოვალეები ვართ მხარში ამოვუდგეთ და ვაგლახად არავის დავაჩაგვრინოთ. მე დიდხანს ვიფიქრე ამ საქმეზე, ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, ერთი წინადადებით შემოვიდე თქვენს წინაშე. თუ თქვენც მხარს დამიჭერთ, ერთიანი ძალით გავიტანთ კიდეც ჩვენსას, გავიტანთ, თუნდაც ამის გამო განათლების განყოფილება, - აქ მარჯვენა ხელი ისევ წაიღო და ღიმილით დაადო ქალბატონი ცისანას მაჯას, რაზედაც ქალბატონმა ცისანამ ოვალური ფარდები დაუშვა და ასწია, - გაგვიჯავრდეს. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, პენსიაა. - აქ დირექტორი ცოტა ხანს შეყოვნდა, რათა მსმენელებისათვის საშუალება მიეცა თავიანთი შეფასება გამოემჟღავნებინათ. მართლაც, სხდომის მონაწილეებმა შვებით ამოისუნთქეს, თითქოს მძიმე ტვირთი, რომელსაც თვითონ ვერაფერს უხერხებდნენ, ვიღაცამ მოხსნა, პირქუში განწყობილება მსწრაფლად გაიფანტა და აქა-იქ ხალისიანი ხმებიც გაისმა. მაშინ დირექტორმა განაგრძო, - საბედნიეროდ, სოლომონის საპატიო ასაკი ამის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება მომჩივნებს, ისინიც დაკმაყოფილებული იქნებიან. ბოლოს და ბოლოს, მასწავლებლის შეცვლა უნდათ და არა ის, რომ ვინმე მოვხსნათ და გავაუბედუროთ. ჩვენში დარჩეს და, მეტიცა მაქვს ჩაფიქრებული, თუ - აქ ღიმილით გადახედა ქალბატონ ცისანას, - ქალბატონი ცისანა არ გაგვთქვამს: ხანი რომ გამოხდება და ეს მითქმა-მოთქმა ჩაწყნარდება, სოლომონის სურათი საპატიო დაფაზე ჩამოვკიდოთ. რაც არ უნდა იყოს, ოცდათვრამეტი წელი იმუშავა კაცმა ამ სკოლაში და ერთი განცხადების გულისთვის ამდენ ღვაწლს წყალში ხომ არ გადავუყრით! - ამ სიტყვებით დირექტორი სოლომონს მიუბრუნდა და ამის შემდეგ, სანამ სათქმელს არ მორჩა, სულ მას მიმართავდა, - მე ვიცი, ჩემო სოლომონ ბატონო, რომ შენ ჯან-ღონით სავსე კაცი ხარ, მხნე და ყოჩაღი, და ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ რა ვუყოთ, რომ კოლექტიური საჩივრისაგან არავინა ვართ დაზღვეული ამ ცოდვილ მიწაზე. კიდევ გიმეორებ, ეს რომ ერთი კაცის განცხადება ყოფილიყო, რომ იტყვიან, სოლო განცხადება, კაცობას გეფიცები, ყურადღებას არ მივაქცევდი, - ეს „ყურადღებას არ მივაქცევდი“ დირექტორმა ისეთი დაღმავალი ტონით თქვა, რომ ეტყობა ფიქრი სათქმელთან აუსხლტა და მოულოდნელად სხვა საგნისკენ გაექცა. მერე, სანამ ახალ წინადადებაზე გადავიდოდა, ისეთი სახე მიიღო, როგორიც, სავარაუდოა, უნდა ჰქონოდა აბაზანაში ჩაძირულ არქიმედეს, როცა უეცრად იგრძნო, რომ მასზე მოქმედებდა ამომგდები ძალა, რომელიც უდრიდა მის მიერ გამოდევნილი წყლის წონას, და სახეგანათებულმა განაგრძო, - ასეა, კოლექტიურია საშიში, თორემ სოლო და მონო საჩივარი რას დაგვაკლებს ჩემო სოლომონო.
„ჩემო სოლომონო“ საერთო სიცილში ისე დაინთქა, ძლივსღა გაისმა. დირექტორი თავადაც აჰყვა დამსწრეთა სიცილს, თუმცა, რაკი კალამბურის ავტორი თვითონ იყო, ცდილობდა ზედმეტი არ მოსვლოდა. ქალბატონმა ცისანამაც გაიცინა და წამით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო, თუ როგორი ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი სიცილი დანარჩენების სიცილმა დაფარა და ჩაახშო. ნესტან ვაჩეიშვილი მოწამებრივი ძალით ცდილობდა პირი ბოლომდე არ გაეღო. ბესარიონ ჭედიამ მუშტები ერთმანეთზე დაალაგა, ზედ შუბლით ჩამოეყრდნო და ისე იცინოდა, თან ვიწრო ბეჭები ერთიანად უთახთახებდა. გურამ ხომერიკიც, ეტყობა, არც ისე ღრმად ყოფილა ჩაფლული ასუჯრედიანი შაშის ამოცანაში, რადგან იმანაც გულიანად იცინა.
   დირექტორმა ხელი ასწია და სიჩუმე მოითხოვა (ოხუნჯობა გაცილებით მეტად დაგიფასდებათ, თუ სიცილს მანამ შეაწყვეტინებთ ხალხს, სანამ თავისით შეწყდებოდეს). მერე განაგრძო: - ასე და ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ საკითხი შეგვიძლია უკვე მოგვარებულად ჩავთვალოთ. იმედი მაქვს, განათლების განყოფილებაც დასტურს მოგვცემს.
   აქ ქალბატონმა ცისანამ უეცრად, არა დასტურად, არამედ ისე, თავისდაუნებურად, დააბოყინა. ამით შემკრთალმა და შეშინებულმა რაღაც დაბნეული და გაუგებარი მოძრაობა გააკეთა, თითქოს თავი მხრებში უნდა ჩამალოსო, მაგრამ მერე, რა დაინახა, სხდომის მონაწილეებმა ისეთი სახე მიიღეს, ვითომ არაფერი გაეგონოთ, თავადაც ისეთი სახე მიიღო, ვითომ არაფერი ჩაედინოს, ხოლო დირექტორმა სწრაფად განაგრძო ლაპარაკი: - ისე, კაცი თუ დაუკვირდები, მგონი სამაღარიჩო საქმე გაგიკეთეს, - უთხრა მან სოლომონს, - ნეტა მე ვიყო შენს ადგილას! დასვენებას და შენს ნებაზე ყოფნას რა სჯობს! შვილების პატრონი ხარ, ჩემო ბატონო, შვილიშვილების პატრონი ხარ! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და, სანამ იცოცხლებ, იყავი შენთვის და იჩუჩუნე!
   როდესაც დირექტორმა ლაპარაკი მოათავა და ამით ფაქტიურად სხდომაც დამთავრდა, კაბინეტში ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდათ, გაკვეთილი გამოვიდაო, კოლეგები სოლომონს ულოცავდნენ, უცინოდნენ, ბეჭებზე ხელს ურტყამდნენ და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებოდნენ. ეს გამამხნევებელი სიტყვები საერთო ყაყანში არ ისმოდა, მაგრამ სამაგიეროდ მკაფიოდ იგრძნობოდა განწყობილება - ხალისიანი და ზეაწეული. განწყობილებას ხომ განსაზღვრავს არა იმდენად ობიექტური ვითარება, რამდენადაც წინამავალ განწყობილებასთან დაპირისპირება. თავად სოლომონს ისეთი გრძნობა ჰქონდა, როგორიც შეიძლება სიზმარში გაგიჩნდეს კაცს, როცა ტრიალ მინდორში დგახარ და გარდაუვალი მუქარით პირდაპირ შენკენ მოდის მეხი, რომელიც მხოლოდ სიზმრისთვის ნაცნობი და გასაგები მიზეზით ხილულია, ვეება და მკვიდრი, მომაკვდინებლად მკვიდრი. მოდის, საშინელი მუქარით გიახლოვდება, შენ კი ადგილიდან ფეხს ვერ იცვლი, ხედავ, რომ ხსნა არსაითაა და კოსმიური შიშით ელოდები სიკვდილს. მაგრამ უეცრად იმ წამს, როცა მეხი უკვე თავს დაგტრიალებს და საცაა მისი ელექტროსაცეცები შეგეხებიან, რათა აგაფეთქოს და გაგაცამტვეროს, ბუნების რომელიღაც გაუგებარი კანონის წყალობით, თითქოს შენმა სხეულმა განზიდვის აქამდე უცნობი ძალები წარმოშვა, ან არადა, თავზე უხილავი და უსხეულო მეხამრიდი ამოგივიდა, მეხი, იმის ნაცვლად, რომ საშინელი გრუხუნით გასკდეს, ჩუმი ფუილით დაიშლება შენს თავს ზემოთ და ჰაერში გაიფანტება. დილით რომ ეთქვათ სოლომონისთვის, პენსიაზე უნდა გახვიდეო, ეს ცნობა მეხივით გავარდებოდა, მაგრამ სიცოცხლე სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს, რადგან ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. სანამ თანამშრომლები, მისი გადარჩენით გახარებულები, ხმაურობდნენ, ლაღობდნენ და წეღანდელი მძიმე განწყობილების ჯავრს იყრიდნენ, სოლომონი იმაზე ფიქრობდა, მადლობა ეთქვა თუ არა დირექტორისთვის. მართალია, გულში პატარა ხინჯი კი ჰქონდა იმის გამო, რომ დირექტორს გაკვრითაც არ უხსენებია თავისი მონაწილეობა იმ ორი წამატებული ნიშნიდან ერთ-ერთში, მაგრამ მაინც გრძნობდა, მადლობის თქმა საჭირო იყო, და თუ ვერ გადაეწყვიტა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ბუნდოვანი და დაუზუსტებელი შიში ჰქონდა, ვაითუ ყალბად პათეტიკური და სასაცილო გამოვჩნდეო. ბოლოს, როდესაც დირექტორი თვითონ მოვიდა და ბეჭზე ხელი მოუთათუნა, გაბედა და უთხრა: - დიდი მადლობელი ვარ, ეს რამხელა სირცხვილს გადამარჩინეთ!
- კარგი ერთი! - მეგობრული ღიმილითა და მეგობრული კილოთი მიუგო დირექტორმა. მერე ქალბატონ ცისანას მიუბრუნდა, - არ წახვიდეთ უჩემოდ, მანქანითა ვარ.
   როდესაც ხმაურიანი ეპილოგიც მიწყდა, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და სოლომონი, უკვე მარტო დარჩენილი, სკოლის ბაღში ნელი ნაბიჯით გაუყვა ნაძვნარს, მაშინღა გაახსენდა, რომ, მას შემდეგ, რაც სხდომის, ასე ვთქვათ, ოფიციალური ნაწილი დამთავრდა, ნატალია დავიდოვნა აღარ დაუნახავს. სოლომონს ჯერ გაუკვირდა, მერე თავისთვის წყნარად გაეღიმა. დირექტორმა რომ შენიშვნა მისცა (კაცმა რომ თქვას, სამართლიანადაც), მას მერე ნატალია დავიდოვნას თავი აღარ აუღია. ეჰ, ნატალია დავიდოვნა, ნატალია დავიდოვნა! როგორ შეიძლება, პაწაწკინტელა, უმნიშვნელო შენიშვნას კაცი ასე მწვავედ განიცდიდე! სოლომონს ცოტა გული დაწყდა. ახლა რომ ნატალია დავიდოვნა აქ ყოფილიყო და ჩაიზე დაეპატიჟნა, სიამოვნებით გაჰყვებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ სოლომონმა კვლავ თავის საყვარელ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მეოთხედ), ამჯერად ისევ შეჩერდა და ამოჩემებულ მერხზე ჩამოჯდა.
სოლომონის სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება
დაკვირვება პირველი
   როდესაც ლუბასა და ტარაკანას ერთმანეთს შევადარებთ და დავინახავთ, რომ სასწორი აშკარად ტარაკანის მხარეს იხრება, რადგან სულიერად, პოლიტიკურად, ზნეობრივად და რელიგიურად (თუკი ლუბას ზნეობრიობაზე და რელიგიურობაზე საერთოდ შესაძლებელია ლაპარაკი) ტარაკანა გაცილებით უფრო პროგრესული მოვლენაა, ვიდრე ლუბა ადვილი მოსალოდნელია, პრობლემამ სიღრმეებში შეგვიტყუოს და იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ, თუ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ფორმულა „მცენარე-ცხოველი-ადამიანი“ სწორია, მაშინ ეს განვითარება სულიერი თვალსაზრისით დაღმავალი ხაზია. მართალია, ძვალსა და რბილში საპირისპირო შეხედულება გვაქვს გამჯდარი, მაგრამ, ვინც ისტორიას გულდასმით გადაფურცლავს, არ შეიძლება არ აღმოაჩინოს, რომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი შეცდომები სწორედ იქ მოგვდის, სადაც შეცდომა გამორიცხული გვგონია. როდესაც ბიოლოგია გვასწავლის, მარტივიდან რთულისკენო, სულიერ განვითარებას არ ითვალისწინებს, თორემ აკი ფილოსოფია იმას გვეუბნება, უმაღლესი ჭეშმარიტება მარტივიაო, და ისეთი კონკრეტული მეცნიერებაც კი, როგორიცაა ფიზიკა, ამავე აზრისაა. მართლაცდა, განა ცხადი არ არის, რომ ზნეობრივად (და, მაშასადამე, გონებრივადაც) მცენარე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ადამიანი? მცენარეს არა აქვს პატივმოყვარეობა (ამ მხრივ, ტარაკანამაც კი დიდად გაგვისწრო), არა აქვს ეგოიზმი, არავის ჩაგრავს, არავის ძარცვავს, არავინ სძულს, ამაო და უაზრო სურვილები არ აფორიაქებს და გუნებას არ უშხამავს. მცენარე უანგაროა. ნაყოფს ისე იძლევა, რომ დაწინაურებას არ ითხოვს. ერთი სიტყვით, მცენარეს აქვს ყველა ის ნიშანი, რაც, დიდ ბრძენთა, დიდ ფილოსოფოსთა და დიდ სულიერ მამათა აზრით, უნდა შეიძინოს ადამიანმა, რათა განვითარების საბოლოო მიზანს მიაღწიოს და დანიშნულების ადგილას მივიდეს. მცენარის ამ უტყუარ უპირატესობას მრავალი მიზეზი ექნება, მაგრამ მათ შორის უმთავრესი ის უნდა იყოს, რომ იგი მხოლოდ ბიოლოგიურად მოძრაობს, რაც ბუნებრივი მოძრაობაა და ამიტომ შემოქმედის მიზანს ემსახურება, და არ მოძრაობს მექანიკურად, რაც ხელოვნური მოძრაობაა, რაკი გარეშე ძალაზეა დამოკიდებული, და ამიტომ შემოქმედის მიზანს ეურჩება. ადამიანს ფიზიკური გადაადგილების უნარი თავის უპირატესობად მიაჩნია, რაც, ცხადია, მცდარი აზრია. ამ შეცდომის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური გადაადგილება მოთხოვნილებაა, ადამიანს კი, გონებრივი სიზანტისა და სხვა უამრავი შინაგანი ნაკლულევანების გამო, ის, რაც მოთხოვნილებაა, უპირატესობა ჰგონია. სინამდვილეში, ვინც კარგად დაფიქრდება და ყველაფერს თვალნათლივ წარმოიდგენს, ადვილად დაინახავს, რომ სწორედ ფიზიკური გადაადგილებაა ყოველგვარი ბიწიერების მასაზრდოებელი წყარო.
(ეს დაკვირვება სოლომონს არავისთვის გაუზიარებია, რადგან სამართლიანად შიშობდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ვინმეს გიჟად ჩაეთვალა).
დაკვირვება მეორე
   ქართული მწერლობის შვიდი ვარსკვლავიდან ოთხი მეცხრამეტე საუკუნის ცაზე კიაფობდა. ეს ფაქტი საინტერესოც არის და დამაფიქრებელიც. შვიდი კაცი თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ნიშნავს საშუალოდ ორ საუკუნეში ერთ კაცს. რა თქმა უნდა, სისულელეა ასეთ საკითხში მკაცრი თანაფარდობა და ზუსტი განაწილება მოითხოვო, მაგრამ ერთ საუკუნეზე ოთხი კაცი და დანარჩენ თორმეტზე - სამი, მაინც ისეთი შეუსაბამობაა, ალბათობის ყველა საზღვარს სცილდება და რაღაც იდუმალ კანონზე ან, ყოველ შემთხვევაში შენიღბულ ბერკეტზე მიუთითებს, მით უფრო, რომ ეს საუკუნე იყო არა მეთერთმეტე ან მეთორმეტე (ამას კიდევ მოეძებნებოდა რაიმე ბუნებრივი გამართლება), არამედ მეცხრამეტე, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და კოლონიად იქცა. ნუთუ დამოუკიდებლობის დაკარგვამ ასე არგო ხალხს, ვინც მთელი არსებობის მანძილზე სწორედ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძოდა? ამ უცნაური გამოცანის ასახსნელად ფიქრიცაა საჭირო და რწმენაც. და თუ დაფიქრდები და რწმენაც გექნება, ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მშვიდობას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის დაკარგვით მოიპოვა, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობაზე მეტი ფასი ჰქონდა და არ შეიძლებოდა მას ფეთქებადი განახლება არ მოჰყოლოდა. რაკი ქვეყანას, რომლისთვისაც ბრძოლა ლამის არსებობის ფორმად იქცა, უეცრად საშუალება მიეცა ხმალი დაედო, ოფლი მოეწმინდა, ჩამომჯდარიყო, მიმოეხედა და სამყაროსათვის სულისა და გონების თვალი მიეპყრო, ჯებირიც მოირღვა და დაგუბებული პოეზია (რატომ მაინცდამაინც პოეზია და არა პროზა, ეს ცალკე დაკვირვების საგანია) ნიაღვარივით გადმოსკდა. დამოუკიდებლობა კი დროებით დავიწყებას მიეცა. იდინა ნიაღვარმა, იდინა და მხოლოდ მაშინ, როცა ზიარ ჭურჭელში დადგენილ ზღვარს მიაღწია და კვლავ არტახებში მოექცა (ამიტომ იყო ოცდათორმეტი წელი ნაადრევი და ნაუცბადევი), დაჰკრა ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის ზარმა და აკი გამოვიდა კიდეც ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე.
   (სოლომონს არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმესთვის, რადგან აქ ისეთ სიმებს უნდა შეხებოდა, რომელთა შეხება არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა. სამაგიეროდ, ის იცოდა კარგად, რომ თუ არ იცი, გირჩევნია ფრთხილად იყო და პირში წყალი ჩაიგუბო).
დაკვირვება მესამე ქართულ ლიტერატურას უნდა ვასწავლიდეთ არა მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, არამედ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული მეხუთე საუკუნემდე.
   ჩვენი ბავშვები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ არც ცურტაველი აქვთ წაკითხული, არც მერჩულე და, ასე გასინჯეთ, არც რუსთაველი. ეს არცაა გასაკვირი. როდესაც მერვეკლასელ ბავშვს, რომელიც მხოლოდ თანამედროვე სალიტერატურო სფეროში ტრიალებს და არათუ ენის სიღრმეში არ ჩაუხედავს, ჯერ არც კი იცის, ენას თუ რამე განსაკუთრებული სიღრმე და სირთულე აქვს, პირდაპირ „შუშანიკის წამებას“ შევაჩეჩებთ, რა თქმა უნდა, შეშინდება და პირველივე აბზაციდან მიანებებს თავს. ეს ხომ იგივეა, მათემატიკის სწავლება სამუცნობიანი განტოლებებიდან დავიწყოთ და გამრავლების ტაბულას მეათე კლასშიღა მივაღწიოთ. ცხადია, ამ დროს მასწავლებელიც უძლურია. უკეთესი, რაც მას შეუძლია, გააკეთოს, შინაარსი უამბოს (თუკი თვითონ წაკითხული აქვს) და, თუ მაინცადამაინც, საზეპირო ადგილები გააზუთხინოს. განა უმჯობესი არ არის, გამრავლების ტაბულიდან დავიწყოთ, როგორც ამას უმარტივესი გონივრულობა და ყოველდღიური გამოცდილება გვასწავლის, და სამუცნობიან განტოლებებს ბოლოს მივადგეთ? თანამედროვე მწერლობიდან რომ მივყვეთ და ნელ-ნელა წავიდეთ უკან, ისე მივაღწევთ ცურტაველს და ისე ისწავლის ბავშვი ძველ ქართულს, ვერც კი გაიგებს, თუ რაიმე სირთულე გამოიარა. მაშინ მოგვიანებით, როცა ამ ბავშვების ნაწილი სახარების წაკითხვას დააპირებს, ვინ იცის, იქნებ აღარც კი დასჭირდეთ ქართული ტექსტის გვერდით რუსული ტექსტის დადება და რუსულის მეშვეობით ქართულის გაგება.
   (თუ პირველი დაკვირვება უფრო ფანტასტიკის სფეროსკენ იხრებოდა, მეორე დაკვირვებასაც მრავალი ბუნდოვანი კითხვის ნიშანი უტრიალებდა ირგვლივ, ეს მესამე დაკვირვება, სოლომონის აზრით, სრულიად ეჭვმიუტანელი იყო, მაგრამ არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმესთვის. ვინ მიაქცევდა ყურადღებას სოლომონის ლაპარაკს! ვინ დაშლიდა დალაგებულ პროგრამას და დალაგებულ კადრებს, ვინ დაიწყებდა ყველაფერს თავიდან, ვინ აიბურდავდა აწყობილ ცხოვრებას, ვინ აიტკივებდა აუტკივარ თავს, ვინ მოჰკიდებდა ხელს ამოდენა საქმეს იმის გულისთვის, რომ ბავშვებს „შუშანიკის წამება“ წაეკითხათ! ან რა სოლომონის საქმე იყო სწავლების მეთოდებისა და სისტემების მოწესრიგება! სოლომონს თავისი პატარა საქმე ჰქონდა და, ავად იყო თუ კარგად, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა. ასეთი პრობლემები ილია ჭავჭავაძის პრობლემებია და, თუ სადმე კიდევაა ილია ჭავჭავაძე, იმან იმტვრიოს თავი!).
   ახლა, როდესაც ჩვენი სცენიდან გასვლის ჟამმა დაჰკრა, სოლომონი ისევ თავის საყვარელ მერხზე ზის ბაღში და იცის, რომ ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. ირგვლივ დიდრონი ხეები დგანან და განიერი ტოტები ისე გადუშლიათ, თითქოს სოლომონს რაღაცისგან იცავენო. ეს ხეები აქ იდგნენ სოლომონის დაბადებამდე და აქ იდგებიან ორი ათასი წლის დასასრულსაც. სოლომონი კი...
სოლომონს უეცრად ელვასავით ნათლად და ცხადად წარმოუდგა თვალწინ ის მოუხელთებელი წამი, დასასრულისა და დასაწყისის შემაერთებელი არარსებული წამი, და დაინახა, რომ არც სოლომონი იყო სოლომონი, არც ასმათი იყო ასმათი, არც ქალბატონი ცისანა იყო ქალბატონი ცისანა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, როგორც დაუთესავი მარცვლები, და ახალი გამოსვლის ცნობისმოყვარე მოლოდინში დახურული ფარდის უკან დედიშობილები ისხდნენ, რადგან თეატრის ადმინისტრაციას ძველი ტანსაცმელი უკვე ცეცხლისთვის მიეცა, ახალი კი ჯერ არ დაერიგებინა.
   სოლომონი გაკვირვებული ჩასცქეროდა საკუთარ თავს და სწორედ იმის გამო, რომ იცოდა, ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს, ვერ გაეგო, მაშ რატომ ეჩვენებოდა, თითქოს ეს-ეს არის ზღვიდან ამოვიდა და შიშველ სხეულზე მედუზები ასხდა...

ტეგები: Qwelly, კრებული, ლიტერატურა, მოთხრობა, ქარჩხაძე

ნახვა: 538

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters